შეთანხმება საქართველოს მთავრობას და მალტის რესპუბლიკის მთავრობასა შორის საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობას და მალტის რესპუბლიკის მთავრობასა შორის საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 47-5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2017
ძალაში შესვლის თარიღი 27/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016455
47-5
13/09/2016
ვებგვერდი, 14/02/2017
480610000.03.030.016455
შეთანხმება საქართველოს მთავრობას და მალტის რესპუბლიკის მთავრობასა შორის საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობას და მალტის რესპუბლიკის მთავრობასა შორის საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ


საქართველოს მთავრობა და მალტის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი:

სურთ რა, გაამყარონ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და გაააქტიურონ ეკონომიკური ურთიერთობა;

მიზნად ისახავენ, განავითარონ და ხელი შეუწყონ საქართველოსა და მალტის რესპუბლიკას შორის საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის სფეროში თანამშრომლობას თანასწორობის პრინციპისა და ურთიერთსარგებლობის საფუძველზე მათი ეკონომიკური განვითარების საჭიროებისა და მიზნების შესაბამისად;

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

განსაზღვრებანი

წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის:

(a) ტერმინი „გემი“ ნიშნავს ნებისმიერ სავაჭრო გემს, რომელიც რეგისტრირებულია ან ბერბოუტ-ჩარტერით რეგისტრირებულია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის გემების რეესტრში ან ცურავს მისი დროშის ქვეშ ამ უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად;

ეს განმარტება არ მოიცავს სამხედრო ხომალდებს, დამხმარე სამხედრო გემებს, სამთავრობო გემებს, გემებს მეცნიერული კვლევებისათვის, თევზსაჭერ გემებს და სხვა გემებს, რომლებიც აგებულია ან გამოიყენება არაკომერციული მიზნებისთვის;

(b) ტერმინი „ეკიპაჟი“ ნიშნავს ყველა პიროვნებას, კაპიტნის ჩათვლით, რომელიც ნამდვილად არის დაქირავებული რეისის განმავლობაში გემზე კონტრაქტით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებისათვის და შეყვანილია ეკიპაჟის სიაში;

(c) ტერმინი „ხელშემკვრელ მხარეთა ნავსადგურები“ ნიშნავს საზღვაო ნავსადგურებს, რეიდების ჩათვლით, რომლებიც ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მდებარეობს, საერთაშორისოდ აღიარებულია და ღიაა საერთაშორისო ნაოსნობისთვის.

მუხლი 2

გამოყენება

წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება ხელშემკვრელი მხარეების შემდეგ სახელმწიფოს ტერიტორიაზე:

(а) საქართველოს მხრიდან, საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე: საქართველოს ტერიტორია ნიშნავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღსა და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს; ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები და/ან იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად; და

(b) მალტის მხრიდან, მალტის კუნძულებზე.

მუხლი 3

თანამშრომლობის სფეროები

(1) ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:

(a) ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის ტვირთების გადაზიდვებს საკუთარი გემების მონაწილეობით;

(b) ითანამშრომლონ მათ ქვეყნებს შორის საზღვაო ვაჭრობის განვითარების შემაფერხებელი ნებისმიერი დაბრკოლების აღმოსაფხვრელად;

(c) მათი გემების ეფექტურად გამოყენების მიზნით, ხელი შეუწყონ მათი გემების გამოყენებას ტვირთის გადაზიდვაში, რამდენადაც ეს შესაძლებელია როგორც მათ ქვეყნებს შორის, ასევე მესამე ქვეყნებიდან და მესამე ქვეყნის მიმართულებით;

(d) ითანამშრომლონ მეზღვაურთა დასაქმების, შრომითი პირობების გაუმჯობესების და ასევე ერთმანეთის გემებზე დასაქმებული მეზღვაურების საკეთილდღეოდ.

