დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 375 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 28/07/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/07/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 330000000.10.003.019436 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/07/2016 - 10/01/2020)
|
საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა.
|
მუხლი 2 |
შესაბამისმა სახელმიწფო ორგანოებმა უზრუნველყონ, ხოლო ა(ა)იპ –
ოუფენ ნეტს ეთხოვოს, ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის აღსრულებისა და მისი ხელშეწყობის მიზნით, ამავე პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
.
|
საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
თავი I. ზოგადი დებულებები |
მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
სახელმწიფო პროგრამის - „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა“ მიზნებისათვის, ამ პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბენეფიციარი - ოპერატორი, რომელმაც ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში მიიღო პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსება; ბ) დაშვების წერტილი - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მფლობელობაში არსებული სატელეკომუნიკაციო კვანძი, რომელიც იძლევა სხვა ოპერატორებისათვის ღია დაშვების მომსახურების მიწოდების საშუალებას; გ) დროებითი მმართველი - ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტის ფარგლებში, მე-17 მუხლის საფუძველზე ჩატარებული კონკურსის საფუძველზე გამოვლენილი ოპერატორი, რომელიც, ამავე კონკურსის საფუძველზე განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ახორციელებს ქსელის ექსპლუატაციასა და მომსახურებას, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მიწოდებას; დ) ზღვრული მოცულობები - დასახლებული პუნქტებისათვის საკონკურსო საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრული ზღვრული მოცულობები, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარს აქვს ვალდებულება, მიაწოდოს სხვა ავტორიზებულ პირებს ღია დაშვების მომსახურება; ე) თეთრი ზონა - იმ დასახლებული პუნქტების ერთობლიობა, რომელთა კოორდინატიდან 2 კმ რადიუსში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით ან ოპერატორების მიერ მიწოდებული ინფორმაციით არ არის ოპერატორების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ოპტიკური ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც უწყვეტად დაკავშირებულია ოპერატორების ოპტიკურ მაგისტრალებთან; ვ) კომერციული ბანკი - საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საბანკო საქმიანობას და რომელთანაც, ამ პროგრამის ფარგლებში, პროგრამის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გაფორმებულია სათანადო ხელშეკრულება; ზ) მოსახლეობის რაოდენობა - დასახლებულ პუნქტში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებით განსაზღვრული მოსახლეობის რაოდენობა; თ) ოპერატორი - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ავტორიზებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს ან ახორციელებს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელ(ებ)ით ან ქსელის შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფას და განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მსურველი ავტორიზებული პირის ამ ელემენტებთან, მათ რესურსებსა და სიმძლავრეებთან დაშვებას ან მათი გამოყენებით მომხმარებლებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას; ი) ოუფენ ნეტი - ა(ა)იპ - ოუფენ ნეტი (ს/კ: 404497790), დაფუძნებული 2015 წლის 21 ივლისს, სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მონაწილეობით; კ) პროგრამა - „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა; ლ) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი - საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობით მოქმედი საერთაშორისო მასშტაბის სახელმწიფოთაშორისი საბანკო დაწესებულება, რომლის მიზანსაც წარმოადგენს კერძო სექტორისათვის, განვითარების მიზნით, დაფინანსების გამოყოფა, წევრი ქვეყნების ეკონომიკაში ინფრასტრუქტურული პროექტებისა და მსხვილი სექტორული ინვესტიციების განხორციელების მეშვეობით; მ) საკონკურსო საბჭო - ამ პროგრამის მე-7 მუხლის შესაბამისად შექმნილი საბჭო, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; ნ) სამინისტრო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ო) სატელეკომუნიკაციო კვანძი - პასიური ან/და აქტიური