საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 934
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 480.140.000.05.001.000.252
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
934
16/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
480.140.000.05.001.000.252
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (11/11/1997 - 16/05/2000)

საქართველოს კანონი

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის ამოცანები

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, შესრულებისა და მოქმედების შეწყვეტის წესს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება იდება, სრულდება და წყდება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ამ კანონის შესაბამისად.

    მუხლი 2. კანონის გამოყენების სფერო

1. ეს კანონი გამოიყენება საქართველოს ყველა საერთაშორისო (სახელმწიფოთაშორისი, მთავრობათაშორისი და უწყებათაშორისი ხასიათის) ხელშეკრულების მიმართ, რომელიც რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით, მიუხედავად მისი სახისა და სახელწოდებისა (ხელშეკრულება, შეთანხმება, კონვენცია, პაქტი, ოქმი, წერილების გაცვლა, სხვა სახისა და სახელწოდების საერთაშორისო ხელშეკრულება).

2. ამ კანონის დებულებები აგრეთვე ვრცელდება ყოფილი სსრკ-ის იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებზე, რომელთა მიმართ საქართველომ თავი უფლებამონაცვლედ აღიარა.

    მუხლი 3.  ტერმინების განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საერთაშორისო ხელშეკრულება – საქართველოს მიერ უცხო სახელმწიფოსთან (სახელმწიფოებთან) ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ორგანიზაციებთან) წერილობითი ფორმით დადებული შეთანხმება, რომელიც რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით, განურჩევლად იმისა, წარმოდგენილია იგი ერთი თუ რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული დოკუმენტით და მიუხედავად მისი კონკრეტული სახელწოდებისა;

ბ) ხელშემკვრელი მხარე – სახელმწიფო, რომელმაც გამოთქვა თანხმობა საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე, ხელშეკრულების ძალაში შესვლის მიუხედავად;

გ) მონაწილე – სახელმწიფო, რომელმაც გამოთქვა თანხმობა საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე და რომლისთვისაც ხელშეკრულება ძალაშია შესული;

დ) ხელშეკრულების დადება – ყველა მოქმედება, რომელსაც საქართველო ხელშეკრულების მიმართ ახორციელებს საერთაშორისო დონეზე, მოლაპარაკებათა გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და მისი სავალდებულოდ აღიარების ჩათვლით;

ე) ხელმოწერა – ხელშეკრულების დადების სტადია ან საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე საქართველოს თანხმობის გამოხატვის ფორმა;

ვ) რატიფიკაცია, დამტკიცება, შეერთება – საქართველოს მიერ მისთვის საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის გამოხატვის ფორმა;

ზ) უფლებამოსილება – საქართველოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლის მეშვეობითაც ერთი ან რამდენიმე პირი ინიშნება საქართველოს მხარის წარმომადგენლად მოლაპარაკებათა გამართვის, ხელშეკრულების ტექსტის მიღების ან მისი აუთენტურობის დადგენის, ან ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა აქტის განხორციელების მიზნით;

თ) დათქმა – ხელშეკრულების ხელმოწერის, რატიფიკაციის, დამტკიცების ან მასთან შეერთების დროს გაკეთებული ცალმხრივი განცხადება, რომელიც გამოხატავს საქართველოს მიმართ ხელშეკრულების გარკვეულ დებულებათა იურიდიული მოქმედების გამორიცხვის ან შეცვლის სურვილს;

ი) საერთაშორისო ორგანიზაცია – საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი ან მთავრობათაშორისი ორგანიზაცია;

კ) დეპოზიტარი – სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაცია ან მისი მთავარი აღმასრულებელი თანამდებობის პირი, რომელიც ინახავს საერთაშორისო ხელშეკრულების დედანს და ასრულებს ამასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სამართლის ნორმებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს;

ლ) დენონსაცია – საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის ფორმა, რომელიც ნიშნავს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად;

მ) გაუქმება (ანულირება) – საერთაშორისო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ფორმა, რომელიც ნიშნავს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას მეორე მონაწილე მხარის მიერ მისი არსებით ად დარღვევის შემთხვევაში ან საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების შესაბამისად

    მუხლი 4. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება

1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება უცხო სახელმწიფოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან იდება:

ა) საქართველოს სახელით – სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება;

ბ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით – მთავრობათაშორისი ხელშეკრულება;

გ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების სახელით – უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება.

