გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/08/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016292
28
30/08/2016
ვებგვერდი, 01/09/2016
010250050.35.161.016292
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2016 წლის 30 აგვისტო

ქ. გარდაბანი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ “ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი



დანართი
გარდაბნის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

წინამდებარე წესი განსაზღვრავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მართვის, მოვლა-პატრონობის, სარიტუალო მომსახურების, სასაფლაოების დახურვისა და ახალი სასაფლაოების გახსნის ზოგად წესს.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: 

ა) სასაფლაო – გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე ან ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებს გარეთ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც საკრებულოს განკარგულებით მიენიჭა სასაფლაოს სტატუსი და გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად და რომელიც იმართება კანონმდებლობის შესაბამისად  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ან გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შერჩეული/დანიშნული ფიზიკური პირის (შემდგომში – მმართველი) მიერ;

ბ) სასაფლაოს მმართველი ორგანიზაცია – არის გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, მმართველობას და მომსახურებას;

 გ) კერძო სასაფლაო – ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც მინიჭებული აქვს სასაფლაოს სტატუსი და გამოიყენება ნეშტის დასაკრძალავად;

დ) საფლავი – არის სასაფლაოზე შემოსაზღვრული ან/და სხვაგვარად გამოკვეთილი მიწის ნაკვეთი, სადაც განლაგებულია ერთი ან რამდენიმე სამარე;

ე) საგვარეულო (საოჯახო) საფლავი – არის საფლავი, რომელიც გამოიყენება ოჯახის წევრების ან (მათი თანხმობით) მათი ახლობელი ადამიანის ან/და ადამიანების ნეშტის დასაკრძალავად;
ვ) სამარე – არის მიწის ნაკვეთი სასაფლაოზე, რომელიც გამოიყენება ან განკუთვნილია ერთი ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად;

ზ) სამარხი – არის საფლავის შიგნით ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად განკუთვნილი ადგილი;

თ) ჭირისუფალი – არის გარდაცვლილის ახლო ნათესავი, მისი მემკვიდრე ან სხვა უფლებამოსილი პიროვნება, რომელიც იხდის მომსახურების ხარჯებს;

ი) სარიტუალო საქმიანობა – არის ყველა სახის მომსახურება, დაკავშირებული ადამიანის ნეშტის დაკრძალვასთან, დაკრძალვამდე ცხედრის გაპატიოსნებასთან და გარდაცვლილის ხსოვნასთან დაკავშირებულ სარიტუალო, საწარმოო და სანიტარიულ მომსახურებასთან, აგრეთვე ინფრასტრუქტურის შექმნასთან;

კ) საფლავის მომსახურება – არის მომსახურება, რომელსაც საფლავებთან დაკავშირებით ახორციელებს სასაფლაოების მმართველი ორგანიზაცია;

ლ) დაკრძალვა – არის გარდაცვლილის ნეშტის მიწასთან მიბარების ცერემონია, რომელიც ხორციელდება რელიგიური ან/და ადათ-წესების შესაბამისად. დაკრძალვა ხორციელდება სანიტარიული წესების და ნორმების დაცვით;

მ) მეორეული დაკრძალვა – არის გარდაცვლილის მიწასთან მიბარების ცერემონია, როდესაც ნეშტი იკრძალება ადრე არსებულ სასაფლაოზე წინამდებარე წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად;

ნ) ძეგლი (საფლავის ქვა) – არის სასაფლაოზე დამონტაჟებული ქვის, ლითონის ან/და სხვა მასალისგან დამზადებული გამოსახულება, კონსტრუქცია და ა.შ., რომელიც განკუთვნილია გარდაცვლილის ხსოვნის უკვდავსაყოფად;

ო) გადასვენება – არის გარდაცვლილის ნეშტის მიწასთან მიბარების ცერემონია, როდესაც ხდება გარდაცვლილის ნეშტის ამოსვენება სამარიდან და სხვა სასაფლაოზე ან/და იმავე სასაფლაოზე (სხვა სამარეში) დაკრძალვა;

პ) სასაფლაოს დახურვა – გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება ახალი საფლავების გამოყოფა;

ჟ) სასაფლაოს გაუქმება – გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება როგორც ახალი, ისე მეორადი დაკრძალვა.

 

მუხლი 3. სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა  

1. ახალი სასაფლაო უნდა განლაგდეს სულ მცირე 200 (ორასი) მეტრის დაშორებით საცხოვრებელი შენობებიდან და დასასვენებელი ადგილებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა (სტატუსის მინიჭება) ხდება ფაქტობრივად უკვე არსებული სასაფლაოს მომიჯნავედ.

