„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 147/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 03/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 300160080.22.022.017220
147/ნ
03/11/2016
ვებგვერდი, 03/11/2016
300160080.22.022.017220
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №147/ნ

2016 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში (სსმ III, 01.10.2010  №126,  მუხ.1839) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“ (დანართი №1) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. 
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა



დანართი
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო
 საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

მუხლი 2.  უფლებამოსილი ორგანო
1. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებებს ცენტრი ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში – საგანმანათლებლო რესუსრცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.

3. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ან განათლების აღიარების მიზნით, საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელი, ამ პირის მიერ სათანადოდ უფლებამოსილი ან სხვა დაინტერესებული პირი, ცენტრში წარადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შევსებულ განცხადებას. განცხადება ცენტრს შესაძლებელია წარედგინოს ფოსტის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, თანდართული დოკუმენტები ცენტრს შესაძლებელია წარედგინოს ფოსტის მეშვეობით, ქართულ ენაზე (უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე).

4. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი განაცხადი უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის, განმცხადებელი ფიზიკური პირის შემთხვევაში აუცილებელია, განცხადებას თან ერთვოდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

5. ცენტრში წარმოდგენილი განცხადების განხილვის წინაპირობაა შესაბამისი საფასურის გადახდა ან მითითება საფასურისაგან განთავისუფლების შესახებ დანართი №2-ით გათვალისწინებულ საფუძველზე. ეს ვალდებულება არ ვრცელდება განცხადების წარმდგენ იურიდიულ პირებზე, რომლებიც შესაბამისი მომსახურების შესყიდვას ახორციელებენ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

6. პასუხისმგებლობა წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე ეკისრება განმცხადებელს და ამ ინფორმაციის გამცემ შესაბამის ორგანოს/დაწესებულებას. თუ წარმოდგენილ დოკუმენტაციას აღენიშნება სიყალბის ნიშნები, ცენტრი ამ დოკუმენტს გადასცემს საგამოძიებო ორგანოებს.

7. განცხადების განხილვა ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში, გარდა ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული დაჩქარებული მომსახურების განხორციელებისა.

8. ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და განათლების აღიარებისათვის აუცილებელი ინფორმაციის დადასტურების ფორმები.

9. ცენტრის დირექტორი, ამ დანართით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას კომისია, რომელიც წარუდგენს რეკომენდაციას საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებასთან დაკავშირებით.

10. ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის შეიმუშავებს ზოგად რეკომენდაციებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და განათლების აღიარების საკითხებთან დაკავშირებით.


მუხლი 3. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება
1. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი).

2. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

3. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.

4. 2005 წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტიs – დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი დამატებით ამოწმებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვის ფაქტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებით გადამოწმებად სხვა ინფორმაციას.

5. ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი.

6. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის ცენტრი იყენებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებს, აგრეთვე ცენტრი უფლებამოსილია, შესაბამისი მონაცემების შეტანაზე უფლებამოსილ საგანმანათლებლო დაწესესულებას მოსთხოვოს აუცილებელი ინფორმაციის რეესტრში შეტანა.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი:

ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას;

ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა უზუსტობა საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაციის ფორმულირებაში, რაც შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ იწვევს სწავლის შედეგისა და მინიჭებულ კვალიფიკაციის შეუსაბამობას, ცენტრი ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას და გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღნიშნულის თაობაზე.

9. გადაწყვეტილება საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების შესახებ ძალაშია მხოლოდ მისთვის თანდართულ საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლთან ერთად.


მუხლი 4. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარება
1. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარება (შემდგომში უმაღლესი განათლების აღიარება) გულისხმობს ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მიერ, რომლის სწავლის პერიოდი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ სრულად/ნაწილობრივ, მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობის დადგენას სახელმწიფოს მიერ აღიარებული შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებით გათვალისწინებულ სწავლის შედეგებთან.

2. უმაღლესი განათლების აღიარების მიზნით, ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს თან უნდა ახლდეს ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი დოკუმენტი/ცნობა ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლი ამ დაწესებულებაში პირის ჩარიცხვის, ასევე ამორიცხვის ან სწავლის დასრულების თაობაზე და სწავლის პერიოდში გავლილი საგნების ნუსხა, მათი კრედიტების ან/და შეფასებების მითითებით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი:

ა) აღიარებს ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მიერ მიღებულ უმაღლეს განათლებას;

ბ) უარს ამბობს ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებაზე.  

4. უმაღლესი განათლების აღიარების წინაპირობაა პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. დაინტერესებული პირის განაცხადის წარმოებაში მიღების შემდეგ ცენტრი შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის განმცხადებელს სურს უმაღლესი განათლების აღიარება, უგზავნის განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტაციას.

6. ცენტრი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ჩართულობით უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებში გამოცდის ჩატარებას, რომლის მიზანია დადგინდეს, ფლობს თუ არა პირი შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის კონკრეტული კომპონენტით გათვალისწინებულ კომპეტენციას. საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მიღებული დასკვნის საფუძველზე ცენტრი იღებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას.

7. განათლების აღიარების მსურველის გამოცდის ჩატარების წესი და გამოცდის თემატიკა, მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულების პოზიციის გათვალისწინებით, მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

8. დაინტერესებულ მხარეს გამოცდის შესახებ უნდა ეცნობოს მის ჩატარებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ითხოვს გამოცდის უფრო მოკლე ვადაში ჩატარებას.

9. განათლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებით განისაზღვრება განათლების რა ნაწილი იქნა მიჩნეული აღიარებულად.


მუხლი 5. საქართველოში მიღებული განათლების აღიარების სხვა შემთხვევები
1. ცენტრი ახდენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას.  

2. ცენტრი ახდენს ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას.  

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, პირის მიერ პროგრამის სრულად გავლა და მისთვის კვალიფიკაციის მინიჭება დასტურდება კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ოქმით/ბრძანებით ან/და დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალით ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სხვა სახის დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს; ხოლო პირის მიერ პროგრამის ნაწილობრივ გავლა საგანმანთლებლო პროგრამის შესაბამისი ნაწილის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციით.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, განმცხადებლები განცხადებას დაურთავენ მიღებული განათლების დამადასტურებელ მათ ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტს ან/და მიუთითებენ ამ დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი:

ა) აღიარებს პირის მიერ მიღებულ განათლებას;

ბ) უარს ამბობს პირის მიერ მიღებული განათლების აღიარებაზე.

6. განათლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებით განისაზღვრება განათლების რა ნაწილი იქნა მიჩნეული აღიარებულად.


მუხლი 6. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება
1. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში.

2. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, ცენტრში შეიძლება წარდგენილ იქნეს საგანმანათლებლო დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი; ხოლო უცხოეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, განმცხადებელი უფლებამოსილია, საგანმანათლებლო დოკუმენტის ნაცვლად, განცხადებას დაურთოს მის ხელთ არსებული სხვა დოკუმენტ(ებ)ი ან/და მიუთითოს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.    

3. უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს:

ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება);

ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა).

4. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი უკავშირდება შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას. საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი, მათ შორის, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის, პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

5. შესაბამისობის დადგენისას ცენტრი ადგენს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის, სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი:

ა) აღიარებს უცხოეთში მიღებულ განათლებას;

ბ) უარს ამბობს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე.

7. განმცხადებლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია გასცეს პირობითი გადაწყვეტილება, სადაც მიეთითება უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობა საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების საფუძველია. ეს გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან, თუ არ დადასტურდება უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა.

8. გადაწყვეტილება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ ძალაშია მხოლოდ მისთვის თანდართულ საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლთან ერთად, ხოლო უცხოეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, შესაძლოა საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლის ნაცვლად აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას თან დაერთოს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემი დაწესებულების მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაცია. განათლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებით განისაზღვრება განათლების რა ნაწილი იქნა მიჩნეული აღიარებულად.


მუხლი 7. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების თავისებურებანი
1. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული  ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე განცხადების წარდგენის დამადასტურებელი ცნობის  საფუძველზე, ცენტრის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი კლასის გაკვეთილზე დასწრების შესაძლებლობას. სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში წარდგენილ განცხადებას თან ერთვის ცენტრში წარდგენილი დოკუმენტაციის ასლები (არსებობის შემთხვევაში).

2. იმ პირების განათლების აღიარების მიზნით, რომლებიც ვერ ახერხებენ  უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების დადასტურებას, ცენტრი ატარებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებას და შედეგებს აცნობებს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელშიც გააგრძელა პირმა სწავლა. თუ ამ წარმოების შედეგად ვერ დადასტურდა პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში ზოგადი განათლების მიღების ფაქტი, პირი უფლებამოსილია საგნები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება დაინტერესებული პირის ან ცენტრის მიმართვიდან 10 დღის ვადაში, ცენტრის მიერ შემუშავებული ზოგადი რეკომენდაციების საფუძველზე, ადგენს წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ან ცენტრის მიმართვაში მითითებული საგნების შესაბამისობას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებთან და შეიმუშავებს დასკვნას უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების შესაბამისობის შესახებ. დასკვნაში მიეთითება პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში გავლილი საგნები, რომლებიც შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს და ამ საგნებში მიღებული შეფასებების ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალიწინებულ შეფასებებზე გადაყვანის შედეგად მიღებული შეფასებები.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის გათვალისწინებით ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის მიღების მომენტში ცენტრში შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემი დაწესებულების მიერ დადასტურებული არ არის უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა, გამოიცემა პირობითი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან, თუ არ დადასტურდება უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა.

