ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის დირექტივა 2009/72/EC ელექტროენერგიის შიდა ბაზრის რეგულირების საერთო წესების შესახებ, რომელიც აუქმებს დირექტივას 2003/54/EC

ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის დირექტივა 2009/72/EC

ელექტროენერგიის შიდა ბაზრის რეგულირების საერთო წესების შესახებ, რომელიც აუქმებს დირექტივას 2003/54/EC

(ტექსტი შეესაბამება ევროპის ეკონომიკურ სივრცეს)

ევროპარლამენტმა და ევროპის კავშირის საბჭომ,

ევროპის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების, კონკრეტულად ამ ხელშეკრულების 47(2)-ე, 55-ე და 95-ე მუხლების გათვალისწინებით,

კომისიის წინადადების გათვალისწინებით,

ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოსაზრების გათვალისწინებით1;

რეგიონების კომიტეტის მოსაზრების გათვალისწინებით2;

მოქმედებენ რა ხელშეკრულების 251-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად3;

ვინაიდან:

1) ელექტროენერგიის შიდა ბაზარი, რომლის დანერგვაც ეტაპობრივად ხორციელდება გაერთიანებაში 1999 წლიდან, მიზნად ისახავს რეალური არჩევანის მიცემას ევროპის კავშირის ყველა მომხმარებლისათვის როგორც მისი მოქალაქეებისათვის ისე ბიზნესის სექტორისთვის, ახალი ბიზნეს შესაძლებლობების და უფრო მეტი ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის კუთხით, მწარმოებლურობის ზრდის, კონკურენტული ფასებისა და მომსახურების უფრო მაღალი სტანდარტის მიღწევის, და მიწოდების უსაფრთხოებისა და მდგრადობის მიზნით.

2) ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003 წლის 26 ივნისის დირექტივამ 2003/54/EC „ელექტროენერგიის შიდა ბაზრის საერთო წესების შესახებ“4 მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ელექტროენერგიის შიდა ბაზრის ჩამოყალიბებაში.

3) თავისუფლება, რომელიც გარანტირებულია ევროპის კავშირის მოქალაქეებისთვის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებით, მათ შორის საქონლის თავისუფლად გადაადგილება, ეკონომიკური თავისუფლება და მომსახურების გაწევის თავისუფლება, მიღწევადია მხოლოდ სრულიად ღია ბაზრის პირობებში, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა მომხმარებელს თავისუფლად აირჩიოს მომწოდებლები, და საშუალებას აძლევს მიმწოდებლებს რომ თავისუფლად გაუწიონ მომსახურება მომხმარებლებს.

4) თუმცა, დღესდღეობით გაერთიანებაში არსებობს სირთულეები დისკრიმინაციისა და არახელსაყრელი პირობების გარეშე და თანაბარ პირობებში ელექტროენერგიის გაყიდვასთან დაკავშირებით. კერძოდ, თითოეულ წევრ სახელმწიფოში, ჯერჯერობით, არ არის უზრუნველყოფილი ქსელზე არადისკრიმინაციული წვდომა და თანაბრად ეფექტური მარეგულირებელი ზედამხედველობა.

5) ელექტროენერგიის საიმედო მიწოდებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ევროპული საზოგადოების განვითარებისათვის, მდგრადი კლიმატის ცვლილების პოლიტიკის განხორციელებისა და შიდა ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობისათვის. ამ მიზნით, უფრო მეტად უნდა განვითარდეს ტრანსსასაზღვრო ურთიერთკავშირი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს გაერთიანების ფარგლებში ყველა სახის ენერგიის წყაროს მიწოდება მომხმარებლებისათვის და სამეწარმეო სექტორისთვის ყველაზე კონკურენტულ ფასად.

6) კარგად ფუნქციონირებადი ელექტროენერგიის შიდა ბაზარი უნდა უზრუნველყოფდეს მწარმოებლების შესაბამის სტიმულირებას ახალი ელექტროენერგიის წარმოებაში, მათ შორის განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოებაში ინვესტირებისთვის, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა გაერთიანების ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე არსებულ ყველაზე მეტად იზოლირებულ ქვეყნებსა და რეგიონებს. კარგად ფუნქციონირებადი ბაზარი, ასევე უნდა უზრუნველყოფდეს მომხმარებლებს ადეკვატური ღონისძიებებით ენერგიის ყველაზე ეფექტური მოხმარების ხელშეწყობის მიზნით, რომლის წინაპირობასაც წარმოადგენს ელექტროენერგიის საიმედო მიწოდება.

7) კომისიის 2007 წლის 10 იანვრის შეტყობინება წარმოადგენდა „ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკის“ საფუძველს, რომელიც ხაზს უსვამს გაერთიანებაში ელექტროენერგიის შიდა ბაზრის სრულყოფისა და გაერთიანებაში დაფუძნებული ყოველი ელექტროენერგეტიკული საწარმოსთვის თანასწორი პირობების შექმნის მნიშვნელობას. კომისიის 2007 წლის 10 იანვრის შეტყობინება წარმოადგენდა „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრის პერსპექტივების“ საფუძველს და „ევროპის გაზისა და ელექტროენერგეტიკულ სექტორებში გარემოებების შესწავლამ რეგულაციის (EC) №1/2003 მე-17 მუხლის თანახმად (საბოლოო მოხსენება)“ აჩვენა, რომ არსებული წესები და ღონისძიებები არ ქმნის საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც საჭიროა კარგად ფუნქციონირებადი შიდა ბაზრის მიზნების მისაღწევად.

8) კონკურენციისა და ელექტროენერგიის ყველაზე კონკურენტულ ფასად მიწოდების უზრუნველსაყოფად, წევრმა სახელმწიფოებმა და ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანოებმა ხელი უნდა შეუწყონ ტრანსსასაზღვრო წვდომას როგორც სხვადასხვა ენერგიის წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის ახალი მიმწოდებლებისთვის, ასევე ელექტროენერგიის ახალი მწარმოებლებისთვის.

9) გენერაციისა და მიწოდების საქმიანობიდან ქსელების ეფექტური განცალკევების გარეშე (ეფექტური გამოყოფა), არსებობს დისკრიმინაციის დამახასიათებელი რისკი არა მხოლოდ ქსელის ოპერირებისას, არამედ ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოების სტიმულირების დროსაც მათ ქსელებში ადეკვატური ინვესტიციების განხორციელების კუთხით.

10) თუმცა, დირექტივით 2003/54/EC განსაზღვრულმა სამართლებრივი და ფუნქციური გამოყოფის წესებმა ვერ უზრუნველყო გადამცემი სისტემის ოპერატორების ეფექტური გამოყოფა. სწორედ ამიტომ, 2007 წლის 8 და 9 მარტს გამართულ შეხვედრებზე ევროპულმა საბჭომ მოიწვია კომისია „მიწოდებისა და გენერაციის საქმიანობისგან ქსელის მუშაობის ეფექტური გამოყოფის“ შესახებ საკანონმდებლო წინადადებების შემუშავების მიზნით.

11) ეფექტური გამოყოფის უზრუნველყოფა შესაძლებელია ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოებისთვის ქსელზე წვდომასა და ინვესტიციებთან დაკავშირებით კონკურენტების დისკრიმინაციის სტიმულირების აღმოფხვრით. ქონებრივი გამოყოფა, რომელიც გულისხმობს ქსელის მფლობელის დანიშვნას სისტემის ოპერატორად და ნებისმიერი მიწოდებისა და წარმოების ინტერესებიდან მის დამოუკიდებლობას, წარმოადგენს აშკარად ეფექტურ და სტაბილურ საშუალებას მისთვის დამახასიათებელი ინტერესთა კონფლიქტის აღმოსაფხვრელად და მიწოდების საიმედოობის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით, „ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის შიდა ბაზრის პერსპექტივების შესახებ“ 2007 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებაში5 ევროპარლამენტმა აღნიშნა, რომ ქონებრივი გამოყოფა ელექტროენერგიის გადაცემის დონეზე იყო ყველაზე ეფექტური მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობდა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებას არადისკრიმინაციული გზით, ახალი წევრების თანაბარ დაშვებას ქსელზე და გამჭვირვალობას ბაზარზე. აქედან გამომდინარე, ქონებრივი გამოყოფის თანახმად წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ერთი და იმავე პირს/პირებს არ ჰქონდეთ გენერაციის ან მიწოდების საწარმოებზე კონტროლის განხორციელების უფლება, და ამავდროულად კონტროლის განხორციელების ან ნებისმიერი სხვა უფლება გადამცემი სისტემის ოპერატორზე ან გადამცემ სისტემაზე. პირიქით, გადამცემ სისტემაზე ან გადამცემი სისტემის ოპერატორზე კონტროლი უნდა გამორიცხავდეს გენერაციის ან მიწოდების საწარმოზე კონტროლის განხორციელების ან ნებისმიერი სხვა უფლების გამოყენების შესაძლებლობას. ამ შეზღუდვების ფარგლებში, გენერაციის ან მიწოდების განმახორციელებელ საწარმოს უნდა ჰქონდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის აქციათა უმცირესობის ფლობის უფლება.

12) გამოყოფის ნებისმიერი სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს მწარმოებლებს, მიმწოდებლებსა და გადამცემი სისტემის ოპერატორებს შორის ნებისმიერი სახის ინტერესთა კონფლიქტის ეფექტურად აღმოფხვრას, საჭირო ინვესტიციების განსახორციელებლად სტიმულირებისა და გამჭვირვალე და ეფექტიანი მარეგულირებელი რეჟიმის ფარგლებში ბაზრის ახალი მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, და არ უნდა ქმნიდეს ზედმეტად რთულ მარეგულირებელ რეჟიმს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისათვის.

13) ტერმინის „კონტროლი“ განმარტება აღებულია საბჭოს 2004 წლის 20 იანვრის რეგულაციიდან (EC) №139/2004 „საწარმოებს შორის წილების კონტროლის შესახებ“ (ევროპის გაერთიანების რეგულაცია შერწყმის შესახებ)6.

14) რადგან ქონებრივი გამოყოფა ზოგიერთ შემთხვევაში მოითხოვს საწარმოთა რესტრუქტურიზაციას, წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც გადაწყვეტენ ქონებრივი გამოყოფის განხორციელებას, უნდა მიეცეთ დამატებითი დრო შესაბამისი სამართლებრივი ნორმების გასატარებლად. ელექტროენერგიისა და გაზის სექტორებს შორის ვერტიკალური კავშირების გათვალისწინებით, გამოყოფის შესახებ სამართლებრივი ნორმების გამოყენება უნდა მოხდეს აღნიშნულ ორ სექტორზე.

15) ქონებრივი გამოყოფის თანახმად, მიწოდებისა და გენერაციის ინტერესებიდან ქსელის ოპერირების სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და კონფიდენციალური ინფორმაციის გაცვლის პრევენციის მიზნით, ერთი და იგივე პირი არ შეიძლება იყოს გადამცემი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის და ამავდროულად გენერაციის ან მიწოდების რომელიმე ფუნქციის შემსრულებელი საწარმოს მმართველი საბჭოს წევრი. ამავე მიზეზით, ერთსა და იმავე პირს არ უნდა ჰქონდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის მმართველი საბჭოს წევრის დანიშვნისა და გენერაციის ან მიწოდების საქმიანობის განმახორციელებელ საწარმოზე კონტროლის განხორციელების ან სხვა უფლება.

16) მიწოდებისა და გენერაციის ინტერესებისგან დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის ან ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორის შექმნა საშუალებას უნდა აძლევდეს ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს მის მფლობელობაში შეინარჩუნოს ქსელის აქტივები და ამასთანავე უზრუნველყოს ინტერესების ეფექტიანი განცალკევება იმ პირობით, რომ ასეთი დამოუკიდებული სისტემის ოპერატორი ან დამოუკიდებელი ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორი შეასრულებს სისტემის ოპერატორის და დეტალური რეგულირების ყველა ფუნქციას და ამოქმედდება ყოვლისმომცველი მარეგულირებელი კონტროლის მექანიზმები.

17) თუ, 2009 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობით, ელექტროგადამცემი სისტემის მფლობელი საწარმო არის ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილი, წევრ სახელმწიფოებს უნდა მიეცეთ არჩევანის შესაძლებლობა ქონებრივ გამოყოფასა და მიწოდებისა და გენერაციის საქმიანობის ინტერესებისგან დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის ან ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორის ჩამოყალიბებას შორის.

18) იმისათვის, რომ სრულად იქნეს დაცული ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოების აქციონერთა ინტერესები, წევრ სახელმწიფოებს უნდა მიეცეთ არჩევანის შესაძლებლობა, რომ განახორციელონ ქონებრივი გამოყოფა აქციების პირდაპირი ჩამორთმევით ან ინტეგრირებული საწარმოს აქციების დაყოფით ქსელის საწარმოთა აქციებად და დარჩენილი მიწოდებისა და გენერაციის საწარმოების აქციებად, იმ შემთხვევაში, თუ სრულდება ქონებრივი გამოყოფით განპირობებული მოთხოვნები.

19) დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის ან დამოუკიდებელი ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორის გადაწყვეტილებათა სრული ეფექტურობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კონკრეტული დამატებითი წესებით. დამოუკიდებელი ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორის შესახებ წესები ქმნის შესაბამის მარეგულირებელ ჩარჩოს, რათა გარანტირებული იქნეს სამართლიანი კონკურენცია, საკმარისი ინვესტიცია, ხელმისაწვდომობა ბაზრის ახალი წევრებისთვის და ელექტროენერგიის ბაზრების ერთიანობა. ეფექტური გამოყოფა დამოუკიდებელი ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორის დებულებების საშუალებით უნდა ეფუძნებოდეს ორგანიზაციულ და გადამცემი სისტემის ოპერატორის მართვასთან დაკავშირებულ ძირითად საზომ პრინციპებს, და ძირითად საზომ პრინციპებს ინვესტიციასთან მიმართებაში, რომლითაც ხდება ქსელზე ახალი საწარმოო სიმძლავრეების მიერთება, და ბაზრის ინტეგრაციას რეგიონალური თანამშრომლობის საშუალებით. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორის დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კონკრეტული ნორმალიზების პერიოდების საშუალებით, რომელთა განმავლობაშიც ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოში არ განხორციელდება მართვის ან სხვა შესაბამისი საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს ისეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რომელზე წვდომაც შესაძლოა მოპოვებული ყოფილიყო მენეჯერული პოზიციის მქონე პირების მიერ. დამოუკიდებელი ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორის ეფექტური გამოყოფის მოდელი აკმაყოფილებს ევროპული საბჭოს მიერ 2007 წლის 8 და 9 მარტის სხდომაზე დადგენილ მოთხოვნებს.

20) ელექტორენერგიის შიდა ბაზარზე კონკურენციის გაზრდის მიზნით, მსხვილ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა აირჩიონ მიმწოდებლები და გააფორმონ ხელშეკრულებები რამდენიმე მიმწოდებელთან ელექტროენერგიის მოთხოვნების გარანტირების მიზნით. ასეთი მომხმარებლები დაცული უნდა იყვნენ ექსკლუზიურობის პირობისგან, რომელიც გამორიცხავს კონკურენტულ ან დამატებით შეთავაზებებს.

21) წევრ სახელმწიფოს უფლება აქვს თავის ტერიტორიაზე უპირატესობა მიანიჭოს სრულ ქონებრივ გამოყოფას. წევრი სახელმწიფოს მიერ ამ უფლების გამოყენების შემთხვევაში საწარმოს არ აქვს უფლება შექმნას დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი ან დამოუკიდებელი ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორი. გარდა ამისა, გენერაციის ან მიწოდების რომელიმე ფუნქციის შემსრულებელ საწარმოს არ შეუძლია პირდაპირ ან ირიბად განახორციელოს კონტროლის ან ნებისმიერი სხვა უფლება იმ წევრი სახელმწიფოს გადამცემი სისტემის ოპერატორზე, რომელიც ირჩევს სრულ ქონებრივ გამოყოფას.

22) ამ დირექტივის თანახმად, ელექტროენერგიის შიდა ბაზარზე უნდა არსებობდეს ბაზრის ორგანიზების სხვადასხვა სახეები. ზომები, რომლებიც შეიძლება მიიღოს წევრმა სახელმწიფომ თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად, უნდა ეფუძნებოდეს საერთო ინტერესების უპირატეს მოთხოვნებს. უნდა მოხდეს კომისიასთან კონსულტაციის გავლა აღნიშნული ზომების შესაბამისობის თაობაზე ევროპის გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასა და კანონმდებლობასთან.

23) ეფექტური გამოყოფის განხორციელებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს საჯარო და კერძო სექტორებს შორის არადისკრიმინაციულობის პრინციპი. ამ მიზნით, ერთსა და იმავე პირს არ უნდა ჰქონდეს კონტროლის ან ნებისმიერი სხვა უფლების გამოყენების შესაძლებლობა ქონებრივი გამოყოფის ან დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის არჩევის წესების დარღვევით, ცალ-ცალკე ან ერთობლივად როგორც გადამცემი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის, ასევე გენერაციისა და მიწოდების საწარმოების სტრუქტურაზე, ხმის მიცემასა თუ გადაწყვეტილებებზე. თუ შესაბამისი წევრი სახელმწიფო დაამტკიცებს რომ მოთხოვნა შესრულებულია, ქონებრივ გამოყოფასა და დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ორმა განსხვავებულმა საჯარო ორგანომ უნდა განახორციელოს ერთის მხრივ გენერაციისა და მიწოდების საქმიანობის და მეორეს მხრივ ელექტროენერგიის გადაცემის საქმიანობის კონტროლი.

24) გენერაციის და მიწოდების საქმიანობისგან ქსელური საქმიანობის სრული ეფექტური გამოყოფა უნდა განხორციელდეს გაერთიანების მასშტაბით როგორც გაერთიანების საწარმოებზე, ასევე იმ საწარმოებზე, რომლებიც არ შედის გაერთიანებაში. გაერთიანების ფარგლებში გენერაციისა და მიწოდების საქმიანობისგან ქსელური საქმიანობის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად მარეგულირებელ ორგანოებს უნდა მიენიჭოთ უფლებამოსილება უარი თქვან იმ გადამცემი სისტემის ოპერატორების სერტიფიცირებაზე, რომლებიც არ იცავენ გამოყოფის წესებს. გაერთიანების მასშტაბით ამ წესების თანმიმდევრული გამოყენების უზრუნველსაყოფად, სერტიფიცირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას მარეგულირებელმა ორგანოებმა ყველაზე მეტად უნდა გაითვალისწინონ კომისიის მოსაზრება. გარდა ამისა, გაერთიანების საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და გაერთიანების ფარგლებში ერთიანობისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კომისიას უფლება უნდა ჰქონდეს გამოთქვას მოსაზრება გადამცემი სისტემის მფლობელის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირებასთან დაკავშირებით, რომელიც კონტროლდება მესამე მსოფლიოს ქვეყნის ან ქვეყნების წარმომადგენელი პირის ან პირების მიერ.

25) ენერგიის მიწოდების უსაფრთხოება საზოგადოებრივი უსაფრთხოების არსებითი ელემენტია და აქედან გამომდინარე თავისთავად უკავშირდება ელექტროენერგიის შიდა ბაზრის ეფექტურ ფუნქციონირებას და წევრი სახელმწიფოების იზოლირებული ელექტროენერგიის ბაზრების ინტეგრაციას. ელექტროენერგია შეიძლება მიეწოდოს ევროპის კავშირის მოქალაქეებს მხოლოდ ქსელის საშუალებით. ფუნქციონირებადი ელექტროენერგიის ბაზრები და, განსაკუთრებით, ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული ქსელები და სხვა აქტივები უმნიშვნელოვანესია საჯარო უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა და ევროპის კავშირის მოქალაქეთა კეთილდღეობისათვის. ამიტომ მესამე მსოფლიოს ქვეყნების წარმომადგენლებს უფლება უნდა ჰქონდეთ აკონტროლონ გადამცემი სისტემა ან გადამცემი სისტემის ოპერატორი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებენ ეფექტური გამოყოფის მოთხოვნებს, რომლებიც ვრცელდება გაერთიანების ფარგლებში. გაერთიანების საერთაშორისო ვალდებულებების შეუზღუდავად გაერთიანება მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის სექტორს აქვს დიდი მნიშვნელობა გაერთიანებისათვის და ამიტომ საჭიროა დამატებითი დამცავი ზომების მიღება გაერთიანებისთვის ენერგიის მიწოდების უსაფრთხოების შენარჩუნებასთან დაკავშირებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული გაერთიანებაში მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის და ევროპის კავშირის მოქალაქეთა კეთილდღეობის საფრთხე. კერძოდ, გაერთიანებისთვის ენერგიის მიწოდების უსაფრთხოება მოითხოვს ქსელის ოპერირების დამოუკიდებლობის, გაერთიანებისა და ცალკეული წევრი სახელმწიფოების მიერ მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან ენერგიის მიწოდებაზე დამოკიდებულებისა, და კონკრეტულ მესამე მსოფლიოს ქვეყანაში ენერგიით როგორც საშინაო ისე საგარეო ვაჭრობისა და ინვესტიციების შეფასებას. აქედან გამომდინარე, მიწოდების უსაფრთხოება უნდა შეფასდეს თითოეული შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებებისა და იმ უფლებებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით, რომლებიც წარმოიშობა საერთაშორისო სამართლის, განსაკუთრებით კი გაერთიანებასა და შესაბამის მესამე მსოფლიოს ქვეყანას შორის არსებული საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე. სადაც მიზანშეწონილია, სასურველია კომისიამ წარმოადგინოს რეკომენდაციები მესამე მსოფლიოს ქვეყნებთან შესაბამისი შეთანხმებების გაფორმებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გაერთიანებისთვის ენერგიის მიწოდების უსაფრთხოებას, ან ამ მესამე მსოფლიოს ქვეყნებთან სხვა მოლაპარაკებების წარმოებისას საჭირო საკითხების გათვალისწინებას.

26) გამანაწილებელ ქსელზე არადისკრიმინაციული დაშვება განსაზღვრავს საცალო მომხმარებლებისათვის იერარქიულად ზედა დონიდან ქვედა დონეზე დაშვებას. მიუხედავად ამისა, მესამე მხარის დაშვებასთან და ინვესტიციებთან დაკავშირებით დისკრიმინაციის ფარგლები უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია განაწილების დონეზე გადაცემის დონესთან შედარებით, სადაც გადატვირთვა და წარმოების ან მიწოდების ინტერესები ზოგადად უფრო დიდია, ვიდრე განაწილების დონეზე. გარდა ამისა, დირექტივის 2003/54/EC თანახმად, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების სამართლებრივი და ფუნქციური გამოყოფა სავალდებულოა მხოლოდ 2007 წლის 1 ივლისიდან და მისი გავლენა ელექტროენერგიის შიდა ბაზარზე ჯერ კიდევ შესაფასებელია. სამართლებრივი და ფუნქციური გამოყოფის დღესდღეობით არსებული წესებით შესაძლებელია ეფექტური გამოყოფის უზრუნველყოფა, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული წესები უფრო მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული, სათანადოდ იმპლემენტირებული და გულდასმით შემოწმებული. საცალო გაყიდვის დონეზე თანასწორი პირობების უზრუნველსაყოფად უნდა განხორციელდეს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების საქმიანობის მონიტორინგი, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათ მიერ ვერტიკალური ინტეგრაციიდან გამომდინარე უპირატესობის მიღება ბაზარზე კონკურენტულ პოზიციასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო და მცირე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებთან მიმართებაში.

27) წევრმა სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ გამანაწილებელი ქსელების მოდერნიზებას, მაგალითად ინტელექტუალური ენერგოსისტემის შემოღების საშუალებით, რომელიც უნდა დაინერგოს ისე, რომ ხელი შეუწყოს დეცენტრალიზებულ გენერაციასა და ენერგოეფექტურობას.

28) მცირე სისტემების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს დამხმარე მომსახურების განხორციელება იმ გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ, რომელიც ურთიერთდაკავშირებული არიან მცირე სისტემებთან.

29) მცირე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებისათვის არათანაზომიერი ფინანსური და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, წევრ სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ ასეთი საწარმოების გათავისუფლება განაწილების გამოყოფის სამართლებრივი მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისგან.

30) თუ ინტეგრირებული ენერგიის მიწოდების ოპტიმალური ეფექტურობის უზრუნველსაყოფად გამოიყენება დახურული გამანაწილებელი სისტემა, რაც საჭიროებს კონკრეტულ სამუშაო სტანდარტებს, ან დახურული გამანაწილებელი სისტემა არსებობს უპირველეს ყოვლისა სისტემის მფლობელის მიერ გამოყენების მიზნით, შესაძლებელი უნდა იყოს ამ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის გათავისუფლება იმ ვალდებულებებისგან, რომლებიც ზედმეტ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აკისრებს მას, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორსა და სისტემის მომხმარებლებს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობების გამო. სამრეწველო, კომერციული თუ საერთო მომსახურების ობიექტები როგორიცაა მატარებლის სადგურის შენობები, აეროპორტები, საავადმყოფოები, დიდი სალაშქრო ადგილები ინტეგრირებული შენობა-ნაგებობებით ან ქიმიური სამეწარმეო ადგილები, შეიძლება მოიცავდეს დახურულ გამანაწილებელ სისტემებს მათი ფუნქციონირების სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე.

31) ავტორიზაციის პროცედურები არ უნდა იწვევდეს ელექტროენერგიის მწარმოებლების მოცულობისა და პოტენციური ზემოქმედების არათანაზომიერი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას. შეუსაბამოდ ხანგრძლივმა ავტორიზაციის პროცედურებმა შეიძლება ბაზრის ახალ წევრებს შეუქმნას დაშვების ბარიერები.

32) უნდა გატარდეს დამატებითი ღონისძიებები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ქსელზე დაშვების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული ტარიფების არსებობა. აღნიშნული ტარიფები დისკრიმინაციის გარეშე უნდა ვრცელდებოდეს სისტემის ყველა მომხმარებელზე.

33) დირექტივა 2003/54/EC ადგენს მოთხოვნებს წევრი სახელმწიფოების მიმართ კონკრეტული უფლებამოსილების მქონე მარეგულირებელი ორგანოების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. თუმცა გამოცდილება აჩვენებს, რომ რეგულირების ეფექტურობა ხშირად ფერხდება სახელმწიფოსგან მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობის არარსებობის და არასაკმარისი უფლებამოსილებისა და მოქმედების თავისუფლების გამო. ამ მიზნით 2007 წლის 8 და 9 მარტს გამართულ სხდომებზე ევროპულმა საბჭომ შესთავაზა კომისიას საკანონმდებლო წინადადებების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფდა უფლებამოსილებათა დამატებით ჰარმონიზებას და ეროვნული ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის გაძლიერებას. ამ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს უნდა შეეძლოთ როგორც ელექტროენერგიის ისე ბუნებრივი გაზის სექტორის დარეგულირება.

34) ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოებს უნდა შეეძლოთ გადაწყვეტილებების მიღება რეგულირების ყველა შესაბამის საკითხთან დაკავშირებით, თუ ელექტროენერგიის შიდა ბაზარი სათანადოდ ფუნქციონირებს და სრულიად დამოუკიდებელია ნებისმიერი სხვა სახელმწიფო თუ კერძო ინტერესისგან. ეს არ გამორიცხავს არც სასამართლოს კონტროლს და არც საპარლამენტო ზედამხედველობას წევრი სახელმწიფოების კონსტიტუციური სამართლის შესაბამისად. გარდა ამისა, სახელმწიფო კანონმდებლის მიერ მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტის დამტკიცება არ ქმნის რაიმე დაბრკოლებას საბიუჯეტო დამოუკიდებლობის კუთხით. მარეგულირებელი ორგანოსთვის გამოყოფილი ბიუჯეტის შესრულების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმები უნდა შესრულდეს ბიუჯეტის შესახებ ეროვნული საკანონმდებლო აქტებისა და წესების შესაბამისად. შესაბამისი როტაციის სქემის საშუალებით ნებისმიერი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესისგან ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობის ხელშეწყობით, წევრი სახელმწიფოებისთვის შესაძლებელი უნდა იყოს ადამიანური რესურსების ხელმისაწვდომობისა და საბჭოს სიდიდის სათანადოდ გათვალისწინება.

35) ბაზრის ყველა მონაწილესთვის, მათ შორის ახალი მონაწილეებისთვის, ბაზრის ეფექტიანი წვდომის უზრუნველსაყოფად აუცილებელია არადისკრიმინაციული და ხარჯების ამსახველი დაბალანსების მექანიზმები. როგორც კი ელექტროენერგიის ბაზარი იქნება საკმარისად ლიკვიდური, არსებული მიზანი მიიღწევა ელექტროენერგიის მიწოდებისა და შესყიდვისთვის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული გამჭვირვალე მექანიზმების შემუშავებით, რომელიც საჭიროა დამაბალანსებელი მოთხოვნების ფარგლებში. ასეთი ლიკვიდური ბაზრის არარსებობის შემთხვევაში, ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ უნდა ითამაშოს აქტიური როლი, რათა უზრუნველყოს დამაბალანსებელი ტარიფების არსებობა, რომელიც იქნება არადისკრიმინაციული და ხარჯების ამსახველი. ამავდროულად, უნდა მოხდეს სათანადო სტიმულირება ელექტროენერგიის ხარჯისა და წარმოების დაბალანსებისა და სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. გადამცემი სისტემის ოპერატორებმა ხელი უნდა შეუწყონ საბოლოო მომხმარებლებისა და საბოლოო მომხმარებელთა გაერთიანებების მონაწილეობას სარეზერვო და დამაბალანსებელ ბაზრებში.

36) ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს უნდა შეეძლოთ ტარიფების ან ტარიფების გამოსათვლელი მეთოდოლოგიის დადგენა ან დამტკიცება, გადამცემი სისტემის ოპერატორის ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორ(ებ)ის წინადადების საფუძველზე, ან ამ ოპერატორებსა და ქსელის მომხმარებლებს შორის შეთანხმებული წინადადების საფუძველზე. ამ ამოცანათა შესრულებისას ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ გადაცემისა და განაწილების ტარიფები იყოს არადისკრიმინაციული და ხარჯების ამსახველი, და უნდა გაითვალისწინონ განაწილებული გენერაციისა და ენერგიის მოხმარების მართვის ღონისძიებებიდან გამომდინარე გრძელვადიანი, ზღვრული, თავიდან აცილებული ქსელის ხარჯები.

37) ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოებს უნდა ჰქონდეთ უფლებამოსილება გამოსცენ შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილებები ელექტროენერგეტიკულ საწარმოებთან დაკავშირებით და დააკისრონ ეფექტური, თანაზომიერი და გადამწყვეტი სანქციები იმ ელექტროენერგეტიკულ საწარმოებს, რომლებიც ვერ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს, ან წამოაყენონ წინადადება კომპეტენტური სასამართლოების მიერ ასეთი სანქციების დაკისრებაზე. ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოებს ასევე უნდა მიენიჭოთ უფლებამოსილება, კონკურენციის წესების გამოყენების მიუხედავად, არჩევანი შეაჩერონ შესაბამის ღონისძიებებზე რომლებიც უზრუნველყოფს მომხმარებელთათვის სარგებელის მინიჭებას ეფექტური კონკურენციის ხელშეწყობით, რომელიც აუცილებელია ელექტროენერგიის შიდა ბაზრის ფუნქციონირებისათვის. ვირტუალური ელექტროსადგურების – ელექტროენერგიის გაშვების პროგრამების შექმნა, რომლის დროსაც ელექტროენერგეტიკული საწარმოები ვალდებული არიან გაყიდონ ან ხელმისაწვდომი გახადონ ელექტროენერგიის გარკვეული მოცულობა, ან მისცენ დაინტერესებულ მიმწოდებლებს მათი გენერაციის სიმძლავრის ნაწილზე წვდომის უფლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არის ერთ-ერთი შესაძლო ღონისძიება, რომელიც გამოიყენება ეფექტური კონკურენციის ხელშესაწყობად და ბაზრის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოებს ასევე უნდა მიეცეთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ბაზრის გახსნის შესაბამისად უნივერსალური და საჯარო მომსახურებების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფაში, მოწყვლადი მომხმარებლების დაცვასა და მომხმარებელთა დაცვის ზომების სრულ ეფექტურობაში. აღნიშნული დებულებები არ ზღუდავს კომისიის უფლებამოსილებებს კონკურენციის წესების გამოყენებასთან, მათ შორის გაერთიანების მასშტაბით შერწყმის შემოწმებასთან დაკავშირებით და შიდა ბაზრის იმ წესებთან დაკავშირებით როგორიცაა კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების წესები. დამოუკიდებელი ორგანო, რომლისთვისაც საჩივრით მიმართვის უფლება აქვს იმ მხარეს, რომელზეც გავლენა მოახდინა ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებამ, არის სასამართლო ან სამართლებრივი კონტროლის უფლებით აღჭურვილი სხვა ტრიბუნალი.

38) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების უფლებამოსილებათა ჰარმონიზაცია უნდა მოიცავდეს ელექტროენერგეტიკული საწარმოების სტიმულირების და ელექტროენერგეტიკულ საწარმოებზე ეფექტური, თანაზომიერი და გადამწყვეტი სანქციების დაკისრების უფლებამოსილებას ან წარმოადგენდეს წინადადებას კომპეტენტური სასამართლოს მიერ ასეთი სანქციების დაკისრებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მარეგულირებელ ორგანოებს უნდა ჰქონდეთ ელექტროენერგეტიკული საწარმოებისგან შესაბამისი ინფორმაციის მოთხოვნის, შესაბამისი და საკმარისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და დავების მოგვარების უფლებამოსილება.

39) ელექტროენერგიის შიდა ბაზარი განიცდის ლიკვიდურობისა და გამჭვირვალობის ნაკლებობას, რაც აფერხებს რესურსების ეფექტურ გადანაწილებას, რისკების დაზღვევას და ბაზარზე ახალი წევრების შესვლას. არსებობს კონკურენციისა და მიწოდების უსაფრთხოების გაძლიერების საჭიროება ყველა წევრი სახელმწიფოს ელექტროენერგეტიკულ ქსელში ახალი ელექტროსადგურების გამარტივებული ინტეგრირების საშუალებით, განსაკუთრებით ბაზრის ახალი მონაწილეების ხელშეწყობის გზით. საჭიროა გაიზარდოს ნდობა ბაზრისადმი, მისი ლიკვიდურობა და ბაზრის მონაწილეების რაოდენობა და სწორედ ამიტომ უნდა გაიზარდოს მარეგულირებელი ზედამხედველობა იმ ელექტროენერგეტიკულ საწარმოებზე, რომლებიც ახორციელებენ ელექტროენერგიის მიწოდებას. აღნიშნული მოთხოვნები არ უნდა ზღუდავდნენ და ამავდროულად უნდა აკმაყოფილებდნენ გაერთიანების მოქმედ კანონმდებლობას ფინანსური ბაზრის შესახებ. ენერგეტიკისა და ფინანსური ბაზარის მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ, რათა მისცენ ერთმანეთს შესაბამისი ბაზრების გაკონტროლების საშუალება.

40) კომისიის მიერ იმ სახელმძღვანელო მითითებების მიღებამდე, რომლებიც დამატებით განსაზღვრავს აღრიცხვის წარმოების მოთხოვნებს, „ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოების თანამშრომლობის სააგენტოს შექმნის შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის რეგულაციის (EC) №713/20097 საფუძველზე შექმნილმა ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოების თანამშრომლობის სააგენტომ (შემდგომში „სააგენტო“), და კომისიის გადაწყვეტილების 2009/77/EC8 თანახმად დაფუძნებულმა „ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა ევროპულმა კომიტეტმა“ უნდა განიხილონ და მისცენ რეკომენდაციები კომისიას მათ შინაარსთან დაკავშირებით. სააგენტომ და „ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა ევროპულმა კომიტეტმა“ უნდა ითანამშრომლონ შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით და გასცენ რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებისა და ელექტროენერგეტიკული დერივატივების ტრანზაქციები უნდა ექვემდებარებოდეს თუ არა ვაჭრობის წინა თუ ვაჭრობის შემდგომი გამჭვირვალობის მოთხოვნებს და, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ რა შინაარსის უნდა იყოს ეს მოთხოვნები.

41) წევრმა სახელმწიფოებმა, ან წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილების შემთხვევაში მარეგულირებელმა ორგანოებმა, ხელი უნდა შეუწყონ წყვეტილი მიწოდების ხელშეკრულებების შემუშავებას.

42) გაერთიანების ყველა სამეწარმეო და კომერციული, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოები, და ევროპის კავშირის ყველა ის მოქალაქე, რომელიც იღებს ეკონომიკურ სარგებელს შიდა ბაზრიდან, მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული და, განსაკუთრებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებმა და მცირე საწარმოებმა, თუ წევრი სახელმწიფო ამას საჭიროდ ჩათვლის, ასევე უნდა შეძლონ საჯარო მომსახურების გარანტიებით სარგებლობა, განსაკუთრებით, მიწოდების უსაფრთხოებასთან და მისაღებ ტარიფებთან მიმართებაში, სამართლიანობისა და კონკურენციის მიზნით და, ირიბად, შექმნან სამუშაო ადგილები. ამ მომხმარებლებს ასევე ხელი უნდა მიუწვდებოდეთ არჩევანის, სამართლიანობის, წარმომადგენლობისა და დავების მოგვარების მექანიზმებთან.

43) თითქმის ყველა წევრმა სახელმწიფომ აირჩია ელექტროენერგიის გენერაციის ბაზარზე კონკურენციის უზრუნველყოფა ავტორიზაციის გამჭვირვალე პროცედურების საშუალებით. თუმცა, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მიწოდების უსაფრთხოების ხელშეწყობის შესაძლებლობა სატენდერო პროცედურის ან სხვა ეკვივალენტური პროცედურის დაწყების გზით იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზაციის პროცედურის საფუძველზე არ იქმნება ელექტროენერგიის გენერაციის საკმარისი სიმძლავრე. გარემოს დაცვისა და უახლესი ტექნოლოგიების ხელშეწყობის მიზნით წევრ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ საშუალება მიიღონ მონაწილეობა ტენდერში ახალ სიმძლავრეებზე, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. ეს ახალი სიმძლავრეები, სხვათა შორის, მოიცავს ელექტროენერგიას ენერგიის განახლებადი წყაროებიდან და ელექტროენერგიისა და სითბოს კომბინირებულ გენერაციას.

44) მიწოდების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით ცალკეულ წევრ სახელმწიფოში უნდა განხორციელდეს მიწოდებასა და მოთხოვნას შორის წონასწორობის მონიტორინგი, და მონიტორინგის შემდეგ უნდა მომზადდეს ანგარიში გაერთიანების დონეზე არსებული სიტუაციის შესახებ, სადაც მხედველობაში იქნება მიღებული ტერიტორიებს შორის ურთიერთდაკავშირების სიმძლავრეები. მონიტორინგი უნდა ჩატარდეს საკმარისად ადრეულ ეტაპზე იმისათვის, რომ მიღებულ იქნეს შესაბამისი ზომები თუ მიწოდების უსაფრთხოება არ იქნება გარანტირებული. საჭირო ქსელის ინფრასტრუქტურის შექმნა და ტექნიკური უზრუნველყოფა, მათ შორის ურთიერთდაკავშირების სიმძლავრე, მონაწილეობას უნდა იღებდეს ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფაში. საჭირო ქსელის ინფრასტრუქტურის შექმნა და ტექნიკური უზრუნველყოფა, მათ შორის ურთიერთდაკავშირების სიმძლავრე და ელექტროენერგიის დეცენტრალიზებული გენერაცია, წარმოადგენს მნიშვნელოვან ელემენტებს ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდების უზრუნველსაყოფად.

45) წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და მცირე საწარმოებისთვის, თუ წევრი სახელმწიფოები ამას საჭიროდ ჩათვლიან, განსაზღვრული ხარისხის ელექტროენერგიის მიწოდება ადვილად შესადარებელ, გამჭვირვალე და მისაღებ ფასად. გაერთიანებაში საჯარო მომსახურების მაღალი სტანდარტების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად რეგულარულად უნდა მოხდეს კომისიისთვის ყველა იმ ღონისძიების შესახებ შეტყობინება, რომელსაც წევრი სახელმწიფოები განახორციელებენ ამ დირექტივის მიზნების მისაღწევად. კომისიამ თავის მხრივ რეგულარულად უნდა გამოაქვეყნოს ანგარიში, სადაც გაანალიზებული იქნება საჯარო მომსახურების მიზნების მისაღწევად სახელმწიფო დონეზე გატარებული ღონისძიებები და შედარებული იქნება მათი ეფექტურობა, საჯარო მომსახურების მაღალი სტანდარტის მისაღწევად სახელმწიფო დონეზე გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მიცემის მიზნით. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ საჭირო ზომები ელექტროენერგიის შიდა ბაზარზე მოწყვლად მომხმარებელთა დაცვის მიზნით. აღნიშნული ზომები შესაძლოა განსხვავდებოდეს შესაბამის წევრ სახელმწიფოებში არსებული კონკრეტული გარემოებების მიხედვით და შესაძლოა მოიცავდეს ელექტროენერგიის გადასახადის გადახდასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ზომებს ან სოციალური დაცვის სისტემაში გატარებულ უფრო ზოგად ზომებს. მცირე საწარმოებისთვის უნივერსალური მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, აღნიშნული უნივერსალური მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის ღონისძიებები შესაძლოა განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ რაზეა ორიენტირებული მომსახურება: საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე თუ მცირე საწარმოებზე.

46) საჯარო მომსახურების მოთხოვნათა გათვალისწინება არის ამ დირექტივის ფუნდამენტური მოთხოვნა და მნიშვნელოვანია, რომ ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ დაცული საერთო მინიმალური სტანდარტები განისაზღვროს ამ დირექტივით, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველა წევრ სახელმწიფოში მომხმარებლის დაცვის, მიწოდების უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მიზნები და კონკურენციის ეკვივალენტური დონე. მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებელი იყოს საჯარო მომსახურების მოთხოვნათა ინტერპრეტაცია სახელმწიფო დონეზე, ქვეყანაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით და გაერთიანების კანონმდებლობის დაცვით.

47) წევრ სახელმწიფოს უნდა შეეძლოს გარანტირებული მიმწოდებლის განსაზღვრა. ასეთი მიმწოდებელი შესაძლოა იყოს ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს გაყიდვების განყოფილება, რომელიც ასევე ასრულებს განაწილების ფუნქციებს იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებს ამ დირექტივით დადგენილ გამოყოფის მოთხოვნებს.

48) წევრი სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებებისთვის შესაძლებელი უნდა იყოს სოციალური და ეკონომიკური ერთიანობის მიზნების მიღწევა, რაც განსაკუთრებით უნდა მოიცავდეს ადეკვატურ ეკონომიკურ სტიმულირებას, სადაც მიზანშეწონილია სახელმწიფო და გაერთიანების დონეზე არსებული ყველა საშუალების გამოყენებით. აღნიშნული საშუალებები შეიძლება მოიცავდეს პასუხისმგებლობის მექანიზმებს საჭირო ინვესტიციების გარანტირებისთვის.

49) იმდენად, რამდენადაც წევრი სახელმწიფოების მიერ საჯარო მომსახურების ვალდებულებათა შესასრულებლად მიღებული ზომები წარმოადგენს სახელმწიფო დახმარებას დამფუძნებელი ხელშეკრულების 87(1)-ე მუხლის მიხედვით, დამფუძნებელი ხელშეკრულების 88(3)-ე მუხლის თანახმად, არსებობს მათ შესახებ კომისიისთვის შეტყობინების ვალდებულება.

50) საჯარო მომსახურების მოთხოვნები, მათ შორის უნივერსალურ მომსახურებასთან დაკავშირებით, და მათგან გამომდინარე ზოგადი მინიმალური სტანდარტები საჭიროებს დამატებით განმტკიცებას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ყველა მომხმარებლის, განსაკუთრებით მოწყვლადი მომხმარებლების მიერ, კონკურენციითა და სამართლიანი ფასებით სარგებლობის შესაძლებლობა. საჯარო მომსახურების მოთხოვნები უნდა განისაზღვროს სახელმწიფო დონეზე ეროვნული გარემოებების გათვალისწინებით; თუმცა წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაიცვან გაერთიანების კანონმდებლობა. ევროპის კავშირის მოქალაქეები და მცირე საწარმოები, თუ წევრი სახელმწიფო ამას საჭიროდ ჩათვლის, უზრუნველყოფილი უნდა იქნენ საჯარო მომსახურების გარანტიებით, განსაკუთრებით მიწოდების უსაფრთხოებასთან და მისაღებ ტარიფებთან მიმართებაში. მომხმარებელთათვის ელექტროენერგიის მიწოდების ძირითადი ასპექტი არის მოხმარების ობიექტური და გამჭვირვალე მონაცემების ხელმისაწვდომობა. ამგვარად, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოხმარებული ენერგიის მონაცემები, ფასები და მომსახურების ღირებულება, რათა შეძლონ კონკურსის გამოცხადება ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეთავაზების გასაკეთებლად. მომხმარებლებს ასევე უფლება უნდა ჰქონდეთ ფლობდნენ სათანადო ინფორმაციას მათ მიერ მოხმარებული ენერგიის შესახებ. გადახდები უნდა ასახავდეს ელექტროენერგიის სავარაუდო მოხმარებას და გადახდის სხვადასხვაგვარი სისტემა უნდა იყოს არადისკრიმინაციული. მომხმარებელთათვის საკმაოდ ხშირად მიწოდებული ინფორმაცია ენერგიის ღირებულებასთან დაკავშირებით ახდენს ენერგიის დაზოგვის სტიმულირებას, რადგანაც ამ შემთხვევაში მომხმარებლები მიიღებენ პირდაპირ უკუკავშირს ენერგოეფექტურობაში ინვესტირებისა და ქცევის ცვალებადობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 5 აპრილის დირექტივა 2006/32/EC ენერგიის საბოლოო მოხმარების ეფექტურობისა და ენერგომომსახურების შესახებ9 დაეხმარება მომხმარებლებს ენერგიის დანახარჯების შემცირებაში.

51) ამ დირექტივის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს მომხმარებელთა ინტერესები, ხოლო ელექტროენერგეტიკულ საწარმოთა მთავარი ვალდებულება არის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა. უნდა მოხდეს მომხმარებელთა არსებული უფლებების განმტკიცება და გარანტირება, და ასევე მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. მომხმარებელთა დაცვით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გაერთიანების ფარგლებში მომხმარებელთა ფართო ნაწილის მიერ კონკურენტუნარიანი ბაზრით სარგებლობა. წევრმა სახელმწიფოებმა, ან წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებით, მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ მომხმარებელთა უფლებების იძულებითი წესით განხორციელება.

52) მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნათელი და გასაგები ინფორმაცია ენერგეტიკის სექტორში მათ უფლებებთან დაკავშირებით. შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმებით, როგორიცაა წევრი სახელმწიფოები, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები, მომხმარებელთა ორგანიზაციები და ელექტროენერგეტიკული საწარმოები, კომისიამ უნდა შექმნას ენერგომომხმარებლების ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი საკონტროლო სია, რომელიც მომხმარებლებს მიაწოდებს პრაქტიკულ ინფორმაციას მათ უფლებებთან დაკავშირებით. საკონტროლო სია უნდა მიეწოდოს ყველა მომხმარებელს და უნდა იყოს საჯარო.

53) ენერგიის უკმარისობა წარმოადგენს მზარდ პრობლემას გაერთიანებაში. წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც უკვე დგანან ან ჯერ არ დამდგარან ამ პრობლემის წინაშე, უნდა შეიმუშაონ ეროვნული სამოქმედო გეგმა ან სხვა შესაბამისი სტრუქტურა ენერგიის უკმარისობის პრობლემის აღმოსაფხვრელად, რომელიც მიმართული იქნება იმ ადამიანთა რაოდენობის შესამცირებლად, რომლებიც ენერგიის უკმარისობას განიცდიან. ნებისმიერ შემთხვევაში, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ საჭირო ენერგიის მიწოდება მოწყვლადი მომხმარებლებისათვის. ამისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინტეგრირებული მეთოდი, როგორიცაა სოციალური პოლიტიკის სისტემა, და ღონისძიებები შესაძლოა მოიცავდეს სოციალურ პოლიტიკას ან კომუნალური სისტემისთვის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას. უკიდურეს შემთხვევაში, ეს დირექტივა უნდა იძლეოდეს სახელმწიფო პოლიტიკის არსებობის საშუალებას მოწყვლადი მომხმარებლების სასარგებლოდ.

54) მომხმარებელთა უფრო მეტად დაცვა გარანტირებულია ყველა მომხმარებლისთვის სადავო საკითხების ეფექტურად მოგვარების შესაძლებლობით. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ სადავო საკითხების მოგვარების სწრაფი და ეფექტური გზები.

55) შესაძლებელი უნდა იყოს ინტელექტუალური აღრიცხვის სისტემების შემოღება ეკონომიკური შეფასების საფუძველზე. თუ შეფასების შედეგად დადგინდება, რომ აღრიცხვის ასეთი სისტემის შემოღება არის ეკონომიკურად გამართლებული და რენტაბელური მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის რომლებიც მოიხმარენ გარკვეული რაოდენობის ელექტროენერგიას, წევრმა სახელმწიფოებმა მხედველობაში უნდა მიიღონ ეს გარემოება ინტელექტუალური აღრიცხვის სისტემების დანერგვისას.

56) საბაზრო ფასები სათანადო მასტიმულირებელი ფაქტორი უნდა იყოს ქსელის განვითარებისთვის და ელექტროენერგიის ახალ გენერაციაში ინვესტირებისთვის.

57) წევრმა სახელმწიფოებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიანიჭონ სამართლიანი კონკურენციისა და სხვადასხვა მიმწოდებლის მარტივი დაშვების ხელშეწყობას, და აგრეთვე ელექტროენერგიის გენერაციის წარმადობის გაზრდას, რათა მომხმარებლებს საშუალება ჰქონდეთ მიიღონ სრული სარგებელი ლიბერალიზებული ელექტროენერგიის შიდა ბაზრის შესაძლებლობებისაგან.

58) ელექტროენერგიის შიდა ბაზრის შექმნის მიზნით, წევრმა სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ თავიანთი ეროვნული ბაზრების ინტეგრაციას და სისტემის ოპერატორთა თანამშრომლობას გაერთიანებისა და სახელმწიფო დონეზე, ასევე გაერთიანების ფარგლებში იმ იზოლირებული სისტემების ჩართვას, რომლებიც ქმნიან კუნძულოვან რეჟიმებს.

59) სრულფასოვანი ელექტროენერგიის შიდა ბაზრის განვითარება გაერთიანების ფარგლებში დაკავშირებული ქსელის მეშვეობით უნდა წარმოადგენდეს ამ დირექტივის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს; აქედან გამომდინარე ტრანსსასაზღვრო ურთიერთკავშირსა და რეგიონალურ ბაზრებთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკითხები უნდა იყოს მარეგულირებელი ორგანოების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, საჭიროების შემთხვევაში სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

60) სრულფასოვანი შიდა ბაზრისა და ყველასთვის ხელმისაწვდომი ელექტროენერგიის ფართომასშტაბიანი მიწოდების საერთო წესების უზრუნველყოფა ასევე წარმოადგენს ამ დირექტივის ერთ-ერთ მთავარ მიზანს. ამ მიზნით, სახეშეუცვლელი საბაზრო ფასები მასტიმულირებელი იქნება ტრანსსასაზღვრო ურთიერთკავშირისთვის და ელექტროენერგიის ახალ გენერაციაში ინვესტირებისთვის, რაც შორეულ პერსპექტივაში განაპირობებს ფასების დაახლოებას.

61) მარეგულირებელმა ორგანოებმა ასევე უნდა უზრუნველყონ ბაზრის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რაც საშუალებას მისცემს კომისიას შეასრულოს მისი ფუნქცია ელექტროენერგიის შიდა ბაზრისა და მისი მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი განვითარების ზედამხედველობასა და მონიტორინგთან დაკავშირებით, ისეთი ასპექტების ჩათვლით როგორიცაა გენერაციის სიმძლავრე, ელექტროენერგიის გენერაციის სხვადასხვა წყაროები, გადაცემისა და განაწილების ინფრასტრუქტურა, მომსახურების ხარისხი, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა, გადატვირთვის მართვა, ინვესტიციები, საბითუმო და სამომხმარებლო ფასები, ბაზრის ლიკვიდურობა, და გარემოს დაცვისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება. ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა წარუდგინონ ანგარიში იმ წევრი სახელმწიფოების საკონკურსო ორგანოებსა და კომისიას, სადაც ფასები ასუსტებს კონკურენციას და ხელს უშლის ბაზრის სათანადო ფუნქციონირებას.

62) რადგან ამ დირექტივის მიზანი, კერძოდ კი სრულად ფუნქციონირებადი ელექტროენერგიის შიდა ბაზრის შექმნა, ვერ იქნება სრულყოფილად მიღწეული წევრი სახელმწიფოების მიერ და აქედან გამომდინარე შესაძლოა უკეთესად იქნეს მიღწეული გაერთიანების დონეზე, გაერთიანებამ შესაძლოა მიიღოს ზომები სუბსიდიარულობის პრინციპის დაცვით დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად. იმავე მუხლით განსაზღვრული პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად, ეს დირექტივა არ სცდება ამ მიზნის მიღწევისთვის საჭირო ფარგლებს.

63) ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გაცვლისთვის ქსელზე დაშვების პირობების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის რეგულაციის (EC) 714/200910 მიხედვით კომისიამ შესაძლოა მიიღოს სახელმძღვანელო მითითებები ჰარმონიზაციის საჭირო დონის მისაღწევად. აღნიშნული სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც წარმოადგენს შესასრულებლად სავალდებულო საიმპლემენტაციო ზომებს, ამ დირექტივის გარკვეულ დებულებებთან მიმართებაშიც წარმოადგენს სასარგებლო საშუალებას რომელიც შესაძლოა სწრაფად იქნეს ადაპტირებული საჭიროების შემთხვევაში.

64) წინამდებარე დირექტივის განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებები მიღებული უნდა იქნეს საბჭოს 1999 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების 1999/468/EC შესაბამისად, რომელიც ადგენს კომისიაზე დაკისრებული საიმპლემენტაციო უფლებამოსილებების გამოყენების პროცედურებს11.

65) კერძოდ, კომისია უფლებამოსილი უნდა იყოს მიიღოს სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც აუცილებელია ამ დირექტივის მიზნის მისაღწევად საჭირო ჰარმონიზაციის მინიმალური დონის უზრუნველყოფისთვის. რადგანაც ეს ღონისძიებები არის საზოგადო ხასიათის და მიზნად ისახავს ამ დირექტივის არაარსებით ელემენტებში შესწორებების შეტანას მათზე ახალი, არაარსებითი ელემენტების დამატებით, ისინი მიღებული უნდა იქნეს მარეგულირებელი პროცედურის შესაბამისად გულდასმით გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების 1999/468/EC მე-5a მუხლის მიხედვით.

66) „კანონშემოქმედებითი პროცესის გაუმჯობესების შესახებ უწყებათშორისი შეთანხმების“12 34-ე მუხლის თანახმად, წევრმა სახელმწიფოებმა სასურველია, საკუთარი და გაერთიანების ინტერესების ფარგლებში, შეადგინონ ცხრილები, რომლებიც რამდენადაც შესაძლებელია ასახავს დამოკიდებულებას ამ დირექტივასა და სახელმწიფო კანონმდებლობაში გადმოტანის ღონისძიებებს შორის, და გაასაჯაროონ ისინი.

67) დირექტივაში 2003/54/EC შეტანილი შესწორებების გათვალისწინებით, სიცხადისა და რაციონალიზაციის მიზნებიდან გამომდინარე, სასურველია გადაიხედოს განსახილველი დებულებები მათი ერთ ტექსტად გაერთიანების გზით ახალ დირექტივაში.

68) ეს დირექტივა აღიარებს ძირითად უფლებებს და იცავს პრინციპებს, რომლებიც აღიარებულია ევროპის კავშირის ძირითად უფლებათა ქარტიით.

მიიღო წინამდებარე დირექტივა:

თავი I

საგანი, მოქმედების სფერო და განმარტებები

მუხლი 1

საგანი და მოქმედების სფერო

ეს დირექტივა მომხმარებელთა დაცვის დებულებებთან ერთად ადგენს ელექტროენერგიის გენერაციის, გადაცემის, განაწილებისა და მიწოდების საერთო წესებს, გაერთიანებაში კონკურენტული ელეტროენერგიის ბაზრების გაუმჯობესებისა და ინტეგრაციის მიზნით. ის ადგენს ელექტროენერგეტიკული სექტორის ორგანიზებასთან და ფუნქციონირებასთან, ბაზარზე თავისუფალ წვდომასთან, ტენდერის გამოცხადების კრიტერიუმებთან და პროცედურებთან, ავტორიზაციის მიღებასთან და სისტემის ოპერირებასთან დაკავშირებულ წესებს. ის ასევე ადგენს უნივერსალური მომსახურების ვალდებულებებს და ელექტროენერგიის მომხმარებელთა უფლებებს, და განმარტავს კონკურენციის მოთხოვნებს.

მუხლი 2

განმარტებები

წინამდებარე დირექტივის მიზნებისათვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

1. „გენერაცია“ ნიშნავს ელექტროენერგიის წარმოებას;

2. „მწარმოებელი“ ნიშნავს ელექტროენერგიის მწარმოებელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს;

3. „გადაცემა“ ნიშნავს ელექტროენერგიის ტრანსპორტირებას ზემაღალი და მაღალი ძაბვის ურთიერთდაკავშირებული სისტემით მისი საბოლოო მომხმარებლამდე ან გამანაწილებლებამდე მიტანის მიზნით, მაგრამ არ მოიცავს მიწოდებას;

4. „გადამცემი სისტემის ოპერატორი“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც პასუხისმგებელია მოცემულ ტერიტორიაზე გადამცემი სისტემის მუშაობაზე, მის ტექნიკურ უზრუნველყოფასა და, საჭიროების შემთხვევაში, მის განვითარებაზე და, სადაც შესაძლებელია მის ურთიერთდაკავშირებაზე სხვა სისტემებთან, და სისტემის მიერ ელექტროენერგიის გადაცემის გონივრული მოთხოვნების დაკმაყოფილების გრძელვადიანი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე;

5. „განაწილება“ ნიშნავს ელექტროენერგიის ტრანსპორტირებას მაღალი ძაბვის, საშუალო ძაბვისა და დაბალი ძაბვის გამანაწილებელი სისტემებით ელექტროენერგიის მომხმარებლამდე მიტანის მიზნით, რომელიც არ მოიცავს მიწოდებას;

6. „გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც პასუხისმგებელია მოცემულ ტერიტორიაზე გამანაწილებელი სისტემის მუშაობაზე, მის ტექნიკურ უზრუნველყოფასა და, საჭიროების შემთხვევაში, მის განვითარებაზე და, სადაც მიზანშეწონილია მის ურთიერთკავშირზე სხვა სისტემებთან, და სისტემის მიერ ელექტროენერგიის განაწილების გონივრული მოთხოვნის დაკმაყოფილების გრძელვადიანი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე;

7. „მომხმარებელი“ ნიშნავს ელექტროენერგიის საბითუმო ან საბოლოო მომხმარებელს;

8. „საბითუმო მომხმარებელი“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც ყიდულობს ელექტროენერგიას მისი შემდგომი გადაყიდვის მიზნით იმ სისტემის შიგნით ან გარეთ, სადაც ის დაფუძნებულია;

9. „საბოლოო მომხმარებელი“ ნიშნავს მომხმარებელს, რომელიც ყიდულობს ელექტროენერგიას საკუთარი მოხმარებისთვის;

10. „საყოფაცხოვრებო მომხმარებელი“ ნიშნავს მომხმარებელს, რომელიც ყიდულობს ელექტროენერგიას საკუთარი საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის, გარდა კომერციული ან პროფესიული საქმიანობისა;

11. „არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც ყიდულობს ელექტროენერგიას არასაყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის, და მოიცავს მწარმოებლებს და საბითუმო მომხმარებლებს;

12. „უფლებამოსილი მომხმარებელი“ ნიშნავს მომხმარებელს რომელსაც შეუძლია შეიძინოს ელექტროენერგია მის მიერ შერჩეული მიმწოდებლისგან, 33-ე მუხლით გათვალისწინებული მნიშვნელობით;

13. „ურთიერთდამაკავშირებელი“ ნიშნავს აღჭურვილობას, რომელიც გამოიყენება ელექტროენერგეტიკული სისტემების დასაკავშირებლად;

14. „ურთიერთდაკავშირებული სისტემა“ ნიშნავს გადამცემ და გამანაწილებელ სისტემებს, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ერთი ან მეტი ურთიერთდამაკავშირებლით;

15. „პირდაპირი ხაზი“ ნიშნავს ელექტროგადამცემ ხაზს, რომელიც იზოლირებული გენერაციის წყაროს აკავშირებს იზოლირებულ მომხმარებელთან, ან ელექტროგადამცემ ხაზს, რომელიც აკავშირებს ელექტროენერგიის მწარმოებელსა და ელექტროენერგიის მიმწოდებელ საწარმოს, მათი შენობებისთვის, შვილობილი კომპანიებისთვის და უფლებამოსილი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის პირდაპირი მიწოდების მიზნით;

16. „ეკონომიკური უპირატესობა“ ნიშნავს ელექტროენერგიის მიწოდების წყაროთა რანჟირებას ეკონომიკური კრიტერიუმების მიხედვით;

17. „დამხმარე მომსახურება“ ნიშნავს მომსახურებას, რომელიც საჭიროა გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ფუნქციონირებისთვის;

18. „სისტემის მომხმარებელი“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც ელექტროენერგიას აწვდის გადამცემ ან გამანაწილებელ სისტემას, ან, რომელსაც მიეწოდება ელექტროენერგია გადამცემი ან გამანაწილებელი სისტემიდან;

19. „მიწოდება“ ნიშნავს მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაყიდვას, ელექტროენერგიის გადაყიდვის ჩათვლით;

20. „ინტეგრირებული ელექტროენერგეტიკული საწარმო“ ნიშნავს ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ საწარმოს;

21. „ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმო“ ნიშნავს ელექტროენერგეტიკულ საწარმოს ან ელექტროენერგეტიკულ საწარმოთა ჯგუფს, სადაც ერთი და იგივე პიროვნება ან პიროვნებები არიან უფლებამოსილნი პირდაპირ ან არაპირდაპირ განახორციელონ კონტროლი, და, როდესაც საწარმო ან საწარმოთა ჯგუფი ახორციელებს ელექტროენერგიის გადაცემის ან განაწილების რომელიმე ფუნქციას და გენერაციისა და მიწოდების რომელიმე ფუნქციას მაინც;

22. „დაკავშირებული საწარმო“ ნიშნავს შვილობილ საწარმოებს საბჭოს 1983 წლის 13 ივნისის მეშვიდე დირექტივის 83/349/EEC13 41-ე მუხლით გათვალისწინებული მნიშვნელობით, კონსოლიდირებული ანგარიშების შესახებ ხელშეკრულების14 44(2)-ე მუხლის (g) ქვეპუნქტის საფუძველზე, და/ან ასოცირებულ საწარმოებს ამავე დირექტივის 33(1)-ე მუხლით გათვალისწინებული მნიშვნელობით, და/ან საწარმოებს რომლებიც ეკუთვნის ერთსა და იმავე აქციონერებს;

23. „ჰორიზონტალურად ინტეგრირებული საწარმო“ ნიშნავს საწარმოს, რომელიც ახორციელებს რეალიზაციის, ან გადაცემის, ან განაწილების, ან მიწოდების მიზნით გენერაციის მინიმუმ ერთ-ერთ ფუნქციას და სხვა საქმიანობას, რომელიც არ არის დაკავშირებული ელექტროენერგეტიკულ საქმიანობასთან;

24. „სატენდერო პროცედურა“ ნიშნავს პროცედურას, რომელთა საშუალებითაც დაგეგმილი დამატებითი მოთხოვნები და სიმძლავრის ჩანაცვლება იფარება ახალი ან არსებული გენერაციის სიმძლავრეებიდან მიწოდებით.

25. „გრძელვადიანი დაგეგმვა“ ნიშნავს გენერაციის, გადაცემისა და განაწილების სიმძლავრეებში ინვესტირების საჭიროების დაგეგმვას ხანგრძლივი ვადით, ელექტროენერგეტიკული სისტემის მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და მომხმარებლისათვის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით;

26. „მცირე იზოლირებული სისტემა“ ნიშნავს ნებისმიერ სისტემას, რომლის ელექტროენერგიის მოხმარება 1996 წელს იყო 3000 გგვტ/სთ-ზე ნაკლები და, სადაც ყოველწლიური მოხმარების 5%-ზე ნაკლები მიიღება სხვა სისტემებთან ურთიერთკავშირით;

27. „მიკრო იზოლირებული სისტემა“ ნიშნავს ნებისმიერ სისტემას, რომლის ელექტროენერგიის მოხმარება1996 წელს იყო 500 გგვტ/სთ-ზე ნაკლები და რომელიც არ უკავშირდება სხვა სისტემებს;

28. „უსაფრთხოება“ ნიშნავს ელექტროენერგიის მიწოდებისა და უზრუნველყოფის უსაფრთხოებას, და ტექნიკურ უსაფრთხოებას;

29. „ენერგოეფექტურობა/ენერგიის მოხმარების მართვა“ ნიშნავს გლობალურ ან ინტეგრირებულ მიდგომას, რომელიც მიზნად ისახავს ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობასა და ვადებზე ზეგავლენის მოხდენას, რათა შემცირდეს ენერგიის პირველადი მოხმარება და პიკური დატვირთვა გენერაციის სიმძლავრის გაზრდაში ინვესტირებასთან შედარებით უპირატესობის მინიჭებით ინვესტირებისთვის ენერგოეფექტურობის ღონისძიებებში ან სხვა ღონისძიებებში როგორიცაა წყვეტილი მიწოდების კონტრაქტები, თუ პირველი არის ყველაზე ეფექტური და ეკონომიური არჩევანი, ენერგიის შემცირებული მოხმარების გარემოზე დადებითი ზეგავლენის, მიწოდების უსაფრთხოებისა და მასთან დაკავშირებული განაწილების ხარჯების ასპექტების გათვალისწინებით;

30. „განახლებადი ენერგიის წყარო“ ნიშნავს ენერგიის განახლებად, არაწიაღისეულ წყაროებს (ქარის, მზის, გეოთერმული, ტალღის, მოქცევითი, ჰიდრო, ბიომასის, ნაგავსაყრელის აირის, საკანალიზაციო წყლების გადამამუშავებელი დანადგარით მიღებული აირისა და ბიოაირის ენერგია);

31. „განაწილებული გენერაცია“ ნიშნავს განაწილების სისტემასთან დაკავშირებულ გენერაციის სადგურებს;

32. „ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულება“ ნიშნავს ხელშეკრულებას ელექტროენერგიის მიწოდების თაობაზე, რომელიც არ მოიცავს ელექტროენერგეტიკულ დერივატივებს;

33. „ელექტროენერგეტიკული დერივატივი“ ნიშნავს ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 21 აპრილის დირექტივის 2004/39/EC15 I დანართის C ქვეთავის მე-5, მე-6 ან მე-7 ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფინანსურ ინსტრუმენტს, თუ ეს ინსტრუმენტი დაკავშირებულია ელექტროენერგიასთან;

34. „კონტროლი“ ნიშნავს უფლებებს, ხელშეკრულებებს ან ნებისმიერ სხვა საშუალებას, რომლებიც ერთად ან ცალ-ცალკე და მასთან დაკავშირებული ფაქტებისა და კანონის საფუძველზე იძლევა საწარმოზე გადამწყვეტი ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობას, განსაკუთრებით კი:

(a) საწარმოს ყველა აქტივის ან მათი ნაწილის ფლობის ან მათი გამოყენების უფლების საშუალებით;

(b) უფლებების ან ხელშეკრულებების საშუალებით, რომლებიც გადამწყვეტ ზეგავლენას ახდენს საწარმოს სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობაზე, ხმის უფლებებზე ან გადაწყვეტილებაზე.

35. „ელექტროენერგეტიკული საწარმო“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის გენერაციის, გადაცემის, განაწილების, მიწოდების ან შესყიდვის მინიმუმ ერთ-ერთ ფუნქციას და პასუხისმგებელია ზემოაღნიშნულ ფუნქციებთან დაკავშირებული კომერციული, ტექნიკური ან ტექნიკური მომსახურების საქმიანობის განხორციელებაზე, გარდა საბოლოო მომხმარებლებისა.

თავი II

სექტორის ორგანიზების ზოგადი წესები

მუხლი 3

საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულებები და მომხმარებელთა დაცვა

1. თავიანთი ინსტიტუციური მოწყობის საფუძველზე და სუბსიდიარულობის პრინციპის გათვალიწინებით, მე-2 პუნქტის შეუზღუდავად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ელექტროენერგეტიკული საწარმოების მუშაობა ამ დირექტივის პრინციპების დაცვით, კონკურენტული, უსაფრთხო და ეკოლოგიურად მდგრადი ელექტროენერგიის ბაზრის ჩამოყალიბების მიზნით, და არ უნდა მოახდინონ დისკრიმინაცია ამ საწარმოებს შორის მათ უფლებებთან თუ ვალდებულებებთან მიმართებაში.

2. დამფუძნებელი ხელშეკრულების შესაბამისი დებულებების, განსაკუთრებით კი ხელშეკრულების 86-ე მუხლის სრულიად გათვალისწინებით, საერთო ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა ელექტროენერგეტიკულ სექტორში მოქმედ საწარმოებს დააკისრონ საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულება, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს უსაფრთხოებას, მათ შორის მიწოდების უსაფრთხოებას, რეგულარულობას, მიწოდების ხარისხსა და ფასს და გარემოს დაცვას, მათ შორის ენერგოეფექტურობას, განახლებადი წყაროებიდან მისაღებ ენერგიასა და კლიმატის დაცვას. აღნიშნული ვალდებულებები უნდა იყოს ნათლად ჩამოყალიბებული, გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული, შემოწმებადი და უნდა უზრუნველყოფდეს გაერთიანების ელექტროენერგეტიკული საწარმოების თანაბარ წვდომას მომხმარებლებზე ქვეყნის მასშტაბით. ამ პუნქტის შესაბამისად მიწოდების უსაფრთხოებასთან, ენერგოეფექტურობასთან/ენერგიის მოხმარების მართვასთან დაკავშირებით და გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მისაღები ენერგიის მიზნებისთვის, წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება განახორციელონ გრძელვადიანი დაგეგმვა, სისტემაზე დაშვების მსურველი მესამე მხარის შესაძლო არსებობის გათვალისწინებით.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ყველა საყოფაცხოვრებო მომხმარებლის და, თუ წევრი სახელმწიფოები საჭიროდ ჩათვლიან, მცირე საწარმოების (კერძოდ საწარმოების, სადაც დასაქმებულია 50-ზე ნაკლები ადამიანი და რომლის წლიური ბრუნვა ან ბალანსი არ აღემატება 10 მილიონ ევროს) მიერ უნივერსალური მომსახურებით სარგებლობა, რაც გულისხმობს თავიანთ ტერიტორიაზე გარკვეული ხარისხის ელექტროენერგიის მიწოდების უფლებას გონივრულ, ადვილად და ნათლად შედარებად, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ ფასად. უნივერსალური მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით წევრმა სახელმწიფომ შესაძლოა განსაზღვროს გარანტირებული მიმწოდებელი. წევრმა სახელმწიფოებმა გამანაწილებელ კომპანიებს უნდა დააკისრონ მათ ქსელზე მომხმარებლების მიერთების ვალდებულება 37(6)-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის თანახმად დადგენილი პირობებისა და ტარიფების საფუძველზე. ეს დირექტივა ხელს არ უშლის წევრ სახელმწიფოს საყოფაცხოვრებო, მცირე და საშუალო მომხმარებლების საბაზრო პოზიციის გამყარებაში, მომხმარებელთა ამ კლასის წარმომადგენლების ნებაყოფლობითი გაერთიანების შესაძლებლობისთვის ხელის შეწყობის გზით.

პირველი ქვეაბზაცი უნდა განხორციელდეს გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის საფუძველზე და არ უნდა შეაფერხოს ბაზრის გახსნა 33-ე მუხლის თანახმად.

4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ყველა მომხმარებელს ჰქონდეს მიმწოდებლისგან ელექტროენერგიის მიღების უფლება, მიმწოდებლის თანხმობის შემთხვევაში მიუხედავად იმისა, თუ რომელ წევრ სახელმწიფოშია მიმწოდებელი დარეგისტრირებული, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი იცავს ვაჭრობისა და დაბალანსების წესებს. ამ მხრივ, წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყოს, რომ ადმინისტრაციული პროცედურები არ ახდენდეს სხვა წევრ სახელმწიფოში უკვე რეგისტრირებული მიმწოდებელი საწარმოების დისკრიმინაციას.

5. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ:

(a) თუ სახელშეკრულებო პირობების დაცვით მომხმარებელს სურს მიმწოდებლის შეცვლა, შესაბამისმა ოპერატორ(ებ)მა სისრულეში მოიყვანოს აღნიშნული ცვლილება სამი კვირის განმავლობაში; და

(b) მომხმარებლებს უფლება ჰქონდეთ მიიღონ საჭირო მონაცემები მოხმარების თაობაზე.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მომხმარებლისთვის (a) და (b) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების მინიჭება არადისკრიმინაციული წესით ფასის, ძალისხმევისა და დროის თვალსაზრისით.

6. ფინანსური ან სხვა სახის კომპენსაციის და მე-2 და მე-3 აბზაცებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად წევრი სახელმწიფოს მიერ მინიჭებული ექსკლუზიური უფლებების უზრუნველყოფის შემთხვევაში, აღნიშნული უნდა განხორციელდეს არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე გზით.

7. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ სათანადო ზომები საბოლოო მომხმარებლის დასაცავად, და განსაკუთრებით უზრუნველყონ მოწყვლადი მომხმარებლის დაცვის ადეკვატური დამცავი ზომების არსებობა. ამ თვალსაზრისით, ყოველმა წევრმა სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს მოწყვლადი მომხმარებლის მნიშვნელობა, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს ენერგიის უკმარისობას და, სხვათა შორის, კრიტიკულ მომენტებში ასეთი მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის გათიშვის აკრძალვას. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მოწყვლად მომხმარებელთან დაკავშირებული უფლებებისა და მოვალეობების გამოყენება. განსაკუთრებით, მათ უნდა მიიღონ ზომები შორეულ ადგილებში საბოლოო მომხმარებლების დასაცავად. მათ უნდა უზრუნველყონ მომხმარებელთა დაცვის მაღალი დონე, განსაკუთრებით სახელშეკრულებო პირობების, ზოგადი ინფორმაციისა და დავის მოგვარების მექანიზმების გამჭვირვალობის კუთხით. წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს უფლებამოსილი მომხმარებლის მიერ ახალ მიმწოდებელზე ადვილად გადართვის შესაძლებლობა. მინიმუმ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებთან დაკავშირებით აღნიშნული ზომები უნდა მოიცავდეს I დანართით გათვალისწინებულ ზომებს.

8. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები როგორიცაა სახელმწიფო ენერგეტიკული სამოქმედო გეგმების შემუშავება, მოწყვლადი მომხმარებლებისათვის საჭირო ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველსაყოფად სოციალური უსაფრთხოების სისტემაში სარგებლის უზრუნველყოფა, ან ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მხარდაჭერა, საჭიროების შემთხვევაში ენერგიის უკმარისობის დასაძლევად, მათ შორის ენერგიის უკმარისობის უფრო ფართო გაგებით. აღნიშნულმა ზომებმა ხელი არ უნდა შეუშალოს 33-ე მუხლით გათვალისწინებული ბაზრის ეფექტურად გახსნას ან ბაზრის ფუნქციონირებას და, საჭიროების შემთხვევაში, ამის შესახებ უნდა ეცნობოს კომისიას ამ მუხლის მე-15 აბზაცით გათვალისწინებული წესით. შეტყობინება შეიძლება ასევე მოიცავდეს სოციალური უსაფრთხოების საერთო სისტემის ფარგლებში მიღებულ ზომებს.

9. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ელექტროენერგიის მიმწოდებლების მიერ ქვითრებში ან ქვითრების მეშვეობით და საბოლოო მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ სარეკლამო მასალებში შემდეგი მონაცემების მითითება:

(a) წინა წლის განმავლობაში თითოეული ენერგიის წყაროს წილი მიმწოდებლის საწვავის ბალანსში ამომწურავი და სახელმწიფო დონეზე ადვილად შედარებადი ფორმით;

(b) მინიმუმ მითითება არსებულ საცნობარო წყაროებზე, როგორიცაა ვებგვერდი, სადაც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია გარემოზე ზემოქმედების შესახებ, მინიმუმ წინა წლის განმავლობაში მიმწოდებლის მთლიანი საწვავის ბალანსით გამომუშავებული ელექტროენერგიის შედეგად წარმოქმნილი CO2-ის გაფრქვევისა და რადიოაქტიური ნარჩენების თაობაზე;

(c) მათ უფლებებთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც ითვალისწინებს დავის არსებობის შემთხვევაში მათთვის ხელმისაწვდომ დავის მოგვარების საშუალებებს.

რაც შეეხება პირველი ქვეაბზაცის (a) და (b) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ელექტროენერგიის გაცვლის შედეგად მიღებულ ელექტროენერგიას ან გაერთიანების გარეთ მდებარე საწარმოებიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიას, შესაძლოა გამოყენებული იქნეს საშუალო მაჩვენებლები, რომლებიც მიღებულია ელექტროენერგიის გაცვლის შედეგად ან კონკრეტული საწარმოებიდან წინა წლის განმავლობაში.

მარეგულირებელმა ორგანომ ან სხვა კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ უნდა მიიღოს საჭირო ზომები, რათა უზრუნველყოს მიმწოდებლების მიერ ამ მუხლის შესაბამისად მომხმარებლისთვის მიწოდებული ინფორმაციის სანდოობა და ასეთი ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო დონეზე მარტივად შედარებადი ფორმით.

10. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაატარონ ღონისძიებები სოციალური და ეკონომიკური ერთიანობისა და გარემოს დაცვის მიზნების მისაღწევად, რაც უნდა მოიცავდეს ენერგოეფექტურობის/ენერგიის მოხმარების მართვის ღონისძიებებსა და კლიმატის ცვლილების თავიდან აცილების საშუალებებს და, სადაც მიზანშეწონილია, მიწოდების უსაფრთხოებას. კერძოდ, აღნიშნული ღონისძიებები შესაძლოა მოიცავდეს სათანადო ეკონომიკურ სტიმულირებას, სადაც მიზანშეწონილია ყველა არსებული სახელმწიფო და გაერთიანების მექანიზმის გამოყენებით, საჭირო ქსელური ინფრასტრუქტურის ტექნიკური უზრუნველყოფისა და მშენებლობისთვის, ურთიერთდაკავშირების სიმძლავრის ჩათვლით.

11. ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის მიზნით წევრმა სახელმწიფომ, ან წევრი სახელმწიფოს გადაწყვეტილების შემთხვევაში, მარეგულირებელმა ორგანომ უნდა მისცეს ელექტროენერგეტიკულ საწარმოს ელექტროენერგიის გამოყენების ოპტიმიზაციის რეკომენდაცია, მაგალითად, სადაც მიზანშეწონილია, ენერგიის მართვის მომსახურების გაწევის, ინოვაციური ფასწარმოქმნის ფორმულების შემუშავების ან ინტელექტუალური აღრიცხვის სისტემის ან ინტელექტუალური ენერგოსისტემის შემოღების გზით.

12. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მომხმარებელთათვის მათი უფლებების, მოქმედი კანონმდებლობისა და, დავის არსებობის შემთხვევაში, დავის მოგვარების საშუალებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელი ერთი საკონტაქტო ერთეულის არსებობა. ეს საკონტაქტო ერთეული შესაძლოა შედიოდეს მომხმარებლებისთვის ზოგადი ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი ერთეულის შემადგენლობაში.

13. წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი მექანიზმის არსებობა ენერგო ომბუდსმენის ან მომხმარებელთა დაცვის ორგანოს სახით, საჩივრების ეფექტიანი განხილვისა და სასამართლოს გარეთ დავების მოგვარების მიზნით.

14. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება გადაწყვიტონ, რომ არ გამოიყენონ მე-7, მე-8, 32-ე და/ან 34-ე მუხლების დებულებები, თუ მათი გამოყენება ხელს შეუშლის ელექტროენერგეტიკული საწარმოების მიერ მათზე დაკისრებული ვალდებულებების კანონიერად ან ფაქტობრივად შესრულებას ზოგადი ეკონომიკური ინტერესიდან გამომდინარე, და თუ ეს ზეგავლენას არ მოახდენს ვაჭრობის განვითარებაზე ისე, რომ ეწინააღმდეგებოდეს გაერთიანების ინტერესებს. გაერთიანების ინტერესები, სხვათა შორის, მოიცავს კონკურენციას უფლებამოსილ მომხმარებლებთან მიმართებაში ამ დირექტივისა და დამფუძნებელი ხელშეკრულების 86-ე მუხლის თანახმად.

15. ამ დირექტივის განხორციელებისას წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას უნდა აცნობონ უნივერსალური მომსახურების ან საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების, მათ შორის მომხმარებლების დაცვისა და გარემოს დაცვის ვალდებულებების შესრულების მიზნით მიღებული ყველა ზომისა და სახელმწიფო და საერთაშორისო კონკურენციაზე მათი შესაძლო ზეგავლენის შესახებ, მიუხედავად იმისა, საჭიროებს თუ არა ეს ზომები წინამდებარე დირექტივიდან გამონაკლისის დაშვებას. მათ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ უნდა აცნობონ კომისიას ამ ზომებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ, მიუხედავად იმისა საჭიროებს თუ არა ეს ცვლილებები წინამდებარე დირექტივიდან გამონაკლისის დაშვებას.

16. შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის წევრ სახელმწიფოებთან, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან, მომხმარებელთა ორგანიზაციებთან, ელექტროენერგეტიკულ საწარმოებთან და, დღემდე მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის საფუძველზე კომისიამ უნდა შეადგინოს ენერგიის მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებული პრაქტიკული ინფორმაციის ენერგიის მომხმარებელთა ზუსტი და მკაფიო საკონტროლო ჩამონათვალი. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობით, ელექტროენერგიის მიმწოდებლების ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების მიერ საჭირო ზომების მიღება მათი მომხმარებლებისათვის ენერგიის მომხმარებელთა საკონტროლო ჩამონათვალის ასლის მიწოდებისა და აღნიშნული ჩამონათვალის საჯარო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.

მუხლი 4

მიწოდების უსაფრთხოების მონიტორინგი

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მიწოდების უსაფრთხოების საკითხების მონიტორინგი. თუ წევრი სახელმწიფო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას შეუძლია ეს უფლება გადასცეს 35-ე მუხლით გათვალისწინებულ მარეგულირებელ ორგანოებს. კერძოდ მონიტორინგი უნდა მოიცავდეს ეროვნულ ბაზარზე მიწოდებისა და მოთხოვნის წონასწორობას, მოსალოდნელი მომავალი მოთხოვნის დონეს დაგეგმილ ან მშენებლობის პროცესში მყოფ დამატებით გათვალისწინებულ სიმძლავრეს, ქსელების ტექნიკური მომსახურების ხარისხსა და დონეს, ასევე პიკური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და ერთი ან მეტი მიმწოდებლის უკმარისობის აღმოსაფხვრელად გასატარებელ ღონისძიებებს. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, 31 ივლისისთვის, კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გამოაქვეყნონ ანგარიში, სადაც მოცემული იქნება აღნიშნული საკითხების მონიტორინგის შედეგები და ასევე ამ საკითხების მოსაგვარებლად ნებისმიერი გატარებული ან გასატარებელი ღონისძიებები, და დაუყოვნებლივ გადაუგზავნონ აღნიშნული ანგარიში კომისიას.

მუხლი 5

ტექნიკური წესები

წევრი სახელმწიფოების გადაწყვტილების შემთხვევაში მარეგულირებელმა ორგანოებმა, ან თვითონ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ტექნიკური უსაფრთხოების კრიტერიუმების განსაზღვრა და ტექნიკური წესების შემუშავება და გასაჯაროება, რომლებიც ადგენს გენერაციის დანადგარების, გამანაწილებელი სისტემების, პირდაპირ მიერთებული მომხმარებლის მოწყობილობა-დანადგარების, ურთიერთდამაკავშირებელი წრედებისა და პირდაპირი ხაზების სისტემაზე მიერთების ტექნიკური პროექტირებისა და ექსპლოატაციის მინიმალურ მოთხოვნებს. ეს ტექნიკური წესები უნდა უზრუნველყოფდეს სისტემების ფუნქციონალურ თავსებადობას და უნდა იყოს ობიექტური და არადისკრიმინაციული. სადაც მიზანშეწონილია, სააგენტომ შეიძლება გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები ამ წესების თავსებადობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. აღნიშნული წესების შესახებ უნდა ეცნობოს კომისიას ტექნიკური სტანდარტებისა და რეგულირების სფეროში ინფორმაციის მიწოდებისა და საინფორმაციო საზოგადოების მომსახურების წესების უზრუნველყოფის პროცედურების დადგენის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 1998 წლის 22 ივნისის დირექტივის 98/334/EC16 მე-8 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 6

რეგიონალური თანამშრომლობის ხელშეწყობა

1. წევრმა სახელმწიფოებმა, ისევე როგორც მარეგულირებელმა ორგანოებმა, უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან მათი ეროვნული ბაზრების ერთ ან რამდენიმე რეგიონალურ დონეზე ინტეგრაციის მიზნით, რაც პირველი ნაბიჯია სრულად ლიბერალიზებული შიდა ბაზრის შექმნისაკენ. კერძოდ, წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილების შემთხვევაში მარეგულირებელმა ორგანოებმა, ან წევრმა სახელმწიფოებმა ელექტროენერგიის კონკურენტული შიდა ბაზრის შექმნის მიზნით ხელი უნდა შეუწყონ გადამცემი სისტემის ოპერატორების თანამშრომლობას სახელმწიფო დონეზე, მათ შორის ტრანსსასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებით, ასევე ხელი შეუწყონ მათი სამართლებრივი, მარეგულირებელი და ტექნიკური ჩარჩოს თანმიმდევრულობას და გაერთიანებაში არსებული ელექტროენერგეტიკული კუნძულოვანი რეჟიმის შემადგენელი იზოლირებული სისტემების ინტეგრაციას. ასეთი რეგიონალური თანამშრომლობით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალი უნდა მოიცავდეს თანამშრომლობას რეგულაციის (EC) N 714/2009 მე-12(3) მუხლით განსაზღვრულ გეოგრაფიულ ზონაში. ეს თანამშრომლობა შეიძლება გავრცელდეს სხვა გეოგრაფიულ ზონებზეც.

2. სააგენტომ უნდა ითანამშრომლოს ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან და გადამცემი სისტემის ოპერატორებთან რეგიონებს შორის მარეგულირებელი სქემების თავსებადობის უზრუნველსაყოფად, რაც მიზნად ისახავს ელექტროენერგიის კონკურენტული შიდა ბაზრის შექმნას. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ ასეთი თანამშრომლობისთვის საჭიროა შესასრულებლად სავალდებულო წესების არსებობა, მან უნდა გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები.

3. ამ დირექტივის განხორციელების გზით წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორებს ჰქონდეთ რეგიონალურ დონეზე ინტეგრირებული ერთი ან მეტი სისტემა, რომელიც მოიცავს ორ ან მეტ წევრ სახელმწიფოს სიმძლავრის გადანაწილებისთვის და ქსელის უსაფრთხოების შემოწმებისთვის.

4. თუ ვერტიკალურად ინტეგრირებული გადამცემი სისტემის ოპერატორები მონაწილეობენ ასეთი თანამშრომლობის დასამყარებლად დაფუძნებულ ერთობლივ საწარმოში, ერთობლივმა საწარმომ უნდა დაამტკიცოს და დანერგოს შესაბამისობის პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს ღონისძიებებს დისკრიმინაციული და არაკონკურენტული ქცევის გამოსარიცხად. აღნიშნული შესაბამისობის პროგრამით უნდა განსაზღვროს თანამშრომელთა კონკრეტული ვალდებულებები დისკრიმინაციული და არაკონკურენტული ქცევის გამორიცხვის მიზნით. ამისთვის საჭიროა სააგენტოს თანხმობა. პროგრამასთან შესაბამისობას დამოუკიდებლად გაუწევს მონიტორინგს ვერტიკალურად ინტეგრირებული გადამცემი სისტემის ოპერატორის შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტი.

თავი III

გენერაცია

მუხლი 7

ავტორიზაციის პროცედურა ახალი სიმძლავრისათვის

1. გენერაციის ახალი სიმძლავრის შესაქმნელად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ ავტორიზაციის პროცედურა, რომელიც უნდა განხორციელდეს ობიექტური, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული კრიტერიუმების დაცვით.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაადგინონ მათ ტერიტორიაზე გენერაციის სიმძლავრის შესაქმნელად ავტორიზაციის მინიჭების კრიტერიუმები. სათანადო კრიტერიუმების განსაზღვრისას, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი:

(a) ელექტროენერგეტიკული სისტემის, დანადგარებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების უსაფრთხოება;

(b) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა;

(c) გარემოს დაცვა;

(d) მიწის გამოყენება და განლაგება;

(e) საჯარო მიწის გამოყენება;

(f) ენერგოეფექტურობა;

(g) პირველადი წყაროების სახე;

(h) განმცხადებლის სპეციფიკური მახასიათებლები როგორიცაა ტექნიკური, ეკონომიკური და ფინანსური შესაძლებლობები;

(i) მე-3 მუხლის თანახმად მიღებულ ზომებთან შესაბამისობა;

(j) გენერაციის სიმძლავრის წვლილი გაერთიანების მიერ 2020 წელს ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მინიმუმ 20%-იანი წილის არსებობაში, რაც გათვალისწინებულია განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 23 აპრილის დირექტივის 2009/28/EC მე-3(1) მუხლის შესაბამისად17; და

(k) გენერაციის სიმძლავრის წვლილი გაფრქვევების შემცირებაში.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მცირე დეცენტრალიზებული და/ან განაწილებული გენერაციის ავტორიზაციის კონკრეტული პროცედურების არსებობა, სადაც გათვალისწინებულ იქნება მათი შეზღუდული სიდიდე და პოტენციური ზეგავლენა.

წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა განსაზღვრონ სახელმძღვანელო პრინციპები ავტორიზაციის კონკრეტული პროცედურებისთვის. ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანოებმა ან სხვა კომპეტენტურმა ეროვნულმა ორგანოებმა, დაგეგმვაზე უფლებამოსილი ორგანოების ჩათვლით, უნდა განიხილონ ეს სახელმძღვანელო პრინციპები და შეუძლიათ გასცენ რეკომენდაცია მათში შესწორებების შეტანის თაობაზე.

თუ წევრ სახელმწიფოებს გენერაციის სიმძლავრის ახალი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დადგენილი აქვთ მიწის გამოყენების კონკრეტული სანებართვო პირობები, სადაც მიზანშეწონილია, წევრმა სახელმწიფოებმა ამ პროცედურებში უნდა დაამატონ ახალი გენერაციის სიმძლავრის შექმნა და უზრუნველყონ მათი განხორციელება არადისკრიმინაციული გზით და შესაბამის პერიოდში.

4. ავტორიზაციის პროცედურა და კრიტერიუმები უნდა გასაჯაროვდეს. განმცხადებლებს უნდა ეცნობოთ ავტორიზაციის მინიჭებაზე უარის თქმის მიზეზები. ეს მიზეზები უნდა იყოს ობიექტური, არადისკრიმინაციული, საფუძვლიანი და სათანადოდ დასაბუთებული. განმცხადებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს გასაჩივრების პროცედურები.

მუხლი 8

ტენდერი ახალ სიმძლავრეზე

1. მიწოდების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ახალი სიმძლავრის ან ენერგოეფექტურობის/ენერგიის მოხმარების მართვის ღონისძიებების არსებობის შესაძლებლობა ტენდერის ან გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის თვალსაზრისით ნებისმიერი სხვა ეკვივალენტური პროცედურის მეშვეობით, გამოქვეყნებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. თუმცა ეს პროცედურები შეიძლება დაიწყოს ავტორიზაციის პროცედურის საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაქმნელი გენერაციის სიმძლავრე ან გასატარებელი ენერგოეფექტურობის/ენერგიის მოხმარების მართვის ღონისძიებები არ არის საკმარისი მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

2. გარემოს დაცვისა და უახლესი ტექნოლოგიების ხელშეწყობის ინტერესებიდან გამომდინარე, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ახალ სიმძლავრეებზე ტენდერის ჩატარება გამოქვეყნებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. ასეთი ტენდერი შესაძლოა უკავშირდებოდეს ახალ სიმძლავრეებს ან ენერგოეფექტურობის/ენერგიის მოხმარების მართვის ღონისძიებებს. თუმცა სატენდერო პროცედურა შესაძლოა დაწყებული იქნეს ავტორიზაციის პროცედურის საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაქმნელი გენერაციის სიმძლავრე ან გასატარებელი ღონისძიებები არ არის საკმარისი ამ მიზნის მისაღწევად.

3. გენერაციის სიმძლავრის საშუალებების და ენერგოეფექტურობის/ენერგიის მოხმარების მართვის ღონისძიებების სატენდერო პროცედურის დეტალები უნდა გამოქვეყნდეს ევროპის კავშირის ოფიციალურ ბიულეტენში ტენდერის დასრულებამდე მინიმუმ 6 თვით ადრე.

სატენდერო მოთხოვნები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაფუძნებული ნებისმიერი დაინტერესებული საწარმოსთვის ისე, რომ მას საკმარისი დრო ჰქონდეს ტენდერში მონაწილეობისთვის დოკუმენტების წარსადგენად.

გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის უზრუნველყოფის მიზნით, სატენდერო მოთხოვნები უნდა მოიცავდეს ხელშეკრულების ტექნიკური ხასიათის პირობებისა და ტენდერში მონაწილეების მიერ შესასრულებელი პროცედურების დეტალურ აღწერილობასა და ტენდერში მონაწილეობის კანდიდატების შერჩევისა და ხელშეკრულების დადების იმ კრიტერიუმების ამომწურავ ჩამონათვალს, სტიმულირების ჩათვლით, როგორიცაა სუბსიდიები, რომელსაც ითვალისწინებს ტენდერი. ეს პირობები შეიძლება ასევე დაკავშირებული იყოს მე-7(2) მუხლით გათვალისწინებულ სფეროსთან.

4. აუცილებელი გენერაციის სიმძლავრის სატენდერო განცხადებაში ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს არსებული გენერაციის ერთეულებიდან ელექტროენერგიის მიწოდების შეთავაზებები გრძელვადიანი გარანტიით გამომდინარე იქიდან, რომ ამგვარად შესაძლებელი იქნება დამატებითი მოთხოვნების შესრულება.

5. წევრმა სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს ელექტროენერგიის გენერაციის, გადაცემის, განაწილებისა და მიწოდების საქმიანობისგან დამოუკიდებელი ორგანო ან საჯარო ან კერძო დაწესებულება, რომელიც შესაძლოა იყოს 35(1)-ე მუხლით გათვალისწინებული მარეგულირებელი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ მუხლის 1-ლი-მე-4 აბზაცებით გათვალისწინებული სატენდერო პროცედურების ორგანიზებაზე, მონიტორინგსა და კონტროლზე. თუ გადამცემი სისტემის ოპერატორი არის სრულიად დამოუკიდებელი სხვა ისეთი საქმიანობისგან, რომელიც არ არის დაკავშირებული გადამცემ სისტემასთან საკუთრების თვალსაზრისით, გადამცემი სისტემის ოპერატორი შეიძლება განისაზღვროს სატენდერო პროცედურების ორგანიზებაზე, მონიტორინგსა და კონტროლზე პასუხისმგებელ ორგანოდ. ამ ორგანომ ან დაწესებულებამ ყველა ზომა უნდა მიიღოს ტენდერისას წარდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად.

თავი IV

გადამცემი სისტემების მუშაობა

მუხლი 9

გადამცემი სისტემების და გადამცემი სისტემის ოპერატორების გამოყოფა

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ 2012 წლის 3 მარტიდან:

(a) თითოეული საწარმო, რომელიც ფლობს გადამცემ სისტემას მოქმედებდეს როგორც გადამცემი სისტემის ოპერატორი;

(b) ერთსა და იმავე პირს ან პირებს:

(i) არ ჰქონდეთ პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლის განხორციელების უფლება საწარმოზე, რომელიც ასრულებს გენერაციის ან მიწოდების რომელიმე ფუნქციას, და პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლის განხორციელების უფლება ან ნებისმიერი სხვა უფლება გადამცემი სისტემის ოპერატორზე ან გადამცემ სისტემაზე; და

(ii) არ ჰქონდეთ პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლის განხორციელების უფლება გადამცემი სისტემის ოპერატორზე ან გადამცემ სისტემაზე და პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლის განხორციელების ან სხვა უფლება იმ საწარმოზე, რომელიც ასრულებს გენერაციის ან მიწოდების რომელიმე ფუნქციას.

(c) ერთსა და იმავე პირს ან პირებს არ აქვთ უფლება დანიშნონ გადამცემი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის სამეთვალყურეო ორგანოს, ადმინისტრაციული საბჭოს ან იმ ორგანოს წევრები, რომელიც ოფიციალურად წარმოადგენს საწარმოს, და განახორციელონ პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლი ან სხვა უფლება საწარმოზე, რომელიც ასრულებს გენერაციის ან მიწოდების რომელიმე ფუნქციას.

(d) ერთსა და იმავე პირს არ აქვს უფლება დაინიშნოს გენერაციის ან მიწოდების რომელიმე ფუნქციის შემსრულებელი საწარმოსა და გადამცემი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის სამეთვალყურეო ორგანოს, ადმინისტრაციული საბჭოს ან იმ ორგანოს წევრად, რომელიც ოფიციალურად წარმოადგენს საწარმოს.

2. პირველი აბზაცის (b) და (c) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები მოიცავს კერძოდ შემდეგს:

(a) ხმის მიცემის უფლებას;

(b) საწარმოს სამეთვალყურეო ორგანოს, ადმინისტრაციული საბჭოს ან ოფიციალური წარმომადგენელი ორგანოს წევრების დანიშვნის უფლებას; ან

(c) უმრავლესობის წილის ფლობას.

3. 1(b) აბზაცის მიზნებისთვის ცნება „საწარმო, რომელიც ასრულებს გენერაციის და მიწოდების რომელიმე ფუნქციას“ გულისხმობს „საწარმოს, რომელიც ასრულებს წარმოების ან მიწოდების რომელიმე ფუნქციას“ ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრის ზოგადი წესების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის დირექტივით 2009/73/EC18 გათვალისწინებული მნიშვნელობით, ხოლო ტერმინები „გადამცემი სისტემის ოპერატორი“ და „გადამცემი სისტემა“ მოიცავს „გადამცემი სისტემის ოპერატორსა“ და „გადამცემ სისტემას“ აღნიშნული დირექტივით გათვალისწინებული მნიშვნელობით.

4. 2013 წლის 3 მარტამდე წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება დაუშვან გამონაკლისი პირველი აბზაცის (b) და (c) ქვეპუნქტებიდან იმ პირობით, თუ გადამცემი სისტემის ოპერატორები არ წარმოადგენენ ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილს.

5. 1(a) აბზაცით გათვალისწინებული ვალდებულებები ჩაითვლება შესრულებულად ისეთ სიტუაციაში, როდესაც გადამცემი სისტემის მფლობელ ორ ან მეტ საწარმოს შექმნილი აქვთ ერთობლივი ვენჩერული საზოგადოება, რომელიც ასრულებს გადამცემი სისტემის ოპერატორის ფუნქციას შესაბამისი გადამცემი სისტემებისთვის ორ ან მეტ წევრ სახელმწიფოში. ვერცერთი სხვა საწარმო ვერ გახდება ერთობლივი ვენჩერული საზოგადოების ნაწილი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის აღიარებული არ არის მე-13 მუხლის შესაბამისად დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორად ან დამოუკიდებელი ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორად V თავის მიზნებისთვის.

6. ამ მუხლის განხორციელების მიზნით, თუ პირველი აბზაცის (b), (c) და (d) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირი არის წევრი სახელმწიფო ან სხვა საჯარო დაწესებულება, ორი ცალკეული საჯარო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს კონტროლს ერთის მხრივ გადამცემი სისტემის ოპერატორზე ან გადამცემ სისტემაზე, ხოლო მეორეს მხრივ იმ საწარმოზე, რომელიც ასრულებს გენერაციისა და მიწოდების რომელიმე ფუნქციას, ჩაითვლება რომ არ არის ერთი და იგივე პირი ან პირები.

7. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ არც მე-16 მუხლით გათვალისწინებული კომერციული ინფორმაცია, რომელსაც ფლობს გადამცემი სისტემის ოპერატორი, რომელიც თავის მხრივ არის ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილი, და არც ამ გადამცემი სისტემის ოპერატორის პერსონალი არ გადაეცემა საწარმოს, რომელიც ასრულებს გენერაციის და მიწოდების რომელიმე ფუნქციას.

8. თუ 2009 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობით, გადამცემი სისტემა ეკუთვნის ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს, წევრმა სახელმწიფომ შეიძლება გადაწყვიტოს არ გამოიყენოს პირველი აბზაცი.

ამ შემთხვევაში წევრმა სახელმწიფომ უნდა:

(a) დანიშნოს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი მე-13 მუხლის თანახმად; ან

(b) შეასრულოს V თავის დებულებები.

9. თუ 2009 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობით გადამცემი სისტემა ეკუთვნის ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს და არსებობს მოქმედი ზომები, რომლებიც იძლევა გადამცემი სისტემის ოპერატორების უფრო ეფექტური დამოუკიდებლობის გარანტიას, ვიდრე ეს V თავის დებულებებითაა გათვალისწინებული, წევრმა სახელმწიფომ შეიძლება გადაწყვიტოს, არ გამოიყენოს პირველი აბზაცი.

10. სანამ საწარმო დამტკიცდება და დაინიშნება გადამცემი სისტემის ოპერატორად ამ მუხლის მე-9 აბზაცის შესაბამისად, უნდა მოხდეს მისი სერტიფიცირება ამ დირექტივის მე-10(4)(5) და (6) მუხლითა და რეგულაციის (EC) N 14/2009 მე-3 მუხლით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, რომლის თანახმადაც კომისია უნდა დარწმუნდეს, რომ არსებული ზომები იძლევა გადამცემი სისტემის ოპერატორის უფრო ეფექტური დამოუკიდებლობის გარანტიას, ვიდრე ეს V თავის დებულებებითაა გათვალისწინებული.

11. ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოებს, რომლებიც ფლობენ გადამცემ სისტემას, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეშალოთ ხელი პირველი აბზაცის შესაბამისად ზომების მიღებაში.

12. საწარმოს, რომელიც ასრულებს გენერაციის ან მიწოდების რომელიმე ფუნქციას, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა განახორციელოს პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლი ან გამოიყენოს რაიმე სახის უფლება გამოყოფილ გადამცემი სისტემის ოპერატორებზე იმ წევრ სახელმწიფოებში, სადაც ვრცელდება პირველი აბზაცი.

მუხლი 10

გადამცემი სისტემის ოპერატორების დანიშვნა და სერტიფიცირება

1. სანამ საწარმო დამტკიცდება და დაინიშნება გადამცემი სისტემის ოპერატორად, უნდა მოხდეს მისი სერტიფიცირება ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 აბზაცებითა და რეგულაციის (EC) N 714/2009 მე-3 მუხლით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

2. წევრმა სახელმწიფოებმა გადამცემი სისტემის ოპერატორებად უნდა დაამტკიცონ და დანიშნონ ის საწარმოები, რომლებიც ფლობენ გადამცემ სისტემას და სერტიფიცირებულნი არიან ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ ქვემოთ მოცემული სერტიფიცირების პროცედურის შესაბამისად მე-9 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველზე. გადამცემი სისტემის ოპერატორების დანიშვნის შესახებ უნდა ეცნობოს კომისიას და გამოქვეყნდეს ევროპის კავშირის ოფიციალურ ბიულეტენში.

3. გადამცემი სისტემის ოპერატორებმა მარეგულირებელ ორგანოს უნდა აცნობონ ნებისმიერი დაგეგმილი ტრანზაქციის შესახებ, რომელსაც შესაძლოა დასჭირდეს მე-9 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობის ხელახალი შეფასება.

4. მარეგულირებელმა ორგანოებმა მონიტორინგი უნდა გაუწიონ გადამცემი სისტემის ოპერატორების მუდმივ შესაბამისობას მე-9 მუხლის მოთხოვნებთან. შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, მათ უნდა დაიწყონ სერტიფიცირების პროცედურა:

(a) მე-3 აბზაცის შესაბამისად გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შეტყობინებისთანავე;

(b) საკუთარი ინიციატივით თუ მათ აქვთ ინფორმაცია, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორებზე ან გადამცემი სისტემის მფლობელებზე უფლებების ან გავლენის დაგეგმილმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს მე-9 მუხლის დარღვევა ან როდესაც არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ ადგილი ჰქონდა ასეთ დარღვევას; ან

(c) კომისიის საფუძვლიანი მოთხოვნისთანავე.

5. მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა მიიღონ გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების გადაწყვეტილება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შეტყობინებიდან ან კომისიის მოთხოვნიდან 4 თვის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ სერტიფიცირება განხორციელებულად ითვლება. მარეგულირებელი ორგანოს როგორც გამოხატული ისე ნაგულისხმევი გადაწყვეტილება ძალაში შედის მხოლოდ მე-6 აბზაცით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ.

6. გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების შესახებ მიღებული გამოხატული ან ნაგულისხმევი გადაწყვეტილების შესახებ, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ ყველა შესაბამის ინფორმაციასთან ერთად, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს კომისიას მარეგულირებელი ორგანოს მიერ. კომისიამ უნდა იმოქმედოს რეგულაციის (EC) N 714/2009 მე-3 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

7. მარეგულირებელმა ორგანოებმა და კომისიამ გადამცემი სისტემის ოპერატორებსა და გენერაციის ან მიწოდების რომელიმე ფუნქციის შემსრულებელ საწარმოებს შესაძლოა მოსთხოვონ ამ მუხლით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია.

8. მარეგულირებელმა ორგანოებმა და კომისიამ უნდა დაიცვან კომერციულად სენსიტიური ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

მუხლი 11

სერტიფიცირება მესამე მსოფლიოს ქვეყნებთან დაკავშირებით

1. თუ სერტიფიცირებას ითხოვს გადამცემი სისტემის მფლობელი ან გადამცემი სისტემის ოპერატორი, რომელსაც აკონტროლებს/აკონტროლებენ მესამე მსოფლიოს ქვეყნის/ქვეყნების წარმომადგენელი პირი/პირები, აღნიშნულის შესახებ მარეგულირებელმა ორგანომ უნდა აცნობოს კომისიას.

მარეგულირებელმა ორგანომ ასევე დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას ნებისმიერი გარემოების შესახებ, რაც გამოიწვევს მესამე მსოფლიოს ქვეყნის/ქვეყნების წარმომადგენელი პირის/პირების მიერ გადამცემ სისტემაზე ან გადამცემი სისტემის ოპერატორზე კონტროლის მოპოვებას.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა აცნობოს მარეგულირებელ ორგანოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რაც გამოიწვევს მესამე მსოფლიოს ქვეყნის/ქვეყნების წარმომადგენელი პირის/პირების მიერ გადამცემ სისტემაზე ან გადამცემი სისტემის ოპერატორზე კონტროლის მოპოვებას.

3. მარეგულირებელმა ორგანომ უნდა შეიმუშაოს გადაწყვეტილების პროექტი გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების შესახებ, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შეტყობინებიდან 4 თვის ვადაში. მან უარი უნდა თქვას სერტიფიცირებაზე, თუ აშკარა არ არის:

(a) რომ შესაბამისი ერთეული აკმაყოფილებს მე-9 მუხლის მოთხოვნებს; და

(b) მარეგულირებელი ორგანოსთვის ან წევრი სახელმწიფოს მიერ დანიშნული სხვა კომპეტენტური ორგანოსთვის, რომ სერტიფიცირება საფრთხეს არ შეუქმნის წევრი სახელმწიფოსა და გაერთიანების ენერგიის მიწოდების უსაფრთხოებას. ამ საკითხის განხილვისას მარეგულირებელმა ორგანომ ან ამგვარად დანიშნულმა სხვა კომპეტენტურმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს:

(i) ამ მესამე მსოფლიოს ქვეყანასთან დაკავშირებით გაერთიანების უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო სამართლიდან, მათ შორის ერთ ან რამდენიმე მესამე მსოფლიოს ქვეყანასთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან, რომლის ხელშემკვრელ მხარესაც წარმოადგენს გაერთიანება და რომელიც ეხება ენერგიის მიწოდების უსაფრთხოების საკითხებს;

(ii) ამ მესამე მსოფლიოს ქვეყანასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოს უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც გამომდინარეობს მასთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, თუ ისინი შესაბამისობაშია გაერთიანების კანონმდებლობასთან; და

(iii) მოცემულ შემთხვევასთან და მესამე მსოფლიოს ქვეყანასთან დაკავშირებული სხვა კონკრეტული ფაქტები და გარემოებები.

4. მარეგულირებელმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს კომისიას გადაწყვეტილების შესახებ, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციასთან ერთად.

5. მარეგულირებელი ორგანოს მიერ სერტიფიცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მარეგულირებელი ორგანოს ან მე-3(b) აბზაცით გათვალისწინებული დანიშნული კომპეტენტური ორგანოს მიერ კომისიის დასკვნის მოთხოვნა შემდეგთან დაკავშირებით:

(a) აკმაყოფილებს თუ არა საწარმო მე-9 მუხლის მოთხოვნებს; და

(b) რისკის შემცველია თუ არა სერტიფიცირება გაერთიანებაში ენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისთვის.

6. კომისიამ მიღებისთანავე უნდა შეისწავლოს მე-5 აბზაცით გათვალისწინებული თხოვნა. თხოვნის მიღებიდან 2 თვის ვადაში კომისიამ უნდა გაუგზავნოს თავისი დასკვნა ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს ან, თუ თხოვნის გაგზავნა მოხდა სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ, შესაბამისად ამ ორგანოს.

დასკვნის მომზადებისას კომისიამ შეიძლება მოითხოვს სააგენტოს, შესაბამისი წევრი სახელმწიფოებისა და დაინტერესებული მხარეების მოსაზრება. კომისიის მიერ ასეთი მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში ორთვიანი პერიოდი უნდა გახანგრძლივდეს დამატებით ორი თვით.

პირველი და მეორე ქვეაბზაცებით გათვალისწინებულ ვადაში კომისიის დასკვნის არარსებობის შემთხვევაში ითვლება, რომ კომისიას არ აქვს შენიშვნები მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

7. იმის შეფასებისას, საფრთხეს უქმნის თუ არა მესამე მსოფლიოს ქვეყნის ან ქვეყნების წარმომადგენელი პირის ან პირების მიერ კონტროლის განხორციელება გაერთიანებისთვის ენერგიის მიწოდების უსაფრთხოებას, კომისიამ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:

(a) შემთხვევისთვის ან შესაბამისი მესამე მსოფლიოს ქვეყნის ან ქვეყნებისთვის დამახასიათებელი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები; და

(b) ამ მესამე მსოფლიოს ქვეყანასთან ან ქვეყნებთან დაკავშირებით გაერთიანების უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო სამართლიდან, მათ შორის ერთ ან რამდენიმე მესამე მსოფლიოს ქვეყანასთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან, რომლის ხელშემკვრელ მხარესაც წარმოადგენს გაერთიანება და რომელიც ეხება ენერგიის მიწოდების უსაფრთხოების საკითხს.

8. მე-6 აბზაცით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 2 თვის განმავლობაში ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება სერტიფიცირების შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინოს კომისიის მოსაზრება. ნებისმიერ შემთხვევაში წევრ სახელმწიფოს უფლება უნდა ჰქონდეს უარი თქვას სერტიფიცირებაზე, თუ სერტიფიცირება საფრთხეს უქმნის ამ ან სხვა წევრი სახელმწიფოს ენერგიის მიწოდების უსაფრთხოებას. თუ წევრმა სახელმწიფომ მე-3(b) აბზაცის შესაფასებლად დანიშნა სხვა კომპეტენტური ორგანო, მან შესაძლოა მოსთხოვოს ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ამ კომპეტენტური ორგანოს შეფასების შესაბამისად. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილება და კომისიის დასკვნა ქვეყნდება ერთად. თუ საბოლოო გადაწყვეტილება ემიჯნება კომისიის დასკვნას, შესაბამისმა წევრმა სახელმწიფომ ამ გადაწყვეტილებასთან ერთად უნდა მოამზადოს და გამოაქვეყნოს ასეთი გადაწყვეტილების დასაბუთება.

9. ეს მუხლი არ ახდენს გავლენას წევრი სახელმწიფოს უფლებაზე გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სახელმწიფო სამართლებრივი კონტროლი ლეგიტიმური საჯარო უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად.

10. კომისიამ შეიძლება მიიღოს სახელმძღვანელო მითითებები, სადაც დეტალურად იქნება ჩამოყალიბებული ის პროცედურა, რომლის დაცვაც უნდა მოხდეს ამ მუხლის გამოყენებისას. ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს ამ დირექტივის არაარსებით ელემენტებში შესწორებების შეტანას მათში დამატებების შეტანის გზით, მიღებული უნდა იქნეს მარეგულირებელი პროცედურის შესაბამისად, გულდასმით გამოკვლევის საფუძველზე, 46(2)-ე მუხლის შესაბამისად.

11. ეს მუხლი, გარდა მე-3(a) აბზაცისა, ასევე ვრცელდება იმ წევრ სახელმწიფოებზეც, რომელთა შემთხვევაშიც დაშვებულია გამონაკლისი 44-ე მუხლის შესაბამისად.

მუხლი 12

გადამცემი სისტემის ოპერატორის ამოცანები

ყველა გადამცემი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია:

(a) უზრუნველყოს სისტემის მიერ ელექტროენერგიის გადაცემის გონივრული მოთხოვნების დაკმაყოფილების გრძელვადიანი შესაძლებლობა, უსაფრთხო, სანდო და ეფექტური გადამცემი სისტემების მუშაობა, ტექნიკური უზრუნველყოფა და განვითარება არსებულ ეკონომიკურ პირობებში, გარემოს დაცვის საკითხების შესაბამისად გათვალისწინებით;

(b) უზრუნველყოს ადეკვატური საშუალებების არსებობა მომსახურების ვალდებულებათა შესასრულებლად;

(c) შეიტანოს წვლილი მიწოდების უსაფრთხოებაში ადეკვატური გადაცემის სიმძლავრისა და სისტემის საიმედოობის საშუალებით;

(d) განახორციელოს სისტემაში ელექტროენერგიის ნაკადის მართვა სხვა ურთიერთდაკავშირებულ სისტემებთან ელექტროენერგიის გაცვლის გათვალისწინებით. ამ მიზნით, გადამცემი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია უზრუნველყოს უსაფრთხო, საიმედო და ეფექტური ელექტროენერგეტიკული სისტემის არსებობა და ამ კონტექსტში ყველა საჭირო დამხმარე მომსახურების, მათ შორის მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან გამომდინარე მომსახურების ხელმისაწვდომობა იმდენად, რამდენადაც ეს ხელმისაწვდომობა დამოუკიდებელია ნებისმიერი სხვა გადამცემი სისტემისგან, რომელთანაც ეს სისტემა არის ურთიერთდაკავშირებული;

(e) მიაწოდოს საკმარისი ინფორმაცია მის სისტემასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სხვა სისტემის ოპერატორს, ურთიერთდაკავშირებული სისტემის უსაფრთხო და ეფექტიანი მუშაობის, კოორდინირებული განვითარებისა და ფუნქციონალური თავსებადობის უზრუნველსაყოფად;

(f) უზრუნველყოს არადისკრიმინაციული მოპყრობა სისტემის მომხმარებლებსა და სისტემის მომხმარებლების კატეგორიებს შორის, განსაკუთრებით მასთან დაკავშირებული საწარმოების სასარგებლოდ;

(g) უზრუნველყოს ქსელზე ეფექტური დაშვებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება სისტემის მომხმარებლებისთვის; და

(h) უზრუნველყოს რეგულაციის (EC) N 714/2009 მე-13 მუხლის თანახმად გადამცემი სისტემის ოპერატორთაშორისი საკომპენსაციო მექანიზმის ფარგლებში გადატვირთვის ქირისა და გადასახდელების აკრეფაზე, მესამე მხარისთვის დაშვების უფლების მინიჭება და მისი მართვა, და დაშვებაზე უარის შემთხვევაში დასაბუთებული ახსნა-განმარტებების მიცემა, რასაც მონიტორინგს გაუწევენ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები; ამ მუხლით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებისას გადამცემი სისტემის ოპერატორებმა, უპირველეს ყოვლისა ხელი, უნდა შეუწყონ ბაზრის ინტეგრაციას.

მუხლი 13

დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი

1. თუ, 2009 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობით, გადამცემი სისტემა ეკუთვნის ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს, წევრმა სახელმწიფომ შეიძლება გადაწყვიტოს არ გამოიყენოს მე-9(1) მუხლი და გადამცემი სისტემის მფლობელის წინადადების საფუძველზე დანიშნოს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი. დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის დანიშვნა უნდა დამტკიცდეს კომისიის მიერ.

2. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ დაამტკიცონ და დანიშნონ დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორები მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:

(a) ოპერატორობის კანდიდატი დაამტკიცებს, რომ ის აკმაყოფილებს მე-9(1) მუხლის (b), (c) და (d) ქვეპუნქტების მოთხოვნებს;

(b) ოპერატორობის კანდიდატი დაამტკიცებს, რომ მის განკარგულებაშია მე-12 მუხლით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო ფინანსური, ტექნიკური, ფიზიკური და ადამიანური რესურსები;

(c) ოპერატორობის კანდიდატი აიღებს ვალდებულებას, დაიცვას ქსელის 10-წლიანი განვითარების გეგმა, რომელზეც მონიტორინგს ახორციელებს მარეგულირებელი ორგანო;

(d) გადამცემი სისტემის მფლობელი დაამტკიცებს, რომ მას შეუძლია მე-5 აბზაცით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. ამ მიზნით მან უნდა წარადგინოს კანდიდატ საწარმოსთან ან სხვა შესაბამის დაწესებულებასთან დადებული სახელშეკრულებო პირობების ყველა პროექტი; და

(e) ოპერატორობის კანდიდატი გამოავლენს მის მიერ რეგულაციით (EC) No 714/2009 გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, ევროპულ და რეგიონალურ დონეზე გადამცემი სისტემის ოპერატორების თანამშრომლობის ჩათვლით.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ და დანიშნონ დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორებად ის საწარმოები, რომელთა სერტიფიცირებაც მოხდა მარეგულირებელი ორგანოების მიერ, მე-11 მუხლითა და ამ მუხლის მე-2 აბზაცით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველზე. გამოყენებული უნდა იქნეს ამ დირექტივის მე-10 მუხლითა და რეგულაციის (EC) N 714/2009 მე-3 მუხლით ან ამ დირექტივის მე-11 მუხლით გათვალისწინებული სერტიფიცირების პროცედურა.

4. თითოეული დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია მესამე მხარისთვის დაშვების უფლების მინიჭებასა და მის მართვაზე, მათ შორის რეგულაციის (EC) N 714/2009 მე-13 მუხლით გათვალისწინებული გადამცემი სისტემის ოპერატორთაშორისი საკომპენსაციო მექანიზმის ფარგლებში დაშვების გადასახადების, გადატვირთვის გადასახადებისა და სხვა გადასახდელების აკრეფაზე, ასევე გადამცემი სისტემის მუშაობაზე, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და განვითარებაზე, და სისტემის მიერ გონივრული მოთხოვნის დაკმაყოფილების გრძელვადიანი უნარის უზრუნველყოფაზე საინვესტიციო დაგეგმვის საშუალებით. გადამცემი სისტემის განვითარებისას, დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია ახალი ინფრასტრუქტურის დაგეგმვაზე (ავტორიზაციის პროცედურის ჩათვლით), მშენებლობასა და ექსპლუატაციაში გაშვებაზე. ამ მიზნით დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი უნდა მოქმედებდეს როგორც გადამცემი სისტემის ოპერატორი ამ თავის თანახმად. გადამცემი სისტემის მფლობელი არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარისთვის დაშვების მინიჭებაზე და მის მართვაზე, და არც საინვესტიციო დაგეგმვაზე.

5. დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის დანიშვნის შემთხვევაში გადამცემი სისტემის მფლობელმა:

(a) უნდა ითანამშრომლოს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორთან და მხარი დაუჭიროს მას მისი ამოცანების შესრულებაში, განსაკუთრებით ყველა შესაბამისი ინფორმაციის ჩათვლით;

(b) უნდა დააფინანსოს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მიერ გადაწყვეტილი და მარეგულირებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული ინვესტიციები, ან განაცხადოს თანხმობა ნებისმიერი დაინტერესებული მხარის, მათ შორის დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მიერ მათ დაფინანსებაზე. შესაბამისი დაფინანსების მექანიზმები უნდა დამტკიცდეს მარეგულირებელი ორგანოს მიერ. დამტკიცებამდე მარეგულირებელმა ორგანომ სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად კონსულტაცია უნდა გაიაროს გადამცემი სისტემის მფლობელთან;

(c) უნდა უზრუნველყოს ქსელის აქტივებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება, დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის ამოცანებთან დაკავშირებული ვალდებულებების გარდა; და

(d) უნდა წარმოადგინოს გარანტიები ქსელის გაფართოების დაფინანსების ხელშესაწყობად, გარდა იმ ინვესტიციებისა, რომლებზეც მან (b) ქვეპუნქტის შესაბამისად თანხმობა მისცა სხვა დაინტერესებული მხარის, მათ შორის დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მიერ დაფინანსებაზე.

6. შესაბამის სახელმწიფო საკონკურსო ორგანოს უნდა მიენიჭოს ყოველგვარი სათანადო უფლებამოსილება, რათა მარეგულირებელ ორგანოსთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელოს ეფექტური მონიტორინგი გადამცემი სისტემის მფლობელის მიერ მე-5 აბზაცით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე.

მუხლი 14

გადამცემი სისტემის მფლობელების გამოყოფა

1. თუ დანიშნულია დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი, გადამცემი სისტემის მფლობელი, რომელიც წარმოადგენს ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილს, სულ მცირე სამართლებრივი ფორმით, ორგანიზაციული და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, უნდა იყოს დამოუკიდებელი სხვა ისეთი საქმიანობისგან, რომელიც არ უკავშირდება ელექტროენერგიის გადაცემას.

2. პირველი აბზაცით გათვალისწინებული გადამცემი სისტემის მფლობელის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად უნდა მოხდეს შემდეგი მინიმალური კრიტერიუმების დაკმაყოფილება:

(a) გადამცემი სისტემის მფლობელის მართვაზე პასუხისმგებელმა პირებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა ინტეგრირებული ელექტროენერგეტიკული საწარმოს სტრუქტურაში, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ პასუხისმგებელია ელექტროენერგიის გენერაციის, განაწილებისა და მიწოდების ყოველდღიურ საქმიანობაზე;

(b) მიღებული უნდა იქნეს სათანადო ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს გადამცემი სისტემის მფლობელის მართვაზე პასუხისმგებელი პირების პროფესიული ინტერესების გათვალისწინებას ისე, რომ მათ ჰქონდეთ დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება; და

(c) გადამცემი სისტემის მფლობელმა უნდა შეიმუშავოს შესაბამისობის პროგრამა, რომელიც ადგენს ზომებს დისკრიმინაციული ქცევის გამოსარიცხად და ამ პროგრამის შესრულების ადეკვატური მონიტორინგის უზრუნველსაყოფად. შესაბამისობის პროგრამა უნდა ადგენდეს ამ მიზნების მისაღწევად თანამშრომელთა კონკრეტულ ვალდებულებებს. შესაბამისობის პროგრამის მონიტორინგზე პასუხისმგებელმა პირმა ან ორგანომ მიღებული ზომების შესახებ ყოველწლიური ანგარიში უნდა წარუდგინოს მარეგულირებელ ორგანოს და გამოაქვეყნოს ის.

3. კომისიამ შესაძლოა შეიმუშაოს სახელმძღვანელო მითითებები გადამცემი სისტემის მფლობელის ამ მუხლის მე-2 აბზაცთან სრული და ეფექტური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს ამ დირექტივის არაარსებით ელემენტებში შესწორებების შეტანას მათში დამატებების შეტანის გზით, მიღებული უნდა იქნეს მარეგულირებელი პროცედურის შესაბამისად, გულდასმით გამოკვლევის საფუძველზე, 46(2)-ე მუხლის თანახმად.

მუხლი 15

დისპეტჩერიზაცია და დაბალანსება

1. სახელშეკრულებო ვალდებულებების, მათ შორის სატენდერო მოთხოვნებიდან წარმოშობილი ვალდებულებების საფუძველზე ელექტროენერგიის მიწოდების შეუზღუდავად, ასეთი ფუნქციის ქონის შემთხვევაში გადამცემი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია თავის ზონაში გენერაციის დანადგარების დისპეტჩერიზაციაზე და სხვა სისტემებთან ურთიერთდამაკავშირებლების გამოყენების განსაზღვრაზე.

2. გენერაციის დანადგარების დისპეტჩერიზაცია და სხვა სისტემებთან ურთიერთდამაკავშირებლების გამოყენება განისაზღვრება კომპეტენტური ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად, რომლებიც უნდა იყოს ობიექტური, და გამოქვეყნდეს და გამოყენებულ იქნეს არადისკრიმინაციული ფორმით, რაც უზრუნველყოფს ელექტროენერგიის შიდა ბაზრის სწორ ფუნქციონირებას. კრიტერიუმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ხელმისაწვდომი გენერაციის დანადგარებიდან ან ურთიერთდამაკავშირებლის გადაცემიდან მიღებული ელექტროენერგიის ეკონომიკური უპირატესობა და სისტემაში არსებული ტექნიკური შეზღუდვები.

3. წევრმა სახელმწიფომ შესაძლოა მოსთხოვოს სისტემის ოპერატორებს დირექტივის 2009/28/EC მე-16 მუხლის დაცვა გენერაციის დანადგარების დისპეტჩერიზაციისას განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით. წევრმა სახელმწიფომ ასევე შესაძლოა მოსთხოვოს სისტემის ოპერატორს უპირატესობის მინიჭება კომბინირებული სითბოსა და სიმძლავრის მწარმოებელი გენერაციის დანადგარების დისპეტჩერიზაციის დროს.

4. მიწოდების უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, წევრმა სახელმწიფომ შესაძლოა განსაზღვროს, რომ უპირატესობა მიენიჭოს იმ გენერაციის დანადგარების დისპეტჩერიზაციას, რომლებიც იყენებენ ენერგიის ადგილობრივ პირველადი საწვავის წყაროებს, რომელიც კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს ამ წევრ სახელმწიფოში მოხმარებული ელექტროენერგიის საწარმოებლად საჭირო მთლიანი პირველადი ენერგიის 15%-ს.

5. წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილების შემთხვევაში მარეგულირებელმა ორგანოებმა, ან თვითონ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოსთხოვონ გადამცემი სისტემის ოპერატორებს გადამცემი სისტემის, მათ შორის ურთიერთდაკავშირების სიმძლავრის შენარჩუნებისა და განვითარების მინიმალური სტანდარტების დაცვა.

6. გადამცემი სისტემის ოპერატორებმა, თუ მათ გააჩნიათ ეს ფუნქცია, უნდა შეისყიდონ ენერგია თავიანთ სისტემაში ენერგიის დანაკარგების დასაფარად და სარეზერვო სიმძლავრის შესანარჩუნებლად, გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული პროცედურების შესაბამისად.

7. ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსებისთვის გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ მიღებული წესები უნდა იყოს ობიექტური, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული, ენერგიის დაუბალანსებლობის გამო მათი ქსელების სისტემის მომხმარებლებისთვის გადასახადების დაკისრების წესების ჩათვლით. გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ ასეთი მომსახურების გაწევის პირობები, წესებისა და ტარიფების ჩათვლით, უნდა დამტკიცდეს 37(6)-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისი მეთოდოლოგიით, არადისკრიმინაციული და ხარჯების ამსახველი ფორმით და უნდა გამოქვეყნდეს.

მუხლი 16

კონფიდენციალურობის პრინციპები გადამცემი სისტემის ოპერატორებისა და გადამცემი სისტემის მფლობელებისთვის

1. 30-ე მუხლის ან ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სამართლებრივი ვალდებულების შეუზღუდავად, თითოეულმა გადამცემი სისტემის ოპერატორმა და გადამცემი სისტემის მფლობელმა უნდა დაიცვას თავისი საქმიანობის განხორციელებისას მოპოვებული კომერციულად სენსიტიური ინფორმაციის კონფიდენციალურობა და თავიდან აიცილოს საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული კომერციული უპირატესობის მომცემი ინფორმაციის გამჟღავნება დისკრიმინაციული გზით. განსაკუთრებით, მან არ უნდა გაუმჟღავნოს კომერციულად სენსიტიური ინფორმაცია საწარმოს დანარჩენ სტრუქტურულ ერთეულებს, თუ ეს საჭირო არ არის ბიზნეს ტრანზაქციის განსახორციელებლად. ინფორმაციის გამოყოფის წესების სრული დაცვის უზრუნველსაყოფად წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორმა და საწარმოს დანარჩენმა სტრუქტურულმა ერთეულებმა არ ისარგებლონ ერთობლივი მომსახურებებით როგორიცაა ერთობლივი იურიდიული მომსახურება, წმინდა ადმინისტრაციული და საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ფუნქციების გარდა.

2. დაკავშირებული საწარმოების მიერ ელექტროენერგიის გაყიდვასთან ან შეძენასთან მიმართებაში გადამცემი სისტემის ოპერატორებმა ბოროტად არ უნდა გამოიყენონ სისტემაზე დაშვების უფლების მინიჭების ან დაშვების უფლების შესახებ მოლაპარაკების წარმოების დროს მესამე მხარისგან მიღებული კომერციულად სენსიტიური ინფორმაცია.

3. ბაზარზე ეფექტური კონკურენციისა და ბაზრის ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს. ეს ვალდებულება არ უნდა ზღუდავდეს კომერციულად სენსიტიური ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვას.

თავი V

დამოუკიდებელი ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორი

მუხლი 17

აქტივები, მოწყობილობა-დანადგარები, პერსონალი და საიდენტიფიკაციო ინფორმაცია

1. გადამცემი სისტემის ოპერატორები აღჭურვილი უნდა იყვნენ ამ დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და ელექტროენერგიის გადაცემის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ადამიანური, ტექნიკური, ფიზიკური და ფინანსური რესურსებით, კერძოდ კი:

(a) გადამცემი სისტემის ოპერატორი უნდა ფლობდეს ელექტროენერგიის გადაცემის საქმიანობისთვის, მათ შორის გადამცემი სისტემისთვის საჭირო აქტივებს;

(b) გადამცემი სისტემის ოპერატორს დასაქმებული უნდა ჰყავდეს პერსონალი, რომელიც საჭიროა ელექტროენერგიის გადაცემის საქმიანობისთვის, მათ შორის ყველა კორპორატიული დავალების შესასრულებლად;

(c) აკრძალული უნდა იყოს პერსონალის დაქირავება და მომსახურების გაწევა ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს რომელიმე ნაწილისთვის ან ამ საწარმოს ნაწილის მიერ. თუმცა, გადამცემი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა გაუწიოს მომსახურება ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს, თუ:

(i) ასეთი მომსახურების გაწევა არ ახდენს სისტემის მომხმარებელთა დისკრიმინაციას, ხელმისაწვდომია სისტემის ყველა მომხმარებლისთვის თანაბარი პირობებით და არ ზღუდავს, არ აფერხებს და ხელს არ უშლის კონკურენციას გენერაციაში ან მიწოდებაში; და

(ii) ამ მომსახურებათა გაწევის პირობები დამტკიცებულია მარეგულირებელი ორგანოს მიერ.

(d) მე-20 მუხლით გათვალისწინებული სამეთვალყურეო ორგანოს გადაწყვეტილების შეუზღუდავად, სამომავლო საინვესტიციო პროექტებისთვის და/ან არსებული აქტივების შესაცვლელად საჭირო შესაბამისი ფინანსური რესურსები ვერტიკალურად ინტეგრირებულმა საწარმომ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის, ამ უკანასკნელის შესაბამისი თხოვნიდან გონივრულ ვადაში.

2. ელექტროენერგიის გადაცემის საქმიანობა მე-12 მუხლში ჩამოთვლილი ვალდებულებების გარდა ასევე უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგს:

(a) გადამცემი სისტემის ოპერატორის წარმომადგენლობას და მესამე პირებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობას;

(b) გადამცემი სისტემის ოპერატორის წარმომადგენლობას „ელექტროენერგიის გადამცემი სისტემების ოპერატორების ევროპულ ქსელში“ (ENTSO- E);

(c) სისტემის მომხმარებლებს ან სისტემის მომხმარებელთა კატეგორიებს შორის მესამე მხარისთვის დაშვების უფლების მინიჭებას და ამ უფლების მართვას არადისკრიმინაციულ საფუძველზე;

(d) გადამცემ სისტემასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის, მათ შორის დაშვების გადასახადის, დამატებითი მომსახურებების დამაბალანსებელი გადასახადის, როგორიცაა მომსახურების შეძენის გადასახადი (დაბალანსების ღირებულება, დანაკარგების ენერგია), აკრეფას;

(e) უსაფრთხო, ეფექტური და რენტაბელური გადამცემი სისტემის მუშაობას, შენახვასა და განვითარებას;

(f) საინვესტიციო დაგეგმვას, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის მიერ გონივრული მოთხოვნის დაკმაყოფილების გრძელვადიან შესაძლებლობას და მიწოდების უსაფრთხოებას;

(g) შესაბამისი ერთობლივი ვენჩერული საზოგადოებების დაფუძნებას, მათ შორის ერთი ან მეტი გადამცემი სისტემის ოპერატორის, ენერგიის გაცვლისა და სხვა შესაბამისი მონაწილეების შემადგენლობით, რომლებიც ასრულებენ რეგიონალური ბაზრის შექმნის განვითარების ან ლიბერალიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნებს;

(h) ყველა კორპორატიულ მომსახურებას, იურიდიული, საბუღალტრო და საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ჩათვლით.

3. გადამცემი სისტემის ოპერატორები უნდა ჩამოყალიბდნენ საბჭოს დირექტივის 68/151/EEC19  პირველი მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით.

4. გადამცემი სისტემის ოპერატორი თავისი კორპორატიული საიდენტიფიკაციო ნიშნებით, კომუნიკაციით, ბრენდირებითა და ობიექტებით არ უნდა იწვევდეს გაურკვევლობას ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ან მისი რომელიმე სტრუქტურული ერთეულის განცალკევებული საიდენტიფიკაციო ნიშნებიდან გამომდინარე.

5. გადამცემი სისტემის ოპერატორს არ უნდა ჰქონდეს ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს რომელიმე სტრუქტურულ ერთეულთან საერთო საინფორმაციო სისტემები ან მოწყობილობა-დანადგარები, ფიზიკური ობიექტები და უსაფრთხო დაშვების სისტემები, და ასევე არ უნდა იყენებდეს იგივე კონსულტანტებს ან გარე კონტრაქტორებს საინფორმაციო სისტემებისა და მოწყობილობა-დანადგარებისთვის და უსაფრთხო დაშვების სისტემებისთვის.

6. გადამცემი სისტემის ოპერატორის ანგარიშების აუდიტი უნდა განახორციელოს სხვა აუდიტორმა, გარდა იმ აუდიტორისა, რომელიც ატარებს ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ან მისი რომელიმე სტრუქტურული ერთეულის აუდიტს.

მუხლი 18

გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობა

1. მე-20 მუხლით გათვალისწინებული სამეთვალყურეო ორგანოს გადაწყვეტილებების შეუზღუდავად გადამცემი სისტემის ოპერატორს უნდა ჰქონდეს:

(a) ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოსგან დამოუკიდებლად ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უფლებები გადამცემი სისტემის მუშაობისთვის, ტექნიკური უზრუნველყოფისა და განვითარებისთვის საჭირო აქტივებთან მიმართებაში; და

(b) სასესხო კაპიტალის ბაზარზე ფულადი სახსრების მოძიების უფლებამოსილება, განსაკუთრებით, სესხის აღებისა და კაპიტალის გაზრდის მეშვეობით.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორი მუდმივად უნდა მოქმედებდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნეს გადაცემის საქმიანობის სათანადოდ და ეფექტიანად განხორციელებისთვის და ეფექტური, უსაფრთხო და რენტაბელური გადამცემი სისტემის განვითარებისა და შენარჩუნებისთვის საჭირო რესურსების ქონა.

3. გენერაციის ან მიწოდების ფუნქციის განმახორციელებელი ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს შვილობილი კომპანიები არ უნდა იყვნენ გადამცემი სისტემის ოპერატორების პირდაპირი ან არაპირდაპირი აქციონერები. გადამცემი სისტემის ოპერატორი არ უნდა იყოს გენერაციის ან მიწოდების საქმიანობის განმახორციელებელი ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს რომელიმე შვილობილი კომპანიის პირდაპირი ან არაპირდაპირი აქციონერი და არ უნდა იღებდეს დივიდენდს ან სხვა ფინანსურ სარგებელს ამ შვილობილი კომპანიიდან.

4. გადამცემი სისტემის ოპერატორის მმართველობის მთლიანი სტრუქტურა და კორპორატიული წესდებები უნდა უზრუნველყოფდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის ეფექტურ დამოუკიდებლობას ამ თავის მოთხოვნათა დაცვით. ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმო არ უნდა განსაზღვრავდეს, პირდაპირ ან არაპირდაპირ, გადამცემი სისტემის ოპერატორის კონკურენტულ ქცევას გადამცემი სისტემის ოპერატორის ყოველდღიურ საქმიანობასა და ქსელის მართვასთან დაკავშირებით, ან 22-ე მუხლის შესაბამისად შემუშავებული ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმის მომზადებისთვის აუცილებელ საქმიანობასთან მიმართებაში.

5. ამ დირექტივის მე-12 და მე-17(2) მუხლებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების და რეგულაციის (EC) N 714/2009 მე-14, მე-15 და მე-16 მუხლების მოთხოვნათა დაცვის დროს გადამცემი სისტემის ოპერატორმა არ უნდა განახორციელოს დისკრიმინაცია სხვადასხვა პირებისა ან დაწესებულებების მიმართ და არ უნდა შეზღუდოს, მიაყენოს ზიანი ან ხელი შეუშალოს კონკურენციას გენერაციასა ან მიწოდებაში.

6. ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოსა და გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის ნებისმიერი კომერციული და ფინანსური ურთიერთობა, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოზე გაცემული სესხების ჩათვლით, უნდა აკმაყოფილებდეს ბაზრის პირობებს. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა აწარმოოს აღნიშნული კომერციული და ფინანსური ურთიერთობების აღრიცხვა და მოთხოვნის შემთხვევაში ხელმისაწვდომი გახადოს ის მარეგულირებელი ორგანოსთვის.

7. გადამცემი სისტემის ოპერატორმა მარეგულირებელ ორგანოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოსთან გაფორმებული ყველა კომერციული და ფინანსური შეთანხმება.

8. გადამცემი სისტემის ოპერატორმა მარეგულირებელ ორგანოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მე-17(1) მუხლის (d) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფინანსური რესურსების შესახებ, რომლებიც ხელმისაწვდომია სამომავლო საინვესტიციო პროექტებისთვის და/ან არსებული აქტივების შესაცვლელად.

9. ვერტიკალურად ინტეგრირებულმა საწარმომ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც ხელს უშლის ან ზღუდავს გადამცემი სისტემის ოპერატორს ამ თავით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში, და არ უნდა დაავალდებულოს გადამცემი სისტემის ოპერატორი ამ ვალდებულებების შესრულების ნებართვა აიღოს ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოსგან.

10. საწარმო, რომლის მიერ ამ თავის მოთხოვნათა შესრულება დადასტურებულია მარეგულირებელი ორგანოს მიერ, უნდა დაამტკიცოს და დანიშნოს გადამცემი სისტემის ოპერატორად შესაბამისმა წევრმა სახელმწიფომ. გამოყენებულ უნდა იქნეს ამ დირექტივის მე-10 მუხლითა და რეგულაციის (EC) N 714/2009 მე-3 მუხლით, ან ამ დირექტივის მე-11 მუხლით გათვალისწინებული სერტიფიცირების პროცედურა.

მუხლი 19

გადამცემი სისტემის ოპერატორის პერსონალისა და ხელმძღვანელობის დამოუკიდებლობა

1. გადამცემი სისტემის ოპერატორის მართვაზე პასუხისმგებელი პირების და/ან ადმინისტრაციული ორგანოს წევრების დანიშვნის, თანამდებობაზე აღდგენის, სამუშაო პირობების, მათ შორის ანაზღაურებისა და თანამდებობაზე ყოფნის ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იქნეს მე-20 მუხლის შესაბამისად დანიშნული გადამცემი სისტემის ოპერატორის სამეთვალყურეო ორგანოს მიერ.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორის აღმასრულებელ ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირების და/ან სამეთვალყურეო ორგანოს მიერ წამოყენებული ადმინისტრაციული ორგანოების წევრებად დანიშვნის ან თანამდებობაზე აღდგენის კანდიდატების ვინაობის და თანამდებობაზე ყოფნის ვადის, ხანგრძლივობისა და შეწყვეტის მარეგულირებელი წესების შესახებ და თანამდებობაზე ყოფნის ვადის შეწყვეტის შესახებ წამოყენებული გადაწყვეტილებები უნდა ეცნობოს მარეგულირებელ ორგანოს. პირველი აბზაცით გათვალისწინებული პირობები და გადაწყვეტილებები შესასრულებლად სავალდებულო გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მარეგულირებელი ორგანო არ გამოთქვამს საწინააღმდეგო აზრს ცნობის მიღებიდან 3 კვირის განმავლობაში.

მარეგულირებელი ორგანო შეიძლება არ დაეთანხმოს პირველი აბზაცით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს, თუ:

(a) არსებობს ეჭვი ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირების და/ან ადმინისტრაციული ორგანოების წევრობის კანდიდატების პროფესიულ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით; ან

(b) თანამდებობაზე ყოფნის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში ეჭვქვეშაა ასეთი ვადამდელი შეწყვეტის სამართლიანობა.

3. ამ აბზაცით გათვალისწინებული გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირების ან ადმინისტრაციული ორგანოს წევრების დანიშვნამდე სამი წლის განმავლობაში არ უნდა მოხდეს პირდაპირ ან არაპირდაპირ პროფესიული პოზიციის დაკავება ან პასუხისმგებლობის, ინტერესის ან საქმიანი ურთიერთობების გამოყენება ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოში ან მის სტრუქტურულ ერთეულში ან მის მაკონტროლებელ აქციონერებში, გადამცემი სისტემის ოპერატორის გარდა.

4. გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელ პირებს ან ადმინისტრაციული ორგანოების წევრებს და თანამშრომლებს არ უნდა ეკავოთ, პირდაპირ ან არაპირდაპირ, სხვა პროფესიული თანამდებობა ან არ უნდა ჰქონდეთ პასუხისმგებლობა, რაიმე ინტერესი ან საქმიანი ურთიერთობა ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს რომელიმე სხვა სტრუქტურულ ერთეულში ან მათ მაკონტროლებელ აქციონერებში.

5. გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელ პირებს ან ადმინისტრაციული ორგანოების წევრებს და თანამშრომლებს არ უნდა ჰქონდეთ რაიმე ინტერესი ან იღებდნენ ფინანსურ სარგებელს, პირდაპირ ან არაპირდაპირ, გადამცემი სისტემის ოპერატორის გარდა ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს სხვა რომელიმე სტრუქტურული ერთეულისგან. მათი ანაზღაურება არ უნდა იყოს დამოკიდებული ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს, გადამცემი სისტემის ოპერატორის გარდა, საქმიანობაზე ან შედეგებზე.

6. გადამცემი სისტემის ოპერატორის მართვაზე პასუხისმგებელი პირებისთვის ან ადმინისტრაციული ორგანოების წევრებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს თანამდებობიდან მათი ვადამდე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მარეგულირებელ ორგანოში გასაჩივრების მოქმედი უფლება.

7. გადამცემი სისტემის ოპერატორში უფლებამოსილების ვადის შეწყვეტის შემდეგ გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელ პირებს ან ადმინისტრაციული ორგანოების წევრებს მათი თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ მინიმუმ 4 წლის განმავლობაში არ უნდა ეკავოთ, პირდაპირ ან ირიბად, პროფესიული პოზიცია, ან ჰქონდეთ პასუხისმგებლობა ან რაიმე ინტერესი ან საქმიანი ურთიერთობა ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს რომელიმე სტრუქტურულ ერთეულში, გადამცემი სისტემის ოპერატორის გარდა, ან მის მაკონტროლებელ აქციონერებში.

8. მე-3 აბზაცი ვრცელდება გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირების და/ან ადმინისტრაციული ორგანოების წევრების უმრავლესობაზე.

გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირები და/ან ადმინისტრაციული ორგანოს წევრები, რომლებზეც არ ვრცელდება მე-3 აბზაცის მოთხოვნები, არ უნდა ახორციელებდნენ მმართველობით ან სხვა მსგავს საქმიანობას ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოში მათ დანიშვნამდე 6 თვის განმავლობაში.

ამ აბზაცის პირველი ქვეაბზაცი და მე-4-7 აბზაცები ვრცელდება ყველა პირზე, რომელიც შედის აღმასრულებელ ხელმძღვანელობაში, და იმ პირებზე რომლებიც პირდაპირ არიან ანგარიშვალდებული მათ წინაშე ქსელის მუშაობასთან, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მუხლი 20

სამეთვალყურეო ორგანო

1. გადამცემი სისტემის ოპერატორს უნდა ჰყავდეს სამეთვალყურეო ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაზე, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეს მნიშვნელოვანი ზეგავლენა გადამცემი სისტემის ოპერატორის აქციონერთა აქტივების ღირებულებაზე, განსაკუთრებით კი წლიური და უფრო გრძელვადიანი ფინანსური გეგმების დამტკიცებასთან, გადამცემი სისტემის ოპერატორის დავალიანების დონესთან და აქციონერებზე გაცემული დივიდენდების რაოდენობასთან დაკავშირებით. სამეთვალყურეო ორგანოს პასუხისმგებლობის ფარგლებში არ მოხდება ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ეხება გადამცემი სისტემის ოპერატორის ყოველდღიურ საქმიანობას და ქსელის მართვას, და 22-ე მუხლის შესაბამისად შემუშავებული 10-წლიანი სამოქმედო გეგმის მომზადებისთვის აუცილებელ საქმიანობას.

2. სამეთვალყურეო ორგანო უნდა შედგებოდეს წევრებისგან, რომლებიც წარმოადგენენ ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს, აქციონერ მესამე მხარეებს და, წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წევრებისგან რომლებიც წარმოადგენენ სხვა დაინტერესებულ მხარეებს, როგორიცაა გადამცემი სისტემის ოპერატორის თანამშრომლები.

3. მე-19(2) მუხლი და მე-19(3)-(7) მუხლი ვრცელდება მინიმუმ სამეთვალყურეო ორგანოს წევრთა ნახევარზე, ერთი წევრის გამოკლებით.

მე-19(2) მუხლის მე-2 ქვეაბზაცის (b) ქვეპუნქტი ვრცელდება სამეთვალყურეო ორგანოს ყველა წევრზე.

მუხლი 21

შესაბამისობის პროგრამა და შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტი

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ შესაბამისობის პროგრამის დამტკიცება და დანერგვა, რომელიც ადგენს დისკრიმინაციული ქცევის თავიდან ასაცილებლად გატარებულ ზომებს, და ასევე უნდა უზრუნველყონ ამ პროგრამასთან შესაბამისობაზე ადეკვატური მონიტორინგის განხორციელება. შესაბამისობის პროგრამა უნდა ადგენდეს ამ მიზნების მისაღწევად თანამშრომელთა კონკრეტულ ვალდებულებებს. აღნიშნული უნდა დამტკიცდეს მარეგულირებელი ორგანოს მიერ. ეროვნული მარეგულირებლის უფლებამოსილების შეუზღუდავად, დამოუკიდებლად უნდა განხორციელდეს შესაბამისობის პროგრამის მონიტორინგი შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტის მიერ.

2. შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტი უნდა დაინიშნოს სამეთვალყურეო ორგანოს მიერ, მარეგულირებელი ორგანოს თანხმობით. მარეგულირებელ ორგანოს შეუძლია უარი თქვას შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტის დანიშვნაზე მხოლოდ დამოუკიდებლობისა და პროფესიული შესაძლებლობების არქონის გამო. შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი. შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტზე ვრცელდება მე-19(2)-(8) მუხლი.

3. შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტი პასუხისმგებელია:

(a) შესაბამისობის პროგრამის დანერგვის მონიტორინგზე;

(b) წლიური ანგარიშის შემუშავებაზე, რომელიც ადგენს შესაბამისობის პროგრამის განხორციელებისთვის გატარებულ ღონისძიებებს და მის წარდგენაზე მარეგულირებელ ორგანოში;

(c) მარეგულირებელი ორგანოს წინაშე ანგარიშგებაზე და შესაბამისობის პროგრამასა და მის განხორციელებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემაზე;

(d) შესაბამისობის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით ნებისმიერი არსებითი დარღვევის შესახებ მარეგულირებელი ორგანოსთვის შეტყობინებაზე; და

(e) მარეგულირებელი ორგანოს წინაშე ანგარიშგებაზე ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოსა და გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის ნებისმიერი კომერციული და ფინანსური ურთიერთობის შესახებ.

4. შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტმა მარეგულირებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს შემოთავაზებული გადაწყვეტილებები საინვესტიციო გეგმასთან ან ქსელში ინდივიდუალურ ინვესტიციებთან დაკავშირებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს მინიმუმ გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელობის და/ან კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მათი წარდგენისას სამეთვალყურეო ორგანოსთვის.

5. თუ ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმო გენერალური ასამბლეის ან სამეთვალყურეო ორგანოში მის მიერ დანიშნული წევრების ხმების გამოყენებით ხელს შეუშლის გადაწყვეტილების მიღებას, რაც გამოიწვევს ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმით მომდევნო 3 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინვესტიციების შეფერხებას ან გადავადებას, შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტმა აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოს მარეგულირებელ ორგანოს, რომელმაც შემდგომ უნდა იმოქმედოს 22-ე მუხლის შესაბამისად.

6. პირობები, რომლითაც რეგულირდება შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტის მანდატი ან დასაქმების პირობები, მისი მანდატის ხანგრძლივობის ჩათვლით, უნდა დამტკიცდეს მარეგულირებელი ორგანოს მიერ. ეს პირობები უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტის დამოუკიდებლობას, მათ შორის მის უზრუნველყოფას მისი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი რესურსებით. მისი მანდატის განმავლობაში შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტს არ შეიძლება პირდაპირ ან არაპირდაპირ ეკავოს რაიმე პროფესიული პოზიცია, ჰქონდეს პასუხისმგებლობა ან ინტერესი ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოში ან მის რომელიმე სტრუქტურულ ერთეულში ან მაკონტროლებელ აქციონერებთან.

7. შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტმა რეგულარულად, სიტყვიერად ან წერილობითი ფორმით უნდა წარუდგინოს ანგარიში მარეგულირებელ ორგანოს და უფლება უნდა ჰქონდეს რეგულარულად, სიტყვიერად ან წერილობითი ფორმით წარუდგინოს ანგარიში გადამცემი სისტემის ოპერატორის სამეთვალყურეო ორგანოს.

8. შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტი შესაძლოა ესწრებოდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელობის ან ადმინისტრაციული ორგანოების, სამეთვალყურეო ორგანოს და გენერალური ასამბლეის შეხვედრებს. შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტი უნდა დაესწროს ყველა შეხვედრას, რომელიც იმართება შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

(a) რეგულაციით (EC) N 714/2009 გათვალისწინებული ქსელზე დაშვების პირობები, კერძოდ ტარიფებთან, მესამე მხარის დაშვების მომსახურებასთან, სიმძლავრის განაწილებასა და გადატვირთვის მართვასთან, გამჭვირვალობასთან, დაბალანსებასთან და მეორად ბაზრებთან დაკავშირებით;

(b) გადამცემი სისტემის მუშაობის, ტექნიკური უზრუნველყოფისა და განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტები, ურთიერთდაკავშირებისა და მიერთების ინვესტიციების ჩათვლით;

(c) გადამცემი სისტემის მუშაობისთვის საჭირო ენერგიის შესყიდვა და გაყიდვა.

9. შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტმა მონიტორინგი უნდა გაუწიოს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მე-16 მუხლის პირობების დაცვას.

10. შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტს უნდა ჰქონდეს წვდომა გადამცემი სისტემის ოპერატორის ყველა სათანადო მონაცემსა და სამსახურზე, და მისი ამოცანების შესასრულებლად საჭირო ყოველგვარ ინფორმაციაზე.

11. მარეგულირებელი ორგანოს წინასწარი თანხმობით სამეთვალყურეო ორგანოს შეუძლია თანამდებობიდან გაათავისუფლოს შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტი. მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე მან შესაძლოა თანამდებობიდან გაათავისუფლოს შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტი დამოუკიდებლობის ან პროფესიული უნარ-ჩვევების არქონის გამო.

12. შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტს უნდა ჰქონდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის ოფისში დაშვების უფლება წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

მუხლი 22

ქსელის განვითარება და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება

1. ყოველ წელს ყველა შესაბამის დაინტერესებულ პირთან კონსულტაციის შემდეგ გადამცემი სისტემის ოპერატორებმა მარეგულირებელ ორგანოს უნდა წარუდგინონ ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმა არსებული და საპროგნოზო მიწოდებისა და მოთხოვნის მონაცემებზე დაყრდნობით. ქსელის განვითარების გეგმა უნდა მოიცავდეს ეფექტიან ღონისძიებებს სისტემის ადეკვატურობისა და მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

2. კერძოდ, ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმა:

(a) ბაზრის მონაწილეებს უნდა მიუთითებდეს ელექტროენერგიის გადაცემის ძირითადი ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელიც უნდა შეიქმნას ან განახლდეს მომავალი 10 წლის განმავლობაში;

(b) უნდა მოიცავდეს ყველა ინვესტიციას, რომელზეც გადაწყვეტილება იქნა მიღებული და განსაზღვრავდეს ახალ ინვესტიციებს, რომელიც უნდა განხორციელდეს მომავალი 3 წლის განმავლობაში; და

(c) უნდა განსაზღვრავდეს ყველა საინვესტიციო პროექტის განხორციელების ვადებს.

3. ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმის შემუშავებისას გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა გააკეთოს გონივრული დაშვებები გენერაციის, მიწოდების, მოხმარებისა და სხვა ქვეყნებთან ელექტროენერგიის გაცვლის შესახებ, რეგიონალური და გაერთიანების ქსელებისთვის განკუთვნილი საინვესტიციო გეგმების გათვალისწინებით.

4. მარეგულირებელმა ორგანომ ღია და გამჭვირვალე გზით უნდა გაიაროს კონსულტაციები სისტემის ყველა არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთან ქსელის განვითარების 10-წლიან გეგმასთან დაკავშირებით. პირებს ან საწარმოებს, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან სისტემის პოტენციური მომხმარებლები, შესაძლოა დასჭირდეთ ასეთი განცხადებების დასაბუთება. მარეგულირებელმა ორგანომ უნდა გამოაქვეყნოს კონსულტაციის პროცესის შედეგი, განსაკუთრებით კი ინფორმაცია შესაძლო საინვესტიციო საჭიროებების შესახებ.

5. მარეგულირებელმა ორგანომ უნდა შეამოწმოს მოიცავს თუ არა ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმა კონსულტაციის პროცესში გამოკვეთილ ყველა საინვესტიციო საჭიროებას და შეესაბამება თუ არა ის რეგულაციის (EC) N 714/2009 მე-8(3)(b) მუხლით გათვალისწინებულ გაერთიანების ფარგლებში მოქმედ, არასავალდებულო, ქსელის განვითარების 10-წლიან გეგმას (შემდგომში – გაერთიანების ფარგლებში მოქმედი ქსელის განვითარების გეგმა). გაერთიანების ფარგლებში მოქმედ ქსელის განვითარების გეგმასთან შესაბამისობის თვალსაზრისით ეჭვის წარმოქმნის შემთხვევაში, მარეგულირებელმა ორგანომ ამის თაობაზე კონსულტაციები უნდა გაიაროს სააგენტოსთან. მარეგულირებელმა ორგანომ შეიძლება მოსთხოვოს გადამცემი სისტემის ოპერატორს ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმის შეცვლა.

6. მარეგულირებელმა ორგანომ მონიტორინგი უნდა გაუწიოს და შეაფასოს ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმა.

7. იმ შემთხვევაში, თუ გადამცემი სისტემის ოპერატორი არ ახორციელებს ინვესტიციას, რომელიც ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმის თანახმად უნდა განხორციელებულიყო მომდევნო სამი წლის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მარეგულირებელი ორგანოს მიერ მინიმუმ ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი ზომის მიღება აღნიშნული ინვესტიციის განსახორციელებლად, თუ ეს ინვესტიცია კვლავ შეესაბამება უახლესი ქსელის განვითარების 10-წლიან გეგმას:

(a) მოსთხოვოს გადამცემი სისტემის ოპერატორს აღნიშნული ინვესტიციის განხორციელება;

(b) ორგანიზება გაუწიოს სატენდერო პროცედურას, რომელიც ღია იქნება ნებისმიერი ინვესტორისათვის ხსენებული ინვესტიციის განსახორციელებლად; ან

(c) დაავალდებულოს გადამცემი სისტემის ოპერატორი საჭირო ინვესტიციების დასაფინანსებლად დათანხმდეს კაპიტალის გაზრდას და დაუშვას დამოუკიდებელი ინვესტორების მონაწილეობა კაპიტალში.

თუ მარეგულირებელი ორგანო გამოიყენებს პირველი ქვეაბზაცის (b) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, მან შეიძლება დაავალდებულოს გადამცემი სისტემის ოპერატორი დათანხმდეს ერთ ან რამდენიმე შემდეგ პირობას:

(a) მესამე მხარის მიერ დაფინანსებას;

(b) მესამე მხარის მიერ ობიექტების მოწყობას;

(c) მის მიერ შესაბამისი ახალი აქტივების შექმნას;

(d) მის მიერ შესაბამისი ახალი აქტივების ოპერირებას.

გადამცემი სისტემის ოპერატორმა ინვესტორებს უნდა მიაწოდოს ინვესტიციის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია, მიაერთოს ახალი აქტივები გადამცემ ქსელზე და ზოგადად, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს საინვესტიციო პროექტის განხორციელებას.

შესაბამისი ფინანსური ღონისძიებები უნდა ექვემდებარებოდეს მარეგულირებელი ორგანოს თანხმობას.

8. თუ მარეგულირებელმა ორგანომ გამოიყენა მე-7 აბზაცის პირველი ქვეაბზაცით გათვალისწინებული უფლებამოსილება, სათანადო სატარიფო რეგულაციებში გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი საინვესტიციო ხარჯები.

მუხლი 23

გადამცემ სისტემაზე ახალი ელექტროსადგურის მიერთებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება

1. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა შეიმუშავოს და გამოაქვეყნოს ახალი ელექტროსადგურის გადამცემ სისტემაზე არადისკრიმინაციული მიერთების გამჭვირვალე და ეფექტური პროცედურები. ეს პროცედურები საჭიროებს დამტკიცებას ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების მიერ.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება არ აქვს, უარი თქვას ახალი ელექტროსადგურის მიერთებაზე ქსელის არსებული სიმძლავრის შესაძლო მომავალი შეზღუდვის საფუძველზე, როგორიცაა გადატვირთვა გადამცემი სისტემის მოშორებულ ნაწილებში. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს საჭირო ინფორმაციის მიწოდება.

3. გადამცემი სისტემის ოპერატორს არ უნდა ჰქონდეს უფლება, უარი თქვას ახალ მიერთების პუნქტზე იმ მიზეზით რომ ეს გამოიწვევს დამატებით ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია სისტემის ელემენტების სიმძლავრის შესაბამის ზრდასთან მიერთების პუნქტის მიახლოებულ ფარგლებში.

თავი VI

გამანაწილებელი სისტემის მუშაობა

მუხლი 24

გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების დანიშვნა

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დანიშნონ ან მოსთხოვონ გამანაწილებელი სისტემის მფლობელ ან გამანაწილებელ სისტემაზე პასუხისმგებელ საწარმოებს გამანაწილებელი სისტემის ერთი ან რამდენიმე ოპერატორის დანიშვნა იმ ვადით, რომელსაც განსაზღვრავს წევრი სახელმწიფო ეფექტიანობისა და ეკონომიკური ბალანსის ფაქტორების გათვალისწინებით. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების საქმიანობა 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად.

მუხლი 25

გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების ვალდებულებები

1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია სისტემის გრძელვადიან შესაძლებლობაზე, გარემოს დაცვისა და ენერგოეფექტურობის გათვალისწინებით, თავის ტერიტორიაზე, უზრუნველყოს ელექტროენერგიის განაწილებისა და ეკონომიკური პირობების ფარგლებში, უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის მუშაობა ტექნიკური უზრუნველყოფისა და განვითარების გონივრული მოთხოვნის შესაბამისად.

2. ნებისმიერ შემთხვევაში გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა არ უნდა მოახდინოს დისკრიმინაცია სისტემის მომხმარებლებსა და სისტემის მომხმარებლების კატეგორიებს შორის, განსაკუთრებით მასთან დაკავშირებული საწარმოების სასარგებლოდ.

3. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა სისტემის მომხმარებლებს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც მათ სჭირდებათ სისტემაზე ეფექტიანი წვდომისათვის, მათ შორის სისტემით სარგებლობისათვის.

4. გენერაციის დანადგარების დისპეტჩირებისას წევრმა სახელმწიფომ შეიძლება მოსთხოვოს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს, რომ უპირატესობა მიანიჭოს იმ გენერაციის დანადგარებს, რომლებიც იყენებენ განახლებადი ენერგიის წყაროს ან ნარჩენებს, ან აწარმოებენ კომბინირებულ სითბოს და ელექტროენერგიას.

5. თითოეულმა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა, თუ მას გააჩნია ასეთი ფუნქცია, გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და საბაზრო პროცედურების საფუძველზე უნდა შეისყიდოს ენერგია, რომელსაც ის იყენებს ენერგიის დანაკარგების ასანაზღაურებლად და თავის სისტემაში გარანტირებული სიმძლავრის უზრუნველსაყოფად. ეს მოთხოვნა არ უნდა ზღუდავდეს 2002 წლის 1 იანვრამდე გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე შესყიდული ელექტროენერგიის გამოყენებას.

6. თუ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია გამანაწილებელი სისტემის დაბალანსებაზე, ამ მიზნით მის მიერ მიღებული წესები უნდა იყოს ობიექტური, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული, მათ შორის ენერგიის დისბალანსისთვის მათი ქსელების სისტემის მომხმარებლებისთვის გადასახადების დაკისრების წესები. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ ამ მომსახურების გაწევის პირობები, მათ შორის წესები და ტარიფები უნდა დადგინდეს 37(6)-ე მუხლის შესაბამისად არადისკრიმინაციული და ხარჯების ამსახველი ფორმით, და უნდა გამოქვეყნდეს.

7. გამანაწილებელი ქსელის განვითარების დაგეგმვისას, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა უნდა გაითვალისწინოს ენერგოეფექტური/ენერგიის მოხმარების მართვის ღონისძიებები ან განაწილებული გენერაცია, რომელიც ჩაანაცვლებს ელექტროენერგიის სიმძლავრის განახლების ან ჩანაცვლების საჭიროებას.

მუხლი 26

გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების გამოყოფა

1. თუ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილია, ის დამოუკიდებელი უნდა იყოს მინიმუმ მისი სამართლებრივი ფორმის, ორგანიზაციისა და გადაწყვეტილების მიღების კუთხით სხვა საქმიანობისგან, რომელიც არ უკავშირდება განაწილებას. ამ წესებმა არ უნდა წარმოქმნას ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოსგან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის აქტივების ქონებრივი გამოყოფის ვალდებულება.

2. პირველი აბზაცით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, თუ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი არის ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილი, ის დამოუკიდებელი უნდა იყოს ორგანიზაციის და გადაწყვეტილების მიღების კუთხით იმ საქმიანობისგან, რომელიც არ უკავშირდება განაწილებას. ამ მიზნის მისაღწევად, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მინიმალური კრიტერიუმები:

(a) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მართვაზე პასუხისმგებელი პირები არ უნდა მონაწილეობდნენ იმ ინტეგრირებული ელექტროენერგეტიკული საწარმოს სტრუქტურაში, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის პასუხისმგებელი ელექტროენერგიის გენერაციის, გადაცემის ან მიწოდების ყოველდღიურ ოპერაციებზე;

(b) უნდა მოხდეს სათანადო ზომების მიღება, რომლებიც უზრუნველყოფს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მართვაზე პასუხისმგებელი პირების პროფესიული ინტერესების გათვალისწინებას ისე, რომ მათ შეძლონ დამოუკიდებლად მოქმედება;

(c) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უნდა ჰქონდეს ეფექტური გადაწყევტილების მიღების უფლებები ინტეგრირებული ელექტროენერგეტიკული საწარმოსაგან დამოუკიდებლად, ქსელის მუშაობისთვის, ტექნიკური უზრუნველყოფის ან განვითარებისათვის საჭირო აქტივებთან მიმართებაში. ამ ამოცანათა შესრულების მიზნით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განკარგულებაში უნდა იყოს სათანადო რესურსები, მათ შორის ადამიანური, ტექნიკური, ფიზიკური და ფინანსური რესურსები. აღნიშნულმა ხელი არ უნდა შეუშალოს სათანადო მაკოორდინირებელი მექანიზმების არსებობას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს დამფუძნებელი კომპანიის მიერ შვილობილ საწარმოში ეკონომიკური და მართვის საზედამხედველო უფლებების დაცვა აქტივებზე უკუგების კუთხით, რომელიც არაპირდაპირ რეგულირდება 37(6)-ე მუხლის შესაბამისად. განსაკუთრებით, აღნიშნულმა შესაძლებლობა უნდა მისცეს დამფუძნებელ კომპანიას დაამტკიცოს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ყოველწლიური ფინანსური გეგმა ან ნებისმიერი ეკვივალენტური დოკუმენტი, და დააწესოს მისი შვილობილი საწარმოს დავალიანების დონის საერთო ზღვარი. აღნიშნული საშუალებას არ უნდა აძლევდეს დამფუძნებელ კომპანიას გასცეს მითითებები ყოველდღიურ საქმიანობასთან ან ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება გამანაწილებელი ხაზების მოწყობას ან განახლებას, რომელიც არ სცდება დამტკიცებული ფინანსური გეგმის ან ნებისმიერი მსგავსი დოკუმენტის პირობებს;

(d) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა უნდა შეიმუშავოს შესაბამისობის პროგრამა, რომელიც ადგენს ზომებს დისკრიმინაციული ქცევის თავიდან ასაცილებლად და ამ პროგრამის შესრულების სათანადო მონიტორინგის უზრუნველსაყოფად. შესაბამისობის პროგრამით უნდა განისაზღვროს ამ მიზნის მისაღწევად თანამშრომელთა კონკრეტული ვალდებულებები. წლიური ანგარიში, რომელიც მოიცავს გატარებულ ზომებს, უნდა წარედგინოს შესაბამისობის პროგრამის მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირის ან ორგანოს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტის მიერ 35(1)-ე მუხლით გათვალისწინებულ მარეგულირებელ ორგანოს, და უნდა გამოქვეყნდეს. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტი უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი და საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად ხელი უნდა მიუწვდებოდეს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისა და მისი ნებისმიერი შვილობილი საწარმოს ყველა საჭირო ინფორმაციაზე.

3. თუ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილია, წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის საქმიანობის მონიტორინგი მარეგულირებელი ორგანოების ან სხვა კომპეტენტური ორგანოების მიერ ისე, რომ მან არ ისარგებლოს ვერტიკალური ინტეგრაციით კონკურენციისთვის ხელის შეშლის მიზნით. კერძოდ, ვერტიკალურად ინტეგრირებულმა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა კომუნიკაციისა და ბრენდირების დროს არ უნდა შექმნას გაურკვევლობა ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს მიწოდების სტრუქტურული ერთეულის ცალკე არსებობასთან მიმართებაში.

4. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება გადაწყვიტონ, რომ არ გამოიყენონ პირველი, მეორე და მესამე აბზაცების დებულებები ინტეგრირებულ საწარმოებზე, რომლებიც მომსახურებას უწევენ ქსელზე მიერთებულ 100 000-ზე ნაკლებ მომხმარებელს ან მცირე იზოლირებულ სისტემებს.

მუხლი 27

გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების მიერ კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება

30-ე მუხლის ან ინფორმაციის გამჟღავნების სხვა სამართლებრივი ვალდებულების შეუზღუდავად, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა უნდა დაიცვას კომერციულად სენსიტიური ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საქმიანობის შესრულების პროცესში, და არ უნდა დაუშვას საკუთარი საქმიანობის შესახებ ისეთი ინფორმაციის გამჟღავნება, რომელიც დისკრიმინაციული ფორმით გამჟღავნებისას შესაძლოა აღმოჩნდეს კომერციულად ხელსაყრელი.

მუხლი 28

დახურული გამანაწილებელი სისტემები

1. წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა უზრუნველყონ ეროვნული მარეგულირებელი ან სხვა კომპეტენტური ორგანოების მიერ იმ სისტემის კლასიფიცირება, რომელიც ანაწილებს ელექტროენერგიას გეოგრაფიულად შეზღუდულ სამეწარმეო, კომერციულ ან საერთო მომსახურების ადგილებში და, მე-4 აბზაცის შეუზღუდავად, როგორც დახურული გამანაწილებელი სისტემა არ ახორციელებს ელექტროენერგიის მიწოდებას საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, თუ:

(a) კონკრეტული ტექნიკური და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე ამ სისტემის მომხმარებელთა ოპერაციები ან წარმოების პროცესი ინტეგრირებულია; ან

(b) ეს სისტემა უნაწილებს ელექტროენერგიას ძირითადად სისტემის მფლობელს ან ოპერატორს ან მათთან დაკავშირებულ საწარმოს.

2. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება უზრუნველყონ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების მიერ დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის გათავისუფლება:

(a) 25(5)-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისგან, რომელიც ითვალისწინებს იმ ენერგიის შესყიდვას, რომელსაც ის იყენებს სისტემაში ელექტროენერგიის დანაკარგების დასაფარად და გარანტირებული სიმძლავრის უზრუნველსაყოფად გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და საბაზრო პროცედურების თანახმად;

(b) 32(1)-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისგან, რომლის თანახმადაც ტარიფები ან მათი გამოთვლის მეთოდოლოგიები დამტკიცებულია მათ ძალაში შესვლამდე 37-ე მუხლის თანახმად.

3. მე-2 აბზაცის თანახმად გამონაკლისის დაშვების შემთხვევაში შესაბამისი ტარიფები ან მათი გამოსათვლელი მეთოდოლოგია უნდა გადაიხედოს და დამტკიცდეს 37-ე მუხლის თანახმად დახურული გამანაწილებელი სისტემის მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე.

4. შემთხვევითმა გამოყენებამ მცირე რაოდენობის საოჯახო მეურნეობების მიერ, რომლებიც დასაქმებულნი არიან ან მსგავსი ურთიერთობა გააჩნიათ გამანაწილებელი სისტემის მფლობელთან და რომლებიც განთავსებულნი არიან იმ ზონაში, რომელსაც ემსახურება დახურული გამანაწილებელი სისტემა, არ უნდა შეზღუდონ მე-2 აბზაცით გათვალისწინებული გამონაკლისის დაშვება.

მუხლი 29

კომბინირებული ოპერატორი

26(1)-ე მუხლი არ უნდა აფერხებდეს კომბინირებული გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების საქმიანობას იმ შემთხვევაში, თუ ოპერატორი ასრულებს მე-9(1) მუხლის, ან მე-13 და მე-14 მუხლების, ან მე-5 თავის პირობებს ან მასზე ვრცელდება 44(2)-ე მუხლი.

თავი VII

ანგარიშების გამოყოფა და გამჭვირვალობა

მუხლი 30

ანგარიშებზე დაშვების უფლება

1. წევრ სახელმწიფოებს ან მათ მიერ დანიშნულ ნებისმიერ კომპეტენტურ ორგანოს, მათ შორის 35-ე მუხლით გათვალისწინებულ მარეგულირებელ ორგანოებს, საკუთარი ფუნქციების განსახორციელებლად, საჭიროებისამებრ, უნდა ჰქონდეთ ელექტროენერგეტიკულ საწარმოთა ანგარიშებზე დაშვების უფლება 31-ე მუხლის თანახმად.

2. წევრმა სახელმწიფოებმა ან მათ მიერ დანიშნულმა ნებისმიერმა კომპეტენტურმა ორგანომ, მათ შორის მარეგულირებელმა ორგანოებმა, უნდა დაიცვან კომერციულად სენსიტიური ინფორმაციის კონფიდენციალურობა. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება უზრუნველყონ ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება, თუ ეს საჭიროა კომპეტენტური ორგანოების მიერ საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად.

მუხლი 31

ანგარიშების გამოყოფა

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყონ ელექტროენერგეტიკული საწარმოების ანგარიშების წარმოება მე-2 და მე-3 აბზაცების შესაბამისად.

2. ელექტროენერგეტიკულმა საწარმოებმა, მათი საკუთრების სისტემისა და სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, უნდა შეადგინონ, წარადგინონ აუდიტისათვის და გამოაქვეყნონ წლიური ანგარიშები შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოების ყოველწლიურ ანგარიშებთან დაკავშირებული სახელმწიფო კანონმდებლობის თანახმად, რომელიც მიღებულია 1978 წლის 25 ივლისის საბჭოს მეოთხე დირექტივის 78/660/EEC20 მიხედვით „გარკვეული ტიპის კომპანიების ყოველწლიური ანგარიშების შესახებ ხელშეკრულების“21 44(2)-ე მუხლის (g) ქვეპუნქტის საფუძველზე.

საწარმოებმა, რომლებსაც სამართლებრივად არ ეკისრებათ წლიური ანგარიშების გამოქვეყნების ვალდებულება, სათაო ოფისში უნდა იქონიონ ამ ანგარიშების ასლი საზოგადოების განკარგულებაში.

3. შიდა ანგარიშგებისას ელექტროენერგეტიკულმა საწარმოებმა უნდა აწარმოონ ცალკე აღრიცხვა თითოეული გადამცემი და გამანაწილებელი საქმიანობისთვის, რაც მათ მოეთხოვებოდათ იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ საქმიანობას სხვადასხვა საწარმო განახორციელებდა, დისკრიმინაციის, ჯვარედინი სუბსიდირებისა და კონკურენციისთვის ხელის შეშლის თავიდან აცილების მიზნით. მათ ასევე უნდა აწარმოონ სხვა ელექტროენერგეტიკული საქმიანობის აღრიცხვა, რომელიც არ უკავშირდება გადაცემას ან განაწილებას, რაც შესაძლოა განხორციელდეს კონსოლიდირებული ფორმით. 2007 წლის პირველ ივლისამდე მათ ცალ-ცალკე უნდა აწარმოონ უფლებამოსილი მომხმარებლებისთვის მიწოდებისა და არაუფლებამოსილი მომხმარებლებისთვის მიწოდების საქმიანობის აღრიცხვა. აღრიცხვაში უნდა დაფიქსირდეს შემოსავალი გადამცემი ან გამანაწილებელი სისტემის მფლობელობიდან. სადაც მიზანშეწონილია, მათ კონსოლიდირებული ფორმით უნდა აწარმოონ სხვა არაელექტროენერგეტიკული საქმიანობის აღრიცხვა. შიდა აღრიცხვა უნდა მოიცავდეს საბალანსო უწყისსა და მოგება-ზარალის უწყისს თითოეული საქმიანობისთვის.

4. კერძოდ, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აუდიტი უნდა ადასტურებდეს, რომ სრულდება მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დისკრიმინაციისა და ჯვარედინი სუბსიდირების თავიდან აცილების ვალდებულება.

თავი VIII

სისტემაზე დაშვების ორგანიზება

მუხლი 32

მესამე მხარის დაშვება

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ გადამცემ და გამანაწილებელ სისტემებზე მესამე მხარის დაშვების სისტემის დანერგვა წინასწარ გაცხადებული ტარიფების საფუძველზე, რომელიც მოქმედებს ყველა უფლებამოსილ მომხმარებელზე და ობიექტურად და დისკრიმინაციის გარეშე ვრცელდება სისტემების მომხმარებლებზე. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ამ ტარიფების ან მათი გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცება მათ ძალაში შესვლამდე 37-ე მუხლის თანახმად და ტარიფებისა და მეთოდოლოგიების, მხოლოდ მეთოდოლოგიების დამტკიცების შემთხვევაში, გამოქვეყნება მათ ძალაში შესვლამდე.

2. გადამცემი ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა შეიძლება უარი თქვას მის ქსელზე დაშვებაზე საჭირო სიმძლავრის არარსებობის შემთხვევაში. უარი დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მიზეზებით, განსაკუთრებით მე-3 მუხლის გათვალისწინებით, და ემყარებოდეს ობიექტურ და ტექნიკურად და ეკონომიკურად გამართლებულ კრიტერიუმებს. მარეგულირებელმა ორგანოებმა, წევრი სახელმწიფოს გადაწყვეტილების შემთხვევაში, ან წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ აღნიშნული კრიტერიუმების მუდმივად შესრულება და დავის მოგვარების პროცედურით სარგებლობა იმ სისტემის მომხმარებლების მიერ, რომელთაც უარი ეთქვათ ქსელზე დაშვებაზე. სადაც მიზანშეწონილია და როდესაც ხდება ქსელზე დაშვებაზე უარის თქმა, მარეგულირებელმა ორგანოებმა ასევე უნდა უზრუნველყონ გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც საჭიროა ქსელის გასაძლიერებლად. ინფორმაციის მომთხოვნ მხარეს შეიძლება დაეკისროს ამგვარი ინფორმაციის მიწოდების გადასახადის შესაბამისი საფასურის გადახდა.

მუხლი 33

ბაზრის გახსნა და ნაცვალგება

1. წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ უფლებამოსილი მომხმარებელი წარმოადგენდეს:

(a) 2004 წლის 1 ივლისამდე, დირექტივის 96/92/EC მე-19(1)-(3) მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილ მომხმარებელს. ყოველი წლის 31 იანვრამდე წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გამოაქვეყნონ კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც ხდება უფლებამოსილი მომხმარებლების განსაზღვრა;

(b) 2004 წლის პირველი ივლისიდან ყველა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს;

(c) 2007 წლის 1 ივლისიდან ყველა მომხმარებელს.

2. ელექტროენერგიის ბაზრის გახსნისას დისბალანსის თავიდან აცილების მიზნით:

(a) არ უნდა იყოს აკრძალული ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებები, რომლებიც დადებულია სხვა წევრი სახელმწიფოს სისტემაში არსებულ უფლებამოსილ მომხმარებელთან, თუ მომხმარებელი მიჩნეულია უფლებამოსილად ორივე მონაწილე სისტემისთვის;

(b) (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტრანზაქციებზე უარის თქმის შემთხვევაში იმის გამო, რომ მომხმარებელი უფლებამოსილად მიჩნეულია ორიდან მხოლოდ ერთ-ერთი სისტემისთვის, ბაზარზე არსებული სიტუაციისა და საერთო ინტერესების გათვალისწინებით კომისიამ შეიძლება დაავალდებულოს უარის მთქმელი მხარე, რომ დააკმაყოფილოს მიწოდების მოთხოვნა იმ წევრი სახელმწიფოს მოთხოვნით, სადაც მდებარეობს უფლებამოსილი მომხმარებელი.

მუხლი 34

პირდაპირი ხაზები

1. წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს საჭირო ზომები, რაც საშუალებას მისცემს:

(a) მის ტერიტორიაზე დაფუძნებულ ყველა ელექტროენერგიის მწარმოებელს და ელექტროენერგიის მიმწოდებელ საწარმოს, რომ უზრუნველყონ ელექტროენერგიის მიწოდება მათი ობიექტებისთვის, შვილობილი კომპანიებისა და უფლებამოსილი მომხმარებლებისთვის პირდაპირი ხაზის საშუალებით; და

(b) მის ტერიტორიაზე არსებულ ყველა უფლებამოსილ მომხმარებელს – მიიღოს ელექტროენერგია პირდაპირი ხაზების საშუალებით მწარმოებლისგან ან მიმწოდებელი საწარმოსგან.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაადგინონ თავიანთ ტერიტორიაზე პირდაპირი ხაზის მშენებლობისთვის ავტორიზაციის მინიჭების კრიტერიუმები. აღნიშნული კრიტერიუმები უნდა იყოს ობიექტური და არადისკრიმინაციული ხასიათის.

3. ამ მუხლის პირველი აბზაცით გათვალისწინებული პირდაპირი ხაზების საშუალებით ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლებლობამ გავლენა არ უნდა მოახდინოს 32-ე მუხლის თანახმად ელექტროენერგიის დაკონტრაქტების შესაძლებლობაზე.

4. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება გასცენ ავტორიზაცია პირდაპირი ხაზების მშენებლობაზე, სიტუაციიდან გამომდინარე, 32-ე მუხლის საფუძველზე სისტემაში დაშვებაზე უარის თქმის ან 37-ე მუხლის თანახმად დავის მოგვარების პროცედურის დაწყების პირობით.

5. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება უარი თქვან პირდაპირი ხაზის ავტორიზაციაზე, თუ ასეთი ავტორიზაციის მინიჭება ხელს უშლის მე-3 მუხლის პირობების შესრულებას. უარისთვის უნდა არსებობდეს სათანადოდ დასაბუთებული მიზეზები.

თავი IX

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები

მუხლი 35

მარეგულირებელი ორგანოების დანიშვნა და მათი დამოუკიდებლობა

1. თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა დანიშნოს სახელმწიფო დონეზე ერთი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო.

2. ამ მუხლის პირველი აბზაცი არ უნდა ზღუდავდეს რეგიონალურ დონეზე წევრ სახელმწიფოებში სხვა მარეგულირებელი ორგანოების დანიშვნას იმ პირობით, თუ „სააგენტოს მარეგულირებელ ორგანოთა საბჭოში“ გაერთიანების დონეზე წარმომადგენლობისა და კონტაქტის მიზნებისთვის იქნება ერთი მთავარი წარმომადგენელი რეგულაციის (EC) N 713/2009 მე-14(1) მუხლის შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი აბზაციდან გამონაკლისის სახით წევრ სახელმწიფოს შეუძლია დანიშნოს მარეგულირებელი ორგანოები გეოგრაფიულად განცალკევებულ რეგიონში არსებული მცირე სისტემებისთვის, რომელთა მოხმარება 2008 წელს შეადგენდა იმ წევრი სახელმწიფოების საერთო მოხმარების 3%-ზე ნაკლებს, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს ეს რეგიონი. ეს გამონაკლისი არ უნდა ზღუდავდეს მთავარი წარმომადგენლის დანიშვნას „სააგენტოს მარეგულირებელ ორგანოთა საბჭოში“ გაერთიანების დონეზე წარმომადგენლობისა და კონტაქტის მიზნებისთვის რეგულაციის (EC) N 713/2009 მე-14(1) მუხლის შესაბამისად.

4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობა და მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელება მიუკერძოებლად და გამჭვირვალე ფორმით. ამ მიზნით წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ამ დირექტივითა და შესაბამისი კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებისას მარეგულირებელი ორგანო:

(a) სამართლებრივად განცალკევებული და ფუნქციურად დამოუკიდებელი იყოს ნებისმიერი სხვა საჯარო თუ კერძო ერთეულისგან;

(b) უზრუნველყოფდეს, რომ მისი თანამშრომლები და მის მართვაზე უფლებამოსილი პირები:

(i) მოქმედებდნენ ნებისმიერი საბაზრო ინტერესისგან დამოუკიდებლად; და

(ii) მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებისას არ ითხოვდნენ ან იღებდნენ უშუალო მითითებებს სამთავრობო ან სხვა საჯარო ან კერძო ერთეულებისგან. ეს მოთხოვნა არ ზღუდავს მჭიდრო თანამშრომლობას, სიტუაციიდან გამომდინარე, სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ან მთავრობის მიერ გაცემულ პოლიტიკის ზოგად სახელმძღვანელო პრინციპებს, რომლებიც არ უკავშირდება 37-ე მუხლით გათვალისწინებული მარეგულირებელი უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციელებას.

5. მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობის დასაცავად წევრმა სახელმწიფომ განსაკუთრებით უნდა უზრუნველყოს:

(a) მარეგულირებელი ორგანოს მიერ ავტონომიური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა ნებისმიერი პოლიტიკური ორგანოსგან დამოუკიდებლად, და ყოველწლიური დამოუკიდებელი საბიუჯეტო ასიგნებების ქონა, გაწერილი ბიუჯეტის შესრულების ავტონომიურობით, და თავისი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსების ქონა; და

(b) მარეგულირებელი ორგანოს საბჭოს წევრების, ან საბჭოს არარსებობის შემთხვევაში, მარეგულირებელი ორგანოს უმაღლესი ხელმძღვანელი პირების დანიშვნა განსაზღვრული ვადით 5-დან 7 წლამდე, მეორე ვადით დანიშვნის მხოლოდ ერთი უფლებით.

პირველი ქვეაბზაცის (b) ქვეპუნქტთან დაკავშირებით წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სათანადო როტაციის სქემის არსებობა საბჭოს წევრებისთვის ან უმაღლესი ხელმძღვანელი პირებისთვის. საბჭოს წევრები ან, საბჭოს არარსებობის შემთხვევაში, უმაღლესი ხელმძღვანელი პირები შეიძლება თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღარ აკმაყოფილებენ ამ მუხლის პირობებს ან სახელმწიფო კანონმდებლობის მიხედვით დამნაშავე არიან არასწორი ქცევის ჩადენაში.

მუხლი 36

მარეგულირებელი ორგანოს ზოგადი ფუნქციები

ამ დირექტივით გათვალისწინებული მარეგულირებელი ფუნქციების შესრულებისას, სხვა შესაბამის სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოებთან მათ შორის, სიტუაციიდან გამომდინარე, სახელმწიფო საკონკურსო ორგანოებთან მჭიდრო კონსულტაციის გზით და მათი კომპეტენციის შეუზღუდავად მარეგულირებელმა ორგანომ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა 37-ე მუხლით დადგენილი მისი უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების ფარგლებში შემდეგი ამოცანების შესასრულებლად:

(a) სააგენტოსთან, სხვა წევრი სახელმწიფოების მარეგულირებელ ორგანოებთან და კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით გაერთიანების ფარგლებში კონკურენტული, უსაფრთხო და ეკოლოგიურად მდგრადი ელექტროენერგიის შიდა ბაზრისა და გაერთიანების ფარგლებში ყველა მომხმარებლისთვის და მიმწოდებლისთვის ბაზრის ეფექტური გახსნის ხელშეწყობა, და გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით ელექტროენერგიის ქსელების ეფექტური და საიმედო მუშაობისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა;

(b) გაერთიანების ფარგლებში კონკურენტული და სათანადოდ ფუნქციონირებადი რეგიონალური ბაზრების განვითარება (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამოცანების მიღწევის კუთხით;

(c) წევრ სახელმწიფოებს შორის ელექტროენერგიით ვაჭრობისას შეზღუდვების აღმოფხვრა, მათ შორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სათანადო ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრის განვითარება და სახელმწიფო ბაზრების ინტეგრაციის გაძლიერება, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს გაერთიანების ფარგლებში ელექტროენერგიის გადაცემას;

(d) ყველაზე რენტაბელური გზით მომხმარებელზე მორგებული უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი არადისკრიმინაციული სისტემების შემუშავებაში დახმარება და სისტემის ადეკვატურობის და, ენერგეტიკის ზოგადი პოლიტიკის მიზნების შესაბამისად, ენერგოეფექტურობის, ასევე გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებში განახლებადი ენერგიის წყაროებიდან და განაწილებული გენერაციიდან ელექტროენერგიის ფართო და მცირე მასშტაბიანი წარმოების ინტეგრაციის ხელშეწყობა;

(e) ახალი გენერაციის სიმძლავრისთვის ქსელზე დაშვების ხელშეწყობა, განსაკუთრებით ისეთი წინააღმდეგობების აღმოფხვრა რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ბაზრის ახალი მონაწილეებისა და განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის დაშვებას;

(f) სისტემის ოპერატორებისა და სისტემის მომხმარებლების სათანადო გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტიმულირება სისტემის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისა და ბაზრის ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით;

(g) მომხმარებლების მიერ თავიანთი სახელმწიფო ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებით სარგებლობა, ეფექტური კონკურენციის ხელშეწყობა და მომხმარებელთა დაცვის უზრუნველყოფაში დახმარება;

(h) ელექტროენერგიის მიწოდების უნივერსალური და საჯარო მომსახურების მაღალი სტანდარტის მიღწევაში დახმარება, მოწყვლადი მომხმარებლების დაცვასა და მომხმარებელთა გადართვისათვის საჭირო მონაცემთა გაცვლის პროცესების თავსებადობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა.

