საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 27897
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 06/10/2016
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2016
ძალაში შესვლის თარიღი 06/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016385
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
27897
06/10/2016
ვებგვერდი, 07/10/2016
000000000.00.00.016385
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ
შემოსავლების სამსახური
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (12/08/2019 - 11/09/2019)

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №27897

2016 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის წესი“ თანდართული რედაქციით.

2. ძალადაკარგულად გამოცხადეს „შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 30 ნოემბრის №2385 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი           გიორგი თაბუაშვილი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

აღნიშნული წესი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მიერ მომსახურების გაწევის წესს.

მუხლი 2. საფასურის გადახდის წესი

1. დაინტერესებული პირი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე პირადად ან მესამე პირის მეშვეობით გადაიხადოს მომსახურების საფასური (მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ – შემოსავლების სამსახური,საიდენტიფიკაციო კოდი: 204525585ბანკი: სახელმწიფო ხაზინა,ბანკის კოდი: TRESGE22მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 707017021).

2. საფასურის გადახდა ხორციელდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში – ლარებში, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

3. საფასურის გადახდა ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში.

4. მომსახურების გაწევის მოთხოვნით საგადასახადო  ორგანოსთვის მიმართვისას (განცხადების წარდგენისას), დაინტერესებული პირი ვალდებულია წარადგინოს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (გარდა, ასეთი დოკუმენტის ელექტრონული ფორმით წარდგენისას), გარდა, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება მომსახურების გაწევის შემდგომ ან როდესაც პირი გათავისუფლებულია დადგენილი საფასურის გადახდისაგან ან ასეთი მომსახურების გაწევა უფასოა.

5. პირი უფლებამოსილია განცხადება, საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და მომსახურების გაწევისათვის აუცილებელი სხვა დოკუმენტები საგადასახადო ორგანოში წარადგინოს ელექტრონული (CD-დამგროვებლის მეშვეობით) ან მატერიალური ფორმით. ელექტრონულ ფორმატში წარმოდგენილი ერთი სახისა და შინაარსის მქონე ყველა დოკუმენტი გაერთიანებული უნდა იყოს ერთ ფაილში.

6. იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ მოთხოვნილია აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის გაცემა, წამახალისებელი გათამაშების ახალი ეტაპის მოწყობაზე თანხმობის გაცემა, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის პირობებში ცვლილებების შეტანაზე თანხმობის გაცემა, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვაში (ობიექტის ადგილმდებარეობის) ცვლილების შეტანა, საგადასახადო ორგანოს დოკუმენტაცია უნდა წარედგინოს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

7. მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა (ხარვეზის გამოუსწორებლობა) მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საფუძველია.

8. თუ დაინტერესებულმა პირმა ისარგებლა ინტერნეტით და განცხადება დაარეგისტრირა საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ ისეთ მომსახურებაზე, რომელიც მხოლოდ ფასიანია, მაშინ აუცილებელია ელექტრონული რეგისტრაციისას, დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი იყოს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული (სკანირებული) ვერსია ან მან განახორციელოს გადახდა ვებგვერდის – www.rs.ge-ის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით.

    მუხლი 3. მომსახურების ვადის ათვლის წესი

1. მომსახურების გაწევისათვის საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით დაწესებული ვადის ათვლა იწყება საგადასახადო ორგანოში განცხადების/დეკლარაციის რეგისტრაციის ან ხელშეკრულების გაფორმების ან სხვა მოქმედების განხორციელების (შესაბამისი პირობების შექმნის) მომდევნო სამუშაო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

2. იმ შემთხვევაშიб თუ ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარმოდგენა ხდება არასამუშაო დღეს ან/და არასამუშაო საათებში, განცხადების რეგისტრაციის თარიღად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.

3. თუ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით მომსახურების გაწევისათვის ვადა დადგენილია საათებით, მისი ათვლა იწყება საგადასახადო ორგანოში განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან, თუ ასეთი მომსახურებისათვის დადგენილი ვადა იწურება საგადასახადო ორგანოს სამუშაო დროის გასვლამდე. სხვა შემთხვევაში მომსახურების გაწევისათვის საათებით დადგენილი ვადის ათვლა იწყება მომდევნო სამუშაო დღის დაწყებისთანავე.

4. თუ პირის მიერ მოთხოვნილი მომსახურების გაწევისათვის სავალდებულოა გარკვეული სახის დოკუმენტების წარდგენა ან პირობების შექმნა, ასეთი დოკუმენტების წარუდგენლობის ან არასრულად წარდგენის შემთხვევაში ან/და შესაბამისი პირობების შექმნამდე ან/და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობისას, საგადასახადო ორგანო, განცხადების რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ვადის ბოლოს წინა დღისა, პირს წერილობით უთითებს წარმოსადგენი დოკუმენტების ან/და პირობების შექმნის თაობაზე (ადგენს ხარვეზს) და აძლევს 15 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად, თუ კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.

5. თუ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით მომსახურების გაწევისათვის დადგენილია ერთი დღე ან ვადა დადგენილია საათებით, საგადასახადო ორგანო პირს ხარვეზს უდგენს დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადაში.

6. ხარვეზის დადგენით ჩერდება მომსახურების გაწევის ვადის დინება. ვადის დინება განახლდება პირის მიერ ხარვეზის გამოსწორების დღის მომდევნო სამუშაო დღიდან და დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.

7. თუ პირის მიერ განცხადებით მოთხოვნილია მომსახურების გაწევა იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც მომსახურების გაწევა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილების შესაბამისად უფასოა, იგი უფლებამოსილია გადაიხადოს მომსახურების საფასური და მოითხოვოს დაჩქარებული (ფასიანი) მომსახურების გაწევა. ასევე შესაძლებელია ფასიანი მომსახურების დაჩქარება, საფასურებს შორის განსხვავების გადახდით. ამ შემთხვევებში, დაჩქარებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მომდევნო სამუშაო დღიდან.

