„საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ

„საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5586-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 010110010.09.001.016360
5586-IIს
24/06/2016
ვებგვერდი, 08/07/2016
010110010.09.001.016360
„საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

„საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და 192-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დამტკიცდეს „საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია“.

2. დაევალოს საქართველოს მთავრობას, 2017 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს 2017−2030 წლების დემოგრაფიული უსაფრთხოების სტრატეგია და მისი განხორციელების 2017−2020 წლების სამოქმედო გეგმა.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

 


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი

 

ქუთაისი,

24 ივნისი 2016 წ.

N5586-IIს





საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია

სარჩევი

I. შესავალი

II. საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის პრიორიტეტული სფეროები

1. შობადობა, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა

2. ავადობა და სიკვდილიანობა

3. მიგრაცია

4. მოსახლეობის სტრუქტურა და მოსახლეობის დაბერება

III. საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება

1. ინსტიტუციური მექანიზმი და განხორციელების პროცესი

2. მონიტორინგი და შეფასება

I. შესავალი

საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებული მდგრადი განვითარებისათვის 2030 წლის დღის წესრიგის მიზნების, ამოცანებისა და პრინციპების, შესაბამისად. ეს კონცეფცია განსაზღვრავს საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკის მიზნებს, ამოცანებს, პრინციპებსა და ძირითად მიმართულებებს. იგი არის ორიენტირი საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებებისათვის.

საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის ძირითადი მიზნებია:

ა) ქვეყანაში მოსალოდნელი მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების (დეპოპულაციის) შეჩერება;

ბ) საქართველოს მოსახლეობის მიგრაციის რა­ცი­ონალიზაციით ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდის სტაბილი­ზაცია;

გ) ქვეყნის მოსახლეობის ბოლოდროინდელ და მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების დასაძლევად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად ერთიანი კონცეპტუალური მიდგომის ჩამოყალიბება და ამით ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული და შესაძლო რისკების თავიდან აცილება.

ეს კონცეფცია გახდება სტრატეგიული საფუძველი ეროვნული პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტისათვის, მათ შორის, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარებისათვის, და მიმართული იქნება საქართველოს საზოგადოების მდგრადი განვითარების მიღწევისაკენ.

რამდენიმე დემოგრაფიული გამოწვევა და შესაძლებლობა უკვე გათვალისწინებულია ეროვნული სახელმწიფო პოლიტიკის ისეთი დოკუმენტებით, როგორებიც არის: საქართველოს ეროვნუ­ლი უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია, მოსახლეობის დაბერების საკითხის მეინსტრიმინგის გზამკვლევი, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“, სამთავრობო პროგრამა „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“, 2014-2020 წლების საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სახელმწიფო კონცეფცია „საყოველთაო ჯანდაცვა და ხარისხის მართვა პაციენტთა უფლებების დასაცავად“, განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები, საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგია და საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი. საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა აღნიშნული დოკუმენტების კონცეპტუალური და პრაქტიკული პოსტულატები.

საქართველოს ყველა რეგიონში მწვავე დემოგრაფიული მდგომარეობაა. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება ქვეყნის 6 რეგიონში, სადაც დამატებითი დემოგრაფიული ინიციატივები ხორციელდება. მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობაა ოკუპირებულ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სადაც მაღალია სიკვდილიანობა, დიდია აბორტების რაოდენობა,  მიმდინარეობს ერის აქტიური დაბერება, საგრძნობლად იკლო შობადობამ, მძიმეა ნარკოვითარება და მაღალია მიგრაციის უარყოფითი სალდო. დემოგრაფიული პრობლემებია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც.

საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის (განურჩევლად მათი ეროვნებისა), რომლებიც მკურნალობის კურსს ქალაქ თბილისში ან საქართველოს რომელიმე რეგიონში გადიან. ამ გადაწყვეტილებამ კონფლიქტების მოგვარებისათვის ნდობის აღდგენის თვალსაზრისით გარკვეული შედეგი გამოიღო.

საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია არის პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება. სახელმწიფო მზად არის, კონფლიქტების მხარეების სურვილის შემთხვევაში, ერთობლივი კვლევებისა და მუშაობის შედეგად, ყველა დემოგრაფიული ინიციატივა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვისაც განხორციელდეს.

საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპებია:

ა) საზოგადოების მდგრადი განვითარება;

ბ) ადამიანის უფლებებისა და ღირსების პატივისცემა;

გ) გენდერული და ასაკობრივი თანასწორობა და სამართლიანობა;

დ) ადამიანის განვითარება მთელი სიცოცხლის განმავლობაში;

ე) ყველა ეროვნული და საერთაშორისო დაინტერესებული მხარის თანამშრომლობაზე დამყარებული პარტნიორობა;

ვ) დემოგრაფიული განათლების ფართო საზოგადოებაში დანერგვის უზრუნველყოფა; მაღალი კვალიფიკაციის, პროფესიონალ დემოგრაფთა მომზადებისა და აღზრდის სისტემის ჩამოყალიბება;

ზ) ოჯახის სტაბილურობის ხელშეწყობა და ქორწინების ინსტიტუტის განმტკიცება;

თ) ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავება;

ი) დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავების, განხორციელებისა და მონიტორინგის ღიაობა და ინკლუზიურობა.

II. საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის პრიორიტეტული სფეროები

  1. შობადობა, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა

შობადობის დონე, სიკვდილიანობისა და მიგრაციის მაჩვენებლებთან ერთად, არის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც ქმნის მოსახლეობის სტრუქტურას და განაპირობებს მოსახლეობის განვითარებას ნებისმიერ ქვეყანაში. მოსახლეობის სტრუქტურა და დინამიკა განსაზღვრავს ადამიანურ რესურსებს გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. მოსახლეობის დაბალანსებული სტრუქტურა, რომელშიც ახალგაზრდა, შუახნის და ხანდაზმულ მოქალაქეებს შორის თანაფარდობა პრობლემების გარეშე იცვლება, გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა. დღეს დაბადებული თაობები ძირითადი რესურსია განვითარებისთვის, რადგან ისინი ხვალინდელი საზოგადოების აქტიური წევრები იქნებიან და უმთავრეს წვლილს შეიტანენ სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის ინოვაციების დანერგვაში. აღწარმოების დონეზე მუდმივად დაბალი შობადობის მაჩვენებელი და მიგრაციის უარყოფითი ბალანსი მოსახლეობის დაბერებას და მისი რიცხოვნობის შემცირებას განაპირობებს.

1990-იანი წლების შემდეგ, სოციალისტური წყობიდან და ცენტრალიზებული ეკონომიკიდან დემოკრატიაზე, ლიბერალურ ღირებულებებსა და თავისუფალ, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პერიოდში, შობადობის მაჩვენებელი და მარტივი აღწარმოების დონე ყველა პოსტკომუნისტურ ქვეყანაში დაბალი იყო, თუმცა სხვადასხვა მასშტაბით. დაბალ შობადობას განაპირობებდა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ქცევის ცვლილება ოჯახის ადრეულ ასაკში შექმნიდან მოგვიანებით შექმნამდე, განსაკუთრებით − შვილების გაჩენის გადადება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაბალი შობადობა გარდამავალ პერიოდს ახასიათებდა, შობადობის უკუქცევა არცერთ პოსტკომუნისტურ ქვეყანაში არ დასრულებულა. შესაბამისად, 21-ე საუკუნის დასაწყისში დაბალი შობადობის პრობლემამ ბევრი პოსტკომუნისტური ქვეყანა შეაშფოთა და მათ შობადობის გასაზრდელად ოჯახის ხელშეწყობის სხვადასხვა პროგრამის დანერგვა დაიწყეს. ამ პროგრამების შედეგების შეფასება დღეს რთულია, ვინაიდან მათი დანერგვის შემდეგ საკმაოდ მცირე დროა გასული, თანაც 2000-იანი წლების დასასრულის ეკონომიკურმა კრიზისმა ევროპის ყველა ქვეყანაში შობადობას თავისი დაღი დააჩნია. ამავე დროს, არსებობს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა ქვეყანაში შობადობაზე გავლენას ახდენს კონკრეტული ქვეყნისათვის დამახასიათებელი ინსტიტუციური კონფიგურაციები, ბავშვთა შესანახად განკუთვნილი შემწეობების, მშობელთა დეკრეტული შვებულებების და ბავშვებზე ზრუნვის დაწესებულებების ერთობლიობა. შესაბამისად, შობადობასთან დაკავშირებულ ქცევაზე ზემოქმედებას ახდენს არა რომელიმე ზომა, არამედ ზომების (კეთილდღეობისა და სოციალური უზრუნველყოფის) ერთობლიობა.

1980-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, საქართველოში შობადობის მაჩვენებელი მარტივი აღწარმოების დონეზე მაღალი იყო (შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი იყო დაახლოებით 2.2) და ევროპის ბევრი პოსტკომუნისტური ქვეყნის მაჩვენებელს უტოლდებოდა. 1990-იანი წლების პირველ ნახევარში შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი მოულოდნელად შემცირდა და 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის დასრულებამდე იყო დაახლოებით 1.5, რაც აღწარმოების დონეზე დაბალი მაჩვენებელია. აღნიშნული პერიოდიდან ამ მაჩვენებელმა ზრდა იწყო და 2015 წელს 2.2 გახდა. 

საქართველოში კომპლექსური დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავების ქვაკუთხედია ამჟამინდელი აღწარმოების დონის და შობადობის დონის გაზრდა. თუმცა, არსებული დემოგრაფიული პრობლემების შობადობასთან დაკავშირებული ასპექტები ბავშვის დაბადებით არ შემოიფარგლება; ეს ასპექტები დაკავშირებულია აგრეთვე ბავშვის ცხოვრების მთელ პერიოდთან − დაბადებიდან ზრდასრულობამდე, ანუ იმ ასაკამდე, ვიდრე ბავშვი საზოგადოების აქტიური წევრი გახდება. შესაბამისად, დემოგრაფიულმა პოლიტიკამ ხელი უნდა შეუწყოს მშობლებს შვილების აღზრდაში და საზოგადოებაში წარმატებით ჩასართავად მათი ადამიანური კაპიტალის განვითარებაში. აქედან აშკარაა, რომ დემოგრაფიული პოლიტიკა დაკავშირებული უნდა იყოს საქართველოში არსებულ სოციალური პოლიტიკის პროგრამებთან, კერძოდ, სოციალური დახმარების მიზნობრივ პროგრამებთან, და საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტთან.

