„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 713-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 140030000.05.001.018388
713-IIს
21/04/2017
ვებგვერდი, 10/05/2017
140030000.05.001.018388
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის აღსრულების მიზნით მინისტრი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ აქტებსა და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ახორციელებს ადმინისტრაციულ რეალაქტებს.“.

2. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 27. ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის გამოყენება

1. პოლიცია უფლებამოსილია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად ფორმის ტანსაცმელზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, გზასა და შენობების გარე პერიმეტრზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამონტაჟოს/განათავსოს, აგრეთვე გამოიყენოს სხვის მფლობელობაში არსებული დამონტაჟებული ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკა, კერძოდ:

ა) დანაშაულის პრევენციის, აგრეთვე პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების, საზოგადოებრივი წესრიგისა და არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნებისათვის;

ბ) საგზაო მოძრაობის წესების დაცვის უზრუნველსაყოფად;

გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის თავიდან აცილების, აღმოჩენის, აღკვეთისა და საზღვარზე პირთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით;

დ) სასაზღვრო-გამტარ პუნქტში პირისა და ქონებისათვის შექმნილი საფრთხის დროულად გამოვლენის მიზნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამონტაჟებული/განთავსებული ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის შესახებ ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დასაბუთებული ბრძანებით განსაზღვრულ შეზღუდული რაოდენობის საგზაო მონაკვეთზე პოლიცია უფლებამოსილია თავის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაამონტაჟოს/განათავსოს ფოტო- და ვიდეოტექნიკა და არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყო. ამ შემთხვევაში ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის შესაძლო გამოყენების შესახებ ინფორმაცია მიეთითება შესაბამისი საგზაო მონაკვეთის შესასვლელსა (შესასვლელებსა) და გამოსასვლელში (გამოსასვლელებში). პოლიციის შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის გამოყენებისას საგზაო მონაკვეთზე ინფორმაციის მითითება საჭირო არ არის.

4. პოლიციის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული/ განთავსებული ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის, აგრეთვე არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს გამოყენება (უშუალოდ გადაღება) დასაშვებია მხოლოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ საგზაო მონაკვეთზე. პოლიციის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული/განთავსებული ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის, აგრეთვე არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს გამოყენების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია უნდა განადგურდეს მისი მოპოვებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოპოვებული ინფორმაცია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას ასახავს და მისი დაარქივება ხდება სამართალწარმოების განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ მოპოვებული ინფორმაცია დანაშაულის შესახებ მონაცემებს შეიცავს, ინფორმაციის ამოღება ხდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

5. პოლიციის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის და არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების საკითხები, აგრეთვე მონაცემთა დამუშავების საკითხები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.

3. მე-60 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. მინისტრმა 2017 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს პოლიციის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის, არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების, აგრეთვე მონაცემთა დამუშავების წესი.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 აპრილი 2017 წ.

N713-IIს