საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 185
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 12/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 22/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 110060000.22.027.016686
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
185
12/10/2016
ვებგვერდი, 12/10/2016
110060000.22.027.016686
საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/10/2016 - 21/09/2020)

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №185

2016 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების  შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №272 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი




საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის (შემდგომში – მთავარი პროკურატურის) შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური  პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის მთავარი პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს მთავარ პროკურატურას.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებით, მთავარი პროკურატურის დებულებით, ამ დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) ბრძანებებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მთავარი პროკურორისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 2.   დეპარტამენტის ამოცანები

დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში,  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციის,  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებაზე ზედამხედველობა;

გ) შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

მუხლი 3. დეპარტამენტის უფროსი

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს მის მოადგილესა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა შორის;

გ) აკონტროლებს დეპარტამენტის მუშაკთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;

დ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) მთავარი პროკურორისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე აყენებს საკითხებს დეპარტამენტის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

ვ) მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეაქვს წინადადებები გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით;

ზ) აუქმებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის  დეპარტამენტის და  საპატრულო პოლიციის  დეპარტამენტის მუშაკთა უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს, გამოითხოვს ქვემდგომი პროკურორების უსაფუძვლო სააპელაციო საჩივრებს;

თ) მთავარ პროკურორს ან მის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული გამომძიებლის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ; წყვეტს საკითხს სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში პროკურორის მონაწილეობის შესახებ;

ი) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე;

კ) უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;

ლ) განიხილავს პროკურორების დასკვნებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან,  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან და საპატრულო პოლიციის  დეპარტამენტიდან წარმოდგენილ შუამდგომლობებზე;

მ) აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს დეპარტამენტის პროკურორების მონაწილეობას სასამართლოში პირველი და სააპელაციო ინსტანციით საქმეების განხილვისას;

ნ) ამოწმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, შეაქვს საჩივრები სასამართლოს გადაწყვეტილებებზე;

ო) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების და მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების შესრულებას;

პ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს, რომლებზეც ისმენს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის  დეპარტამენტის ხელმძღვანელებისა და სხვა ოპერატიულ მუშაკთა ინფორმაციებს, როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ასევე ზოგად თემატურ საკითხებზე, იღებს ზომებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად;

ჟ) ასრულებს მთავარი პროკურორის და მისი მოადგილეების ცალკეულ დავალებებს;

რ) ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ ფუნქციებს.

მუხლი 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის მუშაკთა პროფესიულ მომზადებას;

ბ) უზრუნველყოფს საშემსრულებლო დისციპლინის დაცვის კონტროლს, დეპარტამენტის მუშაკთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;

გ) დეპარტამენტის უფროსის წინაშე აყენებს საკითხებს დეპარტამენტის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

დ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული პროკურორების და გამომძიებლების კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ;

ე) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე;

ვ) უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში; პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს; საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;

ზ) ამოწმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს ზომებს გამოვლენილ დარღვევათა აღმოსაფხვრელად;

თ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეაქვს საჩივრები სასამართლოების მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე;

ი) დეპარტამენტში ხელმძღვანელობს ანალიტიკურ მუშაობას;

კ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მთავარი პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;

ლ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიული პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;

მ) ასრულებს მთავარი პროკურორის, მისი მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს; ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში;

ნ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 5. დეპარტამენტის მუშაკები

1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:

ა) დეპარტამენტის უფროსი პროკურორები;

ბ) დეპარტამენტის პროკურორები;

გ) დეპარტამენტის სპეციალისტი.

2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  მთავარი პროკურორი.

3. დეპარტამენტის უფროსი პროკურორები და პროკურორები:

ა) მონაწილეობენ მთავარი პროკურატურის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების მომზადებაში;

ბ) აანალიზებენ და განაზოგადებენ სტატისტიკურ მონაცემებს გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ, დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე აყენებენ წინადადებებს მუშაობის გაუმჯობესების მიზნით;

გ) აანალიზებენ მოქალაქეთა კანონიერი უფლებების დაცვის მდგომარეობას ადგილებზე გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის წარმოებისას;

დ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის თანხმობით, შესასწავლად და შესამოწმებლად გამოითხოვენ სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს და სხვა მონაცემებს დანაშაულის ჩადენის, გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე;

ე) იძლევიან წერილობით მითითებებს საქმეთა გამოძიების დროს დანაშაულის გახსნის, დამნაშავეთა დადგენის და გამოძიების პროცესში;

ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით, მონაწილეობენ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად აწარმოებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს;

ზ) განიხილავენ შემოსული შუამდგომლობების საფუძვლიანობას და თავიანთ დასკვნებს წარუდგენენ დეპარტამენტის ხელმძღვანელობას;

თ) განიხილავენ განცხადება-საჩივრებს გამოძიების საკითხებზე, ორგანიზებას უწევენ მათ შემოწმებას. წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით პირადად იღებენ წარმომადგენლებს;

ი) აწარმოებენ გაწეული მუშაობის აღრიცხვას და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენენ ანგარიშს;

კ) ასრულებენ დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს, წარუდგენენ მათ წინადადებებს დაქვემდებარებულ უწყებებში გამოძიების ეფექტურობისა და სრულყოფის შესახებ;

ლ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით, მონაწილეობენ სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში, მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში;

მ) ამზადებენ საჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილებებზე, ადგენენ წერილობით ცნობებს სასამართლო პროცესებში მონაწილეობის შესახებ, ასევე ინფორმაციებს პროკურორების მიერ სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების განხორციელების შედეგებზე;

ნ) ასრულებენ ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს;

ო) ახორციელებენ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მათთვის მინიჭებულ ფუნქციებს.

4. დეპარტამენტის სპეციალისტი უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენს დეპარტამენტში შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას.