საბჭოს 1989 წლის 30 ნოემბრის დირექტივა (89/654/EEC) სამუშაო ადგილისთვის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ (პირველი ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე-16(1) მუხლის მნიშვნელობით)

საბჭოს 1989 წლის 30 ნოემბრის დირექტივა (89/654/EEC) სამუშაო ადგილისთვის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ (პირველი ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე-16(1) მუხლის მნიშვნელობით)
დოკუმენტის ნომერი 89/654/EEC
დოკუმენტის მიმღები ევროპის კავშირის საბჭო
მიღების თარიღი 30/11/1989
დოკუმენტის ტიპი დირექტივები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2017
სარეგისტრაციო კოდი
89/654/EEC
30/11/1989
ვებგვერდი, 29/03/2017
საბჭოს 1989 წლის 30 ნოემბრის დირექტივა (89/654/EEC) სამუშაო ადგილისთვის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ (პირველი ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე-16(1) მუხლის მნიშვნელობით)
ევროპის კავშირის საბჭო

ევროპის გაერთიანებების საბჭოს 1989 წლის 30 ნოემბრის დირექტივა (89/654/EEC)

სამუშაო ადგილისთვის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ (პირველი ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე-16(1) მუხლის მნიშვნელობით)

 

ევროპის გაერთიანებების საბჭომ,

ევროპის ეკონომიკური გაერთიანების ხელშეკრულების, კონკრეტულად კი მისი მე-118a მუხლის გათვალისწინებით,

კომისიის წინადადებს1 გათვალისწინებით, რომელიც წარდგენილი იყო საკონსულტაციო კომისიის მიერ სამუშაო გარემოს უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანდაცვის შესახებ საკონსულტაციო კომიტეტთან კონსულტაციის შემდეგ,

ევროპარლამენტთან თანამშრომლობით2,

ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოსაზრების3 გათვალისწინებით,

ვინაიდან ხელშეკრულების მე-118a მუხლი განსაზღვრავს, რომ საბჭომ, დირექტივების გზით, უნდა მიიღოს გაუმჯობესების, განსაკუთრებით სამუშაო გარემოსთან დაკავშირებით, ხელშეწყობისთვის საჭირო მინიმალური მოთხოვნები დასაქმებული პირების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის უფრო მაღალი დონის უზრუნველსაყოფად;

ვინაიდან ზემოაღნიშნული მუხლის პირობების თანახმად, ამ დირექტივების მეშვეობით თავიდან უნდა იქნეს აცილებული იმ ადმინისტრაციული, ფინანსური და სამართლებრივი შეზღუდვების დაწესება იმ ფორმით, რომ ხელი შეუშალოს მცირე და საშუალო საწარმოების შექმნასა და განვითარებას;

ვინაიდან კომისიის მიერ სამუშაო გარემოს უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის პროგრამის4 შესახებ ინფორმირება ითვალისწინებს ისეთი დირექტივის მიღებას, რომლის მიზანია სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის უზრუნველყოფა;

ვინაიდან საბჭომ, 1987 წლის 21 დეკემბერს მიღებულ რეზოლუციაში სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანდაცვის შესახებ5 ყურადღება გაამახვილა კომისიის განზრახვაზე, საბჭოს უახლოეს მომავალში წარუდგინოს სამუშაო ადგილის მოწყობასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნები;

ვინაიდან სამუშაო ადგილთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის გაუმჯობესებული სტანდარტის უზრუნველსაყოფად დადგენილი მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება უმნიშვნელოვანესია დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის უზრუნველყოფისთვის;

ვინაიდან წინამდებარე დირექტივა არის ინდივიდუალური დირექტივა სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის გაუმჯობესების სტიმულირებისთვის ზომების მიღების შესახებ საბჭოს 1989 წლის 12 ივნისის დირექტივის 89/391/EEC6 მე-16 მუხლის მნიშვნელობით; ვინაიდან ამ დირექტივის დებულებები, შესაბამისად, სავსებით მისაღებია სამუშაო ადგილის მოსაწყობად, წინამდებარე დირექტივაში არსებული უფრო მკაცრი ან/და კონკრეტული დებულებების შეუზღუდავად;

ვინაიდან წინამდებარე დირექტივა წარმოადგენს შიდა ბაზრის სოციალური მიმართულების შექმნაში შეტანილ პრაქტიკულ წვლილს;

ვინაიდან გადაწყვეტილების 74/325/EEC7 თანახმად, რომელშიც ბოლო შესწორება შევიდა მიერთების შესახებ 1985 წლის აქტით, სამუშაო ადგილთან დაკავშრებული უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანდაცვის შესახებ საკონსულტაციო კომიტეტთან კომისიამ გაიარა კონსულტაცია ამ სფეროში წინადადების მომზადებასთან დაკავშირებით,

მიიღო წინამდებარე დირექტივა:

 

ქვეთავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1

საგანი

1. წინამდებარე დირექტივა, რომელიც არის პირველი ინდივიდუალური დირექტივა, დირექტივის 89/391/EEC მე-16(1) მუხლის მნიშვნელობით, ადგენს სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის მინიმალურ მოთხოვნებს, როგორც ეს განსაზღვრული მე-2 მუხლში.

2. წინამდებარე დირექტივა არ ვრცელდება:

(a) იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც გამოიყენება საწარმოსა ან/და დაწესებულების ფარგლებს გარეთ, ან სატრანსპორტო საშუალებების შიგნით გამოყენებულ სამუშაო ადგილებზე;

(b) დროებით ან მოძრავ სამუშაო უბნებზე;

(c) მოპოვებითი მრეწველობის დარგებზე;

(d) სათევზაო ნავებზე;

(e) მინდვრებზე, ტყეებსა და მიწის სხვა ნაკვეთზე, რომელიც შეადგენს სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო საწარმოს ნაწილს, მაგრამ მდებარეობს საწარმოს შენობებისგან მოშორებით;

3. დირექტივის 89/391/EEC დებულებები სრულად ვრცელდება პირველ აბზაცში აღნიშნულ მთლიან სფეროზე, წინამდებარე დირექტივაში არსებული უფრო მკაცრი ან/და განსაკუთრებული დებულებების შეუზღუდავად.

მუხლი 2

განმარტება

წინამდებარე დირექტივაში ,,სამუშაო ადგილი“ გულისხმობს ადგილს, რომელიც გამიზნულია საწარმოს ან/და საწარმოს შენობებში ან იმ საწარმოს ან/და დაწესებულების ფართის ნებისმიერ სხვა ადგილზე განათავსოს საწარმოო სადგურები, რომელზე წვდომაც აქვს მომუშავეს თავისი დასაქმების მთელ პერიოდში.

 

ქვეთავი II

დამსაქმებლების ვალდებულებები

მუხლი 3

პირველად გამოყენებული სამუშაო ადგილები

1992 წლის 31 დეკემბრის შემდეგ პირველად გამოყენებული სამუშაო ადგილები უნდა აკმაყოფილებდნენ დანართში I დადგენილ უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის მინიმალურ მოთხოვნებს.

მუხლი 4

სარგებლობაში მყოფი სამუშაო ადგილები

1993 წლის 1 იანვრამდე არსებული სარგებლობაში მყოფი სამუშაო ადგილები უნდა აკმაყოფილებდნენ დანართით II დადგენილ უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის მინიმალურ მოთხოვნებს აღნიშნული თარიღიდან, სულ მცირე, სამი წლის განმავლობაში.

თუმცა, პორტუგალიის რესპუბლიკის შემთხვევაში, 1993 წლის 1 იანვრამდე გამოყენებული სამუშაო ადგილები, ამ თარიღიდან, სულ მცირე, ოთხი წლის განმავლობაში უნდა აკმაყოფილებდნენ დანართით II დადგენილ უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის მინიმალურ მოთხოვნებს.

მუხლი 5

ცვლილებები სამუშაო ადგილებში

სამუშაო ადგილებში ცვლილებების, მათი გაფართოების ან/და გადაკეთების შემთხვევაში 1992 წლის 31 დეკემბრის შემდეგ, დამსაქმებელი ვალდებულია მიიღოს ზომები ამ ცვლილებების, გაფართოებისა ან/და გარდაქმნის დანართით I დადგენილ შესაბამის მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყფგის მიზნით.

მუხლი 6

ზოგადი მოთხოვნები

დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დასაცავად დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ:

– ავარიული გასასვლელებისკენ მიმავალი გზები და თავად გასასვლელი ყოველთვის თავისუფალი იყოს;

– სამუშაო ადგილის, აღჭურვილობისა და მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება, კერძოდ, დანართებში I და II აღნიშნულებისა, ხორციელდებოდეს და ნებისმიერი აღმოჩენილი ხარვეზის, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს დასაქმებულთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე, აღმოფხვრა ხდებოდეს შეძლებისდაგვარად სწრაფად,

– სამუშაო ადგილი, აღჭურვილობა და მოწყობილობა, კერძოდ, I დანართის მე-6 ქვეპუნქტით და II დანართის მე-6 ქვეპუნქტით დადგენილი, რეგულარულად იწმინდებოდეს ჰიგიენის შესაბამისი მოთხოვნის შესაბამისად;

– ხდებოდეს უსაფრთხოების მოწყობილობისა და აღჭურვილობის, რომელიც გამოიყენება საფრთხეების აღსაკვეთად ან აღმოსაფხვრელად, კერძოდ, დანართებში I და II აღნიშნული, რეგულარულად შეკეთება და შემოწმება.

მუხლი 7

დასაქმებულთა ინფორმირება

დირექტივის 89/391/EEC მე-10 მუხლის შეუზღუდავად, დასაქმებულები ან/და მათი წარმომადგენლები ინფორმირებულები უნდა იყვნენ სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებასა და ჯანდაცვასთან დაკავშირებით გასატარებელი ყველა ღონისძიების შესახებ.

მუხლი 8

დასაქმებულთა კონსულტირება და მონაწილეობა

დასაქმებულთა ან/და მათი წარმომადგენლების წინამდებარე დირექტივით და მისი დანართებით გათვალისწინებულ საკითხებზე კონსულტირება და მათი მონაწილეობა უნდა განხორციელდეს დირექტივის 89/391/EEC მე-11 მუხლის შესაბამისად.

 

ქვეთავი III

დამატებითი დებულებები

მუხლი 9

ცვლილებები დანართებში

დანართებში მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, რომლებიც გამოწვეულია:

– სამუშაო ადგილების ნაწილების დაპროექტების, წარმოების ან აგების ტექნიკური ჰარმონიზაციისა და სტანდარტიზაციის შესახებ დირექტივების მიღებით, ან/და;

– ტექნიკური პროგრესით, ცვლილებებით საერთაშორისო რეგულაციებსა ან სპეციფიკაციებში და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული ცოდნით,

მიღებულ უნდა იქნეს დირექტივის 89/391/EEC მე-17 მუხლში დადგენილი პროცედურის მიხედვით.

მუხლი 10

დასკვნითი დებულებები

1. წევრმა სახელმწიფოებმა წინამდებარე დირექტივასთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები ძალაში უნდა შეიყვანონ 1992 წლის 31 დეკემბრისთვის. მათ ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ კომისიას.

თუმცა, საბერძნეთის რესპუბლიკისთვის ეს თარიღი იქნება 1994 წლის 31 დეკემბერი.

2. წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას უნდა გადაუგზავნონ მათ მიერ იმ სფეროში უკვე მიღებული ან მისაღები შიდა სახელმწიფოებრივი სამართლის ნორმების ტექსტები, რომელსაც წინამდებარე დირექტივა არეგულირებს.

3. წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა წარუდგინოს ანგარიში წინამდებარე დირექტივის დებულებების პრაქტიკული განხორციელების შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს დასაქმებულთა და მუშათა მოსაზრებები.

კომისიამ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ევროპარლამენტს, საბჭოს, ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტს და სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანდაცვის საკონსულტაციო საბჭოს.

4. კომისიამ ევროპარლამენტს, საბჭოსა და ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტს პერიოდულად უნდა წარუდგინოს მოხსენება წინამდებარე დირექტივის განხორციელების შესახებ, პირველი-მესამე აბზაცების გათვალისწინებით.

მუხლი 11

ეს დირექტივა ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე.

შედგენილია ბრიუსელში, 2009 წლის 30 ნოემბერს.

ევროსაბჭოს სახელით

თავმჯდომარე

. . სუასონი

 

დანართი I

პირველად გამოყენებულ სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის მინიმალური მოთხოვნები, წინამდებარე დირექტივის მე-3 მუხლი მიხედვით

1. წინასწარი ჩანაწერი

წინამდებრე დანართში მოცემული ვალდებულებები გამოიყენება მაშინ, როცა ეს საჭიროა სამუშაო ადგილიდან, საქმიანობიდან, ვითარებიდან ან საშიშროებიდან გამომდინარე.

2. სტაბილურობა და სიმყარე

შენობაში განთავსებული სამუშაო ადგილის ნაგებობას უნდა ჰქონდეს მის გამოყენებასთან შესაბამისი სიმყარე და სტრუქტურა.

3. ელექტრომოწყობილობები

ელექტრომოწყობილობები უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს ისე, რომ არ წარმოიქმნას ხანძრის ან აფეთქების საშიშროება; პირები უნდა იყვნენ სათანადოდ დაცულები იმ უბედური შემთხვევების რისკისგან, რომლებიც პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტაქტით არის გამოწვეული.

