ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 162
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/09/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016373
162
13/09/2016
ვებგვერდი, 14/09/2016
010250050.35.160.016373
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №162

2016 წლის 13 სექტემბერი

ქ. რუსთავი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესი“ თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „რუსთავის  საპატიო  მოქალაქის  წოდების  მინიჭების წესის  დამტკიცების შესახებ“ ქალაქ  რუსთავის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2015 წლის 9 ოქტომბრის №122 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 13/10/2015; 010250050.35.160.016332). 
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე



დანართი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  საპატიო წოდების მინიჭების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების   მინიჭების სამართლებრივ საკითხებს და მათი განხილვის წესს.

 2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება მოიცავს შემდეგ წოდებებს:

ა) „რუსთავის საპატიო მოქალაქე“;

ბ) „წლის რუსთაველი“;

გ) „დამსახურებული მოღვაწე“ (მაგ., დამსახურებული ექიმი, დამსახურებული პედაგოგი, დამსახურებული არქიტექტორი და სხვა).

3. საპატიო წოდების მინიჭებაზე გადაწტვეტილებას იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ბრძანების სახით, მისივე ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.

4. საპატიო  წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რასაც საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე წყვეტს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი და გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს საკრებულოს.


მუხლი 2. „რუსთავის საპატიო მოქალაქის” წოდება
„რუსთავის საპატიო მოქალაქის“ წოდება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქე(ებ)ს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს:

ა) საქართველოს მოქალაქეებს   ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტატის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის; ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის; შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) თავისი ხანგრძლივი ან/და წარმატებული საქმიანობის გამო, რუსთავზე უანგარო ზრუნვისა და მისი განვითარების საქმეში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, ასევე რუსთაველების ერთგული სამსახურისთვის;

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის წინაშე რუსთავის მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.


მუხლი 3. „წლის რუსთაველის” წოდება
1. „წლის რუსთაველის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს რუსთავის მკვიდრს, რომელმაც:

ა)  უანგარო დაფინანსება და მხარდაჭერა გაუწია ქალაქ რუსთავში კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების სფეროს განვითარებას;

ბ) განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა სატელევიზიო, სოციალურ და სხვა საინფორმაციო ქსელში ქალაქის წარმოჩენის კუთხით;

გ) მიიღო მონაწილეობა ისეთ ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, ინფრასტრუქტურულ და ინოვაციურ პროექტებში, რომლებიც საზოგადოებაში ეფექტურად რეალიზდა, დაინერგა პრაქტიკაში და დაიმსახურა მოსახლეობის ყურადღება-მოწონება;

დ) ხელი შეუწყო ახალი ტექნოლოგიების დანერგვას;

ე) წვლილი შეიტანა ქალაქის ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებაში. პიროვნული თვისებებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის შედეგად  დაიმსახურა ორგანიზაციების, საქმიანი წრეების, საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და  ქალაქის მაცხოვრებლებისგან  მაღალი შეფასება;

ვ) ხელი შეუწყო მოვლენის ინიციირებას, რამაც გამოიწვია ფართო რეზონანსი ან შევიდა ქალაქის ისტორიაში და დადებითად აისახა ქალაქის იმიჯზე;

ზ) საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური სამოქალაქო პოზიციით და სოციალურად მნიშვნელოვანი ქმედებებით მაგალითი მისცა ქალაქის მოსახლეობას.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული წოდების მინიჭებისას მიეთითება ის კალენდარული წელი, რომლის განმავლობაშიც შეფასდა კანდიდატის საქმიანობა.


მუხლი 4. „დამსახურებული მოღვაწის“  წოდება
„დამსახურებული მოღვაწის“ წოდება ენიჭება პირს, რომელმაც პიროვნული და პროფესიული დამსახურებით, მიღწევებით და შესაძლებლობებით თავი გამოიჩინა რომელიმე სფეროში (დარგში) და მოახდინა შესაბამისი სფეროს (დარგის) პოპულარიზაცია ქალაქ რუსთავში (მაგ., დამსახურებული ექიმი, დამსახურებული პედაგოგი, დამსახურებული არქიტექტორი და სხვა).

მუხლი 5. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;

ბ) მუნიციპალიტეტის მერს;

გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;

დ) საკრებულოს ფრაქციას;

ე) დადგენილი წესით რეგისტრირებულ საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს;

ვ) საპატიო წოდების მქონე პირთა ჯგუფს;

ზ) რუსთავში მცხოვრებ მოქალაქეთა ჯგუფს (არანაკლებ სამი მოქალაქის ინიციატივით).

2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს, რასაც წერილობითი სახით უნდა ახლდეს:

ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც ნათლად უნდა წარმოჩნდეს რუსთავის საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურისათვის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

ბ) ბიოგრაფიული ცნობები;

გ) წარდგენილი კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური ან სხვა სახის მასალები;

დ) კანდიდატის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

3. დასახელებული კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც საბოლოო დასკვნას წარუდგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს.

4. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატის შესახებ.


მუხლი 6. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭება
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებას ანიჭებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.

2. საპატიო წოდების მინიჭებისას პირს გადაეცემა შესაბამისი წოდების აღმნიშვნელი მოწმობა და მედალი წარწერით რუსთავის საპატიო მოქალაქე, „წლის რუსთაველი  ან „დამსახურებული მოღვაწე“.

3. საპატიო წოდების მინიჭების მოწმობას ხელს აწერს ქალაქ რუსთავის მუნიციაპლიტეტის თანამდებობის პირები (მერი/საკრებულოს თავმჯდომარე) და დასტურდება ქალაქ რუსთავის მუნიციაპლიტეტის ბეჭდით.

4. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭება, შესაბამისად, მოწმობისა და ჯილდოს გადაცემა ხდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, „რუსთავქალაქობის“ აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებზე ყოველწლიურად ან წელიწადის ნებისმიერ დღეს.

5. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  საპატიო წოდების მინიჭება ხდება საზეიმო ვითარებაში.


მუხლი 7. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მქონე პირის უფლებები
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მქონე პირი, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათით, რომლითაც სარგებლობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები (რეგისტრირებული) ყველა მოქალაქე.

2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, რუსთავის საპატიო წოდების მქონე პირის სახელზე (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქისა) შესაძლებელია გაიცეს ერთჯერადი ფულადი ჯილდო. აღნიშნული თანხა გაიცემა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
 


მუხლი 8. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების  აღრიცხვა
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები კეთდება სპეციალურ წიგნში, რომლის აღრიცხვას აწარმოებს ქალაქ რუსთავის მუნიციაპლიტეტის მერიის ადმინისტრაცია.