საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის უსაფრთხოების პროცედურების შესახებ შეთანხმება

საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის უსაფრთხოების პროცედურების შესახებ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 200/47
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016454
200/47
23/06/2016
ვებგვერდი, 14/02/2017
480610000.03.030.016454
საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის უსაფრთხოების პროცედურების შესახებ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის უსაფრთხოების პროცედურების შესახებ


საქართველო,

და

ევროპის კავშირი, შემდგომში წოდებული, როგორც „ევროკავშირი“;

შემდგომში წოდებულნი, როგორც „მხარეები“;

ითვალისწინებენ რა, რომ მხარეები იზიარებენ ყველა მიმართულებით საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების მიზნებს;

ითვალისწინებენ რა, რომ მხარეები თანხმდებიან მათ შორის თანამშრომლობის განვითარებაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საერთო ინტერესის მქონე საკითხებთან მიმართებით;

ითვალისწინებენ რა, რომ ამ კონტექსტში, მაშასადამე, არსებობს მხარეებს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის მუდმივი საჭიროება;         

აღიარებენ რა, რომ სრული და ეფექტური თანამშრომლობა და კონსულტაცია შეიძლება საჭიროებდეს მხარეების საიდუმლო ინფორმაციისა და მასთან დაკავშირებული მასალის გაცნობასა და გაცვლას;

გაცნობიერებული აქვთ რა, რომ საიდუმლო ინფორმაციისა და მასთან დაკავშირებული მასალის ამგვარი გაცნობა და გაცვლა მოითხოვს უსაფრთხოების სათანადო ზომების გატარებას,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

1. ყველა მიმართულებით თითოეული მხარის უსაფრთხოების გაძლიერებასთან დაკავშირებული მიზნების მისაღწევად, საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის უსაფრთხოების პროცედურების შესახებ წინამდებარე შეთანხმება (შემდგომში წოდებული, როგორც „შეთანხმება“) გამოიყენება ნებისმიერი ფორმის მქონე იმ საიდუმლო ინფორმაციასთან ან მასალასთან მიმართებით, რომელიც მხარეებს შორის იქნა მიწოდებული ან გაცვლილი.

2. თითოეულმა მხარემ უნდა დაიცვას მეორე მხარისგან მიღებული საიდუმლო ინფორმაცია დაკარგვისგან ან უნებართვო გამჟღავნებისგან, აქ მოცემული პირობებისა და მხარეების შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების თანახმად.

მუხლი 2

წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, „საიდუმლო ინფორმაცია“ ნიშნავს:

(i)  ევროკავშირისთვის: ნებისმიერ ინფორმაციას ან მასალას;

(ii)  საქართველოსთვის: ნებისმიერ ინფორმაციას ან მასალას, მათ შორის სახელმწიფო საიდუმლოებას,

არსებულს ნებისმიერი ფორმით, რომელიც:

(a)  ერთ-ერთი მხარის მიერ მოითხოვს დაცვას, რადგანაც მისმა დაკარგვამ ან უნებართვო გამჟღავნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს ან ევროკავშირის, ან მისი ერთი ან მეტი წევრი სახელმწიფოს ინტერესებისთვის განსხვავებული ხარისხის ზარალის ან ზიანის მიყენება; და

(b)  ატარებს საიდუმლოობის გრიფს, როგორც ეს განსაზღვრულია მე-7 მუხლში.

მუხლი 3

1. ევროკავშირის სტრუქტურები და უწყებები, რომლებთან მიმართებაში გამოიყენება წინამდებარე შეთანხმება, არიან: ევროპული საბჭო, ევროპის კავშირის საბჭო (შემდგომში წოდებული, როგორც „საბჭო“), საბჭოს გენერალური სამდივნო, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (შემდგომში წოდებული, როგორც „EEAS“) და ევროპის კომისია.

2. ევროკავშირის აღნიშნულ სტრუქტურებსა და უწყებებს შეუძლიათ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მიღებული საიდუმლო ინფორმაცია გაუზიარონ ევროკავშირის სხვა სტრუქტურებსა და უწყებებს, მიმწოდებელი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე და იმ სათანადო გარანტიების გათვალისწინებით, რომელთა თანახმადაც, მიმღები უწყება ადეკვატურად დაიცავს ამ ინფორმაციას. 

