არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ

არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 567
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.019634
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
567
23/12/2016
ვებგვერდი, 26/12/2016
240110000.10.003.019634
არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/12/2016 - 11/09/2017)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №567

2016 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 23-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და  75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული:

1. არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესი (დანართი №1).

2. არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების ნუსხა (დანართი №2).

3. აფლატოქსინით დაბინძურების (კონტამინაციის) რისკის შემცველი არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების ნუსხა (დანართი №3).

4. საერთო შესვლის დოკუმენტი (დანართი №4).

5. საერთო შესვლის დოკუმენტის შევსების წესი (დანართი №5).

6. ჯანმრთელობის სერტიფიკატი საქართველოში იმპორტისათვის (დანართი №6).

მუხლი 2
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა უზრუნველყოს არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების ჩამონათვალის განსაზღვრა 2017 წლის 1 დეკემბრამდე.
მუხლი 3
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა უზრუნველყოს სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების შესაბამისობაში მოყვანა ამ დადგენილების  მოთხოვნებთან, მისი ამოქმედებიდან 10 წლის განმავლობაში. 
მუხლი 4
1. დადგენილება, გარდა მე-2 და მე-3 მუხლებისა, ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

2. დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



დანართი
არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესი

მუხლი 1. ტერმინთა განმარტებები

 1. არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესში (შემდგომში – წესი) გამოყენებულ ტერ­მი­ნებს, ამავე წესის მიზნებისთვის, აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

 ა) შემოსავლების სამსახური – სა­ქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იუ­რი­დიული პირი – შემოსავლების სამსახური;

 ბ) სააგენტო – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სა­ჯა­რო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სა­აგენტო;

 გ) სურსათი/ცხოველის საკვები – არაცხოველური წარმოშობის სურსათი/ცხოველის საკვები;

 დ) შედგენილი პროდუქტი – სურსათი/ცხოველის საკვები, რომელიც შეიცავს როგორც ცხოველური წარმოშობის გადამუშავებულ პროდუქტს, ასევე მცენარეულ პროდუქტს;

 ე) საერთო შესვლის დოკუმენტი – ამ დადგენილების №4 დანართით განსაზღვრული დოკუმენტი, რომელსაც ავსებენ სურსათის/ცხოველის საკვების მფლობელი ან მისი წარმომადგენელი და შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი, ამ დადგენილების №5 დანართით განსაზღვრული წესის შესაბამისად;

 ვ) სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი (სიპ) – ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლი;

 ზ) ტვირთი – სურსათის/ცხოველის საკვების განსაზღვრული რაოდენობა, რომელიც გადაადგილდება საერთო დოკუმენტებით, გადაიზიდება ერთი სახის სატრანსპორტო საშუალებებით და გამოგზავნილია ერთსა და იმავე ქვეყნიდან ან რეგიონიდან. ტვირთი შეიძლება შედგებოდეს ერთი ან ერთზე მეტი პარტიისაგან;

 თ) პარტია – ერთი სახეობისა და დასახელების სურსათის/ცხოველის საკვების იდენტიფიცირებადი რაოდენობა, გამოშვებული ერთისა და იმავე მწარმოებლის მიერ, ერთისა და იმავე ცვლის დროს და გაფორმებული ერთნაირი ეტიკეტით;

 ი) დოკუმენტური შემოწმება – ტვირთის თანმხლები დოკუმენტების შემოწმება საქართველოში იმპორტისთვის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;

 კ) იდენტურობის შემოწმება – ტვირთის ვიზუალური დათვალიერება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ტვირთის თანმხლები დოკუმენტების შესაბამისობა ტვირთის ეტიკეტსა და შიგთავსთან;

 ლ) ფიზიკური შემოწმება – ტვირთის დათვალიერება, რაც შეიძლება ასევე მოიცავდეს სატრანსპორტო საშუალების, შეფუთვის, ეტიკეტის და ტემპერატურული რეჟიმის შემოწმებას, ნიმუშის აღებას ანალიზისათვის, ლაბორატორიულ და სხვა აუცილებელ შემოწმებას.

