დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 437 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 12/09/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/09/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 080080050.10.003.019502 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (14/09/2016 - 19/02/2019)
|
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 142 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები. |
მუხლი 2 |
ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების ფარგლებში, შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში, იმოქმედონ ამ დადგენილებით დამტკიცებული ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით დადგენილი წესის შესაბამისად. |
მუხლი 3 |
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს პროკურატურამ, 2019 წლის 1 იანვრამდე, უზრუნველყონ ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ერთიანი ბაზის ფორმირება. |
მუხლი 4 |
დადგენილება, გარდა დადგენილებით დამტკიცებული პროცედურების მე-17 მუხლის მე-2-მე-6 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
მუხლი 5 |
დადგენილებით დამტკიცებული პროცედურების მე-17 მუხლის მე-2-მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. |
მუხლი 6 |
დადგენილებით დამტკიცებული პროცედურების მე-17 მუხლის მე-7 პუნქტი ძალადაკარგულად ჩაითვალოს 2019 წლის 1 იანვრიდან. |
|
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები
|
მუხლი 1. მიზნები და რეგულირების სფერო
1. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების (შემდგომში - რეფერირების პროცედურები) მიზანია ოჯახში და მის გარეთ ბავშვის ძალადობის ყველა ფორმისგან დაცვის ხელშეწყობა, რეფერირების პროცედურების კოორდინირებული და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების გზით. 2. რეფერირების პროცედურები განსაზღვრავს, ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, საქართველოს იუსტიციის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროების შესაბამის დაწესებულებებსა და ამ სამინისტროთა სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ/მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, საქართველოს პროკურატურას, მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს/დაწესებულებებს შორის კოორდინირებულად მუშაობის წესს, ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, ეფექტიანი და სწრაფი რეაგირების მექანიზმებს, უფლებამოსილი ორგანოების უფლება-მოვალეობებს, ურთიერთობებს, რომლებიც დაკავშირებულია ბავშვთა უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვასთან.
მუხლი 2. რეფერირების პროცედურების სამართლებრივი საფუძვლები რეფერირების პროცედურების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, მათ შორის, „ბავშვის უფლებათა დაცვის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი, წინამდებარე რეფერირების პროცედურები და სხვა სამართლებრივი აქტები.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება რეფერირების პროცედურების მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბავშვი - 18 წლამდე ასაკის პირი (არასრულწლოვანი); ბ) მიტოვებული ბავშვი - არასრულწლოვანი, რომელიც „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სასამართლოს მიერ აღიარებულია მიტოვებულად და რომლის მშობელს (მშობლებს) ამ ბავშვის მიმართ ჩამორთმეული აქვს (აქვთ) მშობლის უფლება-მოვალეობები; გ) ნაპოვნი ბავშვი - 18 წლამდე ასაკის უცნობი პირი მისი აღმოჩენის მომენტიდან ვინაობის დადგენამდე; დ) მიუსაფარი ბავშვი - ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე არასრულწლოვანი, რომელიც იდენტიფიცირებულია ასეთად, „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის მიერ რეფერირების პროცედურების შესაბამისად; ე) ბავშვის ოჯახის წევრი - დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირი, მიმღები მშობელი (დედობილი, მამობილი), მეურვე, მზრუნველი, და, ძმა, მეუღლე, ყოფილი მეუღლე, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, აგრეთვე პირები, რომლებიც ერთობლივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას და მათი ოჯახის წევრები; ვ) სხვა პასუხისმგებელი პირი - პირი (გარდა ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისა), რომელთანაც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს არასრულწლოვანი, რომლის ზრუნვისა და კანონიერი ინტერესების დაცვის ვალდებულებაც დაკისრებული აქვს მას ამავე სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე; ზ) ძალადობის მსხვერპლი ბავშვი - არასრულწლოვანი, რომლის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა). მსხვერპლად ჩაითვლება აგრეთვე ბავშვი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც განახორციელა მისი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომელიც მოძალადისგან განცალკევებულ იქნა სოციალური მუშაკის მიერ (დანართი №1); თ) ძალადობა - პირის მიერ ბავშვის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით, მიუხედავად იმისა, ეს ქმედება განხორციელდა/ხორციელდება განზრახვით ან/და განზრახვის გარეშე. ძალადობად მიიჩნევა: თ.ა) ფიზიკური ძალადობა - ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, მათ შორის, ბავშვის ფიზიკური დასჯისკენ მიმართული მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ბავშვის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; თ.ბ) სექსუალური ძალადობა - ბავშვთან სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით, ასევე სრულწლოვანის მიერ წინასწარი შეცნობით 16 წლამდე ბავშვთან ძალადობის გარეშე სქესობრივი კავშირი, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება ბავშვის მიმართ; თ.გ) ფსიქოლოგიური ძალადობა - შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, მათ შორის, ოჯახის წევრის მიერ/მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლში მითითებული ან/და 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისას ბავშვის მიერ განცდილი ძლიერი ემოციური სტრესი, რომელიც იწვევს ბავშვის პატივისა და ღირსების შელახვას ან დაშინებას; თ.დ) ეკონომიკური ძალადობა - ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; თ.ე) იძულება - ბავშვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს ქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა ან/და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, მათ შორის, იძულებითი ქორწინება, ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმა ან/და თანამონაწილეობა, ნივთიერებათა ავად მოხმარების, მოწყალების თხოვნის, აგრეთვე ბავშვის ჩართვას შრომით საქმიანობაში, მათ შორის, წვრილმან ვაჭრობაში, რომელიც იწვევს მისი საბაზისო უფლებების (განათლების, ჯანსაღ ფიზიკურ და მენტალურ განვითარებას) შეზღუდვას. იძულებად ჩაითვლება ბავშვის შრომის შედეგად მოპოვებული თანხის მთლიანი ან/და ნაწილობრივი მითვისება; თ.