ელემენტების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ელ. საკომუნიკაციო ქსელის ერთიანობას და მის ფარგლებში, მაღალი გამტარობის საკომუნიკაციო არხების საშუალებით მონაცემთა გადაცემას; პ) ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა - ოპტიკური კაბელ(ებ)ის, საკანალიზაციო არხების, ბოძების, ჭების, კოლოფების, ტერმინალური მოწყობილობების, შენობა-ნაგებობების, მონაცემთა გადაცემის აპარატურის და სხვა დამხმარე მოწყობილობების ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალი გამტარობის საკომუნიკაციო არხების მოწყობის შესაძლებლობას ერთზე მეტ სატელეკომუნიკაციო კვანძებს შორის; ჟ) ღია დაშვების მომსახურება - ბენეფიციარის ან/და დროებითი მმართველის მიერ სხვა ავტორიზებული პირებისათვის სატრანზიტო, მათ შორის, ოპტიკური წყვილებითა და გამოყოფილი არხებით მომსახურების მიწოდება, ამ პროგრამის შესაბამისად, ამავე პირების მიერ მოწყობილი დაშვების წერტილიდან ამავე პროგრამით მოწყობილი ქსელის ფარგლებში. ღია დაშვების მომსახურების აუცილებელი პირობაა არადისკრიმინაციული ჩართვა და მომსახურება, მომსახურების დადგენილი ხარისხის, ტექნიკური პარამეტრებისა და სერვისის აქტივაციის ვადის დაცვით. მუხლი 2. პროგრამის მიზანი და აღწერა 1. პროგრამის მიზანია საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება და ამგვარი ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2. პროგრამის მიზნის მისაღწევად, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს სატელეკომუნიკაციო სფეროში თავისუფალ სამეწარმეო საქმიანობას, კონკურენციის განვითარებასა და კერძო ინვესტიციების განხორციელებას, რისთვისაც, ერთი მხრივ, შეიმუშავებს ფინანსური ხელშეწყობის მექანიზმებს (ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტი), ხოლო, მეორე მხრივ, აშენებს ინფრასტრუქტურას (ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტი). მუხლი 3. პროგრამის შემადგენელი ნაწილები 1. ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტში შედის: ა) ფინანსურ რესურსებზე წვდომის მექანიზმების ჩამოყალიბება; ბ) ბენეფიციარის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში აშენებული ინფრასტრუქტურით მომსახურების მიწოდება. 2. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტში შედის: ა) ინფრასტრუქტურის პროექტირება და მშენებლობა; ბ) ქსელის დაგეგმარება და მოწყობა; გ) ინფრასტრუქტურისა და ქსელის მომსახურება; დ) საბითუმო ფართოზოლოვანი მომსახურების მიწოდება. მუხლი 4. პროგრამის სამიზნე გეოგრაფიული არეალი 1. პროგრამის ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტის სამიზნე გეოგრაფიული არეალი განისაზღვრება თეთრი ზონის იმ დასახლებული პუნქტებით, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მეტია ან ტოლია 200-ის და ოპერატორების მიერ პროგრამის ამოქმედებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში არ იგეგმება ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. 2. პროგრამის ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტის სამიზნე გეოგრაფიული არეალი განისაზღვრება თეთრი ზონის იმ დასახლებული პუნქტებით, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მეტია ან ტოლია 200-ის და პროგრამის ბენეფიციარის ან სხვა ოპერატორის მიერ ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ იგეგმება ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. 3. პროგრამის ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტი ხორციელდება თეთრი ზონის იმ ნაწილში, რომელშიც არ ხორციელდება ამ პროექტის ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტი. 4. პროგრამით გათვალისწინებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა აშენდება მხოლოდ ფინანსური ხელშეწყობისა და ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტების გეოგრაფიულ არეალებში და ოპერატორების საკუთრებაში არსებულ იმ სატელეკომუნიკაციო კვანძებამდე, რომლებიც არჩეული იქნება უმოკლესი და ოპტიმალური მანძილის, ქსელის ტოპოლოგიის, რელიეფის და აუცილებელი ტექნიკური შესაძლებლობების (საჭირო რაოდენობის და ტევადობის არხების, თავისუფალი ოპტიკური წყვილების არსებობა) გათვალისწინებით. 5. ფინანსური ხელშეწყობისა და ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის კომპონენტების გეოგრაფიული არეალების ზუსტი დადგენის მიზნით, ოუფენ ნეტი უფლებამოსილია, გადაამოწმოს ოპერატორების მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისწორე. მუხლი 5. უფლებამოსილებათა განაწილება პროგრამის განხორციელებისათვის 1. პროგრამას განახორციელებს ოუფენ ნეტი, სამინისტროსთან კოორდინაციით. 