დღეს განვითარებულ ქვეყნებში დემოგრაფიული პოლიტიკის პროგრამების მიზანია, მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა, განახორციელოს შობადობასთან დაკავშირებული სურვილები. ამისათვის ამ პროგრამებით ხდება იმ ბარიერების აღმოფხვრა, რომლებიც მოსახლეობას ხელს უშლის შობადობასთან დაკავშირებული განზრახვების განხორციელებაში. საქართველოს მოსახლეობის შობადობასთან დაკავშირებული სურვილები აშკარად მიუთითებს, რომ შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი შესაძლებელია აღწარმოების დონეზე მაღალი დარჩეს.

საქართველოს ხელისუფლებისა და ფართო საზოგადოების შეშფოთება ბოლო წლებში შობადობის დაბალი მაჩვენებლების და შობადობის შესაძლო კლების გამო გამართლებულია. მშობლებს, რომლებიც ინვესტირებას შვილებში ახდენენ და ცდილობენ, ისინი საზოგადოების აქტიურ წევრებად აღზარდონ, ნამდვილად შეაქვთ წვლილი საქართველოს სამომავლო კეთილდღეობაში. მშობელთა როლის აღიარება დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავებისას მნიშვნელოვანი, ფუძემდებლური პრინციპია. დემოგრაფიული პოლიტიკის გრძელვადიანი მიზანია პროგნოზირებად მომავალში მოსახლეობის სტაბილურობის  ისეთი დონის მიღწევა, რომელიც მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და სოციალური განვითარების მოთხოვნებს შეესაბამება. დემოგრაფიული პოლიტიკა საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პოლიტიკურ დეკლარაციებსა და სამოქმედო პლატფორმებს უნდა ემყარებოდეს. იგი ორიენტირებული უნდა იყოს საშუალოვადიანი და გრძელვადიანი მდგრადი განვითარების მიღწევაზე, მოსახლეობის რეპროდუქციისთვის პირობების გაუმჯობესებასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე.

საქართველოს მოსახლეობის განვითარებაზე გავლენის მოსახდენად და შობადობასთან დაკავშირებული ამოცანების შესასრულებლად საჭიროა შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება.

1.1. მოსახლეობის აღწარმოებისა და შობადობის ზრდა

მოსახლეობის აღწარმოებისა და შობადობის ზრდის უზრუნველსაყოფად უნდა შეიქმნას ბავშვების მოვლისა და აღზრდისთვის ხელსაყრელი პირობები. მოსახლეობის აღწარმოებისა და შობადობის ზრდისკენ მიმართული პროგრამები ძირითადად უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს: ახალი პროგრამების განხორციელებამდე სასურველია ბავშვთა სიღარიბეზე მათი გავლენის შეფასება; მეტი ეფექტიანობისთვის დემოგრაფიული პოლიტიკა ბავშვებზე გამოყოფილი დახმარებებით არ უნდა შემოიფარგლოს; იგი ოჯახების ხელშემწყობი პოლიტიკის სხვა ღონისძიებებსაც უნდა მოიცავდეს.

მოსახლეობის აღწარმოებისა და შობადობის ზრდის სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტებია:   

ა) ბავშვზე ორიენტირებული და ოჯახების ხელშემწყობი პოლიტიკის გაზრდა;

ბ) ბავშვებზე გამოყოფილი დახმარებების/შემწეობების გაზრდა და ბავშვთა აღზრდისა და მოვლის ხარჯების ანაზღაურებაში მონაწილეობისთვის ზომების მიღება;

გ) ოჯახის წევრების ხელშეწყობა სამსახურებრივი და ოჯახური მოვალეობების შესრულების შეთავსებაში;

დ) დედის/მამის მიერ დეკრეტული შვებულებით სარგებლობის პროგრამის ხელშეწყობა; კერძო სექტორთან თანამშრომლობა დედების მიერ დეკრეტული შვებულებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად და ამ პერიოდში მათთვის სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად;

ე) პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმის თაობაზე, რომ ოჯახი არის საზოგადოების საბაზისო ინსტიტუტი, რომელიც თავისი მნიშვნელოვანი როლის შესასრულებად დახმარებას საჭიროებს;

ვ) საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა ოჯახის ხელშეწყობის პროგრამების შესახებ, განსაკუთრებით იმ პროგრამების თაობაზე, რომლებიც ბავშვის დაბადების შემდგომ პერიოდშია ხელმისაწვდომი.

1.2. პასუხისმგებლობიანი მშობლის ინსტიტუტისა და ბავშვის ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა

პასუხისმგებლობიანი მშობლის ინსტიტუტისა და ბავშვის ადამიანური კაპიტალის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებები ორ მთავარ პრინციპს ეფუძნება. პირველი პრინციპის მიხედვით, შვილის ყოლა შეგნებული გადაწყვეტილებაა და მშობლების მიერ თანაბარი პასუხისმგებლობის აღებას ითვალისწინებს. ამდენად, მშობლების მოვალეობები გენდერულად დაბალანსებული უნდა იყოს. მეორე პრინციპის მიხედვით კი, დემოგრაფიული პოლიტიკა ბავშვის დაბადების ფაქტით არ უნდა შემოიფარგლოს; იგი დაბადებიდან ზრდასრულობამდე ბავშვის ადამიანური კაპიტალის შექმნაზე უნდა იყოს კონცენტრირებული. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დამხმარე პროგრამების შემუშავება, კერძოდ, ხელი უნდა შეუწყოს გენდერულ თანასწორობას და უნდა გააუმჯობესოს ინსტიტუტები, რაც მშობლებს შესაძლებლობას მისცემს, აღზარდონ შვილები და შექმნან უმაღლესი დონის ადამიანური კაპიტალი.

პასუხისმგებლობიანი მშობლის ინსტიტუტისა და ბავშვის ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობის სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტებია: 

ა) პასუხისმგებლობიანი მშობლის ინსტიტუტის, გენდერული თანასწორობისა და შვილის აღზრდის პასუხისმგებლობის განაწილების ხელშეწყობა; შვილის აღზრდაში მამის ჩართულობის ხელშეწყობა;

ბ) დეკრეტული შვებულებით ორივე მშობლის მიერ სარგებლობის ხელშეწყობა;

გ) ბავშვების ოჯახურ გარემოში მოვლის, აღზრდისა და განვითარების ხელშემწყობი სერვისების შემუშავება, მათ შორის, შესაფერისი ფინანსური წახალისებისა და სამსახურებრივი და ოჯახური მოვალეობების შესრულების შეთავსების ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;

დ) ბავშვებზე ადრეულ ასაკში ზრუნვის ცენტრებისა და სერვისების გაფართოება;

ე) სახელმწიფო საბავშვო ბაღების ქსელის განვითარების ინვესტირება, ამ დაწესებულებების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;

ვ) სკოლებში უნივერსალური აღრიცხვის მიღწევა და მოსწავლეების განათლების შეწყვეტის თავიდან აცილება;

ზ) განათლების, მათ შორის, პროფესიული განათლების და უმაღლესი განათლების, ხარისხის გაუმჯობესება, აგრეთვე ახალგაზრდების ხელშეწყობა სკოლიდან სამსახურში გადანაცვლების პროცესში;

თ) ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობების შეთავაზება მათი უმუშევრობის დონის შემცირებისათვის.

1.3. რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების, ინფორმაციისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობა

მოსახლეობის სტაბილურობა მდგრადი განვითარების ხელშეწყობისა და სოციალური უთანასწორობის შემცირების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამ წინაპირობის განხორციელებისათვის აუცილებელია რეპროდუქციული ჯანმრთელობის საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. რეპროდუქციული უფლებების, მათ შორის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების, განხორციელება დემოგრაფიული დივიდენდით სარგებლობისათვის და მდგრადი განვითარების მისაღწევად საზოგადოების ძალისხმევის მნიშვნელოვანი ასპექტია. საქართველოში არსებული დემოგრაფიული რეჟიმის − გაზრდილი სიცოცხლის ხანგრძლივობის, ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლისა და შედარებით მაღალი შობადობის პირობებში ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სისტემის ყველაზე რელევანტური პრიორიტეტები შობადობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის თვალსაზრისით მოიცავს: რეპროდუქციული ჯანმრთელობის სხვადასხვა რისკის იდენტიფიცირებას და მათზე რეაგირებას; რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის ხარისხიანი მომსახურების, მათ შორის, ახალგაზრდებზე, დედებსა და ჩვილებზე ორიენტირებული მომსახურების, ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას; გართულებული ორსულობისა და მშობიარობის თავიდან აცილებას და მართვის გაუმჯობესებას; ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდების ხელმისაწვდომობით ხელოვნური აბორტის თავიდან აცილებას, ძუძუს კიბოსა და საშვილოსნოს კიბოს პრევენციას, ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკას და დროულ მკურნალობას. 

რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების, ინფორმაციისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტებია:  ა) ყველა ორსულისათვის უსაფრთხო ორსულობისა და მშობიარობის უზრუნველყოფა ორსულობის სხვადასხვა ეტაპზე, რეგულარულად უფასო კონსულტაციების, გამოკვლევებისა და მკურნალობის შესაძლებლობის მიცემით;

ბ) აბორტების რაოდენობის შემცირება; ქალებისა და მამაკაცებისთვის უშვილობის თავიდან აცილებისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა შემდეგი საშუალებებით:

ბ.ა) რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის და ოჯახის დაგეგმვის მომსახურებების მიღების და მათზე მოთხოვნილების შექმნის უზრუნველყოფა; განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს საჯარო ინფორმაციაზე, განათლებასა და კომუნიკაციაზე, რაც ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება თავიანთი სექსუალური და რეპროდუქციული ცხოვრებისა და უფლებების შესახებ;

ბ.ბ) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამასა და სამედიცინო დაზღვევის საბაზისო პაკეტებში ახალგაზრდებზე ორიენტირებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების ჩართვა;

ბ.გ) სამედიცინო მიზეზით განპირობებული ისეთი აბორტის პრევენცია, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია; აბორტის, როგორც ოჯახის დაგეგმვის საშუალების, რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება, განსაკუთრებით − მოზარდებსა და ახალგაზრდებში;

ბ.დ) რეპროდუქციული სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამების გაძლიერება;

გ) სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენციისა და მკურნალობის გაუმჯობესება და ქვეყანაში აივ ინფექციის/შიდსის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება, განსაკუთრებით − დაავადების რისკის ქვეშ მყოფ მოსახლეობაში, მათ შორის, ახალგაზრდებში (სკოლაში და სკოლის გარეთ).