ვ) უგულებელყოფა - მშობლის/მშობლების, სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ ბავშვის ფიზიკური (მათ შორის, კვება, ჰიგიენა, საცხოვრისი), ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისაგან დაუცველობა, დაბადების რეგისტრაციის ან/და ბავშვისათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოწესრიგებისათვის, აგრეთვე სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია, შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე; ი) მოძალადე - ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ ჩაითვლება აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც ახორციელებს მასთან სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით; კ) სააგენტო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო; ლ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სააგენტო და მისი ტერიტორიული ორგანოები; მ) რეგიონული საბჭო - სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სათათბირო ორგანო, რომლის უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება კანონმდებლობით; ნ) ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულება - სააღმზრდელო დაწესებულება (მათ შორის, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარი), კრიზისული ცენტრი, დღის ცენტრი, ტრანზიტული ცენტრი, კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარი და დედათა და ბავშვთა თავშესაფარი, აგრეთვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ფილიალი - ბავშვთა სახლი; ო) თავშესაფარი - სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მომსახურების დაწესებულება, რომელიც სთავაზობს შესაბამის მომსახურებებს ტრეფიკინგისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, დაზარალებულებსა და მათზე დამოკიდებულ პირებს; პ) სააგენტოს უფლებამოსილი პირი - სააგენტოს სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელიც დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად ახორციელებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა-შეფასებას; ჟ) სოციალური მუშაკი - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი; რ) მინდობით აღზრდა - სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმღები ოჯახის მიერ ბავშვის ან 18 წლამდე ასაკის განრიდებას დაქვემდებარებული პირის მოვლა და აღზრდა; ს) საბავშვო ბაღი - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული ბავშვთა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება; ტ) საგანმანათლებლო დაწესებულება - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება; უ) სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მხოლოდ სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე; ფ) გადაუდებელი შემთხვევა – მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ბავშვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან შეიძლება გამოიწვიოს მისი სიკვდილი ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მომდევნო 24 საათის განმავლობაში.
მუხლი 4. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) სისტემა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) სისტემა მოიცავს: ა) ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გამოვლენას; ბ) ბავშვის მდგომარეობის შეფასებას; გ) ბავშვზე ძალადობის შემთხვევის შესახებ შესაბამისი ორგანოების ინფორმირებას; დ) საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის განცალკევებასა და განთავსებას ბავშვთა სათანადო სპეციალიზებულ დაწესებულებაში/თავშესაფარში/ მინდობით აღზრდაში, რომელიც ხელს შეუწყობს მის უსაფრთხოებასა და რეაბილიტაციას; ე) ძალადობის შემთხვევაზე ზედამხედველობას.
მუხლი 5. რეფერირების პროცედურებში ჩართული სუბიექტები და მათი უფლებამოსილებანი 1. რეფერირების პროცედურებში ჩართული სუბიექტები არიან: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები (შემდგომში - პოლიცია); ბ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამისი დაწესებულებები და ამ სამინისტროთა სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული/მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები; გ) საქართველოს პროკურატურა; დ) სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრი; ე) საბავშვო ბაღები; ვ) სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური (შემდგომში - მანდატურის სამსახური); ზ) საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებები; თ) ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულებები და თავშესაფრები; ი) სამედიცინო სერვისების მიმწოდებლები (მათ შორის, სოფლის ექიმები); კ) მუნიციპალიტეტების გამგეობა/მერია (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში - მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობა)/მისი უფლებამოსილი დაწესებულება (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი), საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების ფარგლებში. 2. პოლიცია რეფერირების პროცედურების ფარგლებში: ა) ოპერატიულად რეაგირებს ბავშვზე ძალადობის ფაქტების გამოვლენაზე; ბ) აღკვეთს ბავშვზე ძალადობის ფაქტებს; გ) სოციალურ მუშაკთან ერთად აღასრულებს, ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში სოციალური მუშაკის მიერ მშობლ(ებ)ისაგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლ(ებ)ისაგან ან სხვა პირ(ებ)ისგან ბავშვ(ებ)ის განცალკევების შესახებ აქტის (დანართი №1) საფუძველზე, ბავშვის განცალკევების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას; დ) გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოფს მის გადაყვანას სამედიცინო დაწესებულებაში; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გამოსცემს შემაკავებელ ორდერს და იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის განცალკევების შესახებ; ვ) სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის განცალკევებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, გამოსცემს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერს; ზ) მეთვალყურეობს დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას; თ) უზრუნველყოფს ბავშვზე ძალადობის ფაქტების თაობაზე სააგენტოს ინფორმირებას; ი) ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებას. 3. სააგენტო რეფერირების პროცედურების ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს სოციალური მუშაკის მიერ ძალადობის ფაქტების გამოვლენას ბავშვთა სპეციალიზირებულ დაწესებულებებში, მინდობით აღზრდის შემთხვევის შეფასებისა და მართვისას; ბ) უზრუნველყოფს სხვადასხვა სუბიექტებიდან ბავშვზე ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას, გამოვლენილი ძალადობის მსხვერპლი ან სავარაუდო მსხვერპლი ბავშვის შეფასებას; გ) უზრუნველყოფს ბავშვზე ძალადობის შემთხვევის, მათ შორის, სხვა სუბიექტებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოვლენილი შემთხვევების, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მართვას; დ) ახორციელებს მშობლის/მშობლების, სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის კონსულტირებას; ე) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ბავშვისთვის დაბადების რეგისტრაციის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების, მათ შორის, დროებითი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მოპოვების/მიღების მიზნით შესაბამისი პროცედურის განხორციელებას; ვ) გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოფს მის გადაყვანას სამედიცინო დაწესებულებაში; ზ) გადაუდებელ შემთხვევაში, უკიდურესი ზომის სახით, უზრუნველყოფს ოჯახიდან ბავშვის გამოყვანის ან მოძალადისაგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ან/და ბავშვთა სათანადო სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან თავშესაფარში ბავშვის განთავსებასა და ბავშვის მდგომარეობაზე ზედამხედველობას; თ) უზრუნველყოფს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის შეფასების პროცესში ბავშვზე ძალადობის ფაქტების გამოვლენასა და სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის ინფორმირებას. 4. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს არ გააჩნია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს პირის იდენტიფიკაციას და მისი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (თუ დგინდება მისი ვინაობა) არ/ვერ ახორციელებს ბავშვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაცემისთვის აუცილებელ ქმედებებს, სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო უფლებამოსილია, მიმართოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ასეთი ბავშვის მისამართზე რეგისტრაციის ან/და მისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პირადობის დამადასტურებელი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის გაცემის მოთხოვნით. 5. პროკურორი, თავისი ფუნქციების განხორციელებისას ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, რეფერირების პროცედურების ფარგლებში უფლებამოსილია, ადგილზე გააანალიზოს შემთხვევა, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სააგენტოს ინფორმირება და თავის კომპეტენციის ფარგლებში, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, მათ შორის, პოლიციის ინფორმირება ბავშვზე განხორციელებული სავარაუდო ძალადობის თაობაზე. 6. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილნი არიან, რეფერირების პროცედურების ფარგლებში პენიტენციური დაწესებულებებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ადგილზე გააანალიზონ შემთხვევა და საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სააგენტოსა და პოლიციის ინფორმირება. 7. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილნი არიან, რეფერირების პროცედურების ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ადგილზე გააანალიზონ შემთხვევა და საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სააგენტოსა და პოლიციის ინფორმირება. 8. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილნი არიან, რეფერირების პროცედურების ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში არსებულ დაწესებულებებში ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ადგილზე გააანალიზონ შემთხვევა და საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სააგენტოსა და პოლიციის ინფორმირება. 9. სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრი, რეფერირების პროცედურის ფარგლებში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენისას აანალიზებს შემთხვევას და საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს სააგენტოსა და პოლიციის ინფორმირებას ამ დადგენილებით გათვალისწინებული ფორმით. 10. საბავშვო ბაღები, საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებები, მანდატურის სამსახური, ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულებები, თავშესაფრები, მათი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილნი არიან, რეფერირების პროცედურების ფარგლებში ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ადგილზე გააანალიზონ შემთხვევა და საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში უზრუნველყონ სააგენტოსა და პოლიციის ინფორმირება. ამ პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები ვალდებულნი არიან, სააგენტოსთან თანამშრომლობით აწარმოონ ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მდგომარეობაზე ზედამხედველობა, მათი კომპეტენციის ფარგლებში. 11. სამედიცინო სერვისების მიმწოდებლები (მათ შორის, სოფლის ექიმები) რეფერირების პროცედურების ფარგლებში: ა) ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენისას აანალიზებენ შემთხვევას და საფუძვლიანი ეჭვის გაჩენისას დაუყოვნებლივ უზრუნველყოფენ სააგენტოსა და პოლიციის ინფორმირებას; ბ) უზრუნველყოფენ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ბავშვზე ძალადობის შემთხვევის სწორ მართვას, რაც გულისხმობს: ბ.ა) შეფასების შედეგების ზუსტ დოკუმენტირებასა და კონფიდენციალურობის დაცვას; ბ.ბ) შესაბამისი სამედიცინო ტესტების დროულად ჩატარებას; ბ.გ) ბავშვზე ძალადობის შედეგების, აგრეთვე სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკების შეფასებას; ბ.დ) პრევენციული ზომების გატარებას, მათ შორის, მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა/სხვა პასუხისმგებელ პირთა განათლებას/ინფორმირებას ბავშვის განვითარებასა და ბავშვზე ზრუნვის საკითხებზე; ბ.ე) სააგენტოსთან თანამშრომლობით ზედამხედველობის განხორციელებას ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მდგომარეობაზე. 12. მუნიციპალიტეტების გამგეობა/მერია (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში - მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობა) უშუალოდ ან/და უფლებამოსილი დაწესებულების მეშვეობით ახორციელებს მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებების მონიტორინგს და ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, რეფერირების პროცედურების ფარგლებში უფლებამოსილია (ხოლო, თუ მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის ან/და მისი სტრუქტურული ერთეულის/დაწესებულების მათი დებულებით/წესდებით ეს ფუნქცია მის/მათ ვალდებულებად არის განსაზღვრული - ვალდებულია), ადგილზე გააანალიზოს შემთხვევა და საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სააგენტოსა და პოლიციის ინფორმირება. 13. რეფერირების პროცედურების მიზნებისათვის საფუძვლიანი ეჭვი შესაძლებელია წარმოიშვას, თუ არსებობს შემდეგი გარემოებები: ა) ბავშვის განცხადება, რომ მასზე ხორციელდება ან განხორციელდა ძალადობა; ბ) ბავშვის მიერ ტრავმის მიზეზების ახსნის შეუძლებლობა; გ) მოწმის განცხადება, რომ იგი შეესწრო ძალადობის ფაქტს; დ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სხვა პასუხისმგებელი პირის არაადეკვატური ქცევა, როგორიცაა: დ.ა) ბავშვის ტრავმის სიმძიმის შეუსაბამობა ტრავმის მიღების შესახებ მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სხვა პასუხისმგებელი პირის მონათხრობთან; დ.ბ) ბავშვის ტრავმის სიმძიმის შეუსაბამობა ტრავმის მიღების შესახებ სხვადასხვა პირთა მონათხრობებს შორის; დ.გ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სხვა პასუხისმგებელი პირის მონათხრობის დეტალების მუდმივი ცვლილება; დ.დ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სხვა პასუხისმგებელი პირის არაადეკვატური რეაგირება ბავშვის ტრავმაზე; დ.ე) ბავშვის მიერ ტრავმის მიზეზის აუხსნელობა; ე) სხვა გარემოებები, რომლებიც მაღალი ალბათობით ქმნის საფუძველს ვარაუდისათვის, რომ ბავშვზე განხორციელდა ძალადობა.
მუხლი 6. ბავშვზე ძალადობის შემთხვევის გამოვლენა 1. ბავშვზე ძალადობის შემთხვევის გამოვლენა ევალება ამ რეფერირების პროცედურების მე-5 მუხლით განსაზღვრულ ყველა დაწესებულებასა და ორგანოს, რომელსაც შეხება აქვს ბავშვებთან ან/და მათ ოჯახებთან ან იმ გარემოსთან, სადაც ბავშვი იმყოფება. 2. საქართველოს პროკურატურის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროთა სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული/მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, პოლიციის, სააგენტოს, საბავშვო ბაღების, მანდატურის სამსახურის, საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების, ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულებების, თავშესაფრების, სამედიცინო სერვისის მიმწოდებლები (მათ შორის, სოფლის ექიმები) და მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში - მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის)/მათი უფლებამოსილი დაწესებულების, სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან, ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ადგილზე გადაამოწმონ ბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებული გადაუდებელი შემთხვევა, ბავშვზე განხორციელებული ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის იდენტიფიკაცია და აწარმოონ შემთხვევის მართვა, რეფერირების პროცედურებით განსაზღვრული კომპეტენციების ფარგლებსა და შესაბამისი შიდა ინსტრუქციების მიხედვით. 3. მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში - მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის) უფლებამოსილი თანამშრომელი ან მათი უფლებამოსილი დაწესებულების თანამშრომელი, მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში მცხოვრები პირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების პროცესში, შეისწავლის ბავშვების მდგომარეობას და ახდენს ბავშვზე ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას, შეფასების შედეგების ზუსტ დოკუმენტირებას და სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას, ხოლო საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, სავალდებულო წესით აგზავნის შეტყობინებას სააგენტოსა და პოლიციაში. 4. ბავშვზე სავარაუდოდ განხორციელებულ ძალადობაზე შესაძლოა მიუთითებდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე ფაქტორი: ა) ბავშვზე სხეულის დაზიანების ნიშნების არსებობა (სხვადასხვა ფერის სილურჯეები, სხვადასხვა ხარისხის ჭრილობები და ნაკაწრები, იარები, გაძნელებული სიარული, სხეულის შეშუპებული ნაწილები, მოტეხილობები, დამწვრობის კვალი, კოპები და სხვა სახის დაზიანებები); ბ) ბავშვი იქცევა საეჭვოდ (ბავშვი აღგზნებულია, დათრგუნულია, აქვს შიშები, არ უნდა სახლში დაბრუნება, რადიკალურად შეეცვალა ხასიათი და სხვ.); გ) ბავშვი არ დადის ან/და არარეგულარულად დადის საგანმანათლებლო ან/და სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებაში; დ) ბავშვი არ არის რეგისტრირებული ან ბავშვს არ აქვს დაბადების მოწმობა, აგრეთვე არ არის პედიატრის/ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ; ე) ბავშვი მოუვლელია, მნიშვნელოვნად ჩამორჩება ფიზიკურ განვითარებაში, ბავშვს აქვს მოუწესრიგებელი გარეგნული იერ-სახე – უსუფთაო სახე და სხეული, აცვია ჭუჭყიანი ან/და სეზონისთვის შეუფერებელი ტანსაცმელი, იკვებება საჭმლის ნარჩენებით; ვ) ასაკის შეუფერებლად დროს ატარებს უმეთვალყურეოდ, საცხოვრებელი გარემო შეიცავს საფრთხეებს ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის, ცხოვრობს ბავშვთა ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად; ზ) ჩართულია ისეთ შრომით საქმიანობაში, მათ შორის, წვრილმან ვაჭრობაში, რომელიც იწვევს მისი საბაზისო უფლებების (განათლების, ჯანსაღი ფიზიკური და მენტალური განვითარების) შეზღუდვას; თ) ბავშვი გამოყენებულია და ჩაბმულია მისი ასაკისათვის შეუფერებელ სამუშაოში ან/და ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში (ითხოვს მოწყალებას/მათხოვრობს, არაგონივრულად დიდ დროს ატარებს ქუჩაში); ი) ბავშვი ხშირად გადაადგილდება უცხო პირთან/პირებთან ერთად ნათესავის ან ახლობლის გარეშე ან იმყოფება უცხო პირების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ან/და უწევს მათ მომსახურებას; კ) ბავშვის სათამაშოები, საწოლი, ტანისამოსი ან სხვა ნივთები აღმოჩენილია შეუფერებელ ადგილებში (მათ შორის, ქარხანა ან/და სხვ.), ადამიანით ვაჭრობისათვის (ტრეფიკინგისათვის) რისკის შემცველ დაწესებულებებში; ლ) ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელიც შესაძლოა მიუთითებდეს ბავშვზე ძალადობაზე. 5. ძალადობის ეჭვის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების უფლებამოსილი პირები აწარმოებენ ფაქტის შესწავლას, რათა დადგინდეს, საფუძვლიანია თუ არა წარმოქმნილი ეჭვი. 6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები (გარდა პოლიციისა), ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, ვალდებულნი არიან, შეავსონ ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათი (დანართი №2), რომელიც ეგზავნება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს ფოსტით, ფაქსით ან, არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით, ხოლო გადაუდებელ შემთხვევაში, ვალდებულნი არიან ინფორმაცია ბავშვზე ძალადობის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, გამოიძახონ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სააგენტოს შეატყობინონ „ცხელი ხაზის“ მეშვეობით ან/და წერილობით. 7. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებები ვალდებულნი არიან დაამტკიცონ ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქციები.
მუხლი 7. ბავშვზე ძალადობის შემთხვევის/გამოძახების ადგილზე შეფასება 1. ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, პოლიცია ვალდებულია, დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის/გამოძახების ადგილზე. 2. ადგილზე მისვლისას პოლიციამ უნდა განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) გამოცხადდეს ადგილზე, წარადგინოს ვინაობა, შეისწავლოს და შეაფასოს მდგომარეობა, გაესაუბროს სავარაუდო მსხვერპლს, მოძალადეს, ოჯახის წევრებს, მოწმეებს (მეზობლებს, ნათესავებს, სხვ.), მოიპოვოს მტკიცებულებები და ძალადობის ნიშნების ან ამ რეფერირების პროცედურებით განსაზღვრული გარემოებების არსებობის შემთხვევაში დადგენილი წესით დაუყოვნებლივ შეატყობინოს ინფორმაცია სააგენტოს; ბ) პოლიციის მიერ სააგენტოსთვის გადაცემული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ბ.ა) პოლიციელის სახელს, გვარს, თანამდებობას; ბ.ბ) ბავშვის სახელსა და გვარს, ასაკს, სქესს, მისამართს, შემთხვევის/გამოძახების ადგილს, თუ იგი განსხვავდება ბავშვის საცხოვრებელი მისამართისაგან. ხოლო თუ ბავშვი მიუსაფარია, მიეთითება მისი სახელი და გვარი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სქესი ან მისი მაიდენტიფიცირებელი რაიმე ნიშანი, შემთხვევის/გამოძახების ადგილი; ბ.გ) ძალადობის თაობაზე საფუძვლიანი ეჭვის ან ძალადობის ფაქტის მოკლე აღწერას; ბ.დ) პოლიციის მიერ ჩატარებული ქმედებების ჩამონათვალს; გ) აღკვეთოს ბავშვზე ძალადობის ფაქტი; დ) საჭიროების შემთხვევაში, გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა; ე) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოწეროს შემაკავებელი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერი და აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს ბავშვის უსაფრთხო გარემოში გადაყვანა მარტო ან მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან/სხვა პასუხისმგებელ პირთან ერთად; ვ) თუ გამოძახება მოხდა სამუშაო დღის განმავლობაში და არ არის საჭირო ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, მაგრამ სახეზეა ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვი, დაელოდოს სოციალური მუშაკის გამოცხადებას შემთხვევის/გამოძახების ადგილზე და დაეხმაროს მას ბავშვთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაში, ხოლო თუ გამოძახება მოხდა არასამუშაო საათებში (18 საათიდან დილის 9 საათამდე), დასვენების ან უქმე დღეებში, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს ამ პუნქტის ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედებები; ზ) თუ ადგილზე გამოცხადებისას, სოციალური მუშაკი სიტუაციას აფასებს, როგორც გადაუდებელ შემთხვევას, რომლის დროსაც ბავშვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას მომდევნო 24 საათის განმავლობაში ემუქრება საფრთხე, მაგრამ არ ხდება ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება და სოციალური მუშაკი იღებს გადაწყვეტილებას ბავშვთან დაკავშირებით, პოლიცია ეხმარება მას ამ გადაწყვეტილების აღსრულებაში. 3. პოლიციის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებები ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ შორის, შიდა ინსტრუქციებით. ეს ქმედებები, უპირველესად, ბავშვის უსაფრთხოების, სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და მისი საუკეთესო ინტერესების დაცვას უნდა ემსახურებოდეს. 4. სააგენტოში ინფორმაციის შესვლისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ბავშვზე ძალადობის შემთხვევაზე რეაგირება შიდა ინსტრუქციის შესაბამისად. სოციალური მუშაკი შემთხვევის/გამოძახების ადგილზე გასვლისას აფასებს ბავშვზე ძალადობის შემთხვევას: ახდენს ბავშვზე ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას, ძალადობის შედეგებისა და ბავშვის უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას ბავშვთან დაკავშირებით. 5. საგანმანათლებლო დაწესებულების, სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების/საბავშვო ბაღის/ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომლები, დაწესებულების შიდა ინსტრუქციის შესაბამისად, ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ადგილზე გაესაუბრებიან სავარაუდო მსხვერპლ ბავშვსა და მოწმეებს და მოახდენენ შემთხვევის გაანალიზებას, ხოლო საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას უზრუნველყოფენ პოლიციისა და სააგენტოს ინფორმირებას. სააგენტოს ინფორმირება ხდება ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათის (დანართი №2) ან/და სამინისტროს „ცხელი ხაზის“ მეშვეობით. 6. სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების პროცესში ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი პირი სააგენტოს ინფორმაციას აწვდის შიდა ინსტრუქციით დადგენილი წესით. 7. სამედიცინო სერვისების მიმწოდებლები (მათ შორის, სოფლის ექიმები) სამედიცინო მომსახურების გაწევასთან ერთად, ბავშვზე ძალადობის თაობაზე ეჭვის არსებობისას ახდენენ ბავშვზე ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას, ძალადობის შედეგების და უსაფრთხოების რისკების შეფასებას, შეფასების შედეგების ზუსტ დოკუმენტირებას და კონფიდენციალურობის დაცვას. ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში სავალდებულოა შეტყობინების გაგზავნა სააგენტოსა და პოლიციაში.
