საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 28/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 02/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 200090000.18.011.016223
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
29/04
28/02/2017
ვებგვერდი, 28/02/2017
200090000.18.011.016223
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/02/2017 - 13/03/2017)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №29/04

2017 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 482 მუხლის და „საგადახდო  სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის, 51 მუხლის, მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 42-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესი თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 12 ოქტომბრის №90/04 ბრძანება „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციისა და რეგისტაციის გაუქმების წესი“.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და  რეგულირების წესი

თავი I.ზოგადი დებულებები

მუხლი 1.მოქმედების სფერო

1. ეს წესი, „საგადახდო სისტემის და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებებთან ერთად, განსაზღვრავს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის (შემდგომში პროვაიდერი) საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში ეროვნული ბანკი) მიერ რეგისტრაციისა და რეგულირების საკითხებს, კერძოდ:

ა) ეროვნულ ბანკში პროვაიდერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების პირობებსა და პროცესს;

ბ) საგადახდო მომსახურების საქმიანობიდან გამომდინარე პროვაიდერის  ვალდებულებებს;

გ) მნიშვნელოვანი პროვაიდერის დამატებით ვალდებულებებს;

დ) პროვაიდერის ურთიერთობას მის აგენტებთან  და სხვა მესამე პირებთან;

ე) პროვაიდერთან არსებული მომხმარებლის ფულად სახსრებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.

2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, გარდა ამ წესის მე-10 მუხლისა და მე-15 მუხლის მე-5 პუნქტისა.

მუხლი 2.ტერმინთა განმარტებები

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მცირემოცულობიანი საგადახდო ინსტრუმენტი საგადახდო ინსტრუმენტი, მათ შორის ელექტრონული ფულის ინსტრუმენტი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთს:

ა.ა)    მისი საშუალებით შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ცალკეული გადახდის ოპერაციის განხორციელება, რომლის ოდენობა არ აღემატება 70 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში, ხოლო თუ ამ ინსტრუმენტით გადახდის ოპერაციის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში, მაშინ ოპერაციის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 140 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში;

ა.ბ) მისი საშუალებით განხორციელებული გადახდის ოპერაციების ჯამური ოდენობა დღეში არ აღემატება 350 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში, ხოლო თუ ამ ინსტრუმენტით გადახდის ოპერაციის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში, მაშინ ოპერაციების ჯამური ოდენობა დღეში არ აღემატება 1500 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში;

ა.გ) მასზე დროის ნებისმიერ მომენტში შეუძლებელია შენახულ იქნეს ელექტრონული ფული, რომლის ოდენობა აღემატება 1500 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

ბ) გადახდის თვითმომსახურების კიოსკი პროგრამულ-ტექნიკური მოწყობილობა, რომლის მეშვეობით უშუალოდ მომხმარებელი ახორციელებს გადახდის ოპერაციის ინიციირებას პროვაიდერის/აგენტის თანამშრომლის  ჩარევის გარეშე;

გ) ფულადი გზავნილების სქემა – საერთო წესებისა და სტანდარტული პროცედურების (მათ შორის აგენტებს შორის ანგარიშსწორებისა და კლირინგის პროცესის) ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ფულადი გზავნილის  შესრულებას ამ მიზნით შექმნილი ელექტრონული სისტემის საშუალებით;

დ) ფულადი გზავნილების სქემის ოპერატორი იურიდიული პირი, რომელიც შეიმუშავებს ფულადი გზავნილების სქემას და პასუხისმგებელია მის (მათ შორის ელექტრონული სისტემის) მართვაზე დამოუკიდებლად ან სხვა იურიდიულ პირებთან ერთად;  

ე) პროვაიდერის აგენტი (შემდგომში „აგენტი“) პირი, რომელიც პროვაიდერთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საგადახდო მომსახურების მიწოდებისას მოქმედებს ამ პროვაიდერის სახელით;

ვ) საოპერაციო ფუნქციების აუთსორსინგი – პროვაიდერის მიერ საგადახდო მომსახურების განხორციელების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საქმიანობის გადაცემა მესამე მხარისთვის, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული საქმიანობა არ უნდა წარმოადგენდეს უშუალოდ მომხმარებლისათვის საგადახდო მომსახურების მიწოდებას;

ზ) შუამავალი პროვაიდერი – პროვაიდერი, რომელიც გადახდის ოპერაციის შესრულების პროცესში გადამხდელის პროვაიდერისაგან იღებს გადახდის ოპერაციის თანხას მიმღების პროვაიდერისთვის გადაცემის მიზნით;

თ) უმაღლესი მენეჯმენტი ფიზიკური პირები, რომლებსაც  პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვთ პროვაიდერის საქმიანობების დაგეგმვის, მართვისა და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა, მათ შორის პროვაიდერის ნებისმიერი დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ი) ინციდენტი ქმედება/მოვლენა, რომელსაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყოლოდა არაავტორიზებული ოპერაციების განხორციელება, აგრეთვე პროვაიდერის ფინანსური და/ან რეპუტაციული ზიანი. ინციდენტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:

ი.ა) პროვაიდერის ტექნიკური საშუალებების გაუმართავი ფუნქციონირება;

ი.ბ) პროვაიდერის მიერ დადგენილი წესებისა და პროცედურების დარღვევა/დაუცველობა;

ი.გ) მესამე პირების მიერ ტექნიკური და/ან პროგრამული საშუალებების გამოყენებით პროვაიდერის სისტემაში არაავტორიზებული შეღწევა;

ი.დ) პროვაიდერის ტექნიკურ საშუალებებზე და/ან პროგრამულ უზრუნველყოფაზე არაავტორიზებული ზემოქმედება;

ი.ე) მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის (მათ შორის, მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომისათვის საჭირო ინფორმაციის) არაავტორიზებული მოპოვება;

ი.ვ) პროვაიდერის მიერ განსაზღვრული ნებისმიერი სხვა გარემოება.

კ) ჯგუფი როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს  ეროვნული  ბანკის  პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებით დამტკიცებული „ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების“ მე-­2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ლ) ბენეფიციარი მესაკუთრე – პროვაიდერის წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 10 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი, ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;

მ) გადასათვლელი ფულადი სახსრები – პროვაიდერის მიერ ბანკში შეტანილი ნაღდი ფული, რომელიც არ არის ასახული პროვაიდერის ანგარიშზე და რომელიც ბანკში გადათვლის შემდეგ განთავსდება პროვაიდერის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე;

ნ) საგადახდო მომსახურების განხორციელებისათვის გამოყენებული ელექტრონული სისტემა – ტექნიკური საშუალებების და/ან პროგრამული უზრუნველყოფის ერთობლიობა, რომლის საშუალებით პროვაიდერს შეუძლია გადახდის ოპერაციის განხორციელებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიღება, დამუშავება და გადახდის ოპერაციის შესრულებაში ჩართულ სხვა პირებთან გაცვლა, აგრეთვე გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვის უზრუნველყოფა.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „საგადახდო სისტემის და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული მნიშვნელობები.

მუხლი 3.გამონაკლისები  საგადახდო  მომსახურებიდან

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მომსახურებებთან ერთად საგადახდო მომსახურებაში ასევე არ შედის  ბანკომატის მეშვეობით ნაღდი ფულის გაცემის მომსახურება, რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი ახორციელებს ერთი ან რამდენიმე საგადახდო ბარათის ემიტენტის სახელით და იგი არ წარმოადგენს მომხმარებელთან (ნაღდი თანხის მიმღებ პირთან)  გაფორმებული ხელშეკრულების მხარეს  და, ამავე დროს, იგი არ ასრულებს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სხვა საგადახდო მომსახურებას.

თავი II.ეროვნულ ბანკში პროვაიდერის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება

მუხლი 4.პროვაიდერის რეგისტრაცია

1. მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილ იურიდიულ პირს აქვს უფლება, ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის შემდეგ საქართველოში განახორციელოს საგადახდო მომსახურება. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებზე, ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირებზე, ასევე „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებზე.  

2. დაინტერესებულმა პირმა პროვაიდერად რეგისტრაციისათვის ეროვნულ ბანკში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სრულად შევსებული პროვაიდერის სარეგისტრაციო ფორმა (დანართი №1);

ბ) პროვაიდერის მიერ გასაწევი საგადახდო მომსახურების სახეების ჩამონათვალი  (დანართი №2);

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგადახდო მომსახურების განხორციელების სქემატური აღწერა, რომელიც მოიცავს მომსახურების პროცესში ინფორმაციისა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გადახდის ოპერაციის ინიცირებიდან მის დასრულებამდე. თუ დაინტერესებული პირი რეგისტრაციის შემდეგ გეგმავს განახორციელოს რამდენიმე მომსახურება, მაშინ თითოეულ მომსახურებაზე  წარდგენილი უნდა იქნეს ცალკე სქემა. თუ გადახდის ოპერაციის შესრულებაში შუამავალი ან მიმღები პროვაიდერის სახით ჩართულია უცხო ქვეყნის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, მაშინ წარმოდგენილი უნდა იქნეს ასეთი პროვაიდერების სია, მათი ზედამხედველი ორგანოების მითითებით;

დ) საგადახდო მომსახურების განსახორციელებლად გამოყენებული ელექტრონული სისტემის აღწერა, რომელიც, სულ მცირე, მოიცავს:

დ.ა) გამოყენებული ტექნიკური საშუალებებისა და/ან პროგრამული უზრუნველყოფის ჩამონათვალს, პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლის მითითებით;

დ.ბ) გამოყენებული საკომუნიკაციო საშუალებებისა და შიფრაციის ალგორითმების ჩამონათვალს;

დ.გ) იმ ინტერფეისების აღწერას, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ინფორმაციის გაცვლა ელექტრონულ სისტემასა და მის მომხმარებლებს შორის, აგრეთვე ელექტრონული სისტემის სხვადასხვა კომპონენტებს შორის.

ე) საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც ასახავს დაინტერესებული პირის მიერ ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის თარიღისათვის არსებულ ყველა ცვლილებას. თუ დაინტერესებული პირი სააქციო საზოგადოებაა, მაშინ დამატებით წარდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ამონაწერი ფასიანი ქაღალდების რეესტრიდან;

ვ) ინფორმაცია დაინტერესებული პირის განცხადებული ან შევსებული კაპიტალის 10 პროცენტი ან 10 პროცენტზე მეტი წილის (შემდგომში  „მნიშვნელოვანი წილის“) უშუალო მესაკუთრეების, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ (ბენეფიციარი ან უშუალო მესაკუთრე ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, უშუალო მესაკუთრე იურიდიული პირის შემთხვევაში ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც ასახავს პროვაიდერის მიერ ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის თარიღისათვის არსებულ ყველა ცვლილებას, ხოლო თუ უშუალო მესაკუთრე იურიდიული პირი სააქციო საზოგადოებაა, მაშინ დამატებით წარდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ამონაწერი ფასიანი ქაღალდების რეესტრიდან);

ზ) დოკუმენტაცია, რომელიც ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენის საშუალებას იძლევა;

თ) დაინტერესებული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;

ი) ცნობა (ცნობები) დაინტერესებული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) და მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების) ნასამართლობის შესახებ. ეროვნულ ბანკში წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 60 დღეს;

კ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, სადაც განთავსებული იქნება პროვაიდერის სათავო ოფისი. შესაბამისი მისამართი მითითებული უნდა იქნეს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილ სარეგისტრაციო განაცხადში როგორც საკონტაქტო მისამართი (შემდგომში  „საკონტაქტო მისამართი“).

ლ) რეგულირებას/ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირის შემთხვევაში  (გარდა ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირისა), ასევე შესაბამისი რეგულატორის/ზედამხედველის მიერ გაცემული ცნობა/ნებართვა იმის თაობაზე, რომ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს განახორციელოს საგადახდო მომსახურება;

მ) ინფორმაცია (სტრატეგია, გეგმა ან სხვა), რითაც დადასტურდება, რომ დაინტერესებული პირი გეგმავს საგადახდო მომსახურების საქმიანობის განხორციელებას საქართველოს ტერიტორიაზე.

3. ამ წესის მიზნებისათვის ეროვნულ ბანკში წარსადგენი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტები უნდა იყოს შესაბამისი წესით დამოწმებული. აღნიშნული უცხოენოვანი დოკუმენტების წარდგენა ხორციელდება ნოტარიულად დამოწმებული ქართულ ენაზე თარგმანის სახით.

4. პირს ეკრძალება იყოს პროვაიდერის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან/და მნიშვნელოვანი წილის უშუალო და/ან ბენეფიციარი მესაკუთრე, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.

5. თუ პროვაიდერის მიერ განსახორციელებელი საგადახდო მომსახურება მოითხოვს  საგადახდო სისტემის ან/და სქემის  ნებართვას/რეგისტრაციას და/ან მათ მიერ მითითებულ სტანდარტებთან შესაბამისობას, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაინტერესებული პირის რეგისტრაციამდე მოითხოვოს აღნიშნულის დამადასტურებელი  დოკუმენტაცია.  ეროვნული ბანკი ასევე უფლებამოსილია პროვაიდერის რეგისტრაციის შემდეგ  მის მიერ საგადახდო მომსახურების განხორციელებამდე ან განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს ზემოაღნიშნული   დოკუმენტაცია.

6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია და განუსაზღვროს მას აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვადა.

7. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი განუსაზღვრავს მას 30 კალენდარული დღის ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და წარდგენილი მონაცემების დასაზუსტებლად. აღნიშნული ვადის დინება იწყება ეროვნული ბანკის მიერ დაინტერესებული პირისათვის დადგენილი ხარვეზების წერილობითი ფორმით წარდგენის დღიდან.

8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში, დაინტერესებული პირის მიერ ამ პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, ასევე წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მცდარი ინფორმაციის არსებობა, მისთვის პროვაიდერად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.

9. ეროვნული ბანკი პროვაიდერის რეგისტრაციის განაცხადისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პროვაიდერის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. ამ ვადის დინება ჩერდება ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის მე-5 მე-7 პუნქტების შესაბამისად პროვაიდერის რეგისტრაციის დოკუმენტაციაში ხარვეზების ან დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე წერილის მომზადების დღიდან (წერილის რეგისტრაციის თარიღიდან) და იგი განახლდება დაინტერესებული პირის მიერ გასწორებული ხარვეზების ან მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაციის ეროვნულ ბანკში წარდგენის შემდეგ.

10. თუ პროვაიდერის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ხარვეზების ან დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის მე-5 მე-7 პუნქტების შესაბამისად მომზადებული წერილი ორი მცდელობის მიუხედავად ვერ ჩაბარდა დაინტერესებულ პირს მის იურიდიულ მისამართზე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია წერილის მეორედ ჩაბარების მცდელობის დღიდან 10 კალენდარული დღის ვადის გასვლის შემდეგ უარი განაცხადოს პროვაიდერის რეგისტრაციაზე.

11. ეროვნული ბანკი პროვაიდერის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება პროვაიდერის დასახელება, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, პროვაიდერის რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი გადაეცემა დაინტერესებულ პირს.

12. რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი წერილობით აცნობებს აღნიშნულის თაობაზე დაინტერესებულ პირს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზის მითითებით.

13. ეროვნული ბანკი აწარმოებს პროვაიდერების უწყებრივ სარეგისტრაციო რეესტრს ელექტრონული ფორმით და პროვაიდერის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მასში შეაქვს პროვაიდერის სარეგისტრაციო ინფორმაცია.

14. პროვაიდერი, გარდა იმ პროვაიდერისა, რომელიც საგადახდო მომსახურებას ახორციელებს მხოლოდ მცირემოცულობიანი საგადახდო ინსტრუმენტებით, ვალდებულია რეგისტრაციის შესახებ განკარგულების გამოცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სააღრიცხვო ფორმის წარდგენა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის შესაბამისი ბრძანებით დადგენილი წესით.

მუხლი 5. ცვლილებების რეგისტრაცია

1. პროვაიდერი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) პროვაიდერის დასახელების, სამართლებრივი ფორმის ცვლილება;

ბ) იურიდიული მისამართისა და საკონტაქტო მისამართის ცვლილება;

გ) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის და/ან მნიშვნელოვანი წილის უშუალო და/ან ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილება;

დ)  არსებული საგადახდო მომსახურების შეწყვეტა;

ე) დაგეგმილი ახალი სახის საგადახდო მომსახურების სქემა;

ვ) წარდგენილი საგადახდო მომსახურების სქემის ცვლილება ან/და მისი შემადგენელი კომპონენტის (რგოლის) სხვა კომპონენტით (რგოლით) ჩანაცვლება.

2. პროვაიდერი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ეროვნულ ბანკს  ამ ცვლილებების განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წერილობითი ფორმით, ხოლო ამავე პუნქტის „გ-ვ“ ქვეპუნქტებით დაგეგმილი ცვლილებების შესახებ წერილობითი ინფორმაცია მიაწოდოს ეროვნულ ბანკს ცვლილებების განხორციელებამდე არაუგვიანეს 10 კალენდარული დღით ადრე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

 3. თუ პროვაიდერის სისტემაში არსებული ხარვეზები მოითხოვს ამ მუხლის პირველი პუნქტის  „დ“ და „ვ“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული ცვლილების დაუყოვნებლივ განხორციელებას, პროვაიდერი ვალდებულია ამ ცვლილებების განხორციელებისთანავე აცნობოს ამის თაობაზე ეროვნულ ბანკს.

 4. ეროვნული ბანკი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პროვაიდერის რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელების თაობაზე და გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში განაახლოს სარეგისტრაციო რეესტრი.

5. პროვაიდერის მიერ განსახორციელებელი/განხორციელებული ცვლილებები შესაბამისი უნდა იყოს სარეგისტრაციო მოთხოვნებთან.

6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროვაიდერს მოსთხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია და განუსაზღვროს მას ვადა აღნიშნული ინფორმაციის წარსადგენად.

მუხლი 6. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმება

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააუქმოს პროვაიდერის რეგისტრაცია, თუ:

ა) პროვაიდერი რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე წერილობითი განცხადებით მიმართავს ეროვნულ ბანკს;

ბ) განხორციელდა პროვაიდერის ლიკვიდაცია;

გ) ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის მიზნით წარდგენილ საბუთებში აღმოჩნდა მცდარი ინფორმაცია;

დ) უფლებამოსილი ორგანოსგან მიღებულია შეტყობინება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან პროვაიდერის ამოღების თაობაზე;

ე) ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმითა და ვადაში პროვაიდერმა ზედიზედ სამჯერ არ განახორციელა ეროვნული ბანკისათვის ანგარიშგების ნებისმიერი ფორმის წარდგენა;

ვ) პროვაიდერის მიერ ხორციელდება „საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის, ეროვნული ბანკის წესების,  მოთხოვნების, მითითებების სისტემატური ან/და მნიშვნელოვანი დარღვევა;

ზ) პროვაიდერის მიერ ხორციელდება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წესების,  მოთხოვნების, მითითებების დარღვევა;

თ) პროვაიდერმა არ დაუშვა ეროვნული ბანკის თანამშრომელი შემოწმებაზე;

ი) პროვაიდერი არ დახვდა სამუშაო საათებში ეროვნული ბანკის თანამშრომელს სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მითითებულ საკონტაქტო მისამართზე ან არ მიაწოდა პროვაიდერის შემოწმების მიზნით მოთხოვნილი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია, რის გამოც ვერ განხორციელდა პროვაიდერის  შემოწმება;

კ) პროვაიდერის სათავო ოფისი არ მოიძებნა მის მიერ ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილ სარეგისტრაციო განაცხადში მითითებულ საკონტაქტო მისამართზე ან აღნიშნულ მისამართზე არსებული ოფისი არ შეესაბამება სათავო ოფისისთვის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;

ლ) პროვაიდერმა რეგისტრაციიდან 3 თვის განმავლობაში არ განახორციელა საგადახდო მომსახურება, რაც დასტურდება მიერ მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშგებით;

მ) პროვაიდერმა შეწყვიტა საქმიანობა 6 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში, რაც დასტურდება საგადახდო მომსახურების მიღების შეუძლებლობით ან/და ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშგებით;

ნ) პროვაიდერმა არ წარმოადგინა ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვილი დოკუმენტაცია და/ან ინფორმაცია;

ო) პროვაიდერი არ ახორციელებდა საგადახდო მომსახურებას მის მიერ წარდგენილი საგადახდო მომსახურების სქემის მიხედვით;

პ) პროვაიდერი აღარ შეესაბამება სარეგისტრაციო მოთხოვნებს;

ჟ) კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი პროვაიდერად რეგისტრირებული იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია არ დაუკმაყოფილოს პროვაიდერს  წერილობითი განცხადება, თუ:

ა) პროვაიდერს განცხადების წარდგენის თარიღისათვის მომხმარებლების მიმართ აღერიცხება დაუფარავი ვალდებულებები. პროვაიდერს ეკრძალება ეროვნული ბანკის მიერ განცხადების განხილვის პერიოდში მომხმარებლების მიმართ ახალი ვალდებულებების აღება;

ბ) პროვაიდერს განცხადების წარდგენის თარიღისათვის არ აქვს გადახდილი ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმა; ან

გ) განცხადების წარდგენის თარიღისათვის მიმდინარეობს ეროვნული ბანკის მიერ პროვაიდერის შემოწმება.