2. პროგრამის ფინანსური ხელშეწყობის უფლებამოსილებათა განაწილება: ა) ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტის გეოგრაფიული არეალის განსაზღვრის მიზნით, ოუფენ ნეტი გააფორმებს ხელშეკრულებას დაინტერესებულ ოპერატორებთან. ხელშეკრულებით განისაზღვრება, ერთი მხრივ, თეთრ ზონაში ამ ოპერატორების მიერ ამ პროგრამის ამოქმედებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში დაგეგმილი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და მეორე მხრივ, ოუფენ ნეტის მიერ კომპონენტების გეოგრაფიული არეალიდან ამ დასახლებული პუნქტების ამოღების ვალდებულება. ოპერატორის მიერ დასახლებულ პუნქტში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, ოპერატორს დაეკისრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, ხოლო ოუფენ ნეტი ამ დასახლებულ პუნქტ(ებ)ს დაამატებს პროგრამის ფინანსური ხელშეწყობის ან ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტების გეოგრაფიულ არეალში; ბ) ოუფენ ნეტი, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ, შეიმუშავებს და სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს ლოტების შედგენის მეთოდოლოგიას და მის მიხედვით ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტის გეოგრაფიულ არეალში შემავალი დასახლებული პუნქტების ლოტებად დაყოფილ სიას. მეთოდოლოგიაში გათვალისწინებული იქნება სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ჩასატარებელი სამუშაოს მოცულობა, ვადები, ტერიტორიული დაფარვის ზონა, მოსახლეობის რაოდენობა და სიმჭიდროვე, ასევე შესასრულებელი სამუშაოების სირთულე, სეზონურობა, პრიორიტეტები და სხვა; გ) ფინანსური ხელშეწყობის კონკურსში მონაწილეობის პირობებს (მათ შორის, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს), გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს ადგენს და გამარჯვებულს გამოავლენს საკონკურსო საბჭო; დ) ოუფენ ნეტი უფლებამოსილია, ყოველდღიური მონიტორინგი გაუწიოს ამ პროგრამის შესაბამისად დაფინანსებულ პროექტებს; ე) კომერციული ბანკი/საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია, პროგრამის ბენეფიციარს გამოუყოს საკრედიტო საშუალებები ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტის გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასაფინანსებლად იმ პირობით, რომ ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტი თანადაფინანსებული იქნება ოუფენ ნეტის მიერ ამ პროგრამით გათვალისწინებული წესისა და საკონკურსო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად. საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმების და შესაბამისი საშუალებების ბენეფიციარისათვის გადაცემის შემდეგ, კომერციული ბანკი/საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი ამოწმებს და ადასტურებს ბენეფიციარის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებისა და საკონკურსო პირობების შესრულებას როგორც ფინანსურ ნაწილში, ასევე ყველა სხვა არსებითი კრიტერიუმის თვალსაზრისით; ვ) ოუფენ ნეტი უშუალოდ მონაწილეობს პროგრამის ბენეფიციარსა და კომერციულ ბანკს/საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს შორის ჩამოყალიბებულ სამართლებრივ ურთიერთობაში თანადამფინანსებლის (მაგრამ არა თავდების) სტატუსით. პროგრამა განსაზღვრავს, თუ რა წესით და რა ფარგლებში გამოუყოფს ოუფენ ნეტი პროგრამის ბენეფიციარს თანადაფინანსებას კომერციული ბანკიდან/საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტიდან მიღებულ კრედიტზე დარიცხული წლიური (ეფექტური) საპროცენტო განაკვეთის გადასახდელად. 3. პროგრამის ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტის უფლებამოსილებათა განაწილება: ა) ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოუფენ ნეტი სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს, ხოლო სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ დაადგენს ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტის გეოგრაფიულ არეალს; ბ) ოუფენ ნეტი, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ, შეიმუშავებს და სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს, ხოლო შეთანხმების შემდგომ დაადგენს ლოტების შედგენის და ფაზებად დაყოფის მეთოდოლოგიას და მის მიხედვით ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტის გეოგრაფიულ არეალში შემავალი დასახლებული პუნქტების ლოტებად და ფაზებად დაყოფილ სიას, ასაშენებელი ინფრასტრუქუტურის ტექნიკურ მახასიათებლებს, ქსელის ტოპოლოგიასა და სამუშაოს მოცულობას. მეთოდოლოგიაში გათვალისწინებული იქნება სამუშაოს