„ევროპის სატელეკომუნიკაციო სატელიტური ორგანიზაციის EUTELSAT-ის შესწორებული კონვენცია“

„ევროპის სატელეკომუნიკაციო სატელიტური ორგანიზაციის EUTELSAT-ის შესწორებული კონვენცია“
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/07/1942
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 05/01/2005
ძალაში შესვლის თარიღი 28/11/2002
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000570
-
15/07/1942
გაურკვეველი, -, 05/01/2005
480610000.03.030.000570
„ევროპის სატელეკომუნიკაციო სატელიტური ორგანიზაციის EUTELSAT-ის შესწორებული კონვენცია“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ევროპის სატელეკომუნიკაციო სატელიტური ორგანიზაციის EUTELSAT-ის შესწორებული კონვენცია

პრეამბულა

სახელმწიფო მხარეები ამ კონვენციის შესახებ,

თუ ხაზს გავუსვამთ თანამგზავრის მეშვეობით დამყარებული ტელეკომუნიკაციების მნიშვნელობას ხალხებსა და ეკონომიკებს შორის ურთიერთობათა განვითარების მიზნით, და მათ სურვილს გაძლიერდეს თანამშრომლობა ამ სფეროში,

თუ აღვნიშნავთ, რომ ევროპის ტელეკომუნიკაციათა თანამგზავრული ორგანიზაცია INTERIM EUTELSAT-ი დაარსდა ევროპის ტელეკომუნიკაციათა თანამგზავრული სისტემის მზა სამოქმედო სივრცის დასაქმების მიზნით,

თუ მხედველობაში მივიღებთ ხელშეკრულების შესაბამის დებულებებს სახელმწიფოთა პრინციპების შესახებ გარე სივრცის გამოკვლევა-გამოყენებაზე, მთვარისა და სხვა ციური სხეულების ჩათვლით, მიღებულს ლონდონში, მოსკოვსა და ვაშინგტონში 1967 წლის 27 იანვარს,

სურვილით გაგრძელდეს ევტელსატის სატელეკომუნიკაციო თანამგზავრული სისტემის ჩამოყალიბება და ექსპლუატაცია, როგორც ნაწილი ტრანსევროპული სატელეკომუნიკაციო ქსელისა, რომელიც უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო მომსახურებას ყველა მინაწილე ქვეყნისათვის, ზიანის მიყენების გარეშე იმ სახელმწიფოთა ნებისმიერი უფლებებისა და მოვალეობისადმი, რომელთაც გააფორმეს შესაბამისი ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებები.

ევროპაში და მსოფლიოში ტექნოლოგიური, ეკონომიკური, ნორმატიული და პოლიტიკური განვითარების თვალყურის დევნისა და საჭიროების მიხედვით, ადაპტირების აუცილებლობის აღიარებით, კერძოდ EUTELSAT-ის საოპერატორო საქმიანობის და შესაბამისი აქტივების ეროვნული იურისდიქციას დაქვემდებარებულ სააქციო საზოგადოებაში გადატანის სურვილისა, ასეთი კომპანიის ხელმძღვანელობა უნდა განხორციელდეს კეთილთვისებიან ეკონომიკურ და ფინანსურ საფუძველზე, რაც შეესაბამება კომერციულ სფეროში პრინციპებს და შეთანხმების პრინციპებს,

 თანხმდებიან შემდეგზე:

მუხლი 1

(განსაზღვრებები)

 განსაზღვრებები მოქმედებს მხოლოდ ამ კონვენციასთან მიმართებაში

ა) „კონვენცია“ − კონვენცია, რომლის საფუძველზეც დაარსდა ევროპის სატელეკომუნიკაციო სატელიტური ორგანიზაცია EUTELSAT-ი. კონვენცია გულისხმობს მის პრეამბულას, დანართებს და შემდგომ შესწორებებსაც. მთავრობების მიერ კონვენციაზე ხელმოწერა დაიწყო პარიზში 1982 წლის 15 ივლისს;

ბ) „დროებითი შეთანხმება“ − შეთანხმება ევროპის გარდამავალ სატელეკომუნიკაციო სატელიტური ორგანიზაციის კონსტიტუციის შესახებ INTERIM EUTELSAT-ი, რომელიც შეიქმნა პარიზში 1977 წლის 13 მაისს ადმინისტრაციებსა და აღიარებულ კერძო მოქმედ დაწესებულებებს შორის და ინახება საფრანგეთის ადმინისტრაციასთან;

გ) „ECS“ ხელშეკრულება − გარდამავალი ხელშეკრულების დამატებითი ხელშეკრულება, რომელიც ეხება თანამგზავრული სატელეკომუნიკაციო სისტემის სივრცულ სეგმენტს, განსაზღვრულს ფიქსირებული მომსახურებისათვის (ECS) და რომელიც ხელმოწერილ იქნა პარიზში 1978 წლის 10 მარტს;

დ) „მხარე“ − სახელმწიფო, რომელიც შეუერთდა ამ კონვენციას ან დროებით გახდა მისი წევრი;

ე) „EUTELSAT-ის გენერალური დირექტორი“ − EUTELSAT-ის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი;

ვ) „EUTELSAT-ის აღმასრულებელი მდივანი“ − EUTELSAT-ის სამდივნოს ხელმძღვანელი;

ზ) „EUTELSAT S.A“ − სააქციო საზოგადოება, რომელიც ექვემდებარება ერთ-ერთი მხარის კანონმდებლობას. თავდაპირველად განლაგებული იქნება საფრანგეთში;

თ) „სივრცული სეგმენტი“ − სატელეკომუნიკაციო თანამგზავრების გარკვეული რაოდენობა, გარდა ამისა, ჩამწერი, ტელეაღმრიცხველი, კონტროლი, მონიტორინგის და თანამგზავრთა საოპერაციო უზრუნველყოფის სხვა მოწყობილობები;

ი) „თანამგზავრული სისტემა“ − სივრცის ნაწილის ფარგლებში შექმნილი ერთეული და ის სახმელეთო სადგურები, რომლებიც უკავშირდებიან ამ სივრცულ სეგმენტს;

კ) „ტელეკომუნიკაცია“− ნებისმიერი სიგნალის, გამოსახულების, ბგერის ნებისმიერი სახლით გადაცემა გაყვანილობის, რადიო, ოპტიკური ან სხვა ელექტრომაგნიტური სისტემის საშუალებით;

ლ) „ძირითადი პრინციპები“ − წინამდებარე კონვენციის მე-3 მუხლში მითითებული პრინციპები;

მ) „შეთანხმება“ − შეთანხმება EUTELSAT-სა და EUTELSAT S.A-ს შორის, რომლის მიზანია EUTELSAT-სა და EUTELSAT S.A-ს შორის ურთიერთობის და მათი შესაბამისი ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, საკანონმდებლო ჩარჩოების წარმოდგენა, რომელიც EUTELSAT-ს საშუალებას მისცემს უზრუნველყოს ზედამხედველობა და EUTELSAT S.A-ის მიერ ძირითადი პრინციპების შესრულება.

მუხლი 2

(EUTELSAT და EUTELSAT S.A.-ს დაარსება)

ა) მხარეები ქმნიან ევროპის სატელეკომუნიკაციო სატელიტურ ორგანიზაცია EUTELSAT-ს, შემდგომში წოდებულს EUTELSAT-ად;

ბ) 1) EUTELSAT S.A. დაარსებულია, რათა გაუწიოს ექსპლუატაცია თანამგზავრულ სისტემებს და უზრუნველყოს თანამგზავრული მომსახურება, და ამ მიზნით EUTELSAT-ის აქტივები და საოპერაციო საქმიანობა გადატანილ იქნება EUTELSAT S.A.-ში.

2) EUTELSAT S.A. დაექვემდებარება იმ ქვეყნის სადამფუძნებლო აქტებსა და კანონებს, რომელშიც ის დაარსდა.

3) მხარესა და EUTELSAT S.A.-ას შორის დასადები შეთანხმების შესაბამისად, ნებისმიერი მხარე, რომლის ტერიტორიაზე იქნება განლაგებული EUTELSAT S.A.-ს შტაბ-ბინა ან რომლის ტერიტორიაზე იმყოფება და/ან ექსპლუატაცია გაეწევა აქტივებს, მიიღებს ყველა აუცილებელ შესაბამის ზომას EUTELSAT S.A. -ს შექმნის და ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის“ ;

გ) „EUTELSAT“-სა და „EUTELSAT S.A.“-ს შორის ურთიერთობა განსაზღვრულია შეთანხმებით;

დ) კონვენციის „ა“ დანართის შესაბამისი მუხლები უზრუნველყოფენ EUTELSAT-სა და EUTELSAT S.A.-ს შორის საქმიანობათა მემკვიდრეობას.

მუხლი 3

(EUTELSAT-ის მიზანი)

ა) EUTELSAT-ის მთავარი ამოცანაა, კომპანია EUTELSAT S.A.-ს მიერ წინამდებარე მუხლში ჩამოყალიბებული ძირითადი პრინციპების შესრულების უზრუნველყოფა. ეს პრინციპებია:

i) საერთო სარგებლობის მომსახურების/უნივერსალური მომსახურების ვალდებულებები: ეს ვალდებულებები გამოიყენება კოსმოსურ სეგმენტსა და ამ კოსმოსური სეგმენტის გამოყენებასთან მიმართებაში, ისეთი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, რომლებიც დაკავშირებული არიან საერთო სარგებლობის კომუტირებულ სატელეფონო ქსელთან; აუდიოვიზუალური მომსახურებები და მომავალი მომსახურებები წარმოდგენილი იქნებიან ეროვნული წესებისა და საერთაშორისო შეთანხმებების, კერძოდ, ტრანს საზღვრული ტელევიზიის შესახებ ევროპული კონვენციის შესაბამისობაში და იმ წესებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით, რომლებიც გამოიყენება უნივერსალური მომსახურების კონცეფციასა და საინფორმაციო საზოგადოებასთან მიმართებაში;

ii) თანამგზავრული სისტემით ევროპის სრული დაფარვა: კომპანია EUTELSAT S.A. მისი თანამგზავრული სისტემის მიერ ევროპის სრული დაფარვის წყალობით, მიზნად ისახავს ეკონომიკურ საფუძველზე მომსახურების გაწევას ყველა იმ ზონისთვის, სადაც არსებობს წევრი-სახელმწიფოების მოთხოვნილება საკომუნიკაციო მომსახურებაზე;

iii) დისკრიმინაციის არარსებობა: მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევა წარმოდგენილია სამართლიანობის საფუძველზე, კომერციული მოქნილობისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობის გამონაკლისით;

iv) სამართლიანი კონკურენცია − კომპანია EUTELSAT S.A. დაექვემდებარება სამართლიან კონკურენციასთან დაკავშირებულ ყველა მოქმედ კანონმდებლობასა და წესებს.

ბ) EUTELSAT-ის მიზანია, ასევე, უზრუნველყოს მემკვიდრეობითობა საერთაშორისო კანონებისა და ვალდებულებების სფეროში, EUTELSAT-იდან EUTELSAT S.A.-ში გადატანილი კოსმოსური სეგმენტის ექსპლუატაციიდან გამომდინარე, კერძოდ, რადიორეგლამენტის სფეროში სიხშირეთა გამოყენებასთან დაკავშირებით.

მუხლი 4

(იურიდიული ასპექტი)

ა) „EUTELSAT“ წარმოადგენს იურიდიულ პირს;

ბ) „EUTELSAT“ უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც მისი ფუნქციების განსახორციელებლად არის საჭირო, კერძოდ:

1) ხელშეკრულების დადება;

2) უძრავი და მოძრავი ქონების შეძენა, დაქირავება, შენახვა და გადაცემა;

3) იურიდიულ პროცესში მხარედ გამოსვლა;

4) სახელმწიფოებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან ხელშეკრულებების დადება.

მუხლი 5

(დანახარჯები)

ა) ევტელსატის ხარჯებისა და დანახარჯების დაფარვის მიზნით, შეთანხმების შესაბამისად, EUTELSAT-სა და კომპანია EUTELSAT S.A.-ს შორის დაიდება შეთანხმებები;

ბ) დანახარჯები, დაკავშირებული სამდივნოს შექმნასა და ფუნქციონირებასთან, რომლებიც შეზღუდვის გარეშე, ითვალისწინებს შენობების არენდისა და შენახვის, ხელფასებსა და პერსონალის პრემიალურ ხარჯებს, მხარეთა ასამბლეის ორგანიზებისა და ჩატარების ხარჯებს EUTELSAT-სა და მხარეებს შორის, ასევე სხვა ორგანიზაციებთან საკონსულტაციო ხარჯებს და EUTELSAT-ის მიერ მე-3 მუხლის შესაბამისად განხორციელებულ იმ ღონისძიებათა ხარჯებს, რომელთა მიზანია კომპანია EUTELSAT S.A.-ს მიერ ძირითადი პრინციპების შესრულების უზრუნველყოფა, ეკისრება კომპანია EUTELSAT S.A.-ს, შეთანხმებით გათვალისწინებული ზღვრების ფარგლებში, მე-5 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად.

მუხლი 6

(EUTELSAT-ის სტრუქტურა)

ა) EUTELSAT შედგება შემდეგი ორგანოებისაგან:

1) მხარეთა ასამბლეა;

2) სამდივნო, აღმასრულებელი მდივნით სათავეში;

2) თითოეული ორგანო მოქმედებს იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც მინიჭებული აქვს მას კონვენციით.

მუხლი 7

(მხარეთა ასამბლეა, შემადგენლობა და შეხვედრები)

ა) მხარეთ ასამბლეა შედგება ყველა მხარისაგან;

ბ) ერთი მხარე მხარეთა ასამბლეის შეხვედრაზე შეიძლება წარმოადგენდეს მეორე მხარეს, მხარეს არ აქვს ორზე მეტი მხარის წარმოდგენის უფლება;

გ) მხარეთა ასამბლეის პირველ შეხვედრას იწვევ გენერალური დირექტორი კონვენციის ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში. შემდგომი შეხვედრები გაიმართება ორ წელიწადში ერთხელ, თუ რასაკვირველია, მხარეთა ასამბლეა სხვა სახის ინტერვალს არ დააწესებს;

დ) მხარეთა ასამბლეა უფლებამოსილია მოიწვიოს საგანგებო შეხვედრა ერთი ან მეტი მხარის მოთხოვნით, თუ ამ მოთხოვნას მხარს უჭერს სულ ცოტა მხარეთა ერთი მესამედი ან კომპანია EUTELSAT S.A.-ს მოთხოვნით. ასეთი სახის მოთხოვნაში ახსნილი უნდა იყოს საგანგებო შეხვედრის მოთხოვნის მიზეზები;

ე) თითოეული მხარე თავად კისრულობს შეხვედრაზე დასწრების ხარჯების ანაზღაურებას.

მუხლი 8

(მხარეთა ასამბლეა − პროცედურა)

ა) თითოეულ მხარეს აქვს ერთი ხმის უფლება ასამბლეაში. მხარეები, რომლებიც თავს იკავებენ კენჭისყრაში მონაწილეობისაგან, განიხილებიან, როგორც ხმის არმიმცემი მხარეები;

ბ) მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე მხარეთა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3). მხარე, რომელიც წარმოადგენს „ბ)“ პუნქტის მიხედვით სხვა ერთ ან ორ მხარეს, შესაბამისად, აძლევს იმდენ ხმას, რამდენ მხარესაც წარმოადგენს;

გ) პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღება კენჭისყრაში მონაწილე მხარეთა უბრალო უმრავლესობით, თითოეული მხარე ერთი ხმით იქნება წარმოდგენილი;

დ) მხარეთა ასამბლეის შეხვედრაზე კვორუმის უზრუნველსაყოფად საჭიროა სულ ცოტა მხარეთა ერთი მესამედის დასწრება;

ე) მხარეთა ასამბლეა მიიღებს პროცედურულ წესებს, რაც შესაბამისობაში უნდა იყოს კონვენციის დებულებებთან, კერძოდ, იმ მუხლებთან, რომლებიც განსაზღვრავენ:

1) თავმჯდომარის ან სხვა პასუხისმგებელი პირის არჩევას;

2) შეხვედრების მოწვევას;

3) წარმომადგენლობისა და აკრედიტაციის საკითხებს;

4) კენჭისყრის პროცედურებს.

მუხლი 9

(მხარეთა ასამბლეა − ფუნქციები)

მხარეთა ასამბლეას ექნება შემდეგი ფუნქციები:

ა) განსაზღვროს კომპანია EUTELSAT S.A.-ის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ძირითად პრინციპებთან. ამასთან დაკავშირებით, კომპანია EUTELSAT S.A.-ს შეუძლია წარმოადგინოს რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება მხარეთა ასამბლეის მიერ;

ბ) უზრუნველყოს კომპანია EUTELSAT S.A.-ს მიერ ძირითადი პრინციპების დაცვა შეთანხმების შესაბამისად;

გ) მიიღოს გადაწყვეტილებები ამ შეთანხმებაში წარმოდგენილი ცვლილებების შესახებ, იმ პირობით, რომ ასეთი ცვლილებები განპირობებული იქნება შეთანხმების ორივე მხარის ორმხრივი თანხმობით;

დ) მიიღოს შესაბამისი ზომები საერთაშორისო კანონებისა და ვალდებულებების საკითხში მემკვიდრეობითობის უზრუნველსაყოფად, EUTELSAT-იდან EUTELSAT S.A.-ში გადატანილი კოსმოსური სეგმენტის ექსპლოატაციიდან გამომდინარე, კერძოდ, რადიორეგლამენტის სფეროში სიხშირეთა გამოყენებასთან დაკავშირებით;

ე) მიიღოს გადაწყვეტილება EUTELSAT-სა და სახელმწიფოებს (იქნება ეს სახელმწიფო მხარე თუ არა), ან საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ოფიციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებით, კერძოდ, აწარმოოს მოლაპარაკებები კონვენციის მე-12 მუხლის „გ)“ პუნქტში ნახსენები შტაბ-ბინის ხელშეკრულების შესახებ;

ვ) მიიღოს გადაწყვეტილება ყველა წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია კონვენციის მოქმედების შეჩერებისაკენ მუხლი 14-ის „გ)“ პუნქტის შესაბამისად;

ზ) განიხილოს მხარეების მიერ წარმოდგენილი საჩივრები;

თ) კონვენციის მე-13 მუხლის თანახმად, მიიღოს გადაწყვეტილება EUTELSAT-იდან მხარის გარიცხვის თაობაზე;

ი) კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად მიიღოს გადაწყვეტილება კონვენციაში შესწორების შეტანის თაობაზე და კომპანია EUTELSAT S.A.-ში წარადგინოს ნებისმიერი წინადადება შესწორების თაობაზე, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს კომპანიის საქმიანობის წარმართვაზე;

კ) კონვენციის მე-18 მუხლის „ე)“ პუნქტის მიხედვით, მიიღოს გადაწყვეტილება კონვენციაზე მიერთების მოთხოვნასთან დაკავშირებით;

ლ) კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად, დანიშნოს და გაათავისუფლოს აღმასრულებელი მდივანი და აღმასრულებელი მდივნის რეკომენდაციის საფუძველზე განსაზღვროს სამდივნოს საკადრო შემადგენლობა, სტატუსი, სამუშაოზე მიღების პირობები, შეთანხმების გათვალისწინებით;

მ) დანიშნოს სამდივნოს უმაღლესი პირი, რომელიც მოქმედებს როგორც შემსრულებელი აღმასრულებელი მდივანი, აღმასრულებელი მდივნის არყოფნის, ან მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების შეუძლებლობის ან ამ პოსტის ვაკანტურად გამოცხადების შემთხვევაში;

ნ) დაამტკიცოს ყოველწლიური და ორწლიანი ბიუჯეტი;

ო) დაამტკიცოს ცვლილებები კომპანია EUTELSAT S.A.-ს ადგილმდებარეობის შესახებ, შეთანხმების პირობების შესაბამისად.

