ევროპარლამენტის და საბჭოს 2002 წლის 25 ივნისის დირექტივა 2002/44/EC იმ დასაქმებულების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების შესახებ, რომლებიც ფიზიკური ფაქტორებისგან (ვიბრაციისგან) წარმოქმნილი რისკების ზემოქმედებას განიცდიან (დირექტივა 89/391/EEC, მე-16(1) მუხლით გათვალისწინებული მეთექვსმეტე ინდივიდუალური დირექტივა)

ევროპარლამენტის და საბჭოს 2002 წლის 25 ივნისის დირექტივა 2002/44/EC იმ დასაქმებულების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების შესახებ, რომლებიც ფიზიკური ფაქტორებისგან (ვიბრაციისგან) წარმოქმნილი რისკების ზემოქმედებას განიცდიან (დირექტივა 89/391/EEC, მე-16(1) მუხლით გათვალისწინებული მეთექვსმეტე ინდივიდუალური დირექტივა)
დოკუმენტის ნომერი 2002/44/EC
დოკუმენტის მიმღები ევროპარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/2002
დოკუმენტის ტიპი დირექტივები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2017
სარეგისტრაციო კოდი
2002/44/EC
25/06/2002
ვებგვერდი, 29/03/2017
ევროპარლამენტის და საბჭოს 2002 წლის 25 ივნისის დირექტივა 2002/44/EC იმ დასაქმებულების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების შესახებ, რომლებიც ფიზიკური ფაქტორებისგან (ვიბრაციისგან) წარმოქმნილი რისკების ზემოქმედებას განიცდიან (დირექტივა 89/391/EEC, მე-16(1) მუხლით გათვალისწინებული მეთექვსმეტე ინდივიდუალური დირექტივა)
ევროპარლამენტი
ევროპარლამენტის და საბჭოს 2002 წლის 25 ივნისის დირექტივა 2002/44/EC იმ დასაქმებულების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების შესახებ, რომლებიც ფიზიკური ფაქტორებისგან (ვიბრაციისგან) წარმოქმნილი რისკების ზემოქმედებას განიცდიან (დირექტივა 89/391/EEC, მე-16(1) მუხლით გათვალისწინებული მეთექვსმეტე ინდივიდუალური დირექტივა)

ევროპარლამენტის და საბჭოს 2002 წლის 25 ივნისის

დირექტივა 2002/44/EC

იმ დასაქმებულების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების შესახებ, რომლებიც ფიზიკური ფაქტორებისგან (ვიბრაციისგან) წარმოქმნილი რისკების ზემოქმედებას განიცდიან (დირექტივა 89/391/EEC, მე-16(1) მუხლით გათვალისწინებული მეთექვსმეტე ინდივიდუალური დირექტივა)

ევროპარლამენტმა და ევროპის კავშირის საბჭომ,

ევროპის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების, კონკრეტულად კი მისი 137(2)-ე მუხლის გათვალისწინებით,

კომისიის წინადადების1 გათვალისწინებით, რომელიც წარდგენილია სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანდაცვის საკონსულტაციო კომიტეტთან კონსულტაციების საფუძველზე,

ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოსაზრების გათვალისწინებით2,

რეგიონების კომიტეტთან კონსულტაციების გათვალისწინებით,

მოქმედებენ რა დამფუძნებელი ხელშეკრულების3 251-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, შემთანხმებელი კომიტეტის მიერ 2002 წლის 8 აპრილს დამტკიცებული ერთობლივი ტექსტის გათვალისწინებით,

ვინაიდან:

1) ხელშეკრულების საფუძველზე, საბჭოს შეუძლია დირექტივების მეშვეობით მიიღოს მინიმალური მოთხოვნები გაუმჯობესების სტიმულირებისთვის, კერძოდ, სამუშაო გარემოს საკითხზე, რათა უზრუნველყოს დასაქმებულის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უკეთესი დაცვა. ამ დირექტივების მიზანია ადმინისტრაციული, ფინანსური და სამართლებრივი შეზღუდვების დაწესების თავიდან აცილება იმ ფორმით, რაც შეაფერხებს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების შექმნასა და განვითარებას;

2) კომისიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია მის სამოქმედო პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება დასაქმებულთა „ფუნდამენტალური სოციალური უფლებების თანამეგობრობის ქარტიას“ შეეხება, უზრუნველყოფს იმ დასაქმებულების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების იმ მინიმალური მოთხოვნების დანერგვას, რომლებიც ეხება ფიზიკური ფაქტორებისგან წარმოქმნილ რისკებს. 1990 წლის სექტემბერში, ევროპარლამენტმა მიიღო დადგენილება ამ სამოქმედო პროგრამასთან4 დაკავშირებით, რომელიც სთავაზობს კომისიას, შეიმუშაოს კონკრეტული დირექტივა იმ რისკებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოიქმნება სამუშაო ადგილზე ხმაურითა და ვიბრაციით და ნებისმიერი სხვა ფიზიკური ფაქტორების მიერ;

3) თავდაპირველად, საჭიროდ მიიჩნევა იმ ზომების შემოღება, რომლებიც მომუშავეს იმ ვიბრაციისგან წარმოქმნილი რისკებისგან დაიცავს, როლებიც გავლენას ახდენენ დასაქმებულის ჯანმრთლობასა და უსაფრთხოებაზე, კერძოდ კი, ძვალ-კუნთოვან სტრუქტურაზე, ნერვულ და გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის დარღვევებზე. ამ ზომების მიზანია არა მხოლოდ თითოეული დასაქმებულის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფა ინდივიდუალურ რეჟიმში, არამედ აგრეთვე ევროპის გაერთიანების ფარგლებში ყველა დასაქმებულის დაცვის მინიმალური საფუძვლის შექმნა კონკურენციის შესაძლო დაბრკოლების თავიდან ასაცილებლად;

4) წინამდებარე დირექტივა განსაზღვრავს მინიმალურ მოთხოვნებს, რითაც წევრ სახელმწიფოებს აძლევს არჩევანს, შეინარჩუნონ ან მიიღონ უფრო ხელსაყრელი დებულებები დასაქმებულთა დასაცავად, კერძოდ, დღიური სამოქმედო სიდიდის უფრო დაბალი მაჩვენებლების ან ვიბრაციების ზემოქმედების დღიური დასაშვები მაჩვენებლების დაწესების მიზნით. წინამდებარე დირექტივის განხორციელება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რაიმე სახის უკუსვლის გამამართლებელ არგუმენტად იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე არსებობს თითოეულ წევრ სახელმწიფოში;

5) სისტემის დაცვა ვიბრაციისგან უნდა შეიზღუდოს მისი განმარტებით, თავისუფალი გადამეტებული დეტალით, მისაღწევი მიზნებით, დასაცველი პრინციპებითა და ფუნდამენტური ფასეულობების გამოყენებით, რათა წევრ სახელმწიფოებს საშუალება მიეცეთ გამოიყენონ მინიმალური მოთხოვნები სხვა შესაბამისი წესით;

6) ვიბრაციის ზემოქმედების დონე შესაძლებელია უფრო ეფექტიანად შემცირდეს პროფილაქტიკური ღონისძიებების დანერგვით სამუშაო სადგურებისა და სამუშაო ადგილების დაპროექტებაში და შესაბამისი სამუშაო აღჭურვილობის, პროცედურებისა და მეთოდების შერჩევით, რომლითაც პრიორიტეტი მიენიჭება რისკების შემცირებას პირველად არეალში. ამგვარად, სამუშაო აღჭურვილობასა და მეთოდებთან დაკავშირებული დებულებები ხელს შეუწყობს მუშაობის პროცესში ჩართული დასაქმებულების დაცვას;

7) დამსაქმებლებმა უნდა განახორციელონ რეგულირება იმ ტექნიკური პროგრესისა და მეცნიერული ცოდნის გათვალისწინებით, რომლებიც უკავშირდება ვიბრაციის ზემოქმედების რისკებს, რათა გაუმჯობესდეს დასაქმებულთა უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვა.

8) საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის შემთხვევაში, თანამედროვე ტექნიკის დონის გათვალისწინებით, ყველა შემთხვევაში შეუძლებელია დაცულ იქნეს მთელ სხეულზე ვიბრაციის ზღვრული ზემოქმედების მაჩვენებლები; რიგ შემთხვევებში, საჭიროა განისაზღვროს დებულება სათანადოდ დასაბუთებული გამონაკლისი შემთხვევებისთვის.

9) რადგან წინამდებარე დირექტივა არის ინდივიდუალური დირექტივა საბჭოს 1989 წლის 12 ივნისის დირექტივის 89/391/EEC მე-16(1) მუხლის მნიშვნელობით, რომელიც ეხება სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად საჭირო ზომების დანერგვას5, შესაბამისად, ეს დირექტივა ეხება დასაქმებულებზე ვიბრაციის ზემოქმედებას, ამ დირექტივაში უფრო მკაცრი ან/და კონკრეტული დებულებების შეუზღუდავად.

10) წინამდებარე დირექტივა წარმოადგენს შიდა ბაზრის სოციალური ასპექტის შექმნისკენ გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯს.

11) ზომები, რომელთა მიღებაც აუცილებელია წინამდებარე დირექტივის განსახორციელებლად, მიღებულ უნდა იქნეს საბჭოს 1999 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების 1999/468/EC შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს პროცედურებს კომისიისთვის6 გადაცემული უფლებამოსილების განსახორციელებლად.

მიიღეს წინამდებარე დირექტივა:

 

ქვეთავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1

მიზანი და მოქმედების სფერო

1. წინამდებარე დირექტივა, რომელიც წარმოადგენს მე-16 ინდივიდუალურ დირექტივას დირექტივის 89/391/EEC მე-16(1) მუხლის მნიშვნელობით, განსაზღვრავს მინიმალურ მოთხოვნებს დასაქმებულთა დასაცავად მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების იმ რისკებისგან, რომლებიც წარმოიქმნება მექანიკური ვიბრაციის ზემოქმედებით.

2. წინამდებარე დირექტივის მოთხოვნები შეეხება იმ საქმიანობას, რომლის დროსაც დასაქმებულებზე მოხდება ან შეიძლება მოხდეს მათი მუშაობის დროს მექანიკური ვიბრაციით გამოწვეული ზემოქმედება.

3. დირექტივა 89/391/EEC სრულად მოქმედებს იმ არეალზე, რომელიც პირველ აბზაცშია მოცემული, ამ დირექტივის უფრო მკაცრი ან/და უფრო კონკრეტული დებულებების შეუზღუდავად.

მუხლი 2

განმარტებები

წინამდებარე დირექტივის მიზნებისთვის, ქვემოთ მოცემულ ტერმინებს შემდეგი მნიშვნელობები აქვთ:

 (a) „ხელ-მკლავის ვიბრაცია“ – მექანიკური ვიბრაცია, რომელიც ადამიანის ხელ-მკლავის სისტემაზე გადაცემისას, განაპირობებს დასაქმებულთა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების რისკებს, კერძოდ, იწვევს გულ-სისხლძარღვთა, ძვლლოვანი ან სახსროვანი სისტემის, ნერვულ ან კუნთოვან დარღვევებს;

 (b) „მთელი სხეულის ვიბრაცია“ მექანიკური ვიბრაცია, რომელიც ადამიანის მთელ სხეულზე გადაცემისას წარმოქმნის დასაქმებულთა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების რისკებს, კერძოდ, იწვევს წელის და ხერხემლის ტრავმას.

