„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 619-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 390040000.05.001.018378
619-IIს
06/04/2017
ვებგვერდი, 21/04/2017
390040000.05.001.018378
„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №43, 2000 წელი, მუხ. 122) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1მუხლი:

„მუხლი 11

ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიება − ამ კანონით დადგენილი მწვანე ნარგავების აღდგენითი ღირებულების თანხის გადახდა ან/და საკომპენსაციო რგვა;

ბ) საკომპენსაციო რგვა − მოჭრილი მწვანე ნარგავების სანაცვლოდ სულ მცირე იმავე რაოდენობის მწვანე ნარგავების გაშენება და მოვლა;

გ) მწვანე ნარგავები − მერქნიანი მცენარეები (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები;

დ) ზეხმელი ხე − ზრდაშეწყვეტილი, ზეზე მდგომი გამხმარი ხე;

ე) ხმობადი ხე − ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია;

ვ) ფაუტი ხე − დამპალი და გამომშრალი (გამოფიტული) ფუტურო ხე, რომელსაც მერქნის თავდაპირველი სტრუქტურა და სიმკვრივე დაკარგული აქვს;

ზ) გადაბერებული ხე − სწრაფმოზარდი სახეობის მწიფე და გადაბერებული ხე, რომელმაც საამორტიზაციო ხნოვანებას მიაღწია (40−50 წლის ვერხვი, აკაცია, ტირიფი);

თ) დაავადებული ხე − ხე, რომლის განკურნება ფაქტობრივად შეუძლებელია.“.

2. მე-6 მუხლის:

ა) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მეორე და მესამე კატეგორიებისათვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიების გასხვისების შემთხვევაში, მათზე მშენებლობის განხორციელების დროს, აგრეთვე კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მწვანე ნარგავების მოსაჭრელად შესაბამისი ორგანოების მიერ მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემა დასაშვებია:

ა) დაავადებული, ზეხმელი, ხმობადი, ფაუტი, გადაბერებული (ამორტიზებული) და ავარიული ხეების არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე ასეთი ხეების შესაძლო წაქცევით ადამიანის სიცოცხლისათვის ან/და ჯანმრთელობისათვის და სხვისი კერძო საკუთრებისათვის ან მისი ცალკეული ელემენტებისათვის საფრთხის შექმნისა და ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი თავისუფლდება ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების განხორციელების ვალდებულებისაგან;

ბ) სამშენებლოდ გამოსაყენებელი ტერიტორიის დაავადებული, ზეხმელი, ხმობადი, ფაუტი, გადაბერებული (ამორტიზებული) და ავარიული ხეებისაგან გამოთავისუფლების მიზნით. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი ახორციელებს საკომპენსაციო რგვას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;

გ) სათანადო წესით გაცემული მშენებლობის ნებართვის არსებობის შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებული მწვანე ნარგავები პირდაპირ აფერხებს მშენებლობას და სამშენებლო ტერიტორიაზე მათი დატოვება შეუძლებელს გახდის მშენებლობის განხორციელებას. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მწვანე ნარგავების ჭრა დასაშვებია მხოლოდ ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების განხორციელების − აღდგენითი ღირებულების თანხის გადახდის შემდეგ. ამასთანავე, მოსაჭრელი ხეების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული მერქნიანი მცენარეების 25%-ს;

დ) მიწის ნაკვეთზე განთავსებული მწვანე ნარგავების მიერ აშენებული კონსტრუქციის უშუალოდ დაზიანების შემთხვევაში. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი ახორციელებს საკომპენსაციო რგვას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.

7. მესაკუთრე ვალდებულია მოუაროს თავის ტერიტორიაზე არსებულ მწვანე ნარგავებს, არ დააზიანოს ისინი და ხელი შეუწყოს მათ ზრდა-განვითარებას. საკომპენსაციო რგვის განხორციელებისას აღდგენილი ან/და გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის სამუშაოების ხანგრძლივობა სულ მცირე 2 წელია. აღდგენილი ან/და გაშენებული მწვანე ნარგავების განმეორებითი რგვის განხორციელების შემთხვევაში მწვანე ნარგავების მოვლის სამუშაოების სულ მცირე ორწლიანი ვადა ამ რგვის განხორციელების მომენტიდან ხელახლა აითვლება. ამასთანავე, მიწის მესაკუთრე/მიწით მოსარგებლე ვალდებულია წერილობით აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს თავის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული მწვანე ნარგავების დაავადების აღმოჩენის, აგრეთვე ამ ნარგავების მიერ ადამიანის სიცოცხლისათვის ან/და ჯანმრთელობისათვის და სხვისი საკუთრებისათვის ზიანის მიყენების მოსალოდნელი (შესაძლო) საფრთხის შესახებ.“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიება იგეგმება და ხორციელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მწვანე ნარგავების მდგომარეობას დაადასტურებს (დაადასტურებენ) სათანადო უფლებამოსილებისა და გამოცდილების მქონე პირი (პირები).“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

„მუხლი 61

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო განსაზღვრავს ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გამცემ ორგანოს/სამსახურს, აგრეთვე ადგენს მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემისა და საკომპენსაციო რგვის განხორციელების წესსა და პირობებს.

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს იმ პირობებსა და კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირი.“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 61 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3 

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 აპრილი 2017 წ.

N619-IIს