1.4. ოჯახის შექმნის, შობადობის განვითარებისა და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროებზე საქართველოს მთავრობის სხვადასხვა ღონისძიების გავლენის მუდმივი მონიტორინგი

მოსახლეობის სტრუქტურა და განვითარება თანამიმდევრული და ეფექტიანი დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებაზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, სასურველია სოციალურ პოლიტიკასა და პროგრამებში მოსახლეობის დინამიკისა და შობადობის განვითარების მეინსტრიმინგის განხორციელება.

ოჯახის შექმნის, შობადობის განვითარებისა და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროებზე საქართველოს მთავრობის სხვადასხვა ღონისძიების გავლენის მუდმივი მონიტორინგის პრიორიტეტებია:

ა) შობადობის განვითარების რეგულარული მონიტორინგი მოსახლეობის აღწერის მონაცემებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის გაუმჯობესებული სისტემის მეშვეობით;

ბ) შობადობასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის (როგორებიცაა შრომის ბაზრის რეგულაციები,  საბინაო პოლიტიკა და სხვა) შესაძლო გავლენის მონიტორინგი და შეფასება;

გ) შესაბამის პოლიტიკასა და პროგრამებში შობადობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მეინსტრიმინგი.

1.5. შობადობისა და სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებები

შობადობისა და სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებებია:

ა) ზრდასრულ ასაკში გადასვლის, შობადობასთან დაკავშირებული ქცევის და ოჯახის სტრუქტურის აღწერა საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემების გამოყენებით;

ბ) შობადობის განვითარებაზე სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის სხვადასხვა ღონისძიების გავლენის მონიტორინგი და შეფასება;

გ) რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში კვლევის პროგრამის შემუშავების ხელშეწყობა.

საქართველოში შობადობის მაჩვენებლების რამდენიმე შეფასება არსებობს. მოსახლეობის აღწერის მონაცემთა შობადობის მაჩვენებლების, ქორწინებათა რაოდენობისა და ოჯახის სტრუქტურის მიხედვით შეფასება და მონაცემთა რეგიონების, დასახლებების ტიპების, განათლების დონისა და სხვა მაჩვენებლების მიხედვით კლასიფიცირება შესაძლებელს გახდის, მიღებულ იქნეს უფრო დაწვრილებითი სურათი საქართველოს საზოგადოების რეპროდუქციული ქცევის შესახებ და შემუშავდეს შესაბამისი ღონისძიებები პოლიტიკის დონეზე.

2. ავადობა და სიკვდილიანობა

საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მცირდება. 2014 წელს დაბადებისას სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო − 72.9 წელი (77.2 წელი − ქალებისათვის, 68.6 წელი − მამაკაცებისათვის). 2013 წელს ორივე სქესის  ჯანმრთელი ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა იყო 65 წელი, რაც ასევე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის. მიუხედავად ამისა, ჯანმრთელობის ეროვნული ინდიკატორების თვალსაზრისით საქართველო ეკონომიკურად უფრო განვითარებული ქვეყნებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

საქართველოში ავადობასთან და სიკვდილიანობასთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემების მიზეზია არაგადამდები დაავადებები (აგდ). არაგადამდები დაავადებების ტვირთი ძალიან მძიმეა როგორც მოსახლეობისათვის, ისე ჯანმრთელობის დაცვის სისტემისათვის. იგი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი ბარიერია.

ძირითად არაგადამდებ დაავადებებს (კარდიოვასკულარული დაავადებები, კიბო, დიაბეტი, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები) აქვს საერთო რისკფაქტორები: თამბაქოს მოხმარება, მათ შორის, პასიური მწევლობა, არაჯანსაღი ცხიმების, სუფრის მარილის, შაქრისა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და დაბალი ფიზიკური აქტივობა. ჩამოთვლილი ძირითადი რისკფაქტორები შუალედურ რისკფაქტორებთან (სიმსუქნე, ჰიპერტონია, სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის ჭარბი კონცენტრაცია) ერთად საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა როგორც მაღალშემოსავლიანი (განვითარებული), ისე დაბალშემოსავლიანი (განვითარებადი) ქვეყნებისათვის.

არაგადამდები დაავადებები იწვევს ნაადრევ სიკვდილს, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია, და შესაძლებლობის შეზღუდვას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ეკონომიკური პროდუქტიულობის შემცირებას და მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიღარიბესთან დაკავშირებული რისკების ზრდას. ჯანმრთელობის დაცვის ხარისხიანი მომსახურების, მათ შორის, დროული დიაგნოსტიკისა და სათანადო მკურნალობის მომსახურებების, უსაფრთხო და ქმედითი მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის დაცვის თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის, ნაკლებობა ზრდის თავიდან აცილებადი ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2014 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში სიკვდილიანობის 94 პროცენტის მიზეზია არაგადამდები დაავადებები, მათ შორის, 69 პროცენტისა − კარდიოვასკულარული დაავადებები, 14 პროცენტისა − კიბო, 4 პროცენტისა − ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, 1 პროცენტისა − დიაბეტი. სხვა არაგადამდები დაავადებები ქვეყანაში არსებული სიკვდილიანობის 6 პროცენტის მიზეზია.

ბოლო წლებში საქართველოში გაიზარდა სიკვდილის მიზეზების არასწორად დადგენის შემთხვევათა რაოდენობა: 2010 წელს ასეთი შემთხვევების წილი 50 პროცენტს აჭარბებდა. სიტუაციის გასაუმჯობესებლად გატარდა გარკვეული ღონისძიებები, რის შედეგადაც 2014 წელს სიკვდილის მიზეზების არასწორად დადგენის შემთხვევათა წილი 29 პროცენტამდე შემცირდა. თუმცა სიკვდილის არასწორად დადგენილი და უცნობი მიზეზების პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და დემოგრაფიული სტატისტიკის სისტემების დახვეწა და შესაძლებლობის გაზრდა.

საქართველოში კარდიოვასკულარული დაავადებების გავრცელება იზრდება. კარდიოვასკულარულ დაავადებებს, რომლებიც ავადობისა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლების მიზეზია, მიეკუთვნება ჰიპერტონია, გულის იშემიური დაავადება და ცერებროვასკულარული დაავადებები. კარდიოვასკულარულ დაავადებებში ჰიპერტონიის წილი 60 პროცენტია. არაგადამდები დაავადებების რისკფაქტორების (STEPS) 2010 წლის კვლევის მონაცემებით, რესპონდენტების 33.4 პროცენტი ფაქტობრივად ან პოტენციურად არტერიული ჰიპერტენზიის მატარებელია. მათი 61.1 პროცენტი არ იტარებს ჰიპერტონიის საწინააღმდეგო მკურნალობას.

ბოლო წლებში საქართველოში ცერებროვასკულარული დაავადებებიც ფართოდ გავრცელდა. ცერებროვასკულარული და გულის იშემიური დაავადებების  გავრცელებისა და სიხშირის ზრდა, სავარაუდოდ, ჰიპერტონიის არასათანადო მკურნალობითაა განპირობებული.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში საქართველოში კიბოს გავრცელებამ და სიხშირემ მნიშვნელოვნად იკლო. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებებით, შესაძლოა ეს სტატისტიკა არ ასახავდეს რეალურ სურათს. 2015 წლიდან დაინერგა „კიბოს რეგისტრი“, რის შედეგადაც სტატისტიკური ინფორმაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ქალებში მკერდის კიბოთი დაავადების შემთხვევები ჭარბობს, ხოლო მამაკაცებში − ფილტვის კიბოთი დაავადების შემთხვევები. საქართველოში კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ საკმაოდ მაღალია, ვინაიდან კიბოთი დაავადების შემთხვევათა 70 პროცენტის დიაგნოსტიკა დაავადების მესამე და მეოთხე სტადიებზე ხდება.

საქართველოში დიაბეტის გავრცელებაც იზრდება, თუმცა არსებული მონაცემები რეალობას სრულად არ ასახავს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2000 წელს საქართველოში დიაბეტით დაავადებული 200000 პაციენტი იყო, 2030 წლისათვის კი პაციენტთა რაოდენობის 223000-მდე გაზრდაა მოსალოდნელი.

ქრონიკული რესპირატორული დაავადებები რესპირატორული სისტემის დაავადებების უდიდეს წილს შეადგენს. თამბაქოს მოხმარება, მათ შორის, პასიური მწევლობა, ფილტვის ქრონიკული დაავადების ძირითადი მიზეზია.

არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის შემთხვევების თავიდან აცილება უმეტესწილად შესაძლებელია ისეთი ღონისძიებებით, როგორებიცაა ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციისათვის მიზანმიმართული ეროვნული პროგრამების განხორციელება და დაავადებათა ადრეული გამოვლენა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შესაძლებლობის გაზრდა, რათა მან უფრო ეფექტიანად მოახდინოს რეაგირება არაგადამდები დაავადებების მქონე ადამიანების საჭიროებებზე.

გადამდები დაავადებები ევროპაში უფრო ნაკლებადაა გავრცელებული, ვიდრე მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თუმცა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

საქართველოში აივ ინფექცია/შიდსი ნაკლებად არის გავრცელებული, თუმცა ბოლო წლებში აივ ინფექციით/შიდსით დაავადების ახალმა შემთხვევებმა იმატა. აივ ინფექციის/შიდსის დიაგნოსტიკა საკმაოდ გვიან ხდება. დაავადების ახალ შემთხვევათა 35.6 პროცენტი შიდსის სტადიაზეა გამოვლენილი, რაც სერიოზული პრობლემაა.

საერთაშორისო შეფასებებით, საქართველო იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც C ჰეპატიტი ფართოდაა გავრცელებული. 2015 წლიდან საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაიწყო C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც მრავალი მედიკამენტის მიმართ რეზისტენტული ტუბერკულოზით (MDR-TB) დაავადების ტვირთი მძიმეა. ტუბერკულოზით დაავადების ახალი შემთხვევები MDR-TB-ის ზრდის ტენდენციას ავლენს, რაც ქვეყანაში ტუბერკულოზის ამ ფორმის გავრცელების რისკზე მიუთითებს.

ჯანმრთელობის პარამეტრებისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) უახლესი მონაცემებით, დაავადებათა მსოფლიო ტვირთის (Global Burden of Disease, GBD) გამომწვევი ძირითადი რისკფაქტორებია არაჯანსაღი კვება, მაღალი არტერიული წნევა და თამბაქოს მოხმარება.

