საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 05/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2017
ძალაში შესვლის თარიღი 07/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016479
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/04/2017 - 27/02/2018)

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №28

2017 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების თანდართული დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის №7 ბრძანება „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ.“.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 7 აპრილიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია



საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულება

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (შემდგომში – გენერალური შტაბი) სპეციალური ოპერაციების ძალები (შემდგომში ძალები) არის გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. ძალები საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა (შემდგომში –  მინისტრი) და გენერალური შტაბის უფროსის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. ძალები ანგარიშვალდებულია გენერალური შტაბის უფროსის წინაშე, რომელიც ახორციელებს ძალების სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ძალებს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით, შტამპი და დროშა, ასევე ბლანკი, საკუთარი სახელწოდებით. ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად ძალებს აქვს დადგენილი ნიმუშის ბეჭედი საიდენტიფიკაციო კოდით.

 

მუხლი 2. ძალების ამოცანები

1. ძალების ამოცანაა:

ა) სპეციალური ოპერაციების და სხვა სამხედრო მხარდამჭერი ოპერაციების ჩატარება;

ბ) გაერთიანებული ოპერაციების პროცესში მონაწილეობა;

გ) სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების წვრთნა და მომზადება.

 

მუხლი 3. ძალების კომპეტენცია

1. ძალების კომპეტენციაა:

ა) გენერალური შტაბის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ურთიერთმოქმედებით გაერთიანებული ოპერატიული დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;

ბ) სრული სპექტრის ოპერაციათა გარემოში, სპეციალური ოპერაციების დავალებათა პირდაპირი მოქმედების, სპეციალური რეკოგნოსცირების და სამხედრო დახმარების დაგეგმვა-განხორციელება;

გ) ძალების მუდმივი მზადყოფნა მკაცრ და შეზღუდულ გარემოში სპეციალური სადაზვერვო და სხვა სამხედრო ოპერაციების შესრულებისათვის, ასევე სამხედრო-სამოქალაქო მოქმედებებში მხარდამჭერი ქვედანაყოფის სახით მონაწილეობისათვის;

დ) დაქვემდებარებული სტრუქტურული და მიმაგრებული საბრძოლო ქვედანაყოფების ოპერატიულ ტაქტიკური მართვა და კონტროლი;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ერთიანი ფინანსური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროული შესრულება, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება და თავდაცვის ბიუჯეტის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება;

ვ) დაკისრებული ამოცანების განსახორციელებლად, ძალების ქვედანაყოფების კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება და მათი პროფესიული განვითარებისათვის საბრძოლო მომზადების, საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის დონის შენარჩუნება და ამაღლება;

ზ) დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში დისციპლინის დაცვა და უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება, საბრძოლო ოპერაციების, სასწავლო პროგრამების და გეგმების შემუშავება, ლოგისტიკური, საავტომობილო და სამედიცინო მომსახურება, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით დაქვემდებარებული ქვედანაყოფების დაკომპლექტების კონტროლი, დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ინფორმაციული სისტემებით უზრუნველყოფის დაგეგმვა/განხორციელება;

თ) შეიარაღებული ძალების, უწყებების და საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლობებთან თანამშრომლობა გაერთიანებულ, ერთობლივ და მრავალეროვნულ სამხედრო მოქმედებებში ძალთა მზადყოფნისა და მონაწილეობისათვის;

ი) ძალებისათვის და საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის სპეციალური სწავლებების დაგეგმვა, ჩატარება, მონიტორინგი და ანალიზის განხორციელება, ასევე ჩატარებული სწავლებების შემდგომ შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა;

კ) წყალზე სამოქმედო არეალში სპეციალური ოპერაციების დავალებათა უზრუნველყოფა;

ლ) სპეციალური ოპერაციებისათვის საცეცხლე მხარდაჭერის განხორციელების დაგეგმვა, ასევე განსაზღვრულ დავალებათა ოპერატიული შესრულებისთვის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფთა მზადყოფნის უზრუნველყოფა;

მ) ძალების სადაზვერვო და უსაფრთხოების საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება, დაქვემდებარებული სადაზვერვო ქვედანაყოფების საქმიანობის ზედამხედველობა, ასევე ძალებზე დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების კონტროლი; ძალების სტრუქტურული ერთეულების დისლოკაციის ადგილების დაცვა;

ნ) ძალებში საქმისწარმოების (მათ შორის საიდუმლო საქმისწარმოების) განხორციელება/კონტროლი, ასევე საფელდეგერო მომსახურება და დოკუმენტაციის შენახვა/დაარქივება;

ო) ძალების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

პ) ძალებში საბრძოლო მომზადების ღონისძიებების დაგეგმვა, ასევე სასწავლო პროგრამების, დოქტრინალური და საველე სახელმძღვანელოების შემუშავების ხელშეწყობა და მისი განხორციელების კონტროლი.

 

მუხლი 4. ძალების სტრუქტურული ერთეულები და მათი კომპეტენცია

1. ძალების სტრუქტურული ერთეულებია (შემდგომში –  სტრუქტურული ერთეული):

ა) იურიდიული განყოფილება;

ბ) ბუღალტრული აღრიცხვის სამსახური;

გ) შტაბი;

დ) სპეციალური დანიშნულების ბატალიონი;

ე) საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმი;

ვ) სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრი;

ზ) რეინჯერთა ბატალიონი;

თ) მხარდამჭერი ბატალიონი.

 2. სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაა:

ა) იურიდიული განყოფილება:

ა.ა) ახორციელებს ძალების საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ძალებში შემოსული წერილების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვას და მათზე შესაბამის რეაგირებას;

ა.გ) უზრუნველყოფს ძალების ხელმძღვანელობის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას,  ვიზირებას და უფლებამოსილი პირისთვის ხელმოსაწერად წარდგენას;

ა.დ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ძალების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური წარმოების სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ბ) ბუღალტრული აღრიცხვის სამსახური:

ბ.ა) სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის მითითებების შესაბამისად და ანგარიშვალდებულია მის წინაშე;

ბ.ბ) ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზებას;

ბ.გ) ახორციელებს ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორად წარმართვას;

ბ.დ) უზრუნველყოფს სასაქონლო მატერიალური ფასეულობების და დაფინანსების სწორ და დროულ ასახვას შესაბამის პირველად დოკუმენტებში;

ბ.ე) უზრუნველყოფს ხარჯების გაწევის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებას;

ბ.ვ) ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადებასა და შესაბამისი ფინანსური ოპერაციების  წარმოებას;

ბ.ზ) მონაწილეობს ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში და აწარმოებს შესაბამის გათვლებს;

ბ.თ) ახორციელებს ქვედანაყოფის შესაბამის ფულად უზრუნველყოფას და სალარო ოპერაციების წარმოებას;

ბ.ი) უზრუნველყოფს ანგარიშგების მომზადებას და დადგენილ ვადებში ზემდგომ ორგანოებში წარდგენას;

გ) შტაბი:

გ.ა) უზრუნველყოფს ძალებში საქმისწარმოების (მათ შორის საიდუმლო საქმისწარმოების) განხორციელებას, ასევე საფელდეგერო მომსახურებას და არსებული დოკუმენტაციის შენახვა/დაარქივებას;

გ.ბ) უზრუნველყოფს ძალებში პირადი შემადგენლობის აღრიცხვას, საშტატო-სტრუქტურული საკითხების დამუშავებას, ადამიანური რესურსებისა და საკადრო საქმიანობის დაგეგმვას და მისი განხორციელების კონტროლს, ახორციელებს პირადი შემადგენლობის შერჩევის, კვალიფიკაციის ამაღლების, შეფასებისა და კარიერული მართვისათვის საჭირო ღონისძიებებს;

გ.გ) უზრუნველყოფს ძალების სადაზვერვო და უსაფრთხოების საქმიანობის დაგეგმვას და განხორციელებას, სადაზვერვო ქვედანაყოფების საქმიანობის ზედამხედველობას, ასევე ძალებზე დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების კონტროლს;

გ.დ) უზრუნველყოფს ძალების მასშტაბით სრული ოპერაციული პროცესის ორგანიზებას და განხორციელებას, ძალების ქვედანაყოფების სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული გეგმებისა და დირექტივების შემუშავებას, საბრძოლო და სასწავლო ოპერატიულ-ტაქტიკური ოპერაციების დაგეგმვას, ასევე ძალებზე დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში საჯარისო სამსახურის დაგეგმვისა და განხორციელების კონტროლს;

გ.ე) ახორციელებს ლოგისტიკური და სატრანსპორტო საშუალებებით ძალების უზრუნველყოფის დაგეგმვას, ძალებში მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და შენობა-ნაგებობების ექპლუატაციის კონტროლს;

გ.ვ) ახორციელებს ძალების მიერ საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დაგეგმვისა და განვითარების ხელშეწყობას, ძალების სამომავლო გეგმებისა და პროგრამების შემუშავებას, ახორციელებს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობას, კომპეტენციის ფარგლებში;

გ.ზ) ახორციელებს ძალების სტრუქტურული ერთეულების სატელეფონო, მართვის ავტომატიზებული სისტემების, კომპიუტერული ქსელების, რადიოკავშირებისა და კავშირგაბმულობის საშუალებების განაწილებას და ექსპლუატაციის კონტროლს; ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების ორგანიზების კონტროლს;

გ.თ) ახორციელებს ძალებში საბრძოლო მომზადების ღონისძიებების დაგეგმვას, სასწავლო პროგრამების, დოქტრინალური და საველე სახელმძღვანელოების შემუშავების ხელშეწყობას, ასევე წვრთნების მონიტორინგს და შეფასებას;

დ) სპეციალური დანიშნულების ბატალიონი:

დ.ა) ახორციელებს ძალებისათვის დაკისრებული სპეციალური ოპერაციების, მათ შორის, პირდაპირი მოქმედების, სპეციალური რეკოგნოსცირების და სამხედრო დახმარების დავალებების სრული სპექტრით შესრულებას;

დ.ბ) უზრუნველყოფს ძალთა მზადყოფნას სხვა სამხედრო მოქმედებებში მხარდამჭერი ქვედანაყოფის სახით მონაწილეობისათვის.

ე) საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმი:

ე.ა) უზრუნველყოფს ძალების წინაშე წყალზე სამოქმედო არეალში დასმული სამხედრო ამოცანების განხორციელებას;

ე.ბ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ძალებისათვის დაკისრებული სპეციალური ოპერაციების, მათ შორის პირდაპირი მოქმედების, სპეციალური რეკოგნოსცირების და სამხედრო დახმარების დავალებების სრული სპექტრით შესრულებას;

ე.გ) უზრუნველყოფს ძალთა მზადყოფნას სხვა სამხედრო მოქმედებებში მხარდამჭერი ქვედანაყოფის სახით მონაწილეობისათვის.

ვ) სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრი:

ვ.ა) უზრუნველყოფს სპეციალური ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა განვითარებისათვის პროგრამების შექმნას, სწავლებების დაგეგმვას, შესაბამისი ტექნიკური და პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებას;

ვ.ბ) ახორციელებს სპეციალობების მიხედვით შესაბამისი სპეციალური სამხედრო მომზადების ძირითადი კურსების ორგანიზებას და ჩატარებას;

ვ.გ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ინდივიდუალურად ან/და კოლექტიურად სამხედრო მოსამსახურეთა შესაბამისი კვალიფიკაციით გაწვრთნას და შემდგომ გადამზადებას;

ვ.დ) ახორციელებს წარმატებულ კურსდამთავრებულთა და ქვედანაყოფთა სერტიფიცირებას.

ზ) რეინჯერთა ბატალიონი:

ზ.ა) უზრუნველყოფს სპეციალური ოპერაციების დავალების პირდაპირი მოქმედების ჩატარებას, ასევე სხვა სპეციალური ოპერაციების ამოცანათა უზრუნველყოფისათვის მზადყოფნას;

ზ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის ფუნქციას;

ზ.გ) ახორციელებს მკაცრ და შეზღუდულ გარემო პირობებში ინდივიდუალურად, ასევე მხარდამჭერი ქვედანაყოფის სახით, საბრძოლო და სხვა სახის მოქმედებებში მონაწილეობას;

ზ.დ) მონაწილეობს კონვენციური ოპერაციების წარმოებაში და მოქმედებს კონვენციურ ქვედანაყოფებთან.

თ) მხარდამჭერი ბატალიონი:

თ.ა) უზრუნველყოფს ძალების ძირითადი დისლოკაციის ადგილების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების გატარებას;

თ.ბ) ახორციელებს ძალებში ლოგისტიკურ უზრუნველყოფას და სატრანსპორტო მომსახურებას;

თ.გ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ძალებს სამედიცინო მხარდაჭერით;

თ.დ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ძალების ოპერატიული და ხარისხიანი კავშირის უზრუნველყოფას.

 

მუხლი 5. ძალების ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილება

1. ძალებს ხელმძღვანელობს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური (შემდგომში ძალების მეთაური), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. ძალების მეთაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალებზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია გენერალური შტაბის უფროსის წინაშე.

3. ძალების მეთაური, ძალებზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:

ა) ახორციელებს ძალების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, გენერალური შტაბის დებულებითა და ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

გ) წყვეტს ძალების გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია ძალებზე დაკისრებული ამოცანების სრულფასოვნად შესრულებაზე;

დ) კონტროლს უწევს ხელმძღვანელობის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას ძალების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ე) ითანხმებს ძალების მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის საკითხებს;

ვ) ახორციელებს კონტროლს ძალების სტრუქტურული ერთეულების მუშაობაზე, ანაწილებს მოვალეობებს ძალების მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

ზ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო  მზადყოფნას;

თ) ძალებში შემოსულ კორესპონდენციას ანაწილებს ძალების  მოსამსახურეებზე;

ი) აანალიზებს ძალების საქმიანობას და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ძალების მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;

კ) გენერალური შტაბის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ძალების მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

ლ) გენერალური შტაბის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ძალების ამოცანების შესასრულებლად;

მ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს ძალების სტრუქტურული ერთეულების უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ნ) შუამდგომლობს ძალების მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

ო) კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს ძალების მიერ განხორციელებული საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას;

პ) ახორციელებს ძალებში  მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;

ჟ) წარადგენს დასამტკიცებლად ძალების საშტატო ნუსხას;

რ) ძალებში საყარაულო და შინაგანი სამსახურის ორგანიზების, ლოგისტიკური და სამედიცინო უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით, ასევე კანონმდებლობის შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ს) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ორგანოებიდან;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს ძალებში სპეციალური სასწავლო და საწვრთნელი პროგრამების შემუშავებას, დამტკიცებას, სპეციალური კურსების გავლას და წარმატებულ კურსდამთავრებულთა შესაბამის სერტიფიცირებას;

უ) მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მიერ დამტკიცებული გეგმების შესაბამისად ახორციელებს ძალების ოპერატიულ და საბრძოლო უზრუნველყოფას;

ფ) ხელმძღვანელობს ძალების მასშტაბით მიმდინარე სასწავლო და საბრძოლო ოპერაციებს;

ქ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. ძალების მეთაურს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. ძალების მეთაურის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ძალების მეთაურის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე  განსაზღვრული ძალების სტრუქტურული ერთეულის უფროსი.

6. ძალების მეთაურის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალებზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია ძალების მეთაურისა და გენერალური შტაბის უფროსის  წინაშე.

7. ძალების მეთაურის მოადგილე ძალებზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:

ა) ხელს უწყობს ძალების მეთაურს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ძალების მეთაურის დავალების შესაბამისად განიხილავს ძალებში შესულ კორესპონდენციას;

გ) ზედამხედველობს ძალების მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

დ) კოორდინაციას უწევს ძალების სტრუქტურული ერთეულების მუშაობას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;

ე) ახორციელებს ძალებში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;

ვ) აანალიზებს ძალების საქმიანობას და ძალების მეთაურს წარუდგენს წინადადებებს ძალების საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს ძალების მეთაურთან მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

თ) ასრულებს გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისა და ძალების მეთაურის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

8. ძალების სტრუქტურულ ერთეულებს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

9. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის, ძალების მეთაურისა და ძალების მეთაურის მოადგილის წინაშე.

10. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:

ა) ხელმძღვანელობს  სტრუქტურული ერთეულის  საქმიანობას;

ბ) ანაწილებს  კორესპონდენციას  სტრუქტურული ერთეულის  მოსამსახურეებს შორის;

გ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზებას და ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

დ) ახორციელებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, კონტროლს უწევს სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ძალების მეთაურისა  და ძალების მეთაურის  მოადგილის დავალებების შესრულებას;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

11. ძალების საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ძალების სტრუქტურულ ერთეულებს შეიძლება გააჩნდეს დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომლებსაც ხელმძღვანელობენ მეთაურები ან უფროსები, რომლებიც:

ა) ანაწილებენ სტრუქტურულ ქვედანაყოფში შესულ დავალებებს;

ბ) ახორციელებენ დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევენ მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს წარუდგენენ ანგარიშს დაქვემდებარებული ქვედანაყოფის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.

12. ძალებს აქვს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საჯარო თანამდებობები, რომელთა  სამუშაო აღწერილობებს და უფლებამოსილებას კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს ძალების მეთაური.



ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.