მოცულობა, ვადები, ტერიტორიული დაფარვის ზონა, მოსახლეობის რაოდენობა და სიმჭიდროვე, ასევე შესასრულებელი სამუშაოების სირთულე, სეზონურობა და პრიორიტეტები; გ) ოუფენ ნეტი აწესებს ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტში მონაწილეობის პირობებს (მათ შორის, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს), ადგენს შეფასების კრიტერიუმებს და გამოავლენს გამარჯვებულს; დ) ოუფენ ნეტი უფლებამოსილია, ყოველდღიური ზედამხედველობა და კონტროლი გაუწიოს ამ პროგრამის შესაბამისად განსახორციელებელ სამუშაოებსა და მომსახურებას; ე) ოუფენ ნეტი პასუხისმგებელია აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და ქსელის მართვასა და ექსპლუატაციაზე. თავი II. ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტი მუხლი 6. კონკურსი 1. საკონკურსო საბჭო აცხადებს კონკურსს სამინისტროსთან შეთანხმებული ფინანსური კომპონენტის სამიზნე გეოგრაფიული არეალის თითოეული ლოტისათვის თანადაფინანსების მოსაპოვებლად. 2. საკონკურსო განაცხადი მოიცავს შემდეგ მონაცემებს: ა) ლოტში შემავალი დასახლებული პუნქტების სიას; ბ) თითოეული ლოტის ღირებულების მაქსიმალურ მაჩვენებელს; გ) ქსელის სარეკომენდაციო ტოპოლოგიას; დ) მშენებლობის ტექნიკურ ნორმებსა და ვადებს; ე) ყოველი დასახლებული პუნქტისათვის განსაზღვრულ სავალდებულო ზღვრულ მოცულობებსა და ტექნიკურ პარამეტრებს; ვ) წინადადების წარდგენის ვადებსა (რომელიც არ შეიძლება იყოს კონკურსის გამოცხადებიდან 1 (ერთ) თვეზე ნაკლები) და პირობებს; ზ) მომსახურების სახეებსა და ტარიფებს; თ) საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ინფორმაციას ან/და პირობებს. 3. საკონკურსო საბჭო აფასებს წარდგენილ წინადადებებსა და ფინანსურ გათვლებს, ადგენს მათ კონკურსის პირობებთან (მათ შორის, საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან) შესაბამისობას, დოკუმენტაციის სისრულეს, ტექნიკური პარამეტრების და ფინანსური წინადადების შესაბამისობას იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ არის სრული ან გათვლები თითოეული ლოტისათვის აღემატება საკონკურსო საბჭოს მიერ გამოცხადებული ლოტის მაქსიმალურ ღირებულებას ან ტექნიკური პარამეტრები არ შეესაბამება შესაბამის მოთხოვნებს, წინადადება რჩება განუხილველი. 4. განმცხადებელი ოპერატორი ვალდებულია, საკონკურსო წინადადების წარდგენისას გაითვალისწინოს საკონკურსო საბჭოს მიერ გამოცხადებული ქსელის ტოპოლოგია და ტექნიკური პარამეტრები, აგრეთვე ქსელის მშენებლობის სტანდარტები და აშენებული ქსელით მისაწოდებელი მომსახურებების ნუსხა და მახასიათებლები. 5. განმცხადებელი ოპერატორი, საკონკურსო საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში და ფორმატით, წარუდგენს საკონკურსო საბჭოს წინადადებას, რომელიც უნდა მოიცავდეს ლოტში განმცხადებლის მიერ შერჩეული დასახლებული პუნქტების დაფარავის გეგმას (მათ შორის, საკუთარი სახსრებითა თუ მოთხოვნილი თანადაფინანსებით), ვადებს, ტექნოლოგიურ გადაწყვეტას, ტოპოლოგიას და გეგმის შესაბამის ფინანსურ გათვლებს, მოთხოვნილი თანადაფინანსების ჩათვლით. განმცხადებელი ოპერატორი ვალდებულია, საკონკურსო საბჭოს მიაწოდოს ზუსტი გაანგარიშება იმისა, თუ კონკრეტულ ლოტში რამდენ დასახლებულ პუნქტს დაფარავს იგი დამოუკიდებლად (საკუთარი სახსრებით) და რამდენ დასახლებულ პუნქტზე დასჭირდება მხარდაჭერა, ამ პროგრამით განსაზღვრული თანადაფინანსების ფორმით. 6. იმ შემთხვევაში, თუ ერთსა და იმავე ლოტზე წარდგენილ იქნა რამდენიმე სხვადასხვა ოპერატორის მიერ მომზადებული წინადადება, საკონკურსო საბჭო გამარჯვებულს გამოავლენს თანადაფინანსებით მოთხოვნილი თანხის სიმცირისა და დასაფარი დასახლებული პუნქტების სიმრავლის კრიტერიუმების შესაბამისად. 7. საკონკურსო საბჭოს მიერ გამოვლენილ გამარჯვებულსა და კომერციულ ბანკთან/საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან ოუფენ ნეტი უზრუნველყოფს თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებას და ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს. მუხლი 7. საკონკურსო საბჭო საკონკურსო საბჭოს შემადგენლობა: ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - საბჭოს თავმჯდომარე; ბ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; გ) საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე - საბჭოს წევრი; დ) საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე - საბჭოს წევრი; ე) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - საბჭოს წევრი; ვ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე - საბჭოს წევრი; ზ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - საბჭოს წევრი; თ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - საბჭოს წევრი; ი) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - საბჭოს წევრი; კ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს - ეკონომიკური საბჭოს მდივნის წარმომადგენელი - საბჭოს წევრი; ლ) სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე - საბჭოს წევრი; მ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი - საბჭოს წევრი; ნ) ოუფენ ნეტის დირექტორი - საბჭოს წევრი. მუხლი 8. საკონკურსო საბჭოს თავმჯდომარე საკონკურსო საბჭოს თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს საკონკურსო საბჭოს საქმიანობას; ბ) იწვევს და წარმართავს საკონკურსო საბჭოს სხდომებს. მუხლი 9. საკონკურსო საბჭოს სხდომის ჩატარების წესი 1. საკონკურსო საბჭოს სხდომა იმართება პერიოდულად, საკონკურსო საბჭოს თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოადგილის ინიციატივით. 2. საკონკურსო საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, საკონკურსო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 3. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საკონკურსო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 4. საკონკურსო საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმის უფლება საკონკურსო საბჭოს თავმჯდომარეს ენიჭება. 5. საკონკურსო საბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილება აისახება საკონკურსო საბჭოს სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ საკონკურსო საბჭოს წევრები. 6. საკონკურსო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამოქვეყნდება ოუფენ ნეტის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.opennet.ge. მუხლი 10. საკონკურსო საბჭოს სამუშაო ჯგუფი 1. სამუშაო ჯგუფი: ა) ორგანიზებას უწევს საკონკურსო საბჭოს სხდომის ჩატარებას; ბ) ამზადებს საკითხ(ებ)ს საკონკურსო საბჭოს სხდომაზე გასატანად; გ) უზრუნველყოფს საკონკურსო საბჭოს გადაწყვეტილების მომზადებას; დ) ახორციელებს საკონკურსო საბჭოს საქმიანობისათვის საჭირო სხვა ღონისძიებებს. 2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას ამტკიცებს საკონკურსო საბჭო. 3. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: ა) დამოუკიდებელი ექსპერტები; ბ) ოუფენ ნეტის წარმომადგენლები; გ) ამ პროგრამის მე-7 მუხლში განსაზღვრული სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები. 4. საკონკურსო საბჭო სამუშაო ჯგუფის შემადგენლობიდან ირჩევს საკონკურსო საბჭოს მდივანს, რომელიც ადგენს სხდომის ოქმს. მუხლი 11. პროგრამის ბენეფიციარი და მისი უფლება-მოვალეობანი: 1. პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოში მოქმედი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ნებისმიერი ოპერატორი, რომელსაც გააჩნია სურვილი და მზადყოფნა, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა. 2. მას შემდეგ, რაც ოუფენ ნეტი ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეიმუშავებს მეთოდოლოგიას, ხოლო საკონკურსო საბჭო გამოაცხადებს კონკურსს სხვადასხვა ლოტზე, ნებისმიერი ოპერატორი უფლებამოსილია, ამ პროგრამით განსაზღვრული წესითა და პირობებით მიმართოს ჯერ კომერციულ ბანკს/საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს, ხოლო შემდეგ, კომერციული ბანკიდან/საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტიდან მოპოვებული წინასწარი წერილობითი თანხმობის ან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე - საკონკურსო საბჭოს თანადაფინანსების მოსაპოვებლად. 3. თითოეული ბენეფიციარი ვალდებულია, უპირობოდ უზრუნველყოს სამუშაოების შესრულება საკონკურსო საბჭოს მიერ შესაბამისი ლოტისათვის განსაზღვრული ვადებისა და ეტაპების დაცვით და ააშენოს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა ხელშეკრულებით შეთანხმებული ტოპოლოგიითა და სამშენებლო სტანდარტით, ხოლო სხვა ოპერატორების მოთხოვნის შემთხვევაში – მიაწოდოს მათ ღია დაშვების მომსახურება წინასწარ განსაზღვრული ზღვრული მოცულობების ფარგლებში და შეთანხმებული ტარიფით. მუხლი 12. კომერციულ ბანკებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა 1. პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტში მონაწილეობის მსურველი ოპერატორი მიმართავს საქართველოში მოქმედ ნებისმიერ კომერციულ ბანკს ან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს დაფინანსების მოსაპოვებლად. 