საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 14/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016468
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
16
14/03/2017
ვებგვერდი, 16/03/2017
040030000.22.026.016468
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/03/2017 - 21/04/2017)

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №16

2017 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 81 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის თანდართული წესდება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 25 ივლისის №48 ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ’’.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია



საჯარო სამართლის იურიდიული პირისდავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდება

 

თავი I

ზოგადი დებულებები


მუხლი 1. რეგულირების სფერო
წინამდებარე წესდება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის (შემდგომში – აკადემია) სტატუსს, მიზნებსა და ამოცანებს, სტრუქტურას, არეგულირებს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს, ასევე აკადემიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2. აკადემიის სტატუსი

1. აკადემია არის სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. აკადემიის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია. აკადემიის შემოკლებული სახელწოდებაა „ეთა“.

2. აკადემიის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-5 კილომეტრი.

3. აკადემიას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები კომერციულ ბანკებსა და სახელმწიფო ხაზინაში, ასევე იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.

მუხლი 3. აკადემიის უფლებაუნარიანობა

1. აკადემიას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს და გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობებში, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ.

2. აკადემია საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) თანხმობით, აკადემია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

მუხლი 4. აკადემიის მისია

აკადემიის მისიას წარმოადგენს შეიარაღებული ძალების და ქვეყნის ერთგული და ღირსეული სამსახურისთვის უმაღლესი აკადემიური და სამხედრო განათლების, მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალის და ლიდერის თვისებების მქონე ოფიცერთა კორპუსის მომზადება.

მუხლი 5. აკადემიის მიზნები და ამოცანები

1. აკადემიის მიზნები და ამოცანებია:

ა) მაღალკვალიფიციური ოფიცრებისა და სხვა კადრების მომზადება;

ბ) იუნკერთა/მსმენელთა პატრიოტული, ინტელექტუალური, კულტურული, ფიზიკური და ზნეობრივი აღზრდა;

გ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება;

დ) იუნკერის/მსმენელის განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა;

ე) სწავლისა და სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;

ვ) აკადემიაში განათლებისა და მეცნიერული კვლევისათვის აუცილებელი პირობების შექმნა;

ზ) აკადემიის მიზნების განხორციელების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

თ) კანონმდებლობით სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილი სხვა მიზნებისა და ამოცანების უზრუნველყოფა.

2. თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად აკადემია:

ა) ახორციელებს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის შესაბამის აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს;

ბ) ახორციელებს მომზადებისა და გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამებს/კურსებს, მათ შორის, სამხედრო მიმართულებით და გასცემს შესაბამის დიპლომებს და სერტიფიკატებს;

გ) უზრუნველყოფს სამინისტროს  და აკადემიის პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით შესაბამისი სასწავლო ღონისძიებების განხორციელებას;

დ) ქმნის იუნკერებისათვის/მსმენელებისათვის სწავლის, კვლევისა და თვითგანვითარებისათვის მაქსიმალურად მიმზიდველ გარემოს;

ე) მაღალი რისკის შემცველი მეცადინეობების/სწავლებების დროს ხელმძღვანელობს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მიერ დამტკიცებული, მაღალი რისკის შემცველი მეცადინეობებისა და სწავლებების უსაფრთხოების ზომების დაცვის შესახებ ინსტრუქციით;

ვ) ამყარებს საუნივერსიტეტო სამეცნიერო ურთიერთობებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ;

ზ) აკადემიურ თანამდებობაზე მოიზიდავს წამყვან მეცნიერებს, რომლებიც მეცნიერების უახლესი მიღწევების გათვალისწინებითა და სწავლების ახალი ტექნოლოგიების დანერგვით წარმართავენ სასწავლო პროცესს;

თ) შეიმუშავებს პროექტებს და წარუდგენს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს;

ი) ახორციელებს საგამომცემლო საქმიანობას;

კ) ახორციელებს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას;

ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

თავი II

აკადემიის სტრუქტურა და მართვა

მუხლი 6. სამინისტროს კომპეტენცია აკადემიის მართვის სფეროში

1. სამინისტრო:

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ამტკიცებს აკადემიის წესდებას;

ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს;

გ) იღებს გადაწყვეტილებას აკადემიის განვითარების სტრატეგიული პრიორიტეტების დასახვასა და მათი განხორციელების ვადებისა და რესურსების შესახებ;

დ) ითანხმებს და იღებს გადაწყვეტილებას მომზადების და გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამების/კურსების, მათ შორის სამხედრო მიმართულებით, განხორციელების თაობზე;

ე) სასწავლო წლის დაწყებამდე, ამტკიცებს სკოლებში/კოლეჯში მისაღებ იუნკერთა/მსმენელთა რაოდენობას;

ვ) ამტკიცებს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შექმნის, რეორგანიზაციისა და გაუქმების შესახებ;

ზ) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას;

თ) უზრუნველყოფს აკადემიის პროგრამულ დაფინანსებას ან/და ახორციელებს მისგან მომსახურების შესყიდვას;

ი) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამოქალაქო პერსონალის საშტატო თანამდებობებისათვის თანამდებობრივ სარგოებს, ასევე ადმინისტრაციული და დამხმარე სამოქალაქო პერსონალის საშტატო თანამდებობებისათვის დანამატების ოდენობებს და მათი გაცემის წესს;

კ) „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით აკადემიისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ამტკიცებს აკადემიის ბიუჯეტს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;

ლ) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური საბჭოს მიერ შემუშავებულ სტიპენდიების გაცემის კრიტერიუმებსა და მოცულობას;

მ) რექტორის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიის განვითარების სტრატეგიულ გეგმას.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საკითხები, გარდა „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული საკითხისა, მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ამ წესდებით გათვალისწინებულ საკითხებზე სამინისტროს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სამსახური ან/და თანამდებობის პირი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 7. აკადემიის სტრუქტურა

აკადემიის სტრუქტურა შედგება მართვის ორგანოებისაგან, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან (კოლეჯი, სკოლა), საგანმანათელებლო ერთეულებისგან (სკოლები), ადმინისტრაციისაგან, შტაბისაგან, აკადემიის ბიბლიოთეკისაგან და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან, მათ შორის, კანცელარიისაგან.

მუხლი 8. აკადემიის ბიბლიოთეკა

1. აკადემიის ბიბლიოთეკა არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული.

2. აკადემიის ბიბლიოთეკის მიზნებია:

ა) აკადემიის იუნკერების, მსმენელებისა და პერსონალის საინფორმაციო მოთხოვნების შესწავლა-ანალიზი, ამ მოთხოვნების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი მოქმედებების დაგეგმვა და განხორციელება;

ბ) აკადემიის ზოგადი და სპეციალიზებული საინფორმაციო რესურსებისა და მომსახურების განვითარება-განახლების პროგრამების/პროექტების შემუშავება და განხორციელება.

3. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რექტორი.

მუხლი 9. აკადემიის მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები

1. აკადემიის მართვის ორგანოებია: აკადემიური საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

2. აკადემიის სკოლის/კოლეჯის მართვის ორგანოებია: სკოლის/კოლეჯის საბჭო, კოლეჯის მეთაური და სკოლის დირექტორი/უფროსი.

3. აკადემიის არჩევითი მართვის ორგანოების არჩევნებს, აკადემიური საბჭოს მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ატარებს აკადემიის საარჩევნო კომისია, რომლის შექმნის წესი და უფლებამოსილებები განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ.

მუხლი 10. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა და არჩევის წესი

1. აკადემიური საბჭო არის აკადემიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც შედგება აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის – რექტორისაგან და აკადემიური საბჭოს წევრებისაგან.

2. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში შედის აკადემიის ყოველი სკოლიდან/კოლეჯიდან არჩეული/შერჩეული ერთი წარმომადგენელი.  აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი სკოლიდან აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, ხოლო კოლეჯიდან, კოლეჯის საბჭოს წევრი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

3. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 4 წლით.

4. აკადემიური საბჭოს არჩეულ წევრთა შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.

5. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, აკადემიური საბჭოს წევრს უწყდება აკადემიური საბჭოს წევრობა.

6. აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც იმართება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში, კენჭისყრით გამოვლინდება აკადემიური საბჭოს წევრთა ერთი მესამედი, რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 2 წლით. აკადემიური საბჭო პირველივე სხდომაზე ცნობს აკადემიური საბჭოს წევრთა უფლებამოსილებას.

