ლაგოდეხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2016 წლის 30 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ

ლაგოდეხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2016 წლის 30 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 65/2016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 09/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016304
65/2016
09/09/2016
ვებგვერდი, 12/09/2016
010190020.15.008.016304
ლაგოდეხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2016 წლის 30 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №65/2016

2016 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

ლაგოდეხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2016 წლის 30 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
ლაგოდეხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2016 წლის 30 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის:

1. საარჩევნო ოლქებისა და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები ემთხვევა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის შექმნილი საარჩევნო ოლქებისა და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებს.

2. საარჩევნო უბნების საზღვრები ემთხვევა საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის შექმნილი შესაბამისი საარჩევნო უბნების საზღვრებს.

3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 23-ე მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული ვადები, ამავე მუხლით დადგენილი ქმედების განხორციელებისათვის აითვალოს საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნის დღიდან.

4. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციებს ასრულებენ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის შექმნილი შესაბამისი საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები.

5. ამომრჩეველთა სიებს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ფორმირებული შესაბამისი სიები.

6. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში ცესკოს მიერ რეგისტრირებული პარტიები/საარჩევნო ბლოკები, რომელთაც სჭირდებათ საარჩევნო რეგისტრაცია საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისათვის, კანონით დადგენილ ვადაში მონაწილეობის თაობაზე მხოლოდ პარტიის/საარჩევნო ბლოკის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადებით მიმართავენ ცესკოს.

7. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო ბლოკი, რომელშიც შემავალ ყველა პარტიას წარდგენილი აქვს განცხადება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, უფლებამოსილია საკრებულოს შუალედურ არჩევნებშიც, იმავე ბლოკის სახელით მიიღოს მონაწილეობა, რისთვისაც ბლოკის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს საკრებულოს შუალედურ არჩევნებამდე არაუგვიანეს 42-ე დღისა და პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკის წესდებით განსაზღვრული წესით წარადგინოს კანდიდატები საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის.

8. საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის კანდიდატის მხარდამჭერთა სიის წარდგენის ვადად განისაზღვროს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა.

9. საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის ფუნქციებს შესაბამის საარჩევნო კომისიებში ასრულებენ ამავე სუბიექტის მიერ იმავე საარჩევნო კომისიებში საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის დანიშნული წარმომადგენლები, თუ მათ არ გამოიწვევს ან/და შეცვლის შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით.

10. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ცესკოს მიერ რეგისტრირებული საერთაშორისო/ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია/საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია (თუ ამავე ოლქის საზღვრებში იმართება საკრებულოს შუალედური არჩევნები) და მათი დამკვირვებლები უფლებამოსილნი არიან ხელახალი რეგისტრაციის გარეშე დააკვირდნენ საკრებულოს შუალედურ არჩევნებს იმ შემთხვევაში, თუ განცხადებით მიმართავს შესაბამის საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა.

11. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის აკრედიტირებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლები უფლებამოსილნი არიან საკრებულოს შუალედური არჩევნების პროცესში, ხელახალი აკრედიტაციის გავლის გარეშე განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილებანი იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტირებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციისათვის განცხადებით მიემართება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა.

12. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს საკრებულოს შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგებს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა.

მუხლი 2
დადგინდეს ზოგიერთი სარჩევნო ღონისძიების ახალი ვადები:

1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 53-ე მუხლის პირველი პუნქტით ცესკოს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დაფინანსების გეგმის წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის – „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 55 დღისა” ნაცვლად, „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 47 დღისა”.

2. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით ცესკოს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენილი გეგმის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის განკუთვნილი ასიგნების გამოყოფა ცესკოს შესაბამის საბიუჯეტო პროგრამულ კოდზე – „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა” ნაცვლად, „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 42-ე დღისა”.

3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 53-ე მუხლის მე-4 პუნქტით ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების მის მიმდინარე ანგარიშზე ჩარიცხვისთვის განსაზღრული ვადის – „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 45 დღისა” ნაცვლად, „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 39 დღისა.”.

მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი