დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5563-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/06/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 360160000.05.001.018222 |
|
ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. ნარჩენების მართვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) დაუბინძურებელი ნიადაგი, აგრეთვე ბუნებაში გავრცელებული მასალა, რომელიც მშენებლობის პროცესში გათხრების შედეგად არის ამოღებული, თუ აშკარაა, რომ ეს მასალა მისი ბუნებრივი ფორმით იქნება გამოყენებული იმავე ადგილზე, სადაც აღნიშნული მშენებლობა მიმდინარეობს, და ამ მშენებლობის მიზნებისთვის იქნა იგი ამოღებული;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ბიოლოგიური მასა – ფეკალური მასა/ნაკელი, ჩალა, აგრეთვე სხვა, მსგავსი ბუნებრივი წარმოშობის არასახიფათო მასალა, რომელიც გამოიყენება ფერმერულ საქმიანობაში, სატყეო მეურნეობაში ან აღნიშნული ბიოლოგიური მასისაგან ენერგიის ისეთი პროცესებისა და მეთოდების საშუალებით მისაღებად, რომლებიც საფრთხეს არ უქმნის გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას;“. 2. მე-3 მუხლის: ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ცხოველური ნარჩენი (ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი) – ცხოველის სხეული ან მისი სხეულის ნაწილი, ცხოველური წარმოშობის პროდუქტი ან ცხოველისგან მიღებული სხვა პროდუქტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2009 წლის 21 ოქტომბრის (EC) No 1069/2009 რეგულაციის შესაბამისად;“; ბ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ) ნარჩენების წინასწარი დამუშავება – ამ კოდექსის I დანართის R12 კოდით და II დანართის D13 კოდით განსაზღვრული წინასწარი ოპერაციები, რომლებიც ნარჩენების აღდგენამდე ან განთავსებამდე ხორციელდება;“. 3. მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების დროს მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს გარემოს დაბინძურება, დანაგვიანება და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება. 3. ნარჩენების ტრანსპორტირების შედეგად ნარჩენებით გარემოს დაბინძურების/დანაგვიანების შემთხვევაში ნარჩენების გადამზიდველი ვალდებულია უზრუნველყოს დასუფთავების ღონისძიებების განხორციელება.“. 4. მე-8 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულება მუნიციპალიტეტს ეკისრება, თუ აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრება არ არის.“. 5. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები ეკისრება ასევე წლის განმავლობაში 2 ტონაზე ნაკლები სახიფათო ნარჩენის წარმომქმნელს, რომელიც ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ საქმიანობას.“. 6. 21-ე მუხლის: ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსდება მხოლოდ ინერტული ნარჩენები.“; ბ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 ნაწილი: „51. ინერტული ნარჩენები, რომლებიც გამოსადეგია ამოვსების ოპერაციებისთვის ან მშენებლობის მიზნებისთვის, შესაძლებელია არ განთავსდეს ნაგავსაყრელზე, თუ ისინი, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოსთან შეთანხმებით, ამოვსებითი ოპერაციებისთვის ან პროექტით გათვალისწინებული მშენებლობის მიზნებისთვის იქნება გამოყენებული. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 24-ე მუხლის მოთხოვნები.“. 7. 23-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ არსებულ ნაგავსაყრელს არ აქვს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნებართვა, ნაგავსაყრელის ოპერატორი ვალდებულია „ნაგავსაყრელების მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღებიდან 18 თვის ვადაში შეუთანხმოს სამინისტროს ნაგავსაყრელის ამ დადგენილებით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანის გეგმა. აღნიშნულ პერიოდში ნაგავსაყრელი ფუნქციონირებას განაგრძობს.“. 8. 29-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნარჩენების აღრიცხვისა და სამინისტროს წინაშე შესაბამისი ანგარიშგების ვალდებულება ეკისრებათ: ა) ამ კოდექსის 24-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული საქმიანობების განმახორციელებელ პირებს; ბ) ნარჩენების წარმომქმნელს, რომლის სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 2 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი (გარდა მუნიციპალური ნარჩენისა) ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარჩენების შესახებ მონაცემებს იმავე ნაწილით განსაზღვრული პირები 3 წლის განმავლობაში ინახავენ. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება ნაგავსაყრელის ოპერატორზე. იგი ვალდებულია აღნიშნული მონაცემები შეინახოს ნაგავსაყრელის ფუნქციონირების ვადის ამოწურვამდე და ნაგავსაყრელის დახურვის შემდგომი მოვლის პერიოდში.“. 9. 36-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ, აგრეთვე სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების არადანიშნულების კონტეინერში (მათ შორის, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში) მოთავსება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.“; ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. ნარჩენების მფლობელი მეწარმე სუბიექტის მიერ შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების მიზნით სახიფათო ნარჩენების არაუფლებამოსილი პირისთვის გადაცემა – გამოიწვევს ნარჩენების მფლობელი მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.“. 10. 38-ე და 39-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 38. ნარჩენების ტრანსპორტირების წესის დარღვევა 1. არასახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 2. სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
