„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/5/675,681
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 30/09/2016
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016082
1/5/675,681
30/09/2016
ვებგვერდი, 11/10/2016
000000000.00.000.016082
„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს სახელით

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგიის

გადაწყვეტილება №1/5/675,681

 

2016 წლის 30 სექტემბერი

ქ. ბათუმი

 

კოლეგიის შემადგენლობა:

კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ქეთევან ერემაძე – წევრი;

მაია კოპალეიშვილი – წევრი;

მერაბ ტურავა – წევრი.

 

სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე

 

საქმის დასახელება: „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 და „შპს ტელეკომპანია საქართველო საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: 1) 675 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით; 2) 681 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების და 271-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეების წარმომადგენელი – დიმიტრი საძაგლიშვილი; მოპასუხე მხარის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი თამარ მესხია.

 

I

აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის 675) მიმართა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-მა“ და შპს „ტელეკომპანია საქართველომ“. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 28 ოქტომბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 2 ნოემბერს.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 6 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №681) მიმართა შპს „ტელეკომპანია საქართველომ“. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 6 ნოემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2015 წლის 11-13 ნოემბერს.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2015 წლის 2 ნოემბრის №1/6/675 საოქმო ჩანაწერით №675 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო, ასევე დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შეჩერების თაობაზე.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერით №681 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების და 271-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით. ასევე დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადებისა და 271-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც ითვალისწინებს, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, იურიდიული პირის მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალების ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების, მათ შორის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და 91 მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილების დროებითი მმართველისათვის მინიჭებას.

5. №675 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები, 45-ე მუხლი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

6. №681 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 24-ე მუხლები, 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები, 45-ე მუხლი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

7. №675 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, „სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება“.

8. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

9. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი არ აკმაყოფილებს სამართლებრივი უსაფრთხოების, სამართლის უზენაესობისა და კანონის განსაზღვრულობის პრინციპებს. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმის განმარტება შესაძლებელია იმგვარად, რომ ის მიემართებოდეს მხოლოდ ფულად ვალდებულებათა შესრულებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუმცა არსებობს მისი იმგვარად წაკითხვის შესაძლებლობაც, რომ მისი შინაარსი ნებისმიერი კატეგორიის გადაწყვეტილებაზე გავრცელდეს. შესაბამისად, არსებობს სამართალშემფარდებლის მხრიდან ნორმის არაკონსტიტუციური განმარტების საფრთხე.

10. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მოხდება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, ერთმევა სადავო ნივთით სარგებლობის შესაძლებლობა. ამავე დროს, ზემო ინსტანციების სასამართლოთა მიერ მათ სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მხარეს შეიძლება მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრებაც კი ვერ შეაჩერებს დაუყოვნებელ აღსრულებას, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გამოწვეულ შედეგს შეუქცევადს გახდის.

11. მოსარჩელე მხარის მითითებით, რომ სადავო ნორმა ბუნდოვანია, იმდენად რამდენადაც კონტექსტიდან ამოვარდნილია ტერმინი „გადამხდევინებელი“ და შეუძლებელია დავადგინოთ ვინ იგულისხმება მასში. მოსარჩელის განმარტებით, ერთი მხრივ, ნორმა არ არის განჭვრეტადი და, შესაბამისად, მას წინასწარ არ ჰქონდა მოლოდინის შექმნის შესაძლებლობა შედეგის დადგომასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, მოსარჩელე მხარეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია სადავო ნორმით დამდგარი შედეგი, რადგან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში სასამართლოს არ უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობა. მოსარჩელე მხარემ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით გამოყო წილების და კომპანიის თავისებურება, რაც მათ იმ მდგომარეობაში დაბრუნებას უკავშირდება, რა მდგომარეობითაც ფლობდა მესაკუთრე დაუყოვნებლივ აღსრულების გადაწყვეტილების მიღებამდე.

12. მოსარჩელის აღნიშვნით, სადავო ნორმის გამოყენებამ კიდევ უფრო მეტი უარყოფითი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს იმ შემთხვევაში, როდესაც დავა უკავშირდება ამა თუ იმ მეწარმე სუბიექტის წილების (აქციებს) საკუთრების საკითხებს, ვინაიდან იმ გადაწყვეტილების აღსრულებით, რომელიც ჯერ კიდევ არ შესულა კანონიერ ძალაში, ხდება კონკრეტული იურიდიული პირის საქმიანობის პარალიზება და ქმედუნარიანობის შეზღუდვა, ასევე, მას ადგება გამოუსწორებელი ფინანსური ზიანი. ამ დროს იურიდიული პირის სამართალსუბიექტურობის საკითხის სრული იგნორირება ხდება. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მესაკუთრეთა მიმართ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არა მხოლოდ მესაკუთრის დროებით ან მუდმივად ცვლილებას განაპირობებს, არამედ საფრთხეს უქმნის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და დასაქმებულთა შრომით უფლებებს.

13. მოსარჩელის თანახმად, სადავო ნორმა არ გამორიცხავს იმ საქმეებზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესაძლებლობას, რომლებზეც გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმას არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი და, შესაბამისად, ის ვერ აკმაყოფილებს პროპორციულობის ტესტის მოთხოვნებს.

14. №681 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების და 271-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დაავალდებულოს მოპასუხე მხარე, გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებით მართვა) სახით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, მოსამართლე უფლებამოსილია, გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, რომლებიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, მოსამართლე უფლებამოსილია, უზრუნველყოს გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც არ არის გადაცემული დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ამავე კოდექსის XXIII (სარჩელის უზრუნველყოფის) თავით დადგენილი წესის შესაბამისად.

16. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი იცავს საკუთრების უფლებას და ადგენს მისი შეზღუდვის წესს, ხოლო კონსტიტუციის 24-ე მუხლით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება.

17. მოსარჩელის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია, მოპასუხე მხარე დაავალდებულოს, გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი აღმასრულებელს სეკვესტრის სახით. აღნიშნული ნორმა შესაძლებლობას იძლევა, მოსამართლემ მესაკუთრეს ჩამოართვას ქონებაზე მფლობელობა დავის დასრულებამდე, იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ ძალაში არ შესულა სასამართლოს გადაწყვეტილება.

18. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი არ ითვალისწინებს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რა შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიება და მესაკუთრიდან ნივთზე მფლობელობა გადაეცეს სახელმწიფოს წარმომადგენელს – აღმასრულებელს. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ნივთზე მფლობელობის ჩამორთმევა გულისხმობს, როგორც ფიზიკური მფლობელობის, ასევე ქონების მართვის უფლებამოსილების ჩამორთმევასაც. მოსარჩელის განმარტებით სადავო ნორმა არ აკმაყოფილებს სამართლებრივი უსაფრთხოების, სამართლის უზენაესობისა და კანონის განსაზღვრულობის პრინციპებს. კერძოდ, სადავო ნორმა, ერთი მხრივ, შეიძლება გამოყენებულ იქნეს უამრავი სხვადასხვა შინაარსით, ხოლო, მეორე მხრივ, იგი ბუნდოვანია.

19. მოსარჩელის მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ტერმინ „ნივთის“ განმარტების მიუხედავად, მოსამართლე არ არის შეზღუდული კოდექსისეული განმარტებით. კერძოდ, მოსამართლემ უძრავი და მოძრავი ნივთების გარდა, სადავო ნორმა შეიძლება გამოიყენოს საწარმოს წილებისა და სხვა სახის ქონების მიმართ. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ურთიერთწინააღმდეგობრივია, რადგან, თუ ნორმის ერთ ნაწილში საუბარია მხოლოდ ნივთზე, იმავე ნორმაში მითითება ხდება ქონებაზეც.

20. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სეკვესტრის, ქონების იძულებით მართვის გამოყენება სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის წარმოადგენს რისკს. ამასთან, იურიდიული პირების წილებთან მიმართებით სადავო ნორმამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები. მოსარჩელე შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის შემთხვევაში, სადავო ნორმის საფუძველზე, მოსამართლემ პარტნიორის მიერ დანიშნულ პირებს შეუჩერა უფლებამოსილება და კომპანიის მართვა გადაეცა დროებით მმართველებს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს დროებითი მმართველის ინსტიტუტს და არც მისი მოვალეობებია გაწერილი რომელიმე ნორმატიულ აქტში. ასევე, დროებით მმართველებს არ აკისრიათ „მეწარმეთა შესახებ“ კანონით დირექტორისთვის გათვალისწინებული მოვალეობები, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი და შეუქცევადი ზიანი მიაყენოს შპს „ტელეკომპანია საქართველოს".

 21. მოსარჩელის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან არ ირკვევა ლეგიტიმური მიზანი და პროპორციულ ღონისძიებად ვერ ჩაითვლება აღმასრულებლის მიერ ქონების მართვა, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე, რაც ზღუდავს მესაკუთრის საკუთრების უფლებას.

22. მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია, გამოიყენოს უზრუნველყოფის იმგვარი ღონისძიება, რომელიც არ არის განსაზღვრული სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, მიუხედავად გამოსაყენებელი ღონისძიების ინტენსივობისა. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლზე დაყრდნობით, სასამართლო უფლებამოსილია, გამოიყენოს იმგვარი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც არ არის გადაცემული დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად, მაშინაც კი, თუ უკვე გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

23. მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ნორმები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა, წინასწარგანუჭვრეტელი შინაარსით, განუსაზღვრელ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით. მოსარჩელე სადავო ნორმის გამოყენებას კიდევ უფრო დიდ საფრთხეებს უკავშირებს იმ შემთხვევაში, როდესაც იგი გამოიყენება სამეწარმეო იურიდიულ პირში წილებთან მიმართებაში. მოსარჩელის აზრით, საწარმოს მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების იმგვარი გამოყენება, რომლის შინაარსი და ფორმაც ნათლად არ არის განსაზღვრული, გამოიწვევს იურიდიული პირის საქმიანობის პარალიზებას და გამოუსწორებელ ფინანსურ შედეგებს.

24. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სადავოდ გამხდარი ნორმებიდან არ ირკვევა ლეგიტიმური მიზანი და დარღვეულია პროპორციულობის ტესტი, რაც იწვევს მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვას.

25. №681 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველ წინადადებას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.

26. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმებზე დაყრდნობით, მოსამართლემ დაუსაბუთებლად დანიშნა დროებითი მმართველი, რომელსაც აქვს სრული უფლებამოსილება, ზეგავლენა მოახდინოს როგორც ზოგადად სამაუწყებლო კომპანიის, ისე მასში დასაქმებული ჟურნალისტების საქმიანობასა და სარედაქციო პოლიტიკაზე. სადავო ნორმები დასაშვებად მიიჩნევს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ყოველგვარი ლეგიტიმური მიზნის გარეშე. ამასთან, სადავო ნორმებით არ არის დადგენილი კონკრეტული სიკეთე, რომლის მისაღწევადაც დასაშვები იქნებოდა ძირითად უფლებათა შეზღუდვა, რის გამოც, იგი წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ რეგულაციას.