მუხლი 37

მარეგულირებელი ორგანოს უფლებები და მოვალეობები

1. მარეგულირებელი ორგანო ასრულებს შემდეგ მოვალეობებს:

(a) გამჭვირვალე კრიტერიუმების შესაბამისად გადაცემის ან განაწილების ტარიფების ან მათი მეთოდოლოგიების განსაზღვრა ან დამტკიცება;

(b) გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების და მფლობელების, ასეთის არსებობისას, ისევე როგორც ელექტროენერგეტიკული საწარმოების მიერ დირექტივით და გაერთიანების სხვა შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დაცვის უზრუნველყოფა, მათ შორის ტრანსსასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებით;

(c) შესაბამისი წევრი სახელმწიფოების მარეგულირებელ ორგანოსთან ან ორგანოებთან და სააგენტოსთან თანამშრომლობა ტრანსსასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებით;

(d) სააგენტოსა და კომისიის შესაბამისი, შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილებების შესრულება და მათი იმპლემენტაცია;

(e) წევრი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოებისთვის, სააგენტოსთვის და კომისიისთვის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა თავის საქმიანობასთან დაკავშირებით და მათ წინაშე თავისი მოვალეობების შესრულება. აღნიშნული ანგარიში უნდა მოიცავდეს ამ მუხლით გათვალისწინებულ თითოეულ ფუნქციასთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებსა და მიღებულ შედეგებს;

(f) გადაცემის, განაწილებისა და მიწოდების საქმიანობებს შორის ჯვარედინი სუბსიდირების არარსებობის უზრუნველყოფა;

(g) გადამცემი სისტემის ოპერატორების საინვესტიციო გეგმების მონიტორინგი და თავის ანგარიშში გადამცემი სისტემის ოპერატორების საინვესტიციო გეგმების შეფასება რეგულაციის (EC) N 714/2009 მე-8(3) მუხლის (b) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გაერთიანების ქსელის განვითარების გეგმასთან მათი შესაბამისობის თვალსაზრისით; შეფასება უნდა ითვალისწინებდეს რეკომენდაციებს აღნიშნულ საინვესტიციო გეგმებში შესწორებების შეტანის თაობაზე;

(h) ქსელის უსაფრთხოებისა და საიმედოობის წესებთან შესაბამისობის მონიტორინგი და წარსულში მათი შესრულების მიმოხილვა, მომსახურების და მიწოდების ხარისხის სტანდარტისა და მოთხოვნების დადგენა ან დამტკიცება ან მისთვის ხელის შეწყობა სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად;

(i) გამჭვირვალობის, მათ შორის საბითუმო ფასების გამჭვირვალობის დონის მონიტორინგი და ელექტროენერგეტიკული საწარმოების მიერ გამჭვირვალობის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;

(j) საბითუმო და საცალო გაყიდვის დონეზე ბაზრის ღიაობის დონისა და ეფექტურობის და კონკურენციის მონიტორინგი, მათ შორის ელექტროენერგიის გაცვლის, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის განკუთვნილი ფასების, მათ შორის წინასწარ გადახდის სისტემების, გადართვის ტარიფების, გამორთვის ტარიფების, ტექნიკური უზრუნველყოფის გადასახადების და ასეთი მომსახურების განხორციელების, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების პრეტენზიების, ასევე კონკურენციის დარღვევის ან აკრძალვის ნებისმიერი შემთხვევის, აუცილებელი ინფორმაციისა და კონკრეტული შემთხვევების შესაბამისი საკონკურსო ორგანოებისთვის შეტყობინების ჩათვლით;

(k) შემზღუდავი სახელშეკრულებო ურთიერთობების პრაქტიკის მონიტორინგი, ექსკლუზიურობის პირობების ჩათვლით, რამაც შესაძლოა მსხვილ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს ხელი შეუშალოს ან შეუზღუდოს არჩევანის უფლება ერთდროულად ერთზე მეტ მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით და, სადაც მიზანშეწონილია სახელმწიფო საკონკურსო ორგანოებისთვის ასეთი პრაქტიკის შესახებ შეტყობინება;

(l) წყვეტილი მიწოდების ხელშეკრულებებთან და გრძელვადიან ხელშეკრულებებთან მიმართებაში სახელშეკრულებო ურთიერთობების თავისუფლების პრინციპის დაცვა, იმ პირობით თუ აღნიშნული ხელშეკრულებებით დაცულია გაერთიანების კანონმდებლობისა და გაერთიანების პოლიტიკის მოთხოვნები;

(m) გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების მიერ მიერთებასა და შეკეთებაზე დახარჯული დროის მონიტორინგი;

(n) სხვა შესაბამის ორგანოებთან ერთად მომხმარებელთა დაცვის ღონისძიებების, მათ შორის I დანართით დადგენილი ღონისძიებების ეფექტურობისა და მათი განხორციელების უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება;

(o) მინიმუმ წელიწადში ერთხელ მიწოდების ფასების მე-3 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე რეკომენდაციების გამოქვეყნება და, სადაც მიზანშეწონილია, მათი საკონკურსო ორგანოსთვის მიწოდება;

(p) მომხმარებელთა მოხმარების მონაცემებზე დაშვების, სახელმწიფო დონეზე მარტივად გასაგები მოხმარების მონაცემების ფორმატის და I დანართის (h) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებზე მომხმარებელთა სწრაფი დაშვების უზრუნველყოფა არასავალდებულო გამოყენებისთვის;

(q) გადამცემი სისტემის ოპერატორების, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების, მიმწოდებლების, მომხმარებლების და რეგულაციით (EC) N 714/2009 გათვალისწინებული ბაზრის სხვა მონაწილეების ფუნქციებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებული წესების შესრულების მონიტორინგი;

(r) მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გენერაციის სიმძლავრეებში ინვესტირების მონიტორინგი;

(s) გაერთიანებისა და მესამე მსოფლიოს ქვეყნების გადამცემი სისტემის ოპერატორებს შორის ტექნიკური თანამშრომლობის მონიტორინგი;

(t) 42-ე მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომების განხორციელების მონიტორინგი; და

(u) რეგიონალურ დონეზე ყველაზე მნიშვნელოვანი საბაზრო პროცესებისთვის მონაცემთა გაცვლის პროცესების თავსებადობის ხელშეწყობა.

2. წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებით პირველი აბზაცით გათვალისწინებული მონიტორინგის ფუნქცია შესაძლოა შეასრულოს მარეგულირებელი ორგანოს გარდა სხვა ორგანომ. ასეთ შემთხვევაში, მონიტორინგის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია მარეგულირებელ ორგანოს უნდა მიეწოდებოდეს მაქსიმალურად მოკლე დროში.

დამოუკიდებლობის შენარჩუნების ფონზე, მისი კონკრეტული კომპეტენციების შეუზღუდავად და უკეთესი რეგულირების პრინციპების შესაბამისად, სიტუაციიდან გამომდინარე მარეგულირებელმა ორგანომ კონსულტაცია უნდა გაუწიოს გადამცემი სისტემის ოპერატორებს და, სიტუაციიდან გამომდინარე, მჭიდროდ ითანამშრომლოს სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან პირველი აბზაცით დადგენილი მოვალეობების შესრულებისას.

მარეგულირებელი ორგანოს ან სააგენტოს მიერ ამ დირექტივის შესაბამისად გაცემული თანხმობა არ ზღუდავს მარეგულირებელი ორგანოს მიერ მომავალში სათანადო საფუძვლის არსებობისას ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებების გამოყენებას ან სხვა შესაბამისი ორგანოების ან კომისიის მიერ დაწესებულ სანქციებს.

3. ამ მუხლის პირველი აბზაცით დაკისრებული მოვალეობების გარდა, მე-13 მუხლის თანახმად დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის დანიშვნის შემთხვევაში მარეგულირებელი ორგანო:

(a) ვალდებულია მონიტორინგი გაუწიოს გადამცემი სისტემის მფლობელისა და დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და შეუსაბამობის შემთხვევაში დააწესოს სანქციები მე-4(d) აბზაცის თანახმად;

(b) ვალდებულია მონიტორინგი გაუწიოს ურთიერთობასა და კომუნიკაციას დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორსა და გადამცემი სისტემის მფლობელს შორის, რათა უზრუნველყოს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მიერ ვალდებულებების შესრულება, კერძოდ დაადასტუროს ხელშეკრულებები და იმოქმედოს დავების მომრიგებელი ორგანოს სახით დამოუკიდებელ სისტემის ოპერატორსა და გადამცემი სისტემის მფლობელს შორის ნებისმიერი პრეტენზიის შემთხვევაში, რომელიც წამოჭრილი იქნება რომელიმე მხარის მიერ მე-11 აბზაცის თანახმად;

(c) ვალდებულია მე-13(2) მუხლის (c) ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შეუზღუდავად, ქსელის განვითარების პირველი ათწლიანი გეგმისთვის დაამტკიცოს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მიერ ყოველწლიურად წარმოდგენილი საინვესტიციო დაგეგმვა და ქსელის განვითარების მრავალწლიანი გეგმა;

(d) ვალდებულია უზრუნველყოს, რომ დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მიერ აკრეფილი ქსელზე დაშვების ტარიფები მოიცავდეს ქსელის მფლობელის ან მფლობელების ანაზღაურებას, რაც უზრუნველყოფს ადეკვატურ ანაზღაურებას ქსელის აქტივებისა და ნებისმიერი ახალი ინვესტიციისთვის ამ მიმართულებით, მათი ეკონომიურად და ეფექტურად განხორციელების შემთხვევაში;

(e) უფლებამოსილია განახორციელოს შემოწმება, მათ შორის არაგეგმიური შემოწმება, გადამცემი სისტემის მფლობელისა და დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის ობიექტებზე; და

(f) ვალდებულია მონიტორინგი გაუწიოს გადატვირთვის გადასახადის გამოყენებას, რომლის აკრეფაც მოხდა დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მიერ რეგულაციის (EC) N 714/2009 მე-16(6) მუხლის თანახმად.

4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მარეგულირებელი ორგანოებისთვის ისეთი უფლებამოსილების მინიჭება, რაც საშუალებას მისცემთ მათ ეფექტიანად და დაჩქარებული წესით შეასრულონ პირველი, მე-3 და მე-6 აბზაცებით გათვალისწინებული ფუნქციები. ამ მიზნით მარეგულირებელ ორგანოს უნდა ჰქონდეს მინიმუმ შემდეგი უფლებამოსილებები:

(a) მიიღოს შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილებები ელექტროენერგეტიკულ საწარმოებთან დაკავშირებით;

(b) ჩაატაროს კვლევა ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, და გადაწყვეტილება მიიღოს და დააწესოს აუცილებელი და ადეკვატური ღონისძიებები ეფექტური კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით. სადაც მიზანშეწონილია, მარეგულირებელ ორგანოს ასევე უნდა ჰქონდეს უფლება, კონკურენციის კანონმდებლობასთან დაკავშირებული კვლევის ჩატარებისას ითანამშრომლოს სახელმწიფო საკონკურსო ორგანოსთან და ფინანსური ბაზრის მარეგულირებლებთან ან კომისიასთან;

(c) ელექტროენერგეტიკული საწარმოებისგან მოითხოვოს მისი ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის მესამე მხარის დაშვებაზე უარის თქმის საფუძვლებთან დაკავშირებით, ასევე ნებისმიერი ინფორმაცია ქსელის გაძლიერებისთვის საჭირო ღონისძიებებზე;

(d) დააკისროს ეფექტური, თანაზომიერი და გადამწყვეტი სანქციები იმ ელექტროენერგეტიკულ საწარმოებს, რომლებიც არ ასრულებენ ამ დირექტივით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ან მარეგულირებელი ორგანოს ან სააგენტოს მიერ მიღებულ შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილებებს, ან შესთავაზოს კომპეტენტური სასამართლოს მიერ ასეთი სახის სანქციების დაწესება. აღნიშნული უნდა გულისხმობდეს გადამცემი სისტემის ოპერატორზე სანქციის დაკისრების შეთავაზების ან სანქციის დაკისრების უფლებამოსილებას გადამცემი სისტემის ოპერატორის წლიური ბრუნვის 10%-მდე ოდენობით, ხოლო ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოზე ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს წლიური ბრუნვის 10%-მდე ოდენობით, გარემოებებიდან გამომდინარე, ამ დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის; და

(e) მოკვლევის შესაბამისი უფლებები და მითითებების გაცემის სათანადო უფლებამოსილება დავების მოგვარების მიზნით მე-11 და მე-12 აბზაცების თანახმად.

5. ამ მუხლის პირველი და მეოთხე აბზაცების თანახმად მინიჭებული უფლება-მოვალეობების გარდა, თუ გადამცემი სისტემის ოპერატორი დანიშნულია V თავის შესაბამისად, მარეგულირებელ ორგანოს უნდა მიენიჭოს მინიმუმ შემდეგი უფლება-მოვალეობები:

(a) მე-4(d) აბზაცის თანახმად სანქციები დააწესოს ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს სასარგებლოდ განხორციელებული დისკრიმინაციული ქცევისთვის;

(b) მონიტორინგი გაუწიოს კომუნიკაციას გადამცემი სისტემის ოპერატორსა და ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს შორის, რათა უზრუნველყოფილი იქნეს გადაცემის სისტემის ოპერატორის მიერ თავისი ვალდებულებების შესრულება;

(c) იმოქმედოს დავების მომგვარებელი ორგანოს სახით ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოსა და გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის, მე-11 აბზაცის თანახმად წარმოდგენილ პრეტენზიასთან დაკავშირებით;

(d) მონიტორინგი გაუწიოს კომერციულ და ფინანსურ ურთიერთობებს, მათ შორის სესხებს ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოსა და გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის;

(e) დაადასტუროს ყველა კომერციული და ფინანსური შეთანხმება ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოსა და გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ ბაზრის პირობებს;

(f) მოითხოვოს დასაბუთება ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოსაგან, როდესაც შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტისგან მიიღებს შეტყობინებას 21(4)-ე მუხლის შესაბამისად. კერძოდ, ეს დასაბუთება უნდა მოიცავდეს მტკიცებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი არ ჰქონია დისკრიმინაციულ ქცევას ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს სასარგებლოდ;

(g) ჩაატაროს შემოწმება, მათ შორის დაუგეგმავი შემოწმება, ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოსა და გადამცემი სისტემის ოპერატორის ობიექტებზე; და

(h) გადამცემი სისტემის ოპერატორის ყველა ან კონკრეტული ამოცანების შესრულება დაავალოს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორს მე-13 მუხლის თანახმად, გადამცემი სისტემის ოპერატორის მხრიდან თავისი ვალდებულებების სისტემატური დარღვევის შემთხვევაში, კერძოდ ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს სასარგებლოდ განმეორებით განხორციელებული დისკრიმინაციული ქმედების შემთხვევაში.

6. მარეგულირებელი ორგანოები პასუხისმგებელნი არიან მათ ძალაში შესვლამდე საკმარისად ადრე დაადგინონ ან დაამტკიცონ მინიმუმ ის მეთოდოლოგიები, რომლებიც გამოიყენება შემდეგი პირობების განსაზღვრის ან დადგენის მიზნით:

(a) სახელმწიფო ქსელზე მიერთებისა და დაშვების პირობები, მათ შორის გადაცემისა და განაწილების ტარიფები ან მათი მეთოდოლოგიები. ეს ტარიფები ან მეთოდოლოგიები უნდა იძლეოდეს ქსელში საჭირო ინვესტიციების განხორციელების საშუალებას ისე, რომ აღნიშნული ინვესტიციებით უზრუნველყოფილი იქნეს ქსელის რენტაბელურობა;

(b) დამბალანსებელი მომსახურების მიწოდების პირობები, რომლებიც გაწეული უნდა იქნეს ყველაზე ეკონომიური გზით და უნდა მოახდინოს ქსელის მომხმარებლების სტიმულირება, რათა დააბალანსონ თავიანთი დანახარჯები და წარმოება. დამბალანსებელი მომსახურების მიწოდება უნდა მოხდეს სამართლიანი და არადისკრიმინაციული გზით ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე; და

(c) ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურაზე დაშვების პირობები, მათ შორის სიმძლავრის განაწილებისა და გადატვირთვის მართვის პროცედურები.

7. მე-6 აბზაცით გათვალისწინებული მეთოდოლოგიები ან პირობები უნდა გამოქვეყნდეს.

8. ტარიფების ან მეთოდოლოგიების ან დამბალანსებელი მომსახურების დადგენისას ან დამტკიცებისას მარეგულირებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების სათანადო სტიმულირება გრძელვადიან და მოკლევადიან პერიოდში, ეფექტიანობის გაზრდის, ბაზრის ინტეგრაციისა და მიწოდების უსაფრთხოების გაძლიერების და აღნიშნულთან დაკავშირებული კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.

9. მარეგულირებელმა ორგანოებმა მონიტორინგი უნდა გაუწიონ სახელმწიფო ელექტროენერგეტიკული სისტემების, მათ შორის ურთიერთდამაკავშირებლების გადატვირთვის მართვას, და გადატვირთვის მართვის წესების დანერგვას. ამ მიზნით გადამცემი სისტემის ოპერატორებმა ან ბაზრის ოპერატორებმა ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს უნდა წარუდგინონ გადატვირთვის მართვის წესები, სიმძლავრის განაწილების ჩათვლით. ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანოებმა შესაძლოა მოითხოვონ ამ წესებში შესწორებების შეტანა.

10. მარეგულირებელი ორგანოები უფლებამოსილნი არიან მოსთხოვონ გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს საჭიროების შემთხვევაში პირობების, მათ შორის ამ მუხლით გათვალისწინებული ტარიფების ან მეთოდოლოგიების შეცვლა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მათი თანაზომიერება და არადისკრიმინაციული ფორმით გამოყენება. გადაცემისა და განაწილების ტარიფების დადგენის დაყოვნების შემთხვევაში მარეგულირებელ ორგანოებს უფლება აქვთ დაადგინონ ან დაამტკიცონ გადაცემისა და განაწილების დროებითი ტარიფები ან მეთოდოლოგიები, და მიიღონ გადაწყვეტილება შესაბამის საკომპენსაციო ზომებთან დაკავშირებით, თუ გადაცემისა და განაწილების საბოლოო ტარიფები ან მეთოდოლოგიები განსხვავდება დროებითი ტარიფების ან მეთოდოლოგიებისგან.

11. ნებისმიერ მხარეს, რომელსაც პრეტენზია გააჩნია გადამცემი ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიმართ ამ დირექტივით გათვალისწინებულ მის ვალდებულებებთან დაკავშირებით, შეუძლია გადაამისამართოს პრეტენზია მარეგულირებელ ორგანოსთან, რომელიც მოქმედებს რა დავების მომრიგებელი ორგანოს სახით, მიიღებს გადაწყვეტილებას პრეტენზიის მიღებიდან ორი თვის ვადაში. ეს პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს კიდევ ორი თვით, თუ მარეგულირებელი ორგანო მოითხოვს დამატებით ინფორმაციას. გახანგრძლივებული პერიოდი შესაძლოა დამატებით გახანგრძლივდეს მომჩივანთან შეთანხმების საფუძველზე. მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის სავალდებულო ხასიათის, თუ ან სანამ არ მოხდება მისი გაუქმება სააპელაციო ინსტანციის მიერ.

12. ნებისმიერ მხარეს, რომელიც დაზარალებულია და რომელსაც აქვს პრეტენზიის გამოთქმის უფლება ამ მუხლის თანახმად მეთოდოლოგიებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ან, თუ მარეგულირებელ ორგანოს ევალება კონსულტაციის გაწევა შეთავაზებულ ტარიფებთან ან მეთოდოლოგიებთან დაკავშირებით, შეუძლია პრეტენზია განსახილველად წარადგინოს გადაწყვეტილების წინადადების ან თვითონ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მინიმუმ ორი თვის ან წევრი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ უფრო მოკლე ვადაში. ამ პრეტენზიას არ ექნება შემაჩერებელი მოქმედება.

13. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შექმნან რეგულირების, კონტროლისა და გამჭვირვალეობის სათანადო და ეფექტიანი მექანიზმები, რათა თავიდან იქნეს აცილებული დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენება, განსაკუთრებით მომხმარებლების საზიანოდ, და ნებისმიერი მტაცებლური ქცევა. ამ მექანიზმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების დებულებები, კონკრეტულად კი ამ ხელშეკრულების 82-ე მუხლი.

14. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ზომების მიღება, მათ შორის მათი სახელმწიფო კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ქმედება და სისხლის სამართლის საქმის წარმოება, იმ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებმაც დაარღვიეს ამ დირექტივით განსაზღვრული კონფიდენციალურობის წესები.

15. მე-11 და მე-12 აბზაცებით გათვალისწინებული პრეტენზიები არ უნდა ზღუდავდეს გაერთიანების ან სახელმწიფო კანონმდებლობის თანახმად აპელაციის უფლების გამოყენებას.

16. მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად უნდა იქნეს დასაბუთებული და არგუმენტირებული, რათა იძლეოდეს სასამართლო განხილვის საშუალებას. გადაწყვეტილებები უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი, თუმცა ამავე დროს შენარჩუნებული უნდა იქნეს კომერციულად სენსიტიური ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

17. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ სახელმწიფო დონეზე შესაბამისი მექანიზმების არსებობა, რომლითაც მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დაზარალებულ მხარეს ექნება გასაჩივრების უფლება დაინტერესებული მხარეებისგან და მთავრობისგან დამოუკიდებელ ორგანოში.

მუხლი 38

ტრანსსასაზღვრო საკითხების რეგულირების რეჟიმი

1. მარეგულირებელმა ორგანოებმა კონსულტაციები უნდა გაიარონ და მჭიდროდ ითანამშრომლონ ერთმანეთთან და ერთმანეთს და სააგენტოს მიაწოდონ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საჭირო იქნება ამ დირექტივით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად. გაცვლილ ინფორმაციასთან მიმართებაში ინფორმაციის მიმღებმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს კონფიდენციალურობის ის დონე, რასაც ითხოვს ინფორმაციის გამცემი ორგანო.

2. მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ მინიმუმ რეგიონალურ დონეზე, რათა:

(a) ხელი შეუწყონ საოპერაციო მექანიზმების შექმნას ქსელის ოპტიმალური მართვის მიზნით, ასევე ხელი შეუწყონ ელექტროენერგიის ურთიერთგაცვლასა და ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის გადანაწილებას და უზრუნველყონ ურთიერთკავშირის სიმძლავრის ადეკვატური დონე, მათ შორის ახალი ურთიერთკავშირი, რეგიონში და რეგიონებს შორის, რაც იძლევა ეფექტური კონკურენციის განვითარებისა და მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესების საშუალებას სხვადასხვა წევრ სახელმწიფოში მიმწოდებელ საწარმოებს შორის დისკრიმინაციის გარეშე.

(b) კოორდინაცია გაუწიონ ყველა ქსელის კოდექსის შემუშავებას შესაბამისი გადამცემი სისტემის ოპერატორებისთვის და ბაზრის სხვა წევრებისათვის; და

(c) კოორდინაცია გაუწიონ გადატვირთვის მართვის წესების შემუშავებას.

3. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს უფლება უნდა ჰქონდეთ გააფორმონ ერთმანეთთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები მარეგულირებელი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.

4. მე-2 აბზაცით გათვალისწინებული ქმედებები, სიტუაციიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან მჭიდრო კონსულტაციების საფუძველზე, მათი კონკრეტული კომპეტენციების შეუზღუდავად.

5. კომისიამ შეიძლება მიიღოს სახელმძღვანელო მითითებები ერთმანეთთან და სააგენტოსთან თანამშრომლობისას მარეგულირებელი ორგანოების მოვალეობათა ფარგლებთან დაკავშირებით. ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს ამ დირექტივის არაარსებით ელემენტებში შესწორებების შეტანას მათში დამატებების შეტანის გზით, მიღებული უნდა იქნეს მარეგულირებელი პროცედურის შესაბამისად გულდასმით გამოკვლევის საფუძველზე 46(2)-ე მუხლის თანახმად.

მუხლი 39

სახელმძღვანელო პრინციპების დაცვა

1. ნებისმიერმა მარეგულირებელმა ორგანომ ან კომისიამ შესაძლოა მოითხოვოს სააგენტოს დასკვნა მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ამ დირექტივის ან რეგულაციის (EC) N 714/2009 სახელმძღვანელო პრინციპებთან შესაბამისობის თაობაზე.

2. თხოვნის მიღებიდან სამი თვის ვადაში სააგენტომ თავისი დასკვნა უნდა წარუდგინოს მარეგულირებელ ორგანოს, რომელმაც ეს დასკვნა მოითხოვა, ან კომისიას შესაბამისად, და გადაწყვეტილების მიმღებ მარეგულირებელ ორგანოს.

3. თუ გადაწყვეტილების მიმღები მარეგულირებელი ორგანო შესაბამისობაში არ მოვა სააგენტოს დასკვნასთან ასეთი დასკვნის მიღებიდან ოთხი თვის ვადაში, სააგენტომ ამის შესახებ უნდა აცნობოს კომისიას.

4. ნებისმიერ მარეგულირებელ ორგანოს, რომელიც მიიჩნევს რომ სხვა მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება ამ დირექტივითა და რეგულაციით (EC) N 714/2009 გათვალისწინებულ სახელმძღვანელო მითითებებს, შეუძლია აცნობოს კომისიას ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან 2 თვის ვადაში.

5. თუ მე-3 აბზაცის შესაბამისად სააგენტოს მიერ შეტყობინებიდან ან მე-4 პუნქტის შესაბამისად, მარეგულირებელი ორგანოს მიერ შეტყობინებიდან ორი თვის ვადაში ან სადავო გადაწყვეტილების მიღებიდან სამი თვის ვადაში საკუთარი ინიციატივით კომისია დაადგენს, რომ მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება სერიოზულ ეჭვს წარმოშობს მის შესაბამისობასთან დაკავშირებით ამ დირექტივითა და რეგულაციით (EC) N 714/2009 გათვალისწინებულ სახელმძღვანელო მითითებებთან, კომისიამ შესაძლოა გადაწყვიტოს საქმის გამოძიების გაგრძელება. ასეთ შემთხვევაში მან უნდა მოიწვიოს მარეგულირებელი ორგანო და საქმის წარმოების მხარეები მარეგულირებელი ორგანოს წინაშე მათი მოსაზრებების წარმოსადგენად.

6. თუ კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას საქმის გამოძიების გაგრძელების შესახებ, მან ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება:

(a) სადავო არ გახადოს მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; ან

(b) მოსთხოვოს შესაბამის მარეგულირებელ ორგანოს თავისი გადაწყვეტილების გაუქმება სახელმძღვანელო მითითებებთან შეუსაბამობის საფუძვლით.

7. თუ კომისია არ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმის გამოძიების გაგრძელების შესახებ ან საბოლოო გადაწყვეტილებას მე-5 და მე-6 აბზაცებით დადგენილ ვადებში შესაბამისად, ითვლება, რომ მას არ აქვს პრეტენზია მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილების მიმართ.

8. მარეგულირებელმა ორგანომ ორი თვის განმავლობაში უნდა შეასრულოს კომისიის გადაწყვეტილება მათი გადაწყვეტილებების გაუქმებასთან დაკავშირებით და აცნობოს კომისიას ამის შესახებ.

9. კომისიამ შეიძლება მიიღოს სახელმძღვანელო მითითებები, სადაც დეტალურად იქნება ჩამოყალიბებული ის პროცედურა, რომლის დაცვაც უნდა მოხდეს ამ მუხლის გამოყენებისას. ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს ამ დირექტივის არაარსებით ელემენტებში შესწორებების შეტანას მათში დამატებების შეტანის გზით, მიღებული უნდა იქნეს მარეგულირებელი პროცედურის შესაბამისად გულდასმით გამოკვლევის საფუძველზე 46(2)-ე მუხლის თანახმად.

მუხლი 40

აღრიცხვის წარმოება

1. წევრმა სახელმწიფომ უნდა მოსთხოვოს მიწოდების განმახორციელებელ საწარმოებს სახელმწიფო ორგანოების, მათ შორის ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების, სახელმწიფო საკონკურსო ორგანოებისა და კომისიის მოთხოვნით, მათი მოვალეობების შესრულების მიზნით მინიმუმ 5 წლის მანძილზე შეინახონ ის შესაბამისი მონაცემები, რომლებიც უკავშირდება საბითუმო მომხმარებლებთან და გადამცემი სისტემის ოპერატორებთან ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებების ტრანზაქციებსა და ელექტროენერგეტიკულ დერივატივებს.

2. მონაცემებში დეტალურად უნდა იქნეს აღწერილი შესაბამისი ტრანზაქციების ისეთი მახასიათებლები როგორიცაა ხანგრძლივობა, მიწოდებისა და ანგარიშსწორების წესები, რაოდენობა, შესრულების თარიღი და დრო, ტრანზაქციების ღირებულება და საბითუმო მომხმარებელთა იდენტიფიცირების საშუალებები, ასევე ყველა დაურეგულირებელი ელექტროენერგიის მიწოდების კონტრაქტებისა და ელექტროენერგეტიკული დერივატივების განსაზღვრული დეტალური მახასიათებლები.

3. მარეგულირებელმა ორგანომ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ბაზრის მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ასეთი ინფორმაციის ზოგიერთი ელემენტი იმ პირობით, თუ არ მოხდება ბაზრის ინდივიდუალური მონაწილეების ან ინდივიდუალური ტრანზაქციების შესახებ კომერციულად სენსიტიური ინფორმაციის გამჟღავნება. ეს აბზაცი არ ეხება იმ ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომელზეც ვრცელდება დირექტივის 2004/39/EC მოქმედება.

4. ამ მუხლის ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველსაყოფად, კომისიამ შეიძლება მიიღოს სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც განსაზღვრავს აღრიცხვის წარმოების მეთოდებსა და საშუალებებს და ასევე შესანახი მონაცემების ფორმასა და შინაარსს. ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს ამ დირექტივის არაარსებით ელემენტებში შესწორებების შეტანას მათში დამატებების შეტანის გზით, მიღებული უნდა იქნეს მარეგულირებელი პროცედურის შესაბამისად, გულდასმით გამოკვლევის საფუძველზე, 46(2)-ე მუხლის თანახმად.

5. მიწოდების განმახორციელებელი საწარმოების მიერ საბითუმო მომხმარებლებთან და გადამცემი სისტემის ოპერატორებთან ელექტროენერგეტიკული დერივატივებით ტრანზაქციებზე ეს მუხლი ვრცელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომისია მიიღებს მე-4 აბზაცით გათვალისწინებულ სახელმძღვანელო მითითებებს.

6. ამ მუხლის დებულებები არ ადგენს პირველი აბზაცით გათვალისწინებული ორგანოების დამატებით ვალდებულებებს იმ ერთეულებთან მიმართებაში, რომლებზეც ვრცელდება დირექტივის 2004/39/ EC მოქმედება.

7. იმ შემთხვევაში, თუ პირველი აბზაცით გათვალისწინებულ ორგანოებს ესაჭიროებათ დაშვება იმ ინფორმაციაზე, რომელსაც ინახავენ დირექტივით 2004/39/ EC გათვალისწინებული ერთეულები, დირექტივით გათვალისწინებულმა პასუხისმგებელმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ მათთვის მოთხოვნილი მონაცემების მიწოდება.

თავი X

საცალო ვაჭრობის ბაზარი

მუხლი 41

საცალო ვაჭრობის ბაზარი

გაერთიანებაში კარგად ფუნქციონირებადი და გამჭვირვალე საცალო ვაჭრობის ბაზრის წარმოქმნის ხელშეწყობის მიზნით, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორების, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების, მიწოდების განმახორციელებელი საწარმოების, მომხმარებლებისა და, საჭიროების შემთხვევაში, ბაზრის სხვა მონაწილეების ფუნქციები და პასუხისმგებლობები განისაზღვროს სახელშეკრულებო მექანიზმებთან, მომხმარებელთა მიმართ ვალდებულებებთან, მონაცემთა გაცვლისა და ანგარიშსწორების წესებთან, მონაცემთა მფლობელობისა და ელექტროენერგიის აღრიცხვის პასუხისმგებლობებთან მიმართებაში.

ეს წესები უნდა გასაჯაროვდეს, შემუშავდეს ქსელებზე მომხმარებელთა და მიმწოდებელთა დაშვების ხელშეწყობის მიზნით და უნდა ექვემდებარებოდეს გადახედვას მარეგულირებელი ორგანოსა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ.

მსხვილ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს უფლება უნდა ჰქონდეთ ხელშეკრულება გააფორმონ ერთდროულად რამდენიმე მიმწოდებელთან.

თავი XI

დასკვნითი დებულებები

მუხლი 42

დამცავი ზომები

ენერგეტიკის ბაზარზე მოულოდნელი კრიზისის დროს, როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანების ფიზიკურ უსაფრთხოებას, მოწყობილობების ან დანადგარების უსაფრთხოებას ან სისტემის მთლიანობას, წევრმა სახელმწიფომ შესაძლოა მიიღოს დროებითი აუცილებელი დამცავი ზომები.

ამ ზომებმა შესაძლოა გამოიწვიოს შიდა ბაზრის ფუნქციონირების მინიმალური შეფერხება და არ უნდა აღემატებოდეს იმ ფარგლებს, რაც აუცილებელია მოულოდნელად წარმოშობილი სირთულეების აღმოსაფხვრელად.

დაინტერესებულმა წევრმა სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამ ზომების შესახებ სხვა წევრ სახელმწიფოებსა და კომისიას, რომელთაც შესაძლოა მიიღონ გადაწყვეტილება დაინტერესებული წევრი სახელმწიფოს მიერ ასეთი ზომების შეცვლის ან შეწყვეტის თაობაზე, თუ ისინი ზღუდავენ კონკურენციას და უარყოფითად მოქმედებენ ვაჭრობაზე, რაც ეწინააღმდეგება საერთო ინტერესებს.