 

მუხლი 3

ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები და მოქმედების ნორმები

1. ხელ-მკლავის ვიბრაციის შემთხვევაში:

(a) ზემოქმედების ყოველდღიური ზღვრულად დასაშვები ნორმა სტანდარტულად რვა საათიან საანგარიშო პერიოდში უნდა იყოს 5 მ/წმ2;

(b) ზემოქმედების ყოველდღიური ზღვრულად დასაშვები ნორმა სტანდარტულად რვა საათიან საანგარიშო პერიოდში უნდა იყოს 2,5 მ/წმ2;

დასაქმებულთა ხელ-მკლავის ვიბრაციის ზემოქმედება უნდა შეფასდეს ან გაიზომოს დანართის A ნაწილის პირველი ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულებების თანახმად.

2. მთელი სხეულის ვიბრაციის შემთხვევაში:

(a) ზემოქმედების ყოველდღიური ზღვრულად დასაშვები ნორმა სტანდარტულად რვა საათიან საანგარიშო პერიოდში უნდა იყოს 1,15 მ/წმ2 ან შესაბამისი წევრი სახელმწიფოს არჩევანის მიხედვით, ვიბრაციის დოზის სიდიდე უნდა იყოს 21მ/წმ1,75;

(b) ზემოქმედების ყოველდღიური მოქმედების ნორმა სტანდარტულად რვა საათიან საანგარიშო პერიოდში უნდა იყოს 0,5 მ/წმ2, ან შესაბამისი წევრი სახელმწიფოს არჩევანის მიხედვით, ვიბრაციის დოზის სიდიდე უნდა იყოს 9,1მ/წმ1,75.

დასაქმებულთა მთელ სხეულზე ვიბრაციის ზემოქმედება უნდა შეფასდეს ან გაიზომოს დანართის B ნაწილის პირველი ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულებების თანახმად.

ქვეთავი II

დამსაქმებლის ვალდებულებები

მუხლი 4

რისკების განსაზღვრა და შეფასება

1. დირექტივის 89/391/EEC მე-6(3) და მე-9(1) მუხლებით განსაზღვრული მოვალეობების შესასრულებლად, დამსაქმებელმა უნდა შეაფასოს და საჭიროების შემთხვევაში, გაზომოს იმ მექანიკური ვიბრაციის სიდიდე, რომელიც დასაქმებულებზე ახდენს ზემოქმედებას. გაზომვა უნდა მოხდეს წინამდებარე დირექტივის, შესაბამისად, დანართის A ნაწილის მე-2 ქვეპუნქტის ან B ნაწილის მე-2 ქვეპუნქტის მიხედვით.

2. მექანიკური ვიბრაციის ზემოქმედების დონე შესაძლებელია შეფასდეს კონკრეტულ სამუშაო პროცესებზე დაკვირვებით და იმ მოწყობილობის შესაბამისი ან კონკრეტულ პირიბებში გამოსაყენებელი მოწყობილობის ტიპის ვიბრაციის სავარაუდო სიდიდის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის, მათ შორის, იმ ინფორმაციის გამოყენებით, რომელსაც მოწყობილობის მწარმოებელი წარმოადგენს. ეს ოპერაცია უნდა განსხვავდებოდეს გაზომვისგან, რომელიც მოითხოვს კონკრეტული აპარატის და შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებას.

3. პირველ აბზაცში მითითებული შეფასება და გაზომვა უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს კომპეტენტური სამსახურების მიერ, შესაბამისი ინტერვალით, დირექტივის 89/391/EEC მე-7 მუხლის დებულებების გათვალისწინებით, რომელიც ეხება საჭირო კომპეტენტურ სამსახურებს ან პირებს. მექანიკური ვიბრაციის ზემოქმედების დონის შეფასების ან/და გაზომვის შედეგად მიღებული მონაცემები დაცული უნდა იქნეს სათანადო ფორმით, რათა შესაძლებელი იყოს მისი შემდგომ ეტაპზე გამოყენება.

4. დირექტივის 89/391/EEC მე-6(3) მუხლის თანახმად, რისკის შეფასებისას დამსაქმებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ საკითხებს:

(a) ზემოქმედების დონე, ტიპი და ხანგრძლივობა, მათ შორის, წყვეტილი ვიბრაციით ან განმეორებითი ბიძგებით გამოწვეულ ნებისმიერი ზემოქმედებას.

(b) ზემოქმედებისზღვრულად დასაშვები ნორმა და ზემოქმედების მოქმედების ნორმა, რომელიც წინამდებარე დირექტივის მე-3 მუხლით არის განსაზღვრული;

(c) დასაქმებულთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ზემოქმედება განსაკუთრებით მგრძნობიარე რისკის პირობებში;

(d) ნებისმიერი არაპირდაპირი ზემოქმედება დასაქმებულის უსაფრთხოებაზე, რომელიც გამოწვეულია მექანიკური ვიბრაციასა და სამუშაო ადგილს ან სხვა სამუშაო აღჭურვილობას შორის ურთიერთქმედებით;

(e) მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სამუშაო აღჭურვილობასთან დაკავშირებით ევროპის გაერთიანების შესაბამისი დირექტივების თანახმად;

(f) სათადარიგო აღჭურვილობის არსებობა, რომელიც შექმნილია მექანიკური ვიბრაციის ზემოქმედების დონის შესამცირებლად;

(g) მთელ სხეულზე ზემოქმედების დროის გაზრდა გრაფიკით დადგენილი სამუშაო საათების მიღმა, დამქირავებლის პასუხისმგებლობით;

(h) კონკრეტული სამუშაო პირობები, მაგალითად, დაბალი ტემპერატურა;

(i) შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც მიღებულია ჯანმრთელობის შემოწმებით, მათ შორის, გამოქვეყნებული ინფორმაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

