„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 749-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 040200010.05.001.018420
749-IIს
04/05/2017
ვებგვერდი, 24/05/2017
040200010.05.001.018420
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040200010.05.001.016538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 40. შვილად აყვანის რეგისტრაციის საფუძველი

შვილად აყვანა არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომლის რეგისტრაციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.“.          

2. 42-ე−44-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 42. ნაშვილების ან/და მისი მშობლის (მშობლების) შესახებ მონაცემების შეცვლა

1. შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად ნაშვილების სახელის, გვარის, დაბადების ადგილის, დაბადების თარიღის, პირადი ნომრის და მისი მშობლის (მშობლების) შესახებ მონაცემების მშვილებლის (მშვილებლების) შესახებ მონაცემებით შეცვლა ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შვილად აყვანის რეგისტრაციისას.

2. ნაშვილების ან/და მისი მშობლის (მშობლების) შესახებ მონაცემების შეცვლის შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანება ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დაბადების ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევისა.

3. ნაშვილების შესახებ მონაცემის (მონაცემების) შეცვლის შემთხვევაში ხორციელდება ნაშვილების დაბადების ხელახალი რეგისტრაცია, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.  

4. 18 წლამდე ნაშვილებს პირადი ნომერი შეეცვლება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ამ შემთხვევაში განხორციელდება ნაშვილების დაბადების ხელახალი რეგისტრაცია.

მუხლი 43. შვილად აყვანის რეგისტრაცია დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაში

1. თუ შვილად აყვანის რეგისტრაციამდე გამოვლინდა, რომ სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზაში არ არის დაცული ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერი და მის მიმართ შეუძლებელია დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა ან ამ კანონის 85-ე მუხლით გათვალისწინებული ხელახალი რეგისტრაცია, შვილად აყვანის რეგისტრაცია განხორციელდება ნაშვილების დაბადების რეგისტრაციის შემდეგ.

2. იმ ნაშვილების შვილად აყვანის შემთხვევაში, რომლის დაბადება არ არის რეგისტრირებული საქართველოში და რომლის მიმართ შეუძლებელია დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა ან ამ კანონის 85-ე მუხლით გათვალისწინებული ხელახალი რეგისტრაცია, ხორციელდება შვილად აყვანისა და დაბადების ხელახალი რეგისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ახალი (შეცვლილი) მონაცემებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი ვალდებულია მიმართოს სააგენტოს დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის ან ამ კანონის 85-ე მუხლით გათვალისწინებული ხელახალი რეგისტრაციისათვის. ამ პუნქტით განსაზღვრული წარმოების განმავლობაში ჩერდება ამ კანონის 44-ე მუხლის  მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა.

მუხლი 44. სასამართლოს გადაწყვეტილებები შვილად აყვანის შესახებ და შვილად აყვანის ბათილად ცნობის/შვილად აყვანის გაუქმების შესახებ

1. სასამართლო თავის გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით, ხოლო გადაწყვეტილებას შვილად აყვანის ბათილად ცნობის/შვილად აყვანის გაუქმების შესახებ − სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს სასამართლოს გადაწყვეტილება ეგზავნება მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში:

ა) ახორციელებს შვილად აყვანის რეგისტრაციას;

ბ) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახორციელებს შესაბამის ცვლილებას (ცვლილებებს) ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში;

 გ) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ამ კანონის 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს ნაშვილების დაბადების ხელახალ რეგისტრაციას.“.

3. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:     

„მუხლი 46. შვილად აყვანის სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა

1. შვილად აყვანის ბათილად ცნობის/შვილად აყვანის გაუქმების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ითვლება შესაბამისი შვილად აყვანის სამოქალაქო აქტის ჩანაწერიც.

2. შვილად აყვანის ბათილად ცნობა/შვილად აყვანის გაუქმება იწვევს ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შეტანილი ცვლილების (ცვლილებების) ბათილობას და იმ მონაცემების აღდგენას, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის განსაზღვრული ნაშვილებისათვის მონაცემების  შენარჩუნების/აღდგენის საკითხი, მას უნარჩუნდება არსებული მონაცემები, გარდა მშობლების შესახებ მონაცემებისა.

3. თუ შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად ნაშვილების მიმართ შედგენილია დაბადების სამოქალაქო აქტის ახალი ჩანაწერი, შვილად აყვანის ბათილად ცნობის/შვილად აყვანის გაუქმების შემთხვევაში ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ახალი ჩანაწერი ძალაში რჩება, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაბადების სამოქალაქო აქტის ახალი ჩანაწერი ბათილად იქნა ცნობილი, ნამდვილად მიიჩნევა სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერი. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაბადების სამოქალაქო აქტის ახალი ჩანაწერი ბათილად იქნა ცნობილი და არ განისაზღვრა, დაბადების სამოქალაქო აქტის რომელი ჩანაწერი უნდა იქნეს მიჩნეული ნამდვილად, ნამდვილად მიიჩნევა აღნიშნული აქტის ის ჩანაწერი, რომელში მითითებული მონაცემებიც სასამართლომ აღადგინა.

4. შვილად აყვანის სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შემთხვევაში ნაშვილებს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეუნარჩუნდება შვილად აყვანასთან დაკავშირებით შეცვლილი მონაცემები, გარდა მშობლების შესახებ მონაცემებისა.“.

4. 78-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შვილად აყვანის რეგისტრაცია – თუ შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა შეიცვალოს ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები;“.

მუხლი 2. თუ შვილად აყვანის/შვილად აყვანის ბათილად ცნობის/შვილად აყვანის გაუქმების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია ამ კანონის ამოქმედებამდე, შვილად აყვანის რეგისტრაცია, ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილება ან/და ნაშვილების დაბადების ხელახალი რეგისტრაცია განხორციელდება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 მაისი 2017 წ.

N749-IIს