(2) ამ მუხლის დებულებები არ ახდენს ზეგავლენას მესამე ქვეყნების გემების უფლებაზე, მიიღონ მონაწილეობა საზღვაო გადაზიდვებში ხელშემკვრელ მხარეთა ნავსადგურებს შორის.

(3) ამ მუხლის თანახმად, ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედ სანაოსნო კომპანიებს შეუძლიათ ითანამშრომლონ, ერთობლივად ან დამოუკიდებლად როგორც სანაოსნო ხაზების განხორციელების, ასევე, ნაოსნობასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით.

(4)როგორც ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფო ტერიტორიებზე, ისე ხელშემკვრელი და არახელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე, მგზავრების გადაყვანა საჭიროებს კომპეტენტური ორგანოების მიერ წინასწარ შემოწმებას შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

მუხლი 4

საზღვაო ნავსადგურში გემების მომსახურება

(1) თითოეული ხელშემკვრელი მხარე, შიდასახელმწიფოებრივი კანონდებლობის შესაბამისად, შეუქმნის მეორე ხელშემკვრელი მხარის გემებს მომსახურების ისეთივე პირობებს, როგორსაც საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებში მონაწილე საკუთარ გემებს, კერძოდ: ნავსადგურში თავისუფალი შესვლა; ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის და მგზავრთა აყვანა-გადმოსხმისათვის ნავსადგურების გამოყენება; გემის ტონაჟზე ან სხვა ფაქტორებზე დამოკიდებული საფასურისა და გადასახდელების გადახდა; ჩვეულებრივი კომერციული საქმიანობა და ნავიგაციასთან დაკავშირებული მომსახურებით სარგებლობა.

(2) ამ მუხლის 1-ლი პუნქტის პირობები:

(a) არ ეხება იმ საქმიანობას, რომლის განხორციელება მხოლოდ ხელშემკვრელი მხარის ეროვნულ ორგანიზაციას ან საწარმოს შეუძლია;

(b) არ ავალდებულებს ხელშემკვრელ მხარეს, საკუთარი გემების მსგავსად, მეორე ხელშემკვრელი მხარის გემები გაათავისუფლოს აუცილებელი სალოცმანო გაცილების წესებისგან;

(c) არ ახდენს ზეგავლენას უცხოელების შემოსვლასა და ყოფნასთან დაკავშირებით არსებულ წესებზე.

მუხლი 5

გემების ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაცია

ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის გემი, შესაძლებელია გარკვეული დროის განმავლობაში, რეგისტრირებულ იქნეს მეორე ხელშემკვრელი მხარის გემების რეესტრში და ცურავდეს მისი დროშის ქვეშ. ამ უკანასკნელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად იმ პირობით, რომ გემი არის დროებით დაქირავებული ბერბოუტ-ჩარტერის საფუძველზე მეორე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქის ან საწარმოს მიერ, რომელიც რეგისტრირებულია ამავე ქვეყანაში და უფლება აქვს ფლობდეს გემს მისი დროშით. ასეთი რეგისტრაციისათვის საჭიროა ორივე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების თანხმობა და უნდა შესრულდეს ნებისმიერი დაკისრებული პირობა. გემი არ მოიხსნება რომელიმე ხელშემკვრელი მხარის რეესტრიდან და მისი საკუთრების უფლებასთან და რეგისტრირებულ გირავნობასთან დაკავშირებული რეგისტრაცია დარჩება ძალაში, მაგრამ მისი ეროვნული კუთვნილება იქნება დროებით შეჩერებული.

მუხლი 6

ინფორმაციის მოთხოვნა

ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის რეგისტრაციის მოთხოვნის განაცხადის წარდგენისას, ამ ხელშემკვრელმა მხარემ შეიძლება მოითხოვოს გემის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხელმისაწვდომი ინფორმაციის წარდგენაც, მეორე ხელშემკვრელმა მხარემ უნდა დააკმაყოფილოს ასეთი მოთხოვნა. პირველი ხელშემკვრელი მხარე არ მისცემს გემს მუდმივ რეგისტრაციას, თუ არ მიიღებს მეორე ხელშემკვრელი მხარისგან გემების შესაბამისი რეესტრიდან გემების ამოღების სერტიფიკატის დამადასტურებელ დოკუმენტს.

მუხლი 7

მოცდენის თავიდან აცილება

თითოეული ხელშემკვრელი მხარე, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, გაატარებს ყველა აუცილებელ ზომას ნავსადგურებში საკუთარი გემების უმიზეზო მოცდენის შემცირებისა და ნავსადგურებში მოქმედი ადმინისტრაციული, საბაჟო და სანიტარიული ფორმალობების მაქსიმალურად გამარტივების მიზნით.

მუხლი 8

გემის დოკუმენტები

 (1) თითოეული ხელშემკვრელი მხარე აღიარებს გემის ეროვნულ კუთვნილებას მეორე ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული და გემის ბორტზე არსებული საბუთების საფუძველზე.

(2) გემების ბორტზე არსებული ერთი ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი კომპეტენტური ორგანოს მიერ გემებისთვის გაცემული ან აღიარებული დოკუმენტები, სატონაჟო და ეკიპაჟის საბუთების ჩათვლით, აღიარებული იქნება მეორე ხელშემკვრელი მხარის ორგანოების მიერ.

(3) იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის საზღვაო ნავსადგურში მყოფი მეორე ხელშემკვრელი მხარის გემის სახელწოდების, მფლობელის ან სხვა გარემოებების ცვლილებას, მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ ამ გემს უნდა მისცეს პირველი ხელშემკვრელი მხარის გემების რეესტრის მიერ ფაქსით გაგზავნილი დოკუმენტებით ცურვის უფლება.

მუხლი 9

საიდენტიფიკაციო დოკუმენტების აღიარება

(1) თითოეული ხელშემკვრელი მხარე აღიარებს მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ ეკიპაჟის წევრებზე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომლებიც არიან ამავე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქენი და ასეთი დოკუმენტების მფლობელებს მიანიჭებს წინამდებარე შეთანხმების მე -10 და მე -11 მუხლებში განსაზღვრული უფლებებს.

(2) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებია:

საქართველოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული „მეზღვაურის წიგნაკი“ და „პასპორტი”.

მალტის შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული მეზღვაურის „წიგნაკი“ ან მეზღვაურის მოწმობა და „პასპორტი“.

იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება ამ პუნქტში აღნიშნული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლა ან ახალი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დამატება, მისი სახელწოდება უნდა ეცნობოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს დიპლომატიური არხების მეშვეობით.

(3) ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის გემის ეკიპაჟის წევრები, რომლებიც არიან მესამე სახელმწიფოს მოქალაქეები, უნდა ფლობდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის ან მესამე სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომელიც მათ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლებას მიანიჭებს”. ასეთ პირებზე, რამდენადაც შესაძლებელია, ასევე ვრცელდება ამ ხელშეკრულების მე-10 და მე-11 მუხლების დებულებები.

მუხლი 10

მეზღვაურის ხმელეთზე გადასვლის უფლება

(1) წინამდებარე შეთანხების მე-9 მუხლში აღნიშნული მეზღვაურის პირადობის მოწმობების მფლობელებს, რომლებიც ამავდროულად არიან ეკიპაჟის წევრები, ისევე როგორც ამავე გემზე მყოფი მათი ოჯახის წევრებს შეუძლიათ დროებით იმყოფებოდნენ ნაპირზე ვიზების გარეშე, ამ გემის მეორე ხელშემკვრელი მხარის ნავსადგურში ყოფნისას, თუ მათი სახელები შეტანილია კაპიტნის მიერ, ამავე ნავსადგურში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი ორგანოსათვის წარდგენილ გემის ეკიპაჟის სიაში.

(2) ნაპირზე ჩამოსხდომისას და გემის ბორტზე დაბრუნებისას ზემოაღნიშნული პირები უნდა დაემორჩილონ ნავსადგურში მოქმედ საბაჟო და სასაზღვრო წესებს.

(3) თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას საკუთარ სახელმწიფო ტერიტორიაზე არ შეუშვას გემის ბორტზე მყოფი ის პირები, რომელთაც თვლის არასასურველ პიროვნებებად.

მუხლი 11

მეზღვაურთა ტრანზიტის უფლება

(1) წინამდებარე შეთანხმების მე-9 მუხლით განსაზღვრული მეზღვაურის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მფლობელებს, რომლებიც არიან ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები, უფლება აქვთ როგორც მგზავრებს, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით შევიდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან ტრანზიტით გადაკვეთონ მისი ტერიტორია დანიშნულების გემზე მისვლის, სხვა გემზე გადაყვანის, სამშობლოში დაბრუნების ან შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოებისათვის მისაღები სხვა ნებისმიერი მიზნით, ხელშემკვრელ მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, იმ პირობით, რომ მათ გააჩნიათ მეზღვაურის წიგნაკი და სანაოსნო კომპანიის ან მისი აგენტის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული წერილობითი განცხადება იმის შესახებ, რომ ეს პიროვნება უნდა შეუერთდეს ცალკეული გემის ეკიპაჟს კონკრეტულ ნავსადგურში.

(2) თუ წინამდებარე შეთანხმების მე-9 მუხლში აღნიშნული მეზღვაურის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მფლობელი არ არის არცერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული მიზნების შესრულებისათვის საჭირო ნებისმიერი ვიზა უნდა გაიცეს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, იმ პირობით, რომ ამ პიროვნების დაბრუნება გარანტირებული იქნება მეზღვაურის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის გამცემ ქვეყანაში.

მუხლი 12

ტექნიკური დახმარება

ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, შესაძლებლობის ფარგლებში აღმოუჩინონ ერთმანეთს ტექნიკური დახმარება სავაჭრო ფლოტის განვითარებაში, მეზღვაურთა გადამზადების ჩათვლით. ამ მიზნისთვის ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან, მხარს დაუჭერენ და ხელს შეუწყობენ შესაბამის სასწავლო დაწესებულებებსა და საზღვაო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

მუხლი 13

მეზღვაურთა დასაქმება

(1) ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის გემების კვალიფიცირებული პერსონალით დაკომპლექტებისათვის, ამ ხელშემკვრელი მხარის გემთმფლობელებს, მისი მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლიათ დაიქირავონ მეორე ხელშემკვრელი მხარის კვალიფიცირებული მოქალაქენი. მეორე ხელშემკვრელი მხარის გემებზე ასეთ მოქალაქეთა დაქირავების პირობები, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოწონებული უნდა იქნეს მეზღვაურის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების ან მეზღვაურთა კავშირების მიერ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ყველა ღონეს იხმარს დასაქმების ასეთი პირობების უზრუნველყოფისა და შესრულების მიზნით.

(2) ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები, ან კომპეტენტური სასამართლოები განიხილავენ ერთი ხელშემკვრელი მხარის გემთფლობელსა და მეორე ხელშემკვრელი მხარის მეზღვაურს შორის შრომითი ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებს.

მუხლი 14

მუდმივი წარმომადგენლობები

სანაოსნო ორგანიზაციებსა და საწარმოებს, რომლებიც რეგისტრირებულია, აქვთ რეგისტრირებული ოფისები და საქმიანობენ ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე, უფლება აქვთ მუდმივი წარმომადგენლობა დააფუძნონ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 15

ნავსადგურებში წარმომადგენელთა მხარდაჭერა

თითოეული ხელშემკვრელი მხარე, თავის მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მისცემს მეორე ხელშემკვრელი მხარის მთავრობის უფლებამოსილ წარმომადგენლებს, შესაბამისი საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ან დიპლომატიურ და საკონსულო მისიებს, ისევე როგორც ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე რეგისტრირებული სანაოსნო საწარმოების წარმომადგენლებს, მის ნავსადგურებში შესვლისა და მეორე ხელშემკვრელი მხარის გემებზე ასვლის უფლებას, რათა მათ განახორციელონ მათი გემებისა და ეკიპაჟის საქმიანობასთან დაკავშირებული მოვალეობები.