8. თუ პირს გადახდილი აქვს საფასური კონკრეტულ ვადაში მომსახურების გაწევისათვის, შესაძლებლობის შემთხვევაში მას მომსახურება უნდა გაეწიოს აღნიშნულ ვადაზე უფრო ადრე (მ.შ. საგადასახადო ორგანოში განცხადების რეგისტრაციის დღესაც), თუ ამ სახის მომსახურებისათვის უფრო მცირე ვადა არ არის დადგენილი.

81. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, შესაძლებლობის შემთხვევაში პირს მომსახურება გაუწიოს მოთხოვნილ ვადაზე უფრო ადრე, თუ გასულია ამ მომსახურებისათვის დადგენილი ფასიანი მომსახურების მაქსიმალური ვადა.

9. თუ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით შესაბამისი მომსახურების გაწევა მხოლოდ ფასიანია (არ არის გათვალისწინებული მომსახურების გაწევა უფასოდ), ასეთი მომსახურება საგადასახადო ორგანოს მიერ გაწეული უნდა იქნეს მხოლოდ პირის მიერ საფასურის გადახდის შემდეგ (თუ ამავე საქართველოს მთავრობის დადგენილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), ამ დადგენილებაში მითითებული ვადების დაცვით.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №28019 - ვებგვერდი, 14.08.2019წ.

    მუხლი 4. საფასურის დაბრუნების საფუძვლები

1. გადახდილი საფასური ექვემდებარება დაბრუნებას, თუ:

ა) პირმა განცხადების შემოტანამდე/დეკლარაციის დარეგისტრირებამდე/ხელშეკრულების გაფორმებამდე მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება;

ბ) საფასურის თანხა გადახდილია შეცდომით ან საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება შეცდომით გადახდილი თანხა ან სხვაობა გადახდილ თანხასა და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ განაკვეთს შორის;

გ) თუ საგადასახადო ორგანომ ობიექტური მიზეზით ვერ შეძლო დაჩქარებული მომსახურების გაწევა;

დ) პირს მომსახურების გაწევაზე უარი ეთქვა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო;

ე) პირმა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ მომსახურების გაწევამდე უარი თქვა აღნიშნული მომსახურების მიღებაზე.

2. მომსახურებისათვის გადახდილი საფასური არ ბრუნდება, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. თუ პირმა განცხადების შემოტანის/დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ უარი თქვა მომსახურების გაწევაზე, მას გადახდილი საფასური არ დაუბრუნდება, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მომსახურების გაწევის მოთხოვნით საგადასახადო ორგანოსთვის შემდგომი მიმართვისას პირი ვალდებულია, დადგენილი წესითა და ოდენობით გადაიხადოს მომსახურების საფასური.

4. თუ პირის მიერ საფასური გადახდილია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით, გადახდილ თანხასა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით მომსახურებისათვის განსაზღვრულ განაკვეთს შორის სხვაობის ან არასწორად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით პირმა უნდა მიმართოს იმ საგადასახადო ორგანოს, რომლისგანაც მიიღო მომსახურება და განცხადებაში მიუთითოს მისი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, წარმოადგინოს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ასლი (გარდა, ასეთი დოკუმენტის ელექტრონული ფორმით წარმოდგენისას).

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში,თანხის დაბრუნებას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტი, პირის მოთხოვნიდან 30 დღის ვადაში, საგადასახადო ორგანოს/სტრუქტურული ერთეულის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, რომელშიც ასევე უნდა აღინიშნოს თანხის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას.

    მუხლი 5. მომსახურების საფასურის აღრიცხვა

1. მომსახურების გაწევის შემდეგ გადასახდელი მომსახურების საფასური საგადასახადო ორგანოს მიერ აღირიცხება პროგრამულად, „მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათზე“ (შემდგომში – ბარათი) საფასურის თანხის დარიცხვისა და გადახდის ოპერაციებით.

2. მომსახურების გაწევის შემდეგ გადასახდელი მომსახურების საფასურის დარიცხვის თაობაზე დაინტერესებულ პირს (მომსახურების მიმღებს) ეგზავნება შეტყობინება, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) ინდივიდუალურ ნომერს;

ბ) დაინტერესებული პირის სახელს, გვარს, პირად ნომერს/იურიდიული პირის დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერს;

გ) გაწეული მომსახურების სახეს და მომსახურების საფასურის ოდენობას;

დ) შემოსავლების სამსახურის (მიმღების) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

ე) მომსახურების გაწევის თარიღს;

ვ) მომსახურების საფასურის გადახდის ვადას;

ზ) იმპორტის გადასახდელების ოდენობას და შესაბამის სახაზინო კოდს, საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში.

3. მომსახურების საფასურის მესამე პირის მეშვეობით გადახდისას, თუ ვერ დასტურდება, რომ დაინტერესებულმა პირმა მომსახურების საფასური გადაიხადა მესამე პირის მეშვეობით, მან თანხის გადატანის მოთხოვნით წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს იმ საგადასახადო ორგანოს, რომელმაც გაუწია მომსახურება. ამ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს აგრეთვე წარედგინება მესამე პირის წერილობითი განცხადება მომსახურების საფასურის დაინტერესებული პირის სასარგებლოდ გადახდის შესახებ და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო ახორციელებს დაინტერესებული პირის და მესამე პირის ბარათების კორექტირებას – მესამე პირის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის თანხის გადატანას დაინტერესებული პირის დავალიანების დასაფარად (დაინტერესებული პირის/მესამე პირის განცხადებაში მითითებული თანხის ოდენობით).

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.