დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 473 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 12/11/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 29-30/5, 11/12/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 240.080.000.05.001.000.178 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (14/05/1997 - 26/06/1998)
საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ
ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი ინვესტიციების განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებსა და მათი დაცვის გარანტიებს. კანონის მიზანია დაადგინოს ინვესტიციების ხელშემწყობი სამართლებრივი რეჟიმი.
თავი I.
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ინვესტიცია
1. ინვესტიციად მიიჩნევა ყველა სახის ქონებრივი და ინტელექტუალური ფასეულობა ან უფლება, რომელიც დაბანდდება და გამოიყენება შესაძლო მოგების მიღების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ სამეწარმეო საქმიანობაში.
2. ასეთი ფასეულობა ან უფლება შეიძლება იყოს:
ა) ფულადი სახსრები, წილი, აქციები და სხვა ფასიანი ქაღალდები;
ბ) უძრავი და მოძრავი ქონება _ მიწა, შენობა- ნაგებობები, მოწყობილობები და სხვა მატერიალური ფასეულობა;
გ) მიწით ან სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის უფლება ( მათ შორის კონცესია), პატენტი, ლიცენზია, „ ნოუ- ჰაუ~, გამოცდილება და სხვა ინტელექტუალური ფასეულობა;
დ) კა ნო ნით აღი ა რე ბუ ლი სხვა ქო ნებ რი ვი ან ინ ტე ლექ ტუ ა ლუ რი ფა სე უ ლო ბა ან უფ ლე ბა.
მუხლი 2. საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტი (ინვესტორი) და ობიექტი
1. ინვესტორად ითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ინვესტირებას საქართველოში.
2. უცხოელ ინვესტორად ითვლება:
ა) უცხოეთის სახელმწიფოს მოქალაქე;
ბ) მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც მუდმივად არ ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე;
გ) საქართველოს მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს საზღვარგარეთ.
დ) იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს საზღვრებს გარეთ.
3. საწარმო, რომელშიც უცხოელი ინვესტორის წილი შეადგენს არანაკლებ 25%- ს, სარგებლობს იმავე უფლებებით, როგორც უცხოელი ინვესტორი.
4. საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტიცია შეიძლება განხორციელდეს საკუთრების ნებისმიერი ფორმის ობიექტში, რომელშიც ინვესტირება ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აკრძალული არ არის. ამ კანონის მე-9 და მე-12 მუხლებში ჩამოთვლილ ობიექტებში ინვესტირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი სპეციალური ნებართვის ან ლიცენზიის საფუძველზე.
თავი II.
საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტების სამართლებრივი სტატუსი
მუხლი 3. ინვესტორის უფლებები
1. საინვესტიციო და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას უცხოელი ინვესტორის უფლებები და გარანტიები არ შეიძლება იყოს იმ უფლებებზე და გარანტიებზე ნაკლები, რომლითაც სარგებლობს საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირი, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა .
2. ინვესტორს უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საბანკო დაწესებულებებში ნებისმიერი სახის ვალუტით გახსნას მიმდინარე და სხვა ანგარიშები.
3. ინვესტორს უფლება აქვს აიღოს სესხი საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ არსებული საბანკო და საფინანსო დაწესებულებებიდან, ან ფიზიკური თუ იურიდიული პირებისგან.
4. ინვესტორს უფლება აქვს შეიძინოს აქციები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები და როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საზღვარგარეთ არსებული ქონება.
5. უცხოელ ინვესტორს, გადასახადებისა და სავალდებულო მოსაკრებლების გადახდის შემდეგ, აქვს ინვესტიციებიდან მიღებული მოგების ( შემოსავლის) და სხვა ფულადი სახსრების საქართველოს საბანკო დაწესებულებაში საბაზრო კურსით კონვერსიისა და საზღვარგარეთ შეუზღუდავი რეპატრიაციის უფლება.
ასეთი სახსრები შეიძლება იყოს:
ა) ნებისმიერი შენატანი უცხოური ინვესტიციით შექმნილი ობიექტის კაპიტალში;
ბ) ნებისმიერი მოგება და დივიდენდი, ისევე, როგორც უცხოური ინვესტიციის მთლიანი ან ნაწილობრივი გაყიდვით ან ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი სახსრები;
გ) სახელშეკრულებო, მათ შორის სასესხო ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდები;
დ) ქონების სარგებლობის უფლების გადასახადი, რომელიც წინასწარ განისაზღვრება, როგორც სხვისი ქონების, მათ შორის ბუნებრივი რესურსების, საავტორო უფლებების, პატენტის გამოყენებით მიღებული შემოსავლის პროცენტი ( საროიალთო გადახდა), აგრეთვე მმართველობითი და სხვა ქირის გადახდა.
6. უცხოელ ინვესტორს უფლება აქვს საზღვარგარეთ გაიტანოს მის საკუთრებაში არსებული ქონება.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლება შეიძლება შეიზღუდოს კანონის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკოტრების, დანაშაულის ჩადენის ან სამოქალაქო ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.
