ტექნიკური რეგლამენტი - ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების სურსათში დამატების შესახებ

ტექნიკური რეგლამენტი - ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების სურსათში დამატების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 508
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/11/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019574
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
508
17/11/2016
ვებგვერდი, 18/11/2016
300160070.10.003.019574
ტექნიკური რეგლამენტი - ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების სურსათში დამატების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/11/2016 - 26/06/2017)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №508

2016 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტი   ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების სურსათში დამატების შესახებ

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების სურსათში დამატების შესახებ.
მუხლი 2
სურსათი, რომელიც ბაზარზე განთავსებულია ან ეტიკეტირებულია ამ დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების სურსათში დამატების შესახებ“ ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამ დადგენილებით დამტკიცებული  ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია ბაზარზე განთავსებულ იქნეს სურსათის  ვარგისიანობის ვადის გასვლამდე, მაგრამ არაუმეტეს 2018 წლის 31 დეკემბრისა.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების სურსათში დამატების შესახებ 

მუხლი 1. მიზანი და რეგულირების სფერო

1.  ტექნიკური რეგლამენტი – ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების სურსათში დამატების შესახებ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) მიზნად ისახავს სურსათში ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების დამატებისას მომხმარებელთა უფლებების დაცვას და შიდა ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფას.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება:

ა) განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათსა (რომლისთვისაც არ არის დადგენილი სპეციალური ნორმები) და მის  შემადგენლობაზე, რომელიც განპირობებულია იმ მომხმარებელთა კვებითი მოთხოვნების თავისებურებებით, ვისთვისაც განკუთვნილია ეს სურსათი;

ბ) ახალი სახეობის სურსათსა და ახალი სახეობის სასურსათო ინგრედიენტებზე;

გ) გენეტიკურად მოდიფიცირებულ სურსათზე;

დ) საკვებდანამატებსა და არომატიზატორებზე;

ე) ავტორიზებულ (დაშვებულ) ენოლოგიურ პრაქტიკასა და პროცესებზე.

3. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება სასურსათო (სურსათის) დანამატებზე.
მუხლი  2.  ტერმინთა განმარტებები

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ  ტერმინებს  აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სასურსათო (სურსათის) დანამატი – კვებითი ან ფიზიოლოგიური ეფექტის მქონე ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება ჩვეულებრივ დიეტურ კვებაში, როგორც საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტები) ან სხვა ნივთიერებების წყარო ცალ-ცალკე ან კომბინაციაში, ბაზარზე განთავსებულია წამლის ფორმით  კაფსულების, აბების, ამპულების, ფხვნილების, დრაჟეების, ბოთლებში სითხის ან დაფასოებული ფხვნილის და სხვა ანალოგიური სახით და რომელთა გამოყენება ხდება  განსაზღვრული მცირე რაოდენობით;

ბ) სხვა ნივთიერება – ვიტამინის ან მინერალისაგან განსხვავებული ნივთიერება, რომელსაც კვებითი ან ფიზიოლოგიური დანიშნულება აქვს;

გ) განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათი – სურსათი, რომელიც განსაკუთრებული შედგენილობის ან წარმოება-დამზადების პროცესის გამო მკვეთრად განსხვავდება ნორმალური გამოყენებისათვის განკუთვნილი სურსათისაგან,  შეესაბამება დეკლარირებული კვებითი მიზნებისათვის გამოყენებას  და ამის შესახებ მითითებული უნდა იქნეს  ბაზარზე განთავსებისას; 

დ) ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადი – ნებისმიერი განაცხადი, რომელიც გულისხმობს ან აცხადებს ან გამოხატავს, რომ არსებობს კავშირი სურსათის კატეგორიას ან სურსათს ან სურსათის შემადგენელ რომელიმე კომპონენტსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის;

ე) კვებით ღირებულებასთან დაკავშირებული განაცხადი – ნებისმიერი განაცხადი, რომელიც გულისხმობს ან გამოხატავს ან აცხადებს, რომ სურსათს აქვს განსაკუთრებული სასარგებლო კვებითი ღირებულება, რომელიც დაკავშირებულია სურსათის მახასიათებლებთან:

ე.ა) კალორიულობასთან ანუ ენერგეტიკულ ღირებულებასთან, რომლის შესაბამისად სურსათი შეიძლება იყოს:

ე.ა.ა) კალორიული;

ე.ა.ბ)  მაღალკალორიული ან დაბალკალორიული;

ე.ა.გ) არაკალორიული;

ე.ბ) საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) და სხვა ნივთიერებების შემცველობასთან შესაბამისად სურსათი შეიძლება:

ე.ბ.ა)  შეიცავდეს საკვებ ნივთიერებებს (ნუტრიენტებს) და სხვა ნივთიერებებს;

ე.ბ.ბ)  შეიცავდეს საკვებ ნივთიერებებს (ნუტრიენტებს) და სხვა ნივთიერებებს დიდი რაოდენობით ან მცირე რაოდენობით;

ე.ბ.გ) არ შეიცავდეს საკვებ ნივთიერებებს (ნუტრიენტებს) და სხვა ნივთიერებებს.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული  ტერმინები.