მუხლი 8. ბავშვის უსაფრთხო გარემოში გადაყვანა 1. ბავშვზე ძალადობის დროს, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოწერილი შემაკავებელი ორდერის, აგრეთვე რეფერირების პროცედურებით განსაზღვრულ შემთხვევებში სოციალური მუშაკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ბავშვი განცალკევდება მოძალადისგან. 2. მშობლისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან ბავშვთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები ნებისმიერი სხვა პირისგან ბავშვის განცალკევება წარმოადგენს უკიდურეს ზომას, რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოყენებულ იქნა ყველა სხვა, ნაკლებად მკაცრი ზომა, მათ შორის, გასაუბრება და გაფრთხილება და ამ ნაკლებად მკაცრმა ზომებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო ან როდესაც შექმნილ ვითარებაში აშკარაა, რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას, რაც გამოიწვევს ბავშვის გარდაუვალ დაღუპვას ან ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას. 3. ბავშვის აზრი იმის შესახებ, თუ სად განთავსდება იგი, უნდა იყოს გათვალისწინებული მისი ასაკის და განვითარების დონის მიხედვით და ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. 4. გადაწყვეტილების მიღებისას პოლიციის თანამშრომელი/სოციალური მუშაკი ახდენს ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას, მსხვერპლისა და სხვა ისეთი პირების გამოკითხვას, რომლებსაც შეუძლიათ სასარგებლო ინფორმაცია მისცენ პოლიციის თანამშრომელს/სოციალურ მუშაკს, საჭიროების შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელი/სოციალური მუშაკი იძახებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას და გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციას გადის ადგილზე მისული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმთან. ამის საფუძველზე პოლიციის თანამშრომელი/სოციალური მუშაკი ახდენს შემთხვევის შეფასებას და ბავშვის უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, შიდა ინსტრუქციის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის განცალკევების შესახებ. სოციალური მუშაკი ამ პროცედურებით დაადგენილი წესით განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიღებისთანავე მიმართავს პოლიციას, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას. 5. ბავშვის უსაფრთხო გარემოში გადაყვანისას შესაძლებელია მიღებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ბავშვი განთავსდეს ბავშვის ოჯახის წევრთან, რომელიც სხვა მისამართზე ცხოვრობს; ბ) ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ბავშვი განთავსდეს მესამე პირთან (ნათესავი, მეზობელი და სხვ.); გ) ბავშვი განთავსდეს მინდობით აღზრდაში ან/და ბავშვთა სპეციალიზებულ ერთ-ერთ დაწესებულებაში, რომელთა ჩამონათვალს პოლიციას აწვდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; დ) ბავშვი განთავსდეს თავშესაფარში მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქმე ეხება ოჯახში ძალადობას ან/და არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) და ბავშვი ცნობილია ოჯახში ძალადობის ან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ან/და დაზარალებულად და ვერ ხერხდება მისი ამ პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებით უზრუნველყოფა; ე) თუ ძალადობა მოხდა ოჯახის გარეთ - ოჯახის არაწევრის მიერ, ბავშვი უნდა დაბრუნდეს სახლში პოლიციის თანხლებით და, ამასთანავე, მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს სააგენტოს; ვ) გადაუდებელ შემთხვევაში, ბავშვი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, განთავსდეს სამედიცინო დაწესებულებაში. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებებსა და თავშესაფრებში უნდა არსებობდეს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ცხოვრების, მოვლისა და რეაბილიტაციისთვის ყველა საჭირო პირობა.
მუხლი 9. რეფერირების პროცედურების ფარგლებში ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სამედიცინო დაწესებულებებსა და თავშესაფრებში განთავსებული ბავშვების რეგისტრაცია და ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდება 1. რეფერირების პროცედურების ფარგლებში ბავშვის სპეციალიზებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში ან თავშესაფარში განთავსებისთანავე, დაწესებულება ვალდებულია, აღრიცხოს ბავშვის შესახებ მონაცემები დადგენილი წესის შესაბამისად. 2. დაწესებულება, სადაც მოხდება ბავშვის განთავსება, ვალდებულია, ინფორმაცია ახლად შესულ ბავშვზე სატელეფონო საშუალებით აცნობოს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს იმავე სამუშაო დღეს, ხოლო თუ განთავსება მოხდა არასამუშაო საათებში - მომდევნო სამუშაო დღეს.
მუხლი 10. სააგენტოს მიერ ბავშვის მდგომარეობის შეფასება და შემთხვევის მართვა 1. სააგენტო, ბავშვზე განხორციელებული ძალადობის ან ძალადობის ეჭვის შემთხვევაში, საქმის განხილვას იწყებს სააგენტოში შესული წერილობითი, სატელეფონო ან/და სხვა საკომუნიკაციო შეტყობინების საფუძველზე, ასევე სააგენტოს მიერ მოძიებულ შემთხვევებში. ასეთი შემთხვევების მართვის დროს იგი მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შიდა ინსტრუქციის შესაბამისად. 2. სააგენტო მიმართვიანობის სისტემაში ერთვება იმ შემთხვევებში, თუ: ა) ძალადობის ფაქტი დადასტურებულია და ბავშვი მოთავსებულია დროებით საცხოვრებელში ოჯახის ან/და მუდმივი ადგილსამყოფლის გარეთ; ბ) მიღებული ინფორმაცია იძლევა საფუძვლიან ეჭვს, რომ ბავშვზე განხორციელდა ან ხორციელდება ძალადობა. 3. თუ სააგენტოში შესული სატელეფონო ზარის მიხედვით აღწერილი მდგომარეობა შეესაბამება გადაუდებელ შემთხვევას, სააგენტო პოლიციას ატყობინებს და ახორციელებს ამ პროცედურებით დადგენილ ღონისძიებებს.
მუხლი 11. სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ქმედებები იმ შემთხვევაში, თუ ძალადობის შესახებ ფაქტი დადასტურებულია და ბავშვი განთავსებულია უსაფრთხო გარემოში 1. სააგენტოს სოციალური მუშაკი მიდის ბავშვის დროებით განთავსების ადგილზე და ახდენს ბავშვის მდგომარეობის შეფასებას კანონმდებლობითა და შიდა ინსტრუქციით დადგენილი წესით. 2. ბავშვის შეფასების საფუძველზე სააგენტოს სოციალური მუშაკი შეიმუშავებს ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმას. 3. ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რეგიონული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის დროებით განთავსების ადგილის შესახებ, ხოლო გადაუდებელ შემთხვევაში მოძალადისგან განცალკევებული ბავშვის დროებით განთავსების ადგილის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, გადაუდებელი რეაგირების ოქმის საფუძველზე. 4. თუ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა საჭიროება, სააგენტოს შეუძლია მიმართოს სასამართლოს, ბავშვის მშობლისთვის/მშობლებისთვის მშობლის უფლების შეზღუდვის ან ჩამორთმევის შესახებ. 5. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ბავშვის გადაყვანა მოხდა მესამე პირთან (ნათესავი, მეზობელი და სხვ.), სოციალური მუშაკი აფორმებს „პოლიციის მიერ შემაკავებელი ან სასამართლოს მიერ დამცავი ორდერის გამოწერისა და ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე მის მესამე პირთან (ნათესავი, მეზობელი და სხვ.) გადაყვანის შესახებ“ აქტს (დანართი №3). 6. სააგენტოს მიერ ბავშვის ბიოლოგიური ოჯახიდან გამოყვანის ყველა შემთხვევაში შეჩერებულად ითვლება მშობლის/მშობლების უფლებები, განსაზღვროს, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს ბავშვმა. 7. რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ სოციალური მუშაკი უზრუნველყოფს ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას და ზედამხედველობას უწევს გეგმის განხორციელებას. გარდა ამისა, ბავშვის ადგილმდებარეობის შეცვლის შემთხვევაში, სოციალური მუშაკი უზრუნველყოფს მის ჩართვას საგანმანათლებლო პროცესში და რეგისტრაციას პირველადი ჯანმრთელობის დაცვის სერვისის მიმწოდებელთან.