მუხლი 4

თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების სათანადო სისტემებისა და ზომების არსებობა, რომლებიც დაფუძნებული იქნება თავიანთ შესაბამის კანონებსა თუ რეგულაციებში მოცემულ უსაფრთხოების ძირითად პრინციპებზე და მინიმალურ სტანდარტებზე და რომლებიც აისახება მე-12 მუხლის თანახმად დასამტკიცებელ უსაფრთხოების წესებში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის ეკვივალენტურ დონეზე დაცვა.

მუხლი 5

თითოეულმა მხარემ:

(a) უნდა დაიცვას წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე მეორე მხარის მიერ მიწოდებული ან მასთან გაცვლილი საიდუმლო ინფორმაცია ისეთ დონეზე, რომელიც სულ მცირე მიმწოდებელი მხარის მიერ განსაზღვრული დონის ეკვივალენტურია;

(b) უნდა უზრუნველყოს, რომ წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე მიწოდებული ან გაცვლილი საიდუმლო ინფორმაცია ატარებდეს მიმწოდებელი მხარის მიერ მინიჭებულ საიდუმლოობის გრიფს და რომ არ მოხდება მისი ხარისხის დადაბლება ან განსაიდუმლოება, მიმწოდებელი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. მიმღებმა მხარემ უნდა დაიცვას საიდუმლო ინფორმაცია, ეკვივალენტური საიდუმლოობის ხარისხის მქონე ინფორმაციასთან დაკავშირებული საკუთარი უსაფრთხოების რეგულაციებში მოცემული დებულებების თანახმად, როგორც ეს გათვალისწინებულია მე-7 მუხლით;

(c) არ უნდა გამოიყენოს ასეთი საიდუმლო ინფორმაცია სხვა მიზნებით, გარდა იმ მიზნებისა, რომლებიც განსაზღვრულია წარმომშობის მიერ, ან რისთვისაც ეს ინფორმაცია იქნა მიწოდებული ან გაცვლილი;

(d)  არ უნდა გაუმჟღავნოს ასეთი საიდუმლო ინფორმაცია მესამე მხარეებს, მიმწოდებელი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;

(e) არ მისცეს შესაძლებლობა ფიზიკურ პირებს, გაეცნონ ასეთ საიდუმლო ინფორმაციას, თუ მათ არ გააჩნიათ ინფორმაციის გაცნობის საჭიროება და არ მიენიჭათ საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება, სადაც ეს აუცილებელია, მიმღები მხარის მოქმედი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად;

(f) უნდა უზრუნველყოს, რომ ობიექტებს, სადაც ხდება მიწოდებულ საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობა და მისი შენახვა, ჰქონდეთ უსაფრთხოების სათანადო სერტიფიცირება; და

(g) უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლება, ეცნობოს მის დაცვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის შესახებ, მოქმედი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად.

მუხლი 6

1. საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება ან გაცემა უნდა განხორციელდეს წარმომშობის თანხმობის პრინციპის დაცვით.

2. სხვა მიმღებთათვის, რომლებიც არ არიან მხარეები, მიწოდების მიზნით, გადაწყვეტილება საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაზე ან გაცემაზე მიიღება მიმღები მხარის მიერ ყოველი კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით, მიმწოდებელი მხარის წინასწარი წერილობით თანხმობის საფუძველზე და წარმომშობის თანხმობის პრინციპის დაცვით.

3. ზოგადი გაცემა შესაძლებელი იქნება მაშინ, როდესაც მხარეები შეათანხმებენ ინფორმაციის გარკვეულ კატეგორიებთან დაკავშირებულ პროცედურებს, რომლებიც შესაბამისობაშია მათ სპეციალურ მოთხოვნებთან.

4. წინამდებარე შეთანხმებაში არაფერი არ უნდა განიმარტოს ისე, რომ ის გახდეს მხარეებს შორის საიდუმლო ინფორმაციის სავალდებულო გაცემის საფუძველი.

5. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს კონტრაქტორს ან სამომავლო კონტრაქტორს მხოლოდ მიმწოდებელი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში. აღნიშნულ მიწოდებამდე მიმღებმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ კონტრაქტორს ან სამომავლო კონტრაქტორს და კონტრაქტორის ობიექტს აქვს შესაძლებლობა, დაიცვას ეს ინფორმაცია და რომ მას მიღებული აქვს საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო დაშვება.

მუხლი 7

მხარეების მიერ მიწოდებული ან მათ შორის გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვის ეკვივალენტური დონის განსაზღვრის მიზნით, საიდუმლოობის ხარისხები უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს შემდეგნაირად:

ევროკავშირი

საქართველო

TRES SECRET UE/EU TOP SECRET

განსაკუთრებული მნიშვნელობის

TOP SECRET

SECRET UE/EU SECRET

სრულიად საიდუმლო

SECRET

CONFIDENTIEL UE/EU CONFIDENTIAL

საიდუმლო

CONFIDENTIAL

RESTREINT UE/EU RESTRICTED

შეზღუდული სარგებლობისთვის

RESTRICTED

მუხლი 8

1. მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ყველა პირს, რომელსაც თავისი სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას სჭირდება „საიდუმლო“ (CONFIDENTIAL) ან CONFIDENTIEL UE/EU CONFIDENTIAL ან უფრო მაღალი გრიფით დასაიდუმლოებული, წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მიწოდებული ან გაცვლილი, ინფორმაციის გაცნობა, ან რომლის მოვალეობები ან ფუნქციები შეიძლება ითვალისწინებდეს ასეთი ინფორმაციის გაცნობას, მე-5(e) მუხლში მოცემული ინფორმაციის გაცნობის საჭიროების მოთხოვნის დამატებით, ჰქონდეს საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო დაშვება, სანამ მათ მიეცემათ ასეთი ინფორმაციის გაცნობის უფლება.

2.  საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების პროცედურები ისე უნდა იყოს დადგენილი, რომ განსაზღვროს, შეუძლია თუ არა ფიზიკურ პირს, გაეცნოს საიდუმლო ინფორმაციას, მისი ლოიალურობის, სანდოობისა და საიმედოობის გათვალისწინებით.

მუხლი 9

მხარეებმა უნდა აღმოუჩინონ ერთმანეთს დახმარება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოებასთან და უსაფრთხოების საერთო ინტერესში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით. მე-12 მუხლში მითითებულმა ორგანოებმა ნაცვალგებით უნდა განახორციელონ უსაფრთხოების კონსულტაციები და შემფასებელი ვიზიტები, რათა შეაფასონ აღნიშნული მუხლის თანახმად დადგენილი, თავიანთი შესაბამისი პასუხისმგებლობის ფარგლებში შემავალი უსაფრთხოების წესების ეფექტურობა. 

მუხლი 10

1.  წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის:

(a)  რაც შეეხება ევროკავშირს, ყველა კორესპონდენცია უნდა გაიგზავნოს საბჭოს მთავარი რეგისტრის ოფიცრის მეშვეობით და მის მიერ უნდა გადაეგზავნოს წევრ სახელმწიფოებს და მე-3 მუხლში მითითებულ სტრუქტურებს ან უწყებებს, ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით;

(b) რაც შეეხება საქართველოს, ყველა კორესპონდენცია უნდა გაიგზავნოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალურ რეგისტრში, ევროპის კავშირში საქართველოს მისიის გავლით.

2. გამონაკლის შემთხვევაში, ერთი მხარისაგან კორესპონდენცია, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ ამ მხარის კონკრეტული კომპეტენტური თანამდებობის პირებისთვის, ორგანოებისთვის ან სამსახურებისთვის, ოპერატიული მიზნებისთვის შეიძლება გაეგზავნოს და ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ მეორე მხარის კონკრეტული კომპეტენტური თანამდებობის პირებისთვის, ორგანოებისთვის ან სამსახურებისთვის, რომლებიც სპეციალურად არიან განსაზღვრულნი, როგორც მიმღებნი, მათი კომპეტენციების გათვალისწინებით და ინფორმაციის გაცნობის საჭიროების პრინციპის შესაბამისად. თუ აღნიშნული ეხება ევროკავშირს, ასეთი კორესპონდენცია, შესაბამისად, უნდა გადაიცეს საბჭოს მთავარი რეგისტრის ოფიცრის, EEAS-ის მთავარი რეგისტრის ოფიცრის ან ევროპის კომისიის მთავარი რეგისტრის ოფიცრის მეშვეობით. თუ აღნიშნული ეხება საქართველოს, ასეთი კორესპონდენცია უნდა გადაიცეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით, ევროპის კავშირში საქართველოს მისიის გავლით.

მუხლი 11

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, საბჭოს გენერალურმა მდივანმა, უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელმა ევროპის კომისიის წევრმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ზედამხედველობა უნდა გაუწიონ წინამდებარე შეთანხმების განხორციელებას.