2. კომერციული ბანკი/საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი და ოპერატორი, ნების თავისუფალი გამოვლენის პრინციპზე დაყრდნობით, მოილაპარაკებენ, შეათანხმებენ და ჩამოაყალიბებენ გარიგების (მათ შორის, კრედიტის ათვისების, სარგებლის დარიცხვისა და სესხის დაბრუნების) ყველა ფინანსურ, კომერციულსა თუ იურიდიულ პირობას, როგორც ორი თანასწორი და დამოუკიდებელი მხარე. 3. კომერციულ ბანკს/საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს და ოპერატორს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს დათქმას, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება სავალდებულო ძალას იძენს ამ პროგრამის შესაბამისად გამოყოფილი თანადაფინანსების დამტკიცების შემდგომ. 4. თანადაფინანსების მისაღებად ოპერატორი კომერციულ ბანკთან/საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან გაფორმებული დოკუმენტების პაკეტს, ამ პროგრამით გათვალისწინებულ ან/და საკონკურსო საბჭოს მიერ ჩამოყალიბებულ სხვა კრიტერიუმებთან ერთად, წარუდგენს საკონკურსო საბჭოს განსახილველად. იმ შემთხვევაში, თუ ერთსა და იმავე ლოტზე წარდგენილ იქნა ორი სხვადასხვა ოპერატორის მიერ მომზადებული წინადადება, საკონკურსო საბჭო გამარჯვებულს გამოავლენს ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. 5. თითოეული ლოტის შემთხვევაში, ოუფენ ნეტი დააფინანსებს მხოლოდ იმ ოპერატორის საკრედიტო განაცხადს, რომელიც დამტკიცდება საკონკურსო საბჭოს მიერ. თანადაფინანსება შეეხება კომერციული ბანკიდან/საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტიდან მიღებულ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის იმ ოდენობას, რომელიც ბენეფიციარის მიერ მოთხოვნილი იყო განაცხადში არაუმეტეს 10 (ათი) პროცენტისა უცხოურ ვალუტაში და 12 (თორმეტი) პროცენტისა ეროვნულ ვალუტაში, კრედიტის გაცემიდან არა უმეტეს 120 (ას ოცი) თვის განმავლობაში. 6. ამ პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული კრედიტი კომერციული ბანკის/საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ გაიცემა მხოლოდ ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტის გეოგრაფიული არეალის დასახლებულ პუნქტებამდე ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და ამ დასახლებულ პუნქტებში დაშვების წერტილის ორგანიზებისათვის. 7. კომერციული ბანკი/საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი ამოწმებს კრედიტის ათვისების მიზნობრიობას, აგრეთვე თანადაფინანსების სხვა პირობებს და ოუფენ ნეტთან ერთად და მასთან შეთანხმებით მიმართავს შესაბამის ზომებს, კრედიტის ათვისების მიზნობრიობის დარღვევის შემთხვევაში. ეს პროგრამა არ ზღუდავს კომერციული ბანკის/საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის უფლებამოსილებას, განსაზღვროს საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევის სხვა შემთხვევები და ამგვარი დარღვევიდან გამომდინარე სანქციები. 8. ოუფენ ნეტი კომერციული ბანკის/საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური (ეფექტური) საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანხის კომერციული ბანკისთვის/საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისათვის გადარიცხვის გზით, სესხის მომსახურების გრაფიკის შესაბამისად. 9. ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე გასაფორმებელ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი პირობები: ა) კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში, პროგრამის ბენეფიციარს კომერციული ბანკის/საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიმართ წარმოშობილი წინსწრებით დაფარვის საკომისიო/ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს გამოყოფილი საკრედიტო რესურსის ჯამური ოდენობის 2 %-ს (ორ პროცენტს); ბ) კომერციული ბანკის/საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში კრედიტის რეფინანსირების შემთხვევაში, არ უნდა იზრდებოდეს თავდაპირველად დამტკიცებული კრედიტით სარგებლობისათვის განსაზღვრული პერიოდი იმგვარად, რომ კრედიტის მომსახურების ჯამური ვადა აღემატოს 120 (ას ოცი) თვეს ან/და გაიზარდოს ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტით გათვალისწინებული თანადაფინანსების ჯამური ოდენობა; გ) სხვა კომერციული ბანკის/საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ კრედიტის რეფინანსირების შემთხვევაში, იმოქმედებს არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ ასეთი შემთხვევებისათვის დაწესებული საკომისიო განაკვეთი; დ) გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში, გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, კომერციული ბანკი/საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია, პროგრამის ბენეფიციარს მხოლოდ გადასახდელ ძირითად