2. სასაფლაოსთვის (მათ შორის, პანთეონისთვის) მიწის ნაკვეთის გამოყოფის (სტატუსის მინიჭების) შესახებ გადაწყვეტილებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს (გამგეობის) წარდგინებით იღებს გარდაბნის მუნიციალიტეტის საკრებულო. სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა ხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე.

3. სასაფლაოების მოწყობა დაუშვებელია შემდეგ ტერიტორიებზე:

ა) წყალმომარაგების სათავეებთან სანიტარიული დაცვის პირველ და მეორე ზონებში, კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის პირველ და მეორე ზონაში;

ბ) მდინარეების, ხელოვნური წყალსაცავების და სხვა ღია წყალსაცავების სანაპიროებზე, რომლებიც მოსახლეობის მიერ გამოიყენება სამეურნეო-საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით;

გ) სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყლით მომარაგების ცენტრალიზებული სისტემებით დაკავებულ ტერიტორიაზე.

 4. სასაფლაოებისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

   ა) არ უნდა იმყოფებოდეს მეწყერულ ზონაში;

   ბ) არ უნდა არსებობდეს მიწის ნაკვეთის დატბორვის საშიშროება;

   გ) მიწის ზედაპირიდან გრუნტის წყლები დაშორებული უნდა იყოს სულ მცირე 2 მეტრით;

   დ) ჰქონდეს მშრალი ნიადაგი, რომელიც უზრუნველყოფს საკმარის ჰაერის გამტარიანობას და სწრაფად გაშრობას. მიწა არ იუნდა იყოს ტორფული და მძიმე თიხის;

   ე) უნდა ჰქონდეს მოხერხებული, კეთილმოწყობილი მისასვლელები.

5. ახალი სასაფლაოს მოწყობა, სასაფლაოს ტერიტორიაზე მშენებლობის განხორციელება საჭიროებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეთანხმებას (ნებართვას), კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

მუხლი 4. სასაფლაოების მართვა 

1. გარდაბნის მუნციპალიტეტის სასაფლაოების მართვას (გარდა კერძო სასაფლაოსი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შერჩეული/დანიშნული ფიზიკური პირი (შემდგომში - მმართველი).

2. სასაფლაოს მმართველის დაქვემდებარებაში შეიძლება იყოს როგორც ახალი სასაფლაო ტერიტორია, ისე უკვე არსებულო სასაფლაო/სასაფლაოები (გარდა კერძო სასაფლაოსი).

 

მუხლი 5. გარდაცვლილის სასაფლაოზე დაკრძალვის წესი და საფასური

1. ჭირისუფლმა გარდაცვლილის დასაკრძალავად უნდა მიმართოს სასაფლაოს მმართველ იურიდიულ/ფიზიკურ პირს, რომელიც ამ წესით დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ ჭირისუფალს გამოუყოფს შესაბამისი საჭიროების რაოდენობის სამარიან საფლავს.

 2. საფლავის (სამარის) გამოყოფისა და სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი/დანიშნული იურიდიული/ფიზიკური პირის მიერ გაწეული სასაფლაო მომსახურების სახეობები და საფასური ან/და მომსახურების საფასურიდან გათავისუფლების და შეღავათის გაწევის შემთხვევები განისაზღვრება მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ, მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეთანხმებით, რაც შემდგომში გამოიხატება მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.

 

მუხლი 6. სასაფლაოს მოვლა-პატრონობა

1. სასაფლაოს მოვლა-პატრონობა ითვალისწინებს:

ა) ბალახის, ბუჩქების და ხეების გაკრეჭვას;

ბ) წყლის ქსელების, გზების, შენობების წესრიგში მოყვანას;

გ) სასაფლაოს მოვლა-პატრონობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების შეძენასა და მომსახურებას;

დ) მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებას და სხვა თანხების გადახდას;

ე) მიცვალებულების ნეშტის დაკრძალვისათვის საჭირო მომსახურებას; 

ვ) სასაფლაოს ტეროტორიის (გასასვლელები, ბილიკები, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილები) მორწყვას, რეგულარულ დაგვა-დასუფთავებას, მწვანე ნარგავების კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას და სხვა.

2. სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი/დანიშნული იურიდიული/ფიზიკური პირი საფლავის მოვლა-პატრონობას ახორციელებს ჭირისუფალთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

 

მუხლი 7. სასაფლაოს მოწყობა და ექსპლუატაცია

1. სასაფლაოს მოწყობა (დაგეგმარება) უნდა განხორციელდეს შესაბამისი წესით, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს:

ა) გასასვლელებისა და ფეხით სავალი გზების მიმართულება, ზომები და კეთილმოწყობა;

ბ) მწვანე ნარგავების განთავსება;

გ) სასაფლაოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა (წყალგაყვანილობა, საზოგადოებრივი ტუალეტი); დაკრძალვის წინ ცხედრის დასასვენებლად (სამოქალაქო პანაშვიდისთვის) განკუთვნილი სპეციალური შენობის განთავსება;

დ) სასაფლაოს გამწვანება, შემოღობვა, სასაფლაოს პერიმეტრის გასწვრივ დამცავი მწვანე ნარგავების გაშენება და დეკორატიული ნარგავების დარგვა;

ე) სასაფლაოს შესასვლელში საავტომობილო სადგომის მოწყობა;

ვ) საფლავების აღრიცხვა და სხვა;

ზ) დასაფლავების ზონების, ნაკვეთების (სექტორების) გამოყოფა და მათი გამოყენების რიგითობა.

2. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დაგეგმარება წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით ხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ სასაფლაოს მმართველის მეშვეობით. 

3. სამარის გათხრის უფლება აქვს მმართველს ან სურვილის შემთხვევაში ჭირისუფალს.

4. ერთსამარიანი საფლავის მიწის ფართის ნორმად მიღებულ იქნეს 4.კვ. მეტრი, ორი და მეტი სამარიანი საფლავის თითოული სამარის მიწის ფართობის ნორმად მიღებულ იქნეს 3კვ.მეტრი. საფლავებს შორის დაშორება არ უნდა იყოს გრძელ მხარეებს შორის 1 მეტრზე ნაკლები, ხოლო მოკლე მხარეებს შორის 0.5 მეტრი. სამარის სიღრმე არ უნდა იყოს 1,20 მეტრზე ნაკლები (ადგილობრივი ნიადაგისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით). გარდაცვლილი ბავშვის ან ადრე გარდაცვლილის ნეშთის დასაფლავებისას სამარე შესაბამისად შეიძლება შემცირდეს. ყოველ სამარეზე უნდა მოეწყოს  მისი ბორცვი.

5. გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას მიწის შრე გვამზე საფლავზედა ყრილის ათვლით უნდა იყოს სულ ცოტა 1.5 მეტრი.

6. გარდაცვლილის დასაფლავების ადგილამდე გატანა, როგორც წესი, ხორციელდება კუბოთი ან სპეციალური საკაცით.

7. უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში - დაკრძალვისათვის გამზადებული კუბოთი ან სპეციალური სუდარით.

8. ცხედრის დაკრძალვა შეიძლება მხოლოდ გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შემდეგ. გამონაკლისი შემთხვევა - უქმე დღეების გამო ან სხვა რაიმე საპატიო მიზეზით გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, მიცვალებულის დაკრძალვა შესაძლებელია გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ან ექსპერტიზის აქტის წარმოდგენის  საფუძველზე. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ჭირისუფალი ვალდებულია წარმოადგინოს გარდაცვალების მოწმობა 1 კვირის ვადაში.

9. ჭირისუფალი ვალდებულია, სასაფლაოს მმართველს, გარდაცვლილის შესახებ, მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

ბ) დაბადების და გარდაცვალების თარიღი;

გ) უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია;

დ) გარდაცვალების მოწმობა ან სხვა დოკუმენტი (ცნობა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, და ა.შ., რომელიც ადასტურებს პირის გარდაცვალების ფაქტს) ამ მუხლის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

 

მუხლი 8. საფლავი

1. საფლავი შეიძლება იყოს:

ა) ორი სამარის მქონე მეუღლეების დაკრძალვისას;

ბ) რამდენიმე სამარის მქონე საგვარეულო (საოჯახო ) საფლავის მოწყობისათვის;

გ) ერთი, ორი ან უფრო მეტი სამარის მქონე ცალკეული დაკრძალვებისათვის.

2. საფლავში, როგორც წესი, შეიძლება იყოს არაუმეტეს რვა სამარე. გამონაკლისი შეიძლება გათვალიწინებულ იქნეს სასაფლაო ტერიტორიის დაგეგმარების პროექტით.