მუხლი 43

თანასწორი პირობები

1. ზომები, რომლებიც წევრმა სახელმწიფომ შესაძლოა მიიღოს ამ დირექტივის შესაბამისად თანასწორი პირობების უზრუნველსაყოფად, უნდა შეესაბამებოდეს გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებას, კონკრეტულად კი ამ ხელშეკრულების 30-ე მუხლს და აგრეთვე გაერთიანების კანონმდებლობას.

2. პირველი აბზაცით გათვალისწინებული ზომები უნდა იყოს თანაზომიერი, არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე. ეს ზომები შესაძლოა ამოქმედდეს მხოლოდ მათი კომისიისათვის შეტყობინებისა და კომისიის მიერ მათი დამტკიცების შემდეგ.

3. კომისიამ რეაგირება უნდა მოახდინოს მე-2 აბზაცით გათვალისწინებულ შეტყობინებაზე მისი მიღებიდან ორი თვის ვადაში. პერიოდის ათვლა დაიწყება სრული ინფორმაციის მიღებიდან მეორე დღეს. იმ შემთხვევაში, თუ კომისია არ მოახდენს რეაგირებას ორი თვის განმავლობაში ჩაითვლება, რომ მას არ გააჩნია პრეტენზია აღნიშნულ ზომებთან დაკავშირებით.

მუხლი 44

გამონაკლისები

1. წევრ სახელმწიფოებს, რომლებსაც ამ დირექტივის ძალაში შესვლის შემდეგ შეუძლიათ დაასაბუთონ, რომ მათი მცირე იზოლირებული სისტემების მუშაობაში არსებობს არსებითი პრობლემები, შეუძლიათ დაუშვან გამონაკლისები IV, VI, VII, VIII თავებიდან და ასევე III თავიდან მიკრო იზოლირებული სისტემების შემთხვევაში, თუ საქმე ეხება არსებული სიმძლავრეების აღდგენას, განახლებასა და გაფართოებას, რომლის ნებართვაც შეიძლება მიენიჭოს მათ კომისიის მიერ. გადაწყვეტილების მიღებამდე კომისია აცნობებს წევრ სახელმწიფოებს აღნიშნულის შესახებ კონფიდენციალურობის დაცვის გათვალისწინებით. გადაწყვეტილება გამოქვეყნდება ევროპის კავშირის ოფიციალურ ბიულეტენში.

2. მე-9 მუხლი არ ვრცელდება კვიპროსზე, ლუქსემბურგსა და/ან მალტაზე. გარდა ამისა, 26-ე, 32-ე და 33-ე მუხლები არ ვრცელდება მალტაზე.

მე-9(1) მუხლის (b) ქვეპუნქტის მიზნებისათვის, ცნება – „საწარმო, რომელიც ასრულებს გენერაციის ან მიწოდების რომელიმე ფუნქციას“, არ უნდა მოიცავდეს საბოლოო მომხმარებლებს, რომლებიც ახორციელებენ ელექტროენერგიის გენერაციის და/ან მიწოდების რომელიმე ფუნქციას უშუალოდ ან მათ მიერ კონტროლირებადი საწარმოების მეშვეობით, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად იმ პირობით, თუ საბოლოო მომხმარებლები, კონტროლირებადი საწარმოების მიერ წარმოებულ ელექტროენერგიაში მათი წილის ჩათვლით, საშუალო წლიური მაჩვენებლით წარმოადგენენ ელექტროენერგიის წმინდა მომხმარებლებს და იმ პირობით, თუ მათ მიერ მესამე მხარისთვის მიყიდული ელექტროენერგიის ეკონომიკური ღირებულება უმნიშვნელოა მათ სხვა ბიზნეს ოპერაციებთან შედარებით.

მუხლი 45

განხილვის პროცედურა

იმ შემთხვევაში, თუ 47(6)-ე მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშში კომისია მივა იმ დასკვნამდე, რომ წევრ სახელმწიფოში არსებული ქსელზე დაშვების ეფექტური მეთოდის ფონზე, რომლის შედეგადაც მიიღწევა ეფექტური, არადისკრიმინაციული და დაუბრკოლებელი დაშვება ქსელზე, ამ დირექტივით საწარმოებზე დაკისრებული გარკვეული ვალდებულებები (გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებისთვის სამართლებრივ გამოყოფასთან დაკავშირებული ვალდებულების ჩათვლით) არ არის დასახული მიზნის თანაზომიერი, წევრ სახელმწიფოს შეუძლია მიმართოს კომისიას აღნიშნული ვალდებულებისგან გათავისუფლების მოთხოვნით.

ეს მოთხოვნა წევრმა სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას ყველა საჭირო ინფორმაციასთან ერთად, რომელიც ადასტურებს, რომ შენარჩუნებული იქნება ანგარიშში მითითებული დასკვნა ქსელზე ეფექტური დაშვების უზრუნველყოფის შესახებ.

განაცხადის მიღებიდან სამი თვის ვადაში კომისიამ უნდა მიიღოს დასკვნა დაინტერესებული წევრი სახელმწიფოს მოთხოვნასთან დაკავშირებით და, სადაც მიზანშეწონილია, წარუდგინოს წინადადებები ევროპარლამენტსა და საბჭოს ამ დირექტივის შესაბამის დებულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ამ დირექტივაში შესწორებების შეტანასთან დაკავშირებულ წინადადებებში კომისიას შეუძლია წამოაყენოს წინადადება შესაბამისი წევრი სახელმწიფოს კონკრეტული მოთხოვნებისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით იმ პირობით, რომ ეს წევრი სახელმწიფო განახორციელებს თანაბრად ეფექტურ ღონისძიებებს სიტუაციიდან გამომდინარე.

მუხლი 46

კომიტეტი

1. კომისიას საქმიანობაში ეხმარება კომიტეტი.

2. თუ მითითება კეთდება ამ აბზაცზე, გამოყენებული უნდა იქნეს გადაწყვეტილების 1999/468/EC მე-5a(1)-(4) და მე-7 მუხლები, ამ გადაწყვეტილების მე-8 მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.

მუხლი 47

ანგარიშგება

1. კომისიამ მონიტორინგი უნდა გაუწიოს და განიხილოს ამ დირექტივის გამოყენება და მთლიანი შედეგების ანალიზი წარუდგინოს ევროპარლამენტსა და საბჭოს თავდაპირველად 2004 წლის 4 აგვისტოსთვის, ხოლო შემდგომ ყოველწლიურად. შედეგების ანგარიში უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგს:

(a) დასრულებული და სრულად ფუნქციონირებადი ელექტროენერგიის შიდა ბაზრის შექმნისას მიღებულ გამოცდილებასა და მიღწეულ პროგრესს, აგრეთვე დაბრკოლებებს ამ მიმართულებით, მათ შორის ბაზარზე დომინირების, ბაზარზე კონცენტრაციის, მტაცებლური და არაკონკურენტული ქცევის სხვადასხვა ასპექტებს და მათ შედეგებს ბაზრის წონასწორობის დარღვევის თვალსაზრისით;

(b) ამ დირექტივით გათვალისწინებული გამოყოფის და სატარიფო მოთხოვნების წარმატების დონეს გაერთიანების ელექტროენერგეტიკულ სისტემაზე სამართლიანი და არადისკრიმინაციული დაშვებისა და კონკურენციის ეკვივალენტური დონის უზრუნველყოფის კუთხით, ასევე მომხმარებელთათვის ელექტროენერგიის ბაზრის გახსნის ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ შედეგებს;

(c) გაერთიანებაში სისტემის სიმძლავრის დონეებთან და ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებასთან, განსაკუთრებით მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებულ და დაგეგმილ წონასწორობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლას, ტერიტორიებს შორის ელექტროენერგიის გაცვლა-გამოცვლის ფიზიკური შესაძლებლობის გათვალისწინებით;

(d) განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს წევრი სახელმწიფოების მიერ გატარებულ ღონისძიებებს პიკური მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ერთი ან მეტი მიმწოდებლით წარმოქმნილი უკმარისობის გამკლავების მიზნით;

(e) გამონაკლისის დაშვებას 26(4)-ე მუხლის მიხედვით, დასაშვები ზღვრების შესაძლო გადახედვის მიზნით;

(f) იმ მესამე მსოფლიოს ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეული პროგრესის ზოგად შეფასებას, რომლებიც ახორციელებენ ელექტროენერგიის წარმოებას და ექსპორტს ან ტრანსპორტირებას, მათ შორის პროგრესს ასეთ მესამე მსოფლიოს ქვეყნებში ბაზრის ინტეგრაციის, ელექტროენერგიით ვაჭრობის სოციალური და ეკოლოგიური შედეგებისა და ქსელებზე დაშვების თვალსაზრისით;

(g) შესაძლო ჰარმონიზაციის მოთხოვნების საჭიროებას, რომლებიც არ უკავშირდება წინამდებარე დირექტივის დებულებებს;

(h) წესს, რომლითაც წევრმა სახელმწიფოებმა პრაქტიკაში დანერგეს მე-3(9) მუხლით გათვალისწინებული ენერგეტიკის მარკირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები და წესს, რომლითაც ამ საკითხთან დაკავშირებული კომისიის ნებისმიერი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული.

სადაც მიზანშეწონილია, შედეგების ანგარიში შესაძლოა მოიცავდეს რეკომენდაციებს, კერძოდ, მარკირების დებულებებთან დაკავშირებულ მასშტაბებსა და ფორმებზე, მათ შორის არსებულ საცნობარო წყაროებზე და ამ წყაროების შინაარსზე მითითების გაკეთების ფორმაზე და განსაკუთრებით იმაზე, თუ როგორ შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი ეკოლოგიურ ზემოქმედებასთან, მინიმუმ CO2 ემისიებთან და ასევე სხვადასხვა ენერგიის წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის გენერაციის რადიოაქტიურ ნარჩენებთან დაკავშირებული ინფორმაცია გაერთიანების მასშტაბით გამჭვირვალე, ადვილად ხელმისაწვდომი და შედარებადი გზით, თუ რა ფორმითაა შესაძლებელი მომწოდებლისგან მიღებული ინფორმაციის სიზუსტის კონტროლის მიზნით წევრი სახელმწიფოების მიერ გატარებული ზომების დაჩქარება და რომელმა ღონისძიებებმა შეიძლება გაანეიტრალოს ბაზარზე დომინირებისა და ბაზრის კონცენტრაციის ნეგატიური შედეგები.

2. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ პირველი აბზაცით გათვალისწინებული შედეგების ანგარიში ასევე უნდა მოიცავდეს წევრი სახელმწიფოების მიერ საჯარო მომსახურების ვალდებულებების შესრულების მიზნით გატარებული ღონისძიებების ანალიზს, ამ ღონისძიებების ეფექტიანობის, კერძოდ კი ელექტროენერგიის ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე მათი ზემოქმედების შემოწმებასთან ერთად. სადაც მიზანშეწონილია, ანგარიში შეიძლება მოიცავდეს რეკომენდაციებს იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა გატარდეს სახელმწიფო დონეზე საჯარო მომსახურების მაღალი სტანდარტების მიღწევის მიზნით, ან იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც განკუთვნილია ბაზარზე წვდომის შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად.

3. კომისია ვალდებულია 2013 წლის 3 მარტისთვის ევროპარლამენტსა და საბჭოს ზოგადი მიმოხილვის ნაწილის სახით წარუდგინოს დეტალური კონკრეტული ანგარიში, რომელშიც ხაზგასმული იქნება თუ რამდენად წარმატებულია მე-5 თავით გათვალისწინებული გამოყოფის მოთხოვნები გადამცემი სისტემების ოპერატორთა სრული და ეფექტური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის კუთხით, ამოსავალი ნიშნულის სახით ეფექტური და ეფექტიანი გამოყოფის გამოყენებით.

4. მე-3 აბზაცის თანახმად მისი შეფასების მიზნით კომისიამ განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინოს შემდეგი კრიტერიუმები: ქსელზე სამართლიანი და არადისკრიმინაციული დაშვება, ეფექტური რეგულირება, ქსელის განვითარება ბაზრის საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, ინვესტირების შეუფერხებელი სტიმულირება, ურთიერთდაკავშირების ინფრასტრუქტურის განვითარება, ეფექტური კონკურენცია გაერთიანების ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე და გაერთიანებაში მიწოდების უსაფრთხოება.

5. სადაც მიზანშეწონილია, კერძოდ კი იმ შემთხვევაში თუ მე-3 აბზაცით გათვალისწინებული კონკრეტული დეტალური ანგარიშით დადგინდება, რომ მე-4 აბზაცის პირობები არ არის გარანტირებული პრაქტიკაში, კომისიამ უნდა წარუდგინოს ევროპარლამენტსა და კომისიას წინადადებები გადამცემი სისტემის ოპერატორთა სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით 2014 წლის 3 მარტისთვის.

6. კომისია ვალდებულია 2006 წლის 1 იანვრისთვის ევროპარლამენტსა და საბჭოს მიაწოდოს დეტალური ანგარიში ელექტროენერგიის შიდა ბაზრის შექმნის პროგრესის შესახებ. კერძოდ, ეს ანგარიში უნდა ითვალისწინებდეს:

– ქსელზე არადისკრიმინაციულ დაშვებას;

– ეფექტურ რეგულირებას;

– ურთიერთდამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მიწოდების უსაფრთხოებას გაერთიანებაში;

– მცირე საწარმოებისა და საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბაზრების გახსნის სრული სარგებლის მოცულობას, განსაკუთრებით საჯარო მომსახურებასა და უნივერსალური მომსახურების სტანდარტებთან მიმართებაში;

– პრაქტიკაში ბაზრების ეფექტური კონკურენციისადმი ღიაობის დონეს, მათ შორის ბაზარზე დომინირების, ბაზრის კონცენტრაციისა და ბაზარზე მტაცებლური ან არაკონკურენტული ქმედების ასპექტებს;

– მომხმარებლების მიერ მიმწოდებელთა ფაქტობრივი გადართვისა და ტარიფების გადახედვის დონეს;

– ფასის, მათ შორის მიწოდების ფასის დინამიკას ბაზრის გახსნის დონესთან მიმართებაში; და

– ამ დირექტივის გამოყენებით მიღებულ გამოცდილებას, თუ ის ეხება სისტემის ოპერატორების დამოუკიდებლობას ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოებში, და შემუშავებულია თუ არა ფუნქციური დამოუკიდებლობისა და ანგარიშების განცალკევების გარდა სხვა დამატებითი ღონისძიებები, რომელთაც აქვთ სამართლებრივი გამოყოფის თანაბარი შედეგები.

სადაც მიზანშეწონილია, კომისია წარუდგენს წინადადებებს ევროპარლამენტსა და საბჭოს, კერძოდ საჯარო მომსახურების მაღალი სტანდარტების გარანტირების მიზნით.

სადაც მიზანშეწონილია, კომისია წარუდგენს წინადადებებს ევროპარლამენტსა და საბჭოს, კერძოდ 2007 წლის 1 ივლისამდე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების სრული და ეფექტური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით. სადაც მიზანშეწონილია, ეს წინადადებები, კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა ეხებოდეს ბაზარზე დომინირების, ბაზარზე კონცენტრაციისა და მტაცებლური ან არაკონკურენტული ქმედების საკითხების მოგვარების ღონისძიებებს.

მუხლი 48

გაუქმება

დირექტივა 2003/54/EC უნდა გაუქმდეს 2011 წლის 3 მარტიდან აღნიშნული დირექტივის სახელმწიფო კანონმდებლობაში გადმოტანის ვადებთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების ვალდებულებების შეუზღუდავად. მითითება გაუქმებულ დირექტივაზე განიმარტება როგორც მითითება წინამდებარე დირექტივაზე II დანართით განსაზღვრული კორელაციის ცხრილის მიხედვით.

მუხლი 49

დირექტივის სახელმწიფო კანონმდებლობაში გადმოტანა

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აამოქმედონ ის კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული სამართლის ნორმები, რომლებიც აუცილებელია 2011 წლის 3 მარტამდე ამ დირექტივასთან შესაბამისობაში მოსაყვანად. მათ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ კომისიას ამის შესახებ.

მათ უნდა გაატარონ ეს ღონისძიებები 2011 წლის 3 მარტიდან, გარდა მე-11 მუხლისა, რომელიც უნდა გატარდეს 2013 წლის 3 მარტიდან.

წევრი სახელმწიფოების მიერ ამ ღონისძიებების მიღებისას ისინი უნდა შეიცავდნენ მითითებას ამ დირექტივაზე, ან ოფიციალურად გამოქვეყნების შემთხვევაში მათ თან უნდა დაერთოთ ასეთი მითითება. ასეთი მითითების გაკეთების მეთოდები დგინდება წევრი სახელმწიფოების მიერ.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ კომისიას სახელმწიფო კანონმდებლობის ძირითად დებულებათა ტექსტი, რომელსაც ისინი მიიღებენ წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებულ სფეროში.

მუხლი 50

ძალაში შესვლა

წინამდებარე დირექტივა ძალაში შედის მისი ევროპის კავშირის ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნებიდან მეოცე დღეს.

მუხლი 51

ადრესატები

წინამდებარე დირექტივა ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე.

შედგენილია ბრიუსელში, 2009 წლის 13 ივლისს.

 

ევროპარლამენტის სახელით

თავმჯდომარე

ჰ-გ. პოტერინგი

 

საბჭოს სახელით

თავმჯდომარე

ე. ერლანდსენი

 

 

დანართი I

მომხმარებელთა დაცვის ღონისძიებები

1. მომხმარებელთა დაცვის შესახებ გაერთიანების წესების, კერძოდ კი დისტანციურ ხელშეკრულებებთან მიმართებაში მომხმარებელთა დაცვის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 1997 წლის 20 მაისის დირექტივის 97/7/EC22, და მომხმარებელთა ხელშეკრულებებში უსამართლო პირობების შესახებ საბჭოს 1993 წლის 5 აპრილის დირექტივის 93/13/EEC23 შეუზღუდავად, მე-3 მუხლით გათვალისწინებულმა ღონისძიებებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მომხმარებლებს:

(a) უფლება ჰქონდეთ გააფორმონ ხელშეკრულება თავიანთ ელექტროენერგიის მომსახურების მიმწოდებლებთან, სადაც განსაზღვრული უნდა იყოს:

– მიმწოდებლის ვინაობა და მისამართი;

– გაწეული მომსახურება, შეთავაზებული მომსახურების ხარისხის დონეები, ასევე პირველადი მიერთების დრო;

– შეთავაზებული ტექნიკური უზრუნველყოფის მომსახურების კატეგორიები;

– საშუალებები, რომლითაც შესაძლებელია მოქმედი ტარიფებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის გადასახადების შესახებ მიმდინარე ინფორმაციის მოპოვება;

– ხელშეკრულების ხანგრძლივობა, განახლების პირობები და მომსახურებისა და ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, ასევე დასაშვებია თუ არა ხელშეკრულების შეწყვეტა გადასახადის გადახდის გარეშე;

– ნებისმიერი კომპენსაცია და ანაზღაურება, რომელიც მოქმედებს თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხის დონე არ იქნება შესაბამისი, მათ შორის არაზუსტი და დაგვიანებული ანგარიშების წარდგენის შემთხვევები;

– დავების მოგვარების პროცედურების ინიციირების მეთოდი (f) ქვეპუნქტის შესაბამისად;

– მომხმარებელთა უფლებებთან, მათ შორის მომხმარებელთა პრეტენზიების განკარგვასთან დაკავშირებული ინფორმაცია და ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც ნათლად უნდა იქნეს წარმოდგენილი ანგარიშებში ან ელექტროენერგეტიკული საწარმოს ვებგვერდზე, პირობები უნდა იყოს სამართლიანი და წინასწარ ცნობილი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია მიწოდებული უნდა იქნეს ხელშეკრულების გაფორმებამდე ან დადასტურებამდე. როდესაც ხელშეკრულება იდება შუამავლების მეშვეობით, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია ასევე მიწოდებული უნდა იქნეს ხელშეკრულების დადებამდე.

(b) მიეწოდოთ ადეკვატური შეტყობინება სახელშეკრულებო პირობების შეცვლის ნებისმიერი განზრახვის თაობაზე და ეცნობოთ მათ მიერ შეტყობინების გადაცემისას ხელშეკრულების შეწყვეტის უფლების შესახებ. მომსახურების მიმწოდებლებმა უშუალოდ უნდა აცნობონ თავიანთ აბონენტებს გადასახადის გაზრდის შესახებ, შესაფერის დროს, არაუგვიანეს გაზრდილი გადასახადის ამოქმედების შემდეგ ანგარიშების წარდგენის ერთი ჩვეულებრივი პერიოდისა, გამჭვირვალე და გასაგები ფორმით. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მომხმარებლების მიერ ხელშეკრულების თავისუფლად შეწყვეტის შესაძლებლობა, თუ ისინი არ ეთანხმებიან ელექტროენერგეტიკული მომსახურების მიმწოდებლის მიერ მათთვის შეტყობინებულ ახალ პირობებს;

(c) გააჩნდეთ გამჭვირვალე ინფორმაცია მოქმედი ფასებისა და ტარიფების შესახებ სტანდარტული პირობებით, ელექტროენერგეტიკული მომსახურების ხელმისაწვდომობასა და გამოყენებასთან მიმართებაში;

(d) ჰქონდეთ გადახდის მეთოდების ფართო არჩევანი, რომელიც არ ახდენს გაუმართლებელ დისკრიმინაციას მომხმარებელთა შორის. წინასწარი გადახდის სისტემა უნდა იყოს სამართლიანი და ადეკვატურად ასახავდეს სავარაუდო მოხმარებას. ნებისმიერი განსხვავება პირობებში უნდა ასახავდეს სხვადასხვა გადახდის სისტემის მიმწოდებლის ხარჯებს. ზოგადი პირობები უნდა იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე. ისინი მოცემული უნდა იყოს ნათელი და გასაგები ენით და არ უნდა მოიცავდეს არასახელშეკრულებო ბარიერებს მომხმარებელთა უფლებების გამოყენების თვალსაზრისით, მაგალითად, ზედმეტ სახელშეკრულებო დოკუმენტაციას. მომხმარებლები დაცულნი უნდა იყვნენ უსამართლო ან მაცდური გაყიდვების მეთოდებისგან;

(e) არ დაეკისროთ გადასახადი მიმწოდებლის შეცვლის გამო;

(f) მიეცეთ შესაძლებლობა ისარგებლონ პრეტენზიების განხილვის გამჭვირვალე, მარტივი და იაფი პროცედურებით. კერძოდ, ყველა მომხმარებელს უნდა ჰქონდეს მაღალი სტანდარტის მომსახურების მიღებისა და ელექტროენერგეტიკული მომსახურების მიმწოდებლის მიერ პრეტენზიების განხილვის უფლება. სასამართლოს გარეშე დავების გადაწყვეტის პროცედურა იძლევა დავების სამართლიანად და სწრაფად გადაწყვეტის საშუალებას, სასურველია სამი თვის განმავლობაში, გარანტიის არსებობის შემთხვევაში ანაზღაურების და/ან კომპენსაციის სისტემის უზრუნველყოფით. თუ შესაძლებელია, ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ მომხმარებელთა დავების სასამართლოს გარეშე გადაწყვეტაზე პასუხისმგებელ ორგანოებზე მოქმედი პრინციპების შესახებ კომისიის 1998 წლის 30 მარტის რეკომენდაციით 98/257/EC24 დადგენილ პრინციპებს;

(g) წევრი სახელმწიფოების მიერ მე-3(3) მუხლის თანახმად მიღებული სამართლის ნორმების შესაბამისად უნივერსალური მომსახურების ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, ინფორმაცია ჰქონდეთ მათ უფლებებზე უნივერსალურ მომსახურებასთან დაკავშირებით;

(h) ხელთ ჰქონდეთ მონაცემები მათი მოხმარების შესახებ, და შეეძლოთ მკაფიო შეთანხმებით და უფასოდ მისცენ წვდომა მათ აღრიცხვის მონაცემებზე ნებისმიერ რეგისტრირებულ მიწოდების განმახორციელებლ საწარმოს. მონაცემთა მართვაზე პასუხისმგებელი მხარე ვალდებულია გადასცეს აღნიშნული მონაცემები საწარმოს. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ მონაცემების ფორმატი და მომხმარებლებისა და მიმწოდებლების მიერ ამ მონაცემებზე წვდომის პროცედურა. ამ მომსახურებისთვის მომხმარებელს დამატებითი გადასახადი არ დაეკისრება;

(i) გააჩნდეთ ინფორმაცია ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარებისა და ღირებულების შესახებ, რაც ხშირ შემთხვევაში საკმარისია იმისთვის, რომ თავად არეგულირონ საკუთარი ელექტროენერგიის მოხმარება. ეს ინფორმაცია მიწოდებული უნდა იქნეს საკმარის ვადებში, მომხმარებლის მრიცხველისა და კონკრეტული ელექტროენერგეტიკული პროდუქტის გათვალისწინებით. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ამგვარი აღრიცხვის რენტაბელურობა. ამ მომსახურებისთვის მომხმარებელს დამატებითი გადასახადი არ დაეკისრება;

(j) მიეცეთ დახურვის საბოლოო ანგარიში ელექტროენერგიის მიმწოდებლის შეცვლის შემდეგ, მიმწოდებლის შეცვლიდან არაუგვიანეს ექვს კვირაში.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ინტელექტუალური აღრიცხვის სისტემების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებელთა აქტიურ მონაწილეობას ელექტროენერგიის მიწოდების ბაზარზე. აღნიშნული აღრიცხვის სისტემების დანერგვა შესაძლოა იყოს ბაზრის ან ინდივიდუალური მომხმარებლისათვის გათვალისწინებული გრძელვადიანი დანახარჯებისა და სარგებლის ეკონომიკური შეფასების საგანი ან იმის განხილვის საგანი თუ ინტელექტუალური აღრიცხვის რომელი ფორმა არის ეკონომიკურად გონივრული და რენტაბელური და რა ვადები არის მიზანშეწონილი მისი განაწილებისთვის.

შეფასება უნდა განხორციელდეს 2012 წლის 3 სექტემბრამდე.

ამ შეფასების გათვალისწინებით წევრმა სახელმწიფოებმა ან მათ მიერ დანიშნულმა ნებისმიერმა კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მოამზადოს გრაფიკი 10 წლამდე ვადით ინტელექტუალური აღრიცხვის სისტემის დანერგვის მიზნით.

თუ ინტელექტუალური მრიცხველების დანერგვა დადებითად შეფასდება, 2020 წლისათვის მომხმარებელთა მინიმუმ 80% აღჭურვილი უნდა იყოს ინტელექტუალური აღრიცხვის სისტემებით.

წევრმა სახელმწიფოებმა ან მათ მიერ დანიშნულმა ნებისმიერმა კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მათ ტერიტორიაზე დასანერგი აღრიცხვის სისტემების ფუნქციონალური თავსებადობა, გამოიყენოს შესაბამისი სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა და გაითვალისწინოს ელექტროენერგიის შიდა ბაზრის განვითარების მნიშვნელობა.

 

დანართი II

კორელაციის ცხრილი

დირექტივა 2003/54/EEC

ეს დირექტივა

მუხლი 1

მუხლი 1

მუხლი 2

მუხლი 2

მუხლი 3

მუხლი 3

მუხლი 4

მუხლი 4

მუხლი 5

მუხლი 5

მუხლი 6

მუხლი 6

მუხლი 7

მუხლი 7

მუხლი 8

მუხლი 10

მუხლი 9

მუხლი 8

მუხლი 10

მუხლი 11

მუხლი 9

მუხლი 12

მუხლი 13

მუხლი 14

მუხლი 11

მუხლი 15

მუხლი 12

მუხლი 16

მუხლი 17

მუხლი 18

მუხლი 19

მუხლი 20

მუხლი 21

მუხლი 22

მუხლი 23

მუხლი 13

მუხლი 24

მუხლი 14

მუხლი 25

მუხლი 15

მუხლი 26

მუხლი 16

მუხლი 27

მუხლი 17

მუხლი 29

მუხლი 18

მუხლი 30

მუხლი 19

მუხლი 31

მუხლი 20

მუხლი 32

მუხლი 21

მუხლი 33

მუხლი 22

მუხლი 34

მუხლი 23(1), (პირველი და მეორე წინადადება)

მუხლი 35

მუხლი 36

მუხლი 23 (დანარჩენი)

მუხლი 37

მუხლი 38

მუხლი 39

მუხლი 40

მუხლი 41

მუხლი 24

მუხლი 42

მუხლი 43

მუხლი 25

მუხლი 26

მუხლი 44

მუხლი 27

მუხლი 45

მუხლი 46

მუხლი 28

მუხლი 47

მუხლი 29

მუხლი 48

მუხლი 30

მუხლი 49

მუხლი 31

მუხლი 50

მუხლი 32

მუხლი 51

დანართი A

დანართი I


 


1 ოფიციალური ბიულეტენი C 211, 19.08.2008, გვ. 23.

2 ოფიციალური ბიულეტენი C 172, 05.07.2008, გვ. 55.

3 ევროპარლამენტის 2008 წლის 18 ივნისის მოსაზრება (რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა ოფიციალურ ბიულეტენში), საბჭოს 2009 წლის 9 იანვრის ერთობლივი პოზიცია (ოფიციალური ბიულეტენი, C 70 E, 24.03.2009, გვ. 1) და ევროპარლამენტის 2009 წლის 22 აპრილის პოზიცია (რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა ოფიციალურ ბიულეტენში). საბჭოს 2009 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება.

4 ოფიციალური ბიულეტენი, L 176, 15.07.2003, გვ. 37.

5 ოფიციალური ბიულეტენი, C 175 E, 10.07.2008, გვ. 206.

6 ოფიციალური ბიულეტენი L 24, 29.01.2004, გვ. 1.

7 იხილეთ ოფიციალური ბიულეტენის გვ. 1.

8 ოფიციალური ბიულეტენი L 25, 29.01.2009, გვ. 18.

9 ოფიციალური ბიულეტენი L 114, 27.04.2006, გვ. 64.

10 იხილეთ ოფიციალური ბიულეტენის გვ. 15.

11 ოფიციალური ბიულეტენი L 184, 17.07.1999, გვ. 23.

12 ოფიციალური ბიულეტენი, C 321, 31.12.2003, გვ. 1.

13 დირექტივის 83/349/EEC სათაური დაკორექტირდა ევროპის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების მუხლების ნუმერაციის გათვალისწინებით ამსტერდამის ხელშეკრულების მე-12 მუხლის მიხედვით; თავდაპირველი მითითება გაკეთებული იყო 54(3)-ე მუხლის (g) ქვეპუნქტზე.

14 ოფიციალური ბიულეტენი L 193, 18.07.1983, გვ. 1.

15 ოფიციალური ბიულეტენი L 145, 30.04.2004, გვ. 1.

16 ოფიციალური ბიულეტენი L 204, 21.07.1998, გვ. 37.

17 ოფიციალური ბიულეტენი L 140, 05.06.2009, გვ. 16.

18 იხილეთ ოფიციალური ბიულეტენის გვ. 94.

19 საბჭოს 1968 წლის 9 მარტის პირველი დირექტივა 68/151/EEC უსაფრთხოების ზომების კოორდინაციის შესახებ, რასაც წევრი სახელმწიფოებისა და სხვათა ინტერესების დაცვის მიზნით წევრი სახელმწიფოები ითხოვენ კომპანიებისგან გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების 58-ე მუხლის მეორე აბზაცით გათვალისწინებული მნიშვნელობით, გაერთიანების მასშტაბით ამ ზომების შესაბამისობის მიზნით (ოფიციალური ბიულეტენი, L 65, 14.03.1968, გვ. 8).

20 დირექტივის 78/660/EEC სათაური დაკორექტირდა ევროპის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების მუხლების ნუმერაციის გათვალისწინებით ამსტერდამის ხელშეკრულების მე-12 მუხლის მიხედვით; თავდაპირველი მითითება გაკეთებული იყო 54(3)-ე მუხლის (g) ქვეპუნქტზე.

21 ოფიციალური ბიულეტენი L 222, 14.08.1978, გვ. 11.

22 ოფიციალური ბიულეტენი L 144, 04.06.1997, გვ. 19.

23 ოფიციალური ბიულეტენი L 95, 21.04.1993, გვ. 29.

24 ოფიციალური ბიულეტენი L 115, 17.04.1998, გვ. 31.