5. პირი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ირიცხება განათლების აღიარების/აღიარებაზე უარის თქმის დოკუმენტში მითითებული კლასის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ განათლების აღიარების/აღიარებაზე უარის თქმის დოკუმენტიდან არ ირკვევა, თუ რომელ კლასში აქვს პირს მიღებული განათლება, იგი ირიცხება ასაკის შესაბამის ან, მისი თანხმობის შემთხვევაში, უფრო დაბალ კლასში.

6. პირი უფლებამოსილია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნები, რომლებთან შესაბამისობაც არ იქნა დადგენილი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლიოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ან ექსტერნატის ფორმით.

7. იმ შემთხვევაში, თუკი პირმა ვერ შეძლო ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საგნების დაძლევა სასწავლო წლის დასრულებამდე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი მოსწავლე გადაიყვანოს მომდევნო კლასში.

8. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების აღიარების განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ ცენტრი ადგენს სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისი საფეხურის სწავლის შედეგებთან, რის შემდეგაც ცენტრი მიმართავს  საგანმანათლებლო დაწესებულებას უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ამ უმაღლესი განათლების დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, რასაც თან ერთვის ცენტრში წარდგენილი დოკუმენტაციის ასლები.

9.  ცენტრი აღიარებს პირის მიერ უცხო ქვეყნის აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტში მოპოვებულ სწავლის შედეგებს, ხოლო უცხოეთში სწავლის პერიოდში (სამეცნიერო ნაშრომის დასრულებამდე) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შესრულებული კვლევითი კომპონენტის აღიარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც პირს სურს სწავლის გაგრძელება.

10. ცენტრის მიმართვის საფუძველზე საგანმანათლებლო დაწესებულება 10 დღის ვადაში ადგენს მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამებთან პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას და შეიმუშავებს დასკვნას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ.

11. აღიარებას ექვემდებარება დაწესებულების იმ პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზე ჩარიცხვა და სწავლება განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

12. შინაარსობრივი შესწავლის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში გავლილი და მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების შესაბამისობა, მათ სახელწოდებებში არსებული სხვაობის მიუხედავად.

13. დასაშვებია იმ სასწავლო კურსის აღიარება, რომელიც არ არის გათვალისწინებული მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით.

14. დაწესებულება უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიანგარიშოს სტუდენტის დატვირთვა კრედიტებით იმ საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, რომელიც არ არის შესრულებული ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად.

15. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა კვალიფიკაციის მინიჭება, არ შეიძლება აღიარებულ იქნეს სხვა საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის.

16. აღიარება ფორმდება დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული დასკვნით, რომელშიც მიეთითება პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობა მიმღები დაწესებულების პროგრამასთან, ასევე აღიარებული კრედიტების რაოდენობა.

17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით განსაზღვრული დასკვნის გათვალისწინებით ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული/უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე. ცენტრი აღიარებს კრედიტების იმ რაოდენობას, რაც გათვალისწინებულია მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულების თავსებადი სასწავლო კურსისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის მიღების მომენტში ცენტრში შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემი დაწესებულების მიერ დადასტურებული არ არის უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა, გამოიცემა პირობითი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან, თუ არ დადასტურდება უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა.

18. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სხვა ქვეყნის დაწესებულებას შორის გაფორმებულია შეთანხმება გაცვლითი პროგრამის განხორციელების ან/და კრედიტების ურთიერთაღიარების შესახებ, საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრისგან მიიღოს წინასწარი თანხმობა, რაც შემდგომში ამ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების ავტომატურად აღიარების საფუძველია. ასეთ შეთხვევაში ამ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლება აღიარებულად ითვლება ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების მიუხედავად.

19. ამ მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული წინასწარი თანხმობა ცენტრის მიერ გაიცემა 2 (ორი) წლის ვადით.

20. ამ მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული წინასწარი თანხმობის მისაღებად საგანმანათლებლო დაწესებულებამ ცენტრში უნდა წარადგინოს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული შეთანხმება გაცვლითი პროგრამის განხორციელების ან/და კრედიტების ურთიერთაღიარების შესახებ. წარდგენილ შეთანხმებაში მოცემული განათლების აღიარების წესი უნდა შეესაბამებოდეს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მარეგულირებელ კანონმდებლობას.