„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 439-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 220020000.05.001.018330
439-IIს
10/03/2017
ვებგვერდი, 22/03/2017
220020000.05.001.018330
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) კომერციული ბანკი – საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომ – ეროვნული ბანკი) მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საბანკო საქმიანობის ლიცენზია – ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის განხორციელების ნებართვა;“;

გ) „კ2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „ლ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ2) საბანკო დღე − კალენდარული დღე, როდესაც ხორციელდება გადარიცხვის ოპერაციები ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემის საშუალებით;“;

ე) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) უცხოური სანდო ბანკი – განვითარებული ქვეყნის ბანკი, რომელსაც აქვს კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული, გარკვეული დონის ან მასზე მაღალი რეიტინგი. ეროვნული ბანკი ადგენს კომპეტენტურ საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციათა ნუსხას და თითოეული კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიხედვით განსაზღვრავს რეიტინგის დონეს;“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არავის არა აქვს უფლება, მოიზიდოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით თავისი სახელით გასცეს კრედიტები ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიის გარეშე.“.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ეროვნულ ბანკს მიმართავენ წერილობით (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უცხოური სანდო ბანკის ფილიალისა (წარმომადგენლობისა)), მის მიერ დადგენილი წესითა და ფორმით. შუამდგომლობას უნდა დაერთოს:

ა) სადამფუძნებლო დოკუმენტების დედნები ან მათი სანოტარო წესით ან აპოსტილით დამოწმებული ანდა ლეგალიზებული ასლები;

ბ) ინფორმაცია ადმინისტრატორების ამ კანონით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ;

გ) კომერციული ბანკის ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც შეიცავს მონაცემებს შესაბამისი კომერციული ბანკის განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის საკუთრებისა და წარმოშობის თაობაზე. უცხოეთის ბანკის ფილიალი წარმოადგენს ინფორმაციას სათავო ბანკის მიერ მისთვის გამოყოფილი რესურსის ოდენობის შესახებ;

დ) ამ კანონის 81 მუხლით გათვალისწინებული შესაფერისობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო მესაკუთრის, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ;

ე) ეროვნული ბანკის წესებით გათვალისწინებული დამატებითი ინფორმაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს საწესდებო კაპიტალისა და სხვა ფინანსური რესურსების, კომერციული ბანკის სათავო დაწესებულებისა და ფილიალების ადგილსამყოფლის შესახებ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც ეროვნული ბანკი დასაბუთებულად მოითხოვს კონკრეტულ შემთხვევაში;

ვ)  დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, სადაც განთავსდება კომერციული ბანკი ან მისი ფილიალი.“.

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ

1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ შუამდგომლობის მიღების დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა ეროვნული ბანკი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და მას წერილობით აცნობებს განმცხადებელს.

2. ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირზე, რომლის განაღდებული საწესდებო კაპიტალის ოდენობა და საბანკო საქმიანობის განსახორციელებლად დაკავებული ფართობი აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო ადმინისტრატორი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი შეესაბამებიან ამ კანონით განსაზღვრულ კომერციული ბანკის ადმინისტრატორისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის შესაფერისობის კრიტერიუმებს. სათავო ბანკის მიერ შესაბამისი ფილიალისათვის გამოყოფილი რესურსის ოდენობა უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

3. უცხოეთის ბანკის ფილიალზე (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უცხოური სანდო ბანკის ფილიალისა) საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თავად ბანკი უფლებამოსილია სათავო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში მიიზიდოს დეპოზიტები. ასეთ შემთხვევაში მასზე ლიცენზია გაიცემა, თუ წარმოდგენილი იქნება იმ ქვეყნის შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს თანხმობა საქართველოში ფილიალის გახსნაზე, სადაც აღნიშნული ბანკია რეგისტრირებული.

4. ეროვნული ბანკი უცხოური სანდო ბანკის ფილიალზე შესაბამისი სახეობის ლიცენზიას გასცემს მხოლოდ შემდეგი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე:

ა) დამფუძნებელი ბანკის განცხადება;

ბ)  იმ  ქვეყნის  შესაბამისი  საზედამხედველო ორგანოს  თანხმობა საქართველოში ფილიალის გახსნაზე, სადაც აღნიშნული ბანკია რეგისტრირებული;

გ) დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ დამფუძნებელ ბანკს, მინიჭებული რეიტინგის თანახმად, ამ კანონიდან გამომდინარე, ენიჭება  უცხოური სანდო ბანკის სტატუსი;

დ) ფილიალის ადმინისტრატორების დანიშვნის აქტი;

ე) იმ პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც წარადგენს ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.

5. უცხოური სანდო ბანკის ფილიალზე ვრცელდება ეროვნული ბანკის მიერ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისათვის დაწესებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები.“.

5. 41 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნორმატიული აქტით განსაზღვროს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის დამატებითი კრიტერიუმები.“.

6. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემისას მას გარკვეული პირობები და შეზღუდვები დაურთოს, თუ სრულად არ არის დაკმაყოფილებული ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. შემდგომ პირობები და შეზღუდვები საბანკო საქმიანობის ლიცენზიას შეიძლება დაერთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკი სისტემატურად არღვევს საბანკო კანონმდებლობას, ეროვნული ბანკის ინსტრუქციებს, დებულებებს, წესებს, დადგენილებებს, მოთხოვნებს, და მხოლოდ დარღვევათა აღმოსაფხვრელად საჭირო ფარგლებში.“.

7. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება

1. საბანკო საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით:

ა) კომერციული ბანკის თხოვნის საფუძველზე, ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად;

ბ) ამ კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის გამო;

გ) ქვემოთ ჩამოთვლილ გარემოებათაგან ერთ-ერთის ან რამდენიმეს გამო:

გ.ა) ლიცენზია გაცემულია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ შუამდგომლობაში არსებული ყალბი განცხადების ან სხვა უზუსტობების საფუძველზე;

გ.ბ) კომერციულმა ბანკმა არ გამოიყენა ლიცენზია მისი ძალაში შესვლის თარიღიდან 6 თვის განმავლობაში;

გ.გ) მოხდა კომერციული ბანკის სხვა ბანკთან შერწყმა, მიერთება ან სხვა ბანკისგან გამოყოფა;

გ.დ) კომერციულ ბანკს აღარ აქვს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფულადი სახსრებით ფორმირებული საწესდებო კაპიტალის ან საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა, ან მან დაკარგა კრედიტორების ნდობა მათ წინაშე თავისი ვალდებულებების შესრულების ნაწილში, ან ბანკი ვეღარ უზრუნველყოფს მისთვის მინდობილი აქტივების უსაფრთხოებას;

გ.ე) კომერციული ბანკის პარტნიორებმა (აქციონერებმა) ბანკის გაუქმება ან ლიკვიდაცია გადაწყვიტეს, ან ბანკი აღარ არსებობს, როგორც იურიდიული პირი;

გ.ვ) კომერციული ბანკი ეწევა ან ეწეოდა ბანკის ფინანსური მდგომარეობისათვის საფრთხის შემქმნელ ან არაჯანსაღ საბანკო პრაქტიკას, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მის დეპოზიტორებს;

გ.ზ) აქციონერთა გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკი ლიკვიდაციის პროცესში იმყოფება;

გ.თ) კომერციული ბანკი გადახდისუუნაროა.

2. ეროვნული ბანკი ვალდებულია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მოქმედება გაუუქმოს უცხოეთის ბანკის ფილიალს და შვილობილ ბანკს, თუ ბანკის სათავო დაწესებულებას ჩამოერთვა მის ადგილსამყოფელ ქვეყანაში სათანადო ოპერაციების განხორციელების უფლება.

3. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისთანავე ეროვნული ბანკი ვალდებულია დაიწყოს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის პროცესი ამ კანონის 37-ე მუხლით დადგენილი წესით.

მუხლი 7. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება კომერციული ბანკის თხოვნით

1. კომერციულ ბანკს შეუძლია წერილობით სთხოვოს ეროვნულ ბანკს, გაუუქმოს მას საბანკო საქმიანობის ლიცენზია.

2. ეროვნული ბანკი აღნიშნული თხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვისა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და მას დაუყოვნებლივ აცნობებს კომერციულ ბანკს (უარის შემთხვევაში – მისი საფუძვლის მითითებით).“.

8. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ქვეყნდება ეროვნული ბანკისა და სხვა ბეჭდვით ორგანოებში. გადაწყვეტილება მოქმედებს მისი მიღების დღიდან ან თვით ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სხვა თარიღიდან.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომერციული ბანკის გადახდისუუნარობისა და გაკოტრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ეროვნული ბანკი.“.

9. 81 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი (შემდგომ – დეკლარანტი), რომელიც აპირებს შეიძინოს კომერციული ბანკის წილი იმ ოდენობით, რომ ამ ბანკის კაპიტალში მისი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების) მონაწილეობამ 10, 25 ან 50 პროცენტს გადააჭარბოს, ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს შესაფერისობის დეკლარაცია (შემდგომ – დეკლარაცია).“.

