შპს „მანჩოს“ გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

  • Word
შპს „მანჩოს“ გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/4952-17
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 13/04/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/04/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/4952-17
13/04/2017
ვებგვერდი, 25/04/2017
შპს „მანჩოს“ გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/4952-17

განჩინება

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

2017 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე

განმცხადებელი – შპს „მანჩო”

(საიდენტიფიკაციო ნომერი 400025986)

დირექტორი – იანარა აფრასიძე

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს “მანჩოს’’ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი,

გამოარკვია:

2017 წლის 21 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,მანჩოს“ დირექტორმა იანარა აფრასიძემ და მოითხოვა შპს ,,მანჩოს’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

 2017 წლის 22 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,მანჩოს’’ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 თებერვლის განჩინება გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ გამოქვეყნდა 2017 წლის 28 თებერვალს. განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არც ერთ კრედიტორს არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

 

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „მანჩო’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად, და შესაბამისად, გაუქმდეს შპს „მანჩოს’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

დაადგინა:

1. შპს „მანჩო’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი 400025986) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,მანჩოს“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2.  განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” .

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

მოსამართლე  თამარ ბურჯანაძე