ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის რეგულაცია No 714/2009 ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გაცვლისათვის ქსელთან წვდომის პირობებისა და ევროპის გაერთიანების რეგულაციის (EC) No 1228/2003 გაუქმების შესახებ

ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის რეგულაცია No714/2009

ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გაცვლისათვის ქსელთან წვდომის პირობებისა და ევროპის გაერთიანების რეგულაციის (EC) No 1228/2003 გაუქმების შესახებ

(ტექსტი შეესაბამება ევროპის ეკონომიკურ სივრცეს)

ევროპარლამენტმა და ევროპის კავშირის საბჭომ,

ევროპის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების, კონკრეტულად კი ამ ხელშეკრულების 95-ე მუხლის გათვალისწინებით,

კომისიის წინადადების გათვალისწინებით,

ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის მოსაზრების გათვალისწინებით(1),

რეგიონების კომიტეტის მოსაზრების გათვალისწინებით(2),

მოქმედებენ რა დამფუძნებელი ხელშეკრულების 251-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად(3),

ვინაიდან:

(1) ელექტროენერგიის შიდა ბაზარი, რომელიც თანმიმდევრულად ინერგება 1999 წლიდან, მიზნად ისახავს გაერთიანების ყველა მომხმარებელს, მოქალაქესა თუ ბიზნეს ორგანიზაციას შესთავაზოს რეალური არჩევანი, ახალი ბიზნეს და გაზრდილი ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შესაძლებლობები, რათა ამაღლდეს ეფექტიანობა, ფასების კონკურენტულობა, ასევე ამაღლდეს მომსახურების ხარისხი და ხელი შეეწყოს მიწოდების უსაფრთხოებასა და საიმედოობას;

(2) ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003 წლის 26 ივნისის დირექტივამ 2003/54/EC ელექტროენერგიის შიდა ბაზრის საერთო წესების შესახებ(4) და ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003 წლის 26 ივნისის რეგულაციამ (EC) No 1228/2003 ქსელთან წვდომის პირობების შესახებ ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გაცვლისათვის(5), მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ელექტროენერგიის ამგვარი შიდა ბაზრის შექმნაში;

(3) თუმცა, დღეისათვის გაერთიანების შიგნით არსებობს წინააღმდეგობები ელექტროენერგიით თანაბარ პირობებში, დისკრიმინაციისა და ზარალის გარეშე ვაჭრობის თვალსაზრისით. კერძოდ, ჯერ-ჯერობით ყველა წევრ სახელმწიფოში არ არის მიღწეული არადისკრიმინაციული წვდომა ქსელზე და თანაბრად ეფექტიანი მარეგულირებელი ზედამხედველობა, რის გამოც იზოლირებული ბაზრები განაგრძობენ არსებობას;

(4) კომისიის 2007 წლის 10 იანვრის შეტყობინებამ სახელწოდებით „ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკა“, ხაზი გაუსვა ელექტროენერგიის შიდა ბაზრის ჩამოყალიბების პროცესის დასრულების და გაერთიანებაში არსებული ელექტროენერგიის საწარმოებისათვის თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნის მნიშვნელობას. კომისიის 2007 წლის 10 იანვრის შეტყობინებამ სახელწოდებით „გაზისა და ელექტროენერგიის შიდა ბაზრის პერსპექტივები“, ასევე „ევროპის გაზისა და ელექტროენერგეტიკული სექტორების ევროპის გაერთიანების რეგულაციის (EC) No 1/2003 მე-17 მუხლთან დაკავშირებულმა გამოკვლევამ (საბოლოო მოხსენება)“ გვიჩვენა, რომ არსებული წესები და ღონისძიებები ვერ უზრუნველყოფენ ვერც საჭირო სტრუქტურის და ვერც ენერგოსისტემების გაერთიანების შექმნას, რათა მიღწეული იქნეს მიზანი გამართულად მომუშავე, ეფექტიანი და ღია შიდა ბაზრის ჩამოყალიბების შესახებ;

(5) არსებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს ზედმიწევნით შესრულების გარდა, ელექტროენერგიის შიდა ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც მოცემულია რეგულაციაში (EC) No 1228/2003, უნდა იყოს ადაპტირებული ზემოთაღნიშნული საკომუნიკაციო დოკუმენტების შესაბამისად;

(6) კერძოდ, საჭიროა ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია ქსელის კოდექსების შესაქმნელად, რათა საზღვრებზე დაინერგოს ელექტროგადამცემ ქსელებთან ეფექტიანი და გამჭვირვალე წვდომისა და მართვის სისტემა, ასევე უზრუნველყოფილი იქნეს მომავალზე შესაბამისად ორიენტირებული და კოორდინირებული დაგეგმვა და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ჯანსაღი ტექნიკური ევოლუცია გაერთიანებაში, ენერგოსისტემების გაერთიანების შექმნის ჩათვლით, გარემოზე ზემოქმედების საკითხების სათანადო გათვალისწინებით. ქსელის კოდექსები შესაბამისობაში უნდა იყოს ენერგეტიკის მარეგულირებელთა თანამშრომლობის სააგენტოს მიერ შემუშავებულ არასავალდებულო ხასიათის, ჩარჩო სახელმძღვანელო მითითებებთან (ჩარჩო სახელმძღვანელო მითითებები), რომელიც დაფუძნებულია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის რეგულაციით No 713/2009, რომელიც აფუძნებს ენერგეტიკის მარეგულირებელთა თანამშრომლობის სააგენტოს(6) (შემდგომში – „სააგენტო“). სააგენტო უნდა მონაწილეობდეს ქსელის კოდექსების განხილვის პროცესში, ფაქტობრივ გარემოებებზე დაფუძნებით უნდა შეადგინოს ქსელის კოდექსები მათი ჩარჩო სახელმძღვანელო მითითებებთან შესაბამისობის გათვალისწინებით და უნდა შეეძლოს მათი კომისიისათვის წარდგენა მისაღებად. სააგენტომ უნდა შეაფასოს ქსელის კოდექსებში შესატანად წარდგენილი ცვლილებები და დამატებები და უნდა შეეძლოს მათი კომისიისათვის წარდგენა მისაღებად. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორებმა უნდა მართონ მათი ქსელები აღნიშნული ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის კოდექსების მიხედვით;

(7) ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ოპტიმალური მართვისა და საზღვრების გავლით გაერთიანების წევრ სახელმწიფოებში ელექტროენერგიით ვაჭრობის და ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლებლობისთვის უნდა შეიქმნას „ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელი“ (ENTSO-E). ENTSO-E-ს ამოცანები უნდა განხორცილდეს გაერთიანების კონკურენციის წესების შესაბამისად, რაც ასევე ეხება ENTSO-E-ს გადაწყვეტილებებს. ENTSO-E-ს ამოცანები მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, ხოლო მისი მუშაობის მეთოდმა უნდა უზრუნველყოს ENTSO-E-ს გამჭვირვალე, ეფექტიანი და წარმომადგენლობითი ხასიათი. ENTSO-E-ს მიერ მომზადებული ქსელის კოდექსები არ ჩაანაცვლებენ აუცილებლად საჭირო ეროვნულ ქსელის კოდექსებს, რომელიც ტრანსსასაზღვრო საკითხებს არ შეეხება. იმის გამო, რომ რეგიონალური ინიციატივა უფრო დიდი პროგრესის საშუალებას იძლევა, ელექტროენერგის გადამცემი სისტემის ოპერატორებმა უნდა შექმნან რეგიონალური სტრუქტურები ზოგადი თანამშრომლობის სტრუქტურის შიგნით, თუმცა ამავე დროს უნდა უზრუნველყონ ისიც, რომ რეგიონალურ დონეზე მიღწეული შედეგები შესაბამისობაში იყოს ქსელის კოდექსთან და გაერთიანების ფარგლებში ქსელის ათწლიანი განვითარების გეგმასთან, რომელიც არასავალდებულოა. წევრმა სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ თანამშრომლობას და ქსელის ეფექტურობის მონიტორინგი განახორციელონ რეგიონალურ დონეზე. რეგიონალური თანამშრომლობა შეთავსებადი უნდა იყოს ელექტროენერგიის ეფექტიანი და კონკურენტული შიდა ბაზრის ჩამოყალიბების მიმართულებით პროგრესთან;

(8) ბაზრის ყველა მონაწილე დაინტერესებულია ENTSO-E-ს მუშაობით. შესაბამისად, ეფექტიან საკონსულტაციო პროცესს აქვს არსებითი მნიშვნელობა. არსებულმა სტრუქტურებმა, რომლებიც შექმნილია საკონსულტაციო პროცესის გამარტივებისათვის და გამართული ფუნქციონირებისთვის, როგორიცაა მაგალითად „ელექტროენერგიის გადამცემი მაკოორდინირებელი გაერთიანება“, ასევე ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები და სააგენტომ, მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ;

(9) იმისათვის რომ გაიზარდოს გამჭვირვალობა ელექტროენერგიის გადამცემი მთლიან ქსელთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ გაერთიანების მასშტაბით, ENTSO-E-მ უნდა შეიმუშაოს, გამოაქვეყნოს და რეგულარულად განაახლოს არასავალდებულო, გაერთიანების მასშტაბით მოქმედი, ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა (გაერთიანების მასშტაბით მოქმედი, ქსელის განვითარების გეგმა). გეგმაში ჩართული უნდა იქნეს ელექტროენერგიის გადამცემი სიცოცხლისუნარიანი ქსელები, საჭირო რეგიონალური ენერგოგაერთიანებები, რომლებიც შესაბამისია კომერციული და მიწოდების უსაფრთხოების თვალსაზრისით;

(10) ეს რეგულაცია აყალიბებს ტარიფიკაციისა და სიმძლავრეების განაწილების ძირითად პრინციპებს, რომლებიც საფუძვლად დაედება სახელმძღვანელო მითითებებს, სადაც დეტალურად გაიწერება შესაბამისი პრინციპები და მეთოდოლოგიები, რაც შესაძლებელს გახდის სწრაფ რეაგირებას გარემოებების ცვლილების დროს;

(11) ღია, კონკურენტულ ბაზარზე ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს უნდა აუნაზღაურდეს მათ ქსელებში ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ნაკადების გატარებასთან დაკავშირებული ხარჯები იმ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემების ოპერატორების მიერ, საიდანაც წამოიწყო ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ნაკადების გადინება და იმ სისტემების ოპერატორების მიერ, სადაც ეს ნაკადები დასრულდება;

(12) ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორებს შორის ანაზღაურების შედეგად წარმოქმნილი გადახდები და შემოსავლები მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სახელმწიფო ქსელის ტარიფის გამოთვლისას;

(13) ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ტრანსსასაზღვრო ხელმისაწვდომისათვის გადასახდელი ფაქტიური თანხა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს, რაც დამოკიდებულია ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის შესაბამის ოპერატორზე და შედეგია წევრი სახელმწიფოების მიერ გამოყენებული ტარიფიკაციის სისტემების განსხვავებული სტრუქტურებისა. აქედან გამომდინარე, საჭირო იქნება გარკვეული ჰარმონიზაცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული ვაჭრობის დამახინჯებული ფორმები;

(14) საჭიროა გრძელვადიანი ლოკაციური სიგნალების სათანადო სისტემა, რომელიც დაეფუძნება იმ პრინციპს, რომ ქსელთან წვდომის საფასურის დონე უნდა ასახავდეს მოცემულ რეგიონში გენერაციასა და მოხმარებას შორის არსებულ ბალანსს, მწარმოებლების ან/და მომხმარებლებისათვის ქსელთან წვდომის დადგენილი საფასურის დიფერენცირების საფუძველზე;

(15) გამართლებული არ იქნება მანძილზე დაფუძნებული ტარიფის გამოყენება, არც მხოლოდ იმპორტიორის ან ექსპორტიორის მიერ სახელმწიფო ქსელით სარგებლობისათვის დადგენილ გადასახადზე დამატებით გადასახდელი სპეციფიური ტარიფი, იმ შემთხვევაში, როცა სათანადო ლოკაციური სიგნალები არსებობს;

(16) ელექტროენერგიის შიდა ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის წინაპირობა არის ქსელით სარგებლობის არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე საფასურის არსებობა, მათ შორის გადამცემი სისტემების შემაერთებელი ხაზებისთვის. აღნიშნული ხაზების ხელმისაწვდომი სიმძლავრე უნდა დაწესდეს ქსელის უსაფრთხო მუშაობის უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამის მაქსიმალურ დონეებზე;

(17) მნიშვნელოვანია, რომ წევრი სახელმწიფოების გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ გამოყენებული უსაფრთოხების, დაგეგმარებისა და ექსპლოატაციის სტანდარტების სხვაობით გამოწვეული კონკურენციის დამახინჯებული ფორმა თავიდან იქნეს აცილებული. უფრო მეტიც, ბაზრის მონაწილეებისათვის გამჭვირვალე უნდა იყოს გადამცემისათვის ხელმისაწვდომი სიმძლავრეები და უსაფრთხოების, დაგეგმარებისა და ექსპლუატაციის სტანდარტები, რომლებიც გავლენას ახდენენ გადამცემისთვის ხელმისაწვდომ სიმძლავრეებზე;

(18) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისა და კომისიის მიერ ბოლო წლებში ჩატარებულმა ბაზრის მონიტორინგმა აჩვენა, რომ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნები და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის არსებული წესები არ არის საკმარისი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ელექტროენერგიის სრულფასოვანი, კარგად გამართული, ღია და ეფექტიანი შიდა ბაზრის არსებობა;

(19) სისტემის ეფექტიანობასთან დაკავშირებული ფიზიკური სტატუსის შესახებ ინფორმაციაზე თანაბარი წვდომა საჭიროა, რათა ბაზრის ყველა მონაწილემ შეაფასოს მოთხოვნისა და მიწოდების თვალსაზრისით არსებული ზოგადი ვითარება და იცოდნენ საბითუმო ფასის ცვლილებების მიზეზები. ეს გულისხმობს უფრო დეტალურ ინფორმაციას ელექტროენერგიის გენერაციის, მიწოდებისა და მოთხოვნის შესახებ, რაც მოიცავს პროგნოზებს, ქსელისა და ენერგოსისტემების გაერთიანებას, ნაკადებსა და სარემონტო სამუშაოებს, ბალანსირებასა და სარეზერვო სიმძლავრეს;

(20) ბაზრისადმი ნდობის ასამაღლებლად, მისი მონაწილეები დარწმუნებულნი უნდა იყონ იმაში, რომ ეფექტური, თანაზომიერი და გადამწყვეტი ჯარიმა დაეკისრება მათ ვინც არასათანადო ქმედებებს ჩაიდენს. კომპეტენტურ ორგანოებს უნდა მიეცეთ საბაზრო მაქინაციებთან დაკავშირებული ბრალდებების ეფექტური გამოძიების უფლებამოსილება. ამისათვის საჭირო იქნება, რომ კომპეტენტურ ორგანოებს ხელი მიუწვდებოდეთ მონაცემებზე, რომლებიც იძლევა ინფორმაციას ელექტრომომმარაგებელი საწარმოების მიერ გაკეთებულ ოპერატიულ გადაწყვეტილებებზე. ელექტროენერგიის ბაზარზე ელექტროენერგიის მწარმოებლების მიერ მიღებულია ბევრი სათანადო გადაწყვეტილება, რომლებმაც შესაბამისი ინფორმაცია უნდა გახადონ კომპეტენტური ორგანოებისათვის მარტივად ხელმისაწვდომი განსაზღვრული დროის მანძილზე. გარდა ამისა, კომპეტენტურმა ორგანოებმა რეგულარული მონიტორინგი უნდა გაუწიონ გადამცემი სისტემის ოპერატორების მოქმედების წესებთან შესაბამისობას. გენერაციის მცირე ობიექტები, რომლებსაც არ შესწევთ ბაზარზე გავლენის მოხდენის უნარი, უნდა გათავისუფლდნენ ამ ვალდებულებისაგან;

(21) უნდა არსებობდეს გადატვირთვების მართვის პროცედურებისგან მიღებული შემოსავლების გამოყენების წესები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სისტემათაშორისი ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის სპეციფიკური ბუნებიდან გამომდინარე ამ წესებიდან გამონაკლისის დაშვება მიზანშეწონილია;

(22) გადატვირთვების მართვამ სწორი ეკონომიკური სიგნალები უნდა მიაწოდოს ბაზრის მონაწილეებსა და გადამცემი სისტემის ოპერატორებს და ბაზრის მექანიზმებზე უნდა იყოს დაფუძნებული;

(23) აქტიურად უნდა იქნეს მხარდაჭერილი ინვესტიციების მოზიდვა ახალ ძირითად ინფრასტრუქტურაში, ამავე დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს ელექტროენერგიის შიდა ბაზრის გამართული ფუნქციონირება. გამონაკლისის რეჟიმში მომუშავე მუდმივი დენის ურთიერთდამაკავშირებელი ხაზების პოზიტიური გავლენის გასაზრდელად კონკურენციასა და ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებაზე უნდა გამოიცადოს ბაზრის მხრივ დაინტერესება პროექტის დაგეგმვის ეტაპზე და შემოღებულ უნდა იქნეს გადატვირთვების მართვის წესები. როდესაც მუდმივი დენის ურთიერთდამაკავშირებელი ხაზები განლაგებულია ერთზე მეტი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სააგენტომ მოთხოვნა გამონაკლისის (გათავისუფლების) შესახებ უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოიყენოს, რათა უკეთესად გაითვალისწინოს მისი ტრანსსასაზღვრო შედეგები და გაადვილდეს მისი ადმინისტრაციული მართვა. უფრო მეტიც, გამონაკლისის რეჟიმში მომუშავე აღნიშნული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შექმნის განსაკუთრებული რისკის პროფილიდან გამომდინარე, საწარმოებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მიწოდებითა და წარმოებით, უნდა მიეცეს საშუალება სარგებელი ნახონ დაყოფის წესებიდან დროებით გამონაკლისის დაშვებით აღნიშნულ პროექტებთან მიმართებაში. რეგულაციით (EC) No 1228/2003 მინიჭებული გამონაკლისები ძალაში რჩება დადგენილი ვადის გასვლამდე, როგორც ეს განისაზღვრება მინიჭებული გამონაკლისის შესახებ გადაწყვეტილებაში;

(24) ელექტროენერგიის შიდა ბაზრის გამართული ფუნქციონირებისათვის უნდა შეიქმნას რეზერვი პროცედურებისათვის, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ მიღებული იქნეს გადაწყვეტილებები და სახელმძღვანელო მითითებები კომისიის მიერ, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტარიფიკაცია და სიმძლავრეების განაწილება, ამავდროულად უზრუნველყოფილი უნდა იყოს წევრი სახელმწიფოების მარეგულირებელი ორგანოების მონაწილეობა ამ პროცესში მათი ევროპული ასოციაციის მეშვეობით, როდესაც ეს მიზანშეწონილი. მარეგულირებელ ორგანოებს, წევრი სახელმწიფოების სხვა შესაბამის ორგანოებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი აქვთ ელექტროენერგიის შიდა ბაზრის გამართულ ფუნქციონირებაში საკუთარი წვლილის შეტანის მხრივ;

(25) ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ ამ რეგულაციაში შემავალი წესების და მათთან შესაბამისად მიღებულ სახელმძღვანელო მითითებების დაცვა;

(26) წევრ სახელმწიფოებს და კომპეტენტურ ეროვნულ მარეგულირებლებს მოეთხოვებათ, რომ შესაბამისი ინფორმაცია წარუდგინონ კომისიას. კომისია დაიცავს აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობას. საჭიროების შემთხვევაში, კომისიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია პირდაპირ იმ საწარმოებისაგან, რომელთაც ეს ეხებათ, იმ პირობით, რომ კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები იქნებიან ინფორმირებულნი;

(27) წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეიმუშაონ დაჯარიმების წესები, რომლებიც გამოიყენება ამ რეგულაციის დებულებების დარღვევის შემთხვევაში და უზრუნველყონ მათი განხორციელება. საჯარიმო ღონისძიებები ეფექტური, თანაზომიერი და გადამწყვეტი უნდა იყოს;

(28) წინამდებარე რეგულაციის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებები მიღებულ უნდა იქნეს საბჭოს 1999 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების 1999/468/EC შესაბამისად, რომელიც ადგენს კომისიაზე დაკისრებული განმახორციელებელი უფლებამოსილების გამოყენების პროცედურებს(7);

(29) კერძოდ, კომისიას უნდა გააჩნდეს უფლებამოსილება, რომ დაადგინოს ან მიიღოს სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც საჭიროა ჰარმონიზაციის მინიმალური ხარისხის უზრუნველყოფისათვის, ამ რეგულაციის მიზნების მისაღწევად. იმის გამო, რომ აღნიშნული ღონისძიებები ზოგადი შინაარსისაა და შექმნილია ამ რეგულაციის არაარსებითი ნაწილების შესწორებისათვის მისი ახალი არაარსებითი ელემენტებით შევსების გზით, ისინი მიღებული უნდა იქნეს რეგულირების პროცედურების შესაბამისად და იმ დონის დეტალური განხილვით, რომელსაც ითვალისწინებს გადაწყვეტილების 1999/468/EC მე-5a მუხლი;

(30) იმის გამო, რომ ამ რეგულაციის მიზანი, კერძოდ, ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გაცვლისათვის ჰარმონიზებული ჩარჩო რეგულირების შექმნა, სათანადოდ ვერ იქნება მიღწეული წევრი სახელმწიფოების მიერ და ეს მიზანი უკეთ მიიღწევა გაერთიანების დონეზე, გაერთიანებამ შესაძლოა გაატაროს ღონისძიებები, სუბსიდიარულობის პრინციპის თანახმად, დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად. იმავე მუხლით განსაზღვრული პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად, ეს რეგულაცია არ სცილდება ფარგლებს, რომლებიც აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად;

(31) ცვლილებების და დამატებების რეგულირების სფეროს გათვალისწინებით, რომლებიც შედის რეგულაციაში (EC) No 1228/2003, სიცხადისა და რაციონალურობის მიზნებისათვის სასურველია, რომ შესაბამისი დებულებები გადამუშავდეს და ჩამოყალიბდეს ერთ ტექსტად ახალ რეგულაციაში.

მიიღო წინამდებარე რეგულაცია:

მუხლი 1

საგანი და რეგულირების სფერო

ამ რეგულაციის მიზანია:

(a) სამართლიანი წესების დადგენა ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გაცვლისათვის და ამ გზით ელექტროენერგიის შიდა ბაზარზე კონკურენციის გაზრდა ეროვნული და რეგიონალური ბაზრების თავისებურებების გათვალისწინებით. ამისთვის საჭირო იქნება ანაზღაურების მექანიზმის დადგენა ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ნაკადებისათვის და ტრანსსასაზღვრო გადაცემის გადასახადების შეთანხმებული პრინციპების დადგენა, ასევე ელექტროენერგიის გადამცემ სახელმწიფო სისტემებს შორის არსებული ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის სიმძლავრეების განაწილება.

(b) კარგად გამართული და გამჭვირვალე საბითუმო ბაზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, სადაც ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოება მაღალ დონეზეა უზრუნველყოფილი. იგი ითვალისწინებს ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გაცვლის წესების შეთანხმების მექანიზმს.

მუხლი 2

განმარტებები

1. ამ რეგულაციის მიზნისათვის მოქმედებს ტერმინთა განმარტებები, რომლებიც წარმოდგენილია „ელექტროენერგიის შიდა ბაზრის რეგულირების საერთო წესების შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის დირექტივის 2009/72/EC მეორე მუხლში(8). გარდა „ურთიერთდამაკავშირებლის“ განმარტებისა, რომელიც უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:

– „ურთიერთდამაკავშირებელი“ ნიშნავს გადამცემი ხაზს, რომელიც კვეთს ან აერთებს წევრი სახელმწიფოების საზღვრებს და რომელიც აკავშირებს წევრი სახელმწიფოების ელექტროენერგიის გადამცემ სახელმწიფო სისტემებს.

2. გამოყენებულია შემდეგი განმარტებები:

(a) „მარეგულირებელი ორგანოები“ ნიშნავს მარეგულირებელ ორგანოებს, რომლებიც მითითებულია დირექტივის 2009/72/EC 35(1)-ე მუხლში;

(b) „ტრანსსასაზღვრო ნაკადი“ ნიშნავს ენერგიის ფიზიკურ გადადინებას წევრი სახელმწიფოს გადამცემ ქსელში, რომელიც გამოწვეულია ამ წევრი სახელმწიფოს გარეთ არსებული მწარმოებლების ან/და მომხმარებლების საქმიანობის ზეგავლენით მის ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე;

(c) „გადატვირთვა“ აღნიშნავს ვითარებას, როდესაც ურთიერთდამაკავშირებელი ხაზი, რომელიც აკავშირებს სახელმწიფო გადამცემ ქსელებს, ვერ აკმაყოფილებს ყველა ფიზიკურ ნაკადს, რომელიც გამოწვეულია ბაზრის მონაწილეთა საერთაშორისო სავაჭრო გარიგებებით, შესაბამისი სისტემათაშორისი ელექტროგადამცემი ხაზის, ან/და ელექტროენერგიის გადამცემი სახელმწიფო სისტემების არასაკმარისი გამტარუნარიანობის გამო;

(d) „დეკლარირებული ექსპორტი“ ნიშნავს ელექტროენერგიის გადაგზავნას ერთ წევრ სახელმწიფოში საკონტრაქტო შეთანხმების საფუძველზე, როდესაც ადგილი აქვს ამ ელექტროენერგიის შესაბამისად ერთდროულად მიღებას (გაცხადებული იმპორტი) სხვა წევრ სახელმწიფოში, ან მესამე ქვეყანაში;

(e) „დეკლარირებული ტრანზიტი“ აღნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ადგილი აქვს ელექტროენერგიის დეკლარირებულ ექსპორტს, სადაც გარიგებისათვის ნომინირებული არხი მოიცავს ქვეყანას, სადაც არც ელექტროენერგიის გადაგზავნა ხორციელდება და არც ელექტროენერგიის შესაბამისად ერთდროული მიღება;

(f) „დეკლარირებული იმპორტი“ ნიშნავს ელექტროენერგიის მიღებას წევრ სახელმწიფოში ან მესამე ქვეყანაში ერთდროულად ელექტროენერგიის სხვა წევრ სახელმწიფოში გადაგზავნისთანავე (დეკლარირებული ექსპორტი);

(g) „ახალი ურთიერთდამაკავშირებელი“ ნიშნავს სახელმწიფოთაშორის ელექტროგადამცემ ხაზს, რომელიც არ არის დასრულებული 2003 წლის 4 აგვისტოსათვის.

მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი გადამცემი სისტემის ოპერატორის კომპენსაციის მექანიზმისათვის, რომელიც მითითებულია მე-13 მუხლში, მაშინ როდესაც ორი ან მეტი წევრი სახელწიფოს გადამცემი ქსელები მთლიანად ან ნაწილობრივ აყალიბებენ ერთიანი
საკონტროლო ბლოკის ნაწილს, საკონტროლო ბლოკი მთლიანად უნდა ჩაითვალოს როგორც ნაწილი ერთ-ერთი შესაბამისი წევრი სახელმწიფოს გადამცემი ქსელისა, რათა თავიდან იქნეს აცილებული საკონტროლო ბლოკის შიგნით არსებული ნაკადების ტრანსსასაზღვრო ნაკადებად მიჩნევა, ამ აბზაცის პირველი ქვეაბზაცის (b) ქვეპუნქტის თანახმად, რაც წარმოშობს მე-13 მუხლით გათვალისწინებული ანაზღაურების გადახდის საჭიროებას. შესაბამისი წევრი სახელმწიფოების მარეგულირებელ ორგანოებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, რომელი წევრი სახელმწიფოს გადამცემ ქსელს უნდა მიეკუთვნოს აღნიშნული საკონტროლო ბლოკი მთლიანად.

მუხლი 3

გადამცემი სისტემის ოპერატორების სერტიფიცირება

1. კომისიამ მიღებისთანავე უნდა შეამოწმოს ნებისმიერი შეტყობინება გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების გადაწყვეტილების შესახებ, როგორც ეს განსაზღვრულია დირექტივის 2009/72/EC მე-10(6) მუხლში. ამგვარი შეტყობინების მიღებიდან ორი თვის განმავლობაში კომისიამ უნდა წარუდგინოს საკუთარი მოსაზრება შესაბამის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს, მისი თავსებადობის შესახებ დირექტივის 2009/72/EC მე-10(2), მე-11, და მე-9 მუხლებთან.

პირველ ქვეაბზაცში მითითებული მოსაზრების მომზადების პროცესში კომისიამ შესაძლოა სააგენტოს მოსთხოვოს მისი მოსაზრების წარმოდგენა ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილების შესახებ. ასეთ შემთხვევაში პირველ ქვეაბზაცში მითითებული ორთვიანი პერიოდი დამატებითი ორთვიანი პერიოდით გაიზრდება.

იმ შემთხვევაში, თუ პირველ და მეორე ქვეაბზაცებში აღნიშნულ ვადებში კომისიამ არ წარმოადგინა მოსაზრება, მაშინ ჩაითვლება, რომ იგი არ ეწინააღმდეგება მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებას.

2. კომისიის მოსაზრების მიღებიდან ორი თვის ვადაში ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების შესახებ, კომისიის მოსაზრების მაქსიმალური გათვალისწინებით. მარეგულირებელი ორგანოსა და კომისიის მოსაზრებები ერთად უნდა გამოქვეყნდეს.

3. ნებისმიერ დროს, პროცედურის მიმდინარეობისას, მარეგულირებელმა ორგანოებმა ან/და კომისიამ შესაძლოა გადამცემი სისტემის ოპერატორისაგან ან/და საწარმოსაგან, რომელიც ასრულებს ელექტროენერგიის გენერირების ან მიწოდების ფუნქციებს, მოითხოვოს ნებისმიერი შესაბამისი ინფორმაცია ამ მუხლში აღნიშნული ამოცანების განხორციელების მიზნით.

4. მარეგულირებელმა ორგანოებმა და კომისიამ უნდა დაიცვან კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

5. კომისიამ შესაძლოა შეიმუშაოს სახელმძღვანელო მითითებები, სადაც გაწერილი იქნება იმ პროცედურის დეტალები, რომლებიც უნდა იქნეს დაცული ამ მუხლის პირველი და მეორე აბზაცების ამოქმედებისას. ღონისძიებები, რომლებიც ამ რეგულაციის არაარსებითი ელემენტების შესწორებას ემსახურება მათი სრულყოფის გზით, მიღებული უნდა იქნეს მარეგულირებელი პროცედურის შესაბამისად 23(2)-ე მუხლში მითითებული სიზუსტის
დაცვით.

6. თუ კომისიას მიღებული აქვს შეტყობინება გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების შესახებ დირექტივის 2009/72/EC მე-9(10) მუხლის თანახმად, კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სერტიფიცირების შესახებ. მარეგულირებელი ორგანოები დაემორჩილებიან კომისიის გადაწყვეტილებას.

მუხლი 4

ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელი

გადამცემი სისტემის ყველა ოპერატორმა უნდა ითანამშრომლოს გაერთიანების დონეზე ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელის ENTSO-E-ს ფორმატში, ელექტროენერგიის შიდა ბაზრის ჩამოყალიბების დასრულების, გამართულად ფუნქციონირების და ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ევროპის ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ოპტიმალური მართვა, კოორდინირებული ექსპლოატაცია და ჯანსაღი ტექნიკური განვითარება.

მუხლი 5

ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელის დაარსება

1. 2011 წლის 3 მარტისათვის ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორებმა
კომისიასა და სააგენტოს უნდა წარუდგინონ წესდების პროექტი, წევრების სია და საქმის წარმოების წესის პროექტი, მათ შორის საქმის წარმოების წესი სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის ENTSO-E-ს დაარსებისათვის კონსულტაციის გაწევის თაობაზე.

2. მიღებიდან ორი თვის ვადაში, სააგენტო იმ ორგანიზაციებთან ოფიციალური კონსულტაციის გავლის შემდეგ, რომლებიც წარმოადგენენ ყველა დაინტერესებულ მხარეს, კერძოდ, სისტემით მოსარგებლეებს, მომხმარებლების ჩათვლით, კომისიას მიაწვდის მოსაზრებას წესდების პროექტის, წევრების სიისა და საქმის წარმოების წესის პროექტის შესახებ.

3. კომისიამ უნდა წარმოადგინოს მოსაზრება წესდების პროექტის, წევრების სიისა და საქმიანობის წესის პროექტის შესახებ, სააგენტოს მოსაზრების გათვალისწინებით, მე-2 აბზაცის შესაბამისად და სააგენტოს მოსაზრების მიღების დღიდან სამი თვის ვადაში.

4. კომისიის გადაწყვეტილების მიღების დღიდან სამი თვის ვადაში გადამცემი სისტემის
ოპერატორებმა უნდა დააფუძნონ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელი, ასევე მიიღონ და გამოაქვეყნონ მისი წესდება და საქმის წარმოების წესი.

მუხლი 6

ქსელის კოდექსის შექმნა

1. კომისიამ სააგენტოსთან, ENTSO-E-თან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ უნდა დაადგინოს წლიური პრიორიტეტების სია მე-8(6) მუხლში განსაზღვრული მიმართულებებით, რომლებიც უნდა შევიდნენ ქსელის კოდექსებში მათი შემუშავების დროს.

2. კომისიამ სააგენტოს უნდა მოსთხოვოს გონივრულ ვადაში, რომელიც არ აღემატება 6 თვეს, არასავალდებულო ჩარჩო სახელმძღვანელო მითითებების (ჩარჩო სახელმძღვანელო მითითებები) წარმოდგენა, სადაც მკაფიოდა იქნება ჩამოყალიბებული ნათელი და ობიექტური პრინციპები მე-8(7) მუხლის თანახმად, ქსელის კოდექსების შემუშავებისთვის პრიორიტეტულ სიაში აღნიშნულ მიმართულებებთან დაკავშირებით. თითოეული ჩარჩო სახელმძღვანელო მითითება ხელს უნდა უწყობდეს არადისკრიმინაციულ, ეფექტიან კონკურენციას და ბაზრის გამართულ ფუნქციონირებას. სააგენტოს მხრიდან დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში კომისიამ შესაძლოა გაზარდოს ეს პერიოდი.

3. სააგენტო ოფიციალურ კონსულტაციებს გამართავს ENTSO-E-სა და სხვა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან ჩარჩო სახელმძღვანელო მითითებების შესახებ არანაკლებ ორთვიანი პერიოდის განმავლობაში ღია და გამჭვირვალე წესით.

4. თუ კომისია მიიჩნევს, რომ ჩარჩო სახელმძღვანელო მითითებები ხელს არ უწყობს
არადისკრიმინაციულ, ეფექტიან კონკურენციას და ბაზრის გამართულ ფუნქციონირებას, მან შესაძლოა მოსთხოვოს სააგენტოს ჩარჩო სახელმძღვანელო მითითებების გადახედვა გონივრულ ვადაში და მათი ხელახლა წარდგენა კომისიისათვის.

5. თუ სააგენტო ვერ წარმოადგენს ჩარჩო სახელმძღვანელო მითითებებს პირველ და მეორე ჯერზე კომისიის მიერ დადგენილ პერიოდში, როგორც ეს მითითებულია მეორე ან მეოთხე აბზაცში, კომისია თავად შეიმუშავებს აღნიშნულ ჩარჩო სახელმძღვანელო მითითებებს.

6. კომისია დაავალდებულებს ENTSO-E-ს, რომ სააგენტოს წარუდგინოს აღნიშნული ჩარჩო სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისი ქსელის კოდექსი გონივრულ ვადაში, რომელიც არ აღემატება 12 თვეს.

7. ქსელის კოდექსის მიღების დღიდან სამი თვის ვადაში, რომლის განმავლობაშიც სააგენტოს შეუძლია ოფიციალური კონსულტაცია გაიაროს შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, სააგენტომ დასაბუთებული მოსაზრება უნდა წარუდგინოს ENTSO-E-ს ქსელის კოდექსთან დაკავშირებით.

8. ENTSO-E-ს შეუძლია სააგენტოს მოსაზრების გათვალისწინებით შეცვალოს ქსელის კოდექსი და ხელახლა წარუდგინოს იგი სააგენტოს.

9. მას შემდეგ, რაც სააგენტო ჩათვლის, რომ შემოთავაზებული ქსელის კოდექსი შეესაბამება ჩარჩო სახელმძღვანელო მითითებებს, სააგენტო ქსელის კოდექსს წარუდგენს კომისიას და შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს მის მიღებას, გონივრულ ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ კომისია ქსელის კოდექსს არ მიიღებს, მან საკუთარი გადაწყვეტილება უნდა დაასაბუთოს.

10. თუ ENTSO-E ვერ შეძლებს კომისიის მიერ მე-6 აბზაცით დადგენილ პერიოდში ქსელის კოდექსის შემუშავებას, კომისიას შეუძლია სააგენტოს მოსთხოვოს ქსელის კოდექსის პროექტის შემუშავება შესაბამისი ჩარჩო სახელმძღვანელო მითითებების საფუძველზე. ამ აბზაცის საფუძველზე, სააგენტოს შეუძლია დამატებითი კონსულტაციები წამოიწყოს ქსელის კოდექსის პროექტის შესამუშავებლად. სააგენტო ამ აბზაცის საფუძველზე მომზადებულ ქსელის კოდექსის პროექტს წარუდგენს კომისიას და შეუძლია გაუწიოს რეკომენდაცია მის მიღებას.

11. თუ ENTSO-E ვერ შეძლებს ქსელის კოდექსის შემუშავებას, ან სააგენტო ვერ შეძლებს ქსელის კოდექსის პროექტის შემუშავებას ამ მუხლის მე-10 აბზაცის თანახმად, კომისიას შეუძლია საკუთარი ინიციატივით ან სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე ამ მუხლის მე-9 აბზაცის თანახმად მიიღოს ერთი ან რამდენიმე ქსელის კოდექსი მე-8(6) მუხლში ჩამოთვლილი მიმართულებებისათვის.

როდესაც კომისია თავაზობს საკუთარი ინიციატივით ქსელის კოდექსის მიღებას, კომისიამ კონსულტაციები უნდა გაიაროს სააგენტოსთან, ENTSO-E-სა და ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან ქსელის კოდექსის პროექტის შესახებ არანაკლებ ორი თვის ვადაში. ღონისძიებები, რომლებიც ამ რეგულაციის არაარსებითი ელემენტების შესწორებას ემსახურება მათი სრულყოფის გზით, მიღებული უნდა იქნეს მარეგულირებელი პროცედურის შესაბამისად 23(2)-ე მუხლში მითითებული სიზუსტის დაცვით.

12. ამ მუხლმა არ უნდა შეზღუდოს მე-18 მუხლში განსაზღვრული კომისიის მიერ სახელმძღვანელო მითითებების მიღების და მასში ცვლილებების შეტანის უფლება.

მუხლი 7

ქსელის კოდექსებში ცვლილებების შეტანა

1. მე-6 მუხლის თანახმად მიღებულ ნებისმიერ ქსელის კოდექსში ცვლილებების პროექტის შეთავაზება სააგენტოსათვის შეუძლიათ იმ პირებს ვინც, სავარაუდოდ, დაინტერესებულია ამ ქსელის კოდექსით. მათ შორის, ENTSO-E-ს, გადამცემი სისტემის ოპერატორებს, სისტემით მოსარგებლეებსა და მომხმარებლებს. სააგენტომ ასევე შეიძლება ცვლილებების შეთავაზება მოახდინოს საკუთარი ინიციატივით.

2. სააგენტო კონსულტაციებს გაივლის ყველა დაინტერესებულ მხარესთან რეგულაციის (EC) No 713/2009 მე-10 მუხლის შესაბამისად. ამ პროცესის შემდეგ სააგენტომ შესაძლოა დასაბუთებული წინადადებები წარუდგინოს ცვლილებისათვის კომისიას და დაასაბუთოს, თუ რამდენად შეესაბამება შეთავაზებული წინადადებები მე-6(2) მუხლში გაწერილ ქსელის კოდექსების მიზნებს.

3. კომისიას შეუძლია, სააგენტოს წინადადებების გათვალისწინებით მიიღოს
მე-6 მუხლის შესაბამისად მიღებულ ქსელის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, ღონისძიებები, რომლებიც ამ რეგულაციის არაარსებითი ელემენტების შესწორებას ემსახურება მათი სრულყოფის გზით, მიღებული უნდა იქნეს მარეგულირებელი პროცედურის შესაბამისად 23(2)-ე მუხლში მითითებული სიზუსტის დაცვით.

4. შემოთავაზებული ცვლილებების განხილვა 23(2)-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად უნდა შემოისაზღვროს მხოლოდ შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებული ასპექტების განხილვით. შემოთავაზებულმა ცვლილებებმა არ უნდა იმოქმედონ სხვა ცვლილებების საზიანოდ, რომლებიც კომისიის მიერ შეიძლება იყოს შემოთავაზებული.

მუხლი 8

ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელის ამოცანები

1. ENTSO-E შეიმუშავებს ქსელის კოდექსებს ამ მუხლის მე-6 აბზაცში აღნიშნული
მიმართულებისათვის, კომისიის მიერ მისთვის ასეთი მოთხოვნის წაყენების შემთხვევაში მე-6(6) მუხლის თანახმად.

2. ENTSO-E-ს შეუძლია ქსელის კოდექსები დაამუშაოს მე-6 აბზაცში აღნიშნული მიმართულებებისთვისაც, მე-4 მუხლში განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, როდესაც ეს ქსელის კოდექსები არ არიან დაკავშირებული იმ მიმართულებებთან, რომლებიც კომისიის მოთხოვნაშია გათვალისწინებული. აღნიშნული ქსელის კოდექსები სააგენტოს უნდა წარედგინოს, რათა სააგენტომ წარმოადგინოს თავისი მოსაზრება. ეს მოსაზრება ENTSO-E-მ შესაბამისად უნდა გაითვალისწინოს.

3. ENTSO-E-მ უნდა მიიღოს:

(a) ქსელის ექსპლუატაციის საერთო მექანიზმები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ქსელის ექსპლუატაციის კოორდინაცია ნორმალურ და საავარიო მდგომარეობაში, მათ შორის რეგულარული ინციდენტების კლასიფიკაციის სქემა და გამოკვლევის გეგმები;

(b) ყოველ ორ წელიწადში, გაერთიანების არასავალდებულო ქსელის ათწლიანი განვითარების გეგმა (გაერთიანების ქსელის განვითარების გეგმა), რომელიც მოიცავს ევროპული გენერაციის ადეკვატურობის შესახებ თვალსაზრისს;

(c) რეკომენდაციები ტექნიკური თანამშრომლობის კოორდინაციასთან დაკავშირებით გაერთიანებასა და მესამე ქვეყნის გადამცემი სისტემის ოპერატორებს შორის;

(d) წლიური სამუშაო პროგრამა;

(e) წლიური ანგარიში;

(f) ყოველწლიური ზაფხულისა და ზამთრის სეზონების გენერაციის ადეკვატურობის პერსპექტივა.

4. მე-3 აბზაცის (b) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროპის გენერაციის ადეკვატურობის პერსპექტივა უნდა ეხებოდეს ელექტროენერგიის სისტემის მთლიან ადეკვატურობას, თუ რამდენად დააკმაყოფილებს სისტემა არსებულ და პროგნოზირებულ მოთხოვნას ელექტროენერგიაზე მომდევნო ხუთ-წლიანი პერიოდისათვის, ასევე, ამ პერსპექტივის წარმოდგენის თარიღიდან 5-დან 15-წლიანი პერიოდის განმავლობაში. ევროპის გენერაციის ადეკვატურობის პერსპექტივა უნდა ეყრდნობოდეს თოთოეული დამოუკიდებელი გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მომზადებულ ეროვნული გენერაციის ადეკვატურობის პერსპექტივას.

5. მე-3 აბზაცის (d) ქვეპუნქტით გათვალისწინებული წლიური სამუშაო პროგრამა უნდა შეიცავდეს მოსამზადებელი ქსელის კოდექსების ჩამონათვალსა და დახასიათებას, ქსელის ექსპლუატაციის კოორდინაციის გეგმას, ასევე წლის განმავლობაში განსახორციელებლად დაგეგმილი კვლევებისა და განვითარების მიმართულებით საქმიანობას, და ინდიკატურ კალენდარს.

6. 1-ელ და მე-2 აბზაცებში მითითებული ქსელის კოდექსები უნდა მოიცავდეს შემდეგ მიმართულებებს, საჭიროების შემთხვევაში რეგიონალური თავისებურებების გათვალისწინებით:

(a) ქსელის უსაფრთხოებისა და საიმედოობის წესები, მათ შორის ტექნიკური გადამცემი სარეზერვო გამტარუნარიანობის შესახებ წესები, ქსელის საექსპლუატაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის;

(b) ქსელთან მიერთების წესები;

(c) მესამე მხარის დაშვების წესები;

(d) მონაცემთა გაცვლისა და ანგარიშსწორების წესები;

(e) ერთობლივი მუშაობის წესები;

(f) საავარიო მდგომარეობაში ექსპლუატაციის წესები;

(g) გამტარუნარიანობის განაწილებისა და გადატვირთვების მართვის წესები;

(h) სისტემის ბალანსირებისა და ქსელთან წვდომის მომსახურების ტექნიკურ და საექსპლუატაციო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ვაჭრობის წესები;

(i) წესები გამჭვირვალობის შესახებ;

(j) ბალანსირების წესები, მათ შორის ქსელთან კავშირში სარეზერვო სიმძლავრის წესები;

(k) წესები ჰარმონიზებული გადამცემი ტარიფის სტრუქტურის შესახებ, რომელიც შეიცავს ლოკაციურ სიგნალებს და ელექტროენერგიის სახელმწიფოთაშორისი გადამცემი სისტემის ოპერატორის კომპენსაციის წესებს; და

(l) ელექტროენერგიის ქსელების ენერგოეფექტურობა.

7. ქსელის კოდექსები უნდა შემუშავდეს ტრანსსასაზღვრო ქსელისა და ბაზრის ინტეგრაციის საკითხების შესახებ და არ უნდა ზღუდავდეს წევრი სახელმწიფოების უფლებას შეიმუშაონ სახელმწიფო ქსელის კოდექსები, რომლებიც არ ახდენს ზეგავლენას ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაზე.

8. ENTSO-E-მ უნდა მოახდინოს ქსელის კოდექსების განხორციელების, ასევე კომისიის მიერ მე-6(11) მუხლის შესაბამისად მიღებული სახელმძღვანელო მითითებების განხორციელების მონიტორინგი და ანალიზი და შეისწავლოს მათი ზეგავლენა ბაზრის ინტეგრაციის გამარტივებისათვის გამიზნული, მოქმედი კანონების ჰარმონიზაციაზე. ENTSO-E-მ საკუთარი მოსაზრებები უნდა აცნობოს სააგენტოს და ანალიზის შედეგები წარმოადგინოს
მე-3 აბზაცის (e) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ წლიურ ანგარიშში.

9. ENTSO-E სააგენტოს მიაწვდის მის მიერ მოთხოვნილ ყველა ინფორმაციას, რომელიც საჭიროა მე-9(1) მუხლში განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად.

10. ENTSO-E ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მიიღებს და გამოაქვეყნებს გაერთიანების ქსელის განვითარების გეგმას. გაერთიანების ქსელის განვითარების გეგმა უნდა შეიცავდეს ინტეგრირებული ქსელის მოდელირებას, სცენარის განვითარებას, ევროპის გენერაციის ადეკვატურობის პერსპექტივასა და სისტემის მოქნილობის შეფასებას.

გაერთიანების ქსელის განვითარების გეგმა უნდა:

(a) ეფუძნებოდეს ეროვნულ საინვესტიციო გეგმებს, მე-12(1) მუხლით გათვალისწინებული რეგიონალური საინვესტიციო გეგმების ჩათვლით, და, თუ საჭიროა, გაერთიანების ასპექტებს ქსელის დაგეგმვის შესახებ, რომელიც მოიცავს სახელმძღვანელო მითითებებს ტრანს-ევროპული ენერგიის ქსელებისათვის ევროპარლამენტისა და საბჭოს გადაწყვეტილების No 1364/2006/EC შესაბამისად(9);

(b) ეფუძნებოდეს სისტემით სხვადასხვა მოსარგებლის გონივრულ საჭიროებებს ტრანსსასაზღვრო სისტემათაშორის ურთიერთკავშირთან დაკავშირებით და ახდენდეს ინვესტორების მხრიდან გრძელვადიანი ვალდებულებების ინტეგრირებას დირექტივის 2009/72/EC მე-8, მე-13 და 22-ე მუხლების თანახმად; და

(c) ავლენდეს ინვესტირების საჭიროებებს, განსაკუთრებით ტრანსსასაზღვრო გამტარუნარიანობის კუთხით.

რაც შეეხება მეორე ქვეაბზაცის (c) ქვეპუნქტს, გაერთიანების ქსელის განვითარების გეგმას შესაძლოა თან დაერთოს ქსელის ტრანსსასაზღვრო გამტარუნარიანობის გაზრდის ბარიერების მიმოხილვა, რომელიც გამოწვეულია დამტკიცების პროცედურებისა და პრაქტიკის სხვადასხვაობით.

11. სააგენტომ უნდა წარმოადგინოს მოსაზრება ქსელის განვითარების ეროვნული ათწლიანი გეგმების შესახებ, მათი შესაბამისობის შესაფასებლად გაერთიანების მასშტაბით მოქმედ ქსელის განვითარების გეგმასთან. სააგენტოს მიერ, ქსელის განვითარების ეროვნული ათწლიან გეგმასა და გაერთიანების მასშტაბით მოქმედ ქსელის განვითარების გეგმას შორის შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, სააგენტომ რეკომენდაცია უნდა გაუწიოს ქსელის განვითარების ეროვნული ათწლიანი გეგმის, ან გაერთიანების მასშტაბით მოქმედი ქსელის განვითარების გეგმის შეცვლას, ისე როგორც უმჯობესი იქნება. თუ აღნიშნული ქსელის განვითარების ეროვნული ათწლიანი გეგმა შემუშავებულია დირექტივის 2009/72/EC 22-ე მუხლის შესაბამისად, სააგენტომ რეკომენდაცია უნდა გაუწიოს, რომ კომპეტენტურმა ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ შეიტანოს გეგმაში ცვლილებები აღნიშნული დირექტივის 22(7)-ე მუხლის შესაბამისად და კომისიას მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია.

12. კომისიის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, ENTSO-E-მ საკუთარი მოსაზრება უნდა წარუდგინოს კომისიას სახელმძღვანელო მითითებების მიღების თაობაზე, მე-18 მუხლის თანახმად.

მუხლი 9

სააგენტოს მიერ მონიტორინგის განხორციელება

1. სააგენტო მოახდენს ENTSO–E-ს მიერ მე-8(1), (2) და (3) მუხლებში მითითებული ამოცანების შესრულების მონიტორინგს და ანგარიშს წარუდგენს კომისიას.

სააგენტო მონიტორინგს გაუწევს ENTSO-E-ს მიერ მე-8(2) მუხლის შესაბამისად შემუშავებული ქსელის კოდექსების განხორცილებას, ასევე ქსელის კოდექსების განხორცილებას რომლებიც მე-6(1)-(10) მუხლის თანახმადაა შემუშავებული, მაგრამ რომლებიც არ არის მიღებული კომისიის მიერ მე-6(11) მუხლის თანახმად. თუ ENTSO-E-მ ვერ განახორციელა აღნიშნული ქსელის კოდექსები, სააგენტომ ENTSO-E-ს უნდა მოსთხოვოს სათანადოდ დასაბუთებული ახსნა-განმარტების წარმოდგენა, თუ რატომ ვერ შეასრულა მან ეს დავალება. აღნიშნულ ახსნა-განმარტებასა და საკუთარ მოსაზრებას სააგენტო აცნობებს კომისიას.

სააგენტო, მე-6(11) მუხლის შესაბამისად, მონიტორინგს და ანალიზს გაუწევს კომისიის მიერ
მიღებული ქსელის კოდექსებისა და სახელმძღვანელო მითითებების განხორციელებას და მათ
გავლენას მოქმედი წესების ჰარმონიზაციაზე, რომლებიც გამიზნულია ბაზრის ინტეგრაციის გამარტივებისათვის. ასევე, ზეგავლენას არადისკრიმინაციულობის, ეფექტიანი კონკურენციისა და ბაზრის გამართული ფუნქციონირების კუთხით და შესაბამის ანგარიშს წარუდგენს კომისიას.

2. ENTSO-E სააგენტოს განსახილველად წარუდგენს გაერთიანების ქსელის განვითარების გეგმის პროექტსა და წლიური სამუშაო პროგრამის პროექტს საკონსულტაციო პროცესის შესახებ ინფორმაციის ჩათვლით, ასევე სხვა დოკუმენტებს, რომლებიც მითითებულია მე-8(3) მუხლში.

მიღების დღიდან ორი თვის ვადაში სააგენტო წარმოადგენს სათანადოდ დასაბუთებულ
მოსაზრებას, ასევე რეკომენდაციებს ENTSO-E-სა და კომისიისათვის, როდესაც იგი თვლის, რომ წლიური სამუშაო პროგრამის პროექტი და ENTSO-E-ს მიერ წარმოდგენილი გაერთიანების მასშტაბის ქსელის განვითარების გეგმის პროექტი ხელს არ უწყობს
არადისკრიმინაციულობას, ეფექტიან კონკურენციასა და ბაზრის გამართულ ფუნქციონირებას, ან დამაკმაყოფილებელი დონის ტრანსსასაზღვრო სისტემათაშორის ურთიერთკავშირს, რომელიც ხელმისაწვდომია მესამე მხარისათვის.

მუხლი 10

კონსულტაციები

1. ქსელის კოდექსების, მე-8(1), (2) და (3) მუხლში მითითებული გაერთიანების ქსელის განვითარების გეგმისა და წლიური სამუშაო პროგრამის პროექტის მომზადების პროცესში ENTSO-E-მ მასშტაბური საკონსულტაციო პროცესი უნდა ჩაატაროს ადრეულ ეტაპზე ღია და გამჭვირვალე წესით, რომელშიც ჩართული იქნება ყველა შესაბამისი ბაზრის მონაწილე და კერძოდ, ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენელი ორგანიზაცია, საქმის წარმოების წესის თანახმად რომელიც მითითებულია მე-5(1) მუხლში. კონსულტაციის პროცესი უნდა მოიცავდეს ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს და სხვა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, მიწოდებისა და გენერაციის საწარმოებს, სისტემით მოსარგებლეებს, მომხმარებელთა ჩათვლით, დისტრიბუციის სისტემის ოპერატორებს, შესაბამისი ინდუსტრიული ასოციაციების ჩათვლით, ტექნიკურ ორგანოებსა და დაინტერესებული მხარეების ფორუმებს. გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა მოხდეს ყველა მხარის შეხედულებებისა და შემოთავაზებების გათვალისწინება.

2. პირველ აბზაცში მითითებული საკონსულტაციო პროცესის ამსახველი ყველა
დოკუმენტი და შეხვედრის ოქმი საჯარო უნდა იყოს.

3. მე-8(1),(2) და (3) მუხლში მითითებული წლიური სამუშაო პროგრამისა და ქსელის კოდექსის მიღებამდე ENTSO–E-მ უნდა აღნიშნოს, თუ როგორ იქნა გათვალისწინებული კონსულტაციების განმავლობაში მიღებული დაკვირვების მონაცემები. უნდა იქნეს წარმოდგენილი დასაბუთება, თუ დაკვირვების მონაცემები არ იქნა გათვალისწინებული.

მუხლი 11

ხარჯები

მე-4 და მე-12 მუხლებში მითითებული, ENTSO-E-ს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, უნდა დაეკისროს გადამცემი სისტემის ოპერატორებს და უნდა იქნეს გათვალისწინებული ტარიფების გამოთვლის დროს. მარეგულირებელმა ორგანოებმა აღნიშნული ხარჯები უნდა დაამტკიცონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გონივრული და პროპორციულია.

მუხლი 12

გადამცემი სისტემის ოპერატორების რეგიონალური თანამშრომლობა

1. გადამცემი სისტემის ოპერატორებმა ENTSO-E-ს ფარგლებში უნდა ითანამშრომლონ რეგიონალურ დონეზე მე-8(1),(2) და (3) მუხლში მითითებული საქმიანობისათვის ხელშესაწყობად. კერძოდ, მათ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ უნდა გამოაქვეყნონ რეგიონალური საინვესტიციო გეგმა და აღნიშნული გეგმის საფუძველზე შესაძლოა
მიიღონ საინვესტიციო გადაწყვეტილებები.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორებმა ხელი უნდა შეუწყონ საოპერაციო საქმიანობის ორგანიზაციას, რათა უზრუნველყონ ქსელის ოპტიმალური მართვა, მათ ასევე ხელი უნდა შეუწყონ ელექტროენერგიის გაცვლის განვითარებას, ტრანსსასაზღვრო სიმძლავრეების კოორდინირებულ განაწილებას არადისკრიმინაციულ საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული მექანიზმების საშუალებით, სადაც სათანადო ყურადღება ექცევა „ფარული აუქციონების“ სპეციფიკურ უპირატესობას მოკლევადიანი განაწილებისთვის და ბალანსირებისა და სარეზერვო სიმძლავრეების ინტეგრაციის მექანიზმებს.

3. ამ მუხლის 1-ელ და მე-2 ქვეპუნქტებში აღნიშნული მიზნების მისაღწევად, რეგიონალური
თანამშრომლობის თითოეულ სტრუქტურაში შემავალი გეოგრაფიული არეალი უნდა განისაზღვროს კომისიის მიერ, არსებული რეგიონალური თანამშრომლობის სტრუქტურების გათვალისწინებით. თითოეულ წევრ სახელმწიფოს ნება უნდა მიეცეს ხელი შეუწყოს თანამშრომლობას ერთზე მეტ გეოგრაფიულ არეალში. პირველ წინადადებაში აღნიშნული ღონისძიებები, რომლებიც ამ რეგულაციის არაარსებითი ელემენტების შესწორებას ისახავს მიზნად მისი სრულყოფის გზით, მიღებული უნდა იქნეს რეგულირების პროცედურის მიხედვით 23(2)-ე მუხლში მითითებული სიზუსტით.

ამ მიზნით კომისიამ კონსულტაცია უნდა მიიღოს სააგენტოსა და ENTSO-E-გან.

მუხლი 13

სისტემათაშორისი გადამცემი სისტემის ოპერატორების კომპენსაციის მექანიზმები

1. გადამცემი სისტემის ოპერატორებს უნდა აუნაზღაურდეს ხარჯები, რომლებიც
გამოწვეულია მათ ქსელში ტრანსსასაზღვრო ნაკადების მიღებით.

2. პირველ აბზაცში მითითებული კომპენსაცია უნდა გადაიხადონ ელექტროენერგიის გადამცემი სახელმწიფო სისტემის ოპერატორებმა, საიდანაც ტრანსსასაზღვრო ნაკადი იღებს სათავეს და იმ სისტემების ოპერატორებმა სადაც ეს ნაკადები დასრულდება.

3. საკომპენსაციო გადახდა რეგულარულად უნდა განხორციელდეს წარსულში
დროის მოცემული პერიოდის შესაბამისად. გადახდილი კომპენსაციის შემდგომი დარეგულირება უნდა მოხდეს საჭიროებისამებრ, რეალური ხარჯების ასახვის მიზნით.

 პირველი დროის პერიოდი, რომლისთვისაც უნდა შესრულდეს საკომპენსაციო გადახდა,
უნდა დადგინდეს მე-18 მუხლით გათვალისწინებულ სახელმძღვანელო მითითებებში.

4. კომისიამ უნდა დაადგინოს გადასახდელი საკომპენსაციო გადახდების სიდიდე. ღონისძიება, რომელიც გამიზნულია ამ რეგულაციის არაარსებითი ნაწილების შესასწორებლად მათი სრულყოფის გზით, მიღებული უნდა იქნეს მარეგულირებელი პროცედურის შესაბამისად 23(2)-ე მუხლში მითითებული სიზუსტის დაცვით.

5. მიღებული ტრანსსასაზღვრო ნაკადების მოცულობა, ასევე ტრანსსასაზღვრო ნაკადების მოცულობა, რომელთა წამოწყება ან/და დასრულება ხდება სახელმწიფო გადამცემ სისტემაში, უნდა დადგინდეს დროის მოცემულ პერიოდში ფაქტიურად გაზომილი ელექტროენერგიის ფიზიკური ნაკადების საფუძველზე.

6. ტრანსსასაზღვრო ნაკადების მიღების შედეგად გაწეული ხარჯები უნდა დადგინდეს
მომავალზე ორიენტირებული გრძელვადიანი საშუალო ინკრემენტული ხარჯების საფუძველზე, გათვალისწინებული უნდა იქნეს დანაკარგები, ახალ ინფრასტრუქტურაში ინვესტირება და არსებული ინფრასტრუქტურის ღირებულების შესაბამისი პროპორცია იმდენად, რამდენადაც აღნიშნული ინფრასტრუქტურა გამოყენებულია ტრანსსასაზღვრო ნაკადის გატარებისათვის მიწოდების უსაფრთხოების გარანტირების განსაკუთრებული აუცილებლობის გათვალისწინებით. გაწეული ხარჯების დადგენის პროცესში სტანდარტული აღიარებული ხარჯების დადგენის მეთოდოლოგიები უნდა იქნეს გამოყენებული. კომპენსაცია უნდა შემცირდეს იმ სარგებლის გათვალისწინებით, რომელსაც სისტემა იღებს აღნიშნული ნაკადის გატარებით.

მუხლი 14

ქსელებზე დაშვების საფასური

1. ქსელის ოპერატორების მიერ გამოყენებული ქსელზე დაშვების საფასური უნდა იყოს
გამჭვირვალე, უნდა ითვალისწინებდეს ქსელის უსაფრთხოების საჭიროებას და ასახავდეს გაწეულ რეალურ ხარჯებს იმდენად, რამდენადაც ისინი მიესადაგება ეფექტიანი და სტრუქტურულად შესადარი ქსელის ოპერატორის ხარჯებს. საფასური არადისკრიმინაციული ფორმით უნდა იქნეს გამოყენებული. აღნიშნული საფასური არ იყოს დამოკიდებული მანძილზე.

2. შესაბამისობის მიხედვით, წარმოებისა ან/და მოხმარების ტარიფების სიდიდე უნდა უზრუნველყოფდეს ლოკაციური სიგნალების მიწოდებას გაერთიანების დონეზე და მხედველობაში იღებდეს ქსელური დანაკარგების სიდიდესა და გამოწვეულ გადატვირთვებს, ასევე ინფრასტრუქტურისათვის საჭირო საინვესტიციო ხარჯებს.

3. ქსელზე დაშვების საფასურის დადგენისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი:

(a) გადახდები და მიღებული თანხები სისტემათაშორისი გადამცემი სისტემის ოპერატორების კომპენსაციის მექანიზმის შესაბამისად;

(b) რეალურად განხორციელებული გადახდები და მიღებული თანხები, ასევე მომავალში დროის გარკვეული პერიოდებისათვის მოსალოდნელი გადახდები, რომლებიც დაანგარიშებულია გასული პერიოდების საფუძველზე.

4. ამ მუხლის მიხედვით დადგენილი ქსელზე დაშვების საფასური წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს გაცხადებული ექსპორტისა და იმპორტის საფასურთან, რომელიც წარმოიშობა მე-16 მუხლში მოხსენიებული გადატვირთვების მართვის შედეგად.

5. ელექტროენერგიის გაცხადებული ტრანზიტისათვის სპეციფიური ქსელის გადასახადები არ უნდა არსებობდეს ინდივიდუალურ ტრანსაქციებზე.

მუხლი 15

ინფორმაციის მიწოდება

1. გადამცემი სისტემის ოპერატორებმა უნდა შეიმუშაონ კოორდინაციის და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ქსელების უსაფრთხოებას გადატვირთვების მართვის პროცესში.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ გამოყენებული უსაფრთხოების, საექსპლუატაციო და დაგეგმვის სტანდარტები საჯარო უნდა იყოს. გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს გადამცემი საერთო სიმძლავრის გამოთვლის
ზოგად სქემას და გადამცემი საიმედოობის მარჟას, ქსელის ელექტრული და ფიზიკური
მახასიათებლებიდან გამომდინარე. ამგვარი სქემები უნდა დამტკიცდეს მარეგულირებელი ორგანოების მიერ.

3. გადამცემი სიტემის ოპერატორებმა ყოველდღიურად უნდა გამოაქვეყნონ ინფორმაცია გადამცემი სავარაუდოდ ხელმისაწვდომი გამტარუნარიანობის შესახებ, უკვე დარეზერვებული გადამცემი ხელმისაწვდომი გამტარუნარიანობის მითითებით. აღნიშნული პუბლიკაციები სპეციფიკური ინტერვალებით უნდა მომზადდეს ტრანსპორტირების დღემდე და ასევე უნდა მოიცავდეს, ნებისმიერ შემთხვევაში, მომავალი ერთი კვირისა და ერთი თვის პროგნოზებს, ასევე რიცხობრივად გამოხატული არსებული ხელმისაწვდომი სიმძლავრის სავარაუდო საიმედოობას.

4. გადამცემი სისტემის ოპერატორებმა უნდა გამოაქვეყნონ შესაბამისი მონაცემები
გაერთიანებული საპროგნოზო დ ფაქტიური მოთხოვნის შესახებ, გენერაციისა და
დატვირთვის აქტივების ხელმისაწვდომობისა და ფაქტიური გამოყენების შესახებ, ქსელებისა და სისტემათაშორისი ურთიერთკავშირის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების შესახებ, ასევე საბალანსო ენერგიისა და სარეზერვო გამტარუნარიანობის შესახებ. მცირე გენერაციისა და დატვირთვის ობიექტების ხელმისაწვდომობისა და ფაქტიური სარგებლობისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთობლივი შეფასებითი მონაცემები.

5. შესაბამისმა ბაზრის მონაწილეებმა, გადამცემი სისტემის ოპერატორებს შესაბამისი მონაცემები უნდა მიაწოდონ.

6. გენერაციის ობიექტები, რომლებიც ფლობენ და ექსპლუატაციას უწევენ გენერაციის აქტივებს, სადაც მინიმუმ ერთ გენერაციის აქტივს გააჩნია მინიმუმ 250 მეგავატი დადგმული სიმძლავრე, ვალდებულნი არიან შეინახონ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისათვის, კონკურენციის ეროვნული ორგანოსა და კომისიისათვის ხელმისაწვდომად 5 წლიან პერიოდში საათობრივი ინტერვალებით წარმოდგენილი ყველა მონაცემი თითოეული ობიექტისათვის, რომელიც საჭიროა დატვირთვის საექსპლოატაცო განაწილების ყველა გადაწყვეტილების, ასევე სიმძლავრეთა გაცვლის აუქციონზე ფასების შეთავაზების, ტრანსსასაზღვრო აუქციონების, რეზერვების ბაზრისა და არასაბირჟო ბაზრის შესამოწმებლად. თითოეული ობიექტის შესახებ სავალდებულოდ შესანახი საათობრივი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს, მაგრამ არ უნდა შემოიფარგლებოდეს მონაცემებით ხელმისაწვდომი გენერაციის სიმძლავრის და დარეზერვებული სიმძლავრეების შესახებ, მათ შორის უნდა იყოს ინფორმაცია აღნიშნული დარეზერვებული სიმძლავრის თითოეულ ობიექტზე განაწილების შესახებ, როდესაც აუქციონზე ფასების შეთავაზება მიმდინარეობს და წარმოების პროცესში.

მუხლი 16

გადატვირთვების მართვის ზოგადი პრინციპები

1. ქსელის გადატვირთვით გამოწვეული პრობლემები უნდა გადაიჭრას არადისკრიმინაციული საბაზრო მიდგომებით, რომლებიც ეფექტიან ეკონომიკურ სიგნალების აწვდიან აღნიშნულთან კავშირში მყოფ ბაზრის მონაწილეებსა და გადამცემი
სისტემის ოპერატორებს. ქსელის გადატვირთვის პრობლემების გადაჭრისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს არატრანზაქციულ მეთოდებს, ანუ მეთოდებს, როდესაც საჭირო არ არის არჩევანის გაკეთება ბაზრის ცალკეული მონაწილეების კონტრაქტებს შორის.

2. ტრანზაქციების შეკვეცის პროცედურები მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც გადამცემი სისტემის ოპერატორებმა მყისიერი რეაგირება უნდა მოახდინონ, და როდესაც ელექტროენერგიის ხელახალი გადანაწილება ან გადაყიდვა შეუძლებელია. ნებისმიერი ამგვარი პროცედურა არადისკრიმინაციული ფორმით უნდა იქნეს გამოყენებული.

ზემოთაღნიშნული არ შეეხება იმ შემთხვევებს, როდესაც სახეზეა „დაუძლეველი ძალის მოქმედება“. ამ შემთხვევაში ბაზრის მონაწილეებს, რომელთაც მოახდინეს სიმძლავრეების განაწილება, უნდა აუნაზღაურდეთ ნებისმიერი დანაკლისი.

3. ურთიერთდამაკავშირებელი ხაზების ან/და გადამცემი ქსელების მაქსიმალური სიმძლავრე, რომელიც გავლენას ახდენს ტრანსსასაზღვრო ნაკადებზე უნდა გახდეს ხელმისაწვდომი ბაზრის იმ მონაწილეებისათვის, რომლებიც პასუხობენ ქსელის უსაფრთხო ექსპლუატაციის უსაფრთხოების ნორმებს.

4. ბაზრის გადამცემი სისტემის შესაბამისი ოპერატორი საქმის კურსში უნდა ჩააყენონ
გონივრული ვადით ადრე იმ დრომდე, როცა ისინი აპირებენ გამოყოფილი სიმძლავრის
გამოყენებას. გამოყოფილი სიმძლავრე, რომლიც არ გამოიყენება, უნდა დაუბრუნდეს ბაზარს ღია, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული წესით.

5. გადამცემი სისტემის ოპერატორები, რამდენადაც ეს ტექნიკურადა შესაძლებელია, მიმართავენ ენერგონაკადების სიმძლავრეზე მოთხოვნებს საპირისპირო მიმართულებით
გადატვირთულ ურთიერთდამაკავშირებელ ხაზზე, რათა აღნიშნული ხაზი მისი მაქსიმალური სიმძლავრით იქნეს გამოყენებული. მაქსიმალურად ქსელის უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, არასოდეს არ უნდა ეთქვას უარი იმ გარიგებებს, რომლებიც სისტემის განტვირთვას იწვევს.

6. სისტემათაშორისი ურთიერთკავშირის განაწილებიდან მიღებული ნებისმიერი შემოსავალი გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი მიზნებისათვის:

(a) გამოყოფილი გამტარუნარიანობის რეალური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; ან/და

(b) ქსელში, განსაკუთრებით კი ახალ ურთიერთდამაკავშირებელ ხაზებში ინვესტირების გზით ურთიერთდამაკავშირებელი ხაზების სიმძლავრეების შენარჩუნებისა და გაზრდისათვის.

თუ შემოსავლების გამოყენება ეფექტიანად ვერ ხერხდება იმ პირველი ქვეაბზაცის (a) ან/და (b) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიზნებისათვის, აღნიშნული შემოსავლების გამოყენება შეიძლება, რაც თავის მხრივ ექვემდებარება აღნიშნულთან კავშირში მყოფი წევრი სახელმწიფოს მარეგულირებელი ორგანოების მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებას, მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ამ მარეგულირებელმა ორგანოებმა, აღნიშნული შემოსავლები მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მარგულირებელი ორგანოების მიერ ქსელის ტარიფების გამოთვლის მეთოდოლოგიის დამტკიცების ან/და ქსელის ტარიფების დადგენის პროცესში.

შემოსავლების დარჩენილი ნაწილი უნდა მოთავსდეს ცალკე შიდა ანგარიშზე მანამდე, სანამ მათი გამოყენება არ იქნება შესაძლებელი პირველი ქვეაბზაცის (a) ან/და (b) ქვეპუნქტებში აღნიშნული მიზნებისათვის. მარეგულირებელმა ორგანომ სააგენტოს უნდა აცნობოს მე-2 ქვეაბზაცით გათვალისწინებული დამტკიცების შესახებ.

მუხლი 17

ახალი ურთიერთდამაკავშირებელი ხაზები

1. მუდმივი დენის ახალი ურთიერთდამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზები, მოთხოვნის შემთხვევაში და ლიმიტირებული დროის პერიოდით შესაძლებელია გათავისუფლდეს ამ რეგულაციის მე-16(6) მუხლის დებულებების და დირექტივის 2009/72/EC მე-9, 32-ე და 37(6)-ე და (10)-ე მუხლების საფუძველზე, შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში:

(a) ინვესტიციამ უნდა გააძლიეროს კონკურენცია ელექტროენერგიის მომარაგების სფეროში;

(b) ინვესტიციასთან დაკავშირებული რისკის დონე ისეთია, რომ ინვესტიცია არ განხორციელდება აღნიშნული გათავისუფლების გარეშე;

(c) ურთიერთდამაკავშირებელ ხაზს უნდა ფლობდეს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გამოყოფილია მინიმუმ იურიდიული ფორმით იმ სისტემის ოპერატორისაგან, რომლის სისტემაშიც აშენდება აღნიშნული ურთიერთდამაკავშირებელი ხაზი;

(d) საფასური ეკისრება აღნიშნული ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის მომხმარებლებს;

(e) „ელექტროენერგიის შიდა ბაზრის რეგულირების საერთო წესების შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 1996 წლის 19 დეკემბრის დირექტივის 96/92/EC(10) მე-19 მუხლში მითითებული ბაზრის ნაწილობრივი გახსნის შემდეგ ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის კაპიტალური და საექსპლუატაციო ხარჯების არავითარი ნაწილის ანაზღაურება არ მომხდარა ურთიერთდამაკავშირებელი ხაზით დაკავშირებული გადამცემი და დისტრიბუციის სიტემების გამოყენების საფასურის რომელიმე კომპონენტიდან;

(f) აღნიშნული გათავისუფლება ზიანს არ უნდა აყენებდეს კონკურენციასა და ელექტროენერგიის შიდა ბაზრის გამართულ ფუნქციონირებას, ან იმ რეგულირებული სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას, რომელთანაც ურთიერთდამაკავშირებელი ხაზია შეერთებული.

2. 1-ლი აბზაცი უნდა იქნეს გამოყენებული, გამონაკლის შემთხვევებში, ცვალებადი დენის ელექტროგადამცემი ხაზებისთვისაც იმ პირობით, რომ მოცემული კონკრეტული ინვესტიციის ხარჯები და რისკები განსაკუთრებით მაღალია, თუ შევადარებთ იმ ხარჯებსა და რისკებს რომელიც ნორმალურად არსებობს ორი მეზობელი სახელმწიფო გადამცემი სისტემების შეერთების დროს ცვლადი დენის ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით.

 3. 1-ლი აბზაცი ასევე ვრცელდება არსებული ურთიერთდამაკავშირებელი ხაზების სიმძლავრის მნიშვნელოვნად გაზრდის შემთხვევაშიც.

4. გადაწყვეტილება 1-ლი, მე-2 და მე-3 აბზაცების მიხედვით გათავისუფლების დაშვების თაობაზე უნდა მიიღოს შესაბამისი წევრი სახელმწიფოს მარეგულირებელმა ორგანომ ყველა ცალკეული შემთხვევის ინდივიდუალური განხილვის საფუძველზე. გათავისუფლება შეიძლება შეეხებოდეს ახალი ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის სიმძლავრეს მთლიანად ან ნაწილობრივ, ან არსებული ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის სიმძლავრეს, მისი მნიშვნელოვნად გაზრდის შემთხვევაში.

აღნიშნულ საკითხთან კავშირში მყოფი ბოლო ინსტანციის მარეგულირებელი ორგანოს მიერ გათავისუფლების დაშვების შესახებ მოთხოვნის მიღებიდან ორი თვის ვადაში სააგენტოს შეუძლია სარეკომენდაციო მოსაზრება წარუდგინოს იმ მარეგულირებელ ორგანოებს, რომელთაც შეუძლიათ წარმოადგინონ მათი გადაწყვეტილების დასაბუთება.

გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირობების დადგენის საჭიროება გამონაკლისის ხანგრძლივობასა და სისტემათაშორის გადამცემ ხაზზე არადისკრიმინაციული წვდომის თაობაზე. ამ პირობების დადგენისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს
მიღებული დამატებითი სიმძლავრის აშენების, ან არსებული სიმძლავრის მოდიფიკაციის საჭიროებას, პროექტის ვადებსა და შიდასახელმწიფოებრივ პირობებს.

გათავისუფლების დაშვებამდე აღნიშნულ საკითხთან კავშირში მყოფმა წევრი სახელმწიფოს
მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ სიმძლავრის მართვისა და განაწილების წესები და მექანიზმები. გადატვირთვების მართვის წესები უნდა მოიცავდეს გამოუყენებელი სიმძლავრის ბაზარზე გატანის ვალდებულებას. ინფრასტრუქტურით მოსარგებლეებს უნდა ჰქონდეთ უფლება საკუთარი კონტრაქტით განსაზღვრული სიმძლავრით ივაჭრონ
მეორად ბაზარზე. 1-ლი აბზაცის (a),(b) და (f) ქვეპუნქტებში აღნიშნული კრიტერიუმების შეფასებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სიმძლავრის განაწილების პროცედურების შედეგები.

როდესაც ყველა მარეგულირებელი ორგანო შეთანხმდება გამონაკლისის თაობაზე ექვსი თვის ვადაში, მათ ამის შესახებ უნდა შეატყობინონ სააგენტოს.

გადაწყვეტილება გამონაკლისის თაობაზე, ამ აბზაცის მე-2 ქვეაბზაცში მითითებული ნებისმიერი პირობის ჩათვლით, სათანადოდ უნდა დასაბუთდეს და გამოქვეყნდეს.

5. მე-4 აბზაცში აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სააგენტომ, როდესაც:

(a) ყველა მარეგულირებელმა ორგანომ, რომლებიც აღნიშნულ საკითხთან კავშირშია ვერ მიაღწია შეთანხმებას გათავისუფლების თაობაზე მოთხოვნის ამ მარეგულირებელი ორგანოებიდან უკანასკნელისათვის წარდგენის თარიღიდან ექვსი თვის ვადაში; ან

(b) შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების ერთობლივი მოთხოვნის შემთხვევაში.

 ამგვარი გადაწყვეტილების მიღებამდე სააგენტომ კონსულტაცია უნდა მიიღოს
შესაბამისი მარეგულირებელ ორგანოებისა და განმცხადებლებისაგან.

6. მე-4 და მე-5 აბზაცების მიუხედავად, წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა, სიტუაციის
შესაბამისად, მოსთხოვონ მარეგულირებელ ორგანოს, ან სააგენტოს, ოფიციალური გადაწყვეტილების მისაღებად წევრი სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს
წარუდგინოს მისი მოსაზრება გათავისუფლების დაშვების თაობაზე. აღნიშნული მოსაზრება გადაწყვეტილებასთან ერთად უნდა გამოქვეყნდეს.

7. მარეგულირებელმა ორგანომ გათავისუფლების შესახებ ყოველი მოთხოვნის ასლი მიღებისთანავე უნდა გადასცეს სააგენტოს ან კომისიას ინფორმაციისათვის. შესაბამისმა მარეგულირებელმა ორგანოებმა, ან სააგენტომ (შეტყობინების წარმდგენი ორგანოები), დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ მიღებული გადაწყვეტილება კომისიას, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი ინფორმაციის თანხლებით. შესაძლებელია აღნიშნული ინფორმაცია კომისიას წარედგინოს ერთობლივი ფორმით, რათა კომისიამ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება შეძლოს. კერძოდ, აღნიშნული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

(a) დეტალურ დასაბუთებას გათავისუფლების დაშვების ან არდაშვების შესახებ, ფინანსური ინფორმაციის თანხლებით, რომელიც ასაბუთებს აღნიშნული გათავისუფლების დაშვების საჭიროებას;

(b) გათავისუფლების დაშვების ზეგავლენის ანალიზს კონკურენციასა და ელექტროენერგიის შიდა ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებაზე;

(c) გათავისუფლების დროის პერიოდისა და ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის მთლიანი სიმძლავრის წილის, რომელსაც შეეხება გათავისუფლება, შერჩევის დასაბუთებას;

(d) შესაბამის მარეგულირებლ ორგანოებთან კონსულტაციების შედეგებს.

8. მე-7 აბზაცში მოხსენიებული შეტყობინების მიღებიდან ორი თვის ვადაში კომისიამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომ შეტყობინების წარმდგენ ორგანოებს
მოსთხოვოს გათავისუფლების მინიჭების გადაწყვეტილების შესწორება ან გაუქმება. აღნიშული ორთვიანი ვადა შეიძლება დამატებით ორი თვით გახანგრძლივდეს, კომისიის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში. დამატებითი პერიოდის ათვლა
უნდა დაიწყოს სრული ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო დღეს. საწყისი ორთვიანი პერიოდი ასევე შეიძლება გახანგრძლივდეს კომისიისა და შეტყობინების წარმდგენი ორგანოების შეთანხმების შემთხვევაში.

თუ მოთხოვნილი ინფორმაცია მოთხოვნაში დადგენილ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი, მოთხოვნა გაუქმებულად ჩაითვლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პერიოდის
დასრულებამდე ეს პერიოდი გახანგრძლივდება კომისიის და შეტყობინების
წარმდგენი ორგანოების თანხმობით, ან შეტყობინების წარმდგენი ორგანოები, სათანადოდ დასაბუთებული განცხადებით აცნობებენ კომისიას რომ, მათი აზრით, ნომინაცია სრულყოფილია.

შეტყობინების წარმდგენი ორგანოები უნდა დაემორჩილონ კომისიის გადაწყვეტილებას
გათავისუფლების დაშვების შესახებ გადაწყვეტილების შესწორების, ან გაუქმების თაობაზე ერთი თვის ვადაში და სათანადო ინფორმაცია მიაწოდონ კომისიას.

კომისია დაიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალურობას.

კომისიის მიერ დამტკიცებული გადაწყვეტილება გათავისუფლების დაშვების თაობაზე ვადაგასულად ჩაითვლება მისი მიღებიდან ორი წლის თავზე, თუ ამ თარიღისათვის ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის მშენებლობა არ დაწყებულა, ან მისი მიღებიდან ხუთი წლის თავზე, თუ ამ დროისათვის ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის ექსპლუატაცია არ დაწყებულა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კომისია ადგენს, რომ ზემოთაღნიშნული ნებისმიერი დაყოვნება გამოწვეულია ხელისშემშლელი გარემოებებით, რომლებიც სცილდება იმ პირის კონტროლის სფეროს, რომლისთვისაც გათავისუფლების დაშვება მოხდა.

9. კომისიას შეუძლია შეიმუშაოს სახელმძღვანელო მითითებები ამ მუხლის 1-ელ აბზაცში აღნიშნული პირობების გამოყენების მიზნით და დაადგინოს პროცედურა, რომელიც უნდა იქნეს დაცული ამ მუხლის მე-4, მე-7 და მე-8 აბზაცების გამოყენებისათვის. ღონისძიებები, რომლებიც ამ რეგულაციის არაარსებითი ელემენტების შესწორებას ემსახურება მათი სრულყოფის გზით, მიღებული უნდა იქნეს მარეგულირებელი პროცედურის შესაბამისად 23(2)-ე მუხლში მითითებული სიზუსტის დაცვით.

მუხლი 18

სახელმძღვანელო მითითებები

1. საჭიროებისდა მიხედვით, სისტემათაშორისი გადამცემი სისტემის ოპერატორების კომპენსაციის მექანიზმთან დაკავშირებულ სახელმძღვანელო მითითებებში, მე-13 და მე-14 მუხლებით დადგენილი პრინციპების შესაბამისად, უნდა განისაზღვროს შემდეგი:

(a) პროცედურის დეტალები, რათა დადგინდეს, გადამცემი სისტემის რომელმა ოპერატორებმა უნდა გადაიხადონ კომპენსაცია ტრანსსასაზღვრო ნაკადისათვის, იმის მითითებით, თუ როგორია განაწილება ელექტროენერგიის გადამცემი სახელმწიფო სისტემის ოპერატორებსა, საიდანაც ტრანსსასაზღვრო ნაკადი იღებს სათავეს, და იმ სისტემების ოპერატორებს შორის, სადაც ეს ნაკადები დასრულდება მე-13(2) მუხლის შესაბამისად;

(b) გადახდის პროცედურის დეტალები რომლებიც უნდა შესრულდეს, მათ შორის, კომპენსაციის გადახდის პირველი პერიოდის განსაზღვრა მე-13(3) მუხლის მეორე ქვეაბზაცის მიხედვით;

(c) მიღებული ტრანსსასაზღვრო ნაკადის, რომლისთვისაც მე-13 მუხლის თანახმად კომპენსაცია იქნება გადასახდელი, დადგენის მეთოდოლოგია ნაკადების როგორც რაოდენობის, ასევე ტიპის დადგენა, ასევე, აღნიშნული ნაკადების მოცულობის დადგენა, როცა ნაკადი დაიწყება ან/და დასრულდება ცალკეული წევრი სახელმწიფოს გადამცემი სისტემებში, მე-13(5) მუხლის თანახმად;

(d) ტრანსსასაზღვრო ნაკადის მიღებით გამოწვეული ხარჯებისა და სარგებლის განსაზღვრის მეთოდოლოგიის დეტალები, მე-13(6) მუხლის შესაბამისად;

(e) სისტემათაშორისი გადამცემი სისტემის ოპერატორის ელექტროენერგიის ნაკადების კომპენსაციის მექანიზმის კონტექსტში, იმ ნაკადების მიმართ მოქმედების დეტალები, რომლებიც იწყება ან მთავრდება ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ;

(f) მუდმივი დენის გადამცემი ხაზების საშუალებით დაკავშირებული სახელმწიფო სისტემების მონაწილეობა, მე-13 მუხლის შესაბამისად.

2. სახელმძღვანელო მითითებებით ასევე შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი წესები იმ პრინციპების ეტაპობრივი ჰარმონიზებისათვის, რომლებიც საფუძვლად უდევს მწარმოებლებისა და (სიმძლავრის) მომხმარებლებისთვის გადასახადის დადგენას ეროვნული ტარიფიკაციის სიტემების ფარგლებში, მათ შორის, სახელმწიფოთაშორისი გადამცემი სისტემის ოპერატორის კომპენსაციის მექანიზმის გათვალისწინება სახელმწიფო ქსელის გადასახადში და სათანადო და ეფექტიანი სიგნალების მიწოდება მე-14 მუხლში დადგენილი პრინციპების შესაბამისად. სახელმძღვანელო მითითებების საფუძველზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰარმონიზებული, სათანადო და ეფექტიანი ლოკაციური სიგნალები გაერთიანების მასშტაბით. აღნიშნული ჰარმონიზაცია არ უნდა აბრკოლებდეს წევრ სახელმწიფოებს რათა მათ გამოიყენონ მექანიზმები იმისთვის, რომ უზრუნველყონ მომხმარებელთათვის (დატვირთვა) დაკისრებული ქსელთან წვდომის საფასური იყოს ურთიერთშესადარი (დაახლოებით ანალოგიური) მათ მთელს ტერიტორიაზე.

3. საჭიროების შემთხვევაში, სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც აწესებს მინიმალურ მოთხოვნებს ჰარმონიზებისათვის ამ რეგულაციის მიზნების მისაღწევად, ასევე უნდა შეიცავდეს შემდეგს:

(a) დეტალები ინფორმაციის მიწოდების შესახებ მე-15 მუხლში წარმოდგენილი პრინციპების შესაბამისად;

(b) დეტალები ელექტროენერგიით ვაჭრობის წესების შესახებ;

(c) ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის სიმძლავრისათვის ინვესტირების წახალისების წესების დეტალების შესახებ, ლოკაციური სიგნალების ჩათვლით;

(d) მე-8(6) მუხლში მითითებული მიმართულებების შესახებ.

ამ მიზნით კომისიამ კონსულტაცია უნდა გაიაროს სააგენტოსა და ENTSO-E-თან.