მუხლი 11. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებანი

1. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, აკადემიური საბჭო:

ა) განიხილავს აკადემიის განვითარების სტრატეგიულ გეგმას და წარუდგენს რექტორს;

ბ) სკოლების/კოლეჯის წარდგინებით, ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;

დ) ამტკიცებს აკადემიის შინაგანაწესს, აკადემიის ეთიკის კოდექსსა და აკადემიის სამოქალაქო პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;

ე) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს  მასწავლებელთა, ასევე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეულ სპეციალისტთა სამსახურში მიღების წესს;

ვ) ირჩევს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;

ზ) ამტკიცებს აკადემიის არჩევითი მართვის ორგანოების არჩევის წესს;

თ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს;

ი) ირჩევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს;

კ) იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ;

ლ) განიხილავს აკადემიის წესდების პროექტს;

მ) ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

ნ) სასწავლო წლის დასაწყისში, სკოლის საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის;

ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კოლეჯის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების შემთხვევაში ამტკიცებს კოეფიციენტებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის და მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის, ხოლო კოეფიციენტის არმინიჭების შემთხვევაში მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში იყენებს მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებულ კოეფიციენტებს;

პ) ამტკიცებს კრედიტების აღიარების წესს;

ჟ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს სამინისტროს;

რ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;

ს) განიხილავს სტიპენდიების კრიტერიუმებსა და მოცულობას და წარუდგენს რექტორს;

ტ) სკოლის წარდგინებით ამტკიცებს იუნკერთა საბაკალავრო ნაშრომის მომზადების, წარდგენის და დაცვის ინსტრუქციას, ასევე კოლეჯის წარდგინებით სამაგისტრო ნაშრომის მომზადების, წარდგენის და დაცვის ინსტრუქციას;

უ) ამტკიცებს იუნკერთა სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო - კვლევით ღონისძიებებში ჩართვის წესს;

ფ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ზ“, „ლ“, „მ“, „პ“, „ჟ“, „ს“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე პროექტებს შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს განსახილველად/დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიური საბჭოს დადგენილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი.

3. აკადემიური საბჭო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოველწლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

მუხლი 12. აკადემიური საბჭოს სხდომის მომზადება და წარმართვა

1. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის მიერ.

2. აკადემიური საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს რექტორი.

3. აკადემიური საბჭოს წევრებს წინასწარ უნდა ეცნობოთ სხდომის ჩატარების დროის, ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ. დღის წესრიგი განთავსდება აკადემიის შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.

4. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.

5. აკადემიური საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, გარდა საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. აკადემიური საბჭოს ყველა სხდომაზე წარმოებს სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) მართვის ორგანოს დასახელება;

ბ) სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილი;

გ) დამსწრეთა ვინაობა;

დ) განხილვის საგანი;

ე) სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები;

ვ) სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები.

7. აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.

8. აკადემიური საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – დადგენილებით, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – რექტორი.

მუხლი 13. რექტორი

1. რექტორი არის აკადემიის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს აკადემიას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია აკადემიის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს ასევე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

2. რექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. პირი, რომელსაც აკადემიაში ეკავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, აკადემიაში რექტორად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 4 წლის შემდეგ.

4. რექტორი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.

5. აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესაბამისად, რექტორი გამოსცემს ბრძანებებს აკადემიური პერსონალის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ და საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დებს ან წყვეტს მათთან შრომით ხელშეკრულებებს.

6. რექტორი შესაბამისი ბრძანებით სამსახურში იღებს და ათავისუფლებს მასწავლებელთა პერსონალს, აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეულ სპეციალისტებს და საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დებს ან წყვეტს მათთან შრომით ხელშეკრულებებს.

7. რექტორი ახორციელებს „აკადემიის“ მოსამსახურეების (პერსონალი, იუნკერი, მსმენელი) ქვეყნის შიგნით მივლინებას და მოსამსახურეების (გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებას, სამხედრო მოსამსახურეებს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში წარგზავნის მიზნით წარუდგენს მინისტრს.

8. რექტორი სამინისტროსთან შეთანხმებით უფლებამოსილია განახორციელოს აკადემიის სამოქალაქო პერსონალისათვის ერთჯერადი დახმარების გაცემა, აკადემიისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

9. სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს.

10. სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს აკადემიის არჩევითი მართვის ორგანოების არჩევის წესს.

მუხლი 14. რექტორის მოადგილე და კომენდანტი

1. რექტორს ჰყავს ორი მოადგილე, მათგან ერთი სამოქალაქო პირი, ხოლო მეორე სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი – კომენდანტი.

2. რექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს რექტორი, ხოლო კომენდანტს – მინისტრი აკადემიის რექტორის წარდგინებით.

3. რექტორის მოადგილედ შეიძლება დანიშნულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, ხოლო კომენდანტად – არანაკლებ უფროსი ოფიცრების შემადგენლობის ერთ-ერთი სამხედრო წოდების მქონე პირი.

4. კომენდანტი, სამოქალაქო პირი – მოადგილე ანგარიშვალდებულია აკადემიის რექტორის წინაშე.

5. რექტორის მოადგილეზე და კომენდატზე უფლებამოსილების დელეგირება ხორციელდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. რექტორის დროებით არყოფნის შემთხვევაში, რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

მუხლი 15. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მისი უფლებამოსილება

1. აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, რომელიც წარმოადგენს აკადემიას საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.

2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება განისაზღვრება ოთხი წლის ვადით.

3. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

4. პირი, რომელსაც აკადემიაში ეკავა რექტორის თანამდებობა, აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 4 წლის გასვლის შემდეგ.

5. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს აკადემიის ადმინისტრაციას, ასევე კომპეტენციის ფარგლებში სამსახურებრივ დახმარებას უწევს შტაბის მუშაობას;

ბ) უფლებამოსილია აკადემიის სახელით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;

გ) ადგენს აკადემიის ადმინისტრაციის სტუქტურის პროექტს და წარუდგენს რექტორს;

დ) შეიმუშავებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორს;

ე) ამზადებს აკადემიის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს;

ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

თ) პასუხისმგებელია აკადემიის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;

ი) ასრულებს წინამდებარე წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქცია-მოვალეობებს.

6. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოს წინაშე.

7. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) აკადემიური საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშის დამტკიცებაზე;

ბ) აკადემიური საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილება;

გ) საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.

მუხლი 16. ადმინისტრაციის სტრუქტურა

1. აკადემიის ადმინისტრაცია შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება ადმინისტრაციის დებულებით.

2. აკადემიის ადმინისტრაციის დებულებას შეიმუშავებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.

მუხლი 17. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

1. აკადემიის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აგრეთვე აკადემიის იუნკერები/მსმენელები.

2. აკადემიაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით, იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) დანერგვისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების გზით.

3. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი რეალიზების წესების ჩამოსაყალიბებლად.

4. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს აკადემიური საბჭო.

მუხლი 18. შტაბი

1. აკადემიის პირადი შემადგენლობის საქმიანობის ადმინისტრირების, საბრძოლო მომზადების ორგანიზებისა და კონტროლის მიზნით, აკადემიაში ფუნქციონირებს შტაბი.

2. აკადემიის შტაბი ექვემდებარება კომენდანტს.

3. აკადემიის შტაბი ვალდებულია იხელმძღვანელოს მინისტრის, საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, აკადემიის სამართლებრივი აქტებითა და ინსტრუქციებით.

4. აკადემიის შტაბის დაკომპლექტების პრინციპები, სტრუქტურა, მიზნები და ამოცანები განისაზღვრება შტაბის დებულებით.

 

თავი III

სკოლის/კოლეჯის მართვის ორგანოები და მათი უფლებამოსილება

მუხლი 19. სკოლის/კოლეჯის საბჭო

1. სკოლის წარმომადგენლობითი ორგანოა სკოლის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის სკოლის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი.

2. კოლეჯის წარმომადგენლობითი ორგანოა კოლეჯის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის კოლეჯის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი, კურსის უფროსები და ინსტრუქტორები.

3. სკოლის საბჭო:

ა) შეიმუშავებს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს სკოლის ბიუჯეტის პროექტს;

ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს;

გ) სკოლის დირექტორის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს სკოლის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

დ) სკოლის დირექტორის წარდგინებით შეიმუშავებს სკოლის სტრუქტურას და წარუდგენს რექტორს;

ე) სკოლის დირექტორის წარდგინებით შეიმუშავებს სკოლის დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

ვ) უფლებამოსილია სკოლის დირექტორის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის, სკოლის დირექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და სკოლის დირექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, სკოლის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს სკოლის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება სკოლის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სკოლის დირექტორი ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას;

ზ) სკოლის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს;

თ) ახორციელებს წინამდებარე წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

4. კოლეჯის საბჭო:

ა) შეიმუშავებს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს კოლეჯის ბიუჯეტის პროექტს;

ბ) კოლეჯის მეთაურის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს კოლეჯის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

გ) კოლეჯის მეთაურის წარდგინებით შეიმუშავებს კოლეჯის სტრუქტურას და წარუდგენს რექტორს;

დ) კოლეჯის მეთაურის წარდგინებით შეიმუშავებს კოლეჯის დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

ე) ახორციელებს წინამდებარე წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

5. სკოლის/კოლეჯის საბჭო უფლებამოსილია, თუ სკოლის/კოლეჯის საბჭოს სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარი მაინც.

