ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 133
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 260030000.10.003.019842
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
133
21/03/2017
ვებგვერდი, 24/03/2017
260030000.10.003.019842
ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (24/03/2017 - 20/04/2022)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №133

2017 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

 

ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„სახელმწიფო  შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქცია“ დანართთან ერთად (დანართი №1).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქცია

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

 1. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) შემუშავებულია „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის წესსა და პროცედურებს.

 2. ინსტრუქციის რეგულირების სფეროს წარმოადგენს დაწესებულების მიზნების მისაღწევად საჭირო ყველა შიდა კონტროლის ღონისძიება, მათ შორის, მიზნების განსაზღვრა, ბიუჯეტის შემუშავება და შესრულება, შეთანხმებები უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ, მენეჯერული ანგარიშვალდებულების განსაზღვრა, შიდა და გარე ანგარიშგება და მონიტორინგი.

 3. ინსტრუქციით სარგებლობენ „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებები.

 4. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა წარმოადგენს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის ნაწილს და მისი მიზანია დაწესებულების მიერ მიზნების ეფექტიანად და პროდუქტიულად მიღწევა. პასუხისმგებლობა ფინანსური მართვისა და კონტროლის გამართულად ფუნქციონირებაზე ეკისრება დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელმაც მენეჯერული ანგარიშვალდებულების სტრუქტურის განსაზღვრით უნდა უზრუნველყოს დაწესებულების შიგნით, შესაბამისი უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების სწორად გადანაწილება. შედეგად კი დაწესებულების ყველა იერარქიულ საფეხურზე მდგომი ხელმძღვანელი თავისი კონპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია ზემდგომი ხელმძღვანელების წინაშე ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ეფექტიანად და ამ ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად ფუნქციონირებაზე.

 5. ფინანსური მართვა და კონტროლი მოიცავს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებულ როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ პროცესებს, ოპერაციებსა და ქმედებებს, რაც უზრუნველყოფს დაწესებულების მიზნების მიღწევას მოცემული ბიუჯეტისა და დროის ფარგლებში, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის პრინციპების დაცვით.

 6. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა მოხდება ეტაპობრივად. რეფორმის დანერგვის ეტაპების გაწერა დროში თანხმდება დაწესებულებასა და ფინანსთა სამინისტროს შორის, დაწესებულების სპეციფიკისა და მასში უკვე არსებული კონტროლის სისტემის გათვალისწინებით. დანერგვა ხორციელდება შემდეგი ეტაპების მიხედვით:

 ა) ფინანსური კონტროლი;

 ბ) მენეჯერული კონტროლი;

 გ) ფინანსური მართვა.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

 ) დაწესებულება – „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებები;

 ) საბიუჯეტო ორგანიზაცია – ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულების სისტემაში შემავალი საბიუჯეტო ორგანიზაცია;

 ) დაწესებულების ხელმძღვანელი – დაწესებულების ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია თავისი სისტემის ფარგლებში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავით განსაზღვრული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის არსებობაზე;

 ) პროგრამა – საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული პროგრამა;

 ) პროგრამის ხელმძღვანელი დაწესებულების პროგრამული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც უზრუნველყოფს ბიუჯეტის განმკარგავების საქმიანობის შედეგების თანხვედრას დაწესებულების პროგრამის მიზნებთან. პროგრამის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია დაწესებულების ხელმძღვანელის წინაშე;

 ) ბიუჯეტის განმკარგავი – პირი, რომელიც განკარგავს პროგრამის/ქვეპროგრამის მიზნების მისაღწევად გათვალისწინებულ სახსრებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს პროგრამის/ქვეპროგრამის მიზნების მიღწევისთვის საჭირო ღონისძიებებს;

 ) ოპერაციული მენეჯერი – საბიუჯეტო ორგანიზაციის სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელიც ანგარიშვალდებულია ბიუჯეტის განმკარგავის წინაშე, უშუალოდაა ჩართული საბიუჯეტო ორგანიზაციის საქმიანობაში და გააჩნია საქმიანობის მიზნები და ამოცანები. იგი უზრუნველყოფს მისი საქმიანობის შესაბამისობას პროგრამის/ქვეპროგრამის მიზნებთან;

 ) ფინანსური სამსახური/დეპარტამენტი – დაწესებულების სტრუქტურული დანაყოფი, რომლის ძირითადი მოვალეობაა ბიუჯეტის კოორდინირება, მის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, აღრიცხვის წარმოება, ხარჯებისა და შემოსავლების ბიუჯეტით გათვალისწინებულ პარამეტრებთან შესაბამისობის კონტროლი. იგი პროგრამის ფარგლებში ანგარიშვალდებულია ბიუჯეტის განმკარგავის წინაშე და ვალდებულია ხელი შეუწყოს ფინანსური მართვისა და კონტროლის პრინციპების დანერგვას. ამასთან, დაწესებულების ფინანსური სამსახური/დეპარტამენტი პროგრამის ხელმძღვანელებისგან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე ამზადებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ანგარიშს, რომელიც წარედგინება დაწესებულების ხელმძღვანელს;

 ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის კოორდინატორი (შემდეგშისისტემის კოორდინატორი) – დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სათანადო კვალიფიკაციისა და საამისოდ უფლებამოსილი პირი, რომელიც დაწესებულების ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტის მეშვეობით ხელს უწყობს დაწესებულებაში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვას, პასუხისმგებელია მის გამართულ ფუნქციონირებასა და უწყვეტ განვითარებაზე. იგი წარმოადგენს მაღალი რგოლის მენეჯერს, რომლის უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფება ფინანსური სამსახურის/ დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის კოორდინატორის პასუხისმგებლობა უნდა მოიცავდეს შემდეგს:

● ჯანსაღი და გამართული შიდა კონტროლის სისტემის უზრუნველყოფას, რომელიც ხელს შეუწყობს დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული პოლიტიკისა და მიზნების სრულყოფილად შესრულებას;

● სახელმწიფო სახსრებისა და დაწესებულების აქტივების დაცვას არამართლზომიერი გამოყენებისაგან;

● იმის უზრუნველყოფას, რომ დაწესებულების ყველა სტრუქტურულ დანაყოფში, მათ შორის დაწესებულების სისტემაში შემავალ საბიუჯეტო ორგანიზაციებში არსებობს რისკების იდენტიფიცირებისა და მართვის ღონისძიებები;

● მოთხოვნას დაწესებულების სისტემაში შემავალი ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელისადმი, ეფექტური ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან;

● უზრუნველყოფას, რომ დაწესებულების მაღალი რგოლის მენეჯერები ხელს უწყობდნენ დაწესებულების შიგნით ერთიანობისა და ეთიკური ღირებულებების ჩამოყალიბებას;

● უზრუნველყოფას, რომ მაღალი რგოლის ხელმძღვანელი პირების მხრიდან იარსებებს საზედამხედველო ღონისძიებები და უფლებამოსილებების დელეგირება;

● კონტროლის ღონისძიებების ზედამხედველობას, რომელიც მოიცავს როგორც ფინანსურ, ასევე კონტროლის იმ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მიზნების მიღწევას და დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ქმედებებს;

● ინფორმაციის ნაკადების არსებობას;

● შესაბამის ღონისძიებებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ქმედითობისა და ეფექტიანობის სისტემატური მონიტორინგისათვის;

 ) ჰარმონიზაციის ცენტრი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ხელს უწყობს და უზრუნველყოფს დაწესებულებებსა და მათ სისტემაში შემავალ საბიუჯეტო ორგანიზაციებში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დანერგვას, განვითარებასა და ფუნქციურ სრულყოფას და ამ საკითხების კოორდინაციას. ჰარმონიზაციის ცენტრი სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების შესახებ კონსოლიდირებულ წლიურ ანგარიშში აფასებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვას ამ ინსტრუქციის მიხედვით. ჰარმონიზაციის ცენტრი პასუხისმგებელია:

 ა) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის დანერგვა/განვითარებისათვის საჭირო მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების და ინსტრუქციების შემუშავება/დახვეწაზე, როგორც ფინანსური მართვისა და კონტროლისთვის, ასევე შიდა აუდიტისთვის;

 ბ) ზემოხსენებული სახელმძღვანელოების და ინსტრუქციების დანერგვაზე;

 გ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემაში ჩართული დაწესებულებების კონსულტირებასა და სრულ მხარდაჭერაზე ზემოაღნიშნული სახელმძღვანელოების და ინსტრუქციების დანერგვის პროცესში;

 დ) სისტემის დანერგვის პროცესში საჭირო ტრენინგებისა და სხვასხვა სამუშაო შეხვედრების ორგანიზებაზე მონაწილე მხარეებისათვის.