27. მოსარჩელე მხარე თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.

28. მოპასუხე მხარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ტერმინ „გადამხდევინებელთან“ დაკავშირებით, დაეთანხმა მოსარჩელე მხარეს და აღნიშნა, რომ იგი არ არის განმარტებული კანონმდებლობით, თუმცა მოპასუხემ მოიხმო საერთო სასამართლოების განმარტება, რომლის მიხედვითაც იგი გამოიყენება მაშინ, როდესაც მოგებული მხარის ინტერესებს შეიძლება მიადგეს ზიანი.

29. მოპასუხე მხარის პოზიციით, დაუყოვნებლივ აღსრულებას დაქვემდებარებული გადაწყვეტილებებისა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების ე.წ. „ღია“ ჩამონათვალი გამოწვეულია სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების მრავალფეროვნებით. სამოქალაქო კოდექსი პირებს ნებას რთავს, შევიდნენ ნებისმიერ კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში, რაც პირდაპირ შესაძლოა არ იყოს გათვალისწინებული კანონით. მსგავსი კანონით გაუთვალისწინებელი ურთიერთობების მიმართ სასამართლო უნდა იყოს აღჭურვილი შესაბამისი ადეკვატური ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობით. ამასთან, პარლამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, თუ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის ქმედითი და გადაწყვეტილების აღსრულებას საფრთხე ემუქრება, მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი სადავო ნორმის გამოყენება.

30. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მთავარი არგუმენტაცია მიემართება სადავო ნორმების ბუნდოვანებას. სადავო ნორმა არ უნდა განიმარტოს სხვა საკანონმდებლო ნორმებისგან იზოლირებულად და ის ფაქტი, რომ თავად სადავო ნორმაში რაღაც არ არის გაწერილი, არ ნიშნავს იმას, რომ ეს საერთოდ არ არის გათვალისწინებული კანონმდებლის მიერ. ზოგადად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინა პირობები და გარემოებები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლში და ეს პირობები ეხება 198-ე მუხლით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას.

31. მოპასუხე მხარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ მას არ აქვს ისეთი შინაარსი, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებს. მოპასუხის განმარტებით, ტერმინს ყველა კანონისთვის ერთი შინაარსი აქვს, თუ იმავე ტერმინის სხვადასხვაგვარი განმარტება არ არის მოცემული სხვადასხვა კანონში. ამდენად, საქართველოს პარლამენტის პოზიციით, სეკვესტრს შეიძლება მხოლოდ ის მნიშვნელობა მივანიჭოთ, რაც სამოქალაქო კოდექსის 310-ე მუხლით და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით აქვს მინიჭებული. კერძოდ, მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ დაუშვებელია აღმასრულებლის ქვეშ მოიაზრებოდეს სასამართლოს მიერ დანიშნული დროებითი მმართველი. ამასთან, მოპასუხე მხარემ დროებითი მმართველის პასუხისმგებლობის შესაძლებლობა ამოიკითხა სისხლის სამართლის კოდექსის 2051 მუხლიდან.

32. საქართველოს პარლამენტი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზანს წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მოპასუხისთვის ან მესამე პირისთვის ცალკეული ქმედებების აკრძალვისა თუ დავალდებულების გზით, არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მისი შეცვლის პრევენციის მიზნით. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა ემსახურება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის რეალური გარანტიების შექმნას და გამორიცხავს მართლმსაჯულების განხორციელების ფორმალურ ხასიათს.

33. პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დაცულია მოპასუხის უფლებაც. კერძოდ, მას მინიჭებული აქვს გასაჩივრების უფლება და აგრეთვე გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების შესაძლებლობა, რომლის თანახმადაც, აღსრულებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის, საქმისწარმოების შეწყვეტის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოპასუხეს მოსარჩელემ უნდა დაუბრუნოს ყოველივე, რაც მან მოსარჩელის სასარგებლოდ გადაიხადა გაუქმებული გადაწყვეტილებით.

34. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს ცენზურის დაწესებას ან ინფორმაციის მოპოვებისა თუ გავრცელების შეზღუდვას, ამდენად, კონსტიტუციის 24-ე მუხლის მოთხოვნები დარღვეული არ არის სადავო ნორმით. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ მედიასაშუალებებთან მიმართებაში ვერ გამოირიცხება დაუყოვნებლივი აღსრულების მექანიზმის გამოყენება, არამედ სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განსაზღვროს მისი გამოყენების საჭიროება.

35. მოპასუხე მხარე თავისი არგუმენტების გასამყარებლად უთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას, ვენეციის კომისიის დასკვნასა და სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკას.

 

II

სამოტივაციო ნაწილი

1. №675-ე და №681-ე კონსტიტუციური სარჩელებით, სადავოდ არის გამხდარი: ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით; გ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების და 271-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.

2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის სადავო ნორმის თანახმად, საქმის განმხილველ სასამართლოს შეუძლია, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს.

3. გარდა ამისა, №675-ე ნომრით რეგისტრირებული სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269- მუხლის მე -2 წინადადებება. ხსენებული მუხლის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე“. აღნიშნული წინადადება სასამართლოს აღჭურავს უფლებამოსილებით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი განიხილოს და გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის ჩატარების და ამ საკითხზე მხარეთა არგუმენტაციის მოსმენის გარეშე. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ხსენებულ საკითხზე ზეპირი მოსმენის ჩაუტარებლობა მისი კონსტიტუციის 42- მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დაცულ სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებას ხელყოფს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ხსენებულ დებულებებს .

4. №681-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩლის სადავო ნორმები განსაზღვრავენ მოსამართლის უფლებამოსილებას, მოახდინოს სარჩელის კანონიერ ძალაში შეუსვლელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფა და, მათ შორის, უფლებამოსილია საკუთრებით სარგებლობის, მისი მართვის უფლებამოსილება მიანდოს სასამართლოს მიერ დანიშნულ პირს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმები იწვევს როგორც საკუთრების უფლების (კონსტიტუციის 21-ე მუხლი), ასევე გამოხატვის თავისუფლების (კონსტიტუციის 24-ე მუხლი) უფლების შეზღუდვას, რამდენადაც სადავო ნორმის საფუძველზე დანიშნული დროებითი მმართველი, სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, აღჭურვილია უფლებით, განსაზღვროს ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა.

5. წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელებით საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დასმული საკითხები მიზანშეწონილია შეფასდეს ერთმანეთისგან დამოუკიდბელად, კონსტიტუციური უფლებების ჭრილში.

6. სამართალშემფარდებლის კონსტიტუციური ვალდებულებაა, იხელმძღვანელოს კონსტიტუციური ნორმებით, როდესაც კანონი არ იძლევა მკაფიო მითითებას მის წინაშე მდგომი საკითხის გადასაწყვეტად და მაშინაც, როდესაც საკანონმდებლო ნორმა კონსტიტუციის საწინააღმდეგო წესს ადგენს. კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ ან მათი იგნორირებით მიღებული განმარტება, კანონის არასწორი, ანუ კონსტიტუციით დაცული სამართლებრივი წესრიგის საწინააღმდეგო განმარტებას გულისხმობს. თუ არაკონსტიტუციური ნორმა ან კონსტიტუციასთან შეუსაბამო განმარტება სადავო საკითხის მოწესრიგების, მისი სამართლებრივი გადაწყვეტის საფუძველს ქმნის, თავად ასეთი გადაწყვეტა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

7. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელებისას საერთო სასამართლოები სარგებლობენ კანონის განმარტების უფლებამოსილებით. ზოგადი საკანონმდებლო ნორმების შინაარსი სწორედ მათი კონკრეტული საქმეების გადაწყვეტისას განმარტებით ზუსტდება და ვითარდება. ამავე დროს, საერთო სასამართლოები შეზღუდულნი არიან როგორც კონსტიტუციური ფარგლებით, ისე საკანონმდებლო ორგანოს მიერ კანონით დადგენილი ფარგლებით. კონსტიტუცია ავალდებულებს სამართალშემფარდებელს, საკანონმდებლო ნორმების გამოყენებისას, კეძოსამართლებრივი დავების გადაწყვეტისას იხელმძღვანელოს კონსტიტუციური პრინციპებით, არ დაუშვას საკუთრების კონსტიტუციური უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა, მხედველობაში მიიღოს სამართლებრივი შედეგი, რომელიც საკანონმდებლო ნორმების გამოყენებამ, ინტერპრეტირებამ შეიძლება მოახდინოს კონსტიტუციურ უფლებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269- მუხლის მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობა 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით

 

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269- მუხლის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე“. სსსკ-ის 269- მუხლის მეორე წინადადება აღჭურავს სასამართლოს უფლებამოსილებით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი განიხილოს და გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის ჩატარების და ამ საკითხზე მხარეთა არგუმენტაციის მოსმენის გარეშე. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ხსენებულ საკითხზე ზეპირი მოსმენის ჩაუტარებლობა მისი კონსტიტუციის 42- მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დაცულ სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებებს ხელყოფს.

9. საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის როლი, მნიშვნელობა და გარემოებები, როდესაც მისი აუცილებლობა არსებობს, ერთმნიშვნელოვნად არის იდენტიფიცირებული საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით. პირის შესაძლებლობა, მის უფლებასთან დაკავშირებული საქმე განხილულ იქნეს საჯარო მოსმენით და ჰქონდეს საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა ...დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლებით. შესაბამისად, ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც ახდენს პირის აღნიშნული შესაძლებლობების შეზღუდვას, წარმოადგენს ჩარევას სამართლიანი სასამართლოს უფლებაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის 2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-5).

