„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 02/05/2017
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016403
  • Word
0
02/05/2017
ვებგვერდი, 02/05/2017
000000000.00.00.016403
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
პროექტის ავტორი

პროექტი

საქართველოს კანონი

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31 მაისი, 1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.      მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მზღვეველი –

გ.ა) სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განსახორციელებლად და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია;

გ.ბ) ეკონომიკური განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში რეგისტრირებული და შესაბამისი ორგანოების მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო და გადაზღვევის ორგანიზაციების მიერ საქართველოში დაფუძნებული ფილიალი (წარმომადგენლობა), რომელიც რეგისტრირებულია ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ.გ) სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი სადაზღვევო ორგანიზაცია ექსპორტის საკრედიტო სააგენტო, რომელიც შექმნილია ამ კანონის მე-9 მუხლის 21 პუნქტში მითითებული საქმიანობის განსახორციელებლად და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის (არა სიცოცხლის) ან/და გადაზღვევის განხორციელების ლიცენზია.“.

2.მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სადაზღვევო ორგანიზაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმად დასაშვებია მხოლოდ სააქციო საზოგადოება. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკრძალება სადაზღვევო ორგანიზაციის დაფუძნება და სადაზღვევო ორგანიზაციის დამფუძნებლად ყოფნა, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდი“ უფლებამოსილია დააფუძნოს სადაზღვევო ორგანიზაცია ექსპორტის საკრედიტო სააგენტო (შემდგომში – „ექსპორტის საკრედიტო სააგენტო“) ამ პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად. ექსპორტის საკრედიტო სააგენტო ახორციელებს ამ კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი დაზღვევის ობიექტის დაზღვევას/გადაზღვევას და გასცემს გარანტიებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ რისკებზე ან/და ფორსმაჟორულ, ეკონომიკურ, კომერციულ (მათ შორის საკრედიტო) ან სავალუტო რისკებზე, ასევე, აღნიშნულის თანამდევ რისკებზე, რომლებსაც საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტები, მათთან დაკავშირებული, მათ მიერ კონტროლირებადი ან კონტრაჰენტი კომპანიები (მათ შორის უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიები) შესაძლებელია პირდაპირ ან ირიბად დაექვემდებარონ საზღვარგარეთ საქმიანობის ან საერთაშორისო ვაჭრობის ან/და ინვესტირების დროს. ზემოაღნიშნული საქმიანობის, აგრეთვე მასთან ღირებულებათა ჯაჭვით დაკავშირებული ან დამხმარე საქმიანობის დაფინანსების/დაზღვევის მიზნით, მითითებული დაზღვევა და გარანტიები შესაძლებელია ასევე გაცემულ იქნეს ადგილობრივ და უცხოურ კრედიტორებზე, მათ მიერ ნებისმიერი ფორმით გაცემული კრედიტებისათვის (მათ შორის სესხი, გარანტია, ფაქტორინგი, აკრედიტივი და სხვა საკრედიტო რისკის შემცველი ფინანსური ინსტრუმენტები). ექსპორტის საკრედიტო სააგენტო უფლებამოსილია თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად გასცეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ფინანსური ინსტრუმენტები, მათ შორის გასცეს კრედიტი, აწარმოოს ფაქტორინგული ოპერაციები, იკისროს თავდებობა, სოლიდარული თავდებობის ჩათვლით. ამასთან, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ამ კანონის და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ფარგლებში გამოსცეს ექსპორტის საკრედიტო სააგენტოსთვის სავალდებულოდ შესასრულებელი სამართლებრივი აქტები, მათ შორის უფლებამოსილების შეზღუდვის ან მათ განსახორციელებლად შესაბამისი წინაპირობების დაწესების მიზნით.”;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სადაზღვევო ორგანიზაციები თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას თანაბარი უფლებებით სარგებლობენ, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მზღვეველისა, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონის მე-9 მუხლის 21 პუნქტით დადგენილი ფარგლებით.“.

3.      21-ე მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) დაადგინოს მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესი;“.

4.      221 მუხლს მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შესაძლებელია იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ სააგენტოსთან არ აქვს ინტერესთა კონფლიქტი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად. ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს სამსახურში დასაქმებული პირი.“.

5.      271 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მზღვეველის მიმართ უფლებამოსილების შეწყვეტის ან/და ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე.“.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში გამოსცეს სამართლებრივი აქტი, რომლითაც დარეგულირდება ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს დაფუძნების საკითხები.

მუხლი 3. საქართველოს მთავრობამ ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს დაფუძნებიდან სამი თვის ვადაში დაამტკიცოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტი.

მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი             გ. მარგველაშვილი

 

 

 

 

განმარტებითი ბარათი

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

კანონპროექტის მიღების მიზეზია საერთაშორისო ვაჭრობის, სავაჭრო ბრუნვის ზრდის, ეკონომიკური უსაფრთხოების, საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების, საწარმოო პროცესების, საგარეო ბაზრებზე ორიენტირებული კონკურენტუნარიანი მეწარმეობის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობისთვის სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდისთვის“ ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს დაფუძნების უფლებამოსილების მინიჭება.

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:

კანონპროექტის მიზანია საქართველოში ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს შექმნა, რომლის მიზნები იქნება საერთაშორისო ვაჭრობის, სავაჭრო ბრუნვის ზრდის, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება, საწარმოო პროცესების, საგარეო ბაზრებზე ორიენტირებული კონკურენტუნარიანი მეწარმეობის განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

კანონპროექტით, კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტს ემატება მზღვეველის ერთი სახე, კერძოდ ექსპორტის საკრედიტო სააგენტო, რომელსაც მიღებული ექნება დაზღვევის (არა სიცოცხლის) ან/და გადაზღვევის განხორციელების ლიცენზია.

კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკრძალება სადაზღვევო ორგანიზაციის დაფუძნება, პროექტით გამონაკლისის სახით ხდება მითითება ექსპორტის საკრედიტო სააგენტოზე.

ცვლილებებით მე-9 მუხლს ემატება 21 პუნქტი, რომლის თანახმად, სს „საპარტნიორო ფონდი“ უფლებამოსილი იქნება დააფუძნოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტო. 21 პუნქტი ასევე დეტალურად განსაზღვრავს ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს უფლებამოსილებებს. კერძოდ, ექსპორტის საკრედიტო სააგენტო უფლებამოსილი იქნება დააზღვიოს/გადააზღვიოს და გასცემს გარანტიები საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ რისკებზე ან/და ფორსმაჟორულ, ეკონომიკურ, კომერციულ (მათ შორის საკრედიტო) ან სავალუტო რისკებზე, ასევე, აღნიშნულის თანამდევ რისკებზე, რომლებსაც საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტები, მათთან დაკავშირებული, მათ მიერ კონტროლირებადი ან კონტრაჰენტი კომპანიები (მათ შორის უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიები) შესაძლებელია პირდაპირ ან ირიბად დაექვემდებარონ საზღვარგარეთ საქმიანობის ან საერთაშორისო ვაჭრობის ან/და ინვესტირების დროს. ექსპორტის საკრედიტო სააგენტო ასევე უფლებამოსილი იქნება გასცეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ფინანსური ინსტრუმენტები.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას ენიჭება უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, დაარეგულიროს ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს საქმიანობის საკითხები.

კანონპროექტით ასევე განისაზღვრება, რომ ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შესაძლებელია იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ სააგენტოსთან არ აქვს ინტერესთა კონფლიქტი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად. ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში დასაქმებული პირი.