მუხლი  3. მოთხოვნები  ვიტამინებისა და მინერალების დამატების მიმართ

1. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით   სურსათში შესაძლებელია დამატებულ იქნეს მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის  №1 დანართით – „ვიტამინები და მინერალები, რომლებიც შესაძლებელია დამატებული იქნას სურსათში“ განსაზღვრული ვიტამინები ან/და მინერალები, ამ ტექნიკური რეგლამენტის №2 დანართით განსაზღვრული „ვიტამინების ფორმები და მინერალური ნივთიერებები, რომლებიც შესაძლებელია დამატებულ იქნეს სურსათში“ ფორმების სახით.

2. ვიტამინები და მინერალები სურსათში შესაძლებელია დამატებულ  იქნეს ადამიანის ორგანიზმისათვის ბიოთავსებადი ფორმით, მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა ჩვეულებრივ ეს სურსათი ამ ვიტამინებსა და მინერალებს  შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთის გათვალისწინებით:

ა)  მოსახლეობაში ან მოსახლეობის კონკრეტულ ჯგუფებში ერთი ან რამდენიმე ვიტამინის და/ან მინერალის დეფიციტი ან საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების)  მიღების დაბალი დონე დადასტურებულია კლინიკური ან სუბკლინიკური კვლევებით/მტკიცებულებებით;

ბ) საჭიროა მოსახლეობის ან მოსახლეობის კონკრეტული ჯგუფის  ნუტრიციული (კვებითი)  სტატუსის გაუმჯობესება და/ან კვებით ჩვევებში მომხდარი ცვლილებების გამო, გამოყენებული სურსათიდან მიღებული ვიტამინების და/ან მინერალების შესაძლო დეფიციტის აღმოფხვრა;

გ) ვითარდება საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერული ცოდნა,  კვებაში ვიტამინებისა და მინერალების როლის და ადამიანის ჯანმრთელობაზე მისი ზეგავლენის  შესახებ.

მუხლი  4.  შეზღუდვები ვიტამინებისა და მინერალების დამატებაზე

1. დაუშვებელია ვიტამინებისა და  მინერალების დამატება:

ა) გადაუმუშავებელ სურსათში, მათ შორის, ხილში, ბოსტნეულში, ხორცში, ფრინველსა და თევზში;

ბ) სასმელში, რომლის მოცულობითი სპირტშემცველობა 1,2%-ს აღემატება;

გ) სურსათში, რომელიც ბაზარზე უკვე განთავსებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის  ამოქმედებამდე;

დ) თუ არ არსებობს დასაბუთება ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო  და სურსათის  კვებით ღირებულებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, არ არსებობს ჯანმრთელობასა და კვებით ღირებულებასთან დაკავშირებული განაცხადი.

2. სურსათი და სურსათის კატეგორიები, რომლებშიც დაუშვებელია ამა თუ იმ ვიტამინის ან/და მინერალების დამატება, უნდა განისაზღვროს მეცნიერული მტკიცებულებებისა და მათი კვებითი ღირებულების გათვალისწინებით.

მუხლი 5. სისუფთავის კრიტერიუმები

ამ ტექნიკური რეგლამენტის №2 დანართით განსაზღვრული ვიტამინების  ფორმები და მინერალური ნივთიერებების სისუფთავის კრიტერიუმები, რომლებიც გამიზნულია სურსათში დამატებისათვის, უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო მოთხოვნებით რეკომენდებულ კრიტერიუმებს.

მუხლი 6. ვიტამინებისა და მინერალების დამატების პირობები

1. სურსათში ვიტამინებისა და მინერალების ნებისმიერი მიზნით დამატებისას, მათი შემცველობა სურსათის რეალიზაციის დროს არ უნდა აღემატებოდეს დადგენილ მაქსიმალურ რაოდენობას. კონცენტრირებულ და დეჰიდრირებულ (გაუწყლოებულ) სურსათში ვიტამინებისა და მინერალების მაქსიმალური რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ბიზნესოპერატორის ინსტრუქციის შესაბამისად მზა სურსათისათვის განსაზღვრულ  რაოდენობას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვიტამინებისა და მინერალების მაქსიმალური რაოდენობა დადგენილი უნდა იქნეს შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) ვიტამინებისა და მინერალების რაოდენობის ზედა უვნებელი ზღვრის დადგენა უნდა მოხდეს საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერული მონაცემების საფუძველზე დადგენილი რისკების მეცნიერული შეფასებით და საჭიროების მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იქნეს მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფების მგრძნობელობა;

ბ) ვიტამინებისა და მინერალების მიღება ხდება რაციონის სხვა წყაროებიდან.