10. „საქმის ზეპირი მოსმენა ითვალისწინებს რა მხარეთა უშუალო მონაწილეობას საქმის განხილვაში, რაც ნიშნავს მათ შესაძლებლობას, წარადგინონ მტკიცებულებები, გამოთქვან მოსაზრებები, დაიცვან თავი პირადად ან დამცველის მეშვეობით, სწორედ ამ გზით წარმოადგენს მნიშვნელოვან გარანტიას პროცესის შეჯიბრებითობის, დაცვის უფლებით ადეკვატურად სარგებლობისთვის, ამასთან, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს მხარეთა შესაძლებლობას, უკეთ დაიცვან საკუთარი ინტერესები, გავლენა მოახდინონ საქმის გადაწყვეტაზე, ხელი შეუწყონ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-61 ). „საქმის ზეპირი განხილვა, ერთი მხრივ, ხელს უწყობს მხარეებს უკეთ დაასაბუთონ საკუთარი კანონიერი მოთხოვნები, ხოლო, მეორე მხრივ, ეხმარება მოსამართლეს, საქმის ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე გამოიტანოს ობიექტური, სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის 2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-35). „მხარის მიერ საკუთარი მოსაზრებების წარდგენის უფლება ხელს უწყობს გადაწყვეტილების დასაბუთებულობას , აძლიერებს მომავალში მხარის გასაჩივრების უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას და ამცირებს გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი საფუძვლების დაუსაბუთებლობის ან/და უკანონობის არსებობას/არსებობის ალბათობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის 2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-41). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი, რომ უფლება საქმის ზეპირი მოსმენით განხილვაზე, საქართველოს კონსტიტუციის 42- მუხლის პირველი და მე -3 პუნქტებით დაცული უფლებრივი კომპონენტია. შესაბამისად, სადავო ნორმა ითვალისწინებს რა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის გადაწყვეტას ზეპირი მოსმენის გარეშე, ხსენებული უფლების შეზღუდვას ახდენს.

11. საქართველოს კონსტიტუციის 42- მუხლის პირველი და მე -3 პუნქტებით დაცული უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება 1/466 საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-15). „შეზღუდვები უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს და დაცული უნდა იყოს გონივრული თანაზომიერება დაწესებულ შეზღუდვასა და დასახულ მიზანს შორის... ამ პირობების დაცვა აუცილებელია, რადგან შეზღუდვები არ უნდა ამცირებდეს პირისათვის ნებადართულ ხელმისაწვდომობას იმ ზღვრამდე, რომ თავად უფლების არსი შეილახოს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება /3/393,397 საქმეზე საქართველოს მოქალაქეები ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1)“.

12. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული უფლებაა, იგი ქმნის მექანიზმს სხვა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლოს მეშვეობით დასაცავად. შესაბამისად, სასამართლოსათვის მიმართვა, ისევე როგორც ზეპირი მოსმენის ჩატარება, არ არის თვითმიზანი, მისი საჭიროება არსებობს მაშინ, როდესაც ზეპირი მოსმენის ჩატარება ობიექტურად აუცილებელია საქმის სრულყოფილი გამოკვლევისათვის და საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად.

13. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა ასევე ცალსახად მიუთითებს ვითარებას, როდესაც ზეპირი მოსმენის ჩატარების მომეტებული ინტერესი არსებობს, „უმთავრესი საკითხი, რომელიც მხედველობაში მიიღება ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის უფლების შეზღუდვისას, არის როგორია კონკრეტული საკითხის განმხილველი სასამართლოს კომპეტენცია იმ მოცემულ შემთხვევაში, კერძოდ კი, თვისობრივად რა საკითხების შესწავლა/შეფასება/გამოკვლევა უწევს სასამართლოს. ამ თვალსაზრისით, გადამწყვეტია, სასამართლო იხილავს მხოლოდ სამართლებრივ საკითხებს, თუ, იმავდროულად, ახდენს ფაქტების (ფაქტობრივი გარემოებების) შეფასება/შესწავლასაც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-74). „ზეპირი განხილვის უფლების დაცვის სტანდარტი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სამართალწარმოების შინაარსზე. იმ შემთხვევაში, როდესაც საქმის განხილვა უკავშირდება ფორმალურ-სამართლებრივი საკითხების დადგენას, ნაკლებია ზეპირი მოსმენის გამართვის ინტერესი. ამ შემთხვევაში მოქმედებს პრინციპი „jura novit curia” („სასამართლომ იცის კანონი“) და მხარეების მიერ სამართლებრივ გარემოებებზე მითითებას მხოლოდ დამხმარე ფუნქცია აქვს. განსხვავებულია მიდგომა იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წყვეტს როგორც ფორმალურ–სამართლებრივ საკითხებს, ასევე, აფასებს ფაქტობრივ გარემოებებს. ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემთხვევაში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზეპირი მოსმენის ჩატარებასა და პირისთვის მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობის მინიჭებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-42).

14. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ახდენს მხოლოდ სამართლებრივი ასპექტების შეფასებას, თუ ასევე ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევას. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შემთხვევებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილები. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; 1 ) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს , ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება“. ხოლო 11 ნაწილი ადგენს, რომ „ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით“.

15. აშკარაა, რომ 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა, „ბ, „გ, „დ , „ე1 , ვ ქვეპუნქტები გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას უკავშირებს დავის ტიპს, ხსენებული საფუძვლებით გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო აფასებს, რამდენად ექცევა მის მიერ უკვე გადაწყვეტილი დავა კანონით განსაზღვრული სამართლებრივი კატეგორიის ქვეშ. აღნიშნულიდან გამომდინარე, 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა , „ბ , „გ , „დ , „ე1 , „ვ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ საჭიროებს დამატებით ფაქტების დადგენას, სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად არის დამოკიდებული სამართლებრივი ასპექტების შეფასებაზე. მსგავსია მდგომარეობა სსკ-ის 268-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით. სახელშეკრულებო დავის გადაწყვეტისას სასამართლო იკვლევს თავად ხელშეკრულების შინაარს და, შესაბამისად, განსაზღვრავს, თუ რამდენად ითვალისწინებს იგი დაუყოვნებლივ აღსრულებას.

16. ზემოთ ხსენებული საფუძვლებისაგან განსხვავებით სსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი გადაწყვეტილების აღსრულებას არ უკავშირებს კონკრეტული დავის ტიპს. მის საფუძველზე გადაწყვეტილება შეიძლება დაუყოვნებლივ აღსრულდეს „ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება“. ხსენებული სამართლებრივი დასკვნის გასაკეთებლად სასამართლოს უცილობლად ესაჭიროება დამატებითი ფაქტების გამოკვლევა, მან უნდა განსაზღვროს, რა ზიანი შეიძლება მიადგენს გადამხდევინებელს გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებით. იმისათვის, რომ სასამართლომ დაადგინოს ზიანის მიყენების ალბათობა, მან უნდა გამოიკვლიოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ამ ზიანის დადგომას განაპირობებს, შეუძლებელია მოსალოდნელი ზიანის დადგომის ფაქტის დადგენა მხოლოდ სამართლებრივი ანალიზის შედეგად. ასევე, იმისათვის, რათა სასამართლომ დაასკვნას, რომ გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულებადი გახდეს, მას სჭირდება დაადგინოს ის ფაქტორივი გარემოებები, რომლებიც სამომავლოდ გადაწყვეტილების აღუსრულებადობას განაპირობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო, სამართლებრივი ნორმების შეფასებასთან ერთად, იკვლევს და ადგენს ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად, ასეთ პირობებში არსებობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მომეტებული ინტერესი.

17. ზოგადად საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა ამარტივებს სამართალწარმოების პროცედურას და ხელს უწყობს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. თუმცა აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევისას საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის ადეკვატურობა ეჭვქვეშ დგება მაშინ, როდესაც იგი შეიცავს ფაქტების არასრულფასოვნად დადგენის და შესაბამისად საქმის არასრულყოფილი გამოკვლევის შედეგად გადაწყვეტილების მიღების რისკებს. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად „სწრაფი მართლმსაჯულება და საქმეთა განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილება, პროცესის ეკონომიურობა, ისევე, როგორც არდაშვება სასამართლოს ხელოვნური გადატვირთვისა, რაც, საბოლოო ჯამში, ნეგატიურ გავლენას ახდენს მართლმსაჯულების ხარისხზე, უმნიშვნელოვანესი ლეგიტიმური მიზნებია, ვინაიდან თითოეული მათგანის დაცვა ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტურად სარგებლობას ემსახურება. თუმცა ამ ინტერესების დაცვის აუცილებლობა ვერ გაამართლებს ზეპირი მოსმენის გარეშე საქმეთა განხილვას, თუ ამის შედეგი იქნება კონკრეტული პირების უფლებების დარღვევა, უფლებების დაცვის შეუძლებლობა. სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების ლეგიტიმური მიზნების დაცვა ალოგიკურია, თუ ამის შედეგი ისევ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობის შეუძლებლობაა“ ((საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-90). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს სსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტას, იწვევს უფლებაში არაპროპორციულ ჩარევას და, შედეგად, საქართველოს კონსტიტუციის 42- მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას.

18. მოსარჩელე ასევე ითხოვს სსკ-ის 269- მუხლის მე-2 წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42- მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, რომლის თანახმადაც: „დაცვის უფლება გარანტირებულია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „დაცვის უფლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირს, რომლის მიმართაც გარკვეული პროცესუალური ზომები ტარდება, უნდა გააჩნდეს შესაბამის პროცედურასა და მის შედეგზე ეფექტური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის 1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები ლევან იზორია და დავით - მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-55). „საქართველოს კონსტიტუციის 42- მუხლის მე -3 პუნქტის თანახმად, პირს უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის დასაცავად პოზიციის პირადად გამოხატვის ან/და დამცველით უზრუნველყოფის უფლება, რისი მიღწევაც, უმეტეს შემთხვევაში, პრაქტიკულად შეუძლებელია, როდესაც საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, აუცილებლად გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოება: დაცვით უზრუნველყოფა გულისხმობს არა მხოლოდ ფიზიკურად დამცველის ყოლას, არამედ დაცვისთვის ადეკვატურად მომზადების შესაძლებლობასაც. ამიტომ კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს მინიმალურ, ამასთან გონივრულ, საკმარის დროს იმისათვის, რომ პირს ჰქონდეს შესაძლებლობა, დაიცვას თავი პირადად ან დამცველის მეშვეობით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება 1/3/393,397 საქმეზე საქართველოს მოქალაქეები ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II).

19. 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველო მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა თავისთავად და ყოველთვის არ გულისხმობს პირის დაცვის უფლების დარღვევასაც. მაგრამ, როდესაც საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა აუცილებელია უფლების სრულყოფილი დაცვისთვის, ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვა არღვევს არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 42- მუხლის პირველ პუნქტს, არამედ მე-3 პუნქტით გარანტირებულ დაცვის უფლებასაც, როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანეს უფლებრივ კომპონენტს. რადგან ასეთ შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვა უფლების დარღვევას იწვევს სწორედ იმის გამო, რომ პირს საერთოდ არ აქვს მტკიცებულებების წარდგენის, საკუთარი პოზიციის პირადად ან დამცველის მეშვეობით დაფიქსირების, დაცვის შესაძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-95) .

20. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს სსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით

 

21. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. კონსტიტუციის აღნიშნული დებულება ადგენს კერძო საკუთრების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას, ზღუდავს სახელმწიფოს შესაძლებლობას, ჩაერიოს მესაკუთრის მიერ საკუთარი ქონებით თავისუფალ სარგებლობაში. საქარველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის 1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

22. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი „გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისთვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370, 382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე სახელმწიფო უფლებამოსილია, განსაზღვროს საკუთრების შინაარსი და ფარგლები, დაადგინოს საკუთრების რეგულირების საკანონმდებლო ჩარჩოები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370, 382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11 ). კონსტიტუციის ამავე მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებულია საკუთრების უფლებაზე ზემოქმედების განსხვავებული ფორმა, როდესაც სახელმწიფო პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობს საკუთრების ჩამორთმევის კონკრეტულ პროცესში აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის; აქ იგულისხმება ექსპროპრიაცია და არა პირის მიერ მისი ნების საწინააღმდეგოდ საკუთრების დაკარგვის ყველა შემთხვევა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370, 382, 390, 402, 405 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). საკონსტიტუციო სასამართლოს ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციის 21-ე მუხლი მე-2 ან მე-3 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში დაირღვევა კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტიც. თუმცა პირველი პუნქტი აგრეთვე მოიცავს უფლების ხელყოფის სხვა ტიპებს, რომლებიც შეიძლება ზუსტად არ მიესადაგებოდეს საკუთრების შეზღუდვას ან ჩამორთმევას კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების გაგებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-71 ).

23. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები აჩვენებს, რომ იგი შეიძლება შეიზღუდოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით. შესაბამისად, უფლების შეზღუდვის შემთხვევებში სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს, რამდენად არსებობს შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება.

24.  „კონსტიტუციური უფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების შეზღუდვის შეფასების საზომი თანაზომიერების პრიციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეამოწმოს რა წარმოადგენს სადავო ნორმით გათვალისწინებულ შეზღუდვას, მის ლეგიტიმურ მიზანს და რამდენად წარმოადგენს ის მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებას.

25. სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შესაფასებლად კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, პირველ რიგში, საჭიროა განიმარტოს სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის სადავო ნორმატიული შინაარსი და განისაზღვროს, რამდენად წარმოადგენს ის ჩარევას 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში. აღსანიშნავია, რომ სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი მიუთითებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის უფლებამოსილებას ნებისმიერი კატეგორიის საქმეზე. თუმცა, იზღუდება რა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებით, სასამართლომ უნდა იმსჯელოს აღნიშნული მუხლის მხოლოდ იმ ნორმატიულ შინაარსზე, რომელიც ეხება სადავო ქონებაზე სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას, რომლის თანახმადაც, საკუთრების უფლება არსებული მესაკუთრიდან - მოპასუხიდან მოწინააღმდეგე მხარეზე ან მესამე პირზე გადადის.

26. როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის სადავო ნორმის თანახმად, სასამართლოს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცემს გადაწყვეტილებას, თუ აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ან მისი აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ინსტიტუტი გულისხმობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში გადაწყვეტილების შესვლა გულისხმობს, რომ აღარ არსებობს გადაწყვეტილების სააპელაციო ან საკასაციო წესით გასაჩივრების და ამ გზით მისი შეცვლის შესაძლებლობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა გამორიცხავს მისი მხარეების მიერ იგივე სასარჩელო მოთხოვნით სასამართლოში დავის შესაძლებლობას ან იმავე ფაქტების სადავოდ გახდას სხვა პროცესში, 267-ე მუხლის თანახმად კი, მხოლოდ კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაიშვება გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება.

27. ამდენად, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებად მიიჩნევა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია სამართლებრივი სისტემით გათვალისწინებული გასაჩივრების ყველა მექანიზმის ამოწურვით ან ამ მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობის გაშვებით/უარის თქმით, რის შემდეგაც ხდება გადაწყვეტილების აღსრულება. ეს წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ზოგად წესს. აღნიშნული ზოგადი წესიდან გამონაკლისია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულდება. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება შედის ძალაში, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს უფლება აქვთ, ის ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრონ და მიაღწიონ გადაწყვეტილების შეცვლას. ამდენად, სადავო ნორმა შესაძლებლობას იძლევა, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ქონება, სასამართლოს გადაწყევტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, გადაეცეს მოდავე მხარეს.

28. ამდენად, სადავო ნორმის თანახმად, დაუყოვნებლივ აღსრულდება გადაწყვეტილება, რის შედეგადაც პირი, რომელსაც საქმისწარმოების დაწყებამდე გააჩნდა საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, მიღებული გადაწყვეტილების შედეგად კარგავს საკუთრების უფლებას და ეს უფლება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების გზით გადაეცემა გადამხდევინებელს. ამასთან, საკუთრების უფლება გადამხდევინებელს გადაეცემა იმ მომენტში, როდესაც მოპასუხეს ჯერ კიდევ აქვს უფლება, გაასაჩივროს მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო ან/და საკასაციო წესით. შესაბამისად, არსებობს ალბათობა, რომ გარკვეულ ვადაში აღსრულებული გადაწყვეტილება შეიძლება კვლავ შეიცვალოს და საკუთრების უფლება ზემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად კვლავ დაუბრუნდეს მოპასუხეს.

29. ხაზგასასმელია, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება სამართლებრივი თვალსაზრისით არ ართმევს მხარეს უფლებას, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება, სრულად ისარგებლოს შესაბამისი სამართალწარმოების ფარგლებში სამართლიანი სასამართლოს გარანტიებით და სადავო გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში მიაღწიოს გაუქმებული გადაწყვეტილებით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრას, რამდენადაც ეს პრაქტიკულად განხორციელებადი იქნება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლი უზრუნველყოფს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობასაც (თუმცა გასაჩივრება არ აბრკოლებს მის აღსრულებას). თუმცა წინამდებარე დავის საგანს წარმოადგენს არა საპროცესო ქმედების გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების წინააღმდეგ სასამართლო დაცვის საშუალებების ხელმისაწვდომობის ან ეფექტურობის ნაკლებობა, არამედ ამ საპროცესო ღონისძიების მოქმედების პერიოდში მის საფუძველზე განხორციელებული ჩარევა მესაკუთრის უფლებებში.

30. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მომენტიდან აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების ყველა მექანიზმის ამოწურვამდე, ანუ იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც აღსრულებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, მოვალე კარგავს საკუთრებას და ამ უფლებიდან გამომდინარე საკუთრებით სარგებლობის, მისი მართვის შესაძლებლობას, რაც, მოსარჩელეთა აზრით, ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს ჩარევას კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკუთრების უფლებაში.

31. იმის გასარკვევად, სადავო ნორმა წარმოადგენს თუ არა ჩარევას საკუთრების კონსტიტუციურ უფლებაში, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, პირი, რომელიც გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოადგენდა სადავო ქონების მესაკუთრეს, თუ შეიძლება მის წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც ჩაითვალოს მესაკუთრედ კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიზნებისთვის.

32. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმის საფუძველზე, სადავო ქონება არსებული მესაკუთრიდან შეიძლება გადაეცეს სხვა მოდავე მხარეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც არ არის კანონიერ ძალაში შესული. პირი, რომელიც ახორციელებდა ქონებაზე საკუთრების უფლებიდან გამომდინარე სხვადასხვა უფლებებს, კარგავს ამ შესაძლებლობას სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სადავო ნორმის საფუძველზე ხდება არა თავად საკუთრების უფლების შინაარსის ან საკუთრების უფლების მფლობელი პირის განსაზღვრა, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე შეიძლება ჯერ კიდევ დავის საგანს წარმოადგენდეს, არამედ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შედეგად საკუთრების უფლების გადაცემა ერთი პირიდან მეორეზე, რაც იწვევს ყოფილი მესაკუთრის უუნარობას, განახორციელოს საკუთარი ქონების მართვა და საკუთრების უფლებიდან გამომდინარე სხვა უფლებები.

33. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლების კონსტიტუციური გარანტიები ვრცელდება ქონებაზე, რომელსაც პირი ფლობს კანონიერად, ხოლო ქონების მესაკუთრედ პირი ითვლება მანამ, სანამ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით საპირისპირო არ დამტკიცდება. ცხადია, რომ ზემოთ ხსნებული პრინციპი ეხება მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ და სასამართლო განხილვის შედეგად ქონებაზე უფლების დაკარგვის შემთხვევას და არ გამორიცხავს გარემოებას, როდესაც სახელშეკრულებო ან სხვა ნებაყოფლობითი სამოქალაქო ურთიერთობის საფუძველზე, პირი გადასცემს საკუთრების უფლებას ქონებაზე კონტრაგენტს. თუმცა, როდესაც სახელმწიფო (თავისი ან კერძო პირების სასარგებლოდ) პირისგან მოითხოვს მისი ნების საწინააღმდეგო სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას და მის საფუძველზე საკუთრების გადაცემას სხვა მხარისთვის, ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს კანონიერ ძალაში შესული და საბოლოო. დაუყოვნებლივ აღსრულებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გადამხდევინებელი ხდება მესაკუთრე. შესაბამისად, სადავო ნორმა უნდა შეფასდეს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

34. ამ მხირვ საყურადღებოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იმასთან დაკავშირებით, თუ რა ითვლება ქონებად კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მიზნებისთვის. საქმეში Stran Greek Refineries S.A. and Stratis Andreadis v Greece ( No. 13427/87) სასამართლომ გამოარკვია წარმოშობს თუ არა ვალის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლო და არბიტრაჟის გადაწყვეტილება საკუთრების უფლებას ქონებაზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოხდა იმის აღიარება, რომ სახელმწიფოს ჰქონდა განმცხადებლების ვალი, ჯერ კიდევ არ ქმნიდა ქონებრივ უფლებას, რადგან გადაწყვეტილების სამართლებრივი ეფექტი იყო მოსარჩელეთა მოთხოვნის აღიარება. თუმცა იქნებოდა თუ არა თავად ვალი აღსრულებადი, დამოკიდებული იყო ორი ზემდგომი სასამართლოს მიერ საკითხის შეფასებაზე (No. 13427/87 ). მეორე მხრივ, ჩაითვალა, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება ადასტურებდა განმცხადებლების ქონების არსებობას, რადგან გადაწყვეტილება იყო საბოლოო და მბოჭავი. ის არ მოითხოვდა აღსრულების რაიმე სხვა ღონისძიების გატარებას და მის შესაცვლელად რაიმე ჩვეულებრივი ან განსაკუთრებული გასაჩივრების პროცესი არ არსებობდა. აღნიშნული მიდგომა მეორდება სასამართლოს კარგად დამკვიდრებულ პრაქტიკაში, რომლის თანახმადაც, პირის მოთხოვნა იმ შემთხვევაში ჩაითვლება ქონებად, თუ ის აღიარებული და განსაზღვრულია სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც საბოლოო გახდა (Arvanitaki-Roboti and Others V. Greece, პარ. 21, 27278/03 , 2006 წლის 18 მაისი). შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობა და გასაჩივრების მექანიზმების ამოწურვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პირის მოთხოვნა ქონებაზე ჩაითვალოს ქონებად “.

35. ამდენად, სამართალწარმოების დასრულებამდე და სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტამდე, პირს, რომელიც სამართალწარმოების დაწყების მომენტში ფლობდა საკუთრების უფლებას, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მიუხედავად და მისი მიღების შემდეგაც გააჩნია კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული ინტერესი და მისი საკუთრების უფლების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს 21-ე მუხლის მოთხოვნებს. მესაკუთრისთვის საკუთრების უფლების დასაცავად სამართლებრივი საშუალებების მინიჭება ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების შესაძლებლობა, გულისხმობს იმასაც, რომ აღნიშნული საშუალებების ამოწურვამდე ის მესაკუთრედ უნდა ჩაითვალოს.

36. მეორე მხარეს ამავე სტანდარტის წარმოადგენს მოთხოვნა, რომ იმ სამართალწარმოების ფარგლებში, რომელიც მიმართულია ქონებრივი დავის გადაწყვეტისკენ, საკუთრების უფლების გადასვლა ერთი პირიდან მეორეზე უნდა მოხდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე. კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის საკუთრების უფლების მატარებელმა პირმა არ უნდა დაკარგოს უფლება საკუთრებაზე სანამ შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება არ შევა ძალაში. ამ მხრივ, სადავო ნორმა, რომელიც ითვალისწინებს საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, წარმოადგენს ჩარევას კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტში.

37. საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელეთა მოსაზრებას, რომ სადავო ნორმა იწვევს კონსტიტუციით გარანტირებული მათი საკუთრების უფლების შეზღუდვას, რამდენადაც სადავო ნორმის მოქმედების შედეგად, მათი საკუთრება, მათი ნების საწინააღმდეგოდ და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაეცემა მოწინააღმდეგე მხარეს. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მოსარჩელეებმა შეიძლება დაკარგონ მათი საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა სადავო ქონებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ამდენად, სადავო ნორმა იწევევს მოსარჩელეთა საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვას, ფაქტობრივად განაპირობებს მესაკუთრის შეცვლას, იწვევს საკუთრების უფლების გადაცემას სხვა პირზე.

38. იმის შეფასებისას, რამდენად თანაზომიერია საკუთრების უფლებაში სადავო ჩარევა სადავო ნორმის შეფასებისას, უნდა განვასხვაოთ სადავო ნორმის გამოყენების ორი საფუძველი: ა. გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნების გამო გადამხდევინებლისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შესაძლებლობა; ბ. დაყოვნების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობა. სადავო ჩარევა რამდენად ემსახურება ღირებულ საჯარო მიზანს და რამდენად პროპორციულია ამ მიზნისა, დამოუკიდებლად უნდა შეფასდეს ამ ორი საფუძვლის მიმართ.

39. საკონსტიტუციო სასამართლო ეჭვქვეშ არ აყენებს სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას ემსახურება. კერძო-სამართლებრივი დავების გადაწყვეტის, სამოქალაქო უფლებების განსაზღვრისთვის სასამართლოსთვის მიმართვა იქნებოდა არაეფექტური, თუ დავუშვებთ, რომ სასამართლოს საბოლოო, მბოჭავი გადაწყვეტილება შეიძლება აღუსრულებელი დარჩეს. სახელმწიფოს აღნიშნული პოზიტიური ვალდებულების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი საჭიროება იმისა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები აღუსრულებელი არ დარჩეს, ცალსახაა.

40. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თუ დავის განმხილველი სასამართლო დაადგენს, რომ აღსრულების დაყოვნება გამოიწვევს შემდგომში გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას, თუნდაც ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვონ შემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, საკუთრების მოწინააღმდეგე მხარისთვის გადაცემა გადაწყვეტილების ეფექტურობის მნიშვნელოვანი გარანტიაა და სხვათა, ამ შემთხვევაში გადამხდევინებლის უფლებების დაცვის ვარგისი საშუალება. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ალტერნატივას გადაწყვეტილების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები. 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით [სარჩელის უზრუნველყოფა] დადგენილი წესების შესაბამისად. სასამართლო იზიარებს მოსარჩელეთა არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, მართალია, შეიძლება იწვევდეს არსებული მესაკუთრის ცალკეული უფლებების და მისი მოქმედების თავისუფლების შეზღუდვას სადავო ქონებასთან მიმართებით, თუმცა საკუთრების და მისგან გამომდინარე ყველა უფლების სხვა პირისთვის გადაცემასთან შედარებით, რაც ერთიანად წყვეტს არსებული მესაკუთრის კავშირს ქონებასთან, ნაკლებად მზღუდავ საშუალებად უნდა ჩაითვალოს. შესაბამისად, კანონი უნდა ავალებდეს მოსამართლეს, პირველ რიგში გამოიკვლიოს, ხომ არ შეიძლება გადამხდევინებლის ინტერესების დაცვა და გადაწყვეტილების ეფექტურობის უზრუნველყოფა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებით. სადავო ნორმატიული შინაარსის ფარგლებში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები ვერ უზრუნველყოფს სამომავლოდ გადამხდევინებლისთვის გადაწყვეტილების აღსრულებას.

41. ამავე დროს, ბუნდოვანი რჩება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მეორე საფუძველი, რომელიც მიუთითებს გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნების შემთხვევაში გადამხდევინებლისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე. ამ მხრივ, მნიშნველოვანი ზიანი, ერთი მხრივ, შეიძლება გამოწვეული იყოს მოპასუხის ქცევით სადავო ქონების მიმართ, ხოლოდ, მეორე მხრივ, გადამხდევინებლის საკუთრებაში სადავო ქონების გადაუცემლობით, რამაც მას, სხვადასხვა მიზეზის გამო, შეიძლება მიაყენოს ზიანი.

42. სადავო ნორმა საქმის განმხილველ სასამართლოს ავალდებულებს, შეაფასოს ზიანი, რომელიც შესაძლოა მიადგეს გადამხდევინებელს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად არ შეიცავს ასეთივე მითითებას მოვალის (სამოქალაქო დავაში მოპასუხის) იმ სავარაუდო ზიანის შეფასების მხრივ, რომელიც მას დაუყოვნებელი აღსრულების შედეგად შეიძლება მიადგეს. სადავო ნორმა უპირატესობას გადამხდევინებელს ანიჭებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოვალე დაამტკიცებს, რომ დაუყოვნებელი აღსრულების შედეგად მას მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიადგეს.

43. სამოქალაქო დავების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, სადავო საკითხის ბუნებიდან გამომდინარე, დაუყოვნებელი აღსრულება შეიძლება იყოს ერთადერთი ეფექტური საშუალება კრედიტორის ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად. ასევე არ არის გამორიცხული, რომ გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებით კრედიტორისთვის გამოწვეული ზიანი შესაძლოა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე მოწინააღმდეგე მხარისთვის (არსებული მესაკუთრისთვის) დაუყოვნებელი აღსრულებით გამოწვეული სავარაუდო ზიანი.

44. გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ გადამხდევინებელს შეიძლება ზიანი მიაყენოს იმის გამო, რომ ქონება მის საკუთრებაში დაუყოვნებლივ არ გადადის და მას არ შეუძლია ამ ქონებით სარგებლობა, მართვა და მასზე მესაკუთრის სხვადასხვა უფლებამოსილების განხორციელება. თუმცა, ამ მხრივ, მოწინააღმდეგე მხარესაც მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიადგესს სადავო ქონების მისი საკუთრებიდან გატანით და მისი, როგორც მესაკუთრის უფლებების გაქარწყლებით, აღსრულებული გადაწყვეტილების შეცვლამდე (თუ ამგვარი რამ მოხდება ზემდგომ ინსტანციაში). დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას კანონი უნდა ითვალისწინებდეს საქმის განმხილველი სასამართლოს ვალდებულებას, შეაფასოს, აწონ-დაწონოს სავარაუდო ზიანი, რომელიც მხარეებს ასეთი გადაწყვეტილების მიღების ან მიუღებლობის შედეგად შეიძლება მიადგეს. ცხადია, რომ სადავო ნორმა არ ითვალისწინებს დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მხარეთ შორის ინტერესთა სათანადო დაბალანსების ტესტს. ორივე მხარეს არსებული სავარაუდო ზიანის შემთხვევაში სადავო ნორმა უპირატესობას ანიჭებს კრედიტორს, თუმცა კანონმდებლობა მოწინააღმდეგე მხარეს შესაძლებლობას უტოვებს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფის გამოყენებით დააზღვიოს ის ზიანი, რომელიც მას დაუყოვნებელი აღსრულების შედეგად შეიძლება მიადგეს.

45. დაუყოვნებელი აღსრულების შემთხვევაში კრედიტორი სადავო ქონებასთან დაკავშირებით იძენს მესაკუთრის უფლებამოსილებას. უფლებამოსილი ხდება განკარგოს, მათ შორის, სრულად ან ნაწილობრივ გაასხვისოს ქონება საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე აღსანიშნავია, რომ, ისევე როგორც მოსარჩელეთა შემთხვევაში, სამოქალაქო დავა შეიძლება უკავშირდებოდეს სამაუწყებლო კომპანიას და სამაუწყებლო კომპანიის საქმიანობის, მისი ბუნების, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლოა ძალზე რთული იყოს დაუყოვნებელი აღსრულების შედეგად გამოწვეული ზიანის ადეკვატური ანაზღაურება, განსაკუთრებით კრედიტორის მიერ მის საკუთრებაში გადასული ქონების განკარგვის (გასხვისების) შემთხვევაში. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სავარაუდო ზიანის განსაზღვრა ადეკვატურ შეფასებას ექვემდებარება, დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისა და მოწინააღმდეგე მხარის საკუთრების გადამხდევინებლისთვის გადაცემა არსებული მესაკუთრის ინტერესების დაცვის საკმარისი პროცედურული გარანტიებით. არ არის დაბალანსებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი არ იქნა განხილული სასამართლოს არსებით სხდომაზე, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. შესაბამისად, დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხარეთა არგუმენტაციის მოსმენის გარეშე, რაც თავისთავად გამორიცხავს სასამართლოს ვალდებულებას/შესაძლებლობას, შეაფასოს ის სავარაუდო ზიანი, რომელიც მოწინააღმდეგე მხარეს შეიძლება მია დგეს და ასევე გამორიცხავს ამ უკანასკნელის შესაძლებლობას, დროულად მოითხოვოს შებრუნების უზრუნველყოფა საკუთარი ინტერესების დასაცავად .