მუხლი 39. სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა 1. ოპერატორის მიერ 20 კგ-ზე ნაკლები სახიფათო ნარჩენის სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 2. ოპერატორის მიერ 20 კგ ან 20 კგ-ზე მეტი სახიფათო ნარჩენის სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 550 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.“. 11. მე-40 მუხლის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. არანაკლებ 2 ტონა და არაუმეტეს 10 ტონა სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.“; ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი: „41. 50 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.“. 12. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 42. გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრის ან/და მისი ვინაობის სამინისტროსთვის შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრის ან/და მისი ვინაობის სამინისტროსთვის შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“. 13. 43-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან/და ამ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განუხორციელებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“. 14. 46-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამ კოდექსის 31-ე–45-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა“. 15. 47-ე მუხლის: ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდამრღვევს არ ათავისუფლებს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურების ვალდებულებისაგან. ამ კოდექსის 31-ე–34-ე მუხლებით, 36-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 37-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევს ასევე ეკისრება ნარჩენებით დაბინძურებული/დანაგვიანებული ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულება. ამ ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავებას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს, ხოლო დასუფთავების ხარჯები სამართალდამრღვევს ეკისრება.“; ბ) მე-7 და მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ კოდექსის 31-ე–34-ე მუხლებით, 36-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 37-ე და 38-ე მუხლებითა და მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები, თუ სამართალდარღვევა სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით იქნება ჩადენილი, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი უშუალოდ შეესწრება (დააფიქსირებს) აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტს. 8. ამ კოდექსის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი.“; გ) მე-11 და მე-12 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 31-ე–34-ე მუხლებით, 36-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 37-ე და 38-ე მუხლებითა და მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება, თუ სამართალდარღვევა სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით იქნება ჩადენილი, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი უშუალოდ შეესწრება (დააფიქსირებს) აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტს. 12. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილ პირს აქვს ამ კოდექსის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“; დ) მე-14 და მე-15 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. 15. ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას და მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრავს შესაბამისად სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“. 16. 48-ე მუხლის: ა) მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კომპანიის ნარჩენების მართვის პირველი გეგმა სამინისტროს წარედგინოს 2016 წლის 31 დეკემბრამდე. 5. ამ კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-7 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა), მე-9 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა) და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს აქტით განსაზღვრულ დასახლებული პუნქტების ტერიტორიებზე, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა.“; ბ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი: „6. ამ კოდექსის მე-14 და მე-15 მუხლებითა და 29-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები 2020 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობებზე.“. 17. 49-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. 2016 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ დადგენილებით განსაზღვროს საქმიანობები, რომლებზედაც 2020 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-14 და მე-15 მუხლებითა და 29-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები.“; ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. 2018 წლის 1 ივლისამდე სამინისტრომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგინოს დადგენილებების პროექტები ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.“; გ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. 2017 წლის 31 ოქტომბრამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სამინისტრომ გამოსცენ ერთობლივი კანონქვემდებარე აქტი ცხოველური ნარჩენების მართვის შესახებ ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.“; დ) მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი: „9. 2016 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ბრძანებით განსაზღვროს იმ საქმიანობების ნუსხა, რომელთა შედეგად წლის განმავლობაში 2 ტონაზე ნაკლები სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება და რომლებზედაც ვრცელდება ამ კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები.“. 18. 50-ე მუხლის მე-3–მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კოდექსის 26-ე, 29-ე და 30-ე მუხლები ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. 4. ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-7 ნაწილი, მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და 38-ე და 45-ე მუხლები ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან. 5. ამ კოდექსის მე-40 მუხლის პირველი–მე-5 ნაწილები და 44-ე მუხლი ამოქმედდეს 2017 წლის 1 აპრილიდან.“. 19. I დანართის: ა) R7 კოდი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „R7 იმ კომპონენტების აღდგენა, რომლებიც დაბინძურების შესამცირებლად გამოიყენება“; ბ) მე-2 და მე-3 შენიშვნები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „[2] ეს მოიცავს ნიადაგის აღდგენისა და არაორგანული სამშენებლო მასალების რეციკლირების შედეგად ნიადაგის გაწმენდას. [3] თუ სხვა R კოდი არ გამოიყენება, ეს შეიძლება მოიცავდეს ნარჩენების წინასწარ დამუშავებას ნარჩენების აღდგენამდე, მათ შორის, წინასწარი დამუშავების ისეთ ოპერაციებს, როგორებიცაა: დაშლა, სორტირება, დამსხვრევა, დაპრესვა, გრანულირება, გაშრობა, დაქუცმაცება, კონდიცირება, გადაფუთვა, სეპარირება ან შერევა R1-დან R11-მდე კოდებში მოცემული რომელიმე ოპერაციის განსახორციელებლად ჩაბარებამდე.“. 20. II დანართის მე-2 შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „[2] თუ სხვა D კოდი არ გამოიყენება, ეს შეიძლება მოიცავდეს ნარჩენების წინასწარ დამუშავებას ნარჩენების განთავსებამდე, მათ შორის, წინასწარი დამუშავების ისეთ ოპერაციებს, როგორებიცაა: სორტირება, დამსხვრევა, დაპრესვა, გრანულირება, გაშრობა, დაქუცმაცება, კონდიცირება ან სეპარირება D1-დან D12-მდე კოდებში მოცემული რომელიმე ოპერაციის განსახორციელებლად ჩაბარებამდე.“.
მუხლი 2 1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-16 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე იმავე ნაწილით გათვალისწინებული პირი, რომელსაც ნარჩენების მართვის კოდექსის 42-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრა და ჯარიმის თანხა გადახდილი არა აქვს ან ნაწილობრივ აქვს გადახდილი, თავისუფლდება გადაუხდელი ჯარიმის თანხის ან/და ჯარიმის თანხის გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო თუ სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებული არ არის ან დაწყებულია, მაგრამ დადგენილება გამოტანილი არ არის, იგი თავისუფლდება იმავე კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან. 2. სამართალდარღვევის სუბიექტი, რომელმაც ამ კანონის ამოქმედებამდე დაარღვია ნარჩენების მართვის კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვადა, რისთვისაც დაეკისრა პასუხისმგებლობა, და რომელსაც ჯარიმის თანხა გადახდილი არა აქვს ან ნაწილობრივ აქვს გადახდილი, თავისუფლდება გადაუხდელი ჯარიმის თანხის ან/და ჯარიმის თანხის გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო თუ სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებული არ არის ან დაწყებულია, მაგრამ დადგენილება გამოტანილი არ არის, იგი თავისუფლდება იმავე კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან.
მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 ნაწილისა და მე-16 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 ნაწილი და მე-16 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან. |
ქუთაისი, 24 ივნისი 2016 წ. N5563-IIს |
დოკუმენტის კომენტარები