დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესი | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 80 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 26/01/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 18/08/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 010170000.22.029.016388 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/01/2017 - 11/01/2018)
|
მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესი
|
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს „მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესი“ - დანართი №1.
2. დამტკიცდეს „თავშესაფრის მაძიებლის განთავსების ბარათი“ - დანართი №2. |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მიმღებ ცენტრში განთავსების, ქცევის და მიმღები ცენტრიდან გასახლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 1 აპრილის №718 ბრძანება. |
მუხლი 3 |
ბრძანება ძალაშია 2017 წლის 1 თებერვლიდან. |
|
დანართი №1
|
მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესი
|
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში - განყოფილებაში (შემდგომში – მიმღები ცენტრი) თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსებისა და ცხოვრების წესს, აგრეთვე მათ უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე სხვა ადგილას განსახლების წესს. 2. საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთან დაკავშირებული ყველა საკითხი, რომელიც სცილდება ამ წესის ფარგლებს, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 2. მიმღები ცენტრი 1. მიმღები ცენტრი წარმოადგენს სამინისტროს მიერ თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ დროებითი განთავსების ადგილს. 2. მიმღებ ცენტრში გამოიყოფა საცხოვრებელი ფართი ერთი პირის ან ერთი ოჯახისათვის. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მიმღებ ცენტრში შესაძლებელია თავშესაფრის მაძიებელთა კოლექტიური განთავსებაც. 3. მიმღებ ცენტრში პირის განთავსების ვადა დამოკიდებულია მისი საქმის განხილვასთან დაკავშირებული თავშესაფრის პროცედურის ხანგრძლივობაზე. 4. მიმღებ ცენტრში ხდება თავშესაფრის მაძიებლის განთავსება.
მუხლი 3. მიმღებ ცენტრში განთავსება 1. თავშესაფრის მაძიებელს, რომელიც „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) შესაბამისად საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართავს სამინისტროს, ეძლევა მიმართვა დროებითი განთავსების თაობაზე. 2. მიმღებ ცენტრში განთავსების მიზნით სამინისტრო ერთჯერადად უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლის უფასო მგზავრობასა და ბარგის გადატანას. 3. თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია მიმღებ ცენტრში განთავსების შესახებ მიმართვის მიღებიდან ორი კვირის ვადაში გაემგზავროს მითითებულ ადგილზე. 4. თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია ცენტრის - განყოფილების უფროსს წარუდგინოს შესაბამისი მიმართვა. 5. მიმღებ ცენტრში განთავსებისთანავე თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია ცენტრის - განყოფილების უფროსს ჩააბაროს მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც იძლევა ფოტო/ვიდეო/აუდიოჩანაწერის გაკეთების შესაძლებლობას. აღნიშნულზე დგება შესაბამისი ოქმი, ნივთების მდგომარეობის მითითებით. ოქმის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს/მფლობელს, ხოლო მეორე ინახება მიმღები ცენტრის - განყოფილების უფროსთან. ჩაბარებული ნივთები პირს/მფლობელს უბრუნდება ცენტრის საბოლოო დატოვების დროს. 6. ცენტრში განთავსების პერიოდში ცენტრის ტერიტორიის დროებითი დატოვებისას თავშესაფრის მაძიებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული ელექტრონული მოწყობილობები, რომელთა ჩაბარების ვალდებულება წარმოიშობა ცენტრში დაბრუნებისთანავე. თითოეულ შემთხვევაში დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს თავშესაფრის მაძიებელი და მიმღები ცენტრის - განყოფილების უფროსი. 7. მიმღებ ცენტრში ყოველი შესვლისას თავშესაფრის მაძიებელი და მისი ბარგი ექვემდებარება შემოწმებას იარაღის, ალკოჰოლური სასმელის, ნარკოტიკული საშუალებების და სხვა აკრძალული ნივთების/ნივთიერებების გამოსავლენად. პირის შემოწმებას ახორციელებს მიმღები ცენტრის იმავე სქესის თანამშრომელი. 8. თავშესაფრის მაძიებლის განთავსების მიზნით, მიმღები ცენტრის თანამშრომელი ავსებს ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ „თავშესაფრის მაძიებლის განთავსების ბარათს“ (დანართი №2). 9. ინფექციური ან სხვა სახის დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიმღები ცენტრის თანამშორმელს უფლება აქვს პირი დროებით განათავსოს განცალკევებულ ოთახში სამედიცინო შემოწმების შედეგების მიღებამდე. 10. თავშესაფრის მაძიებელთა ოჯახის ერთიანობის შენარჩუნების მიზნით, მიმღები ცენტრი შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს ოჯახის წევრთა ერთ საცხოვრებელ ფართში განთავსებას. 11. თავშესაფრის მაძიებელს უფლება არ აქვს თვითნებურად შეცვალოს მისთვის გამოყოფილი ოთახი. ადგილის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მიმღები ცენტრის - განყოფილების უფროსის თანხმობით. 12. თავშესაფრის მაძიებლისათვის მიმღებ ცენტრში ცხოვრება უფასოა. გარდა ამისა, განთავსებისას მათ ერთჯერადად მუდმივ სარგებლობაში გადაეცემათ თეთრეული და პირადი ჰიგიენის ნივთები, ხოლო დროებით სარგებლობაში ჭურჭელი და სამზარეულო ინვენტარი, მინისტრის ინდივიდუალური ადმინსიტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად. 13. მიმღებ ცენტრში პირი ცხოვრობს მისივე სქესის სხვა თავშესაფრის მაძიებელთან (მაძიებლებთან) ერთად, არსებულ საცხოვრებელ ფართში. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება ერთი ოჯახის წევრებზე. 14. თავშესაფრის მაძიებლის მიერ მიმღები ცენტრის ან იქ განთავსებული ქონების დაზიანების შემთხვევაში, მას ზარალის ანაზღაურება დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, განიხილება მისი მიმღებ ცენტრში შემდგომი განთავსების ან დროებითი განთავსების სხვა ადგილზე გადაყვანის საკითხი. 15. სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნისთანავე, სამინისტრომ, უნდა უზრუნველყოს მისი ტრანსპორტირება და განთავსება მიმღებ ცენტრში,, გარდა კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანისა, რომლის განსახლება ხორციელედება მისი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.
მუხლი 4. მიმღები ცენტრის - განყოფილების უფლება-მოვალეობები 1. მიმღები ცენტრი - განყოფილება უფლებამოსილია: ა) უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებლის, მისი ნივთებისა და ბარგის შემოწმება; ბ) განსაზღვროს საერთო ფართითა და არსებული სერვისებით სარგებლობის გრაფიკი; გ) თავშესაფრის მაძიებლისაგან მოითხოვოს განთავსების ოთახისა და ადგილის შეცვლა საჭიროებისამებრ; დ) აუცილებლობის შემთხვევაში შეამოწმოს თავშესაფრის მაძიებლის ოთახი; ე) იშუამდგომლოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან თავშესაფრის მაძიებლის მიმღები ცენტრიდან გასახლების თაობაზე; ვ) აწარმოოს მიმღები ცენტრის ვიდეომონიტორინგი, კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად; ზ) თავშესაფრის მაძიებელთაგან მოითხოვოს მოცემული წესის დაცვა. 2. მიმღები ცენტრი - განყოფილება ვალდებულია: ა) დეპარტამენტის უფროსის მიმართვის საფუძველზე განათავსოს თავშესაფრის მაძიებელი მიმღებ ცენტრში; ბ) დაიცვას წინამდებარე წესით განსაზღვრული დებულებები; გ) პატივისცემით მოექცეს ცენტრში განთავსებულ თავშესაფრის მაძიებლებს და დაიცვას მათი უფლებები დისკრიმინაციის გარეშე; დ) დაიცვას მიმღებ ცენტრში განთავსებულ თავშესაფრის მაძიებელთა პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა; ე) პატივი სცეს ცენტრში განთავსებულ თავშესაფრის მაძიებელთა პირადი ცხოვრების უფლებას; ვ) დეპარტამენტის უფროსის თანხმობის გარეშე არ დაუშვას მიმღები ცენტრის ტერიტორიაზე უცხო პირთა შესვლა, გარდა ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა.
