სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ

  • Word
სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 426
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/10/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 27-28/4, 21/11/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2008
სარეგისტრაციო კოდი 360.130.000.05.001.000.171
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
426
15/10/1996
პარლამენტის უწყებანი, 27-28/4, 21/11/1996
360.130.000.05.001.000.171
სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა

1. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა არის გარემოსდაცვითი ხასიათის აუცილებელი ღონისძიება, რომელიც ხორციელდება საქმიანობაზე  გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საქმიანობა მოიცავს სამეწარმეო, სამეურნეო ან ყველა სხვა საქმიანობას, განსახლებისა და განვითარების გეგმებისა და პროექტების განხორციელებას, ინფრასტრუქტურული პროექტების, განაშენიანების და სექტორული განვითარების გეგმების, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის, ტყის, მიწის, წიაღის და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის, გამოყენებისა და სარგებლობის პროექტებისა და პროგრამების განხორციელების ჩათვლით, ასევე არსებული საწარმოების მნიშვნელოვან რეკონსტრუქციასა და ტექნიკურ და ტექნოლოგიურ განახლებას.

2. საქმიანობის კატეგორიათა ჩამონათვალს, რომელიც გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ექვემდებარება სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზას, განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა. კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომლის განხორციელება დაგეგმილია კანონის ძალაში შესვლის შემდეგ.

3. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის მიზანია გარემოსდაცვითი მოთხოვნების, რაციონალური ბუნებათსარგებლობისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინების საფუძველზე უზრუნველყოს კონტროლი გარემოს ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებაზე.

4. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არის აუცილებელი პირობა საქმიანობის განხორციელებაზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის შესახებ  გადაწყვეტილების მისაღებად.

    მუხლი 2. კანონმდებლობა სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ

საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ამ კანონს, ასევე,  სხვა საკანონმდებლო აქტებს.

    მუხლი 3. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ძირითადი პრინციპები

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ძირითადი პრინციპებია:

1. საქმიანობის პოტენციური ეკოლოგიური საშიშროების რისკის შეფასება;

2. საქმიანობის დაწყებამდე გარემოზე მისი შესაძლო ზეგავლენის შეფასების კომპლექსურობა;

3. გარემოსდაცვით მოთხოვნათა და გარემოს დაცვის ნორმების გათვალისწინება;

4. ექსპერტთა დამოუკიდებლობა და მათი უფლებამოსილების შეუზღუდავი განხორციელება;

5. ექსპერტიზის დასკვნის დასაბუთებულობა და კანონიერება;

6. ექსპერტიზის ჩატარების საჯაროობა, საზოგადოებრიობის მონაწილეობა და მისი აზრის გათვალისწინება.

თავი II

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში უფლებამოსილი ორგანო

 

    მუხლი 4. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის    ჩატარების სფეროში უფლებამოსილი ორგანო, მისი უფლება-მოვალეობანი

1. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების უფლება აქვთ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებს, საქართველოს გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სტრუქტურაში შემავალ და მისდამი დაქვემდებარებულ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის რეგიონალურ (საქალაქო) სამმართველოებს (ქალაქ თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის ჩათვლით) და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის რეგიონალური (საქალაქო) სამმართველოების, ასევე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებისა და ქალაქ თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის რაიონულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს (შემდგომ: სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში უფლებამოსილი ორგანოები).

2. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მოვალეობაა:

შეიმუშაოს და დაამტკიცოს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის დებულება;

შეიმუშაოს და დაამტკიცოს ექსპერტიზის ჩატარების პროცესისათვის საჭირო ნორმატიულ-ტექნიკური და ინსტრუქციულ-მეთოდური დოკუმენტები.

3. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში უფლებამოსილი ორგანოს მოვალეობაა:

შექმნას საექსპერტო კომისიები ამ კანონით გათვალისწინებული საექსპერტო ობიექტების განსახილველად;

უზრუნველყოს ექსპერტიზის პროცესი საჭირო ინფორმაციით;

რეგისტრაციაში გაატაროს დამოუკიდებელი ექსპერტები და შექმნას მათი  მონაცემების ბაზა;

ითანამშრომლოს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საკითხებში აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან.

4. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლება აქვს:

დადგენილი წესის შესაბამისად საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად მოიწვიოს უცხოელი სპეციალისტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საექსპერტო პროექტი  სახელმწიფო საიდუმლოებაა.

5. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს:

აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისაგან და სახელმწიფო იურიდიული პირებისაგან კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცესისათვის უსასყიდლოდ მიიღოს აუცილებელი ინფორმაცია (საცნობარო, სტატისტიკური და სამსახურებრივი სარგებლობის ინფორმაციის ჩათვლით), თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;

მიაწოდოს შესაბამის ორგანოებს ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომელთაც არ მიუღიათ სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა.

6. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია:

უზრუნველყოს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელების პროცედურის შესაბამისობა კანონმდებლობასთან, ნორმატიულ-ტექნიკურ და ინსტრუქციულ-მეთოდურ დოკუმენტებთან;

წარუდგინოს გასაცნობად საექსპერტო ობიექტის განმცხადებელს (საქმიანობის სუბიექტს) საკანონმდებლო, ნორმატიულ-ტექნიკური და ინსტრუქციულ-მეთოდური დოკუმენტები, რომლებიც არეგულირებენ სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ორგანიზებასა და ჩატარებას;

საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს მოთხოვნისას გააცნოს დოკუმენტები, რომლებიც არეგულირებენ სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას;

შეატყობინოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს, რომლებმაც წარმოადგინეს არგუმენტირებული შენიშვნები საექსპერტო ობიექტის შესახებ, მათი შენიშვნების განხილვის შედეგები;

სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს მოთხოვნისას მიაწოდოს ინფორმაცია კონკრეტულ საექსპერტო ობიექტზე სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შედეგების შესახებ.

    მუხლი 5. სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული ობიექტები

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ობიექტს წარმოადგენს დამასაბუთებელი დოკუმენტაცია ყველა იმ საქმიანობაზე, რომლის ჩამონათვალში სამეწარმეო საქმიანობის სახეობათა გარდა შედის:

ინფრასტრუქტურული (ურბანიზაციის და ქალაქგეგმარების, მრეწველობის, ენერგოსისტემების, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურების განვითარების პროგრამებისა და დასახლებული პუნქტების გამწმენდი ნაგებობების, საავტომობილო გზების, რკინიგზებისა და აეროდრომების, ხიდებისა და ესტაკადების, ნებისმიერი  დანიშნულების მაგისტრალური მილსადენების, საზღვაო  პორტებისა და ტერმინალების, მეტროპოლიტენის, მიწისქვეშა საავტომობილო და სარკინიგზო კომუნიკაციების, სასტუმრო და საკურორტო კომპლექსების, სპორტული კომპლექსების და ნაგებობებისა და ონკოლოგიური, ინფექციური და ტუბერკულოზის საავადმყოფოების პროექტების ჩათვლით), განსახლების, განაშენიანებისა და სექტორული განვითარების გეგმებისა და პროგრამების, საწარმოო ძალთა განვითარებისა და განთავსების სქემების, გეგმებისა და პროგრამების პროექტები, რომლებიც უნდა მიიღონ, მოიწონონ ან დაამტკიცონ სახელმწიფო აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოებმა;

საქმიანობასთან დაკავშირებული მშენებლობის, რეკონსტრუქციის, კონსერვაციის, გაფართოების, ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლების პროექტები (საქმიანობის სუბიექტების საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად);

იმ ტერიტორიის რეაბილიტაციის გრძელვადიანი პროგრამა, სადაც გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა ეკოლოგიური კატასტროფის ან ეპიდემიის გამო;

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის, ტყის, მიწის, წიაღის და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის, გამოყენებისა და სარგებლობის სქემები და გეგმები;

ტერიტორიების დანიშნულებისა და სტატუსის შეცვლის პროექტები და პროგრამები;

საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი სტიქიური პროცესების უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებისათვის გამიზნული ყველა სახის სამეურნეო-საინჟინრო ობიექტების განლაგების სქემები და პროექტები (ეროვნული, რეგიონალური და ადგილობრივი).