საქართველოს 1997 წლის 14 მაისის კანონი №705 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №23-24, 07.06.1997 წ., გვ.10
მუხლი 4. ინვესტორის მოვალეობა
ინვესტორი ვალდებულია საქმიანობას ეწეოდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი III.
ინვესტიციის ხელშეწყობა და რეგისტრაცია
მუხლი 5. ინვესტიციის ხელშეწყობა
საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და შესრულებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო შესაბამის უწყებებთან ერთად.
მუხლი 6. უცხოური ინვესტიციის სახელმწიფო რეგისტრაცია
1. უცხოელი ინვესტორი ვალდებულია ინვესტიციის დაბანდებიდან 60 დღის განმავლობაში საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო- ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროსთან არსებულ უცხოური ინვესტიციის სააგენტოში რეგისტრაციაში გაატაროს 100 ათასი აშშ დოლარის ( ან მისი ეკვივალენტის) და მეტი ღირებულების ინვესტიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ეკრძალება საინვესტიციო საქმიანობა. რეგისტრაციის მიზანია საქართველოში განხორციელებული საინვესტიციო საქმიანობის შესახებ მონაცემთა ერთიანი სტატისტიკური ბაზის შექმნა.
2. უცხოელი ინვესტორი ვალდებულია წელიწადში ერთხელ ( წლის ბოლომდე) უცხოური ინვესტიციების სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია დამატებით განხორციელებული ინვესტიციების ოდენობის შესახებ.
3. უცხოელი ინვესტორი ვალდებულია რეგისტრაციისთვის წარადგინოს:
ა) ინვესტირების ობიექტების სრული დასახელება; საინვესტიციო საქმიანობის ძირითადი მიმართულებების მოკლე აღწერა;
ბ) შესაბამისი საწარმოს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ინვესტიციის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) სპეციალური ნებართვა, მათ შორის ლიცენზია ამ კანონის მე-9 და მე-12 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4. სააგენტოს უფლება არ აქვს ინვესტორს მოსთხოვოს სხვა რაიმე მონაცემის წარდგენა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულისა.
5. რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო- ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროსთან არსებული უცხოური ინვესტიციის სააგენტო რეგისტრაციაში ატარებს უცხოურ ინვესტიციას. თუ სააგენტო ამ ვადაში არ განიხილავს რეგისტრაციიის საკითხს, მაშინ ასეთი ინვესტიცია რეგისტრირებულად ჩაითვლება კანონის ძალით.
6. უარი სახელმწიფო რეგისტრაციაზე შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.
7. უარი სახელმწიფო რეგისტრაციაზე შეიძლება გასაჩივრდეს ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესით.
თავი IV.
ინვესტიციის დაცვის გარანტიები
მუხლი 7. ინვესტიციის ხელშეუხებლობა
1. ინვესტიცია მთლიანად და უპირობოდ არის დაცული საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.
2. ინვესტიციის ჩამორთმევა დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით.
3. გადაწყვეტილება ინვესტიციის ჩამორთმევის შესახებ, აგრეთვე კომპენსაციის პირობები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, ხოლო თუ ინვესტორი უცხოელია, საკითხი გადაწყდება აგრეთვე ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 8. კომპენსაცია ინვესტიციის ჩამორთმევისას
1. კომპენსაცია, რომელიც მიეცემა ინვესტორს, უნდა შეესაბამებოდეს ჩამორთმეული ინვესტიციის რეალურ საბაზრო ღირებულებას უშუალოდ იმ მომენტისათვის, როდესაც მოხდა ჩამორთმევა.
2. კომპენსაცია უნდა გაიცეს ყოველგვარი შეფერხების გარეშე და იგი უნდა მოიცავდეს იმ ზარალსაც, რომელიც ინვესტორმა განიცადა ჩამორთმევის მომენტიდან საკომპენსაციო თანხის გადახდამდე.
3. უცხოელ ინვესტორს უფლება აქვს საქართველოს საბანკო დაწესებულებებში მოახდინოს საკომპენსაციო თანხის კონვერსია საბაზრო კურსით და თავისუფლად და შეუფერხებლად გადაიყვანოს იგი საზღვარგარეთ.
მუხლი 9. აკრძალვა და შეზღუდვა ინვესტიციის განხორციელების სფეროში
1. ნუსხას იმ დარგებისა, სადაც აკრძალულია ინვესტიციების განხორციელება, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
2. ინვესტორს უფლება არა აქვს შესაბამისი უწყების ნებართვის ან ლიცენზიის მიღების გარეშე განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) იარაღის და ფეთქებადი ნივთიერებების დამზადება და გაყიდვა;
ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებებისა და ნივთიერებების დამზადება და გაყიდვა;
გ) ტყის რესურსებით და წიაღით სარგებლობა;
დ) კაზინოებისა და სხვა აზარტული თამაშების სახლების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფენ თამაშების და ლატარეების ორგანიზებას;
ე) საბანკო საქმიანობა;
ვ) სადაზღვევო საქმიანობა;
ზ) საჯაროდ გასავრცელებელი ფასიანი ქაღალდების გამოშვება;
თ) უმავთულო კავშირგაბმულობით მომსახურება და ტელერადიოარხების შექმნა;
ი) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საქმიანობა.
