სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 65-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 10/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 010190060.09.001.016369
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
65-Iს
15/12/2016
ვებგვერდი, 15/12/2016
010190060.09.001.016369
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/12/2016 - 04/05/2017)

 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. შეიქმნას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადების მიზნით.

2. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

3. დამტკიცდეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულება (თან ერთვის).

4. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების შესაბამისად დაამტკიცოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა.

5. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მოამზადოს 2017 წლის 30 აპრილამდე.

6. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტის აპარატმა.

7. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 4 ოქტომბრის №1479-Iს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 08.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 010190060.09.001.016175); 

ბ) „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 27 დეკემბრის №1916-რს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010190060.09.001.016194);

გ) „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 27 დეკემბრის №1917-რს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010190060.09.001.016193). 

8. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეირაკლი კობახიძე

 

ქუთაისი,

15 დეკემბერი 2016 წ.

N65-Iს





სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის

დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის (შემდგომ − კომისია) მიზანს, შემადგენლობას, უფლებამოსილებას, სტრუქტურას და საქმიანობის წესს.

2. კომისია მოქმედებს კოლეგიურობის, კომისიის საქმიანობის გამჭვირვალობის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადებასა და განხილვაში საზოგადოების ფართო წრეების ჩართვის პრინციპების დაცვით.

მუხლი 2. კომისიის მიზანი

კომისიის მიზანია საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადება, რომლის მიღება უზრუნველყოფს კონსტიტუციის კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან სრულ შესაბამისობას და ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების ინტერესის შესაბამისი კონსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბებას.

მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა

1. კომისიის შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

2. კომისიის შემადგენლობაში შედიან:

ა) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;

ბ) საპარლამენტო უმრავლესობის, საპარლამენტო უმცირესობის და იმ ფრაქციის წევრები, რომელიც არ არის გაერთიანებული საპარლამენტო უმრავლესობაში ან საპარლამენტო უმცირესობაში, აგრეთვე დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი;

გ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე იმ პარტიებისა და იმ ბლოკების პირველი ნომერი პარტიების თითო წარმომადგენელი, რომელთაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი, მაგრამ მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 3% მაინც;

დ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი;

ე) საქართველოს იუსტიციის მინისტრი და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;

ვ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;

ზ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;

თ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები;

ი) საქართველოს სახალხო დამცველი;

კ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;

ლ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი;

მ) ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი;

ნ) ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

3. საპარლამენტო უმრავლესობას, საპარლამენტო უმცირესობას და იმ ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული საპარლამენტო უმრავლესობაში ან საპარლამენტო უმცირესობაში, პარლამენტში მიღებული მანდატების რაოდენობის პროპორციის გათვალისწინებით კომისიაში განესაზღვრება შემდეგი კვოტები:

ა) საპარლამენტო უმრავლესობა – 23 წევრი;

ბ) საპარლამენტო უმცირესობა – 8 წევრი;

გ) ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ – 2 წევრი.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სუბიექტები განსაზღვრული კვოტების შესაბამისად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგენენ კომისიის წევრობის კანდიდატებს ამ დებულების ამოქმედებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სუბიექტებს უფლება აქვთ, შეცვალონ მათ მიერ წარდგენილი კომისიის წევრები, რის თაობაზედაც წერილობით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

მუხლი 4. კომისიის უფლებამოსილება

კომისია უფლებამოსილია:

ა) მოამზადოს საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისაგან გამოითხოვოს და სხვა ორგანიზაციებს დაუკვეთოს კომისიის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია, მასალები და დოკუმენტები;

გ) საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის ცალკეული ნაწილების მომზადებისა და ექსპერტიზისათვის მოიწვიოს სპეციალისტები, მათ შორის, საერთაშორისო კონსულტანტები;

დ) კომისიის ან მისი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მოიწვიოს სახელმწიფო თანამდებობის პირები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები;

ე) განსახილველ საკითხებზე გამართოს კონფერენციები, სემინარები და სხვა ღონისძიებები.

მუხლი 5. კომისიის სტრუქტურა

1. კომისიის თანამდებობის პირები არიან კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

2. კომისიის სტრუქტურული ერთეულებია კომისიის სამუშაო ჯგუფები.

მუხლი 6. კომისიის თავმჯდომარე

1. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის თავმჯდომარე:

ა) წარმოადგენს კომისიას სხვა პირებთან ურთიერთობაში;

ბ) იწვევს და უძღვება კომისიისა და მისი სამუშაო ჯგუფების სხდომებს, საჭიროების შემთხვევაში კომისიის მდივანს ავალებს კომისიის სამუშაო ჯგუფების სხდომების მოწვევასა და გაძღოლას;

გ) ხელს აწერს კომისიის სხდომების ოქმებს და კომისიის სხვა დოკუმენტებს;

დ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის სამუშაო ტექსტებისა და საბოლოო ტექსტის მომზადებას;

ე) ასრულებს ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 7. კომისიის მდივანი

1. კომისიის მდივანს კომისიის წევრთაგან ბრძანებით ნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

2. კომისიის მდივანი:

ა) ამზადებს კომისიისა და მისი სამუშაო ჯგუფების სხდომებს, უზრუნველყოფს ამ სხდომების ოქმების წარმოებას;

ბ) განაგებს კომისიის საქმისწარმოებას;

გ) კომისიის თავმჯდომარის დავალებით იწვევს და უძღვება კომისიის სამუშაო ჯგუფების სხდომებს;

დ) ასრულებს კომისიის თავმჯდომარის სხვა დავალებებს.

მუხლი 8. კომისიის სამუშაო ჯგუფი

1. კომისიის წევრთაგან იქმნება კომისიის სამუშაო ჯგუფები.

2. კომისიის წევრი თავისი სურვილით ხდება კომისიის ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის წევრი. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია კომისიის წევრი მისი მიმართვის საფუძველზე გააწევროს ერთზე მეტ სამუშაო ჯგუფში.

3. კომისიის სამუშაო ჯგუფებია:

ა) ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა;

ბ) საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა;

გ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა;

დ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა.

მუხლი 9. კომისიის საქმიანობის წესი

1. კომისიის საქმიანობის ძირითადი ფორმებია კომისიის სხდომა და კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომა.

2. კომისიის სხდომას და მისი სამუშაო ჯგუფის სხდომას კომისიის თავმჯდომარე იწვევს საჭიროებისამებრ.

3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. კომისია საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის ცალკეული დებულებების და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საბოლოო ტექსტის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

4. კომისიის საქმიანობის გამჭვირვალობის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადებასა და განხილვაში საზოგადოების ფართო წრეების ჩართვის უზრუნველსაყოფად კომისია იყენებს საქართველოს პარლამენტის ვებგვერდს, რომელზედაც განთავსდება ინფორმაცია კომისიისა და მისი სამუშაო ჯგუფების სხდომების შესახებ, ამ სხდომების დღის წესრიგი და ოქმები, მომზადებული პროექტები, სპეციალისტთა ანალიტიკური წერილები და წინადადებები, კანონპროექტის საჯარო განხილვების შედეგები.

5. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმს ხელს აწერს ამ სამუშაო ჯგუფის სხდომის თავმჯდომარე.

მუხლი 10. კომისიის საქმიანობის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

1. კომისიის საქმიანობისთვის საჭირო ფინანსური სახსრები გამოიყოფა საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან.

2. კომისიას სამუშაო პირობებით უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის აპარატი.

მუხლი 11. გარდამავალი დებულება

კომისიის პირველ სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე ამ დებულების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 15 დღისა.