2. საქართველოს სახელით იდება საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც მხარეთა შეთანხმებით ენიჭება სახელმწიფოთაშორისი ხასიათი, აგრეთვე ხელშეკრულება რომელიც ეხება:

ა) ტერიტორიულ და ზავის საკითხებს;

ბ) ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს;

გ) მოქალაქეობას;

დ) საქართველოს მონაწილეობას სახელმწიფოთაშორის კავშირებსა და სხვა საერთაშორისო გაერთიანებებში (ორგანიზაციებში);

ე) სამხედრო საკითხებს;

ვ) საქართველოს ტერიტორიისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებას;

ზ) სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასა და გაცემას, სახელმწიფო გარანტიის გაცემას;

3. აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით იდება ყველა საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც არ ეხება ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ საკითხებს ან რომელთაც მხარეთა შეთანხმებით ენიჭება მთავრობათაშორისი ხასიათი.

4. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების სახელით იდება უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება საკითხებზე, რომლებიც მათ კომპეტენციას განეკუთვნება.

 

მუხლი 5. საქართველოს ტერიტორიული ერთეულების კომპეტენცია

აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების კომპეტენცია საერთაშორისო ხელშეკრულებებთან მიმართებით განისაზღვრება საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის დადგენის შემდეგ.

 

მუხლი 6. საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობაში

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელი ნაწილია.

2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

3. ოფიციალურად გამოქვეყნებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დებულებები, რომლებიც ადგენენ კონკრეტული ხასიათის უფლებებსა და მოვალეობებს და არ საჭიროებენ დამაზუსტებელი შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიღებას, საქართველოში მოქმედებენ უშუალოდ.

    მუხლი 7. საქართველოს თანხმობა საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე

1. საქართველოს თანხმობა საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე შეიძლება გამოიხატოს:

ა) ხელშეკრულების ხელმოწერით;

ბ) ხელშეკრულების შემადგენელი დოკუმენტების (ნოტების) გაცვლით;

გ) ხელშეკრულების რატიფიკაციით;

დ) ხელშეკრულების დამტკიცებით;

ე) ხელშეკრულებასთან შეერთებით;

ვ) ხელშეკრულებაზე თანხმობის ნებისმიერი სხვა ურთიერთშეთანხმებული საშუალების გამოყენებით.

2. საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით დადგენილი კომპეტენციის შესაბამისად.

თავი II

საერთაშორისო ხელშეკრულების დადება

    მუხლი 8. რეკომენდაციები საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე

1. საქართველოს პარლამენტი თავის რეკომენდაციებს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

2. რეკომენდაციების წარდგენა მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შეუძლიათ აგრეთვე საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და სახალხო დამცველს.

3. რეკომენდაციები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის დასაბუთებას.

4. რეკომენდაციების მოწონების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი, მათი წარდგენიდან ორი თვის ვადაში, ავალებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს, მოამზადოს წინადადება აღნიშნული ხელშეკრულების დადების თაობაზე.

    მუხლი 9. წინადადებები საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე

1. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 6 თვის ვადისა.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები თავიანთ წინადადებებს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარუდგენენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

4. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების წინადადებები უნდა შეიცავდეს: საერთაშორისო ხელშეკრულების ტექსტს ქართულ ენაზე (უცხოენოვანი აუთენტური ტექსტის არსებობისას წარდგენილ უნდა იქნეს აგრეთვე ქართული თარგმანი), საერთაშორისო ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის, მისი პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა შესაძლო შედეგების დასაბუთებას. საჭიროების შემთხვევაში, წინადადებას უნდა დაერთოს პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, აგრეთვე უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების შესრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო და სხვა ღონისძიებათა განხორციელების აუცილებლობა.

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ წინადადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს დასკვნისათვის – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს – ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, აგრეთვე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ცენტრალურ ორგანოს.

6. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების წინადადებებს სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების თაობაზე, ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ თავის დასკვნებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დასკვნასთან ერთად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

7. საქართველოს პრეზიდენტთან წარდგენილი წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს: ხელშეკრულების პროექტს (ქართულ ენაზე), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას ამ ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ცენტრალური ორგანოს დასკვნას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, წინადადებას უნდა დაერთოს პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

8. წინადადებას იმ უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე, რომელიც მოითხოვს საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

9. უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შეთავაზებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, წინადადების სახით, ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

    მუხლი 10. განზრახვა საერთაშორისო ხელშეკრულებაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ

1. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილეობა საჭიროებს ხელშეკრულების მონაწილე სხვა სახელმწიფოს (საერთაშორისო ორგანიზაციის) წინასწარ თანხმობას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მე-9 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილეობის განზრახვის შესახებ.

2. გადაწყვეტილებას საერთაშორისო ხელშეკრულებაში საქართველოს მონაწილეობის განზრახვის შესახებ იღებს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულების სახით.

3. საერთაშორისო ხელშეკრულებაში საქართველოს მონაწილეობის განზრახვის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ატყობინებს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების დეპოზიტარს ან სხვა მონაწილე სახელმწიფოს.

    მუხლი 11. გადაწყვეტილება მოლაპარაკების გამართვისა და საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ

1. გადაწყვეტილებას სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის შესახებ იღებს საქართველოს პრეზიდენტი განკარგულების სახით.

2. გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მისი ხელმოწერის შესახებ, შესაბამის უწყებასთან შეთანხმებით, იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანების სახით.

    მუხლი 12. საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება უფლებამოსილების წარდგენის გარეშე

1. საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უფლება აქვთ განახორციელონ საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული ყველა სახის მოქმედება უფლებამოსილების წარდგენის გარეშე.

2. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურსა და საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენლობის მეთაურს უფლება აქვთ საერთაშორისო ხელშეკრულების ტექსტის მიღების მიზნით უფლებამოსილების წარდგენის გარეშე, გამართონ მოლაპარაკება შესაბამისად ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან ან მოცემული საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში.

    მუხლი 13. უფლებამოსილება საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელებაზე

1. უფლებამოსილება უნდა განსაზღვრავდეს მოლაპარაკებების ობიექტსა და პირის კომპეტენციის ფარგლებს.

2. უფლებამოსილებას სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით გასცემს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით და აფორმებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

3. უფლებამოსილებას უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანებით და აფორმებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

    მუხლი 14. საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობას გამოხატავს საქართველოს პარლამენტი

1. საქართველოს პარლამენტი გამოხატავს თანხმობას საქართველოსათვის საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე რატიფიკაციის (ან შეერთების) გზით.

2. იმ საერთაშორისო ხელშეკრულების გარდა, რომელიც ითვალისწინებს რატიფიკაციას, სავალდებულოა აგრეთვე ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაცია (ან მასთან შეერთება), რომელიც:

ა) ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფოთა-შორის კავშირში საქართველოს შესვლას;

ბ) სამხედრო ხასიათისაა;

გ) ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლას;

დ) დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასა და გაცემასთან;

ე) მოითხოვს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შეცვლას, ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი კანონებისა და კანონის ძალის მქონე აქტების მიღებას;

ვ) რატიფიკაციას საჭიროებს საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტის თანახმად.

    მუხლი 15. საერთაშორისო ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში წარდგენა

1. საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობას გამოხატავს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის (ან მასთან შეერთებისათვის) წარუდგენს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი.

2. საერთაშორისო ხელშეკრულება რატიფიცირებისათვის (ან შეერთებისათვის) წარდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე (უცხოენოვანი აუთენტური ტექსტის არსებობისას, იგი წარდგენილ უნდა იქნეს ოფიციალურად დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად). ხელშეკრულებას უნდა ახლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა ამ ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ცენტრალური ორგანოს დასკვნა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნა შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ.

3. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების უცხოენოვანი ტექსტების ქართულად თარგმნასა და თარგმანის ოფიციალურ დამოწმებას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო კანცელარია.

4. საქართველოს პრეზიდენტი რატიფიცირებისათვის (ან შეერთებისათვის) წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

    მუხლი 16. სარატიფიკაციოდ წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებათა წინასწარი განხილვა

საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას, აგრეთვე მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ კანონპროექტს, წინასწარ განიხილავს საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი, საჭიროების შემთხვევაში – საქართველოს პარლამენტის სხვა კომიტეტებთან ერთად, და გამოაქვს შესაბამისი დასკვნა.

