„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 742-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 010010000.09.001.016399
742-IIს
03/05/2017
ვებგვერდი, 03/05/2017
010010000.09.001.016399
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (№07-3/52, 01.05.2017) „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი.

2.  საქართველოს  პარლამენტის  რეგლამენტის  176-ე  მუხლის  პირველი–მე-3 პუნქტების შესაბამისად შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 9 წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით:

ა) ირაკლი კობახიძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარე);

ბ) თამარ ჩუგოშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

გ) ირმა ინაშვილი  –  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;

დ) სერგი კაპანაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;

ე) ზურაბ ჭიაბერაშვილი  –  საქართველოს პარლამენტის წევრი;

ვ) ვასილ გონაშვილი  –  ექსპერტი;

ზ) თენგიზ შარმანაშვილი – ექსპერტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე;

თ) ეკა გიგაური – „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი;

ი) თორნიკე ჭეიშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მთავარი სპეციალისტი (კომისიის მდივანი).

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.          


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეირაკლი კობახიძე

 

ქუთაისი,

3 მაისი 2017 წ.

N742-IIს





საქართველოს კონსტიტუციური კანონი

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“

მუხლი 1. საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს კონსტიტუცია

ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.

თავი პირველი. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. სახელმწიფო სუვერენიტეტი

1. საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით.

2. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის გასხვისება აკრძალულია. სახელმწიფო საზღვრების შეცვლა შეიძლება მხოლოდ მეზობელ სახელმწიფოსთან დადებული ორმხრივი შეთანხმებით.

მუხლი 2. სახელმწიფო სიმბოლოები

1. საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდებაა „საქართველო“.

2. საქართველოს დედაქალაქი არის თბილისი.

3. საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური. სახელმწიფო ენა დაცულია ორგანული კანონით.

4. საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი დადგენილია ორგანული კანონით, რომელიც გადაისინჯება კონსტიტუციის გადასინჯვისთვის განსაზღვრული წესით.

მუხლი 3. დემოკრატია

1. საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო.

2. საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა.

3. სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლების, აგრეთვე რეფერენდუმისა და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით. არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობა საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია.

4. არავის აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება. საყოველთაო არჩევნებით არჩეული ორგანოს მიმდინარე უფლებამოსილების ვადის კონსტიტუციით ან კანონით შემცირება ან გაზრდა დაუშვებელია.

5. პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ფორმირებაში. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ეფუძნება მათი თავისუფლების, თანასწორობის, გამჭვირვალობის და შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებს.

მუხლი 4. სამართლებრივი სახელმწიფო

1. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო.

2. სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.

3. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით.

4. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის წესი და მათი იერარქია განისაზღვრება კონსტიტუციითა და ორგანული კანონით.

5. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.

მუხლი 5. სოციალური სახელმწიფო

1. საქართველო არის სოციალური სახელმწიფო.

2. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებისათვის.

3. სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. მაღალმთიანი რეგიონების განსავითარებლად კანონი ქმნის განსაკუთრებულ პირობებს.

4. სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით.

5. სახელმწიფო ზრუნავს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის განვითარებაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე.

მუხლი 6. ეკონომიკური თავისუფლება

1. ეკონომიკური თავისუფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

2. სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე.

3. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

მუხლი 7. ტერიტორიული მოწყობის საფუძვლები

1. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება:

ა) კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის, ადამიანის უფლებების, ემიგრაციისა და იმიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ;

ბ) სისხლის სამართლისა და სასჯელაღსრულების, სამოქალაქო სამართლის, ინტელექტუალური საკუთრებისა და სავაჭრო, ადმინისტრაციული სამართლისა და შრომის სამართლის, საპროცესო კანონმდებლობა; მიწის, წიაღისეულისა და ბუნებრივი რესურსების კანონმდებლობა; ფარმაცევტული პრეპარატების კანონმდებლობა; კანონმდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციისა და აკადემიური ხარისხების შესახებ; მეცნიერებათა ეროვნული აკადემია;

გ) საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები; საგარეო ვაჭრობა, საბაჟო და სატარიფო რეჟიმები;

დ) სახელმწიფოს თავდაცვა, შეიარაღებული ძალები, სამხედრო მრეწველობა და იარაღით ვაჭრობა; ომისა და ზავის საკითხები; საგანგებო და საომარ მდგომარეობათა სამართლებრივი რეჟიმის დადგენა და შემოღება; სასამართლოები და პროკურატურა; სახელმწიფო უსაფრთხოება; კრიმინალური პოლიცია და გამოძიება; სახელმწიფო საზღვრების სტატუსი, რეჟიმი და დაცვა; სასაზღვრო-სანიტარიული კორდონი;

ე) სახელმწიფო ფინანსები და სახელმწიფო სესხი; ფულის ემისია; საბანკო, საკრედიტო, სადაზღვევო და საგადასახადო კანონმდებლობა;

ვ) სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რკინიგზა და საავტომობილო გზები; ერთიანი ენერგეტიკული სისტემა და რეჟიმი; კავშირგაბმულობა; ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სტატუსი, მათი დაცვა; ავიაცია; სავაჭრო ფლოტი; გემთა ალმები; საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნავსადგურები; თევზჭერა ოკეანესა და ღია ზღვაში; მეტეოროლოგია; გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემა; სტანდარტები და ეტალონები; გეოდეზია და კარტოგრაფია; ზუსტი დროის დადგენა; სახელმწიფო სტატისტიკა.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები და მათი განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონებით, რომლებიც კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია.

3. საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა გადაისინჯება კონსტიტუციური კანონით, უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ.

4. საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. უფლებამოსილებათა გამიჯვნა სახელმწიფო ხელისუფლებასა და თვითმმართველ ერთეულებს შორის ეფუძნება სუბსიდიარობის პრინციპს. სახელმწიფო უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ფინანსური სახსრების შესაბამისობას ორგანული კანონით დადგენილ მის უფლებამოსილებებთან.

მუხლი 8. სახელმწიფოს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა

რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

თავი მეორე. ადამიანის ძირითადი უფლებები

მუხლი 9. ადამიანის ღირსების უფლება

1. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო.

2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.

მუხლი 10. სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებები

1. ადამიანის სიცოცხლე დაცულია. სიკვდილით დასჯა აკრძალულია.

2. ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა დაცულია.

მუხლი 11. თანასწორობის უფლება

1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

2. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ.

3. სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.

4. სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.

მუხლი 12. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება

ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

მუხლი 13. ადამიანის თავისუფლება

1. ადამიანის თავისუფლება დაცულია.

2. თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

3. ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონით უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუგვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

4. პირს დაკავებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და დაკავების საფუძველი. პირს დაკავებისთანავე შეუძლია მოითხოვოს ადვოკატის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.

5. ბრალდებულის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.

6. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა ისჯება კანონით. უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

მუხლი 14. მიმოსვლის თავისუფლება

1. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება.

2. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

3. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში.

მუხლი 15. პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობისა და ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლებები

1. ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელი და დაცულია. არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ და სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა.

2. ამ უფლებათა შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად ან სხვათა უფლებების დასაცავად, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. უფლების შეზღუდვის შესახებ არაუგვიანეს 12 საათისა უნდა ეცნობოს სასამართლოს, რომელიც შეზღუდვის კანონიერებას ადასტურებს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა.

3. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად.

მუხლი 16. რწმენისა და სინდისის თავისუფლებები

1. ყოველ ადამიანს აქვს რწმენისა და სინდისის თავისუფლება.

2. დაუშვებელია ადამიანის დევნა რწმენის ან სინდისის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება რწმენის ან სინდისის შესახებ.

3. დაუშვებელია რწმენისა და სინდისის თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.

მუხლი 17. აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები

1. აზრის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.

2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.

3. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება.

4. ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფალი სარგებლობის უფლება.

5. ამ უფლებათა განხორციელება შეიძლება კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

6. კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისგან და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისგან.

7. მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის პრევენციის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით.

მუხლი 18. სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოებისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებები

1. ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.

2. ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციას და ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას.

3. ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

მუხლი 19. საკუთრების უფლება

1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

2. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.

4. მიწაზე, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლებას აწესრიგებს ორგანული კანონი.

მუხლი 20. ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება

1. სახელოვნებო და აკადემიური საქმიანობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია.

2. შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია.

3. შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს.

4. კულტურული მემკვიდრეობა დაცულია კანონით.

მუხლი 21. შეკრების თავისუფლება

1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, აქვს უფლება წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ.

2. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.

3. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.

მუხლი 22. გაერთიანების თავისუფლება

1. გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია.

2. გაერთიანების ლიკვიდაცია შეიძლება მხოლოდ მისივე ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

 

მუხლი 23. პარტიების თავისუფლება

1. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ ორგანული კანონის შესაბამისად შექმნან პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში.

2. პირი, რომელიც ჩაირიცხება შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, განწესდება მოსამართლედ ან პროკურორად, წყვეტს პოლიტიკური პარტიის წევრობას.

3. დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით.

4. პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

მუხლი 24. საარჩევნო უფლება

1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა.

2. არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე განზრახი დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში.

 

მუხლი 25. საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება

1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.

2. საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მუხლი 26. შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება

1. შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.

2. ყველას აქვს ორგანული კანონის შესაბამისად პროფესიული კავშირის შექმნისა და მასში გაერთიანების უფლება.

3. გაფიცვის უფლება აღიარებულია. ამ უფლების განხორციელების პირობები და წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.

4. მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.

მუხლი 27. განათლების უფლება

1. ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.

2. სკოლამდელი აღზრდა უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.

მუხლი 28. ჯანმრთელობის დაცვის უფლება

1. მოქალაქეს აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი და ქმედითი სამედიცინო დახმარების საშუალებით.

2. სახელმწიფო აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვის ყველა დაწესებულებას, სამკურნალო საშუალებათა წარმოებას და ამ საშუალებების მიმოქცევას.

მუხლი 29. გარემოს დაცვის უფლება

1. ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, ისარგებლოს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებას უზრუნველყოფს კანონი.

2. ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა და მდგრადი ეკოლოგიური განვითარება უზრუნველყოფილია კანონით.

მუხლი 30. ქორწინების უფლება

1. ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

2. სახელმწიფო იცავს ოჯახის კეთილდღეობას. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.

მუხლი 31. საპროცესო უფლებები

1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

3. დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება, სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით.

4. ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოწმეების გამოძახება და ისეთივე პირობებში დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს.

5. ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.

6. არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.

7. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

8. არავის დაედება განმეორებით მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის.

9. არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.

10. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს.

11. არავინ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით.

მუხლი 32. საქართველოს მოქალაქეობა, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები

1. საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა.

2. საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით და ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისა და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის შეთავსების პირობები და წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.

3. მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია.

4. საქართველოდან საქართველოს მოქალაქის გაძევება დაუშვებელია.

5. საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გადაწყვეტილება მოქალაქის გადაცემის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

6. სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე.

მუხლი 33. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები

1. საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

2. სახელმწიფო უფლებამოსილია კანონით დააწესოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა.

3. საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით საქართველო თავშესაფარს აძლევს უცხოელ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.

მუხლი 34. ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის ზოგადი პრინციპები

1. კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.

2. ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები.

3. ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვამ არ უნდა დაარღვიოს ამ უფლების არსი.

მუხლი 35. სახალხო დამცველი

1. საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვას ზედამხედველობს სახალხო დამცველი, რომელსაც 5 წლის ვადით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია.

2. სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით.

3. სახალხო დამცველის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, სახალხო დამცველი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

4. სახალხო დამცველის უფლებამოსილება განისაზღვრება ორგანული კანონით.

თავი მესამე. საქართველოს პარლამენტი

მუხლი 36. პარლამენტის სტატუსი და უფლებამოსილება, რეგლამენტი

1. საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

2. პარლამენტის მუშაობის წესი განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით, რომელსაც პარლამენტის წევრის, ფრაქციის ან კომიტეტის ინიციატივის საფუძველზე სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს პარლამენტი. რეგლამენტს აქვს კანონის ძალა და მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

მუხლი 37. პარლამენტის არჩევნები

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნის შემდეგ პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი. რესპუბლიკის საბჭო შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან. სენატი შედგება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან. პალატების შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და არჩევის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან.

3. პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათ დღეს. პარლამენტის დათხოვნის შემთხვევაში არჩევნები ტარდება პარლამენტის დათხოვნიდან არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-60 დღისა. თუ არჩევნების თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-60 დღისა.

4. პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 10 წელს მაინც. პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც სასამართლოს განაჩენით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა.

5. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი არჩევნების დანიშვნის დროისათვის ან რომლის მხარდაჭერა ორგანული კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია 25000 ამომრჩევლის ხელმოწერით.

6. პარლამენტის წევრის მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

7. პარლამენტის არჩევის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.

მუხლი 38. პარლამენტის პირველი სხდომა და უფლებამოსილების შეწყვეტა

1. საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.

2. პარლამენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე.

მუხლი 39. პარლამენტის წევრი

1. საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია.

2. პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, პარლამენტის დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

3. პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს. დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი მასალის დაყადაღება ან ამოღება. ეს უფლება პარლამენტის წევრს უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც. პარლამენტის წევრს სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება თავისი მოვალეობის შესრულებისას პარლამენტში თუ მის გარეთ გამოთქმული შეხედულებებისათვის. უზრუნველყოფილია პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა შეუფერხებელი განხორციელების პირობები. პარლამენტის წევრი იღებს კანონით დადგენილ გასამრჯელოს. პარლამენტის წევრის განცხადების საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ მის პირად უსაფრთხოებას. პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით.

4. პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. პარლამენტის წევრი შეიძლება ეწეოდეს საზოგადოებრივ საქმიანობას. აგრეთვე იგი შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ და სახელოვნებო საქმიანობას, თუ ეს საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას. შეუთავსებლობის შემთხვევებს განსაზღვრავს პარლამენტის რეგლამენტი.

5. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტი. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი:

ა) პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;

ბ) იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;

გ) მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს;

დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ;

ე) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სასამართლომ ცნო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;

ვ) გარდაიცვალა;

ზ) დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას;

თ) ექვემდებარება უფლებამოსილების შეწყვეტას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.

მუხლი 40. პარლამენტის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები

1. პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით რეგლამენტით დადგენილი წესით ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. პარლამენტის თავმჯდომარე უძღვება პარლამენტის მუშაობას, უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვას, ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ აქტებს, ასრულებს რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. პარლამენტის თავმჯდომარე რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს პარლამენტის შენობაში.

2. პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით რეგლამენტით დადგენილი წესით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს, მათ შორის თითო მოადგილეს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებიდან. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები ასრულებენ თავმჯდომარის მოვალეობას მისივე დავალებით, თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან თანამდებობიდან მისი გადაყენებისას.

მუხლი 41. პარლამენტის ბიურო, კომიტეტები და ფრაქციები

1. პარლამენტის მუშაობის ორგანიზაციისათვის იქმნება პარლამენტის ბიურო, რომლის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები, პარლამენტის კომიტეტებისა და საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეები.

2. საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, პარლამენტის მიერ მთავრობის და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლის მიზნით პარლამენტში იქმნება კომიტეტები.

3. პარლამენტის წევრები შეიძლება გაერთიანდნენ საპარლამენტო ფრაქციაში. ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს შვიდზე ნაკლები. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ მხოლოდ ერთ ფრაქციაში. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებები განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით.

მუხლი 42. პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები

1. კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ინიციატივით პარლამენტში იქმნება საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები.

2. დროებითი კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი რეგლამენტით დადგენილი წესით. გადაწყვეტილება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით. დროებით კომისიაში საპარლამენტო ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყოს არანაკლებ თითო წევრით. დროებით კომისიაში ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები.

3. საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით მის სხდომაზე გამოცხადება, აგრეთვე საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენა სავალდებულოა.

მუხლი 43. პარლამენტის წევრის კითხვა და ინტერპელაცია

1. პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს, სახელმწიფო დაწესებულებას. პარლამენტის წევრის კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა.

2. საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს უფლება აქვთ ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართონ მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, რომლებიც ვალდებული არიან უპასუხონ დასმულ შეკითხვას პარლამენტის სხდომაზე. პასუხი შეიძლება გახდეს პარლამენტის განხილვის საგანი.

მუხლი 44. პარლამენტის სესია და სხდომა

1. პარლამენტი თავისი უფლებით იკრიბება მორიგ სესიაზე წელიწადში ორჯერ. საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს, ხოლო საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს.

2. საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის ან მთავრობის მოთხოვნით პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას. თუ წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში მოწვევის აქტი არ გამოიცა, პარლამენტი თავისი რეგლამენტის თანახმად იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ტარდება მხოლოდ ინიციატორის მიერ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.

3. პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისთანავე პარლამენტი იკრიბება. პარლამენტის მუშაობა გრძელდება ამ მდგომარეობის გაუქმებამდე.

4. პარლამენტის სხდომები საჯაროა. დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით პარლამენტს შეუძლია ცალკეული საკითხის განხილვისას სხდომა ან მისი ნაწილი დახურულად გამოაცხადოს. გადაწყვეტილება სხდომის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ მიიღება დახურული წესით. პარლამენტის ღია პლენარული სხდომის ოქმი საჯაროა.

5. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა არის ღია ან ფარული. კენჭისყრა ღიაა, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. მთავრობის წევრი და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი ან ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში − ვალდებულია დაესწროს პარლამენტის, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს პარლამენტმა, კომიტეტმა ან კომისიამ.

მუხლი 45. კანონშემოქმედება და გადაწყვეტილებების მიღების წესი

1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ: მთავრობას, პარლამენტის წევრს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის კომიტეტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, არანაკლებ 30000 ამომრჩეველს. მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს მისივე მოთხოვნით პარლამენტი განიხილავს რიგგარეშე.

2. კანონი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული კანონის მიღების სხვა წესი. ორგანული კანონი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, თუ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული ორგანული კანონის მიღების სხვა წესი.

3. პარლამენტი სხვა გადაწყვეტილებებს იღებს დადგენილებით. დადგენილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ კონსტიტუციით ან კანონით არ არის განსაზღვრული დადგენილების მიღების სხვა წესი. დადგენილება კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედი.

მუხლი 46. კანონის ხელმოწერა და გამოქვეყნება

1. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი 10 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს.

2. პრეზიდენტი 2 კვირის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს.

3. თუ პრეზიდენტი დააბრუნებს კანონს, პარლამენტი კენჭს უყრის პრეზიდენტის შენიშვნებს. შენიშვნათა მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რაც ამ სახის კანონის პირვანდელი მიღებისათვის არის დადგენილი. თუ შენიშვნები მიღებულია, კანონის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა პრეზიდენტს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას.

4. თუ პარლამენტმა არ მიიღო პრეზიდენტის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონის პირვანდელ რედაქციას. ორგანული კანონი ან კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. კანონი 3 დღის ვადაში გადაეცემა პრეზიდენტს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას.

5. კანონს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც პარლამენტმა მიიღო სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით, საქართველოს პრეზიდენტი ხელს აწერს გადაცემიდან 5 დღის ვადაში, პარლამენტისთვის შენიშვნებით დაბრუნების უფლების გარეშე.

6. თუ პრეზიდენტმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში არ მოაწერა ხელი კანონს და არც მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა იგი პარლამენტს ან მე-3, მე-4 ან მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, მას ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

7. კანონი ძალაში შედის მისი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ იმავე კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

მუხლი 47. საერთაშორისო ხელშეკრულებები

1. პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირებას, დენონსირებას და გაუქმებას. პარლამენტი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებას, დენონსირებას და გაუქმებას ახორციელებს სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით.

2. იმ საერთაშორისო ხელშეკრულების გარდა, რომელიც ითვალისწინებს რატიფიცირებას, სავალდებულოა აგრეთვე ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება, რომელიც:

ა) ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფოთაშორის კავშირში საქართველოს შესვლას;

ბ) სამხედრო ხასიათისაა;

გ) ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლას;

დ) დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასა და გაცემასთან;

ე) მოითხოვს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შეცვლას, ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი კანონების მიღებას.

3. პარლამენტს უნდა გადაეცეს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებები.

4. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან წარდგინების შეტანის შემთხვევაში დაუშვებელია შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე.

მუხლი 48. იმპიჩმენტი

1. კონსტიტუციის დარღვევისას ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის წევრის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორისა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს 30 დღის ვადაში.

2. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა თანამდებობის პირის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა ან კონსტიტუციის დარღვევა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღისა განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

3. საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. მთავრობის წევრი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, გენერალური პროკურორი, გენერალური აუდიტორი და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

4. თუ პარლამენტმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.

5. ამ მუხლში ჩამოთვლილ თანამდებობის პირთა თანამდებობიდან გადაყენება, გარდა მთავრობის წევრებისა, შეიძლება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით.

6. დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის განხორციელება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს.

თავი მეოთხე. საქართველოს პრეზიდენტი

მუხლი 49. პრეზიდენტის სტატუსი

1. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი.

2. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.

3. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.

მუხლი 50. პრეზიდენტის არჩევის წესი

1. საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ფარული კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია. ერთი და იგივე პირი საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ.

2. საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელს მაინც.

3. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 ხმოსანი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. სხვა ხმოსნებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვითა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით პროპორციულად განსაზღვრული კვოტების შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

4. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება პარლამენტის შენობაში. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს არანაკლებ 30 ხმოსანს. ერთ ხმოსანს უფლება აქვს მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას. ერთ ხმოსანს შეუძლია ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ ხმოსანთა სრული შემადგენლობის უმრავლესობისა. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. არჩევნების პირველი ან მეორე ტური შემდგარად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ხმოსანთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ არჩევნები არ შედგა ან ამომრჩეველთა კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი ვერ აირჩია, 30 დღის ვადაში იმართება საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები.

5. საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პრეზიდენტი აირჩევა უფლებამოსილების შეწყვეტიდან 45 დღის ვადაში. თუ არჩევის თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა ამ მდგომარეობის გაუქმებიდან 45 დღის ვადაში. თუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევის თარიღი ემთხვევა საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე ბოლო 2 თვეს, საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის განმავლობაში.

6. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ნიშნავს პარლამენტი, გარდა ხელახალი არჩევნებისა, რომლებსაც ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.

7. პრეზიდენტის არჩევის წესი და პირობები განისაზღვრება კონსტიტუციით და ორგანული კანონით.

მუხლი 51. პრეზიდენტის ფიცი, უფლებამოსილების შეწყვეტა, იმუნიტეტი, შეუთავსებლობა და უფლებამონაცვლეობა

1. თანამდებობის დაკავების წინ, არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი მიმართავს ხალხს და დებს ფიცს: „მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის“.

2. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება და ახალარჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილება იწყება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

3. საქართველოს პრეზიდენტი ხელშეუვალია. თანამდებობაზე ყოფნის დროს არ შეიძლება მისი დაპატიმრება ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.

4. საქართველოს პრეზიდენტს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ხელფასს ან სხვაგვარ მუდმივ ანაზღაურებას რაიმე სხვა საქმიანობისათვის. საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი.

5. საქართველოს პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე.

მუხლი 52. პრეზიდენტის უფლებამოსილებები

1. საქართველოს პრეზიდენტი:

ა) მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას; მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს;

ბ) საქართველოს სახელმწიფოს სახელით დებს კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან;

გ) კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით ნიშნავს პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს;

დ) მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან გადააყენებს საქართველოს სამხედრო ძალების მეთაურს; ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს; ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით მონაწილეობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესებაში; პარლამენტს წარუდგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრთა კანდიდატურებს;

ე) ორგანული კანონით დადგენილი წესით წყვეტს მოქალაქეობის, ხოლო კანონით დადგენილი წესით − თავშესაფრის მიცემის საკითხებს;

ვ) შეიწყალებს მსჯავრდებულთ;

ზ) კანონით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო ჯილდოებსა და პრემიებს, უმაღლეს სამხედრო, სპეციალურ და საპატიო წოდებებს, უმაღლეს დიპლომატიურ რანგებს;

თ) უფლებამოსილია მთავრობის წარდგინებითა და პარლამენტის თანხმობით შეაჩეროს ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობა ან დაითხოვოს ისინი, თუ მათი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას;

ი) ახორციელებს კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტის, მთავრობის, არანაკლებ 200000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე, მისი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, ამნისტიისა და შეწყალების გამო, საერთაშორისო ხელშეკრულებათა რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ, აგრეთვე ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას. რეფერენდუმის დანიშვნასა და ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.

3. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მიმართოს ხალხს. წელიწადში ერთხელ იგი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.

მუხლი 53. კონტრასიგნაცია

1. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას. სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს კონტრასიგნაციას, ქვეყნდება და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ კონტრასიგნაციის შემდეგ. კონტრასიგნაციით გამოცემულ სამართლებრივ აქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას.

2. კონტრასიგნაციას არ საჭიროებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც უკავშირდება:

ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნას, პარლამენტის დათხოვნას, პარლამენტის სხდომის ან სესიის მოწვევას;

ბ) კონსტიტუციური შეთანხმების დადებას;

გ) კანონის ხელმოწერას და გამოქვეყნებას, პარლამენტში კანონპროექტის შენიშვნებით დაბრუნებას;

დ) პრემიერ-მინისტრის დანიშვნას; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნას; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობაზე განწესებას; ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის წარდგენასა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნას; საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნას;

ე) სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებას;

ვ) მოქალაქეობის მინიჭებასა და შეწყვეტას, თავშესაფრის მიცემას;

ზ) მსჯავრდებულთა შეწყალებას;

თ) საკონსტიტუციო სასამართლოსა და სასამართლოსათვის მიმართვას;

ი) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებების განხორციელების ორგანიზებას.

თავი მეხუთე. საქართველოს მთავრობა

მუხლი 54. მთავრობა

1. საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.

2. მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე.

3. მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისგან.

4. სამინისტრო იქმნება მთავრობის საქმიანობის განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და მმართველობის განხორციელების უზრუნველსაყოფად და მას ხელმძღვანელობს მინისტრი.

5. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიძლება შემოღებულ იქნეს კანონით, განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად.

6. მთავრობის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ანაზღაურებას რაიმე სხვა საქმიანობიდან, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა.

7. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მთავრობის წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად მთავრობა უფლებამოსილია დანიშნოს სახელმწიფო რწმუნებულები. სახელმწიფო რწმუნებულების უფლებამოსილება განისაზღვრება კანონით.

8. მთავრობის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კონსტიტუციით და კანონით, რომლის პროექტს პარლამენტს წარუდგენს მთავრობა.

მუხლი 55. პრემიერ-მინისტრი

1. მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი.

2. პრემიერ-მინისტრი განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, ხელს აწერს მთავრობის სამართლებრივ აქტებს.

3. პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს საქართველოს სახელით.

4. პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრებს, უფლებამოსილია ერთ-ერთ მინისტრს დააკისროს პირველი ვიცე-პრემიერის, აგრეთვე ერთ ან რამდენიმე მინისტრს − ვიცე-პრემიერის მოვალეობა.

5. პრემიერ-მინისტრი მთავრობის საქმიანობისთვის ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. წელიწადში ერთხელ იგი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე პარლამენტის მოთხოვნით − სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშს.

მუხლი 56. ნდობის გამოცხადება

1. ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას პარლამენტის წინაშე და განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.

2. პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, მთავრობის გადაყენებიდან ან პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

3. თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

4. საქართველოს პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს, თუ პარლამენტი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.

5. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 3 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.

მუხლი 57. უნდობლობის გამოცხადება

1. პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას.

2. უნდობლობის საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტს. უნდობლობის საკითხის აღძვრასთან ერთად ინიციატორები წამოაყენებენ პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ხოლო პრემიერმინისტრობის კანდიდატი პარლამენტს წარუდგენს მთავრობის ახალ შემადგენლობას.

3. თუ პარლამენტი საკითხის აღძვრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 14 დღისა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს ახალ მთავრობას, უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება. ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 3 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება. მთავრობას უფლებამოსილება უწყდება ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის მომენტიდან.

4. თუ პარლამენტი უნდობლობის საკითხის აღძვრის შემდეგ არ გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, დაუშვებელია პარლამენტის იმავე წევრთა მიერ მომდევნო 6 თვის განმავლობაში უნდობლობის საკითხის აღძვრა.

მუხლი 58. ნდობის გამოცხადება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით

1. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია პარლამენტის წინაშე დასვას მთავრობის ნდობის საკითხი.

2. ნდობის საკითხს კენჭი ეყრება მისი დასმიდან არაუადრეს მე-7 და არაუგვიანეს მე-14 დღისა. თუ პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი ნდობის არგამოცხადებიდან არაუადრეს მე-7 და არაუგვიანეს მე-14 დღისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

3. საქართველოს პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს, თუ იგი მთავრობისთვის ნდობის არგამოცხადებიდან 7 დღის ვადაში სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 3 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება. მთავრობას უფლებამოსილება უწყდება ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის მომენტიდან.

თავი მეექვსე. სასამართლო ხელისუფლება და პროკურატურა

მუხლი 59. სასამართლო ხელისუფლება

1. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს საერთო სასამართლოები.

2. საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. მისი უფლებამოსილება, შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კონსტიტუციითა და ორგანული კანონით.

3. მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები. სპეციალიზებული სასამართლოები შეიძლება შეიქმნას მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში. სამხედრო სასამართლოს შემოღება შეიძლება საომარი მდგომარეობის დროს და მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში. საგანგებო სასამართლოების შექმნა დაუშვებელია. საერთო სასამართლოებში საქმეებს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საერთო სასამართლოების სისტემა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი დადგენილია ორგანული კანონით.

მუხლი 60. საკონსტიტუციო სასამართლო

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებს საკონსტიტუციო სამართალწარმოების წესით.

2. საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 10 წლის ვადით განწესებული 9 მოსამართლისაგან, რომელთაგან 3 მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3 მოსამართლეს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი, ხოლო 3 მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 10 წლის გამოცდილება და გამორჩეული პროფესიული კვალიფიკაცია. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა.

3. საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია.

4. საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით:

ა) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან მთავრობის სარჩელის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციასთან ნორმატიული აქტის შესაბამისობის საკითხებზე;

გ) საერთო სასამართლოს წარდგინების საფუძველზე იხილავს იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხს, რომელიც კონკრეტული საქმის განხილვისას უნდა გამოიყენოს საერთო სასამართლომ და რომელიც მისი საფუძვლიანი ვარაუდით შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას;

დ) საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გენერალური პროკურორის, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალური აუდიტორის, სახალხო დამცველის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს სარჩელის საფუძველზე იხილავს დავას ხელისუფლების ორგანოს კომპეტენციის შესახებ;

ე) საქართველოს პრეზიდენტის ან მთავრობის სარჩელის, აგრეთვე პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის სარჩელის ან წარდგინების საფუძველზე იხილავს საერთაშორისო ხელშეკრულების კონსტიტუციურობის საკითხს;

ვ) საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის, მთავრობის ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს სარჩელის საფუძველზე იხილავს პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს;

ზ) საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, აგრეთვე შესაბამისი პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის საკითხს;

თ) საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმისა და ამ ნორმის საფუძველზე ჩასატარებელი რეფერენდუმის ან არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ დავას;

ი) თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეცხრე თავთან მიმართებით;

კ) ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. არაკონსტიტუციურად ცნობილი აქტი ან მისი ნაწილი კარგავს იურიდიულ ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება არ ადგენს აქტის ან მისი ნაწილის იურიდიული ძალის დაკარგვის სხვა ვადას.

6. დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა შესაბამისი საარჩევნო წლის განმავლობაში, თუ ეს ნორმა შესაბამის არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში არ არის მიღებული. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა შესაბამის არჩევნებამდე 60 დღის განმავლობაში დაუშვებელია.

7. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობაზე განწესებისა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე საკონსტიტუციო სამართალწარმოების და საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.

მუხლი 61. უზენაესი სასამართლო

1. საქართველოს უზენაესი სასამართლო არის საკასაციო სასამართლო.

2. უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში შედის არანაკლებ 28 მოსამართლე. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით არანაკლებ 10 წლის ვადით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი.

3. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს წევრთაგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით 10 წლის ვადით ირჩევს პარლამენტი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია.

მუხლი 62. სამართალწარმოება

1. სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.

2. სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით.

3. სასამართლოში საქმე განიხილება ღია სხდომაზე. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ.

4. სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. პირს, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი.

5. სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

მუხლი 63. მოსამართლე

1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით. არავის აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. ბათილია ყველა აქტი, რომლებიც ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას.

2. მოსამართლე ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის შემთხვევაში − საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამისად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ან საკონსტიტუციო სასამართლოს. თუ შესაბამისად იუსტიციის უმაღლესი საბჭო ან საკონსტიტუციო სასამართლო არ მისცემს თანხმობას, თავისუფლებაშეზღუდული მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

3. სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსამართლის და მისი ოჯახის უსაფრთხოებას.

4. მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისა. მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი, მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

5. საერთო სასამართლოს მოსამართლის ჩამოცილება საქმის განხილვისაგან, თანამდებობიდან მისი გათავისუფლება ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დაიშვება მხოლოდ ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. მოსამართლის შეუცვლელობა გარანტირებულია ორგანული კანონით. სასამართლოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია არ შეიძლება გახდეს უვადოდ განწესებული მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი.

6. საერთო სასამართლოს მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს შესაბამისი უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება. საერთო სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. პირველად განწესების შემთხვევაში უვადოდ განწესებამდე მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მოსამართლე შეირჩევა კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის ნიშნით. გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით. მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესებისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება კონსტიტუციითა და ორგანული კანონით.

მუხლი 64. იუსტიციის უმაღლესი საბჭო

1. საერთო სასამართლოების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საერთო სასამართლოების სისტემის ორგანო − საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში შედის 15 წევრი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ არჩეული წევრები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, რომლებიც არ არიან არჩეული საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ და წევრს, რომელიც არ არის დანიშნული საქართველოს პრეზიდენტის მიერ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

3. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ანგარიშვალდებულია მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს წინაშე. ანგარიშგების წესს ადგენს ორგანული კანონი.

4. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება, შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.

მუხლი 65. პროკურატურა

1. საქართველოს პროკურატურა დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ემორჩილება მხოლოდ კანონს.

2. საქართველოს პროკურატურას ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი, რომელსაც 6 წლის ვადით ორგანული კანონით დადგენილი წესით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი.

3. პროკურატურა ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე.

4. პროკურატურის უფლებამოსილება, ორგანიზაცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.

თავი მეშვიდე. სახელმწიფო ფინანსები და კონტროლი

მუხლი 66. სახელმწიფო ბიუჯეტი

1. პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ყოველწლიურად იღებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონს.

2. მხოლოდ მთავრობაა უფლებამოსილი პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების განხილვის შემდეგ პარლამენტს წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი. მთავრობა მომდევნო საბიუჯეტო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებამდე არაუგვიანეს 3 თვისა. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად მთავრობა წარადგენს მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მთავრობა პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვისა.

3. მთავრობის თანხმობის გარეშე დაუშვებელია სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილების შეტანა. მთავრობას შეუძლია მოსთხოვოს პარლამენტს დამატებითი სახელმწიფო ხარჯის გაღება, თუ მიუთითებს მისი დაფარვის წყაროს. კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე საბიუჯეტო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული კანონპროექტი – მთავრობის თანხმობით ან მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში.

4. თუ პარლამენტმა არ მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტი საბიუჯეტო წლის დასრულებიდან 3 თვის ვადაში, ხარჯები დაიფარება წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით.

5. სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისთვის განკუთვნილი მიმდინარე სახსრების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. პარლამენტი თავად იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისთვის გამოყოფილი სახსრების განაწილების თაობაზე.

6. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონს კონსტიტუციის 46-ე მუხლით დადგენილი წესით ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტი.

7. სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა და მიღების წესი განისაზღვრება კანონით.

მუხლი 67. გადასახადები და მოსაკრებლები, ეკონომიკური პოლიტიკა

1. სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. მხოლოდ კანონით შეიძლება გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურისა და შემოღების წესის, მათი განაკვეთების ან განაკვეთების ფარგლების დადგენა. გადასახადისაგან განთავისუფლება დასაშვებია მხოლოდ კანონით.

2. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. რეფერენდუმის დანიშვნის ინიციირების უფლება აქვს მხოლოდ მთავრობას. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება გადასახადის შემოღება ან ცვლილება, რომელიც არსებული გადასახადის ალტერნატივაა ან ანაცვლებს მას და ამავე დროს არ ზრდის საგადასახადო ტვირთს. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება აგრეთვე გადასახადის სახის მიხედვით არსებული ზღვრული განაკვეთის ფარგლებში გადასახადის განაკვეთის ცვლილება.

3. ხანგრძლივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად ეკონომიკური პოლიტიკის ფუძემდებლური პრინციპები დადგენილია ორგანული კანონით. მაკროეკონომიკური პარამეტრების დადგენილი ზღვრების დარღვევისა და განსაკუთრებული აუცილებლობისას ზღვრებისაგან გადაცდენის შემთხვევები, აგრეთვე პარამეტრების ზღვრებთან დაბრუნების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები განისაზღვრება ორგანული კანონით.

მუხლი 68. ეროვნული ბანკი

1. საქართველოს ეროვნული ბანკი წარმართავს ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას. ეროვნული ბანკი არის ბანკთა ბანკი, მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი.

2. ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომლის წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით 7 წლის ვადით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. ეროვნული ბანკის საქმიანობა არ ექვემდებარება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ზედამხედველობას. ეროვნული ბანკი ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე და ყოველწლიურად წარუდგენს მას თავისი საქმიანობის ანგარიშს.

4. ფულის ემისიის უფლება აქვს მხოლოდ ეროვნულ ბანკს. ფულის სახელწოდება და ერთეული განისაზღვრება ორგანული კანონით.

5. ეროვნული ბანკის უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება ორგანული კანონით.

მუხლი 69. სახელმწიფო აუდიტის სამსახური

1. საჯარო მმართველობის ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების ხელშესაწყობად საჯარო საბიუჯეტო სახსრებისა და სხვა საჯარო რესურსების გამოყენებასა და ხარჯვას ზედამხედველობს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. იგი უფლებამოსილია აგრეთვე შეამოწმოს საფინანსო-სამეურნეო კონტროლის სხვა სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობა, წარუდგინოს პარლამენტს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის წინადადებები.

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ხელმღვანელობს გენერალური აუდიტორი, რომელსაც 5 წლის ვადით პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი.

3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში.

4. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. წელიწადში ორჯერ, ბიუჯეტის შესრულების წინასწარი ანგარიშისა და სრული ანგარიშის წარდგენის დროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით, ხოლო წელიწადში ერთხელ − თავისი საქმიანობის ანგარიშს.

5. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უზრუნველყოფს საჯარო სახსრების მართვის კონტროლს პარლამენტის მიერ.

6. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება, ორგანიზაცია და საქმიანობის წესი, დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება ორგანული კანონით.

7. სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოები იქმნება კანონის შესაბამისად.

თავი მერვე. სახელმწიფოს თავდაცვა და უსაფრთხოება

მუხლი 70. სამხედრო ძალები

1. თავდაცვითი ომი საქართველოს სუვერენული უფლებაა.

2. საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის ვალია. სამხედრო სამსახურის გავლის წესს ადგენს კანონი.

3. ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აგრეთვე თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ამოცანებისა და საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად საქართველოს ჰყავს სამხედრო და სხვა შეიარაღებული ძალები. სამხედრო ძალების სახეობები და შემადგენლობა განისაზღვრება კანონით. სამხედრო ძალების საერთო სტრუქტურას მთავრობის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, რაოდენობას კი მთავრობის წარდგინებით − პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

4. საქართველოს სამხედრო ძალები მოქმედებენ თავდაცვის მინისტრის ბრძანებით კანონით დადგენილი წესით, ხოლო საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს − პრემიერ-მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 71. საგანგებო და საომარი მდგომარეობა

1. საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით აცხადებს საომარ მდგომარეობას, სათანადო პირობების არსებობისას დებს ზავს და ამ გადაწყვეტილებებს დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად.

2. მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა და შეიარაღებული ამბოხების, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ამ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. საგანგებო უფლებამოსილებანი ვრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

3. საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს, რომლებიც მოქმედებს შესაბამისად საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე. დეკრეტები წარედგინება პარლამენტს, როცა იგი შეიკრიბება. პარლამენტი დეკრეტს კენჭს უყრის პარლამენტისთვის მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 48 საათისა. თუ ამ ვადაში კენჭისყრა არ შედგა, დეკრეტი დამტკიცებულად ჩაითვლება. თუ ამ ვადაში კენჭისყრა შედგა, მაგრამ დეკრეტი არ დამტკიცდა, დეკრეტი კარგავს იურიდიულ ძალას. ეროვნული ბანკის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული დეკრეტი გამოიცემა ეროვნული ბანკის თანხმობით.

4. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს ქვეყანაში ან მის რომელიმე ნაწილში დეკრეტით შეზღუდოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-17, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში ჩამოთვლილი უფლებები. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს ქვეყანაში ან მის რომელიმე ნაწილში დეკრეტით შეაჩეროს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2−მე-6 პუნქტების, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-17 მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტების, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება. საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია ამ პუნქტით გათვალისწინებული დეკრეტი დაუყოვნებლივ შეიტანოს პარლამენტში დასამტკიცებლად. იგი ძალაში შედის პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ.

5. თუ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შემოღებულია საგანგებო ან საომარი მდგომარეობა, საყოველთაო არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმების შემდეგ. ქვეყნის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი.

6. გადაწყვეტილება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმების შესახებ მიიღება შესაბამისი მდგომარეობის შემოღებისთვის დადგენილი წესით.

7. პარლამენტის გადაწყვეტილება ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

მუხლი 72. სამხედრო ძალების გამოყენება

1. სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობის წარდგინებით იღებს საქართველოს პრეზიდენტი და დაუყოვნებლივ შეაქვს იგი პარლამენტში დასამტკიცებლად. საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად სამხედრო ძალების გამოყენება დაუშვებელია პარლამენტის თანხმობის გარეშე. გადაწყვეტილებას საომარი მდგომარეობის, აგრეთვე ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ იღებს პრემიერ-მინისტრი და ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას პარლამენტის მიერ.

2. სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალის შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების გადაწყვეტილებას მთავრობის წარდგინებით იღებს საქართველოს პრეზიდენტი. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტს დასამტკიცებლად და ძალაში შედის პარლამენტის თანხმობის შემდეგ.

მუხლი 73. ეროვნული თავდაცვის საბჭო

1. საომარი მდგომარეობის დროს კონსტიტუციური ორგანოების საერთო კოორდინაციის მიზნით იქმნება ეროვნული თავდაცვის საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული თავდაცვის საბჭოს მუდმივი წევრები არიან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს სამხედრო ძალების მეთაური. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საბჭოს წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ პარლამენტისა და მთავრობის ცალკეული წევრები. ეროვნული თავდაცვის საბჭო მოქმედებს საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე.