5. დამქირავებელი უნდა ფლობდეს რისკების შეფასებას, დირექტივის 89/391/EEC მე-9(1)(a) მუხლის შესაბამისად და უნდა დაადგინოს, თუ რომელი ზომები უნდა იქნეს მიღებული ამ წინამდებარე დირექტივის მე-5 და მე-6 მუხლების მიხედვით. რისკების შეფასების ჩაწერა უნდა მოხდეს ინფორმაციის შესაბამის მატარებელზე, ეროვნული კანონმდებლობისა და გამოცდილების შესაბამისად; ეს შეიძლება მოიცავდეს დამქირავებლის მტკიცებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ მექანიკურ ვიბრაციასთან დაკავშირებული რისკების ხასიათი და მასშტაბი არ საჭიროებს რისკების დამატებით დეტალურ შეფასებას. რისკების შეფასება უნდა მოხდეს რეგულარულად, განსაკუთრებით მაშინ, თუ შეტანილმა მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა მათი განახლების საჭიროება გამოიწვია, ან თუ ჯანმრთელობის შემოწმების შედეგები ამის აუცილებლობას ადასტურებს.

მუხლი 5

დებულებები, რომელთა მიზანია ზემოქმედების თავიდან აცილება ან შემცირება

1. ტექნიკური პროგრესისა და რისკების პირვეწყაროსთან გამაკონტროლებელი ზომების არსებობის გათვალისწინებით, მექანიკური ვიბრაციის ზემოქმედებით გამოწვეული რისკები თავიდანვე უნდა აღმოიფხვრას ან მინიმუმამდე შემცირდეს.

ამ რისკების შემცირება უნდა მოხდეს პრევენციის იმ ზოგადი პრინციპების დაცვით, რომლებიც მოცემულია დირექტივის 89/391.EEC მე-6(2) მუხლში.

2. მე-4 მუხლში აღნიშნული რისკის შეფასების საფუძველზე, როგორც კი მოხდება მე-3(1)(b) და (2)(b) მუხლში განსაზღვრული ზემოქმედების მოქმედების ნორმაზე მეტად გადაჭარბება, დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას და განახორციელოს ტექნიკური ან/და ორგანიზაციული ზომების პროგრამა, რომლის მიზანია მექანიკური ვიბრაციის მინიმალური ზემოქმედების და მისი თანმხლები რისკების შემცირება ქვემოთ მოცემული პუნქტების გათვალისწინებით:

(a) სხვა სამუშაო მეთოდები, რომლებიც გულისხმობს მექანიკური ვიბრაციის ნაკლებ ზემოქმედებას;

(b) შესაბამისი ერგონომიული (ენერგიის დამზოგავი) პროექტის მქონე სამუშაო აღჭურვილობის შერჩევა, შესასრულებელი სამუშაოს გათვალისწინებით, მაქსიმალურად ნაკლები შესაძლო ვიბრაციის წარმოქმნით;

(c) დამხმარე მოწყობილობების უზრუნველყოფა, რომელიც შეამცირებს ვიბრაციით გამოწვეული დაზიანებების ისეთ რისკებს, როგორიცაა დასაჯდომი ადგილები (სკამები), რომლებიც მთელ სხეულზე ვიბრაციის ზემოქმედებას შეამცირებს და სახელურები, რომლებიც შეამცირებენ ხელ-მკლავის სისტემაზე გადაცემულ ვიბრაციას;

(d) შესაბამისი ტექნიკური მომსახურების პროგრამები სამუშაო აღჭურვილობისთვის, სამუშაო ადგილისა და სამუშაო ადგილის სისტემებისთვის;

(e) სამუშაო ადგილების და სამუშაო სადგურების პროექტი და განლაგება;

(f) ადექვატური ინფორმაცია და წვრთნა, რათა მოხდეს დასაქმებულთა ინსტრუქტაჟი მათ მიერ სამუშაო აღჭურვილობის სწორად და უსაფრთხოდ გამოყენებისთვის, მათზე მექანიკური ვიბრაციის ზემოქმედების მინიმუმამდე შესამცირებლად;
ზემოქმედების ხანგრძლივობის და ინტენსივობის შეზღუდვა;

(g) შესაბამისი სამუშაო გრაფიკები, შესაბამისი დასვენების პერიოდებით;

(h) ჩასაცმელის უზრუნველყოფა დასაქმებულების სიცივისა და ნესტისგან დასაცავად.

3. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ხორციელდებოდეს დასაქმებულებზე ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმაზე მეტი ზემოქმედება.

თუ დამსაქმებლის მიერ წინამდებარე დირექტივასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მიღებული ზომებისმიუხედავად, გადაჭარბებულ იქნა ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმა, დამქირავებელმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები ზემოქმედების შესამცირებლად. მან უნდა დაადგინოს ის მიზეზები, რომელთა გამოც მოხდა დასაშვები ზომის გადაჭარბება, და ცვლილებები შეიტანოს დაცვის და პრევენციის ღონისძიებებში შესაბამისად, რათა მისი გადაჭარბება სხვა დროსაც არ მოხდეს.

4. დირექტივის 89/391/EEC მე-15 მუხლის თანახმად, დამქირავებელი ვალდებულია ამ მუხლში მოცემული ზომები მიუსადაგოს განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი დასაქმებულების მოთხოვნებს.