10. 82–84 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 82. დეკლარაციის განხილვა

1. ეროვნული ბანკი დეკლარაციას განიხილავს მისი წარმოდგენიდან 1 თვის ვადაში და დეკლარანტს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობას აძლევს ან დასაბუთებულ უარს ეუბნება.

2. თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ არასაკმარისი ან არაზუსტი ინფორმაციაა წარმოდგენილი, მას უფლება აქვს, აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმოს ან უშუალოდ ბენეფიციარ მესაკუთრესთან დააზუსტოს. ამ შემთხვევაში პასუხის გაცემის ვადა 3 თვემდე გრძელდება და დეკლარანტს ამის შესახებ უნდა ეცნობოს.

3. დეკლარაციის წარმოდგენიდან 1 თვის ვადაში ეროვნული ბანკის მიერ პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობის მიცემას.

4. მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე გარიგება ბათილია, თუ დეკლარანტმა ეროვნულ ბანკს დეკლარაცია არ წარუდგინა ან ეროვნული ბანკისაგან დასაბუთებული უარი მიიღო, მაგრამ მაინც შეიძინა კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილი.

მუხლი 83. ეროვნული ბანკისთვის წარსადგენი ინფორმაცია

1. კომერციული ბანკი, მის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ეროვნულ ბანკს წლიურ ანგარიშთან ერთად წარუდგენს ინფორმაციას მისი წილის 10 პროცენტზე მეტის როგორც უშუალო მესაკუთრის, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ და აღნიშნავს, ადასტურებს თუ არა ამ ინფორმაციის სიზუსტეს.

2. ბენეფიციარი მესაკუთრე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს კომერციული ბანკის წილის 10 პროცენტზე მეტს, ვალდებულია ყოველი წლის აპრილში ეროვნულ ბანკს წარუდგინოს დეკლარაცია წინა წლის დეკემბრის მონაცემების მიხედვით.

3. კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის უშუალო მესაკუთრის/ ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ ეროვნული ბანკისათვის მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში მოხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება.

მუხლი 84. სანქციები და გასაჩივრება

1. საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ეროვნულ ბანკს შეუძლია კომერციულ ბანკს მოსთხოვოს მისი მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო მესაკუთრის, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ დეკლარაციის წარდგენა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შესაბამის პირს:

ა) გარკვეული ვადით შეუჩეროს ხმის უფლება და მოსთხოვოს 60 დღის ვადაში მის საკუთრებაში არსებული წილის 10 პროცენტამდე შემცირება;

ბ) უვადოდ შეუჩეროს ხმის უფლება.

3. შესაბამის პირს უფლება აქვს, კომერციული ბანკის წილის შეძენაზე უარის, ხმის უფლების შეჩერების ან/და მის საკუთრებაში არსებული წილის 10 პროცენტამდე შემცირების მოთხოვნის შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.

4. ხმის უფლების შეჩერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში შესაბამის პირს უფლება აქვს, ისარგებლოს მხოლოდ წილის 10 პროცენტის შესაბამისი ხმის უფლებით.“.

11. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. მოთხოვნები კომერციული ბანკის კაპიტალისა და რეზერვების მიმართ

1. ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკს პერიოდულად განუსაზღვრავს რეზერვების, განაღდებული საწესდებო კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალურ ოდენობებს და მათი შექმნის წესებს. კომერციულ ბანკს ეკრძალება საწესდებო კაპიტალის არაფულადი ფორმით შევსება/ფორმირება.

2. კომერციულ ბანკს არა აქვს უფლება, შეამციროს თავისი საწესდებო კაპიტალი აქციების გამოსყიდვით ან შეამციროს საზედამხედველო კაპიტალი რეზერვების გამოყენებით ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე და საწესდებო კაპიტალის ცვლილების შესახებ წესდებაში სათანადო შესწორების შეუტანლად.“.

12. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომერციული ბანკი უფლებამოსილია:

ა) ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობდეს იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალის წილის არაუმეტეს 20 პროცენტისა, თუ ბანკის წილი მისი სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს არ აღემატება;

ბ) შეუზღუდავი ოდენობით ფლობდეს წილს იმ საქმიანობაში, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ საბანკო საქმიანობასთან. ეროვნული ბანკის წერილობითი ნებართვის გარეშე ეს წილი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს;

გ) ეროვნული ბანკის წერილობითი ნებართვის საფუძველზე შექმნას და შეიძინოს შვილობილი საწარმოები, რომლებიც სხვა სახის საქმიანობას ახორციელებენ. ნებართვაში თითოეული შვილობილი საწარმოს მიხედვით დათქმული უნდა იყოს საქმიანობის სახეობა, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. ამ შემთხვევაში შვილობილი საწარმოს საქმიანობა შეზღუდულია ნებართვაში დათქმული საქმიანობის სახეობით;

