ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ

ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 548
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 08/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019619
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
548
13/12/2016
ვებგვერდი, 15/12/2016
300160070.10.003.019619
ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/12/2016 - 01/06/2018)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №548

2016 წლის 13 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამტკიცდეს თანდართული ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესი.
მუხლი 2
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 2022 წლის 1  იანვრამდე, ამ წესის შესაბამისად,  განახორციელოს ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და მისი სადგომის რეგისტრაცია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 3
დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის და    მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა,  ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 4
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი, მე-11 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი და მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1  იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის

რეგისტრაციის წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

 1. ეს წესი ადგენს ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის და მისი სადგომის რეგისტრაციის, სადგომის წიგნაკის, მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოების წესს, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პირობებს და შემზღუდავ ღონისძიებებს.

 2. ეს წესი არ ვრცელდება იმ ფიზიკურ პირზე, რომელსაც ჰყავს ერთი ღორი საკუთარი გამოყენებისა და მოხმარებისთვის, ვიდრე არ დაექვემდებარება გადაადგილებას.

 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

 

მუხლი 2. ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის და მისი სადგომის რეგისტრაციის მიზანი

 ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის და მისი სადგომის რეგისტრაციის მიზანია:

 ა) ღორის და მისი სადგომის შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა და აღრიცხვიანობის რეგულირება;

 ბ) ღორის და მისი სადგომის შესახებ სრული ინფორმაციის ფლობა და მიკვლევადობა;

 გ) ღორის ჯანმრთელობის დაცვა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვა და ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა;

 დ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და მომხმარებლისათვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდება ღორისგან მიღებული პროდუქტების წარმოშობისა და უვნებლობის შესახებ;

 ე) ქვეყნის შიგნით ღორის გადაადგილებასა და ექსპორტ-იმპორტზე ვეტერინარული კონტროლის განხორციელება;

 ვ) სანაშენე საქმიანობის გაუმჯობესება-სრულყოფა.

 

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

 1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

 ა) ღორი – Suidae-ს ოჯახის ნებისმიერი ღორი, გარდა „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებით დამტკიცებული №6 დანართის – „ღორის კლასიკურ ჭირთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის“ მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარეული ღორისა;

 ბ) სადგომი (საღორე) – ნებისმიერი შენობა-ნაგებობა, კონსტრუქცია ან ღია ცის ქვეშ შემოღობილი ტერიტორია, სადაც ინახავენ ღორს;

 გ) მფლობელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს და პასუხისმგებელია ღორზე, მუდმივად ან დროებით;

 დ) ნიშანდება – ღორის მარცხენა ყურზე საყურე ნიშნის მიმაგრება ან სვირინგის გაკეთება მარჯვენა ყურზე ან სხვა თვალსაჩინო ადგილზე;

ე) გადაადგილება – ღორ(ებ)ის ნებისმიერი გადაადგილება, გარდა სადგომის მომიჯნავე ტერიტორიაზე გადაადგილებისა.

 2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.

 

მუხლი 4. იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელემენტები

 ღორის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის ელემენტებია:

 ა) ნიშანდება, ამ წესით დადგენილი შემთხვევების შესაბამისად;

 ბ) სადგომის რეგისტრაცია და სადგომის წიგნაკი;

 გ) გადაადგილების დოკუმენტი;

 დ) მონაცემთა ელექტრონული ბაზა.

 

 მუხლი 5. საყურე ნიშანი/სვირინგი

 1. მფლობელი ღორის იდენტიფიკაციისათვის მიმართავს სააგენტოს განაცხადით – „განაცხადი ღორის იდენტიფიკაციაზე“. განაცხადის ფორმას ადგენს სააგენტო.

 2. ღორის ნიშანდება უნდა მოხდეს საყურე ნიშნით ან სვირინგით, ვიდრე ღორი დატოვებს სადგომს. 

 3. საყურე ნიშანზე/სვირინგზე, რომელიც უკეთდება საჯიშე ღორებს, საჯიშედ შერჩეულ სარემონტო მოზარდს და ყველა ღორს, გარდა პირდაპირ სასაკლაოზე გადასაადგილებელი ღორებისა, დატანილ უნდა იქნეს საიდენტიფიკაციო ნომერი.