6. სკოლის/კოლეჯის საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.

7. სკოლის/კოლეჯის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება სკოლის/კოლეჯის საბჭოს ოქმითა და გადაწყვეტილებით.

მუხლი 20. კოლეჯის მეთაური

1. კოლეჯის მეთაური არის აკადემიის კოლეჯის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, რომელსაც რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. კოლეჯის მეთაური:

ა) უზრუნველყოფს კოლეჯის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელია კოლეჯის რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზე;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოსა და კოლეჯის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;

დ) თავმჯდომარეობს კოლეჯის საბჭოს სხდომებს;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

3. კოლეჯის მეთაურის თანამდებობაზე დანიშნულ სამხედრო მოსამსახურეზე დამატებით ვრცელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სამხედრო მოსამსახურეებისათვის დაკისრებული უფლებები და მოვალეობები.

მუხლი 21. სკოლის დირექტორი/უფროსი

1. სკოლის უფროსი არის აკადემიის სამხედრო სკოლის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, რომელსაც რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სკოლის დირექტორი არის აკადემიის სკოლის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, რომელსაც სკოლის საბჭო ირჩევს ოთხი წლის ვადით. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ხმების ნახევარზე მეტს. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, მეორე ტურში გამსვლელთა გამოსავლენად ტარდება ხელახალი კენჭისყრა გამარჯვებული სკოლის დირექტორის გამოვლენამდე. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ მოხერხდა სკოლის დირექტორის არჩევა, გონივრულ ვადაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი.

3. სკოლის დირექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს აკადემიის სკოლის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

4. სკოლის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას სკოლის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. განცხადება უნდა გამოქვეყნდეს აკადემიის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე განთავსდეს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, მათ შორის, შესაბამის სკოლაში.

5. კანდიდატების რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კვირისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 3 კვირის და არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.

6. სკოლის დირექტორი/უფროსი:

ა) უზრუნველყოფს სკოლაში სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;

ბ) სკოლის საბჭოს (მისი არარსებობის შემთხვევაში აკადემიურ საბჭოს) განსახილველად წარუდგენს სკოლის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

გ) შეიმუშავებს და სკოლის საბჭოს (მისი არარსებობის შემთხვევაში აკადემიურ საბჭოს) წარუდგენს სკოლის სტრუქტურასა და დებულებას;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოსა და სკოლის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;

ე) თავმჯდომარეობს სკოლის საბჭოს სხდომებს (მისი არსებობის შემთხვევაში);

ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელია სკოლის რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზე;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

7. სკოლის უფროსის თანამდებობაზე დანიშნულ სამხედრო მოსამსახურეზე დამატებით ვრცელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სამხედრო მოსამსახურეებისათვის დაკისრებული უფლებები და მოვალეობები.

 

თავი IV

აკადემიის პერსონალი

მუხლი 22. პერსონალი

აკადემიაში არსებობს ადმინისტრაციული, აკადემიური, სამხედრო და დამხმარე თანამდებობები.

მუხლი 23. აკადემიის აკადემიური პერსონალი

1. აკადემიის აკადემიური პერსონალის შემადგენლობაში შედის საშტატო განრიგით გათვალისწინებული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი.

2. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს.

3. ასისტენტი მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით.

4. აკადემიური პერსონალის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს და ამტკიცებს აკადემიური საბჭო.

მუხლი 24. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი

1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესაბამისად.

3. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და განთავსდეს აკადემიაში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.

4. განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა.

მუხლი 25. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები

1. პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილებადა რომელიც აკმაყოფილებს აკადემიის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესით განსაზღვრულ დამატებით პირობებს, არანაკლებ 5 წლის ვადით.

2. უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა).