დ) მიიღოს წილი მის მიერ გაცემული კრედიტის თანხის ასანაზღაურებლად. ასეთ შემთხვევაში, თუ დაირღვა ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, იგი ვალდებულია გაასხვისოს ნამეტი წილი ამ უფლების შეძენიდან არაუგვიანეს 6 თვისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს შეუძლია ეს ვადა გააგრძელოს;

ე) შექმნას ან შეიძინოს შვილობილი საწარმო – საბროკერო კომპანია, რომელიც მონაწილეობს მხოლოდ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საბროკერო კომპანიის საქმიანობაში, და შეუზღუდავი ოდენობით ფლობდეს მასში წილს, თუ ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე ეს წილი მისი სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს არ აღემატება.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომერციული ბანკი ვალდებულია ჰქონდეს სრული ინფორმაცია ბანკის თითოეული ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის შესახებ, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილის 10 პროცენტზე მეტს (მისი ოდენობის მითითებით), ეს ინფორმაცია მიაწოდოს ეროვნულ ბანკს (ისევე, როგორც ინფორმაცია ბენეფიციარ მესაკუთრესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილების თაობაზე) და საჯაროდ გამოაქვეყნოს თავის წლიურ ანგარიშში. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ასეთი ინფორმაციის მიწოდებისა და გამოქვეყნების წესს, რომელიც ეფუძნება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.“.

13. 101 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომერციულმა ბანკმა საქართველოს ფარგლების გარეთ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის განსახორციელებლად შვილობილი საწარმოს შექმნიდან ან შეძენიდან 14 დღის ვადაში ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ბანკის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესასრულებლად შვილობილმა საწარმომ ფუნქციონირების დაწყებისთანავე შეიმუშავა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბანკი უზრუნველყოფს ეროვნული ბანკისთვის იმის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას, რომ მისი შვილობილი საწარმო ვერ ახორციელებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს, რადგან ამას კრძალავს ან ზღუდავს შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონმდებლობა.“.

14. მე-11–მე-13 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. კომერციული ბანკების შერწყმა, მიერთება ან გაყოფა

კომერციული ბანკების შერწყმა, მიერთება ან გაყოფა შეიძლება მხოლოდ ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ. დაუშვებელია ისეთი შერწყმა, მიერთება ან გაყოფა, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონის მე-10 მუხლის დებულებებს.

მუხლი 12. კომერციული ბანკის წესდება

1. კომერციულ ბანკს აქვს წესდება. კომერციული ბანკის წესდება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას. წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ დაუყოვნებლივ, წერილობით ეცნობება ეროვნულ ბანკს.

2. კომერციული ბანკის მართვა ხორციელდება შინაგანაწესით. შინაგანაწესით კომერციული ბანკის წესდების შესაბამისად უნდა განისაზღვროს:

ა) ბანკისა და მისი საოპერაციო და ადმინისტრაციული ქვედანაყოფების ორგანიზაციული და მართვის სტრუქტურა, მათი შემადგენელი ერთეულები და მათი ფუნქციები, მმართველობითი თანამდებობები და ანგარიშვალდებულებები;

ბ) თითოეული დეპარტამენტის დირექტორისა და მის დაქვემდებარებაში და მისი კონტროლის ქვეშ მყოფი განყოფილების მოვალეობანი;

გ) აუდიტის კომიტეტის ფუნქციები;

დ) ადმინისტრატორებისა და ბანკის სხვა თანამშრომელთა უფლებამოსილება, განახორციელონ საბანკო ოპერაციები ბანკის სახელით და მისი ხარჯით.

3. კომერციული ბანკი ეროვნულ ბანკს წარუდგენს წესდებას, შინაგანაწესს, აგრეთვე იმ თანამდებობის პირთა სიას, რომლებსაც აქვთ ბანკის წარმომადგენლის უფლებამოსილება, მათი ხელმოწერების ნიმუშებს და აღნიშვნას მათი უფლებამოსილების ფარგლების შესახებ.

მუხლი 13. კომერციული ბანკის ხელმძღვანელი ორგანოები

კომერციული ბანკის ხელმძღვანელ ორგანოთა ფორმირება და ფუნქციონირება ხდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით. კომერციული ბანკის მმართველობის უმაღლესი ორგანოა აქციონერთა საერთო კრება, რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და კომერციული ბანკის წესდების შესაბამისად. იგი ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოს. ინფორმაცია აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ (თარიღისა და დღის წესრიგის მითითებით) კრებაში შესაძლო მონაწილეობის მისაღებად აქციონერებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში უნდა მიეწოდოს ეროვნულ ბანკს.“.

15. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. კომერციული ბანკის ფილიალები, წარმომადგენლობები და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფები

კომერციული ბანკის ფილიალები, წარმომადგენლობები და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფები იქმნება სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.“.

16. მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომერციული ბანკის მართვა და მისი საოპერაციო საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დასაბუთებული ადმინისტრაციული და სააღრიცხვო პროცედურების, საბანკო საქმიანობის ლიცენზიისათვის დართული პირობებისა და შეზღუდვების, აგრეთვე ეროვნული ბანკის დადგენილებების, წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად. აუცილებელია ეროვნული ბანკის იმ წესების, ნორმატივებისა და ინსტრუქციების გამოქვეყნება, რომლებიც ერთზე მეტ კომერციულ ბანკს ეხება. ისინი მოქმედებს გამოქვეყნების დღიდან ან ამ წესებში, ნორმატივებსა და ინსტრუქციებში მითითებული შესაბამისი თარიღიდან. თუ არ არსებობს ამა თუ იმ მიმართულების საბანკო საქმიანობის განხორციელების ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესი, კომერციული ბანკი მოქმედებს საერთაშორისო საბანკო ნორმებისა და ჩვევების შესაბამისად.

2. კომერციული ბანკი ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდური რესურსების სათანადო დონეს და ახდენს თავისი აქტივების დივერსიფიკაციას დანაკარგების რისკის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის მოთხოვნათა შესაბამისად.“.

17. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. ეკონომიკური ლიმიტები და ეკონომიკური ნორმატივები

1. კომერციული ბანკი ვალდებულია დაიცვას ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შემდეგი ეკონომიკური ლიმიტები:

ა) საწესდებო კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობები;

ბ) ბანკის სხვადასხვა სახეობის კაპიტალის კლასიფიცირებულ აქტივებთან თანაფარდობა ეროვნული ბანკის წესების შესაბამისად;

გ) ბანკის მიერ მოზიდული ანაბრების ზღვრული თანაფარდობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალთან;

დ) ბანკის მიერ ერთ მსესხებელზე (ინსაიდერზე, აუტსაიდერზე) გაცემული კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხის თანაფარდობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალთან;

ე) ბანკის მიერ ყველა ინსაიდერზე (ბანკთან, აგრეთვე ერთმანეთთან დაკავშირებულ პირებზე) გაცემული კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხის თანაფარდობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალთან;

ვ) ყველა გაცემული კრედიტისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხის მაქსიმალურად დასაშვები მთლიანი მოცულობა, რომელიც გამოიხატება პროცენტულად ბანკის მიერ გაცემული ყველა კრედიტის მიმართ, რომლებიც შეიძლება გასცეს ბანკმა 10 ყველაზე მსხვილ მსესხებელზე (მათ შორის, ინსაიდერებსა და ურთიერთდაკავშირებულ პირებზე).

2. კომერციული ბანკი ვალდებულია დაიცვას ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შემდეგი ეკონომიკური ნორმატივები:

ა) ლიკვიდური სახსრების მინიმალური ერთობლივი თანხის ან ასეთი სახსრების კონკრეტულ სახეობათა თანაფარდობა აქტივების (მიღებული გარანტიებისა და გირაოს ჩათვლით) ღირებულებასთან ან მათი ღირებულების ცვლილებასთან. ასეთი თანაფარდობა შეიძლება დაწესდეს ზოგადად აქტივებთან ან ვალდებულებებთან (გარესაბალანსო ვალდებულებების ჩათვლით) ან მათ კონკრეტულ სახეობებთან დაკავშირებით. ბანკს აქვს ლიკვიდურობის დაცვის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად ეროვნულ ბანკში შესაბამისი სახსრების განთავსების უფლება;

ბ) კრედიტებისა და ინვესტიციების ან მათი განსაკუთრებული სახეების მაქსიმალური ერთობლივი თანხის შესახებ;

გ) აქტივებისა და გარესაბალანსო ვალდებულებების კლასიფიკაცია და მათი შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირება და გამოყენება, აგრეთვე ის ვადები და პირობები, რომლებითაც აქტივების მიხედვით მისაღები თანხები აღარ აღირიცხება შემოსავალში, გარდა ნაღდად მიღებულისა;

დ) აკრძალვების, შეზღუდვების ან პირობების შესახებ, რომლებიც ეხება:

დ.ა) გაცემული კრედიტებისა და განხორციელებული ინვესტიციების სახეობებსა და ფორმებს;

დ.ბ) აქტივებისა და ვალდებულებების (გარესაბალანსო და სხვა ვალდებულებების) მიხედვით დაბრუნების ვადებისა და პროცენტების შესაბამისობას;

დ.გ) დადგენილი ლიმიტების გადამეტებით წარმოქმნილ ღია პოზიციებს უცხოურ ვალუტაში, ძვირფას ლითონებში ან ძვირფას ქვებში.

3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, რისკზე დამყარებული ზედამხედველობის პრინციპებიდან გამომდინარე, თითოეული კომერციული ბანკის მიმართ დაადგინოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ეკონომიკური ლიმიტებისა და ეკონომიკური ნორმატივების ინდივიდუალური მაჩვენებლები და მოთხოვნები.“.

18. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომერციულ ბანკს ეკრძალება ისეთი გარიგებები და ქმედებები, რომელთა შედეგადაც იგი დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად აღმოჩნდება დომინირებულ მდგომარეობაში ფულად, საფინანსო ან საკრედიტო ბაზარზე, აგრეთვე იმგვარი მანიპულაცია, რომელიც დაუმსახურებელ უპირატესობას მიანიჭებს მას ან მესამე პირებს, შექმნის საბანკო საქმიანობის კონკურენციის შეზღუდვის, საპროცენტო განაკვეთებისა და საკომისიო გასამრჯელოს ფიქსაციის შესაძლებლობას ან საშიშროებას. საბანკო საქმიანობაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად  კონკურენციის პოლიტიკას ახორციელებს ეროვნული ბანკი, რომელიც განსაზღვრავს ამ სფეროში საბანკო საქმიანობის დასაშვებ პარამეტრებს, შეფასების კრიტერიუმებსა და ზემოქმედების ზომებს.“.

19. 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომერციული ბანკი ვალდებულია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვადით შეინახოს მის ნებისმიერ გარიგებასთან დაკავშირებული ყველა საბუთი, კერძოდ:

ა) შუამდგომლობები და სახელშეკრულებო საბუთები, რომლებიც გარიგებას ეხება (კრედიტთან, გარანტიასთან და გირაოსთან დაკავშირებული შეთანხმებების ჩათვლით);

ბ) ბანკის პარტნიორების (მსესხებლებისა და გარანტორების ჩათვლით) ფინანსური ჩანაწერები და სხვა დოკუმენტური მოწმობები, რომლებსაც ეყრდნობა ბანკი გარიგების დამტკიცებისას;

გ) გარიგების დამტკიცების შესახებ ბანკის გადაწყვეტილების ხელმოწერილი ჩანაწერი;

დ) ეროვნული ბანკის ნორმატივებით გათვალისწინებული სხვა საბუთები.“.

20. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბანკები, აგრეთვე მათი შვილობილი ორგანიზაციები სისტემატურად აწარმოებენ ანგარიშებსა და ჩანაწერებს და ადგენენ წლიურ საფინანსო ანგარიშგებას, რომლებიც საერთაშორისო საბუღალტრო მეთოდების საფუძველზე ზუსტად ასახავს მათ ოპერაციებს და ფინანსურ მდგომარეობას. ამასთანავე, ისინი იცავენ ეროვნული ბანკის წესების შესაბამის ფორმას, დეტალურობის დონეს და სააღრიცხვო ნორმებს.“.

21. 27-ე–29-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 27. გარე აუდიტი

1. კომერციული ბანკი და მისი შვილობილი საწარმო ვალდებული არიან, ყოველწლიურად მოიწვიონ გარე აუდიტორი და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით ჩაატარონ გარეაუდიტორული შემოწმება.

2. კომერციული ბანკი ვალდებულია გარეაუდიტორული შემოწმების დასრულებისთანავე ეროვნულ ბანკს წარუდგინოს შემოწმების სრული ანგარიში და გამოაქვეყნოს ეროვნული ბანკის წესებით განსაზღვრული საფინანსო ანგარიშგება და გარეაუდიტორული დასკვნა.

მუხლი 28. უცხოეთის ბანკის ფილიალი

ამ კანონის 26-ე, 27-ე და 29-ე მუხლების დებულებები ვრცელდება უცხოეთის ბანკის ფილიალსა და შვილობილ ორგანიზაციაზე, რომლებიც საქართველოში საქმიანობას ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე ახორციელებენ. კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ბანკის ფილიალის საფინანსო-საანგარიშგებო საბუთები შეიძლება წარდგენილ იქნეს გამარტივებული საფინანსო ანგარიშების სახით, რაც იმას გულისხმობს, რომ ბანკის ფილიალის აუდიტის კომიტეტად შეიძლება ჩაითვალოს აღნიშნული უცხოეთის ბანკის აუდიტის კომიტეტი ან სხვა შესაბამისი ორგანო.

მუხლი 29. ანგარიშგება და ინსპექტირება

1. კომერციული ბანკი ამზადებს და ეროვნულ ბანკს წარუდგენს ანგარიშგებებს, რომლებშიც ასახავს როგორც თვით ბანკის, ისე მისი შვილობილი ორგანიზაციების ორგანიზაციულ-საგანმკარგულებლო და საოპერაციო საქმიანობას, აგრეთვე ლიკვიდურობას, გადახდისუნარიანობასა და მოგებიანობას თვით ბანკისა და მისი შვილობილი ორგანიზაციების ფინანსური მდგომარეობის ერთობლივად და ცალ-ცალკე შეფასების მიზნით. ანგარიშგების ფორმა, ხარისხი და წარდგენის ვადები განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატივებით.

2. კომერციული ბანკი და მისი შვილობილი ორგანიზაცია ექვემდებარება ინსპექტირებას, რომელსაც ახორციელებენ ეროვნული ბანკის ინსპექტორები ან ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული აუდიტორები. თუ ინსპექტირება ხორციელდება უცხოეთის ბანკის ფილიალში ან შვილობილ ორგანიზაციაში, აუდიტორები შეიძლება იყვნენ შესაბამის ქვეყანაში მოქმედი საფინანსო ან საკონტროლო ორგანოს მოსამსახურეები.

3. კომერციული ბანკისა  და  მისი  შვილობილი ორგანიზაციის ინსპექტირებისას ეროვნულ ბანკს და მის აუდიტორებს უფლება აქვთ:

ა) შეამოწმონ კომერციული ბანკისა და მისი შვილობილი ორგანიზაციის ანგარიშები, სახსრები, დავთრები, საბუთები და სხვა აუცილებელი ჩანაწერები;

ბ) მოსთხოვონ კომერციული ბანკის ადმინისტრატორებს, თანამშრომლებს, აგრეთვე მათი მონათესავე საწარმოების ადმინისტრატორებსა და თანამშრომლებს, მიაწოდონ ინფორმაცია კომერციული ბანკის აქციონერების, მაკონტროლებელი პირებისა და ადმინისტრატორების შესახებ,  აგრეთვე  ოპერაციებთან და გარიგებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები.“.

22. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 30. დარღვევები და სანქციები

1. ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევებისათვის განსაზღვრულ სანქციებს კონკრეტულ შემთხვევაში აკისრებს ეროვნული ბანკი. მხარეს, რომლის მიმართაც სანქცია გამოიყენება, აქვს მისი სასამართლოში გასაჩივრების უფლება.

2. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, კომერციული ბანკის, მისი ადმინისტრატორებისა და მაკონტროლებელი პირების მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ ბანკმა, მისმა ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა:

ა) დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან ეროვნული ბანკის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, დებულება, წესი, დადგენილება, მოთხოვნა, წერილობითი მითითება;

ბ) დაარღვია რომელიმე პირობა ან შეზღუდვა, რომელიც დართული აქვს საბანკო საქმიანობის ლიცენზიას ან ეროვნული ბანკის შესაბამის დებულებას;

გ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია;

დ)  დაარღვია  „უკანონო  შემოსავლის  ლეგალიზაციის  აღკვეთის  ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები;

ე) დაარღვია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო  დარღვევისა და კომერციული ბანკის აქტივებთან დაკავშირებით არსებული თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ა) კომერციულ ბანკს გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;

ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ კომერციულმა ბანკმა შეწყვიტოს და აღარ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს დარღვევის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები;

გ) კომერციულ ბანკს დააკისროს ფულადი ჯარიმა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ბანკის საკუთარი სახსრებისა;

დ) კომერციულ ბანკს გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით, თუ ადმინისტრატორის ქმედებამ ფინანსური ზარალი მიაყენა ბანკს ან დაუშვა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბანკო საქმიანობის მარეგულირებელი წესებისა და მოთხოვნების დარღვევა;

ე) ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან გათავისუფლება;

ვ) სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორატს მოსთხოვოს კომერციული ბანკის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა დარღვევათა განსახილველად და მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომების მიღება;

ზ) კომერციულ ბანკს შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა და დეპოზიტების მოზიდვა;

თ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა საფრთხე ემუქრება კომერციული ბანკის მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესებს, შეუჩეროს მას აქტიური ოპერაციები, შემოიღოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი;

ი) კომერციული ბანკის მაკონტროლებელ პირს მოსთხოვოს კონტროლის გაუქმება ან შეზღუდვა ეროვნული ბანკისათვის საფინანსო ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან სხვა დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. ასეთ გაუქმებას ან შეზღუდვას უნდა ახლდეს პირობები და ვადები, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს არსებული გარემოებებიდან გამომდინარე;

კ) კომერციულ ბანკს გაუუქმოს საბანკო საქმიანობის ლიცენზია.

4. სანქცია  უნდა  შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობას და  კომერციული ბანკის აქტივებისათვის მიყენებულ ზარალს ან/და შესაძლო საფრთხეს.

5. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.

23. 33-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია უმოკლეს ვადაში აღძრას შუამდგომლობა ეროვნული ბანკისთვის წარდგენილ თანამდებობის პირთა სიაში აუცილებელი ცვლილების შეტანის შესახებ.“.

24. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნული ბანკის მიერ დანიშნულ დროებით ადმინისტრატორს უფლება აქვს, მიიღოს კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის აუცილებელი ზომები, მისი ფილიალების, წარმომადგენლობებისა და სხვა ქვედანაყოფების გაყიდვის ან დახურვის, ბანკის მოსამსახურეთა თანამდებობიდან გათავისუფლების, სახსრების გადახდის ან მათი გადახდის შეჩერების ჩათვლით. დროებითი ადმინისტრატორი ასევე უფლებამოსილია მოახდინოს კომერციული ბანკის სხვა კომერციულ ბანკთან შერწყმა, მისი კაპიტალის განახლება ან მისი აქტივებისა და ვალდებულებების ან მათი ნაწილის სხვა კომერციულ ბანკზე გასხვისება. დროებითი ადმინისტრატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სახსრების გადახდის ან მათი გადახდის შეჩერების შესახებ არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.“.

25. 35-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ეროვნული ბანკის დასაბუთებული გადაწყვეტილებით;“.

26. 37-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ხდება კომერციული ბანკის ლიკვიდაცია. ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით. დაუშვებელია ლიკვიდატორად ამ კომერციულ ბანკთან დაკავშირებული პირის დანიშვნა. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება იძულებითი აღსრულება.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნიდან 3 თვის განმავლობაში შეადგინოს აქტივებისა და პასივების ნუსხა და მისი ასლი გადასცეს ეროვნულ ბანკს გამოსაქვეყნებლად. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.“;

გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კომერციული ბანკის ტერიტორიაზე შენახული ქონება, რომელიც ამონაწერში მითითებულ ვადაში არ არის გამოთხოვილი, მოუკითხავი ფულადი სახსრები და ქონება, რომლებიც ბანკზე ირიცხება ხელშეკრულების საფუძველზე, მოუკითხავ რესურსად ითვლება და მესაკუთრის გამოვლენის მიზნით ეროვნული ბანკის მფლობელობაში გადადის.

7. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს ფინანსური გირაოს მოგირავნეს აქვს ფინანსური გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები, რომელთა საფუძველია გირაო, დაკმაყოფილდება შესაბამისი შეთანხმების პირობების თანახმად (გირაოს ღირებულების ფარგლებში), ხოლო ყველა სხვა კანონიერი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) ეროვნული ბანკი და სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართაც კომერციულ ბანკს წარმოეშვა ვალდებულებები საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ;

ბ) ფიზიკურ პირთა ანგარიშებზე არსებული თანხები არაუმეტეს 1500 ლარისა;

გ) ფიზიკურ პირთა ანგარიშებზე არსებული თანხები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

დ) იურიდიულ პირთა ანგარიშებზე არსებული თანხები;

ე) საბიუჯეტო დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები;

ვ) კომერციული ბანკის მიმართ სხვა მოთხოვნები.“;

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10.  ისეთი  აქტივის  ამოღების  შემთხვევაში,  რომელიც ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე კომერციული ბანკის აქტივი იყო, ის ავტომატურად ჩაითვლება ლიკვიდირებული ბანკის აქტივად და მისი განკარგვის უფლებას იძენს  ეროვნული ბანკი. თუ ლიკვიდირებული ბანკის ამოღებული აქტივი არის ფულადი სახსრები, ისინი უნდა გადაირიცხოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ლიკვიდირებული ბანკების მოუკითხავი თანხების ანგარიშზე და განაწილდეს ლიკვიდატორის მიერ საბოლოოდ წარმოდგენილი ვალდებულებების დაზუსტებული რიგითობის მიხედვით, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. არაფულადი სახის მატერიალური აქტივის ამოღების შემთხვევაში ეროვნული ბანკი მისი განკარგვის  მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც განსაზღვრავს ამოღებული აქტივის ლიკვიდირებული ბანკის ვალდებულებათა დასაკმაყოფილებლად განკარგვის წესს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

10 მარტი 2017 წ.

N439-IIს