 2. დაწესებულებაში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემაში მონაწილე სხვა პირების/სუბიექტების ფუნქციებსა და პასუხისმგებლობებს, ამ ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად, განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი.

 მუხლი 3. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მიზანი

 1. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მიზანია საჯარო ფინანსების მართვის ხარისხის გაუმჯობესება.

 2 დაწესებულების ყველა იერარქიულ საფეხურზე მდგომი ხელმძღვანელი პასუხისმგებელია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შიდა კონტროლის მექანიზმების დანერგვაზე, მათ დოკუმენტირებასა და ფუნქციონირებაზე ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესისა და პროცედურებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 3. დაწესებულების თითოეული თანამშრომელი პასუხისმგებელია მისი საქმიანობა იყოს შესაბამისობაში ხელმძღვანელის მიერ შემუშავებულ ან/და დაწესებულებაში არსებულ კონტროლის მექანიზმებთან.

 4. დაწესებულების ყველა იერარქიულ საფეხურზე მდგომმა ხელმძღვანელმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უნდა უზრუნველყოს, რომ მიზნები შეესაბამებოდეს არსებულ ბიუჯეტს და რომ ეს მიზნები იყოს კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, რეალისტური და დროში გაწერილი.

 5. სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის ფარგლებში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მიზანია გაუმჯობესდეს სახელმწიფო სერვისების მართვის ხარისხი, შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილებით:

 ა) მენეჯერული ანგარიშვალდებულების სისტემის გაძლიერებით;

 ბ) ხელმძღვანელი პირებისთვის მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანების ჩამოყალიბებით;

 გ) ხელმძღვანელი პირებისთვის უფლებამოსილების იმგვარად დელეგირებით, რომ მათ შეძლონ შესაბამისი ამოცანების ეფექტიანად და პროდუქტიულად მიღწევა;

 დ) ხელმძღვანელი პირებისთვის ყველა საჭირო ფინანსური და ოპერაციული ინფორმაციის დროულად და ამომწურავად მიწოდების უზრუნველყოფით, იმისათვის, რომ მათ მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები;

 ე) ისეთი ანგარიშვალდებულების სისტემის არსებობით, რომელიც დაავალდებულებს ხელმძღვანელ პირებს, უზრუნველყონ მიზნების მიღწევა მოცემული ბიუჯეტის, დროისა და იმ სტანდარტების გათვალისწინებით, რომლებიც განუსაზღვრა მათ ზემდგომმა ხელმძღვანელმა ან მოთხოვნილია კანონმდებლობით, ასევე სრულ შესაბამისობაშია ნებისმიერ შიდა ფინანსურ და სხვა რეგულაციებთან, მათ შორის, ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

 მუხლი 4. ფინანსური მართვისა და კონტროლის კომპონენტები

 1. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემა არ გულისხმობს მხოლოდ ფინანსურ კონტროლს. იგი მოიცავს კონტროლის ყველა ასპექტს, რომელიც აუცილებელია დაწესებულების ხელმძღვანელისთვის, რათა მიიღოს გონივრული რწმუნება იმისა, რომ მიზნები მიღწევადია ეფექტიანად და პროდუქტიულად, არსებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, მოცემული დროისა და ბიუჯეტის, ასევე განსაზღვრული შესრულების სტანდარტების შესაბამისად.

 2. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემა ეფუძნება შიდა კონტროლის საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმძღვანელოს1 და შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

 ა) კონტროლის გარემო, რომელიც მოიცავს ორგანიზაციულ სტრუქტურას, მაღალი რგოლის მენეჯმენტის დამოკიდებულებას დაწესებულების მთლიანობასა და ეთიკურ ღირებულებებთან მიმართებით; მაღალი რგოლის მენეჯმენტის მხრიდან განხორციელებულ საზედამხედველო ღონისძიებებს (ანგარიშვალდებულების სისტემას), უფლებამოსილების დელეგირების ხარისხს, შესრულების კრიტერიუმებს და ზოგადად დაწესებულების კულტურას;

 ბ) რისკის მართვა – ის დონე, რომლის ფარგლებშიც რისკი გათვალისწინებულია დაწესებულების მიზნების მიღწევის პროცესში, მათ შორის იმ მიზნებისთვის, რომლებიც განსაზღვრულია მმართველობის თითოეული დონისათვის;

 გ) კონტროლის ღონისძიებები, რომელიც მოიცავს ფინანსურ კონტროლს და კონტროლის იმ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ დაწესებულების მიზნების მიღწევას, ასევე იმ ქმედებებს, რომლებიც განსაზღვრულია დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ. კონტროლის ღონისძიებები მოიცავს ასევე ტექნოლოგიურ კონტროლს, რაც გულისხმობს ავტორიზაციას (დელეგირება), ასევე დადასტურებას/დამოწმებას და სხვა ღონისძიებებს, რაც მიმართულია სახელმწიფო რესურსების გამოყენების კანონიერების უზრუნველყოფისაკენ;

 დ) ინფორმაცია და კომუნიკაცია – დაწესებულების ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს მენეჯმენტის სხვადასხვა დონეებზე საჭირო და სანდო ინფორმაციის ქონა, როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორებზე. დაბალი რგოლის მენეჯერები უნდა აწვდიდნენ ინფორმაციას უფრო მაღალ დონეებზე მყოფთ იმ ფაქტორების შესახებ, რომლებმაც შესაძლებელია გავლენა იქონიონ მათ მიერ მიზნების მიღწევაზე. ეს ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს ეფექტური კომუნიკაცია როგორც ზევიდან ქვევით, ასევე ქვევიდან ზევით მენეჯერულ ჯაჭვში; ინფორმაციის მიმოსვლის გამჭვირვალობა უმნიშვნელოვანესია;

 ე) მონიტორინგი და შეფასება, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანად მმართველობითი კონტროლის ღონისძიებების ეფექტურობასა და ეფექტიანობას. მონიტორინგის პროცესის ძირითადი ელემენტია შიდა აუდიტი.

 მუხლი 5. მენეჯერული ანგარიშვალდებულება

 1. ფინანსური მართვისა და კონტროლის გამართულად ფუნქციონირებისათვის დაწესებულებაში უნდა არსებობდეს მენეჯერული ანგარიშვალდებულების სისტემა, რაც გულისხმობს იმას, რომ დაწესებულების ყველა იერარქიულ საფეხურზე მდგომი ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მიზნების მიღწევაზე დროულად, მოცემული ბიუჯეტის ფარგლებში, არსებული კანონმდებლობისა და რეგულაციების დაცვით.

 2. მენეჯერული ანგარიშვალდებულება მოიცავს პასუხისმგებელი პირების განსაზღვრას უფლებამოსილებებისა და კონტროლის მექანიზმების დელეგირების გზით, რაც უზრუნველყოფს ეფექტური საქმიანობის და არსებული რესურსების პროდუქტიული მართვის შედეგად დაწესებულების მიზნების მიღწევას კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად. პასუხისმგებელი პირი ანგარიშვალდებულია ზემდგომი ხელმძღვანელის წინაშე დაკისრებული პასუხისმგებლობისა და უფლებამოსილების ფარგლებში.