თანხაზე დაარიცხოს ჯარიმა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ვადაგადაცილებული თანხის 0.1 (ნულ მთელ და ერთ მეათედ) პროცენტს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ე) ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირობები. მუხლი 13. ხელშეკრულების შეწყვეტისა და ოუფენ ნეტის ვალდებულებათა შეჩერების პირობები 1. ოუფენ ნეტი შეწყვეტს ან თავისი შეხედულებისამებრ შეაჩერებს ბენეფიციარისათვის კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის დაფარვაში თანამონაწილეობას შემდეგი გარემოებების დადგომისას: ა) კრედიტის სრულად დაფარვა ბენეფიციარის მიერ; ბ) ბენეფიციარის მიერ ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა; გ) გაცემული სესხის პროგრამით განსაზღვრული პირობების რესტრუქტურიზაცია ან რეფინანსირება, თუკი რესტრუქტურიზაციის ან რეფინანსირების შედეგად იზრდება ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტით გათვალისწინებული თანადაფინანსების ჯამური ოდენობა, ან კრედიტის მომსახურების ჯამური ვადა აღემატება 120 (ას ოცი) თვეს; დ) ბენეფიციარის მიერ პროგრამის მიზნობრიობასთან დაკავშირებული ან ბენეფიციართან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულების დარღვევა; ე) ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. 2. ბენეფიციარის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ოუფენ ნეტი უფლებამოსილია, გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება ბენეფიციარის მიმართ. თავი III. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტი მუხლი 14. ზოგადი პირობები 1. ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის გეოგრაფიულ არეალში სამუშაოების ჩატარებისა და დასახლებული პუნქტების ფართოზოლოვანი ინფრასტრქუტურით დაფარვის ტექნიკურ, ფინანსურ და დროით გეგმას ამზადებს და სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს ოუფენ ნეტი. 2. ოუფენ ნეტი აცხადებს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კონკურსს სამინისტროსთან შეთანხმებით, მის მიერ დადგენილი ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში თითოეული ლოტის ან/და ფაზისათვის. 3. საკონკურსო განაცხადი მოიცავს შემდეგ მონაცემებს: ა) ლოტებს და/ან ფაზებში შემავალი დასახლებული პუნქტების სიას; ბ) ქსელის დადგენილ ტოპოლოგიას და ტექნიკურ მახასიათებლებს; გ) მშენებლობის ტექნიკურ ნორმებს; დ) წინადადების წარდგენის ვადებსა და ფორმატს; ე) გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტს; ვ) საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ზ) საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ინფორმაციას ან/და პირობებს. 4. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილი გეგმის გათვალისწინებით, ოუფენ ნეტი აცხადებს: ა) ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და მშენებლობის კონკურსს: ამ პუნქტის მიზნებისათვის ინფრასტრუქტურად მიიჩნევა ოპტიკური კაბელ(ებ)ის, საკანალიზაციო არხების, ბოძების, ჭების, კოლოფების, ტერმინალური მოწყობილობების, შენობა-ნაგებობებისა და სხვა დამხმარე მოწყობილობების ერთობლიობა, ხოლო ინფრასტრუქტურის პროექტირებად და მშენებლობად მიიჩნევა, გეოგრაფიული არეალის ფარგლებში, წინასწარ განსაზღვრული ტოპოლოგიის გათვალისწინებით, ინფრასტრუქტურის სამშენებლო მიზნებისათვის აუცილებელი საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა, ნებართვების, შეთანხმებებისა და ნებისმიერი სხვა დოკუმენტაციის მოპოვება და მოთხოვნილი სტანდარტის შესაბამისი ნორმების დაცვით სამშენებლო სამუშაოების ჩატარება; ბ) ქსელის დაგეგმარებისა და მოწყობის კონკურსს: ამ პუნქტის მიზნებისათვის ქსელად მიიჩნევა ოპტიკური გადაცემის სისტემები და ღია დაშვების მომსახურების მიწოდებისათვის საჭირო სხვა აქტიური და/ან დამხმარე მოწყობილობები და მასალები, რომლებიც უზრუნველყოფენ მონაცემთა გადაცემას, ხოლო ქსელის დაგეგმარებად და მოწყობად მიიჩნევა განსაზღვრული ტოპოლოგიისა და მონაცემთა გადაცემის არხების დადგენილი მოცულობების შესაბამისი ტევადობისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების უზრუნველყოფისთვის საჭირო აპარატურის დაგეგმარება და მიწოდება, აგრეთვე მონტაჟი, ინტეგრაცია, ტესტირება და ექსპლუატაციაში გაშვება. 5. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოუფენ ნეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. მუხლი 15. ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და მშენებლობის კონკურსი 1. ოუფენ ნეტი სამუშაოს მოცულობის, ტერიტორიული დაფარვის ზონის, მოსახლეობის რაოდენობისა და სიმჭიდროვის გათვალისწინებით, ასევე შესასრულებელი სამუშაოების სიმძიმის, სეზონურობისა და პრიორიტეტების გათვლით, სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და მშენებლობის კონკურსისათვის სამიზნე გეოგრაფიული არეალის ლოტებად და/ან ფაზებად დაყოფის მეთოდოლოგიას, ლოტებს და და საკონკურსო დოკუმენტაციას. 2. ოუფენ ნეტი, სამინისტროსთან შეთანხმებული ფაზების და/ან ლოტების შესაბამისად, აცხადებს ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და მშენებლობის კონკურსს. 3. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში მოქმედ და რეგისტრირებულ ნებისმიერ იურიდიულ პირს ან ინდივიდუალურ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს ოუფენ ნეტის მიერ გამოცხადებულ საკონკურსო პირობებს. 4. კონკურსში მონაწილე პირი ვალდებულია, საკონკურსო განაცხადის წარდგენისას გაითვალისწინოს ოუფენ ნეტის მიერ გამოცხადებული ქსელის ტოპოლოგია, ტექნიკური მახასიათებლები, ქსელის მშენებლობის სტანდარტები და სხვა მოთხოვნები. მუხლი 16. ქსელის დაგეგმარებისა და მოწყობის კონკურსი 1. ოუფენ ნეტი სამუშაოს მოცულობის, ტერიტორიული დაფარვის ზონის, მოსახლეობის რაოდენობისა და სიმჭიდროვის გათვალისწინებით, ასევე შესასრულებელი სამუშაოების სიმძიმის, სეზონურობისა და პრიორიტეტების გათვლით, სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტის ქსელის დაგეგმარებისა და მოწყობის კონკურსისათვის სამიზნე გეოგრაფიული არეალის ფაზებად დაყოფის მეთოდოლოგიას, ფაზებსა და საკონკურსო დოკუმენტაციას. 2. ოუფენ ნეტი, სამინისტროსთან შეთანხმებული ფაზების შესაბამისად, აცხადებს ქსელის დაგეგმარებისა და მოწყობის კონკურსს. 3. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ოუფენ ნეტის მიერ გამოცხადებულ საკონკურსო პირობებს. 4. კონკურსში მონაწილე პირი ვალდებულია, საკონკურსო წინადადების წარდგენისას გაითვალისწინოს ოუფენ ნეტის მიერ გამოცხადებული ქსელის ტოპოლოგია, სამიზნე ტექნიკური მაჩვენებლები, ქსელის მშენებლობის სტანდარტები და სხვა მოთხოვნები. მუხლი 17. ინფრასტრუქტურისა და ქსელის დროებითი მართვის კონკურსი 1. ოუფენ ნეტი, ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და მშენებლობის კონკურსის და ქსელის დაგეგმარებისა და მოწყობის კონკურსის ფაზებისა და ლოტების შესაბამისად, სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტის ინფრასტრუქტურისა და ქსელის დროებითი მართვის კონკურსის ფაზებად დაყოფის მეთოდოლოგიას, ფაზებსა და საკონკურსო დოკუმენტაციას. 2. ოუფენ ნეტის მიერ, სამინისტროსთან შეთანხმებული ფაზების შესაბამისად, საკონკურსო საბჭო აცხადებს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და ქსელის დროებითი მართვის კონკურსს, რაც ითვალისწინებს ამ პროგრამის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფრასტრუქტურისა და ქსელის ექსპლუატაციას, დროებით მართვასა და ღია დაშვების მომსახურების მიწოდებას. საკონკურსო საბჭო აფასებს წარდგენილ წინადადებებს და გამოავლენს გამარჯვებულს. 3. კონკურსში მონაწილე პირი ვალდებულია, საკონკურსო წინადადების წარდგენისას, გაითვალისწინოს საკონკურსო საბჭოს მიერ გამოცხადებული მოთხოვნები, მათ შორის, ქსელის ექსპლუატაციის სამიზნე ტექნიკური მაჩვენებლები, სატარიფო რეჟიმი, ღია დაშვებისა და მომსახურების სხვა პირობები. მუხლი 18. ინფრასტრუქტურისა და ქსელის საკუთრება და მართვა 1. პროგრამით განსაზღვრული გეოგრაფიული არეალის დასახლებულ პუნქტებში ღია დაშვების მომსახურების მიწოდების მიზნით, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტის ფარგლებში აშენებული ინფრასტრუქტურა და ქსელი წარმოადგენს ოუფენ ნეტის საკუთრებას. 2. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კომპონენტის ფარგლებში აშენებული ინფრასტრუქტურა და ქსელი არ გასხვისდება ინფრასტრუქტურისა და ქსელის ექსპლუატაციაში მიღებიდან 10 წლის განმავლობაში. 3. დროებითი მმართველი ვალდებულია, ზედმიწევნით შეასრულოს ოუფენ ნეტის მიერ დადგენილი მომსახურების მოთხოვნები, მათ შორის, ქსელის ექსპლუატაციის სამიზნე ტექნიკური მაჩვენებლები, ხოლო სხვა ოპერატორების მოთხოვნის შემთხვევაში – მიაწოდოს მათ ღია დაშვების და სხვა მომსახურებები შეთანხმებული ტარიფით. 4. ოუფენ ნეტი არ აწვდის სხვა ოპერატორებს საბითუმო და ღია დაშვების მომსახურებას აშენებული ინფრასტრუქტურითა და ქსელით. 5. ოუფენ ნეტი არ აწვდის მომსახურებას ბოლო მომხმარებელს. თავი IV. დასკვნითი დებულებები მუხლი 19. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით. მუხლი 20. დავები ამ პროგრამის განხორციელებიდან გამომდინარე, ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
დოკუმენტის კომენტარები