მუხლი 6

დასაქმებულის ინფორმირება და წვრთნა

დირექტივის 89/391/EEC მე-10 და მე-12 მუხლების შეზღუდვის გარეშე, დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილზე მექანიკური ვიბრაციით გამოწვეული რისკებს დაქვემდებარებული დასაქმებულების ან/და მათი წარმომადგენლების ინფორმირებულობა და მათ მიერ წინამდებარე დირექტივის მე-4(1) მუხლით განსაზღვრული რისკის შეფასების შედეგთან დაკავშირებული სწავლების გავლა, კერძოდ:

(a) მისაღები ზომები წინამდებარე დირექტივის განსახორციელებლად, რათა გამოირიცხოს ან მინიმუმამდე შემცირეს მექანიკური ვიბრაციის რისკები;

(b) ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმა და ზემოქმედების მოქმედების ნორმა;

(c) მექანიკური ვიბრაციის შეფასების და გაზომვის შედეგები, რომელიც წინამდებარე დირექტივის მე-4 მუხლის თანახმად უნდა განხორციელდეს, და გამოყენებული სამუშაო აღჭურვილობით გამოწვეული შესაძლო ტრამვა;

(d) რატომ და როგორ უნდა მოხდეს დაზიანების ნიშნების აღმოჩენა და მათ შესახებ განცხადება;

(e) გარემოებები, რომლებშიც დასაქმებულებს აქვთ ჯანმრთელობის შემოწმების უფლება;

(f) უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკა მექანიკური ვიბრაციის ზემოქმედების მინიმუმამდე დასაყვანად.

მუხლი 7

დასაქმებულთა კონსულტირება და მონაწილეობა

დასაქმებულების ან/და მათი წარმომადგენლების კონსულტირება და მონაწილეობა უნდა განხორციელდეს დირექტივის 89/391/EEC მე-11 მუხლის თანახმად, იმ წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებულ საკითხებზე.

ქვეთავი III

სხვა დებულებები

მუხლი 8

ჯანმრთელობის შემოწმება

1. დირექტივის 89/391/EEC მე-14 მუხლის შეუზღუდავად, წევრი სახელმწიფოები ვალდებულები არიან მიიღონ დებულებები, რათა შეამოწმონ დასაქმებულთა ჯანმრთელობა, წინამდებარე დირექტივის მე-4(1) მუხლით განსაზღვრული რისკების შეფასების შედეგების მითითებით იმ შემთხვევაში, სადაც დაფიქსირებულია მათი ჯანმრთელობის რისკი. ეს დებულებები, მათ შორის, ჯანმრთელობის ჩანაწერების მოთხოვნები და მათი ხელმისაწვდომობა, უნდა დაინერგოს ეროვნული კანონმდებლობის ან/და საპროცესო ნორმების დაცვით.

ჯანმრთელობის შემოწმების, რომლის შედეგების გათვალისწინება ხდება კონკრეტულ სამუშაო ადგილზე პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებისას, მიზანია მექანიკური ვიბრაციის ზემოქმედებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დარღვევის სწრაფი პროფილაქტიკა და დიაგნოსტირება. ჯანმრთელობის შემოწმება უნდა განხორციელდეს მაშინ, როდესაც:

  • დასაქმებულებზე ვიბრაციის ზემოქმედება ისეთია, რომ შესაძლებელია დადგინდეს კავშირი ამ ზემოქმედებასა და იდენტიფიცირებად დაავადებას ან ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედებას შორის;
  • სავარაუდოა, რომ ავადმყოფობა ან ზეგავლება ხდება დასაქმებულების კონკრეტულ სამუშაო პირობებში; და
  • არსებობს აპრობირებული მეთოდები ავადმყოფობის ან ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის აღმოსაჩენად.

ნებისმიერ შემთხვევაში, იმ დასაქმებულებმა, რომლებიც ექვემდებარებიან მე-3(1)(b) და (2)(b) მუხლით განსაზღვრულ, ნორმაზე მეტი მექანიკური ვიბრაციის ზემოქმდებას, უნდა გაიარონ ჯანმრთელობის შესაბამისი შემოწმება.

2. წევრი სახელმწიფოები ვალდებულები არიან უზრუნველყონ ინდივიდუალური ჯანმრთელობის ჩანაწერების გაკეთება და მათი რეგულარული განახლება იმ თითოეული დასაქმებულისთვის, რომელიც გადის ჯანმრთელობის შემოწმებას პირველი აბზაცის მიხედვით. ჯანმრთელობის ჩანაწერები უნდა მოიცავდეს ჩატარებული ჯანმრთელობის შემოწმების შედეგების რეზიუმეს. უნდა მოხდეს ამ ჩანაწერების შესაბამისი ფორმით შენახვა ისე, რომ მოგვიანებით შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება, კონფიდენციალურობის დაცვით.

მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ჩანაწერების ასლები უნდა გადაეცეს უფლებამოსილ ორგანოებს. ინდივიდუალურად დასაქმებულ პირს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, უნდა ჰქონდეს წვდომა პირადად მასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის ჩანაწერებზე.

3. როცა ჯანმრთელობის შემოწმების შედეგად, დასაქმებულს დაუდგინდება იდენტიფიცირებადი დაავადება ან ჯანმრთელობაზე არასასურველი გვერდითი მოვლენა, რომელსაც ექიმი ან პროფესიული ჯანდაცვის მუშაკი მიიჩნევს სამუშაო ადგილზე მექანიკური ვიბრაციის ზემოქმედების შედეგად:

(a) დასაქმებულს ექიმმა ან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა პირმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია პირადად მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შედეგების შესახებ. კერძოდ, მან უნდა მიიღოს ინფორმაცია და რჩევა იმ ჯანმრთელობის შემოწმების შესახებ, რომელიც მან უნდა გაიაროს ზემოქმედების დასრულების შემდეგ;

(b) დამქირავებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ჯანმრთელობის შემოწმების ყველა მნიშვნელოვანი დასკვნის შესახებ, სამედიცინო კონფიდენციალურობის დაცვით.

(c) დამქირავებელმა უნდა:

  • განიხილოს მე-4 მუხლის შესაბამისად ჩატარებული რისკების შეფასება;
  • განიხილოს მე-5 მუხლის მიხედვით რისკების აღმოსაფხვრელად ან შესამცირებლად გატარებული ზომები;
  • მხედველობაში მიიღოს პროფესიული ჯანდაცვის მუშაკის ან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა პირის ან უფლებამოსილი ორგანოს რჩევა იმ ზომების მისაღებად, რომლებიც აუცილებელია რისკების აღმოსაფხვრელად ან შესამცირებლად მე-5 მუხლის შესაბამისად, მათ შორის, დასაქმებულისთვის ისეთი ალტერნატიული სამუშაოს გამონახვის შესაძლებლობის ჩათვლით, სადაც მას არ ექნება დამატებითი ზემოქმედების რისკი, და
  • უზრუნველყოს ანალოგიურ ზემოქმედებას დაქვემდებარებული სხვა ნებისმიერი დასაქმებული პირის ჯანმრთელობის უწყვეტი ზედამხედველობა და შემოწმება. ამ შემთხვევებში, კომპეტენტურ ექიმს ან პროფესიული ჯანდაცვის მუშაკს ან უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დააყენოს წინადადება ზემოქმედებას დაქვემდებარებული პირების მიერ სამედიცინო შემოწმების გავლის შესახებ.

მუხლი 9

გარდამავალი პერიოდები

მე-5(3) მუხლით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით, წევრ სახელმწიფოებს, წარმოების ორი მხარის კონსულტირების შემდეგ, ეროვნული კანონმდებლობის ან საპროცესო ნორმების თანახმად, ეძლევათ უფლება გამოიყენონ ხუთწლიანი გარდამავალი პერიოდი მაქსიმალურად, 2005 წლის 6 ივლისიდან დაწყებული, თუ გამოიყენება ის სამუშაო აღჭურვილობა, რომელიც დასაქმებულებს 2007 წლის 6 ივლისიდან გადაეცათ და რომელიც არ იძლევა ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმების დაცვის საშუალებას, უკანასკნელი ტექნიკური მიღწევების ან/და ორგანიზაციული ზომების მხედველობაში მიღებით. სოფლის მეურნეობაში და სატყეო სექტორში გამოყენებული აღჭურვილობის გათვალისწინებით, წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, მაქსიმალური გარდამავალი პერიოდი ოთხ წლამდე გაზარდონ.

მუხლი 10

დებულებებიდან გამონაკლისის დაშვება

1. დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ზოგადი პრინციპების შესაბამისად, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის შემთხვევაში, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ დაუშვან გამონაკლისი მე-5(3) მუხლის დებულებებიდან სათანადოდ დასაბუთებულ შემთხვევებში მთელი სხეულის ვიბრაციასთან დაკავშირებით, როდესაც სამუშაო ადგილზე მოცემული ტექნიკის დონის და კონკრეტული მახასიათებლების გათვალისწინებით, შეუძლებელია ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმების დაცვა, მიღებული ტექნიკური ან/და ორგანიზაციული ზომების მიუხედავად.

2. იმ შემთხვევაში, როცა დასაქმებულზე მექანიკური ვიბრაციის ზემოქმედება იმაზე ნაკლებია, ვიდრე მე-3(1)(b) და (2)(b) მუხლით გათვალისწინებული ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმა, მაგრამ იგი დროდადრო საგრძნობლად მერყეობს და ზოგჯერ შესაძლოა გადააჭარბოს კიდეც ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმას, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ აგრეთვე გადაუხვიონ მე-5(3) მუხლიდან. თუმცა, ზემოქმედების სიდიდე, რომელიც საშუალოდ 40 საათზე მეტია, უნდა იყოს ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმაზე ნაკლები და უნდა არსებობდეს მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ სამუშაოზე ზემოქმედების სტრუქტურის რისკები უფრო დაბალია, ვიდრე ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები.

3. პირველი და მეორე აბზაცებით გათვალისწინებული გამონაკლისების დაშვების ნებართვა გაიცემა წევრი სახელმწიფოების მიერ, წარმოების ორივე მხარესთან კონსულტაციების შედეგად, ეროვნული კანონმდებლობის და საპროცესო ნორმების გათვალისწინებით. ამ გამონაკლისებს თან უნდა ახლდეს პირობები, რომლებიც, კონკრეტული გარემოებების მხედველობაში მიღებით, უზრუნველყოფენ გამოწვეული რისკების მინიმუმამდე შემცირებას და იმ დასაქმებულების, რომელთაც რისკები შეეხოთ, გაზრდილ სამედიცინო შემოწმებას. ამ გამონაკლისების განხილვა უნდა მოხდეს ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ და უნდა შეწყდეს მაშინვე, როგორც კი გარემოებების დამამტკიცებელი საბუთი აღარ იარსებებს.
4. ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას უნდა გადაუგზავნონ გამონაკლისების ჩამონათვალი, პირველი და მეორე აბზაცების შესაბამისად, სადაც აღნიშნული იქნება ზუსტი მიზეზები და გარემოებები, რომელთა გამოც მათ მიიღეს ამ გამონაკლისების დაშვებაზე ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება.

მუხლი 11

ტექნიკური ცვლილებები

დანართის მკაცრად ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, როგორიცაა:

(a) დირექტივების ცვლილება ტექნიკური ჰარმონიზაციის და სტანდარტიზაციის სფეროში, რომელიც დაკავშირებულია სამუშაო აღჭურვილობის ან/და სამუშაო ადგილის პროექტთან, შენობასთან, წარმოებასა და მშენებლობასთან;

(b) ტექნიკური პროგრესი, ცვლილებები ყველაზე უფრო მეტად შესაბამის ჰარმონიზირებულ ევროპულ სტანდარტებში ან სპეციფიკაციებში და ახალ მიგნებებში, რომლებიც მექანიკურ ვიბრაციასთან არის დაკავშირებული;

მიღებულ უნდა იქნეს მე-12(2) მუხლით გათვალისწინებული მარეგულირებელი პროცედურის დაცვით.

მუხლი 12

კომიტეტი

1. დირექტივის 89/391/EEC მე-17(2) მუხლის თანახმად, კომისიას საქმიანობაში დახმარებას უწევს კომიტეტი.

2. იქ, სადაც მითითებულია წინამდებარე აბზაცი, გამოიყენება გადაწყვეტილების 1999/468/EC მე-5 და მე-7 მუხლები, მე-8 მუხლის დებულებების გათვალისწინებით.

გადაწყვეტილების 1999/468/EC მე-5(6) მუხლში მითითებული პერიოდი სამ თვეს უნდა შეადგენდეს.

3. კომიტეტმა უნდა მიიღოს თავისი რეგლამენტი.

ქვეთავი IV

დასკვნითი დებულებები

მუხლი 13

ანგარიშები

ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ, წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას უნდა მიაწოდონ წინამდებარე დირექტივის პრაქტიკული განხორციელების შესახებ ანგარიში, წარმოების ორივე მხარის ხედვის მითითებით. ანგარიში უნდა მოიცავდეს ჯანმრთელობაზე ვიბრაციის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების საუკეთესო მაგალითებს და სამუშაო ორგანიზაციის სხვა ფორმებს, იმ ზომებთან ერთად, რომლებსაც წევრი სახელმწიფოები იღებენ ამ საუკეთესო მაგალითების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად.

ამ ანგარიშებზე დაყრდნობით, კომისიამ უნდა მოახდინოს დირექტივის განხორციელების სრული შეფასება, რომელიც აგრევე შეიცავს კვლევით და სამეცნიერო ინფორმაციას, და ინფორმაცია მიაწოდოს ევროპარლამენტს, საბჭოს, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტს და სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომიტეტს და საჭიროების შემთხვევაში, შესთავაზოს ცვლილებების შეტანა.

მუხლი 14

ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანა

1. არაუგვიანეს 2005 წლის 6 ივლისისა წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ კანონმდებლობა, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდნენ წინამდებარე დირექტივას. მათ დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ ინფორმაცია კომისიას. მათ აგრეთვე უნდა გადასცენ სია, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი წევრი სახელმწიფოების მიერ მე-9 მუხლის შესაბამისად მიღებული გარდამავალი შეთანხმებების მიზეზები.

როცა წევრი სახელმწიფოები ამ ზომებს მიიღებენ, მათში უნდა მიეთითოს ან მათ თან უნდა ახლდეს წინამდებარე დირექტივა მათი ოფიციალური გამოქვეყნების შემთხვევაში. ამ მითითების დართვის მეთოდები უნდა განსაზღვრონ წევრმა სახელმწიფოებმა.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა წარმოადგინონ ეროვნული კანონმდებლობის დებულებები, რომლებსაც ისინი იღებენ ან მიიღეს იმ სფეროში, რომელსაც არეგულირებს კომისიის წინამდებარე დირექტივა.

მუხლი 15

ძალაში შესვლა

წინამდებარე დირექტივა ძალაში შედის ევროპის გაერთიანების ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნების დღეს.

მუხლი 16

ადრესატები

წინამდებარე დირექტივა ეხება წევრ სახელმწიფოებს.

შედგენილია ლუქსემბურგში, 2002 წლის 25 ივნისს.

ევროპარლამენტის სახელით თავმჯდომარე
პ. კოქსი

 

საბჭოს სახელით თავმჯდომარე

ჯ. მატას ი პალოუ

 

დანართი

A. ხელ-მკლავის ვიბრაცია

1. ზემოქმედების შეფასება

ხელ-მკლავის ვიბრაციის ზემოქმედების დონის შეფასება ემყარება ყოველდღიური ზემოქმედების დონის გამოთვლას, რომლის ნორმალიზება ხდება რვასაათიან საანგარიშო პერიოდში A(8), რომელიც გამოხატულია სიხშირის შეწონილი აქსელერაციის სიდიდის ოდენობის კვადრატული ფესვით (საერთო ოდენობა), განსაზღვრული ორთოგონალური საკითხის ahwx, ahwy, ahwz გადაწყვეტით, როგორც ეს განსაზღვრულია მე-4 და მე-5 თავებით და ISO სტანდარტით 5349-1(2001) A დანართით.

ზემოქმედების დონის შეფასება შესაძლოა განხორციელდეს შეფასების მიხედვით, რომელიც, თავის მხრივ, ემყარება მწარმოებლების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას გამოყენებული სამუშაო აღჭურვილობის ემისიის დონის შესახებ, აგრეთვე კონკრეტულ სამუშაო პრაქტიკასა ან გაზომვაზე დაკვირვებით.

2. გაზომვა

როდესაც გაზომვა ხდება მე-4(1) მუხლის მიხედვით:

(a) გამოყენებული მეთოდები მოიცავს შერჩევას, რომელიც უნდა წარმოადგენდეს დასაქმებულზე მექანიკური ვიბრაციის პირად ზემოქმედებას; გამოყენებული მეთოდები და აპარატურა ადაპტირებული უნდა იყოს გასაზომი მექანიკური ვიბრაციის კონკრეტულ მახასიათებლებზე, გარემომცველ ფაქტორებზე და საზომი აპარატის მახასიათებლებზე, ISO 5349-2(2001) სტანდარტის შესაბამისად.

(b) იმ მოწყობილობების შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს ორივე ხელით დაჭერას, გაზომვა უნდა განხორციელდეს თითოეული ხელისთვის. ზემოქმედება განისაზღვრება ორიდან უფრო მაღალი ოდენობით; აგრეთვე უნდა იყოს წარმოდგენილი ინფორმაცია მეორე ხელის შესახებ.

3. ხელის შეშლა

მე-4(4)(d) მუხლი გამოიყენება მაშინ, როდესაც მექანიკური ვიბრაცია ხელს უშლის მაკონტროლებლების სათანადო მართვას ან ჩვენების აღებას.