3. სურსათში, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ვიტამინებისა და მინერალების მაქსიმალური რაოდენობის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოსახლეობისათვის ვიტამინებისა და მინერალების მოხმარების  რეკომენდებული რაოდენობა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვიტამინებისა და მინერალების  მაქსიმალური რაოდენობის დადგენისას, რომელიც მიახლოებულია მოსახლეობისათვის რეკომენდებული რაოდენობის ზედა უვნებელ ზღვარს, აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს:

ა) ცალკეული დასახელების სურსათის წვლილი მოსახლეობის ან მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების კვების რაციონში;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სურსათის კვებითი პროფილი (საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილების ნორმები, ასევე კონკრეტული სურსათისათვის დადგენილი მოთხოვნები).

5. ვიტამინების ან მინერალების სურსათში დამატება უნდა განხორციელდეს არანაკლებ ისეთი რაოდენობებით, რომ უზრუნველყოფდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის №4 დანართით – „ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების სადღეღამისო გამოყენების რეკომენდებული ნორმები ზრდასრული ადამიანისთვის“ განსაზღვრულ ნორმებს. ცალკეული დასახელების ან კატეგორიის სურსათისათვის, ვიტამინებისა და მინერალების ისეთი მცირე რაოდენობებით დამატებისას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული პირობის დაცვას, გამოყენებული უნდა იქნეს  საერთაშორისო მოთხოვნები.

მუხლი 7. ეტიკეტირება, წარდგენა და რეკლამა

1. სურსათს, რომელსაც დამატებული აქვს ვიტამინები და მინერალები:

ა) მისი ეტიკეტირება, წარდგენა და რეკლამა არ უნდა მიანიშნებდეს ისეთ ინფორმაციაზე, რომელიც აღნიშნავს ან გულისხმობს, რომ მრავალფეროვანი და ბალანსირებული კვება (დიეტა) ორგანიზმს ვერ უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების სათანადო რაოდენობით;

ბ) მომხმარებელი არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში, ვიტამინებისა და  მინერალების დამატების შედეგად, სურსათის კვებით ღირებულებასთან დაკავშირებით.

2. სურსათის ეტიკეტზე, რომელსაც დამატებული აქვს ვიტამინები და მინერალები, სავალდებულოა აღნიშნულ იქნეს:

ა) ვიტამინებისა და მინერალების რაოდენობა, დამატებული ვიტამინებისა და მინერალების რაოდენობის გათვალისწინებით;

 ბ) კვებითი ღირებულება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც სავალდებულოა,  კვებითი ღირებულების  შესახებ მითითებულ  იქნეს:

ბ.ა) ენერგეტიკული ღირებულება;

ბ.ბ) ცხიმების, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების,  ნახშირწყლების, შაქრის, ცილისა და მარილის რაოდენობა. საჭიროების შემთხვევაში, მონაცემები იმის შესახებ, რომ  მარილის შემცველობა განპირობებულია ბუნებრივი წარმოშობის ნატრიუმის შემცველობით, განთავსებული უნდა იქნეს კვებითი ღირებულების შესახებ ინფორმაციის  გვერდით.       

 3. სურსათის ეტიკეტზე, რომელსაც დამატებული აქვს ვიტამინები და მინერალები, ინფორმაცია დამატებული ვიტამინებისა და მინერალების შესახებ განთავსებულ უნდა იქნეს და აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლით დადგენილ წესებს.

მუხლი 8. აკრძალული, შეზღუდული და შემოწმებას დაქვემდებარებული ნივთიერებები

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის №3 დანართით – „ნივთიერებები, რომელთა გამოყენება სურსათში აკრძალულია, შეზღუდულია ან ექვემდებარება გამოკვლევას“ განსაზღვრული ნივთიერებების მოთხოვნების გათვალისწინებით, შესაძლებელია ცვლილებების განხორციელება, თუ სურსათს ემატება ან სურსათის წარმოებაში გამოიყენება სხვა ნივთიერება, გარდა ვიტამინ(ებ)ისა და მინერალ(ებ)ისა ან ინგრედიენტ(ებ)ი, რომელიც შეიცავს სხვა ნივთიერებას, გარდა ვიტამინ(ებ)ისა და მინერალ(ებ)ისა და ასეთი სურსათის გამოყენების შედეგად  ამ ნივთიერების მოხმარება მნიშვნელოვნად აღემატება იმ რაოდენობას, რომელსაც ორგანიზმი ღებულობს ნორმალურ პირობებში დაბალანსებული და მრავალფეროვანი რაციონის მიღებისას ან/და ეს ნივთიერება მომხმარებლის ჯანმრთელობას უქმნის პოტენციურ რისკს.

