საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 09/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 120170050.22.026.016454
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
02
09/01/2017
ვებგვერდი, 11/01/2017
120170050.22.026.016454
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (11/01/2017 - 05/04/2017)

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №02

2017 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ

 


,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული დებულების XVI თავის მე-15 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივები და მათი ჩაბარების წესი“. 
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია



საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების

ფიზიკური ნორმატივები და მათი ჩაბარების წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ამ წესით განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემის სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩასაბარებელი ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივების (შემდგომში – ნორმატივები) სახეები და მათი ჩაბარების წესი.

მუხლი 2. ნორმატივების სახეები

1. სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური მომზადების დონე დგინდება მათი სქესის, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

2. ფიზიკური მომზადების ნორმატივებს განეკუთვნება:

ა) წოლბჯენიდან აზიდვა;

ბ)  მუცლის პრესი;

გ)  3200 მეტრზე სირბილი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატივი შეიძლება შეიცვალოს ამ წესით განსაზღვრული ალტერნატიული ნორმატივით – 4 000 მეტრზე თავისუფალი სიარულით, თუ სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიზანშეუწონელია  3200 მეტრზე სირბილი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურის  მიერ ალტერნატიული ნორმატივის შესრულება ხორციელდება სსიპ – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის (შემდგომში – ჰოსპიტალი)  კურატორი მინისტრის მოადგილის თანხმობით, ჰოსპიტლის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის (ფორმა №100, სამედიცინო წიგნაკი, ცნობა) წარმოდგენის საფუძველზე.

მუხლი 3. ნორმატივების ჩაბარების ორგანიზება, კონტროლი და პერიოდულობა

1. ნორმატივების ჩაბარების ორგანიზებას და კონტროლს ახორციელებენ:

ა) შეიარაღებული ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებში – ქვედანაყოფის ხელმძღვანელი (უფროსი/მეთაური/სარდალი);

ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები.

2. სამინისტროს სისტემაში ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების პერიოდულობა განისაზღვრება წელიწადში არანაკლებ ორჯერ (ოქტომბერი-ნოემბერი და აპრილი-მაისი).

3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პერიოდულობისა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით და საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანხმობით, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დაწესდეს ნორმატივების ჩაბარების სხვა პერიოდი.

მუხლი 4. ნორმატივების ჩაბარებისა და შეფასების წესი

1. სამხედრო მოსამსახურეს უნდა ეცნობოს ნორმატივების ჩაბარების შესახებ, ნორმატივების ჩაბარების დღემდე, არანაკლებ 7 დღით ადრე.

2. ნორმატივების ჩაბარებამდე სამხედრო მოსამსახურეს უნდა ეცნობოს:

ა) ნორმატივების ჩატარების ადგილი;

ბ) თითოეული ნორმატივის ჩაბარების წესი/ინსტრუქტაჟი (სასურველია დაერთოს სქემა);

გ) ნორმატივების ჩასაბარებელი ეკიპირება (ჩაცმულობა);

დ) ნორმატივების ჩაბარებასთან დაკავშირებით მისი უფლებები და ვალდებულებები;

ე) ინფორმაცია აკრძალული პრეპარატების გამოყენების შესახებ;

ვ) ინფორმაცია ნორმატივების ჩატარების ორგანიზაციული საკითხების შესახებ.

3. ნორმატივების ჩაბარებისას იკრძალება:

ა) ცხვირის სახვევების, სამუშაო ხელთათმანების, აჭიმების, ელასტიური ბინტების ან სამაგრების გამოყენება, თუ აღნიშნული არ ხდება სამედიცინო დანიშნულების შესაბამისად;

ბ) ელექტრომოწყობილობებით (MP3 პლეერი, რადიო, მობილური ტელეფონი და სხვა მოწყობილობა) სარგებლობა;

გ) სამხედრო მოსამსახურეზე მინიჭებული სამკერდე ნომრების ტესტირების ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე შეცვლა;

დ) სამხედრო მოსამსახურის ფიზიკური დახმარება ან დაბრკოლების შექმნა.

მუხლი 5. შეფასება

1. ნორმატივების ჩაბარებისას სამხედრო მოსამსახურის შეფასება ხორციელდება მიღებული ქულების შესაბამისად. თუ სამხედრო მოსამსახურემ, რომელიმე ნორმატივის შესრულებისას ვერ მიიღო განსაზღვრული მინიმალური ქულა, იგი ფასდება უარყოფითად.

2. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატივის შესრულება და სამხედრო მოსამსახურის შეფასება ხორციელდება  დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატივის შესრულება და სამხედრო მოსამსახურის შეფასება ხორციელდება დანართი №2-ის შესაბამისად;

გ) „გ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატივის შესრულება და სამხედრო მოსამსახურის შეფასება ხორციელდება დანართი №3-ის შესაბამისად.

3. ალტერნატიული ნორმატივის (4 000 მეტრზე თავისუფალი სიარული),  შესრულებისას შეფასება ხორციელდება დანართი №4-ის შესაბამისად.

4. ტესტირება იწყება წოლბჯენიდან აზიდვით და სრულდება სამხედრო მოსამსახურის მიერ 3200 მეტრის გარბენისას ფინიშის ხაზის გადაკვეთით. სამხედრო მოსამსახურეებს შეუძლიათ შესასრულებელ ნორმატივებს შორის შეისვენონ 10 – 15 წუთი.

5. ნორმატივების შესრულებისას მკაცრად უნდა იქნეს დაცული ზოგადი უსაფრთხოების ზომები.