4. არაპირდაპირი რისკები

მე-4(4)(d) მუხლი გამოიყენება მაშინ, როდესაც მექანიკური ვიბრაცია ხელს უშლის სტრუქტურების სტაბილურობას ან მაკავშირებლების უსაფრთხოებას.

5. ინდივიდუალური დამცავები

ხელ-მკლავის ვიბრაციისგან პირად დამცავ მოწყობილობას შეუძლია ხელი შეუწყოს გაზომვის პროგრამას, რომელიც გათვალისწინებულია მე-5(2) მუხლით.
b. მთელი სხეულის ვიბრაცია

1. ზემოქმედების შეფასება

ხელის-მკლავის ვიბრაციის ზემოქმედების დონის შეფასება ემყარება ყოველდღიური ზემოქმედების დონის გამოთვლას, რომლის გამოთვლა ხდება რვასაათიან საანგარიშო პერიოდში A(8), რომელიც გამოხატულია (ოდენობის კვადრატული ფესვით) ყველაზე მაღალი სიდიდით ან სიხშირის შეწონილი აქსელერაციის ყველაზე მაღალი ვიბრაციის დოზის სიდიდით, განსაზღვრული სამი ორთოგონალური საკითხით (1,4awx, 1,4awy, awz მომუშავისთვის რომელიც ზის ან დგას), როგორც ეს განსაზღვრულია ISO სტანდარტის 2631-1(1997) A დანართით, მე-5, მე-6 და მე-7 თავებით და B დანართით.

ზემოქმედების დონის შეფასება შესაძლოა განხორციელდეს შეფასების მიხედვით, რომელიც, თავის მხრივ ემყარება მწარმოებლების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას გამოყენებული სამუშაო აღჭურვილობის ემისიის დონის შესახებ, ასევე კონკრეტულ სამუშაო პრაქტიკასა ან გაზომვაზე დაკვირვებით.

საზღვაო გადაზიდვის შემთხვევაში, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ გაითვალისწინონ მხოლოდ იმ სიხშირის ვიბრაცია, რომელიც აღემატება 1 ჰერცს.

2. გაზომვა

როდესაც გაზომვა ხდება, მე-4(1) მუხლის მიხედვით, გამოყენებული მეთოდები შეიძლება მოიცავდეს შერჩევას, რომელიც უნდა წარმოადგენდეს მომუშავეზე მექანიკური ვიბრაციის პირად ზემოქმედებას; გამოყენებული მეთოდები და აპარატურა ადაპტირებული უნდა იყოს გასაზომი მექანიკური ვიბრაციის კონკრეტულ მახასიათებლებზე, გარემომცველ ფაქტორებზე და საზომი აპარატის მახასიათებლებზე.

3. ხელის შეშლა

მე-4(4)(d) მუხლი გამოიყენება მაშინ, როდესაც მექანიკური ვიბრაცია ხელს უშლის მაკონტროლებლების სათანადო მართვას ან ჩვენების აღებას.

4. არაპირდაპირი რისკები

მე-4(4)(d) მუხლი გამოიყენება მაშინ, როდესაც მექანიკური ვიბრაცია აბრკოლებს სტრუქტურების სტაბილურობას ან მაკავშირებლების უსაფრთხოებას.

5. ინდივიდუალური დამცავები

მე-4(4)(e) მუხლი გამოიყენება კონკრეტულად მაშინ, როდესაც მოქმედების ბუნების გათვალისწინებით, დასაქმებული ისარგებლებს სხვა ობიექტებით, რომელთა ზედამხედველობა დამქირავებლის მიერ ხდება; მთელი სხეულის ვიბრაცია ამ ობიექტებზე უნდა შემცირდეს მათი მიზნების და გამოყენების პირობების შესაბამის დონემდე, გარდა ფორსმაჟორული შემთხვევებისა.

ევროპარლამენტისა და საბჭოს ერთობლივი განცხადება

ევროპარლამენტი და საბჭო განმეორებით ადასტურებენ თავიანთ მზადყოფნას, გააგრძელონ კომისიის წინადადების შესწავლა სხვა დანარჩენი ფიზიკური ფაქტორების (სმენადი აკუსტიკური ველები, ელექტრო ან მაგნიტური ველები ან მათი კომბინაციები) შესახებ. თუმცა, სხვა დანარჩენ ფიზიკურ ფაქტორებთან დაკავშირებული ტექნიკური სიძნელეების გათვალისწინებით, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ვიბრაციებს. თუმცა, ევროპარლამენტი და საბჭო აღიარებენ, რომ აუცილებელია კომისიის წინანადებაში აღნიშნული სხვა დანარჩენი ფიზიკური ფაქტორების შესახებ დირექტივის შეძლებისდაგვარად სწრაფად მიღება


1 ოფიციალური ბიულეტენი, C 77, 18.03.1993, გვ. 12; ოფიციალური ბიულეტენი, C 230, 19.08.1994, გვ. 3;

2 ოფიციალური ბიულეტენი, C 249, 13.03.1993, გვ. 28;

3 ევროპარლამენტის 1994 წლის 20 აპრილის დასკვნა (ოფიციალური ბიულეტენი, C 128, 09.05.1994, გვ. 146), საბჭოს 2001 წლის 25 ივნისის ერთიანი დასკვნა (ოფიციალური ბიულეტენი, C 301 E, 26.10.2001, გვ. 1) და ევროპარლამენტის 2001 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ჯერ არ გამოქვეყნებულა ოფიციალურ ბიულეტენში). ევროპარლამენტის 2002 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება და საბჭოს 2002 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება;

4 ოფიციალური ბიულეტენი, C 260, 15.10.1990, გვ. 167;

5 ოფიციალური ბიულეტენი, L 183, 29. 06.1989, გვ. 1;

6 ოფიციალური ბიულეტენი, L 184, 17.07.1999, გვ. 23.