    მუხლი 17. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაციის (ან შეერთების) შესახებ გადაწყვეტილების მიღება

1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის (ან მასთან შეერთებისათვის) წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას განიხილავს საქართველოს პარლამენტი და სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას დადგენილების სახით.

2. საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაციის (ან მასთან შეერთების) შესახებ მიღებული დადგენილების საფუძველზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს სარატიფიკაციო სიგელს, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი და ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

    მუხლი 18.  საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცება (ან მასთან შეერთება), რომელიც რატიფიცირებას არ ექვემდებარება

საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით იღებს გადაწყვეტილებას იმ საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცების (ან მასთან შეერთების) შესახებ, რომელიც არ ექვემდებარება პარლამენტის მიერ რატიფიცირებას (ან მასთან შეერთებას) და ძალაში შესვლისათვის საჭიროებს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელებას.

    მუხლი 19. საქართველოს ნორმატიულ აქტებში საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

1. საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარების საკითხის გადაწყვეტამდე, საჭიროების შემთხვევაში, იხილავს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

2. საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარების საკითხის გადაწყვეტამდე, საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში იხილავს და იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

    მუხლი 20. საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების დროებით გამოყენება

თუ საერთაშორისო ხელშეკრულება ითვალისწინებს მთლიანად ხელშეკრულების ან მისი ზოგიერთი დებულების დროებით გამოყენებას, ან ამის შესახებ მხარეებს შორის მიღწეულია შეთანხმება, საქართველო იყენებს ასეთ ხელშეკრულებას მისი ძალაში შესვლის მომენტიდან.

    მუხლი 21 . საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან

1. საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებამდე, უფლებამოსილი სუბიექტის მიერ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო ხელშეკრულების კონსტიტუციურობის შესახებ.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შემთხვევაში დაუშვებელია შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარების საკითხის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების კონსტიტუციასთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ამ ხელშეკრულების საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარება დასაშვებია მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში, დადგენილი წესით, შეტანილი იქნება შესაბამისი ცვლილებები.

    მუხლი 22 . დათქმა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებაზე

1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის, რატიფიცირების, დამტკიცების ან მასთან შეერთების დროს შესაძლებელია დათქმის გაკეთება ხელშეკრულების პირობების დაცვით და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად. დაუშვებელია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებაზე დათქმის გაკეთება იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ხელშეკრულება კრძალავს ამგვარ მოქმედებას და თუ ეს ეწინააღმდეგება ხელშეკრულების ობიექტსა და მიზნებს.

2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის, რატიფიცირების, დამტკიცების ან ხელშეკრულებასთან შეერთების დროს გაკეთებული დათქმა ფორმდება წერილობით და ამის შესახებ ეცნობება დეპოზიტარს ან სხვა ხელშემკვრელ მხარეს.

3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს მიერ გაკეთებულ დათქმაზე უარის თქმა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, იმავე წესით, რა წესითაც გაკეთდა დათქმა.

4. სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებაზე გაკეთებული დათქმის აღიარებას ან მასზე პროტესტის გამოთქმას, საერთაშორისო ხელშეკრულების პირობების დაცვითა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, ახორციელებს ის სახელმწიფო ორგანო, რომელიც წყვეტს საქართველოსათვის საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარების საკითხს.

    მუხლი 23 . შეტყობინება საერთაშორისო ხელშეკრულების საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ან მისი დავალებით – საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, ან საქართველოს წარმომადგენლობა საერთაშორისო ორგანიზაციაში ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარების შესახებ ხელშემკვრელი მხარის ან დეპოზიტარისათვის შეტყობინების მიზნით.

    მუხლი 24 . საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ძალაში შესვლა

1. საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოსათვის ძალაში შედის იმ წესითა და ვადაში, რომლებიც გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებაში ან შეთანხმებულია მხარეებს შორის, და ამ კანონის შესაბამისად.

2. თუ საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის მოითხოვს რომელიმე შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულებას, ასეთი ხელშეკრულება საქართველოსათვის ძალაში შევა მხოლოდ სათანადო პროცედურის შესრულების შემდეგ.

    მუხლი 25 . საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის ინფორმირება საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, აგრეთვე მისი მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ.

თავი III

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების რეგისტრაცია, ტექსტის შენახვა და ოფიციალური გამოქვეყნება

    მუხლი 26 . საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების რეგისტრაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი

 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების აღრიცხვასა და რეგისტრაციას.

2. საერთაშორისო ხელშეკრულების ტექსტი, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში, გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრში შესატანად და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მისანიჭებლად.

    მუხლი 27 . საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების რეგისტრაცია საერთაშორისო ორგანიზაციებში

 საქართველოსთვის ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების რეგისტრაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ორგანოებში უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

    მუხლი 28 . საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ტექსტის შენახვა

1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დედანი (დამოწმებული ასლი, ოფიციალური თარგმანი) შესანახად გადაეცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმოწერის დღიდან 15 დღის ვადაში.

2. ხელშეკრულების დედანს თან უნდა ერთვოდეს ინფორმაცია ხელმომწერ პირთა შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, მათი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები.

    მუხლი 29 . დეპოზიტარის ფუნქციის განხორციელება და სხვა დეპოზიტარებთან ურთიერთობა

1. თუ საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს დაეკისრება დეპოზიტარის ფუნქცია, ამ ფუნქციას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს მიმოწერას უცხო სახელმწიფოების ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ან მათ უმაღლეს თანამდებობის პირებთან, რომლებიც ასრულებენ დეპოზიტარის ფუნქციებს მრავალმხრივი ხელშეკრულებების მიმართ.

    მუხლი 30 . საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ოფიციალური გამოქვეყნება

1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა საქართველოს პარლამენტმა, ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით, ოფიციალურად ქვეყნდება პარლამენტის უწყებან ი“.

2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა საქართველოს პრეზიდენტმა, ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით, ოფიციალურად ქვეყნდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებულში.

3. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარება არ საჭიროებს საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანხმობის გამოხატვას, ოფიციალურად ქვეყნდება ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების შესაბამისად.

4. საქართველოს ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების გამოქვეყნება სავალდებულო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა კრებულში.

5. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ერთ-ერთი აუთენტური ტექსტი შედგენილია ქართულ ენაზე, ხელშეკრულება ქვეყნდება ქართულ ენაზე.

6. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის აუთენტური ტექსტები შედგენილია მხოლოდ უცხო ენებზე, ქვეყნდება ამ ენათაგან ერთ-ერთზე, ოფიციალური ქართული თარგმანის თანდართვით.

თავი IV

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულება

    მუხლი 31 . საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულება

1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება ექვემდებარება კეთილსინდისიერად შესრულებას თვით ამ ხელშეკრულების პირობების, საერთაშორისო სამართლის ნორმების, საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. საქართველო მისთვის საერთაშორისო ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისი ნორმების გათვალისწინებით, თავს იკავებს ქმედებებისაგან, რომლებიც მოსპობდა ხელშეკრულების ობიექტსა და მიზნებს.

3. საქართველო ასრულებს საერთაშორისო ხელშეკრულებას საქართველოსათვის მისი ძალაში შესვლის მომენტიდან.

    მუხლი 32 . საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა

1. საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტი იღებენ ზომებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად.

2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები, რომელთა კომპეტენციას განეკუთვნება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული საკითხები, უზრუნველყოფენ საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, თვალყურს ადევნებენ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქართველოს უფლებების დაცვასა და ხელშეკრულების სხვა მხარეების მიერ თავიანთი ვალდებულებების შესრულებას.

3. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები ვალდებულნი არიან მიაწოდონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია, რომელიც ეხება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებას.

    მუხლი 33 . ზედამხედველობა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებაზე

1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებაზე საერთო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები ვალდებულნი არიან მიაწოდონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სრული ინფორმაცია საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების შესახებ.

3. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების სხვა მხარეების მიერ თავიანთი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულნი არიან, ასეთი ფაქტების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

    მუხლი 34 . ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება სხვა მონაწილეთა მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევისას

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების სხვა მონაწილეთა მიერ თავიანთი ვალდებულებების დარღვევისას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ცენტრალური ორგანოები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, წარუდგენენ საქართველოს პრეზიდენტს წინადადებებს აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, საერთაშორისო სამართლისა და თავად ხელშეკრულების ნორმების შესაბამისად.

თავი V

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა ან შეჩერება

    მუხლი 35 . წინადადებები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე

1. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები თავის დასაბუთებულ წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე წარუდგენენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა საქართველოს პრეზიდენტმა ან საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

3. უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შეთავაზებას საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე წინადადების სახით საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. წინადადებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

5. წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე უნდა შეიცავდეს: ხელშეკრულების დედნის დამოწმებულ ასლს (ქართულ ენაზე), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას მისი შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას ამ ხელშეკრულების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, აგრეთვე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ცენტრალური ორგანოს დასკვნას.

    მუხლი 36 . მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების მიზნით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებათა წინასწარი განხილვა

საქართველოს პარლამენტში მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების მიზნით წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას წინასწარ განიხილავს საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი, საჭიროების შემთხვევაში – საქართველოს პარლამენტის სხვა კომიტეტებთან ერთად, და გამოაქვს შესაბამისი დასკვნა.

    მუხლი 37 . გადაწყვეტილება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ

1. საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, დადგენილების სახით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა მან გამოხატა.

2. საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულების სახით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა მან გამოხატა.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანების სახით იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა მან გამოხატა.

    მუხლი 38 . საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შედეგები

საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ან არ არის მიღწეული რაიმე სხვაგვარი შეთანხმება ხელშეკრულების მხარეთა შორის, ათავისუფლებს საქართველოს ნებისმიერი ვალდებულებისაგან – შემდგომში შეასრულოს ხელშეკრულება, და არ ახდენს გავლენას საქართველოს უფლება-მოვალეობებსა და იურიდიულ მდგომარეობაზე, რომელიც წარმოიქმნა ხელშეკრულების შესრულების შედეგად მისი მოქმედების შეწყვეტამდე.

    მუხლი 39 . საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების შედეგები

1. საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეჩერება, თუ ხელშეკრულებით ან მხარეებს შორის სხვაგვარი შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მოქმედების შეჩერების პერიოდში ათავისუფლებს საქართველოს ხელშეკრულების შესრულების ვალდებულებისაგან იმ მონაწილე მხარეებთან ურთიერთობაში, რომელთა მიმართაც შეჩერებულია ხელშეკრულების მოქმედება და არ მოქმედებს იმ სამართლებრივ ურთიერთობებზე, რომელნიც ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოსა და სხვა მონაწილე მხარეებს შორის.

2. საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების პერიოდში საქართველო თავს იკავებს ქმედებებისაგან, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ხელშეკრულების მოქმედების განახლებას.

    მუხლი 40 . ოფიციალური შეტყობინება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე

1. გადაწყვეტილება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე ქვეყნდება 30-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად აცნობებს ხელშეკრულების მონაწილე მხარეს ან დეპოზიტარს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე.

თავი VI

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 41 . კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 11 თებერვლის კანონი საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, რატიფიკაციის, შესრულებისა და დენონსაციის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №4, მუხ. 22).

 

საქართველოს პრეზიდენტი          

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 16 ოქტომბერი

934–ს

 

17. 18/10/2022 - საქართველოს კანონი - 1923-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/10/2022 16. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4082-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 15. 06/12/2018 - საქართველოს კანონი - 3899-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 14. 30/11/2018 - საქართველოს კანონი - 3810-Iს - ვებგვერდი, 13/12/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3572-Iს - ვებგვერდი, 20/11/2018 12. 05/09/2018 - საქართველოს კანონი - 3379-Iს - ვებგვერდი, 21/09/2018 11. 27/06/2018 - საქართველოს კანონი - 2620-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018 10. 16/12/2015 - საქართველოს კანონი - 4645-რს - ვებგვერდი, 28/12/2015 9. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1053-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 12/06/2012 - საქართველოს კანონი - 6439-რს - ვებგვერდი, 22/06/2012 7. 13/03/2012 - საქართველოს კანონი - 5790-Iს - ვებგვერდი, 21/03/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 07/12/2010 - საქართველოს კანონი - 3879-IIს - სსმ, 69, 15/12/2010 5. 22/10/2009 - საქართველოს კანონი - 1882 - სსმ, 33, 09/11/2009 4. 12/06/2009 - საქართველოს კანონი - 1221 - სსმ, 12, 29/06/2009 3. 27/12/2006 - საქართველოს კანონი - 4141 - სსმ, 4141, 29/12/2006 2. 14/04/2006 - საქართველოს კანონი - 2886 - სსმ, 10, 28/04/2006 1. 16/05/2000 - საქართველოს კანონი - 301 - სსმ, 21, 01/06/2000