მუხლი 16

საზღვაო შემთხვევები

 (1) თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის გემი დაიღუპა, დაჯდა მეჩეჩზე, გაირიყა ნაპირზე, ან მიიღო დაზიანებები მეორე ხელშემკვრელი მხარის საზღვაო წყლების ნაპირებთან, ეს გემი და ტვირთი ამ უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე აიღებენ იმავე ვალდებულებებს და ისარგებლებენ ისეთივე უპირატესობებითა და პრივილეგიებით, როგორსაც ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს ასეთ შემთხვევაში თავის გემებს და ტვირთს. გემის ეკიპაჟს და მგზავრებს, აგრეთვე გემსა და ტვირთს ნებისმიერ დროს უნდა აღმოუჩინონ ისეთივე დახმარება და დაცვა, როგორსაც აღმოუჩენდნენ ასეთ შემთხვევაში საკუთარ გემს. შემთხვევის ადგილის განურჩევლად, ასეთივე სახის ღონისძიებები ვრცელდება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის გემის ეკიპაჟიდან გადარჩენილ მგზავრებზე, თუ გადარჩენილი მგზავრების აღმოჩენა მოხდება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე.

(2) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გემის დაზიანების შემთხვევაში გადარჩენილი ტვირთი, აღჭურვილობა, მოწყობილობა, ქონება ან სხვა საგნები, რომლებიც საჭიროებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გადმოტვირთვას და დროებით შენახვას დატვირთვის ქვეყანაში დაბრუნებამდე ან მესამე ქვეყანაში გატანამდე, მეორე ხელშემკვრელი მხარე ხელს შეუწყობს აღნიშნული ოპერაციების განხორციელებას, ამასთან, ხსენებული საქონელი გათავისუფლებულია იმპორტის (საბაჟო) ან სხვა გადასახდელებისგან, იმ პირობით, რომ იგი არ არის განკუთვნილი მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მოხმარებისა და გამოყენებისთვის.

(3) ამ მუხლის მე-2 დებულებანი არ ხელყოფს ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიებზე მოქმედ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გამოყენებას ტვირთების დროებით საწყობში შენახვასთან დაკავშირებით.

(4) ამ მუხლის დებულებები არ ხელყოფს გემზე არსებული ტვირთისა და ქონების გადარჩენისათვის დახმარების აღმოჩენის მოთხოვნის წაყენების უფლებას.

 (5) თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის გემს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე შეემთხვევა უბედური შემთხვევა, როგორც ამ მუხლის 1-ლ პუნქტშია აღწერილი, მაშინ ამ უკანასკნელის კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ აცნობებენ მეორე მხარის საზღვაო ადმინისტრაციას და უახლოეს საკონსულოს ან დიპლომატიურ წარმომადგენლობას ამ შემთხვევის შესახებ და დაიწყებენ გამოძიებას უბედური შემთხვევის მიზეზის დასადგენად ან აღმოუჩენენ ყოველმხრივ შესაძლო დახმარებას მეორე ხელშემკვრელი მხარის შესაბამის ორგანოებს ასეთი გამოძიების ჩატარებაში. ხელშემკვრელი მხარეები მაქსიმალურად აღმოუჩენენ ერთმანეთს დახმარებას მსგავსი გამოძიების ჩატარებაში და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მიაწვდიან ერთმანეთს საჭირო ხელმისაწვდომ ინფორმაციას.