მუხლი 10

(სამდივნო)

ა) სამდივნოს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი მდივანი, რომელსაც ნიშნავს მხარეთა ასამბლეა;

ბ) აღმასრულებელი მდივნის მანდატის ხანგრძლივობა შეადგენს 4 წელიწადს, თუ მხარეთა ასამბლეა არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას;

გ) მოტივირებული გადაწყვეტილებით, მხარეთა ასამბლეას შეუძლია გაიწვიოს აღმასრულებელი მდივანი სამანდატო ვადის დასრულებამდე;

დ) აღმასრულებელი მდივანი არის EUTELSAT-ის კანონიერი წარმომადგენელი. იგი მოქმედებს მხარეთა ასამბლეის ხელმძღვანელობით და გააჩნია უშუალო პასუხისმგებლობა მის წინაშე, სამდივნოსათვის დაკისრებული ყველა ფუნქციის შესრულებაზე;

ე) აღმასრულებელ მდივანს გააჩნია უფლება დანიშნოს სამდივნოს მთელი პერსონალი, მხარეთა ასამბლეის მიერ დამტკიცების პირობით, მე-9 მუხლის მე-11 ქვეპუნქტის შესაბამისად;

ვ) აღმასრულებელი მდივნის პოსტზე ვაკანსიის ან აღმასრულებელი მდივნის არყოფნის ან მასზე დაკისრებული ფუნქციების შეუძლებლობის შემთხვევაში, აღმასრულებელი მდივნის მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც სათანადოდ დანიშნულია მხარეთა ასამბლეის მიერ, გააჩნია კონვენციით აღმასრულებელი მდივნისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი;

ზ) აღმასრულებელი მდივანი და სამდივნოს პერსონალი თავს იკავებს ნებისმიერი მოქმედებებისაგან, რომლებიც არ შეესაბამება მათ ვალდებულებებს EUTELSAT-ში.

მუხლი 11

(უფლებები და მოვალეობები)

ა) მხარეები სარგებლობენ იმ უფლებებითა და ეკისრებათ ის მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია კონვენციით. ამ უფლება-მოვალეობათა განხორციელება უნდა შეესაბამებოდეს კონვენციის დებულებებს;

ბ) ყველა მხარე სარგებლობს უფლებით დაესწროს ყველა შეხვედრას და კონვენციას, სადაც მათი დასწრების უფლება განსაზღვრულია კონვენციის დებულებებით. მათ აგრეთვე, უფლება აქვთ დაესწრონ EUTELSAT-ის ეგიდით მოწყობილ შეხვედრებს, მიუხედავად იმისა, თუ სად ეწყობა ეს შეხვედრა;

გ) იმგვარი კონფერენციის ან შეხვედრის მოწყობის შემთხვევაში, რომელიც გაიმართება იმ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სადაც განთავსებულია EUTELSAT-ის შტაბ-ბინა, აღმასრულებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ მასპინძელი მხარე არ არის წინააღმდეგი ამგვარი ღონისძიების მოწყობისა და მზად არის მიიღოს ღონისძიების მონაწილეები კონფერენციის მიმდინარეობის განმავლობაში.

მუხლი 12

(EUTELSAT-ის შტაბ-ბინა, პრივილეგიები, გამონაკლისები და იმუნიტეტები)

ა) EUTELSAT-ის შტაბ-ბინა განთავსებულია საფრანგეთში;

ბ) EUTELSAT-ი და მისი საკუთრება კონვენციის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილების ფარგლებში მხარეთა ტერიტორიაზე თავისუფლდება საშემოსავლო და ქონების პირდაპირი დაბეგვრისაგან, აგრეთვე საბაჟო გადასახადებისაგან;

გ) თითოეული მხარე EUTELSAT-ს ანიჭებს შესაბამის პრივილეგიებს, შეღავათებს და იმუნიტეტს პროტოკოლის მიხედვით, აგრეთვე მის ოფიციალურ წარმომადგენლებს, იმ თანამშრომლებს, რომლებიც ჩამოთვლილნი არიან პროტოკოლში, მხარეებს, მხარეთა წარმომადგენლებს. კერძოდ, თითოეული მხარე ამ ინდივიდებს მიანიჭებს იმუნიტეტს იურიდიული პროცესის წარმოებისას იმ სიტყვიერი თუ ქმედითი საქციელის მიმართ, რომელიც განხორციელდა მათი ფუნქციების შესრულების მიზნით მათი მოვალეობების ფარგლებში, რაც განსაზღვრულია პროტოკოლით. ის მხარე, რომლის ტერიტორიაზეც არის განთავსებული EUTELSAT-ის შტაბ-ბინა, რაც შეიძლება სწრაფად აწარმოებს მოლაპარაკებებს EUTELSAT-თან ან საჭიროების შემთხვევაში გადახედავს შტაბ-ბინასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების პირობებს, რომელიც მოიცავს პრივილეგიებს, გამონაკლისებსა და იმუნიტეტს. ყველა დანარჩენი მხარეც რაც შეიძლება სწრაფად შეადგენს პროტოკოლს, რომელიც მოიცავს პრივილეგიებს, გამონაკლისებსა და იმუნიტეტს. შტაბ-ბინის ხელშეკრულება და პროტოკოლი აღწერენ მათი შეწყვეტის პირობებს და მოქმედებენ კონვენციის დამოუკიდებლად.

მუხლი 13

(გამოსვლა)

ა) თითოეულ მხარეს უფლება აქვს გამოვიდეს EUTELSAT-იდან სურვილის მიხედვით ნებისმიერ დროს, რაც წერილობით უნდა შეატყობინოს დეპოზიტორს, 21-ე მუხლის თანახმად. გამოსვლა ძალაში შევა დეპოზიტორის მიერ ასეთი შეტყობინების მიღებიდან სამი თვის შემდეგ;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ მხარე დაარღვევს მისთვის კონვენციით განსაზღვრულ პირობას, მხარეთა ასამბლეამ, მას შემდეგ, რაც მიიღებს ინფორმაციას ამის შესახებ და გაითვალისწინებს მხარის წარმომადგენლობის აზრს, შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება მხარის EUTELSAT-იდან გარიცხვის შესახებ. დღიდან გადაწყვეტილების მიღებისა, კონვენცია ძალას კარგავს მოცემულ მხარესთან მიმართებაში. ამ მიზეზით შეიძლება მოწვეულ იქნეს მხარეთა ასამბლეის საგანგებო შეხვედრა;

გ) მხარეს, რომელიც გაირიცხება ან ითვლება EUTELSAT-იდან გარიცხულად, უწყდება მხარეთა ასამბლეაში წარმომადგენლობის ყოლის უფლება და არ ეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა ან მოვალეობა გარიცხვის დღიდან, გარდა იმ ვალდებულებებისა, რომელსაც ითვალისწინებს ხელშეკრულებიდან გამოსვლის აქტი;

დ) ყველა შეტყობინება გარიცხვის ან გარიცხულად ჩათვლის შესახებ მხარეებს მიეწოდებათ დაუყოვნებლივ, დეპოზიტორის მიერ.

მუხლი 14

(შესწორებები და შეწყვეტა)

ა) კონვენციის შესწორება შეიძლება წარმოადგინოს ნებისმიერმა მხარემ, რომელიც უნდა მიეწოდოს აღმასრულებელ მდივანს. ამ უკანასკნელმა წინადადება უნდა მიაწოდოს მხარეებს. მხარეთა ასამბლეა მოცემულ შესწორებას განიხილავს მისი მიწოდებიდან არაუადრეს ექვსი თვისა, გაითვალისწინებს რა კომპანია EUTELSAT S. A.-ის მიერ წარმოდგენილ ყველა რეკომენდაციას, რომლის საკონსულტაციო დასკვნა იქნება მოთხოვნილი, თუ წარმოდგენილი შესწორება კონვენციაში გავლენას იქონიებს მისი საქმიანობის მიმდინარეობაზე. ეს პერიოდი შეიძლება შემცირდეს მხარეთა ასამბლეის გადაწყვეტილების შესაბამისად, კონკრეტული შემთხვევის მიხედვით, თუ საქმე ეხება ძირეულ საკითხს;

ბ) მხარეთა ასამბლეის მიერ მიღებული შესწორება ძალაში შევა დეპოზიტორის მიერ ამ შესწორებების იმ სახელმწიფოთა ორი მესამედისაგან თანხმობის მიღებიდან 120 დღის შემდეგ, რომლებიც ამ შესწორების მიღების დღეს იყვნენ მხარეები. შესწორება სავალდებულო ხდება ყველა მხარისთვის ძალაში შესვლის დღიდან;

გ) მხარეებს შეუძლიათ დაითხოვონ EUTELSAT-ი კონვენციის შეწყვეტით, რასაც მხარს დაუჭერს ყველა მხარის ორი მესამედის უმრავლესობა;

დ) კონვენციის შეწყვეტა არ შეაჩერებს EUTELSAT S. A.-ის არსებობას;

ე) თუ სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული EUTELSAT S. A.-სთან, მანამ არ მიიღება არანაირი გადაწყვეტილება EUTELSAT-ის არსებობის შეწყვეტის შესახებ, ამ მუხლის „გ)“ პუნქტის თანახმად, ვიდრე სრულად არ ამოიწურება მე-3 მუხლის „ბ)“ პუნქტში ხსენებული ყველა საერთაშორისო უფლება და მოვალეობა.

მუხლი 15

(დავათა მოგვარება)

ა) ყველა დავა, რომელიც წარმოიშობა მხარეებს შორის ან EUTELSAT-სა და მხარეს შორის კონვენციის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით, ექვემდებარება არბიტრაჟს, კონვენციის „ბ“ დანართის მიხედვით, თუ სხვანაირად არ მოგვარდა ერთი წლის ვადაში მას შემდეგ, რაც დავის ერთ-ერთი მხარე შესთავაზებს მეორე მხარეს დავის მეგობრულად მოგვარებას;

ბ) ყველა დავა, დაკავშირებული კონვენციის ინტერპრეტაციასთან, რომელიც წარმოიშობა მხარესა და იმ ქვეყანას შორის, რომელიც აღარ არის მხარე, ან EUTELSAT-სა და იმ ქვეყანას შორის, რომელიც აღარ არის მხარე, ექვემდებარება არბიტრაჟს, კონვენციის „ბ“ დანართის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ერთი წლის განმავლობაში მხარე არ შესთავაზებს და სახელმწიფო, რომელმაც შეწყვიტა მხარედ ყოფნა, არ დათანხმდება დავის მეგობრულად მოგვარებას. თუ სახელმწიფო აღარ ჩაითვლება მხარედ, მას შემდეგ, რაც დავა განსახილველად გადაეცა არბიტრაჟს ამ მუხლის „ა)“ პუნქტის მიხედვით, არბიტრაჟი გაგრძელდება მის დასრულებამდე.

მუხლი 16

(ხელმოწერა − თავის შეკავება)

ა) ნებისმიერი სახელმწიფო, რომელის სატელეკომუნიკაციო ადმინისტრაცია ან აღიარებული კერძო საოპერაციო დაწესებულება არ არის ან აქვს უფლება იყოს ხელმომწერი მხარე, შეიძლება გახდეს კონვენციის მხარე შემდეგი საშუალებებით:

1) ხელმოწერა, რომელიც არ ექვემდებარება რატიფიკაციას, აღიარებას ან დამოწმებას;

2) ხელმოწერა, რომელიც ექვემდებარება რატიფიკაციას, აღიარებას ან დამოწმებას და რომელსაც თან სდევს რატიფიკაცია, აღიარება ან დამოწმება;

3) მიერთება;

ბ) კონვენციაზე ხელის მოწერა მხარეების მიერ დაიწყო 1982 წლის 15 ივლისიდან პარიზში და გაგრძელდება მანამ, სანამ ის შევა ძალაში. ამის შემდგომ მოხდება მასზე მიერთება.

გ) კონვენციის მიმართებაში თავის შეკავება დაუშვებელია.