6. დადებით შეფასებად ითვლება, თუ:

ა) სამხედრო მოსამსახურე თითოეულ ნორმატივში მიიღებს – არანაკლებ 60 ქულას, ხოლო სამივე ნორმატივში ჯამურად – არანაკლებ 180 ქულას;

ბ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებში სამხედრო მოსამსახურე თითოეულ ნორმატივში მიიღებს – არანაკლებ 80 ქულას, ხოლო სამივე ნორმატივში ჯამურად – არანაკლებ 240 ქულას;

გ) პირველი და მეორე კურსის იუნკერი თითოეულ ნორმატივში მიიღებს – არანაკლებ 60 ქულას, ხოლო სამივე ნორმატივში – არანაკლებ 180 ქულას, ხოლო მესამე და მეოთხე კურსის იუნკერი თითოეულ ნორმატივში მიიღებს – არანაკლებ 70 ქულას, ხოლო სამივე ნორმატივში არანაკლებ 210 ქულას;

დ) მსმენელი თითოეულ ნორმატივში მიიღებს – არანაკლებ 70 ქულას, ხოლო სამივე ნორმატივში არანაკლებ 210 ქულას.

7. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამხედრო მოსამსახურე იხსნება ნორმატივების ჩაბარებისგან, ფასდება უარყოფითი შედეგით.

8. სამხედრო მოსამსახურეს ნორმატივები ჩაბარებულად არ ეთვლება:

ა) თუ არასაპატიო მიზეზით არ  გამოცხადდა ნორმატივების ჩასაბარებლად;

ბ) თუ სამხედრო მოსამსახურემ ვერ გადააბარა ნორმატივები, ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად;

გ) ამ მუხლის მე-7 პუნქტის შემთხვევაში.

9. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნორმატივების შესრულებაში  უარყოფითი შეფასების მქონე სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია ნორმატივების გადაბარება არაუმეტეს ორჯერ.  ნორმატივების ჩაუბარებლობიდან არაუმეტეს სამი თვის ვადაში სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია გადააბაროს ნორმატივები, რომლის ჩაუბარებლობის შემთხვევაში მას კვლავ შეუძლია გადააბაროს ნორმატივები ერთი თვის ვადაში.

10. ჰოსპიტლის მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე, ნორმატივების ჩასაბარებლად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გამოუცხადებლობის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია ნორმატივები ჩააბაროს გამოჯანმრთელებიდან არაუმეტეს ორი თვის ვადაში, ასეთ შემთხვევაში ნორმატივების ჩაბარების რეკომენდაციას საჭიროების შემთხვევაში გასცემს ჰოსპიტალი.

11. თუ სამხედრო მოსამსახურე ავადმყოფობის გამო ორჯერ გათავისუფლდა ნორმატივების ჩაბარებისაგან, იგი იგზავნება ჰოსპიტალში სამხედრო-სამედიცინო კომისიაზე სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის დასადგენად. 

მუხლი 6. ნორმატივების ჩაბარების გამონაკლისი შემთხვევები

1. სამხედრო მოსამსახურე ნორმატივების ჩაბარებისაგან თავისუფლდება, თუ:

ა) მის მიერ წარმოდგენილი იქნება ჰოსპიტლის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მას ათავისუფლებს ფიზიკური დატვირთვისაგან;

ბ) სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სამსახურებრივ მივლინებაში საზღვარგარეთ ან შვებულებაში;

გ) სამხედრო მოსამსახურე ქალის მშობიარობიდან არ არის გასული ერთი წელი;

დ) იგი გათავისუფლებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე;

ე) სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ” საქართველოს კანონით და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებაში და მისი საქართველოში დაბრუნებიდან არ გასულა სამი თვე.

2. სხვა ქვედანაყოფში ან სასწავლო კურსზე მივლინებული/ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურე ფიზიკურ ნორმატივებს აბარებს, შეიარაღებული ძალების იმ ქვედანაყოფში/სასწავლო კურსზე, სადაც იგი მივლინებულია/ჩარიცხულია, ხოლო თუ მას არ ჩაუბარებია  ფიზიკური ნორმატივები მივლინების ადგილას (სასწავლო კურსზე), იგი ფიზიკურ ნორმატივებს აბარებს ქვედანაყოფში დაბრუნებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში.

3. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია ფიზიკური ნორმატივები ჩააბაროს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების დასრულებიდან არა უგვიანეს ორი თვის ვადაში.



20. 06/03/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 35 - ვებგვერდი, 07/03/2024 19. 15/12/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 123 - ვებგვერდი, 18/12/2023 18. 24/03/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 22 - ვებგვერდი, 27/03/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 17. 20/07/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 53 - ვებგვერდი, 20/07/2021 16. 30/03/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 14 - ვებგვერდი, 31/03/2021 15. 19/08/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 77 - ვებგვერდი, 20/08/2020 14. 01/07/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 54 - ვებგვერდი, 02/07/2020 13. 10/02/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 18 - ვებგვერდი, 10/02/2020 12. 28/11/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 40 - ვებგვერდი, 02/12/2019 11. 14/08/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 31 - ვებგვერდი, 15/08/2019 10. 17/05/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 19 - ვებგვერდი, 20/05/2019 9. 12/12/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 117 - ვებგვერდი, 13/12/2018 8. 31/10/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 84 - ვებგვერდი, 01/11/2018 7. 15/12/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 93 - ვებგვერდი, 18/12/2017 6. 06/12/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 87 - ვებგვერდი, 07/12/2017 5. 12/09/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 71 - ვებგვერდი, 13/09/2017 4. 27/06/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 48 - ვებგვერდი, 28/06/2017 3. 16/05/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 36 - ვებგვერდი, 17/05/2017 2. 21/04/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 31 - ვებგვერდი, 24/04/2017 1. 05/04/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 24 - ვებგვერდი, 05/04/2017