შეფასებებით, საქართველოში თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევების რაოდენობა წელიწადში დაახლოებით 11000-ია. STEPS-ის 2010 წლის კვლევის მონაცემებით, თამბაქოს მოსახლეობის 30.3 პროცენტი მოიხმარს; მამაკაცების მიერ თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ქალების მიერ თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი (55.5 პროცენტი vs 4.8 პროცენტი).

STEPS-ის 2010 წლის კვლევის მონაცემებით, საქართველოში ალკოჰოლურ სასმელებს რესპონდენტების 41 პროცენტი მოიხმარს: 1 ზრდასრული მოსახლის მიერ სუფთა ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებელი წელიწადში დაახლოებით 6.4 ლიტრია.

იმავე კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტი დღეში ხუთ ულუფაზე ნაკლებ ხილს ან/და ბოსტნეულს მოიხმარს; მოსახლეობის 56 პროცენტს ჭარბი წონა აქვს, ხოლო 25.1 პროცენტი სიმსუქნითაა დაავადებული; კვლევის მონაწილეთა 21 პროცენტს სისხლში გლუკოზის დონე აქვს მომატებული, ხოლო 18 პროცენტს − ქოლესტერინის დონე; ორსულების მესამედზე მეტს აქვს ანემია ან სხვა მიკროელემენტების ნაკლებობა. იგივე პროპორცია ფიქსირდება ბავშვებში. ანემია აქვს ორსულთა 25.6 პროცენტს, რის გამოც დაავადება დედათა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. ფოლიუმის მჟავას დეფიციტი აქვს საქართველოში რეპროდუქციული ასაკის ქალთა 36.6 პროცენტს, რაც რეგიონის სხვა ქვეყნების მონაცემებთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია; ანემია ხშირად არის 5 წლამდე ბავშვთა ჯანმრთელობის  პრობლემა: ეს დაავადება აქვს ამ ასაკის ბავშვთა 23 პროცენტს. ამავე ასაკის ბავშვთა 11.3 პროცენტს ახასიათებს კვების რაციონში ცილების ნაკლებობით გამოწვეული მალნუტრიცია და ზრდის შეფერხება, რაც მნიშვნელოვნად (2.3 პროცენტით) აღემატება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ ბავშვის ზრდის სტანდარტს.

ბოლო პერიოდში 5 წლამდე ბავშვების სიკვდილიანობამ მნიშვნელოვნად იკლო. მიუხედავად ამისა, ამ პრობლემის მოგვარება სახელმწიფოს მნიშვნელოვან საზრუნავად უნდა დარჩეს. ასეთივე საზრუნავი უნდა იყოს დედათა სიკვდილიანობის შემცირება.

ჯანმრთელობის დაცვის ხარისხიანი მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რასაც ჯანმრთელობის დაცვის სფეროსთვის გამოყოფილი თანხების უპრეცედენტო ზრდა ადასტურებს: 2012 წელს გამოყოფილი 365 მლნ ლარი 2013 წლისათვის თითქმის გაორმაგდა − 634 მლნ ლარს მიაღწია. 2013 წლიდან საქართველოს მთავრობა ახორციელებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას, რომელიც დაახლოებით 3.4 მილიონ ადამიანზე ვრცელდება.

2.1. სარეგისტრაციო ჩანაწერის საფუძველზე ზუსტი, სრული და დროული დემოგრაფიული სტატისტიკური მონაცემების (მათ შორის, გარდაცვალების მიზეზების შესახებ მონაცემების) მომზადება

გადაწყვეტილებების მიმღები პირები პოლიტიკის შემუშავების და პროგრამების მონიტორინგისა და შეფასების პროცესებში ჯანმრთელობის დაცვის სარწმუნო და დროულ სტატისტიკურ ინფორმაციაზე არიან დამოკიდებული. დაბადებისა და სიკვდილის შემთხვევების და მათი განაწილების შესახებ სანდო სტატისტიკური მონაცემები (გარდაცვალების მიზეზების მითითებით) მნიშვნელოვანია საჯარო და კერძო სექტორებში სოციალური და ეკონომიკური პროგრამების დაგეგმვისათვის. ზუსტი და ობიექტური მონაცემების არსებობა ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელების შედეგების შეფასებას და განვითარების უფრო დიდი მიზნების მიღწევას, როგორებიც არის, მაგალითად, მდგრადი განვითარების მიზნები.

სარეგისტრაციო ჩანაწერის საფუძველზე ზუსტი, სრული და დროული დემოგრაფიული სტატისტიკური მონაცემების მომზადების სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტებია:

ა) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და დემოგრაფიული სტატისტიკური მონაცემების (CRVS) სტანდარტიზებული კომპლექსური შეფასების რეკომენდაციების განხორციელება;

ბ) ეროვნული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და დემოგრაფიული სტატისტიკური მონაცემების (CRVS) მულტისექტორული, კომპლექსური სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;

გ) გაუმჯობესებული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და დემოგრაფიული სტატისტიკური მონაცემების (CRVS) საფუძველზე მოსახლეობის რეესტრის შემუშავების ინიციირება.

2.2. ჯანმრთელობის დაცვის ხარისხიანი სერვისების საყოველთაო ხელმისაწვდომობა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მიერ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანების საჭიროებებზე ქმედითი და სამართლიანი რეაგირება

ჯანმრთელობის დაცვის სისტემა არსებულ და ცვალებად დემოგრაფიულ სტრუქტურას უნდა ერგებოდეს და ავადობისა და სიკვდილიანობის პრობლემებს უნდა უმკლავდებოდეს. იგი ძირითად აქცენტს დაავადებების თავიდან აცილებასა და სიკვდილიანობის შემცირებაზე უნდა აკეთებდეს.

ჯანმრთელობის დაცვის ხარისხიანი სერვისების საყოველთაო ხელმისაწვდომობისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მიერ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანების საჭიროებებზე ქმედითი და სამართლიანი რეაგირების სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტებია:

ა) ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ფუნქციონირების მონიტორინგისა და შეფასებისათვის გაუმჯობესებული ფაქტობრივი მონაცემების შექმნა;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმის დაჩქარება და გაუმჯობესება (პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების ჩათვლით);

გ) ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პროგრამების ხარისხის ამაღლებისა და დანახარჯების ეფექტიანობის უზრუნველყოფა ძირითადი არაგადამდები დაავადებების, მათი რისკფაქტორების და თანამდევი პათოლოგიების თავიდან აცილებისა და მართვის გაძლიერებით;

დ) არაგადამდები დაავადებების მქონე ადამიანებისთვის შესაძლებლობის მიცემა, დაავადებები ადრეულ ეტაპზე გამოავლინონ და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესად მართონ;

ე) ჯანმრთელობის საინფორმაციო ტექნოლოგიის, როგორც ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ხარისხის, ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესების ინსტრუმენტის, უფრო ფართოდ დანერგვის ხელშეწყობა;

ვ) არაგადამდები დაავადებების თავიდან აცილებისა და კონტროლის ინტეგრირება პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და შუალედური რისკფაქტორების მართვის პროგრამების (როგორიც არის, მაგალითად, ჰიპერტონიის კონტროლის პროგრამა) საშუალებით;

ზ) კვების, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის არსებული პროგრამების გადახედვა და მონაცემებზე დაფუძნებული, ხარჯთეფექტიანი და წარმატებული პროგრამების ინტეგრირება ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების მიწოდების სისტემაში არაგადამდები დაავადებების თავიდან აცილებისა და კონტროლის შედეგიანობისა და ეფექტიანობის გასაზრდელად.

2.3. ადამიანური რესურსების გაძლიერება კარგად მართული, ეფექტიანი და მოტივირებული ჯანმრთელობის დაცვის პერსონალით

ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანური რესურსების არსებობას და მათ სათანადო მართვას. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში უკეთესი შედეგების მისაღებად მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსების გაძლიერების ეფექტიანი სტრატეგიების შემუშავება.

ადამიანური რესურსების გაძლიერების სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტებია:

ა) ადამიანური რესურსების განვითარება სამედიცინო განათლების, მათ შორის, უწყვეტი სამედიცინო განათლების, ხარისხის გაუმჯობესებით, შესრულებული სამუშაოს შეფასების საფუძველზე; 

ბ) ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში ადამიანური რესურსების განაწილების, მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების გეოგრაფიული გადანაწილების, ოპტიმიზაცია და ჯანმრთელობის დაცვის სერვისების კერძო მიმწოდებლებთან ქმედითი თანამშრომლობა;

გ) ჯანმრთელობის დაცვის სერვისების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით − ცენტრიდან მოშორებით მცხოვრები მოსახლეობისთვის და პირველადი ჯანდაცვის დონეზე, პროფესიონალი ექიმების მოზიდვის, მოტივირებისა და შენარჩუნების ღონისძიებების გაძლიერება.

2.4. ავადობისა და სიკვდილიანობის კვლევის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებები

ავადობისა და სიკვდილიანობის სფეროს ამოცანების შესრულებისათვის საინფორმაციო საფუძვლის შექმნის უზრუნველსაყოფად ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ საკვლევ საკითხებს:

ა) ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ფუნქციონირების და ჯანდაცვის ყველა დონეზე ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების მიწოდების ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების მეთოდების გაუმჯობესება;

ბ) საქართველოს მოსახლეობაში არსებული სხვადასხვა არაგადამდები დაავადების და მათი რისკფაქტორების ტენდენციების შეფასება; ინდივიდთა ასაკის, სქესის, შემოსავლისა და ფუნქციური შესაძლებლობების მიხედვით კლასიფიცირებული მონაცემების შეგროვება.

უნდა ჩატარდეს სხვადასხვა რელევანტური კვლევა, როგორებიცაა STEPS-ის კვლევა, რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევა, რეპროდუქციულ ასაკში სიკვდილიანობის კვლევა (RAMOS), C ჰეპატიტის გავრცელების კვლევა და სხვა.

3. მიგრაცია

ბოლო წლებში გლობალურ, საერთაშორისო მიგრაციულ პროცესებში საქართველოს ჩართულობა საგრძნობლად გაიზარდა. მიგრაციის როლი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური და დემოგრაფიული განვითარების ჭრილში. მიგრაციის ეფექტიანი მართვა ქვეყნის უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი წინაპირობაა. ამასთანავე, იგი ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და ხელს უწყობს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის მიგრანტების პოტენციალის გამოყენებას. სწორედ ამიტომ მიგრაციის პოლიტიკის სწორი დაგეგმვა და მიგრაციის მართვის ეფექტიანობის მუდმივი გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ბოლო ათწლეულებში საქართველოდან ემიგრაციის ხასიათი, ამპლიტუდა და მიმართულებები მნიშვნელოვნად შეიცვალა. დღეს საქართველოდან ემიგრანტები ბევრ ქვეყანაში არიან. მათი ნაკადები სხვა ქვეყნებისკენაც არის მიმართული.  

საქართველოდან ემიგრაცია ძირითადად შრომითი მიგრაციაა − ემიგრანტებს საზღვარგარეთ უკეთ ანაზღაურებადი სამუშაოს პოვნის და საქართველოში დატოვებული ოჯახებისათვის ფინანსური დახმარების გაწევის სურვილი ამოძრავებთ.  

ფულადი გზავნილების მიმღები ოჯახები ძალიან არიან დამოკიდებული ამ გზავნილებზე, რადგან მათი მეშვეობით ფარავენ ყოველდღიურ ხარჯებს. ბიზნესის დაწყებისთვის გამოსაყენებელი ინვესტიციების ან/და დანაზოგების წილი კი ძალზე მცირეა. 

გარე მიგრაცია რისკებს უქმნის საქართველოს დემოგრაფიულ უსაფრთხოებას, რადგან, როგორც წესი, ემიგრანტების დიდ ნაწილს სწორედ შრომისუნარიანი და ფერტილური ასაკის პირები შეადგენენ.  საზღვარგარეთ გამგზავრების გამო მათ შესაძლოა გადადონ დაოჯახება, შვილის ყოლა ან იქ შექმნან ოჯახები და ხანგრძლივად დარჩნენ, რის შედეგადაც მათი რესურსი არასრულად იქნება გამოყენებული. ქვემოთ მოყვანილი პრიორიტეტები აღნიშნული რისკების შემცირებისკენაა მიმართული.

ქვეყნის დემოგრაფიულ ბალანსზე უარყოფით გავლენას ახდენს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დემოგრაფიული პროცესი − შიდა მიგრაცია. იგი შეიძლება იყოს როგორც ნებაყოფლობითი, ისე იძულებითი. პირველ შემთხვევაში ხდება სოფლიდან ქალაქში მიგრაცია სოციალურ-ეკონომიკური მიზეზების გამო. მეორე შემთხვევაში ადამიანები სტიქიური მოვლენებისა და შეიარაღებული კონფლიქტების დროს იძულებით ტოვებენ საცხოვრებელ ადგილებს და ქვეყნის შიგნით გადაადგილდებიან (ეკომიგრანტები და იძულებით გადაადგილებული პირები). არსებული მონაცემები მიუთითებს შემდეგ ტენდენციებზე:

ა) იზრდება „თბილისიზაცია“, ანუ თბილისის მოსახლეობის წილი საქართველოს რეგიონების მოსახლეობასთან შედარებით;

ბ) იზრდება ურბანიზაცია – ქალაქების მოსახლეობის წილი;

გ) პრობლემად რჩება იძულებით გადაადგილებული პირებისა და ეკომიგრანტების სრული სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია.

აღნიშნულმა ტენდენციებმა შეიძლება გამოიწვიოს რეგიონების მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირება (დეპოპულაცია) − თანდათან მოხდეს ე. წ. ინტელექტის გადინება, რაც, სავარაუდოდ, მოსახლეობის უფრო მოტივირებული და განათლებული ნაწილის სოფლებიდან და პატარა ქალაქებიდან მსხვილ ქალაქებში გადასვლით გამოიხატება.  რეგიონების მოსახლეობის რაოდენობის შემცირების ტენდენციის შეჩერება უაღრესად მნიშვნელოვანია დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად − როგორც რეგიონების ეკონომიკური განვითარების პოტენციალის გამოყენებისათვის, ისე სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის შენარჩუნებისათვის. ვინაიდან, არსებული მონაცემებით, შიდამიგრაციული ნაკადები დიდია, მოსალოდნელია მათი გაზრდა, რამაც შეიძლება რეგიონებიდან უფრო მეტი მუშახელის გადინება გამოიწვიოს. 

ამასთანავე, ისეთი მოწყვლადი ჯგუფების შემთხვევაში, როგორებიც არიან იძულებით გადაადგილებული პირები და ეკომიგრანტები, რომელთა განსახლება ხდება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მნიშვნელოვანია მათი წარმატებული ინტეგრაცია და დამკვიდრება განსახლების ადგილებში. ეს ხელს შეუწყობს დემოგრაფიული ბალანსის გაუმჯობესებას, მუშახელის შენარჩუნებას და შემდგომი შიდა თუ გარე მიგრაციის თავიდან აცილებას.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია მაღალმთიან რეგიონებში შიდა მიგრაციით გამოწვეული მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირება (დეპოპულაცია) და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა საქართველოს მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად განისაზღვრება ამ კანონით მოსარგებლე რეგიონები და მოსახლეობა.

რადგან გარე და შიდა მიგრაციული პროცესების მიზეზი ძირითადად ეკონომიკური ფაქტორებია, მნიშვნელოვანია მათი გაანალიზება უფრო ფართო, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ჭრილში. აქედან გამომდინარე, საჭიროა ისეთი პოლიტიკის განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის მიგრანტების პოტენციალის გამოყენებას და დემოგრაფიული უსაფრთხოების რისკების შემცირებას. ამისათვის აუცილებელია საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების ინფორმირებულობის გაზრდა მიგრაციისა და განვითარების ურთიერთკავშირის შესახებ.

საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წელს დამტკიცებული საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგია ორიენტირებულია საერთაშორისო მიგრაციაზე და მოიცავს ისეთ პრიორიტეტულ სფეროებს, როგორებიცაა: ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, თავშესაფრის სისტემის განვითარება, მიგრაცია და განვითარება, მიგრაციის მართვის გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. ამრიგად, მოსახლეობის შიდა მობილობის მართვა, განსაკუთრებით იმისა, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტებით, სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური მიზეზებით არის გამოწვეული, მეტ ყურადღებას საჭიროებს.   

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, რომელიც წაახალისებს მიგრაციის შედეგად დაგროვილი ადამიანური და ფინანსური რესურსების რეგიონების განვითარების პროცესში ისეთი მდგრადი ეკონომიკური გარემოს შესაქმნელად გამოყენებას, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებლებს შესაძლებლობას მისცემს, დარჩნენ და განვითარდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში, შეამცირებს ურბანიზაციის/„თბილისიზაციის“ და ემიგრაციის ტენდენციებს.  

საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია ითვალისწინებს და ეფუძნება მიგრაციის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის სხვა, შესაბამის დოკუმენტებს, რათა ხაზგასმით აღინიშნოს მიგრაციის მნიშვნელობა ქვეყნის დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. მასში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ემიგრაციასთან და შიდა მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, რათა შესაძლებელი გახდეს ისეთი ღონისძიებების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობს მდგრად ზრდასა და განვითარებას, აგრეთვე წაახალისებს მიგრანტების საქართველოში დაბრუნებას და იმ ადგილებში რეინტეგრაციას, სადაც ისინი მიგრაციამდე ცხოვრობდნენ.

3.1. რეგიონებში განვითარების ცენტრების შექმნა

დაბალანსებული რეგიონული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, რეგიონების მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევა და რეგიონებში დასაქმების შესაძლებლობების შექმნა, რომლებიც ადგილობრივ მცხოვრებლებს ადეკვატური ანაზღაურებადი სამუშაოთი უზრუნველყოფს, ხელს შეუწყობს მათ საცხოვრებელ ადგილებში დარჩენას; ადგილობრივ მოსახლეობას ნაკლები სტიმული ექნება შიდა და გარე მიგრაციისთვის. გარდა ამისა, საქართველოში დაბრუნებული მიგრანტები შეძლებენ თავიანთი უნარ-ჩვევებისა და ადამიანური კაპიტალის გამოყენებას როგორც ცოდნის გაზიარებით, ისე დასაქმებით.

რეგიონებში განვითარების ცენტრების შექმნის სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტებია:

ა) რეგიონებში არსებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების გაუმჯობესება და ახალი პროგრამების შემუშავება, რომელთა მიზანი იქნება რეგიონებში კაპიტალის მოზიდვა, მდგრადი ეკონომიკური განვითარება და ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა;

ბ) რეგიონებში განსახორციელებელ ინოვაციურ პროექტებში ინვესტირებისათვის ვენჩურული კაპიტალის მოზიდვა;

გ) რეგიონებში პროფესიული განათლების სისტემის განვითარება, რომელიც საქართველოს ან/და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს;

დ) ფინანსური და სამეწარმეო უნარების განვითარების ტრენინგების პროგრამის შემუშავება და საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის, ფულადი გზავნილების მიმღები ოჯახებისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ტრენინგების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა (საზღვარგარეთ მცხოვრები მიგრანტებისათვის ფინანსური  და სამეწარმეო უნარების განვითარების ონლაინტრენინგების ჩათვლით);

ე) არსებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი პროგრამებისა და მომსახურების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა.

3.2. რეგიონებში მდგრადი დასაქმების შესაძლებლობების შექმნა მათი ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად

ღირსეული დასაქმების მწირი შესაძლებლობების პირობებში, განსაკუთრებით რეგიონებში, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამასთანავე, პრიორიტეტი უნდა იყოს არა ზოგადად სამუშაო ადგილების, არამედ მდგრადი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას სტაბილურობის შეგრძნებას გაუჩენს. გარდა ამისა, ვინაიდან სოფლის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი თვითკმარ სოფლის მეურნეობაშია ჩართული, ამ ტიპის, მცირე სოფლის მეურნეობების მოგებიან სოფლის მეურნეობის წარმოებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა სახელმწიფოს გრძელვადიანი პრიორიტეტია.

ქართულ დიასპორას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რეგიონების განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნაში. დიასპორის წარმომადგენელი მეწარმეები შეიძლება დაინტერესდნენ მათი წარმოშობის ადგილებში მოქმედ მეწარმეებთან თანამშრომლობით ან/და მათ ბიზნესში ინვესტირებით თანამონაწილეობით ან თანამშრომლობის სხვა მექანიზმებით ისეთ სფეროებში, როგორებიცაა, მაგალითად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის ადგილობრივი პროდუქციის წარმოება და ექსპორტი და ადგილობრივი ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობა საერთო კულტურული მემკვიდრეობის გასაცნობად.

რეგიონებში მდგრადი დასაქმების შესაძლებლობების შექმნის სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტებია:

ა) სხვა ქვეყნებში არსებულ დიასპორებსა და ადგილობრივ თემებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება რეგიონების განვითარების პროექტებში დიასპორის წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობის წახალისებით და ეფექტიანი საჯარო თუ კერძო პარტნიორობის დანერგვით;

ბ) ფულადი გზავნილებისა და დიასპორის ინვესტიციების საკითხებზე ფინანსური განათლების ტრენინგების პროგრამების შემუშავება დიასპორის წარმომადგენლების, ემიგრანტებისა და მათი ოჯახების გაძლიერებისათვის, ფინანსური რესურსების განვითარებისა და მართვისათვის;

გ) ემიგრანტებისა და მათი ოჯახებისათვის გაუმჯობესებული საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავების ხელშეწყობა;

დ) რეგულარულად განახლებადი ვირტუალური, ელექტრონული ფორუმების დაარსება ბიზნესში ჩართულ დიასპორის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ბიზნესში თანამშრომლობის განვითარებისათვის;   

ე) დიასპორის დახმარებით საქართველოში ან/და სხვა ქვეყნებში ბიზნესის საერთაშორისო ფორუმების ორგანიზება;

ვ) ბიზნესის დაფინანსებისათვის კაპიტალის მოზიდვის ალტერნატიული, ინოვაციური მოდელების (პლატფორმების) ორგანიზება, მათ შორის, დიასპორის მონაწილეობით;

ზ) აპრობირებული, მდგრადი მოდელების (კაპიტალის მოზიდვის ალტერნატიული მექანიზმების ჩათვლით) დანერგვა ემიგრანტების/ დიასპორის ინვესტიციების მცირე ბიზნესისა და საშუალო ბიზნესის განსავითარებლად მოზიდვისათვის;

თ) ემიგრანტების ფულადი გზავნილებით შექმნილი მცირე ბიზნესისა და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა.

3.3. იძულებით გადაადგილებული პირებისა და ეკომიგრანტებისათვის წარმატებული სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის პირობების შექმნა

საჭიროა საქართველოს მთავრობის და სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური და კონსოლიდირებული მუშაობა იძულებით გადაადგილებული პირებისა და ეკომიგრანტების სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალის რეგიონების განვითარებისთვის გამოყენების უზრუნველსაყოფად.

 იძულებით გადაადგილებული პირებისა და ეკომიგრანტებისათვის წარმატებული სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის პირობების შექმნის სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტებია:

ა) იძულებით გადაადგილებული პირებისა და ეკომიგრანტებისათვის გაუმჯობესებული საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავების ხელშეწყობა;

ბ) იძულებით გადაადგილებული პირებისა და ეკომიგრანტებისათვის ისეთი შესაძლებლობების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს მათ ეფექტიან კომუნიკაციას ადგილობრივ მოსახლეობასთან/თემებთან ერთობლივი ეკონომიკური და სოციალური პროექტების განსახორციელებლად;

გ) იძულებით გადაადგილებული პირებისა და ეკომიგრანტების ფინანსური და სამეწარმეო უნარების განვითარების ტრენინგებში მონაწილეობის უზრუნველყოფა;

დ) არსებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და ინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამებისა და მომსახურების შესახებ იძულებით გადაადგილებული პირებისა და ეკომიგრანტების ინფორმირებულობის გაზრდა.

3.4. დიასპორისა და საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების ადამიანური კაპიტალის ქვეყნის განვითარების პროცესში გამოყენების ხელშეწყობა

დიასპორისა და საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები საქართველოსთვის დამატებითი რესურსია. შესაძლებელია მისი გამოყენება დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ეროვნული განვითარების პოლიტიკისა და სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში მათი მონაწილეობით, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.

დიასპორისა და საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების ადამიანური კაპიტალის გამოყენების სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტებია:

ა)  ემიგრანტებთან ურთიერთობის, მათი ეფექტიანი საინფორმაციო და საინვესტიციო მომსახურების უზრუნველყოფა საქართველოს მუნიციპალიტეტებში. ეს ხელს შეუწყობს ემიგრანტების ფულადი გზავნილების და საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების კაპიტალის მოზიდვას და დიასპორის მიერ ადგილობრივი ბიზნესის დასაფინანსებლად ინვესტიციების განხორციელებას;

ბ) ფინანსური/საბანკო ინსტიტუტების ინფორმირებულობის გაზრდა ემიგრანტებისა და ფულადი გზავნილების მიმღები ოჯახების სპეციფიკური მოთხოვნილებისა და საჭიროებების შესახებ, ახალი ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების შექმნისა და არსებულთა გაუმჯობესებისათვის;

გ) საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაზრდა ყველა დონეზე ქვეყნის განვითარების დღის წესრიგში მიგრაციის მეინსტრიმინგისათვის;

დ) ციფრული პორტალების გამოყენებით სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაძლიერება საქართველოს შრომის ბაზარზე მუშახელის უნარ-ჩვევებზე არსებული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად;

ე) დიასპორის წარმომადგენელი ექსპერტების მოწვევის სისტემის დანერგვა, რომლებიც დახმარებას გაუწევენ ცენტრალურ და ადგილობრივ სახელმწიფო უწყებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამეცნიერო წრეებს და კერძო სექტორს მათი შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და განვითარებაში;

ვ) არსებული სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის პროგრამებისა და მომსახურების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა.

3.5. მიგრაციის სფეროში ჩასატარებელი კვლევები

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნისათვის მიგრაციის მნიშვნელობა სრულად არის გააზრებული, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე, განსაკუთრებით რეგიონებზე, მიგრაციის ზემოქმედების შესახებ საიმედო კვლევების რაოდენობა მცირეა. გარდა ამისა, ლიმიტირებულია განგრძობადი კვლევის მონაცემები, რომლებიც მიგრაციასთან დაკავშირებულ განვითარების დინამიკას წარმოაჩენდა. შესაბამისად, აუცილებელია კვლევების ჩატარება შემდეგ საკითხებზე:   

ა) საინვესტიციო პოტენციალის, აგრეთვე საქართველოს რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის შესწავლა, განსაკუთრებით იმ რეგიონებისა, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების (დეპოპულაციის) რისკი არსებობს;

ბ) დიასპორის ფინანსური და კულტურული პოტენციალის და ადამიანური კაპიტალის შესწავლა;

გ) საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის დიასპორის, მიგრანტების, საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა;

დ) ემიგრანტების, საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების, მიგრანტების ოჯახების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ეკომიგრანტების სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების შეფასება;

ე) ემიგრანტებისათვის, საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის, მიგრანტების ოჯახებისათვის, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ეკომიგრანტებისათვის მიზნობრივი ფინანსური და საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების შექმნის ტექნიკურ-ეკონომიკური შესაძლებლობების შესწავლა.

4. მოსახლეობის სტრუქტურა და მოსახლეობის დაბერება

საქართველოში არსებული დემოგრაფიული ვითარება საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამასთანავე, იგი ქმნის შესაძლებლობებს საზოგადოების განვითარებისათვის. ამ სფეროს ამოცანები შეეხება იმ ძირითად მიმართულებებს, რომლებიც მოსახლეობის შეცვლილ სტრუქტურასთან ადაპტირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას საჭიროებს: შრომის ბაზარს, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ფიზიკურ და ფსიქოსოციალურ გარემოს, შემოსავლების დაცულობასა და სოციალურ დაცვას. რეკომენდებული პრიორიტეტული ღონისძიებები ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ისინი სამართლიანობისა და შეუქცევობის პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს. ამასთანავე, ძირითადი აქცენტი მოსახლეობის ურთიერთსაპირისპირო ნაწილებზე − ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებზე უნდა გაკეთდეს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის განყოფილების (UNPD) პროგნოზით, საქართველოს 65 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის წილი, რომელიც 2015 წელს 14 პროცენტი იყო, 2030 წლისათვის 19 პროცენტამდე გაიზრდება. საქართველოს მოსახლეობის სტრუქტურასა და მოსახლეობის დაბერებაში ცვლილებები წინა ათწლეულებში  ძირითადად ისეთმა დემოგრაფიულმა მექანიზმებმა გამოიწვია, როგორებიცაა დაბალი შობადობა და ემიგრაცია. ამასთანავე, საქართველოში ბოლო 65 წლის განმავლობაში  სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა. ამან ბოლო 10 წელიწადში გაზარდა სამუშაო ასაკის მოსახლეობის და მუშახელის რიცხოვნობა, რამაც საფუძველი შეუქმნა პირველ დემოგრაფიულ დივიდენდს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ხანდაზმულთა დამოკიდებულების კოეფიციენტი (65 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის რაოდენობის სამუშაო ასაკის (15−64 წლის) მოსახლეობის რაოდენობასთან თანაფარდობა) საკმაოდ მაღალია, დამოკიდებულების ჯამური კოეფიციენტი (ხანდაზმულებისა და ახალგაზრდების რაოდენობის  სამუშაო ასაკის (15−64 წლის) მოსახლეობის რაოდენობასთან თანაფარდობა) მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში საკმაოდ დაბალი დარჩება, რის შედეგადაც ღია იქნება დემოგრაფიული შესაძლებლობების ფანჯარა. ეს შესაძლებელს გახდის, განხორციელდეს დროული და ეფექტიანი პოლიტიკა მოსახლეობის დაბერებისა და  კლების შესაძლო უარყოფით გავლენებზე რეაგირებისათვის და მათი თავიდან აცილებისათვის.  

ამასთანავე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის განყოფილების (UNPD) გათვლებით, მომდევნო ათწლეულებში მოსალოდნელია საქართველოს მოსახლეობის კლება და დაბერება, რაც გამოიწვევს პოტენციური მხარდაჭერის კოეფიციენტის (სამუშაო ასაკის (15−64 წლის) მოსახლეობის რაოდენობის 65 წელზე მეტი ასაკის ერთ ადამიანთან თანაფარდობა. ეს კოეფიციენტი ასახავს მომუშავე მოსახლეობის (ბავშვები და უმუშევრები არ ითვლება) ტვირთს, განპირობებულს არამომუშავე ხანდაზმული მოსახლეობის რაოდენობით) შემცირებას და ხანდაზმულთა დამოკიდებულების და დამოკიდებულების ჯამური კოეფიციენტების გაზრდას. ასევე სავარაუდოა სამუშაო ასაკის მოსახლეობის რაოდენობის შემცირება. ამ ურთიერთდამოკიდებულმა პროცესებმა შეიძლება ხელი შეუწყოს დემოგრაფიული დეფიციტის შექმნას, რაც გამოიწვევს ეკონომიკური პროდუქტიულობის კლებას და ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და სოციალური განვითარების პოტენციალის შემცირებას. დემოგრაფიული დეფიციტის სოციალური შედეგები განაპირობებს მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის (მზარდი დაბერებული მოსახლეობის ჩათვლით) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების შემცირებას. საქართველოში დემოგრაფიული დეფიციტის უარყოფითი გავლენა შეიძლება გაიზარდოს მაღალი უმუშევრობის ფონზე.

მოსახლეობის დაბერებასთან და მოსახლეობის კლებასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად შესაბამისი პოლიტიკა პირველი და მეორე დემოგრაფიული დივიდენდების შესაძლებლობების გამოყენებას უნდა ეფუძნებოდეს. პირველი დემოგრაფიული დივიდენდის გამოსაყენებლად აღნიშნული პოლიტიკა აქცენტს ახალგაზრდა თაობაზე უნდა აკეთებდეს და მიმართული უნდა იყოს განათლებისა და პროფესიული ტრენინგების მეშვეობით ადამიანური კაპიტალის გაძლიერებისაკენ, აგრეთვე უმუშევრობის დაძლევისაკენ, განსაკუთრებით − ახალგაზრდებში. 

მეორე დემოგრაფიული დივიდენდი ეფუძნება სიცოცხლის მზარდ ხანგრძლივობას მიმდინარე დემოგრაფიული გადასვლის ფონზე, რომელიც საქართველოშიც შეინიშნება. საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა დემოგრაფიული ცვლილებებისთვის. როგორც აღინიშნა, საქართველოში ბოლო 65 წლის განმავლობაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა. მიუხედავად ამისა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მაჩვენებელი ძალიან ჩამორჩება ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებს (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის განყოფილების (UNPD) მონაცემებით, 2010−2015 წლებში სხვაობა 6 წელი იყო). აუცილებელია ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც ხელს შეუწყობს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინდივიდუალურ განვითარებას ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებით. მეორე დემოგრაფიული დივიდენდის გამოსაყენებლად უნდა განხორციელდეს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს უფროსი თაობის დასაქმებას და ამით ქვეყანაში არსებული ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას, აგრეთვე წაახალისებს ადამიანთა მიერ მთელი ცხოვრების განმავლობაში ინდივიდუალური დანაზოგების შექმნას. უფროსი თაობის დასაქმების მდგომარეობა და, ზოგადად, უფროსი თაობის ცხოვრების ხარისხი შეიძლება გაუმჯობესდეს აქტიური დაბერების პოლიტიკის გატარებით. აქტიური დაბერება გულისხმობს ასაკში შესვლას და ხანდაზმულობას, როცა ხანდაზმული არის საზოგადოების სრულფასოვანი და ჯანმრთელი წევრი, აქტიური მოქალაქე, მუშაობით და სოციალური ჩართულობით კმაყოფილი, ყოველდღიურ ცხოვრებაში დამოუკიდებელი. ამის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა იმოქმედებს სახელმწიფო და ადგილობრივ/თემების დონეებზე და გაითვალისწინებს ისეთ ღონისძიებებს, როგორებიცაა ხანდაზმულთა ფინანსური უსაფრთხოების გაზრდა, ასაკზე მორგებული ინფრასტრუქტურის არსებობის ხელშეწყობა და შესაბამისი იდეების საზოგადოებაში დამკვიდრება.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2012 წელს 65 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის 42 პროცენტი ეკონომიკურად აქტიური იყო. ამ ადამიანების უმრავლესობა სოფლად ცხოვრობდა, მათი 84 პროცენტი თვითდასაქმებული იყო, მათი ნაწილი კი − ნატურალური მეურნე. სახელმწიფო პროგრამები, რომელთა მიზანია სოფლის მეურნეობის განვითარება, უნდა ითვალისწინებდეს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პროდუქტიულ ეკონომიკაში ეკონომიკურად აქტიური უფროსი თაობის მონაწილეობას. ასეთი ღონისძიებების სათანადოდ განხორციელების შედეგად გაიზრდება სხვადასხვა ასაკის სოფლის მოსახლეობის შემოსავლები და მათი შენატანი ქვეყნის ეკონომიკაში. ამასთანავე, უფროს თაობას მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება აქვს და სამსახურში სანდოობითა და სტაბილურობით გამოირჩევა. აქედან გამომდინარე, უფროსი თაობის დასაქმებულთა სამსახურში შენარჩუნება, თუ მათ სურთ და შეუძლიათ მუშაობა, შეამცირებს სახელმწიფოს ეკონომიკურ ტვირთს და გააუმჯობესებს ამ ადამიანების და მათი ოჯახების კეთილდღეობას. აქტიური და ჯანმრთელი დაბერების პოლიტიკა მნიშვნელოვანია უფროსი თაობის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისათვის და საზოგადოების განვითარებაში სხვადასხვა ფორმით მონაწილეობისათვის.

ამასთანავე, მეორე დემოგრაფიული დივიდენდის გამოყენებისთვის აუცილებელია ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც ადამიანებს დანაზოგების შესაქმნელად უფრო ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრებისათვის წაახალისებს. დაგეგმილი საპენსიო რეფორმა ითვალისწინებს ორ მიდგომას: ა) არსებული სოციალური პენსიების ინდექსაცია ინფლაციის დონის შესაბამისად; ბ) მომავალი პენსიონერების მიერ კერძო დანაზოგების შექმნის მექანიზმების დანერგვა. მათი დანერგვის მიზანია ადამიანის მიერ დამატებითი დანაზოგების შექმნა მთელი სიცოცხლის განმავლობაში. აღნიშნული დანაზოგები შეიძლება სახელმწიფო ეკონომიკისათვის მეტად საჭირო ინვესტიციების დამატებითი წყაროც გახდეს. უნივერსალური სოციალური პენსია მნიშვნელოვანი მექანიზმია ხანდაზმულთა სიღარიბისა და უთანასწორობის შესამცირებლად. ამავე დროს, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს რეფორმირებული საპენსიო სისტემის თანაბარი ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით − თვითდასაქმებულებისათვის და არაფორმალურ ეკონომიკაში დასაქმებულებისათვის.

მნიშვნელოვანია თაობებს შორის სოლიდარობის შენარჩუნებაც. ტრადიციულად, საქართველოში მრავალთაობიანი ოჯახები ის მთავარი მექანიზმია, რომელიც თაობების ერთმანეთზე ზრუნვას და ერთმანეთისთვის დახმარების გაწევას უზრუნველყოფს. მსოფლიოს სხვა ბევრი ქვეყნის მსგავსად, საქართველოში ოჯახი ნუკლეარული ოჯახის მიმართულებით იცვლება. ამდენად,  აუცილებელია კარგად გააზრებული პოლიტიკის შემუშავება, რათა თაობების ძირითადი როლები შენარჩუნდეს და კორექტირება მრავალთაობიან ერთობაში მოხდეს. საქართველოს საზოგადოებაში თაობებს შორის კავშირის გამყარება დემოგრაფიული პოლიტიკის ერთ-ერთ მიმართულებად უნდა იქცეს. მიზანშეწონილია, მკაფიოდ განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან პოლიტიკა, რომელიც ხანდაზმულთა ამჟამინდელი თაობების საჭიროებებს შეესაბამება, და პოლიტიკა, რომელიც ხანდაზმულთა მომავალი თაობებისთვისაა საჭირო.

მოსახლეობის სტრუქტურასთან და მოსახლეობის დაბერებასთან დაკავშირებულ საკითხებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საქართველოს საზოგადოებისათვის და საქართველოს მთავრობის პოლიტიკისათვის.

ახალგაზრდებთან დაკავშირებული საკითხები განხილულია საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წელს დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტში. 

აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს ოთხ სტრატეგიულ მიმართულებას:        

ა) მონაწილეობა;

ბ) განათლება, დასაქმება და მობილობა;

გ) ჯანმრთელობა;

დ) სპეციალური მხარდაჭერა და დაცვა.

ეს სტრატეგიული მიმართულებები ქმნის სახელმწიფო პოლიტიკის ჩარჩოს საქართველოს საზოგადოებაში მიმდინარე დემოგრაფიულ ცვლილებებზე რეაგირებისათვის, ახალგაზრდების პერსპექტივის გათვალისწინებით. ამასთანავე, ისინი შეესაბამება საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის ამ პრიორიტეტული სფეროს ამოცანებს. 

საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკურმა კომისიამ (UNECE) 2015 წელს მოამზადა მოსახლეობის დაბერების საკითხის მეინსტრიმინგის გზამკვლევი, რომელიც ეფუძნება დაბერების პრობლემების მადრიდის საერთაშორისო სამოქმედო გეგმის რეკომენდაციებს და ამ გეგმის განხორციელების UNECE-ის რეგიონალური სტრატეგიით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ამ გზამკვლევის რეკომენდაციების შესასრულებლად 2015 წელს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) თანამშრომლობით შექმნა მრავალსექტორული სამუშაო ჯგუფი საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო კონცეფციისა და ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკასა და პროგრამებში მოსახლეობის დაბერების საკითხის მეინსტრიმინგს. საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია 2016 წლის 27 მაისს საქართველოს პარლამენტის №5146-IIს დადგენილებით დამტკიცდა, ხოლო საქართველოს მთავრობას დაევალა ამ კონცეფციის განსახორციელებლად ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება. საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის ეს პრიორიტეტული სფერო შეესაბამება როგორც მოსახლეობის დაბერების საკითხის მეინსტრიმინგის გზამკვლევის და საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის ძირითად მიმართულებებსა და კონკრეტულ რეკომენდაციებს, ისე ეროვნული სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებს, ამოცანებსა და ღონისძიებებს.

4.1. შრომის ბაზრების ადეკვატური რეაგირება მოსახლეობის სტრუქტურასა და მოსახლეობის დაბერებაში მიმდინარე ცვლილებებზე

დასაქმების პოლიტიკა მნიშვნელოვანი მექანიზმია მოსახლეობის სტრუქტურასა და მოსახლეობის დაბერებაში მიმდინარე ცვლილებებზე საზოგადოების მართებული რეაგირებისათვის. ღირსეული სამუშაოს არსებობა ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფისა და ყველა ასაკის მოქალაქეების ეკონომიკური ჩართულობის ხელშეწყობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.  

