ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-7
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/02/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260040.35.101.016363
2-7
03/02/2017
ვებგვერდი, 07/02/2017
010260040.35.101.016363
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2-7

2017 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის ,,ა“  ქვეპუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგია დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეებთანერთად ამ დადგენილების ამოქმედებიდან  ერთი თვის ვადაში შეიმუშაოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის სამოქმედო გეგმა.  
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი




დანართი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგია

თავი I. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის მიზნები, პრინციპები და სამართლებრივი საფუძვლები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგია (შემდგომში – სტრატეგია) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერულ პოლიტიკას, მის მიზნებს, ამოცანებს, პრინციპებს და განვითარების პრიორიტეტებს 2017-2020 წლების საშუალოვადიანი პერიოდისათვის.

ადგილობრივი თვითმმართველობა წარმოადგენს მოსახლეობასთან ყველაზე ახლოს მდგომ ხელისუფლებას, რომელიც ხორციელდება ადგილობრივი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად. ამიტომაც, ადგილობრივი თვითმმართველობის სრულყოფილი განხორციელებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თვითმმართველობის პროცესში ქალთა და მამაკაცთა ინტერესების თანაბრად ასახვასა და გათვალისწინებას.

სტრატეგიის მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში ქალთა და მამაკაცთა თანაბარ მონაწილეობას, მათი უფლებებისა და შესაძლებლობების თანაბარ და ეფექტიან რეალიზებას.

სტრატეგია ეფუძნება გენდერული თანასწორობის პრინციპებს მუნიციპალური და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და განსაზღვრავს შესაბამის ღონისძიებებს სქესის ნიშნით დისკრიმინაციის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის, აგრეთვე გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

სტრატეგია ეფუძნება ერთიან, კომპლექსურ მიდგომას, რომლის თანახმად, თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ქალთა და მამაკაცთა თანაბარ მონაწილეობას, მათი ინტერესების შესწავლას, თანაბრად წარმოჩენასა და გათვალისწინებას გააჩნია განსაკუთრებული მნიშვნელობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები საქმიანობის პროცესში უზრუნველყოფენ გენდერული ასპექტების გათვალისწინებას, გენდერული თანასწორობის დაცვას და თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობისათვის საჭირო გარემოს შექმნას.

სტრატეგია მიმართულია გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის, ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის, ამ უფლებათა რეალიზების თანაბარი შესაძლებლობების შექმნის, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული გენდერული თანასწორობის პრინციპების განხორციელებისაკენ.

სტრატეგია წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში გენდერული პოლიტიკის სფეროში სამოქმედო გეგმის და მისგან გამომდინარე, პროგრამული ღონისძიებების შემუშავების საფუძველს.  

სტრატეგიის სამართლებრივ საფუძვლებს ქმნის საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები და საქართველოს კანონმდებლობა. სტრატეგია ემსახურება საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვასა და იმპლემენტაციას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში.

სტრატეგია ეფუძნება და ითვალისწინებს 2015 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩატარებულ გენდერულ აუდიტს, რომელიც მოიცავდა შემდეგ ძირითად მიმართულებებს:

ა) გენდერული ექსპერტიზა, კომპეტენცია და შესაძლებლობების გაუმჯობესება;

ბ) გენდერული თანასწორობის საკითხები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამოცანებში, პროგრამირებასა და განხორციელების ციკლში;  

გ) ინფორმაციის და ცოდნის მართვა,  გენდერული საკითხების ასახვა;

დ) გადაწყვეტილების მიღება, ადამიანური რესურსები და ორგანიზაციული კულტურა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელთა მიერ გენდერული თანასწორობის მიღწევის აღქმა.

გენდერული აუდიტით გამოიკვეთა ის პრობლემები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრა სტრატეგიის ხუთი ძირითადი მიმართულება:

1. გენდერული თანასწორობის  სამართლებრივ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

2. საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა;

3. კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებისა და სპორტის სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა;

4. სოციალურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა;

5. ოჯახში ძალადობის პრევენცია, ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და მათი დახმარების უზრუნველყოფა.

სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების საფუძველს ქმნის „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2016 წლის 1 ნოემბერს მიღებული №26-80 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც  შეიქმნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო, ასევე განისაზღვრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები.

თავი II. სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები 2017-2020 წწ.

1. გენდერული თანასწორობის სამართლებრივ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა, რომლის მიზანია გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მდგრადი სამართლებრივი და ინსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბება.

ამ მიმართულების ძირითადი პრიორიტეტებია:

ა) გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური გაძლიერება – მოიცავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და დამტკიცებას. საბჭოს წევრებისა და გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირებისათვის სპეციალური ტრენინგების ორგანიზებასა და ჩატარებას;

ბ) ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალისა და მამაკაცის თანაბარი მონაწილეობის მექანიზმების დამკვიდრება – მოიცავს პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობის სტიმულირებას, ქალ პოლიტიკოსთა ფორუმების ორგანიზებას, ქალთა საბჭოების შექმნას;

გ) გენდერული სტატისტიკის როლის ამაღლება – მოიცავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საქმიანობის ყველა სფეროში გენდერული მდგომარეობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მოკრების, სისტემატიზაციის, საჯაროობის და გამოყენების ფორმებისა და მეთოდების დახვეწას და გენდერულ ჭრილში სტატისტიკურ მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას;

დ) გენდერული აუდიტის დანერგვა – მოიცავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და საქმიანობის მიმართულებების მიხედვით პერიოდული გენდერული აუდიტის ჩატარებას, მიღებული დასკვნების ანალიზს და შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას;

ე) სამართლებრივი აქტების გენდერული ექსპერტიზა – მოიცავს ქალაქ თბილისისმუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების გენდერულ ანალიზს და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად წინადადებების შემუშავებას. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ინიცირებული ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზას გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომელთათვის ტრენინგების ჩატარებას გენდერული თანასწორობის საკითხებზე;

ვ) გენდერულ საკითხებზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება – მოიცავს სპეციალური სწავლების ციკლის ორგანიზებას, რომელიც უპირატესად მიმართული იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში გადაწყვეტილების მიმღებ პირთა გენდერული მგრძნობელობის ამაღლებაზე; გენდერულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად სპეციალური ბუკლეტების გამოშვებაზე, პრესისა და მასმედიის სხვა საშუალებების გამოყენებით დისკუსიებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზებაზე;

ზ) გენდერული თანასწორობის სფეროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობა – მოიცავს გენდერული თანასწორობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან პერიოდული შეხვედრების ჩატარებას გენდერული თანასწორობის პრობლემურ საკითხებზე და მათ ჩართვას სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში.

2. საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა, რომლის მიზანია დასაქმების, რესურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საზოგადოებრივი  მომსახურების სფეროში გენდერული დისბალანსის აღმოფხვრა.  

ამ მიმართულების ძირითადი პრიორიტეტებია:

ა) გენდერული ბიუჯეტი – მოიცავს გენდერული ჯგუფების მოთხოვნათა გათვალისწინებით გენდერულად ორიენტირებული მუნიციპალური ბიუჯეტის ფორმირებას;

ბ) გენდერული ასპექტის გათვალისწინებით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის  სპეციალურ მუნიციპალურ პროგრამათა შემუშავება და განხორციელება – მოიცავს ქალებისა და მამაკაცებისათვის საწარმოო რესურესებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ბიზნესსაქმიანობაში ქალთა მონაწილეობის გაზრდისათვის საჭიროებების გამოვლენას, შესაბამისი პროგრამების (საგანმანათლებლო, პრაქტიკული უნარების განვითარების) შემუშავებასა და განხორციელებას; დასაქმების ბაზარზე ქალთა კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად შესაბამისი პირობების შექმნას და ახალ ეკონომიკურ ურთიერთობებთან მათი ადაპტაციის ხელშეწყობას;

გ) მუნიციპალურ საწარმოებსა და დაწესებულებებში კონტროლის მექანიზმების დახვეწა საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს შრომის კოდექსით“ დადგენილი ანტიდისკრიმინაციული ნორმების დაცვაზე და შრომის ანაზღაურების სფეროში გენდერული დიფერენციაციის აღმოსაფხვრელად – მოიცავს, როგორც ქალების, ისე კაცებისათვის სამსახურებრივი და ოჯახური ცხოვრების შეთავსების შესაძლებლობების შექმნის მიზნით ღონისძიებათა დაგეგმვას და შესაბამისი მექანიზმების დამკვიდრებას.

3. კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებისა და სპორტის სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა, რომლის მიზანია კულტურულ ცხოვრებაში მოქალაქეთა შეუზღუდავი მონაწილეობის, კულტურის მონაპოვართა ხელმისაწვდომობის, შემოქმედებითი საქმიანობის, განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის, საზოგადოებრივ  ცხოვრებაში ბავშვებისა და ახალგაზრდების თვითრეალიზაციისა და მათი უფლებების დაცვის, ჯანმრთელობის განმტკიცებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით გენდერულად დაბალანსებული მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.

ამ მიმართულების ძირითადი პრიორიტეტებია:

ა) კულტურულ ცხოვრებაში მოქალაქეთა შეუზღუდავი მონაწილეობის, კულტურის მონაპოვართა ხელმისაწვდომობის, შემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფის ხელშესაწყობად გენდერულ თანასწორობაზე ორიენტირებული მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება – მოიცავს კულტურის განვითარებისა და თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გენდერულად ორიენტირებული მუნიციპალური პროგრამების მომზადებასა და განხორციელებას, გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვას კულტურის მონაპოვარით სარგებლობასა და შემოქმედებით საქმიანობაში;

ბ) განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობისა და გენდერულად ორიენტირებული სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდის პოლიტიკის შემუშავება – მოიცავს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების განხორციელებისას გენდერული ასპექტების გათვალისწინებას;

გ) გენდერულად ორიენტირებული მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის ფორმირება - მოიცავს ბავშვებისა და ახალგაზრდების თვითრეალიზაციისა და მათი უფლებების დაცვის მიზნით შესაბამის მუნიციპალურ პროგრამებში გენდერული პარამეტრების გათვალისწინებასა და მისი განხორციელების ხელშეწყობას;

დ) ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება - მოიცავს მასობრივი სპორტის განვითარების, სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პოპულარიზაციის, სპორტული ღონისძიებების ჩატარების მიზნით მუნიციპალურ პროგრამებში გენდერული ასპექტების გათვალისწინებას.

4. სოციალურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა, რომლის მიზანია ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და გენდერულად დაბალანსებული სოციალური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, გენდერულ ასპექტთა გათვალისწინება მოწყვლად ჯგუფთა სოციალური გააქტიურების ხელშესაწყობად.

ამ მიმართულების ძირითადი პრიორიტეტები:

ა) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროებში გენდერულ თანასწორობაზე ორიენტირებული მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება – მოიცავს გენდერულად ორიენტირებული ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების მომზადებასა და განხორციელებას, გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვას სოციალური დახმარების პროგრამებსა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროებში;

ბ) მოწყვლადი და სოციალურად მგრძნობიარე ჯგუფების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალურად გააქტიურების მიზნით მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისას გენდერული ასპექტების გათვალისწინება - მოიცავს მზრუნველობამოკლებული ბავშვების, სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, აგრეთვე პრობაციონერთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის და სოციალური აქტიურობის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალურ პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში გენდერული ასპექტების გათვალისწინებას.  

5. ოჯახში ძალადობის პრევენცია, ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და მათი დახმარების უზრუნველყოფა.

ამ მიმართულების მიზანია საზოგადოებაში ძალადობის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის პრევენცია, ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის უზრუნველყოფა; ოჯახში ძალადობის პრევენცია; ოჯახში ძალადობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაცის ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.

ამ მიმართულების ძირითადი პრიორიტეტებია:

ა) ძალადობის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის და არასრულწლოვანებზე ძალადობის ფაქტების გამოვლენა, ძალადობის მიზეზების ანალიზი, შესწავლა და შეფასება; შესაბამისი სტატისტიკის წარმოება და საინფორმაციო ბაზის შექმნა;

ბ) ოჯახში ძალადობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება იმ პირების მიმართ, რომლებიც ოჯახში ძალადობის ჩადენის რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან;

გ) საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება ოჯახის წევრთა თანასწორობისა და ურთიერთვალდებულებების, ასევე მათი უფლებების დაცვის გარანტიების თაობაზე.

თავი III.  სტრატეგიის განხორციელების მექანიზმები და მონიტორინგი

სტრატეგიის და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას, თავის კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ყოველწლიურად განიხილავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ და იღებს გადაწყვეტილებებს, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის დადებითად შეფასების, სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში ცვლილების შეტანის, ან/და  რეკომენდაციების გაცემის შესახებ. 

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციასა და შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც საბჭოს სხდომაზე პერიოდულად განიხილავს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულების მიმდინარეობას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს.