ევროპარლამენტისა და საბჭოს 2005 წლის 12 იანვრის რეგულაცია (EC) N 183/2005 ცხოველის საკვების ჰიგიენასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ

ევროპარლამენტისა და საბჭოს 2005 წლის 12 იანვრის რეგულაცია (EC) N 183/2005

ცხოველის საკვების ჰიგიენასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ

(ტექსტი შეესაბამება ევროპის ეკონომიკურ სივრცეს)

(აქტები რომელთა გამოქვეყნება სავალდებულოა)

ევროპარლამენტმა და ევროპის კავშირის საბჭომ,

ევროპის კავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულების, კონკრეტულად კი ამ ხელშეკრულების 37(2)-ე მუხლის და 152(4)(b)-ე მუხლის გათვალისწინებით,

კომისიის წინადადების გათვალისწინებით,

ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის1 მოსაზრების გათვალისწინებით,

ევროპის რეგიონთა კომიტეტის მოსაზრების გათვალისწინებით,

მოქმედებენ რა დამფუძნებელი ხელშეკრულების2 251-ე მუხლით დადგენილი პროცედურის თანახმად,

ვინაიდან:

1) მეცხოველეობა გაერთიანების სოფლის მეურნეობის სექტორის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ მოქმედების დამაკმაყოფილებელი შედეგები დიდწილად დამოკიდებულია უვნებელ და კარგი ხარისხის ცხოველის საკვების გამოყენებაზე;

2) ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობის მაღალ დონეზე დაცვა სურსათის კანონმდებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 28 იანვრის რეგულაციის (EC) N 178/2002 თანახმად. რომელიც ადგენს სურსათის კანონმდებლობის ზოგად პრინციპებსა და მოთხოვნებს, განსაზღვრავს ევროპის სურსათის უვნებლობის მარეგულირებელ ორგანოს და პროცედურებს სურსათის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებით3. ეს რეგულაცია აგრეთვე ადგენს ეროვნული და გაერთიანების სურსათის კანონმდებლობის ზოგად პრინციპებსა და განსაზღვრებებს, მათ შორის გაერთიანების ფარგლებში ცხოველის საკვების თავისუფალი გადაადგილების მიზანს;

3) საბჭოს დირექტივა 95/69/EC4 ადგენს პირობებსა და ღონისძიებებს, რომლებიც გამოიყენება ცხოველის საკვების სექტორის საწარმოებისა და შუამავალი ორგანიზაციების გარკვეულ კატეგორიებთან მიმართებაში, რათა მათ ჰქონდეთ თავიანთი საქმიანობის განხორციელების საშუალება. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს პირობები და ღონისძიებები წარმოადგენს მყარ საფუძველს ცხოველის საკვების უვნებლობის უზრუნველსაყოფად. ეს დირექტივა აგრეთვე ადგენს სანქცირების პირობებს იმ საწარმოებისთვის, რომლებიც აწარმოებენ „ცხოველთა კვებაში გამოსაყენებელი გარკვეული პროდუქტების შესახებ“ საბჭოს 1982 წლის 30 ივნისის დირექტივაში 82/471/EEC ჩამოთვლილ ნივთიერებებს5;

4) კომისიის 1998 წლის 9 ივლისის დირექტივა 98/51/EC, რომელიც ადგენს გარკვეულ ზომებს საბჭოს დირექტივის 95/69/EC განსახორციელებლად, რომელიც განსაზღვრავს პირობებსა და ღონისძიებებს ცხოველის საკვების სექტორში მოქმედი გარკვეული საწარმოებისა და შუამავალი ორგანიზაციების სანქცირებისა და რეგისტრაციის თვალსაზრისით6, ადგენს გარკვეულ ზომებს, მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან იმპორტის განხორციელების ღონისძიებათა ჩათვლით;

5) გამოცდილებამ აგრეთვე აჩვენა, რომ საჭიროა უზრუნველყოფილ იქნეს ყველა ცხოველის საკვების წარმოების, მათ შორის აკვაკულტურის, ფუნქციონირება შესაბამისობაში მოყვანილი უვნებლობის მოთხოვნათა დაცვით, და რომ აუცილებელია ზოგადი მიმოხილვის ჩატარება რათა გათვალისწინებულ იქნეს ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობისა და გარემოს მაღალ დონეზე დაცვის საჭიროება.

6) ამ რეგულაციით დადგენილი ჰიგიენის ახალი წესების მთავარი მიზანი ითვალისწინებს მომხმარებლის მაღალ დონეზე დაცვას სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით შემდეგი პრინციპების დაცვით:

a) ცხოველის საკვების უვნებლობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება ცხოველის საკვების მწარმოებელ სუბიექტებს;

b) საკვების უვნებლობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მთლიანი სასურსათო ჯაჭვის ფარგლებში, ცხოველის საკვების პირველადი წარმოებიდან, სურსათის წარმოებისთვის განკუთვნილი ცხოველების კვების ჩათვლით;

c) პროცედურების ზოგადი განხორციელება საფრთხის ანალიზისა და საკონტროლო კრიტიკული წერტილების (HACCP) საფუძველზე, რომლებმაც კარგი ჰიგიენის პრაქტიკის გამოყენებასთან ერთად უნდა გააძლიერონ ცხოველის საკვების მწარმოებელ სუბიექტთა პასუხისმგებლობა;

d) კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპები მნიშვნელოვანი მექანიზმია ცხოველთა კვებითი ჯაჭვის ყველა ეტაპზე ცხოველის საკვების მწარმოებელი სუბიექტების დასახმარებლად, რათა ცხოველის საკვების ჰიგიენის წესები და HACCP პრინციპების გამოყენება იყოს დაცული;

e) მიკრობიოლოგიური კრიტერიუმების დადგენა მეცნიერული რისკის კრიტერიუმებზე დაყრდნობით;

f) იმპორტირებული საკვების მიერ იმ სტანდარტის მიღწევის უზრუნველყოფის საჭიროება, რომელიც არის მინიმუმ გაერთიანებაში წარმოებული ცხოველის საკვების სტანდარტის თანაზომიერი.

7) იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს რეგისტრაციისა და სანქცირების სისტემის სრულად გავრცელება ყველა ცხოველის საკვების მწარმოებელ სუბიექტზე და, შესაბამისად სრული მიკვლევადობა, მიზანშეწონილია იმის უზრუნველყოფა, რომ ისინი იღებდნენ და იყენებდნენ ცხოველის საკვებს მხოლოდ იმ საწარმოებიდან, რომლებიც რეგისტრირებულია და/ან სანქცირებულია ამ რეგულაციის თანახმად;

8) საჭიროა ინტეგრირებული მიდგომა ცხოველის საკვების უვნებლობის უზრუნველსაყოფად ცხოველის საკვების პირველადი წარმოებიდან მისი ბაზარზე განთავსების ან ექსპორტის ჩათვლით. ცხოველის საკვების პირველადი წარმოება მოიცავს პროდუქტებს, რომლებიც გადის მხოლოდ მარტივ ფიზიკურ დამუშავებას, როგორიცაა გასუფთავება, შეფუთვა, დასაწყობება, ბუნებრივი გამოშრობა ან დასილოსება;

9) თანაზომიერებისა და სუბსიდიარულობის პრინციპების თანახმად, გაერთიანების წესები არ უნდა ვრცელდებოდეს ცხოველის საკვების შიდა კერძო წარმოების გარკვეულ შემთხვევებზე და გარკვეული ცხოველების კვებაზე, ასევე არც ცხოველის საკვების პირველადი წარმოების მცირე რაოდენობით მიწოდებაზე ადგილობრივ დონეზე, და არც შინაური ცხოველის საკვების საცალო გაყიდვაზე;

10) უნდა მოხდეს ცხოველის საკვების პირველადი წარმოების დონეზე არსებული ცხოველის საკვებთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირება და შესაბამისად გაკონტროლება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს წინამდებარე რეგულაციის მიზნების დაკმაყოფილება. აქედან გამომდინარე წინამდებარე რეგულაციის ძირითადი პრინციპები ვრცელდება ფერმებზე, რომლებიც აწარმოებენ ცხოველის საკვებს მხოლოდ საკუთარი წარმოების მოთხოვნებისათვის, აგრეთვე ფერმებზე, რომლებიც ცხოველის საკვებს ბაზარზე განათავსებენ. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის ფაქტი, რომ რისკი ნაკლებია თუ ცხოველის საკვები იწარმოება და გამოიყენება მხოლოდ შიდა მოხმარებისათვის განკუთვნილი ცხოველების ან იმ ცხოველების გამოსაკვებად, რომლებიც არ არიან განკუთვნილი სურსათის საწარმოებლად. ცხოველის საკვები პროდუქტების მცირე რაოდენობით ვაჭრობა ადგილობრივ დონეზე და შინაური ცხოველის საკვების საცალო ვაჭრობა საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას წინამდებარე რეგულაციის ფარგლებში;

11) HACCP პრინციპების გამოყენება ცხოველის საკვების პირველადი წარმოების ეტაპზე ჰიგიენის შესახებ ევროპის კანონმდებლობის საშუალოვადიანი მიზანია. მაგრამ კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპები უკვე უნდა უწყობდნენ ხელს ჰიგიენის შესაბამისი მოთხოვნის გამოყენებას;

12) ცხოველის საკვების უვნებლობა რამდენიმე ფაქტორზე არის დამოკიდებული. კანონმდებლობამ უნდა განსაზღვროს ჰიგიენის მინიმალური მოთხოვნები. უნდა არსებობდეს სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რათა შემოწმდეს ცხოველის საკვების მწარმოებელი სუბიექტების მიერ კანონთან შესაბამისობა. ამასთან, ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა მიიღონ ზომები ან შეიმუშაონ პროცედურები ცხოველის საკვების უვნებლობის მაღალი დონის მისაღწევად;

13) HACCP პრინციპები დაეხმარება ცხოველის საკვების მწარმოებელ სუბიექტებს ცხოველის საკვების უვნებლობის უფრო მაღალი სტანდარტის მიღწევაში. HACCP პრინციპები არ უნდა ჩაითვალოს თვითრეგულაციის მეთოდად და არ უნდა ჩაანაცვლოს სახელმწიფო კონტროლი;

14) HACCP პრინციპების განხორციელება მოითხოვს ცხოველის საკვების მწარმოებელი სუბიექტების თანამშრომელთა სრულ თანამშრომლობასა და ერთგულებას;

15) ცხოველის საკვების წარმოებაში HACCP პრინციპები უნდა ითვალისწინებდეს „კოდექს ალიმენტარიუსის“ (Codex Alimentarius) პრინციპებს, მაგრამ ასევე სათანადოდ მოქნილი უნდა იყოს ყველა სიტუაციაში. ცხოველის საკვების გარკვეულ წარმოებაში შეუძლებელია კრიტიკული საკონტროლო წერტილების იდენტიფიცირება, და ზოგიერთ შემთხვევაში, კარგ პრაქტიკას შეუძლია ჩაანაცვლოს კრიტიკული საკონტროლო წერტილების მონიტორინგი. მსგავსად, „კრიტიკული ზღვრული ნორმების“ დადგენის მოთხოვნები რომელიც განსაზღვრულია „კოდექს ალიმენტარიუსით“, არ მოითხოვს ყოველი შემთხვევის დროს რაოდენობრივი ზღვრული ნორმების განსაზღვრას. ამ კოდექსით განსაზღვრული ყველა დოკუმენტის შენახვის მოთხოვნა უნდა იყოს მოქნილი, რათა მოხდეს მცირე ბიზნესისთვის ზედმეტი ტვირთის თავიდან აცილება. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს, რომ არ არსებობდეს HACCP პრინციპების დაცვის ვალდებულება, ცხოველის საკვების მწარმოებელი სუბიექტების მიერ, ცხოველის საკვების პირველადი წარმოების ეტაპზე განხორციელებულ ოპერაციებში, მათთან დაკავშირებული ოპერაციების, აგრეთვე, მხოლოდ საკუთარი სადგომის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ცხოველის საკვების-დანამატ საკვებ-პროდუქტებთან შერევის ოპერაციების ჩათვლით;