2. ეროვნული თავდაცვის საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით.

თავი მეცხრე. ადგილობრივი თვითმმართველობა

მუხლი 74. თვითმმართველობის ორგანოები, საზღვრები, სამართლებრივი საფუძვლები

1. საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მეშვეობით. წარმომადგენლობითი ორგანო აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. აღმასრულებელი ორგანოები აღასრულებენ წარმომადგენლობითი ორგანოების გადაწყვეტილებებს და ანგარიშვალდებული არიან მათ წინაშე.

2. თვითმმართველი ერთეული არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. გადაწყვეტილებას თვითმმართველი ერთეულის შექმნის, გაუქმების და მისი საზღვრების შეცვლის თაობაზე შესაბამის თვითმმართველ ერთეულებთან კონსულტაციით მთავრობის წარდგინებით იღებს პარლამენტი.

3. ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება ორგანული კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 75. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები

1. სახელმწიფო ხელისუფლების და თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები გამიჯნულია.

2. თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია კანონმდებლობის დაცვით თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც კანონით არ მიეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების ან ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას და რომელზე გადაწყვეტილების მიღება კანონით არ გამოირიცხება თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებიდან.

3. თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს დამოუკიდებლად და თავისი პასუხისმგებლობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. ორგანული კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებები სრული და ექსკლუზიურია.

4. სახელმწიფო ხელისუფლების მიერ თვითმმართველი ერთეულისთვის უფლებამოსილების დელეგირება ხორციელდება საკანონმდებლო აქტის ან ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით.

5. სახელმწიფო ხელისუფლება ახორციელებს სამართლებრივ ზედამხედველობას თვითმმართველი ერთეულის საქმიანობაზე. თვითმმართველი ერთეულის საქმიანობის ზედამხედველობა გადაწყვეტილებათა მიზანშეწონილობის უზრუნველყოფის მიზნით დასაშვებია მხოლოდ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან მიმართებით. სახელმწიფო ზედამხედველობა ხორციელდება ორგანული კანონით დადგენილი წესით, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად.

მუხლი 76. თვითმმართველობის გარანტიები

1. თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი ქონება და ფინანსები.

2. თვითმმართველი ერთეული ორგანული კანონის შესაბამისად დამოუკიდებლად ადგენს თავის ორგანიზაციულ მოწყობას, ორგანული კანონისა და საჯარო სამსახურის მომწესრიგებელი კანონმდებლობის შესაბამისად დამოუკიდებლად იღებს საკადრო გადაწყვეტილებებს.

3. თვითმმართველ ერთეულს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად უფლება აქვს ორგანული კანონით დადგენილი წესით ითანამშრომლოს სხვა თვითმმართველ ერთეულთან. თვითმმართველ ერთეულს ორგანული კანონით დადგენილი წესით უფლება აქვს გაწევრიანდეს თვითმმართველ ერთეულთა გაერთიანებებში.

4. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებენ თვითმმართველ ერთეულებთან კონსულტაციით. კონსულტაციის გამართვის წესს ადგენს ორგანული კანონი.

5. თვითმმართველობის ორგანოს მიერ მისი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე შესასრულებლად სავალდებულოა.

თავი მეათე. კონსტიტუციის გადასინჯვა

მუხლი 77. კონსტიტუციის გადასინჯვის წესი

1. კონსტიტუცია გადაისინჯება კონსტიტუციური კანონით, რომლის პროექტის წარდგენის უფლება აქვს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს ან არანაკლებ 200000 ამომრჩეველს.

2. კონსტიტუციური კანონის პროექტი წარედგინება პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

3. კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

4. კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა მომდევო მოწვევის პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მიერ მისი უცვლელად დამტკიცების შემდეგ. კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა მიღებისთანავე, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი. კონსტიტუციური კანონი, რომელიც უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით და საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა მიღებისთანავე.

5. კონსტიტუციურ კანონს კონსტიტუციის 46-ე მუხლით დადგენილი წესით ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტი.

6. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება გამოიწვევს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის შეჩერებას საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე.

თავი მეთერთმეტე. გარდამავალი დებულებები

მუხლი 78. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია

კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ორგანული კანონის სტატუსი მიენიჭოს საქართველოს კანონებს:

ა) „სახელმწიფო ენის შესახებ“;

ბ) „ნორმატიული აქტების შესახებ“;

გ) „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“;

დ) „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“;

ე) „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“;

ვ) „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ“;

ზ) „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“;

თ) „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“;

ი) „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“;

კ) „საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ“;

ლ) „პროკურატურის შესახებ“;

მ) „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“.

3. საპარლამენტო ფრაქციების შექმნის შესახებ ამ კანონით დადგენილი ახალი შეზღუდვები არ ამოქმედდეს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე.

4. მოსამართლეთა უვადოდ განწესების დათქმა განსაზღვრული ვადით განწესებულ მოსამართლეთა მიმართ გავრცელდეს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ მათი უვადოდ განწესების შემთხვევაში.

5. კონსტიტუციის მეორე თავში შეტანილი ცვლილებები არ იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელების დასაშვებობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებას, არამედ იწვევს საჭიროების შემთხვევაში დასაშვებობის ნორმატიული საფუძვლების ცვლილებას კონსტიტუციის მეორე თავში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად.

6. კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ შეიძლება მიღებულ იქნეს იმ სათაურისგან განსხვავებული სათაურით, რომელიც განსაზღვრება ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი შესაბამისი კონსტიტუციური დებულებით.

საქართველოს პრეზიდენტი                         გიორგი მარგველაშვილი

 

განმარტებითი ბარათი

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ

ა) ზოგადი ინფორმაცია კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ:

ა.ა) კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღების მიზეზი

საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია საჭიროებს თვისებრივ გადასინჯვას როგორც შინაარსობრივი, ისე ტექნიკური თვალსაზრისით. კონსტიტუციის მთელი რიგი ნორმები უხეშად ეწინააღმდეგება კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, რაც ხაზგასმით არის აღნიშნული ვენეციის კომისიის მიერ 2010 წელს წარმოდგენილ შესაბამის დასკვნაში. მოქმედი კონსტიტუცია შეიცავს მთელ რიგ წინააღმდეგობებს კონსტიტუციურ ორგანოებს შორის უფლებამოსილებების სათანადო განაწილებისა და მკაფიო გამიჯვნის თვალსაზრისით, რამაც პრაქტიკაშიც არაერთგზის შექმნა სირთულე. მოქმედი კონსტიტუცია არ ადგენს საკმარის გარანტიებს კონკრეტული ძირითადი უფლებების დაცვისა და კონსტიტუციური ორგანოების დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად. მთლიანობაში, მოქმედი კონსტიტუცია ადგენს გაუმართავ საპარლამენტო მმართველობის სისტემას. შესაბამისად, ქვეყნის ძირითადი კანონი ფუნდამენტურ გადასინჯვას საჭიროებს.

გარდა ამისა, კონსტიტუცია შეიცავს მრავალ ხარვეზს იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით. უპირველეს ყოვლისა, დასახვეწია კონსტიტუციის სტრუქტურა, რომელიც იმდენად გაუმართავია, რომ ხშირ შემთხვევაში, მუხლების დასათაურებაც კი შეუძლებელია. ტექნიკურ დახვეწას საჭიროებს კონსტიტუციის არაერთი კონკრეტული ნორმა.

ა.ბ) კონსტიტუციური კანონის პროექტის მიზანი

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის ხარვეზების აღმოსაფხვრელად და კონსტიტუციის დახვეწილი რედაქციის შესამუშავებლად, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. კომისიას პარლამენტმა დაუსახა ორი ძირითადი მიზანი:

ა) კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან;

ბ) ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების ინტერესის შესაბამისი კონსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბება.

წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონი სრულად შეესაბამება ზემოაღნიშნულ ორ მიზანს. იგი უზრუნველყოფს კონსტიტუციის სრულ შესაბამისობას სამართლებრივ პრინციპებთან და აფუძნებს ძალზე დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისათვის.

ა.გ) კონსტიტუციური კანონის პროექტის ძირითადი არსი

წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტით ცვლილებები შედის საქართველოს კონსტიტუციის ნორმების უმრავლესობაში:

პრეამბულა

კონსტიტუციის ახალ რედაქციაში პრეამბულა წარმოდგენილია უცვლელი სახით.

თავი პირველი. ზოგადი დებულებები

კონსტიტუციის პირველი თავი ჩამოყალიბებულია ახალი სტრუქტურით. პირველი თავის ცალკეული მუხლები ეთმობა სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს, სახელმწიფო სიმბოლოებს, დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს, სოციალური სახელმწიფოსა და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპებს, ტერიტორიული მოწყობის საფუძვლებსა და სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობას. პირველი თავი ადგენს ახალ გარანტიებს სახელმწიფო ენისა და სიმბოლოების დაცვის უზრუნველსაყოფად, განამტკიცებს დემოკრატიული მანდატის ვადის ხელშეუვალობის პრინციპს, ითვალისწინებს ნორმატიული აქტების იერარქიის მოწესრიგებას ორგანული კანონით, უზრუნველყოფს სახელმწიფოს სოციალურ პასუხისმგებლობას ადამიანის მიმართ, უკეთ აწესრიგებს ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებულ საკითხებს. პირველი თავი სრულად შეესაბამება კონსტიტუციური სამართლის პრინციპებს. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში აღნიშნულმა თავმა მოიპოვა სრული მხარდაჭერა.

მუხლი 1

კონსტიტუციის ახალ რედაქციაში პირველ მუხლში წარმოდგენილი ნორმები წარმოდგენილია უცვლელი სახით.

მუხლი 2

მე-2 მუხლი აერთიანებს სახელმწიფო სიმბოლოების მომწესრიგებელ ნორმებს.

პირველ და მე-2 პუნქტებში ნორმები წარმოდგენილია უცვლელი სახით.

მე-3 პუნქტს ემატება ჩანაწერი, რომლის თანახმად სახელმწიფო ენა დაცულია ორგანული კანონით. გამომდინარე სახელმწიფო ენის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან, შემოთავაზებულია მისი დაცვის სტანდარტის ამაღლება და სახელმწიფო ენის სტატუსის მომწესრიგებელი ნორმების ორგანული კანონის რანგში განმტკიცება.

მე-4 პუნქტი წარმოდგენილია შეცვლილი სახით. ახალი რედაქციის თანახმად, სახელმწიფო დროშის, გერბისა და ჰიმნის დამდგენი ორგანული კანონები გადაისინჯება საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვისთვის განსაზღვრული წესით. მიზანშეწონილი არ არის, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლა პარლამენტის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობის გადაწყვეტილებით იყოს შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, შემოთავაზებულია სიმბოლიკის დაცვის სტანდარტის ამაღლება და მისი გადასინჯვის წესის თვისებრივი გართულება. აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს ცვლილებებს შესაბამის ორგანულ კანონებში. კერძოდ, საჭირო გახდება სიმბოლოების დამდგენი და მათი გამოყენების მომწესრიგებელი კანონების ერთმანეთისგან გამიჯვნა. სიმბოლოები უნდა დადგინდეს ორგანული კანონით, ხოლო მათი გამოყენების წესი - ჩვეულებრივი კანონით. კანონმდებლობაში აღნიშნული ცვლილებები უნდა შევიდეს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე.

მუხლი 3

მე-3 მუხლში თავმოყრილია დემოკრატიის პრინციპის განმამტკიცებელი ნორმები.

მე-2 პუნქტი კონსტიტუციის ახალ რედაქციაში უცვლელი სახით არის წარმოდგენილი.

მე-3 პუნქტში შეცვლილია დემოკრატიის ფორმების თანმიმდევრობა. კერძოდ, აღნიშნულია, რომ ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს, უპირველეს ყოვლისა, თავისი წარმომადგენლების, აგრეთვე რეფერენდუმისა და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით. თანმიმდევრობის ცვლილებით ხაზგასმულია ის გარემოება, რომ საქართველოს კონსტიტუცია არსებითად წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპს ეფუძნება.

მე-3 პუნქტს ემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვით არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობა საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია. ეს ნორმა ადგენს არა იურიდიულ ვალდებულებას, რომელიც ინდივიდის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი შეიძლება გახდეს, არამედ ხაზს უსვამს ინდივიდის ზოგად მოქალაქეობრივ მოვალეობასა და პასუხისმგებლობას.

მე-4 პუნქტში შედის ტექნიკური სახის ცვლილება. კერძოდ, პირველი წინადადებიდან ამოღებულია სიტყვები „ან უკანონოდ მოიპოვოს (ხელისუფლება)“, გამომდინარე იქიდან, რომ ტერმინი „მითვისება“ თავისთავად მოიცავს ხელისუფლების უკანონოდ მოპოვებასაც.

მე-4 პუნქტს ემატება ნორმა, რომლის თანახმად საყოველთაო არჩევნებით არჩეული ორგანოს მიმდინარე უფლებამოსილების ვადის კონსტიტუციით ან კანონით შემცირება ან გაზრდა დაუშვებელია. უახლოეს წარსულში, ხელისუფლებამ ორჯერ დაარღვია კონსტიტუციური სამართლის ეს უმნიშვნელოვანესი თეორიული პრინციპი და საკონსტიტუციო ცვლილების საფუძველზე თავდაპირველად პარლამენტს, ხოლო მოგვიანებით პრეზიდენტს თითქმის ერთი წლით გაუხანგრძლივა მიმდინარე უფლებამოსილების ვადა. ამგვარი პრეცედენტების პრევენციისთვის, მნიშვნელოვანია, დემოკრატიული მანდატის ვადის ხელშეუვალობის პრინციპი კონსტიტუციის დონეზე ნორმატიულად განმტკიცდეს. ახალი ნორმა უზრუნველყოფს როგორც უმაღლესი ხელისუფლების, ისე ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმდინარე უფლებამოსილების ვადის ხელშეუვალობას.

მე-5 პუნქტში წარმოდგენილია ახალი ნორმები, რომლებიც ხაზს უსვამს პოლიტიკური პარტიების განსაკუთრებულ როლს დემოკრატიულ სისტემაში. პოლიტიკური პარტიების ფუნქცია განსაზღვრულია თანამედროვე კონსტიტუციონალიზმში გავრცელებული პრაქტიკის შესაბამისად („პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ფორმირებაში“). კონსტიტუცია განამტკიცებს პოლიტიკური პარტიების სამართლის ოთხ ფუნდამენტურ პრინციპს - პარტიების თავისუფლებას, თანასწორობას, გამჭვირვალობასა და შიდაპარტიულ დემოკრატიას.

მუხლი 4

მე-4 მუხლში თავმოყრილია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განმამტკიცებელი ნორმები.

მე-2 პუნქტის პირველი წინადადება კონსტიტუციაში უცვლელი სახით არის წარმოდგენილი.

მე-2 პუნქტის მეორე წინადადება უცვლელი სახით არის გადმოტანილი კონსტიტუციის მეორე თავიდან. სამართლებრივი სიცხადის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეფუძნებოდეს კონსტიტუციის მეორე თავით განმტკიცებულ კონკრეტულ ძირითად უფლებებს, რაც უზრუნველყოფს ამ უფლებების დოქტრინით გამყარებული მკაფიო კრიტერიუმების გამოყენებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებების გამოტანისას. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციის მეორე თავი უზრუნველყოფს ადამიანის ძირითადი უფლებების სრულყოფილ დაცვას იმ შემთხვევაშიც, როდესაც ინდივიდის თავისუფლების ესა თუ ის ასპექტი კონსტიტუციის კონკრეტული ჩანაწერით არ არის დაცული. კონსტიტუცია განამტკიცებს ადამიანის ღირსების უფლებას, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასა და სხვა ძირითად უფლებებს, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელია ინდივიდის თავისუფლებისა და საქმიანობის ნებისმიერი ასპექტის სრულფასოვანი დაცვა.

მე-3 პუნქტი კონსტიტუციის ახალ რედაქციაში უცვლელი სახით არის წარმოდგენილი.

მე-4 პუნქტის პირველი და მეორე წინადადებები უცვლელი სახით არის წარმოდგენილი. ამოღებულია ჩანაწერი, რომლის თანახმად „ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას“. ეს მოთხოვნა ისედაც გამომდინარეობს მეორე წინადადებიდან, რომლის თანახმად „კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია“. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება მხოლოდ ტექნიკური ბუნებისაა.

კონსტიტუციას ემატება ჩანაწერი, რომლის თანახმად, საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით. გამომდინარე იქიდან, რომ ნორმატიული აქტების იერარქია პირდაპირ აისახება უფლებამოსილებათა გამიჯვნაზე ხელისუფლების ორგანოებს შორის, მნიშვნელოვანია, შესაბამისი ნორმები ორგანული კანონის რანგში იყოს დადგენილი.

მე-5 პუნქტი კონსტიტუციის ახალ რედაქციაში წარმოდგენილია უცვლელი შინაარსით, უმნიშვნელო ტექნიკური ცვლილებით.

მუხლი 5

კონსტიტუციას ემატება ახალი მუხლი, რომელშიც თავმოყრილია სოციალური სახელმწიფოს პრინციპის განმამტკიცებელი ნორმები. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს სოციალური სახელმწიფოს პრინციპის კონსტიტუციურ-სამართლებრივი მნიშვნელობის განმტკიცებას. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციური სამართლის დოქტრინის თანახმად, ამ პრინციპს არა აქვს ძლიერი ნორმატიული ფუნქცია და არსებითად სახელმწიფოს ზოგადი პროგრამული მიზნის განსაზღვრებად განიხილება, მის ფართო კონსტიტუციურ მოწესრიგებას აქვს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა ადამიანების წინაშე სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ სახელმწიფოს კონცეპტუალური მიდგომის განსაზღვრის თვალსაზრისით.

მე-5 მუხლში წარმოდგენილი ნორმების ნაწილი გადმოტანილია კონსტიტუციის მეორე თავიდან. ესაა ნორმები, რომლებიც ადგენდა და ადგენს არა სუბიექტურ ძირითად უფლებებს, არამედ სახელმწიფოს ზოგად სოციალურ პასუხისმგებლობას.

მე-2 პუნქტი შეიცავს მითითებას სოციალური სახელმწიფოს პრინციპის უმთავრეს ელემენტებზე - სოციალურ სამართლიანობაზე, თანასწორობასა და სოლიდარობაზე.

მე-3 პუნქტი გადმოტანილია მეორე თავიდან მცირე ცვლილებით. კერძოდ, სიტყვები „ადგენს შეღავათებს“ შეცვლილია სიტყვებით - „ქმნის განსაკუთრებულ პირობებს“. აღნიშნული ცვლილება ეფუძნება მოსაზრებას, რომ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ინსტრუმენტად სახელმწიფომ შეიძლება გამოიყენოს როგორც შეღავათები, ისე ხელშეწყობის სხვა ფორმები.

მე-4 პუნქტი ადგენს სახელმწიფოს ზრუნვის ვალდებულებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა. მე-4 პუნქტის მეორე და მესამე წინადადებები გადმოტანილია მეორე თავიდან უცვლელი სახით.

მე-5 პუნქტი ადგენს სახელმწიფოს ზრუნვის ვალდებულებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის განვითარების, აგრეთვე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში. 

მუხლი 6

მე-6 მუხლი განამტკიცებს კონსტიტუციის პრეამბულაში მოხსენიებულ მეოთხე ფუნდამენტურ პრინციპს - ეკონომიკურ თავისუფლებას.

მე-2 პუნქტი მცირე ცვლილებებით გადმოტანილია კონსტიტუციის მეორე თავიდან.

მე-3 პუნქტი უცვლელი სახით არის გადმოტანილი კონსტიტუციის მეორე თავიდან.

მუხლი 7

მე-7 მუხლში თავმოყრილია საქართველოს ტერიტორიული მოწყობის საფუძვლების დამდგენი ნორმები.

პირველ პუნქტში უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები დაჯგუფებულია სფეროების მიხედვით. განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხად დამატებით განისაზღვრება მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, სასამართლოები და პროკურატურა. ტერმინი „ავიაცია“ ანაცვლებს ჩანაწერებს „აეროპორტები და აეროდრომები; საჰაერო სივრცის, ტრანზიტისა და საჰაერო ტრანსპორტის კონტროლი; საჰაერო ტრანსპორტის რეგისტრაცია“. პირველი მუხლი ასევე შეიცავს გარკვეულ ტექნიკურ ცვლილებებსა და დაზუსტებებს.

კონსტიტუციიდან ამოღებულია ჩანაწერი, რომლის თანახმად „ერთობლივ გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები ცალკე განისაზღვრება“. მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს სახელმწიფოსა და ავტონომიური რესპუბლიკების ერთობლივ გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს. ამგვარ უფლებამოსილებებს არ ადგენს არც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“. აქედან გამომდინარე, მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისი ჩანაწერის ძალაში დატოვება მიზანშეწონილი არ არის.

მე-2 პუნქტი შეიცავს ტექნიკურ ცვლილებებს. კერძოდ, სიტყვა „სტატუსი“ შეცვლილია სიტყვებით „უფლებამოსილებები და მათი განხორციელების წესი“, აგრეთვე ამოღებულია კონსტიტუციური კანონების სახელწოდებები.

მე-3 პუნქტში სიტყვა „განისაზღვრება“ შეცვლილია სიტყვით - „გადაისინჯება“. გამომდინარე, იქიდან, რომ საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა უკვე განსაზღვრულია, ტერმინი „გადაისინჯება“ უკეთ ასახავს სამართლებრივ სინამდვილეს.

მე-4 პუნქტიდან ამოღებულია სიტყვები „თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული“ და „სახელმწიფო სუვერენიტეტის შეულახავად“. პირველი ცვლილება ტექნიკური ბუნებისაა. მეორე ცვლილება ეფუძნება მოსაზრებას, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის მოთხოვნა ლოგიკურად გამომდინარეობს ზოგადი სამართლებრივი პრინციპებიდან და კონსტიტუციაში მისი ხაზგასმა აქტუალობას არის მოკლებული. კონსტიტუციამ არ უნდა შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპებს შორის ერთგვარი თავისთავადი კოლიზია არსებობს.

