შპს „Raika Group”-ის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

  • Word
შპს „Raika Group”-ის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/35207-16
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 28/02/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/35207-16
28/02/2017
ვებგვერდი, 20/03/2017
შპს „Raika Group”-ის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/ 35207-16

 

საქართველოს სახელით

 

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

 

2017 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო ს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი

 

განმცხადებელი: შპს „Raika Group

წარმომადგენელი: ჯიმშერ ტყებუჩავა

 

მოთხოვნა : შპს „Raika Group”-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „Raika Group”-ის გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2016 წლის 16 ნოემბერს შპს „Raika Group”-ის სახელით ჯიმშერ ტყებუჩავამ განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „Raika Group”-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

განმცხადებლის მითითებით, შპს „Raika Group”-ს ანგარიში გახსნილი აქვს სს „ტერა ბანკში”, სადაც საბოლოო ნაშთი ნული ლარია. საწარმო აღმოჩნდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, იძულებული გახდა შეეწყვიტა საქმიანობა და გააუქმა იჯარის ხელშეკრულება, რომელიც დადებული ჰქონდა შპს „მეგისთან”. შპს „Raika Group”-ს სს სადაზღვევო კომპანია” „ჯი პი აი ჰოლდინგის” მიმართ აქვს 7163,43 ლარის ოდენობის დავალიანება, ხოლო საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიმართ საწარმოს დავალიანება 2010 ლარს შეადგენს. შპს „Raika Groupგადახდისუუნაროა. გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 და 9 ნოემბრის ცნობების მიხედვით შპს „Raika Group”-ის სახელზე უძრავი ქონება არ ირიცხება და შპს „Raika Group” არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად. ხოლო სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 15 ნოემბრის ცნობის მიხედვით, შპს „Raika Group”-ის სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის. შპს „Raika Group”-ის ბალანსზე ქონება არ ირიცხება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინებით შპს „Raika Group”-ს ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა და დაევალა შპს „Raika Group”-ის ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილების წარმოდგენა საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. განმცხადებელს ასევე დაევალა რწმუნებულების წარმოდგენა, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა წარმომადგენლების მიერ შპს ,,Raika Group”-ის სახელით სასამართლოში გაკოტრების საქმის წარმოების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ.

2016 წლის 2 დეკემბრის განცხადებით შპს „Raika Group”-ის წარმომადგენელმა, ჯიმშერ ტყებუჩავამ შეავსო მითითებული ხარვეზი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 დეკემბრის განჩინებით შპს „Raika Group”-ის განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში, ვინაიდან შპს „Raika Group”-ს არ გააჩნდა ქონება, რაც უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „Raika Group”-ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 დეკემბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2017 წლის 17 იანვარს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „Raika Group” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს „Raika Group”-ის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,Raika Group” (ს/კ 404433314) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,Raika Group”-ის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                         ლაშა ქოჩიაშვილი