მუხლი 12. სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ქმედებები იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია, რომელიც მიღებულია სხვადასხვა წყაროდან, იძლევა საფუძვლიან ეჭვს, რომ ბავშვზე განხორციელდა ან ხორციელდება ძალადობა 1. სააგენტოში ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის შესახებ შეტყობინების შესვლისთანავე სოციალური მუშაკი ახორციელებს ვიზიტს ბავშვთან. 2. სოციალური მუშაკი, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს ფსიქოლოგთან ერთად აფასებს ბავშვს და მისი უსაფრთხოების რისკებს, ადგენს ინდივიდუალური განვითარების გეგმას, უწევს ოჯახის წევრ(ებ)ს/კანონიერ წარმომადგენელს/სხვა პასუხისმგებელ პირს კონსულტირებას ან/და რეფერირებას საჭირო მომსახურებაში (მინდობით აღზრდა, ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულება ან თავშესაფარი). 3. თუ ბავშვთან ვიზიტის დროს სოციალური მუშაკის შეფასების შედეგად დადგინდა, რომ საქმე ეხება გადაუდებელ შემთხვევას, იგი დაუყოვნებლივ მიმართავს პოლიციას და იძახებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას. 4. თუ ბავშვთან ვიზიტის დროს სოციალური მუშაკის მიერ ჩაითვალა საჭიროდ ბავშვის ერთ მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან/სხვა პასუხისმგებელ პირთან ერთად ან მარტო უსაფრთხო გარემოში გადაყვანა, იგი დაუყოვნებლივ მიმართავს პოლიციას. 5. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას არ ემუქრება საფრთხე, მაგრამ ოჯახის წევრ(ებ)ი/კანონიერი წარმომადგენელი/სხვა პასუხისმგებელი პირი უარს აცხადებს სააგენტოსთან თანამშრომლობაზე, სააგენტოს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით.
მუხლი 13. ბავშვის მდგომარეობაზე ზედამხედველობა 1. ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესრულებაზე მონიტორინგს და ბავშვის მდგომარეობაზე ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო. ბავშვის მდგომარეობაზე ზედამხედველობის ფუნქცია ასევე აკისრია პოლიციას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ზედამხედველობის პროცესში ერთვებიან მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი სუბიექტები. 2. სააგენტო რეგულარულად (შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული ვადისა და პირობების დაცვით) აწარმოებს ზედამხედველობას ძალადობის მსხვერპლი ბავშვის რეაბილიტაციის პროცესზე. თუ ზედამხედველობის პროცესში აღმოჩნდა, რომ ბავშვი საჭიროებს ინდივიდუალური განვითარების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების (მომსახურების) ცვლილებას, სოციალური მუშაკი გადასინჯავს გეგმას და შეიმუშავებს ბავშვის ინდივიდუალური განვითარების ახალ გეგმას, რომელიც წარედგინება რეგიონულ საბჭოს. 3. ამ რეფერირების პროცედურების მე-5 მუხლით განსაზღვრული სუბიექტები, მათ შორის, სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები, სადაც ბავშვი რეგისტრირებულია ამბულატორიული სერვისის მისაღებად, გარდა პოლიციისა და საქართველოს პროკურატურისა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულნი არიან: ა) სააგენტოსთან შეთანხმებით, თვალყური ადევნონ ბავშვის მდგომარეობას და რეგულარულად მიაწოდონ სააგენტოს სოციალურ მუშაკს წერილობითი ანგარიში ბავშვის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ. ანგარიში უნდა მოიცავდეს: ა.ა) ბავშვის საგაკვეთილო პროცესზე დასწრებას; ა.ბ) ბავშვის აკადემიურ მოსწრებას; ა.გ) ბავშვის ქცევებზე ჩანაწერებს; ა.დ) ბავშვის ჯანმრთელობის, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას; ა.ე) მონაცემებს სხვა აქტივობებში ჩართვის შესახებ; ბ) მიაწოდოს ინფორმაცია პოლიციას მოძალადის მიერ ბავშვთან კავშირის დამყარების მცდელობის შესახებ, თუ გამოწერილია შემაკავებელი ან დამცავი ორდერები და საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებები, საბავშვო ბაღი ან ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულება გახდა მოძალადის მიერ ბავშვთან კავშირის დამყარების მცდელობის მოწმე. 4. ძალადობის შესახებ პოლიციაში შესული ინფორმაციის შესაბამისად, პოლიციელი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თვალყურს ადევნებს ძალადობის მსხვერპლ ბავშვს და მდგომარეობას მის ოჯახში, თუ ძალადობა ოჯახში განხორციელდა.
მუხლი 14. ნაპოვნი/მიტოვებული ბავშვი ბავშვის პოვნის ან მიტოვებისას, შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაციამ, სადაც მოხდა ბავშვის პოვნა/მიტოვება, დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს აღნიშნული ფაქტის შესახებ სააგენტოსა და სამართალდარღვევათა პრევენციის და ვინაობის დადგენის მიზნით, პოლიციის ინფორმირება სატელეფონო ან/და სხვა საკომუნიკაციო საშუალებით, ხოლო შემდეგ კი უნდა შეივსოს შეტყობინების ფორმა „ბავშვის პოვნის ან ბავშვის მიტოვების შესახებ“ (დანართი №4) და გადაეცეს სააგენტოს სოციალურ მუშაკს.
მუხლი 15. სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ქმედებები ნაპოვნი ან მიტოვებული ბავშვის შესახებ მიღებული შეტყობინების შემთხვევაში 1. ნაპოვნი ბავშვის აღმოჩენიდან ან მშობლის (მშობლების) მიერ საკუთარი მოქმედებით ან უმოქმედობით გამოხატული ბავშვის მიტოვებიდან ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მშობლის (მშობლების) უფლება-მოვალეობები შეჩერებულად ჩაითვლება და ამ უფლებებს განახორციელებს და მოვალეობებს შეასრულებს სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო. 2. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია, სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ორგანოსა და პოლიციას, სამართალდარღვევათა პრევენციისა და სამართალდამრღვევთა ვინაობის დადგენის მიზნით, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ ბავშვის მიტოვების თაობაზე. 3. ნაპოვნი ან მიტოვებული ბავშვის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში, სააგენტო ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
მუხლი 16. სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ქმედებები, მიუსაფარი ბავშვების იდენტიფიცირების მიზნით 1. სააგენტოს მობილური ჯგუფის (სააგენტოს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული უფროსი სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, მძღოლი, თანასწორ განმანათლებელი) მიერ მიუსაფარი ბავშვის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკი, არასრულწლოვნის მიუსაფარ ბავშვად იდენტიფიცირების მიზნით, ავსებს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ მაძიებლის ანკეტას. 2. არასრუწლოვნის მიუსაფარ ბავშვად იდენტიფიცირების შემთხვევაში სააგენტო ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
მუხლი 17. ინფორმაციის გაცვლა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) სისტემაში 1. რეფერირების პროცედურების ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის რეფერირების პროცედურებში ჩართულ სუბიექტებს შორის ბავშვის შესახებ ინფორმაციის გაცვლა ხდება წერილობითი ფორმით, ხოლო გადაუდებელ შემთხვევაში სატელეფონო ან/და სხვა საკომუნიკაციო საშუალების მეშვეობით. 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, აწარმოებენ ბავშვზე ძალადობის შემთხვევების ერთიან ბაზას, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, ხელმისაწვდომია რეფერირების პროცედურებში ჩართული სუბიექტებისათვის. ბაზაში ხდება ბავშვზე ძალადობის ყველა შემთხვევის შესახებ ინფორმაციის თავმოყრა. 3. ბავშვზე ძალადობის ერთიანი ბაზის ტექნიკურ ადმინისტრირებას ახორციელებს პოლიცია. 4. თუ სააგენტოს ინიციატივით, ბავშვის დაცვის მიზნით, სასამართლოს მიერ გამოწერილია დამცავი ორდერი, სააგენტო აცნობებს საგანმანათლებლო ან/და სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საბავშვო ბაღებს და ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებას ბავშვის დაცვასთან დაკავშირებით გამოცემული ორდერის თაობაზე. 5. თუ ბავშვი განრიდების პროგრამაშია ჩართული ან პრობაციონერია, სააგენტო შეტყობინებას უგზავნის სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრს. 6. ბავშვზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ბავშვის განცალკევებასა და მოძალადესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაცია მიეწოდება სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. 7. მიუსაფარ ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საიდენტიფიკაციო დოკუმენტის გაცემის თაობაზე სააგენტო ახორციელებს პოლიციის ინფორმირებას, მშობლის მიერ ბავშვის სახელმწიფო საზღვარზე არამართლზომიერად გადაყვანის თავიდან აცილების მიზნით.
მუხლი 18. „ცხელი ხაზი“ 1. ბავშვზე ძალადობის თაობაზე ინფორმაციის შეტყობინების მიზნით მოქმედებს შემდეგი სატელეფონო „ცხელი ხაზი“: ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „ცხელი ხაზი“ - 15-05; ბ) სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის „ცხელი ხაზი“: ბ.ა) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო „ცხელი ხაზი“ - 116-006; ბ.ბ) ტრეფიკინგის მსხვერპლთა/დაზარალებულთა საკონსულტაციო „ცხელი ხაზი“ - 2 100 229; გ) საგანგებო და გადაუდებელი დახმარების ნომერი - 112. 2. დაინტერესებულ პირს/ორგანიზაციას/დაწესებულებას „ცხელ ხაზზე“ შეუძლია მიიღოს ინფორმაცია, ბავშვზე ძალადობის საკითხებზე. ასევე „ცხელი ხაზ(ებ)ის“ მეშვეობით შესაძლებელია, სააგენტოს მიაწოდონ ინფორმაცია ბავშვზე ძალადობის ან შესაძლო ძალადობის შესახებ.
მუხლი 19. ინფორმაციის კონფიდენციალურობა ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ვინაობის, მისი ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება შესაძლებელია მხოლოდ რეფერირების პროცედურებში ჩართული სუბიექტების შესაბამის უფლებამოსილ თანამშრომლებს შორის სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების მიზნით. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ბავშვის მშობლისათვის/მშობლებისათვის და კანონიერი წარმომადგენლისათვის, თუ არ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი და ბავშვის მშობლებს ან შესაბამის მშობელს არ აქვთ/აქვს შეზღუდული ან ჩამორთმეული მშობლის უფლება.
მუხლი 20. ბავშვზე ძალადობის გამოვლენისა და შესაბამისი ინფორმაციის უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტის (დაწესებულების ან/და მისი უფლებამოსილი თანამშრომლის) მიერ ბავშვზე ძალადობის გამოვლენისა და ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
|
დოკუმენტის კომენტარები