საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

  • Word
საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/4/757
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 27/03/2017
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016166
  • Word
1/4/757
27/03/2017
ვებგვერდი, 04/04/2017
000000000.00.000.016166
საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს სახელით

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგიის

გადაწყვეტილება №1/4/757

2017 წლის 27 მარტი

ქ. ბათუმი

კოლეგიის შემადგენლობა:

ლალი ფაფიაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

მაია კოპალეიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

მერაბ ტურავა – წევრი.

სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.

საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე გიორგი კრავეიშვილი და მისი წარმომადგენელი თამაზ კრავეიშვილი; მოპასუხის – საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ზაზა თაქთაქიშვილი და მარიამ იაშვილი.

I

აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 17 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №757) მომართა საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 18 მაისს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2016 წლის 22 დეკემბერს. 2016 წლის 28 დეკემბერს №1/25/757 საოქმო ჩანაწერით, №757 ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქმის არსებითი განხილვა გაიმართა 2017 წლის 13 თებერვალს.

2. №757 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის სამართლებრივი საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილების მე-9 მუხლი ადგენს წარდგენილი პროექტების ექსპერტთა მეშვეობით შეფასების წესებსა და პირობებს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამოუკიდებელ ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია.

4. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

5. №757კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, მოსარჩელემ მიიღო მონაწილეობა სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში, თუმცა საბოლოოდ დაფინანსება ვერ მოიპოვა. ამის შემდგომ, მოსარჩელემ მიმართა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს მისი პროექტის შეფასებაში მონაწილე ექსპერტთა ვინაობის გამხელის თაობაზე, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ექსპერტთა ვინაობის კონფიდენციალურობის არგუმენტით, რაც, თავის მხრივ, დადგენილი იყო „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების“ თაობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის № 128/5 ბრძანებით. საბოლოოდ, საერთო სასამართლოსადმი მიმართვის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით, „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების“ თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №128/5 ბრძანებით განსაზღვრული ექსპერტთა კონფიდენციალურობის დამდგენი ნორმები ბათილად იქნა ცნობილი კანონთან შეუთავსებლობის საფუძვლით, ხოლო სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს დაევალა მოსარჩელისათვის ექსპერტთა ვინაობის წერილობით გაცნობა. თუმცა ექსპერტის კონფიდენციალურობის თაობაზე 2016 წლის 29 მარტს განხორციელებული ცვლილებების შედეგად აისახა „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტში.

6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საჯარო დაწესებულებაში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არ შეიცავს საიდუმლო მონაცემებს, ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისათვის. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას, გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, კონკურსის მონაწილისთვის გასაიდუმლოებულია ექსპერტის ვინაობა, შესაბამისად. იგი ვერ იყენებს „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ექსპერტების აცილების უფლებას.

7. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ კონკურსის დასრულების შემდგომ, როდესაც მათ ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნები გადაეცემათ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი უარს ეუბნება ექსპერტების ვინაობის გამჟღავნებაზე. აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელე მხარემ საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგინა ფონდიდან მიღებული ოფიციალური წერილი ექსპერტის ვინაობის გამხელაზე უარის შესახებ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ექსპერტების სია, თუმცა მოსარჩელის ინფორმაციით, მასში მითითებული ყველა პირი არ ახდენს მიმდინარე საკონკურსო პროექტების შეფასებას.

8. მოსარჩელე თავისი არგუმენტების გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.

9. საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველწლიურად ქვეყნდება იმ ექსპერტების სია, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ფონდთან თანამშრომლობენ და არ ასახავს მიმდინარე პროექტების შემფასებელთა ვინაობას. მოპასუხე მხარის განცხადებით, საექსპერტო მომსახურების ხელშეკრულება გაფორმდა ამერიკის ეროვნული სამეცნიერო ფონდის შვილობილ ორგანიზაციასთან. მოპასუხე მიუთითებს არსებულ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც, ექსპერტები არ თანხმდებიან საკონკურსო პროექტების შეფასებაზე, თუ მათი ვინაობა არ იქნება კონფიდენციალური.

10. მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ, მართალია, ექსპერტების ვინაობა კონფიდენციალურია, თუმცა კონკურსის მონაწილეს მაინც აქვს უფლება, კონკრეტულ დარგში მოღვაწე ცნობილი მეცნიერების აცილების მოთხოვნა წინასწარ დააყენოს. ამასთან, ინტერესთა კონფლიქტის არსებობას შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის შესაბამისი დეპარტამენტი ადგენს და იცილებს შესაბამის ექსპერტს საკონკურსო პროექტის შეფასებისგან. მოპასუხე მხარე ექსპერტის სახელისა და გვარის გასაიდუმლოებას პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით ამართლებს და მიიჩნევს, რომ კონფიდენციალურობა არ განსაზღვრავს ექსპერტის მიუკერძოებლობას.

11. მოპასუხემ განაცხადა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტისათვის ცნობილია კონკურსის მონაწილის ვინაობა, რადგან კონკურსის ფარგლებში ფასდება კონკურსანტის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომებიც. მოპასუხემ აღნიშნა, რომ ექსპერტის სახელი და გვარი კონფიდენციალურია, თუმცა მისი შრომების, სამეცნიერო საქმიანობისა და ხარისხის შესახებ ინფორმაციის გადაცემა ხდება სასამართლოსთვის. სასამართლო ადგენს, რამდენად კომპეტენტურია ექსპერტი კონკრეტულ სამეცნიერო დარგში საკონკურსო პროექტის შესაფასებლად. მოპასუხე მხარის განმარტებით, ექსპერტის ვინაობის შესახებ ინფორმაცია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონფიდენციალურია. კონკურსის მონაწილის მიერ შეფასების შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში ფონდი ახორციელებს შუამავლის როლს და კონკურსის მონაწილის პრეტენზიებზე ექსპერტის შესაბამის არგუმენტირებულ პასუხს უგზავნის კონკურსანტს.

II

სამოტივაციო ნაწილი

1. განსახილველი დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილების (შემდგომში: მთავრობის №84 დადგენილება) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის რეგულირების სფეროში ექცევა საჯარო დაწესებულებაში დაცული ოფიციალური ინფორმაცია. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „[საქართველოს კონსტიტუციის] 41-ე მუხლის პირველი პუნქტის ყურადღების ცენტრშია სუბიექტი, რომელიც დაინტერესებულია ინფორმაციის მიღებით ოფიციალური წყაროებიდან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). „სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის გაცნობა ინფორმაციული თვითგამორკვევისა და პირის თავისუფალი განვითარების უფლების მნიშვნელოვანი პირობაა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის №2/3/364 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მოქალაქე რუსუდან ტაბატაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ინფორმაციის თავისუფლებას საქართველოს კონსტიტუცია გამორჩეულ ადგილს ანიჭებს და დიდ ყურადღებას უთმობს… ინფორმაციის თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი სასიცოცხლო დისკუსიისა და აზრთა ჭიდილის პროცესის უზრუნველყოფა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). ინფორმაციის თავისუფლება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების გამოვლინებაა.

4. სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებში დაცულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება უზრუნველყოფს მოქალაქეთა ეფექტურ მონაწილეობას ხელისუფლების განხორციელების პროცესში, რაც წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის უმთავრეს მოთხოვნას. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები უმნიშვნელოვანესია კონსტიტუციურ პრინციპებს შორის. ისინი, პრაქტიკულად, ყველა კონსტიტუციური ნორმის, მათ შორის დანარჩენი კონსტიტუციური პრინციპების საფუძველს წარმოადგენენ. ამ პრინციპებს ეყრდნობა მთლიანად კონსტიტუციური წყობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემებრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დემოკრატია, უშუალო გაგებით, გულისხმობს რა ხალხის მმართველობას, შესაბამისად, ის, თავისთავად, გულისხმობს მოქალაქეთა უფლებას, მიიღონ მონაწილეობა ხელისუფლების როგორც ფორმირებაში, ისე განხორციელებაში… დემოკრატია, პირველ რიგში, სწორედ სახალხო სუვერენიტეტის რეალიზებით ვლინდება, რადგან ხალხის მონაწილეობა ხელისუფლების განხორციელებაში არის დემოკრატიის ძირითადი არსი, საფუძველი და მიზანი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/3/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარალმენტის წინააღმდეგ“, II-9).

5. სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის უფლება უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოში ღია მმართველობის განხორციელებას და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების დამკვიდრებისა და შენარჩუნებისათვის. აღნიშნული უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, შექმნას შესაბამისი გარანტიები, რათა შესაძლებელი გახადოს საჯარო საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქის ინფორმირებულობა. სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს, გამოიკვლიოს მისთვის საინტერესო საჯარო მნიშვნელობის საკითხები, დასვას კითხვები, განიხილოს, რამდენად ადეკვატურად ხორციელდება საჯარო ფუნქციები და თავად იყოს საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებების მიღებისა და იმპლემენტაციის პროცესის აქტიური მონაწილე. ინფორმაციის ღიაობა ხელს უწყობს სახელმწიფო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების ამაღლებასა და საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას. ღია მმართველობის პირობებში სახელმწიფო ორგანოებს/თანამდებობის პირებს აქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა, მათი საქმიანობა გადამოწმდეს ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ და გადაცდომების აღმოჩენის შემთხვევაში დაექვემდებარონ როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, სახელმწიფო დაწესებულებებში დაცული საჯარო ინფორმაციის ღიაობა წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის მნიშვნელოვან წინაპირობას. ღია მმართველობა არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო დაწესებულებებსა და მოქალაქეებს შორის ნდობის განსამტკიცებლად, სამართალდარღვევების (მაგალითად, კორუფცია, ნეპოტიზმი, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა) პრევენციისა და არსებული დარღვევების დროულად გამოსავლენად.

6. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს პირის უფლებას, ხელი მიუწვდებოდეს საჯარო დაწესებულებაში დაცულ ოფიციალურ დოკუმენტებზე დატანილ ნებისმიერ ინფორმაციაზე. „აღნიშნული მუხლი ღიად მიიჩნევს სახელმწიფო დაწესებულებებში დაცულ ოფიციალურ ინფორმაციას და ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს აძლევს მათი გაცნობის შესაძლებლობას“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის №2/3/364 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მოქალაქე რუსუდან ტაბატაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). „საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის ყურადღების ცენტრში მოქცეულია სწორედ სახელმწიფო დაწესებულებებში და ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/3/406,408 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-11).

7. მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი მთავრობის №84 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დამოუკიდებელ ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ კონკურსის განმავლობაში და მისი დასრულებისას ექსპერტის ვინაობის გაუმჟღავნებლობა წარმოადგენს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვას. სადავოდ გამხდარი დადგენილება ითვალისწინებს ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ჩატარების წესებს. კონკურსის სრულად ჩატარებას, მათ შორის დამოუკიდებელი ექსპერტების შერჩევას და გრანტების გაცემას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში – სამეცნიერო ფონდი).

8. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლების შეზღუდვის დასადგენად, მოცემულ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს, წარმოადგენს თუ არა სამეცნიერო ფონდი სახელმწიფო დაწესებულებას, ხოლო დამოუკიდებელი ექსპერტების ვინაობა ოფიციალურ დოკუმენტებში არსებულ ინფორმაციას დასახელებული კონსტიტუციური დებულების მიზნებისათვის და იზღუდება თუ არა აღნიშნულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.

9. სამეცნიერო ფონდი საჯარო დაწესებულებად შეიძლება ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ იგი კონსტიტუციით ან/და კანონით დადგენილი წესით ასრულებს სახელმწიფო ფუნქციებს, ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას ან/და მასზე ხდება ამა თუ იმ სახელმწიფო ფუნქციის დელეგირება.

10. სამეცნიერო ფონდის მიერ საჯარო ფუნქციების განხორციელებას, მისი შექმნის საფუძვლებს და საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსების საკითხებს საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების გაანალიზების მეშვეობით. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ადგენს საქართველოს მთავრობის კომპეტენციას, უზრუნველყოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფა. ამასთან, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 51 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას როგორც საბიუჯეტო, ისე სახელმწიფო საგრანტო დაფინანსებისა და არაპირდაპირი სტიმულირების გზით. მთავრობის ზემოაღნიშნული საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ხარჯზე სამეცნიერო კვლევების საგრანტო სისტემით, კონკურსის წესით დასაფინანსებლად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანხმობით, აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს („მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 151 მუხლი). სამეცნიერო ფონდის საქმიანობის წესი და სტრუქტურა განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესდებით, ხოლო ხელმძღვანელი პირი თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.