 4. საყურე ნიშნის დაკარგვის ან საყურე ნიშანზე/სვირინგზე დატანილი ინფორმაციის დაზიანების შედეგად დატანილი ინფორმაციის წაკითხვის შეუძლებლობის შემთხვევაში, სავალდებულოა მისი ახალი საყურე ნიშნით/სვირინგით შეცვლა იმ პირობით, რომ არ დაირღვეს მიკვლევადობა.

 5. საყურე ნიშნის/სვირინგის შეცვლასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მფლობელი.

 6. დაუშვებელია საყურე ნიშნის/სვირინგის მოხსნა ან შეცვლა სააგენტოს ნებართვის გარეშე.

 7. საყურე ნიშანი:

ა) უნდა იყოს ელასტიური, დამზადებული თერმოპლასტიკური პოლიურეტანის მასალისგან, ერთჯერადი გამოყენებისათვის, მდგრადი მაღალი და დაბალი ტემპერატურის მიმართ;

 ბ) უნდა იძლეოდეს მასზე დატანილი ინფორმაციის წაკითხვის შესაძლებლობას, ღორის სიცოცხლის განმავლობაში;

 გ) დამაგრების შემდეგ არ უნდა იწვევდეს ტკივილსა და ალერგიულ რეაქციებს;

 დ) უნდა შეიცავდეს მწარმოებლის სამარკო ნიშანსა და დამზადების თარიღის შესახებ აღნიშვნას.

 8. სვირინგი:

 ა) უნდა იძლეოდეს მასზე დატანილი ინფორმაციის წაკითხვის შესაძლებლობას, ღორის სიცოცხლის განმავლობაში;

 ბ) არ უნდა იწვევდეს გართულებებსა და ალერგიულ რეაქციებს;

 გ) გამოყენებული საღებავი უნდა იყოს სურსათის წარმოებაში გამოსაყენებლად დაშვებული;

 დ) ხელსაწყო, რომლითაც წარმოებს სვირინგის გაკეთება, ექვემდებარება გამოყენების წინ დეზინფექციას.

 9. საყურე ნიშანზე დაიტანება შემდეგი ინფორმაცია:

 ა) საყურე ნიშნის გამცემი უწყების დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი ან ლოგო;

 ბ) 8-ციფრიანი საიდენტიფიკაციო ნომერი;

 გ) ქვეყნის ინიციალი – „GE“.

 10. სვირინგით დაიტანება შემდეგი ინფორმაცია:

 ა) 8-ციფრიანი საიდენტიფიკაციო ნომერი;

 ბ) ქვეყნის ინიციალი – „GE“.

 

მუხლი 6. სადგომის რეგისტრაცია და სადგომის წიგნაკი

1. სადგომის მფლობელი მიმართავს სააგენტოს სადგომის რეგისტრაციისათვის განაცხადით – „განაცხადი სადგომის რეგისტრაციაზე“. განაცხადის ფორმა მტკიცდება სააგენტოს მიერ.

2. სადგომს სააგენტოს მიერ ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი, ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და გაიცემა „სადგომის რეგისტრაციის მოწმობა“ და „სადგომის წიგნაკის ნიმუში“ არაუმეტეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში. სადგომის რეგისტრაციის მოწმობის ფორმა მტკიცდება სააგენტოს მიერ.

3. მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ნებისმიერი მფლობელი ვალდებულია აწარმოოს სადგომის წიგნაკი, სააგენტოს მიერ დამტკიცებული ნიმუშის მიხედვით და შეინახოს იგი არანაკლებ 3 თანმიმდევრული წლისა, მას შემდეგ, რაც სადგომი გამოთავისუფლდება ღორისგან, მატერიალური ან ელექტრონული სახით. ამ პერიოდში სადგომის წიგნაკი ხელმისაწვდომი უნდა იყოს სააგენტოსთვის.