16) მოქნილობა ასევე საჭიროა, პირობების შესაქმნელად, ცხოველის საკვების მწარმოებელი სუბიექტებისთვის, რომლებიც მდებარეობენ ისეთ რეგიონებში, რომლებიც ექვემდებარება სპეციალურ გეოგრაფიულ შეზღუდვებს ან დაკავშირებულია სტრუქტურულ საჭიროებებთან. მაგრამ ასეთმა მოქნილობამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას ცხოველის საკვების ჰიგიენის დაცვის მიზნებს. სადაც მიზანშეწონილია, გათვალისწინებული უნდა იქნეს განხილვები „კვებითი ჯაჭვისა და ცხოველთა ჯანმრთელობის მუდმივმოქმედი კომისიის“ ფარგლებში;

17) წევრი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოების მიერ ყველა ტიპის ცხოველის საკვების მწარმოებლის რეგისტრაციისა და სანქცირების სისტემით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მიკვლევადობა, მწარმოებლიდან საბოლოო მომხმარებლამდე, და ეფექტური სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ხელშეწყობა. ცხოველის საკვების წარმოების საქმიანობაში არსებული მონაცემთა შეგროვების სისტემები შეიძლება გამოყენებული იქნეს წევრი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოების მიერ წინამდებარე რეგულაციით განსაზღვრული სისტემის ასამოქმედებლად და განსახორციელებლად;

18) მიზანშეწონილია, რომ ცხოველის საკვების წარმოებაში შენარჩუნებული იქნეს სანქცირების სისტემა იმ საქმიანობებთან მიმართებაში, რომლებიც შესაძლოა უფრო დიდ საფრთხეს ქმნიდნენ ცხოველის საკვების წარმოებაში. გათვალისწინებული უნდა იქნეს პროცედურები დირექტივით 95/69/EC განსაზღვრული სანქცირების სისტემის ახლანდელი მოქმედების სფეროს გაფართოებასთან დაკავშირებით;

19) ნებართვის მოსაპოვებლად ან რეგისტრაციისთვის, ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა დააკმაყოფილონ მათ ოპერაციებთან შესაბამისი გარკვეული პირობები, ობიექტებთან, მოწყობილობა-დანადგარებთან, პერსონალთან, წარმოებასთან, ხარისხის უზრუნველყოფასთან, დასაწყობებსა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს როგორც ცხოველის საკვების უვნებლობა ასევე პროდუქტის მიკვლევადობა. გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ პირობების მრავალფეროვნება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მათი შესაბამისობა ცხოველის საკვების წარმოების სხვადასხვა ტიპთან. წევრ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ უფლება, მისცენ საწარმოებს პირობითი ნებართვა თუ ადგილზე ვიზიტის შედეგად აღმოჩნდება, რომ საწარმო აკმაყოფილებს ინფრასტრუქტურასა და მოწყობილობა-დანადგარებთან დაკავშირებულ ყველა მოთხოვნას. თუმცა ასევე მიზანშეწონილია ასეთი პირობითი ნებართვებისთვის მაქსიმალური დროის მონაკვეთის განსაზღვრა;

20) გათვალისწინებული უნდა იქნეს რეგისტრაციის ან ნებართვის დროებითი შეჩერების, შეცვლის და გაუქმების საკითხი, თუ საწარმოები ცვლიან ან წყვეტენ თავიანთ საქმიანობას ან აღარ აკმაყოფილებენ მათი საქმიანობისათვის საჭირო პირობებს;

21) ცხოველის საკვებისა და საკვების შემადგენელი ნაწილების მიკვლევადობა, ცხოველთა კვებითი ჯაჭვის მასშტაბით, არსებითი ელემენტია ცხოველის საკვების უვნებლობის უზრუნველსაყოფად. რეგულაცია (EC) N 178/2002 შეიცავს წესებს, რომლებიც უზრუნველყოფს ცხოველის საკვებისა და საკვების შემადგენელი ნაწილების მიკვლევადობას და აწესებს კონკრეტულ სექტორებზე მოქმედი განმახორციელებელი ნორმების მიღების პროცედურას;

22) ცხოველის საკვების თანმიმდევრული კრიზისი ნათელს ხდის, რომ წარუმატებლობას ცხოველთა კვებითი ჯაჭვის ნებისმიერ ეტაპზე შესაძლოა მოჰყვეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგები. ცხოველის საკვების წარმოების მახასიათებლებიდან და ცხოველის საკვების სადისტრიბუციო ქსელთან დაკავშირებული სირთულეებიდან გამომდინარე რთულია ცხოველის საკვების ბაზრიდან გატანა. ცხოველის საკვებისა და კვებითი ჯაჭვის ფარგლებში ეკონომიკური ზიანის გამოსწორების ხარჯები ხშირად გათვალისწინებულია საბიუჯეტო სახსრებში. საზოგადოებისთვის დაბალი ხარჯებით ამ ეკონომიკური შედეგის გამოსწორების გაუმჯობესება შესაძლებელია თუ ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისრება საქმიანობის სუბიექტს, რომლის მოქმედებაც იწვევს ეკონომიკურ ზიანს ცხოველის საკვების სექტორში. თუმცა, ფინანსური ვალდებულებებისა და გარანტიების ზოგადი სავალდებულო სისტემის შექმნა, მაგალითად დაზღვევის საშუალებით, რომელიც გავრცელდება ცხოველის საკვების მწარმოებელ ყველა სუბიექტზე, შეიძლება არ იყოს შესაძლებელი და მიზანშეწონილი. აქედან გამომდინარე, კომისიამ უფრო სიღრმისეულად უნდა განიხილოს ეს საკითხი, სხვა სფეროებში ვალდებულებებთან დაკავშირებით არსებული კანონმდებლობის დებულებების, აგრეთვე წევრ სახელმწიფოებში არსებული სისტემებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით. ამ მიზნით, კომისიამ უნდა წარმოადგინოს მოხსენება, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში თან უნდა ერთოდეს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებები;

23) გაერთიანებაში იმპორტირებული ცხოველის საკვები უნდა აკმაყოფილებდეს რეგულაციით (EC) N 178/2002 დადგენილ მოთხოვნებს და იმპორტის პირობებს, რომლებიც განსაზღვრულია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის რეგულაციით (EC) N 882/2004 „ცხოველის საკვებისა და სურსათის კანონმდებლობასთან, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წესებთან შესაბამისობის შემოწმების უზრუნველსაყოფად განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შესახებ7“. ვაჭრობის გაწყვეტის თავიდან აცილების მიზნით მიზანშეწონილია, რომ განმახორციელებელი ზომების დასრულებამდე იმპორტის სანქცირება გაგრძელდეს დირექტივით 98/51/EC დადგენილი პირობებით;

24) მესამე ქვეყანაში გატანილი გაერთიანების პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდნენ რეგულაციით (EC) N 178/2002 დადგენილ ზოგად მოთხოვნებს;

25) მიზანშეწონილია, რეგულაციით (EC) N 178/2002 დადგენილი სურსათისა და ცხოველის საკვების სასწრაფო განგაშის სისტემის მოქმედების სფეროს გაფართოება, რათა ის მოიცავდეს ცხოველთა ჯანმრთელობის და გარემოს რისკებს, გამოწვეულს იმ ცხოველებისთვის გამოყენებული საკვებით, რომელიც არ არის განკუთვნილი სურსათის წარმოებისათვის;

26) გაერთიანების კანონმდებლობა ცხოველის საკვების ჰიგიენის შესახებ გამყარებული უნდა იქნეს მეცნიერული რეკომენდაციით. ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს კონსულტაციები ევროპის სურსათის უვნებლობის მარეგულირებელ ორგანოსთან;

27) ტექნიკური და სამეცნიერო პროგრესის გათვალისწინებით, გაერთიანებასა და წევრ სახელმწიფოებს შორის უნდა იყოს ახლო და ეფექტური თანამშრომლობა კვებითი ჯაჭვისა და ცხოველთა ჯანმრთელობის მუდმივმოქმედი კომისიის ფარგლებში;

28) წინამდებარე რეგულაცია ითვალისწინებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სანიტარული და ფიტოსანიტარული შეთანხმებით დადგენილ საერთაშორისო ვალდებულებებს და კოდექს ალიმენტარიუსით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს.

29) წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაადგინონ საჯარიმო წესები წინამდებარე რეგულაციის დებულებების დარღვევის შემთხვევაში და უზრუნველყონ მათი განხორციელება. ჯარიმა უნდა იყოს ეფექტიანი, თანაზომიერი და გადამწყვეტი;

30) წინამდებარე რეგულაციის განსახორციელებლად საჭირო ზომები მიღებულ უნდა იქნეს საბჭოს 1999 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების 1999/468/EC შესაბამისად, რომელიც ადგენს კომისიისთვის მინიჭებული განმახორციელებელი უფლებამოსილების გამოყენების პროცედურებს.8

31) მიზანშეწონილია, რეგულაციის ამოქმედების თარიღის გადადება, რათა ადაპტირების საშუალება მიეცეთ ცხოველის საკვების მწარმოებლებს, რომელთა საქმიანობაზეც ის გავლენას იქონიებს;

32) ზემოთ მოყვანილი მიზეზების გამო დირექტივები 95/69/EC და 98/51/EC უნდა გაუქმდეს,

მიიღეს ეს რეგულაცია:

 

თავი I

შესწავლის საგანი, მოქმედების სფერო და განსაზღვრებები

მუხლი 1

შესწავლის საგანი

წინამდებარე რეგულაცია ადგენს:

(a) ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგად წესებს;

(b) პირობებსა და ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ცხოველის საკვების მიკვლევადობას;

(c) საწარმოების რეგისტრაციისა და სანქცირების პირობებსა და ღონისძიებებს.

მუხლი 2

მოქმედების სფერო

1. წინამდებარე რეგულაცია ვრცელდება:

(a) ცხოველის საკვების მწარმოებელი სუბიექტების საქმიანობის ყველა ეტაპზე, ცხოველის საკვების პირველადი წარმოებიდან ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსებამდე.

(b) სურსათის წარმოებისთვის განკუთვნილი ცხოველების კვებაზე;

(c) ცხოველის საკვების იმპორტ-ექსპორტზე მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან და ამ ქვეყნებში.

2. წინამდებარე რეგულაცია არ ვრცელდება:

(a) ცხოველის საკვების შიდა კერძო წარმოებაზე;

(i) სურსათის წარმოებისთვის განკუთვნილი ცხოველებისთვის, რომლებიც კერძო შიდა მოხმარებისთვისაა გათვალისწინებული;

და

(ii) იმ ცხოველებისთვის, რომლებიც არ არის განკუთვნილი სურსათის წარმოებისთვის;

(b) იმ ცხოველების კვებაზე, რომლებიც განკუთვნილია კერძო შიდა მოხმარებისთვის ან იმ საქმიანობისთვის, რომელიც გათვალისწინებულია საკვები პროდუქტების ჰიგიენის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის რეგულაციის (EC) N 852/2004 1(2)(c) მუხლით9;

(c) იმ ცხოველების კვებაზე, რომლებიც არ არის განკუთვნილი სურსათის წარმოებისთვის;

(d) მწარმოებლის მიერ პირველადი წარმოების ცხოველის საკვების მცირე რაოდენობით პირდაპირ მიწოდებაზე ადგილობრივ დონეზე ადგილობრივი ფერმებისათვის ამ ფერმებში გამოსაყენებლად;

(e) შინაური ცხოველების საკვების საცალო ვაჭრობაზე;

3. წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა დაადგინონ წესები და სახელმძღვანელო მითითებები მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის რეგულირებისთვის. ასეთი ეროვნული წესებითა და სახელმძღვანელო მითითებებით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს წინამდებარე რეგულაციის მიზნების მიღწევა.