მუხლი 5. მიმღებ ცენტრში ქცევისა და ცენტრიდან გასვლის წესები 1. მიმღებ ცენტრში მცხოვრებ თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს თავისუფლად გავიდეს და შევიდეს ცენტრში 07.00 სთ-დან 23.00 სთ-მდე. 2. მიმღები ცენტრის 24 საათზე მეტი დროით დატოვების შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს მიმღები ცენტრის - განყოფილების უფროსს გასვლის მიზნისა და სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ. წინასწარი შეტყობინების გარეშე მიმღები ცენტრის დატოვების შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია დაბრუნებისთანავე შეატყობინოს მიმღები ცენტრის - განყოფილების უფროსს გასვლის მიზანი და ადგილსამყოფელი. 3. თავშესაფრის მაძიებელმა არ უნდა დატოვოს მიმღები ცენტრი ჯამში 5 დღეზე მეტი ვადით ერთი თვის განმავლობაში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა (ავადმყოფობა, დაკავება ან მისგან დამოუკიდებელი სხვა სარწმუნო მიზეზი). 4. მიმღებ ცენტრში ნებადართულია სტუმრის მიღება 10-დან 19 საათამდე პერიოდში, სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ოთახში. მიმღებ ცენტრში ვიზიტისას სტუმარი ვალდებულია რეგისტრაციის მიზნით, მიმღები ცენტრის - განყოფილების უფროსს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი/სამგზავრო დოკუმენტი ან პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობა). 5. მიმღებ ცენტრში განთავსებულ თავშესაფრის მაძიებელს ეკრძალება სხვა თავშესაფრის მაძებლის საცხოვრებელ ფართში შესვლა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როგორიცაა, გადაუდებელი პირველადი დახმარების აღმოჩენა. 6. მიმღებ ცენტრში დაუშვებელია ნარკოტიკული, ფსიქოტროპული (გარდა ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატებისა), ალკოჰოლური სასმელების, ფეთქებადი და ადვილად აალებადი ნივთიერებების, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ან ისეთი ნივთების შეტანა/გამოყენება, რომელთაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან მიმღებ ცენტრში განთავსებულ პირთა სიცოცხლესა ან/და ჯანმრთელობას. 7. მიმღებ ცენტრში დაუშვებელია პირის მიერ ელექტრო და გაზგამათბობელი საშუალებების შეტანა, მიმღები ცენტრის - განყოფილების უფროსის თანხმობის გარეშე. 8. მიმღებ ცენტრში ჰიგიენური მიზეზების გამო, დაუშვებელია სამზარეულოდან საკვების წაღება და ოთახში კვება. გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდეს 3 წლამდე ბავშვთა და ავადმყოფთა კვება. 9. მიმღებ ცენტრში 23.00 სთ-დან 07.00 სთ-მდე დაუშვებელია მიმღებ ცენტრში არსებული ტელე/ვიდეო/აუდიო აპარატურით სარგებლობა, ხმაური და ხმამაღალი საუბარი. 10. მიმღები ცენტრის - განყოფილების უფროსს უფლება აქვს შეუზღუდოს განთავსებულ თავშესაფრის მაძიებელს (მაძიებლებს) საერთო ფართით სარგებლობის უფლება გარკვეულ საათებში, თუ მათი იქ ყოფნა დროის იმ მონაკვეთში ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას. 11. მიმღებ ცენტრში საერთო სარგებლობის ოთახებითა და სერვისებით სარგებლობის მოწესრიგების მიზნით, მიმღები ცენტრის - განყოფილების უფროსმა შეიძლება დააწესოს შესაბამისი გრაფიკი, რომლის დაცვა მიმღებ ცენტრში განთავსებული თავშესაფრის მაძიებელთათვის სავალდებულოა. 12. მიმღებ ცენტრში აკრძალულია ფოტო/ვიდეო/კინოგადაღება, გარდა სამსახურებრივი და უსაფრთხოების მიზნებისა. 13. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თავშესაფრის მაძიებელი დროებით განთავსდება მიმღები ცენტრის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში.