3. ცხედრის კონკრეტულ სასაფლაოზე დაკრძალვასა ან გადასვენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ:

ა) გარდაცვლილის მიერ მის სიცოცხლეში ანდერძით, ხელშეკრულებით ან/და სხვა რამე წერილობითი დოკუმენტით დასახელებულმა პირმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) გარდაცვლილის მეუღლემ;

გ) გარდაცვლილის სრულწლოვანმა შვილმა (შვილებმა);

დ) გარდაცვლილის მშობლებმა;

ე) გარდაცვლილის ოჯახის სხვა სრულწლოვანმა წევრებმა;

ვ) გარდაცვლილის ახლო ნათესავმა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილ პირებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა წყდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში კონკრეტულ სასაფლაოზე დაკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული/ფიზიკური პირის მიერ. უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვისათვის სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული/ფიზიკური პირის მიერ შეიძლება გამოიყოს სასაფლაოს ტერიტორიის ცალკე სექტორი (სექტორები).

6. სამარის გათხრის უფლება აქვს ჭირისუფალს ან სურვილის შემთხვევაში სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილ იურიდიულ/ფიზიკურ პირს  მომსახურების საფასურის გადახდის საფუძველზე.

 

მუხლი 9. საფლავზე მეორეული დაკრძალვის შემთხვევები და წესი

1. იმ შემთხვევაში, როდესაც საფლავი მოუვლელია, პრაქტიკულად დაკარგული აქვს საფლავის იერსახე, დაკრძალვიდან გასულია 40 წელზე მეტი და მიტოვებულია (უპატრონოა) ასეთი ფართობი მეორეული დაკრძალვისათვის შეიძლება გაცემულ იქნეს როგორც ახალი ადგილი, არსებული წესის შესაბამისად.

2. ამ მუხლით დადგენილი წესით მეორეული დაკრძალვისათვის გაცემული საფლავის სამარხის გათხრის დროს აღმოჩენილი გარდაცვლილის ნეშტის ნარჩენები (ძვლები) უნდა განთავსდეს სამარის ცალკე კუთხეში, რისთვისაც ასეთ სამარეში უნდა გაითხაროს (მოეწყოს) ნარჩნების (ძვლების) განსათავსებლად საჭირო სპეციალური თარო. დაუშვებელია ამ მუხლით დადგენილი წესით მეორეული დაკრძალვისათვის გაცემული საფლავის სამარხის გათხრის დროს აღმოჩენილი გარდაცვლილის ნეშტის ნარჩენების (ძვლების) გადაყრა, განადგურება ან/და მის მიმართ სხვა არაჰუმანური უღირსი დამოკიდებულება.

 

მუხლი 10. სასაფლაოს დახურვა და გაუქმება

1. სასაფლაოზე ახალი საფლავის ადგილების შევსების შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ახალი საფლავების გამოყოფა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის შუამდგომლობით, საკრებულო განკარგულების ფორმით იღებს გადაწყვეტილებას სასაფლაოს დახურვის შესახებ.
2. სასაფლაოზე ახალი და ადრე არსებული საფლავის ადგილების შევსების შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია როგორც ახალი საფლავების გამოყოფა, ისე არსებულ სასაფლაოზე დადგენილი წესით მეორეული დაკრძალვა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის შუამდგომლობით, საკრებულო განკარგულების ფორმით იღებს გადაწყვეტილებას სასაფლაოს გაუქმების შესახებ.

 

მუხლი 11. მიწის ნაკვეთზე კერძო სასაფლაოს მოწყობის წესი

1. მიწის ნაკვეთზე ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართოების საკითხი საჭიროებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთნ შეთანხმებას გამგეობის შუამდგომლობის საფუძველზე.

2. მიწის ნაკვეთზე ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართოების თაობაზე დაინტერესებულმა პირმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:

ა) პირადობის მოწმობის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში დირექტორის (ხელმძღვანელის) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა;

გ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა (A3 ფორმატზე ფერადი) სათანადო დეტალიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით (გეგმაზე ნაჩვენები უნდა იყოს უახლოესი საცხოვრებელი შენობები და მათი მანძილი საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებიდან;

დ) იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით იურიდიული პირის წესდების სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

3. მიწის ნაკვეთისათვის სასაფლაოს სტატუსის მინიჭებას ახორციელებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო გამგეობის შუამდგომლობის საფუძველზე.

4. კერძო სასაფლაოს მფლობელი პირი ვალდებულია მიწის ნაკვეთზე კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან გაფართოებისა და სასაფლაო მეურნეობის წარმოების დროს დაიცვას წინამდებარე წესით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები.

 

მუხლი 12. წესში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანა

წინამდებარე წესში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.