 2. ამ წესში გამოყენებული ტერმინები, რომლებიც არ არის განმარტებული ამ მუხლის პირველი პუნქტით, გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსსა და საქართველოს საგადასახადო კოდექსში.

 

 მუხლი 2. ზოგადი დებულებები

 1. ამ წესის მიზანია იმპორტისათვის განკუთვნილი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად სათანადო პირობებისა და სავალდებულო პროცედურების განსაზღვრა.

 2. ეს წესი ვრცელდება:

 ა) ამ დადგენილების №2 დანართით განსაზღვრული ნუსხით გათვალისწინებულ სურსათზე/ცხოველის საკვებზე;

 ბ) ამ დადგენილების №3 დანართით განსაზღვრული ნუსხით გათვალისწინებულ აფლატოქსინით დაბინძურების (კონტამინაციის) რისკის შემცველ სურსათზე/ცხოველის საკვებზე;

 გ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, სურსათის/ცხოველის საკვების კონკრეტულ სახეობებზე, რომლებიც განისაზღვრება სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით;

 დ) შედგენილ პროდუქტზე, რომელიც შეიცავს ამ დადგენილების №3 დანართით გათვალისწინებულ სურსათს/ცხოველის საკვებს 20%-ზე მეტი ოდენობით.

 3. ამ დადგენილების №2 დანართით განსაზღვრული ნუსხა ექვემდებარება გადახედვას და, საჭიროებისამებრ, განახლებას 6 თვეში ერთხელ.

 4. ეს წესი არ ვრცელდება:

 ა) სურსათზე/ცხოველის საკვებზე, რომელთა ბრუტო წონა არ აღემატება 20 კილოგრამს;

 ბ) ფიზიკური პირის მიერ პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილ სურსათზე/ცხოველის საკვებზე.

 5. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლს ახორციელებს შემოსავლების სამსახური.

 

მუხლი 3. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი

 1. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

 2. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) ჰყავდეს თანამშრომელთა შესაბამისი რაოდენობა, რომელთაც შეუძლიათ განახორციელონ ტვირთის შემოწმება;

ბ) ჰქონდეს:

ბ.ა) შესაბამისი ფართი კონტროლის პროცედურების ჩასატარებლად;

ბ.ბ) სათავსები, სადაც ლაბორატორიული ანალიზის პასუხის მიღებამდე სათანადო პირობებში მოხდება ტვირთის შენახვა;

ბ.გ) შესაბამისი დაცული ტერიტორია, აღჭურვილობა და საშუალებები ტვირთის გადმოსატვირთად, ნიმუშების ასაღებად და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გასაგზავნად;

გ) გააჩნდეს დეტალური ინსტრუქცია ტვირთიდან ნიმუშის აღებისა და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გაგზავნის შესახებ.

3. თუ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს არ აქვს შესაბამისი ტვირთის იდენტურობის და ფიზიკური შემოწმების ჩასატარებლად აუცილებელი შენობა/აღჭურვილობა, ასეთი შემოწმებისათვის ტვირთი შეიძლება გაიგზავნოს სხვა სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში.

4. როდესაც სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობის გამო მის ტერიტორიაზე სურსათის/ცხოველის საკვების იდენტურობის და ფიზიკური შემოწმება შეუძლებელია, ნებადართულია ასეთი შემოწმებისათვის ტვირთის გაგზავნა სხვა სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში, ხოლო მალფუჭებადი სურსათის/ცხოველის საკვების – ასევე ტვირთის მფლობელის ტერიტორიაზე, შემდეგი მინიმალური მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში:

ა) არ გაუარესდება ჩატარებული კონტროლის ეფექტიანობა;

ბ) ადგილი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

გ) ტვირთი დარჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს ექნება მისი კონტროლის საშუალება, არ მოხდება ტვირთის გახსნა ან სასაქონლო სახის რაიმე ფორმით შეცვლა.

 

მუხლი 4. საერთო შესვლის დოკუმენტი

 1. ტვირთი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შეიძლება შემოტანილ იქნეს მხოლოდ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის გავლით.

 2. ტვირთის მფლობელი ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია, ტვირთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის სავარაუდო თარიღისა და დროის, ასევე ტვირთის სახეობის შესახებ წინასწარი შეტყობინება წარუდგინოს სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს.

 3. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს წინასწარი შეტყობინება წარედგინება „საერთო შესვლის დოკუმენტის“ ფორმით (დანართი №5).

 4. „საერთო შესვლის დოკუმენტი“ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს წარედგინება შემდეგ ვადებში:

 ა) სახმელეთო გზით შემოტანისას – შემოტანამდე 24 საათით ადრე;

 ბ) საზღვაო გზით შემოტანისას – სატვირთო ოპერაციების დაწყებამდე 24 საათით ადრე;

 გ) საჰაერო გზით შემოტანისას – საჰაერო ხომალდის საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში დაფრენამდე 2 საათით ადრე.

 5. „საერთო შესვლის დოკუმენტი“ წარედგინება ელექტრონული ფორმით.

 6. ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტვირთის შემდგომი ტრანსპორტირებისას, მას თან უნდა ახლდეს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული „საერთო შესვლის დოკუმენტი“.

 

მუხლი 5. კონტროლის პროცედურები

 1. ტვირთის შემოწმება იწყება სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში „საერთო შესვლის დოკუმენტის“ წარდგენის შემდეგ.

2. შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ახორციელებს:

ა) ტვირთის დოკუმენტურ შემოწმებას;

ბ) ტვირთის იდენტურობისა და ფიზიკურ შემოწმებას, მათ შორის, ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშების აღებას.

3. დოკუმენტური შემოწმების მიზნით, სა­სა­ზღვრო ინსპექციის პუნქტს წარედგინება ტვირთის სატრანსპორტო დოკუმენტი, ანგარიშფაქტურა (ინვოისი), საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. აფლატოქსინით დაბინძურების (კონტამინაციის) რისკის შემცველი არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების (დადგენილების დანართი №3) შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე დამატებით წარედგინება: ჯანმრთელობის სერტიფიკატი საქართველოში იმპორტისათვის (დანართი №6) და ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ლაბორატორიული კვლევის ოქმი.

5. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სურსათის/ცხოველის საკვების იდენტურობისა და ფიზიკური შემოწმება, ლაბორატორიული ანალიზისთვის ნიმუშების აღების ჩათვლით, ხორციელდება შესაბამისი ნუსხით დამტკიცებული სიხშირის მიხედვით, ელექტრონული პროგრამის საშუალებით.

6. სურსათის/ცხოველის საკვების იდენტურობისა და ფიზიკური შემოწმება უნდა ხორციელდებოდეს ისე, რომ ტვირთის მფლობელის ან მისი წარმომადგენლისათვის შეუძლებელი იყოს იმის წინასწარ განსაზღვრა, თუ რომელი კონკრეტული ტვირთი დაექვემდებარება შემოწმებას.

7. ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იდენტურობის და ფიზიკური შემოწმების ჩასატარებლად ტვირთის გაგზავნა სხვა სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში ან ტვირთის მფლობელის ტერიტორიაზე ხორციელდება მხოლოდ დოკუმენტური შემოწმების დასრულებისა და „საერთო შესვლის დოკუმენტის“ II ნაწილის შესაბამისი გრაფების შევსების შემდეგ, თუ შემოწმების შედეგები დამაკმაყოფილებელია. ამასთან:

ა) თანმხლები დოკუმენტები და საერთო შესვლის დოკუმენტის ასლი თან უნდა ახლდეს ტვირთს გადაადგილების დროს;

ბ) ტვირთის გაგზავნის შესახებ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ აცნობებს მეორე სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილ პირს.

 8. ლაბორატორიული ანალიზისათვის სურსათის/ცხოველის საკვების ნიმუშის აღება ხორციელდება საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესით.

 9. ტვირთის მფლობელი ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირის მითითებით უზრუნველყოს ტვირთის/მისი ნაწილის ჩამოტვირთვა, რომელიც ნიმუშების ასაღებად არის საჭირო, ხოლო სპეციალური ტრანსპორტის ან/და სპეციფიკური შესაფუთი მასალების შემთხვევაში, უფლებამოსილ პირს წარუდგინოს ნიმუშის ასაღებად საჭირო მოწყობილობა, თუ ნიმუშის აღება შეუძლებელია ჩვეულებრივი მოწყობილობით.