11. სამეცნიერო ფონდის ერთ-ერთი მთავარი საჯაროსამართლებრივი ფუნქციაა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფუნდამენტური კვლევებისათვის კონკურსის ჩატარება და სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემა. კერძოდ, სამეცნიერო ფონდი აცხადებს კონკურსს და მისი ჩატარების წესს, რის საფუძველზედაც მიიღება საკონკურსო დოკუმენტაცია, იმ დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. ფონდი უზრუნველყოფს დამოუკიდებელი ექსპერტების შერჩევას და, მათ მიერ გაკეთებულ შეფასებებზე დაყრდნობით, ავლენს გამარჯვებულ პროექტს, რომელსაც გადასცემს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტს და მონიტორინგს უწევს მის განხორციელებას.

12. ამდენად, სამეცნიერო ფონდი არის სახელმწიფოს მიერ შექმნილი და მისი დაფინანსებით მოქმედი საჯარო დაწესებულება, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამეცნიერო ფონდი წარმოადგენს „სახელმწიფო დაწესებულებას“ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის.

13. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, ვინაიდან სამეცნიერო ფონდი საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მიზნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული და სახელმწიფო ამოცანების განმახორციელებელი „სახელმწიფო დაწესებულებაა“, „იქ თავმოყრილი ნებისმიერი ფორმის ინფორმაციის სრული სპექტრი შეიძლება იქნეს განხილული, როგორც „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია“ (Mutatis Mutandis) (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22).

14. მთავრობის №84 დადგენილების მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი ექსპერტი არის „პირი, რომელიც აფასებს საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტს“. ხოლო ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამეცნიერო ფონდი უზრუნველყოფს, დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით, დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენას, დამტკიცებას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანას. სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპერტის ვინაობის შესახებ ინფორმაცია, იმავდროულად, უკავშირდება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მისი მონაწილეობის საკითხს. კერძოდ, ექსპერტი მონაწილეობს სამეცნიერო ფონდის მიერ გადაწყვეტილების მიღებაში, მისი შეფასებები ხელს უწყობს ფონდს გრანტების გაცემის საკითხის გადაწყვეტაში. ექსპერტის საქმიანობის საჯარო ბუნებიდან გამომდინარე, მისი ვინაობა ვერ მიიჩნევა პირის კერძო საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციად. ამგვარად, დამოუკიდებელი ექსპერტის ვინაობა წარმოადგენს საჯარო (სახელმწიფო) დაწესებულებაში არსებულ საჯარო ინფორმაციას, რომლის ხელმისაწვდომობაზეც ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი სტანდარტები.

15. მთავრობის №84 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დამოუკიდებელ ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია. ექსპერტის ვინაობის კონფიდენციალურობა გულისხმობს დაინტერესებული პირებისათვის აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვას. შესაბამისად, სადავო ნორმა ადგენს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული, ოფიციალურ დოკუმენტებში ასახული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვას.