3. რეგისტრაციის გაუქმება არ ათავისუფლებს პროვაიდერს მომხმარებლებისა და ეროვნული ბანკის მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულებისგან.

4. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აქტის გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ანახლებს  რეესტრის შესაბამის მონაცემებს.

5. პროვაიდერს/დაინტერესებულ პირს ან/და მის უშუალო ან ბენეფიციარ მესაკუთრეს უფლება არ აქვს ეროვნულ ბანკს ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს:

ა)  შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ან  წერილის გაცნობიდან შემდეგი 3 (სამი) წლის განმავლობაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „ე“–„კ“,„ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით მითითებული საფუძვლებით საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში;

ბ) შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ან  წერილის გაცნობიდან შემდეგი 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, ამ  წესის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით მითითებული საფუძვლებით საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში.

6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეამციროს დაინტერესებული პირის დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე.

თავი III. პროვაიდერის ვალდებულებები

მუხლი 7. პროვაიდერის სათავო  ოფისი

1. პროვაიდერი ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე განათავსოს სათავო ოფისი, საიდანაც მისი უმაღლესი მენეჯმენტი განახორციელებს პროვაიდერის საქმიანობის ფაქტობრივ მართვას. 

2. პროვაიდერის მიერ შესრულებული საგადახდო ოპერაციები მის სისტემაში სრულად უნდა იყოს აღრიცხული, სისტემატიზებული და  შენახული იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს პროვაიდერის სათავო ოფისიდან მათ შესახებ ინფორმაციის უმოკლეს ვადაში მოძიება და ამოღება.

 3. პროვაიდერი ვალდებულია მის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომების დაცვით უზრუნველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი თანამშრომლის წვდომა მის შიდა სისტემაზე სათავო ოფისში, პროვაიდერის ადგილზე სრულფასოვანი შემოწმების მიზნით.

4. პროვაიდერის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ერთ-ერთი პირი  კალენდარული თვის განმავლობაში არანაკლებ 14 კალენდარული დღისა უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე. მისი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. ზემოაღნიშნული ვადის შესაძლო დარღვევის შემთხვევაში პროვაიდერის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა წინასწარ უნდა აცნობოს ეროვნულ ბანკს შესაბამისი მიზეზი და მიაწოდოს საქართველოში არყოფნის პერიოდში მისი საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელფოსტა).

 5. ეროვნული ბანკი პროვაიდერთან მიმოწერას აწარმოებს სარეგისტრაციო განაცხადში მითითებულ რეგისტრირებულ ან/და საკონტაქტო მისამართზე.

მუხლი 8. შიდა პოლიტიკა და რისკების მართვა

1. საგადახდო მომსახურების საიმედოობის, მდგრადობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, პროვაიდერს უნდა გააჩნდეს ნათლად ჩამოყალიბებული  კომპანიის ბიზნეს-გეგმა, გამართული მმართველობითი სტრუქტურა და შიდა პოლიტიკა.

2. მნიშვნელოვანი პროვაიდერის  შიდა პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ საკითხებს:

ა) კომპანიის ორგანიზაციულ სტრუქტურას ნათლად ჩამოყალიბებული პასუხისმგებლობების განაწილებით;

ბ) მოვალეობების განაწილებისა და შიდა კონტროლის ადეკვატურ მექანიზმებს;

გ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკას;

დ) ყოვლისმომცველ და კარგად დოკუმენტირებულ საოპერაციო და ტექნიკურ პროცედურებს;

ე) საინფორმაციო უსაფრთხოების ზომებს;         

ვ) ფინანსური ანგარიშგების წარმოებას და აუდიტს;

ზ) სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების ეფექტიან სისტემას;

თ) ინციდენტების აღრიცხვის სათანადო სისტემას.

3. გადახდის ოპერაციის უსაფრთხოებისა და მთლიანობის უზრუნველსაყოფად, პროვაიდერს უნდა გააჩნდეს გადახდის ოპერაციის სქემის სირთულის ადეკვატური რისკების მართვის პროცედურები.

4. პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს თავისი მოწყობილობების, პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა ტექნიკური საშუალებების საიმედო ფუნქციონირება.

5. პროვაიდერდი ვალდებულია გააჩნდეს ინციდენტების აღრიცხვის სათანადო სისტემა.

6. მნიშვნელოვან პროვაიდერს საგადახდო მომსახურების სქემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად დამატებით უნდა გააჩნდეს:

ა) წესები და პროცედურები, რომელშიც ნათლად იქნება განსაზღვრული პროვაიდერის, აუთსორსინგული კომპანიის, აგენტის, სავაჭრო/მომსახურების ობიექტის, მომხმარებლის და სხვა მონაწილე მხარის უფლებები და ვალდებულებები;

ბ) საგადახდო მომსახურების სქემის უწყვეტობის, უსაფრთხოებისა და საიმედოობის უზრუნველყოფის პროცედურები, რომლებიც ითვალისწინებს განსაკუთრებულ და ფორს-მაჟორული სიტუაციებში პროცესების კონტროლისა და მართვის ღონისძიებებს, რომლებიც ფარავს  ყველა შესაბამის სისტემასა და პლატფორმას (როგორც შიდა ასევე, გარე აგენტის/აუთსორსინგზე გატანილი);

გ) საგადახდო მომსახურების საქმიანობის სუსტი და არაეფექტიანი მხარეების ანალიზი და მათი აღმოფხვრის ზომები;

დ) საგადახდო მომსახურების საქმიანობაში მოსალოდნელი რისკების იდენტიფიცირების, მართვისა და მონიტორინგის პროცედურები.

7. პროვაიდერს არა აქვს უფლება გადახდის ოპერაციის შესრულებისას გამოიყენოს უცხო ქვეყნის  შუამავალი ან მიმღები პროვაიდერი, თუ ეს შუამავალი ან მიმღები პროვაიდერი:

ა) საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით არ ახორციელებს მასთან ურთიერთობაში მყოფი პირის იდენტიფიკაციას და ვინაობის გადამოწმებას (ვერიფიკაციას) და თუ მის მიმართ არ ხორციელდება ზედამხედველობა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.  შუამავლი პროვაიდერის ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით საქართველოს კანონმდებლობის  იდენტურ ან უფრო მკაცრ მოთხოვნებს;

ბ) არ არის რეგულირებას დაქვემდებარებული პირი, როგორც საგადახდო მომსახურების განმახორციელებელი პირი.

8. პროვაიდერი ვალდებულია უცხო ქვეყნის შუამავალ ან მიმღებ პროვაიდერთან ხელშეკრულების გაფორმებამდე მოიძიოს საკმარისი ინფორმაცია შუამავალი ან მიმღები პროვაიდერის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნებისთვის შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით და შეაფასოს კონტროლის ხარისხი.

მუხლი 9. მომხმარებლის საჩივრების მიღებისა და განხილვის უზრუნველყოფა

1. პროვაიდერი ვალდებულია მისი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან ამ მიზნით სპეციალურად გამოყოფილი თანამშრომლის/თანამშრომლების ან აუთსორსინგული კომპანიის მეშვეობით უზრუნველყოს მომხმარებლებისაგან საჩივრების მიღება  ზეპირი, წერილობითი ან  ელექტრონული ფორმით.

2. პროვაიდერს უნდა ჰქონდეს მიღებული საჩივრების შესახებ (გარდა ტელეკომუნიკაციის საშუალებების გამოყენების გარეშე ზეპირი ფორმით მიღებული საჩივრებისა) ყოველდღიურად განახლებული ჩანაწერები, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას:

ა) საჩივრის განმცხადებელი მომხმარებლის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი);

ბ) საჩივრის შინაარსი (მათ შორის სადავო ოპერაციის უნიკალური იდენტიფიკატორი);

გ) პროვაიდერის პასუხის შინაარსი;

დ) საჩივარში დაფიქსირებული პრობლემის გადაჭრისათვის განხორციელებული ღონისძიებები და საბოლოო შედეგი.

3. პროვაიდერის მიერ მომხმარებლისგან ტელეკომუნიკაციის საშუალებების გამოყენების გარეშე ზეპირი ფორმით საჩივრის მიღებისას, როდესაც ვერ ხერხდება მომხმარებლის პრობლების გადაჭრა დაუყოვნებლივ, პროვაიდერი ვალდებულია შესთავაზოს მომხმარებელს საჩივრის მატერიალური ან ელექტრონული ფორმით დაფიქსირება.

 4. ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ჩანაწერები უნდა მიეწოდოს ეროვნულ ბანკს.

5. პროვაიდერი ვალდებულია საჩივრის შესახებ ჩანაწერები შეინახოს არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, გარდა იმ ჩანაწერებისა რომელთა განხილვა ხდება ეროვნული ბანკის მიერ ან არსებობს სასამართლო დავა აღნიშნულის შესახებ.

 6. პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის საჩივრის განხილვა მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა. თუ საჩივრის განხილვას და მასზე გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება ამ პუნქტით  განსაზღვრული ვადაზე მეტი დრო, პროვადიერის ვალდებულია 7 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს მომხმარებელს საჩივრის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების დასაბუთებული ვადა.

მუხლი 10. სისტემაზე წვდომა

1. პროვაიდერი, როგორც საგადახდო სისტემის ოპერატორი, ვალდებულია განსაზღვროს მის საგადახდო სისტემაზე სხვა პროვაიდერების წვდომის პირობები.

2. საგადახდო სისტემაზე წვდომის ან საგადახდო სისტემაში მონაწილეობის წესები და პირობები:

ა) უნდა იყოს ობიექტური, პროპორციული და არადისკრიმინაციული;

ბ) არ უნდა იწვევდეს საგადახდო სისტემაში სხვა პროვაიდერების მონაწილეობის/წვდომის შეზღუდვას იმაზე მეტად, ვიდრე საჭიროა საგადახდო სისტემის ფინანსური და საოპერაციო მდგრადობის დასაცავად ან კონკრეტული რისკების (როგორიცაა ანგარიშსწორების, საოპერაციო, ბიზნეს რისკების) ასაცილებლად.

3. პროვაიდერს, როგორც საგადახდო სისტემის ოპერატორს, არ აქვს უფლება დაუწესოს მის სისტემაზე წვდომისათვის სხვა პროვაიდერს, საგადახდო მომსახურების მომხმარებელს ან სხვა საგადახდო სისტემას:

ა) შეზღუდვები სხვა საგადახდო სისტემაში მონაწილეობასთან დაკავშირებით;

ბ) მოთხოვნები, რომლებიც სისტემის მონაწილე ცალკეულ პროვაიდერებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს;

გ) ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც პროვაიდერებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. განსხვავებული (შეღავათიანი) პირობების დადგენა დასაშვებია მნიშვნელოვანი პროვაიდერების მიმართ.

4. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ საგადახდო სისტემებზე:

ა) სისტემურად მნიშვნელოვან საგადახდო სისტემაზე;

ბ) საგადახდო სისტემაზე, რომლის მონაწილე ყველა პროვაიდერი წარმოადგენს ერთი ჯგუფის წევრებს;

გ) საგადახდო სისტემაზე, რომლის მართვაზე პასუხისმგებელია საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და რომელიც წარმოადგენს როგორც გადამხდელის, ასევე მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერს.

5. ქვეყანაში საგადახდო ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციის, გადახდების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით მნიშვნელოვანმა პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს სისტემების საოპერაციო თავსებადობა, რაც ნიშნავს ისეთი ტექნიკური ინტერფეისის არსებობას, რომელიც გადახდის ოპერაციის შესრულების პროცესში შესაძლებელს გახდის სხვა პროვაიდერის საგადახდო სისტემასთან ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობას.

თავი IV. აუთსორსინგი და აგენტები

მუხლი 11. აუთსორსინგი

1. თუ მნიშვნელოვანი პროვაიდერი გეგმავს საოპერაციო ფუნქციების აუთსორსინგს, ის  ვალდებულია აღნიშნულის შესახებ წინასწარ (30 კალენდარული დღით ადრე) მიაწოდოს წერილობითი ინფორმაცია ეროვნულ ბანკს.

2. დაუშვებელია საოპერაციო ფუნქციების აუთსორსინგი იმგვარად, რომ აღნიშნულმა გააუარესოს ან შეასუსტოს პროვაიდერის შიდა კონტროლის მექანიზმები ან  შეამციროს ეროვნული ბანკის შესაძლებლობა შეაფასოს მისი კომპეტენციის ფარგლებში პროვაიდერის შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.

3. საოპერაციო ფუნქციების აუთსორსინგმა არ უნდა გამოიწვიოს:

ა) პროვაიდერის უმაღლესი მენეჯმენტის პასუხისმგებლობების დელეგირება აუთსორსინგულ კომპანიაზე;

ბ) მომხმარებლის წინაშე პროვაიდერის ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის შემცირება;

გ) პროვაიდერის სარეგისტრაციო პირობებისა და  მოთხოვნების დარღვევა.

4. პროვაიდერს უნდა გააჩნდეს კონტროლის დამატებითი მექანიზმები, აგრეთვე განსაკუთრებულ და ფორსმაჟორულ სიტუაციებში სამოქმედო გეგმა  ისეთი საოპერაციო ფუნქციების აუთსორსინგისას, რომელთა ჩავარდნამ ან არასწორად განხორციელებამ შესაძლოა:

ა) მნიშვნელოვნად შეზღუდოს პროვაიდერის ფინანსური შესაძლებლობები;

ბ) საფრთხე შეუქმნას პროვაიდერის მიერ საგადახდო მომსახურების განხორციელების უწყვეტობასა და საიმედოობას;

გ)  გამოიწვიოს პროვაიდერის რეგისტრაციის პირობების დარღვევა ან კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნების  შეუსრულებლობა.

5. პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს საოპერაციო ფუნქციების აუთსორსინგზე გატანილი საქმიანობის ადეკვატური კონტროლის მექანიზმების არსებობა, მათ შორის უშუალოდ მის მიერ  შემოწმების გზით ან გარე აუდიტის მეშვეობით.

მუხლი 12. პროვაიდერის მიერ აგენტების გამოყენება

1. თუ პროვაიდერი გეგმავს საგადახდო მომსახურების განხორციელებას აგენტების მეშვეობით, იგი ვალდებულია წინასწარ (30 კალენდარული დღით ადრე) მიაწოდოს ეროვნულ ბანკს შემდეგი ინფორმაცია:

ა) საგადახდო მომსახურების ჩამონათვალი, რომლებსაც შეასრულებს აგენტების მეშვეობით;

ბ) აგენტთან გაფორმებული/გასაფორმებელი  ჩარჩო ხელშეკრულების ნიმუში.

2. პროვაიდერი ვალდებულია აგენტთან გააფორმოს ჩარჩო ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პროვაიდერისა და აგენტის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილ ჩარჩო ხელშეკრულებას.

3. პროვაიდერი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს აგენტებთან ჩარჩო ხელშეკრულების ისეთი პირობების ცვლილება, რომელიც იწვევს პროვაიდერისა და აგენტის ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის შეცვლას. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება პროვაიდერსა და აგენტს შორის დაწესებულ საკომისიოებისა და სხვა მსგავსი გადასახდელების სიდიდის ცვლილებაზე.

4. თუ მნიშვნელოვანი პროვაიდერი საგადახდო მომსახურებას ახორციელებს აგენტების მეშვეობით, მას უნდა გააჩნდეს სათანადო პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს:

ა) აგენტებთან აგებული საკომუნიკაციო არხებისა და გამოყენებული ტექნოლოგიების აღწერას;

ბ) საგადახდო მომსახურების განხორციელებისას აგენტების გამოყენებიდან გამომდინარე (მათ შორის საკომუნიკაციო არხებისა და მონაცემების უსაფრთხოების თვალსაზრისით) საოპერაციო რისკების შეფასებას და ამ რისკების შემამცირებელი ზომების აღწერას;

გ) აგენტის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობიდან გამომდინარე შესაძლო რისკების შეფასებას და ამ რისკების შემამცირებელი ზომების აღწერას;

დ) აგენტების მიერ კანონმდებლობითა და პროვაიდერთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმებს.

5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს აგენტის ჩარჩო-ხელშეკრულებაში გარკვეული შესწორებების/დამატებების შეტანა.

6. აგენტს უფლება აქვს იყოს ერთზე მეტი პროვაიდერის აგენტი. აღნიშნულ შემთხვევაში იგი ვალდებულია თითოეულ პროვაიდერთან ცალკე გააფორმოს  ხელშეკრულება და უზრუნველყოს სხვადასხვა პროვაიდერის სახელით შესრულებული საგადახდო მომსახურების ერთმანეთისაგან გამიჯვნა (როგორც ელექტრონულად, ასევე დოკუმენტურად).

7. პროვაიდერმა, რომელიც ხელშეკრულებას აფორმებს ისეთ აგენტთან, რომელიც უკვე ახორციელებს სხვა პროვაიდერის საგადახდო მომსახურებას,  უნდა შეაფასოს აგენტის მიერ სხვადასხვა პროვაიდერებისთვის ტრანზაქციების მართვის შესაძლებლობა. ამ მიზნით, პროვაიდერმა უნდა შეამოწმოს აგენტის მომსახურების სივრცე, ტექნოლოგიური შესაძლებლობები და შეაფასოს აგენტის ფულადი სახსრების ნაკადები.

8. აგენტთან ხელშეკრულების გაფორმებამდე და ასევე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროვაიდერმა უნდა შეისწავლოს და გაითვალისწინოს:

ა) საკრედიტო ბიუროებიდან ან სხვა სანდო წყაროებიდან მიღებული აგენტის შესახებ ნეგატიური ინფორმაცია, რომელიც არ არის გაბათილებული (ჩანაცვლებული დადებითი ინფორმაციით);

ბ) აგენტის საშუალებით ისეთი მომსახურების განხორციელებისას, რომელიც მიეკუთვნება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე მაღალი რისკის მქონე მომსახურებებს, აგენტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ნასამართლეობის არსებობა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;

გ) აგენტის სხვა საქმიანობიდან გამომდინარე კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვა, რომელიც კრძალავს ამ პირის მიერ საგადახდო მომსახურების განხორციელებას.

9. პროვაიდერი ვალდებულია აგენტის შეფასების საფუძველზე, განუსაზღვროს მას საგადახდო მომსახურების ჩამონათვალი და დაუწესოს ცალკეული ტრანზაქციის ან/და ტრანზაქციების ჯამური ლიმიტები.

10. პროვაიდერს არა აქვს უფლება გააფორმოს აგენტთან ისეთი ექსკლუზიური ხელშეკრულები, რომელიც საფრთხეს უქმნის ფინანსურ სტაბილურობას, საგადახდო სისტემების ეფექტიან და გამართულ ფუნქციონირებას ან ზღუდავს კონკურენციას ქვეყანაში ან/და ბაზრის რომელიმე სეგმენტზე. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს პროვაიდერს მის მიერ აგენტთან გაფორმებული ნებისმიერი ექსკლუზიური ხელშეკრულების წარმოდგენა. პროვაიდერი ვალდებულია ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში შეაჩეროს ან შეწყვიტოს  ექსკლუზიური ხელშეკრულება ან მისი ცალკეული პირობები.

11. აგენტს არ აქვს უფლება:

ა) განახორციელოს ისეთი საგადახდო მომსახურება, რომელიც არ არის განსაზღვრული პროვაიდერთან გაფორმებული ხელშეკრულებით;

ბ) დააწესოს მომხმარებლისთვის პროვაიდერის მომსახურების საკომისიოსგან განსახვავებული მომსახურების საკომისიო;

გ) პროვაიდერის წინასწარი ინფორმირების გარეშე შეაჩეროს საქმიანობა ან დახუროს ან/და გადაიტანოს თავისი ოფისი სხვა მისამართზე. აგენტის მიერ პროვაიდერის ინფორმირება უნდა განხორციელდეს  ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დაცვითა და  ფორმით.

12. აგენტმა  შესამჩნევ ადგილას უნდა გამოაკრას ან სხვაგვარად გახადოს ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის შემდეგი ინფორმაცია:

ა) პროვაიდერის დასახელება, რომლის სახელითაც მოქმედებს აგენტი და პროვაიდერის ლოგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) პროვაიდერის საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონი, ელ. ფოსტა და სხვა);

გ) აგენტის მიერ შეთავაზებული საგადახდო მომსახურებების სია;

დ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 6 იანვრის №1/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესით“ განსაზღვრული ინფორმაცია.

