„ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 461
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.019527
461
07/10/2016
ვებგვერდი, 11/10/2016
240110000.10.003.019527
„ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №461

2016 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის  2014  წლის  26  დეკემბრის №722 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2014, 240110000.10.003.018341) შეტანილ  იქნეს  ცვლილება  და  დადგენილებით დამტკიცებული  „ბიზნესოპერატორის აღიარების წესი“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



დანართი
ბიზნესოპერატორის აღიარების წესი

მუხლი 1. მიზანი და რეგულირების სფერო

1. ბიზნესოპერატორის აღიარების წესი (შემდგომში წესი) ადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის აღიარების ზოგად პრინციპებსა და პროცედურებს.

2. სავალდებულოა იმ ბიზნესოპერატორის აღიარება, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია:

ა) ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან ან/და გადამუშავებასთან, გარდა იმ ბიზნესოპერატორისა, რომელიც:

ა.ა) ახორციელებს ოჯახურ წარმოებას;

ა.ბ) ახორციელებს პირველად წარმოებას;

ა.გ) ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ახორციელებს ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას;

ა.დ) მაღალმთიან რეგიონში ახორციელებს ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას;

ა.ე) ახორციელებს პირველადი პროდუქტის პირდაპირ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისათვის ან საცალო ვაჭრობის პუნქტისათვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს და რომელსაც სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის (შემდგომში – კოდექსი) შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი;

ა.ვ) ახორციელებს ფერმაში დაკლული ფრინველის და ბოცვრისნაირების ხორცის, ნანადირევი გარეული ცხოველისა და ფრინველის ან ნანადირევის ხორცის პირდაპირ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისათვის ან საცალო ვაჭრობის პუნქტისათვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს და რომელსაც  კოდექსის შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი;

ა.ზ) ახორციელებს ისეთი ცხოველური წარმოშობის სურსათის შენახვას, რომელიც არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  ტემპერატურის კონტროლს;

ა.თ) ახორციელებს საცალო ვაჭრობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საცალო ვაჭრობა ხორციელდება ცხოველური წარმოშობის სურსათის სხვა საწარმოსთვის მიწოდების მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:

ა.თ.ა) საქმიანობა მოიცავს მხოლოდ ცხოველური წარმოშობის სურსათის შენახვას ან ტრანსპორტირებას;

ა.თ.ბ) ცხოველური წარმოშობის სურსათი მხოლოდ ერთი საცალო ვაჭრობის პუნქტიდან მეორე საცალო ვაჭრობის პუნქტს მიეწოდება ადგილობრივად;

ბ) იმ ცხოველის საკვების წარმოებასთან ან/და გადამუშავებასთან, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. ბიზნესოპერატორის აღიარებას  ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში სააგენტო).

4. სააგენტო უფლებამოსილია, ბიზნესოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, აღიაროს ისეთი საქმიანობა, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად არ ექვემდებარება სავალდებულო აღიარებას. 

მუხლი 2. აღიარების ზოგადი პრინციპები

1. აკრძალულია აღიარების ან პირობითი აღიარების გარეშე იმ ბიზნესოპერატორის საქმიანობა, რომელიც აღიარებას ექვემდებარება.

2. ბიზნესოპერატორის აღიარება ან პირობით აღიარება ხორციელდება სააგენტოს მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგების მიხედვით.  

მუხლი 3. აღიარების პროცედურები

1. ბიზნესოპერატორი აღიარებისთვის განცხადებით მიმართავს სააგენტოს.

2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ბიზნესოპერატორის საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო ნომერი/კოდი, ეკონომიკური საქმიანობის ადგილი (მისამართი),  ეკონომიკური საქმიანობის სახე (სექცია, განყოფილება, ჯგუფი, კლასი, ქვეკლასი).

3. განცხადების მიღებიდან ერთი  თვის ვადაში სააგენტომ ადგილზე უნდა განახორციელოს ბიზნესოპერატორის  ინსპექტირება.

4. ინსპექტირების შედეგების მიხედვით, სააგენტო ახორციელებს ბიზნესოპერატორის აღიარებას, პირობით აღიარებას ან უარს აცხადებს ბიზნესოპერატორის აღიარებაზე ინსპექტირების დასრულებიდან 10 დღის განმავლობაში.

5. სააგენტო ბიზნესოპერატორს აღიარებას ანიჭებს უვადოდ იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

6. თუ ბიზნეოპერატორი ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის (შემდგომში – კლასიფიკატორი) სხვადასხვა ჯგუფში მითითებული ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას/გადამუშავებას, ბიზნესოპერატორის აღიარება ხორციელდება ამ კლასიფიკატორის შესაბამისი ჯგუფების მიხედვით.

7. თუ ინსპექტირების შედეგებით დადგენილი იქნება, რომ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ საწარმოს ინფრასტრუქტურა, მოწყობილობები და აღჭურვილობა სრულად აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო  ბიზნესოპერატორს  6 თვის ვადით ანიჭებს პირობით აღიარებას და  აძლევს მითითებებს შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად.

8. პირობითი აღიარების მინიჭებიდან 6 თვის შემდეგ,  სააგენტო ახორციელებს განმეორებით ინსპექტირებას,  რომლის საფუძველზე:

ა) ბიზნესოპერატორს უგრძელდება პირობითი აღიარება, თუ პირობითი აღიარების მინიჭებიდან განმეორებითი ინსპექტირების განხორციელებამდე ბიზნესოპერატორის მიერ არ არის შესრულებული სააგენტოს მითითებები და მისი საქმიანობა სრულად  ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება, თუ მისი საქმიანობა სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

9. პირობითი აღიარების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. თუ გემი-საყინულე ან გემი-ქარხანა დაცურავს საქართველოს სახელმწიფო  დროშის ქვეშ, ასეთი ბიზნესოპერატორის  პირობითი აღიარების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 18 თვეს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, განმეორებითი ინსპექტირების საფუძველზე, ბიზნესოპერატორი წყვეტს საქმიანობას ან ენიჭება აღიარება.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული პირობითი აღიარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 6 თვისა, იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩენილი შეუსაბამობები არ წარმოადგენს რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის და ბიზნესოპერატორი იძლევა გარანტიას, რომ ამ გონივრული ვადის განმავლობაში უზრუნველყოფს გაცემული მითითებების შესრულებას.

11. თუ ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით განსაზღვრული ვადების განმავლობაში ბიზნესოპერატორთან განხორციელდა ინსპექტირება და ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში.

12. სააგენტო აღიარებულ ბიზნესოპერატორს, მათ შორის, პირობით აღიარებულ ბიზნესოპერატორს, ანიჭებს აღიარების ნომერს, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის/ქალაქის ინდექსს და კლასიფიკატორის შესაბამისი ჯგუფის ნომერს.

13. სააგენტო აწარმოებს აღიარებული ბიზნესოპერატორების რეესტრს და უზრუნველყოფს მის განახლებას.

14. ინფორმაცია აღიარებული ბიზნესოპერატორის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მათ შორის, სააგენტოს მიერ მინიჭებული აღიარების ნომრის შესახებ, ასევე წარმოებული/გადამუშავებული ცხოველური სურსათის სახეობების შესახებ, არის საჯარო და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის.

მუხლი 4. აღიარების გაუქმება და აღდგენა

1.  ბიზნესოპერატორის აღიარების გაუქმება ხდება, თუ:

ა) ბიზნესოპერატორს, ინსპექტირების საფუძველზე,  ერთი  წლის განმავლობაში 2-ჯერ ექნება  შეჩერებული საწარმოო პროცესი;

ბ)  ბიზნესოპერატორი მიმართავს სააგენტოს აღიარების გაუქმების მოთხოვნით. 

2.  იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორს გაუქმებული აქვს აღიარება და ის განცხადებით მიმართავს სააგენტოს აღიარების აღდგენის შესახებ, განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში სააგენტომ ადგილზე უნდა განახორციელოს ბიზნესოპერატორის  ინსპექტირება. ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა, ინსპექტირების შედეგების მიხედვით, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უარი ეთქმება აღიარებაზე.

მუხლი 5. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები

1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია:

ა) ითანამშრომლოს სააგენტოსთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) შეწყვიტოს საქმიანობა, თუ სააგენტო:

ბ.ა) გაუუქმებს აღიარებას;

ბ.ბ) პირობითი აღიარების შემდეგ არ მიანიჭებს აღიარებას.

2. ბიზნესოპერატორმა სააგენტოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საწარმოო პროცესში  ცვლილებების ან/და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ.

მუხლი 6.  გასაჩივრების წესი

ბიზნესოპერატორის აღიარების, პირობითი აღიარების, აღიარების აღდგენაზე უარის თქმის ან აღიარების გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.