მოსახლეობის სტრუქტურასა და მოსახლეობის დაბერებაში მიმდინარე ცვლილებებზე შრომის ბაზრების ადეკვატური რეაგირების სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტებია:

ა) ყველა ასაკის მოქალაქეებისთვის ღირსეული სამუშაოს უზრუნველყოფა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობების შექმნა; საქართველოს კანონმდებლობის შესრულების გაძლიერება, რომელიც უფროსი თაობის დასაქმებულებს შრომის ბაზარზე დისკრიმინაციისგან დაიცავს;

ბ) ადამიანური კაპიტალის გაძლიერება ახალგაზრდებისთვის მაღალი ხარისხის, ადეკვატური განათლებისა და პროფესიული ტრენინგების შესაძლებლობების გაზრდით; უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი თავიდან აცილება, განსაკუთრებით − ახალგაზრდებში;

გ) უფროსი თაობის წარმომადგენელთა დასაქმების მდგომარეობის გაუმჯობესება მათთვის პროფესიული ტრენინგების, მთელი სიცოცხლის განმავლობაში უწყვეტი განათლებისა და ადაპტირებული სამუშაო პირობების უზრუნველყოფით;

დ) უფროსი თაობის წარმომადგენელთა დასაქმების მოქნილი მოდელების და მათი პენსიაზე ეტაპობრივად გასვლის მექანიზმის მხარდაჭერა.

4.2. ყველა ასაკის ადამიანის ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მათი მონაწილეობა საზოგადოების განვითარებაში

საზოგადოების განვითარება მასში საზოგადოების ყველა წევრის მონაწილეობაზე და მათ მიერ შეტანილ წვლილზეა დამოკიდებული. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა ხელსაყრელია ყველა ადამიანისთვის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა ახალგაზრდებს სხვადასხვა საჯარო სფეროს გაცნობაში და მათში მონაწილეობაში დაეხმარება, აგრეთვე უზრუნველყოფს უფროსი თაობის უწყვეტ მონაწილეობას აქტიური დაბერების პროცესში.      

საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყველა ასაკის ადამიანის ჩართულობისა და საზოგადოების განვითარებაში მათი მონაწილეობის სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტებია:

ა) სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში თაობათაშორისი ურთიერთობების  ხელშეწყობა; უფროსი თაობის, როგორც მენტორისა და მრჩევლის, როლის გაძლიერება;  

ბ) საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების, მათ შორის, არალეგალური მიგრანტების, საჭიროებების განსაზღვრა, გენდერული და ასაკობრივი განსხვავებების გათვალისწინებით, მათი პრობლემების გადასაჭრელად.

4.3. გაუმჯობესებული ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა მთელი სიცოცხლის განმავლობაში

ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ცხოვრების მაღალ ხარისხს ნებისმიერ ასაკში განაპირობებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განსაზღვრებით, ჯანმრთელი დაბერება არის ფუნქციური შესაძლებლობების განვითარებისა და შენარჩუნების პროცესი, რომელიც უფროს ასაკში ადამიანების კეთილდღეობას უზრუნველყოფს. ეს მოწმობს ჯანმრთელობის დაცვის ისეთი პოლიტიკის მნიშვნელობას, რომელიც  მთელ ცხოვრებაზეა ორიენტირებული.   

მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაუმჯობესებული ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტებია:

ა) მთელი სიცოცხლის განმავლობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისება;

ბ) ასაკზე მორგებული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

გ) ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმირება ეპიდემიოლოგიურ ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად; სახელმწიფოს შესაძლებლობების გაუმჯობესება არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის, ასეთი დაავადებების მქონე პირთა რეაბილიტაციის და შრომისუუნარობის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად;

დ) საავადმყოფოებსა და ამბულატორიებში გერიატრიული მოვლის შემოღება;

ე) პალიატიური მოვლისა და ჰოსპისში მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა და შესაბამისი სამართლებრივი რეგულირების უზრუნველყოფა;

ვ) სახლში მოვლისა და ინსტიტუციური სოციალური მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა, გრძელვადიანი მოვლის ჩათვლით, ყველასთვის, ვინც ასეთ მოვლასა და მომსახურებას საჭიროებს.

4.4. ასაკზე მორგებული ფიზიკური და ფსიქოსოციალური გარემოს უზრუნველყოფა  

ასაკზე მორგებული გარემო არის ისეთი გარემო, რომელიც ხელმისაწვდომია სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებისათვის. ფიზიკური და ფსიქოსოციალური გარემო ერთნაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისათვის.

ასაკზე მორგებული ფიზიკური და ფსიქოსოციალური გარემოს უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტებია:

ა) სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისათვის საკანონმდებლო ინიციატივებისა და შესაბამისი პროგრამების განხორციელება;

ბ) სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

გ) ოჯახებსა და დაწესებულებებში ხანდაზმულებისადმი არასათანადო მოპყრობის თავიდან აცილება; ისეთი ღონისძიებების განხორციელება და იმგვარი ინფრასტრუქტურის არსებობა, რომლებიც  მიტოვებული ან/და არასათანადო მოპყრობისა და ძალადობის მსხვერპლი ხანდაზმულების რეაბილიტაციას უზრუნველყოფს;

დ) ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების აღქმის და მათი ცხოვრების, პრობლემების, ინტერესებისა და სხვა საკითხების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების გაუმჯობესება.

4.5. შემოსავლების დაცულობისა და სოციალური დაცვის ადეკვატური ზომების უზრუნველყოფა

ეს პრიორიტეტული სფერო ითვალისწინებს მოსახლეობის დინამიკის შესაბამისი გარემოს არსებობის ხელშეწყობას, რომელიც ხანდაზმულებისათვის საკმარის შემოსავალს და მათ სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს. სოციალური დაცვა ხელს უწყობს სიღარიბის შემცირებას და საზოგადოების განვითარებაში მისი ყველა წევრის აქტიურ მონაწილეობას. ვინაიდან სიღარიბე საქართველოსათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდა ძირითადი ამოცანაა.

შემოსავლების დაცულობისა და სოციალური დაცვის ადეკვატური ზომების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტებია:

ა) სიღარიბის შემცირება, განსაკუთრებით − მოწყვლად ჯგუფებში: ოჯახის გარეშე დარჩენილ ხანდაზმულებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებში, იძულებით გადაადგილებულ პირებში და სხვა ჯგუფებში;

ბ) ისეთი საპენსიო სისტემის არსებობის უზრუნველყოფა, რომელიც ეფუძნება და ითვალისწინებს მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფისა და სხვადასხვა პროფესიის პირების თანასწორობის, სამართლიანობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს;

გ) ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც ადამიანებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში დამატებითი დანაზოგების შექმნაში დაეხმარება;

დ) მიკრობიზნესსა და მცირე ბიზნესში ჩართული ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების მხარდაჭერა, კრედიტის ხელმისაწვდომობის გაზრდის ჩათვლით.

4.6. მოსახლეობის სტრუქტურისა და მოსახლეობის დაბერების  სფეროში ჩასატარებელი კვლევები

ამ სფეროს ამოცანების შესრულებისათვის საინფორმაციო საფუძვლის შექმნის უზრუნველსაყოფად აუცილებელია კვლევების ჩატარება შემდეგ საკითხებზე:

ა) საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახალგაზრდებისა და უფროსი თაობის წარმომადგენლების საჭიროებებისა და მოლოდინების შეფასება (მათი ასაკის, სქესის, შემოსავლისა და ფუნქციური შესაძლებლობების მიხედვით);

ბ) ოჯახში, თემსა და საზოგადოებაში არსებული თაობათაშორისი ურთიერთობების შესწავლა; სოფლებსა და ქალაქებში ოჯახების ფუნქციებსა და სტრუქტურაში მომხდარი ცვლილებების გაანალიზება;

გ) სხვადასხვა დონეზე მიწოდებული სხვადასხვა ფორმის სოციალური მომსახურების ვარიანტების შესწავლა, სხვადასხვა ასაკის ადამიანების გრძელვადიანი მოვლის სოციალური და სამედიცინო კომპონენტების ჩათვლით.

III. საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება

1. ინსტიტუციური მექანიზმი და განხორციელების პროცესი

1.1. ამ კონცეფციის მიზნების მისაღწევად საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს 2017−2030 წლების დემოგრაფიული უსაფრთხოების სტრატეგიას (შემდგომ − სტრატეგია) და სტრატეგიის განხორციელების 2017−2020 წლების სამოქმედო გეგმას. აღნიშნული და ყოველი მომდევნო სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადის ამოწურვისას შემუშავდება და დამტკიცდება ახალი სამოქმედო გეგმა.

საქართველოს მთავრობა შექმნის მოსახლეობის განვითარების ეროვნულ საბჭოს (შემდგომ − საბჭო) და დაამტკიცებს საბჭოს შემადგენლობასა და დებულებას.

საბჭოს წევრები იქნებიან:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრისაბჭოს თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე − საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 

დ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;

ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

ვ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;

თ) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი;

ი) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;

კ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი;

ლ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;

მ) საქართველოს იუსტიციის მინისტრი;

ნ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი;

ო) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;

პ) საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე;

ჟ) საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

რ) საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე;

ს) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;

ტ) საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე;

უ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;

ფ) სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები;

ქ) შესაბამისი სფეროს ექსპერტები.

საბჭოს სხდომებში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ საქართველოს პარლამენტის სხვა წევრებმა, სხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, კონფესიათა წარმომადგენლებმა, შესაბამისი სფეროს ექსპერტებმა.

1.2. საბჭო ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:

ა) შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას;

ბ) უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებებს, ადგილობრივ ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობასა და კოორდინაციას სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დაგეგმვის, შემუშავების, განხორციელების, შესრულების მონიტორინგისა და შეფასების პროცესებში;

გ) საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით შეიმუშავებს შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებს;

დ) განახორციელებს საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის პრიორიტეტებს შესაბამის სექტორულ სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში;

ე) განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საბჭოს კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებისათვის საბჭო შექმნის საკონსულტაციო ჯგუფს (ჯგუფებს) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და შესაბამისი სფეროს ექსპერტების მონაწილეობით.

2. მონიტორინგი და შეფასება

2.1. საბჭო ყოველწლიურად განახორციელებს საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს.

2.2. სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადის ამოწურვისას საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს.

2.3. საბჭო ახორციელებს სტრატეგიის შესრულების შუალედურ შეფასებას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს სტრატეგიის დახვეწის მიზნით. სტრატეგიის მოქმედების ვადის ამოწურვისას საბჭო ახორციელებს სტრატეგიის შესრულების საბოლოო შეფასებას, რომლის გათვალისწინებითაც შემუშავდება ახალი სტრატეგია.