16. მთავრობის №84 დადგენილება ითვალისწინებს ინტერესთა კონფლიქტის იმ შემთხვევებს, როდესაც დაუშვებელია პირის დამოუკიდებელ ექსპერტად განწესება. იმ შემთხვევაში, თუკი ექსპერტის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია, იმსჯელოს ექსპერტის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ. თუმცა აღნიშნული არ არის საკმარისი ფონდის მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი საჯარო უფლებამოსილების - ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამჭვირვალობის შესაფასებლად. ექსპერტის ვინაობის ცოდნა მნიშვნელოვანია მის მიერ გაკეთებული დასკვნის შესაფასებლად. კერძოდ, დაინტერესებულ პირს, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ექსპერტების დასკვნებთან დაკავშირებით ეჭვქვეშ დააყენოს შეფასების როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ფაქტორები. საჯარო ფუნქციების განმახორციელებელი პირის/ორგანოს ქმედება საზოგადოებრივ კონტროლს ეფექტურად ექვემდებარება მაშინ, როდესაც უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება. სამეცნიერო ფონდის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ინტერესთა კონფლიქტის არსებობა, ექსპერტის მიუკერძოებლობა და კომპეტენტურობა მოიცავს იმ საკითხებს, რომელთა შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლოა წარმოადგენდეს დაინტერესებული პირის, საზოგადოების ინტერესის საგანს. დემოკრატიულ საზოგადოებაში აღნიშნული საკითხები ადმინისტრაციული ორგანოს შეუზღუდავ დისკრეციას არ უნდა იყოს მინდობილი, თითოეულ აქტიურ მოქალაქეს უნდა შეეძლოს ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება. რადგან დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა, მისი გამოყენება ყოველთვის გულისხმობს მიღებული გადაწყვეტილების, დაინტერესებულ პირთა მხრიდან, გადამოწმების შესაძლებლობის არსებობას იმის გასარკვევად, მიღებული იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით არალეგიტიმურად იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული პირის უფლება, ხელი მიუწვდებოდეს საჯარო დაწესებულებაში დაცულ ოფიციალურ დოკუმენტებზე დატანილ ნებისმიერ ინფორმაციაზე, ასევე ისეთი ინფორმაციის გაცნობაზე, რომლის ღიაობის საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.

17. აღსანიშნავია, რომ ექსპერტის შეფასება, როგორც წესი, განაპირობებს გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ საზოგადოების ნდობის უზრუნველყოფას. მოცემულ შემთხვევაში კონკურსის მონაწილე პირებისგან საჯარო სამართლებრივი წარმოებისადმი ნდობის არსებითი განმაპირობებელი ფაქტორია კონკურსის გამჭვირვალედ ჩატარება, რაც, მათ შორის, ექსპერტის ვინაობის გამჟღავნებით მიიღწევა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ინფორმაციის მიღების ინტერესი დაინტერესებულ პირს შესაძლოა გააჩნდეს ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში სამართლებრივი დავის წარმართვის მიზნებისათვის. კონკურსის მონაწილეს არ შეიძლება შეეზღუდოს ექსპერტის ვინაობის შესახებ ინფორმაციის მიღება საჯარო დაწესებულებებიდან. ექსპერტის ვინაობის ცოდნა პირდაპირ არის დაკავშირებული კონკურსის მონაწილის კანონიერი ინტერესების, უფლებების რეალიზებასთან (მაგალითად, ექსპერტის მიერ გაკეთებული შეფასების ეჭვქვეშ დაყენება მისი აცილების საფუძვლების გამოვლენის/დამტკიცების შემთხვევაში).

სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებთან მიმართებით

18. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „საკანონმდებლო ხელისუფლების კონსტიტუციურსამართლებრივი შეზღუდვა გულისხმობს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კონსტიტუციურობის თვალსაზრისით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). ამგვარად, განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა, რომელიც განსაზღვრავს ექსპერტის კონფიდენციალურობას, ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისად და მის საფუძველზე. უფლების შეზღუდვის ძირითადი ბაზისი უნდა იყოს საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც გამომდინარეობს კონსტიტუციიდან.

19. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სახელმწიფო დაწესებულებებში არსებული ოფიციალურ დოკუმენტების „კანონით დადგენილი წესით“ გაცნობის უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ადგენს სახელმწიფო დაწესებულებების ოფიციალურ დოკუმენტებში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხების კანონით მოწესრიგების ფორმალურ მოთხოვნას. კონსტიტუციით გათვალისწინებული კანონით მოწესრიგების ფორმალური მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, როდესაც (1) საკითხი უშუალოდ მოწესრიგებულია კანონით; ან (2) კანონმდებელმა კანონით მოახდინა საკითხის მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება სხვა კომპეტენტურ ორგანოზე.