მუხლი 10. შრომითი ურთიერთობა, სოციალური დაცვა და საპენსიო უზრუნველყოფა
1. ინვესტორს უცხოელის სამუშაოზე მიღების უფლება აქვს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. უცხოელს, რომელიც მუდმივად არ ცხოვრობს საქართველოში, გადასახადებისა და სავალდებულო მოსაკრებლების გადახდის შემდეგ აქვს მის მიერ მიღებული შემოსავლების საზღვარგარეთ დაუყოვნებელი და შეუფერხებელი გადაყვანის ან გატანის უფლება.
2. არ შეიძლება დაწესდეს საწარმოს ხელმძღვანელ ორგანოებში სავალდებულოდ ასარჩევ ან დასანიშნ საქართველოს მოქალაქეთა აუცილებელი მინიმალური რიცხვი.
3. მუშაკთა სოციალური დაზღვევის, სოციალური და საპენსიო უზრუნველყოფისთვის აუცილებელი გადასახადებისა და შენატანების გადახდის შესახებ კანონის მოთხოვნა არ ვრცელდება იმ უცხოელ მუშაკებზე, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოში.
მუხლი 11. საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული დაბეგვრა
საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული დაბეგვრის რეჟიმი და მისი ხელშემწყობი პირობები რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით.
მუხლი 12. ქონებრივი უფლების მოპოვება მიწასა და სხვა ბუნებრივ რესურსებზე
მიწასა და სხვა ბუნებრივ რესურსებზე ქონებრივი უფლების, აგრეთვე ბუნებრივი რესურსების დამუშავების და ათვისების უფლების მოპოვება რეგულირდება ` სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ~, ` სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ~, ` საზღვარგარეთის ქვეყნებისა და კომპანიებისთვის კონცესიების გაცემის წესის შესახებ~, ` წიაღის შესახებ" საქართველოს კანონებით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
მუხლი 13. განხორციელებული უცხოური ინვესტიციის სამართლებრივი რეჟიმი
უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოებს, რომლებმაც ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აიღეს უცხოური ინვესტიციის ლიცენზია, მისი გაცემის დღიდან 5 წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ „ უცხოური ინვესტიციების შესახებ“ 1995 წლის 30 ივნისის საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათები საქმიანობის იმ სფეროში, რომელზეც გაცემულია უცხოური ინვესტიციის ლიცენზია.
მუხლი 14. ინვესტიციის დაცვა საომარი მდგომარეობისა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს
უცხოელ ინვესტორს, რომელსაც მიადგა ზიანი საომარი მდგომარეობისა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს, არ შეიძლება დაუწესდეს ზიანის ანაზღაურების უფრო უარესი პირობები, ვიდრე ადგილობრივ ინვესტორს.
მუხლი 15. გარანტიები კანონმდებლობის შეცვლისას
1. ახალი საკანონმდებლო აქტი, რომელიც აუარესებს ამ კანონით დადგენილ ინვესტიციის პირობებს, მისი ძალაში შესვლიდან ათი წლის განმავლობაში არ ვრცელდება უკვე განხორციელებულ ინვესტიციაზე. ასეთ შემთხვევაში ინვესტორი თავის საქმიანობას ახორციელებს ახალი საკანონმდებლო აქტის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. შემდგომში კანონმდებლობის შეცვლას არ ექვემდებარება ამ კანონის მე-7, მე-8, მე-14 და მე-16 მუხლები.
მუხლი 16. დავის გადაწყვეტის წესი
1. დავა უცხოელ ინვესტორსა და საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს შორის წყდება მხარეთა შეთანხმებით დადგენილი წესით ან საქართველოს სასამართლოში.
2. დავა უცხოელ ინვესტორსა და სახელმწიფო ორგანოს შორის, თუ მისი გადაწყვეტის წესი არ არის განსაზღვრული მათი შეთანხმებით, გადაწყდება საქართველოს სასამართლოში ან საინვესტიციო დავის საერთაშორისო ცენტრში (Internetional Center for the Resoliution of Investment Disputes.). თუ დავა არ განიხილება საინვესტიციო დავის საერთაშორისო ცენტრში, უცხოელ ინვესტორს უფლება აქვს დავის გადასაჭრელად მიმართოს ცენტრის დამატებით ინსტიტუტს ან ნებისმიერ საერთაშორისო საარბიტრაჟო ორგანოს, რომელიც დაარსებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (Commission of the United Nations for Internetional Trade Law - UNICTRAL) საარბიტრაჟო და საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წესების შესაბამისად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული საერთაშორისო საარბიტრაჟო ორგანოების გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მათ აღსრულებას უზრუნველყოფს სახელმწიფო.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
199 6 წლის 12 ნ ოე მბე რი .
№ 473_Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1997 წლის 14 მაისის კანონი №705 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №23-24, 07.06.1997 წ., გვ.10
დოკუმენტის კომენტარები