46. სამართალშემფარდებელი, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების განმახორციელებელი, კონსტიტუციური უფლებების პრაქტიკაში რეალიზების შესაძლებლობას ქმნის, მათ შორის, კერძოსამართლებრივი დავების გადაწყვეტისას. საკანონმდებლო ნორმების ინტერპრეტირების შედეგად, მან არ უნდა დაუშვას ხელშეკრულების ერთი მხარისთვის სარგებლის მინიჭება სხვა პირთა საკუთრების კონსტიტუციური უფლების გაუმართლებელი შეზღუდვის ხარჯზე. იმ შემთხვევაში, თუ მოდავე მხარეებს თანაბრად წონადი უფლებრივი ინტერესი აქვთ, სამართალშემფარდებელი განსაკუთრებულად რთული პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. თუმცა თანაბრად წონადი უფლებრივი ინტერესების არსებობის შემთხვევაში, დავის ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტა მეორე მხარის კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სრული იგნონირებით, კონსტიტუციის მოთხოვნებთან არ იქნება თავსებადი.

47. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს, რომ არსებული საკანონმდებლო რეგულირების ფარგლებში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებისთვის მნიშვნელოვანია კრედიტორისთვის ზიანის მიყენების ალბათობა. კანონმდებლობა არაფერს მიუთითებს მოპასუხისთვის მიყენებულ ზიანზე მსჯელობის და მოსარჩელისა და მოპასუხის ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის მიღწევის ვალდებულებაზე. ამასთან, მოპასუხე მოკლებულია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებულ პროცესში ქმედითი მექანიზმების გამოყენებას საკუთარი ინტერესების დასაცავად. აღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა ჩაითვალოს, რომ 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირება არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებას და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების და 271-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით

 

48. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია, უზრუნველყოს გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც არ არის გადაცემული დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ამავე კოდექსის XXIII (სარჩელის უზრუნველყოფის) თავით დადგენილი წესის შესაბამისად. 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლო ასევე უფლებამოსილია, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დაავალდებულოს მოპასუხე მხარე, გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი აღმასრულებელს სეკვესტრის (იძულებით მართვა) სახით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, მოსამართლე უფლებამოსილია, გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისთვის.

49. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლზე დაყრდნობით, სასამართლო უფლებამოსილია, გამოიყენოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის იმგვარი ღონისძიება, რომელიც არ არის გადაცემული დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მაშინაც კი, თუ უკვე გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლო ასევე უფლებამოსილია, მესაკუთრეს ჩამოართვას ქონების ფლობის უფლება დავის დასრულებამდე, სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მიუხედავად.

50. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე და 198-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და, ამ მიზნით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული იურიდიული პირის, „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს შეუწყვიტა უფლებამოსილება და დანიშნა დროებითი მმართველი, რამაც მისი საკუთრების კონსტიტუციური უფლების დარღვევა გამოიწვია.

51. იმისათვის, რათა შეფასდეს რამდენად პროპორციულია სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა, პირველ რიგში, უნდა გავაანალიზოთ კანონით დადგენილი წინა პირობები, რომლის არსებობის შემთხვევაში სამოქალაქო საქმის განმხილველი მოსამართლე უფლებამოსილია, გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

52. სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფა წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად სამოქალაქო პროცესი საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, არსებობს რისკი, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დავის საგანი განადგურდეს, გასხვისდეს, უფლებრივად დაიტვირთოს ან სხვაგვარად შეეშალოს ხელი საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სწორედ ამ საფრთხეების პრევენციას ემსახურება. სამოქალაქო საქმეზე მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს, ამავე დროს, მართლმსაჯულების ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმები, რომლებიც ემსახურება სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფას.

53. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია სასამართლოს მიმართოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას ან გამოიწვევს ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. აღნიშნული განცხადება უნდა შეიცავდეს ასევე დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას ან გამოიწვევს ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

54. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ხსენებულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლე მხედველობაში უნდა იღებდეს იმას, თუ რამდენად აუცილებელია ესა თუ ის სამართლებრივი მექანიზმი სარჩელის უზრუნველსაყოფად და თუ დაადგენს მის აუცილებლობას, იგი ვალდებულია, მოახდინოს სარჩელის უზრუნველყოფა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს იმ ღონისძიების ჩამონათვალს, რომელიც მოსამართლემ შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველსაყოფად, ხოლო მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ნებისმიერი ღონისძიება, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ კანონი ადგენს მოსამართლის ვალდებულებას, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას იხელმძღვანელოს აუცილებლობის სტანდარტით.

55. მოსარჩლე მხარე მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების არაამომწურავად განსაზღვრა და მოსამართლის ზოგადი უფლებამოსილება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად გადაწყვიტოს სარჩელის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიება, თავისთავად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს. მოსარჩელე მხარის აღნიშნული მსჯელობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სრულად გაზიარებული ვერ იქნება. სამოქალაქო ურთიერთობების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, არაგონივრულია, კანონმდებელს მოვთხოვოთ, წინასწარ მოახდინოს უზრუნველყოფის თითოეული შემთხვევის იდენტიფიცირება, მათი დეტალური გაწერა. საქმის განმხილველ სასამართლოს უნდა გააჩნდეს გარკვეული თავისუფლება, რათა თავად განსაზღვროს, რა ღონისძიება შეიძლება გახდეს საჭირო ამა თუ იმ სამოქალაქო საქმეზე. უზრუნველყოფის ღონისძიებების წინასწარ ამომწურავად განსაზღვრა წაართმევდა მოსამართლეს შესაძლებლობას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაეწყვიტა უზრუნველყოფის აუცილებლობა და შესაძლოა წარმოიშვას სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხე, ვინაიდან მოსამართლეს არ ექნებოდა შესაძლებლობა, გამოეყენებინა სარჩელის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ესა თუ ის ღონისძიება.

56. ამავე დროს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას სასამართლო დისკრეცია ვერ იქნება უსაზღვრო. სასამართლო შებოჭილია, ერთი მხრივ, კონსტიტუციური უფლებებითა და პრინციპებით, ხოლო, მეროე მხრივ, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცესუალური ნორმებით. სამოქალაქო ურთიერთობების მრავალფეროვნების მიუხედავად, კანონმდებელმა მკაფიოდ და ამომწურავად განსაზღვრა საფუძვლები და კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფის ღინსძიებების გამოსაყენებლად. ეს უცილებელია იმისთვის, რათა შეცდომისა თუ თვითნებობის შედეგად არ მოხდეს საკუთრების უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა. სამოქალაქო ურთიერთობების მრავალფეროვნება არ ათავისუფლებს კანონმდებელს ვალდებულებისაგან, აჭღურვოს დავის განმხილველი სასამართლო შეძლებისდაგვარად მკაფიოდ გაწერილი სამართლებრივი ნორმებითა და განჭვრეტადი კრიტერიუმებით, რომელიც შესაძლებლობას მისცემს სასამართლოს, სწორად შეარჩიოს, ხოლო მხარემ შუამდგომლობის საფუძველზე მოითხოვოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

57. მოსარჩლის წინააღმდეგ მიმდინარე სამოქალაქო დავაზე სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიების სახით დანიშნა დროებითი მმართველი და მას გადასცა „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებები, კერძოდ: ა) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელობა, მართვა და წამომადგენლობა, მათ შორის სასამართლოსთან, სახელმწიფო, საგადასახადო და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საბანკო დაწესებულებებთან, საფინანსო ორგანიზაციებთან, ნებისმიერ მესამე პირთან ურთიერთობაში; ბ) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ ქონების მოძიება და აღწერა, დროებითი მმართველობის პერიოდში ქონების სათანადოდ დაცვის, მოვლისა და მართვის უზრუნველყოფა; გ) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ სახელით საწარმოს წარმომადგენლობა, მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, მათ შორის იმ გადაწყვეტილებების, რომლებიც გათვალისწინებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და 91 მუხლებით; დ) საკადრო პოლიტიკის მართვა, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ შიდა სტრუქტურული რეორგანიზაცია; ე) შრომითი პოლიტიკისა და შრომითი ანაზღაურების წესის განსაზღვრა, შრომითი ხელშეკრულებების დადება, მოშლა/შეწყვეტა, გაგრძელება, შრომითი ანაზღაურების წესის ოპტიმიზაცია და მისი გაცემა; ვ) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების/მინდობილობის გაცემა; ზ) სატელევიზიო კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ნებისმიერი უფლებამოსილების განხორციელება, მათ შორის, სამაუწყებლო ბადის განსაზღვრა (ოპტიმიზაცია); თ) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ დირექტორის (დირექტორატის) მიერ მართვის, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, ასევე, სხვა უფლებების განსახორციელებლად გაცემული უფლებამოსილების/მინდობილობის გადახედვა (დადება, მოშლა/შეწყვეტა, გაგრძელება); ი) ყველა სხვა უფლებამოსილების განხორციელება, რომელიც აქვს ან/და შეიძლება ჰქონდეს საწარმოს ხელმძღვანელს, მმართველს და წარმომადგენელს, დირექტორს ან/და დირექტორატს ან/და მათ მიერ უფლებამოსილ პირს/პირებს.

58. დროებითი მმართველის დანიშვნა წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიებათა კომპლექსს, რომლის გამოყენების შემთხვევაში კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, დარწმუნდეს თითოეული მათგანის გამოყენების კანონიერებაში და მის აუცილებლობაში. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დარწმუნდა, რომ მას კანონი უფლებამოსილებას ანიჭებს, დანიშნოს დროებითი მმართველი, ის ასევე ვალდებულია დროებით მმართველს განუსაზღვროს მხოლოდ ის უფლებამოსილებები, რომლებიც აუციელებლია უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნებისათვის. შესაბამისად, დავის განმხილველი მოსამართლის მიხედულების ფარგლებში ექცევა იმის განსაზღვრა, თუ რა უფლებამოსილებებით შეიძლება იყოს აღჭურვილი დროებითი მმართველი.