4. სახელმძღვანელო მითითებები სახელმწიფო სისტემებს შორის ურთიერთდამაკავშირებელი ხაზების არსებული გადაცემის სიმძლავრის მართვისა და განაწილების შესახებ წარმოდგენილია I დანართში.

5. კომისიამ შესაძლებელია მიიღოს სახელმძღვანელო მითითებები ამ მუხლის 1-ელ,
მე-2 და მე-3 აბზაცებში აღნიშნული საკითხების შესახებ. კომისიამ შეიძლება შესწორებები შეიტანოს ამ მუხლის მე-4 აბზაცში აღნიშნულ სახელმძღვანელო მითითებებში, მე-15 და მე-16 მუხლებში წარმოდგენილი პრინციპების შესაბამისად, კერძოდ, დეტალური მითითებების წარმოსადგენად პრაქტიკაში გამოყენებული სიმძლავრის განაწილების ყველა მეთოდოლოგიის შესახებ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გადატვირთვების მართვის მექანიზმების განვითარება შიდა ბაზრის მიზნების შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული შესწორებების შეტანის პროცესში უნდა დადგინეს საერთო წესები მე-15(2) მუხლში მითითებული ქსელის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის მინიმალური სტანდარტების შესახებ, ქსელის გამოყენებისა და ექსპლუატაციისათვის. ღონისძიებები, რომლებიც ამ რეგულაციის არაარსებითი ელემენტების შესწორებას ემსახურება მათი სრულყოფის გზით, მიღებული უნდა იქნეს მარეგულირებელი პროცედურის შესაბამისად 23(2)-ე მუხლში მითითებული სიზუსტის დაცვით.

სახელმძღვანელო მითითებების მიღებისას ან შესწორებისას კომისია:

(a) უზრუნველყოფს, რომ სახელმძღვანელო მითითებები ითვალისწინებდნენ ამ რეგულაციის მიზნების მისაღწევად საჭირო ჰარმონიზების მინიმალურ დონეს და არ სცდებოდეს აღნიშნული მიზნის მისაღწევად საჭირო ფარგლებს; და

(b) აღნიშნავს იმ ქმედებებს, რომელებიც მან განახორციელა სახელმძღვანელო მითითებების მეშვეობით წესებთან შესაბამისობისათვის მესამე ქვეყნებში, რომლებიც შეადგენენ გაერთიანების ელექტროენერგიის სისტემის ნაწილს.

ამ მუხლის თანახმად სახელმძღვანელო მითითებების პირველად მიღებისას, კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ სახელმძღვანელო მითითებები მისაღებ ღონისძიებათა ერთ პროექტში მოიცავდეს სულ მცირე იმ საკითხებს, რომლებიც მითითებულია 1-ლი აბზაცის (a) და (d) ქვეპუნქტებსა და მე-2 აბზაცში.

მუხლი 19

მარეგულირებელი ორგანოები

მათ პასუხისმგებლობას მიკუთვნებული საკითხების განხორციელებისას, მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ ამ რეგულაციასა და სახელმძღვანელო მითითებებთან შესაბამისობა, რომლებიც მიღებულია მე-18 მუხლის შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში, რეგულაციის მიზნების შესასრულებლად, მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან, კომისიასა და სააგენტოსთან დირექტივის 2009/72/EC IX თავის შესაბამისად.

მუხლი 20

ინფორმაციის მიწოდება და კონფიდენციალურობა

1. წევრი სახელმწიფოები და მარეგულირებელი ორგანოები მოთხოვნის შემთხვევაში
კომისიას წარუდგენენ მე-13(4) და მე-18 მუხლების მიზნებისათვის საჭირო სრულ
ინფორმაციას. კერძოდ, მე-13(4) და (6) მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, მარეგულირებელი ორგანოები რეგულარულად წარადგენენ ინფორმაციას ელექტროენერგიის გადამცემი სახელმწიფო სისტემის ოპერატორების ფაქტიური ხარჯების შესახებ, ასევე მონაცემებსა და სათანადო ინფორმაციას ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ქსელებში ფიზიკური ნაკადებსა და ქსელების ხარჯებთან დაკავშირებით. კომისიამ უნდა დაადგინოს გონივრული ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა იქნეს ინფორმაცია მოწოდებული, მოთხოვნილი ინფორმაციის სირთულისა და გადაუდებელი საჭიროების გათვალისწინებით.

2. თუ წევრი სახელმწიფო ან შესაბამისი მარეგულირებელი ორგანო არ წარადგენს პირველ აბზაცში მითითებულ ინფორმაციას ამ მუხლის პირველ აბზაცში აღნიშნულ ვადებში, კომისიას შეუძლია მე-13(4) და მე-18 მუხლების მიზნებისათვის საჭირო ყველა ინფორმაცია მოითხოვოს პირდაპირ შესაბამისი საწარმოებისაგან. საწარმოსათვის ინფორმაციის მოთხოვნის გაგზავნისას კომისიამ იმავე დროს მოთხოვნის ასლი უნდა გადაუგზავნოს იმ წევრი სახელმწიფოს მარეგულირებელ ორგანოს, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს საწარმო.

3. პირველი აბზაცით გათვალისწინებული ინფორმაციის მოთხოვნისას კომისიამ უნდა
განაცხადოს მოთხოვნის იურიდიული საფუძველი, ინფორმაციის წარმოდგენის ვადა, მოთხოვნის მიზანი, ასევე 22(2)-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმები არასწორი, არასრული და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წარმოდგენისათვის. კომისიამ უნდა დაადგინოს ინფორმაციის წარმოდგენის გონივრული ვადა ინფორმაციის სირთულისა და გადაუდებელი საჭიროების გათვალისწინებით.

4. საწარმოების მფლობელებმა ან მათმა წარმომადგენლებმა და, იურიდიული პირის
შემთხვევაში პირებმა, რომლებსაც კანონით ან მათი დამფუძნებელი დოკუმენტის მიხედვით აქვთ მათი წარდგენის უფლებამოსილება, უნდა წარმოადგინონ აღნიშნული მოთხოვნილი ინფორმაცია. როდესაც ინფორმაციას წარმოადგენს ამისათვის კლიენტის მიერ სათანადოდ უფლებამოსილი ადვოკატი მისი კლიენტის სახელით, კლიენტს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილი ინფორმაცია არასრულია, არასწორია და შეცდომაში შემყვანია.

5. თუ საწარმო კომისიის მიერ დადგენილ ვადებში არ წარადგენს ინფორმაციას, ან წარმოადგენს არასრულ ინფორმაციას, კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოითხოვს ინფორმაციის წარმოდგენას. გადაწყვეტილებით განსაზღვრული უნდა იყოს თუ რა ინფორმაციაა მოთხოვნილი და მასში დადგენილი უნდა იყოს სათანადო ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა იქნეს წარმოდგენილი ინფორმაცია. ასევე აღნიშნული უნდა იყოს 22(2)-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები. გადაწყვეტილებაში ასევე უნდა იყოს აღნიშნული, ამ გადაწყვეტილების ევროპის გაერთიანებების მართლმსაჯულების სასამართლოში გასაჩივრების უფლება. კომისიამ, იმავდროულად, მისი გადაწყვტილების ასლი უნდა გადაუგზავნოს წევრი სახელმწიფოს მარეგულირებელ ორგანოს, რომლის ტერიტორიაზეც ცხოვრობს პირი, ან განლაგებულია საწარმო.

6. 1-ლი და მე-2 აბზაცებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ მე-13(4) და მე-18 მუხლების მიზნებისათვის. კომისიამ არ უნდა გაასაჯაროოს ამ რეგულაციის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პროფესიული საიდუმლოს შენახვის ვალდებულებას.

მუხლი 21

წევრი სახელმწიფოების მიერ უფრო დეტალური ზომების მიღების უფლება

ამ რეგულაციამ არ უნდა შეზღუდოს წევრი სახელმწიფოს უფლება, ძალაში დატოვოს ან მიიღოს ისეთი ზომები, რომლებიც უფრო დეტალურ დებულებებს შეიცავს ვიდრე აქ, ან მე-18 მუხლში მითითებული სახელმძღვანელო მითითებებითაა განსაზღვრული.

მუხლი 22

ჯარიმები

1. მე-2 აბზაცის შეუზღუდავად წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაადგინონ წესები ჯარიმების თაობაზე, რომლებიც ამოქმედდება ამ რეგულაციის დებულებების დარღვევისას და უნდა გაატარონ ყველა ღონისძიება, რომელიც საჭიროა ამ დებულებების განხორცილების უზრუნველსაყოფად. გათვალისწინებული ჯარიმები უნდა იყოს ეფექტური, თანაზომიერი და გადამწყვეტი. წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას უნდა შეატყობინონ 2004 წლის 1 ივლისისათვის იმ წესების შესახებ, რომლებიც რეგულაციის (EC) No 1228/2003 დებულებების მიხედვითაა დადგენილი და დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ კომისიას ნებისმიერი შემდგომი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, რომლებიც მათ შეეხო. მათ უნდა აცნობონ კომისიას იმ წესების შესახებ, რომლებიც არ შეესაბამება რეგულაციის (EC) No 1228/2003 დებულებებს, 2011 წლის 3 მარტისთვის და დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ კომისიას ყველა შემდგომი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, რომლებიც მათ შეეხო.

2. კომისიას შეუძლია გადაწყვეტილების საფუძველზე საწარმოებს დააკისროს ჯარიმები არაუმეტეს წინა საგადასახადო წლის მთლიანი ბრუნვის 1%-სა, როდესაც მათ ნებით თუ უნებლიედ წარადგინეს არასრული, არასწორი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია მე-20(3) მუხლის თანახმად გაკეთებული მოთხოვნის საპასუხოდ, ან როდესაც მათ ვერ წარადგინეს ინფორმაცია მე-20(5) მუხლის პირველ ქვეაბზაცის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილებით მითითებულ ვადაში. ჯარიმის ოდენობის დადგენისას კომისიამ მხედველობაში უნდა მიიღოს პირველი ქვეაბზაცის მოთხოვნების შეუსრულებლობით გამოწვეული შედეგების სიმძიმე.

3. პირველი აბზაცის შესაბამისად დადგენილი ჯარიმები და მე-2 აბზაცის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს სისხლის სამართლის ხასიათის.

მუხლი 23

საკომიტეტო პროცედურა

1. კომისიას დახმარება უნდა აღმოუჩინოს დირექტივის 2009/72/EC 46-ე მუხლის შესაბამისად შექმნილმა კომიტეტმა.

2. როდესაც მითითებულია ეს აბზაცი, გამოიყენება გადაწყვეტილების 1999/468/EC მე-5a(1)-(4) და მე-7 მუხლები, მე-8 მუხლის დებულებების გათვალისწინებით.

მუხლი 24

კომისიის ანგარიში

კომისია მოახდენს ამ რეგულაციის განხორციელების მონიტორინგს. საკუთარ ანგარიშში, რომელიც მომზადებულია დირექტივის 2009/72/EC 47(6)-ე მუხლის თანახმად, კომისია ასევე გამოაქვეყნებს ამ რეგულაციის გამოყენების პროცესში მიღებულ გამოცდილებას. კერძოდ, აღნიშნულ ანგარიშში შეფასდება, თუ რამდენად წარმატებული იყოს რეგულაცია არადისკრიმინაციული და ხარჯების ამსახველი ქსელთან წვდომის პირობების უზრუნველყოფაში ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გაცვლისათვის, რათა ხელი შეეწყო მომხმარებლის არჩევანს გამართულად ფუნქციონირებადი
ელექტროენერგიის ბაზრის პირობებში და მიწოდების უსაფრთხოების გრძელვადიან პერსპექტივაში, ასევე შეფასდეს თუ რამდენად ეფექტიანი ლოკაციური სიგნალები არსებობს. საჭიროების შემთხვევაში, ანგარიშს თან დაერთვება სანათადო წინადადებები ან/და რეკომენდაციები.

მუხლი 25

ანულირება

2011 წლის 3 მარტიდან რეგულაცია (EC) No1228/2003 ანულირებულია. მითითებები გაუქმებულ დირექტივაზე განიხილება როგორც მითითებები ამ რეგულაციაზე, II დანართში მოცემული კორელაციის ცხრილის შესაბამისად.

მუხლი 26

ძალაში შესვლა

ეს რეგულაცია ძალაში შედის მისი ევროპის კავშირის ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს.

ეს რეგულაცია გამოიყენება 2011 წლის 3 მარტიდან.

ეს რეგულაცია მთლიანად შესასრულებლად სავალდებულოა და უშუალოდ ვრცელდება ყველა წევრ სახელმწიფოზე.

შედგენილია ბრიუსელში, 2009 წლის 13 ივლისს.

ევროპარლამენტის სახელით თავმჯდომარე

ჰ.გ. პოტერინი
 

საბჭოს სახელით თავმჯდომარე 

ე. ერლანდსონი
 

 

 

დანართი I

სახელმძღვანელო მითითებები სახელმწიფო სისტემების ურთიერთდამაკავშირებელი ხაზების ხელმისაწვდომი გამტარუნარიანობის მართვისა და განაწილების შესახებ

1. ზოგადი დებულებები

1.1 გადამცემი სისტემის ოპერატორები (TSO) უნდა შეეცადონ, რომ მიიღონ ყველა კომერციული გარიგება, მათ შორის გარიგებები, რომლებიც ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას მოიცავს.

1.2 გადატვირთვის არარსებობის შემთხვევაში, წვდომა სისტემათაშორის ურთიერთკავშირზე შეუზღუდავი უნდა იყოს. როდესაც უმეტესად ასეთი ვითარებაა, მუდმივმოქმედი ზოგადი განაწილების პროცედურების არსებობა ტრანსსასაზღვრო გადაცემის მომსახურების მიღებისათვის საჭირო არ არის.

1.3 როდესაც დაგეგმილი კომერციული გარიგებები შეუთავსებელია ქსელის უსაფრთხო ექსპლუატაციასთან, გადამცემი სისტემის ოპერატორებმა უნდა შეამსუბუქონ ქსელის გადატვირთვა ქსელის საექსპლუატაციო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად, ამავდროულად უნდა ეცადონ, რომ ნებისმიერი ამასთან დაკავშირებული ხარჯი დარჩეს ეკონომიკურად გამართლებულ დონეზე. გამოსასწორებელი ხელახალი გადაგზავნა, ან გადაყიდვა მხოლოდ მაშინ უნდა განიხილებოდეს, როდესაც ნაკლები ღირებულების მქონე ზომების მიღება არ არის შესაძლებელი.

1.4 სტრუქტურული გადატვირთვის წარმოშობის შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორებმა დაუყოვნებლივ უნდა განახორციელონ წინასწარ განსაზღვრული და შეთანხმებული გადატვირთვების მართვის სათანადო მეთოდები და ზომები. გადატვირთვების მართვის მეთოდებით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მთლიან განაწილებულ გამტარუნარიანობასთან დაკავშირებული ფიზიკური ენერგეტიკული ნაკადების შესაბამისობა ქსელის უსაფრთხოების სტანდარტებთან.

1.5 გადატვირთვების მართვისათვის მიღებული მეთოდები ბაზრის მონაწილეებსა და გადამცემი სისტემის ოპერატორებს ეფექტიან ეკონომიკურ სიგნალებს უნდა აწვდიდეს, ხელს უწყობდეს კონკურენციას და შესაფერი უნდა იყოს რეგიონალური და გაერთიანების მასშტაბით გამოყენებისთვის.

1.6 გადატვირთვების მართვისას არანაირ გარიგებაზე დაფუძნებული განსხვავება არ უნდა გამოიყენებოდეს; გადამცემი მომსახურების შესახებ კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შესაძლებელია მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობის შესრულების შემთხვევაში:

(a) მოთხოვნის დაკმაყოფილებით გამოწვეული ინკრემენტული (მზარდი) ფიზიკური ენერგეტიკული ნაკადები ნიშნავს, რომ ენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო ექსპლუატაცია შესაძლოა ვეღარ იქნეს გარანტირებული; და

(b) გადატვირთვის მართვის მოთხოვნის ფულადი ღირებულება ნაკლებია ვიდრე ყველა სხვა მოთხოვნის, რომლის მიღებაც განზრახულია იმავე მომსახურებითა და პირობებით.

1.7 ქსელის იმ უბნების დადგენისას, რომელშიც და რომელთა შორისაც გადატვირთვების მართვა უნდა მოხდეს, გადამცემი სისტემის ოპერატორებმა უნდა იხელმძღვანელონ ხარჯების ეფექტიანობისა და ელექტროენერგიის შიდა ბაზარზე ნეგატიური გავლენის მინიმუმამდე დაყვანის პრინციპებიდან გამომდინარე. კერძოდ, გადამცემი სისტემის ოპერატორებმა არ უნდა შეზღუდონ ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის სიმძლავრე საკუთარ საკონტროლო უბანზე გადატვირთვის პრობლემის მოსაგვარებლად, ზემოთაღნიშნული მიზნების და საექსპლუატაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის(11). აღნიშნული ვითარების წარმოქმნის შემთხვევაში, იგი უნდა აღწერონ გადამცემი სისტემის ოპერატორებმა და სისტემით ყველა მოსარგებლეს ნათელი და გამჭვირვალე ინფორმაცია უნდა მიაწოდონ აღნიშნულის შესახებ. ამგვარი ვითარება უნდა შენარჩუნდეს მხოლოდ გრძელვადიანი გადაწყვეტის მიგნებამდე. გადამცემი სისტემის ოპერატორებმა უნდა აღწერონ და მიაწოდონ ნათელი და გამჭვირვალე ინფორმაცია სისტემით ყველა მოსარგებლეს გრძელვადიანი გადაწყვეტის მიღწევის მეთოდოლოგიისა და პროექტების შესახებ.

1.8 ქსელში ოპერატიული ზომების მიღების საშუალებითა და ხელახალი გადაგზავნის მეშვეობით საკონტროლო უბნის შიგნით ქსელის დაბალანსებისას გადამცემი სისტემის ოპერატორმა მხედველობაში უნდა მიიღოს თუ რა შედეგი გამოიღო მსგავსი ზომების გატარებამ მეზობელ საკონტროლო უბნებში.

1.9 2008 წლის 1 იანვრისათვის ელექტროგადამცემი სისტემათაშორისი ხაზის გამტარუნარიანობის გადატვირთვის ერთი დღის განმავლობაში მართვის მექანიზმები უნდა დადგინდეს კოორდინირებულად და უსაფრთხო საექსპლუატაციო პირობების დაცვით, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს ვაჭრობის შესაძლებლობები და გათვალისწინებული იყოს ტრანსსასაზღვრო ბალანსირება.

1.10 ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანოებმა რეგულარულად უნდა შეაფასონ გადატვირთვების მართვის მეთოდები, ამავდროულად განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ამ რეგულაციისა და სახელმძღვანელო მითითებებში დადგენილ პრინციპებსა და წესებთან მათ შესაბამისობას, და შესაბამისობას იმ პირობებთან, რომლებიც დადგენილია თავად მარეგულირებელი ორგანოების მიერ ამ პრინციპებისა და წესების თანახმად. ამგვარი შეფასებები მოიცავს კონსულტაციებს ბაზრის ყველა მონაწილესთან და სათანადო კვლევებს.

2. გადატვირთვის მართვის მეთოდები

2.1 გადატვირთვის მართვის მეთოდები საბაზრო პრინციპებს უნდა დაეფუძნოს, რათა ეფექტიან ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას შეუწყოს ხელი. ამისათვის გამტარუნარიანობის განაწილება უნდა მოხდეს მხოლოდ ცხადი (გამტარუნარიანობა) ან არაცხადი გამტარუნარიანობა და ენერგია) აუქციონების საშუალებით. ერთი და იმავე სისტემათაშორისი ურთიერთკავშირისათვის ორივე მეთოდის გამოყენება შეიძლება. ერთი დღის განმავლობაში ვაჭრობისათვის შესაძლოა გამოყენებული იქნეს ვაჭრობა უწყვეტ რეჟიმში.

2.2. კონკურენციის პირობებიდან გამომდინარე, გადატვირთვის მართვის მექანიზმები შესაძლებლობას უნდა ქმნიდეს გამტარუნარიანობის როგორც გრძელი, ასევე მოკლევადიანი განაწილებისთვის.

2.3 გამტარუნარიანობის განაწილების თითოეული პროცედურით ხდება არსებული სისტემათაშორისი ურთიერთკავშირის გამტარუნარიანობის დადგენილი ნაწილის განაწილება, გარდა ამისა წინა ეტაპზე გაუნაწილებელი ნარჩენი გამტარუნარიანობის და ასევე სიმძლავრის მფლობელების მიერ ადრინდელი განაწილებიდან გამოთავისუფლებული გამტარუნარიანობის განაწილება.

2.4 გადამცემი სისტემის ოპერატორებმა უნდა მოახდინონ იმ ხარისხის ოპტიმიზება, რომლისთვისაც სიმძლავრე მდგრადია (არაცვალებადია), გადამცემი სისტემის ოპერატორების, ასევე ბაზრის მონაწილეების უფლებებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით, ეფექტიანი კონკურენციის ხელშეწყობისათვის. გამტარუნარიანობის მოცულობის (სიმძლავრის) მოზრდილი წილი შესაძლოა გავიდეს ბაზარზე მდგრადობის ნაკლები ხარისხით, მაგრამ ტრანსსასაზღვრო ხაზით ტრანსპორტირების ზუსტი პირობები, ნებისმიერ დროს უნდა იყოს ცნობილი ბაზრის მონაწილეებისათვის.

2.5 გრძელ და საშუალოვადიან განაწილებაზე წვდომის უფლება უნდა იყოს მდგრადი გადამცემი სიმძლავრის უფლება. ნომინაციისას ისინი უნდა დაექვემდებაროს პრინციპებს: „გამოიყენე ან დაკარგე“ , ასევე „ გამოიყენე ან გაყიდე“.

2.6 გადამცემი სისტემის ოპერატორებმა უნდა განსაზღვრონ გამტარუნარიანობის მოცულობის (სიმძლავრის) განაწილების შესაბამისი სტრუქტურა სხვადასხვა ვადებს შორის. აღნიშნული შესაძლოა მოიცავდეს გამტარუნარიანობის მინიმალური პროცენტის დარეზერვებას ყოველდღიურად, ან დღის განმავლობაში განაწილებისთვის. განაწილების ამგვარი სტრუქტურა მარეგულირებელი ორგანოების მიერ განხილვას ექვემდებარება. შემოთავაზებების შედგენისას, გადამცემი სისტემის ოპერატორებმა მხედველობაში უნდა მიიღონ შემდეგი:

(a) ბაზრის თავისებურებები;

(b) საექსპლუატაციო პირობები, როგორიცაა მაგალითად მყარად გაცხადებული განრიგების შედგენის შესაძლო შედეგები;

(c) ვადებისა და პროცენტების ჰარმონიზაციის დონე, რომელიც მიღებულია გამტარუნარიანობის მოცულობების განაწილების სხვადასხვა არსებული მექანიზმებისათვის.

2.7 გამტარუნარიანობის განაწილება არ უნდა გახდეს დისკრიმინაციის საფუძველი ბაზრის იმ მონაწილეებს შორის, რომლებსაც სურვილი აქვთ გამოიყენონ ორმხრივი მიწოდების კონტრაქტით სარგებლობის შესახებ საკუთარი უფლება ან გააკეთონ განაცხადი აუქციონზე ელექტროენერგიის გაცვლის შესახებ. უპირატესობა მიენიჭება უმაღლეს ფასიან განაცხადებს, როგორც ცხადს, ასევე არაცხადს, მოცემულ ვადაში.

2.8 იმ რეგიონებში, სადაც ელექტროენერგიის ფორვარდული ფინანსური ბაზრები კარგად განვითარებულია და მათ ეფექტიანობა ნაჩვენებია, სისტემათაშორისი ურთიერთკავშირის მთელი გამტარუნარიანობის განაწილება შესაძლებელია არაცხადი აუქციონების საშუალებით.

2.9 გარდა ახალი ურთიერთდამაკავშირებელი ხაზებისა, რომლებიც სარგებლობენ გათავისუფლებით რეგულაციის (EC) No 1228/2003 მე-7 მუხლისა და ამ რეგულაციის მე-17 მუხლის თანახმად, გამტარუნარიანობის განაწილების სარეზერვო ფასის დადგენა ნებადართულ არ არის.

2.10 ზოგადად, ბაზრის ყველა პოტენციურ მონაწილეს უნდა შეეძლოს, რომ შეზღუდვის გარეშე მიიღოს მონაწილეობა განაწილების პროცესში. ბაზრის ამა თუ იმ მონაწილის მიერ პოტენციურად დომინანტური პოზიციის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების შექმნის ან დამძიმების თავიდან ასაცილებლად, შესაბამის მარეგულირებელმა ან/და კონკურენციის ზედამხედველობის ორგანოებს, საჭიროებისამებრ შეუძლიათ დააწესონ დომინირებასთან დაკავშირებული შეზღუდვები ზოგადად, ან ინდივიდუალურ კომპანიასთან მიმართებაში.

2.11 ბაზრის მონაწილეებმა მტკიცედ უნდა დაუსახელონ გადამცემი სისტემის ოპერატორებს თუ რა მოცულობის გამტარუნარიანობას მოიხმარენ თითოეული ვადის განსაზღვრული საბოლოო ვადისათვის. აღნიშნული საბოლოო ვადა ისეთი უნდა იყოს, რომ საშუალება მისცეს გადამცემი სისტემის ოპერატორებს გამოუყენებელი გამტარუნარიანობის მოცულობა გადაიტანონ ახალი განაწილებისათვის მომდევნო შესაბამის ვადაში, დღის განმავლობაში პერიოდის ჩათვლით.

2.12 გამტარუნარიანობა თავისუფლად უნდა იყიდებოდეს მეორად ბაზაზე იმის გათვალისწინებით, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორები საკმარისი დროით ადრე არიან ინფორმირებულნი ამის თაობაზე. როდესაც გადამცემი სისტემის ოპერატორი უარს ამბობს რომელიმე მეორადი სავაჭრო მოთხოვნის (გარიგების) დაკმაყოფილებაზე, აღნიშნულის შესახებ ნათელი და გამჭვირვალე ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ბაზრის ყველა მონაწილეს ამ გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ და ასევე უნდა ეცნობოს მარეგულირებელ ორგანოს.

2.13 გამტარუნარიანობის განაწილებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ფინანსური შედეგები უნდა დაეკისროს მათ, ვინც პასუხისმგებელია ამ ვალდებულებების შეუსრულებლობაზე. როცა ბაზრის მონაწილეები ვერ მოიხმარენ იმ გამტარუნარიანობას, რომლის მოხმარების ვალდებულებაც მათ აიღეს, ან გამტარუნარიანობის განაწილების ცხადი აუქციონის შემთხვევაში ვერ ახერხებს მეორად ბაზაზე ივაჭრონ ან, გამტარუნარიანობის მოცულობა საჭირო ვადაში დააბრუნონ უკან, ისინი დაკარგავენ აღნიშნულ უფლებებს გამტარუნარიანობაზე და მათ დაეკისრებათ ხარჯების ამსახველი საფასური. ხარჯების ამსახველი საფასური გამტარუნარიანობის მოუხმარებლობისათვის დასაბუთებული და პროპორციული უნდა იყოს. შესაბამისად, თუ გადამცემი სისტემის ოპერატორი არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებას, მან უნდა აუნაზღაუროს ბაზრის მონაწილეს გამტარუნარიანობაზე უფლებების დაკარგვით გამოწვეული ზარალი. ამ მიზნით ირიბი ზარალი მხედველობაში არ მიიღება. საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დარიცხული ვალდებულებების განსაზღვრის ძირითადი კონცეფციები და მეთოდები წინასწარ უნდა დადგინდეს ფინანსურ შედეგებთან დამოკიდებულებაში და დაექვემდებაროს განხილვას ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ან ორგანოების მიერ.

3. კოორდინაცია

3.1 გამტარუნარიანობის განაწილება კოორდინირებული უნდა იქნეს სისტემათაშორის ურთიერთკავშირში და უნდა განხორციელდეს განაწილების საერთო პროცედურების გამოყენებით შესაბამისი გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ. თუ მოსალოდნელია, რომ ვაჭრობა ორ ქვეყანას (გადამცემი სისტემის ოპერატორებს)) შორის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მესამე ქვეყნაში (გადამცემი სისტემის ოპერატორის) ფიზიკურ ნაკადის პირობებზე, გადატვირთვის მართვის მეთოდები კოორდინირებული უნდა იქნეს ყველა ამ გადამცემ ოპერატორს შორის გადატვირთვის მართვის საერთო პროცედურის საშუალებით. ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანოებმა და გადამცემი სისტემის ოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ გადატვირთვის მართვის პროცედურა, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სხვა ქსელებში ფიზიკური ელექტროენერგიის ნაკადებზე, არ იქნეს შედგენილი ცალმხრივად.

3.2 გადატვირთვის საერთო და კოორდინირებული მართვის მეთოდი და ბაზარზე გამტარუნარიანობის განაწილების პროცედურა, მინიმუმ წლიურად, თვიურად და ერთი დღით ადრე უნდა იქნეს გამოყენებული 2007 წლის 1 იანვრისათვის ქვეყნებს შორის შემდეგ რეგიონებში:

(a) ჩრდილოეთ ევროპა (ე. ი. დანია, შვედეთი, ფინეთი, გერმანია და პოლონეთი);

(b) ჩრდილო-დასავლეთ ევროპა (ე. ი. ბენელუქსი, გერმანია და საფრანგეთი);

(c) იტალია (ი.ე. იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, სლოვენია და საბერძნეთი);

(d) ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპა (ე.ი. გერმანია, პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკია, უნგრეთი, ავსტრია და სლოვენია);

(e) სამხრეთ-დასავლეთ ევროპა (ესპანეთი, პორტუგალია და საფრანგეთი);

(f) ბრიტანეთი, ირლანდია და საფრანგეთი;

(g) ბალტიის ქვეყნები (ე. ი. ესტონეთი, ლატვია და ლიტვა).

სისტემათაშორის ურთიერთკავშირში, რომელიც მოიცავს ქვეყნებს, რომლებიც ერთზე მეტ რეგიონს მიეკუთვნება, გამოყენებული გადატვირთვის მართვის მეთოდი შესაძლოა არ იყოს მსგავსი, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავსებადობა სხვა რეგიონებში გამოყენებულ მეთოდებთან, რომლებსაც მიეკუთვნება ეს ქვეყნები. ამ შემთხვევაში, შესაბამისმა გადამცემი სისტემის ოპერატორებმა უნდა წარმოადგინონ მეთოდი, რომელსაც შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოები განიხილავენ.

3.3 მე-2.8 ქვეპუნქტში მითითებულ რეგიონებს შეუძლიათ განახორციელონ მთელი ენერგოგაერთიანების გამტარუნარიანობის განაწილება, ერთი დღით ადრე განაწილების საშუალებით.

3.4 შეთავსებადი გადატვირთვის მართვის პროცედურები უნდა განისაზღვროს ყველა ამ 7 რეგიონისათვის ჭეშმარიტად ინტეგრირებული ელექტროენერგიის შიდა ბაზრის ფორმირების მიზნით. ბაზრის მონაწილეთათვის დაბრკოლებად არ უნდა იქცეს არათავსებადი რეგიონალური სისტემები.

3.5 სამართლიანი და ეფექტიანი კონკურენციისა და ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ხელშესაწყობად, მე-3.2 ქვეპუნქტში დადგენილ რეგიონებში გადამცემი სისტემის ოპერატორებს შორის ურთიერთობა უნდა მოიცავდეს ყველა საფეხურს გამტარუნარიანობის გამოთვლიდან და განაწილების ოპტიმიზაციიდან, ქსელის უსაფრთხო ექსპლუატაციის ჩათვლით, პასუხისმგებლობების მკაფიო განაწილებით. აღნიშნული კოორდინაცია უნდა მოიცავდეს. კერძოდ:

(a) საერთო გადამცემი მოდელის გამოყენებას, რომელიც ეფექტიანად უმკლავდება ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკური ცირკულაციის ნაკადებს, ფიზიკურ და კომერციულ ნაკადებს შორის არსებული შეუსაბამობების გათვალისწინებით;

(b) გამტარუნარიანობის განაწილება და ნომინაცია, ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური ცირკულაციის ნაკადებთან გასამკლავებლად;

(c) იდენტური ვალდებულებები გამტარუნარიანობის მფლობელებისათვის, რათა მიწოდებული იქნეს ინფორმაცია მათ მიერ გამტარუნარიანობის დაგეგმილი გამოყენების შესახებ, მაგ. გამტარუნარიანობის მოცულობის დასახელება (ნომინაცია) (ცხადი აუქციონისათვის);

(d) იდენტური ვადები და დახურვის დროები;

(e) სხვადასხვა ვადებში გამტარუნარიანობის განაწილების იდენტური სტრუქტურა (მაგ 1 დღე, 3 საათი, 1 კვირა და სხვა) და გაყიდული გამტარუნარიანობის ბლოკების პირობები (მოცულობა მგ.ვტ, მგ.ვტ.სთ-ში და სხვა);

(f) თანმიმდევრული საკონტრაქტო ჩარჩო ბაზრის მონაწილეებთან;

(g) ნაკადების შესაბამისობის შემოწმება ქსელის უსაფრთხოების პირობების დაცვისათვის საექსპლუატაციო დაგეგმარებისა და რეალური დროში მუშაობისათვის;

(h) გადატვირთვების მართვასთან დაკავშირებული მოქმედებების დადგენა და ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშსწორება.

3.6 კოორდინაცია ასევე უნდა მოიცავდეს გადამცემი სისტემის ოპერატორებს შორის ინფორმაციის მიმოცვლას. ინფორმაციის მიმოცვლის სახე, დრო და სიხშირე უნდა შეესაბამებოდეს მე-3.5 ქვეპუნქტში დადგენილ მოქმედებებს და ელექტროენერგიის ბაზრების ფუნქციონირებას. აღნიშნული ინფორმაციის გაცვლა, კერძოდ, საშუალებას უნდა აძლევდეს გადამცემი სისტემის ოპერატორებს, გააკეთონ შესაძლებლობისდაგვარად საუკეთესო პროგნოზები გლობალური ქსელის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რათა შეაფასონ დინებები საკუთარ ქსელში და სისტემათაშორისი უერთიერთკავშირის ხელმისაწვდომი გამტარუნარიანობები. ნებისმიერმა გადამცემი სისტემის ოპერატორმა, რომელიც სხვა გადამცემი სისტემის ოპერატორების სახელით აგროვებს ინფორმაციას, პროცესის მონაწილე გადამცემი სისტემის ოპერატორებს უნდა აცნობოს მონაცემთა შეგროვებით მიღებული შედეგები.

დანართი I

სახელმძღვანელო მითითებები სახელმწიფო სისტემების ურთიერთდამაკავშირებელი ხაზების ხელმისაწვდომი გამტარუნარიანობის მართვისა და განაწილების შესახებ

1. ზოგადი დებულებები

4. საბაზრო ოპერაციების განრიგი

4.1 ხელმისაწვდომი გადაცემის გამტარუნარიანობის განაწილება საკმაო წინსწრებით უნდა განხორციელდეს. თითოეულ განაწილებამდე, შესაბამისმა გადამცემი სისტემის ოპერატორებმა ერთობლივად უნდა გამოაქვეყნონ გასანაწილებელი გამტარუნარიანობის შესახებ ინფორმაცია. საჭიროებისამებრ უნდა გაითვალისწინონ ნებისმიერი მყარი გადამცემი უფლებებისაგან გათავისუფლებული გამტარუნარიანობა და, შესაბამის შემთხვევებში, აღნიშნულთან დაკავშირებული ქსელური ნომინაციები, ასევე დროის პერიოდები, რომელთა განმავლობაშიც გამტარუნარიანობა შემცირდება, ან არ იქნება ხელმისაწვდომი (მაგალითად, რემონტის გამო).

