შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • Word
შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/6/623
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 29/12/2016
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016130
  • Word
2/6/623
29/12/2016
ვებგვერდი, 12/01/2017
000000000.00.000.016130
შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს სახელით

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

მეორე კოლეგიის

გადაწყვეტილება №2/6/623

 

2016 წლის 29 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

კოლეგიის შემადგენლობა:

თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

 

სხდომის მდივანი – დარეჯან ჩალიგავა.

 

საქმის დასახელება: შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

 

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს“, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს“, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 300 ლარს“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.

 

საქმის განხილვის მონაწილენი: საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი – თამარ მესხია.

 

I

აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №623) მომართა შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონმა“. №623 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2015 წლის 30 იანვარს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა №623 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2015 წლის 2 აპრილს.

2. 2015 წლის 27 მაისის №2/6/623 საოქმო ჩანაწერით №623 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს“, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს“, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 300 ლარს“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. საქმის არსებითი განხილვის სხდომები გაიმართა 2015 წლის 26 ოქტომბერსა და 25 ნოემბერს.

3. 2015 წლის 26 ოქტომბერს ჩანიშნულ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარე არ გამოცხადდა, შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლომ გადადო საქმის განხილვა და სხდომა 2015 წლის 25 ნოემბერს ჩანიშნა, რომელზეც მოსარჩელე მხარე კვლავ არ გამოცხადებულა. სასამართლომ იხელმძღვანელა რა რეგლამენტის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტით, საქმე არსებითად განიხილა მოსარჩელე მხარის მასში მონაწილეობის გარეშე.

4. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 45-ე მუხლი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.

5. სადავო ნორმები არეგულირებს სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრის საკითხს. აღნიშნული ნორმების მიხედვით, სასარჩელო მოთხოვნისა და ინსტანციების მიხედვით სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის განსხვავებულია, კერძოდ, კანონმდებელი იურიდიული პირებისთვის აწესებს უფრო მაღალ სახელმწიფო ბაჟს.

6. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ფიზიკური პირებისგან განსხვავებით, იურიდიული პირების მიერ საერთო სასამართლოებისთვის მიმართვის დროს უფრო მაღალი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაწესება იწვევს ამ უკანასკნელთა მიმართ დიფერენცირებულ მოპყრობას.

7. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლზე დაყრდნობით მოსარჩელე აცხადებს, რომ კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული თანასწორობის პრინციპი ვრცელდება იურიდიულ პირებზეც, თუ უფლების ბუნებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. მოსარჩელის განმარტებით, სასამართლოსთვის მიმართვის უფლება გააჩნიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს, შესაბამისად, ეს უფლება თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა პირისთვის და იურიდიულ პირს არ უნდა ეკისრებოდეს გაზრდილი ბაჟის გადახდის ტვირთი.

8. მოსარჩელის განმარტებით, შედარებად ჯგუფებს – ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით და ისინი წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმები დაუსაბუთებლად ახდენს არსებითად თანასწორი პირების დიფერენცირებას, რაც არღვევს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.

9. საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა მოსარჩელის არგუმენტაციას. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ განასხვავებს ფიზიკური და იურიდიული პირების სამოქალაქო უფლებებს და მათთვის განსხვავებული ოდენობის ბაჟის დამდგენი ნორმები კავშირშია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, ეს თავისთავად არ გულისხმობს აღნიშნული მუხლის დარღვევას.

10. საქმის არსებით განხილვის სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზნებისთვის სადავო ნორმით გათვალისწინებული ურთიერთობების მოწესრიგებისას სასამართლოს არსებითად განსხვავებული სერვისების მიწოდება არ უწევს, თუმცა, იურიდიული ბუნების გათვალისწინებით, რისკები, რომ სასამართლო გადაიტვირთება მეტი უსაფუძვლო და საქმის გაჭიანურების მიზნით წარდგენილი სარჩელით, იურიდიულ პირებთან მიმართ არის უფრო მაღალი და სწორედ ამის გათვალისწინებით გამართლებულია ასეთი არათანასწორი მოპყრობა.

 

II

სამოტივაციო ნაწილი

1. კანონის წინაშე თანასწორობის უფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით, რომლის თანახმად: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს. მისი მიზანია, არ დაუშვას არსებითად თანასწორის უთანასწოროდ მოპყრობა და პირიქით.

2. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი წარმოადგენს თანასწორობის იდეის ნორმატიულ გამოხატულებას – „კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). „საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზანს წარმოადგენს არა პირთა აბსოლუტური თანასწორობის მიღწევა, არამედ არსებითად თანასწორი პირებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 14 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-8).

3. სადავო ნორმები არეგულირებს სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრის საკითხს. აღნიშნული ნორმების მიხედვით, სასარჩელო მოთხოვნისა და ინსტანციების მიხედვით სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის განსხვავებულია, კერძოდ, კანონმდებელი იურიდიული პირებისთვის აწესებს უფრო მაღალ სახელმწიფო ბაჟს. აშკარაა, რომ სადავო ნორმების საფუძველზე ხდება გარკვეული პირების მიმართ დიფერენცირებული მოპყრობის გამოყენება, რაც გამოიხატება სასამართლოსთვის მიმართვის სუბიექტების საერთო წრიდან ერთი ნაწილის – კერძო სამართლის იურიდიული პირების გამოყოფაში და მათთვის განსხვავებული საფასურის დაწესებაში.

4. დიფერენცირების ფაქტის არსებობა ყოველთვის არ არის საკმარისი კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული უფლების სფეროში ჩარევის დასასაბუთებლად, კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ვალდებულია, თანასწორად მოეპყროს მხოლოდ არსებითად თანასწორ პირებს.

5. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმების კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შესაბამისობაზე მსჯელობისას, აუცილებელია, გამოიკვეთოს შესადარებელი ჯგუფები და განისაზღვროს, რამდენად წარმოადგენენ ისინი არსებითად თანასწორ სუბიექტებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით. როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში ხდება ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურდიული პირების დიფერენცირება, რაც გამოიხატება რიგ სასამართლო მოქმედებებზე განსხვავებული ოდენობის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაწესებაში. ზოგადად, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა მათი ბუნებისა და უფლებრივი სტატუსიდან გამომდინარე. თუმცა, ამ ორ პირს შორის არსებული განსხვავება ყოველთვის ვერ განაპირობებს მათ არსებითად უთანასწორო პირებად მიჩნევას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე შეფასებული აქვს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის დიფერენცირების კონსტიტუციურობის საკითხი და სასამართლოს პრაქტიკით უკვე დადგენილია, რომ გარკვეულ შემთხვევებში ხსენებული პირები არსებითად თანასწორ სუბიექტებად შეიძლება იქნეს განხილული (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე „სპს “გრიშა აშორდია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

6. სასამართლოს მიერ დადგენილი ზოგადი სტანდარტებიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის „მე-14 მუხლზე მსჯელობისას პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-19). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ფიზიკური და იურიდული პირები არიან თუ არა არსებითად თანასწორები, უნდა გადაწყდეს დიფერენცირების დამდგენი სამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან და აგრეთვე, შესადარებელ ჯგუფებსა და დიფერენცირების ფაქტს შორის ურთიერთდამოკიდებულებიდან გამომდინარე. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ზოგადად პირები არსებითად თანასწორი სუბიექტები არიან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამა თუ იმ სამართლებრივი ურთიერთობის ბუნება მათ განსხვავებულად განხილვას მოითხოვს.