მუხლი 3

განსაზღვრებები

წინამდებარე რეგულაციის მიზნებისათვის მოქმედებს რეგულაციით (EC) N 178/2002 გათვალისწინებული განსაზღვრებები, შემდეგი კონკრეტული განსაზღვრებების ფარგლებში:

(a) „ცხოველის საკვების ჰიგიენა“ აღნიშნავს ზომებსა და პირობებს, რომელიც საჭიროა საფრთხეების კონტროლისა და ცხოველის მოხმარებისათვის განკუთვნილი საკვების ვარგისიანობის უზრუნველსაყოფად, მისი მიზნობრივი გამოყენების გათვალისწინებით;

(b) „ცხოველის საკვების მწარმოებელი სუბიექტი“ აღნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც პასუხისმგებელია მისი კონტროლის ქვეშ არსებული ცხოველის საკვების წარმოების მიერ წინამდებარე რეგულაციის მოთხოვნათა დაკმაყოფილების უზრუნველყოფაზე;

(c) „საკვები დანამატები“ აღნიშნავს ნივთიერებებს ან მიკრო-ორგანიზმებს რომლებიც ნებადართულია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003 წლის 22 სექტემბრის რეგულაციით (EC) N 1831/2003 ცხოველთა კვებაში დანამატების გამოყენების შესახებ10;

(d) „საწარმო“ აღნიშნავს ცხოველის საკვების მწარმოებლის ნებისმიერ ერთეულს;

(e) „კომპეტენტური ორგანო“ აღნიშნავს წევრი სახელმწიფოს ან მესამე მსოფლიოს ქვეყნის ორგანოს, რომელსაც აქვს სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უფლება;

(f) „ცხოველის საკვების პირველადი წარმოება“ აღნიშნავს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებას, მათ შორის: კერძოდ მოყვანას, მოსავლის აღებას, რძის მოწველას, ცხოველების გამოკვებას (დაკვლის წინ) ან თევზჭერას, განსაკუთრებით იმ პროდუქციის მისაღებად, რომელიც არ გადის რომელიმე სხვა ოპერაციას მოსავლის აღების, შეგროვების ან დაჭერის შემდეგ, გარდა მარტივი ფიზიკური დამუშავებისა.

თავი II

ვალდებულებები

მუხლი 4

ზოგადი ვალდებულებები

1. ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათი კონტროლის ქვეშ არსებული წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპი განხორციელდეს გაერთიანების კანონმდებლობის, ამ უკანასკნელთან შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობისა და კარგი პრაქტიკის დაცვით. კერძოდ, მათ უნდა უზრუნველყონ წინამდებარე რეგულაციით დადგენილი შესაბამისი ჰიგიენის მოთხოვნების დაკმაყოფილება.

2. სურსათის წარმოებისთვის განკუთვნილი ცხოველების გამოკვებისას, ფერმერებმა უნდა მიიღონ ზომები და შეიმუშაონ პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის საკვების, ცხოველებისა და ცხოველური პროდუქციის ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური დაბინძურების რამდენადაც შესაძლებელია დაბალ რისკს.

მუხლი 5

კონკრეტული ვალდებულებები

1. ცხოველის საკვების პირველადი წარმოებისა და მასთან დაკავშირებული შემდგომი ოპერაციების დონეზე, როგორიცაა:

(a) პირველადი პროდუქტების ტრანსპორტირება, დასაწყობება და გადაადგილება წარმოების ადგილზე;

(b) ტრანსპორტირების ოპერაციები პირველადი პროდუქციის გადასატანად წარმოების ადგილიდან საწარმომდე;

(c) ცხოველის საკვების შერევა მხოლოდ მათი საკუთარი სადგომების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დანამატების და დანამატთა პირველადი მინარევების გამოყენების გარეშე, სასილოსე კონსერვირებული დანამატების გარდა.

ცხოველის საკვების მწარმოებელმა ობიექტებმა უნდა დაიცვან I დანართით გათვალისწინებული დებულებები, რომლებიც შეესაბამება განხორციელებულ ოპერაციებს.

2. ოპერაციებისთვის, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირველი აბზაცით, მათ შორის მხოლოდ საკუთარი სადგომების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ცხოველის საკვების შერევა დანამატების ან დანამატთა პირველადი მინარევების გამოყენებით, გარდა სასილოსე კონსერვირებული დანამატებისა, ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა დაიცვან II დანართით გათვალისწინებული დებულებები, რომლებიც შეესაბამება განხორციელებულ ოპერაციებს.

3. ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა:

(a) დაიცვან კონკრეტული მიკრობიოლოგიური კრიტერიუმები;

(b) მიიღონ ზომები ან შეიმუშაონ საჭირო პროცედურები, კონკრეტული მიზნების დასაკმაყოფილებლად.

(a) და (b) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კრიტერიუმებისა და მიზნების მიღება უნდა მოხდეს 31(2)-ე მუხლის განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.

4. ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა შეიძლება გამოიყენონ III თავით გათვალისწინებული სახელმძღვანელო პრინციპები, რაც დაეხმარება მათ წინამდებარე რეგულაციით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაში.

5. ფერმერები უნდა იცავდნენ III დანართით განსაზღვრულ დებულებებს სურსათის წარმოებისთვის განკუთვნილი ცხოველების გამოკვებისას.

6. ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა და ფერმერებმა უნდა მიიღონ და გამოიყენონ ცხოველის საკვები მხოლოდ წინამდებარე რეგულაციის თანახმად რეგისტრირებული და/ან სანქცირებული საწარმოებიდან.

მუხლი 6

საფრთხის ანალიზისა და საკონტროლო კრიტიკული წერტილების (HACCP) სისტემა

1. ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა, რომლებიც ახორციელებენ მე-5(1) მუხლით გათვალისწინებულის გარდა სხვა ოპერაციებს, უნდა შექმნან, განახორციელონ და შეინარჩუნონ მუდმივი წერილობითი პროცედურა ან პროცედურები HACCP პრინციპებზე დაყრდნობით.

2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრინციპები გულისხმობს შემდეგს:

(a) საფრთხეების იდენტიფიცირება, რომლებიც თავიდან უნდა იქნეს არიდებული, აღმოფხვრილი ან შემცირებული, დასაშვებ დონეზე;

(b) საკონტროლო კრიტიკული წერტილების იდენტიფიცირება იმ საფეხურზე ან საფეხურებზე, სადაც კონტროლს არსებითი მნიშვნელობა აქვს საფრთხის თავიდან ასარიდებლად, აღმოსაფხვრელად ან დასაშვებ დონეზე შესამცირებლად;

(c) საკონტროლო კრიტიკულ წერტილებზე კრიტიკული ზღვრული ნორმების დადგენა, რომელიც განასხვავებს დასაშვებს დაუშვებლისგან იდენტიფიცირებული საფრთხეების თავიდან არიდების, აღმოფხვრის ან შემცირების მიზნით;

(d) საკონტროლო კრიტიკულ წერტილებზე ეფექტური მონიტორინგის პროცედურების შექმნა და განხორციელება;

(e) გამოსასწორებელი ღონისძიებების დადგენა, როდესაც მონიტორინგი მიუთითებს, რომ საკონტროლო კრიტიკული წერტილები არ ექვემდებარება კონტროლს;

(f) პროცედურების დადგენა, რომელთა საშუალებითაც შემოწმდება სრულყოფილიად და ეფექტურად მუშაობს თუ არა (a) და (e) ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებები. გადამოწმების პროცედურები უნდა ჩატარდეს რეგულარულად;

(g) დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოება, რომელიც შეესაბამება ცხოველთა საკვების წარმოების ხასიათსა და მოცულობას, რათა მოხდეს (a) და (f) ქვეპუნქტებით დადგენილ ღონისძიებათა ეფექტურად გამოყენების დემონსტრირება.

3. როდესაც რაიმე ცვლილება ხდება პროდუქტში, პროცესში ან წარმოების, გადამუშავების, დასაწყობებისა და დისტრიბუციის რომელიმე ეტაპზე, ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა გადახედონ თავიანთ პროცედურას და შეიტანონ მასში შესაბამისი ცვლილებები.

4. პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების სისტემის ფარგლებში ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა გამოიყენონ კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპები HACCP გამოყენების სახელმძღვანელო პრინციპებთან ერთად, რომელიც შემუშავებულია მე-20 მუხლის თანახმად.

5. ამ მუხლის განხორციელების ხელშეწყობის ღონისძიებები, მათ შორის მცირე ბიზნესისთვის, შესაძლოა მიღებული იქნეს 31(2)-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის თანახმად.

მუხლი 7

დოკუმენტები HACCP სისტემის შესახებ

1. ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა:

(a) მიაწოდონ კომპეტენტურ ორგანოს მათ მიერ მე-6 მუხლის დაცვის მტკიცებულებები, კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფორმით;

(b) უზრუნველყონ, რომ ნებისმიერი დოკუმენტაცია რომელიც აღწერს მე-6 მუხლის თანახმად შემუშავებულ პროცედურებს, მუდმივად განახლებული იყოს;

2. კომპეტენტურმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ცხოველის საკვების მწარმოებლის სახეობა და ზომა მოთხოვნების დადგენისას იმ ფორმით, რომელიც მითითებულია 1(a) აბზაცში;

3. წინამდებარე მუხლის განხორციელებისათვის დეტალური ღონისძიებები შესაძლოა მიღებულ იქნეს 31(2)-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის თანახმად. ასეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარკვეული ცხოველის საკვების მწარმოებელი სუბიექტების მიერ III თავის თანახმად შემუშავებული HACCP პრინციპების განხორციელებას მე-6(1) მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით.

მუხლი 8

ფინანსური გარანტიები

1. ცხოველის საკვების მწარმოებელი სუბიექტებისათვის ფინანსური გარანტიების ეფექტური სისტემის მოსამზადებლად, კომისიამ 2006 წლის 8 თებერვლამდე უნდა წარუდგინოს ევროპარლამენტსა და საბჭოს მოხსენება ცხოველის საკვების სექტორში ფინანსური გარანტების შესახებ. ცხოველის საკვების სექტორში და მასთან დაკავშირებულ სექტორებში ვალდებულებასთან დაკავშირებით არსებული ეროვნული სამართლებრივი დებულებების, სისტემებისა და პრაქტიკის შემოწმებასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, მოხსენებას თან უნდა დაერთოს საკანონმდებლო წინადადებები ასეთი განხორციელებადი და რეალური გარანტიის სისტემისთვის გაერთიანების დონეზე. ამ გარანტიებმა უნდა უზრუნველყონ მთლიანი ხარჯების დაფარვა, რომელიც ეკისრებათ საქმიანობის სუბიექტებს ბაზრიდან გასვლის, ნებისმიერი ცხოველის საკვების, ცხოველების და მათგან ნაწარმოები სურსათის დამუშავების და/ან განადგურების პირდაპირი შედეგის სახით.

2. ცხოველის საკვების მწარმოებელი სუბიექტები პასუხისმგებელნი არიან შესაბამისი ცხოველის საკვების უვნებლობის კანონმდებლობის ნებისმიერ დარღვევაზე და მე-5(2) მუხლით გათვალისწინებულმა საქმიანობის სუბიექტებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულება, რომ მათზე მოქმედებს ფინანსური გარანტიები, რომლებსაც ითხოვს პირველი აბზაცით გათვალისწინებული გაერთიანების საკანონმდებლო ღონისძიებები.

მუხლი 9

სახელმწიფო კონტროლი, შეტყობინება და რეგისტრაცია

1. ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა ითანამშრომლონ კომპეტენტურ ორგანოებთან გაერთიანების შესაბამისი კანონმდებლობისა და მასთან შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის თანახმად.

2. ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა:

(a) შეატყობინონ შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს მათი კონტროლის ქვეშ მყოფი ნებისმიერი საწარმოს შესახებ, რომელიც ახორციელებს ცხოველის საკვების წარმოებას, გადამუშავებას, დასაწყობებას, ტრანსპორტირებას და დისტრიბუციას რომელიმე ეტაპზე, რეგისტრაციის მიზნით კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფორმით;

(b) მიაწოდონ კომპეტენტურ ორგანოს განახლებული ინფორმაცია მათი კონტროლის ქვეშ არსებული ნებისმიერი საწარმოს შესახებ (a) ქვეპუნქტის თანახმად, მათ შორის აცნობონ კომპეტენტურ ორგანოს მათ საქმიანობაში ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების და არსებული საწარმოს დახურვის შესახებ.

3. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა აწარმოოს საწარმოთა აღრიცხვა ან აღრიცხვები.

მუხლი 10

ცხოველის საკვების წარმოების სანქცირება

ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათი კონტროლის ქვეშ არსებული და წინამდებარე რეგულაციით განსაზღვრული საწარმოები სანქცირებული იყოს კომპეტენტური ორგანოს მიერ თუ:

1. ასეთი საწარმოები ახორციელებენ ერთ-ერთ შემდეგ საქმიანობას:

(a) რეგულაციით (EC) N 1831/2003 განსაზღვრული, ან დირექტივით 82/471/EEC განსაზღვრული და ამ რეგულაციის IV დანართის I თავით გათვალისწინებული ცხოველთა საკვები დანამატების წარმოება და/ან ბაზარზე განთავსება.

(b) ამ რეგულაციის IV დანართის მეორე თავით გათვალისწინებული ცხოველთა საკვები დანამატების გამოყენებით მომზადებული პირველადი მინარევების წარმოება და/ან ბაზარზე განთავსება.

(c) წარმოება ბაზარზე განთავსების ან მხოლოდ მათი სადგომების მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, ნარევი საკვები პროდუქტების წარმოება საკვები დანამატების ან პირველადი მინარევების გამოყენებით, რომლებიც შეიცავენ საკვებ დანამატებს და განსაზღვრულია წინამდებარე რეგულაციის III თავის IV დანართით.

2. სანქცირება საჭიროა იმ წევრი სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, სადაც მდებარეობს საწარმო;

ან

3. სანქცირება საჭიროა 31(2)-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად მიღებული რეგულაციის თანახმად.

მუხლი 11

მოთხოვნები

ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა არ უნდა იმუშაონ:

(a) მე-9 მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციის;

ან

(b) საჭიროების შემთხვევაში მე-10 მუხლით გათვალისწინებული სანქცირების გარეშე.

მუხლი 12

ინფორმაცია სანქცირების ეროვნული წესების შესახებ

ნებისმიერმა წევრმა სახელმწიფომ, რომელსაც სჭირდება მის ტერიტორიაზე განთავსებული გარკვეული საწარმოების სანქცირება მე-10(2) მუხლის თანახმად, უნდა აცნობოს გაერთიანებას და სხვა წევრ სახელმწიფოებს შესაბამისი ეროვნული წესების შესახებ.

მუხლი 13

საწარმოების სანქცირება

1. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მოახდინოს საწარმოების სანქცირება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე აქტივობის დაწყებამდე განხორციელებული ადგილზე ვიზიტის შედეგად აღმოჩნდა, რომ ისინი აკმაყოფილებენ წინამდებარე რეგულაციის შესაბამის მოთხოვნებს.

2. კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა მოახდინოს პირობითი სანქცირება, თუ ადგილზე ვიზიტის შედეგად აღმოჩნდება, რომ საწარმო აკმაყოფილებს ინფრასტრუქტურასა და მოწყობილობა-დანადგარებთან დაკავშირებულ ყველა მოთხოვნას. მან უნდა მოახდინოს სრული სანქცირება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პირობითი სანქცირებიდან სამი თვის განმავლობაში განხორციელებული ადგილზე ვიზიტის შედეგად აღმოჩნდა, რომ საწარმო აკმაყოფილებს პირველი აბზაცით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს. თუ აშკარა პროგრესის შემთხვევაში საწარმო მაინც ვერ აკმაყოფილებს ყველა ამ მოთხოვნას, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა გაახანგრძლივოს პირობითი სანქცირება. თუმცა, პირობითი სანქცირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს მთლიანობაში ექვს თვეს.

მუხლი 14

რეგისტრაციის ან სანქცირების შეჩერება

კომპეტენტურმა ორგანომ დროებით უნდა შეაჩეროს საწარმოს რეგისტრაცია ან სანქცირება ერთი, ერთზე მეტი ან ყველა საქმიანობისთვის, თუ აღმოჩნდება, რომ საწარმო აღარ აკმაყოფილებს ამ საქმიანობათა განსახორციელებლად საჭირო პირობებს.

სანქცირების შეჩერება მოხდება მანამ, სანამ საწარმო ისევ დააკმაყოფილებს აღნიშნულ პირობებს. თუ ვერ მოხდა პირობათა დაკმაყოფილება ერთი წლის განმავლობაში, ვრცელდება მე-15 მუხლი.

მუხლი 15

რეგისტრაციის ან სანქცირების გაუქმება

კომპეტენტურმა ორგანომ უნდა გააუქმოს საწარმოს რეგისტრაცია ან სანქცირება, ერთი ან მეტი საქმიანობისთვის, თუ:

(a) საწარმომ შეწყვიტა ერთი ან მეტი საქმიანობა;

(b) აღმოჩნდა, რომ საწარმოს ერთი წლის განმავლობაში არ შეუსრულებია პირობები, რომლებიც ვრცელდება მის საქმიანობაზე;

(c) ის აღმოაჩენს სერიოზულ ხარვეზებს ან განმეორებითი პერიოდის განმავლობაში იძულებულია შეაჩეროს წარმოება, და ცხოველის საკვების მწარმოებელი სუბიექტი ვერ უზრუნველყოფს შესაბამის გარანტიებს მომავალ წარმოებასთან დაკავშირებით.

მუხლი 16

ცვლილებები საწარმოს რეგისტრაციაში ან სანქცირებაში

მოთხოვნის შემთხვევაში, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა შეცვალოს საწარმოს რეგისტრაცია ან სანქცირება თუ საწარმომ გამოავლინა მის მიერ იმ საქმიანობათა განვითარების შესაძლებლობა, რომელიც დამატებითია ან ჩაანაცვლებს იმ საქმიანობას, რომლისთვისაც მან თავდაპირველად მიიღო რეგისტრაცია ან სანქცირება.

მუხლი 17

ადგილზე ვიზიტებისგან გათავისუფლება

1. წევრი სახელმწიფოები გათავისუფლებული არიან მე-13 მუხლის თანახმად ადგილზე ვიზიტის განხორციელების ვალდებულებისგან ცხოველის საკვების მწარმოებელ სუბიექტებზე, რომლებიც მოქმედებენ მხოლოდ როგორც მოვაჭრეები და არ აქვთ პროდუქტები თავიანთ ტერიტორიაზე.

2. აღნიშნულმა ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა წარუდგინონ კომპეტენტურ ორგანოს დეკლარაცია, კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღვრული ფორმით, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიერ ბაზარზე განთავსებული ცხოველის საკვები აკმაყოფილებს წინამდებარე რეგულაციის პირობებს.

მუხლი 18

დროებითი ღონისძიებები

1. დირექტივის 95/69/EC თანახმად სანქცირებულმა და/ან რეგისტრირებულმა საწარმოებმა ან შუამავალმა ორგანიზაციებმა შესაძლოა გააგრძელონ საქმიანობა იმ პირობით, რომ 2006 წლის 1 იანვრისთვის ისინი აცნობებენ აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს მათი ობიექტები.

2. საწარმოებმა და შუამავალმა ორგანიზაციებმა, რომლებიც არ საჭიროებენ არც რეგისტრაციას და არც სანქცირებას დირექტივის 95/69/EC თანახმად, მაგრამ საჭიროებენ რეგისტრაციას წინამდებარე რეგულაციის თანახმად, უნდა გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა იმ პირობით, რომ 2006 წლის 1 იანვრისთვის ისინი წარუდგენენ რეგისტრაციის შესახებ განაცხადს იმ კომპეტენტურ ორგანოს, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს მათი ობიექტები.

3. 2008 წლის 1 იანვრისთვის განმცხადებელმა უნდა განაცხადოს, კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღვრული ფორმით, რომ წინამდებარე რეგულაციით დადგენილი პირობები დაკმაყოფილებულია.

4. კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გაითვალისწინონ მონაცემთა შეგროვების უკვე არსებული სისტემები და სთხოვონ შემტყობინებელს ან განმცხადებელს, რომ მიაწოდოს მათ მხოლოდ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც იძლევა წინამდებარე რეგულაციის პირობების დაკმაყოფილების გარანტიებს.

კერძოდ, კომპეტენტურმა ორგანოებმა შესაძლოა მე-2 აბზაცით გათვალისწინებულ განაცხადად განიხილონ შეტყობინება რეგულაციის (EC) N 852/2004 მე-6 მუხლის თანახმად.

მუხლი 19

რეგისტრირებული და სანქცირებული საწარმოების სია

1. თითოეული საქმიანობისთვის, კომპეტენტურმა ორგანომ ეროვნულ სიაში ან სიებში უნდა აღრიცხოს ის საწარმოები, რომლებიც მან დაარეგისტრირა მე-9 მუხლის თანახმად.

2. მე-13 მუხლის თანახმად კომპეტენტური ორგანოს მიერ სანქცირებული საწარმოები უნდა აღირიცხოს ეროვნულ სიაში, ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომრით.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა იქონიონ პირველი და მეორე აბზაცებით განსაზღვრულ საწარმოთა აღრიცხვის განახლებული სიები, მე-14, მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების თანახმად, რათა შეწყვიტონ, გააუქმონ ან შეცვალონ რეგისტრაცია ან სანქცირება.

4. მე-2 აბზაცით გათვალისწინებული სია შედგენილი უნდა იქნეს პირველი თავის V დანართით განსაზღვრული ნიმუშის შესაბამისად.

5. მე-2 აბზაცით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო ნომერი მოცემული უნდა იყოს II თავის V დანართით დადგენილი ფორმით.

6. კომისიამ უნდა შეაგროვოს და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს წევრ სახელმწიფოთა სიების ნაწილი, რომელიც მოიცავს მე-2 აბზაცით გათვალისწინებულ საწარმოებს პირველ ეტაპზე 2007 წლის ნოემბერში და ამის შემდეგ ყოველ წელს, არაუგვიანეს 30 ნოემბრისა. შეგროვებულ სიაში გათვალისწინებული უნდა იყოს წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებები.

7. წევრმა სახელმწიფოებმა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახადონ პირველი აბზაცით გათვალისწინებული საწარმოთა სიები.

თავი III

კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპები

მუხლი 20

სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება, გავრცელება და გამოყენება

1. კომისიამ ხელი უნდა შეუწყოს გაერთიანების ფარგლებში კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებას ცხოველის საკვების სექტორში და HACCP პრინციპების გამოყენებას 22-ე მუხლის თანახმად.

სადაც საჭიროა, წევრმა სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ ეროვნული სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებას 21-ე მუხლის თანახმად.

2. როგორც ეროვნული, ასევე გაერთიანების სახელმძღვანელო პრინციპების გავრცელებას და გამოყენებას ხელი უნდა შეუწყონ კომპეტენტურმა ორგანოებმა.

3. მიუხედავად ამისა, ცხოველის საკვების მწარმოებელ სუბიექტებს შეუძლიათ ნებაყოფლობით გამოიყენონ ეს პრინციპები.

მუხლი 21

ეროვნული სახელმძღვანელო პრინციპები

1. კარგი პრაქტიკის ეროვნული სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებისას, ისინი უნდა შემუშავდეს და გავრცელდეს ცხოველის საკვების წარმოების სექტორის მიერ:

(a) იმ მხარეთა წარმომადგენლებთან კონსულტაციის შედეგად, როგორიცაა კომპეტენტური ორგანოები და მომხმარებელთა ჯგუფები, რომელთა ინტერესებზეც ეს მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს;

(b) „კოდექს ალიმენტარიუსის“ პრაქტიკის შესაბამისი კოდექსის გათვალისწინებით;

და

(c) I დანართით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, როდესაც ის ეხება ცხოველის საკვების პირველად წარმოებას.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეაფასონ ეროვნული სახელმძღვანელო პრინციპები, რათა უზრუნველყონ:

(a) რომ მათი შემუშავება მოხდეს პირველი პუნქტის თანახმად;

(b) რომ მათი შემცველობა გამოყენებადი იყოს იმ სექტორებისთვის, რომლებსაც ისინი ეხება;

და

(c) ისინი მისაღებია მე-4, მე-5, და მე-6 მუხლებთან შესაბამისობის სახელმძღვანელო პრინციპების სახით, შესაბამისი სექტორებისთვის და/ან ცხოველის საკვებისთვის.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გადასცენ ეროვნული სახელმძღვანელო პრინციპები გაერთიანებას.