წარმოდგენილი ცვლილებებით, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ექსპორტის საკრედიტო სააგენტოსთვის ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთი საფუძველი იქნება მთავრობის გადაწყვეტილება ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს მიმართ უფლებამოსილების შეწყვეტის ან/და ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ წინამდებარე კანონპროექტის ძალაში შესვლა არ გამოიწვევს სააგენტოს მიერ ფუნქციონირების ავტომატურად დაწყებას, რადგან იგი აწესებს, რომ ექსპორტის საკრედიტო სააგენტო უნდა შეიქმნას და დაიწყოს ფუნქციონირება მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში.

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ქნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.

 ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

კანონპროექტის მიღება გააუმჯობესებს ექსპორტიორ მეწარმე სუბიექტთა ფინანსურ მდგომარეობას, მათი საექსპორტო პოტენციალის მხარდაჭერის გზით.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

კანონპროექტის მომზადებისას კონსულტაციები მიმდინარეობდა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

ე) კანონპროექტის ავტორი:

კანონპროექტის ავტორია სს „საპარტნიორო ფონდი“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:                            

 კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება

 

მუხლი 2. კანონში გამოყენებული ძირითადი ცნებები

ამ კანონში გამოყენებულ ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დაზღვევა – ურთიერთობა, რომელიც მყარდება ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე, გარკვეული გარემოებების (სადაზღვევო შემთხვევების) დადგომისას;

ბ) სადაზღვევო საქმიანობა – მზღვეველის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებების დადებასა და განხორციელებასთან;

გ) მზღვეველი –

გ.ა) სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განსახორციელებლად და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია;

გ.ბ) ეკონომიკური განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში რეგისტრირებული და შესაბამისი ორგანოების მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო და გადაზღვევის ორგანიზაციების მიერ საქართველოში დაფუძნებული ფილიალი (წარმომადგენლობა), რომელიც რეგისტრირებულია ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) დამზღვევი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც დადო დაზღვევის ხელშეკრულება მზღვეველთან;

ე) დაზღვეული – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება დაზღვევა. დამზღვევი შეიძლება იმავდროულად იყოს დაზღვეული, თუ დაზღვევის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ვ) მოსარგებლე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დაზღვევის ხელშეკრულების ან სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის თანახმად იღებს სადაზღვევო ანაზღაურებას;

ზ) დაზღვევის აგენტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს მზღვეველის დავალებით და სახელით მისთვის მზღვეველის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

თ) სადაზღვევო ბროკერი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში (შემდგომ – სამსახური) და დამოუკიდებლად ახორციელებს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას, როგორც თავისი სამეწარმეო საქმიანობის სახეობას;

ი) სადაზღვევო რისკი – მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა;

კ) სადაზღვევო შემთხვევა – მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას;

ლ) სადაზღვევო პოლისი – მზღვეველის მიერ გაცემული ხელმოწერილი საბუთი – მოწმობა დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ;

მ) გადაზღვევა – ოპერაცია, რომლის დროსაც მზღვეველი გადაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე და თითოეული ასეთი ხელშეკრულების თავისებურების გათვალისწინებით ახორციელებს სადაზღვევო რისკის და მასთან დაკავშირებული ზარალის მთლიან ან ნაწილობრივ გადაცემას გადამზღვეველი კომპანიისათვის;

ნ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი – იურიდიული პირი, რომელიც განსაზღვრულია „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით;

ო) (ამოღებულია);

პ) (ამოღებულია);

ჟ) მნიშვნელოვანი წილი – მზღვეველის განცხადებული ან შევსებული კაპიტალის 10 პროცენტი ან 10 პროცენტზე მეტი წილი, რომელსაც პირი ფლობს პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობით;

რ) ადმინისტრატორი – მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორი;

ს) არაპირდაპირი მონაწილეობა – იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში წილის ფლობა შესაბამისი მესამე პირის მეშვეობით;

ტ) ბენეფიციარი მესაკუთრე – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირი;

უ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი, რომელშიც მზღვეველი ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 პროცენტს ან 50-ზე მეტ პროცენტს, ხოლო იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში – აკონტროლებს მას;

ფ) ფილიალი – მზღვეველის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც მზღვეველის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახორციელებს მზღვეველის საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებების დადებასა და განხორციელებასთან.