20. კონსტიტუციით დადგენილი ფორმალური მოთხოვნა, რომ ესა თუ ის საკითხი მოწესრიგდეს კანონით, კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მიმღებ ლეგიტიმურ ორგანოდ, საქართველოს პარლამენტის განსაზღვრას ემსახურება. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუცია სახელდებით მიუთითებს იმ საკითხებს, რომელთა მოწესრიგების უფლებამოსილება მხოლოდ საქართველოს პარლამენტს გააჩნია (კანონით წესრიგდება). ამასთან, პარლამენტის მიერ სხვა ორგანოსთვის უფლებამოსილების გადანდობა, მოაწესრიგოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხები, თავისი არსით, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, მიიჩნევა ამ საკითხის კანონის ძალით მოწესრიგებად (თუ კონსტიტუცია სახელდებით არ მიუთითებს უფლებამოსილების დელეგირების აკრძალვას) და აკმაყოფილებს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებს. ამასთან, კანონითვე უნდა განისაზღვროს ის კომპეტენტური ორგანო, რომელზეც ხდება კანონმდებლის მხრიდან უფლებამოსილების დელეგირება. გასათვალისწინებელია, რომ დელეგირებული უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოს მიხედულების ფარგლები შეზღუდულია ადამიანის უფლებებითა და კონსტიტუციური პრინციპებით.

21. განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არის გამხდარი მთავრობის №84 დადგენილება, რომელიც, ცხადია, არ წარმოადგენს საკანონმდებლო აქტს. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი ნორმები სხვადასხვა საკანონმდებლო აქტშია ასახული. შესაბამისად, სასამართლომ უნდა დაადგინოს საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება, მოაწესრიგოს, მთავრობის №84 დადგენილებაში აღნიშნული სადავო საკითხი წარმოადგენს თუ არა კანონმდებლის მიერ კანონით დადგენილი წესით დელეგირებულ რეგულაციას.

22. საჯარო დაწესებულებებში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებს არეგულირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავი შეიცავს ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელ ნორმებს. კერძოდ, კოდექსი საჯარო დაწესებულებებში არსებულ ყველა ინფორმაციას ხელმისაწვდომად მიიჩნევს, თუკი მისი გაცემა კანონით არ არის შეზღუდული (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილი). ექსპერტის ვინაობის გამხელა უკავშირდება ფიზიკური პირის იდენტიფიკაციას და, შესაბამისად, მისი პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის რეგულირება შესაძლოა დაექვემდებაროს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სფეროს.

23. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. კანონის ნორმები ადგენენ საჯარო ინფორმაციის ღიაობის შეზღუდვის წესებს. მოსარჩელე მხარემ მტკიცებულების სახით წარმოადგინა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წერილი სადავო საკითხთან დაკავშირებით. ინსპექტორის აპარატი ექსპერტის ვინაობის გამჟღავნების საფუძვლების არსებობის დასადასტურებლად უთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 21-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტზე დასკვნის წარმდგენი ექსპერტის ვინაობა აღინიშნება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში. ინსპექტორის აპარატის წერილში ასევე მითითებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე, რომლებიც უშვებს პერსონალურ მონაცემთა გაცემას, თუ ეს კანონით არის გათვალისწინებული და აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი. ამასთან, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს ექსპერტის ვინაობის კონფიდენციალობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების უფლებამოსილების გადაცემას საქართველოს მთავრობისათვის.

24. სახელმწიფო (საჯარო) დაწესებულებებში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის საკითხის მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირებას არც ის საკანონმდებლო აქტები ახდენენ, რომლებიც მითითებულია საქართველოს მთავრობის №84 დადგენილების მიღების საფუძვლად („საქართველოს სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი).

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება, რომ არც ერთი საკანონმდებლო აქტი არ გადასცემს საქართველოს მთავრობას სადავო ნორმით გათვალისწინებული დამოუკიდებელი ექსპერტების ვინაობის კონფიდენციალურობის დადგენისა და მითითებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის საკითხის მოწესრიგების უფლებამოსილებას.

26. ამგვარად, ვინაიდან სადავო რეგულირება განსაზღვრულია არა კანონით, არამედ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით – მთავრობის №84 დადგენილებით და სახეზე არ არის პარლამენტის მიერ აღნიშნული საკითხის მოწესრიგების თაობაზე უფლებამოსილების მთავრობისთვის კანონით დადგენილი წესით დელეგირება, იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ფორმალურ კრიტერიუმს უფლების შეზღუდვის კანონით დადგენის აუცილებლობის თაობაზე. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის №84 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

III

სარეზოლუციო ნაწილი

კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №757 (საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ) და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

კოლეგიის შემადგენლობა:

ლალი ფაფიაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

მაია კოპალეიშვილი

მერაბ ტურავა