 

    

    მუხლი 6. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესი

1. გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ფარგლებში სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა ტარდება საქმიანობაზე განაცხადის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოდგენის შემდეგ. განაცხადი უნდა შეიცავდეს საქმიანობაზე დამასაბუთებელ დოკუმენტაციას, რომელიც მოიცავს საქმიანობის სუბიექტის განცხადებას ნებართვის მიღების თაობაზე, საქმიანობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტს, კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის კატეგორიებზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშსა და მოკლე ანოტაციას.

2. გადაწყვეტილება, საჭიროა თუ არა დამასაბუთებელ დოკუმენტაციასთან ერთად გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წარდგენა, მიიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცედურას განსაზღვრავს „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულება.

4. საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ფარგლებში სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზას ატარებს და შესაბამისად სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას საქმიანობის კატეგორიების მიხედვით ამზადებს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში უფლებამოსილი ორგანო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

    მუხლი 7. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა

1. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შედეგები შეაქვთ  სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში, რომელსაც ამზადებს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისია და ამტკიცებს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში უფლებამოსილი ორგანო.

2. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა გაიცემა  იმ შემთხვევაში, თუ დამასაბუთებელი დოკუმენტაცია:

შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ გარემოს დაცვის ნორმებსა და სტანდარტებს;

მასში მოყვანილი საქმიანობის განხორციელება განსაზღვრულ ადგილსა და გარემოებაში არ გამოიწვევს გარემოს მდგომარეობისა და ბუნებრივი რესურსების შეუქცევად ხარისხობრივ და თვისობრივ ცვლილებებს;

ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შემცირების ან თავიდან აცილების ღონისძიებებს, ავარიული სიტუაციების შესაძლებელი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებათა ჩათვლით.

3. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნის მოქმედების ვადა და პირობები, კანონმდებლობით დადგენილ საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ფარგლებში საქმიანობის კატეგორიების მიხედვით, განისაზღვრება დებულებით „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“.

 

 

 

თავი III

გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ)

    მუხლი 8. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა

1. გარემოზე ზემოქმედების შეფასება წარმოადგენს საქმიანობაზე დამასაბუთებელი დოკუმენტაციის შექმნისა და ამ საქმიანობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარემოზე ყოველგვარი მოსალოდნელი ზემოქმედების წყაროს ხასიათისა და ხარისხის განსაზღვრას, აგრეთვე მათი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასებას.

2. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ორგანიზებასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელია კანონმდებლობით დადგენილი საქმიანობის სუბიექტი.

3. გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგს წარმოადგენს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.

4. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურას და ანგარიშის შინაარსისადმი მოთხოვნებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა და დებულება „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ,“ რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

თავი IV

საქმიანობის სუბიექტის უფლებები და მოვალეობები სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში

    მუხლი 9. საქმიანობის სუბიექტის უფლებები სახელმწიფო    ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს:

წარუდგინოს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაცია სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად;

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული დავის წამოჭრის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს.

    მუხლი 10. საქმიანობის სუბიექტის მოვალეობები სახელმწიფო     ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში საქმიანობის სუბიექტი მოვალეა:

სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარადგინოს საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაცია კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;

უზრუნველყოს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცესის დაფინანსება;

საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის მიღების შემდეგ განახორციელოს დამასაბუთებელი დოკუმენტაციით გათვალისწინებული საქმიანობა სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნის პირობების შესაბამისად.

თავი V

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დაფინანსება

მუხლი 11. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დაფინანსება

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო ხარჯები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №867 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.33

 თავი VI

პასუხისმგებლობა სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ საქართველოს კანონის

დარღვევისათვის

    მუხლი 12. პასუხისმგებლობა სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებსაქართველოს კანონის დარღვევისათვის

ამ კანონის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

1996 წლის 15 ოქტომბერი.

№426–Iს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №867 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.33

2. ძალადაკარგულია - საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5603 - სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.405