სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/410
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 03/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 370040000.22.024.016455
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1-1/410
03/08/2016
ვებგვერდი, 03/08/2016
370040000.22.024.016455
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/08/2016 - 12/08/2016)

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/410

2016 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

 

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
 

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების  წესი“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი



სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების  წესი

მუხლი 1. ძირითადი დებულებები

1. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის მიზანია მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენება,  მიწების კადასტრის შექმნის, სამოქალაქო ბრუნვაში შეუფერხებელი მოქცევის, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზებისა და მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების სრულყოფის ხელშეწყობა.

2. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების  წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაციისას და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების დაზუსტებისას საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებული საფასურის სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურების წესს.

3. ამ წესით გათვალისწინებული ღონისძიებები  გავრცელდება  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს" ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში არსებული, საქართველოს ტერიტორიაზე დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ამსახველი შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე,  ეტაპობრივად განსაზღვრულ მუნიციპალიტეტებსა და მიწის დანიშნულებასა და კატეგორიებზე და ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 1 თვისა, მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას და ყველა დანიშნულებისა და კატეგორიის მიწას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტების ნუსხა, იმავე პუნქტით გათვალისწინებული წესით, სულ მცირე, თვეში ერთხელ განისაზღვრება და განახლდება (მუნიციპალიტეტების ნუსხის შევსების გზით) ნაკლებად სრულყოფილი საკადასტრო მონაცემების მქონე მუნიციპალიტეტებიდან – მეტად სრულყოფილი საკადასტრო მონაცემების მქონე მუნიციპალიტეტების მიხედვით.

5. მუნიციპალიტეტების ნუსხა ქვეყნდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nasp.gov.ge).

მუხლი 2.  ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესის მიზნებისთვის, გააჩნია შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დაინტერესებული პირი – ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია მოითხოვოს  მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად პირველადი რეგისტრაცია ან/და რომელსაც მოპოვებული აქვს საკუთრების უფლება საკუთრების ობიექტზე დაუზუსტებელი სახით;

ბ) რეესტრი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

გ) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

დ) მიწა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, პირველად რეგისტრაციას დაქვემდებარებული ან დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი;

ე) სახელმწიფო პროექტი – „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პროექტი;

ვ) ამზომველი – საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი.

მუხლი 3. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების მომზადების და წარდგენის წესი

1. დაინტერესებული პირი მიწის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების ჩატარების მიზნით უფლებამოსილია მიმართოს  ამზომველს.

2. ამზომველი, დაინტერესებულ პირთან გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, ამზადებს მიწაზე შესაბამის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს.

3. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ამზომველის მიერ შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე მიმართოს რეესტრს, მიწის პირველადი რეგისტრაციის ან/და დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის მიზნით.

4. დაინტერესებული პირი, მიწის რეგისტრაციის მიზნით წარსადგენ კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, შემდგომში ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოსთვის მიმართვის მიზნით,  რეესტრს წარუდგენს:

ა) ამზომველთან გაფორმებულ შესაბამის ხელშეკრულებას;

ბ) შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ მიღება-ჩაბარების აქტს;

გ) ამზომველის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების ამსახველ დოკუმენტს;

დ) ამზომველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს.

5. მიწის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის დასრულებიდან 10 დღის ვადაში, რეესტრი მიმართავს სააგენტოს და წარუდგენს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტებს, შემდგომში ამ წესით განსაზღვრული წესით ხარჯების ანაზღაურების მიზნით.

6. სააგენტო, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მომართვიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამზომველისთვის  შესაბამისი ხარჯის ანაზღაურებას ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 4. ანაზღაურების წესი და პირობები

1. ანაზღაურებას ექვემდებარება ამზომველსა და დაინტერესებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული და დადგენილი წესით რეგისტრირებული მიწის აზომვაზე გაწეული ხარჯები, თითოეულ მესაკუთრეზე არაუმეტეს 5 ჰა-ს ფარგლებში.

2. ამზომველისთვის ასანაზღაურებელი ზღვრული ოდენობები განისაზღვრება შემდეგი სახით:

ა) 1,5 ჰა-მდე მიწაზე – არაუმეტეს ჯამში 80 ლარის ოდენობით;

ბ)1,5 ჰა-დან  5 ჰა-მდე მიწაზე – არაუმეტეს ჯამში 100 ლარის ოდენობით.

მუხლი 5. განაცხადის წარდგენის ვადა

დაინტერესებულ პირთა მიერ ამ წესით გათვალისწინებული მიზნებისთვის რეესტრში განაცხადის წარდგენის ვადაა არაუგვიანეს 2017 წლის 30 ივნისი.

მუხლი 6. გარდამავალი დებულება

2016 წლის 1 სექტემბრამდე, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ნაცვლად, უნდა მომზადდეს და რეესტრს წარედგინოს საკადასტრო აზომვითი ნახაზი. 2016 წლის 1 სექტემბრამდე ამზომველად ჩაითვლება საკადასტრო აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი.

მუხლი 7. დავები

ამ წესიდან გამომდინარე დავები განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.