7. მოცემულ შემთხვევაში სადავო რეგულაცია ადგენს ბარიერს სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებაზე, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას უკავშირებს გარკვეული საფასურის გადახდას, რითაც მიზნად ისახავს დაუსაბუთებელი სარჩელების შემცირებას და სასამართლოს თვითმიზნური გადატვირთვის პრევენციას. სამართლებრივ სტატუსში სხვაობის მიუხედავად, ფიზიკური პირიც და იურიდიული პირიც საერთო სასამართლოებს საკუთარი ინტერესების დასაცავად მიმართავენ და მათთვის კონსტიტუციით თანაბრად დაცული უფლების რეალიზებას ახდენენ. იმავდროულად, დაუსაბუთებელი სარჩელებისგან თავის არიდების მიზნით დადგენილი სახელწიფო ბაჟი თანაბრად ეფექტურია როგორც ფიზიკური, ისევე იურიდიული პირების მიმართ. არ არსებობს გარემოება, რომელიც მიუთითებდა, რომ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დადგენილი ერთი და იმავე ოდენობის სახელმწიფო ბაჟი განსხვავებულ ტვირთად შეიძლება დააწვეს მათ. ფიზიკური პირი შეიძლება იყოს ფინანსურად უზრუნველყოფილი, მაშინ, როდესაც იურიდიული პირს შეიძლება ჰქონდეს ფინანსური პრობლემები. სადავო ნორმები პირების დიფერენცირებას ახდენს არა მათი ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, არამედ მათი სტატუსის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს რაიმე კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ ფიზიკური და იურიდიული პირების არსებითად არათანასწორ სუბიექტებად მიჩნევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით დიფერენცირება დადგენილია არსებითად თანასწორ პირებს შორის, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული უფლების შეზღუდვას წარმოადგენს.

8. დიფერენცირებულად მოპყრობის გონივრულობის მასშტაბი განსხვავებული შეიძლება იყოს თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევასთან მიმართებით. „ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას... სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ახალი მემარჯვენეები და საქართველოს კონსერვატიული პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

9. „დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით. კერძოდ, თუ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების საფუძველია კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი ან სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას – სასამართლო გამოიყენებს შეფასების მკაცრ ტესტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/4/603 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8).

10. მოსარჩელე მიუთითებს, რომ თანასწორობის უფლება ირღვევა კერძო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი სტატუსისადმი კუთვნილების ნიშნით. აღნიშნულთან დაკავშირებით „საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ორგანიზაციისადმი კუთვნილების ნიშანი არ მიეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დადგენილ დიფერენცირების კლასიკურ ნიშნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება 2/3/522,553            საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-12). ამასთანავე, განსახილველ საქმეზე არ იკვეთება სხვა კლასიკური ნიშნით დიფერენცირება. შესაბამისად, დიფერენცირების ნიშნის გამო, მკაცრი ტესტის გამოყენების საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, უნდა შეფასდეს სადავო ნორმით არსებითად თანასწორ პირებს შორის შექმნილი დიფერენცირების ინტენსივობა.

11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

12. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმები ადგენს ბარიერს სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებაზე. თუმცა, მათ კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სრულად არ წაურთმევია უფლება, თავიანთ უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად სასამართლოსთვის მიემართათ და ესარგებლათ კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით. მართალია, აღნიშნული ნორმები კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის ითვალისწინებენ უფრო მაღალ სახელმწიფო ბაჟს, მაგრამ სადავო ნორმებით დადგენილი არ არის განუზომლად დიდი ხარჯები და როგორც თავად მოსარჩელემ განმარტა, მისთვის პრობლემას წარმოადგენს დიფერენცირების ფაქტი და არა ბაჟის საფასურის ოდენობა თავისთავად. ამავე დროს, სადავო ნორმების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (სხვაობა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის გადასახდელ ბაჟებს შორის) წარმოადგენს სასამართლოს ხარჯების და ზოგადად სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებისათვის საჭირო რესურსის მცირე კომპონენტს, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება მთლიან სასამართლო ხარჯებთან შედარებით უმნიშვნელოც კი იყოს. შესაბამისად, განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ სადავო ნორმები არსებითად თანასწორ პირებს მნიშვნელოვნად არ აცილებს სამართლიანი სასამართლოს თანაბარი ხელმისაწვდომობისაგან, დიფერენცირების ინტენსივობა არ აღწევს იმ ხარისხს, რომ უთანასწორობა შეფასდეს „მკაცრი ტესტის“ გამოყენებით, შესაბამისად სასამართლო დიფერენცირების კონსტიტუციურობას შეაფასებს „რაციონალური დიფერენცირების ტესტით“.

13. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკიდან გამომდინარე, რაციონალური დიფერენცირების ტესტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად: „ა) საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთებულობა, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება; ბ) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). აღნიშნული ტესტის ფარგლებში დიფერენცირება გამართლებადია, თუ მას გარკვეული მიზანი გააჩნია და გონივრულ დასაბუთებას ემყარება.

14. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება სასამართლოს მიერ გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად და უსაფუძვლო სარჩელებით სასამართლოს გადატვირთვის პრევენციისათვის არის დადგენილი. ხსენებულთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება განსახილველი საქმის ტიპიდან გამომდინარე და იგი არ არის დამოკიდებული საქმის სირთულეზე ან/და სასამართლოს მიერ გაწეული მომსახურების მოცულობაზე. აშკარაა, რომ კანონმდებლის მიერ დაწესებული სახელმწიფო ბაჟი არ არის სასამართლოს მიერ გაწეული მომსახურების ეკვივალენტური და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ საქმეზე გაწეული შრომის მოცულობა საერთოდ არ აისახება გადასახდელი ბაჟის ოდენობაზე. ზოგადად, სასამართლოსათვის მიმართვის, სასამართლოს მომსახურებით სარგებლობის უფლება თითოეული ადამიანის კონსტიტუციური გარანტიაა და კანონით დაწესებული ბაჟი არ არის დაკავშირებული ამ სერვისის ღირებულების ანაზღაურებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საქართველოს პარლამენტის პოზიციას, რომლის თანახმადაც, სამართალწარმოების სახელმწიფო ბაჟის დაწესება სასამართლოს მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების მიზნით ხდება.

15. თუმცა, სრულად გასაზიარებელია მოპასუხე მხარის არგუმენტი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ბაჟის დაწესება ამცირებს დაუსაბუთებელი, უმიზნო სარჩელების წარდგენის ალბათობას. სახელმწიფო ბაჟის დაწესება ხელს უწყობს მხარეების მიერ სარჩელის მხოლოდ რეალური საჭიროების პირობებში წარდგენას, მაშინ, როდესაც მხარე მიიჩნევს, რომ მეორე მხარის მიმართ მას რეალური სამართლებრივი მოთხოვნა გააჩნია. ბაჟის დაწესებით სახელმწიფო ახალისებს სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეებს, იდავონ მხოლოდ მაშინ, როდესაც სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება რეალურად სჭირდებათ. ზოგადად, სამოქალაქო დავებში სასამართლოს გადატვირთვისგან დაცვა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების შექმნითა თუ სხვა სამართლებრივი გზების გამოყენებით, თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოებაში მიღებულ და ამავე დროს საჭირო ღონისძიებას წარმოადგენს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო დავებზე სასამართლოს განხილვისას სახელმწიფო ბაჟის დაწესება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება.

16. ბაჟის დაწესების ლეგიტიმური მიზნების მიუხედავად მოპასუხე ვალდებულია, დაასაბუთოს დადგენილი დიფერენცირების მიზნები. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხემ აღნიშნა, რომ იურიდიული პირის ხასიათისა და სავარაუდოდ მეტი ფინანსური რესურსიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით გათვალისწინებულ საქმეებზე მაღალია იურიდიული პირების მიერ უსაფუძვლო მოთხოვნების წარდგენის რისკი. შესაბამისად, მოპასუხე მიუთითებს, რომ იურიდიული პირის მიერ წარსადგენ განცხადებებზე არსებობს უფრო მაღალი ბაჟის დაწესების საჭიროება.

17. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასამართლო მოქმედებების უმრავლესობაზე ფიზიკური და იურიდიული პირები ერთი და იმავე მოცულობის სახელმწიფო ბაჟს იხდიან, რაც სავარაუდოდ მიანიშნებს, რომ კანონმდებელი დაუსაბუთებელი სარჩელებისა თუ განცხადებებისაგან პრევენციის თვალსაზრისით სახელმწიფო ბაჟის დაწესებას, ბაჟის მოცულობას თანაბრად ეფექტურ მექანიზმად მიიჩნევს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მიმართებით. ამავე დროს, სადავო ნორმებით განსაზღვრულ დავებში, როგორიცაა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების, საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვისას, კანონმდებელი მათთვის ბაჟის განსხვავებულ ოდენობას ადგენს. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია არანაირი არგუმენტი, რომელიც შეეხებოდა, გაამართლებდა ხსენებული ტიპის დავების სხვა დავებისგან განსხავებულად მოწესრიგების წინაპირობებს. მხარეს საერთოდ არ მიუთითებია, თუ რატომ ეფუძნება სადავო ნორმებით გათვალისიწინებული შემთხვევების სხვა შემთხვევისგან გამიჯვნა გონივრულ საფუძვლებს. მოპასუხე ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არის სწორედ სადავო ნორმებით დადგენილი მოთხოვნის ტიპები განსაკუთრებული რისკის შემცველი, და იმ შემთხვევაშიც თუკი ეს ასეა, რატომ მოიაზრება, რომ სწორედ იურიდიული პირები წარადგენენ უფრო მეტ უსაფუძვლო განცხადებას, ვიდრე ფიზიკური პირები.

18. მოპასუხემ ასევე ვერ დაასაბუთა, თუ რატომ მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ერთნაირი ბაჟის ოდენობის დაწესება ნაკლებად ეფექტური იქნება იურიდიული პირების მიერ დაუსაბუთებელი სარჩელების წარდგენის პრევენციისთვის. ზოგადად, გონივრულია არგუმენტი, რომლის თანახმადაც, რაც უფრო მეტი ფინანსური რესურსი აქვს ამა თუ იმ პირს, მის მიმართ სახელმწიფო ბაჟს შეიძლება ნაკლებად ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი დაუსაბუთებელი სარჩელის წარდგენაზე. თუმცა აშკარაა, რომ პირის ფინანსური შესაძლებლობა არ არის დაკავშირებული მის სტატუსთან (ფიზიკურ ან იურიდიულ), ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფიზიკური პირი შეიძლება გაცილებით მეტ ფინანსურს რესურსს ფლობდეს იურიდიულ პირთან შედარებით ან/და პირიქით. ამავე დროს, ფიზიკურმა პირმა იმავე წარმატებით შეიძლება წარადგინოს თვითმიზნური, დაუსაბუთებელი სარჩელები, როგორც იურიდიულმა პირმა, და არც ამ თვალსაზრისით არსებობს ამ ორი პირის დიფერენცირების ხელშესახები საფუძველი.

19. იმისათვის, რომ სადავო ნორმამ რაციონალური დიფერენციაციის ტესტის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, აუცილებელია სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება მიზნის მიღწევის რაციონალურ საშუალებას წარმოადგენდეს. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად, სადავო ნორმით გათვალისწინებულ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის დაწესება, ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, თუმცა მოპასუხემ ვერ დაასაბუთა სადავო ნორმებით დაწესებული დიფერენცირებული მიდგომის საჭიროება. არ არსებობს ლოგიკური, რაციონალური ახსნა სადავო ნორმებით დადგენილ სახელმწიფო სერვისებზე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის განსხვავებული სახელმწიფო ბაჟის დაწესების საჭიროებასთან დაკავშირებით.

20. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რეალური და რაციონალური კავშირი სადავო ნორმის მიზანსა და შერჩეულ საშუალებას შორის ვერ დგინდება და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს“, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს“, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 300 ლარს“ არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.

 

III

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ადგენს:

1. კონსტიტუციური სარჩელი №623 („შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს“, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს“, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 300 ლარს“ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.

2. არაკონსტიტუციური ნორმები ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

3. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს მთავრობას.

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

კოლეგიის წევრები:

თეიმურაზ ტუღუში

ირინე იმერლიშვილი

თამაზ ცაბუტაშვილი