 3. მენეჯერული ანგარიშვალდებულების გავრცელება ხორციელდება დაწესებულების მმართველი რგოლიდან საოპერაციო მენეჯერამდე. არსებული ანგარიშვალდებულების სისტემა სრულად უნდა შეესაბამებოდეს დაწესებულების სტრატეგიისა და მიზნების ეფექტიან განხორციელებას, ბიუჯეტის მიზნობრიობისა და დროის ფაქტორის გათვალისწინებით. 

 4. ანგარიშგების ღონისძიებები თითოეულ დონეზე განსაზღვრული უნდა იყოს ზემდგომი ხელმძღვანელის მიერ, მაგრამ ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების ამ ეტაპზე უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:

 ა) ყოველთვიური/ყოველკვარტალური ანგარიშგება შემოსულობებისა და გადასახდელების შესახებ, სადაც ასახული იქნება ანგარიშგების პერიოდისთვის წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებულ პარამეტრებთან მიმართება და აცდენის შემთხვევაში განმარტებული იქნება უზუსტობის მიზეზები და მათი მოსალოდნელი გავლენა დაგეგმილი მიზნების მიღწევაზე, ასევე მათი აღმოფხვრის გზები;

 ბ) ყოველკვარტალური ანგარიშგება რისკების იდენტიფიკაციისა და მართვის შესახებ, რომლისთვისაც პასუხისმგებელია თითოეული პროგრამის/ქვეპროგრამის ხელმძღვანელი.

 მუხლი 6. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის ეტაპები

 1. დაწესებულებებში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა ხორციელდება შემდეგ სამ ეტაპად:

 ა) ფინანსური კონტროლი (დანართი №1);

 ბ) მენეჯერული კონტროლი;

 გ) ფინანსური მართვა.

 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არის უფლებამოსილი ორგანო, რომელიც ჰარმონიზაციის ცენტრის მეშვეობით ხელს უწყობს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას და ახორციელებს მასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციასა და ჰარმონიზაციას.

 3. თითოეული ეტაპის დანერგვის პროცესის სისწორისა და ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას დაწესებულების მასშტაბით ახორციელებს შიდა აუდიტის სუბიექტი.

 4. ჰარმონიზაციის ცენტრი უზრუნველყოფს თითოეული ეტაპის ანგარიშგების ფორმებისა და ინსტრუქციების შემუშავებას.

 5. ფინანსური მართვისა და კონტროლის მიზნებისთვის ფინანსური რეგულაციების შესახებ ინსტრუქციას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

 მუხლი 7. ფინანსური კონტროლის დანერგვა

 1. ფინანსური კონტროლი გულისხმობს არსებული ფინანსური კონტროლის მექანიზმების, მათ შორის, ფინანსური რეგულაციების გაუმჯობესებას და მენეჯერული ანგარიშვალდებულების დანერგვას. ამ ეტაპის განხორციელებისათვის მოთხოვნილი მიდგომები და პრინციპები აღწერილია ფინანსური კონტროლის ჩამოყალიბების წესებსა და პროცედურებში (დანართი №1).

 2. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის პირველი ეტაპის მიზანია, უფლებამოსილების დელეგირების გზით მოხდეს შესაბამისი მენეჯერების ანგარიშვალდებულებების ზრდა და დაწესებულების სახსრების მართვისა და კონტროლის საკითხებში ჩართულობა, ასევე, სხვადასხვა ხელმძღვანელი პირების ფინანსური ცნობიერების ამაღლება, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაწესებულების მასშტაბით. ამის შედეგად, დაწესებულებაში გაუმჯობესდება ბიუჯეტის დაგეგმვის ხარისხი და ფინანსური კონტროლის მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს რესურსების ეკონომიურ, ეფექტიან და პროდუქტიულ გამოყენებას. აგრეთვე, აღსანიშნავია ისიც, რომ მენეჯერული უფლებამოსილების დელეგირება ხელს შეუწყობს მენეჯერის დაწესებულების საქმიანობის მართვაში ჩართულობის ხარისხის ზრდასა და რესურსების ეფექტურ მართვას.

 3. დაწესებულების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს დაწესებულების საქმიანობის გრძელვადიანი მიზნების, სტრატეგიისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას. დაწესებულების ხელმძღვანელი დასახული მიზნების მისაღწევად განსაზღვრავს სათანადო და ადეკვატურ პროგრამებს, ხოლო ღონისძიებების შემუშავების ფუნქციის დელეგირებას ახდენს პროგრამის ხელმძღვანელებზე.

 4. პროგრამას ან ქვეპროგრამას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ახორციელებს ბიუჯეტის განმკარგავი. იგი ანგარიშვალდებულია პროგრამის ხელმძღვანელის წინაშე და, თავის მხრივ, პასუხისმგებელია მის მიერ განხორციელებული ქმედებების ბიუჯეტთან და პროგრამის მიზნებთან შესაბამისობაზე. ბიუჯეტის განმკარგავი, შესაბამისი პროგრამის ან ქვეპროგრამის ფარგლებში, განსაზღვრავს საოპერაციო მენეჯერის როლს, რომელიც ანგარიშვალდებულია ბიუჯეტის განმკარგავთან და უშუალოდაა ჩართული დაწესებულების საოპერაციო საქმიანობაში. მისი ამოცანაა საოპერაციო ერთეულის ფუნქციონირების ფინანსური კონტროლის პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

 5. ამ ინსტრუქციის მიზნებიდან გამომდინარე, პროგრამის ხელმძღვანელი ამავდროულად არ შეიძლება იყოს ბიუჯეტის განმკარგავი (აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ მართვისა და რეგულირების ტიპის პროგრამის შემთხვევაში).

 6. მენეჯერული ანგარიშვალდებულების დელეგირების სქემა, პასუხისმგებელი პირებითა და შესაბამისი ფუნქციებით, განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით.

 7. დაწესებულება აყალიბებს საკუთარ ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემას, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს რამდენიმე მნიშნელოვან პრინციპს:

 ა) დაწესებულების ბიუჯეტს პროგრამის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული პოლიტიკისა და სტანდარტების შესაბამისად, პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში განკარგავს ბიუჯეტის განმკარგავი;

 ბ) ბიუჯეტის მომზადება უნდა მოხდეს პროგრამის ხელმძღვანელის, ბიუჯეტის განმკარგავის, ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტის და საოპერაციო მენეჯერების უშუალო ჩართულობით, პროგრამის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად;

 გ) პროგრამის შედეგიანობის და ბიუჯეტის მაჩვენებლების კონტროლი უნდა განხორციელდეს პასუხისმგებელი მენეჯერებისა და ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტის მიერ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ბიუჯეტის მაჩვენებლებისა და პროგრამის მიზნების შესაძლო შეუსრულებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მიზეზების იდენტიფიცირება და ანალიზი.

 8. დაწესებულების ხელმძღვანელი განსაზღრავს დაწესებულების სტრუქტურული დანაყოფების და მის სისტემაში შემავალი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიზნებს და შესრულების შეფასების ინდიკატორებს. პროგრამის მიზნების, ბიუჯეტის მაჩვენებლებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების განსაზღვრა უნდა მოიცავდეს ოთხწლიან პერიოდს. მისი გადახედვა უნდა მოხდეს ყოველწლიურად, ფაქტობრივი შესრულების გათვალისწინებით.

 მუხლი 8. შეთანხმება საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში მომსახურების გაწევის შესახებ

 1. იმ შემთხვევაში, თუ ბიუჯეტის განმკარგავი არის ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაცია, დაწესებულებამ, რომლის სისტემაშიც შედის იგი, მასთან უნდა გააფორმოს „შეთანხმება საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში მომსახურების გაწევის შესახებ“ (შემდგომში – შეთანხმება), სადაც მხარეები შეთანხმდებიან მისაღწევი მიზნების და მათი შესრულების სტანდარტების შესახებ, მოცემული ბიუჯეტის ფარგლებში.

 2. შეთანხმება უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

 ა) საბიუჯეტო პროგრამის შესრულების ფარგლებში, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელი აქტივობების მასშტაბი, ხარისხი და სპეციფიკური მოთხოვნები (თუ ასეთის განსაზღვრა შესაძლებელია);

 ბ) დაწესებულების მიზნები (კონკრეტული დროის პერიოდისთვის), შეფასების ინდიკატორები, მოსალოდნელი შედეგები და რისკები;

 გ) დაწესებულებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის უფლებები და მოვალეობები და მათ შესახებ შესაბამისი ანგარიშგება. ანგარიშგების სიხშირე განისაზღვრება ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლის შესაბამისად და უნდა მოიცავდეს როგორც ფინანსურ, ასევე შინაარსობრივ (მაგ., განხორციელებული აქტივობების ხარისხობრივი მაჩვენებლები, სტანდარტებთან შესაბამისობა და სხვ.) ნაწილებს;

 დ) როგორც დაწესებულების, ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციის პასუხისმგებელობის ფარგლები. ამასთან, უნდა განისაზღვროს შუალედური და საბოლოო შედეგების მონიტორინგის სისტემა.

 მუხლი 9. მენეჯერული კონტროლის დანერგვა

 1. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მეორე ეტაპია მენეჯერული კონტროლი, რომელიც მოიცავს პირველ ეტაპზე განსაზღვრული მენეჯერული პასუხისმგებლობების სტრუქტურის გაუმჯობესებას გაზრდილი პასუხისმგებლობის დელეგირების საშუალებით, ასევე, საოპერაციო ერთეულების ჩართულობის გაზრდას ეფექტური კონტროლის მექანიზმების შემუშავების, რისკის მართვისა და ანგარიშგების პროცესში.

 2. მენეჯერული კონტროლი არის პროცესი, რომლის მიზანია დაწესებულების ყველა იერარქიულ საფეხურზე მენეჯერული სტრუქტურის სრულყოფა, რაც ხელს შეუწყობს თითოეულ ღონისძიებაზე პასუხისმგებელი პირების უფლებამოსილებების გამიჯვნასა და დაწესებულების მიზნების მიღწევას ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის პრინციპების დაცვით. დაწესებულების ყველა იერარქიულ საფეხურზე მდგომი ხელმძღვანელის მოვალეობაა დაწესებულების სტრატეგიის შესაბამისი ადეკვატური მიზნების დასახვა, რომლებიც მიღწევადია დროის მოცემულ პერიოდში, არსებული ბიუჯეტის გათვალისწინებით.

 3. დაწესებულების ყველა იერარქიულ საფეხურზე მდგომმა ხელმძღვანელმა მიზნების განსაზღვრის პროცესში უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები:

· რისკები, რომლებიც ხელს უშლიან მიზნების მიღწევას;

· დაწესებულების მენეჯერული ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცულობა;

· დაწესებულების ოპერაციების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან;

· დაწესებულების რესურსების დანაკარგების, დაზიანებისა და არასწორად გამოყენებისაგან დაცულობა.

 4. დაწესებულების ყველა იერარქიულ საფეხურზე მდგომი ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მენეჯერული კონტროლის სისტემის ეფექტურ დანერგვასა და ფუნქციონირებაზე, სადაც მენეჯერული კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების აუცილებელი ელემენტებია:

· კონკრეტული (Specific), გაზომვადი (Measurable), განხორციელებადი (Achievable), შესაფერისი (Relevant) და დროში გაწერილი (Time bound) მიზნების (SMART) განსაზღვრა, რომლებიც შესაბამისობაშია არსებულ ბიუჯეტთან და განხორციელებადია გარკვეული დროის მონაკვეთში;

· დასახული მიზნების თანხვედრა პროგრამის მიზნებთან და დაწესებულების სტრატეგიასთან. ზემდგომ მენეჯერთან შეთანხმებული უნდა იყოს ოპერაციული მენეჯერისთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობები, რესურსები, პასუხისმგებლობები და მისი საქმიანობის შეფასების ინდიკატორები;

· იმ შემთხვევაში, თუ მენეჯერი პასუხისმგებელია უზრუნველყოს მომსახურების შესრულების სტანდარტების დაკმაყოფილება, მაშინ იგი ვალდებულია წინასწარ შეათანხმოს/დააზუსტოს აღნიშნული სტანდარტები და უზრუნველყოს სტანდარტებისა და მის განკარგულებაში არსებული ბიუჯეტის შესაბამისობა;

· ოპერაციულ მენეჯერს დასახული მიზნების მიღწევისათვის უნდა გააჩნდეს დელეგირებული პასუხისმგებლობების თანაზომიერი უფლებამოსილება. ოპერაციულ მენეჯერს უნდა გააჩნდეს აუცილებელი/შესაბამისი ინფორმაციული სისტემის მხარდაჭერა, რათა მან შეძლოს როგორც ბიუჯეტის, ასევე განხორციელებული აქტივობების კონტროლი და შეფასება;

· ოპერაციულმა მენეჯერმა უნდა გაითვალისწინოს ასევე მის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები და მოახდინოს მათი მართვა;

· უნდა არსებობდეს შესაბამისი ანგარიშგების სისტემა, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ შედეგების ანგარიშგებას, არამედ წარდგენილი ანგარიშგების შეფასებასა და შედეგების ანალიზს/ანალიტიკურ დამუშავებას.

 5. ყველა იერარქიულ საფეხურზე მდგომმა ხელმძღვანელმა დაწესებულების ხელმძღვანელს ყოველწლიურად უნდა წარუდგინოს ანგარიში მენეჯერული კონტროლის სისტემის დანერგვისა და რისკის მართვასთან დაკავშირებული პროცედურების ეფექტურობის შესახებ. დაწესებულების ხელმძღვანელი თავის მხრივ აღნიშინულ ანგარიშს ყოველწლიურად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

 მუხლი 10. ფინანსური მართვის სისტემის დანერგვა

 1. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მესამე ეტაპს წარმოადგენს ფინანსური მართვის სისტემის დანერგვა დაწესებულებაში. იგი წარმოადგენს ტექნიკურად ყველაზე რთულ და კომპლექსურ ეტაპს, თუმცა უზრუნველყოფს წინაპირობების შექმნას რესურსების (value for money) ყველაზე ეფექტიანი გამოყენებისათვის.

 2. ფინანსური მართვის სისტემის მეშვეობით დაწესებულების საქმიანობის ფინანსური ასპექტები მიმართულია დაწესებულების მიზნების მაქსიმალურად ეფექტიანად მიღწევისკენ. აღნიშნული ეტაპი უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს ოპერაციული მენეჯერის, ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და დაწესებულების ხელმძღვანელის საქმიანობის სრულყოფაზე.

 3. ფინანსური მართვა მოიცავს:

 ა) ხარჯვითი ცენტრების იდენტიფიცირებას. ხარჯვითი ცენტრი, თავის მხრივ, გულისხმობს დაწესებულების კონკრეტულ, იდენტიფიცირებად სტრუქტურულ დანაყოფს ან დაწესებულების სიტემაში შემავალ საბიუჯეტო ორგანიზაციას, რომელიც აგენერირებს გარკვეულ სახსრებს/შემოსულობებს და, შესაბამისად, ახორციელებს არსებული რესურსების ხარჯვას;

 ბ) ფინანსურ ანალიზს, რომელიც მოიცავს რესურსების განაწილების ფინანსური შედეგების ანალიზს, რომელიც მიმართულია დაწესებულების პროცესების სრულყოფის, ალტერნატიული დანახარჯების გამოვლენისა და ხარჯვითი ცენტრების ანალიზისკენ;

 გ) სტრატეგიულ ფინანსურ მართვას, რომელიც გამოიყენება გრძელვადიანი ბიუჯეტირების დროს და თვისობრივად განსხვავდება საშუალო ვადიანი ფინანსური დაგეგმვისგან. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მესამე ეტაპზე ხდება ბიუჯეტის ფორმირება არა მისი ლიმიტიდან გამომდინარე, არამედ სტრატეგიული მიზნებისა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიხედვით, რომელიც მოითხოვს კომპლექსურ ფინანსურ ანალიზზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის გამოყენებას.

 4. ფინანსური გადაწყვეტილების მიმღებს წარმოადგენს კონკრეტული პროგრამის ან ხარჯვითი ცენტრის ხელმძღვანელი და არა ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მესამე ეტაპზე ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტის ხელმძღვანელის ერთ-ერთ მოვალეობად განისაზღვრება დაწესებულების ყველა იერარქიულ საფეხურზე მდგომი ხელმძღვანელისთვის ფინანსური რჩევების დროული მიწოდება, რათა უზრუნველყოფილ იქნას ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება. ამას განაპირობებს ის ფაქტი რომ, გადაწყვეტილების მიმღები, თავისთავად, არის პირი, რომელიც ყველაზე უკეთ განსაზღვრავს თავისი ოპერაციული ერთეულისთვის საჭირო და რელევანტურ აქტივობებსა და ოპერაციებს.

 5. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მესამე ეტაპზე მნიშვნელოვნად იცვლება ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტის როლი. იგი ბიუჯეტის მაკოორდინირებელი და სააღრიცხვო სისტემის წარმმართველი სამსახურის/დეპარტამენტის ფუნქციასთან ერთად ითავსებს ფინანსური მრჩევლის როლს. აღნიშნული სამსახურის/დეპარტამენტის ხელმძღვანელი ახდენს ხარჯების განმსაზღვრელი ფაქტორების იდენტიფიცირებას, ფინანსურ ანალიზს და უშუალოდაა ჩართული ფინანსური სტრატეგიის შემუშავებაში, რათა უზრუნველყოს სამოქმედო გეგმისა და დანახარჯების სწორი განსაზღვრა. ფინანსური სამსახური/დეპარტამენტი ასევე უზრუნველყოფს ფინანსური კონტროლის ყველა ასპექტის სრულყოფილ და გამართულ ფუნქციონირებას დაწესებულების მასშტაბით. ამ პროცედურის ფარგლებში იგი მჭიდროდ თანამშრომლობს შიდა აუდიტის სუბიექტთან. თანამშრომლობა მოიცავს „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით შიდა აუდიტის სუბიექტისთვის განსაზღვრული საქმიანობის ფარგლებში თანამშრომლობას. ამასთანავე, ფინანსური სამსახური/დეპარტამენტი არის დაწესებულების ხელმძღვანელისა და პროგრამის ხელმძღვანელების მთავარი მრჩეველი ფინანსურ საკითხებში.

 6. ყველა დაწესებულების ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტის ხელმძღვანელი უნდა იყოს მაღალკვალიფიციური პროფესიონალი, რომელსაც გააჩნია ფინანსური ანალიზის სიღრმისეული ცოდნა.

 7. დაწესებულების/პროგრამის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია დაწესებულების სტრატეგიის ეფექტურ განხორციელებასა და მიზნების მიღწევაზე, რომელიც ეყრდნობა ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ ანალიზსა და მიწოდებულ ინფორმაციას.

 8. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის შემდგომ ძირითადი აქცენტი გაკეთდება დაწესებულებაში პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდაზე, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს დაწესებულების გაუმჯობესებული ხარისხის ფინანსურ/საოპერაციო ინფორმაციას და მენეჯერული აღრიცხვის ინფორამაციის მიღებასა და გამოყენებას. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მესამე ეტაპზე პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის ზრდის პროცესში აღსანიშნავია ანგარიშვალდებულების დელეგირების მაქსიმალური ზრდა და თითოეული მენეჯერის კომპეტენციის ფარგლებში რისკის მართვის უზრუნველყოფა. აღნიშნული ძირითადად გულისხმობს იმ ფაქტორების იდენტიფიცირებასა და მართვას, რომლებიც ხელს უშლის დაწესებულებას დასახული მიზნების მიღწევაში შეზღუდული დროის, სტანდარტებისა და მატერიალური რესურსების პირობებში.

 მუხლი 11. შიდა აუდიტი

 1. შიდა აუდიტი არის შიდა კონტროლის ერთ-ერთი კომპონენტის – მონიტორინგისა და შეფასების ნაწილი, რომელიც იძლევა დამოუკიდებელ, ობიექტურ და გონივრულ რწმუნებას ხელმძღვანელობისთვის დაწესებულების შიდა კონტროლის სისტემის გამართულად ფუნქციონირების თაობაზე. შიდა აუდიტის პასუხისმგებლობის ხარისხი ფინანსურ მართვასა და კონტროლთან მიმართებით, დამოკიდებულია იმაზე, თუ ჩამოყალიბების რომელ ეტაპზეა აღნიშნული სისტემა. შიდა აუდიტი არ იღებს მონაწილეობას ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებაში. იგი აფასებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მიმდინარეობას, ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ეტაპების შესაბამისად.

 2. შიდა აუდიტი აფასებს შიდა კონტროლის ეფექტიანობას და პროდუქტიულობას დაწესებულების მიზნებთან მიმართებით, სისტემის დანერგვის სხვადასხვა ეტაპზე, შემდეგი მიმართულებებით:

 ა) შეესაბამება თუ არა დაწესებულების სტრატეგიული გეგმით განსაზღვრული მიზნები მთავრობის მიზნებს;

 ბ) სტრატეგიული/საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის საფუძველზე თითოეული პროგრამისთვის (ქვეპროგრამისთვის) განსაზღვრული მიზნები არის თუ არა კონკრეტული (Specific), გაზომვადი (Measurable), მიღწევადი (Achievable), შესაფერისი (Relevant) და დროში გაწერილი (Time bound);

 გ) თანხვედრაშია თუ არა მენეჯმენტის სტრუქტურა დაწესებულების მიზნებთან;

 დ) აქვთ თუ არა ხელმძღვანელ პირებს დელეგირებული მიზნების მისაღწევად საჭირო უფლებამოსილება;

 ე) ხორციელდება თუ არა რისკის მართვა დაწესებულების ყველა დონეზე როგორც თითოეული სტრუქტურული დანაყოფის, ასევე მთლიანად დაწესებულების მიზნებთან მიმართებით;

 ვ) რა კონტროლის ღონისძიებები არსებობს იმ რისკების შესამცირებლად, რომლებიც დაკავშირებულია პროცესების განხორციელებასთან;

 ზ) რამდენად სრულყოფილი და სანდოა საკომუნიკაციო არხები და ინფორმაციული ნაკადი დაწესებულებაში, რაც მიზნების მისაღწევად არის აუცილებელი;

 თ) ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, არსებობს თუ არა შეთანხმება პროგრამის ხელმძღვანელსა და ბიუჯეტის განმკარგავს შორის საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში მომსახურების გაწევის შესახებ და მოიცავს თუ არა ის მიზნებს, შესრულების ინდიკატორებს და ანგარიშგების სისტემას;

 ი) არსებობს თუ არა ანგარიშგების სისტემა;

 კ) ხელმძღვანელი პირები უზრუნველყოფენ თუ არა მიზნების მიღწევას არა მხოლოდ დროის, სტანდარტებისა და ბიუჯეტის შესაბამისად, არამედ ასევე ეფექტიანად და პროდუქტიულად.

 მუხლი 12. ანგარიშგება

 1. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ფარგლებში ანგარიშგების ჩამოყალიბების მიზანია დაწესებულების ხელმძღვანელობისთვის სანდო და დროული ინფორმაციის მიწოდება, როგორც ცალკეული პროგრამის ბიუჯეტის შესრულებისა და პროგრამის შედეგიანობის, ისე დაწესებულებაში ფინანსური მართვისა და კონტროლის დანერგვის და არსებული მდგომარეობის შესახებ, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ფინანსური და საოპერაციო შედეგების დროული და ეფექტიანი ანალიზი, ასევე აღნიშნული ინსტრუქციის პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა, ხარვეზების დროული იდენტიფიცირება, აღმოფხვრა და არსებული სისტემის მუდმივი სრულყოფა.