4. სადგომის წიგნაკი უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ განახლებად ინფორმაციას:

ა) სადგომის სარეგისტრაციო ნომერი;

ბ) სადგომის მისამართი და გეოგრაფიული კოორდინატები ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის ეკვივალენტური მითითებები;

გ) მფლობელის სახელი/დასახელება და მისამართი;

დ) სადგომში არსებული ღორების საერთო რაოდენობა;

ე) საყურე ნიშანზე/სვირინგზე დატანილი ინფორმაცია;

ვ) გადაადგილების განახლებული ჩანაწერები, კერძოდ, თითოეული შეყვანის ან გაყვანის დრო, ღორების რაოდენობა და მითითებული უნდა იქნეს მათი წარმოშობის ან დანიშნულების სადგომის სარეგისტრაციო ნომერი და გადაადგილების თარიღი;

ზ) საყურე ნიშნის/სვირინგის ნებისმიერი ცვლილება ისე, რომ არ დაირღვეს მიკვლევადობა;

თ) სადგომში ღორის დაკვლის/სიკვდილის/მოკვლის თარიღი და მათი რაოდენობა;

ი) გრაფა, სადაც სააგენტოს შეუძლია შეიტანოს ინფორმაცია გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებისა და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ღორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

5. სადგომის წიგნაკი, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, შეიძლება შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) წარმოების ტიპი;

ბ) წარმადობა;

გ) მომვლელის სახელი/დასახელება და მისამართი;

დ) ვეტერინარულ-სანიტარიულ ღონისძიებებზე პასუხისმგებელი პირის სახელი/დასახელება და მისამართი;

ე) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რასაც საჭიროდ მიიჩნევს სააგენტო.

6. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას უფლებამოსილი პირი სადგომის წიგნაკში აფიქსირებს თავის სახელს, ხელმოწერასა და თარიღს.

7. საჯიშე ღორების შემთხვევაში სააგენტოს შეუძლია დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები სადგომის წიგნაკისათვის. 

 

მუხლი 7. გადაადგილების დოკუმენტი

1. კოლტს, რომელიც გადაადგილდება როგორც ერთი პარტია, ან ღორს, ნებისმიერი გადადგილებისას, თან უნდა ახლდეს სააგენტოს მიერ დადგენილი ნიმუშის შესაბამისად შედგენილი გადაადგილების დოკუმენტი.

2. გადაადგილების დოკუმენტი ივსება მფლობელის მიერ და მფლობელი აწერს ხელს.

3. გადაადგილების დოკუმენტი შეიცავს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:

ა) სადგომის სარეგისტრაციო ნომერი;

ბ) მფლობელის სახელი/დასახელება, პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო კოდი და მისამართი;

გ) გადასაადგილებელი ღორ(ებ)ის საერთო რაოდენობა;

დ) საბოლოო დანიშნულების სადგომის სარეგისტრაციო ნომერი ან მფლობელის/მომავალი მფლობელის სახელი/დასახელება და მისამართი, ხოლო სასაკლაოზე გადაადგილებისას – სასაკლაოს აღიარების ნომერი ან დასახელება და მისამართი, ან სხვა ადგილას გადაყვანისას – საბოლოო დანიშნულების ადგილი;

ე) გადაადგილების თარიღი (წელი, თვე და რიცხვი).

4. დასაშვებია სააგენტოს მიერ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა.

5. მფლობელი ღორის ყოველი გადაადგილებისას, გარდა სასაკლაოზე გადაადგილებისა, გადაადგილების დოკუმენტში უთითებს საყურე ნიშანზე/სვირინგზე დატანილ ინფორმაციას. ასევე, საყურე ნიშანზე/სვირინგზე დატანილი ინფორმაცია მიეთითება გადაადგილების დოკუმენტში, თუ უკვე იდენტიფიცირებული ღორ(ებ)ი გადაადგილდება/გადაადგილდებიან სასაკლაოზე ინდივიდუალურად ან კოლტთან ერთად.

6. მფლობელმა საბოლოო დანიშნულების სადგომში უნდა შეინახოს გადაადგილების დოკუმენტი. მოთხოვნისას იგი ვალდებულია სააგენტოს მიაწოდოს გადაადგილების დოკუმენტის ასლი.

7. გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

მუხლი 8. მონაცემთა ელექტრონული ბაზა

1. მონაცემთა ელექტრონული ბაზა იქმნება სააგენტოს მიერ.

2. მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს თითოეული სადგომისათვის, სულ მცირე, შემდეგ განახლებულ ინფორმაციას:

ა) სადგომის 11-ციფრიანი სარეგისტრაციო ნომერი, რომელთაგან პირველი და მე-2 ციფრები რეგიონის კოდია, მე-3-მე-4 – მუნიციპალიტეტის/ქალაქის კოდი, მე-5-მე-7 – დაბის/სოფლის კოდი, მე-8-მე-11 - სადგომის ნომერი;

ბ) სადგომის მისამართი და გეოგრაფიული კოორდინატები ან სადგომის გეოგრაფიული მდებარეობის ეკვივალენტური აღნიშვნა;

გ) მფლობელის სახელი/დასახელება, პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი;

დ) სადგომში არსებული ღორების საერთო რაოდენობა;

ე) საყურე ნიშანზე/სვირინგზე დატანილი ინფორმაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ვ) სადგომში ღორის სიკვდილის/მოკვლის/დაკვლის რიცხვი, თვე და წელი;

ზ) იმპორტირებული ღორის თავდაპირველი საიდენტიფიკაციო ნომერი;

თ) ღორის ჯანმრთელობის მდგომარეობის, გადაადგილებაზე შეზღუდვის, სხვა შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში;

ი) მონაცემები თითოეული გადაადგილების, მათ შორის, ყიდვა-გაყიდვის შესახებ;

კ ) წარმოების მიმართულება;

ლ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რასაც საჭიროდ მიიჩნევს სააგენტო.

3. საჯიშე ღორების შემთხვევაში სააგენტოს შეუძლია დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები.

4. სადგომის შესახებ ინფორმაცია ინახება მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არანაკლებ 3 თანმიმდევრული წლისა მას შემდეგ, რაც სადგომი გამოთავისუფლდება ღორისგან.

5. მონაცემთა ელექტრონული ბაზა უნდა უზრუნველყოფდეს, რომ საყურე ნიშანზე/სვირინგზე აღნიშნული საიდენტიფიკაციო ნომერი იძლეოდეს წარმოშობის სადგომის მიკვლევადობის საშუალებას.

6. სააგენტო უზრუნველყოფს მონაცემთა ელექტრონული ბაზის უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას.

 

მუხლი 9. იმპორტირებული ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია

1. სასურსათო დანიშნულების ან სანაშენე მიზნით იდენტიფიცირებული იმპორტირებული ღორის, რომელსაც გავლილი აქვს ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი, მფლობელი ვალდებულია იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისათვის მიმართოს სააგენტოს განაცხადით - „განაცხადი ღორის იდენტიფიკაციაზე“ იმპორტირებიდან არაუგვიანეს 30 დღისა ან ნებისმიერ შემთხვევაში, ამ პერიოდში თუ ღორმა უნდა დატოვოს სადგომი.

2. სააგენტომ, განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღისა, უნდა უზრუნველყოს ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია. 

3. სასურსათო დანიშნულების ან სანაშენე მიზნით იმპორტირებული ღორის პირველადი საიდენტიფიკაციო ნომერი შეტანილი უნდა იქნეს საბოლოო დანიშნულების სადგომის წიგნაკში მფლობელის მიერ, ხოლო, სააგენტოს მიერ – მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, სააგენტოს მიერ მინიჭებულ საიდენტიფიკაციო ნომერთან ერთად.

4. დასაკლავად განკუთვნილი იმპორტირებული ღორის ხელახალი იდენტიფიკაცია არ არის სავალდებულო, თუ ღორი დასაკლავად ტრანსპორტირებულია სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან პირდაპირ სასაკლაოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის გავლიდან დაიკვლება არაუგვიანეს 30 დღის განმავლობაში.

 

მუხლი 10. სასაკლაოს მფლობელი ბიზნესოპერატორის ვალდებულება

1. დაუშვებელია სასაკლაოზე ისეთი ღორის დაკვლა, რომელიც წარმოშობილია არარეგისტრირებული სადგომიდან.

2. სასაკლაოს მფლობელი ბიზნესოპერატორი ვალდებულია:

ა) თუ ღორს აქვს საყურე ნიშანი/სვირინგი, ამოიწეროს მონაცემები და დაკვლიდან არაუგვიანეს 7 დღისა გადასცეს სააგენტოს;

ბ) კოლტის შემთხვევაში, რომელიც სასაკლაოში შესულია როგორც ერთი პარტია, გადასცეს ინფორმაცია სადგომის სარეგისტრაციო ნომრისა და კოლტში შემავალი ღორების საერთო რაოდენობის შესახებ.

3. 2022 წლის პირველ იანვრამდე სასაკლაოს ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ინფორმაცია, არსებობის შემთხვევაში, გადასცეს სააგენტოს.

 

მუხლი 11. მფლობელის ვალდებულება

მფლობელი ვალდებულია:

ა) დაიცვას ამ წესით დადგენილი მოთხოვნები და ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციასთან დაკავშირებით ითანამშრომლოს სააგენტოსთან;

 ბ) მიმართოს სააგენტოს, კუთვნილი სადგომის რეგისტრაციისათვის და ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისათვის კი – ვიდრე ღორი დატოვებს სადგომს, გარდა სასაკლაოზე გადაადგილებისა;

 გ) სადგომიდან გაყვანამდე, ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, შეავსოს გადაადგილების დოკუმენტი, რომელიც თან უნდა ახლდეს ღორს საბოლოო დანიშნულების ადგილამდე;

დ) სარეალიზაციო პუნქტში ან შემგროვებელ ცენტრში გადასაყვანი, ან სარეალიზაციო პუნქტიდან ან შემგროვებელი ცენტრიდან გადმოსაყვანი ღორის მფლობელმა სარეალიზაციო პუნქტის ან შემგროვებელი ცენტრის ბიზნესოპერატორს, რომელიც არის ამ ღორ(ებ)ის დროებითი მფლობელი, წარუდგინოს გადაადგილების დოკუმენტი;

ე) აწარმოოს სადგომის წიგნაკი და შეიტანოს მასში ამ წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი ახალი საყურე ნიშნის/სვირინგის მონაცემები ისე, რომ არ დაირღვეს მიკვლევადობა ღორზე გაკეთებულ წინა საყურე ნიშანთან/სვირინგთან;

ვ) მონაცემთა ელექტრონული ბაზის განახლების მიზნით, სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ ღორის წარმოშობის, იდენტიფიკაციის, დანიშნულების ადგილის შესახებ, რომელიც მას ჰყავს, ინახავს და ახორციელებს ტრანსპორტირებას, ვაჭრობას ან დაკვლას;

ზ) ღორის გადაადგილებაზე (მათ შორის, ყიდვა-გაყიდვა) ნებართვის მისაღებად სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია ღორის გადაადგილების შესახებ;

თ) საყურე ნიშნის/სვირინგის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს;

ი) ღორის სიკვდილის, მოკვლის, დაკარგვის, საკუთარი მოხმარებისათვის დაკვლის შემთხვევაში ღორის საყურე ნიშნიდან/სვირინგიდან ამოიწეროს მონაცემები და გადასცეს სააგენტოს არაუგვიანეს 7 დღისა, 2022 წლის პირველ იანვრამდე კი – საყურე ნიშნის/სვირინგის არსებობის შემთხვევაში;

კ) სადგომის ლიკვიდაციისა და დანიშნულების შეცვლის შემთხვევაში, შეატყობინოს სააგენტოს.

 

მუხლი 12. სახელმწიფო კონტროლი

1. ამ წესის მიზნებისათვის, სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება ინსპექტირების საშუალებით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე. წინასწარი გაფრთხილება გამოყენებული შეიძლება იქნეს საჭიროების შემთხვევაში. წინასწარი გაფრთხილების დრო არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.

2. სააგენტომ ყოველწლიურად უნდა განახორციელოს სადგომის საერთო რაოდენობის არანაკლებ 1%-ის ინსპექტირება.

3. თუ ინსპექტირებით გამოვლინდება წინა წელთან შედარებით ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან მნიშვნელოვანი შეუსაბამობა, ინსპექტირების სიხშირე გაზრდილი უნდა იქნეს მომდევნო წლისათვის.

4. სააგენტოს მიერ ინსპექტირებისათვის სადგომის შერჩევა უნდა განხორციელდეს რისკის საფუძველზე, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი საკითხები:

ა) ღორის რაოდენობა სადგომში;

ბ) ღორის ჯანმრთელობის მდგომარეობა და, განსაკუთრებით, დაავადებ(ებ)ის აფეთქება;

გ) წინა წლის მდგომარეობასთან არსებული მდგომარეობის შედარება;

დ) წინა წელს განხორციელებული ინსპექტირების შედეგები, განსაკუთრებით, სადგომის წიგნაკებისა და გადაადგილების დოკუმენტების სწორად შენახვა-წარმოება;

ე) მფლობელის მიერ სააგენტოსთვის სათანადო მონაცემების მიწოდება;

ვ) სხვა კრიტერიუმები, რომლებიც დაკავშირებულია იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის საკითხებთან.

5. ინსპექტირების განხორციელებისას სააგენტომ უნდა შეამოწმოს სადგომში არსებული ყველა ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია.

6. სადგომის ინსპექტირება შეიძლება განხორციელდეს სხვა მიზნით ჩასატარებელ ინსპექტირებასთან ერთად.

7. თუ სადგომში არსებული ღორ(ებ)ის რაოდენობა აჭარბებს 20-ს, დასაშვებია ღორების შერჩევითი შემოწმება „შესამოწმებელი ღორის საკმარისი რაოდენობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების 5%-იანი შეუსაბამობების გამოსავლენად 95%-იანი სანდოობით“ (დანართი №3) მეთოდით, იმ პირობით, რომ შემოწმებული ღორის რაოდენობა საკმარისია ამ წესით დადგენილი მოთხოვნების 5%-ზე მეტი შეუსაბამობის (2%-იანი ცდომილებით) გამოსავლენად, 95%-იანი სანდოობით.

8. ინსპექტირებისას ივსება შესაბამისობის შეფასების აქტი 2 ეგზემპლარად – „ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესაბამისობის შეფასების აქტი“ (დანართი №1). ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მფლობელს, მეორე რჩება სააგენტოს. შესაბამისობის შეფასების აქტში მიეთითება მიზეზ(ებ)ი, შედეგები და დამსწრე პირები. მფლობელი ან მისი წარმომადგენელი ხელს აწერს შესაბამისობის შეფასების აქტს და უფლებამოსილია, მიიღოს ინსპექტირების შედეგების შესახებ ახსნა-განმარტებანი.

9. ყოველი მომდევნო წლის პირველ ივნისამდე, სააგენტო სამინისტროს წარუდგენს საანგარიშო პერიოდის ყოველწლიურ ანგარიშს განხორციელებული ინსპექტირების შესახებ, „ღორის სადგომის სახელმწიფო კონტროლის შედეგების ანგარიში“ (დანართი №2).

10. ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:

ა) არსებული და შემოწმებული სადგომების რაოდენობის შესახებ;

ბ) შემოწმებული ღორების რაოდენობის შესახებ;

გ) სადგომების რაოდენობის შესახებ, რომელშიც გამოვლინდა დარღვევები ან/და რომლებზეც დაწესდა შეზღუდვები;

 დ) იმ ბიზნესოპერატორების რაოდენობის შესახებ, რომელთა მიმართ გამოყენებულ იქნა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.

 

მუხლი 13. შემზღუდავი ღონისძიებები

1. თუ სადგომში გამოვლინდა ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ელემენტებთან შეუსაბამობა ერთ ღორთან მიმართებით მაინც, სააგენტო უფლებამოსილია, აკრძალოს ამ სადგომიდან ყველა ღორის გადაადგილება.

2. თუ მფლობელი ვერ ამტკიცებს ღორის იდენტიფიკაციას და მასთან დაკავშირებულ მიკვლევადობას, სააგენტოს შეუძლია დაავადების გავრცელების რისკის, ღორის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის რისკების განსაზღვრის საფუძველზე გადაწყვიტოს ღორის განადგურება.

3. თუ ღორი ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ელემენტებს, სააგენტო უფლებამოსილია, დააწესოს აკრძალვა მხოლოდ მის გადაადგილებაზე, შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.

4. თუ სადგომში იმ ღორების რაოდენობა, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ელემენტებს, აჭარბებს სადგომში არსებული ღორების საერთო რაოდენობის 20%-ს, აკრძალვა წესდება სადგომში არსებულ ყველა ღორის გადაადგილებაზე.

5. სადგომში, რომელიც შედგება არაუმეტეს 10 ღორისაგან, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 2 ღორზე მეტი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

6. თუ მფლობელი არ მიაწვდის ინფორმაციას სააგენტოს სადგომიდან ღორის გადაადგილების, სიკვდილის, მოკვლის, დაკარგვის, საკუთარი მოხმარებისათვის დაკვლის თაობაზე, სააგენტო უფლებამოსილია აკრძალოს ამ სადგომიდან ღორის გადაადგილება.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში სადგომში არსებული სხვა ღორის გადაადგილება დაუშვებელია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეჭვის აღმოფხვრამდე.

 

მუხლი 14. პასუხისმგებლობა

ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.