მუხლი 17

(ძალაში შესვლა)

ა) კონვენცია ძალაში შევა მისი ხელის მოწერიდან სამოცი დღის განმავლობაში კონვენციის მე-16 მუხლის „ა)“ პუნქტის 1-ლი ქვეპუნქტის მიხედვით, ან იმ შემთხვევაში, თუ ის რატიფიცირებული, აღიარებული და დამტკიცებული იქნა იმ სახელმწიფოთა ორი მესამედის მიერ, რომლებსაც ხელმოწერის დაწყების დღიდან აქვთ გარდამავალი შეთანხმების ხელმომწერი მხარის იურისდიქცია, თუ ეს ხელმომწერი მხარეები ან მათი წარმომადგენელი ხელმომწერები ECS შეთანხმებასთან მიმართებაში ფლობენ ECS შეთანხმების ფინანსური დაბანდებების ორ მესამედს;

ბ) კონვენცია ძალაში შევა მასზე ხელმოწერის დაწყებიდან არა უადრეს რვა თვისა. კონვენცია არ ჩაითვლება ძალაში შესულად, თუ მას არ მოეწერა ხელი, არ იქნა რატიფიცირებული, აღიარებული და დამტკიცებული ამ მუხლის „ა)“ პუნქტის მიხედვით, მასზე ხელმოწერის დაწყებიდან 36 თვის განმავლობაში;

გ) სახელმწიფოს მიმართ, რომლის რატიფიკაციის, აღიარების, დამტკიცების და მიერთების ინსტრუმენტი დეპოზიტირებულ იქნა მას შემდეგ, რაც ხელშეკრულება შევიდა ძალაში, კონვენცია ძალაში შედის დეპოზიტირების დღეს;

დ) ძალაში შესვლის შემდეგ კონვენცია დროებით ამოქმედდება სახელმწიფოების მიმართ, რომელთაც ხელი მოაწერეს და რომელთა ხელის მოწერაც ექვემდებარება რატიფიკაციას, აღიარებას და დამტკიცებას და შეესაბამება ხელმოწერის თხოვნას ხელმოწერის დროს ან ხელმოწერის შემდეგ ამოქმედებამდე. დროებითი მოქმედება დასრულდება:

1) ამ სახელმწიფოს მიერ რატიფიკაციის, აღიარების და დამტკიცების ინსტრუმენტის დეპოზიტირების შემდეგ, ან

2) კონვენციის ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადის გასვლის შემდეგ, ამ სახელმწიფოს მიერ რატიფიცირების აღიარების და დამტკიცების გარეშე;

3) ამ პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში მითითებული ვადის დასრულების შემდეგ მოცემული სახელმწიფოს გადაწყვეტილების − არ მოახდინოს რატიფიკაცია, აღიარება და დამტკიცება − შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში.

თუ დროებითი გამოყენება შეწყდება ამ პუნქტის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტების მიხედვით, კონვენციის მე-13 მუხლის „გ)“ პუნქტით განისაზღვრება მხარის უფლებები და მოვალეობები;

ე) ძალაში შესვლის შემდეგ კონვენცია შეცვლის და შეწყვეტს დროებითი შეთანხმების მოქმედებას. თუმცა არაფერი კონვენციაში არ შეეხება მხარის უფლება-მოვალეობებს, რომლებიც მოპოვებულ იქნა ხელმომწერი მხარის მიერ დროებითი შეთანხმების შედეგად.

მუხლი 18

(მიერთება)

ა) ნებისმიერი სახელმწიფო, რომელის სატელეკომუნიკაციო ადმინისტრაცია ან აღიარებული საოპერაციო დაწესებულება იყო ან ჰქონდა უფლება გამხდარიყო დროებითი ხელშეკრულების ხელმომწერი მხარე იმ დროისათვის, როდესაც დაიწყო კონვენციაზე ხელის მოწერა, სარგებლობს უფლებით შეუერთდეს კონვენციას იმ დღიდან, როდესაც წყდება მასზე ხელმოწერები, მისი ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადის განმავლობაში.

ბ) ამ მუხლი „გ)“ და „ე)“ პუნქტებში ჩადებული დებულებები დააკმაყოფილებს შემდეგი ქვეყნების მოთხოვნებს შეუერთდნენ ხელშეკრულებას:

1) სახელმწიფო, რომელის სატელეკომუნიკაციო ადმინისტრაცია ან აღიარებული კერძო საოპერაციო დაწესებულება იყო ან ჰქონდა უფლება გამხდარიყო დროებითი ხელშეკრულების ხელმომწერი მხარე იმ დროისთვის, როდესაც დაიწყო კონვენციაზე ხელის მოწერა და რომელიც არ გახდა მხარე კონვენციის მე-16 მუხლის „ა)“ პუნქტის 1-ლი და მე-2 ქვეპუნქტების მიხედვით;

2) ნებისმიერი სხვა ევროპული ქვეყანა, რომელიც გახლავთ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის წევრი და სურს შეუერთდეს კონვენციას მისი ძალაში შესვლის შემდეგ;

გ) ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც სურს შეუერთდეს ხელშეკრულებას ამ მუხლის „ა)“ პუნქტში ნახსენებ გარემოებებში, ამის შესახებ წერილობით აცნობებს აღმასრულებელ მდივანს და წერილს თან დაურთავს სრულ ინფორმაციას, დაკავშირებულს ასეთ განაცხადთან;

დ) აღმასრულებელი მდივანი ღებულობს განმცხადებელი სახელმწიფოს განაცხადს და წარუდგენს ამ განაცხადს მხარეთა ასამბლეას;

ე) მხარეთა ასამბლეა მიიღებს გადაწყვეტილებას მსურველი სახელმწიფოს მოთხოვნის შესახებ მას შემდეგ, რაც აღმასრულებელი მდივანი ჩათვლის, რომ ფლობს ყველა საჭირო ინფორმაციას, რომელსაც მოითხოვს ამ მუხლის „3“ ქვეპუნქტი. აღმასრულებელი მდივნის გადაწყვეტილების შესახებ სასწრაფოდ ეცნობება მხარეთა ასამბლეას. მხარეთა ასამბლეა გადაწყვეტილებას მიიღებს ფარული კენჭისყრით და იმ პროცედურის შესაბამისად, რომელიც ხორციელდება ძირეული საკითხების გადაწყვეტისას. ამ მიზეზით შეიძლება მოწვეულ იქნეს მხარეთა ასამბლეა;

ვ) აღმასრულებელი მდივანი მსურველ ქვეყანას მიაწვდის ინფორმაციას მიერთების პირობების შესახებ, რომელიც დამტკიცებულია მხარეთა ასამბლეის მიერ და რომელიც ექვემდებარება პროტოკოლს, რომელიც თან ერთვის იმ მიერთების ინსტრუმენტს, რომელიც დეპოზიტირებული უნდა იქნეს ქვეყნის მიერ.

მუხლი 19

(პასუხისმგებლობა)

არც ერთი მხარე არ აგებს ინდივიდუალურად პასუხს EUTELSAT-ის ქმედებებსა და ვალდებულებებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პასუხისმგებლობა წარმოდგება შეთანხმებიდან, რომელის მიხედვითაც მხარე და სახელმწიფო, რომელიც ითხოვს კომპენსაციას, არიან მხარეები. ამ შემთხვევაში EUTELSAT-ი აუნაზღაურებს მხარეს, რომელსაც შეეხო მსგავსი პასუხისმგებლობა, იმ შემთხვევაში, თუ ამ უკანასკნელს ცხადად არ აქვს აღებული თავზე ეს ვალდებულება.

მუხლი 20

(სხვადასხვა ვალდებულება)

ა) EUTELSAT-ის ოფიციალური სამუშაო ენა არის ინგლისური და ფრანგული;

ბ) EUTELSAT-ი პატივს სცემს რა მხარეთა ასამბლეის ზოგად შეხედულებებს, თანამშრომლობს საერთო ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად და მის სპეციალიზებულ დანაყოფთან, კერძოდ, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

გ) იმისთვის, რომ შეესაბამებოდეს გაეროს გენერალური ასამბლეის 1721 რეზოლუციას, EUTELSAT-ი ინფორმაციას უგზავნის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს და სხვა შესაბამის უწყებებს EUTELSAT-ის საქმიანობის წლიურ ანგარიშს. ყოველწლიური ანგარიში გაიგზავნება, ასევე, EUTELSAT S.A.-ში.

მუხლი 21

(კურატორი)

ა) საფრანგეთის რესპუბლიკა წარმოადგენს კონვენციის კურატორს, რომელსაც გადაეცემა რატიფიკაციის, აღიარების, დამტკიცებისა და მიერთების ინსტრუმენტები, მოთხოვნები დროებითი მიერთების შესახებ და რატიფიკაციის შესახებ ცნობა, დამატებებისა და ცვლილებების დამტკიცების შესახებ ინფორმაცია, ინფორმაცია EUTELSAT-იდან გამოსვლის ან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე;

ბ) კონვენცია გადაეცემა კურატორის არქივს. კურატორი კონვენციის ტექსტის დამტკიცებულ ასლებს მიაწვდის ყველა ქვეყანას, რომელთაც ხელი მოაწერეს ან გადასცეს ინსტრუმენტები მასთან მიერთებასთან დაკავშირებით, და აგრეთვე საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირს;

გ) კურატორი ყველა სახელმწიფოს, რომელთაც ხელი მოაწერეს ან შეუერთდნენ ხელშეკრულებას და თუ საჭიროა, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირს რაც შეიძლება სწრაფად მიაწვდის ცნობას;

1)კონვენციის ყველა ხელმოწერის თაობაზე;

2) რატიფიკაციის, აღიარების, დამტკიცების და მიერთების ინსტრუმენტის გადაცემის შესახებ;

3) იმ სამოცდღიანი ვადის დაწყების შესახებ, რომელზეც საუბარია კონვენციის მე-17 მუხლის „დ)“ პუნქტის მიხედვით;

4) კონვენციის ძალაში შესვლის შესახებ;

5) დროებითი მიერთების შესახებ ყველა მოთხოვნასთან დაკავშირებით, კონვენციის მე-17 მუხლის „დ)“ პუნქტის მიხედვით;

6) აღმასრულებელი მდივნის დანიშვნის თაობაზე, კონვენციის მე-10 მუხლის „ა)“ პუნქტის შესაბამისად;

7) კონვენციის ნებისმიერი დამატებისა და ჩასწორებების ძალაში შესვლის შესახებ;

8) გარიცხვასთან დაკავშირებით ნებისმიერი შეტყობინების შესახებ;

9) მხარეთა ასამბლეის ყველა გადაწყვეტილების მიღებული კონვენციის მე-13 მუხლი „ბ)“ პუნქტის მიხედვით კონვენციის მხარის გარიცხულად ჩათვლის შესახებ;

10) კონვენციასთან ყველა სხვა სახის შეტყობინებებისა და ურთიერთობების შესახებ;

დ) კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, კურატორი გაეროს სამდივნოს წესდების 102-ე მუხლის მიხედვით, გაეროს სამდივნოს რეგისტრაციისა და გამოქვეყნებისთვის გაუგზავნის კონვენციის დამოწმებულ ასლს.

კონვენციას ხელს აწერენ პირები უფლებამოსილი თავიანთი ხელისუფლებების მიერ *.

 

კონვენციაზე ხელმოწერა დაიწყო ათას ცხრაას ოთხმოცდა ორი წლის ივლისის მეთხუთმეტე დღეს პარიზში. კონვენცია შედგენილია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ორივე მათგანს თანაბარი ძალა გააჩნია.


* EUTELSAT-ის წევრი სახელმწიფოები: ავსტრია, ბელგია, ვატიკანი, გერმანია (ფედ. რესპ.), საბერძნეთი, დანია, ირლანდია, ისლანდია, ესპანეთი, იტალია, კვიპროსი, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მალტა, მონაკო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, სან-მარინო, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, თურქეთი, ფინეთი, საფრანგეთი, შვედეთი, შვეიცარია, იუგოსლავია.

დანართი „ა“

გარდამავალი დებულებები

1. საქმიანობის განგრძობადობა

1. ევტელსატის მიერ გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც ძალაშია EUTELSAT S.A.-ს შექმნის მომენტში, ინარჩუნებს ძალას ამ ხელშეკრულების შეცვლამდე ან შეჩერებამდე, ზემოთხსენებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. EUTELSAT-ის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძალაშია EUTELSAT S.A.-ის შექმნის მომენტში, ინარჩუნებს ძალას, ამ გადაწყვეტილების შეცვლამდე ან შენარჩუნებამდე.

2. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია EUTELSAT S.A.-ს შექმნის მომენტში, EUTELSAT-ის მიერ დაწყებულია და არ არის დასრულებული ნებისმიერი ნებადართული ან მოთხოვნილი მოქმედება, კომპანია EUTELSAT S.A.-ს აღმასრულებელი მდივანი ან მთავარი აღმასრულებელი პირი, თავის უფლებამოსილების ფარგლებში და EUTELSAT-სა და EUTELSAT S.A.-ს შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, იმოქმედებს ამ ორგანოს სანაცვლოდ, ასეთი მოქმედების დასრულების მიზნით.

2. გადატანის მეთოდი

ა) EUTELSAT-ი გააფორმებს გადატანის შესახებ ხელშეკრულებას („გადატანის შესახებ ხელშეკრულება“) კომპანია EUTELSAT S.A.-სთან, მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ან ყველა აქტივისა და პასივის (როგორც ეს მოცემულია გადატანის შესახებ ხელშეკრულებაში) EUTELSAT S.A.-ში გადატანის მიზნით („გადატანა“).

ბ) გადატანის შედეგს წარმოადგენს უნივერსალური გადატანა ყველა უფლების, ქონების და ვალდებულების, რომლებიც წარმოადგენენ გადასატან საქმიანობასთან დაკავშირებული ქონების შემადგენელ ნაწილს, რაც განიხილება საქმიანობის სფეროს სრულუფლებიან და ავტონომიურ შემადგენელ ნაწილად. ასეთი გადატანის შედეგები მსგავსია იმ შედეგებისა, რომლებიც გამომდინარეობენ კომერციულ კომპანიებთან დაკავშირებული 382-ე მუხლისა და 1966 წლის 24 ივლისის №66-537 კანონის გამოყენების საშუალებით გამოყოფის რეჟიმიდან, თუმცა ამავე დროს, EUTELSAT-ის მიერ არ უნდა იქნეს გამოყენებული არანაირი ვალდებულებები და ფორმალობები, რომლებიც ეკისრება გადამტან სააქციო საზოგადოებას ზემოთ ხსენებული კანონის შესაბამისად.

გ) წინა გადატანისგან დამოუკიდებლად, გადატანა ძალაში იქნება erga omnes, გადატანის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თარიღიდან, ნებისმიერი პირის, მათ შორის, იმ პირების შეტყობინებების ან თანხმობის საჭიროების გარეშე, რომელთათვისაც განკუთვნილია ასეთი ვალდებულებები (კრედიტორები). იმავე საშუალებით გადატანა ძალაში შევა ნებისმიერი პიროვნების მიმართ, რომელთაც EUTELSAT-თან გაფორმებული აქვთ intuito peronace სახის კონტრაქტი.

3. მართვა

ა) რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ მე-2 პუნქტს, EUTELSAT-ის აღმასრულებელი ორგანოს მთელს პერსონალს გააჩნია კომპანია EUTELSAT S.A.-ში გადასვლის უფლება; ხოლო პირები, რომლებიც განახორციელებენ ამ უფლებებს, მათი გადაყვანის მომენტში სარგებლობენ იმ სამუშაო პირობებით, რომლებიც, სულ ცოტა, ეკვივალენტურია იმ პირობებისა, რომლებიც მათ გააჩნდათ უშუალოდ ამ გადატანის მომენტამდე.

ბ) იმ პირებს, რომლებიც გადატანის დღისათვის ღებულობდნენ პენსიას EUTELSAT-ის საპენსიო გეგმის წესების შესაბამისად, გაუგრძელდებათ ამ პენსიების მიღება ზემოთ ხსენებული წესების პირობების შესაბამისად, რომლებიც ძალაში იყო გადატანის დღეს.

გ) იმ პირების მიმართ, რომლებსაც გადატანის დღისთვის მოპოვებული ჰქონდათ პენსიის მიღების უფლება EUTELSAT-ის საპენსიო გეგმის წესების შესაბამისად, განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები ასეთი უფლებების შენარჩუნების უზრუნველყოფის მიზნით.

დ) ამ დანართის პუნქტი 1-ის შესაბამისად, პერსონალის შრომითი საქმიანობის პირობები ძალაში დარჩება კომპანია EUTELSAT S.A.-ის მიერ ახალი პირობების ჩამოყალიბებამდე.

ე) კომპანია EUTELSAT S.A.-ის დირექტორატის პირველი თავმჯდომარისა და პირველი აღმასრულებელი პირის მიერ პოსტის დაკავებამდე, მათ შესაბამის ფუნქციებს შეასრულებს EUTELSAT-ის გენერალური დირექტორი.

4. EUTELSAT-ის ფუნქციების გადაცემა კომპანია EUTELSAT S.A.-ში და აღმასრულებელი მდივნისთვის

ა) EUTELSAT S.A.-სა და სამდივნოს ჩამოყალიბების დღეს, EUTELSAT-ის გენერალური დირექტორი შეატყობინებს ყველა დაინტერესებულ პირს აღნიშნულის შესახებ.

ბ) EUTELSAT-ის გენერალური დირექტორი, როგორც EUTELSAT-ის კანონიერი წარმომადგენელი, მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას კომპანია EUTELSAT S.A.-ში და აღმასრულებელი მდივნისთვის ყველა უფლება-მოვალეობების დროული გადატანის უზრუნველყოფის მიზნით.

დანართი „ბ“

(საარბიტრაჟო პროცედურა)

1. კონვენციის მე-15 მუხლით განსაზღვრული დავების მოსაგვარებლად შეიქმნება საარბიტრაჟო ტრიბუნალი შემდეგი პუნქტების შესაბამისად;

2. კონვენციის ნებისმიერი მხარე შეიძლება შეუერთდეს დავის ნებისმიერ მხარეს არბიტრაჟის დროს;

3. საარბიტრაჟო ტრიბუნალი შედგება სამი წევრისაგან. დავის თითოეული მხარე წარმოადგენს ერთ არბიტრს ერთი მხარის მიერ არბიტრაჟში მონაწილეობის შესახებ მოთხოვნის მიღებიდან ორი თვის განმავლობაში. პირველი ორი არბიტრი ორი თვის ვადის განმავლობაში დაწყებული მეორე არბიტრის ნომინაციის დღიდან წარადგენენ მესამე არბიტრს, რომელიც იქნება საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარე. თუ ერთ-ერთი არბიტრაჟთაგანი არ იქნა წარმოდგენილი დადგენილი დროის განმავლობაში, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე მას წარადგენს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს თავმჯდომარე. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, წარდგინება მოხდება მუდმივი საარბირტრაჟო სასამართლოს გენერალური მდივნის მიერ. იგივე პროცედურა ხორციელდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარეს არ წარადგენენ დადგენილი დროის განმავლობაში;

4. საარბიტრაჟო ტრიბუნალი თავად განსაზღვრავს საპროცესო წესებს;

5. თითოეული მხარე პასუხს აგებს იმ არბიტრთან დაკავშირებულ ხარჯებზე, რომელიც მის მიერ იქნა წარმოდგენილი, აგრეთვე ტრიბუნალის მოწვევასთან დაკავშირებულ ხარჯებზე. თავმჯდომარესთან დაკავშირებულ ხარჯებს მხარეები თანაბრად ინაწილებენ;

6. საარბიტრაჟო ტრიბუნალი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, რომელთაც უფლება აქვთ თავი შეიკავონ კენჭისყრაში მონაწილეობისაგან. მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და სავალდებულო ყველა მხარისათვის. მხარეები დაემორჩილებიან გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ. გადაწყვეტილების ბუნდოვანების შემთხვევაში, საარბიტრაჟო ტრიბუნალი ნებისმიერი მხარის მოთხოვნის საფუძველზე განმარტავს მას.