მუხლი 12

1. წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით, უნდა დადგინდეს უსაფრთხოების წესები ქვემოთ განსაზღვრულ კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოებს შორის, რომელთაგან თითოეული იმოქმედებს მისი ორგანიზაციული ზემდგომების ხელმძღვანელობით და მათი სახელით, რათა განისაზღვროს წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივი დაცვის სტანდარტები:

-   ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;

-   მეორე მხრივ

(i) საბჭოს გენერალური სამდივნოს უსაფრთხოების ოფისი;

(ii) დირექტორატი HR.DS - ევროპის კომისიის უსაფრთხოების დირექტორატი; და

(iii) EEAS-ის უსაფრთხოების დეპარტამენტი.

2. სანამ მხარეებს შორის განხორციელდება საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება ან გაცვლა წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე, პირველ პუნქტში მითითებული კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები უნდა შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რომ მიმღებ მხარეს აქვს შესაძლებლობა, ეს ინფორმაცია დაიცვას იმგვარად, რაც შესაბამისობაში იქნება აღნიშნული პუნქტის თანახმად დადგენილ უსაფრთხოების წესებთან.

მუხლი 13

1. მე-12 მუხლში მითითებულმა ერთ-ერთი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარის კომპეტენტურ ორგანოს ამ მხარის მიერ მიწოდებული საიდუმლო ინფორმაციის უნებართვო გამჟღავნების ან დაკარგვის ნებისმიერი დადასტურებული ან სავარაუდო შემთხვევების შესახებ. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა განახორციელოს გამოძიება, საჭიროების შემთხვევაში მეორე მხარის დახმარებით, და მისი შედეგები უნდა აცნობოს მეორე მხარეს.

2.  მე-12 მუხლში მითითებულმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ ასეთ შემთხვევებში მოქმედების პროცედურები.

მუხლი 14

თითოეულმა მხარემ უნდა გაიღოს წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისას წარმოშობილი საკუთარი ხარჯები.

მუხლი 15

არაფერი წინამდებარე შეთანხმებაში არ ცვლის მხარეებს შორის არსებულ შეთანხმებებს ან შეთანხმებულ პირობებს, ან საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არსებულ შეთანხმებებს. წინამდებარე შეთანხმება არ უკრძალავს მხარეებს, დადონ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებასთან ან გაცვლასთან დაკავშირებული სხვა შეთანხმებები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრულ ვალდებულებებს.

მუხლი 16

მხარეებს შორის წინამდებარე შეთანხმების განმარტებისას ან გამოყენებისას წარმოშობილი ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მხარეებს შორის მოლაპარაკებების გზით. მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ორივე მხარე აგრძელებს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა თავისი ვალდებულების შესრულებას.

მუხლი 17

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან პირველი თვის პირველ დღეს.

2. თითოეულმა მხარემ უნდა შეატყობინოს მეორე მხარეს მის კანონებსა და რეგულაციებში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის დაცვაზე.

3. თითოეულმა მხარემ დიპლომატიური არხების მეშვეობით უნდა შეატყობინოს მეორე მხარეს მე-10, მე-11 და მე-12 მუხლებით გათვალისწინებულ კომპეტენტურ ორგანოებთან ან/და თანამდებობის პირებთან დაკავშირებით ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

4. წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკეული დოკუმენტების სახით. აღნიშნული სახით მიღებული ცვლილებები და დამატებები წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის პირველი პუნქტის შესაბამისად.

მუხლი 18

წინამდებარე შეთანხმება ექვემდებარება მხარეების მხრიდან რეგულარულ გადახედვას. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, მეორე მხარისათვის, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ. მოქმედების შეწყვეტა გავლენას არ მოახდენს წინამდებარე შეთანხმებით უკვე ნაკისრი ვალდებულებების დაცვაზე. კერძოდ, აქ მოყვანილი დებულებების შესაბამისად, გაგრძელდება წინამდებარე შეთანხმების თანახმად მიწოდებული ან გაცვლილი ყველა საიდუმლო ინფორმაციის დაცვა.

რის დასადასტურებლადაც, სათანადოდ უფლებამოსილმა ქვემორე ხელმომწერებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას.

შესრულებულია ქ. ბრიუსელში, ორი ათას თექვსმეტი წლის ოცდასამ ივნისს, ორ დედნად, თითოეული ინგლისურ ენაზე.

საქართველოს სახელით                                                         ევროპის კავშირის სახელით .