დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 381-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 10/03/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/03/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 030000000.05.001.018329 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) დაემატოს შემდეგი შინაარსის 354–356 მუხლები:
„მუხლი 354. მოსამართლის დადგენილება იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე 1. „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის პროგრამაში „ჰორიზონტი 2020 – კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა (2014–2020)“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გამოსცემს დადგენილებას იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე. 2. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანო თავის შუამდგომლობაში უთითებს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ევროკომისიის გადაწყვეტილებაში აღნიშნული იურიდიული პირის, მისთვის დაკისრებული ფულადი ვალდებულების ოდენობის და ამ იურიდიული პირის ქონების შესახებ მონაცემებს (ევროკომისიის გადაწყვეტილებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. მოსამართლე საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზედაც ამ შუამდგომლობის მიღებიდან არაუგვიანეს 48 საათისა ატყობინებს შუამდგომლობაში მითითებულ იურიდიულ პირს და უგზავნის მას შესაბამის საქმის მასალებს. 4. მოსამართლე საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანოს შუამდგომლობის წარდგენიდან 10 დღის ვადაში გამოსცემს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილებას. 5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოსამართლის დადგენილებაში აღინიშნება: ა) დადგენილების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) მოსამართლის გვარი; გ) მონაცემები შუამდგომლობის ავტორის შესახებ; დ) იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე; ე) მონაცემები იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილებაში აღნიშნული იურიდიული პირის შესახებ; ვ) იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილებით იურიდიული პირისათვის დაკისრებული ფულადი ვალდებულების ოდენობა; ზ) მონაცემები იურიდიული პირის ქონების შესახებ (ევროკომისიის გადაწყვეტილებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) დადგენილების გასაჩივრების წესი; ი) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 6. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოსამართლის დადგენილება დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სასამართლოში, მეორე ეგზავნება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ორგანოს, ხოლო მესამე − საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანოს შუამდგომლობაში მითითებულ იურიდიულ პირს. თუ მოსამართლის დადგენილების აღნიშნული იურიდიული პირისათვის გადაცემა ვერ ხერხდება, იგი ქვეყნდება საჯაროდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება გამოქვეყნებიდან მესამე დღეს. მუხლი 355. იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსამართლის დადგენილების ძალაში შესვლა და გასაჩივრება 1. იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსამართლის დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე. ამ დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. 2. იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსამართლის დადგენილების გამოცემისას საპროცესო დარღვევების შემთხვევაში ამ დადგენილების გაუქმების შესახებ საჩივარი შეიტანება მის გამომცემ სასამართლოში, მხარისათვის დადგენილების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში, ხოლო თუ აღნიშნული დადგენილების მხარისათვის გადაცემა ვერ ხერხდება – მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში. დადგენილების გამომცემი მოსამართლე საჩივარს შესაბამის საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საჩივარს სააპელაციო ინსტანციის სასამართლო განიხილავს მისი შეტანიდან 15 დღის ვადაში. 4. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება. მუხლი 356. იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსამართლის დადგენილების გაუქმება ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსრულების შეწყვეტის საფუძველზე 1. იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსამართლის დადგენილების გაუქმების საფუძველია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსრულების შეწყვეტის შესახებ. 2. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან 1 თვის ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსამართლის დადგენილების გაუქმების მოთხოვნით. 3. იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსამართლის დადგენილების გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იღებს ამ კოდექსის 354 მუხლით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 10 მარტი 2017 წ. N381-IIს |
დოკუმენტის კომენტარები