პროფესიული სერტიფიცირების გამარტივებული წესის დამტკიცების შესახებ

პროფესიული სერტიფიცირების გამარტივებული წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი ნ-3
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 24/03/2017
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 300170000.64.076.016011
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ნ-3
24/03/2017
ვებგვერდი, 27/03/2017
300170000.64.076.016011
პროფესიული სერტიფიცირების გამარტივებული წესის დამტკიცების შესახებ
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/03/2017 - 18/08/2017)

 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-3

2017 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი

 

პროფესიული სერტიფიცირების გამარტივებული წესის დამტკიცების შესახებ

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის  28-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს ,,პროფესიული სერტიფიცირების გამარტივებული წესი“ თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 1 აპრილიდან.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე



დანართი
პროფესიული სერტიფიცირების გამარტივებული წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი განსაზღვრავს   გამარტივებული წესით ტესტირების ადმინისტრირებას და პროცედურებს იმ პირთა პროფესიულ სერტიფიცირებასთან მიმართებაში, რომლებიც არანაკლებ 7 წლის განმავლობაში ასრულებდნენ გარიგების პარტნიორის უფლებამოსილებას  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს  კანონის (შემდგომში – კანონი) ამოქმედებამდე და არ არიან სერტიფიცირებული ბუღალტრები ამავე კანონის შესაბამისად.

მუხლი 2.  ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებული ტერმინები განიმარტება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 3. ტესტირებაზე დაშვების საფუძველი

1.  გამარტივებული წესით ტესტირებაზე დაიშვებიან ის პირები, რომლებიც კანონის ამოქმედებამდე არანაკლებ 7 წლის განმავლობაში ასრულებდნენ გარიგების პარტნიორის უფლებამოსილებას და არ არიან სერტიფიცირებული ბუღალტრები ამავე კანონის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 7-წლიან პრაქტიკული გამოცდილება დგინდება პირის მიერ აუდიტორული მომსახურების განხორციელების დამადასტურებელი  ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, გარიგების პარტნიორის სტატუსით აუდიტორული საქმიანობის წლების დაჯამების პრინციპით. პრაქტიკულ გამოცდილებად არ ჩაითვლება პირის მიერ, აუდიტორული მომსახურების გარდა, ჩატარებული სხვა  პროფესიული მომსახურება.

3. გამარტივებულ ტესტირებაზე დაშვების მიზნით დაინტერესებულმა პირმა სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) კანონის ამოქმედებამდე 7 წლის განმავლობაში გარიგების პარტნიორის სტატუსით,  აუდიტორული მომსახურების განხორციელების დამადასტურებელი ინფორმაცია, სუბიექტების სახელწოდების, საიდენტიფიკაციო ნომრების, აუდიტორული მომსახურების ხელშეკრულების საგნისა და პერიოდის მითითებით;

ე) გარიგების პარტნიორის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელსაც პირი ადასტურებს თავად (საქმიანობის ინდივიდუალურად განხორციელების შემთხვევაში) ან რომელიც გაცემულია პროფესიული მომსახურების განმახორციელებელი იურიდიული პირის/აუდიტორული ფირმის  მიერ.

4. სამსახური უფლებამოსილია, გარიგების პარტნიორის სტატუსით 7-წლიანი აუდიტორული მომსახურების განხორციელების დადასტურების მიზნით დაინტერესებული პირისაგან (საჭიროების შემთხვევაში პროფესიული მომსახურების განმახორციელებელი იურიდიული პირისაგან/აუდიტორული ფირმისაგან, სუბიექტისაგან ან/და მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოებისაგან) გამოითხოვოს აუდიტის გარიგების დადასტურებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია.

5. სამსახური  წარდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას პირის 7-წლიანი აუდიტორული მომსახურების განხორციელების დადასტურებისა და მისი ტესტირებაზე დაშვების თაობაზე. სამსახურის გადაწყვეტილება ეგზავნება დაინტერესებულ პირს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში.

მუხლი 4. ტესტირების განხორციელების უფლებამოსილება

1.  პირის გამარტივებული წესით პროფესიული სერტიფიცირებას ტესტირების გზით ახორციელებს ის პროფესიული ორგანიზაცია, რომლის სასერტიფიკაციო პროგრამა ან/და საგამოცდო პროცესი აკმაყოფილებს სამსახურის მიერ დადგენილ სტანდარტებს და აღიარებულია სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის შესაბამისად. 

2. ის პროფესიული ორგანიზაცია, რომლის მხოლოდ სასერტიფიკაციო პროგრამებია აღიარებული, უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული სერტიფიცირება სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს მიერ ჩატარებული გამოცდების საფუძველზე.

3. ტესტირების ჩატარებით დაინტერესებული პროფესიული ორგანიზაცია (მათ შორის, სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელ ორგანოსთან ერთად) ვალდებულია შეიმუშაოს და შესათანხმებლად წარუდგინოს სამსახურს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ტესტური დავალების ნიმუშები;

ბ) შეფასების მეთოდი;

გ) ტესტირების პროცესის ხანგრძლივობა;

დ) ტესტირების პირობები და ვადები;

ე)  დამატებითი დოკუმენტაცია (საჭიროების შემთხვევაში).

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული, სამსახურისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაცია ნათლად უნდა ასახავდეს ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული პრინციპების დაცულობას.

5. პროფესიული ორგანიზაცია უზრუნველყოფს ტესტირების 2-ჯერ ჩატარების ორგანიზებას. პირველი ტესტირება ტარდება არაუგვიანეს  2017 წლის 15 დეკემბრამდე, ხოლო მეორე ტესტირება – არაუგვიანეს 2018 წლის 1 აპრილამდე.

6. პირველი ტესტირებისათვის განკუთვნილი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია სამსახურს წარედგინება არაუგვიანეს    2017 წლის 1 სექტემბრისა, ხოლო მეორე ტესტირებისათვის განკუთვნილი განახლებული ტესტური დავალების ნიმუშები – არაუგვიანეს 2018 წლის 1 იანვრისა. მეორე ტესტირებისათვის განახლებას არ ექვემდებარება და სამსახურთან შეთანხმებას არ საჭიროებს პირველი ტესტირებისათვის წარდგენილი ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“-„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია.

7. ამ წესით განსაზღვრული ტესტირების პროცესის წარმართვის უფლებამოსილებას შეიძენს მხოლოდ ის პროფესიული ორგანიზაცია, რომლის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი  დოკუმენტაცია შეთანხმებული იქნება სამსახურთან.

მუხლი 5. ტესტური დავალების შინაარსი

1. ტესტურმა დავალებამ უნდა მოიცვას შემდეგი სამართლებრივი აქტ(ებ)ი და სტანდარტები:

ა) „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ” საქართველოს კანონი;

ბ) ეთიკის კოდექსის სახელმძღვანელო პროფესიონალი ბუღალტრისთვის;

გ) ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი (ISQC1);

დ) აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ISA);

ე) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS).

2. ტესტური დავალება უნდა მოიცავდეს არანაკლებ 100 (ას) კითხვას.

3. ტესტური დავალებაში მოცემული კითხვები  მეორე ტესტირებისათვის წარმოდგენილი უნდა იყოს  სრულად განახლებული ფორმით.

მუხლი 6. ტესტირების ჩატარების პრინციპები

ტესტირების ჩატარების პრინციპებია:

ა) ობიექტურობა ტესტის ჩატარებისას უნდა გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების შესაძლებლობა;

ბ) გამჭვირვალეობა – ტესტირების და გასაჩივრების პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი;

გ) არადისკრიმინაციულობა – ტესტირების და გასაჩივრების პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს კანდიდატთა თანასწორობას;

დ) საჯაროობა – ტესტირების და გასაჩივრების პროცედურები, ოქმები და შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;

ე) ტესტურ დავალების ვალიდობა და საკმარისობა – ტესტურმა დავალებამ სათანადო სიღრმით და დაბალანსებულად უნდა შეაფასოს შესაბამისი პროფესიული კომპეტენციები;

ვ) უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა – კანდიდატთა პირადი მონაცემები და  ტესტური დავალება უნდა იყოს კონფიდენციალური და დაცული, საფრთხეები უნდა იყოს სათანადოდ შეფასებული და მართვადი შესატყვისი სათადარიგო გეგმების/ზომების საშუალებით.

მუხლი 7.  ტესტირების და სერტიფიცირების პროცესის ორგანიზება

1. ტესტირების პროცესის წარმართვის უფლებამოსილების მქონე პროფესიული ორგანიზაციისა და ტესტირების თარიღების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება სამსახურისა და შესაბამისი პროფესიული ორგანიზაციის ვებგვერდზე.

2. პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია ტესტირებ(ებ)ის ჩატარება უზრუნველყოს არაუგვიანეს 2018 წლის 1 აპრილამდე, მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით.

3. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია გამოცდაზე დაშვების  მოთხოვნით პროფესიულ ორგანიზაციას  მიმართოს  გამოცხადებული ტესტირების თარიღამდე არაუგვიანეს 10 დღით ადრე.

4. პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია გამოცდის  ჩატარების  თარიღ(ებ)ი, გამოცდის ჩატარებამდე არაუგვიანეს 20  დღით ადრე გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე.

5. პირის  მიერ ტესტური დავალების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პროფესიული ორგანიზაცია გასცემს  სერტიფიკატს.

6. პროფესიული ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პირველ  ტესტირებაზე პირის მიერ ტესტური დავალების ჩაუბარებლობის შემთხვევაში მას ეძლევა უფლება მიმართოს პროფესიულ ორგანიზაციას განმეორებით, მეორედ დანიშნულ ტესტირებაზე დაშვების მოთხოვნით.  ის პირი, რომელიც პირველად გამოცხადდება პროფესიული ორგანიზაციის მიერ დანიშნულ მეორე ტესტირებაზე, ტესტური დავალების ჩაუბარებლობის შემთხვევაში კარგავს გამოცდაზე განმეორებით დაშვების უფლებას.

7.  სერტიფიკატი პირს ანიჭებს სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსს.

8. სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი პირს არ ანიჭებს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის განსაზღვრული აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) უფლებას, სანამ იგი არ გაივლის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს და ამასთან, არ განხორციელდება მისი რეესტრში რეგისტრაცია „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანების შესაბამისად.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი ხორციელდება  სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 8. გასაჩივრების წესი

1. სამსახურის გადაწყვეტილება პირის ტესტირებაზე დაშვების თაობაზე შესაძლებელია გასაჩივრდეს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოსა და სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ტესტირების შედეგებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით, პროფესიულ ორგანიზაციებში შესაძლებელია შეიქმნას საპრეტენზიო კომისია, რომლის მუშაობის წესს განსაზღვრავს პროფესიული ორგანიზაცია ან/და დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.