10. ფიზიკური შემოწმების (ლაბორატორიული ანალიზის) შედეგების მიღებამდე სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება გაფორმების ადგილამდე ტვირთის შემდგომი გადაადგილების შესახებ იმ პირობით, რომ არ უნდა მოხდეს ტვირთის მთლიანობის დარღვევა და სასაქონლო სახის შეცვლა ფიზიკური შემოწმების შედეგების მიღებამდე.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ გაიცემა „საერთო შესვლის დოკუმენტის“ დამოწმებული ასლი და ინფორმაცია მიეწოდება გაფორმების ორგანოს.

 

მუხლი 6. ჯანმრთელობის სერტიფიკატი საქართველოში იმპორტისათვის

1. აფლატოქსინით დაბინძურების (კონტამინაციის) რისკის შემცველი არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების (დანართი №3) შემთხვევაში, ტვირთს თან უნდა ახლდეს ჯანმრთელობის სერტიფიკატი საქართველოში იმპორტისათვის (დანართი №6), რომელიც შევსებული და დამოწმებულია ტვირთის წარმოშობის ან გამომგზავნი ქვეყნის კომპეტენტური უწყების მიერ.

2. ჯანმრთელობის სერტიფიკატი შევსებული უნდა იქნეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

3. ჯანმრთელობის სერტიფიკატი მოქმედია გაცემიდან 4 თვის განმავლობაში.

 

მუხლი 7. ტვირთის კოდი

1. აფლატოქსინით დაბინძურების (კონტამინაციის) რისკის შემცველი სურსათის/ცხოველის საკვების შემთხვევაში, ტვირთში შემავალ თითოეულ ტომარაზე ან სხვა სახის შეფუთვაზე დატანილი უნდა იყოს ტვირთის კოდი, რომელიც ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიეთითება ამ დადგენილების №6 დანართით გათვალისწინებულ ჯანმრთელობის სერტიფიკატსა და ლაბორატორიული კვლევის ოქმში.

2. თუ ტვირთის ერთ შეფუთვაში მოქცეულია რამდენიმე უფრო პატარა შეფუთვა/ერთეული, საკმარისია ტვირთის კოდის მითითება საერთო შეფუთვაზე, რომელიც ამ პატარა შეფუთვებს/ერთეულებს აერთიანებს.

 

მუხლი 8. კონტროლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები

1. ამ წესის შესაბამისად, სასაზღვრო კონტროლს დაქვემდებარებული სურსათის/ცხოველის საკვების იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ამ წესით გათვალისწინებული შემოწმების შედეგები დამაკმაყოფილებელია და წარდგენილია სათანადო წესით შევსებული და დამოწმებული „საერთო შესვლის დოკუმენტი“.

2. ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ აისახება „საერთო შესვლის დოკუმენტის“ II და III ნაწილებში.

3. თუ კონტროლის დროს დადგინდა, რომ ადგილი აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების შეუსრულებლობას ან/და ტვირთი არ აკმაყოფილებს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ტვირთის/მისი ნაწილის უკან დაბრუნების შესახებ;

ბ) ტვირთის/მისი ნაწილის განადგურების ან გადამუშავების შესახებ;

გ) ტვირთის/მისი ნაწილის სხვა მიზნით გამოყენების შესახებ. 

 

მუხლი 9. ტვირთის უკან დაბრუნება

1. გადაწყვეტილება ტვირთის უკან დაბრუნების შესახებ მიიღება ტვირთის მფლობელთან შეთანხმებით, თუ:

ა) ტვირთის მფლობელი დანიშნულების ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს აცნობებს იმ მიზეზებისა და გარემოებების არსებობის შესახებ, რომლებიც ხელს უშლის შესაბამისი სურსათის/ცხოველის საკვების განთავსებას საქართველოს ბაზარზე;

ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც ტვირთის დანიშნულების ქვეყანა არ არის მისი წარმოშობის/გამომგზავნი ქვეყანა, ტვირთის მფლობელი წარადგენს დანიშნულების ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს თანხმობას ასეთი ტვირთის მიღებაზე.

2. ტვირთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, როგორც წესი, უნდა განხორციელდეს ტვირთის უკან დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გაგრძელება შესაძლებელია შესაბამისი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში (დავის პერიოდით) ან დამატებითი ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების მოთხოვნისას (ასეთი გამოკვლევის ვადით).

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ, თუ ტვირთი არ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი, ის ექვემდებარება განადგურებას.

 

მუხლი 10. ტვირთის განადგურება ან გადამუშავება

1. გადაწყვეტილება ტვირთის განადგურების ან გადამუშავების შესახებ მიიღება ტვირთის მფლობელთან შეთანხმებით ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

2. ტვირთის განადგურება ან გადამუშავება ხორციელდება საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის გადამუშავებისათვის, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ტვირთის გადამუშავება შეიძლება მოიცავდეს:

ა) ისეთ გადამუშავებას, რომლის შედეგად მიღებული სურსათი/ცხოველის საკვები დააკმაყოფილებს საქართველოს ან სხვა ქვეყნის (სადაც გაიგზავნება გადამუშავებული საქონელი) კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სანიტარიული დამუშავების ჩათვლით, მაგრამ პროდუქციის გათხევადების გარეშე;

ბ) გადამუშავებას ნებისმიერი სხვა დანიშნულებით გამოსაყენებლად, ცხოველებისა და ადამიანების საკვებად გამოყენების გარდა.

 

მუხლი 11. ტვირთის სხვა მიზნით გამოყენება

გადაწყვეტილება ტვირთის სხვა მიზნით გამოყენების შესახებ მიიღება ტვირთის მფლობელთან შეთანხმებით, თუ ასეთი გამოყენება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

მუხლი 12. ტვირთის დაშლა/დანაწილება

1. ტვირთის დაშლა/დანაწილება შესაძლებელია მხოლოდ კონტროლის პროცედურების დასრულებისა და შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ „საერთო შესვლის დოკუმენტის“ შევსების შემდეგ.

2. ტვირთის დაშლის/დანაწილების შემთხვევაში, მის ყოველ ნაწილს იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევამდე თან უნდა ახლდეს „საერთო შესვლის დოკუმენტის“ დამოწმებული ასლი.

 

 მუხლი 13. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლობა სააგენტოსთან

1. შემოსავლების სამსახური და სააგენტო მონაცემთა გადაცემის ელექტრონული ან/და სხვა საშუალებით რე­გუ­ლარულად, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, ცვლიან ინფორმაციას:

ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნათა დაცვის სფეროში არსებული რისკებისა და მისაღები ზომების შესახებ;

ბ) კონ­ტრო­ლის განხორციელებისათვის საჭირო სხვა მონაცემების თაობაზე.

2. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის შედეგად თითოეული ტვირთის შესახებ „საერთო შესვლის დოკუმენტში“ ასახული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის მიერ ელექტრონულად მიეწოდება სააგენტოს.

3. ისეთი გარემოებების გამოვლენისას, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელი ღო­ნისძიებების გატარებას, შემოსავლების სამსახური ინფორმაციას შესაბამისი რეაგირები­სა­თვის დაუყოვნებლივ აწვდის სააგენტოს, რომელიც, თა­ვის მხრივ, განხორციელებული/ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ აც­ნ­ო­ბ­ებს შემოსავლების სამსახურს.


11. 13/04/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 153 - ვებგვერდი, 18/04/2023 10. 24/10/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 499 - ვებგვერდი, 25/10/2022 9. 24/12/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 794 - ვებგვერდი, 28/12/2020 8. 27/11/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 710 - ვებგვერდი, 30/11/2020 7. 04/09/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 434 - ვებგვერდი, 06/09/2019 6. 26/11/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 562 - ვებგვერდი, 27/11/2018 5. 01/06/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 307 - ვებგვერდი, 06/06/2018 4. 11/05/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 213 - ვებგვერდი, 14/05/2018 3. 27/03/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 146 - ვებგვერდი, 29/03/2018 2. 22/11/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 502 - ვებგვერდი, 28/11/2017 1. 11/09/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 425 - ვებგვერდი, 12/09/2017