კონსტიტუციას ემატება უმნიშვნელოვანესი ჩანაწერები, რომლებიც ადგენს სუბსიდიარობისა და თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებებთან მისი ფინანსური სახსრების შესაბამისობის პრინციპებს. აღნიშნული ჩანაწერები ანაცვლებს მოქმედ აბსტრაქტულ ნორმას, რომლის თანახმად „სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ხელს უწყობენ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას“. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული პრინციპები, საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის გათვალისწინებით, ვერ იქნება გამოყენებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმატიულ კონსტიტუციურ მასშტაბად, მათ კონსტიტუციურ განმტკიცებას ექნება უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი, კონცეპტუალური და პრაქტიკული დატვირთვა საქართველოში მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის ხარისხის შემდგომი ამაღლების თვალსაზრისით.

კონსტიტუციიდან ამოღებულია ჩანაწერი ქალაქ ლაზიკის სტატუსისა და უფლებამოსილების შესახებ.

მუხლი 8

მე-8 მუხლი კონსტიტუციის ახალ რედაქციაში წარმოდგენილია უცვლელი შინაარსით, რამდენიმე ტექნიკური სახის ცვლილებით.

თავი მეორე. ადამიანის ძირითადი უფლებები

კონსტიტუციის მეორე თავი ჩამოყალიბებულია ახალი სტრუქტურით. მეორე თავის პირველი ნორმა ადგენს ადამიანის ღირსების ძირითად უფლებას, რასაც აქვს უმნიშვნელოვანესი კონცეპტუალური დატვირთვა. მეორე თავში შეტანილი ცვლილებები განამტკიცებს ფიზიკური ხელშეუხებლობის ძირითად უფლებას, გენდერულ თანაწორობას, შშმ პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზების გარანტიას, ამკაცრებს პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის პირობებს, ადგენს ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ძირითად უფლებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის ინსტიტუციური, პოლიტიკური და კომერციული დამოუკიდებლობის გარანტიებს, განამტკიცებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციურ დამუკიდებლობას, ადგენს ძირითად უფლებას კარგ მმართველობაზე, ზრდის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტს, ხაზგასმით ადგენს აკადემიური თავისუფლების ძირითად უფლებას, განამტკიცებს მეწარმეობის თავისუფლების ძირითად უფლებას, ამაღლებს ჯანმრთელობის დაცვის ძირითადი უფლების დაცვის სტანდარტს, ამაღლებს გარემოსდაცვითი უფლებების დაცვის სტანდარტს, განამტკიცებს ძირითადი უფლებების არსის ხელშეუვალობის პრინციპს, უზრუნველყოფს სახალხო დამცველის დაცვას თანამდებობრივი იმუნიტეტით და ითვალისწინებს სხვა მნიშვნელოვან ნოვაციებს. კონსტიტუციის მეორე თავიდან ამოღებულია აბსტრაქტული ძირითადი უფლებები, რაც უზრუნველყოფს მეორე თავის სრულ შესაბამისობას მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნასთან, რომლის თანახმად ძირითადი უფლებები უნდა იყოს „უშუალოდ მოქმედი სამართალი“. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მეორე თავის ახალ რედაქციას მხარი არ დაუჭირა კომისიის მხოლოდ ოთხმა წევრმა (ქორწინების საკითხზე ჩატარდა დამოუკიდებელი კენჭისყრა და ახალი დეფინიციის წინააღმდეგ ხმა მისცა ექვსმა წევრმა), რისი მთავარი მიზეზიც იყო შრომის თავისუფლების ძირითადი უფლების სტანდარტის არსებული სახით შენარჩუნება. გარდა ამისა, სახალხო დამცველმა უკმაყოფილება გამოთქვა სახალხო დამცველის ხელმეორედ არჩევის დაუშვებლობის დადგენისა და კონსტიტუციის დონეზე სახალხო დამცველისთვის საბიუჯეტო დამოუკიდებლობის გარანტიის არმინიჭების გამო.

მუხლი 9

მე-9 მუხლში ღირსების უფლებისგან გამიჯნულია პატივის უფლება, რომელიც სრულფასოვნად იქნება დაცული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით. გარდა ამისა, ახალ რედაქციაში გამოკვეთილი იქნება ღირსების უფლების პოზიტიური განზომილება ჩანაწერით - „და მას იცავს სახელმწიფო“.

მე-2 პუნქტში შეტანილია ტერმინოლოგიური ცვლილებები, რომლებიც შეესაბამება ევროპულ სამართლებრივ აქტებსა და სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებულ ტერმინოლოგიას.

კონსტიტუციიდან ამოღებულია ჩანაწერი, რომლის თანახმად „დაუშვებელია დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება“. აღნიშნული ცვლილება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ ფიზიკური ან ფსიქიკური იძულების ზომების გამოყენება ვერ იქნება აბსოლუტური ფორმით შეზღუდული. ისეთი შემთხვევები, როგორიცაა, მაგალითად, ჩვენების მიღების მიზნით ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება და სხვ., საგანგებო ჩანაწერის გარეშეც არის მოცული ღირსებისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებებით.

მუხლი 10

მე-10 მუხლში შეცვლილი სახით არის წარმოდგენილი სიცოცხლის უფლების განმამტკიცებელი პუნქტის რედაქცია. კერძოდ, ჩანაწერი „სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი“ შეიცვალა ჩანაწერით - „ადამიანის სიცოცხლე დაცულია“. მიზანშეწონილია, ტერმინი „ხელშეუვალი“ გამოყენებულ იქნეს მხოლოდ აბსოლუტურად დაცული უფლების - ადამიანის ღირსების ძირითადი უფლების მიმართ. ჩანაწერი „ადამიანის სიცოცხლე დაცულია“ სრულად მოიცავს სიცოცხლის უფლების როგორც ნეგატიურ, ისე პოზიტიურ განზომილებას. შესაბამისად, აღნიშნული შესწორებები არ ცვლის ნორმის სამართლებრივ შინაარსს და უფლების დაცვის სტანდარტს. პირველი პუნქტის მეორე წინადადება წარმოდგენილია უცვლელი სახით.

კონსტიტუციას ემატება ჩანაწერი ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლების შესახებ, რომელიც არ არის ხაზგასმით გარანტირებული კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით.

მუხლი 11

პირველ პუნქტში ჩანაწერი „კანონის წინაშე თანასწორია“ იცვლება ჩანაწერით - „სამართლის წინაშე თანასწორია“. აღნიშნული ცვლილება ეფუძნება დამკვიდრებულ თეორიულ მიდგომას, რომლის თანახმად თანასწორობის უფლება მოითხოვს არა მხოლოდ კანონის წინაშე თანასწორობას, არამედ თავად კანონის ჩამოყალიბებასაც თანასწორობის პრინციპის შესაბამისად. მეორე წინადადებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, გახსნილია იმ კრიტერიუმების ჩამონათვალი, რომელთა საფუძველზეც დაუშვებელია ადამიანის დისკრიმინაცია.

მე-2 პუნქტი ჩამოყალიბებულია კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 38-ე მუხლის შესაბამისად, მცირე ცვლილებებით და იგი კვლავაც უზრუნველყოფს ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი უმცირესობების უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვას.

კონსტიტუციას დაემატა ნორმა გენდერული თანასწორობის შესახებ, რომელიც ძირითადი უფლების რანგში, ხელშესახები ფორმით ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფასა და გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრაზე.

კონსტიტუციას დაემატა ნორმა, რომლითაც სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, შექმნას განსაკუთრებული პირობები შშმ პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.

მუხლი 12

ნორმა წარმოდგენილია უცვლელი სახით.

მუხლი 13

მე-13 მუხლში შეტანილია ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, რომლებიც არ ცვლის და მხოლოდ აზუსტებს შესაბამისი ნორმების შინაარსს.

მუხლი 14

მე-14 მუხლში წარმოდგენილი ნორმები წარმოდგენილია უცვლელი შინაარსით, მცირე ტექნიკური ცვლილებებით.

მუხლი 15

პირველ პუნქტში შეტანილია არსებითად ტექნიკური ხასიათის ცვლილებები. პუნქტიდან ამოღებულია ჩანაწერი პირადი ცხოვრების უფლების შესახებ, რომელიც დაცული იქნება პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით. პირადი სივრცე და კომუნიკაცია სრულად მოიცავს ადამიანის თავისუფლების იმ ასპექტებს, რომლებიც საჭიროებს დაცვას კონსტიტუციის მოცემული მუხლით.

განსხვავებით კონსტიტუციის მოქმედი რედაქციისგან, მე-2 პუნქტში დაკონკრეტებულია უფლებათა შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნები, რაც უზრუნველყოფს ამ უფლებების დაცვის კონსტიტუციური სტანდარტის ამაღლებას. გარდა ამისა, კონსტიტუციის დონეზე დგინდება გადაუდებელი აუცილებლობისას შეზღუდვის კანონიერების პოსტ ფაქტუმ სასამართლო გადამოწმების მოთხოვნა.

მე-3 პუნქტში შეტანილია ტექნიკური შესწორებები. გარდა ამისა, ნორმის ახალი რედაქცია ითვალისწინებს ინდივიდის შესახებ ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საჯარო ინტერესების დაცვის საფუძვლით.

მუხლი 16

მუხლიდან ამოღებულია ჩანაწერები სიტყვის, აზრისა და აღმსარებლობის შესახებ. სიტყვისა და აზრის თავისუფლება დაცულია კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-17 მუხლით. შესაბამისად, ცვლილება მიზნად ისახავს ნორმატიული ტავტოლოგიის თავიდან არიდებას, რასაც მნიშვნელოვანი სამართლებრივ-პრაქტიკული დატვირთვაც აქვს. რაც შეეხება აღმსარებლობის თავისუფლებას, ამ ასპექტს სრულად მოიცავს რწმენის თავისუფლების ძირითადი უფლება. შესაბამისად, ახალი რედაქცია ორი ტერმინით განამტკიცებს ორი ძირითადი უფლების - რწმენისა და სინდისის თავისუფლებების დაცულ სფეროებს.

მუხლი 17

პირველი პუნქტი სრულფასოვნად განამტკიცებს აზრის თავისუფლების ძირითად უფლებას და კრძალავს ადამიანის დევნას აზრისა და მისი გამოხატვის გამო.

მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი ნორმები კონსტიტუციაში უცვლელი სახით არის წარმოდგენილი.

კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომელიც განამტკიცებს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფალი სარგებლობის ძირითად უფლებას.

მე-5 პუნქტი წარმოდგენილია შინაარსობრივი შესწორების გარეშე, მცირე ტექნიკური ცვლილებებით.

კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომელიც ძირითადი უფლების რანგში განამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისგან და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისგან.

კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში შექმნილი მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციურ და ფინანსურ დამოუკიდებლობას.

მუხლი 18

კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომელიც ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლებას. შესაბამისად, უფლება ე.წ. კარგ მმართველობასა და სამართლიან ადმინისტრაციულ წარმოებაზე ძირითადი უფლების რანგში იქნება განმტკიცებული.

მე-2 პუნქტით დადგენილი ახალი რედაქცია უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დაცვის სტანდარტის ამაღლებას. კერძოდ, აღნიშნული უფლება გავრცელდება ნებისმიერ ადამიანზე და არა მხოლოდ მოქალაქეზე. გარდა ამისა, ნორმიდან ამოღებულია სიტყვა „მასზე“, რაც უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის სრულ ხელმისაწვდომობას. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აღარ იქნება პროფესიული საიდუმლოება.

მე-3 პუნქტი წარმოდგენილია უცვლელი შინაარსით, უმნიშვნელო ტერმინოლოგიური ცვლილებით.

მუხლი 19

პირველ პუნქტში ტერმინი „ხელშეუვალია“ იცვლება ტერმინით „უზრუნველყოფილია“ (მიზეზი იხ. ზემოთ).

მე-2 პუნქტი ჩამოყალიბებულია ახალი რედაქციით. სიტყვები „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის“ იცვლება სიტყვებით „საჯარო ინტერესებისათვის“, რაც შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას. შეუძლებელია საკუთრების უფლების შეზღუდვისა და საკუთრების ჩამორთმევის მიმართ დადგენილი იყოს ერთი და იგივე სტანდარტი. სამოქალაქო-სამართლებრივი და სხვა კანონმდებლობა შეიცავს მრავალ ნორმას, რომლის საფუძველზეც საკუთრების უფლების შეზღუდვა ხორციელდება არა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, არამედ საჯარო ინტერესების დასაცავად. ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს ცვლილების მიზანშეწონილობას. მე-2 პუნქტიდან ამოღებულია ჩანაწერი საკუთრების უფლების არსის დარღვევის დაუშვებლობის შესახებ, გამომდინარე იქიდან, რომ უფლების არსის ხელშეუვალობის ზოგადი დათქმა კონსტიტუციის ახალი რედაქციის 34-ე მუხლით არის დადგენილი.

მე-3 პუნქტი წარმოდგენილია უცვლელი სახით, მცირე ტექნიკური შესწორებით.

კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომელიც მიწას ანიჭებს განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსის სტატუსს და მოითხოვს მიწაზე საკუთრების უფლების მოწესრიგებას ორგანული კანონით. აღნიშნული ცვლილება ვერ გახდება მიწაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საკუთრების უფლების აბსოლუტური შეზღუდვის საფუძველი, თუმცა, იგი შესაძლებელს გახდის საკითხის განსაკუთრებულ რეგლამენტაციას მიწის განსაკუთრებული სტატუსიდან გამომდინარე.  

მუხლი 20

პირველი პუნქტით დადგენილი ნორმის ახალი რედაქცია აკონკრეტებს ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლების ორ სფეროს - სახელოვნებო და აკადემიური საქმიანობის თავისუფლებებს.

მე-2 პუნქტი წარმოდგენილია უცვლელი სახით.

მე-3 პუნქტიდან ამოღებულია სიტყვა დაყადაღება იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ სიტყვები „გავრცელების აკრძალვა“ სრულფასოვნად აწესრიგებს ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლების უფლების შესაბამის ასპექტს. გარდა ამისა, ნორმაში აღნიშნულია, რომ შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაც უზრუნველყოფს უფლების დაცვის სტანდარტის ამაღლებას. მე-3 პუნქტში შეტანილია რედაქციული სახის შესწორებები.

მე-4 პუნქტი შესწორებულია რედაქციული თვალსაზრისით.

მუხლი 21

პირველ პუნქტში სიტყვები „სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს“ შეცვლილია სიტყვებით „შეიარაღებული ძალების“, რითაც შეკრების თავისუფლების უფლებით დაცულ პირთა წრიდან დამატებით გამოირიცხებიან სხვა შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები (მაგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამისი წარმომადგენლები და სხვ.). ამავე პუნქტიდან ამოღებულია სიტყვები „როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ“. შეკრების თავისუფლების ორივე ასპექტი ლოგიკურად გარანტირებულია შეკრების თავისუფლების ძირითადი უფლებით, ამ ასპექტების ხაზგასმის აუცილებლობის გარეშე.

მე-2 და მე-3 პუნქტები წარმოდგენილია უცვლელი სახით.

მუხლი 22

გაერთიანების თავისუფლება გამიჯნულია პოლიტიკური პარტიებისა და პროფესიული კავშირების თავისუფლებისგან და მას ეთმობა დამოუკიდებელი მუხლი. ჩანაწერი უზრუნველყოფს გაერთიანების თავისუფლების სრულფასოვან დაცვას.

მე-2 პუნქტი ადგენს გაერთიანების ლიკვიდაციის საფუძველს, რაც უზრუნველყოფს გაერთიანების თავისუფლების დაცვას მაღალი სტანდარტით.

კონსტიტუციიდან ამოღებულია ჩანაწერები, რომლებიც ადგენს საზოგადოებრივი გაერთიანებისა და პროფესიული კავშირის აკრძალვის საფუძვლებსა და წესს. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი გაერთიანება დაუპირისპირდება კონსტიტუციურ წყობილებას, ქვეყნის დამოუკიდებლობას და ა.შ., საკითხი გადაწყდება სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 23

პირველი პუნქტიდან ამოღებულია სიტყვები „სხვა (პოლიტიკური) გაერთიანება“. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, ერთმანეთისგან არ მიჯნავს პარტიებსა და სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებს. ორგანული კანონის თანახმად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება და პარტია იდენტურ ცნებებად განიხილება, რასაც აქვს ლოგიკური საფუძველი. ძირითადი უფლებით დაცული უნდა იყოს პოლიტიკური პარტია, როგორც ორგანიზაცია და ინსტიტუტი, რაც ცხადყოფს ზემოაღნიშნული ცვლილების მიზანშეწონილობას.

მე-2 პუნქტში სიტყვები „სამხედრო ძალების ან შინაგან საქმეთა ორგანოების“ შეიცვალა სიტყვებით - „შეიარაღებული ძალების“ (მიზეზი იხ. ზემოთ). გარდა ამისა, ტერმინი „პოლიტიკური გაერთიანება“ იცვლება ტერმინით - „პოლიტიკური პარტია“.

მე-3 პუნქტით პარტიის აკრძალვის დამატებით საფუძვლად განისაზღვრება ეთნიკური შუღლის გაღვივება. გარდა ამისა, ახალი ნორმით იკრძალება პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით. აღნიშნული შეზღუდვა დღემდე მხოლოდ ორგანული კანონით არის დაწესებული.

კონსტიტუციიდან ამოღებულია ნორმა, რომლის მიხედვით პარტიას ეკრძალება შეიარაღებული ფორმირებების შექმნა. აღნიშნულმა დათქმამ დაკარგა პრაქტიკული აქტუალობა 90-იანი წლების შემდეგ.

მე-4 პუნქტი აკონკრეტებს, რომ პარტიის აკრძალვა შესაძლებელია მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია შეიცავს მხოლოდ ზოგად მითითებას პარტიის სასამართლო გადაწყვეტილებით აკრძალვის შესახებ.

მუხლი 24

პირველ პუნქტს დაემატა სიტყვები „ავტონომიური რესპუბლიკების“. ტექსტის დანარჩენი ნაწილი წარმოდგენილია უცვლელი სახით.

მე-2 პუნქტში ტერმინი „ქმედუუნარო“ იცვლება ჩანაწერით „მოქალაქე, რომელიც ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში“. ახალი ჩანაწერი შეესაბამება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც გააფართოვა საარჩევნო უფლების მქონე პირთა წრე.

გარდა ამისა, ახალი ჩანაწერით საარჩევნო უფლება აღარ ეზღუდებათ მოქალაქეებს, რომლებმაც ჩაიდინეს მძიმე დანაშაული ან გაუფრთხილებლობით ჩაიდინეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. აღნიშნული ცვლილებით უზრუნველყოფილია საარჩევნო უფლების უზრუნველყოფის შედარებით მაღალი სტანდარტი.

მუხლი 25

ნორმები წარმოდგენილია უცვლელი სახით. მუხლში შეტანილია მხოლოდ ტერმინოლოგიური ცვლილება. „სახელმწიფო თანამდებობა“ და „სახელმწიფო სამსახური“ იცვლება სიტყვებით „საჯარო თანამდებობა“ და „საჯარო სამსახური“. შესაბამისად, ნორმის რეგულირების სფეროში სრულად მოექცევა როგორც სახელმწიფო, ისე ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალური ხელისუფლების ორგანოები.

მუხლი 26

პირველ პუნქტში ლაკონური ჩანაწერი - „შრომა თავისუფალია“ იცვლება შედარებით ვრცელი რედაქციით, რომელიც სრულფასოვნად უზრუნველყოფს შრომის თავისუფლებისა და სამუშაოს თავისუფლად არჩევის უფლების დაცვას. გარდა ამისა, კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის ჩანაწერი, რომელიც ჩამოთვლის რამდენიმე შრომით უფლებას და მათი დაკონკრეტების უფლებას კანონმდებელს ანიჭებს („შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით“), შეიცვალა შედარებით ფართო და ძლიერი ნორმატიული შინაარსის მქონე ჩანაწერით, რომლის თანახმად „შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით“.

მე-2 პუნქტი ადგენს პროფესიული კავშირების თავისუფლების უფლებას, რომელიც კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში გაერთიანების თავისუფლების განმამტკიცებელი მუხლით არის დადგენილი. ნორმის ახალი რედაქცია აკონკრეტებს, რომ პროფესიული კავშირი იქმნება ორგანული კანონის შესაბამისად, მაშინ, როდესაც კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია შეიცავს მითითებას ჩვეულებრივ კანონზე.

მე-3 პუნქტი აწესრიგებს გაფიცვის უფლებას. ნორმის ახალი რედაქცია ადგენს, რომ გაფიცვის უფლების განხორციელების როგორც წესი, ისე პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით. ამ შემთხვევაშიც, კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია შეიცავს მითითებას ჩვეულებრივ კანონზე. მე-3 პუნქტიდან ამოღებულია ჩანაწერი - „კანონი ადგენს აგრეთვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების საქმიანობის გარანტიებს“. მითითება იმ გარემოებაზე, რომ გაფიცვის უფლების განხორციელების პირობები და წესი განისაზღვრება ორგანული კანონით თავისთავად აძლევს კანონმდებელს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების საქმიანობის გარანტიების შექმნის შესაძლებლობას. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ჩანაწერი მოკლებულია სამართლებრივ აქტუალობას.

მე-4 პუნქტში აბსტრაქტული ჩანაწერი, რომელიც სახელმწიფოს აკისრებდა თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობის ვალდებულებას, შეიცვალა მეწარმეობის თავისუფლების ძირითადი უფლების დამდგენი ნორმით. ამ პუნქტის სხვა ნორმები წარმოდგენილია უცვლელი სახით.

კონსტიტუციიდან ამოღებულია ჩანაწერი, რომლის თანახმად „საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომის უფლებებს საზღვარგარეთ“. კონსტიტუციის დონეზე აღნიშნული ნორმის დადგენა მოკლებულია პრაქტიკულ სამართლებრივ აქტუალობას.

მუხლი 27

პირველი პუნქტით დადგენილი ნორმა წარმოდგენილია უცვლელი სახით.

მე-2 პუნქტი შეიცავს ცვლილებას, რომელიც შესაძლებელს ხდის სკოლამდელი აღზრდის უზრუნველყოფას როგორც სახელმწიფო ხელისუფლების, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ. ნორმის დანარჩენი ტექსტი წარმოდგენილია უცვლელი სახით.

კონსტიტუციიდან ამოღებულია აბსტრაქტული ჩანაწერები, რომელთა თანახმად სახელმწიფოს ევალება საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაცია და კანონით დადგენილი წესით საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერა. აღნიშნული ნორმები არ ადგენს ინდივიდის სუბიექტურ უფლებებს და აქედან გამომდინარე, კონსტიტუციის მეორე თავში მათი გაწერა მიზანშეწონილი არ არის.

მუხლი 28

პირველი პუნქტი ადგენს მოქალაქის უფლებების დაცვის მყარ გარანტიას ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. კერძოდ, ახალი რედაქცია აკონკრეტებს, რომ მოქალაქეს აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი და ქმედითი სამედიცინო დახმარების საშუალებით. ახალი ჩანაწერი მნიშვნელოვნად ამაღლებს ჯანმრთელობის დაცვის უფლებით მოქალაქის დაცვის სტანდარტს.

მე-2 პუნქტი წარმოდგენილია არსებითად უცვლელი სახით, ერთი დაზუსტებით - სამკურნალო საშუალებებით „ვაჭრობის“ ნაცვლად, კონსტიტუცია მიუთითებს სამკურნალო საშუალებების „მიმოქცევაზე“.

მუხლი 29

კონსტიტუციის ახალ რედაქციაში სპეციალური მუხლი ეთმობა გარემოს დაცვის უფლებას. ახალი რედაქცია დამატებით განამტკიცებს ინდივიდის უფლებას საჯარო სივრცით სარგებლობაზე. გარდა ამისა, კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომლის თანახმად გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებას უზრუნველყოფს კანონი. მეორე წინადადებიდან ამოღებულია სიტყვა „ობიექტური“, გამომდინარე იქიდან, რომ სიტყვა „სრული“ თავისთავად გულისხმობს ინფორმაციის ობიექტურობას.

კონსტიტუციიდან ამოღებულია ჩანაწერი, რომელიც ადგენს ინდივიდის ვალდებულებას, გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს. აღნიშნული ცვლილება ეფუძნება ზოგად მიდგომას, რომლის თანახმად მეორე თავი უნდა ადგენდეს მხოლოდ უფლებებს და არა ვალდებულებებს.

მე-2 პუნქტი ჩამოყალიბებულია სახეცვლილი რედაქციით, არსებითი შინაარსობრივი ცვლილების გარეშე.

მუხლი 30

30-ე მუხლს ემატება ჩანაწერი, რომელიც კონსტიტუციის დონეზე აკონკრეტებს ქორწინების სამოქალაქო-სამართლებრივ დეფინიციას. აღნიშნული დეფინიციის თანახმად, ქორწინება განისაზღვრება როგორც ქალისა და მამაკაცის მონოგამიური კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. ამ ცვლილების მიზეზი გახდა საზოგადოებაში არსებული ვნებათაღელვა, რომელიც ქორწინების ინსტიტუტს უკავშირდება. ქორწინების დეფინიციის გაფართოება ხშირად ხდება სპეკულაციისა და მანიპულაციის საგანი, რაც ხელს უწყობს საზოგადოებაში ჰომოფობიური განწყობების გაღვივებას. ამგვარი სპეკულაციისა და მანიპულაციის პრევენციისათვის, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ქორწინების ცნების კონსტიტუციის დონეზე განსაზღვრა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა სახის უმცირესობების სამართლებრივ დაცვას ადამიანის უფლებების ხელყოფისა და დისკრიმინაციისაგან.

მუხლი 31

პირველ პუნქტს ემატება ჩანაწერი, რომელიც აკონკრეტებს სასამართლოში საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლებას.

მე-2 პუნქტი წარმოდგენილია უცვლელი სახით.

მე-3 პუნქტი აკონკრეტებს დაცვის უფლებას. კერძოდ, განისაზღვრება, რომ უფლებათა დაცვა შესაძლებელია პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში - წარმომადგენლის მეშვეობით. გარდა ამისა, კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომელიც უზრუნველყოფს ადვოკატის უფლებების შეუფერხებელ განხორციელებას და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლებას.

მე-4 პუნქტი შეიცავს დაზუსტებას, რომელიც აფართოებს მოწმეების გამოძახების მოთხოვნის უფლების შინაარსს.

მე-5 და მე-6 პუნქტები წარმოდგენილია უცვლელი სახით.

მე-7 პუნქტის ახალი რედაქცია ერთმანეთისგან მიჯნავს მტკიცებულების სტანდარტს ბრალდებისა და განაჩენისათვის. ნორმის ახალი რედაქციის თანახმად, ბრალდება უნდა ეფუძნებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო განაჩენი - უტყუარ მტკიცებულებებს.

მე-8 პუნქტი შეიცავს უმნიშვნელო ტექნიკურ ცვლილებას.

მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები წარმოდგენილია უცვლელი სახით.

მუხლი 32

პირველი პუნქტი წარმოდგენილია უცვლელი სახით.

მე-2 პუნქტის ახალი რედაქცია სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შეძენას აღარ აცხადებს საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურად შეწყვეტის საფუძვლად. ახალი რედაქციის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისა და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის შეთავსების პირობები და წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.

მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები წარმოდგენილია უცვლელი სახით.

კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომელიც სახელმწიფოს ავალებს იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე.

მუხლი 33

მუხლში წარმოდგენილი ნორმები წარმოდგენილია უცვლელი სახით. კონსტიტუციიდან ამოღებულია ჩანაწერი, რომლის თანახმად „დაუშვებელია სხვა სახელმწიფოს გადაეცეს შემოხიზნული პირი, რომელსაც დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის ან იმ ქმედობისათვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება“. თავშესაფრის ძირითად უფლებას სრულად უზრუნველყოფს 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული პუნქტი, რომელიც ზედმეტად ავიწროებს შემოხიზნული პირის გადაცემაზე უარის თქმის საფუძვლებს, მოკლებულია სამართლებრივ აქტუალობას.

მუხლი 34

პირველ და მე-2 პუნქტებში შეტანილია უმნიშვნელო ტექნიკური ცვლილებები.

კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომლის თანახმად ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვამ არ უნდა დაარღვიოს ამ უფლების არსი.

კონსტიტუციიდან ამოღებულია ჩანაწერი, რომლის თანახმად „საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს“. კონსტიტუციის მეორე თავი უნდა ადგენდეს მხოლოდ უფლებებს და არა ვალდებულებებს. შესაბამისად, მოცემული ნორმა მოკლებულია კონსტიტუციურ აქტუალობას.  

მუხლი 35

პირველი პუნქტის პირველ წინადადებაში შეტანილია უმნიშვნელო ტექნიკური ცვლილება. ამავე პუნქტით იზღუდება სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა.

მე-2 პუნქტით დადგენილი ნორმა წარმოდგენილია უცვლელი სახით.

კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომელიც ადგენს სახალხო დამცველის თანამდებობრივ იმუნიტეტს. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს სახალხო დამცველის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას.

მე-4 პუნქტი წარმოდგენილია უცვლელი სახით.

კონსტიტუციიდან ამოღებულია ჩანაწერი, რომელიც ზღუდავს სახალხო დამცველის უფლებამოსილებათა წრეს. კერძოდ, მოქმედ რედაქციაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი ავლენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს და ატყობინებს ამის შესახებ შესაბამის ორგანოებსა და პირებს. ამ ჩანაწერის ამოღებით, კანონმდებელს მიენიჭება ორგანული კანონით სახალხო დამცველის უფლებამოსილებათა გაფართოების შესაძლებლობა.

თავი მესამე. საქართველოს პარლამენტი

მესამე თავის ახალი რედაქცია ითვალისწინებს საარჩევნო სისტემის ფუნდამენტურ ცვლილებას, ადგენს ფრაქციების შექმნის წესს ევროპული სტანდარტების შესაბამისად, საპარლამენტო ოპოზიციას ანიჭებს დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნის შესაძლებლობას, ითვალისწინებს იმპიჩმენტს დაქვემდებარებული თანამდებობის პირების თანამდებობრივი ხელშეუვალობის დაცვას მაღალი სტანდარტით და ადგენს სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მესამე თავმა მოიპოვა თითქმის სრული (მესამე თავის ახალი რედაქციის წინააღმდეგ ხმა მისცა მხოლოდ ერთმა წევრმა) მხარდაჭერა საარჩევნო რეგულაციების გამოკლებით. საარჩევნო სისტემას მხარი არ დაუჭირა კომისიის 12-მა წევრმა, რასაც, ძირითადად, გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესის უარყოფითად შეფასება დაედო საფუძვლად.

მუხლი 36

პირველი პუნქტით დადგენილი ნორმა წარმოდგენილია უცვლელი სახით.

მე-2 პუნქტში დაკონკრეტებულია ინიციატივის წესით რეგლამენტის წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტთა წრე (პარლამენტის წევრი, ფრაქცია, კომიტეტი), რეგლამენტის მიღების კვორუმი (სრული შემადგენლობის უმრავლესობა), იურიდიული ძალა (კანონის ძალის მქონე აქტი) და ხელმომწერი სუბიექტი (პარლამენტის თავმჯდომარე).

კონსტიტუციიდან ამოღებულია ნორმა, რომელიც ადგენს პარლამენტის ადგილსამყოფელს. აღნიშნულ ცვლილებას არსებითად საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ კონსტიტუცია არც ერთი სხვა კონსტიტუციური ორგანოს ადგილსამყოფელს არ ადგენს. ამ ცვლილების ამოქმედების შემდეგ, პარლამენტის ადგილსამყოფელი განისაზღვრება მისი რეგლამენტით.

მუხლი 37

37-ე მუხლი ადგენს პარლამენტის არჩევის ახალ წესს. მოქმედი შერეული პროპორციულ-მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა იცვლება პროპორციული საარჩევნო სისტემით. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი შერეული სისტემა არ ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს და არაერთ დემოკრატიულ ქვეყანაში მოქმედებს, მისი გაუქმება მიზანშეწონილად ჩაითვალა ქვეყნის წარსული გამოცდილების გათვალისწინებით. კერძოდ, სწორედ აღნიშნულმა სისტემამ გახადა შესაძლებელი ჯერ საქართველოს მოქალაქეთა კავშირის, ხოლო მოგვიანებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება და ამ უმრავლესობის სუბიექტური პოლიტიკური მიზნებისათვის ბოროტად გამოყენება. იმისათვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში თავიდან იქნეს არიდებული ამგვარი საფრთხე, კონსტიტუციის ახალი რედაქცია ითვალისწინებს ისეთი საარჩევნო სისტემის შემოღებას, რომელიც გამორიცხავს ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ საკონსტიტუციო ან ზოგადად, ჭარბი უმრავლესობის მოპოვებას.

კონსტიტუცია ითვალისწინებს პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას სამი ძირითადი დათქმით:

ა) უქმდება საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტი. გასული ორი ათწლეულის განმავლობაში, ეს ინსტიტუტი უქმნიდა უმნიშვნელოვანეს დაბრკოლებას საქართველოში პარტიული სისტემის განვითარებას. საქართველოში დღემდე ვერ ჩამოყალიბდა ინსტიტუციონალიზებული პარტიული სისტემა. დღეს, საქართველოში ე.წ. კვალიფიციური პარტიის სტატუსით სარგებლობს 20 პოლიტიკური პარტია, რომელთა უმეტესობა ვერ აკმაყოფილებს პარტიის ინსტიტუტისადმი წაყენებულ მინიმალურ მოთხოვნებს, მათი ნაწილი კი სულაც ფიქტიურია. გარდა ამისა, ბლოკის ინსტიტუტი პოლიტიკურ პარტიებს აძლევს მანიპულირების შესაძლებლობას, რის საფუძველზეც ისინი ახერხებენ დამატებითი პრივილეგიების ხელოვნურად მოპოვებას (დამატებითი სახელმწიფო დაფინანსება, დამატებითი უფასო სარეკლამო დრო, დამატებითი წევრები და წარმომადგენლები საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე და ა.შ.). ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტი ასრულებს უარყოფით როლს საქართველოში პარტიული სისტემის განვითარების თვალსაზრისით და მისი შენარჩუნება მიზანშეწონილი არ არის. პოლიტიკური და შესაბამისად, საარჩევნო პროცესის სუბიექტი უნდა იყოს პოლიტიკური პარტია, რასაც ცხადყოფს პოლიტიკური სისტემების ფუნქციონირების საუკეთესო ევროპული პრაქტიკა;

ბ) ნარჩუნდება 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი. დემოკრატიულ სახელმწიფოებში დამკვიდრებული საარჩევნო სისტემები ემსახურება ორ უმთავრეს მიზანს: პოლიტიკური პლურალიზმისა და პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფას. საარჩევნო სისტემამ, შესაბამისი ქვეყნის თავისებურებათა გათვალისწინებით, უნდა უზრუნველყოს საუკეთესო ბალანსი ამ ორ ლეგიტიმურ ინტერესს შორის. საარჩევნო ბარიერის მიზანი, პროპორციული საარჩევნო სისტემით პლურალიზმის მაღალი დონის უზრუნველყოფის პირობებში, დემოკრატიული სისტემის სტაბილური ფუნქციონირებისათვის სამართლებრივი გარანტიის შექმნაა. პოლიტიკური პარტიებისთვის 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწესების ლეგიტიმურობა საყოველთაოდ არის აღიარებული, რასაც ევროკავშირის ქვეყნების (გერმანია, ბელგია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და სხვ.) პრაქტიკაც ცხადყოფს;

გ) გაუნაწილებელ მანდატებს იღებს არჩევნებში გამარჯვებული პარტია. აღნიშნული ნორმა ემსახურება იმავე ლეგიტიმურ მიზანს, რა მიზნითაც დემოკრატიულ სისტემებში საარჩევნო ბარიერი წესდება - ესაა დემოკრატიული სისტემის სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა. საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, სადაც ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული ინსტიტუციონალიზებული პარტიული სისტემა და შესაბამისად, დემოკრატიული სისტემა განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას, სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზანი განსაკუთრებული აქტუალობით სარგებლობს. გაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მიკუთვნების წესი ქმნის მცირე დამატებით შესაძლებლობას სისტემის სტაბილური ფუნქციონირებისათვის. ამასთან, ეს წესი ბევრად რბილია გამარჯვებული პარტიისთვის ფორის მიცემის იტალიურ და ბერძნულ მოდელებთან შედარებით. იტალიური სისტემა გამარჯვებულ პარტიას უქმნის პარლამენტში მანდატების აბსოლუტური უმრავლესობის მიღების გარანტიას, ხოლო ბერძნული მოდელი, რომელიც პარლამენტის მანდატების 17 პროცენტს იმთავითვე გამარჯვებულ პარტიას მიაკუთვნებს, ამ პარტიის მიერ აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობას მაქსიმალურად ზრდის. რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით გათვალისწინებულ მოდელს, იგი გამარჯვებულ პარტიას აძლევს ბევრად მცირე ფორას მანდატების განაწილებისას. ბოლო ხუთი არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, აღნიშნული ფორა შეადგენს საშუალოდ 5 პროცენტს, ხოლო ბოლო ოთხი არჩევნების შედეგების გათვალისწინებით - საშუალოდ 3,1 პროცენტს. შესაბამისად, შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემაში საარჩევნო სამართალში საყოველთაოდ ლეგიტიმურად აღიარებული პრინციპი - winner takes all ძალზე მცირე დოზით არის წარმოდგენილი.

ახალი საარჩევნო სისტემა უზრუნველყოფს საუკეთესო ბალანსს პლურალიზმისა და სტაბილურობის ინტერესებს შორის და ქმნის ნოყიერ ნიადაგს ქვეყნის დემოკრატიული სისტემის გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისათვის. გადაწყვეტილება პროპორციული სისტემის შემოღების თაობაზე ეფუძნება ოპტიმისტურ მოლოდინს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოში პოლიტიკური სისტემა განვითარების თვისებრივად სხვა საფეხურზე გადავა, რაც მინიმუმამდე შეამცირებს პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებულ რისკებს.

მუხლის მე-3 პუნქტი აკონკრეტებს პარლამენტის არჩევნების თარიღს - ოქტომბრის ბოლო შაბათ დღეს, რაც უზრუნველყოფს მანიპულირების პრევენციას თარიღის განსაზღვრისას და მეტ სიცხადეს შეიტანს საარჩევნო პროცესში. გარდა ამისა, დადგენილია არჩევნების დანიშვნის ინტერვალები პარლამენტის დათხოვნისა და საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევებისთვის.

მე-4 პუნქტი ითვალისწინებს კანდიდატისთვის ასაკობრივი ცენზის გაზრდას 21-დან 25 წლამდე. გარდა ამისა, აღნიშნული პუნქტი ამომწურავი ფორმით ადგენს ყველა პასიურ საარჩევნო ცენზს, რაც საარჩევნო უფლების დაცვის მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს.

მე-5 პუნქტი ითვალისწინებს 25000 ხელმოწერის შეგროვების მოთხოვნას არჩევნებში მონაწილეობის სურვილის მქონე პარტიისათვის. 25000 არის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1 პროცენტზე ნაკლები. შესაბამისად, ეს მოთხოვნა სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

მუხლი 38

პირველ პუნქტში შედარებით ცხადად არის განსაზღვრული პარლამენტის პირველი სხდომის თარიღი (არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა), აგრეთვე დაზუსტებულია პარლამენტის მუშაობის დაწყებისა და სრული უფლებამოსილების შეძენის საფუძვლები.

მე-2 პუნქტი წარმოდგენილია უცვლელი სახით.

მუხლი 39

პირველი პუნქტი წარმოდგენილია უცვლელი სახით.

მე-2 პუნქტში შეტანილია ტექნიკური სახის ცვლილებები და დაზუსტებულია დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის ვადა.

მე-3 პუნქტში შეტანილია ტექნიკური სახის დაზუსტებები.

მე-4 პუნქტში დაზუსტებულია შეუთავსებლობის შემთხვევები. კერძოდ, დადგენილია, რომ პარლამენტის წევრი შეიძლება ეწეოდეს საზოგადოებრივ საქმიანობას, აგრეთვე იგი შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ ან სახელოვნებო საქმიანობას, თუ ეს საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას. აღნიშნული ჩანაწერი სპორტული ფედერაციებისა და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებების ხელმძღვანელებს ანიჭებს პარლამენტის წევრის სტატუსის შეთავსების შესაძლებლობას, რაც საქართველოში წლების განმავლობაში მიღებული და დამკვიდრებული პრაქტიკაა.

მე-5 პუნქტში არსებითად შეტანილია ტექნიკური სახის დაზუსტებები. მკაცრდება საპარლამენტო მუშაობაში პასიური მონაწილეობის გამო პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. კერძოდ, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდება, თუ ის მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს.

მუხლი 40

პირველ და მე-2 პუნქტებში დაკონკრეტებულია პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევის კვორუმი (სრული შემადგენლობის უმრავლესობა). მცირე ცვლილება შედის ავტონომიური რესპუბლიკებიდან ასარჩევ მოადგილეებთან დაკავშირებით, რაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას უკავშირდება. მუხლის სხვა ჩანაწერები უცვლელი სახით არის წარმოდგენილი.

მუხლი 41

პირველი პუნქტი უცვლელი სახით არის წარმოდგენილი.

მე-2 პუნქტში შეტანილია არსებითად ტექნიკური ხასიათის შესწორებები.

მე-3 პუნქტის თანახმად, ფრაქციის წევრთა მინიმალურ რაოდენობად, ნაცვლად ექვსისა, განისაზღვრება შვიდი. აღნიშნული ცვლილება უკავშირდება 5-პროცენტიანი ბარიერის პირობებში პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, რაც ბარიერგადალახული პარტიის მიერ სულ მცირე 7 მანდატის მოპოვებას უზრუნველყოფს.

იგივე პუნქტი ახლებურად აწესრიგებს ფრაქციის შექმნის წესს. კერძოდ, განისაზღვრება, რომ ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ მხოლოდ ერთ ფრაქციაში. აღნიშნული ნორმა უზრუნველყოფს საქართველოში ევროპული პრაქტიკისა და ტრადიციის დამკვიდრებას, რომლის თანახმად ფრაქცია არის პარტიის ერთგვარი საპარლამენტო ეკვივალენტი.

იგივე პუნქტში შეტანილია ცვლილება, რომლის თანახმად ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება არა კანონითა და რეგლამენტით, არამედ მხოლოდ რეგლამენტით. ფრაქციის შესახებ კანონის მიღების საჭიროება მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას.

მუხლი 42

პირველ პუნქტში შეტანილია არსებითად ტექნიკური ხასიათის შესწორებები.

მე-2 პუნქტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას ანიჭებს საპარლამენტო ოპოზიციას. კერძოდ, ახალი რედაქციის თანახმად, საგამოძიებო კომისია იქმნება ე.წ. კვალიფიციური უმცირესობით, პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის გადაწყვეტილებით. გარდა ამისა, ახალი რედაქცია უზრუნველყოფს ოპოზიციისა და ფრაქციების ინტერესების უკეთეს დაცვას დროებითი კომისიის ფორმირებისას.

მე-3 პუნქტი ადგენს საგამოძიებო კომისიისთვის როგორც საბუთების, ისე ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებას.

მუხლი 43

მუხლში წარმოდგენილ ნორმებში შეტანილია არსებითად ტექნიკური ხასიათის შესწორებები. ახალი ნორმა ადგენს პარლამენტის წევრის კითხვაზე სრული და დროული პასუხის გაცემის ვალდებულებას.

კონსტიტუციიდან ამოღებულია ნორმა, რომელიც ითვალისწინებს მინისტრის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხის დასმას პარლამენტის მიერ. პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობის კონსტიტუციური სისტემა ეფუძნება მთავრობის კაბინეტური პასუხისმგებლობის პრინციპს. შესაბამისად, მინისტრის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხის დასმა ამ სისტემაში მიზანშეწონილი არ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ კონსტიტუციის მოქმედი ნორმა უაღრესად სუსტია თავისი შინაარსით (პრემიერმინისტრს პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილების ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვებაც შეუძლია) და არ ანიჭებს რაიმე განსაკუთრებულ ბერკეტს პარლამენტს.

მუხლი 44

პირველი პუნქტი წარმოდგენილია უცვლელი სახით.

მე-2 პუნქტი აზუსტებს, რომ რიგგარეშე სხდომა ტარდება ინიციატორის მიერ განსაზღვრული დღის წესრიგით.

მე-3 პუნქტში შეტანილი ცვლილების თანახმად, პარლამენტი იკრიბება არა საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებიდან 48 საათის განმავლობაში, არამედ ამ მდგომარეობის გამოცხადებისთანავე. აღნიშნული ჩანაწერი მოითხოვს პარლამენტის შეკრებას უადრეს შესაძლებელ დროს.

მე-4 პუნქტში დაზუსტებულია, რომ გადაწყვეტილება პარლამენტის სხდომის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ მიიღება დახურული წესით.

მე-5 პუნქტი წარმოდგენილია უცვლელი სახით.

მე-6 პუნქტში ახლებურადაა განსაზღვრული იმ პირთა წრე, რომლებიც ვალდებული არიან დაესწრონ პარლამენტში გამართულ შესაბამის სხდომებს და აღჭურვილი არიან შესაბამისი უფლება-მოვალეობებით.

მუხლი 45

პირველ პუნქტში შეტანილია ტექნიკური ხასიათის ცვლილებები.

მე-2 პუნქტი ადგენს, რომ პარლამენტი იღებს არა კანონპროექტს, არამედ კანონს. იცვლება ორგანული კანონის მიღების კვორუმი, რომელიც ნაცვლად სიითი შემადგენლობის უმრავლესობისა, განისაზღვრება სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

მე-3 პუნქტის ახალი რედაქცია ადგენს, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებები მიიღება დადგენილების სახით და განსაზღვრავს დადგენილების მიღების წესს.

მუხლი 46

მუხლში გადასინჯული და დაზუსტებულია კანონის ხელმოწერასთან და გამოქვეყნებასთან დაკავშირებული პროცედურები და ამ პროცედურების ვადები. ცვლილებები მეტწილად ტექნიკური ხასიათისაა.

მე-5 პუნქტი ადგენს, რომ პრეზიდენტის ვეტოს უფლებას არ ექვემდებარება კონსტიტუციური კანონი, რომელიც ორი მოწვევის პარლამენტის მიერაა მიღებული ან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უკავშირდება.

მუხლი 47

მუხლში შეტანილია ტექნიკური ხასიათის შესწორებები.

პირველი პუნქტის ახალი ნორმა ადგენს, რომ საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც ეხება ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლას, საჭიროებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერას.

კონსტიტუციიდან ამოღებულია ნორმა, რომელიც ადგენს პარლამენტში საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიკაციისთვის წარდგენის წესს. აღნიშნული წესი არ საჭიროებს კონსტიტუციურ მოწესრიგებას და უნდა დადგინდეს ჩვეულებრივი კანონით.

მუხლი 48

მუხლში გაერთიანებულია პრეზიდენტისა და სხვა თანამდებობის პირთა იმპიჩმენტთან დაკავშირებული ნორმები.

ახალი რედაქციის თანახმად, იმპიჩმენტის წესი დამატებით ვრცელდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსა და გენერალურ პროკურორზე.

პირველი პუნქტი ადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკითხის განხილვის 30-დღიან ვადას.

მე-5 პუნქტი ადგენს, რომ ამ მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირების (გარდა მთავრობის წევრებისა) გადაყენება შესაძლებელია მხოლოდ იმპიჩმენტის წესით. აღნიშნული ნორმა ადგენს უმნიშვნელოვანეს ახალ გარანტიას შესაბამისი კონსტიტუციური ორგანოების დამოუკიდებლობის დაცვის თვალსაზრისით.

თავი მეოთხე. საქართველოს პრეზიდენტი

მეოთხე თავის ახალი რედაქცია უზრუნველყოფს პრეზიდენტის არჩევნის წესისა და უფლებამოსილებების გადასინჯვას ევროპული საპარლამენტო დემოკრატიების საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. მეოთხე თავი ითვალისწინებს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღებას, რაც გამორიცხავს დისპროპორციას სახელმწიფოს მეთაურის ლეგიტიმაციის ხარისხსა და უფლებამოსილებებს შორის, აგრეთვე ჯეროვნად აწესრიგებს პრეზიდენტის უფლებამოსილებებსა და პრეზიდენტის აქტების კონტრასიგნაციის წესს. მეოთხე თავმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მოიპოვა სრული მხარდაჭერა, პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირი წესის გამოკლებით. კომისიის ექვსმა წევრმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის ძალაში დატოვებას.

მუხლი 49

კონსტიტუციის ახალ რედაქციაში პრეზიდენტის მაღალი სიმბოლური სტატუსი უზრუნველყოფილია უცვლელი სახით. კონსტიტუციიდან ამოღებული იქნება მხოლოდ ჩანაწერი, რომლის თანახმად „პრეზიდენტი კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას“. აღნიშნული ჩანაწერი მოკლებულია როგორც სამართლებრივ, ისე სიმბოლურ დატვირთვას და შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა მისი კონსტიტუციიდან ამოღება.

მიუხედავად იმისა, რომ მოცემული მუხლის ჩანაწერები ქართულ საზოგადოებაში გაურკვევლობას იწვევს, მიზანშეწონილია მათი უცვლელი სახით დატოვება:

ა) ჩანაწერი „სახელმწიფოს მეთაური“ ხშირად აღიქმება იმგვარად, თითქოს, კონსტიტუცია პრეზიდენტს ქვეყნის მართვის ფუნქციას ანიჭებს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. სახელმწიფოს მეთაურად პრეზიდენტს თუ მონარქს მოიხსენიებს თითქმის ყველა დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუცია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი ქვეყნის მართვის ფუნქციით აღჭურვილი. შესაბამისად, აღნიშნული ჩანაწერი არ შეიძლება გახდეს არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველი;

ბ) ჩანაწერი „სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი“ ხშირად აღიქმება იმგვარად, თითქოს, კონსტიტუცია პრეზიდენტს უქვემდებარებს სამხედრო ძალებს და ამით, მნიშვნელოვან ძალაუფლებას ანიჭებს. უმაღლეს მთავარსარდლად პრეზიდენტს თუ მონარქს მოიხსენიებს თითქმის ყველა დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუცია (გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, როგორიცაა მაგ. გერმანია და ნიდერლანდები), მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი სამხედრო ძალების მართვის ფუნქციით აღჭურვილი. საპარლამენტო მმართველობის პირობებში, უმაღლესი მთავარსარდლის სტატუსი მეტწილად ცერემონიული მნიშვნელობისაა და ასეთ სისტემაში სამხედრო ძალები აღმასრულებელ ხელისუფლებას, ანუ მთავრობას ექვემდებარება. შესაბამისად, არც აღნიშნული ჩანაწერი შეიძლება გახდეს არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველი;

გ) ჩანაწერი „პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში“ ხშირად აღიქმება იმგვარად, თითქოს, კონსტიტუცია პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკის წარმართვის უფლებამოსილებას ანიჭებს. ამ შემთხვევაშიც უნდა აღინიშნოს, რომ მაღალ წარმომადგენლობით სტატუსს პრეზიდენტს თუ მონარქს ანიჭებს თითქმის ყველა დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუცია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი მნიშვნელოვანი საგარეოპოლიტიკური უფლებამოსილებებით აღჭურვილი. საპარლამენტო მმართველობის პირობებში, საგარეო პოლიტიკას ახორციელებს მთავრობა და სწორედ მის მეთაურს აქვს მინიჭებული უპირატესი წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები. შესაბამისად, არც მოცემული ჩანაწერი შეიძლება გახდეს არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველი.

მუხლი 50

კონსტიტუციის ახალი რედაქცია ითვალისწინებს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღებას. პრეზიდენტი აირჩევა სპეციალური საარჩევნო კოლეგიის მიერ, რომელიც შედგება 150 პარლამენტის წევრისგან, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ყველა წევრისგან და პარტიების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნების შედეგების შესაბამისად დასახელებული ხმოსნებისგან.

საპარლამენტო სისტემის პირობებში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის მიზანშეწონილობას ცხადყოფს არაერთი გარემოება:

ა) საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის პირობებში არსებობს ძალზე დიდი დისბალანსი პრეზიდენტის ლეგიტიმაციასა და მის უფლებამოსილებას შორის, რაც ხშირად მნიშვნელოვან სისტემურ პრობლემებს განაპირობებს;

ბ) ზემოაღნიშნულ პრობლემას ადასტურებს ევროპული გამოცდილება. არც ერთ საპარლამენტო რესპუბლიკასა თუ მონარქიაში, სადაც სახელმწიფოს მეთაური არ არის პირდაპირი წესით არჩეული, დღემდე არ წარმოშობილა სისტემური პრობლემები. ამის საპირისპიროდ, ამგვარი სისტემური პრობლემები (საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე-რადიკალი, ოდიოზური და არაპროდასავლური ორიენტაციის მქონე კანდიდატების წარმატება, პრობლემური დავები პრეზიდენტებსა და მთავრობებს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე და ა.შ.) წარმოიშვა იმ საპარლამენტო რესპუბლიკების დიდ ნაწილში, სადაც პრეზიდენტებს პირდაპირი წესით ირჩევენ;

გ) საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული ლიდერი, რასაც, პრაქტიკულად, გამორიცხავს პირდაპირი არჩევნები. პირდაპირი არჩევნები მოითხოვს პარტიული სტრუქტურების სრულ ჩართვას საარჩევნო კამპანიაში, კამპანიის მრავალმილიონიან დაფინანსებას პარტიების მხრიდან და ა.შ. გარდა ამისა, პირდაპირი არჩევნებისას, კამპანია აგებულია კანდიდატებისა და პარტიების მწვავე ურთიერთდაპირისპირებასა და ურთიერთკრიტიკაზე, რაც ყოვლად შეუძლებელს ხდის პრეზიდენტად ზეპარტიული ფიგურის არჩევას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საპარლამენტო მმართველობის სრულყოფისათვის, მიზანშეწონილია საქართველოში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღება.

50-ე მუხლი ადგენს შედარებით მაღალ ასაკობრივ ცენზს პრეზიდენტობის კანდიდატისთვის. საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან (ნაცვლად 35 წლისა), რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელს მაინც.

მუხლი 51

პირველი პუნქტიდან ამოღებულია სიტყვები, რომლის თანახმად პრეზიდენტი ფიცის დადებამდე წარმოთქვამს საპროგრამო სიტყვას. საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტს ვერ ექნება პროგრამა და შესაბამისად, ვერც საპროგრამო სიტყვა. აქედან გამომდინარე, ახალი ნორმა პრეზიდენტს „ხალხისთვის მიმართვის“ უფლებას ანიჭებს.

უცვლელია პრეზიდენტის ფიცის ტექსტი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექსტი არ შეესატყვისება პრეზიდენტის უფლებამოსილებისა და ძალაუფლების შინაარსს. ამგვარი შეუსაბამობა დამახასიათებელია საპარლამენტო სისტემის მქონე ქვეყნებისთვის, რაც პრეზიდენტის მაღალ სიმბოლურ სტატუსს უკავშირდება.

მე-2 პუნქტში შეტანილია ტექნიკური ხასიათის შესწორებები.

მე-3 პუნქტი კვლავაც ადგენს პრეზიდენტის აბსოლუტურ იმუნიტეტს.

მე-4 პუნქტის თანახმად, პრეზიდენტს ეკრძალება არა მხოლოდ პარტიული თანამდებობის დაკავება, არამედ პოლიტიკური პარტიის წევრობაც. აღნიშნული დათქმა მიზნად ისახავს პრეზიდენტის ზეპარტიული სტატუსის უზრუნველყოფას.

საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე. კონსტიტუცია აღარ ადგენს დამატებით რეგულაციებს პრეზიდენტის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით.

მუხლი 52

პრეზიდენტის უფლებამოსილებების მოსაწესრიგებლად, კონსტიტუციაში ხორციელდება შემდეგი ძირითადი ცვლილებები:

ა) მთავრობის თანხმობას საჭიროებს როგორც სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკების წარმოება, საერთაშორისო ხელშეკრულებების დადება და ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციის მიღება, ისე საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება. გამომდინარე იქიდან, რომ საგარეო პოლიტიკის განხორციელება რჩება მთავრობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებად, საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოების, საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელების სფეროში საქართველოს მთავრობისთვის უპირატესი როლისა და ფუნქციის მინიჭება სრულად შეესაბამება კონსტიტუციური სისტემის საერთო ლოგიკას;

ბ) პრეზიდენტი ინარჩუნებს მთავრობის წარდგინებით ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებას, რაც სახელმწიფოს მეთაურების ერთ-ერთი ისტორიული და ტრადიციული უფლებამოსილებაა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნა საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტია, აღნიშნული პრეროგატივა უნდა განიმარტოს როგორც პრეზიდენტის ცერემონიული უფლებამოსილება. დიპლომატიური წარმომადგენლის განწესების მატერიალური კომპეტენცია უნდა ჰქონდეს მთავრობას, როგორც საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე ექსკლუზიურად პასუხისმგებელ ორგანოს. როლებისა და უფლებამოსილებების ამგვარი გამიჯვნა უპირობოდ არის აღიარებული ტრადიციულ საპარლამენტო დემოკრატიებში. იგივე პრინციპი უნდა გავრცელდეს პრეზიდენტის სხვა უფლებამოსილებებზეც, რომლებიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებას უკავშირდება;

გ) პრეზიდენტი ორგანული კანონით დადგენილი წესით გადაწყვეტს მოქალაქეობის, ხოლო კანონით დადგენილი წესით - თავშესაფრის მიცემის საკითხებს. პრეზიდენტის აღნიშნული უფლებამოსილებები პრაქტიკაში დღესაც ორგანული კანონისა და კანონის საფუძველზე ხორციელდება;

დ) კანონის დათქმა ვრცელდება ასევე სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების, უმაღლესი სამხედრო, სპეციალური და საპატიო წოდებების, უმაღლესი დიპლომატიური რანგების მინიჭებაზე, რაც ასევე შეესაბამება საქართველოში ამჟამად მოქმედ პრაქტიკას.

მე-2 პუნქტში შეტანილია ტექნიკური ხასიათის ცვლილებები.

მე-3 პუნქტში ჩანაწერი „პრეზიდენტი უფლებამოსილია მიმართოს ხალხს და პარლამენტს“ შეცვლილია ჩანაწერით - „პრეზიდენტი უფლებამოსილია მიმართოს ხალხს“. აღნიშნული ჩანაწერი წარსულში არასწორად იქნა ინტერპრეტირებული იმგვარად, რომ, თითქოს, იგი პრეზიდენტს პარლამენტისათვის ნებისმიერ დროს მიმართვის შესაძლებლობას ანიჭებს. ამგვარი არასწორი ინტერპრეტაციის გამოსარიცხად, მიზანშეწონილად ჩაითვალა მე-3 პუნქტში ზემოაღნიშნული ცვლილების განხორციელება.

კონსტიტუციიდან ამოღებულია მუხლი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ. კონსტიტუციის მოქმედი მუხლი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო. პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ისევე როგორც მთავრობის ადმინისტრაცია, პარლამენტის აპარატი და სხვ., მომავალში შეიქმნება და იფუნქციონირებს კონსტიტუციის ქვემდებარე სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

მუხლი 53

მუხლის ახალ რედაქციაში კონტრასიგნაციას დაქვემდებარებული პრეზიდენტის აქტების ჩამონათვალი განისაზღვრება შემდეგი ძირითადი ცვლილებებით:

ა) კონტრასიგნაციას დაექვემდებარება საომარი მდგომარეობის დროს გამოცემული აქტები;

ბ) კონტრასიგნაციის მოთხოვნიდან აღარ გამოირიცხება იმ სამართლებრივი აქტების ნაწილი, რომლებიც უკავშირდება თანამდებობის პირთა წარდგენას, დანიშვნას, გათავისუფლებასა და გადაყენებას;

გ) კონტრასიგნაციას დაექვემდებარება სპეციალური წოდებების მინიჭება, ხოლო აღარ დაექვემდებარება სახელმწიფო პრემიებისა და საპატიო წოდებების მინიჭება;

დ) კონტრასიგნაციას აღარ დაექვემდებარება თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებული აქტები;

ე) კონტრასიგნაციის დათქმიდან აღარ გამოირიცხება ის აქტები, რომლებიც გამოცემულია მთავრობის წარდგინებით ან წინასწარი თანხმობით.

კონსტიტუციაში რჩება ჩანაწერი, რომლის თანახმად პრეზიდენტის აქტის კონტრასიგნაციის შემთხვევაში, შესაბამის აქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მთავრობას. საქართველოს პრეზიდენტის სრული გათავისუფლება სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან ნიშნავს, რომ კონსტიტუცია შესაბამისი აქტის გამოცემის მატერიალურ უფლებამოსილებას მთავრობას, ფორმალურ უფლებამოსილებას კი პრეზიდენტს ანიჭებს. ანალოგიური მიდგომა უნდა გავრცელდეს კონტრასიგნაციას დაქვემდებარებული აქტის არგამოცემის მიმართაც. ჩანაწერი - „კონტრასიგნაციით გამოცემულ სამართლებრივ აქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას“ აქტის გამოცემა-არგამოცემის საკითხის გადაწყვეტის მატერიალურ უფლებამოსილებას არსებითად საქართველოს მთავრობას ანიჭებს.

თავი მეხუთე. საქართველოს მთავრობა

მეხუთე თავი ჩამოყალიბებულია სრულიად ახალი რედაქციით. მთავრობის თავი, რომელიც არის კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მთავარი სუსტი მხარე და უხეშად ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, ახალი რედაქციით სრულად შეესაბამება კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. მთავრობის თავმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მოიპოვა სრული მხარდაჭერა.

მუხლი 54

პირველი პუნქტი წარმოდგენილია უცვლელი სახით და იგი მთავრობას კვლავაც ანიჭებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელების, აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას.

მე-2 პუნქტი ადგენს მთავრობის როგორც ანგარიშვალდებულებას, ისე პასუხისმგებლობას პარლამენტის წინაშე. მთავრობის პასუხისმგებლობა პრაქტიკულ სამართლებრივ დატვირთვას იძენს უნდობლობის ვოტუმის საფუძველზე.

მე-3 პუნქტი უცვლელი სახით არის წარმოდგენილი.

მე-4 პუნქტი შედარებით ლაკონურად, მაგრამ სრულფასოვნად განსაზღვრავს სამინისტროსა და მინისტრის ფუნქციას.

მე-5 პუნქტში მცირე ტექნიკური ცვლილებებით განისაზღვრება სახელმწიფო მინისტრის სტატუსი და სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების წესი.

მე-6 პუნქტის ახალი რედაქცია მთავრობის წევრს უზღუდავს შემოქმედებითი საქმიანობის უფლებას, თუმცა, ანიჭებს შესაძლებლობას, დააფუძნოს საწარმო. ლაკონურობის პრინციპიდან გამომდინარე, მე-6 პუნქტიდან ამოღებულია ჩანაწერი მთავრობის წევრის გადადგომის უფლების შესახებ.

მე-7 პუნქტში მცირე ტექნიკური ცვლილებებით არის განსაზღვრული სახელმწიფო რწმუნებულების სტატუსი, ფუნქცია და დანიშვნის წესი.

მე-8 პუნქტი ჩამოყალიბებულია შინაარსობრივი ცვლილებების გარეშე, მცირე ტექნიკური შესწორებებით.

კონსტიტუციიდან ამოღებულია ნორმა, რომელიც პრეზიდენტს ანიჭებს მთავრობის სხდომის მოწვევის მოთხოვნისა და ამ სხდომაში მონაწილეობის უფლებას. გამომდინარე პრეზიდენტის მაღალი სიმბოლური სტატუსიდან, მიზანშეწონილი არ არის მან მონაწილეობა მიიღოს მთავრობის სხდომაში. გარდა ამისა, უფლებამოსილების გამიჯვნის პრინციპის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის პრეზიდენტი უშუალოდ ჩაერიოს მთავრობის დღის წესრიგის განსაზღვრაში.

მუხლი 55

პირველი პუნქტით დადგენილი ნორმა წარმოდგენილია უცვლელი სახით.

მე-2 პუნქტით დადგენილი ნორმები წარმოდგენილია შინაარსობრივი ცვლილებების გარეშე, მცირე ტექნიკური შესწორებებით.

მე-3 პუნქტი კვლავაც ადგენს პრემიერმინისტრის მაღალ სტატუსსა და ფართო უფლებამოსილებებს საგარეო პოლიტიკის სფეროში. პრემიერმინისტრი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში და დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს საქართველოს სახელით. გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობას ენიჭება საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიური უფლებამოსილება, კონსტიტუცია პრემიერმინისტრს ანიჭებს უპირატეს უფლებამოსილებებს საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმართვისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების სფეროში.

არსებითად უცვლელი სახით არის წარმოდგენილი მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი ნორმები.

მუხლი 56

კონსტიტუციაში სრულიად ახალი რედაქციით არის ჩამოყალიბებული მთავრობის ფორმირების პროცედურა. პარლამენტი მთავრობას ნდობას უცხადებს გამარტივებული პროცედურით, რომელიც სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან.

მუხლი 57

კონსტიტუციაში სრულიად ახალი რედაქციით არის ჩამოყალიბებული მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა. პარლამენტი მთავრობას უნდობლობას უცხადებს პროცედურით, რომელიც, განსხვავებით მოქმედი კონსტიტუციით დადგენილი პროცედურისგან, სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან. კონსტიტუციის ახალი რედაქცია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ადგენს უნდობლობის კონსტრუქციულ ვოტუმს და ამით, თვისებრივად ზრდის პარლამენტის როლსა და ძალაუფლებას ხელისუფლების დანაწილების სისტემაში. კონსტიტუციაში აღმოფხვრილია უმნიშვნელოვანესი ხარვეზი, რომელიც უხეშად ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლების დანაწილების ფუნდამენტურ პრინციპს.

კონსტიტუციიდან ამოღებულია მუხლი, რომლის თანახმად მთავრობის შემადგენლობის ერთი მესამედით შეცვლა მთავრობის ნდობის საკითხის სავალდებულო წესით ინიციირებას იწვევს. უნდობლობის გამოცხადების პროცედურის გადასინჯვის პირობებში, აღნიშნული მუხლის ძალაში დატოვება საჭირო აღარ არის.

მუხლი 58

კონსტიტუციას ემატება ახალი პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს პრემიერმინისტრის მიერ პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის საკითხის დასმას. პროცედურა სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან.

თავი მეექვსე. სასამართლო ხელისუფლება და პროკურატურა

მეექვსე თავში შედის უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის შემდგომ განმტკიცებას ემსახურება: იხვეწება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებების დამდგენი ნორმები, იუსტიციის საბჭოს ენიჭება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის უფლებამოსილება, განისაზღვრება უზანაესი სასამართლოს მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა, დგინდება მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპი და შესაბამისი გარანტიები, მკაცრდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა განწესებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების წესი, მკაფიოდ განისაზღვრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა, შემოდის მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე საბჭოს ანგარიშვალდებულების პრინციპი, დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოდ ყალიბდება საქართველოს პროკურატურა. მეექვსე თავის ახალი რედაქციის წინააღმდეგ ხმა მისცა კომისიის ექვსმა წევრმა, რასაც, არსებითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის უფლებამოსილების მინიჭება დაედო საფუძვლად. კომისიის აღნიშნული წევრები მიზანშეწონილად მიიჩნევდნენ ამ უფლებამოსილების საქართველოს პრეზიდენტისთვის დატოვებას.

მუხლი 59

59-ე მუხლის პირველი პუნქტი მკაფიოდ განსაზღვრავს სასამართლო ხელისუფლების სუბიექტებს - საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთო სასამართლოებს.

მე-2 პუნქტი წარმოდგენილია უცვლელი სახით.

მე-3 პუნქტს ემატება ჩანაწერი, რომელიც ითვალისწინებს საერთო სასამართლოების სისტემაში სპეციალიზებული სასამართლოების შექმნის შესაძლებლობას.

მუხლის სხვა ნორმებში შეტანილია ტექნიკური სახის შესწორებები.

მუხლი 60

პირველი პუნქტი წარმოდგენილია უცვლელი სახით.

მე-2 პუნქტით დადგენილია შედარებით მაღალი ასაკობრივი ცენზი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის (30-ის ნაცვლად, 35 წელი). გარდა ამისა, კონსტიტუცია ადგენს სპეციალობით მუშაობის 10-წლიანი სტაჟისა და გამორჩეული პროფესიული კვალიფიკაციის ცენზებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთათვის.

მე-3 პუნქტის ახალი რედაქცია ზღუდავს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევას.

მე-4 პუნქტი აზუსტებს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციებს:

ა) კონსტიტუციას ემატება ჩანაწერი ე.წ. კონკრეტულ ნორმათა კონტროლის შესახებ;

ბ) ორგანოს კომპეტენციის შესახებ დავაში მონაწილეობის უფლება ხაზგასმით ენიჭება სახალხო დამცველს, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალურ აუდიტორს, გენერალურ პროკურორს, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს;

გ) საკონსტიტუციო სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, პარტიის აკრძალვასთან ერთად, გადაწყვიტოს ამ პარტიის წარდგენით არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხიც;

დ) ჩამონათვალს ემატება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება;

ე) საკონსტიტუციო სასამართლო აღარ იმსჯელებს ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხზე. გარდა ამისა, დაუშვებლად ცხადდება არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა შესაბამისი საარჩევნო წლის განმავლობაში, თუ ეს ნორმა არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში არ არის მიღებული. გარდა ამისა, დაუშვებლად ცხადდება არჩევნების მომწესრიგებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა შესაბამის არჩევნებამდე 60 დღის განმავლობაში. აღნიშნული რეგლამენტაციის მიზანია, არ იქნეს დაშვებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიზანშეუწონელი ჩართვა პოლიტიკურ პროცესში;

ვ) ახალი რედაქცია ადგენს, რომ კონსტიტუციით განისაზღვრება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებების ამომწურავი ჩამონათვალი.

მე-7 პუნქტში შეტანილია ტექნიკური ხასიათის შესწორებები. გარდა ამისა, დადგენილია, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოების საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით. აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს შესაბამისი კანონის გარდაქმნას ორგანულ კანონად.

მუხლი 61

პირველი პუნქტი წარმოდგენილია უცვლელი სახით.

მე-2 პუნქტი ადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მინიმალურ რაოდენობას (25 მოსამართლე). ახალი რედაქციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლეები აირჩევიან არა საქართველოს პრეზიდენტის, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით. აღნიშნული ცვლილება ეფუძნება ვენეციის კომისიის 2010 წლის შესაბამის რეკომენდაციას. მუხლის ახალი რედაქცია ზღუდავს ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე.

მუხლი 62

პირველი პუნქტი ითვალისწინებს სანქციის დაწესებას სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის ან შესრულებისათვის ხელის შეშლისთვის.

მე-2 და მე-3 პუნქტები წარმოდგენილია უცვლელი სახით.

მე-4 პუნქტიდან ამოღებულია ჩანაწერი, რომელიც ეხება სახელმწიფო ენის შესწავლასა და სამართალწარმოებასთან დაკავშირებული შესაბამისი საკითხების გადაწყვეტას. აღნიშნული ნორმის ადგილი არ არის სასამართლო ხელისუფლების მომწესრიგებელ თავში.

მე-5 პუნქტი წარმოდგენილია უცვლელი სახით.

მუხლი 63

პირველი პუნქტი წარმოდგენილია უცვლელი სახით.

მე-2 პუნქტი აერთიანებს საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა იმუნიტეტის მომწესრიგებელ ნორმებს.

მე-3 პუნქტი წარმოდგენილია უცვლელი სახით.

მე-4 პუნქტი წარმოდგენილია უცვლელი სახით, მცირე ტექნიკური შესწორებით.

მე-5 პუნქტი ადგენს უმნიშვნელოვანეს ახალ გარანტიებს მოსამართლეთა შეუცვლელობის უზრუნველსაყოფად. კონსტიტუცია ადგენს, რომ სასამართლოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია არ შეიძლება გახდეს უვადოდ განწესებული მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი. აღნიშნული ნორმა მაღალი სტანდარტით დაიცავს სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების დამოუკიდებლობას.

მე-6 პუნქტი ადგენს მოსამართლეთა უვადოდ განწესების წესს. 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მოსამართლის პირველად განწესების შემთხვევაში. აღნიშნული დათქმის საჭიროებას განაპირობებს ის გარემოება, რომ საქართველოში არ ფუნქციონირებს შესაბამისი რესურსებით აღჭურვილი იუსტიციის უმაღლესი სკოლა, რომელიც უზრუნველყოფდა სათანადოდ მომზადებული და გამოცდილი კადრების განწესებას მოსამართლის თანამდებობაზე.

მე-6 პუნქტი ადგენს, რომ მოსამართლე ინიშნება კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის ნიშნით. ახალი ნორმა ითვალისწინებს იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებას კვალიფიციური - ორი მესამედის უმრავლესობით.

მუხლი 64

პირველ პუნქტში ახალი რედაქციით განისაზღვრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქცია.

მე-2 პუნქტის ახალი რედაქცია აკონკრეტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობას. ნორმა ადგენს, რომ საბჭოს წევრებს, რომლებიც არ აირჩევიან მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ან რომელიც არ ინიშნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი.

მე-3 პუნქტი ადგენს საბჭოს ანგარიშვალდებულებას მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე.

მე-4 პუნქტით დადგენილ ნორმაში შეტანილია ტექნიკური სახის შესწორება.

მუხლი 65

კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, პროკურატურა გადის აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემიდან და ყალიბდება დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოდ. გენერალურ პროკურორს 6 წლის ვადით ირჩევს პარლამენტი. პროკურატურა ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. მუხლის მე-4 პუნქტი ითვალისწინებს პროკურატურის საკითხთა მოწესრიგებას ორგანული კანონით.

თავი მეშვიდე. სახელმწიფო ფინანსები და კონტროლი

მეშვიდე თავში აისახა ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინადადებები და შევიდა ბიუჯეტთან და გადასახადებთან დაკავშირებული ცვლილებები. მეშვიდე თავის წინააღმდეგ ხმა მისცა კომისიის მხოლოდ ორმა წევრმა, რომელიც არ ეთანხმებოდა 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის დათქმას რეფერენდუმის თაობაზე.

მუხლი 66

პირველი პუნქტი წარმოდგენილია უმნიშვნელო ცვლილებებით.

მე-2 პუნქტი წარმოდგენილია არსებითად უცვლელი სახით. ახალი რედაქცია აუცილებელი წესით არ ითვალისწინებს საბიუჯეტო წლის დამთხვევას კალენდარულ წელთან.

მე-3 პუნქტი უცვლელია.

მე-4 პუნქტით დადგენილ ნორმაში შეტანილია ტექნიკური სახის ცვლილებები.

მუხლიდან ამოღებულია ნორმა, რომელიც ითვალისწინებს ბიუჯეტის არმიღების სავალდებულო წესით დაკავშირებას უნდობლობის ვოტუმთან.

მე-5 პუნქტი წარმოდგენილია მცირე ტექნიკური შესწორებით.

მე-6 პუნქტი ხაზგასმით ადგენს პრეზიდენტის ვეტოს უფლებას ბიუჯეტის კანონის მიმართ.

მე-7 პუნქტი წარმოდგენილია უცვლელი სახით.

მუხლი 67

პირველი პუნქტის ახალი რედაქცია მოითხოვს გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების ან განაკვეთების ფარგლების (თვითმმართველობის შემთხვევაში) კანონით დადგენას.

მე-2 და მე-3 პუნქტები წარმოდგენილია მცირე ტექნიკური შესწორებებით.

მუხლი 68

პირველი და მე-2 პუნქტები წარმოდგენილია ტექნიკური ცვლილებებით.

მე-3 პუნქტის ახალი ნორმა ადგენს, რომ ეროვნული ბანკის საქმიანობა არ ექვემდებარება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ზედამხედველობას. აღნიშნული ნორმის მიზანია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცება.

მე-4 პუნქტი აზუსტებს, რომ ფულის სახელწოდება და ერთეული განისაზღვრება ორგანული კანონით.

მე-5 პუნქტი წარმოდგენილია მცირე ტექნიკური ცვლილებით.

მუხლი 69

პირველ პუნქტში დაზუსტებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფუნქცია.

მე-2 პუნქტით დადგენილ ნორმაში შეტანილია მეტწილად ტექნიკური სახის შესწორებები.

მე-3 და მე-4 პუნქტები წარმოდგენილია უცვლელი სახით.

მე-5 პუნქტში შეტანილია მეტწილად ტექნიკური სახის შესწორებები.

მე-6 და მე-7 პუნქტები წარმოდგენილია უცვლელი სახით.

თავი მერვე

მერვე თავის ახალი რედაქცია სრულფასოვნად აწესრიგებს თავდაცვისა და უსაფრთხოების, საგანგებო და საომარი მდგომარეობის საკითხებს, რომლებიც მოქმედი კონსტიტუციით ძალზე ბუნდოვნად არის მოწესრიგებული. ახალი რედაქცია ადგენს სამხედრო ძალების მართვის წესს, აზუსტებს საომარი და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძვლებს, აწესრიგებს საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს ადამიანის უფლებების შეზღუდვის პირობებსა და წესს, აზუსტებს სამხედრო ძალების გამოყენების პირობებს, ეროვნული უშიშროების საბჭოს ანაცვლებს ეროვნული თავდაცვის საბჭოთი, რომლის სტატუსი და უფლებამოსილება სრულად შეესაბამება კონსტიტუციური სისტემის საერთო ლოგიკას. მერვე თავის ახალმა რედაქციამ მოიპოვა სრული მხარდაჭერა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში.

მუხლი 70

70-ე მუხლის პირველი პუნქტი წარმოდგენილია უცვლელი სახით.

მე-2 პუნქტში ჩანაწერი „სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმას ადგენს კანონი“ იცვლება ჩანაწერით - „სამხედრო სამსახურის გავლის წესს ადგენს კანონი“. ახალი რედაქცია აღარ მოითხოვს ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის უპირობო არსებობას.

მე-3 პუნქტი აზუსტებს სამხედრო და სხვა შეიარაღებული ძალების ფუნქციას. ახალი რედაქციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით ამტკიცებს სამხედრო ძალების საერთო სტრუქტურას, ხოლო პარლამენტი მთავრობის წარდგინებით - სამხედრო ძალების რაოდენობას.

ახალი ნორმის თანახმად, სამხედრო ძალები მოქმედებენ თავდაცვის მინისტრის ბრძანებით კანონით დადგენილი წესით, ხოლო საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს - პრემიერმინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ნორმა აწესრიგებს საომარი და საგანგებო მდგომარეობის მართვის სისტემას, რომელიც მოქმედი კონსტიტუციით სრულიად მოუწესრიგებელია. საომარი და საგანგებო მდგომარეობის მართვა განხორციელდება იმავე სუბორდინაციის სისტემის შესაბამისად, რომელიც მოქმედებს მშვიდობიან დროს, რაც უზრუნველყოფს მართვის ეფექტიანობას.

მუხლი 71

პირველი პუნქტი საომარი მდგომარეობის გამოცხადების საფუძვლად დამატებით განსაზღვრავს საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის უშუალო საფრთხეს. საომარ მდგომარეობას აცხადებს პრეზიდენტი პრემიერმინისტრის წარდგინებით და ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შეაქვს პარლამენტში დასამტკიცებლად.

მე-2 პუნქტში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძვლებიდან ამოღებულია ომიანობა, რომლის სამართლებრივი განსაზღვრება ძალზე ბუნდოვანია. „ეკოლოგიური კატასტროფა“ იცვლება სიტყვებით „ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფა“. საგანგებო მდგომარეობას პრეზიდენტი აცხადებს მთავრობის წარდგინებით და ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შეაქვს პარლამენტში დასამტკიცებლად.

მე-3 პუნქტის ახალი რედაქცია საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს გამოცემულ დეკრეტებს ანიჭებს არა კანონის, არამედ ორგანული კანონის ძალას. არსებითად სავალუტო რეზერვების სათანადო დაცვის უზრუნველსაყოფად, დადგენილია, რომ ეროვნული ბანკის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული დეკრეტი გამოიცემა ეროვნული ბანკის თანხმობით. მე-3 პუნქტში დაზუსტებულია დეკრეტის დამტკიცების პროცედურა და ამ პროცედურის იურიდიული შედეგები.

მე-4 პუნქტი ადგენს კონსტიტუციის მეორე თავის იმ დებულებებს, რომელთა მოქმედების შეჩერებაც არის დეკრეტით შესაძლებელი. აღნიშნული დებულებების შეჩერება აუცილებელი შეიძლება გახდეს საგანგებო და საომარი მდგომარეობის ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად.

მე-5 პუნქტში შეტანილია არსებითად ტექნიკური ხასიათის შესწორებები.

მე-6 პუნქტი ადგენს საგანგებო და საომარი მდგომარეობის გაუქმების წესს, რომელიც კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით დადგენილი არ არის.

მე-7 პუნქტი ადგენს საერთო კვორუმს (სრული შემადგენლობის უმრავლესობას) ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე მისაღები საპარლამენტო გადაწყვეტილებებისთვის.

მუხლი 72

პირველი პუნქტის ახალი რედაქციის თანახმად, სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს მთავრობის წარდგინებით და დაუყოვნებლივ შეაქვს ეს გადაწყვეტილება პარლამენტში დასამტკიცებლად. ამასთან, პრემიერმინისტრს ენიჭება საომარი მდგომარეობის, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფისა და ეპიდემიის დროს სამხედრო ძალების დამოუკიდებლად გამოყენების უფლება.

მუხლის ახალი რედაქციის თანახმად, მთავრობის წარდგინებით მიიღება პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისი მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზეც.

მუხლი 73

კონსტიტუცია ითვალისწინებს ეროვნული უშიშროების საბჭოს ნაცვლად ეროვნული თავდაცვის საბჭოს შექმნას. არსებულ სისტემაში ეროვნული უშიშროების საბჭოს არსებობა მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს. ეროვნული უშიშროების საბჭო რჩევას აძლევს პრეზიდენტს საკითხებზე (სამხედრო აღმშენებლობა და თავდაცვის ორგანიზება), რომლებიც მთავრობის უფლებამოსილების სფეროს მიეკუთვნება, რაც უფლებამოსილებათა უხეშ აღრევაზე მიანიშნებს. ეროვნული უშიშროების საბჭოსგან განსხვავებით, ეროვნული თავდაცვის საბჭო იქმნება საომარი მდგომარეობის დროს კონსტიტუციური ორგანოების საერთო კოორდინაციის უზრუნველსაყოფად. საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი და მისი მუდმივი წევრები არიან პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და სამხედრო ძალების მეთაური.

თავი მეცხრე

მეცხრე თავი ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ გარანტიებს. ახალი რედაქცია განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულის კორპორაციულ სტატუსს, განამტკიცებს ორგანიზაციული და საკადრო პოლიტიკის ავტონომიის პრინციპებს, ადგენს თანამშრომლობისა და გაერთიანების უფლებას, მოითხოვს კონსულტაციების გამართვას სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე და სხვ. მეცხრე თავის ახალი რედაქცია სრულად შეესაბამება ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიას და მან მოიპოვა სრული მხარდაჭერა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში.

მუხლი 74

74-ე მუხლის პირველ პუნქტში შეტანილია არსებითად ტექნიკური სახის ცვლილებები.

მე-2 პუნქტი ადგენს თვითმმართველი ერთეულის კორპორაციულ სტატუსს და მას საჯარო სამართლის იურიდიულ პირად აცხადებს.

მე-3 პუნქტი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებას ორგანული კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 75

პირველი პუნქტი ადგენს უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპს, მეორე პუნქტი - უფლებამოსილებათა უნივერსალობის პრინციპს, მე-3 პუნქტი - ძირითად საკუთარ უფლებამოსილებათა ექსკლუზიურობის პრინციპს, მე-4 პუნქტი - თვითმმართველ ერთეულზე უფლებამოსილებათა დელეგირების წესს, ხოლო მე-5 პუნქტი - სამართლებრივი და მიზანშეწონილობის მოტივით ზედამხედველობის პრინციპებს. ამ მუხლის თითოეული ჩანაწერი სრულად შეესაბამება ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის პრინციპებსა და დებულებებს.

მუხლი 76

პირველი პუნქტი წარმოდგენილია უცვლელი სახით და უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსებისა და ქონების გამიჯვნას სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების რესურსებისგან. მე-2 პუნქტი ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციული და საკადრო პოლიტიკის ავტონომიის პრინციპებს. მე-3 პუნქტი ადგენს თვითმმართველ ერთეულთა თანამშრომლობის და გაერთიანების უფლებებს. მე-4 პუნქტი ითვალისწინებს თვითმმართველ ერთეულთა სავალდებულო ჩართულობას მათთან დაკავშირებული სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მე-5 პუნქტი განამტკიცებს თვითმმართველი ერთეულის იურისდიქციული ავტონომიის პრინციპს.

თავი მეათე. კონსტიტუციის გადასინჯვა

მეათე თავის ახალი რედაქციით შემოღებულია ე.წ. პლურალური ვოტუმის პრინციპი კონსტიტუციის გადასინჯვისთვის, რაც არის მნიშვნელოვანი ნოვაცია ქართული კონსტიტუციური პრაქტიკისთვის. მეათე თავმა მოიპოვა სრული მხარდაჭერა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში.

მუხლი 77

77-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებში შეტანილია ტექნიკური სახის ცვლილებები.

მე-3 და მე-4 პუნქტები ითვალისწინებს ე.წ. პლურალური ვოტუმის შემოღებას კონსტიტუციის გადასინჯვისთვის. კერძოდ, კონსტიტუციური კანონის მიღება შესაძლებელია ორი მესამედის უმრავლესობით ორი მოწვევის პარლამენტის მიერ. ერთი მოწვევის პარლამენტის მიერ კონსტიტუციის გადასინჯვა შესაძლებელია მხოლოდ სამი მეოთხედის უმრავლესობით. ერთი მოწვევის პარლამენტის მიერ კონსტიტუციის გადასინჯვა ორი მესამედის უმრავლესობით შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცვლილება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უკავშირდება.

თავი მეთერთმეტე. გარდამავალი დებულებები

მეთერთმეტე თავი შეიცავს მხოლოდ ერთ ნორმას, რომელიც ადგენს კონსტიტუციური ორგანოების ვალდებულებას, მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. მეთერთმეტე თავმა მოიპოვა სრული მხარდაჭერა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში.