მუხლი 6. მიმღებ ცენტრში განთავსებულ თავშესაფრის მაძიებლთა უფლება-მოვალეობები 1. თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს: ა) უფასოდ იცხოვროს მიმღებ ცენტრში; ბ) მოითხოვოს მისი უსაფრთხოებისა და პერსონალური ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა; გ) ისარგებლოს მიმღებ ცენტრში არსებული მომსახურებით და ინვენტარით; დ) საჭიროების შემთხვევაში, შეუზღუდავად მიმართოს მიმღები ცენტრის - განყოფილების უფროსს; ე) შეუზღუდავად დაუკავშირდეს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობას; ვ) მიმღები ცენტრის - განყოფილების უფროსის ქმედება და გადაწყვეტილება გაასაჩივროს სამინისტროში; ზ) ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით; თ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებიდან 1 თვის განმავლობაში იცხოვროს მიმღებ ცენტრში. 2. თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები; ბ) მიმღებ ცენტრში განთავსებისას გაეცნოს ამ წესებს მისთვის გასაგებ ენაზე და აღნიშნული დაადასტუროს ხელმოწერით. ხელმოწერაზე უარის თქმა განიხილება განთავსების უფლებაზე უარის განცხადებად; გ) შეასრულოს მიმღები ცენტრის - განყოფილების უფროსის კანონიერი მითითებები; დ) გაუფრთხილდეს მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემულ მატერიალურ ფასეულობებს. ეკონომიურად მოიხმაროს წყალი, ელექტროენერგია და გაზი. ე) პატივი სცეს მიმღებ ცენტრში მყოფ პირთა უფლებებს; ვ) მიმღები ცენტრის - განყოფილების უფროსის მიერ, მისი კომპეტენციის ფარგლებში, მოთხოვნის შემთხვევაში, მისცეს მას საცხოვრებელი ფართის და პირადი ნივთების შემოწმების შესაძლებლობა; ზ) კონფლიქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მიმღები ცენტრის - განყოფილების თანამშრომელს; თ) მიმღები ცენტრის დატოვებისას მისთვის გადაცემული ნივთები დაუბრუნოს მიმღებ ცენტრს - განყოფილებას, გარდა მისთვის მუდმივ სარგებლობაში გადაცემული ნივთებისა; ი) უზრუნველყოს პირადი ჰიგიენის, ასევე მისი საცხოვრებელი ოთახისა და საერთო სარგებლობის ფართში სისუფთავის დაცვა; კ) არ მიატოვოს საკუთარი არასრულწლოვანი შვილები მეთვალყურეობის გარეშე; ლ) მონაწილეობა მიიღოს ცენტრის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მიზნით ორგანიზებულ სამუშაოებში; მ) მიმღები ცენტრის - განყოფილების მოთხოვნის შესაბამისად, გაიაროს სამედიცინო შემოწმება; ნ) დეპარტამენტის მიერ დროებითი განთავსების სხვა ადგილის შეთავაზების შემთხვევაში, გადავიდეს მითითებულ მისამართზე.
მუხლი 7. მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტა და გასახლება 1. თავშესაფრის მაძიებელს მიმღებ ცენტრში განთავსების უფლება უწყდება ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე ან ამ გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრების შემთხვევაში, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე. 2. თავშესაფრის მაძიებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვალდებულია განთავსების უფლების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში დატოვოს მიმღები ცენტრი. 3. თავშესაფრის მაძიებელს განთავსების უფლება შეიძლება შეუწყდეს ამ წესის მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა განმეორებით, ან უხეში დარღვევის (სხვა განთავსებულებთან მისი თანაცხოვრების შეუძლებლობის, ან ცენტრისათვის მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალის მიყენების) გამო. 4. ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებელს მიმღები ცენტრის - განყოფილების უფროსის მიერ ეძლევა სიტყვიერი შენიშვნა, შემდეგ წერილობითი გაფრთხილება, შემდეგ კი მის მიმართ დგება საკითხი განთავსების უფლების შეწყვეტის თაობაზე. 5. თავშესაფრის მაძიებლის განთავსების უფლების შეწყვეტის საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხდება სამინისტროს მიგრაციის რეპატრიაციის და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მიერ, მიმღები ცენტრის - განყოფილების უფროსის მიმართვის საფუძველზე. 6. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განთავსების უფლების შეწყვეტის შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 5 დღის ვადაში დატოვოს მიმღები ცენტრი.
მუხლი 8. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის განსახლება 1. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანის განსახლება შესაძლებელია განხორციელდეს მიმღებ ცენტრში ან შესაბამის ბავშვთა ზრუნვის დაწესებულებაში ან სხვა საცხოვრებელ ადგილას, მისი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს არასრულწლოვანის მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი.
|
დანართი №2
|
თავშესაფრის მაძიებლის განთავსების ბარათი
|
|
დოკუმენტის კომენტარები