მასალის და დამცავი მოწყობილობის დაპროექტება, დამზადება და არჩევა უნდა მოხდეს ძაბვის, გარე პირობების და იმ პირთა კომპეტენტურობის შესაბამისად, რომელთაც აქვთ წვდომა მოწყობილობის ნაწილებთან.

4. სათადარიგო და ავარიული გასასვლელები

4.1 სათადარიგო და ავარიული გასასვლელები უნდა იყოს თავისუფალი და მათი მეშვეობით შესაძლებელი უნდა იყოს რაც შეიძლება პირდაპირ გასვლა ღია ან უსაფრთხო ადგილზე.

4.2 საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს დასაქმებულთა ყველა სამუშაო სადგურიდან შეძლებისდაგვარად სწრაფად და უსაფრთხოდ ევაკუირება.

4.3 სათადარიგო და ავარიული გასასვლელების რაოდენობა, განაწილება და სიდიდე დამოკიდებულია სამუშაო ადგილების გამოყენებაზე, აღჭურვილობასა და სიდიდეზე და იქ მყოფ პირთა მაქსიმალურ რაოდენობაზე.

4.4 სათადარიგო კარები გარეთ უნდა იღებოდეს.

გასაწევი ან მბრუნავი კარების არსებობა დაუშვებელია, თუ ისინი კონკრეტულად ავარიული გასასვლელისთვის არიან განკუთვნილნი.

სათადარიგო კარები არ უნდა იყოს ისე დაკეტილი ან დამაგრებული, რომ ნებისმიერ პირს ადვილად და დაუყოვნებლივ არ შეეძლოს მათი გაღება ავარიული შემთხვევების დროს.

4.5 კონკრეტული სათადარიგო გზები და გასასვლელები უნდა აღინიშნოს ნიშნებით, ეროვნული რეგულაციების შესაბამისად, დირექტივის 77/576/EEC8 კანონმდებლობაში გადატანით.

ეს ნიშნები უნდა განთავსდეს სათანადო ადგილებში ისე, რომ ისინი იქ საიმედოდ იყვნენ დაფიქსირებულები.

4.6 სათადარიგო კარები არ უნდა ჩაიკეტოს.

სათადარიგო გზები და გასასვლელები, აგრეთვე მათკენ მიმავალი სატრანსპორტო გზები და კარები უნდა იყოს თავისუფალი ყოველგვარი წინაღობისგან ისე, რომ მათი გამოყენება ნებისმიერ დროს შეფერხების გარეშე იყოს შესაძლებელი.

4.7 სათადარიგო გზები და გასასვლელები, რომელნიც საჭიროებენ განათებას უნდა აღიჭურვოს შესაბამისი სიძლიერის სათადარიგო განათებით ისე, რომ მათი გამოყენება შესაძლებელი იყოს საერთო განათების გათიშვისას.

5. ხანძრის აღმოჩენა და ჩაქრობა

5.1 გამოსაყენებელი შენობის მოცულობაზე, მასში განთავსებულ აღჭურვილობაზე, ფიზიკურ და ქიმიურ შემადგენლობის არსებობასა და იქ მყოფ პოტენციურ პირთა მაქსიმალურ რაოდენობაზე დაყდნობით, სამუშაო ადგილი უნდა იყოს აღჭურვილი სათანადო ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობით და საჭიროებისამებრ, ხანძრის დეტექტორებითა და განგაშის სიგნალიზაციის სისტემებით.

5.2 არაავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა ადვილად ხელმისაწვდომი და გამოსაყენებელი უნდა იყოს.

ამ აღჭურვილობაზე აღნიშნული უნდა იყოს ნიშნები, შიდასახელმწიფოებრივი რეგულაციების შესაბამისად, დირექტივის 77/576/EEC კანონმდებლობაში გადატანით.

ეს ნიშნები უნდა განთავსდეს სათანადო ადგილებში ისე, რომ ისინი იქ საიმედოდ იყვნენ დაფიქსირებულები.

6. დახურული სამუშაო ადგილების ვენტილაცია

6.1 შემოზღუდულ სამუშაო ადგილებში საკმარისი რაოდენობით სუფთა ჰაერის არსებობისთვის მიღებულ უნდა იქნეს სათანადო ზომები, გამოყენებული სამუშაო მეთოდების და დასაქმებულებზე დაკისრებული ფიზიკური მოთხოვნების გათვალისწინებით.

ხელოვნური ვენტილაციის გამოყენების შემთხვევაში მისი ექსპლუატაცია უნდა მოხდეს გამართულ სამუშაო რეჟიმში.

ნებისმიერი ხარვეზი უნდა დაფიქსირდეს საკონტროლო სისტემის მიერ, დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.

6.2 ჰაერის კონდიცირებისა ან მექანიკური ვენტილაციის სისტემების გამოყენების შემთხვევაში, მათი გამოყენება უნდა მოხდეს ისე, რომ დასაქმებულები არ აღმოჩდნენ დისკომფორტის გამომწვევი ორპირი ქარის პირობებში.

დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს იმ ნებისმიერი სახის ნალექისა თუ ჭუჭყის მოცილება, რომელსაც ჰაერის დაბინძურებით შეუძლია მყისიერი საფრთხე შეუქმნას დასაქმებულთა ჯანმრთელობას.

7. ოთახის ტემპერატურა

7.1 სამუშაო საათებში, სამუშაო ადგილზე განთავსებულ ოთახებში ტემპერატურა უნდა იყოს ადამიანებისთვის შესაბამისი, გამოყენებული სამუშაო მეთოდების და დასაქმებულთათვის წაყენებული ფიზიკური მოთხოვნების გათვალისწინებით.

7.2 მოსასვენებელ ადგილებში, მორიგე პერსონალის ოთახებში, სანიტარიულ ობიექტებში, სასადილოებსა და პირველადი დახმარების ოთახებში არსებული ტემპერატურა უნდა შეესაბამებოდეს ამ ადგილების კონკრეტულ მიზანს.

7.3 ფანჯრებში, მინის სახურავში და მინის ტიხრები არ უნდა ატარებდნენ ჭარბი რაოდენობით მზის სინათლეს, სამუშაოს ხასიათიდან და სამუშაო ადგილიდან გამომდინარე.

8. ოთახის ბუნებრივი და ხელოვნური განათება

8.1 სამუშაო ადგილები დღის შუქით შეძლებისდაგვარად საკმარისად უნდა იყოს განათებული და აღჭურვილიმომუშავეთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი ხელოვნური განათებით.

8.2 სამუშაო ადგილებისა და დერეფნების შემცველ ფართებში დამონტაჟებული განათების სისტემები ის მონტაჟი უნდა განხორციელდეს ისე, რომ ისინი ავარიის საფრთხეს არ უქმნიდნენ მომუშავეებს.

8.3 იმ სამუშაო ადგილებში, სადაც მომუშავეებისთვის არსებობს განსაკუთრებული რისკები ხელოვნური განათების სისტემის გათიშვის შემთხვევაში, უნდა დამონტაჟდეს სათანადო სიძლიერის სათადარიგო განათება.

9. ოთახების იატაკები, კედლები, ჭერი და სახურავები

9.1 სამუშაო ადგილების იატაკებში არ უნდა იყოს სახიფათო ამობურცული ადგილები, ღრმულები ან დაქანებული ადგილები და ისინი უნდა იყოს სათანადოდ დამაგრებული, მყარი და არა პრიალა ზედაპირის მქონე.

სამუშაო სადგურების შემცველი სამუშაო ადგილები უნდა იყოს სათანადოდ იზოლირებული, სამუშაოს ხასიათისა და დასაქმებულების ფიზიკური აქტივობის გათვალისწინებით.

9.2 ოთახების იატაკების, კედლებისა და ჭერის ზედაპირები უნდა იყოს ისეთი, რომ შესაძლებელი იყოს მათი გაწმენდა ან განახლება ჰიგიენის შესაბამისი სტანდარტის თანახმად.

9.3 გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე კედლები, კერძოდ, მთლიანი შუშის ტიხრები, სამუშაო ადგილის ოთახში ან მის სიახლოვეს, აგრეთვე სამოძრაო გზაზე, უნდა იყოს მკაფიოდ აღნიშნული და დამზადებული უსაფრთხო მასალისგან, ან უნდა მოხდეს მისი ამ ადგილებისა ან სამოძრაო გზებისგან შემოზღუდვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული დასაქმებულების შეხება კედლებთან ან დაზიანება კედლების ჩამონგრების შემთხვევაში.

9.4 არასაკმარისი სიმძლავრის მასალებისგან დამზადებულ სახურავზე ასვლა უნდა აიკრძალოს მანამ, სანამ არ მოხდება ისეთი აღჭურვილობით უზრუნველყოფა, რომელიც სამუშაოს უსაფრთხოდ შესრულების შესაძლებლობას იძლევა.

10. ფანჯრები და ჭერის სარკმელი

10.1 მომუშავეებს უნდა შეეძლოთ ფანჯრების, ჭერის სარკმლების და ვენტილაციის სისტემების გაღება, დახურვა, დარეგულირება ან უსაფრთხოდ დაცვა. გაღებულ მდგომარეობაში ისინი ისეთ პოზიციაში უნდა იყვნენ დაფიქსირებული, რომ მომუშავეებს საფრთხე არ შეუქმნან.

10.2 ფანჯრებისა და სარკმლების პროექტი უნდა შეესაბამებოდეს აღჭურვილობას ან უნდა იყოს სხვამხრივ მორგებული მოწყობილობებთან, რომ შესაძლებელი იყოს მათი გაწმენდა მუშაობის პროცესში ან სამუშაო ადგილას და შენობაში მყოფი დასაქმებულებისთვის ზიანის მიუყენებლად.

11. კარები და შესასვლელები

11.1 კარებისა და შესასვლელების პოზიცია, რაოდენობა და ზომები და მათ დასამზადებლად გამოყენებული მასალა უნდა განისაზღვროს ოთახების ან ფართების ბუნების და გამოყენების გათვალისწინებით.

11.2 გამჭვირვალე კარებზე უნდა გაკეთებული იყოს სათანადო, ადვილად შესამჩნევი აღნიშვნა.

11.3 მოძრავი კარები უნდა იყოს გამჭვირვალე ან ჰქონდეს გამჭვირვალე პანელები.

11.4 თუ კარების და შესასვლელების გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე ზედაპირები საიმედო მასალისგან არ არის დამზადებული და თუ არსებობს მათი ჩამომსხვრევის შედეგად დასაქმებულების დაზიანების საფრთხე, ეს ზედაპირები უნდა იყოს დაცული გატეხვისგან.

11.5 გასაწევი კარები უნდა აღჭურვილი იყოს დამცავი მოწყობილობით მათი ამოვარდნის და დაცემის თავიდან ასაცილებლად.

11.6 კარები და შესასვლელები, რომლებიც იღება ზევით, უნდა აღიჭურვოს იყოს უსაფრთხოდ დამონტაჟებული, რათა არ მოხდეს მათი უკან ვარდნა.

11.7 საავარიო გასასვლელების კარებზე უნდა გაკეთდეს შესაბამისი აღნიშვნა.

ნებისმიერ დროს შესაძლებელი უნდა იყოს მათი შიგნიდან გაღება, განსაკუთრებული დახმარების გარეშე.

შესაძლებელი უნდა იყოს კარების გაღება მაშინ, როდესაც სამუშაო ადგილები დაკავებულია.

11.8 კარები ფეხით მოსიარულეთათვის უნდა მდებარეობდეს ძირითადად ავტომობილის გადაადგილებისთვის განკუთვნილი შესასვლელის უშუალო სიახლოდეს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ფეხით მოსიარულეთათვის ამ შესასვლელში გავლა უსაფრთხოა; ამ კარებზე მკაფიო აღნიშვნა უნდა იყოს დატანილი და ისინი წინაღობებისგან მუდმივად თავისუფალი უნდა იყოს.

11.9 მექანიკური კარები და შესასვლელები უნდა ფუნქციონირებდეს ისე, რომ დამსაქმებულებს არ უქმნიდეს რაიმე საფრთხეს.

ისინი უნდა აღიჭურვოს ადვილად იდენტიფიცირებადი და მისადგომი საავარიო ჩამკეტი მექანიზმით, და თუ ისინი ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში ავტომატურად არ იღება, შესაძლებელი უნდა იყოს მათი ხელით გაღება.

12. სამოძრაო გზები, სახიფათო ადგილები

12.1 სამოძრაო გზების, კიბის, მისადგმელი კიბის და ტვირთის დასადები პლატფორმისა და პანდუსის ჩათვლით, უნდა განთავსდეს და მათი ზომა ისე უნდა დარეგულირდეს, რომ ფეხით მოსიარულეთათვის ან მანქანებისთვის უზრუნველყოს ადვილი, უსაფრთხო და სათანადო წვდომა ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნან ამ სამოძრაო გზების მახლობლად მომუშავე დასაქმებულებს.

12.2 სამგზავრო ტრანსპორტისა ან/და სატვირთო ტრანსპორტის გზების სიდიდე უნდა განისაზღვროს პოტენციური მომხმარებლების რაოდენობისა და სამუშაოს სახეობიდან გამომდინარე.

თუ სატრანსპორტო საშუალებები გამოიყენება სამოძრაო გზებზე, ფეხით მოსიარულეთათვის უნდა დაცული იქნეს უსაფრთხო დისტანცია.

12.3 უსაფრთხოების საკმარისი დისტანცია უნდა იყოს დაცული სამგზავრო ტრანსპორტის გზებსა და კარებს, შესასვლელს, ტროტუარებს, დერეფნებსა და კიბეს შორის.

12.4 სადაც ამას ოთახის გამოყენება და აღჭურვილობა მოითხოვს დასაქმებულთა უსაფრთხოებისთვის, სამოძრაო გზები მკაფიოდ უნდა იყოს აღნიშნული.

12.5 თუ სამუშაო ადგილები მოიცავს ისეთ სახიფათო ადგილებს, სადაც, სამუშაოს სახეობიდან გამომდინარე, არსებობს მომუშავეთა ან საგნების ჩამოვარდნის საშიშროება, ეს ადგილები შეძლებისდაგვარად უნდა აღიჭურვოს მოწყობილობით, რომელიც ნებართვის არმქონე პირებს ამ ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობას არ მისცემს.

სათანადო ზომები უნდა იქნეს მიღებული იმ პირების დასაცავად, რომლებსაც აქვთ სახიფათო ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა.

სახიფათო ტერიტორია უნდა იყოს სათანადოდ აღნიშნული.

13. კონკრეტული ზომები ესკალატორისა და ტრაველატორისთვის (მოძრავი ტროტუარისთვის)

ესკალატორებისა და ტრაველატორების ფუნქციონირება უსაფრთხო უნდა იყოს.

ისინი უნდა აღიჭურვოს უსაფრთხოების ნებისმიერი აუცილებელი მოწყობილობით.

ისინი აღჭურვილი უნდა იყოს ადვილად იდენტიფიცირებადი და მისადგომი, საავარიო გამომრთველი მოწყობილობით.

14. დასატვირთი პლატფორმა და პანდუსი

14.1 ტვირთის დასადები პლატფორმები და პანდუსების ზომები უნდა შეესაბამებოდეს გადასაზიდი ტვირთის მოცულობას.

14.2 ტვირთის დასადებ პლატფორმას ერთი გასასვლელი მაინც უნდა ჰქონდეს.

სადაც ეს ტექნიკურად შესაძლებელია, გარკვეული სიგრძის მქონე პლატფორმებს გასასვლელი უნდა ჰქონდეთ ორივე ბოლოში.

14.3 დასატვირთი პანდუსი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად დაცული, რათა მუშები არ გადმოვარდნენ.

15. ოთახების მოცულობა და საჰაერო სივრცე ოთახებში, ავტომატიზებულ სამუშაო ადგილას მოძრაობის თავისუფლება

15.1 სამუშაო ოთახებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი ფართი, სიმაღლე და საჰაერო სივრცე, რათა დასაქმებულებმა შეძლონ თავისი სამუშაოს შესრულება მათი უსაფრთხოების, ჯანმრთელობისთვის ან კეთილდღეობისთვის ზიანის მიუყენებლად.

15.2 სამუშაო სადგურში თავისუფალი, დაუკავებელი ფართის სიდიდე უნდა დაანგარიშდეს ისე, რომ დასაქმებულებს ჰქონდეთ თავისი სამუშაოს შესასრულებლად გადაადგილების საკმარისი თავისუფლება.

თუ, სამუშაო ადგილთან დაკავშირებული მიზეზით ეს შეუძლებელია, დასაქმებულს გადაადგილების საკმარისი თავისუფლება მისი სამუშაო სადგურის სიახლოვეს უნდა მიეცეს.

16. მოსასვენებელი ოთახები

16.1 სადაც დასაქმებულების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ამას მოითხოვს, კერძოდ, ჩატარებული სამუშაოს სახეობიდან ან გარკვეულ რაოდენობაზე მეტი დასაქმებულის იქ ყოფნის გამო, დასაქმებულები უზრუნველყოფილნი უნდა იქნან ადვილად ხელმისაწვდომი მოსასვენებელი ოთახებით.

ეს დებულება არ ვრცელდება დასაქმებულებზე, რომლებიც მუშაობენ ოფისებში ან მსგავს სამუშაო ოთახებში, სადაც მათ შესვენების დროს ანალოგიური დასვენების შესაძლებლობააქვთ.

16.2 მოსასვენებელი ოთახები უნდა იყოს საკმარისი სიდიდის და გაწყობილი მაგიდების და საზურგიანი სკამების სათანადო რაოდენობით, დასაქმებულთა რაოდენობის შესაბამისად.

16.3 მოსასვენებელ ოთახებში სათანადო ზომები უნდა გატარდეს არამწეველთა თამბაქოს სუნისგან გამოწვეული დისკომფორტისგან დასაცავად.

16.4 თუ სამუშაო საათები რეგულარულად და ხშირად წყდება და მოსასვენებელი ოთახი არ არსებობს, უნდა გამოიყოს სხვა ოთახები, სადაც დასაქმებულები შეძლებენ ამ შუალედებში გაჩერებას, თუ ეს საჭირო გახდა მუშების უსაფრთხოებისა ან ჯანმრთელობის დასაცავად.

სათანადო ზომები უნდა გატარდეს არამწეველთა თამბაქოს სუნისგან გამოწვეული დისკომფორტისგან დასაცავად.

17. ორსული ქალები და მეძუძური დედები

ორსულ ქალებსა და მეძუძურ დედებს უნდა ჰქონდეთ სათანადო პირობებში დასასვენებლად წამოწოლის შესაძლებლობა.

18. სანიტარიული აღჭურვილობა

18.1. გამოსაცვლელი ოთახები და შესანახი კამერები

18.1.1 დასაქმებულთათვის უნდა არსებობდეს სათანადო გამოსაცვლელი ოთახები, თუ მათ სპეციალური უნიფორმა უნდა ატარონ და თუ ისინი, ჯანმრთელობის ან პირადი მიზეზით, სხვა ოთახში ვერ ახერხებენ გამოცვლას.

გამოსაცვლელი ოთახი უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი, საკმარისი მოცულობის და მასში უნდა იყოს დასაჯდომი ადგილები.

18.1.2 გამოსაცვლელი ოთახი უნდა იყოს საკმარისად დიდი და მასში უნდა იდგეს შესაბამისი ავეჯი, რათა თითოეულ დასაქმებულს შეეძლოს თავისი ნივთების ჩაკეტვა სამუშაო საათების განმავლობაში.

ვითარებიდან გამომდინარე (მაგ.: სახიფათო ნივთიერება, ნესტი, ჭუჭყი), სამუშაო ტანსაცმლის კარადა უნდა გამოეყოს ჩვეულებრივი ტანსაცმლის კარადას.

18.1.3 მამაკაცებისა და ქალებისთვის უნდა გამოიყოს ცალ-ცალკე გასახდელი ოთახები ან უნდა არსებობდეს ამ ოთახების განცალკევებულად გამოყენების შესაძლებლობა.

18.1.4 თუ გასახდელი ოთახი არ არის აუცილებელი 18.1.1 ქვეაბზაცის თანახმად, თითოეულ დასაქმებულს უნდა გამოეყოს შესაბამისი ადგილი თავისი ნივთების შესანახად.

18.2. შხაპები და პირსაბანები

18.2.1 დასაქმებულები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ შესაბამისი და მოსახერხებელი შხაპებით, თუ ამას სამუშაოს ხასიათი ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხი მოითხოვს.

მამაკაცებისა და ქალებისთვის უნდა გამოიყოს ცალ-ცალკე გასახდელი ოთახები ან უნდა არსებობდეს ამ ოთახების განცალკევებულად გამოყენების შესაძლებლობა.

18.2.2 საშხაპეები უნდა იყოს საკმარისად დიდი, რათა თითოეულ დასაქმებულს მიეცეს ჰიგიენის წესების დაცვის სათანადო პირობებში დაუბრკოლებლად დაბანის შესაძლებლობა.

საშხაპეებში უნდა მოდიოდეს ცხელი და ცივი წყალი.

18.2.3 სადაც საშხაპეები არ არის აუცილებელი 18.2.1 აბზაცის პირველი ქვეაბზაცის მიხედვით, სამუშაო სადგურების და გამოსაცვლელი ოთახების სიახლოვეს უნდა დამონტაჟდეს სათანადო და მოსახერხებელი პირსაბანები მომდინარე წყლით.

ეს პირსაბანები მამაკაცებისა და ქალებისთვის უნდა იყოს განცალკევებული ან უნდა გამოიყენებოდეს ცალ-ცალკე, პირადი მოსაზრებიდან გამომდინარე.

18.2.4 იქ, სადაც საშხაპეები ან პირსაბანები გასახდელი ოთახისგან გამოყოფილია, მათ შორის გადაადგილება ადვილად უნდა ხდებოდეს.

18.3. საპირფარეშო და პირსაბანები

სამუშაო სადგურების, მოსასვენებელი ოთახების, გასახდელების და საშხაპეებისა და პირსაბანის მიმდებარედ უნდა დამონტაჟდეს ცალკე მოწყობილობები საპირფარეშოებისა და პირსაბანების სათანადო რაოდენობით.

მამაკაცებისა და ქალებისთვის ცალ-ცალკე საპირფარეშო ან მათი ცალკეული გამოყენება უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

19. პირველადი დახმარების ოთახები

19.1 უნდა ფუნქციონირებდეს ერთი ან მეტი პირველადი დახმარების ოთახი, შენობის, საქმიანობის ტიპის და ავარიული შემთხვევების სიხშირიდან გამომდინარე.

19.2 პირველადი დახმარების ოთახი უნდა აღიჭურვოს პირველადი დახმარების მოწყობილობით და აღჭურვილობით და მათში საკაცეების შეტანა ადვილად შესაძლებელი უნდა იყოს.

ამ აღჭურვილობაზე დატანილ უნდა იქნეს ნიშნები, შიდა სახელმწიფოებრივი რეგულაციების შესაბამისად, დირექტივის 77/576/EEC კანონმდებლობაში გადატანის გზით.

19.3 ამასთან, პირველადი დახმარების აღჭურვილობა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერ ადგილას, სადაც ამას სამუშაო პირობები მოითხოვს.

ამ აღჭურვილობაზე დატანილი უნდა იყოს სათანადო აღნიშნვნა და ის ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

20. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დასაქმებულები

სამუშაო ადგილები ორგანიზებული უნდა იყოს, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დასაქმებულების გათვალისწინებით.

კერძოდ ეს დებულება გამოიყენება უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერ გამოყენებული ან დაკავებული კარების, გასასვლელი ადგილების, კიბეების, შხაპების, პირსაბანების, საპირფარეშოებისა და სამუშაო სადგურების მიმართ.

21. გარე სამუშაო ადგილები (კონკრეტული დებულებები)

21.1 სამუშაო სადგურები, სატრანსპორტო გზები და სხვა ფართები თუ დანადგარები, რომლებიც დასაქმებულების მიერ გამოიყენება მათი საქმიანობის პროცესში, უნდა იყოს იმგვარად ორგანიზებული, რომ ფეხით მოსიარულეებმა და მანქანებმა შეძლონ უსაფრთხოდ გადაადგილება.

მე-12, მე-13 და მე14 ქვეთავებები აგრეთვე ვრცელდება მთავარ სამოძრაო გზაზე საწარმოს ტერიტორიაზე (სამუშაო სადგურებამდე მიმავალი სამოძრაო გზები), იმ სამოძრაო გზებზე, რომლებიც გამოიყენება საწარმოს დანადგარების რეგულარული შეკეთებისა და ზედამხედველობის მიზნით, და ტვირთის დასადებ პლატფორმებზე.

მე-12 ქვეთავი აგრეთვე ვრცელდება გარე სამუშაო ადგილებზეც.

21.2 გარე სამუშაო ადგილები სათანადოდ განათებული უნდა იყოს ხელოვნური განათებით, თუ დღის შუქი არ არის საკმარისი.

21.3 როდესაც დასაქმებულები გარე სამუშაო სადგურებში მუშაობენ, ეს სამუშაო სადგურები შეძლებისდაგვარად ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ დასაქმებულები:

(a) დაცული იყვნენ მკაცრი ამინდის პირობებისა და აუცილებლობის შემთხვევაში, საგნების ვარდნისგან;

(b) არ უნდა მოხვდნენ საზიანო ხმაურის, სხვა ისეთი საზიანო გავლენის პირობებში, როგორიცაა, აირები, ორთქლი თუ მტვერი;

(c) მუშებს უნდა შეეძლოთ საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში სწრაფად დატოვონ სამუშაო ადგილი ან შესაძლებელი იყოს მათთვის სწრაფი დახმარების აღმოჩენა;

(d) დაცულნი იყვნენ მოცურებისგან ან დაცემისგან.

დანართი II

უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური პირობები სარგებლობაში მყოფ სამუშაო ადგილებში, წინამდებარე დირექტივის მე-4 მუხლის მიხედვით

1. წინასწარი ჩანაწერი

წინამდებრე დანართში მოცემული ვალდებულებები გამოიყენება მაშინ, როცა ეს საჭიროა სამუშაო ადგილიდან, საქმიანობიდან, ვითარებიდან ან საშიშროებიდან გამომდინარე.

2. სტაბილურობა და სიმყარე

შენობაში განთავსებულ სამუშაო ადგილებს უნდა გააჩნდეთ მათი გამოყენებისთვის საჭირო სიმყარე და სტრუქტურა.

3. ელექტრო მოწყობილობები

ელექტრო მოწყობილობები უნდა პროექტდეს და დამზადდეს ისე, რომ არ წარმოიქმნას ხანძრის ან აფეთქების საშიშროება; პირები უნდა იყვნენ სათანადოდ დაცული იმ უბედური შემთხვევების რისკისგან, რომლებიც პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტაქტით არის გამოწვეული.

ელექტრო მოწყობილობები და დამცავი მოწყობილობი უნდა შეესაბამებოდეს ძაბვას, გარე პირობებსა და იმ პირთა კომპეტენტურობას, რომელთაც აქვთ წვდომა მოწყობილობის ნაწილებთან.

4. სათადარიგო გზები და გასასვლელები

4.1 სათადარიგო გზები და გასასვლელები უნდა იყოს თავისუფალი და ისინი შეძლებისდაგვარად პირდაპირ უნდა მიემართებოდნენ ღია ან უსაფრთხო ადგილებისაკენ.

4.2 საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს დასაქმებულთა ყველა სამუშაო სადგურიდან შეძლებისდაგვარად სწრაფად და უსაფრთხოდ ევაკუირება.

4.3 უნდა არსებობოდეს საევაკუაციო გზების და სათადარიგო გასასვლელების საკმარისი რაოდენობა.

4.4 სათადარიგო გასასვლელი კარები უნდა იღებოდეს გარეთ.

გასაწევი ან მბრუნავი კარების არსებობა დაუშვებელია, თუ ისინი კონკრეტულად ავარიული გასასვლელისთვის არიან განკუთვნილნი.

სათადარიგო კარები არ უნდა იყოს დაკეტილი ან დამაგრებული ისე, რომ ნებისმიერ პირს ადვილად და დაუყოვნებლივ არ შეეძლოს მათი გაღება ავარიული შემთხვევების დროს.

4.5 კონკრეტული სათადარიგო გზები და გასასვლელები უნდა აღინიშნოს ნიშნებით, ეროვნული რეგულაციების შესაბამისად, დირექტივის 77/576/EEC კანონმდებლობაში გადატანით.

ეს ნიშნები უნდა განთავსდეს სათანადო ადგილებში ისე, რომ ისინი იქ საიმედოდ იყვნენ დაფიქსირებულები.

4.6 სათადარიგო კარები არ უნდა ჩაიკეტოს.

სათადარიგო გზები და გასასვლელები, აგრეთვე მათკენ მიმავალი სატრანსპორტო გზები და კარები უნდა იყოს თავისუფალი ყოველგვარი წინაღობისგან ისე, რომ მათი გამოყენება ნებისმიერ დროს შეფერხების გარეშე იყოს შესაძლებელი.

4.7 სათადარიგო გზები და გასასვლელები, რომლებიც საჭიროებენ განათებას, უნდა აღიჭურვოს შესაბამისი სიძლიერის სათადარიგო განათებით ისე, რომ მათი გამოყენება შესაძლებელი იყოს ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში.

5. ხანძრის აღმოჩენა და ჩაქრობა

5.1 შენობების სიდიდესა და გამოყენებაზე, მათში განთავსებულ აღჭურვილობაზე, იქ არსებული ნივთიერებების ფიზიკურ და ქიმიურ მახასიათებლებზე და იქ მყოფ პირთა შესაძლო რაოდენობაზე დაყდნობით, სამუშაო ადგილები უნდა აღიჭურვოს სათანადო ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობით და საჭიროებისამებრ, ხანძრის დეტექტორებითა და განგაშის სიგნალიზაციის სისტემებით.

5.2 არაავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა ადვილად ხელმისაწვდომი და გამოსაყენებელი უნდა იყოს.

ამ აღჭურვილობაზე აღნიშნული უნდა იყოს ნიშნები, შიდა სახელმწიფოებრივი რეგულაციების შესაბამისად, დირექტივის 77/576/EEC კანონმდებლობაში გადატანით.

ეს ნიშნები უნდა განთავსდეს სათანადო ადგილებში ისე, რომ ისინი იქ საიმედოდ იყოს დაფიქსირებულები.

6. დახურული სამუშაო ადგილების ვენტილაცია

შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმის დასადასტურებლად, რომ სამუშაო ადგილას საკმარისი სუფთა ჰაერია, სამუშაო მეთოდების და მუშებზე დაკისრებული ფიზიკური მოთხოვნების გათვალისწინებით.

ხელოვნური ვენტილაციის გამოყენების შემთხვევაში მისი ექსპლუატაცია უნდა მოხდეს გამართულ სამუშაო რეჟიმში.

ნებისმიერი ხარვეზი უნდა დაფიქსირდეს საკონტროლო სისტემის მიერ, დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.

7. ოთახის ტემპერატურა

7.1 სამუშაო საათებში, სამუშაო ადგილის ოთახებში ტემპერატურა უნდა იყოს ადამიანებისთვის ადეკვატური, სამუშაო მეთოდების და მისთვის საჭირო ადამინის ფიზიკური დატვირთვის გათვალისწინებით.

7.2 მოსასვენებელ ადგილებში, მორიგე პერსონალის ოთახებში, სანიტარიულ ობიექტებში, სასადილოებსა და პირველადი დახმარების ოთახებში არსებული ტემპერატურა უნდა შეესაბამებოდეს ამ ადგილების კონკრეტულ მიზანს.

8. ოთახის ბუნებრივი და ხელოვნური განათება

8.1 სამუშაო ადგილი უნდა იყოს დღის შუქით საკმარისად განათებული, აგრეთვე ხელოვნური განათება უნდა იყოს მუშათა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ადეკვატური.

8.2 იმ სამუშაო ადგილებში, სადაც მომუშავეებისთვის არსებობს განსაკუთრებული რისკები ხელოვნური განათების სისტემის გათიშვის შემთხვევაში, უნდა დამონტაჟდეს სათანადო სიძლიერის სათადარიგო განათება.

9. კარები და შესასვლელები

9.1 გამჭვირვალე კარებზე გაკეთებული უნდა იყოს სათანადო, ადვილად შესამჩნევი აღნიშვნა.

9.2 მოძრავი კარები უნდა იყოს გამჭვირვალე ან ჰქონდეს გამჭვირვალე პანელები.

10. სახიფათო ადგილები

თუ სამუშაო ადგილები მოიცავს ისეთ სახიფათო ადგილებს, სადაც, სამუშაოს სახეობიდან გამომდინარე, არსებობს მომუშავეთა ან საგნების ჩამოვარდნის საშიშროება, ეს ადგილები შეძლებისდაგვარად უნდა აღიჭურვოს მოწყობილობით, რომელიც ნებართვის არმქონე პირებს ამ ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობას არ მისცემს.

სათანადო ზომები უნდა იქნეს მიღებული იმ პირების დასაცავად, რომლებსაც აქვთ სახიფათო ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა.

სახიფათო ტერიტორია უნდა იყოს სათანადოდ აღნიშნული.

11. მოსასვენებელი ოთახები და ადგილები

11.1 სადაც დასაქმებულების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ამას მოითხოვს, ჩატარებული სამუშაოს ტიპიდან ან იქ მყოფ დასაქმებულთა მრავალრიცხოვნობიდან გამომდინარე, დასაქმებულები უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი ადვილად ხელმისაწვდომი მოსასვენებელი ოთახებით.

ეს დებულება არ გამოიყენება, თუ დასაქმებულები მუშაობენ ოფისებში ან მსგავს სამუშაო ოთახებში, სადაც მათ შესვენების დროს ანალოგიური დასვენების შესაძლებლობააქვთ.

11.2 მოსასვენებელი ოთახები და ადგილები უნდა აღიჭურვოს მაგიდებითა და საზურგიანი სკამებით.

11.3 მოსასვენებელ ოთახებში სათანადო ზომები უნდა გატარდეს არამწეველთა თამბაქოს სუნისგან გამოწვეული დისკომფორტისგან დასაცავად.

12. ორსული ქალები და მეძუძური დედები

ორსულ ქალებსა და მეძუძურ დედებს უნდა ჰქპნდეთ სათანადო პირობებში დასვენების მიზნით წამოწოლის შესაძლებლობა.

13. სანიტარიული აღჭურვილობა

13.1. გამოსაცვლელი ოთახები და შესანახი კარადები

13.1.1 დასაქმებულები უნდა უზრუნველყონ სათანადო გამოსაცვლელი ოთახით, თუ მათ სპეციალური უნიფორმის ტარება უწევთ და თუ ისინი, ჯანმრთელობის ან პირადი მიზეზით, სხვა ოთახში ვერ ახერხებენ გამოცვლას.

გამოსაცვლელი ოთახი უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი, საკმარისი მოცულობის და მასში უნდა იყოს დასაჯდომები.

13.1.2 გამოსაცვლელი ოთახი უნდა იყოს საკმარისად დიდი და კეთილმოწყობილი, რათა დასაქმებულებს შეეძლოთ თავიანთი ნივთების ჩაკეტვა სამუშაო საათების განმავლობაში.

ვითარებიდან გამომდინარე (მაგ.: სახიფათო ნივთიერება, ნესტი, ჭუჭყი), სამუშაო ტანსაცმლის კარადა უნდა გამოეყოს ჩვეულებრივი ტანსაცმლის კარადას.

13.1.3 მამაკაცებისა და ქალებისთვის უნდა იყოს ცალ-ცალკე გასახდელი ან არსებობდეს გამოსაცვლელი ოთახების ცალკე გამოყენების შესაძლებლობა.

13.2. შხაპები და პირსაბანები

13.2.1 სამუშაო სადგურები იმგვარად უნდა აღიჭურვოს, რომ მომუშავეებს ახლომახლო ჰქონდეთ:

– შხაპები, თუ ამას მათი სამუშაოს სპეციფიკა მოითხოვს,

– შესაბამისი რაოდენობის ტუალეტებითა და პირსაბანებით აღჭურვილი ობიექტები.

13.2.2 შხაპებში და პირსაბანებში უნდა მოდიოდეს ონკანის წყალი (ცხელი წყალი, აუცილებლობის შემთხვევაში).

13.2.3 მამაკაცებისა და ქალებისთვის უნდა იყოს ცალ-ცალკე გასახდელი ან შესაძლებელი უნდა იყოს შხაპის ცალკე გამოყენება.

მამაკაცებისა და ქალებისთვის უნდა იყოს ცალ-ცალკე ტუალეტები ან შესაძლებელი უნდა იყოს ტუალეტის ცალკე გამოყენება.

14. პირველადი დახმარების აღჭურვილობა

სამუშაო ადგილები უნდა უზრუნველყოფილი იყოს პირველადი დახმარების აღჭურვილობით.

ამ აღჭურვილობაზე დატანილი უნდა იყოს სათანადო აღნიშვნა და ის ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

15. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დასაქმებულები
სამუშაო ადგილები ორგანიზებული უნდა იყოს, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დასაქმებულების გათვალისწინებით.

ეს დებულება კერძოდ გამოიყენება უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერ გამოყენებული ან დაკავებული კარების, გასასვლელი ადგილების, კიბეების, შხაპების, პირსაბანების, საპირფარეშოებისა და სამუშაო სადგურების მიმართ.

16. ფეხით მოსიარულეთა და მანქანების გადაადგილება

შიდა და გარე სამუშაო ადგილები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ფეხით მოსიარულეები და მანქანები უსაფრთხოდ გადაადგილდებოდნენ.

17. გარე სამუშაო ადგილები (კონკრეტული დებულებები)

როდესაც დასაქმებულნი მუშაობენ გარე სამუშაო სადგურებში, ეს სამუშაო ადგილები შეძლებისდაგვარად ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ დასაქმებულები:

(a) დაცული იყვნენ მკაცრი ამინდის პირობებისგან და საჭიროებისამებრ, საგნების ვარდნისგან;

(b) არ უნდა მოხვდნენ საზიანო ხმაურის, სხვა ისეთი საზიანო გავლენის პირობებში, როგორიცაა, აირები, ორთქლი თუ მტვერი;

(c) დასაქმებულებს უნდა შეეძლოთ საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში სამუშაო სადგურების სწრაფად დატოვება ან შესაძლებელი უნდა იყოს მათთვის სწრაფი დახმარების აღმოჩენა;

(d) დაცულნი იყვნენ მოცურებისგან ან დაცემისგან.

 


1 ოფიციალური ბიულეტენი, N C 141, 30.05.1988, გვ. 6;

2 ოფიციალური ბიულეტენი, N C 115, 08.05.1989, გვ. 34;

3 ოფიციალური ბიულეტენი, N C 284, 10.11.1989, გვ. 8;

4 ოფიციალური ბიულეტენი, N C 326, 19.12.1988, გვ. 123;

5 ოფიციალური ბიულეტენი, N C 256, 09.10.1988, გვ. 51;

6 ოფიციალური ბიულეტენი, N C 175, 04.07.1988, გვ. 28;

7 ოფიციალური ბიულეტენი, N C 28, 03.02.1988, გვ. 3;

8 ოფიციალური ბიულეტენი, N C 28, 03.02.1988, გვ. 1;

9 ოფიციალური ბიულეტენი, N C 183, 29.06.1989, გვ. 1;

10 ოფიციალური ბიულეტენი, N C 185, 09.07.1974, გვ. 15;

11 ოფიციალური ბიულეტენი, N L 229, 07.09.1977, გვ. 12.