2. თუ გამოვლენილია ადამიანის ჯანმრთელობაზე  არასასურველი ზეგავლენა, ნივთიერება ან/და ინგრედიენტი, რომელიც შეიცავს ამ ნივთიერებას, შეტანილი უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის №3 დანართის ერთ-ერთ ნაწილში:

ა) „ა“ ნაწილში    „აკრძალული ნივთიერებები“ და მისი დამატება სურსათში ან გამოყენება სურსათის წარმოებაში უნდა აიკრძალოს;

ბ)  „ბ“ ნაწილში „შეზღუდული ნივთიერებები“ და მისი დამატება სურსათში ან გამოყენება სურსათის წარმოებაში ნებადართული უნდა იქნეს მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული  მოთხოვნების შესაბამისად.

3. თუ გამოვლენილია ნივთიერების ან/და ინგრედიენტის, რომელიც ამ ნივთიერებას შეიცავს, ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის ალბათობა, მაგრამ მეცნიერული მონაცემები არასაკმარისი და არასრულია, აღნიშნული ნივთიერება შეტანილი უნდა იქნეს ამ ტექნიკური  რეგლამენტის №3 დანართის „გ“ ნაწილში – „ნივთიერებები, რომლებიც ექვემდებარება გამოკვლევას“.

4. ბიზნესოპერატორს ან სხვა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს,  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს  მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო)  შეფასებისათვის წარუდგინოს საერთაშორისო მეცნიერული მტკიცებულებებით  განსაზღვრული დასაბუთება, რომლითაც დადასტურებული იქნება სურსათში ან სურსათის კატეგორიაში გამოყენებისას ამ ტექნიკური რეგლამენტის  №3 დანართის „გ“ ნაწილით განსაზღვრული ნივთიერებების უვნებლობა და მათი გამოყენების მიზანი.

5. ნივთიერების ამ ტექნიკური რეგლამენტის №3 დანართის „გ“ ნაწილში შეტანიდან 4 წლის განმავლობაში, სააგენტოში შესაფასებლად წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით, დასაშვებია ეს ნივთიერებები შეტანილ იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის  №3 დანართის „ა“  ან  „ბ“  ნაწილში.

მუხლი 9. რეესტრი

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უნდა აწარმოოს სურსათში დამატებისათვის დაშვებული ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების რეესტრი.

2.  რეესტრი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:

ა) ვიტამინებისა და მინერალების შესახებ, რომლებიც შესაძლებელია სურსათში დამატებულ იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართის შესაბამისად;

ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტის №2 დანართის შესაბამისად განსაზღვრული ვიტამინების ფორმებისა და მინერალების  შესახებ, რომელთა დამატება   სურსათში დასაშვებია;

გ) ვიტამინებისა და მინერალების მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობის შესახებ, რომელიც შესაძლებელია სურსათში დამატებულ იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვიტამინებისა და მინერალების სავალდებულო დამატების შესახებ;

ე) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლით განსაზღვრული  შეზღუდვებისა და აკრძალვების შესახებ,  ვიტამინებისა და მინერალების დამატებასთან დაკავშირებით;

ვ) ამ ტექნიკური რეგლამენტის №3 დანართით განსაზღვრული ნივთიერებების შესახებ და მათი დანართში შეტანის საფუძვლებს;

ზ) ამ ტექნიკური რეგლამენტის №3 დანართის „გ“ ნაწილით განსაზღვრული ნივთიერებების შესახებ, რომელთა  გამოყენება დაშვებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

3. რეესტრი ხელმისაწვდომი უნდა იქნეს საზოგადოებისათვის.

მუხლი 10. დაცვის ზომების გატარება

თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ სურსათი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ რისკს (საფრთხეში აგდებს) უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, შესაძლებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ  დროებით შეჩერებულ ან შეზღუდულ იქნეს მინერალებისა და ვიტამინების დამატების შესახებ მოქმედ ნორმებთან დაკავშირებული მოთხოვნები.

მუხლი 11. შესაბამისობის შეფასება

1. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სურსათის შესაბამისობის შეფასება სააგენტოს მიერ ხორციელდება სახელმწიფო კონტროლის   ფარგლებში.

2. ბიზნესოპერატორი, რომელიც აწარმოებს ან ბაზარზე განათავსებს სურსათს, რომელშიც დამატებულ იქნა ვიტამინები და მინერალები და სურსათს, რომელიც შეიცავს  ამ ტექნიკური რეგლამენტის №3 დანართის „ბ“ და „გ“ ნაწილებით განსაზღვრულ ნივთიერებებს, ვალდებულია, სურსათის ეტიკეტის ნიმუშის წარდგენით, სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია ასეთი სურსათის ბაზარზე განთავსების შესახებ.