 2. ამ ინსტრუქციის მიზნებიდან გამომდინარე, დაწესებულებაში ფინანსური მართვისა და კონტროლის ანგარიშგების პროცესი ორ დონეზე ხორციელდება:

 ა) ქვედა დონეზე – ბიუჯეტის განმკარგავი ანგარიშს წარუდგენს პროგრამის ხელმძღვანელს, იმ შემთხვევაში, თუ ბიუჯეტის განმკარგავი და პროგრამის ხელმძღვანელი სხვადასხვა პირია;

 ბ) ზედა დონეზე – პროგრამის ხელმძღვანელი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახდენს მისთვის წარმოდგენილი ანგარიშების კონსოლიდაციას, რომელსაც უგზავნის დაწესებულების ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომელიც, თავის მხრივ, ახდენს მისთვის გაგზავნილი ანგარიშების კონსოლიდაციას და წარდგენას სისტემის კოორდინატორისათვის. სისტემის კოორდინატორი ანგარიშგებას ახდენს დაწესებულების ხელმძღვანელთან, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ხელმძღვანელი ან სისტემის კოორდინატორი არაა დაწესებულების ხელმძღვანელი.

 3. ანგარიშგების პროცესში საბიუჯეტო ორგანიზაციის ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბიუჯეტის განმკარგავი ამზადებს ანგარიშს და წარუდგენს პროგრამის ხელმძღვანელს. ბიუჯეტის განმკარგავისაგან მიღებული ანგარიშის საფუძველზე, პროგრამის ხელმძღვანელი, თავისი პროგრამის ფარგლებში, კონსოლიდირებულ ანგარიშს უგზავნის დაწესებულების ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს დაწესებულების მასშტაბით მიღებული ანგარიშების კონსოლიდაციას, ანალიზს, თან ურთავს კომენტარებს, მოსაზრებებს და განმარტებებს. ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტის ხელმძღვანელი შეჯამებულ საბოლოო ანგარიშს უგზავნის სისტემის კოორდინატორს დაწესებულების ხელმძღვანელთან წარსადგენად. ზედა დონეზე ანგარიში თავისი შინაარსით უფრო ანალიტიკურია და ნაკლებად დეტალიზებული, ვიდრე ქვედა დონის ანგარიში. ამ ინსტრუქციის მიზნებიდან გამომდინარე, დაწესებულებაში ანგარიშგება ხორციელდება შემდეგი პერიოდულობით:

 ა) ყოველთვიურად;

 ბ) კვარტალურად;

 გ) წლიურად.

 4. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის თითოეული ეტაპისთვის ანგარიშგების ძირითადი შემადგენელი ელემენტები და პასუხისმგებელი პირები განისაზღვრება შესაბამისი ეტაპის ჩამოყალიბების წესებსა და პროცედურებში.

 5. ფინანსური მართვისა და კონტროლის ანგარიშების ფორმებს ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

 მუხლი 13. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვისა და განვითარების შესახებ წლიური ანგარიში

 1. წლიური ანგარიშის მიზანია ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის, განვითარებისა და ფუნქციონირების, ასევე განხორციელებული ქმედებების ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა დაწესებულების ხელმძღვანელისათვის.

 2. წლიურ ანგარიშს ამზადებს ფინანსური სამსახური/დეპარტამენტი და წარუდგენს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის კოორდინატორს, დაწესებულების ხელმძღვანელთან წარსადგენად.

 3. წლიური ანგარიშის შინაარსი დამოკიდებულია იმაზე, თუ ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის რომელ ეტაპზე იმყოფება დაწესებულება.

 4. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვისა და განვითარების შესახებ წლიური ანგარიში მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

 მუხლი 14. გარდამავალი დებულებები

 2020 წლამდე ეს ინსტრუქცია ვრცელდება მხოლოდ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულ მხარჯავ დაწესებულებაზე, გარდა ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროგრამული კლასიფიკაციის პირველი თანრიგით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა.

დანართი N1

ფინანსური კონტროლის ჩამოყალიბების წესები და პროცედურები

 მუხლი 1. ზოგადი დებულებები

 1. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების პირველ ეტაპს წარმოადგენს დაწესებულებებში ფინანსური კონტროლის დანერგვა, რომელიც გულისხმობს არსებული ფინანსური კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებას და ფინანსურ საკითხებზე მენეჯერული ანგარიშვალდებულების დანერგვას.

 2. დაწესებულების ყველა იერარქიულ საფეხურზე მდგომი ხელმძღვანელი პასუხისმგებელია ზემდგომი ხელმძღვანელის წინაშე მის მიერ განხორციელებული ქმედებისა და სახსრების კანონიერი, ეკონომიური, ეფექტური და პროდუქტიული მართვის გზით დაწესებულების მიზნების მიღწევისა და ამოცანების შესრულებისათვის.

 მუხლი 2. ფინანსური კონტროლის ჩამოყალიბების და განვითარების პროცედურა

 1. დაწესებულების ხელმძღვანელი არის უმაღლესი რგოლის ხელმძღვანელი, რომელიც განკარგავს სახსრებს პროგრამული ბიუჯეტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და პასუხისმგებელია პროგრამების განხორციელებასა და საბოლოო შედეგების მიღწევაზე.

 2. დაწესებულებებს პროგრამული ბიუჯეტის მიხედვით გააჩნიათ პროგრამები. თითოეულ პროგრამას უნდა ჰყავდეს პროგრამის ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაზე.

 3. პროგრამა, თავის მხრივ, შეიძლება შედგებოდეს ქვეპროგრამებისგან, რომლებსაც გააჩნიათ ბიუჯეტი და მათ უშუალო განხორციელებაზე პასუხისმგებელია ბიუჯეტის განმკარგავი. პროგრამის ხელმძღვანელი პასუხისმეგებლია პროგრამის/ქვეპროგრამის მართვაზე (მიზნების შესრულებაზე, მონიტორინგზე და ინფორმაციის კონსოლიდაციაზე). ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამას არ გააჩნია ქვეპროგრამა, პროგრამას მაინც უნდა მართავდეს პროგრამის ხელმძღვანელი, ხოლო ახორციელებდეს – ბიუჯეტის განმკარგავი.

 4. პროგრამის ხელმძღვანელი წარმოადგენს დაწესებულების პროგრამული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირს, ხოლო ქვეპროგრამების არსებობის შემთხვევაში – ქვეპროგრამების მაკოორდინირებელ პირს. იგი განსაზღვრავს ქვეპროგრამების ბიუჯეტის განმკარგავებს და პასუხისმგებელია იმაზე, რომ მათი საქმიანობის შედეგები თანხვედრაში იყოს დაწესებულების პროგრამით გათვალისწინებულ მიზნებთან. პროგრამის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია დაწესებულების ხელმძღვანელის წინაშე.

 5. ბიუჯეტის განმკარგავი არის პირი, რომელიც განკარგავს პროგრამის/ქვეპროგრამის მიზნების მისაღწევად გათვალისწინებულ სახსრებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს პროგრამის/ქვეპროგრამის მიზნების მიღწევისთვის საჭირო ღონისძიებებს. იგი ახდენს პასუხისმგებლობის დელეგირებას ოპერაციულ მენეჯერებზე და ანგარიშვალდებულია პროგრამის ხელმძღვანელის და დაწესებულების ხელძღვანელის წინაშე. 

 6. პროგრამის ფარგლებში ქვეპროგრამების განმახორციელებელი შესაძლებელია იყოს ამავე დაწესებულების სისტემაში შემავალი რამდენიმე საბიუჯეტო ორგანიზაცია.

 7. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამას/ქვეპროგრამას ახორციელებს დაწესებულების სისტემაში შემავალი საბიუჯეტო ორგანიზაცია, პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელსა და შემსრულებელ მხარეს შორის უნდა გაფორმდეს შეთანხმება საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში მომსახურების გაწევის შესახებ.

 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება უნდა გაფორმდეს მიუხედავად იმისა, იღებს თუ არა დაფინანსებას აღნიშნული ორგანიზაცია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 9. დაწესებულების ხელმძღვანელი ადგენს ფინანსური კონტროლის სისტემის ფარგლებში არსებული პასუხისმგებლობების განაწილებას, სადაც განსაზღვრულია პროგრამის ხელმძღვანელის, ბიუჯეტის განმკარგავის, ოპერაციული მენეჯერის, სხვა ანგარიშვალდებული მენეჯერების უფლებამოსილება, პასუხისმგებლობა და ანგარიშგების კომპეტენცია.

 მუხლი 3. ფინანსურ კონტროლში ჩართული პირების ფუნქციები

 1. დაწესებულების ხელმძღვანელის ფუნქციებია:

 ა) უზრუნველყოს დაწესებულების საქმიანობის გრძელვადიანი მიზნების, სტრატეგიისა და პრიორიტეტების განსაზღვრა;

 ბ) დაწესებულების სტრუქტურული დანაყოფების და დაწესებულების სისტემაში შემავალი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიზნებისა და მათი შესრულების შეფასების ინდიკატორების განსაზღვრა;

 გ) დასახული მიზნების მისაღწევად სათანადო და ადეკვატური პროგრამების განსაზღვრა და ღონისძიებების შემუშავების ფუნქციის პროგრამის ხელმძღვანელებზე დელეგირება.

 2. პროგრამის ხელმძღვანელის ფუნქციებია:

 ა) პროგრამის მიზნების, პოლიტიკისა და სტრატეგიის განსაზღვრა, რომელიც შეესაბამება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ მიზნებს, პოლიტიკას და სტრატეგიას;

 ბ) პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯების შეთანხმება, რომელიც შეესაბამება პროგრამის მიზნებს, ან პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობების შედეგების შეფასების ინდიკატორებს;

 გ) პროგრამის ბიუჯეტის განმკარგავთან შეთანხმების გაფორმება საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში მომსახურების გაწევის შესახებ (თუ აღნიშნული პროგრამა ხორციელდება დაწესებულების სისტემაში შემავალი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ);

 დ) კომპეტენციის ფარგლებში (დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით), მენეჯერული სტრუქტურის ჩამოყალიბება;

 ე) პროგრამების განმახორციელებელი საბიუჯეტო ორგანიზაციების საქმიანობის დაწესებულების პოლიტიკასა და წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

 ვ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს დაწესებულების სტრატეგიის, პოლიტიკისა და ფინანსური კონტროლის ღონისძიებების განხორციელება თანაზომიერი მენეჯერული ანგარიშვალდებულების ფარგლებში;

 ზ) პროგრამით განსაზღვრული მიზნების მიღწევისა და პოლიტიკის ეფექტიანად, პროდუქტიულად და ეკონომიურად განხორციელების უზრუნველყოფა.

 3. ბიუჯეტის განმკარგავის ფუნქციებია:

 ა) დაწესებულების სტრატეგიისა და პოლიტიკის შესაბამისად, პროგრამით გათვალისწინებული მიზნების ეფექტიანად, ეკონომიურად და პროდუქტიულად მიღწევისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

 ბ) პროგრამის ხელმძღვანელთან შეთანხმების გაფორმება საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში მომსახურების გაწევის შესახებ (თუ აღნიშნული პროგრამა ხორციელდება დაწესებულების სისტემაში შემავალი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ);

 გ) ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში უშუალო ჩართულობა;

 დ) კომპეტენციის ფარგლებში, პროგრამის ხელმძღვანელთან შეთანხმებით მენეჯმენტის სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს დასახული მიზნების ეკონომიურად და ეფექტიანად მიღწევას;

 ე) გაწეული ხარჯებისა და მათი გამომწვევი ძირითადი წყაროების ადეკვატურობის/შესაბამისობის განსაზღვრა;

 ვ) საბიუჯეტო დანახარჯებისა და შემოსავლების განსაზღვრული ხარჯების ზღვრული ოდენობის ფარგლებში შენარჩუნება. აღნიშნული ხარჯების ზღვრული ოდენობის დაუცველობის შემთხვევაში უფლებამოსილი პირისგან შესაბამისი ნებართვის მიღება;

 ზ) დაწესებულების აქტივების დაცულობისა და პროდუქტიულად გამოყენების უზრუნველყოფა;

 თ) ხარჯებისა და შემოსავლების, სულ მცირე, ყოველთვიური მონიტორინგი;

 ი) ფინანსური რეგულაციებით გათვალისწინებული უფლებამოსილების დელეგირება ოპერაციულ მენეჯერებზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დაწესებულების სტრატეგიის, პოლიტიკისა და ფინანსური კონტროლის ღონისძიებების განხორციელება თანაზომიერი მენეჯერული ანგარიშვალდებულების მექანიზმებით.

 4. ოპერაციული მენეჯერის ფუნქციებია:

 ა) ფინანსურ სამსახურთან/დეპარტამენტთან ერთად ბიუჯეტის მომზადების პროცესში ჩართულობა;

 ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ბიუჯეტით გათვალისწინებული შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობა, რომელიც მოიცავს შესყიდვის ინიცირებას, საქონელის ან/და მომსახურების მიღებას და მისი მოთხოვნილი და შესყიდული საქონლის ან/და მომსახურების შესაბამისობის უზრუნველყოფას;

 გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გაცემული ხელფასებისა და თანამშრომელთა რაოდენობის შესაბამისობის დადგენა და კონტროლი;

 დ) თავისი სტრუქტურული დანაყოფის ბალანსზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა აქტივების სათანადო დაცვა და გამოყენება მხოლოდ დაწესებულების ინტერესების შესაბამისად;

 ე) თავისი სტრუქტურული დანაყოფის ფარგლებში ფინანსური რეგულაციების გაცნობის და მათი პრაქტიკაში დანერგვის უზრუნველყოფა.

 5. რეფორმის პირველი ეტაპისთვის ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტის ფუნქციას წარმოადგენს:

 ა) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განმახორციელებელ ყველა რგოლთან (დაწესებულების ხელმძღვანელთან, პროგრამის ხელმძღვანელთან, ბიუჯეტის განმკარგავთან) კოორდინირებული თანამშრომლობა ფინანსური ინფორმაციის გაცვლის, ანგარიშგებისა და ბიუჯეტის შესრულების ანალიზის მიზნით;

 ბ) პროგრამის ხელმძღვანელის ან/და ბიუჯეტის განმკარგავის მხარდაჭერა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში;

 გ) პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად შემოსავლებისა და ხარჯების კონტროლი. ხარჯების ზღვრული ოდენობის ფარგლებში მოსალოდნელი შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და პრევენციის გეგმის შემუშავება;

 დ) სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებისგან არსებულ თანამშრომელთა რაოდენობისა და გასაცემი ხელფასების შესაბამისობაზე დასტურის მიღება;

 ე) დაწესებულების ფინანსური საქმიანობისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის თავსებადობის უზრუნველყოფა;

 ვ) დაწესებულებაში ფინანსური რეგულაციების სწორად და სრულად დანერგვის უზრუნველყოფა;

 ზ) დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დროული მომზადება და შესაბამისი პროცედურების განხორციელება;

 თ) ფინანსური/საოპერაციო შედეგებისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შესახებ ანგარიშგება;

 ი) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის კოორდინატორის მხარდაჭერა ფინანსური მართვისა და კონტროლის გეგმის მომზადების, მისი დანერგვის, განვითარების და განხორციელების მონიტორინგის პროცესში;

 კ) ჰარმონიზაციის ცენტრთან თანამშრომლობა.

 მუხლი 4. ანგარიშგება

 1. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ფარგლებში ანგარიშგების ჩამოყალიბების მიზანია დაწესებულების ხელმძღვანელობისთვის სანდო და დროული ინფორმაციის მიწოდება როგორც ცალკეული პროგრამის ბიუჯეტის შესრულებისა და პროგრამის შედეგიანობის, ისე დაწესებულებაში ფინანსური მართვისა და კონტროლის დანერგვის და არსებული მდგომარეობის შესახებ.

 2. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის მიზნებიდან გამომდინარე, დაწესებულებაში ანგარიშგების პროცესი ხორციელდება ორ დონეზე:

 ა) ქვედა დონეზე – ბიუჯეტის განმკარგავი ანგარიშს წარუდგენს პროგრამის ხელმძღვანელს, იმ შემთხვევაში, თუ ბიუჯეტის განმკარგავი და პროგრამის ხელმძღვანელი სხვადასხვა პირია;

 ბ) ზედა დონეზე – პროგრამის ხელმძღვანელი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახდენს მისთვის წარმოდგენილი ანგარიშების კონსოლიდაციას, რომელსაც უგზავნის დაწესებულების ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომელიც, თავის მხრივ, ახდენს მისთვის გაგზავნილი ანგარიშების კონსოლიდაციას და წარდგენას სისტემის კოორდინატორისათვის. სისტემის კოორდინატორი ანგარიშგებას ახდენს დაწესებულების ხელმძღვანელთან, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ხელმძღვანელი ან სისტემის კოორდინატორი არაა დაწესებულების ხელმძღვანელი.

 3. ფინანსური მართვისა და კონტროლის ანგარიშგების პროცესში დაწესებულების სიტემაში შემავალი საბიუჯეტო ორგანიზაციის ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბიუჯეტის განმკარგავი ამზადებს ანგარიშს და წარუდგენს პროგრამის ხელმძღვანელს. ბიუჯეტის განმკარგავისაგან მიღებული ანგარიშის საფუძველზე პროგრამის ხელმძღვანელი, თავისი პროგრამის ფარგლებში, კონსოლიდირებულ ანგარიშს უგზავნის დაწესებულების ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომელიც, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს დაწესებულების მასშტაბით მიღებული ანგარიშების კონსოლიდაციას, ანალიზს, თან ურთავს კომენტარებს, მოსაზრებებსა და განმარტებებს. დაწესებულების ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტის ხელმძღვანელი შეჯამებულ საბოლოო ანგარიშს უგზავნის სისტემის კოორდინატორს დაწესებულების ხელმძღვანელისთვის წარსადგენად. ზედა დონეზე ანგარიში თავისი შინაარსით უფრო ანალიტიკურია და ნაკლებად დეტალიზებული, ვიდრე ქვედა დონის ანგარიში.

 4. დაწესებულებაში ანგარიშგება ხორციელდება შემდეგი პერიოდულობით:

 ა) ყოველთვიურად;

 ბ) კვარტალურად;

 გ) წლიურად.

 5. ყოველთვიური ანგარიშის მიზანია დაწესებულების ხელმძღვანელის ინფორმირებულობა დაწესებულების მიერ განხორციელებული პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების შედეგების შესახებ. იგი წარმოადგენს შიდა მოხმარების დოკუმენტს და მოიცავს:

 ა) ინფორმაციას დასახული პროგრამის მიზნების და პროგრამის ეფექტურად განხორციელებისთვის დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, რომლებიც შესაბამისობაშია დაწესებულების სტრატეგიასა და პოლიტიკასთან;

 ბ) ინფორმაციას მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის შესახებ, პროგრამების მიმდინარე და დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებლების შედარებას;

 გ) ანგარიშგების თარიღისთვის პროგრამის შესრულების შედეგების შედარებას პროგრამის ინდიკატორებთან;

 დ) წლის ბოლოსათვის მოსალოდნელი ფინანსური და შედეგიანობის მაჩვენებლების განახლებულ პროგნოზს ადმინისტრაციული და საინვესტიციო ხარჯებისა და შემოსავლებისათვის;

 ე) ფინანსურ და ოპერაციულ საქმიანობებში ბიუჯეტთან მიმართებით გამოვლენილი არსებითი სხვაობების დასაბუთებას;

 ვ) დაგეგმილი ბიუჯეტის გადაცდომების შემთხვევაში მაკორექტირებელი ღონისძიებების გეგმის წარდგენას;

 ზ) ინფორმაციას მოულოდნელი/დაუგეგმავი მოვლენების შესახებ, რომლებმაც გავლენა მოახდინეს დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებლების შესრულებაზე;

 თ) ახალი პოლიტიკისა და საინვესტიციო წინადადებების შეთავაზებას, ფინანსური მაჩვენებლების ანალიზს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 6. კვარტალური ანგარიშის მიზანია დაწესებულების ხელმძღვანელის ინფორმირებულობა დაწესებულების მიერ განხორციელებული პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების შედეგებისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შესახებ. იგი წარმოადგენს შიდა მოხმარების დოკუმენტს და ყოველთვიურ ანგარიშში ასახული ინფორმაციის გარდა დამატებით მოიცავს ინფორმაციას:

 ა) დაწესებულების საოპერაციო საქმიანობის ეფექტიანობის, დაწესებულების სისტემაში შემავალი საბიუჯეტო ორგანიზაციის ფინანსური/ოპერაციული აღრიცხვის სისტემის შესახებ, მათ შორის, ადმინისტრაციული და ოპერაციული საქმიანობით გამოწვეული დანაკარგების, მატერიალური და არამატერიალური აქტივების არასათანადო გამოყენების, დატაცების და გაფლანგვის შესახებ;

 ბ) საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი ფინანსური კონტროლის არსებითი სისუსტეების, მათ მიერ გამოწვეული შედეგებისა და ამ სისუსტეების აღმოფხვრისათვის გატარებული ღონისძიებების შესახებ;

 გ) ნებისმიერი სამართალდარღვევის (მათ შორის, კორუფციული/თაღლითური) ქმედების გამოვლენის შესახებ; 

 დ) აუდიტორულ ანგარიშებში ასახული რეკომენდაციების შედეგად განხორციელებული და შესასრულებელი ღონისძიებების შესახებ.

 მუხლი 5. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვისა და განვითარების შესახებ წლიური ანგარიში

 1. წლიური ანგარიშის მიზანია ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის, განვითარებისა და ფუნქციონირების, ასევე განხორციელებული ქმედებების ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა დაწესებულების ხელმძღვანელისათვის.

 2. წლიურ ანგარიშს ამზადებს დაწესებულების ფინანსური სამსახურის/დეპარტამენტის ხელმძღვანელი და წარუდგენს დაწესებულების ხელმძღვანელს.

 3. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვისა და განვითარების შესახებ წლიური ანგარიში, ფინანსური კონტროლის ეტაპის დანერგვის ფარგლებში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:

 ა) პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში კონკრეტულ პასუხისმგებელ პირებს შორის უფლებამოსილების გადანაწილების შესახებ, ასევე თითოეული მათგანისთვის განსაზღვრული ბიუჯეტის განმკარგავების შესახებ;

 ბ) უფლებამოსილების დელეგირების ხარისხისა და ანგარიშვალდებულების სისტემის შესახებ;

 გ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის მონაწილე სუბიექტებისთვის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის გაცნობისა და პრაქტიკაში დანერგვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ (ტრენინგები, სემინარები და ა.შ);

 დ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის დროს გამოვლენილი ხარვეზებისა და მაკორექტირებელი ღონისძიებების შესახებ.


1 „შიდა კონტროლის ინტეგრირებული მოდელი“, The Committee of Sponsoring Organizations of the Tread way Commission, COSO IC- Internal Control-Integrated Framework, 2013.