4 კომისიამ უნდა ჩამოაყალიბოს და აამუშაოს რეგისტრაციის სისტემა ასეთი სახელმძღვანელო პრინციპებისთვის და ხელმისაწვდომი გახადოს ის წევრი სახელმწიფოებისთვის.

მუხლი 22

გაერთიანების სახელმძღვანელო პრინციპები

1. სანამ შემუშავდება გაერთიანების სახელმძღვანელო პრინციპები ჰიგიენის კარგი პრაქტიკისა და HACCP პრინციპების გამოყენების შესახებ, კომისიამ კონსულტაციები უნდა გაუწიოს კომიტეტს 31(1)-ე მუხლის თანახმად. ამ კონსულტაციის მიზანი უნდა იყოს ასეთი სახელმძღვანელო პრინციპების განხილვა, მათი მოქმედების სფერო და შესწავლის საგანი.

2. გაერთიანების სახელმძღვანელო პრინციპების მომზადებისას, კომისიამ უნდა უზრუნველყოს მათი შემუშავება და გავრცელება:

(a) ევროპის ცხოველის საკვების წარმოების სექტორების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, როგორიცაა მომხმარებელთა ჯგუფები, კონსულტაციით;

(b) იმ მხარეებთან თანამშრომლობით, კომპეტენტური ორგანოების ჩათვლით, რომელთა ინტერესებზეც შესაძლოა აღნიშნულმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს.

3. გაერთიანების სახელმძღვანელო პრინციპები უნდა შემუშავდეს და გავრცელდეს შემდეგის გათვალისწინებით:

(a) „კოდექს ალიმენტარიუსის“ პრაქტიკის შესაბამისი კოდექსის, და

(b) I დანართით დადგენილი მოთხოვნების, როდესაც ისინი ეხება ცხოველის საკვების პირველად წარმოებას.

4. 31(1)-ე მუხლით გათვალისწინებულმა კომიტეტმა უნდა შეაფასოს გაერთიანების სახელმძღვანელო პრინციპების პროექტი რათა უზრუნველყოს:

(a) რომ მათი შემუშავება მოხდა მე-2 და მე-3 აბზაცების თანახმად;

(b) რომ ისინი განხორციელებადია გაერთიანების მასშტაბით იმ სექტორებში, რომლებსაც ისინი ეხება;

და

(c) რომ ისინი მისაღებია მე-4, მე-5, და მე-6 მუხლებთან შესაბამისობის სახელმძღვანელო პრინციპების სახით, შესაბამისი სექტორებისთვის და/ან ცხოველის საკვებისთვის.

5. კომისიამ პერიოდულად უნდა მოიწვიოს 31(1)-ე მუხლით გათვალისწინებული კომიტეტი ამ მუხლის თანახმად მომზადებული გაერთიანების სახელმძღვანელო პრინციპების განსახილველად, ამ მუხლის მე-2 აბზაცში მითითებულ ერთეულებთან თანამშრომლობით.

ამ მიმოხილვის მიზანი უნდა იყოს სახელმძღვანელო პრინციპების განხორციელებადობის უზრუნველყოფა, და ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევების გათვალისწინება.

6. ამ მუხლის თანახმად მომზადებული გაერთიანების სახელმძღვანელო პრინციპების სათაურები და მითითებები გამოქვეყნდება ევროპის კავშირის ოფიციალური ბიულეტენის C სერიაში.

თავი IV

იმპორტი და ექსპორტი

მუხლი 23

იმპორტი

1. ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა, რომლებიც ახორციელებდნენ სურსათის იმპორტს მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან, უნდა უზრუნველყონ, რომ იმპორტი განხორციელდეს მხოლოდ შემდეგი პირობების თანახმად:

(a) გამგზავნი მესამე მსოფლიოს ქვეყანა უნდა იყოს იმ მესამე მსოფლიოს ქვეყნების სიაში, რომელიც შედგენილია რეგულაციის (EC) N 882/2004 48-ე მუხლის თანახმად და საიდანაც ნებადართულია ცხოველის საკვების იმპორტი;

(b) გამგზავნი საწარმო უნდა იყოს იმ საწარმოთა სიაში, რომელიც შედგენილი და განახლებულია მესამე მსოფლიოს ქვეყნის მიერ, რეგულაციის (EC) N 882/2004 48-ე მუხლის თანახმად, და საიდანაც ნებადართულია ცხოველის საკვების იმპორტი;

(c) ცხოველის საკვების წარმოება მოხდა გამგზავნი საწარმოს ან სხვა რომელიმე საწარმოს მიერ, რომელიც მოცემულია (b) ქვეპუნქტში ან გაერთიანების მიერ გათვალისწინებულ სიაში;

და

(d) ცხოველის საკვები აკმაყოფილებს:

(i) წინამდებარე რეგულაციის და გაერთიანების ნებისმიერი სხვა კანონმდებლობის მოთხოვნებს, რომელიც ადგენს წესებს ცხოველის საკვებთან დაკავშირებით;

ან

(ii) გაერთიანების მიერ აღიარებულ პირობებს, რომლებიც მინიმუმ მათი შესაბამისია;

ან

(iii) გაერთიანებასა და ექსპორტის ქვეყანას შორის კონკრეტული შეთანხმების არსებობისას, ამ შეთანხმების მოთხოვნებს.

2. იმპორტის სერტიფიკატის ნიმუში შესაძლოა მიღებული იქნეს 31(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის თანახმად.

მუხლი 24

დროებითი ღონისძიებები

33-ე მუხლის ნაწილობრივ შეზღუდვით, და 23(1)(a)(b)-ე მუხლით გათვალისწინებული სიების შედგენამდე, იმპორტის სანქცირება უნდა მოხდეს დირექტივის 98/51/EC მე-6 მუხლით დადგენილი პირობების თანახმად.

მუხლი 25

ექსპორტი

ცხოველის საკვები, იმ ცხოველებისთვის გათვალისწინებული საკვების ჩათვლით რომელიც არ არის განკუთვნილი სურსათის წარმოებისთვის, რომელიც წარმოებულია გაერთიანებაში მესამე მსოფლიოს ქვეყნების ბაზარზე განსათავსებლად, უნდა აკმაყოფილებდეს რეგულაციის (EC) N 178/2002 მე-12 მუხლის დებულებებს.

თავი V

დასკვნითი დებულებები

მუხლი 26

განმახორციელებელი ზომები

აღნიშნული განმახორციელებელი ზომები უნდა განისაზღვროს 31(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების თანახმად.

მუხლი 27

ცვლილებები I, II და III დანართებში

I, II და III დანართებში შესაძლოა შევიდეს ცვლილებები შემდეგის გათვალისწინებით:

(a) კარგი პრაქტიკის კოდექსის შემუშავება;

(b) მე-6 მუხლის თანახმად HACCP პრინციპებზე დაფუძნებული სისტემების განხორციელების შედეგად მიღებული გამოცდილება;

(c) ტექნოლოგიური მიღწევები;

(d) მეცნიერული რეკომენდაციები, განსაკუთრებით ახალი რისკების შეფასების შესახებ;

(e) ცხოველის საკვების უვნებლობის მიზნების დადგენა;

და

(f) კონკრეტულ ოპერაციებთან დაკავშირებული მოთხოვნების შემუშავება.

მუხლი 28

I, II და III დანართების ნაწილობრივ შეზღუდვა

I, II და III დანართები შესაძლოა შეიზღუდოს გარკვეული მიზეზების გამო 31(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი შეზღუდვები არ მოახდენს გავლენას წინამდებარე რეგულაციის მიზნების მიღწევებზე.

მუხლი 29

სწრაფი განგაშის სისტემა

იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ცხოველის საკვები, იმ ცხოველებისათვის განკუთვნილი საკვების ჩათვლით, რომელიც არ არის გათვალისწინებული სურსათის წარმოებისთვის, წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობისთვის ან გარემოსთვის, ვრცელდება რეგულაციის (EC) N 178/2002 50-ე მუხლი შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით.

მუხლი 30

პასუხისმგებლობის ზომა

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაადგინონ წესები პასუხისმგებლობის ზომებთან დაკავშირებით, რომელიც ვრცელდება ამ რეგულაციის დარღვევაზე, და უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები მათი განხორციელების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული პასუხისმგებლობის ზომები უნდა იყოს ეფექტური, თანაზომიერი და გადამწყვეტი. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ აღნიშნული დებულებების შესახებ კომისიას 2007 წლის 8 თებერვლამდე და ასევე დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ მას ნებისმიერი შემდგომი შესწორების შესახებ, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს მათზე.

მუხლი 31

საკომიტეტო პროცედურა

1. კომისიას დახმარებას გაუწევს კვებითი ჯაჭვისა და ცხოველთა ჯანმრთელობის მუდმივმოქმედი კომიტეტი, რომელიც დაფუძნებულია რეგულაციით (EC) N 178/2002 (შემდგომში მოხსენებული როგორც „კომიტეტი“).

2. თუ მითითება კეთდება ამ პუნქტზე, მოქმედებს გადაწყვეტილების 1999/468/EC მე-5 და მე-7 მუხლები, ამავე გადაწყვეტილების მე-8 მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.

გადაწყვეტილების 1999/468/EC მე-5(6) მუხლით დადგენილი პერიოდი განისაზღვრება სამი თვით.

3. კომიტეტი მიიღებს თავის რეგლამენტს.

მუხლი 32

კონსულტაციები ევროპის სურსათის უვნებლობის მარეგულირებელ ორგანოსთან

კომისიამ უნდა ჩაატაროს კონსულტაციები ევროპის სურსათის უვნებლობის მარეგულირებელ ორგანოსთან ნებისმიერ საკითხზე წინამდებარე რეგულაციის ფარგლებში, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს მნიშვნელოვანი გავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე და, განსაკუთრებით, მე-5(3) მუხლის თანახმად კრიტერიუმების ან მიზნების შეთავაზებამდე.

მუხლი 33

გაუქმება

შემდეგი დირექტივები გაუქმდეს 2006 წლის 1 იანვრიდან, ეროვნულ კანონმდებლობაში გადატანის საბოლოო ვადებთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების ვალდებულებებზე გავლენის გარეშე.

(a) საბჭოს დირექტივა 95/69/EC;

(b) კომისიის დირექტივა 98/51/EC.

მუხლი 34

ძალაში შესვლა

წინამდებარე რეგულაცია ძალაში შედის ევროპის კავშირის ოფიციალურ ბიულეტენში მისი გამოქვეყნების დღეს.

ის გამოიყენება 2006 წლის 1 იანვრიდან.

წინამდებარე რეგულაცია მთლიანად სავალდებულოა და ის უშუალოდ ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე.

შედგენილია სტრასბურგში, 2005 წლის 12 იანვარს.

ევროპარლამენტის სახელით თავმჯდომარე

ჯ. ბორელ ფონტელესი

საბჭოს სახელით თავმჯდომარე

ნ. შმიდტი

 

 

დანართი I

პირველადი წარმოება

ნაწილი A

მოთხოვნები ცხოველის საკვების მწარმოებელი სუბიექტებისთვის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირველადი წარმოების დონეზე

I. ჰიგიენის დებულებები

1. ცხოველის საკვების პირველად წარმოებაზე პასუხისმგებელმა ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა უზრუნველყონ საქმიანობის იმგვარად მართვა და განხორციელება, რომ თავიდან აიცილონ, აღმოფხვრან და შეამცირონ საფრთხეები, რომლებმაც შესაძლოა რისკის ქვეშ დააყენოს ცხოველის საკვების უვნებლობის საკითხი.

2. ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა უზრუნველყონ, რამდენადაც შესაძლებელია, რომ მათი პასუხისმგებლობის ფარგლებში ნაწარმოები, მომზადებული, გასუფთავებული, შეფუთული, დასაწყობებული და ტრანსპორტირებული პირველადი პროდუქცია დაცული იყოს დაბინძურებისა და გაფუჭებისაგან.