4.2 ქსელის უსაფრთხოების სრული გათვალისწინებით, გადამცემი უფლებების ნომინირება საკმაოდ წინსწრებით უნდა მოხდეს, ყველა შესაბამისი ორგანიზებული ბაზარის სესიებზე ერთი დღით ადრე და გასანაწილებელი გამტარუნარიანობის გამოქვეყნებამდე, რომელიც უნდა განაწილდეს „ერთი დღით ადრე“, ან „დღის განმავლობაში“ განაწილების მექანიზმის დაცვით. საპირისპირო მიმართულებით გადამცემი უფლებების ნომინირება უნდა დაიგეგმოს ქსელში ისე, რომ მოხდეს სისტემათაშორისი ურთიერთკავშრის ეფექტიანი გამოყენება.

4.3 ხელმისაწვდომი გადამცემი გამტარუნარიანობის თანმიმდევრული განაწილებები დღის განმავლობაში D დღისათვის უნდა განხორციელდეს D-1 და D დღეებში, ერთი დღით ადრე წარმოების ინდიკატორული ან ფაქტიური გრაფიკების გამოქვეყნების შემდეგ.

4.4 ერთი დღით ადრე ქსელის ექსპლუატაციის მომზადებისას, გადამცემი სისტემის ოპერატორებმა უნდა გაცვალონ ინფორმაცია მეზობელ გადამცემი სისტემის ოპერატორებთან მათი საპროგნოზო ქსელის ტიპოლოგიის შესახებ, გენერაციის დანადგარების ხელმისაწვდომობის, საპროგნოზო გამომუშავების და დატვირთვის ნაკადების განაწილების შესახებ, მთლიანად ქსელის გამოყენების ოპტიმიზებისათვის ოპერატიული ღონისძიებების საშუალებით, ქსელის უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების შესაბამისად.

5. გამჭვირვალობა

5.1 გადამცემი სისტემის ოპერატორებმა უნდა გამოაქვეყნონ სრული სათანადო მონაცემები ქსელის ხელმისაწვდომობის, ქსელთან წვდომისა და მისი გამოყენების შესახებ, მათ შორის ანგარიში იმის თაობაზე, თუ სად და რატომ არსებობს გადატვირთვა, გადატვირთვის მართვისთვის რა მეთოდები გამოიყენება, და გეგმები მომავალში გადატვირთვის მართვასთან დაკავშირებით.

5.2 გადამცემი სისტემის ოპერატორებმა უნდა გამოაქვეყნონ ზოგადი დახასიათება მართვის მეთოდისა, რომელიც სხვადასხვა გარემოებებში გამოიყენება ბაზრისათვის ხელმისაწვდომი სიმძლავრის მაქსიმალურად გასაზრდელად, ასევე სხვადასხვა ვადებისათვის სისტემათაშორისი გამტარუნარიანობის გამოთვლის ზოგადი სქემა ქსელის ელექტრული და ფიზიკური მახასიათებლების საფუძველზე. აღნიშნული სქემა უნდა განიხილონ შესაბამისი წევრი სახელმწიფოების მარეგულირებელმა ორგანოებმა.

5.3 გადატვირთვების მართვისა და გამტარუნარიანობის განაწილების გამოყენებული პროცედურები, გამტარუნარიანობისათვის განაცხადის გაკეთების დროსა და პროცედურებთან ერთად, ასევე შეთავაზებული პროდუქტების დახასიათება და როგორც გადამცემი სისტემის ოპერატორების ასევე სიმძლავრის მიმღები მხარის უფლებები და ვალდებულებები, იმ პასუხისმგებლობების ჩათვლით, რომლებიც ვალდებულებების შეუსრულებლობით წარმოიშობა, დეტალურად უნდა იყოს აღწერილი და ხელმისაწვდომი გამჭვირვალობის დაცვით ქსელით ყველა პოტენციური მოსარგებლისათვის გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ.

5.4 საექსპლუატაციო და დაგეგმარების უსაფრთხოების სტანდარტები იმ ინფორმაციის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს, რომელსაც გადამცემი სისტემის ოპერატორები აქვეყნებენ ღია და საჯარო დოკუმენტში. აღნიშნული დოკუმენტი ექვემდებარება განხილვას ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების მიერ.

5.5 გადამცემი სისტემის ოპერატორებმა უნდა გამოაქვეყნონ ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებული ყველა სათანადო მონაცემი, საუკეთესო შესაძლო პროგნოზის საფუძველზე. ამ ფუნქციის შესასრულებლად, ბაზრის მონაწილეებმა გადამცემი სისტემის ოპერატორებს სათანადო მონაცემები უნდა მიაწოდონ. აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნების წესი ექვემდებარება განხილვას მარეგულირებელი ორგანოების მიერ. გადამცემი სისტემის ოპერატორებმა უნდა გამოაქვეყნონ სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია:

(a) წლიურად: ინფორმაცია გადამცემი ინფრასტრუქტურის გრძელვადიანი განვითარებისა და მისი გავლენის შესახებ ტრანსსასაზღვრო გამტარუნარიანობაზე;

(b) ყოველთვიურად: ერთი თვით და ერთი წლით ადრე წინასწარი პროგნოზები ბაზრისათვის ხელმისაწვდომი გამტარუნარიანობის შესახებ, პროგნოზის გამოთვლის დროს გადამცემი სისტემის ოპერატორების ხელთ არსებული ყველა ინფორმაციის გათვალისწინებით (მაგალითად, ხაზების გამტარუნარიანობაზე ზაფხულისა და ზამთრის სეზონების ზეგავლენა, ქსელის სარემონტო სამუშაოები, წარმოების ობიექტების ხელმისაწვდომობა და სხვა);

(c) ყოველკვირეულად: ერთი კვირით ადრე წინასწარი პროგნოზები ბაზრისათვის ხელმისაწვდომი გამტარუნარიანობის შესახებ პროგნოზის შედგენისას გადამცემი სისტემის ოპერატორების ხელთ არსებული ყველა ინფორმაციის გათვალისწინებით, კერძოდ, ამინდის პროგნოზი, ქსელის დაგეგმილი სარემონტო სამუშაოები, წარმოების ობიექტების ხელმისაწვდომობა და ა. შ;

(d) ყოველდღიურად: ერთი დღით ადრე და დღის განმავლობაში გამტარუნარიანობა, რომელიც ხელმისაწვდომია ბაზრისათვის, ბაზრის ყოველი დროის ერთეულისათვის, ერთი დღით ადრე განსაზღვრული ყველა ნომინაციის გათვალისწინებით, ასევე ერთი დღით ადრე წინასწარი წარმოების გრაფიკები, მოთხოვნის პროგნოზი და ქსელის დაგეგმილი სარემონტო სამუშაოები;

(e) მთლიანი უკვე განაწილებული გამტარუნარიანობა საბაზრო დროის ერთეულის მიხედვით, და ყველა შესაბამისი პირობა (მაგალითად, აუქციონის კლირინგის ფასი, ვალდებულებები თუ როგორ უნდა მოხდეს სიმძლავრის გამოყენება და ა. შ.), რომლის პირობებშიც ეს გამტარუნარიანობა იქნება გამოყენებული ისე, რომ შესაძლებელი იყოს ნებისმიერი დარჩენილი გამტარუნარიანობის მოცულობის დადგენა;

(f) დაუყოვნებლივ, ყოველი განაწილების შემდეგ განაწილებული გამტარუნარიანობა გადახდილი ფასის მითითებით;

(g) საერთო გამოყენებული გამტარუნარიანობა, საბაზრო დროის ერთეულის მიხედვით, დაუყოვნებლივ, ნომინაციის შემდეგ;

(h) რეალურ დროსთან მაქსიმალურად მიახლოებულად: გაერთიანებული რეალიზებული კომერციული და ფიზიკური ნაკადები, საბაზრო დროის ერთეულის მიხედვით, გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების აღწერის ჩათვლით (როგორიცაა მაგალითად შეკვეცა) ქსელის ან სისტემის პრობლემების გადაწყვეტისათვის;

(i) სავარაუდო (ex-ante) ინფორმაცია დაგეგმილი გათიშვების შესახებ და წინა დღის ფაქტობრივი (ex-post) ინფორმაცია 100 მეგავატზე დიდი სიმძლავრის გენერაციის ობიექტების დაგეგმილი და დაუგეგმავი გათიშვების შესახებ.

5.6 ყველა შესაბამისი ინფორმაცია ბაზარს უნდა მიეწოდოს სათანადო დროს ყველა გარიგების თაობაზე მოლაპარაკებისათვის (მაგალითად, როგორიცაა სამრეწველო მომხმარებლებისთვის წლიური მიწოდების კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკების დრო, ან ორგანიზებულ ბაზარზე განაცხადების გაგზავნის დრო).

5.7 გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა გამოაქვეყნოს შესაბამისი ინფორმაცია სავარაუდო მოთხოვნისა და გენერაციის შესახებ მე-5.5 და მე-5.6 ქვეპუნქტებში მითითებულ ვადებში. გადამცემი სისტემის ოპერატორმა ასევე უნდა გამოაქვეყნოს ტრანსსასაზღვრო საბალანსო ბაზრისათვის საჭირო შესაბამისი ინფორმაცია.

5.8 პროგნოზებთან ერთად ასევე უნდა გამოქვეყნდეს ფაქტობრივი (ex post) რეალიზებული სიდიდეები საპროგნოზო ინფორმაციისათვის, იმ პერიოდის შემდგომ დროის პერიოდში, რომელსაც ეხება პროგნოზი, ან ყველაზე გვიან მომდევნო დღეს (D + 1).

5.9 გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ გამოქვეყნებული ყველა ინფორმაცია თავისუფლად ხელმისაწვდომი უნდა იყოს იოლად აღსაქმელი ფორმით. ყველა მონაცემი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაციის მიმოცვლის ადეკვატური და სტანდარტიზებული საშუალებით და უნდა განისაზღვროს ბაზრის მონაწილეებთან მჭიდრო თანამშრომლობთ. მონაცემები უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გასული დროის პერიოდების შესახებ, მინიმუმ 2 წლიან პერიოდისათვის, რათა აღნიშნული მონაცემები ხელმისაწვდომი იყოს ბაზარზე ახალი შემომსვლელებისათვის.

5.10 გადამცემი სისტემის ოპერატორებმა რეგულარულად უნდა მიმოცვალონ კარგად დაზუსტებული მონაცემთა ერთობლიობა ქსელისა და განაწილების ნაკადების შესახებ, რათა თითოეულმა გადამცემი სისტემის ოპერატორმა შეძლოს დატვირთვის განაწილების ნაკადის გამოთვლა მათ შესაბამის არეალში. აღნიშნული მონაცემთა ერთობლიობა მოთხოვნის შემთხვევაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისთვის და კომისიისათვის. მარეგულირებელმა ორგანოებმა და კომისიამ უნდა უზრუნველყონ ამ მონაცემების ერთობლიობის კონფიდენციალურობის დაცვა საკუთრი თანამშრომლებისა და იმ კონსულტანტების მიერ, რომლებიც მათთვის ანალიტიკურ სამუშაოებს ასრულებენ აღნიშნული მონაცემების გამოყენებით.

6. გადატვირთვების შედეგად მიღებული შემოსავლების გამოყენება

6.1 გადატვირთვების მართვის პროცედურების შედეგად, რომლებიც წინასწარ დადგენილ ვადაზე ვრცელდება, შესაძლოა წარმოიშვას შემოსავალი მხოლოდ აღნიშნულ ვადაში წარმოქმნილი გადატვირთვის შედეგად, გარდა ახალი ურთიერთდამაკავშირებელი ხაზებისა, რომლებიც სარგებლობენ დირექტივის (EC) No 1228/2003 მე-7 მუხლისა და ამ დირექტივის მე-17 მუხლით განსაზღვრული გათავისუფლებით. აღნიშნული შემოსავლების განაწილების პროცედურა ექვემდებარება განხილვას მარეგულირებელი ორგანოების მიერ. აღნიშნული პროცედურა არც უნდა ამახინჯებდეს განაწილების პროცესს გამტარუნარიანობის, ან ენერგიის მომთხოვნი მხარის სასარგებლოდ და არც უნდა იწვევდეს გადატვირთვის შემცირების მოტივაციის უარყოფას.

6.2 ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა დაიცვან გამჭვირვალობა სისტემათაშორისი ურთიერთკავშირის გამტარუნარიანობის განაწილების შედეგად მიღებულ შემოსავლების გამოყენებასთან დაკავშირებით.

6.3 გადატვირთვებიდან მიღებული შემოსავალი უნდა განაწილდეს გადამცემი სისტემის ოპერატორებს შორის, შესაბამისი გადამცემი სისტემის ოპერატორებს შორის შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც შესაბამისმა მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა განიხილონ.

6.4 გადამცემი სისტემის ოპერატორებმა წინასწარ მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, თუ როგორ გამოიყენებენ გადატვირთვებიდან მიღებულ შემოსავლებს და წარმოადგინონ ანგარიში აღნიშნული შემოსავლის რეალური გამოყენების შესახებ. მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა დაადასტურონ, რომ შემოსავალი ამ რეგულაციისა და სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად იქნა გამოყენებული და რომ გადატვირთვიდან მიღებული შემოსავლის მთლიანი თანხა, რომელიც მიღებულია სისტემათაშორისი ურთიერთკავშირის გამტარუნარანობის განაწილების შედეგად, ამ რეგულაციის მე-16(6) მუხლში აღნიშნული სამი მიზნიდან ერთ-ერთისთვის იქნა გამოყენებული.

6.5 წლიურად, და ყოველი წლის 31 ივლისს, მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა გამოაქვეყნონ ანგარიში, სადაც დადგენილი იქნება იმავე წლის 12 თვიან პერიოდში 30 ივნისამდე მიღებული შემოსავლების რაოდენობა და თუ როგორ გამოიყენეს აღნიშნული შემოსავლები. ამავე დროს დადასტურება იმისა, რომ აღნიშნული თანხების გამოყენება შეესაბამება ამ რეგულაციითა და სახელმძღვანელო მითითებებით გათვალისწინებულ მიზნებს და რომ გადატვირთვიდან მიღებული შემოსავლის მთლიანი თანხა დადგენილი სამი მიზნიდან ერთ-ერთისთვის ან მეტისთვის იქნა გამოყენებული.

6.6 გადატვირთვებისაგან მიღებული შემოსავლის გამოყენება, სისტემათაშორისი ურთიერთკავშირის გამტარუნარიანობის შენარჩუნების ან გაზრდის მიზნით ინვესტიციისათვის, სასურველია, რომ განხორციელდეს წინასწარ განსაზღვრული კონკრეტული პროექტების საშუალებით, რომლებიც ხელს უწყობს არსებული შესაბამისი დატვირთვის შემცირებას და რომელთა განხორცილებაც შესაძლებელია გონივრულ ვადებში, კერძოდ, ავტორიზაციის პროცესთან მიმართებაში.

დანართი II

კორელაციის ცხრილი

რეგულაცია (EC) No 1228/2003

წინამდებარე რეგულაცია

მუხლი 1

მუხლი 1

მუხლი 2

მუხლი 2

მუხლი 3

მუხლი 4

მუხლი 5

მუხლი 6

მუხლი 7

მუხლი 8

      მუხლი 9

მუხლი 10

მუხლი 11

მუხლი 12

მუხლი 3

მუხლი 13

მუხლი 4

მუხლი 14

მუხლი 5

მუხლი 15

მუხლი 6

მუხლი 16

მუხლი 7

მუხლი 17

მუხლი 8

მუხლი 18

მუხლი 9

მუხლი 19

მუხლი 10

მუხლი 20

მუხლი 11

მუხლი 21

მუხლი 12

მუხლი 22

მუხლი 13

მუხლი 23

მუხლი 14

მუხლი 24

მუხლი 25

მუხლი 15

მუხლი 26

დანართი

დანართი I

 


(1) ოფიციალური ბიულეტენი, C 211, 19.08.2008, გვ. 23;

(2) ოფიციალური ბიულეტენი, C 172, 05.07.2008, გვ. 55;

(3) ევროპარლამენტის 2008 წლის 18 ივნისის მოსაზრება (ოფიციალურ ბიულეტენში ჯერ არ გამოქვეყნებულა), საბჭოს 2009 წლის 9 იანვრის საერთო მოსაზრება, (ოფიციალური ბიულეტენი, C 75 E, 31.03.2009, გვ. 16) და ევროპარლამენტის 2009 წლის 22 აპრილის პოზიცია (ოფიციალურ ბიულეტენში ჯერ არ გამოქვეყნებულა). საბჭოს 2009 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება;

(4) ოფიციალური ბიულეტენი, L 176, 15.07.2003, გვ. 37;

(5) ოფიციალური ბიულეტენი, L 176, 15.07.2003, გვ. 1;

(6) იხ. ოფიციალური ბიულეტენის გვ.1;

(7) ოფიციალური ბიულეტენი, L 184, 17.07.1999, გვ. 23;

(8) იხ. ამ ოფიციალური ბიულეტენის გვ. 55;

(9) ოფიციალური ბიულეტენი, L 262, 22.09.2006, გვ. 1;

(10) ოფიციალური ბიულეტენი, L 27, 30.01.1997, გვ. 20;

(11) საექსპლუატაციო უსაფრთხოება ნიშნავს „ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის შენარჩუნებას საექსპლუატაციო საიმედოობის შეთანხმებულ ზღვრებში.“.