„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 193-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 010320050.05.001.018298
193-რს
22/12/2016
ვებგვერდი, 29/12/2016
010320050.05.001.018298
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010320050.05.001.017935) პირველი მუხლის:

ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი:

„თავი III1

საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესები

მუხლი 131

1. ამ თავით დადგენილი საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესების მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მისი ქცევის მომწესრიგებელი ზოგადი პრინციპების დამკვიდრება.

2. ამ თავით დადგენილი საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესების გარდა, საჯარო მოსამსახურეთა ცალკეული კატეგორიებისათვის ან/და ცალკეული საჯარო დაწესებულებებისათვის შეიძლება დაწესდეს საჯარო მოსამსახურის ქცევის სპეციალური წესები.

3. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი საჯარო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეთათვის საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი და სპეციალური წესების ხელმისაწვდომობა და გაცნობა.

4. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი და სპეციალური წესები.

5. საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია თავისი უშუალო ხელმძღვანელის წინაშე, თუ კანონით ან შესაბამისი საჯარო დაწესებულების დებულებით (რეგლამენტით) ან ამ საჯარო დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 132

1. საჯარო მოსამსახურემ თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესების შესაბამისად.

2. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას ის მოთხოვნები, რომლებიც მას და მის თანამდებობას შეეხება. საჯარო მოსამსახურე თავის სამსახურებრივ მოვალეობას მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად უნდა ასრულებდეს.

3. საჯარო მოსამსახურემ უნდა იმოქმედოს კოლეგიურობის პრინციპის დაცვით, სამსახურებრივი ვალდებულების გათვალისწინებით, სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობისას უნდა დაიცვას ამ კანონით დადგენილი საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესები, განსაკუთრებით იმ მოქალაქესთან ურთიერთობისას, რომელიც მისი მომსახურებით სარგებლობს.

4. საჯარო მოსამსახურემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უნდა დაიცვას ეკონომიურობისა და ეფექტიანობის პრინციპი. საჯარო მოსამსახურემ ბოროტად არ უნდა ისარგებლოს სამსახურებრივი რესურსებით, რათა არ გაიფლანგოს ისინი.

5. თუ საჯარო მოსამსახურე დააპატიმრეს ან დააკავეს, ან მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს.

6. საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის რეპუტაციას, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფო სამსახურის/საჯარო სამსახურის რეპუტაციას.

7. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილება, სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობები, სიმბოლოები და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები გამოიყენოს კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნით და არა რაიმე უპირატესობის მოსაპოვებლად.

8. საჯარო მოსამსახურემ გადაწყვეტილების მიღებისას გამჭვირვალობისა და კანონიერების პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს. დაუშვებელია საქართველოს კანონმდებლობის ან სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო განკარგულების ან/და დავალების გაცემა.

მუხლი 133

1. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და შეუფერხებლად გაცემის მექანიზმის ნორმალური ფუნქციონირება.

2. დაუშვებელია საჯარო მოსამსახურემ მიზანმიმართულად გაავრცელოს საეჭვო, გადაუმოწმებელი ან/და მცდარი ინფორმაცია.

3. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია საჯარო ინფორმაცია გასცეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და იმ საჯარო დაწესებულებისათვის დადგენილი ნორმებისა და სხვა მოთხოვნების დაცვით, სადაც ის მუშაობს.

4. თუ საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივ უფლებამოსილებას განეკუთვნება ინფორმაციის საჯაროობის შეზღუდვა, მან ზუსტად უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმებით. აუცილებლობის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურემ დაუყოვნებლივ უნდა აღძრას ამ ინფორმაციის საჯაროობის შეზღუდვის საკითხი კანონით დადგენილი წესით.

5. საჯარო მოსამსახურემ უნდა მიიღოს საჭირო ზომები სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, საჯარო მოსამსახურის რეპუტაციასთან დაკავშირებული, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მოპოვებული, პერსონალური მონაცემების შემცველი და სხვა ინფორმაციის (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით) კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად. ეს მოთხოვნა საჯარო მოსამსახურეზე მისი სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგაც ვრცელდება.

მუხლი 134

1. საჯარო მოსამსახურეს არა აქვს იმ სარგებლის შეთავაზების ან მიღების უფლება, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო სამსახურში ან/და საჯარო სამსახურში მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია:

ა) ყურადღება გაამახვილოს ნებისმიერ არსებულ თუ შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობაზე;

ბ) მიიღოს ზომები ინტერესთა შეუთავსებლობის ნებისმიერი შემთხვევის დაუშვებლობისათვის;

გ) განაცხადოს ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნამდე/არჩევამდე ან დანიშვნის/არჩევის შემდეგ, როგორც კი მისთვის ცნობილი გახდება ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტი.

3. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნიდან/არჩევიდან 1 თვის ვადაში, ხოლო შემდგომ – ყოველი მომდევნო კალენდარული წლის 1 თებერვლამდე, საჯაროდ განაცხადოს მასთან დაკავშირებული იმ პირის შესახებ, რომელიც მუშაობს იმავე საჯარო დაწესებულებაში, სადაც საქმიანობს საჯარო მოსამსახურე. საჯარო მოსამსახურის სათანადო წერილობითი განცხადება, რომელშიც მითითებულია მასთან დაკავშირებული პირის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და მათი კავშირის ამსახველი ინფორმაცია, წარედგინება და აღირიცხება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულში.

4. ამ თავის მიზნებისათვის „საჯარო მოსამსახურესთან დაკავშირებულ პირში“ იგულისხმება ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირები,  აგრეთვე სხვა პირი, რომლებთანაც საჯარო მოსამსახურეს აქვს ერთიანი საოჯახო მეურნეობა (შინამეურნეობა), ანუ ისეთი განსაკუთრებული ურთიერთობა, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

მუხლი 135

1. საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან მომსახურების მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე.

  2. თუ გაურკვეველია, აქვს თუ არა საჯარო მოსამსახურეს შეთავაზებული საჩუქრის ან ნებისმიერი სარგებლის მიღების უფლება ან/და მომსახურებით სარგებლობის უფლება, იგი ვალდებულია ამის შესახებ განაცხადოს.

3. საჯარო მოსამსახურისათვის ამ კანონით აკრძალული სარგებლის შეთავაზების შემთხვევაში იგი ვალდებულია:

ა) არ მიიღოს ასეთი სარგებელი, ხოლო შეთავაზების შესახებ 3 სამუშაო დღის ვადაში წერილობით შეატყობინოს თავის უშუალო ხელმძღვანელს და ბიუროს;

ბ) შეეცადოს იმ პირის იდენტიფიცირებას, რომელმაც ასეთი წინადადება შესთავაზა;

გ) შეზღუდოს იმ პირთან კონტაქტი, რომელმაც ასეთი წინადადება შესთავაზა, და შეეცადოს მისი შეთავაზების საფუძვლის დადგენას;

დ) თუ საჩუქარზე უარის თქმა ან მისი დაბრუნება შეუძლებელია, საჩუქარი 3 სამუშაო დღის ვადაში გადასცეს შესაბამის სახელმწიფო სამსახურს – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.

4. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ ნებისმიერი დანაშაულებრივი ან სხვა უკანონო ქმედების ჩადენის შესახებ მტკიცებულების ან საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში შეტყობინებით ამხილოს იგი ამ კანონით დადგენილი წესით.

5. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.“;

ბ) მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მე-2–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თანამდებობის პირი ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად, წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამისი თვის განმავლობაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. 

3. პირი ვალდებულია თანამდებობიდან განთავისუფლებიდან 2 თვის ვადაში, თუ მას თანამდებობიდან განთავისუფლების კალენდარული წლის განმავლობაში წარდგენილი არ ჰქონდა დეკლარაცია, ასევე თანამდებობიდან განთავისუფლებიდან 1 წლის შემდეგ, წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამისი, იმავე თვის განმავლობაში, თუ იგი სხვა თანამდებობაზე არ განწესდება, შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

4. პირი, რომელსაც იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში დროებით დაკისრებული აქვს თანამდებობის პირის ფუნქციების შესრულება კონკრეტული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 2 თვისა, თავისუფლდება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.“;“;

გ) მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა 4 000 ლარს აღემატება, – ფულადი თანხის მესაკუთრის ვინაობა, ფულადი თანხის წყარო და ფულადი თანხის ოდენობა შესაბამის ვალუტაში;

ი) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობაში პირის, მისი ოჯახის წევრის პირდაპირი მონაწილეობა და არაპირდაპირი მონაწილეობა. საწარმოს საქმიანობაში პირდაპირი მონაწილეობისას: საწარმოს საქმიანობაში მონაწილე პირი, მონაწილეობის ფორმა, პარტნიორების სახელები და გვარები (იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული საფირმო სახელწოდება და იურიდიული მისამართი), საწარმოს სრული საფირმო სახელწოდება და იურიდიული მისამართი, მარეგისტრირებელი ორგანო და რეგისტრაციის თარიღი, წილის პროცენტული ოდენობა, საწარმოს კაპიტალის ოდენობა, მონაწილეობის პერიოდი და საანგარიშო წლის განმავლობაში საწარმოდან მიღებული შემოსავლის ოდენობა. საწარმოს საქმიანობაში არაპირდაპირი მონაწილეობისას: სხვა საწარმოს სრული საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახეობა, პარტნიორების სახელები და გვარები (იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული საფირმო სახელწოდება და იურიდიული მისამართი), სხვა საწარმოს კაპიტალში საწარმოს წილის პროცენტული ოდენობა;“.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

22 დეკემბერი 2016 წ.

N193-რს