 

მუხლი 9. მზღვეველი

1. მზღვეველი არის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია. მზღვეველის, როგორც ორგანიზაციის, რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოში იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დადგენილი წესით.

2. სადაზღვევო ორგანიზაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმად დასაშვებია მხოლოდ სააქციო საზოგადოება. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკრძალება სადაზღვევო ორგანიზაციის დაფუძნება და სადაზღვევო ორგანიზაციის დამფუძნებლად ყოფნა.

3. ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციის საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს სიტყვას „დაზღვევა“ ან ამ სიტყვის გამოყენებით სხვა სიტყვათწყობას. არავის აქვს უფლება, სახელწოდებაში გამოიყენოს სიტყვა „დაზღვევა“ ან ამ სიტყვის გამოყენებით სხვა სიტყვათწყობა სამსახურის მიერ გაცემული სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი გამოყენება დაწესებულია ან აღიარებულია საქართველოს კანონით ან საერთაშორისო შეთანხმებით, ან როდესაც კონტექსტიდან, რომელშიც გამოყენებულია სიტყვა „დაზღვევა“ ან ამ სიტყვის გამოყენებით სხვა სიტყვათწყობა, ჩანს, რომ იგი არ ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სადაზღვევო საქმიანობას).

4. სადაზღვევო ორგანიზაციის ლიკვიდაცია ხორციელდება ამ კანონის, სხვა კანონებისა და სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

5. სადაზღვევო ორგანიზაციები თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას თანაბარი უფლებებით სარგებლობენ.

6. აკრძალულია დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და სხვა საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს სადაზღვევო ბაზარზე კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვას, უპირატესობების მიცემას ან მიღებას მზღვეველის (მზღვეველების) მიერ სხვა მზღვეველის (მზღვეველების) მიმართ.

7. მზღვეველის მართვა და მისი საქმიანობა ხორციელდება სამსახურის მიერ დადგენილი ნორმატივების, მეთოდოლოგიური დოკუმენტების, წესების და ინსტრუქციების შესაბამისად. თუ არ არსებობს სადაზღვევო საქმიანობის ამა თუ იმ მიმართულების სამსახურის მიერ დადგენილი წესი, მზღვეველი უფლებამოსილია იმოქმედოს საერთაშორისო სადაზღვევო ნორმებისა და პრაქტიკის შესაბამისად.

8. მზღვეველი ვალდებულია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე განსაზღვროს დაზღვეულის/დამზღვევის/ბენეფიციარის საგადასახადო რეზიდენტობა და მოიპოვოს ინფორმაცია პირის შესაბამისი სტატუსის შესახებ.

9. მზღვეველი უფლებამოსილია უარი თქვას სადაზღვევო მომსახურების განხორციელებაზე ან შეწყვიტოს ამგვარი ურთიერთობა, თუ დაზღვეული/დამზღვევი/ბენეფიციარი უარს აცხადებს მზღვეველისთვის „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე ინფორმაციის მიწოდებაზე.

 

მუხლი 21. სამსახურის უფლებამოსილებანი

სამსახური უფლებამოსილია:

ა) გასცეს და გააუქმოს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია; განახორციელოს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება;

ბ) ზედამხედველობა გაუწიოს მზღვეველის მიერ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას და შეამოწმოს ისინი, ასევე შეამოწმოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები, ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები და სხვა მასალები, რისთვისაც შეუძლია მზღვეველისაგან გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;

გ) მზღვეველის ან/და ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ კანონით განსაზღვრული სანქციები;

დ) აწარმოოს მზღვეველთა და სადაზღვევო ბროკერთა რეესტრი;

ე) განსაზღვროს მზღვეველის კაპიტალის სახეები, სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე მათი მინიმალური ოდენობა და გაანგარიშების წესი, გაანგარიშებისათვის აუცილებელი დაქვითვის კომპონენტების ჩათვლით;

ვ) დაადგინოს სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის, აგრეთვე სადაზღვევო რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივების და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესი;

ზ) დაადგინოს სადაზღვევო ორგანიზაციისათვის შიგა აღრიცხვის მოთხოვნები;

თ) (ამოღებულია – 08.06.2016, №5384);

ი) განსაზღვროს მზღვეველის კაპიტალსა და ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა;

კ) განსაზღვროს მზღვეველის გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშების წესი;

ლ) შექმნას მეთოდოლოგიური და სარეკომენდაციო დოკუმენტაცია სადაზღვევო საკითხების შესახებ;

მ) შეიმუშაოს და მიიღოს ინსტრუქციები და ნორმატიული აქტები სადაზღვევო საქმიანობის რეგულირების შესახებ;

ნ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მზღვეველის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ;

ო) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მზღვეველის კაპიტალის წარმოშობის შესახებ;

პ) დაადგინოს მზღვეველის ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და მათი წარდგენის პროცედურა;

ჟ) ითანამშრომლოს უცხო ქვეყნის საზედამხედველო ორგანოსთან საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, რაც შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციის გაცვლას და ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის დადებას;

რ) გამოაქვეყნოს სადაზღვევო ბაზრის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია;

ს) დაადგინოს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების და მისი, როგორც დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის დამოუკიდებლად განმახორციელებელი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის, ანგარიშგების წესი;

ტ) დაადგინოს მზღვეველის ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესი;

უ) დაადგინოს სადაზღვევო საქმიანობის დაწყებიდან მომდევნო 3 წლის ბიზნესგეგმის ძირითადი მონაცემები და ფორმა.

 

მუხლი 221. მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და დირექტორების შესაფერისობის კრიტერიუმები

1. მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და დირექტორები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.

2. პირს ეკრძალება, იყოს მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, თუ:

ა) ის არის ფიზიკური პირი და:

ა.ა) სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ა.ბ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის;

ა.გ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის;

ა.დ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას სადაზღვევო საქმიანობას უკრძალავს;

ა.ე) წარსულში იყო მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა;

ბ) ის არის იურიდიული პირი და:

ბ.ა) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის;

ბ.ბ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის;

ბ.გ) წარსულში იყო მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა;

ბ.დ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას სადაზღვევო საქმიანობას უკრძალავს.

3. პირს ეკრძალება, იყოს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და იგი აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით გამოყვანილი უნდა იქნეს საბჭოდან, თუ:

ა) სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ბ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის;

გ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის;

დ) წარსულში იყო სადაზღვევო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა;

ე) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას სადაზღვევო საქმიანობას უკრძალავს;

ვ) არის მზღვეველის დირექტორთან ისეთი ნათესაური კავშირით დაკავშირებული პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონით მემკვიდრეთა წრის პირველ ან მეორე რიგში ირიცხება, ან მზღვეველის დირექტორთან საქმიანი/კომერციული ინტერესებით დაკავშირებული პირი;

ზ) არის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან დირექტორი საქართველოში რეგისტრირებულ ხუთზე მეტ საწარმოში;

თ) არის იმავე მზღვეველის დირექტორი;

ი) არის სხვა მზღვეველის მმართველი ორგანოს წევრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას ეს თანამდებობა უკავია ამ მზღვეველის/გადამზღვეველი კომპანიის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ მზღვეველში/გადამზღვეველ კომპანიაში ან/და იმ მზღვეველში/გადამზღვეველ კომპანიაში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება ეს მზღვეველი/გადამზღვეველი კომპანია;

კ) არა აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის – კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შესახებ;

ლ) არა აქვს სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სულ მცირე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე) მუშაობის სულ მცირე ხუთწლიანი გამოცდილება.

4. პირს ეკრძალება, იყოს მზღვეველის დირექტორი, თუ:

ა) სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ბ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის;

გ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისათვის;

დ) არის სხვა მზღვეველის მმართველი ორგანოს წევრი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას ეს თანამდებობა უკავია ამ მზღვეველის/გადამზღვეველი კომპანიის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ მზღვეველში/გადამზღვეველ კომპანიაში ან/და იმ მზღვეველში/გადამზღვეველ კომპანიაში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება ეს მზღვეველი/გადამზღვეველი კომპანია;

ე) არა აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის – კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შესახებ;

ვ) არა აქვს საფინანსო სფეროში ან სადაზღვევო სფეროში მუშაობის სულ მცირე ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილება, ამავე დროს, ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სულ მცირე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე) მუშაობის სულ მცირე ორწლიანი გამოცდილება;

ზ) წარსულში იყო სადაზღვევო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა;

თ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას სადაზღვევო საქმიანობას უკრძალავს;

ი) არის მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ისეთი ნათესაური კავშირით დაკავშირებული პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონით მემკვიდრეთა წრის პირველ ან მეორე რიგში ირიცხება, ან მზღვეველის სამეთვალყურეო საჭოს წევრთან საქმიანი ინტერესებით დაკავშირებული პირი.

 

მუხლი 271 . სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება

1. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ სამსახურის გადაწყვეტილებით:

ა) სადაზღვევო ორგანიზაციის თხოვნის საფუძველზე, როდესაც ლიცენზიის მფლობელი წერილობით მიმართავს სამსახურს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე;

ბ) სამსახურის მიერ დადგენილი ეკონომიკური ლიმიტებისა და ნორმატივების სისტემატურად დარღვევის შემთხვევაში;

გ) თუ მზღვეველმა არ შეასრულა ამ კანონის 22-ე მუხლის 51 პუნქტით დადგენილი მოთხოვნა;

დ) თუ მზღვეველი ეწევა ან ეწეოდა მისი ფინანსური მდგომარეობისათვის საფრთხის შემქმნელ ან არაჯანსაღ სადაზღვევო პრაქტიკას, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მის დამზღვევებს/დაზღვეულებს;

ე) თუ მზღვეველი გადახდისუუნაროა.

2. ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) საქმიანობას წყვეტს, თუ:

ა) ხდება საქართველოს სადაზღვევო კანონმდებლობის უხეში და სისტემატური დარღვევა;

ბ) მისმა დამფუძნებელმა სადაზღვევო ორგანიზაციამ აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო, რის შესახებაც გადაწყვეტილების მიღებიდან უმოკლეს ვადაში ეცნობება სამსახურს;

გ) მის დამფუძნებელ სადაზღვევო ორგანიზაციას ან გადამზღვეველ კომპანიას რეგისტრაციის ქვეყანაში ჩამოერთვა სადაზღვევო საქმიანობის უფლება, რის შესახებაც ფილიალი (წარმომადგენლობა) ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურს;

დ) მისი დამფუძნებელი სადაზღვევო ორგანიზაციის ან გადამზღვეველი კომპანიის მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოება ან სხვა საფუძვლით დაიწყო მისი ლიკვიდაცია, რის შესახებაც ფილიალი (წარმომადგენლობა) ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურს.

3. სამსახურის მიერ სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ ან ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალის (წარმომადგენლობის) საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან მზღვეველს უფლება არა აქვს, განახორციელოს შესაბამისი ლიცენზიით განსაზღვრული სადაზღვევო საქმიანობა, გარდა იმ ვალდებულებების შესრულებისა, რომლებიც მას ადრე ჰქონდა აღებული დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, მისი მოქმედების ვადის გასვლამდე.

4. მზღვეველი სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის ვადაში აბარებს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიას სამსახურს.

5. მზღვეველის სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებიდან იწყება მისი ლიკვიდაციის პროცესი ამ კანონის, სხვა კანონებისა და სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.