მუხლი 78

კონსტიტუციას ემატება დროებითი რეგულაცია, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს განსაკუთრებულ დავალებას განუსაზღვრავს. კონსტიტუციურ ორგანოებს კონსტიტუცია ავალებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომის მიღებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

გარდამავალი დებულებები

კონსტიტუციური კანონი შეიცავს გარდამავალ დებულებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მისი ნორმების ჯეროვან ამოქმედებას:

ა) საკონსტიტუციო ცვლილებები ამოქმედდება მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. შესაბამისად, მომავალ წელს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება მოქმედი კონსტიტუციით დადგენილი წესით და 6 წლით გადავადდება მმართველობის ახალი სისტემის სრულფასოვანი ამოქმედება. აღნიშნული ნორმა ეფუძნება პერსონალურ ფაქტორთან დაკავშირებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას;

ბ) ორგანული კანონის სტატუსი ავტომატურად მიენიჭება ყველა იმ კანონს, რომლის ორგანულ კანონად გარდაქმნა გათვალისწინებულია კონსტიტუციის ახალი რედაქციით;

გ) საპარლამენტო ფრაქციების შექმნის შესახებ დადგენილი ახალი შეზღუდვები (7 წევრი, ერთი წარმდგენი - ერთი ფრაქცია) არ ამოქმედდება მიმდინარე მოწვევის პარლამენტში შექმნილი ან შესაქმნელი ფრაქციების მიმართ;

დ) მოქმედ მოსამართლეებს, რომლებიც უვადოდ არიან დანიშნული, ავტომატურად არ გაუგრძელდებათ უფლებამოსილება უვადოდ. ისინი უვადოდ განწესდებიან მხოლოდ უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ მათი უვადოდ განწესების შემთხვევაში;

ე) კონსტიტუციის მეორე თავში შეტანილი შინაარსობრივი, სტრუქტურული თუ ტექნიკური ცვლილებები არ გამოიწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელების დასაშვებობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებას. გარდამავალი დებულება უშვებს შესაბამისი გადაწვეტილებების მხოლოდ გადაკვალიფიცირებას, რაც საკონსტიტუციო სასამართლოსა და მოსარჩელეს შორის კონსულტაციის საფუძველზე უნდა განხორციელდეს;

ვ) გარდამავალი დებულება ადგენს, რომ კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ შეიძლება მიღებულ იქნეს იმ სათაურისგან განსხვავებული სათაურით, რომელიც განისაზღვრება მოქმედი კონსტიტუციით.

ბ) კონსტიტუციური კანონის პროექტის ფინანსური დასაბუთება:

ბ.ა) კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო

კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღება არ წარმოშობს დამატებით ხარჯებს.

ბ.ბ) კონსტიტუციური კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღებას არ ექნება გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კონსტიტუციური კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე

კონსტიტუციური კანონის პროექტი ითვალისწინებს ეროვნული უშიშროების საბჭოს ჩანაცვლებას ეროვნული თავდაცვის საბჭოთი, რომელიც არ არის მუდმივმოქმედი ორგანო. აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს შესაბამისი ხარჯის (1,8 მილიონი ლარი) შემცირებას სახელმწიფო ბიუჯეტში.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები

კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღება სახელმწიფოს არ აკისრებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.

ბ.ე) კონსტიტუციური კანონის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება

კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღება არ განაპირობებს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.

ბ.ვ) კონსტიტუციური კანონის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი

კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას ან მისი ოდენობის ან ოდენობის განსაზღვრის პრინციპის ცვლილებას.

გ) კონსტიტუციური კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან

გ.ა) კონსტიტუციური კანონის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან

კონსტიტუციური კანონის პროექტი სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან.

გ.ბ) კონსტიტუციური კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან

კონსტიტუციური კანონის პროექტი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან.

გ.გ) კონსტიტუციური კანონის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან

კონსტიტუციური კანონის პროექტი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან.

დ) კონსტიტუციური კანონის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კონსტიტუციური კანონის პროექტის შემუშავებაში

კონსტიტუციური კანონის პროექტი მომზადდა საქართველოს პარლამენტის მიერ დაფუძნებული სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში. კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების, კონსტიტუციური ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები. კონსტიტუციური კანონის პროექტი კომისიის მიერ მოწონებულ იქნა 43 ხმით 8-ის წინააღმდეგ.

დ.ბ) კონსტიტუციური კანონის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ

კონსტიტუციური კანონის პროექტს არ ერთვის მის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის, დაწესებულების ან ექსპერტის შეფასება.

ე) კონსტიტუციური კანონის პროექტის ავტორი

კონსტიტუციური კანონის პროექტი მომზადდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ.  

ვ) კონსტიტუციური კანონის პროექტის ინიციატორი

კონსტიტუციური კანონის პროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის 108 წევრი:

ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე, გოგი მეშველიანი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გოგა გულორდავა, კახაბერ კუჭავა, გიორგი კოპაძე, გურამ მაჭარაშვილი, ეკა ბესელია, პაატა კვიჟინაძე, ფატი ხალვაში, ზვიად ძიძიგური, სულხან მახათაძე, გიორგი მოსიძე, გიორგი კახიანი, ცოტნე ზურაბიანი, შალვა კიკნაველიძე, გელა სამხარაული, ირინე ფრუიძე, სამველ მანუკიანი, მამუკა მდინარაძე, თამაზ ნავერიანი, ირაკლი სესიაშვილი, მახირ დარზიევი, ისკო დასენი, გრიგოლ მიქელაძე, ირაკლი შიოლაშვილი, თეიმურაზ ჭკუასელი, სვეტლანა კუდბა, ლევან გოგიჩაიშვილი, ზაზა ხუციშვილი, ნინო წილოსანი, კობა ნარჩემაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, მარიამ ჯაში, დიმიტრი ხუნდაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, რატი იონათამიშვილი, თეიმურაზ კოხრეიძე, ოთარ ჩრდილელი, ბექა ოდიშარია, მერაბ ქვარაია, კობა კობალაძე, რომან მუჩიაშვილი, აკაკი ზოიძე, მიხეილ ყაველაშვილი, კობა ლურსმანაშვილი, გიორგი ხატიძე, ანრი ოხანაშვილი, ზაზა გაბუნია, ვანო ზარდიაშვილი, თამარ ხულორდავა, არჩილ ხაბაძე, გიგა ბუკია, მუხრან ვახტანგაძე, ელგუჯა გოცირიძე, ილია ნაკაშიძე, პაატა მხეიძე, იოსებ მაკრახიძე, ირაკლი კოვზანაძე, რომან კაკულია, რევაზ არველაძე, შოთა ხაბარელი, გენადი მარგველაშვილი, ალექსანდრე ქანთარია, არჩილ თალაკვაძე, სიმონ ნოზაძე, დიმიტრი მხეიძე, ბიძინა გეგიძე, ზაზა პაპუაშვილი, ირაკლი აბუსერიძე, გიორგი თოთლაძე, ვიქტორ ჯაფარიძე, ალექსანდრე ერქვანია, ირაკლი მეზურნიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი ბეგაძე, სავალან მირზოევი, ირაკლი ბერაია, რუსლან გაჯიევი, გედევან ფოფხაძე, ლევან კობიაშვილი, ერეკლე ტრიპოლსკი, ანზორ ბოლქვაძე, კარლო კოპალიანი, გია ბენაშვილი, გოჩა ენუქიძე, კობა ნაკაიძე, დავით სონღულაშვილი, ლევან ბეჟანიძე, ლერი ხაბელოვი, დიმიტრი სამხარაძე, მირიან წიკლაური, რუსლან პოღოსიანი, ნინო გოგუაძე, სოფიო ქაცარავა, დავით ჭიჭინაძე, თენგიზ ხუბულური, ირაკლი ხახუბია, ენძელა მაჭავარიანი, ივლიანე წულაია, დიმიტრი ცქიტიშვილი, ლევან კობერიძე, ოთარ დანელია, გუგული მაღრაძე.

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ

მუხლი 1

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის საქართველოს განუყოფელი ტერიტორიული ერთეული.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მოიცავს ტერიტორიას ამ კანონის მიღების დღისათვის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა დასაშვებია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის ინიციატივის საფუძველზე საქართველოს ორგანული კანონით.

3. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხელისუფლება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული ხელისუფლების ორგანოების შექმნა.

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ სრული შემადგენლობის ორი მესამედით და ძალაში შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებისთანავე.

5. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს დროშა და გერბი, რომლებიც განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშასა და გერბში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშისა და გერბის ელემენტები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშისა და გერბის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით.

6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბათუმი.

მუხლი 2

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტებით.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ უფლებამოსილებებს დამოუკიდებლად ახორციელებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებული უფლებამოსილებებია:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მიღება;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრა;

გ) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის მიღება და მისი შესრულების კონტროლი;

დ) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა;

ე) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის, ტყის და წყლის რესურსების მართვა და განკარგვა;

ვ) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და განვითარება;

ზ) ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საავტომობილო გზების და სხვა ინფრასტრუქტურის მართვა;

თ) ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, შემოქმედებითი და სპორტული დაწესებულებების შექმნა, მართვა და მხარდაჭერა;

ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების დადგენა და მინიჭება;

კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამსახურის მართვა.

3. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი უფლებამოსილება ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის, გარემოს დაცვის სფეროში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ განეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ უფლებამოსილებას ან ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ საკუთარ უფლებამოსილებას და რომლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით არ გამოირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებიდან.

4. სახელმწიფოს მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის უფლებამოსილებათა დელეგირება დასაშვებია კანონით, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით.

5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სარგებლობს ფინანსური ავტონომიით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველსაყოფად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საქართველოს კანონის საფუძველზე შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების ნაწილი, აგრეთვე სპეციალური დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს ქონება, რომლის ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 3

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას და აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.

2. უმაღლესი საბჭო შედგება 4 წლის ვადით არჩეული არა უმეტეს 21 დეპუტატისგან. უმაღლესი საბჭო აირჩევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები ტარდება უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის პირველ კვირა დღეს. არჩევნებს საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩევნებამდე არა უგვიანეს მე-60 დღისა ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. უმაღლესი საბჭოს დეპუტატების რაოდენობა განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, ხოლო მათი არჩევის წესი საქართველოს კანონმდებლობით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და კანონმდებლობით. უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია.

3. უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა იმართება არჩევნებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა და მას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. უმაღლესი საბჭო მუშაობას შეუდგება, თუ დადასტურებულია უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება.

4. დაუშვებელია უმაღლესი საბჭოს წევრი იმავდროულად იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრი. შეუთავსებლობის სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცით და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.

5. უმაღლესი საბჭო:

ა) იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებს;

ბ) ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;

გ) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;

დ) სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს;

ე) ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებს და საპატიო წოდებებს;

ვ) ახორციელებს ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონს, გარდა კონსტიტუციისა, ხელს აწერს და აქვეყნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. იგი უფლებამოსილია კანონპროექტი შენიშვნებით დაუბრუნოს უმაღლეს საბჭოს. უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს, რომელთა მისაღებად საკმარისია კანონპროექტის მისაღებად დადგენილი ხმათა როდენობა. კანონპროექტის პირვანდელი რედაქციით მისაღებად საჭიროა უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. თუ მთავრობის თავმჯდომარე ხელს არ აწერს კანონს, მას ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე ან უმაღლესი საბჭოს დათხოვნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლისთანავე.

8. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის თანხმობით დაითხოვოს უმაღლესი საბჭო, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას, იგი ვერ ახორციელებს ამ კანონითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს ან მან ზედიზედ ორჯერ არ დაამტკიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. უმაღლესი საბჭოს დათხოვნა იწვევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტას. უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში მის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილებებს ახორციელებს დროებითი სახელმწიფო საბჭო, რომელსაც ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. დროებითი სახელმწიფო საბჭოს უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე. დროებითი სახელმწიფო საბჭოს მიერ მიღებული კანონი ექვემდებარება უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებას მისი უფლებამოსილების ცნობიდან ერთი თვის ვადაში. თუ უმაღლესი საბჭო აღნიშნულ ვადაში არ დაამტკიცებს დროებითი სახელმწიფო საბჭოს მიერ მიღებულ კანონს, იგი ძალადაკარგულად გამოცხადებულად ჩაითვლება. უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება მისი დათხოვნიდან არა უადრეს 60 და არა უგვიანეს 90 დღისა. თუ გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა ან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნები ტარდება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან 60 დღის ვადაში. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

9. უმაღლესი საბჭოს შიდა ორგანიზაცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით და უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული რეგლამენტით.

მუხლი 4

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შედგება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებისაგან.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცებას კენჭი ეყრება ერთიანად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ უმაღლესი საბჭო არ დაამტკიცებს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია 10 დღის ვადაში უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მთავრობის იგივე ან სხვა შემადგენლობა.

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნოს და გადააყენოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს და ახორციელებს ამ კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების შექმნა დასაშვებია მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით განსაზღვრულ სფეროებში.

6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინაშე.

7. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია შეაჩეროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის ან მთავრობის წევრის აქტის მოქმედება ან გააუქმოს ეს აქტი, თუ ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ამ კანონს, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, საქართველოს კანონებს და საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივ აქტებს.

8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უფლებამოსილება უწყდება:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ უნდობლობის გამოცხადებისას;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომისას ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტისას;

დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნისას.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.

10. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, რომლის პროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

მუხლი 5

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“.

3. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 6 თვისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს ამ კანონიდან გამომდინარე ცვლილებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში. საქართველოს ორგანული კანონით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების დამტკიცებამდე ძალაშია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მოქმედი დებულებები.

განმარტებითი ბარათი

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ

ა) ზოგადი ინფორმაცია კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ:

ა.ა) კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღების მიზეზი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მოქმედი რედაქცია შეიცავს მნიშვნელოვან ხარვეზებს როგორც შინაარსობრივი, ისე ტექნიკური თვალსაზრისით. კონსტიტუციური კანონი ვერ უზრუნველყოფს უფლებამოსილებების მკაფიო და ჯეროვან გამიჯვნას სახელმწიფოს, ავტონომიურ რესპუბლიკასა და თვითმმართველ ერთეულებს შორის, მნიშვნელოვანი ხარვეზებით არის დარეგულირებული ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ინსტიტუციური მოწყობა. კონსტიტუციური კანონი გაუმართავია იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით.

ა.ბ) კონსტიტუციური კანონის პროექტის მიზანი

კონსტიტუციური კანონის პროექტის მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებებისა და ინსტიტუციური მოწყობის ჯეროვანი მოწესრიგება. ახალი კონსტიტუციური კანონით არ იცვლება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის, უფლებამოსილებისა და ინსტიტუციური მოწყობის განსაზღვრის საერთო პრინციპები, რომლებსაც მოქმედი კონსტიტუციური კანონი ეფუძნება.

ა.გ) კონსტიტუციური კანონის პროექტის ძირითადი არსი

კონსტიტუციური კანონი სრულად ანაცვლებს მოქმედ კონსტიტუციურ კანონს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“. პროექტი ადგენს შემდეგ ძირითად დებულებებს:

მუხლი 1

არსებითად უცვლელი რჩება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგად სტატუსთან, ტერიტორიულ იურისდიქციასთან, ხელისუფლების განხორციელების ზოგად პრინციპთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებასთან, სიმბოლიკასთან და ადმინისტრაციულ ცენტრთან დაკავშირებული დებულებები.

მუხლი 2

მე-2 მუხლი ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ უფლებამოსილებებს, რომლებიც ახალ კონსტიტუციურ კანონში მკაფიოდ არის გამიჯნული სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციებისგან. ახალი ნორმა ადგენს უფლებამოსილებათა უნივერსალობის პრინციპს, რომლის თანახმად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი უფლებამოსილება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ განეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ უფლებამოსილებას ან ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ საკუთარ უფლებამოსილებას და რომლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით არ გამოირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებიდან. მე-4 პუნქტით განსაზღვრული ახალი ნორმა ადგენს სახელმწიფოს მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე უფლებამოსილების დელეგირების შესაძლებლობას. მე-5 პუნქტი განამტკიცებს ფინანსებისა და ქონების გამიჯვნის პრინციპს.

მუხლი 3

მე-3 მუხლი ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სტატუსს, არჩევის, აგრეთვე უფლებამოსილების ცნობისა და შეწყვეტის წესს, უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობის შემთხვევებს, უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიღებისა და გამოქვეყნების პროცედურას, აგრეთვე უმაღლესი საბჭოს დათხოვნის საფუძვლებსა და წესს. უმაღლესი საბჭოს სტატუსისა და უფლებამოსილების განსაზღვრის საერთო პრინციპები არსებითად შეესაბამება მოქმედი კონსტიტუციური კანონით დადგენილ პრინციპებს.

მუხლი 4

მე-4 მუხლი აწესრიგებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტატუსს, შემადგენლობას, ფორმირების წესს, მთავრობის თავმჯდომარის სტატუსსა და უფლებამოსილებებს, მთავრობის სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოების წინაშე, უფლებამოსილების შეწყვეტის წესს და მთავრობის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს. მთავრობის სტატუსის, ფორმირების წესისა და უფლებამოსილების განსაზღვრის საერთო პრინციპები არსებითად შეესაბამება მოქმედი კონსტიტუციური კანონით დადგენილ პრინციპებს.

მუხლი 5

გარდამავალი დებულებები ითვალისწინებს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებასა და მოქმედი კონსტიტუციური კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას ამ კანონის გამოქვეყნებისთანავე. მე-3 პუნქტი ადგენს ამ კანონის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის გადასინჯვის ვადებსა და პროცედურას.

ბ) კონსტიტუციური კანონის პროექტის ფინანსური დასაბუთება:

ბ.ა) კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო

კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღება არ წარმოშობს დამატებით ხარჯებს.

ბ.ბ) კონსტიტუციური კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღებას არ ექნება გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კონსტიტუციური კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე

კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები

კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღება სახელმწიფოს არ აკისრებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.

ბ.ე) კონსტიტუციური კანონის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება

კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღება არ განაპირობებს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.

ბ.ვ) კონსტიტუციური კანონის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი

კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას ან მისი ოდენობის ან ოდენობის განსაზღვრის პრინციპის ცვლილებას.

გ) კონსტიტუციური კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან

გ.ა) კონსტიტუციური კანონის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან

კონსტიტუციური კანონის პროექტი სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან.

გ.ბ) კონსტიტუციური კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან

კონსტიტუციური კანონის პროექტი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან.

გ.გ) კონსტიტუციური კანონის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან

კონსტიტუციური კანონის პროექტი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან.

დ) კონსტიტუციური კანონის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კონსტიტუციური კანონის პროექტის შემუშავებაში

კონსტიტუციური კანონის პროექტი მომზადდა საქართველოს პარლამენტის მიერ დაფუძნებული სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში. კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების, კონსტიტუციური ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები. კონსტიტუციური კანონის პროექტი კომისიის მიერ მოწონებულ იქნა ერთხმად.

დ.ბ) კონსტიტუციური კანონის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ

კონსტიტუციური კანონის პროექტს არ ერთვის მის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის, დაწესებულების ან ექსპერტის შეფასება.

ე) კონსტიტუციური კანონის პროექტის ავტორი

კონსტიტუციური კანონის პროექტი მომზადდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ.

ვ) კონსტიტუციური კანონის პროექტის ინიციატორი

კონსტიტუციური კანონის პროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის 108 წევრი:

ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე, გოგი მეშველიანი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გოგა გულორდავა, კახაბერ კუჭავა, გიორგი კოპაძე, გურამ მაჭარაშვილი, ეკა ბესელია, პაატა კვიჟინაძე, ფატი ხალვაში, ზვიად ძიძიგური, სულხან მახათაძე, გიორგი მოსიძე, გიორგი კახიანი, ცოტნე ზურაბიანი, შალვა კიკნაველიძე, გელა სამხარაული, ირინე ფრუიძე, სამველ მანუკიანი, მამუკა მდინარაძე, თამაზ ნავერიანი, ირაკლი სესიაშვილი, მახირ დარზიევი, ისკო დასენი, გრიგოლ მიქელაძე, ირაკლი შიოლაშვილი, თეიმურაზ ჭკუასელი, სვეტლანა კუდბა, ლევან გოგიჩაიშვილი, ზაზა ხუციშვილი, ნინო წილოსანი, კობა ნარჩემაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, მარიამ ჯაში, დიმიტრი ხუნდაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, რატი იონათამიშვილი, თეიმურაზ კოხრეიძე, ოთარ ჩრდილელი, ბექა ოდიშარია, მერაბ ქვარაია, კობა კობალაძე, რომან მუჩიაშვილი, აკაკი ზოიძე, მიხეილ ყაველაშვილი, კობა ლურსმანაშვილი, გიორგი ხატიძე, ანრი ოხანაშვილი, ზაზა გაბუნია, ვანო ზარდიაშვილი, თამარ ხულორდავა, არჩილ ხაბაძე, გიგა ბუკია, მუხრან ვახტანგაძე, ელგუჯა გოცირიძე, ილია ნაკაშიძე, პაატა მხეიძე, იოსებ მაკრახიძე, ირაკლი კოვზანაძე, რომან კაკულია, რევაზ არველაძე, შოთა ხაბარელი, გენადი მარგველაშვილი, ალექსანდრე ქანთარია, არჩილ თალაკვაძე, სიმონ ნოზაძე, დიმიტრი მხეიძე, ბიძინა გეგიძე, ზაზა პაპუაშვილი, ირაკლი აბუსერიძე, გიორგი თოთლაძე, ვიქტორ ჯაფარიძე, ალექსანდრე ერქვანია, ირაკლი მეზურნიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი ბეგაძე, სავალან მირზოევი, ირაკლი ბერაია, რუსლან გაჯიევი, გედევან ფოფხაძე, ლევან კობიაშვილი, ერეკლე ტრიპოლსკი, ანზორ ბოლქვაძე, კარლო კოპალიანი, გია ბენაშვილი, გოჩა ენუქიძე, კობა ნაკაიძე, დავით სონღულაშვილი, ლევან ბეჟანიძე, ლერი ხაბელოვი, დიმიტრი სამხარაძე, მირიან წიკლაური, რუსლან პოღოსიანი, ნინო გოგუაძე, სოფიო ქაცარავა, დავით ჭიჭინაძე, თენგიზ ხუბულური, ირაკლი ხახუბია, ენძელა მაჭავარიანი, ივლიანე წულაია, დიმიტრი ცქიტიშვილი, ლევან კობერიძე, ოთარ დანელია, გუგული მაღრაძე.