3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებულ პროფესორის თანამდებობაზე 5 წელზე მეტი ვადით არჩევის შემთხვევაში პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას. ატესტაციის გავლას არ ექვემდებარება პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე არჩეული პროფესორი, რომელიც პროფესორის თანამდებობაზე არჩეულია 5 წელზე მეტი ვადით, მაგრამ პროფესორის თანამდებობაზე არჩევიდან 5 წლის შემდეგ დარჩენილი აქვს უფლებამოსილების 5 წელზე ნაკლები ვადა.

4. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით.

6. ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით.

7. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით აკადემიაში შესაძლებელია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავება. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შესაძლებელია დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

მუხლი 26. აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები

აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება საქართველოს კანონმდებლობის და აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესით განსაზღვრული პირობებისა და ვადების შესაბამისად.                                            

მუხლი 27. აკადემიური წოდებები

აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს, უცხო ქვეყნის მოქალაქე მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება.

მუხლი 28. აკადემიური პერსონალის უფლება-მოვალეობები

1. აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს აკადემიის მართვაში წინამდებარე წესდების შესაბამისად;

ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;

გ) განახორციელოს წინამდებარე წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:

ა) დაიცვას აკადემიის წესდებისა და შესაბამისი სკოლის/კოლეჯის დებულების მოთხოვნები;

ბ) დაიცვას აკადემიის ეთიკის კოდექსი და შინაგანაწესი;

გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები.

მუხლი 29. აკადემიის სამხედრო პერსონალის თანამდებობაზე დანიშვნა, სხვა სამხედრო თანამდებობაზე გადაადგილება და თანამდებობიდან გათავისუფლება

1. აკადემიის სამხედრო პერსონალს, აკადემიის რექტორის წარდგინებით, აკადემიურ, ადმინისტრაციულ ან დამხმარე სამხედრო თანამდებობაზე ნიშნავს, სხვა სამხედრო თანამდებობაზე გადააადგილებს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, ხოლო უმაღლესი ოფიცრები ინიშნებიან კანონმდებლობის შესაბამისად.

2. აკადემიის სამხედრო პერსონალზე დამატებით ვრცელდება კანონმდებლობით მათზე დაკისრებული სხვა უფლებები და მოვალეობები.

მუხლი 30. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი

1. აკადემიაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, რექტორის მოადგილე/კომენდანტი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, კოლეჯის მეთაური, სკოლის დირექტორი/უფროსი და აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.

2. ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი.

3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი/ინსტრუქტორი და უფროსი მასწავლებელი/უფროსი ინსტრუქტორი.

4. მასწავლებელი/ინსტრუქტორი უფლებამოსილია გაუძღვეს პრაქტიკულსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე.

5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული აკადემიის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები.

6. აკადემია უფლებამოსილია „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი, სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.

მუხლი 31. თანამდებობრივი შეუთავსებლობა აკადემიაში

1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება აკადემიაში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

2. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.

3. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება აკადემიაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა.

4. აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესით, რექტორის მიერ დამტკიცებული დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

თავი V

აკადემიის იუნკერი/მსმენელი

მუხლი 32. აკადემიის იუნკერი

1. აკადემიაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტი შეიძლება იყოს სამოქალაქო პირი, სამხედრო მოსამსახურე ან სპეციალური წოდების მქონე პირი სამინისტროს გადაწყვეტილების შესაბამისად. აკადემიაში სტუდენტს ეწოდება იუნკერი და მასზე ვრცელდება შესაბამისი უფლება-მოვალეობები.

2. აკადემიის იუნკერთან გაფორმებული კონტრაქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეიძლება შეიზღუდოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სტუდენტისათვის დადგენილი უფლებები, მათ შორის, უფლება აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, სკოლის/კოლეჯის და აკადემიის მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში, ასევე, უფლება თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად ან ისარგებლოს თვითმმართველობასთან დაკავშირებული სხვა უფლებით. 

მუხლი 33. აკადემიაში იუნკერთა ჩარიცხვის წესი

1. აკადემიაში იუნკერის სტატუსის მოპოვება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აბიტურიენტი/მაგისტრანტობის კანდიდატი სტატუსის მოსაპოვებლად უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობებს.

2. იუნკერის სტატუსის მოპოვება რეგულირდება აკადემიის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით.

