„მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 440
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250000.10.003.019505
440
16/09/2016
ვებგვერდი, 16/09/2016
010250000.10.003.019505
„მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №440

2016 წლის 16 სექტემბერი

   ქ. თბილისი

„მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/06/2015, 010250000.10.003.018623) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის:

1. მე-2 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სახელმწიფო მოღვაწე – პირი, რომელსაც თავისი სახელმწიფოებრივ-თანამდებობრივი მდგომარეობის ან/და პოლიტიკური ავტორიტეტის საფუძველზე, განსაკუთრებული დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) საზოგადო მოღვაწე პირი, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს საქართველოს ან/და კაცობრიობის წინაშე, კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების, სამშობლოს დაცვის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში ან საზოგადოებრივი საქმიანობის სხვა სფეროში;“.

2. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გეოგრაფიული ობიექტის, რომლის სახელდებაც განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაუქმების (აღარ არსებობს გეოგრაფიული ობიექტი) შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია, აღნიშნული ფაქტის შესახებ ამ წესის მე-7 მუხლის მე-16 პუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებს აცნობოს წერილობითი სახით.“.

3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღების წესი

1. მუნიციპალიტეტის საკრებულო გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ამ წესითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.

2. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ შესაბამისი ინიციატივა წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

3. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე ინიციატივის წარდგენაზე უფლებამოსილია:

ა) მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;

გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო);

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%;

ე) დასახლების საერთო კრება;

ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული სხვა სუბიექტი.

4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილი ინიციატივა უნდა ეხებოდეს კონკრეტულ გეოგრაფიულ ობიექტს/ობიექტებს და მას უნდა ერთვოდეს:

ა) სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება;

ბ) შესაბამისი გეოგრაფიული ობიექტის/ობიექტების აღწერა (გეოგრაფიული ობიექტის/ობიექტების მდებარეობა, მისი მოსაზღვრე გეოგრაფიული ობიექტის/ობიექტების სახელწოდება/სახელწოდებები და სხვა);

გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სხვა ინფორმაცია.

5. მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას იხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია. განხილვისას აღნიშნულმა კომისიამ უნდა გამოიყენოს ოფიციალური კარტოგრაფიული და საცნობარო გამოცემები, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლექსიკონები, ენციკლოპედიური ლიტერატურა, წერილობითი ისტორიული და სხვა წყაროები.

6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია, მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, ინიციატივას რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღეში, მასზე დართულ დოკუმენტებთან ერთად, აქვეყნებს საჯაროდ. მოსახლეობასთან კონსულტაციების გამართვას მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-6-მე-8 პუნქტების შესაბამისად.

7. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია, ამ მუხლის     მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსახლეობასთან კონსულტაციის დასრულების, საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების მიზანშეწონილობის თაობაზე.

8. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისიის დადებითი დასკვნა წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.

9. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული დასკვნა შეეხება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ზონის, მიკრორაიონის, ქუჩის, პროსპექტის (გამზირი), ხეივნის, გზატკეცილის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადას, მოედნის, სკვერის, ბულვარის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის სახელდებას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული დასკვნის მიღების შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონულ პროგრამაში, მისამართების გეოინფორმაციული პორტალის მეშვეობით, გეოგრაფიული ობიექტების მონიშვნისათვის განსაზღვრული წესის შესაბამისად, არეგისტრირებს განცხადებას, რომელსაც უნდა დაერთოს:

ა) საკრებულოს შესაბამისი კომისიის დადებითი დასკვნა;

ბ) გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე ინიციატივა და მასზე დართული დოკუმენტები;

გ) მოსახლეობასთან კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტები;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი;

ე) საჭიროების შემთხვევაში, გეოგრაფიული ობიექტის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, განცხადების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაციის შემთხვევაში, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის შესახებ მიმართვას საკრებულოს თავმჯდომარე შესათანხმებლად უგზავნის გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას (შემდგომში – სამთავრობო კომისია). მიმართვაში ასახულ უნდა იქნეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონულ პროგრამაში ამ მუხლის მე-9 პუნქტით  განსაზღვრული განცხადების რეგისტრაციის ნომერი.

11. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული დასკვნა შეეხება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისა და წყაროს სახელდებას, აღნიშნული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ საკითხი, ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, არ აისახება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონულ პროგრამაში. ამ შემთხვევაში, სამთავრობო კომისიისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიმართვას თან უნდა დაერთოს:

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შესაბამისი დასაბუთებული დასკვნის ასლი;

გ) ორთოფოტო, შესაბამისი გეოგრაფიული ობიექტის მონიშვნით;

დ) გეოგრაფიული ობიექტის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია.

12. სამთავრობო კომისია გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხს განიხილავს 3 თვის ვადაში.

13. სამთავრობო კომისიიდან თანხმობის მიღების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულების სახით იღებს გადაწყვეტილებას გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია, განკარგულებაში მიუთითოს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შემოკლებული ვერსია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება, ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე, აისახება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონულ პროგრამაში.

15. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გეოგრაფიული ობიექტის სახელდების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი აქტი რეაგირებისთვის ეგზავნება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).

16. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტი მიღებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მიღებული სამართლებრივი აქტისა.

17. მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ, ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.“.

4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს ამ წესის მე-7 მუხლის პირველი-მე-9, მე-14-მე-17 პუნქტებითა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესითა და პროცედურებით.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი