დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 182 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 04/04/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 08/11/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 430060000.10.003.019891 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/04/2017 - 27/12/2017)
|
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“. |
მუხლი 2 |
1. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:
ა) ამ დადგენილებით დამტკიცებული სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის (შემდგომ ტექსტსა და დანართში − პროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა; ბ) ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების კოორდინაცია; გ) პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების მიმდინარეობაზე მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელება. 2. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო): ა) პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა და ამავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის განხორციელება; ბ) პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, გარდა ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა, მე-3 პუნქტის, გარდა ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, მე-4 პუნქტის, გარდა „თ.ბ.ა“, „თ.ბ.ბ“ და „თ.ბ.გ“ ქვეპუნქტებისა, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით; გ) პროგრამის განხორციელების პროცესის ზედამხედველობა და ინსპექტირება; დ) პროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, თანამშრომლობის განვითარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ − დანაშაულის პრევენციის ცენტრთან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ − დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, სოციალურ პარტნიორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან; ე) პროგრამის განხორციელების შესახებ შუალედური და საბოლოო ანგარიშების საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის წარდგენა. 3. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების კოორდინაცია და პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „თ.ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის დროული მიწოდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის. 4. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ − დანაშაულის პრევენციის ცენტრს, უზრუნველყოს შეთანხმებულ ფორმატში პროგრამაში ჩართვის მსურველი პირების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდება. 5. დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, უზრუნველყოს შეთანხმებულ ფორმატში, პროგრამაში ჩართვის მსურველი პირების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდება. 6. დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ − დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდგომში − სსიპ − დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო), შეთანხმებულ ფორმატში უზრუნველყონ პროგრამაში ჩართვის მსურველი პირების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდება. 7. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლოს სააგენტოსთან ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „თ.ბ.ბ“ და „თ.ბ.გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ინფორმაციის მოპოვებისა და დაზუსტების საქმეში. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა
|
მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანები
1. პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებით და/ან სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებით, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა. 2. პროგრამის ამოცანებია: ა) პროგრამის განხორციელებისათვის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მომზადება და გამოცემა; ბ) შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევის შედეგების გაანალიზების საფუძველზე, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და ვაკანტური ან/და პერსპექტიული სამუშაო ადგილების გამოვლენა; გ) მოთხოვნადი პროფესიების შესაბამისი მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების გამოვლენა/რეგისტრაცია და ხელშეკრულებების გაფორმება; დ) მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების შემუშავება და მათ ფარგლებში პროფესიული მომზადება-გადამზადების დაგეგმვა; ე) პროფესიული მომზადება-გადამზადების მსურველი სამუშაოს მაძიებლების გამოვლენა და რეგისტრაცია; ვ) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ვაკანტური ან/და პერსპექტიული სამუშაო ადგილების არსებობის შემთხვევაში რეალურ სამუშაო გარემოში სწავლების (სტაჟირების) ორგანიზება; ზ) რეალურ სამუშაო გარემოში ორგანიზებული სწავლების (სტაჟირების) პროცესში ჩართული სამუშაოს მაძიებლების სახელმწიფო სტიპენდიით უზრუნველყოფა. მუხლი 2. ამ პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პროგრამის განმახორციელებელი − საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში − სააგენტო); ბ) მოსარგებლე − პროგრამის სამიზნე ჯგუფის სამუშაოს მაძიებელი; გ) მიმწოდებელი − საჯარო/კერძო სამართლის იურიდიული პირი − პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულება/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ან საჯარო/კერძო სამართლის იურიდიული პირი − პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულება/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და დამსაქმებელი, ერთობლივად; დ) სტაჟირება − დამსაქმებლებთან შეთანხმებით ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილზე/ადგილებზე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება/სწავლება შემდგომი დასაქმების მიზნით; ე) მომსახურება − მიმწოდებლის მიერ მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის განხორციელება მოსარგებლეებისათვის; ვ) ასტრონომიული საათები − მისაწოდებელი მომსახურების ღირებულების კალკულაციის ერთეული; ზ) ვაუჩერი − მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის დაფინანსების საშუალება, რომელიც მომსახურების მიღების მიზნით, მოსარგებლის მიერ წარედგინება მიმწოდებელს/მიმწოდებლებს; თ) საგზური − ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილებზე სტაჟირების მიზნით გაცემული სპეციალური ფორმა; ი) სახელმწიფო სტიპენდია − პროგრამის ფარგლებში სტაჟირების განმავლობაში მოსარგებლისათვის გადახდილი სახელმწიფო სტიპენდია; კ) მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა − 2-დან 4 თვემდე ხანგრძლივობის პროგრამა, რომელიც შემუშავებულია მოთხოვნადი პროფესიების შესაბამისად და ხორციელდება მიმწოდებლის მიერ; ლ) დამატებითი სერვისი − შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების ინდივიდუალური საჭიროებით განპირობებული მომსახურება (ასისტენტი, ტრანსპორტი, მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი, ჟესტური ენის თარჯიმანი და სხვა) პროფესიული მომზადება-გადამზადების და/ან სტაჟირების პროცესში; მ) მოთხოვნადი პროფესიები − შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევის საფუძველზე და დამსაქმებლების მიერ მოთხოვნილი პროფესიები. მუხლი 3. პროგრამის სამიზნე ჯგუფი 1. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ 16 წლის ზემოთ შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სამუშაოს მაძიებლებად სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა − www.worknet.gov.ge-ზე და თანახმა არიან, გაიარონ მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა ან/და სტაჟირება. 2. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიღების აუცილებელი პირობაა: ა) სამუშაოს მაძიებლის მიერ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტის ქონა. ამასთან, ეს შეზღუდვა არ ვრცელდება: ა.ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე; ა.ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე; ა.გ) პენიტენციური დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ პირებზე, რომლებიც ჩართულები არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში; ა.დ) ქალებზე, რომელთათვისაც ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დასრულება შეუძლებელი გახდა ადრეული ქორწინების გამო; ა.ე) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე; ა.ვ) ეთნიკურ უმცირესობებზე; ბ) სხვა თანაბარ პირობებში არსებობისას, პროგრამით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ: ბ.ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს, რაც დასტურდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნით; ბ.ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით; ბ.გ) იძულებით გადაადგილებულ პირებს − დევნილებს; ბ.დ) სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს; ბ.ე) დაბრუნებულ მიგრანტებს, რომელთა დაბრუნებიდანაც არ არის გასული 1 წელზე მეტი; ბ.ვ) პენიტენციური დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართულ პირებს; ბ.ზ) პრობაციონერებს; ბ.თ) სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ 16-დან 18 წლამდე ასაკის პირებსა და ასევე სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსულ პირებს; ბ.ი) „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს; ბ.კ) ქალებს; ბ.ლ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს; ბ.მ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ პროფესიული კვალიფიკაცია; ბ.ნ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს; ბ.ო) ეთნიკურ უმცირესობებს. 3. სტაჟირების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა − www.worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები. მუხლი 4. პროგრამის ღონისძიებები 1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა: ა) მოთხოვნად პროფესიათა ჩამონათვალის დამტკიცება, რომლის მიხედვითაც მოხდება სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადება დადგენილების ამოქმედებიდან 15 სამუშაო დღეში და დამტკიცებიდან 5 კალენდარულ დღეში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის წარდგენა; ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ან/და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებისა და მათი პარტნიორი დამსაქმებელი ორგანიზაციებისა და ამ დაწესებულებების მიერ განხორციელებადი მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის რეესტრის დამტკიცება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინფორმაციის მოწოდებიდან 10 სამუშაო დღეში; გ) პროგრამის დაფინანსების წესით განსაზღვრული ვაუჩერისა და საგზურის ფორმების დამტკიცება, დადგენილების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღეში; დ) პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიღების მსურველი სამუშაოს მაძიებლის განაცხადისა და მომსახურების მიღების პირობებზე შეთანხმების ფორმის დამტკიცება დადგენილების ამოქმედებიდან 10 კალენდარულ დღეში; ე) პროგრამის მიმწოდებლად რეგისტრირების მსურველი პირის, მათ შორის, სტაჟირების მიმწოდებელი დამსაქმებლების მიერ წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის, პროგრამის მიმწოდებლად დადასტურებისა და სტაჟირების მიმწოდებლად რეგისტრირების შესახებ განაცხადების ფორმების დამტკიცება დადგენილების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღეში; ვ) მომსახურების მიწოდებაზე, მიმწოდებლად რეგისტრირებულ პირსა და სააგენტოს შორის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცება დადგენილების ამოქმედებიდან 10 კალენდარულ დღეში; ზ) პროგრამის მიმდინარეობის მეთვალყურეობისა და ინსპექტირების პროცედურებისა და ამ პროცედურების განხორციელებისათვის სპეციალური ფორმების დამტკიცება დადგენილების ამოქმედებიდან 10 კალენდარულ დღეში; თ) მოკლევადიან პროგრამებზე ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ დევნილთა რეესტრის სსიპ − დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის წარდგენა ჩარიცხულთა საბოლოო სიის დადგენიდან 5 კალენდარულ დღეში, რათა, თავის მხრივ, სსიპ − დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მოახდინოს მათი ინფორმირება „სოციალურად დაუცველ დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ შესახებ და უზრუნველყოს აღნიშნულ პროგრამაში მათი ჩართვა. 2. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ზოგადი ღონისძიებების განსაზღვრა: ა) პროფესიული მომზადება-გადამზადების მსურველი სამუშაოს მაძიებლების გამოვლენა და რეგისტრაცია; ბ) შრომის ბაზრის მოთხოვნის შედეგად გამოვლენილი და/ან სააგენტოს მიერ მოძიებულ ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილებზე სტაჟირების უზრუნველსაყოფად შესაბამის დამსაქმებლებთან მოლაპარაკებების წარმოება; გ) მიზნობრივი ჯგუფების პროგრამაში ჩართვის მიზნით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან თანამშრომლობის განვითარება; დ) პროგრამის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით აუცილებელი ღონისძიებების გატარება; ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცებული პროფესიათა ჩამონათვალის შესახებ ინფორმაციის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს: ე.ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ინფორმირება (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით) პროგრამით გათვალისწინებული პროფესიებისა და ამ პროფესიების შესაბამისი მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების მომზადების მომსახურების მიწოდების პირობებისა და პროცედურების შესახებ; ე.ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ბიზნესკომპანიებში არსებულ გადამზადების ცენტრებთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა. 3. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობისათვის ძირითადი პროცედურების განსაზღვრა: ა) მიმწოდებელი ვალდებულია, მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაში სხვა ძირითად ინფორმაციასთან ერთად განსაზღვროს: ა.ა) თითოეული პროგრამის სავარაუდო ხანგრძლივობა (დღეებსა და ასტრონომიულ საათებში); ა.ბ) პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობა (მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა); ა.გ) სწავლის შედეგები; ა.დ) პრაქტიკული და თეორიული სწავლების თანაფარდობა; ა.ე) პროგრამის სავარაუდო ღირებულება ლარებში (თითოეული მოსარგებლისათვის, ჯგუფში მოსარგებლეების მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობების მიხედვით). ამასთან, პროფესიული მომზადება-გადამზადების იმ პროგრამაში, რომელსაც ერთობლივად შეიმუშავებენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულება/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და დამსაქმებელი ორგანიზაცია, განსაზღვრული უნდა იყოს პროგრამის განმახორციელებელი თითოეული მხარის მიერ გასაწევი ხარჯები (მისაღწევი სწავლის შედეგებიდან გამომდინარე); ბ) პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად სამიზნე ჯგუფის სამუშაოს მაძიებელი ვალდებულია, პირადად გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში და გაიაროს რეგისტრაცია; გ) სამუშაოს მაძიებელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან, პროგრამით უპირატესი უფლებით სარგებლობისათვის შესაბამისი სამიზნე ჯგუფის მიკუთვნებულობის დამადასტურებელი დოკუმენტი: გ.ა) შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებმა, რომლებიც უნდა ჩაერთონ მოკლევადიან პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაში, დამატებითი სერვისის მომსახურებისთვის თან უნდა იქონიონ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (შშმ პირის შემთხვევაში − სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი ფორმა №50/II (ასლი), ხოლო სსმ პირის შემთხვევაში − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინარული გუნდის დასკვნა; დ) სააგენტო: დ.ა) აცნობს სამუშაოს მაძიებელს პროგრამის პირობებს, ამ პროგრამით სარგებლობის წესებსა და პროცედურებს, ასევე აწვდის მას ზოგად ინფორმაციას პროგრამით გათვალისწინებული პროფესიების შესახებ: დ.ა.ა) სააგენტო უზრუნველყოფს პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების შერჩევაში სამუშაოს მაძიებლებისათვის დახმარებას, მიმწოდებლის მიერ წარდგენილი მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე; დ.ა.ბ) მოსარგებლეს ეძლევა საშუალება, შეარჩიოს მიმწოდებელი და იმ შემთხვევაში, თუ წარმოიშვა მიმწოდებელთან მიღების რაოდენობის შეზღუდვა ან/და მინიმალური ჯგუფის შევსების პრობლემა, სააგენტო ეხმარება მოსარგებლეს ალტერნატიული მიმწოდებლის შერჩევაში; დ.ბ) განიხილავს სამუშაოს მაძიებლის პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას, რისი დადგენის მიზნით, შესაძლებელია, გამოიყენოს სააგენტოს ხელთ არსებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალის www.worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების მონაცემთა ბაზები და იღებს გადაწყვეტილებას სამუშაოს მაძიებლის პროგრამის მოსარგებლედ რეგისტრაციის თაობაზე; დ.გ) შერჩეულ კადრებს უგზავნის მიმწოდებლებს − დამსაქმებლებს (სტაჟირება), უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს; დ.დ) შერჩეულ სამუშაოს მაძიებელთან აფორმებს შეთანხმებას მიმწოდებლების საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე; დ.ე) შეთანხმების გაფორმების შემდეგ გადასცემს მას მატერიალიზებულ ვაუჩერს, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია მიმწოდებლ(ებ)ისთვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის შესახებ; დ.ვ) სტაჟირების შემთხვევაში, შეთანხმების გაფორმების შემდეგ გადასცემს მას საგზურს; ე) მომსახურების (პროფესიული მომზადება-გადამზადება) მისაღებად მოსარგებლე წარუდგენს ვაუჩერს პროგრამის მიმწოდებელს არაუგვიანეს ვაუჩერზე მითითებული ვადისა. ამ ვადის გასვლის შემდგომ წარდგენილი ვაუჩერი ძალადაკარგულად ჩაითვლება − ის არ მიიღება მიმწოდებლის მიერ: ე.ა) სტაჟირების მისაღებად მოსარგებლე წარუდგენს საგზურს პროგრამის მიმწოდებელს არაუგვიანეს საგზურზე მითითებული ვადისა. ამ ვადის გასვლის შემდგომ წარდგენილი საგზური ძალადაკარგულად ჩაითვლება − ის არ მიიღება მიმწოდებლის მიერ; ვ) მოსარგებლე, რომელიც მომსახურების მიღების მიზნით ჩაირიცხება კონკრეტულ მიმწოდებელთან, მათ შორის, სტაჟირებაზე, შესაბამის მომსახურებას (სტაჟირებას) იღებს მხოლოდ ამ მიმწოდებლისაგან; ზ) მოსარგებლეს უფლება აქვს, მომსახურება (სტაჟირება) მიიღოს დამსაქმებლის მიერ მოწოდებული ვაკანსიების შესაბამის მხოლოდ რომელიმე ერთ პროფესიაში; თ) პროგრამა არ ითვალისწინებს: თ.ა) მომსახურების (სტაჟირების) მიღების პროცესში მიმწოდებლის შეცვლას ან/და ერთ მიმწოდებელთან წარდგენილი ვაუჩერის (საგზურის) მეორე მიმწოდებელთან გადატანას; თ.ბ) ერთ მიმწოდებელთან პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების (სტაჟირების) არასაპატიო მიზეზით შეწყვეტისას მომსახურების მიღების გაგრძელებას პროგრამის ამ ან სხვა მიმწოდებელთან; ი) პროგრამის მოსარგებლის უფლებები და ვალდებულებები აისახება სააგენტოსა და მოსარგებლეს შორის გაფორმებულ შეთანხმებაში; კ) სააგენტო აწარმოებს მოსარგებლესთან გაფორმებული შეთანხმებების, გაცემული, ან/და გამოყენებული მატერიალიზებული ვაუჩერების (საგზურების), მიმწოდებლების და პროგრამით გათვალისწინებულ ცალკეულ პროფესიაში ნაწილობრივ ან/და სრულად მიწოდებული მომსახურების (სტაჟირების) შესახებ მონაცემთა აღრიცხვას; ლ) პროგრამის შედეგების მონიტორინგის მიზნით, სააგენტო უზრუნველყოფს დამსაქმებლისა და პროგრამით მოსარგებლის გამოკითხვას, გამოკითხვის შედეგების ანალიზს, სისტემატიზაციასა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის მიწოდებას. 4. პროგრამის მიმწოდებლად რეგისტრირებისა და რეგისტრირების შეწყვეტის პროცედურების განსაზღვრა: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დამტკიცებული ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ რეესტრში ასახული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულება და მისი პარტნიორი დამსაქმებელი ორგანიზაციები მიიჩნევიან პროგრამის მიმწოდებლად, ხოლო სტაჟირების მიმწოდებლად რეგისტრირება შეუძლია დამსაქმებელს, რომელსაც აქვს რეალური და/ან პოტენციური ვაკანტური ან/და პერსპექტიული სამუშაო ადგილი; ბ) სტაჟირების შემთხვევაში, პროგრამის მიმწოდებლად რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტაჟირების მიმწოდებლად რეგისტრირების მომენტისათვის დამსაქმებელს აქვს ვაკანტური ან/და პერსპექტიული სამუშაო ადგილი/ადგილები ან/და მზადაა, მიიღოს სტაჟირების მსურველი სამუშაოს მაძიებლები დასაქმების მიზნით, სტაჟირების დასრულების შემდგომ, კონკურენციის საფუძველზე, დაასაქმოს მის მიერ შერჩეული სტაჟიორ(ებ)ი ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ ადგილებზე; გ) პროგრამით გათვალისწინებულ რომელიმე პროფესიაში პროგრამის მიმწოდებლად რეესტრში ასახული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულება წარუდგენს სააგენტოს