მუხლი 34. აკადემიაში მსმენელთა მოვლინების წესი

პროფესიული განვითარების კურსებზე აკადემიაში მსმენელთა მოვლინება ხორციელდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული აკადემიის წლიური საგანმანათლებლო კვოტების შესაბამისად, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე.

მუხლი 35. იუნკერის/მსმენელის უფლებები

იუნკერს/მსმენელს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო კვლევებში;

გ) ისარგებლოს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

დ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიის აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;

ე) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს არასასურველი საგამოცდო შედეგები;

ვ) იუნკერთან/მსმენელთან გაფორმებული კონტრაქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

მუხლი 36. იუნკერის/მსმენელის ვალდებულებები

იუნკერი/მსმენელი ვალდებულია:

ა) აკადემიის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა;

ბ) დაემორჩილოს აკადემიის წესდებას, სამხედრო სადისციპლინო წესდებით განსაზღვრულ  პასუხისმგებლობის ნორმებს, ეთიკის კოდექსს, სკოლების/კოლეჯის დებულებას, აკადემიის საბჭოების გადაწყვეტილებებს, რექტორის ბრძანებებს და აკადემიის პერსონალის სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ მითითებებს;

გ) დადგენილ ვადებში ასრულებდეს სასწავლო გეგმით და პროგრამით გათვალისწინებულ ყველა სახის დავალებას;

დ) დაიცვას აკადემიის პრესტიჟი და გაუფრთხილდეს მის ქონებას;

ე) შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მასთან გაფორმებული კონტრაქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაკისრებული სხვა ვალდებულებები.

მუხლი 37. იუნკერის/მსმენელის პასუხისმგებლობა

იუნკერის/მსმენელის პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და იუნკერთან/მსმენელთან გაფორმებული კონტრაქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მუხლი 38. იუნკერის სტატუსის შეჩერებაშეწყვეტა და მობილობა

იუნკერის სტატუსის შეჩერება ან შეწყვეტა, მობილობა და შიდა მობილობა ხორციელდება ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების, აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესისა და სამინისტროსა და იუნკერს შორის გაფორმებული კონტრაქტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე.

 

თავი VI

აკადემიის ქონება, დაფინანსება და სახელმწიფო კონტროლი

მუხლი 39. აკადემიის ქონება

1. აკადემიას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად კანონმდებლობის შესაბამისად გადაეცემა ქონება.

2. აკადემიის ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.

3. აკადემიას უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან გაასხვისოს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 40. აკადემიის ქონებით სარგებლობა

1. აკადემიის ბალანსზე რიცხული ქონება გამოიყენება მხოლოდ წინამდებარე წესდებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.

2. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით აკადემიას შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, აკადემიის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) სხვა გადაწყვეტილებები აკადემიის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

მუხლი 41. აკადემიის დაფინანსება

1. აკადემიის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) გრანტებით მიღებული შემოსავლები;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;

დ) შემოწირულობები;

ე) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება აკადემიის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 42. სახელმწიფო კონტროლი

აკადემიის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ახორციელებს აკადემიის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს აკადემიას კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარდგენა.

მუხლი 43. აკადემიის ბალანსის შედგენა და შემოწმება

1. აკადემია ვალდებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

2. აკადემიის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

 

თავი VII

აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

მუხლი 44. აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. აკადემიის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

მუხლი 45. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

აკადემიის წესდებაში ცვლილების პროექტს სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს  რექტორი.



14. 06/03/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 36 - ვებგვერდი, 07/03/2024 13. 13/10/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 103 - ვებგვერდი, 16/10/2023 12. 22/05/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 38 - ვებგვერდი, 23/05/2023 11. 24/06/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 41 - ვებგვერდი, 24/06/2022 10. 08/02/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 6 - ვებგვერდი, 09/02/2022 9. 30/11/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 79 - ვებგვერდი, 01/12/2021 8. 03/11/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 101 - ვებგვერდი, 04/11/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 15/07/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 62 - ვებგვერდი, 16/07/2020 6. 20/05/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 43 - ვებგვერდი, 21/05/2020 5. 25/06/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 25 - ვებგვერდი, 25/06/2019 4. 12/12/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 106 - ვებგვერდი, 13/12/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 07/11/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 87 - ვებგვერდი, 08/11/2018 2. 25/12/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 96 - ვებგვერდი, 26/12/2017 1. 21/04/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 32 - ვებგვერდი, 24/04/2017