59. კერძო საკუთრების იძულებით წესით სხვა პირისთვის გადაცემა წარმოადგენს საკუთრების უფლებაში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრს ჩარევას. სწორედ ამიტომ, კანონმდებელი ვალდებულია, მკაფიოდ განსაზღვროს როგორც ჩარევის საფუძვლები, ასევე ჩარევის ფორმები. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სადავო ნორმის განმარტება, ის მოცემულობად იღებს საერთო სასამართლოების მიერ 198-ე მუხლის მე-3 ნაიწილის იმგვარ ინტერპრეტირებას, რომელიც დროებითი მმართველის დანიშვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ამავე დროს, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ საკუთრების უფლებაში მსგავსი სიმწვავის ჩარევის შემთხვევაში კანონმდებლობა ბევრად უფრო დეტალურ და განჭვრეტად წესს ადგენს. საყურადღებოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლი ჩამოთვლის უზრუნველყოფის ღონისძიებებს, თუმცა პირდაპირ არ მიუთითებს სასამართლოს უფლებამოსილებაზე, დანიშნოს დროებითი მმართველი. ასე აღსანიშნავია, რომ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ისევე როგორც „გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ“, კანონი ითვალისწინებს სპეციალურ ღონისძიებებს, დროებითი ადმინისტრაციის ან მეურვის დანიშვნის სახით, რომლის მიზანს წარმოადგენს მეანაბრეთა ან/და კრედიტორთა ინტერესების დაცვა. ამდენად, გაუგებარია, რატომ არ მოახდინა კანონმდებელმა მსგავსად ზემოთ დასახელებული საკანონმდებლო აქტებისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსშიც ესოდენ მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის ღონისძიების უფრო დეტალურად აღწერა. სულ მცირე, დისკრეცია არ შეიძლება გულისხმობდეს იმაზე უფრო ინტენსიური ჩარევის შესაძლებლობას, ვიდრე ეს სახელდებულია კანონში.

60. ასევე საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარემ ვერ დაასახელა სხვა მაგალითები, რომლებიც 198-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილი ღონისძიებებისაგან არსებითად განსხვავდება. ერთადერთი მაგალითი, რომელიც დასახელდა, წარმოადგენდა სატრანსპორტო საშუალების ე.წ. „დალუქვას“, რომელიც თავისი ბუნებით არ წარმოადგენს 198-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილ ღონისძიებებზე უფრო მკაცრ საშუალებას. ასევე საყურადღებოა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ყადაღის თანმდევი პროცედურა შეიძლება იყოს დალუქვა და, შესაბამისად, „დალუქვა“ შესაძლოა იყოს განხილული როგორც ყადაღის თანმდევი ღონისძიება.

61. მიუხედავად ზემოაღნიშნული მსჯელობისა, საკონსტიტუციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ დროებითი მმართველის (ან სმგავსი უფლებამოსილებების მქონე დროებითი ადმინისტრაციის) დანიშვნა, თავისთავად, არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს, როდესაც ეს აბსოლუტურად აუციელებლია მართლმსაჯულების განხორციელებისთვისა და სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ, რაც უფრო მკაცრია უზრუნველყოფის ღონისძიება, მით უფრო მაღალია კანონმდებლის ვალდებულება, შეძლებისდაგვარად დეტალურად გაწეროს ასეთი ღონისძიების გამოყენების საფუძვლები და წესი. მოცემულ შემთხვევაში, არც სადავო ნორმა და არც საპროცესო კანონმდებლობა შეიცავს წესს, რომელიც დროებითი მმართველის დანიშვნის შედეგად უზრუნველყოფდა საკუთრების უფლების პროპორციულ შეზღუდვას. სადავო ნორმა არ შეიცავს საკმარისად ცხად წესს, რაც ესოდენ მკაცრი ღინისძიების გამოყენებისათვის არის აუცილებელი და ამდენად, ვერ პასუხობს კონსტიტუციის მოთხოვნებს. ამგვარად, დროებითი მმართველის როგორც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, დასაშვებია სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა სადავო ნორმებით განსაზღვრული წესით. ასევე საყურადღებოა ის გარემოება, რომ დროებითი მმართველის დანიშვნა განხორციელდა სამაუწყებლო კომპანიაში და, სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, ის აღიჭურვა ისეთი უფლებამოსილებებით, რომლებიც გავლენას მოახდენდა მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე, მის გამოხატვის თავისუფლებაზე. ამდენად, დროებითი მმართველის დანიშვნისას საქმის განმხილველი სასამართლო ვალდებულია, მხედველობაში ასევე მიიღოს ამ გადაწყვეტილების შედეგად გამოწვეული პოტენციური ზიანი, რომელიც კონსტიტუციური უფლებების რეალიზებას, მათ შორის, გამოხატვის უფლებას შეიძლება მიადგეს.

62. როგორც უკვე აღინიშნა, საკუთრების უფლების შეზღუდვის გამართლების შეფასების სტანდარტს პროპორციულობის ტესტი წარმოადგენს. აღნიშნული ტესტის თანახმად, „საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდე“, II-60). აღნიშნულიდან გამომდინარე, ლეგიტიმური საჯარო მიზნის მისაღწევად ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა ყოველთვის საკმარისი არ არის საკუთრების უფლების შეზღუდვის გასართლებლად, კონსტიტუცია ასევე მოითხოვს, რომ შეზღუდვა იყოს ვიწროდ პროპორციული, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა არ განხორციელდეს უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე, უფლებისათვის მიყენებული ზიანი არ უნდა აღემატებოდეს იმ ინტერესს, რომლის დაცვისათვისაც ის იზღუდება. კანონის ნორმა, რომელიც მოსამართლეს ავალდებულებს, გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიება, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც მოწინააღმდეგე მხარისათვის მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება უზრუნველყოფის ღონისძიებით დაცულ სიკეთეს, ეწინააღმდეგება საქართვლოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.

63. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს, რამდენად ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საქმის განმხილველი სასამართლოს შესაძლებლობას, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას მხარის მოთხოვნით შეაფასოს, რა ზიანი ადგება მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს და ღონისძიება მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენოს, თუ დაცული ინტერესი აღემატება უფლების შეზღუდვის შედეგად დამდგარ ზიანს.

64. როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის და 198-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის უდგენს მხოლოდ „აუცილებლობის“ ტესტით ხელმძღვანელობის ვალდებულებას. ერთადერთი ნორმა, რომელიც მოპასუხის ინტერესების დაცვას ემსახურება, არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლი, რომელიც არეგულირებს უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსირების საკითხს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და, იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე“.

65. კანონით დადგენილი ზარალის უზრუნველყოფის ინსტიტუტი მნიშვნელოვან სამოქალაქო საპროცესო ინსტიტუტს წარმოადგენს და ხშირ შემთხვევაში იგი შესაძლებელია გახდეს კიდეც მოწინააღმდეგე მხარის ინტერესების დაცვის ეფექტური საშუალება. თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის განსახორციელებლად აუცილებელია იდენტიფიცირებულ იქნეს სავარაუდოდ მოსალოდნელი ზარალის არსებობა, რომელიც რიგ შემთხვევებში შეუძლებელია.

66. ასევე აღსანიშნავია, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მოწინააღმდეგე მხარის შელახული ინტერესი ყოველთვის არ გამოითვლება ფულადი ფორმით, იგი შეუძლება უკავშირდებოდეს რეპუტაციის რისკებს, მძიმე ფსიქოლოგიურ განცდებს და ა.შ. გაურკვეველია, რატომ არ უნდა ჰქონდეს მოსამართეს ვალდებულება ან მიეცეს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასოს, რამდენად არის ზარალის უზრუნველყოფა სამოქალაქო პროცესის მონაწილის ინტერესების დაბალანსებისათვის საკმარისი. კანონმდებელი სამოქალაქო საქმის განმხილველ სასამართლოს შესაძლებლობას ართმევს, გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიების პროპორციულობის შეფასების სხვა კრიტერიუმი, გარდა „აუცილებლობის“ ტესტისა. აშკარაა, რომ მოქმედი კანონმდებლობის პირობებში, მოსამართლე იმ შემთხვევაშიც კი ვალდებულია გამოიყენოს აღნიშნული ღონისძიება, თუ მივა დასკვნამდე, რომ შეუძლებელია სავარაუდო ზარალის იდენტიფიცირება, ან ზარალის უზრუნველყოფის მიუხედავად, უზრუნველყოფის ღონისძიება მაინც უფლების მომეტებული შეზღუდვის წყაროს წარმოადგენს.

67. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების საფუძვლები ჩამოყალიბებულია იმგვარად, რომ არ უთითებს მოპასუხის ან სხვა კერძო ან საჯარო ინტერესების გათვალისწინებაზე. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ემყარება ვარაუდს, რომ, თუკი არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან შეუძლებლად გახდომის, ან შეუქცევადი ზიანის საფრთხე, მოსარჩელის დაცვის ინტერესი ყოველთვის აღემატება მოპასუხის საკუთრების უფლების დაცვის ინტერესებს ან სხვა კერძო თუ საჯარო ინტერესებს, რომლებიც შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და, ამდენად, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს.

68. ასევე აუცილებელია, კანონმდებლობაში გვხვდებოდეს კრიტერიუმი, რომლითაც მოსამართლე ვალდებული იქნება, აწონ-დაწონოს მოსარჩელისა და მოპასუხის ინტერესები, ასევე დავის საგნის ბუნების მიხედვით გაითვალისწინოს ის კერძო და საჯარო ინტერესები, რომლებიც შესაძლოა შეზღუდოს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებამ. დროებითი მმართველის დანიშვნა, როგორც უზრუნველყოფის ღინისძიების გამოყენება, უნდა განხორციელდეს სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების და 271-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს დროებითი მმართველის დანიშვნის შესაძლებლობას როგორც სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიებას სათანადო საკანონმდებლო რეგულაციების გარეშე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების და 271-ე მუხლის კონსტუტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით

 

69. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება დროებითი მმართველის დანიშვნა, ნეგატიურ გავლენას ახდენს მედიასაშუალებების თავისუფლებაზე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმებზე დაყრდნობით, სამოქალაქო დავის განმხილველმა სასამართლომ დროებითი მმართველი აღჭურვა ისეთი უფლებამოსილებებით, რომლებიც ზეგავლენას ახდენს როგორც ზოგადად სამაუწყებლო კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაზე, მის სამაუწყებლო ბადეზე, ასევე მასში დასაქმებული ჟურნალისტების საქმიანობაზე და, ამდენად, იწვევს მისი კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლებას.

70. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით“, ხოლო მეორე პუნქტი მიუთითებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით თავისუფლებასა და ცენზურის დაუშვებლობაზე. კონსტიტუციის აღნიშნული დებულება წარმოადგენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების უმთავრეს კონსტიტუციურ გარანტიას. იგი „საგანგებოდ იცავს აზრისა და ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებით გავრცელების შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის №1/1/568 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27) „ამ მუხლით დაცულია ადამიანის შეხედულებები, მისი რწმენა, ინფორმაცია, ასევე ის საშუალებები, რომლებიც მათი გამოთქმისა და გავრცელებისათვის არის შერჩეული, მათ შორის არის პრესა, ტელევიზია, ინფორმაციის და აზრის გავრცელების სხვა საშუალებები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).

71. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წარმოადგენენ ადამიანების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს და თავად ინფორმაციის გავრცელების აზრების ურთიერთგაცვლისა და გაზიარების ყველაზე ეფექტურ ფორუმს. „ინფორმაციის თავისუფლებას საქართველოს კონსტიტუცია გამორჩეულ ადგილს ანიჭებს და დიდ ყურადღებას უთმობს. საზოგადოებაში, სადაც აზრის თავისუფლება აღიარებულია და დაცულია კონსტიტუციით, ასევე დაცულია ინფორმაციის თავისუფლებაც. ინფორმაციის თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი სასიცოცხლო დისკუსიისა და აზრთა ჭიდილის პროცესის უზრუნველყოფა. აზრის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია, რომ მოპოვებულ იქნეს ინფორმაცია, ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება კი უზრუნველყოფს, რომ აზრი მივიდეს ავტორიდან ადრესატამდე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).

72. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულია ინფორმაციის „თავისუფალი გავრცელება და მიღება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, ინფორმაციის მატარებლებიდან, რომლებიც გამოსადეგია ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელებისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის № 2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, II-14). აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციის 24-ე მუხლის უმთავრესი ფუნქცია უზრუნველყოს ინფორმაციის თავისუფალი მიმოცვლა საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების მეშვეობით, რაც უმთავრესად სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ხორციელდება.

73. როგორც უკვე აღინიშნა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წარმოადგენს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უმთავრეს წყაროს. მათ სათანადო მუშაობასა და დამოუკიდებლობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საზოგადოების ინფორმირების დონე, თითოეული ადამიანის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცული უფლების ეფექტური რეალიზება და, საბოლოო ჯამში, საზოგადოების დემოკრატიული განვითარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან მედიის თავისუფლებაში ჩაურევლობა არა მხოლოდ მათ მესაკუთრეთა კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცული უფლების ნაწილია, არამედ საზოგადოების თითოეული წევრის ინტერესს წარმოადგენს. აღნიშნულს კიდევ უფრო თვალსაჩინოდ წარმოაჩენს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, „სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება“.

74. საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლები იცავს როგორც საკუთრების უფლებას (21-ე მუხლი), ისე თავისუფალ მეწარმეობასა და კონკურენცის ხელშეწყობას (30-ე მუხლის მე-2 პუნქტი). თუმცა ამისდა მიუხედავად, მედიასაშუალებებთან მიმართებით მონოპოლიზების აკრძალვაზე კონსტიტუცია ცალკე მიუთითებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ეს დანაწესი ემსახურება არა მედიასაშუალებების მესაკუთრეთა ქონებირივ ან ბიზნეს ინტერესების დაცვას (აღნიშნული ინტერესები ისედაც დაცულია 21-ე მუხლითა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით), არამედ საზოგადოების თითოეული წევრის უფლების გარანტირებას, ჰქონდეს თავისუფალ მედიაგარემოში ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების შესაძლებლობა. აშკარაა, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მიმართებით კონსტიტუციის 24-ე მუხლის დაცვის უმთავრესი ობიექტია არა მედია საშუალებების ბიზნესინტერესების დაცვა, არამედ სახელმწიფოს ჩარევის აკრძალვის გზით თავისუფალ მედიაგარემოზე თითოეული ინდივიდის უფლების გარანტირება.

75. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონი, რომელიც ზღუდავს მასობრივი ინფორმაციის თავისუფალი მართვის უფლებამოსილებას და ახდენს მის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე ზემოქმედებას, ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებს.

76. სადავო ნორმები მოსამართლეს ანიჭებს უფლებამოსილებას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებაში მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ დანიშნოს დროებითი მმართველი და მიანიჭოს მას მისი მართვის სრული უფლებამოსილება, მათ შორის, საკადრო და სარედაქციო ფუნქციები. აღნიშნული შესაძლებლობის დაშვება ზღუდავს მასობრივი ინფორმაციის საშუალების თავისუფლებას, შესაბამისად ერევა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულ სფეროში.

77. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული უფლების მსგავსად ინფორმაციის და აზრის გავრცელების უფლება არ არის აბსოლუტური, მისი შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნები საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლში არის მოცემეული. საკანონმდებლო ნორმა, რომელიც აზრისა და ინფორმაციის გავრცელებას ზღუდავს, ამავე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას უნდა ემსახურებოდეს.

78. კონსტიტუცია გამოხატვის თავისუფლების ამ ასპექტის შეზღუდვას კონსტიტუციითვე დაცული სიკეთის უზრუნველსაყოფად ითვალისწინებს და შეზღუდვის საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს ადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის №1/1/568 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29). როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა ემსახურება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. ამავე დროს, სადავო ნორმას გააჩნია რესურსი, შეზღუდოს მაუწყებლის (მისი კანონიერი მესაკუთრის) გამოხატვის თავისუფლება. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, დროებით მმართველს მიენიჭა ნებისმიერი უფლებამოსილების განხორციელების უფლება, რომელიც სატელევიზიო კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარეობს, მათ შორის, სამაუწყებლო ბადის განსაზღვრა და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ დირექტორისთვის (დირექტორატისთვის) დამახასიათებელი სხვა უფლებამოსილებით. ამდენად, სადავო ნორმით გამოწვეული მოქმედების არეალი სცდება კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ სფეროს და ასევე ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას. ასევე აღსანიშნავია, რომ სსსკ-ის 193-ე მუხლის თანახმად, დროებითი მმართველის დანიშვნის, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადების, განხილვა ხდება მოპასუხე მხარის არგუმენტების შესწავლის გარეშე, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის კონსტიტუციურ უფლებაში გაუმართლებელი ჩარევის საფრთხეს.

79. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ დროებითი მმართველი დაინიშნა სამაუწყებლო კომპანიაში და, ის სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, აღიჭურვა იმგავრი უფლებამოსილებით, რომელიც გავლენას მოახდენს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე. ამდენად, სადავო ნორმის მოქმედების შედეგად, ჩარევა განხორციელდა მოსარჩელის არა მხოლოდ საკუთრების უფლებაში, არამედ მის გამოხატვის თავისუფლებაში.

80. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. შესაბამისად, არსებობს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისათვის კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების გზით სხვისი უფლებების დაცვა. თუმცა ლეგიტიმური მიზნის არსებობასთან ერთად, შეზღუდვის კონსტიტუციური გამართლებისათვის აუცილებელია იგი აკმაყოფილებდეს პროპორციულობის ტესტის მოთხოვნებს. მოცემულ შემთხვევაში კი უკვე დადგენილია, რომ სადავო ნორმა არაპროპორციულ შეზღუდვას ადგენს და შედეგად შესაძლოა, უფლების შეზღუდვით შელახული ინტერესი მნიშვნელოვნად აღემატებოდეს დაცულ სიკეთეს. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორის საფუძველზე დროებითი მმართველის დანიშვნამ გამოიწვია მოსარჩელის გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევა.

81. როგორც აღინიშნა, ზოგადად, დროებითი მმართველის დანიშვნა, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიება, გარკვეულ შეთხვევებში, გამართლებული შეიძლება იყოს. თუმცა იმის გათვლისწინებით, რომ დროებითი მმართველი შესაძლოა დაინიშნოს მედიაში, მიეცეს შესაძლებლობა, განსაზღვროს საინფორმაციო და სარედაქციო პოლიტიკა, მედიის მესაკუთრის შეხედულებებისაგან განსხვავებით, მიანიშნებს იმაზე, რომ დროებითი მმართველის უფლებამოსილებების განსაზღვრა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა განხორციელდეს, რათა შეცდომისა თუ თვითნებობის შედეგად საფრთხე არ დაემუქროს მედიის დამოუკიდებლობას, მისი გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებას.

82. როგორც უკვე აღინიშნა, კონსტიტუციური უფლებების პრაქტიკაში რეალიზების, მათი დაცვის შესაძლებლობას სწორედ სამართლაშემფარდებელი უზრუნველყოფს. კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას და სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკანონმდებლო ნორმების ინტერპრეტირებისას სამართალშემფარდებელმა უნდა გაითვალისწინოს ის შედეგი, რომელიც გადაწყვეტილებამ შეიძლება იქონიოს კონსტიტუციური უფლებების რეალიზებაზე და არ უნდა დაუშვას სამართალწარმოების ერთი მხარისთვის სარგებლის მინიჭება სხვა პირთა კონსტიტუციური უფლების, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, გაუმართლებელი შეზღუდვის ხარჯზე.

83. მოსარჩელის მიმართ სადავო ნორმით გამოწვეული სამართლებრივი ეფექტის შემოწმება ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ ის მედიის დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლების საფრთხეს წარმოშობს და კონსტიტუციის მოთხოვნებს ვერ პასუხობს. სადავო ნორმა არ შეიცავს საკმარისად ცხად წესს, რაც ესოდენ მკაცრი ღონისძიების გამოყენებისათვის არის აუცილებელი და, ამდენად, ვერ პასუხობს კონსტიტუციის მოთხოვნებს.

84. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიმართ გამოიყენოს სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც დროებით მმართველს მასობრივი ინფორმაციის საშუალების სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილებას ანიჭებს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მეორე და მე-4 პუნქტებს.

 

III

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, 45-ე მუხლის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

 

1. დაკმაყოფილდეს 675 და 681 კონსტიტუციური სარჩელები შპს („სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2” და შპს „ტელეკომპანია საქართველო” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

2. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი:

ა) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სადავო ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, როდესაც მის შედეგად დაცული სიკეთე არ აღემატება აღსრულების დაყოვნების შედეგად მიყენებულ ზიანს;

ბ) საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველის დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასა და გადაწყვეტას;

გ) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების და 271-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როდესაც ამ ღონისძიების შედეგად დაცული სიკეთე არ აღემატება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მოწინააღმდეგე მხარისთვის მიყენებულ ზიანს;

დ) საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების და 271-ე მუხლის  ის  ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს დროებითი მმართველისთვის მასობრივი ინფორმაციის საშუალების სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილებების მინიჭებას.

3. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

4. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

6. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

კოლეგიის წევრები:

კონსტანტინე ვარძელაშვილი

ქეთევან ერემაძე

მაია კოპალეიშვილი

მერაბ ტურავა

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.