მოთხოვნილ დოკუმენტებს და ავსებს პროგრამის მიმწოდებლად დადასტურების განცხადებას; დ) პროგრამის მიმწოდებლად დადასტურების განცხადება გულისხმობს მიმწოდებლის თანხმობას, დაექვემდებაროს პროგრამის ფარგლებში მიწოდებულ მომსახურებაზე მეთვალყურეობისა და ინსპექტირების წესებსა და პროცედურებს, რომელთაც განსაზღვრავს სააგენტო; ე) სააგენტო უფლებამოსილია, არ განიხილოს მიმწოდებლად რეგისტრირების მსურველი პირის − დამსაქმებლის განაცხადი და მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, თუ განაცხადის წარდგენის მომენტისათვის სტაჟირების განხორციელების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი პერიოდი არ არის საკმარისი რეგისტრირებისა და შესაბამის პროფესიაში სტაჟირების სრულად გავლის ანგარიშსწორებისათვის; ვ) პირი ითვლება პროგრამის მიმწოდებლად სააგენტოსა და პროგრამის მიმწოდებელს შორის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან; ზ) მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე, ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს, თუ მიმწოდებელი შესაბამისი წერილობითი განცხადებით მიმართავს სააგენტოს, ამასთან, მიმართვის მომენტისათვის მიმწოდებელს სრული მოცულობით აქვს მიწოდებული მომსახურება (სტაჟირება) ჩარიცხული მოსარგებლეებისათვის და ამ პროცესთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიშსწორების პროცედურები დასრულებულია; თ) სააგენტო უფლებამოსილია, შეწყვიტოს ხელშეკრულება პროგრამის მიმწოდებელთან პროგრამის განხორციელების ვადის ამოწურვამდე, თუ: თ.ა) პროგრამის მიმწოდებელი არ ასრულებს პროგრამისა და ხელშეკრულების პირობებს ან/და უარს ამბობს, დაექვემდებაროს პროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების მეთვალყურეობისა და ინსპექტირების წესებსა და პროცედურებს; თ.ბ) სააგენტოსთვის ცნობილი გახდა: თ.ბ.ა) მიმწოდებლის ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ; თ.ბ.ბ) მიმწოდებლის ლიკვიდაციის დაწყების თაობაზე; თ.ბ.გ) მიმწოდებლის გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყების თაობაზე; თ.ბ.დ) პროგრამით გათვალისწინებულ თუნდაც ერთ პროფესიაში, ხოლო სტაჟირების შემთხვევაში, თუნდაც ერთ პოზიციაზე მიწოდებული არადამაკმაყოფილებელი მომსახურების ან სხვა დარღვევების თაობაზე, რაც დასტურდება მომსახურებაზე მეთვალყურეობისა და ინსპექტირების შედეგების საფუძველზე; ი) სააგენტო ვალდებულია, წერილობითი ფორმით აცნობოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის მიმწოდებლად რეგისტრირებული პირის მიმწოდებლად რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე, არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღისა. 5. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდებისა და ანაზღაურების ძირითადი პირობების განსაზღვრა: ა) პროგრამის ფარგლებში ანაზღაურდება: ა.ა) მომსახურების ანაზღაურება ხდება მომსახურების ფაქტობრივი ღირებულებისა და ოდენობის შესაბამისად, ამასთან, ერთი ვაუჩერის მაქსიმალური ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს; ა.ბ) შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის, მოკლევადიან პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დამატებითი სერვისით მომსახურების (როგორიცაა ჟესტური ენის თარჯიმნები, სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეთა მასწავლებელი, ტრანსპორტი, მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი და სხვ.) ანაზღაურება ხდება ფაქტობრივი ღირებულებისა და ოდენობის შესაბამისად, ამასთან, ერთი ვაუჩერის მაქსიმალური ღირებულება არ აღემატება 1500 ლარს; ა.გ) სტაჟირების შემთხვევაში, სტაჟირებაზე გაგზავნილი მოსარგებლეებისათვის გაიცემა სახელმწიფო სტიპენდია, ამასთან, სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება თვეში 150 ლარით ერთ მოსარგებლეზე; ა.დ) პროგრამით ანაზღაურდება ერთი მოსარგებლისთვის მომსახურებისა და/ან სტაჟირების მხოლოდ ერთი კურსი; ბ) მატერიალიზებული ვაუჩერის ანაზღაურების პირობები: ბ.ა) პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებას ექვემდებარება მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე მისთვის ვადის დაცვით წარდგენილი ვაუჩერი. ძალადაკარგული ვაუჩერის საფუძველზე მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, ეს მომსახურება სააგენტოს მიერ არ ანაზღაურდება; ბ.ბ) მიმწოდებელს სააგენტოსთან შეუთანხმებლად უფლება არ აქვს, უარი უთხრას მოსარგებლეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით მითითებული ვადის დაცვით წარდგენილი მატერიალიზებული ვაუჩერის მიღებასა და პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურების მიწოდებაზე. სტაჟირების გასავლელად ვადის დაცვით წარდგენილი საგზურის შემთხვევაში, მიმწოდებელი 10 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების კონკრეტული მოსარგებლისათვის მიწოდების თაობაზე; გ) დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებისა და/ან სტაჟირების მიღებასთან დაკავშირებული ისეთი ვალდებულების დაწესება, რომლის შესრულება პირდაპირ ან ირიბად ფინანსურ ტვირთად დააწვება პროგრამის მოსარგებლეს; დ) თუ მოსარგებლე ვერ დაასრულებს მომსახურების (სტაჟირების) მიღებას მისგან დამოუკიდებელი ან საპატიო მიზეზით, მაშინ სააგენტო, მიმწოდებელთან შეთანხმებით, უფლებას აძლევს მოსარგებლეს, დაასრულოს მომსახურების (სტაჟირების) მიღება, თუ მოსარგებლე პროგრამის დასრულებამდე მიმართავს სააგენტოს და პროგრამის დასრულებამდე დარჩენილი დრო საკმარისია ამ მომსახურების მისაღებად და/ან სტაჟირების გასავლელად; ე) მიწოდებული მომსახურების (სტაჟირების შემთხვევაში − სახელმწიფო სტიპენდიის) ანაზღაურება ხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშის (ანგარიშების) წარდგენისა და ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, არაუგვიანეს შესაბამისი ანგარიშის (ანგარიშების) წარდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ 10 კალენდარული დღისა, ხოლო თუ საბოლოო ანგარიშის წარდგენა ხდება 2017 წლის დეკემბერში, ამ თვის 20 რიცხვამდე. ამასთან: ე.ა) სტაჟირების შემთხვევაში სახელმწიფო სტიპენდიის შუალედური ანაზღაურება პროგრამით გათვალისწინებული არ არის. პროფესიული მომზადება-გადამზადების მომსახურების ღირებულების წინასწარი და/ან შუალედური ანაზღაურება შესაძლებელია, თუკი ხელშეკრულების გაფორმების მომენტში მიმწოდებელი წინასწარ განსაზღვრავს წინასწარი/შუალედური ანაზღაურების მოთხოვნას. ამასთან, წინასწარი ანაზღაურების მოთხოვნისას აუცილებელია შესაბამისი ოდენობის თანხის საბანკო გარანტიის წარდგენა (წინასწარი ანაზღაურება ხორციელდება სრული მომსახურების ღირებულების არა უმეტეს 30%-ით). წინააღმდეგ შემთხვევაში, ანაზღაურება ხორციელდება სრული მომსახურების შემდეგ; ე.ბ) მომსახურების მიწოდების შუალედური ანაზღაურება ხორციელდება სრული მომსახურების ღირებულების 30-20-50 პროცენტული განაკვეთით, ამასთან, შუალედური ანაზღაურებისათვის მიმწოდებლის მიერ შუალედური ანგარიშის სააგენტოსთვის წარდგენის საფუძველზე; ე.გ) მიმწოდებლისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, თუ მოსარგებლემ შეწყვიტა მომსახურების მიღება, ხოლო რეგისტრაციის მომენტში მიმწოდებლის მიერ წინასწარი/შუალედური ანაზღაურება არ ყოფილა მოთხოვნილი, ანაზღაურება განხორციელდება საბოლოო ანგარიშის წარდგენის საფუძველზე, ამასთან, შეწყვეტის მომენტისათვის მიწოდებული მომსახურების მოცულობის − ასტრონომიული საათების კალკულაციის საფუძველზე. მოსარგებლის მიერ მიტოვებული პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის ასტრონომიული საათები არ ანაზღაურდება; ვ) თუ მოსარგებლისათვის მომსახურების მიწოდება გრძელდება დეკემბრის 20 რიცხვის შემდგომ და სრულდება პროგრამის ვადის ამოწურვამდე, სააგენტოსთვის 2017 წლის დეკემბერში წარსადგენი საბოლოო ანგარიში უნდა მოიცავდეს მომსახურების მიწოდების იმ შემთხვევებს, რომლებიც ანაზღაურდება წინასწარ. ამასთან, თუ წინასწარ ანაზღაურებული მომსახურების მიწოდება არ ან ვერ დასრულდა პროგრამის განხორციელების ვადის ამოწურვამდე, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუბრუნოს სააგენტოს წინასწარ ანაზღაურებული იმ ასტრონომიული საათების ღირებულება, რომელთა ათვისებაც ვერ განხორციელდა არაუგვიანეს 2018 წლის 31 იანვრისა. წინასწარ გადახდილი თანხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების შუალედური ან სრული ოდენობით ანაზღაურება არ ხორციელდება, თუ ადგილი აქვს მომსახურების მიწოდების პირობების დარღვევას, მათ შორის, მოსარგებლისათვის მომსახურების მიწოდების შესახებ შუალედური ან/და საბოლოო ანგარიშების წარდგენის ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობას ან/და ვადების დაუცველობას, ასევე მეთვალყურეობისა და ინსპექტირების ჯგუფის ოქმების შედეგების გათვალისწინებით. 6. შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში დამსაქმებლებთან შეთანხმებით ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილზე/ადგილებზე დასაქმების მიზნით, სტაჟირების ძირითადი პირობების განსაზღვრა: ა) პროგრამის ფარგლებში სტაჟირების გავლა შეუძლიათ პროგრამის მოსარგებლეებს, რომლებიც წარმოადგენენ: ა.ა) პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის კურსდამთავრებულებს; ა.ბ) www.worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს; ბ) სტაჟირების გასავლელად პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად მოსარგებლემ თან უნდა იქონიოს ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი); გ) სტაჟიორი, რომლის საკვალიფიკაციო მონაცემები მისაღებია დამსაქმებლისათვის, კვალიფიკაციას აიმაღლებს შესაბამისი კერძო დაწესებულების ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ პოზიციაზე; დ) სტაჟირების მიზნით სამუშაოს მაძიებელთა შერჩევა და გაგზავნა ხდება დამსაქმებელთან შეთანხმებით, ამასთან, სტაჟირებით სარგებლობის თაობაზე, სააგენტოსთან შეთანხმებით, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მიმწოდებელი მოსარგებლის გაგზავნიდან არა უმეტეს 10 სამუშაო დღეში; ე) სტაჟირების დასრულების შემდგომ დამსაქმებელი შერჩევის საფუძველზე უფორმებს შრომით ხელშეკრულებას არანაკლებ ერთ სტაჟიორს, არანაკლებ 6 თვის ვადით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ვ) ამ პროგრამის მიზნებისათვის, სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა და ტარდება პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების, გამოცდილების მიღებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით; ზ) სტაჟირების მაქსიმალური ხანგრძლივობა განისაზღვრება დამსაქმებელთან შეთანხმებით და იგი არ აღემატება 3 (სამ) კალენდარულ თვეს; თ) სტაჟირების პერიოდში სტაჟიორის მხრიდან არაკეთილსინდისიერად მოქცევის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია, წერილობით აცნობოს ამის თაობაზე სააგენტოს; ი) სტაჟირების პერიოდში განხორციელებული მეთვალყურეობისა და ინსპექტირების შედეგების საფუძველზე აღმოჩენილი დარღვევების, სტაჟიორისა და დამსაქმებლის მხრიდან არაკეთილსინდისიერი მოქცევის შემთხვევაში, ასევე დამსაქმებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე, სააგენტო უფლებამოსილია, შეწყვიტოს სტაჟიორისათვის სახელმწიფო სტიპენდიის გაცემა. მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი, დაფინანსების წყარო და დაფინანსების მექანიზმები პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 014 000 (ორი მილიონ თოთხმეტი ათასი) ლარით. პროგრამის (მათ შორის, პროგრამის ადმინისტრირების ხარჯების) დაფინანსების წყაროა წლიური საბიუჯეტო კანონით „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლება“ პროგრამისათვის (35 05 04 - პროგრამული კოდი) გათვალისწინებული ასიგნება. მუხლი 6. პროგრამის შესრულების ინდიკატორები 1. პროგრამის ფარგლებში, შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში, პროფესიული მომზადება-გადამზადებითა და ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილებზე სწავლებით (სტაჟირებით) მოსარგებლე სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფებიდან. 2. ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილებზე სწავლების (სტაჟირების) პროცესში ჩართულ დამსაქმებელთა რაოდენობა. 3. პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და სტაჟირების შედეგად დასაქმებულთა რაოდენობა, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფებიდან. მუხლი 7. პროგრამის განმახორციელებელი 1. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტო. 2. ამ პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება ვაუჩერის გზით ან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. |
დოკუმენტის კომენტარები