13. ეროვნული ბანკი აწარმოებს პროვაიდერების აგენტების რეესტრს პროვაიდერების მიერ მოწოდებული ანგარიშგების საფუძველზე და აქვეყნებს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

მუხლი 13. პროვაიდერის ვალდებულება და პასუხისმგებლობა აგენტის     საქმიანობაზე

1. პროვაიდერი სრულადაა პასუხისმგებელი მისი აგენტების საშუალებით საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა ქმედებაზე ან უმოქმედობაზე. ეს პასუხისმგებლობა ვრცელდება აგენტის საშუალებით განხორციელებულ საგადახდო მომსახურების იმ ნაწილზეც, რომელიც არ არის დარეგულირებული პროვაიდერსა და აგენტს შორის დადებული ხელშეკრულებით, მაგრამ დარეგულირებულია მოქმედი კანონმდებლობით.

2. პროვაიდერი პასუხისმგებელია აგენტის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების   მოთხოვნების დაცვაზე.

 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ ამცირებს, ცვლის ან აუქმებს აგენტის პასუხისმგებლობას პროვაიდერის წინაშე.

4. მნიშვნელოვანი პროვაიდერის ბიზნესის უწყვეტობის გეგმაში გათვალისწინებული უნდა იყოს აგენტების გამოყენებით საგადახდო მომსახურების განხორციელებიდან გამომდინარე საფრთხეები.

5. მნიშვნელოვანი პროვაიდერი ვალდებულია გააჩნდეს შესაბამისი მართვის სისტემები და კვალიფიციური პერსონალი, რათა დროის ნებისმიერ მომენტში მოახდინოს აგენტების მიმდინარე საგადახდო მომსახურების, აგენტის მიერ გამოყენებული მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის (მათ შორის, ტექნოლოგიური პლატფორმის) უსაფრთხოების, დაცულობის და ეფექტიანობის ადეკვატური მონიტორინგი, აგრეთვე ამ მიზნით განახორციელოს აგენტის პერიოდული და/ან ერთჯერადი ადგილზე შემოწმება.

6. პროვაიდერი უფლებამოსილია შეწყვიტოს აგენტთან საგადახდო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მფლობელი, ხელმძღვანელი ან უფლებამოსილი თანამშრომელი პროვაიდერს მიაწვდის არასწორ ინფორმაციას.

7. პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს აგენტის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა და მისი უსაფრთხოდ შენახვა. ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში პროვაიდერი ვალდებულია მიაწოდოს მას აღნიშნული ინფორმაცია. გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ეს ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ასევე იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტები, მათი აღსრულების პროცესში. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

მუხლი 14. აგენტის  ხელშეკრულება

1. პროვაიდერსა და აგენტს შორის გაფორმებული ჩარჩო-ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას:

ა) აგენტის მიერ გასაწევი საგადახდო მომსახურების (მომსახურებების) დასახელებასა და აღწერას;

ბ) აგენტისა და პროვაიდერის უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას;

გ) ჩანაწერს, რომელიც ავალდებულებს აგენტს ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს მის იმ შიდა სისტემებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დოკუმენტაციაზე, ანგარიშგებებზე და ჩანაწერებზე,  შეუზღუდავი, თავისუფალი და დროული წვდომა, რომლებიც დაკავშირებულია  საგადახდო მომსახურების განხორციელებასთან;

დ) აგენტის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ არსებული კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების ვალდებულებას;

ე) აგენტის მეშვეობით განხორციელებულ საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების შემცირების ზომებს, მათ შორის გადახდის ოპერაციებისა და საგადახდო ინსტრუმენტების (მათ შორის, ელექტრონული ფულის ინსტრუმენტების) ლიმიტებს, მომხმარებლის ფულადი სახსრების შენახვისა და  უსაფრთხოების დაცვის ზომებს და სხვა;

ვ) აგენტის მიერ მომხმარებლისგან მიღებული ნაღდი ფულის ლიმიტის შესახებ;

ზ) ჩანაწერს იმის შესახებ, რომ აგენტის მიერ გაწეული საგადახდო მომსახურების პროცესში მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია, მიღებული როგორც მომხმარებლისგან, ასევე პროვაიდერისგან ან სხვა ნებისმიერი წყაროდან, წარმოადგენს პროვაიდერის საკუთრებას და საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიეწოდოს მას ან კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს;

თ) პროვაიდერის უფლებამოსილებას განახორციელოს აგენტის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და ადგილზე შემოწმება;

ი) აკრძალვას აგენტის მიერ მომხმარებლისათვის რაიმე დამატებითი ან პროვაიდერის მიერ დაწესებული საკომისიოსაგან განსხვავებული საკომისიოს დაკისრების თაობაზე;

კ) აგენტის სამუშაო დღეებისა და საათების შესახებ;

ლ) ჩანაწერს მომხმარებლის ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ;

მ) გამოყენებული ელექტრონული საშუალებების ტექნიკურ აღწერას;

ნ) ჩანაწერს იმის თაობაზე, რომ აგენტის მიერ შესრულებული ყველა გადახდის ოპერაცია უნდა აღირიცხოს პროვაიდერთან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის ბოლოს, ხოლო საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დროულად  მიეწოდოს პროვაიდერს;

ო) აგენტის მიერ სხვადასხვა პროვაიდერისთვის წარმოებული მომსახურებების განცალკევებით აღრიცხვის შესახებ;

პ) აგენტის ანაზღაურების შესახებ;

ჟ) ხელშეკრულების შეცვლის ან შეწყვეტის პირობებს;

რ) ჩანაწერს იმის თაობაზე, რომ ეროვნულ ბანკს მისი უფლებამოსილებების ფარგლებში უფლება აქვს მოსთხოვოს პროვაიდერს  აგენტთან ხელშეკრულების პირობების ცვლილება ან/და გაუქმება;

ს) აგენტის ხელშეკრულების შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში პროვაიდერის და აგენტის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ.

2. გარდა აგენტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა, პროვაიდერი ვალდებულია შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ:

ა) განხორციელდა აგენტის ლიკვიდაცია;

ბ) აგენტი აწვდის ყალბ ან არასწორ ინფორმაციას პროვაიდერს;

გ) უფლებამოსილი ორგანოსგან მიღებულია შეტყობინება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან აგენტის ამოღების თაობაზე;

დ) აგენტის მიერ ხორციელდება ხელშეკრულების პირობების სისტემატური დარღვევა;

ე) აგენტმა არ დაუშვა ეროვნული ბანკის ან პროვაიდერის თანამშრომელი შემოწმებაზე;

ვ) კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი პროვაიდერად რეგისტრირებული იურიდიული პირისთვის ან აგენტისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე;

ზ) ინდივიდუალური მეწარმის ან ფიზიკური პირის შემთხვევაში, აგენტი გარდაიცვალა ან გახდა მხარდაჭერის მიმღები;

თ) პროვაიდერის წინასწარი ინფორმირების გარეშე, აგენტმა შეიცვალა ან დახურა მომსახურების ოფისი;

ი) არსებობს პროვაიდერის მიმართ ეროვნული ბანკის მოთხოვნა აგენტთან ხელშეკრულების შეწყეტის თაობაზე.

3. აგენტთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, პროვაიდერი ვალდებულია მიაწოდოს მომხმარებელს აღნიშნული ინფორმაცია.

თავი V. მომხმარებლის ფულადი სახსრები და მათი განთავსება

მუხლი 15. პროვაიდერთან არსებული მომხმარებლის ფულადი სახსრები

1. მომხმარებლის ფულადი სახსრები წარმოადგენს:

ა) გადამხდელის პროვაიდერის და/ან მისი აგენტის მიერ მიღებული იმ საგადახდო დავალებების ჯამურ თანხას, რომლებიც ინიცირებულია გადამხდელის ან მიმღების მიერ ან მიმღების მეშვეობით  და რომელთა შესაბამისი თანხა არ არის გადაცემული მიმღებისათვის ან მიმღების პროვაიდერისათვის ან გადახდის ოპერაციის შესრულებაში ჩართული შუამავალი პროვაიდერისთვის. ამ ქვეპუნქტის მიზნისთვის, არ აქვს მნიშვნელობა საგადახდო დავალება შესრულდება მომხმარებლის საკუთარი სახსრების თუ საკრედიტო რესურსის ფარგლებში;

ბ) ელექტრონული ფულის პროვაიდერის მიერ გამოშვებული ელექტრონული ფულის ეკვივალენტური ღირებულების ფულად სახსრებს;

გ) გადახდის ოპერაციის შესრულების მიზნით შუამავალი პროვაიდერის მიერ გადამხდელის პროვაიდერისაგან ან/და სხვა შუამავალი პროვაიდერისაგან მიღებულ ფულადი სახსრებს, რომელთა შესაბამისი თანხა არ არის გადაცემული მიმღებისათვის, ან/და მიმღების პროვაიდერისათვის ან/და სხვა შუამავალი პროვაიდერისათვის.

2. პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებლის ფულადი სახსრების საკუთარი ფულადი სახსრებისაგან განცალკევებულად აღრიცხვა.

3. მნიშვნელოვანი პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებლის ფულადი სახსრები  განათავსოს  საკუთარი სახსრებისაგან განცალკევებით ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში ან ბანკებში გახსნილ ნომინალური  მფლობელობის ანგარიშზე ან ანგარიშებზე. დაუშვებელია ამ ანგარიშებზე სხვა ფულადი სახსრების განთავსება, გარდა მომხმარებლის ფულადი სახსრებისა.

4. მნიშვნელოვანი პროვაიდერი ვალდებულია ამ წესის მე-16 მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვით შესაბამისი თანხა ჰქონდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე/ანგარიშებზე, ნაღდი ფულის სახით ან/და საბანკო გარანტიის ფარგლებში. მნიშვნელოვანი პროვაიდერი ვალდებულია წინასწარ შეათანხმოს ეროვნულ ბანკთან გარანტიის შინაარსი, საგარანტიო თანხის ოდენობა და გარანტორი ბანკი (ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციულ ბანკი).

 5. პროვაიდერის მიერ საგადახდო ოპერაციის შესრულების მიზნით მომხმარებლის ფულადი სახსრების გადარიცხვა დასაშვებია მხოლოდ შემდეგი პირების (შუამავალი და მიმღები პროვაიდერების) ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე:

ა) ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული პროვაიდერი;

ბ) ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი;

გ) უცხო ქვეყნის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც ჩართულია გადახდის ოპერაციის შესრულების პროცესში ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით წარმოდგენილი საგადახდო მომსახურების სქემატური აღწერის შესაბამისად;

დ) ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, მისი საშუალებით განხორციელებული ფულადი გზავნილების და მის მიერ გამოშვებული საკრედიტო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების ოდენობის ფარგლებში.

მუხლი 16. მომხმარებლის ფულადი სახსრების განთავსება

1. შუამავალმა პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს, რომ ყოველი საბანკო დღის ბოლოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე განსათავსებელი ფულადი სახსრები შეადგენდეს მომხმარებლის ფულადი სახსრების 100%-ს.

2. გადამხდელის პროვაიდერი, რომელიც   ეროვნული ბანკის მიერ მიჩნეულია მნიშვნელოვან პროვაიდერად, ვალდებულია ყოველი საბანკო დღის ბოლოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე განათავსოს მასთან არსებული მომხმარებლის ფულადი სახსრების:

ა) 100%-ის ოდენობით, თუ ეს ფულადი სახსრები არ არის მიღებული ნაღდი ფულის სახით;

ბ) 80%-ის ოდენობით, თუ ეს ფულადი სახსრები მიღებულია ნაღდი ფულის სახით, გარდა პროვაიდერის ან მისი აგენტის გადახდის თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით მიღებული ფულადი სახსრებისა.

3. ყოველი კალენდარული დღის ბოლოს გადამხდელის პროვაიდერის და/ან მისი აგენტის სალაროში და  გადახდის თვითმომსახურების კიოსკში არსებული ნაღდი ფულისა და კომერციულ ბანკში პროვაიდერის გადასათვლელი ფულადი სახსრების ჯამი ნაკლები არ უნდა იყოს მომხმარებლის იმ ფულადი სახსრებისა, რომელიც არ არის განთავსებული ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

4. ელექტრონული ფულის მნიშვნელოვანი პროვაიდერი ვალდებულია ყოველი საბანკო დღის ბოლოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე განათავსოს მასთან არსებული მომხმარებლის ფულადი სახსრების (გამოშვებული ელექტრონული ფულის) 100%-ის ოდენობით.

5. პროვაიდერი თავისუფლდება ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დაცვისაგან იმ თანხის ოდენობით, რომელზეც წარადგენს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებულ საბანკო გარანტიას.

6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ცალკეულ პროვაიდერს მოსთხოვოს საბანკო გარანტიის წარდგენა ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ თანხაზე.

7. პროვაიდერის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე არსებულ სახსრებად ითვლება დღის ბოლოს ამ ანგარიშზე/ანგარიშებზე არსებული თანხა. 

8. ფულადი სახსრები, რომელიც გამოყენებულია პროვაიდერის ვალდებულების უზრუნველყოფისთვის არ ჩაითვლება ანგარიშზე არსებულ მომხმარებლის ფულად სახსრებად.

9. პროვაიდერის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე, სადაც განთავსებულია მომხმარებლის ფულადი სახსრები, დაუშვებელია უარყოფითი ნაშთის არსებობა.

    თავი VI. დასკვნითი დებულებები

მუხლი 17. გარდამავალი  პირობები

პროვაიდერებმა, რომლებიც ეროვნულ ბანკის მიერ დარეგისტრირდნენ ამ წესის ამოქმედებამდე, უნდა  უზრუნველყონ ამ წესის:

ა) მე-4 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება ამ წესის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში;

გ) აგენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ამ წესთან შესაბამისობაში მოყვანა ამ წესის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.