მუხლი 17

დახურული ნავსადგურები

მიუხედავად წინამდებარე შეთანხმების დებულებებისა, გემებს, რომლებიც ეკუთვნის, მოქმედებს და დაქირავებულია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე რეგისტრირებული საწარმოს მიერ, რომელიც მოქმედებს ამ ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და ფლობს რეგისტრირებულ ოფისს მის ტერიტორიაზე, არ შეიძლება იყოს დაქირავებული ან შევიდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის ნავსადგურში, რომელიც ამ უკანასკნელის მიერ დახურულია საერთაშორისო ნაოსნობისათვის.

მუხლი 18

შემოსავლის გამოყენება

 ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის საზღვაო კომპანიებს უფლება აქვთ გამოიყენონ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე და საზღვაო გადაზიდვების ოპერაციებიდან თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში მიღებული შემოსავალი და სხვა მოგება ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე გადახდის განხორციელების მიზნით. ყველა ადგილობრივი ხარჯის, მათ შორის გადასახადის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დაფარვის შემდეგ დარჩენილი თანხა შესაძლებელია გადარიცხულ იქნეს საზღვარგარეთ. 

მუხლი 19

საერთაშორისო უფლებები და ვალდებულებები

 (1) წინამდებარე შეთანხმების დებულებები გავლენას არ ახდენს ხელშემკვრელ მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობიდან, კერძოდ, რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციებიდან, რომელთა წევრებსაც წარმოადგენენ ხელშემკვრელი მხარეები.

(2) თუ წინამდებარე შეთანხმებით სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული, ხელშემკვრელი მხარეები, საზღვაო სავაჭრო ნაოსნობასთან დაკავშირებით წარმოშობილ ურთიერთობებს დაარეგულირებენ თავიანთ სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების დაცვით.

მუხლი 20

ერთობლივი საზღვაო კომიტეტი

(1) წინამდებარე შეთანხმების ეფექტური იმპლემენტაციის მიზნით იქმნება ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებითა და მათ მიერ შერჩეული ექსპერტებით დაკომპლექტებული ერთობლივი საზღვაო კომიტეტი (შემდეგში კომიტეტად წოდებული).

(2) კომიტეტი იმსჯელებს წინამდებარე შეთანხმების გამოყენების პროცესში წარმოქმნილ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე განიხილავს სავაჭრო ნაოსნობის სფეროსთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, რომლებიც ხელშემკვრელ მხარეთა საერთო ინტერესებშია.

(3) კომიტეტი მონაცვლეობით იკრიბება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის თხოვნით ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

მუხლი 21

კომპეტენტური ორგანოები

(1) წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოების მიერ.

კომპეტენტური ორგანოებია:

საქართველოს მხრიდან – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

მალტის მხრიდან – ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;

(2) ამ მუხლში მოხსენიებული კომპეტენტური ორგანოების ცვლილების შემთხვევაში ახალი ორგანოს დასახელება მეორე ხელშემკვრელ მხარეს გადაეგზავნება დიპლომატიური არხებით.

მუხლი 22

დავების მოგვარება

(1) წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასთან და/ან გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სადავო საკითხი, მოგვარდება ხელშემკვრელი მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების/კონსულტაციების გზით.

(2) იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ორგანოები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, სადავო საკითხები გადაწყდება დიპლომატიური არხების მეშვეობით.

მუხლი 23

ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა

(1) წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის შემდეგ.

(2) წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით.თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ამ შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმება წყვეტს მოქმედებას მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან 6 თვის შემდეგ. 

მუხლი 24

ცვლილებები

 წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ შეთანხმების 23-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვით. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

 შესრულებულია 2016 წლის 13 სექტემბერს, ქ. ბათუმში, ორ დედნად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის სახელით

 

ხელმოწერილია

მალტის რესპუბლიკის მთავრობის

 სახელით

ხელმოწერილია