3. ცხოველის საკვების მწარმოებელი სუბიექტები უნდა ასრულებდნენ პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს საფრთხეების კონტროლთან დაკავშირებით შესაბამისი გაერთიანებისა და ეროვნული საკანონმდებლო დებულებების გათვალისწინებით, მათ შორის:

(i) ღონისძიებებს სახიფათო დაბინძურების გასაკონტროლებლად, როგორიცაა დაბინძურება გამოწვეული ჰაერიდან, მიწიდან, წყლიდან, სასუქიდან, მცენარის დაცვის პროდუქტებიდან, ბიოციდებიდან, ვეტერინარული სამედიცინო პროდუქტებიდან და ნარჩენების განკარგვისა და უტილიზაციიდან;

და

(ii) მცენარეთა ჯანმრთელობასთან, ცხოველთა ჯანმრთელობასა და გარემოსთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომელიც ზეგავლენას ახდენს ცხოველის საკვების უვნებლობაზე, ზოონოზური დაავადებებისა და აგენტების მონიტორინგისა და კონტროლის პროგრამების ჩათვლით.

4. სადაც მიზანშეწონილია, ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა მიიღონ სათანადო ზომები, კერძოდ:

(a) იქონიონ სუფთად, და საჭიროების შემთხვევაში გასუფთავების შემდეგ სათანადო მეთოდით დეზინფექცია ჩაუტარონ, ცხოველის საკვების წარმოებისათვის, მომზადებისათვის, დახარისხებისთვის, შეფუთვისთვის, დასაწყობებისა და ტრანსპორტირებისათვის გამოყენებულ ობიექტებს, მოწყობილობა-დანადგარებს, კონტეინერებს, ხის ყუთებს და სატრანსპორტო საშუალებებს;

(b) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ ცხოველის საკვების ჰიგიენური წარმოების, ტრანსპორტირებისა და დასაწყობების პირობები, და სისუფთავე;

(c) გამოიყენონ სუფთა წყალი, სადაც საჭიროა, სახიფათო დაბინძურების თავიდან ასაცილებლად;

(d) რამდენადაც შესაძლებელია თავიდან აიცილონ ცხოველების და მწერების მიერ სახიფათო დაბინძურება;

(e) ცალკე და უსაფრთხოდ შეინახონ და განკარგონ ნარჩენები და სახიფათო ნივთიერებები ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული სახიფათო დაბინძურება;

(f) უზრუნველყონ, რომ შესაფუთი მასალები არ წარმოადგენდეს ცხოველის საკვების სახიფათო დაბინძურების წყაროს;

(g) გაითვალისწინონ პირველადი პროდუქტიდან აღებული ნიმუშების ან ცხოველის საკვების უვნებლობის შესაბამისი სხვა ნიმუშების ანალიზების შედეგები.

II აღრიცხვის წარმოება

1. ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა აწარმოონ საფრთხეების კონტროლის ღონისძიებათა აღრიცხვა შესაბამისი ფორმით და შესაბამისი პერიოდის განმავლობაში, რომელიც შეესაბამება ცხოველის საკვების წარმოების ხასიათსა და ზომას. ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა შესაბამისი აღრიცხვის მონაცემები ხელმისაწვდომი უნდა გახადონ კომპეტენტური ორგანოსთვის.

2. კერძოდ, ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა აწარმოონ აღრიცხვა შემდეგ საკითხებზე:

(a) მცენარეთა დაცვის პროდუქტებისა და ბიოციდების ნებისმიერი გამოყენება;

(b) გენეტიკურად მოდიფიცირებული მარცვლეულის გამოყენება;

(c) მავნებელი მწერების ან დაავადებების არსებობა, რომლებიც გავლენას ახდენენ პირველადი პროდუქტების უვნებლობაზე;

(d) ნებისმიერი ანალიზის შედეგები, რომლებიც ჩატარებულია პირველადი პროდუქტიდან აღებულ ნიმუშებზე და დიაგნოსტიკური მიზნებით აღებულ სხვა ნიმუშებზე, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს ცხოველის საკვების უვნებლობისთვის;

(e) თითოეული მიწოდებული ცხოველის საკვების წყარო და რაოდენობა და თითოეული გამომუშავებული ცხოველის საკვების დანიშნულების ადგილი და რაოდენობა.

3. სხვა პირებმა, როგორიცაა ვეტერინარები, აგრონომები და ფერმის ტექნიკური პერსონალი, შესაძლოა დახმარება აღმოუჩინონ ცხოველის საკვების მწარმოებელ სუბიექტებს მათ მიერ ფერმებში განხორციელებულ საქმიანობათა შესაბამისი აღრიცხვის წარმოებაში.

ნაწილი B

რეკომენდაციები კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპებისთვის

1. ამ რეგულაციის III თავით გათვალისწინებული ეროვნული და გაერთიანების სახელმძღვანელო პრინციპების შედგენის შემთხვევაში, ისინი უნდა შეიცავდნენ ცხოველის საკვების პირველადი წარმოებისას საფრთხეების კონტროლის კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებებს.

2. კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპები უნდა შეიცავდეს შესაბამის ინფორმაციას საფრთხეების შესახებ, რომლებიც წარმოიქმნება ცხოველის საკვების პირველადი წარმოებისას, და საფრთხეების კონტროლის ღონისძიებებს, მათ შორის შესაბამის ღონისძიებებს რომლებიც დადგენილია გაერთიანების და ეროვნული კანონმდებლობით, ან გაერთიანების და ეროვნული პროგრამებით, როგორიცაა:

(a) დაბინძურების კონტროლი როგორიცაა მიკოტოქსინები, მძიმე მეტალები, რადიოაქტიური ნივთიერებები;

(b) წყლის, ორგანული ნარჩენებისა და სასუქების გამოყენება;

(c) მცენარეთა დაცვის პროდუქტებისა და ბიოციდების სწორი და მიზნობრივი გამოყენება, და მათი მიკვლევადობა;

(d) (d) ვეტერინარული სამედიცინო პროდუქტების და საკვები დანამატების სწორი და მიზნობრივი გამოყენება და მათი მიკვლევადობა;

(e) ცხოველის საკვები მასალების მომზადება, დასაწყობება და მიკვლევადობა;

(f) მკვდარი ცხოველების, ნარჩენებისა და ნაგვის სათანადო უტილიზაცია;

(g) დამცავი ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს ცხოველის საკვების საშუალებით ცხოველებზე გადამდები დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებას და აღნიშნულის შესახებ კომპეტენტური ორგანოსთვის შეტყობინების ვალდებულება;

(h) პროცედურები, პრაქტიკა და მეთოდები, რომლებიც უზრუნველყოფს ცხოველის საკვების წარმოებას, მომზადებას, დაფასოებას, დასაწყობებასა და ტრანსპორტირებას შესაბამისი ჰიგიენური პირობების დაცვით, მათ შორის ეფექტურ წმენდასა და მავნებლების კონტროლს;

(i) აღრიცხვის წარმოებასთან დაკავშირებული დეტალები.

დანართი II

მოთხოვნები ცხოველის საკვების მწარმოებელი სუბიექტებისთვის პირველადი წარმოების დონეზე რომელიც არ არის გათვალისწინებული მე-5 მუხლის პირველი პუნქტით

ობიექტები და მოწყობილობა-დანადგარები

1. დაცული უნდა იქნეს ცხოველის საკვების გადამუშავებისა და დასაწყობების ობიექტების, მოწყობილობა-დანადგარების, კონტეინერების, ხის ყუთების, სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი უშუალო გარემოცვის სისუფთავე და უნდა განხორციელდეს მავნებელი მწერების კონტროლის ეფექტური პროგრამები.

2. ობიექტებისა და მოწყობილობა-დანადგარების განლაგება, დიზაინი, აგებულება და ზომა უნდა:

(a) იძლეოდეს ადეკვატური გაწმენდისა და დეზინფექციის ჩატარების საშუალებას;

(b) იყოს ისეთი, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს შეცდომის რისკი და თავიდან აიცილოს დაბინძურება, ჯვარედინი დაბინძურება და ნებისმიერი მავნე ზეგავლენა ზოგადად პროდუქტების უვნებლობასა და ხარისხზე. დანადგარები, რომლებიც კავშირშია ცხოველის საკვებთან, უნდა გაშრეს ნებისმიერი სველი გაწმენდის პროცესის შემდეგ.

3. შერევისა და/ან წარმოების ოპერაციებისთვის გამოყენებულმა ობიექტებმა და მოწყობილობა-დანადგარებმა უნდა გაიარონ შესაბამისი და რეგულარული შემოწმებები, მწარმოებლის მიერ პროდუქტებისთვის წინასწარ განსაზღვრული წერილობითი პროცედურების თანახმად.

(a) ცხოველის საკვების წარმოებისთვის გამოყენებული ყველა სასწორი და მზომი დანადგარი უნდა შეესაბამებოდეს გასაზომი წონისა და მოცულობის ფარგლებს და მათი სიზუსტე უნდა შემოწმდეს რეგულარულად;

(b) ცხოველის საკვების წარმოებაში გამოყენებული ყველა მინარევი უნდა შეესაბამებოდეს შერეული წონისა და მოცულობის ფარგლებს და შესაძლებელს ხდიდეს შესაბამისი ერთგვაროვანი მინარევებისა და ერთგვაროვანი გაზავებული ხსნარების წარმოებას. საქმიანობის სუბიექტმა უნდა წარმოაჩინოს მინარევების ეფექტურობა ერთგვაროვნობასთან დაკავშირებით.

4. ობიექტებს უნდა გააჩნდეთ ადეკვატური ბუნებრივი და/ან ხელოვნური განათება.

5. სადრენაჟე ობიექტები უნდა შეესაბამებოდეს განსაზღვრულ მიზანს; მათი დიზაინი და აგებულება უნდა იძლეოდეს საკვები პროდუქტების დაბინძურების თავიდან აცილების საშუალებას.

6. ცხოველის საკვების წარმოებისთვის გამოყენებული წყალი უნდა იყოს ცხოველებისათვის შესაბამისი ხარისხის; წყლის მილსადენი უნდა იყოს ინერტული.

7. საკანალიზაციო, გამდინარე და წვიმის წყლის უტილიზაცია უნდა მოხდეს ისე, რომ არ იქონიოს გავლენა მოწყობილობა-დანადგარებსა და ცხოველის საკვების უვნებლობასა და ხარისხზე. უნდა მოხდეს დაზიანებისა და მტვრის კონტროლი, რათა თავიდან იქნეს აცილებული მავნე მწერების შეღწევა.

8. საჭიროების შემთხვევაში ფანჯრები და სხვა ღიობები დაცული უნდა იქნეს მავნე მწერებისაგან. კარები კარგად უნდა იხურებოდეს და დაცული იქნეს მწერებისგან, როდესაც დახურულია.

9. საჭიროების შემთხვევაში, ჭერი და დაკიდებული უძრავი ინვენტარი ისე უნდა იქნეს დაპროექტებული, აგებული და დასრულებული, რომ თავიდან აიცილოს ჭუჭყის დაგროვება და შეამციროს კონდენსაცია, არასასურველი ობის გაჩენა და ნაწილაკების გამოყოფა, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ცხოველის საკვების უვნებლობასა და ხარისხზე.

პერსონალი

ცხოველის საკვების მწარმოებლებს უნდა ჰყავდეთ საკმარისი პერსონალი, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი პროდუქტების წარმოებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები და კვალიფიკაცია. უნდა შედგეს ორგანიზაციის სტრუქტურული სქემა, სადაც გაწერილი იქნება ზედამხედველი პერსონალის კვალიფიკაცია (მაგ. დიპლომები, პროფესიული გამოცდილება) და პასუხისმგებლობები, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს შემოწმებაზე პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანოსთვის. პერსონალის ყველა წევრი, წერილობითი ფორმით, ნათლად უნდა იყოს ინფორმირებული თავიანთი მოვალეობების, პასუხისმგებლობებისა და უფლებამოსილების შესახებ, განსაკუთრებით ცვლილების განხორციელების შემთხვევაში ისე, რომ მიღწეული იქნეს პროდუქციის სასურველი ხარისხი.

წარმოება

1. უნდა დაინიშნოს კვალიფიციური პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება წარმოებაზე.

2. ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა უზრუნველყონ წარმოების სხვადასხვა ეტაპის განხორციელება წინასწარ დადგენილი წერილობითი პროცედურებისა და ინსტრუქციების თანახმად, რომლებიც მიზნად ისახავს წარმოების პროცესში კრიტიკული წერტილების განსაზღვრას, შემოწმებასა და კონტროლს.

3. მიღებული უნდა იქნეს ტექნიკური ან ორგანიზაციული ზომები საჭიროებიდან გამომდინარე, ნებისმიერი ჯვარედინი დაბინძურების და შეცდომის თავიდან აცილების ან მინიმუმამდე დაყვანის მიზნით. წარმოების პროცესში უნდა არსებობდეს საკმარისი და შესაბამისი საშუალებები შემოწმების ჩასატარებლად.

4. უნდა განხორციელდეს ცხოველის საკვების არასასურველი, აკრძალული ნივთიერებების და სხვა დამაბინძურებლების არსებობის მონიტორინგი ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, და შედგენილ უნდა იქნეს შესაბამისი საკონტროლო სტრატეგიები რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

5. იზოლირებული და იდენტიფიცირებული უნდა იქნეს ნარჩენები და მასალები, რომლებიც არ არის ცხოველის საკვებისთვის შესაფერისი. ნებისმიერი ასეთი მასალა, რომელიც სახიფათო დოზით შეიცავს ვეტერინარულ პრეპარატებს, დამაბინძურებლებს ან სხვა საფრთხეს, უნდა იქნეს შესაბამისად უტილიზებული და არ უნდა იქნეს გამოყენებული ცხოველის საკვებად.

6. ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა მიიღონ ადეკვატური ზომები, რათა უზრუნველყონ პროდუქტების ეფექტური მიკვლევადობა.

ხარისხის კონტროლი

1. სადაც მიზანშეწონილია, უნდა დაინიშნოს ხარისხის მართვაზე პასუხისმგებელი კვალიფიციური პირი.

2. ხარისხის კონტროლის სისტემის ფარგლებში ცხოველის საკვების მწარმოებლებს, ხელი უნდა მიუწვდებოდეთ ადეკვატური პერსონალითა და მოწყობილობა-დანადგარებით აღჭურვილ ლაბორატორიაზე.

3. ხარისხის მართვის გეგმა უნდა იყოს შედგენილი წერილობითი ფორმით და განხორციელებული ისე, რომ შეიცავდეს, განსაკუთრებით, წარმოების პროცესში კრიტიკული წერტილების, ნიმუშის აღების პროცედურების და სიხშირის, ანალიზის მეთოდებისა და მათი სიხშირის შემოწმებას, ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისობას, და შეუსაბამობის შემთხვევაში დანიშნულების პუნქტს, დამუშავებული მასალიდან საბოლოო პროდუქტამდე.

4. მწარმოებელმა უნდა იქონიოს მზა პროდუქტში გამოყენებულ ნედლეულთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მიკვლევადობა. ასეთი დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოებისთვის გამოყენების შესაბამისი პერიოდის განმავლობაში, როდესაც პროდუქტები განთავსებულია ბაზარზე. ამასთან, წარმოებული და ბაზარზე განთავსებული პროდუქტების თითოეული პარტიის და მათი შემადგენელი ნაწილების, ან წარმოების თითოეული კონკრეტული ნაწილის (უწყვეტი წარმოების შემთხვევაში) ნიმუშები აღებული უნდა იქნეს საკმარისი რაოდენობით, მწარმოებლის მიერ წინასწარ განსაზღვრული პროცედურის გამოყენებით, და შენახულ უნდა იქნეს მიკვლევადობის უზრუნველყოფის მიზნით (რეგულარულად იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოება ხორციელდება მხოლოდ მწარმოებლის საკუთარი საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით). ნიმუშები უნდა დაილუქოს და დაედოს იარლიყი გამარტივებული იდენტიფიკაციის მიზნით; ისინი შენახული უნდა იქნეს ისეთ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს ნიმუშების შემადგენლობაში რაიმე უჩვეულო ცვლილების ან გაყალბების თავიდან აცილებას. ისინი უნდა იმყოფებოდეს კომპეტენტური ორგანოს განკარგულებაში გამოყენების შესაბამისი პერიოდის განმავლობაში, როდესაც ცხოველის საკვები განთავსებულია ბაზარზე. იმ ცხოველებისთვის გათვალისწინებული საკვები პროდუქტების შემთხვევაში, რომელიც არ არის განკუთვნილი სურსათის საწარმოებლად, საკვები პროდუქტების მწარმოებელმა უნდა იქონიოს მხოლოდ მზა პროდუქტების ნიმუშები.

დასაწყობება და ტრანსპორტირება

1. დამუშავებული ცხოველის საკვები მასალა გამოყოფილი უნდა იყოს დაუმუშავებელი ცხოველის საკვები მასალებისაგან და დანამტებისაგან, რათა თავიდან იქნეს აცილებული დამუშავებული ცხოველის საკვების ჯვარედინი-დაბინძურება; გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი შესაფუთი მასალა.

2. ცხოველის საკვების დასაწყობება და ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს შესაბამისი კონტეინერებით. მათი დასაწყობება უნდა მოხდეს ისეთ ადგილებში, რომლებიც მოწყობილია, ადაპტირებულია და ტექნიკურად გამართულია ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნეს კარგი დასაწყობების პირობები, რომელზეც წვდომა აქვთ მხოლოდ ცხოველის საკვების მწარმოებელი სუბიექტების მიერ უფლებამოსილ პირებს.

3. ცხოველის საკვების დასაწყობება და ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს ისე, რომ იყოს ადვილად ამოსაცნობი, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაბნეულობა ან ჯვარედინი-დაბინძურება და გაფუჭება.

4. დაცული უნდა იქნეს ცხოველის საკვების ტრანსპორტირებისთვის, დასაწყობებისთვის, გადაზიდვისთვის, განკარგვისა და აწონვისთვის გამოყენებული კონტეინერებისა და მოწყობილობა-დანადგარების სისუფთავე.

შემოღებულ უნდა იქნეს წმენდის პროგრამები, და გამწმენდი და სადეზინფექციო საშუალებების კვალი მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი.

5. უნდა მოხდეს ნებისმიერი დაზიანების მინიმუმამდე დაყვანა და მასზე კონტროლის შენარჩუნება, მავნებელი მწერების შეღწევის შემცირების მიზნით.

6. სადაც მიზანშეწონილია, ტემპერატურა უნდა იყოს რაც შეიძლება დაბალი, რათა თავიდან იქნეს აცილებული კონდენსაცია და გაფუჭება.

აღრიცხვის წარმოება

1. ყველა ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტმა, მათ შორის, იმ სუბიექტებმა რომლებიც მხოლოდ მოვაჭრეები არიან და არ ინახავენ პროდუქციას თავიანთ ობიექტებზე, უნდა მოახდინონ შესაბამისი მონაცემების აღრიცხვა, რომელიც შეიცავს შესყიდვის, წარმოებისა და გაყიდვის დეტალურ მონაცემებს, ეფექტური მიკვლევადობის მიზნით მიღებიდან მიწოდებამდე, საბოლოო დანიშნულების პუნქტში ექსპორტის ჩათვლით.

2. ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტმა, გარდა იმ სუბიექტებისა რომლებიც არიან მხოლოდ დილერები და არ ინახავენ პროდუქციას თავიანთ ობიექტებზე, უნდა აწარმოონ შემდეგის აღრიცხვა:

(a) წარმოების პროცესსა და კონტროლთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.

ცხოველის პროდუქტის მწარმოებლებს უნდა ჰქონდეთ დოკუმენტაციის სისტემა, რომლის დანიშნულებაცაა კრიტიკული წერტილების განსაზღვრა და მათი კონტროლის უზრუნველყოფა წარმოების პროცესში, და ხარისხის კონტროლის გეგმის შედგენა და განხორციელება. მათ უნდა იქონიონ შესაბამისი კონტროლის შედეგები. ამ ტიპის დოკუმენტების შენახვა უნდა მოხდეს ისე, რომ შესაძლებელი იყოს მიმოქცევაში მყოფი პროდუქციის თითოეული პარტიის წარმოების ისტორიისათვის თვალის მიდევნება და პასუხისმგებლობის დადგენა, საჩივრის წამოჭრის შემთხვევაში.

(b) მიკვლევადობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

(i) ცხოველის საკვები დანამატების შემთხვევაში:

– წარმოებული დანამატების ხარისხი და სახეობა, წარმოების შესაბამისი თარიღები და, სადაც მიზანშეწონილია, პარტიის ან პროდუქციის კონკრეტული ნაწილის რაოდენობა, უწყვეტი წარმოების შემთხვევაში.

– იმ საწარმოს სახელწოდება და მისამართი, სადაც მიწოდებულ იქნა დანამატები, მიწოდებული დანამატების სახეობა და რაოდენობა და, სადაც მიზანშეწონილია, პარტიის ან პროდუქციის კონკრეტული ნაწილის რაოდენობა, უწყვეტი წარმოების შემთხვევაში;

(ii) დირექტივით 82/471/EEC გათვალისწინებული პროდუქტების შემთხვევაში:

– პროდუქტების სახეობა და წარმოებული რაოდენობა, წარმოების შესაბამისი თარიღები და, სადაც მიზანშეწონილია, პარტიის ან პროდუქციის კონკრეტული ნაწილის რაოდენობა უწყვეტი წარმოების შემთხვევაში;

– საწარმოების ან მომხმარებლების (საწარმოები ან ფერმერები) სახელი და მისამართი, რომლებისთვისაც მოხდა ამ პროდუქტების მიწოდება, მიწოდებული პროდუქტების სახეობისა და რაოდენობის შესახებ დეტალურ ინფორმაციასთან ერთად და, სადაც მიზანშეწონილია, პარტიის ან პროდუქციის კონკრეტული ნაწილის რაოდენობა, უწყვეტი წარმოების შემთხვევაში;

(iii) პირველადი მინარევების შემთხვევაში:

– დანამატების მწარმოებლების ან მომწოდებლების სახელწოდება და მისამართი, გამოყენებული დანამატების სახეობა და რაოდენობა და, სადაც მიზანშეწონილია, პარტიის ან პროდუქციის კონკრეტული ნაწილის რაოდენობა, უწყვეტი წარმოების შემთხვევაში;

– პირველადი მინარევების წარმოების თარიღი და პარტიის ნომერი, სადაც მიზანშეწონილია;

– იმ საწარმოს სახელწოდება და მისამართი, რომლისთვისაც მოხდა პირველადი მინარევის მიწოდება, მიწოდების თარიღი, მიწოდებული პირველადი მინარევის სახეობა და რაოდენობა და პარტიის ნომერი, სადაც მიზანშეწონილია.

(iv) ნარევი ცხოველის საკვები პროდუქტების/ცხოველის საკვები მასალების შემთხვევაში:

– დანამატების/პირველადი მინარევების მწარმოებლების და მომწოდებლების სახელწოდება და მისამართი, გამოყენებული პირველადი მინარევების სახეობა და რაოდენობა, პარტიის ნომერთან ერთად, სადაც მიზანშეწონილია;

- ცხოველის საკვები მასალებისა და დამატებითი ცხოველის საკვების მიმწოდებლების სახელწოდება და მისამართი და მიწოდების თარიღი;

- ნარევი ცხოველის საკვები პროდუქტების ტიპი, რაოდენობა და შემადგენლობა;

- წარმოებული ცხოველის საკვები მასალის ან ნარევი ცხოველის საკვები პროდუქტების სახეობა და რაოდენობა, წარმოების თარიღთან ერთად, და მყიდველის (მაგ. ფერმერის, სხვა ცხოველის პროდუქტის მწარმოებელი სუბიექტის სახელწოდება და მისამართი.

საჩივრები და პროდუქციის უკან დაბრუნება

1. ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა აამოქმედონ საჩივრების რეგისტრაციისა და დამუშავების სისტემა.

2. სადაც საჭიროა, მათ უნდა დანერგონ პროდუქციის სადისტრიბუციო ქსელში დაბრუნების სწრაფი სისტემა. მათ უნდა განსაზღვრონ წერილობითი პროცედურების საშუალებით უკან დაბრუნებული პროდუქტების დანიშნულების ადგილი, და სანამ აღნიშნული პროდუქცია ისევ დაბრუნდება მიმოქცევაში მან თავიდან უნდა გაიაროს ხარისხის კონტროლის შეფასება.

დანართი III

ცხოველთა კვების კარგი პრაქტიკა

საძოვარზე ძოვება

საძოვრების ან სახნავ-სათესი მიწების საძოვრებად გამოყენება უნდა მოხდეს ისე, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ცხოველური წარმოშობის სურსათის ფიზიკური, ბიოლოგიური და ქიმიური დაბინძურების საფრთხეები.

სადაც მიზანშეწონილია, დაცული უნდა იქნეს შესაბამისი დასვენების პერიოდი სანამ საქონელს მიეცემა საძოვარზე, ნათესებზე ან ნათესის ნარჩენებზე და საძოვრების როტაციას შორის ძოვის უფლება, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ბიოლოგიური ჯვარედინი-დაბინძურება ნაკელიდან, თუ ასეთი პოტენციური პრობლემა არსებობს, და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატების გამოყენების ლოდინის პერიოდები.

მოთხოვნები თავლისა და საკვები მოწყობილობა-დანადგარებისთვის

ცხოველთა წარმოების ერთეული ისე უნდა იყოს დაპროექტებული, რომ შესაძლებელი იყოს მისი სათანადოდ გასუფთავება. ცხოველთა წარმოების ერთეული და კვების მოწყობილობა-დანადგარები სრულყოფილად და რეგულარულად უნდა გასუფთავდეს, რათა თავიდან იქნეს აცილებული რაიმე საფრთხის წარმოშობა. დასუფთავებისა და სანიტარული დამუშავების ქიმიური საშუალებები გამოყენებული უნდა იქნეს ინსტრუქციების შესაბამისად და დასაწყობდეს ცხოველის საკვებისა და სურსათისა ტერიტორიიდან მოშორებით.

უნდა დაინერგოს მავნებელი მწერების კონტროლის სისტემა, რათა გაკონტროლდეს რომ მავნებელმა მწერებმა ვერ შეაღწიონ ცხოველთა პროდუქციის მწარმოებელ ერთეულებში და შესაბამისად, მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ცხოველის საკვების, საქონლის საგებლისა და გასაჩერებელი ადგილის დაბინძურების შესაძლებლობა.

დაცული უნდა იქნეს შენობებისა და კვების მოწყობილობა-დანადგარების სისუფთავე. უნდა დაინერგოს ნაკელის, ნარჩენებისა და ცხოველის საკვების დაბინძურების სხვა შესაძლო წყაროების რეგულარულად გატანის სისტემები.

საქონლის წარმოების ერთეულში გამოყენებული ცხოველის საკვები და საგებელი ხშირად უნდა შეიცვლოს და არ უნდა მოხდეს მისი დაობება.

კვება

1. დასაწყობება

ცხოველის საკვები უნდა დასაწყობდეს ცხოველების საკვებად აკრძალული ქიმიური საშუალებებისა და სხვა პროდუქტებისაგან განცალკევებით. სასაწყობე ტერიტორია და კონტეინერები უნდა იყოს სუფთად და მშრალად და, საჭიროების შემთხვევაში, მიღებულ უნდა იქნეს მავნე მწერების კონტროლის შესაბამისი ზომები. რეგულარულად უნდა გასუფთავდეს სასაწყობე ტერიტორიები და კონტეინერები რათა თავიდან იქნეს აცილებული ზედმეტი ჯვარედინი დაბინძურება.

მარცვლეული უნდა დასაწყობდეს შესაბამისად და ისე, რომ არ იყოს ცხოველებისთვის ხელმისაწვდომი.

წამლის შემცველი და არ შემცველი ცხოველის საკვები, რომელიც განკუთვნილია ცხოველთა სხვადასხვა სახეობისათვის, უნდა დასაწყობდეს ისე, რომ შემცირდეს საკვების არამიზნობრივი გამოყენების რისკი.

2. განაწილება

ფერმის ფარგლებში ცხოველის საკვების განაწილების სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს, რომ შესაბამისი ცხოველის საკვები იგზავნებოდეს შესაბამის დანიშნულების ადგილას. საკვების განაწილებისა და კვების განმავლობაში, ცხოველის საკვების განკარგვა უნდა მოხდეს ისე, რომ არ დაბინძურდეს დაბინძურებული სასაწყობე ტერიტორიიდან ან მოწყობილობა-დანადგარებიდან. წამლის არშემცველი ცხოველის საკვების განკარგვა უნდა მოხდეს წამლის შემცველი ცხოველის საკვებისგან განცალკევებით, დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით.

ფერმაში მოძრავი ცხოველის საკვების ტრანსპორტირების საშუალებები და კვების მოწყობილობა-დანადგარები უნდა გასუფთავდეს პერიოდულად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოიყენება წამლის შემცველი ცხოველის პროდუქტის მიწოდებისა და განაწილებისთვის.

ცხოველის საკვები და წყალი

სასმელი ან აკვაკულტურის წყალი უნდა იყოს ცხოველთა წარმოებისთვის შესაბამისი ხარისხის. როდესაც არსებობს ცხოველების და ცხოველებისგან ნაწარმოები პროდუქციის წყლით დაბინძურების საფრთხის მიზეზი, ზომები უნდა იქნეს მიღებული, საფრთხეების შეფასებისა და მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

ცხოველის საკვებისა და წყლის მიწოდების მოწყობილობა-დანადგარები ისე უნდა იქნეს დაპროექტებული, აგებული და დადგმული, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ცხოველის საკვებისა და წყლის დაბინძურების შესაძლებლობა. შესაძლებლობის შემთხვევაში რეგულარულად უნდა მოხდეს წყლის მიწოდების სისტემის გასუფთავება და ტექნიკური მომსახურება.

პერსონალი

პირს, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ცხოველების გამოკვებაზე და მოვლაზე, უნდა გააჩნდეს საჭირო უნარები, ცოდნა და კომპეტენცია.

დანართი IV

თავი 1

რეგულაციით (EC) N 1831/2003 ნებადართულია შემდეგი დანამატები:

– საკვები დანამატები: ყველა დანამატი ჯგუფში,

– ზოოტექნიკური დანამატები: ყველა დანამატი ჯგუფში,

– ტექნოლოგიური დანამატები: რეგულაციის (EC) N 1831/2003 I(1)(b) დანართით („ანტიოქსიდანტები“) გათვალისწინებული დანამატები: მხოლოდ ის დანამატები, რომლებსაც აქვთ ფიქსირებული მაქსიმალური შემცველობა,

– სენსორული დანამატები: რეგულაციის (EC) N 1831/2003 I(2)(a) დანართით („საღებავები“) გათვალისწინებული დანამატები: კაროტინოიდები და ქსანტოფილები.

პროდუქტები, რომლებიც გათვალისწინებულია დირექტივით 82/471/EEC:

– იმ მიკრო-ორგანიზმებისაგან მიღებული ცილები, რომლებიც განეკუთვნებიან ბაქტერიების, საფუარის, ზღვის წყალმცენარეების, დაბალი სოკოს ჯგუფს: ჯგუფის ყველა პროდუქტი (გარდა 1.2.1 ქვეჯგუფისა);

– ფერმენტაციის გზით ამინომჟავის წარმოების თანაპროდუქტები: ყველა პროდუქტი ჯგუფში.

თავი 2

რეგულაციით (EC) N 1831/2003 ნებადართული დანამატები:

– ზოოტექნიკური დანამატები: რეგულაციის (EC) N 1831/2003 I(4) (d) დანართით („სხვა ზოოტექნიკური დანამატები“) გათვალისწინებული დანამატები;

– ანტიბიოტიკები: ყველა დანამატი;

– კოკციდიოსტატები და ჰისტომონოსტატები: ყველა დანამატი;

– ზრდის აქტივატორები: ყველა დანამატი;

– საკვები დანამატები:

– რეგულაციის (EC) N 1831/2003 I(3)(a) დანართით (ვიტამინები, პროვიტამინები და ქიმიურად კარგად განსაზღვრული ნივთიერებები, რომელთაც მსგავსი ეფექტი აქვთ) გათვალისწინებული დანამატები: A და D;

– რეგულაციის (EC) N 1831/2003 I(3)(b) დანართით ('მიკროელემენტების ნაერთები') გათვალისწინებული დანამატები: Cu და Se.

თავი 3

რეგულაციით (EC) N 1831/2003 ნებადართული დანამატები:

ზოოტექნიკური დანამატები: რეგულაციის (EC) N 1831/2003 I(4)(d) დანართით („სხვა ზოოტექნიკური დანამატები“) გათვალისწინებული დანამატები;

– ანტიბიოტიკები: ყველა დანამატი;

– კოკციდიოსტატები და ჰისტომონოსტატები: ყველა დანამატი;

– ზრდის აქტივატორები: ყველა დანამატი.

დანართი V

თავი I

სანქცირებულ ცხოველის საკვების წარმოებათა ჩამონათვალი

1

2

3

4

5

საიდენტიფიკაციო ნომერი

საქმიანობა

სახელწოდება და საფირმო სახელწოდება (1)

მისამართი (2)

შენიშვნები

 

(1) ცხოველის საკვების წარმოების სახელწოდება ან საფირმო სახელწოდება.

(2) ცხოველის საკვების წარმოების მისამართი.

თავი II

საიდენტიფიკაციო ნომერს უნდა ჰქონდეს შემდეგი სტრუქტურა:

1. ასო „α“ (ალფა) – თუ ცხოველის საკვების წარმოება სანქცირებულია;

2. წევრი სახელმწიფოს ან მესამე მსოფლიოს ქვეყნის ISO („სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“) კოდი, სადაც მდებარეობს ცხოველის საკვების წარმოება;

3. ეროვნული საცნობარო ციფრი, რომელიც უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ რვა ასო-ციფრული სიმბოლოსგან.


1 ოფიციალური ბიულეტენი, C 32, 05.02.2004, გვ. 97.

2 ევროპარლამენტის 2004 წლის 31 მარტის მოსაზრება (რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა ოფიციალურ ბიულეტენში) და საბჭოს 2004 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.

3 ოფიციალური ბიულეტენი, L 31, 01.02.2002, გვ. 1. რეგულაცია, რომელშიც შესულია ცვლილებები რეგულაციით (EC) N 1642/2003 (ოფიციალური ბიულეტენი, L 245, 29.09.2003, გვ.4).

4 ოფიციალური ბიულეტენი, L 332, 30.12.1995, გვ. 15. დირექტივა, რომელშიც ბოლოს ცვლილებები შევიდა რეგულაციით (EC) N 806/2003 (ოფიციალური ბიულეტენი, L 122, 16.05.2003, გვ. 1).

5 ოფიციალური ბიულეტენი, L 213, 21.07.1982, გვ. 8. დირექტივა, რომელშიც ბოლოს ცვლილებების შევიდა ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციით (EC) N 1882/2003 (ოფიციალური ბიულეტენი, L 284, 31.10.2003, გვ. 1).

6 ოფიციალური ბიულეტენი, L 208, 24.07.1998, გვ. 43.

7 ოფიციალური ბიულეტენი, L 165, 30.04.2004, გვ. 1 (ცვლილება: ოფიციალური ბიულეტენი, L 191, 28.05.2004, გვ. 1).

8 ოფიციალური ბიულეტენი, L 184, 17.07.1999, გვ. 23. 

9 ოფიციალური ბიულეტენი, L 139, 30.04.2004, გვ. 1. ცვლილება: ოფიციალური ბიულეტენი, L 226, 25.06.2004, გვ.3).

10 ოფიციალური ბიულეტენი, L 268, 18.10.2003, გვ. 29.